ეზოთერული განვითარება

რუდოლფ შტაინერი
0
0

შინაგანი განვითარება

თავი პირველი - შინაგანი განვითარება

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

ბერლინი; 1905 წლის 7 დეკემბერი

ლექციების დიდ ციკლში ვისაუბრე ზეგრძნობადი სამყაროს შესახებ წარმოდგენებსა და მათ კავშირზე გრძნობად სამყაროსთან. სრულიად ბუნებრივია, რომ კვლავ იბადება შეკითხვა - საიდანაა ზეგრძნობადი სამყაროს შესახებ ეს ცოდნა? სწორედ ამ კითხვას ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანის შინაგანი განვითარების საკითხს დავუთმობთ დღევანდელ შეხვედრას. ადამიანის შინაგანი განვითარებაში აქ მოიაზრება ადამიანის ამაღლება იმ უნარებამდე, როდესაც იგი ზეგრძნობად შემეცნებას თვისობრივად თავისად აქცევს.

ამ ლექციის მიზანი არასწორად, რომ არ გაიგოთ გეტყვით, რომ იგი არ ცდილობს ზოგადსაკაცობრიო ზნეობასთან ან რელიგიურ მოთხოვნებთან დაკავშირებული წესებისა და კანონების დადგენას. ეს ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რადგანაც ჩვენს ეპოქაში, სადაც საერთოდ არ სურთ ადამიანებს შორის რაიმე განსხვავების აღიარება იბადება გაუგებრობა, რომ ოკულტიზმზე მოსაუბრე თითქოს აუცილებლად აყენებდეს რაიმე ზოგადსაკაცობრიო მოთხოვნებს, ზნეობრივ პრინციპებს ან მსგავს რამეებს, რომლებიც განუსხვავებლად ყველას ეხება. ეს ასე არ არის.

ასევე, დღევანდელი ლექცია არანაირად არ უნდა ავურიოთ თეოსოფიური მოძრაობის ზოგადი პრინციპების შესახებ წაკითხულ ლექციაში. ოკულტიზმი არ არის იგივე, რაც თეოსოფია. თეოსოფიურ საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს ექსკლუზიურ ამოცანად მხოლოდ ოკულტიზმის კულტივირება. მეტიც ისიცაა შესაძლებელი, რომ ვინც ამ თეოსოფიურ საზოგადოებას უერთდება, ოკულტიზმს საერთოდ უარყოფდეს.

იმ საკითხთა შორის, რომლებიც თეოსოფიურ საზოგადოებაში მუშავდება, რომელთაც მიეკუთვნება ზოგადი ეთიკაც, არის სწორედ ოკულტიზმიც. იგი მოიცავს ყოველდღიური ადამიანური გამოცდილების სფეროში, ჩვეულებრივ გრძნობად დაკვირვებისაგან დაფარულ, ჩვენი ყოფის კანონთა ცოდნას. თუმცა ამ კანონებს საერთო აქვს ამ ყოველდღიურ გამოცდილებასთან. „ოკულტური“ ნიშნავს: დაფარულს, საიდუმლოს, მაგრამ ისევ და ისევ უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ ოკულტიზმი არის რაღაც ისეთი, რისთვისაც გარკვეული წინაპირობები ჭეშმარიტად აუცილებელია. ზუსტად ისევე, როგორც უმაღლესი მათემატიკაა გაუგებარი ჩვეულებრივი გლეხისათვის, ვისაც ამის შესახებ არასოდეს არაფერი სმენია, ოკულტიზმიც გაუგებარია ჩვენი დროის მრავალი ადამიანისათვის. თუმცა ოკულტიზმი წყვეტს ოკულტურობას (დაფარულობას), როგორც კი მას დაეუფლები.

მე მკაცრად შემოვფარგლე დღევანდელი ლექციის სფერო. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ვერავინ იტყვის თითქოს ოკულტიზმის მიერ დაყენებული მოთხოვნები შეუძლებელია შესასრულებლად ან ეწინააღმდეგება ზოგად საკაცობრიო კულტურას, რასაც ათასწლოვანი გამოცდილება და მრავალგზის ჩატარებულ ცდების შედეგებიც მოწმობს. მათი შესრულებას არავის აიძულებენ, მაგრამ თუ ვინმე ჩემთან მოდის და სურს მიიღოს ის, რასაც ოკულტიზმი იძლევა, თანაც უარს ამბობს თავად ოკულტიზმთან შეხებაზე, იგი ზუსტად იმ სკოლის მოსწავლის ემგვანება, ვისაც სურს მინის ჯოხი დამუხტოს ელექტროობით, თუმცა უარს ამბობს ხახუნზე. იგი მინის ჯოხს ხახუნის გარეშე ვერ დამუხტავს ელექტროობით. დაახლოებით ასეა ისიც, ვისაც რაიმე პრეტენზია ექნებოდა ოკულტიზმის პრაქტიკის წინააღმდეგ. არავის მოუწოდებენ გახდეს ოკულტისტი. ადამიანი ნებაყოფლობით უნდა მივიდეს ოკულტიზმთან. ვინც მიიჩნევს, რომ ოკულტიზმი არაა საჭირო, უბრალოდ ნუ დაკავდება ამით. ოკულტიზმი არ გამოდის ზოგადი, ბრმა მოწოდებებით მასების წინაშე. იგი მიმართავს მხოლოდ იმ ინდივიდებს, რომლებშიც უკვე გაიღვიძა შინაგანი კითხვების დასმის, საკუთარ თავზე მუშაობისა და სულიერი ძიების პოტენციალმა.

ჩვენს თანამედროვე კულტურაში, ურთულესია ქცევის იმ წესების დაცვა, რომელიც სულიერი სამყაროს კარს ხსნის. ორი წინაპირობა ჩვენს კულტურას სრულიად აკლია. პირველი მოთხოვნა იზოლაციაა - ის, რასაც ოკულტიზმში უწოდებენ უმაღლეს ადამიანურ მარტოობას; მეორე კი - ჩვენი დროის დომინანტურ მახასიათებლად ქცეული, დიდწილად გაუცნობიერებელი ეგოიზმის დაძლევაა.

ამ ორი წინაპირობის არარსებობა შინაგანი განვითარების გზას უბრალოდ შეუძლებელს ხდის. იზოლაციის, ანუ სულიერი განმარტოების მიღწევა ძალიან რთულია, რადგან ცხოვრებისეული პირობები ყურადღების გაფანტვასა და გარე სამყაროზე გადატანას, მოკლედ, რომ ვთქვათ გარეგანი სფეროსადმი გრძნობიერ ჩართულობას მოითხოვს. არცერთ ადრინდელ კულტურაში არ უცხოვრიათ ადამიანებს გარეგანი სამყაროში ასეთი ჩართულობით, როგორც ახლა. გთხოვთ, ჩემი ნათქვამი კრიტიკად კი არა, არამედ უბრალოდ ობიექტურ დახასიათებად აღიქვათ.

რა თქმა უნდა, მან, ვინც ისე საუბრობს, როგორც მე ვსაუბრობ დღეს, ფრიად კარგად იცის, რომ ეს სხვაგვარად ვერც იქნებოდა. იცის, რომ იგი სწორედ ჩვენი ეპოქის დიდებული უპირატესობანი და მნიშვნელოვანი მონაპოვარის საფუძველია. თუმცა სწორედ ამის გამოა ჩვენი ეპოქა ასე დაცლილი ყოველგვარი ზეგრძნობადი შემეცნებისგან და ზეგრძნობადი შემეცნების ყოველგვარი ზეგავლენისგან ჩვენს კულტურაზე.

სხვა კულტურებში, და არსებობს ასეთებიც, ადამიანს ძალუძს, მეტი ყურადღება დაუთმოს თავის შინაგან ცხოვრებას და განერიდოს გარეგანი ცხოვრების ზემოქმედებას. ასეთ კულტურათა წიაღში იფურჩქნება ის, რასაც უმაღლესი გაგებით შინაგან ცხოვრებას უწოდებენ. აღმოსავლურ კულტურებში მას იოგას, ხოლო მათ, ვინც ამ სწავლების წესებით ცხოვრობს, იოგებს უწოდებენ. შესაბამისად იოგი ისაა, ვინც უმაღლეს სულიერ განვითარებას ისწრაფვის ოსტატის მოძიების შემდეგ. იოგი ვერ შეძლებს განვითარებას ოსტატის, გურუს წინამძღოლობის გარეშე. როდესაც იგი იპოვის მას, დღის დიდი ნაწილი რეგულარულად უნდა დაუთმოს მთლიანად და სრულად თავის სამშვინველში ცხოვრებას. ყველა ძალა, რომელიც იოგმა უნდა განავითაროს, უკვე სამშვინველში აქვს; ისინი ისევე ნამდვილად იმყოფება მასში, როგორც ელექტროობა იმ მინის ჯოხში, საიდანაც მას ხახუნით გამოუხმობენ. ჭეშმარიტებაა ისიც, რომ არცერთმა ადამიანმა არ იცის საკუთარი თავიდან როგორ გამოიხმოს ეს ძალები, ისევე, როგორც ვერ წარმოუდგენია მინის ჯოხის ხახუნით დაელექტროება. სამშვინველის ძალების გასაღვიძებლად აუცილებელია ათასწლეულების განმავლობაში დაგროვილი დაკვირვებებისა და მათი საფუძველზე შემუშავებული ეზოთერული მეთოდების გამოყენება. ეს კი ძალიან რთულია ჩვენს დროში, სადაც არსებობისათვის ბრძოლა თითოეული ადამიანს გარკვეულწილად ანაწევრებს. ადამიანი ვერ აღწევს იმ დიდ შინაგან კონცენტრაციასა და ჩაღრმავებას, ვერც იმ ცნებამდე მიდის ამ ჩაღრმავების შესახებ, რაც იოგაში არსებობდა. არ არსებობს ცნობიერება იმ ღრმა მარტოობისა, რომელიც იოგმა უნდა ეძიოს. მან, თუნდაც მოკლე დროით, რეგულარულად, ყოველდღე რიტმულად უნდა გაიმეოროს ერთი და იგივე რამ, სრული განსხვავებული ჩვეულებრივი ცხოვრებისაგან. აუცილებელი და აბსოლუტურად გარდუვალია, რომ მთელი ცხოვრება, რაც გარს გვაკრავს, იოგის წინაშე მოკვდეს, რომ მისი შეგრძნებები გახდეს მიუწვდომელი გარესამყაროს ყველა შთაბეჭდილებისადმი. ბრმა და ყრუ უნდა გახდეს იოგი გარემომცველი სამყაროსადმი იმ დროის განმავლობაში, რასაც იგი საკუთარ თავს განუსაზღვრავს. ამ პრაქტიკით ისე უნდა შეეძლოს საკუთარ თავში ჩაღრმავება, რომ მის გვერდით ზარბაზანის გავარდნამაც ხელი არ შეეშალოს თავისი ყურადღების შინაგან ცხოვრებაზე მიმართვაში. იგი თავისუფალი უნდა გახდეს მეხსიერების ყველა შთაბეჭდილებისგან, ყოველდღიური ცხოვრების ყველა მოგონებისგან.

ახლა დაუფიქრდით, თუ რამდენად ძნელია ჩვენს კულტურაში ამ წინაპირობათა შექმნა, რამდენად მცირედ აქვს ადამიანს ასეთი იზოლაციისა და ასეთი სულიერი მარტოობის შესახებ პირობები. ეს ყოველივე ადამიანმა უნდა მიაღწიოს ისე, რომ არასოდეს, არცერთი სახით არ დაკარგოს ჰარმონია და სრული წონასწორობა გარესამყაროსთან.

ის, ვინც სულ უფრო და უფრო ღრმად მკვიდრდება თავის შინაგან ცხოვრებაში, იმავდროულად მით უფრო მკაფიოდ უნდა ამყარებდეს ჰარმონიას გარესამყაროსთან. არაფერი უნდა გამოვლინდეს, რაც გარეგანი, პრაქტიკული ცხოვრებას აუცხოებს ან აშორებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მცდარ გზას დაადგება და მისი უმაღლესი ცხოვრება, შესაძლოა სიგიჟისგან ვერც კი განასხვავონ. ეს ჭეშმარიტად სიგიჟის ერთ-ერთი სახეა, როდესაც შინაგანი ცხოვრება კარგავს კავშირს გარეგანთან. ამას მაგალითით გაგიადვილებთ: წარმოიდგინეთ გაქვთ ის გამოცდილება და სიბრძნე, რისი მოპოვებაც დედამიწაზეა შესაძლებელი. საღამოს დაგეძინათ, ხოლო დილით იღვიძებთ მარსზე. მარსზე კი სრულიად სხვა პირობებია, ვიდრე დედამიწაზე. დედამიწაზე შეძენილი ცოდნა იქ საერთოდ არაფერში გადგებათ. აღარ არსებობს არავითარი ჰარმონია თქვენს შინაგან ცხოვრებასა და იმას შორის, რაც თქვენს გარეთ ხდება. ამიტომ, რადგან ახალ პირობებში ვერ ორიენტირდებით, სავარაუდოდ ერთ საათში მარსის სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში მოგათავსებდნენ. ასეთ გზაზე ადვილად შეიძლება აღმოჩნდეს ის, ვინც შინაგანი ცხოვრების განვითარებისას კარგავს კავშირს გარესამყაროსთან. ამას მკაცრად უნდა მიექცეს ყურადღება, რათა ეს არ მოხდეს. ყოველივე ეს დიდი დაბრკოლებაა ჩვენს კულტურაში.

მეორე დაბრკოლება გახლავთ შინაგანი, სულიერი თვისებებისადმი მიმართული ეგოიზმის ერთგვარი სახე, რომელზეც თანამედროვე კაცობრიობა, ჩვეულებრივ, გულგრილია. ეს მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის სულიერ განვითარებას. სულიერი განვითარების ერთ-ერთ წინაპირობაა, რომ ადამიანმა იგი ეგოიზმის გამო არ ეძიოს. ვინც მას ეგოიზმით ეძებს, შორს ვერ წავა.

თუმცა, ჩვენს დროში ეგოიზმი სულის უღრმეს შრეებამდე აღწევს. მუდმივად ისმის კითხვა: „რა სარგებელი მოაქვს ოკულტური სწავლებების მთელ ამ სისტემას, თუკი მათ თავად ვერ განვიცდი?“ ვისაც ასეთი მიდგომა აქვს და მის შეცვლას ვერ ახერხებს, მცირე შანსი აქვს, მიაღწიოს უმაღლეს განვითარებას. უმაღლესი განვითარების ერთ-ერთი ასპექტი ადამიანთა ერთობის ღრმა გააზრებაა. ამ დროს აღარ აქვს მნიშვნელობა, მე განვიცდი რამეს თუ სხვა ვინმე. ამიტომ, ჩემზე უფრო მაღალი განვითარების მქონე ადამიანს უსაზღვრო სიყვარულითა და ნდობით უნდა შევხვდე. უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოვიმუშაო ეს ცნობიერება, ცნობიერება უსაზღვრო ნდობისა მოყვასის მიმართ, როდესაც ის ამბობს, რომ გარკვეული გამოცდილება მიიღო. ასეთი ნდობა ერთობლივი მუშაობის წინაპირობაა. იქ, სადაც ოკულტური უნარები აქტიურად ვვლინდება, არსებობს უსაზღვრო ნდობა და იმის გააზრება, რომ ადამიანი არის პიროვნება, რომელშიც უმაღლესი ინდივიდუალობა მკვიდრობს. შესაბამისად, საფუძველი ნდობა და რწმენაა, რადგან უმაღლეს „მეს“ მხოლოდ საკუთარ თავში კი არა, არამედ მოყვასშიც ვეძებთ. ჩვენს გარშემო მყოფი თითოეული ადამიანი ჩვენი არსების შინაგან ბირთვში განუყოფელ ერთიანობას ქმნის.

სანამ საქმე ჩემს დაბალ „მე“-ს ეხება, მანამ გამოყოფილი ვარ სხვა ადამიანებისგან. ხოლო როდესაც საქმე ეხება ჩემს უმაღლეს „მე“-ს, და მხოლოდ მას ძალუძს ამაღლდეს ზეგრძნობად სამყაროში, მაშინ აღარ ვარ გამოყოფილი თანამოძმეებისგან. მაშინ ერთიანი არსება ვარ ჩემს თანამოძმეებთან. მაშინ ის, ვინც მე უმაღლეს ჭეშმარიტებებზე მესაუბრება, ვარ: მე თვითონ.

მე სრულიად უნდა განვთავისუფლდე მასსა და ჩემ შორის არსებული განსხვავების წარმოდგენისგან. მთლიანად უნდა გადავლახო განცდა იმისა, რომ მას ჩემზე რაიმე უპირატესობა აქვს. ეცადეთ, იმდენად ჩაუღრმავდეთ ამ განცდას, სანამ იგი თქვენი სულის ყველაზე დაფარულ სიღრმეებამდე არ შეაღწევს და ეგოიზმის ყოველგვარ ნაშთს არ გააქრობს. გააკეთეთ ეს იმისთვის, რომ ის, ვინც სულიერ გზაზე თქვენზე წინ დგას, ჭეშმარიტად თქვენსავე „მე“-დ წარმოდგეს თქვენ წინაშე. მაშინ თქვენ მიაღწევთ ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას უმაღლესი სულიერი ცხოვრების გამოღვიძებისთვის. 

ოკულტული ცხოვრებისთვის რჩევად ხშირად შეცდომით შეიძლება მოისმინოთ, რომ ადამიანში უმაღლესი „მე“ ცხოვრობს, რომ მას უბრალოდ უნდა მისცეს შინაგანი ადამიანის ლაპარაკის საშუალება და ამით უმაღლესი ჭეშმარიტება გამოვლინდება. არაფერია ამ მტკიცებაზე უფრო უნაყოფო. უბრალოდ სცადეთ, ათქმევინოთ რამე თქვენს შინაგან „მე“-ს და მიხვდებით, რომ, როგორც წესი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გეჩვენებათ, რომ თქვენი უმაღლესი „მე“ ჩნდება, სინამდვილეში სწორედ დაბალი „მე“ საუბრობს. უმაღლესი „მე“ ამჟამად ჩვენში არ მოიძებნება. ჩვენ იგი საკუთარი თავის გარეთ უნდა ვძებნოთ. ბევრის სწავლა შეგვიძლია ჩვენზე წინ წასული ადამიანისგან, ვინაიდან იქ უმაღლესი „მე“ თვალსაჩინოა. ადამიანის უმაღლეს „მე“-ს არაფრის მიღება არ შეუძლია საკუთარი ეგოისტური „მე“-სგან. სწორედ იქ, სადაც ახლა დგას ის, ვინც ჩემზე წინ არის, ვიქნები მეც მომავალში. მე მართლაც ისე ვარ მოწყობილი, რომ ჩემში ვატარებ იმის მარცვალს, რაც ის უკვე არის. მაგრამ ჯერ უნდა განათდეს ოლიმპოსაკენ გზები, სანამ შევუყვები მათ.

შესაძლოა დაუჯერებელი მოგეჩვენოთ, მაგრამ გრძნობა, რომელიც, ყველა ოკულტურიგანვითარების ფუნდამენტური პირობაა ნახსენებია სხვადასხვა რელიგიაში და ამას დაუდასტურებსშესაბამისი გამოცდილების მქონე ყველა პრაქტიკოსი ოკულტისტი. ქრისტიანული რელიგია მასაღწერს კარგად ცნობილი ფრაზით, რომელიც ოკულტისტმა სრულად უნდა გაიგოს: “ჭეშმარიტადგეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათასასუფეველში“. ამ წინადადებას მხოლოდ ის ჩასწვდება, ვინც უმაღლესი გაგებით პატივისცემა დათაყვანისცემა ისწავლა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ადრეული სიყრმიდანვე გსმენიათ პატივსაცემიადამიანის შესახებ, იმ პიროვნებაზე, რომელზედაც უმაღლესი აზრისა ხართ და ახლა გეძლევათშესაძლებლობა, შეხვდეთ მას. შიშნარევი მოწიწების განცდა გეუფლებათ, როდესაც ახლოვდებამისი პირველი ხილვის მომენტი. აი, დგახართ რა ამ პიროვნების ზღურბლთან, შესაძლოაგერიდებოდეთ, რომ შეეხოთ კარის სახელურს და გააღოთ იგი. როდესაც ასე შეჰყურებთ ასეთპატივსაცემ პიროვნებას, მაშინ იწყებთ იმ განცდის წვდომას, რომელსაც ქრისტიანობა გულისხმობს, რომ ადამიანი ბავშვივით უნდა გახდეს ცათა სასუფეველში შესასვლელად. სინამდვილეშიმნიშვნელოვანი როდია, არის თუ არა ამგვარი თაყვანისცემის ობიექტი მართლაც ღირსი ამისა. მთავარია უნარი, რომ რაღაცას სულითა და გულით მოწიწებით შეჰყურო.

თაყვანისცემისა და კრძალვის გრძნობა არის აღმაფრთოვანებელი, მაგნიტური ძალაა, რომელიც ზეგრძნობადი ცხოვრების უმაღლეს სფეროებისაკენ მიგვაქანებს. ეს არის ოკულტური სამყაროს კანონი, რომელიც თითოეულმა უმაღლეს ცხოვრების მძებნელმა, ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს თავის სამშვინველში. სამშვინველის ამ ფუნდამენტური განწყობიდან უნდა დაიწყოს განვითარება. ამ გრძნობის გარეშე საერთოდ არაფერი მიიღწევა.

შემდეგ, მან, ვინც შინაგან განვითარებას ეძიებს, ნათლად უნდა გაიაზროს, რომ იგი ადამიანური არსებისათვის უდიდესი მნიშვნელობის საქმეს აღასრულებს. რასაც იგი ეძებს, არც მეტი და არც ნაკლები, არის ხელახალი შობა, თანაც სიტყვასიტყვითი გაგებით. ადამიანის უმაღლესი სამშვინველი უნდა დაიბადოს და როგორც ადამიანი დაბადებისას გამოვიდა მზის სინათლეზე, ასევე ის, ვინც შინაგან განვითარებას ეძიებს, მზის სინათლიდან - იმისგან, რისი განცდაც მას გრძნობად სამყაროში შეუძლია - გამოდის უმაღლეს სულიერ სინათლეზე. მასში იბადება რაღაც, რაც ჩვეულებრივ ადამიანში ისევე ღრმადაა, როგორც ბავშვი დედაში დაბადებამდე.

ვინც ამ ფაქტის სრულ მასშტაბს ვერ აცნობიერებს, მან არ იცის, რას ნიშნავს ოკულტური განვითარება. ადამიანის ბუნების სიღრმეში ჩამარხული და მასთან გადახლართული უმაღლესი სამშვინველი სწორედ ამგვარად ვვლინდება. ისეთს, როგორიც ადამიანი ჩვენ წინაშე წარმოდგენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მისი უმაღლესი და დაბალი ბუნება ერთმანეთში აქვს შერწყმული და ეს კარგიცაა ყოველდღიური ცხოვრებისთვის. მრავალი, ვინც ჩვენ შორის ცხოვრობს, თავის დაბალ ბუნებას რომ მიჰყვეს, ბოროტ, ცუდ თვისებებს გამოავლენდა, მაგრამ მასში ცოცხლობს, ამ დაბალ ბუნებასთან აღრეული, უმაღლესი ბუნება, რომელიც მას ლაგამს ასხამს და აწონასწორებს.

ეს შერწყმა შეიძლება შევადაროთ ჭიქაში ყვითელი და ლურჯი სითხის ერთმანეთში შერევას. შედეგად ვიღებთ მწვანე სითხეს, რომელშიც ლურჯი და ყვითელი უკვე აღარ განირჩევა. ზუსტად ასევეა ადამიანში დაბალი ბუნება შერწყმული უმაღლესთან და ამ ორის ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელია. ისევე, როგორც ქიმიური პროცესით შეგიძლიათ მწვანე სითხიდან ლურჯი სითხე გამოაცალკევოთ, ისე, რომ მხოლოდ ყვითელი დარჩეს, ოკულტურ განვითარებაშიც ზუსტად ასევე იყოფა დაბალი და უმაღლესი ბუნება. ადამიანი დაბალ ბუნებას სხეულიდან ისე განაცალკევებს, როგორც მახვილს ქარქაშიდან, რომელიც შემდეგ მარტო რჩება. დაბალი ბუნება შემზარავი სანახავია. სანამ ის უმაღლეს ბუნებასთან იყო შერწყმული, არაფერი შეიმჩნეოდა. მაგრამ როგორც კი გამოიყოფა, ყველა ბოროტი, ნეგატიური თვისება თვალსაჩინო ხდება. ადამიანები, რომლებიც ადრე კეთილგანწყობილნი ჩანდნენ, ხშირად მოკამათენი და ეჭვიანები ხდებიან. ეს თვისება მანამდეც არსებობდა დაბალ ბუნებაში, თუმცა გაწონასწორებული იყო უმაღლესი ბუნებით. ამის შემჩნევა ბევრ ისეთ ადამიანში შეგიძლიათ, ვისაც არაჯანსაღი გზით მიჰყავთ ან მიდის. სულიერ სამყაროში შეყვანისას ადამიანი ადვილად შეიძლება მატყუარა გახდეს, რადგან ჭეშმარიტსა და მცდარს შორის გარჩევის უნარი განსაკუთრებით ადვილად იკარგება. ამიტომ პერსონალური ხასიათის ყველაზე მკაცრი წრთობა ოკულტური ვარჯიშის აუცილებელი პარალელური პირობაა. ის, რასაც ისტორია გვამცნებს წმინდანებისა და მათი განსაცდელების შესახებ, ლეგენდა კი არა, სიტყვასიტყვითი ჭეშმარიტებაა.

ის, ვისაც სურს რაიმე გზით ამაღლდეს უმაღლეს სამყაროში, ადვილად ხდება ამ ცდუნების მსხვერპლი, თუკი მასში არ განვითარებულა ხასიათის სიმტკიცის ძალა, ნება და უმაღლესი მორალურობა, რათა შეძლოს ყველაფერი უარყოფითის გარჩევა და დათრგუნვა, რაც კი მას უახლოვდება. საქმე ის კი არ არის მხოლოდ, რომ იზრდება ვნებები და გულთქმანი, ეს ასე ძლიერად არც კი ხდება, არამედ იმატებს შესაძლებლობებიც და შემთხვევებიც.

თითქოს სასწაულით, ის, ვინც უმაღლეს სამყაროში მაღლდება, გარშემორტყმულია ცუდისა და ბოროტის ქმნის ისეთი შესაძლებლობებითა და შემთხვევებით, რომლებიც მანამდე მისთვის დაფარული იყო. ცხოვრების თითოეულ ეპიზოდში მას ჩაუსაფრდება დემონი, რომელიც მცდარ გზაზე გაყვანას ცდილობს. ის, რასაც ადრე ვერ ხედავდა, ახლა ხედავს. მისი ბუნების გახლეჩა თითქოს ჯადოსნურად უხმობს ასეთ შესაძლებლობებს ცხოვრების საიდუმლო სამყაროებიდან.

სწორედ ამიტომ, ოკულტური განვითარების იმ სკოლისგან, რომელსაც ადამიანი უმაღლეს სამყაროებში მიჰყავს კეთილი, ჭეშმარიტი და ნამდვილი გზით ე.წ. „თეთრი მაგიისგან“ გარდუვალად მოითხოვება სრულიად განსაზღვრული ხასიათის ჩამოყალიბება. ნებისმიერი პრაქტიკოსი ოკულტისტი გეტყვით, რომ არავინ უნდა გაბედოს იმ „ვიწრო კარიბჭეში“ შესვლა (ასე უწოდებენ ოკულტურ განვითარებაში შესასვლელს) ამ თვისებების უწყვეტი, მარადიული ვარჯიშის გარეშე. ისინი წარმოადგენს აუცილებელ მოსამზადებელ სკოლას ოკულტური ცხოვრებისათვის.

პირველი, რაც ადამიანმა უნდა განავითაროს, არის ის, რომ ცხოვრების ყველა თავის გზაზე განასხვავოს უმნიშვნელო მნიშვნელოვანისგან, წარმავალი წარუვალისგან. ეს მოთხოვნა ადვილი სათქმელია, მაგრამ ხშირად ძნელი შესასრულებელი. ეს არის ის, რასაც გოეთე ამბობს: ეს ადვილია, მაგრამ რაც ადვილია, სწორედ ისაა რთული.

შეხედეთ, მაგალითად, მცენარეს ან რაიმე ნივთს. თქვენ სწავლობთ იმის შეცნობას, რომ თითოეულ ნივთს აქვს მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო მხარე, ხოლო ადამიანი უმეტესად უმნიშვნელოში პოულობს თავის ინტერესს - ნივთის კავშირს საკუთარ თავთან, ან მის მეორეხარისხოვან თვისებაში.

ის, ვისაც სურს გახდეს ოკულტისტი, თანდათან უნდა შეეჩვიოს იმას, რომ თითოეულ ნივთში დაინახოს და ეძიოს მისი არსი. როდესაც იგი ხედავს, მაგალითად, საათს, ინტერესი უნდა ჰქონდეს იმის მიმართ, თუ რა არის საათის კანონები. მას უნდა შეეძლოს მისი დაშლა უმცირეს დეტალებამდე და უნდა განავითაროს გრძნობა იმისა, თუ რა არის საათის კანონზომიერებანი.

შემდეგ, დავუშვათ, მინერალოგი უყურებს მთის ბროლს. გარეგანი დაკვირვებით იგი მივა შეისწავლის ბროლს. მაგრამ ოკულტისტმა ხელში უნდა აიღოს ქვა და ცოცხლად იგრძნოს ის, რაც, ვთქვათ, მინიშნებულია შემდეგ მონოლოგში: „გარკვეულწილად შენ დგახარ კაცობრიობაზე დაბლა, მაგრამ ამასთან შენ, მთის ბროლო, დგახარ კაცობრიობაზე ბევრად მაღლა. კაცობრიობაზე დაბლა დგახარ იმიტომ, რომ არ შეგიძლია შექმნა სურათხატები წარმოდგენით, იმიტომ, რომ ვერ გრძნობ. შენ ვერ წარმოიდგენ, ვერ აზროვნებ და არ ცოცხლობ, მაგრამ რაღაცით უსწრებ კაცობრიობას, რადგან შენ ხარ შენს თავში უბიწო, არ გაქვს ლტოლვა, არც სურვილები და ვნებები. თითოეულ ადამიანს, თითოეულ ცოცხალ არსებას აქვს სურვილები, ლტოლვები, ვნებები. შენ ესენი არ გაქვს. შენ ხარ სრულყოფილი და უსურვილო, კმაყოფილი იმით, რაც გახდი - ნიმუში ადამიანისათვის, რომელსაც მან შემდეგ თავისი სხვა თვისებებიც უნდა დაუკავშიროს.“

თუ ოკულტისტს ძალუძს ეს უღრმესად იგრძნოს, მაშინ მან მოიხელთა ის მნიშვნელოვანი რამ, რაც ქვას შეუძლია მას უთხრას. ასე შეუძლია ადამიანს თითოეული ნივთიდან შეიმეცნოს, რაღაც მნიშვნელოვანი. როდესაც მნიშვნელოვანის უმნიშვნელოსაგან განსხვავება ჩვევად ექცევა, მაშინ იგი იძენს კიდევ ერთს იმ გრძნობათაგან, რომლებიც ოკულტისტს უნდა ჰქონდეს.

შემდეგ, მან თავისი საკუთარი ცხოვრება უნდა დაუკავშიროს მნიშვნელოვანს. ამაში ადამიანები განსაკუთრებით ჩვენს ეპოქაში ძალიან ადვილად ცდებიან. ადამიანებს ძალიან ადვილად სჯერათ, რომ ადგილი, სადაც ისინი დგანან, მათ არ შეეფერებათ. ხშირად ამბობენ: „ჩემმა ხვედრმა დამაყენა ადგილას, რომელსაც არ ვერგები. მე ვარ, ვთქვათ მაგალითად, ფოსტის მოხელე. სხვა ადგილას რომ ვიყო, ადამიანებს უმაღლეს იდეებს გადავცემდი, დიდ სწავლებებს მივცემდი და ა.შ.“

ამ ადამიანების შეცდომა ის არის, რომ თავიანთ ცხოვრებას არ უკავშირებენ თავიანთი პროფესიის მნიშვნელოვან მხარეს. თუ ჩემში ხედავთ რაღაც მნიშვნელოვანს, რადგან შემიძლია აქ ადამიანებს ვესაუბრო, მაშინ ვერ ხედავთ მნიშვნელოვანს თქვენს საკუთარ ცხოვრებასა და პროფესიაში. ფოსტალიონებს, რომ წერილები არ დაეტარებინათ, მთელი საფოსტო მიმოსვლა შეჩერდებოდა. ამაო იქნებოდა სხვების მიერ უკვე გაწეული მრავალი შრომა .

ამიტომ თითოეული თავის პოსტზე უაღრესად მნიშვნელოვანია მთელისათვის და არავინ არის მეორეზე მაღლა. ქრისტემ ეს ყველაზე მშვენივრად, ჭეშმარიტად ბრწყინვალე სახით მიანიშნა იოანეს სახარების მეცამეტე თავში, სიტყვებით: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის მბრძანებელზე უმეტესი, და არც მოციქული - თავის მომავლინებელზე უპირატესი.“ ეს სიტყვები ითქვა მას შემდეგ, რაც მოძღვარმა მოციქულებს ფეხები დაჰბანა. ამით მას სურდა ეთქვა: „რა ვიქნებოდი მე ჩემი მოციქულების გარეშე? ისინი უნდა იყვნენ, რათა მე ვიყო სამყაროში, და მე უნდა მივაგო მათ ხარკი იმით, რომ დავმდაბლდე მათ წინაშე და ფეხები დავბანო.“ - აი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მითითება იმ გრძნობისათვის, რაც ოკულტისტს უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანის მიმართ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აერიოს გარეგნულად მნიშვნელოვანი შინაგანად მნიშვნელოვანში, ამას მკაცრად უნდა მიექცეს ყურადღება.

შემდეგ, ჩვენ უნდა განვავითაროთ თვისებათა მთელი რიგი. ამას მიეკუთვნება პირველ რიგში ის, რომ გახდეთ ჩვენი აზრების კერძოდ, აზრთა მიმდევრობის ბატონ-პატრონნი. ამას ეწოდება აზრების კონტროლი. შეხედეთ როგორ დაფრინავენ და იბნევიან აზრები ადამიანის სამშვინველში, როგორაენთებიან ისინი ციცინათელების მსგავსად: აქ ერთი შთაბეჭდილება წარმოიშობა, იქ - მეორე, და თითოეული ცალკეული ცვლის ჩვენს აზროვნებას. სიმართლე არ არის თითქოს ჩვენ ვმართავთ აზრებს, პირიქით - აზრები გვმართავენ. ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ დღის გაკვეულ მონაკვეთში ერთ აზრზე კონცენტრირების უნარი, ვუთხრათ საკუთარ თავს: „არცერთ სხვა აზრს არ აქვს უფლება შემოვიდეს ჩვენს სულში და გვიბატონოს.“ - ამით ჩვენ თვითონ ვიპყრობთ აზრობრივი პროცესის სადავეებს გარკვეული დროით.

მეორე თვისება ჩვენი მოქმედებების კონტროლია. ქმედებები, რომლებიც ჩვენი სოციალური მდგომარეობით, პროფესიით ან არსებული ვითარებითაა ნაკარნახევი, არ გვაახლოებს უმაღლეს ცხოვრებასთან. აქ აუცილებელია ისეთი ნაბიჯების გადადგმა თუნდაც დროდადრო, რომლებიც არ არის განპირობებული რაიმე გარე ფაქტორით. ეს უკანასკნელი დამოკიდებულია პირად გადაწყვეტილებებზე. მაგალითად, ისეთი რამის გაკეთებაზე, რაც მთლიანად საკუთარი ინიციატივითაა განპირობებული, თუნდაც საქმე სრულიად უმნიშვნელო იყოს. სხვა ნებისმიერი ქმედება უმაღლეს ცხოვრებას არაფერს სძენს.

მესამე თვისება - სულიერი წონასწორობაა. ადამიანები მუდმივად მერყეობენ სიხარულსა და მწუხარებას შორის: ერთ მომენტში სიხარულისგან მეცხრე ცაზე არიან, მომდევნოში კი აუტანელი სევდა იპყრობთ. არადა, აუცილებელია სულიერი სიმშვიდისა და სიმტკიცის მოპოვება. არც უდიდესმა მწუხარებამ და არც უდიდესმა სიხარულმა არ უნდა დაარღვიოს მათი შინაგანი წონასწორობა. მათ უნდა შეიძინონ სიმტკიცე და სულიერი გაწონასწორებულობა.

მეოთხე თვისება ყოველი არსების გაგებაა. უფრო მშვენივრად არაფერი გამოხატავს ყოველი არსების გაგების მნიშვნელობას, ვიდრე ლეგენდა, რომელიც ჩვენამდე არა სახარების, არამედ სპარსული თქმულების სახით მოვიდა. იესო თავის მოწაფეებთან ერთად მინდორში მიაბიჯებდა. გზად მათ მკვდარი, ხრწნადი ძაღლი ნახეს. ცხოველი საშინლად გამოიყურებოდა. იესო შეჩერდა, მას აღტაცებით შეხედა და თქვა: „რა მშვენიერი კბილები აქვს ამ ცხოველს!“ იესომ მახინჯშიც კი დაინახა ის ერთადერთი მშვენიერი მხარე. მუდამ ეცადეთ, გარე სამყაროს ნებისმიერ საგანში ის მშვენიერი მხარე დაინახოთ, რაც მასშია. ასე დარწმუნდებით, რომ ყველაფერს გააჩნია ისეთი ასპექტი, რომლის დადებითად შეფასებაც შეიძლება. მოიქეცით ისე, როგორც ქრისტე მოიქცა, როდესაც მკვდარი ძაღლის მშვენიერი კბილებით აღფრთოვანება გამოხატა. ეს გზა მიგიყვანთ შემწყნარებლობის დიდ უნარამდე და ყოველი საგნისა თუ არსების გაგებამდე.

მეხუთე თვისება არის სრული ღიაობა ყველაფერი ახლის მიმართ, რაც ჩვენს გზაზე გვხვდება. ადამიანთა უმეტესობა ახალს, რასაც აწყდება, უკვე ნაცნობი ძველის საფუძველზე აფასებს. თუ ვინმე რაიმე ახალს ეუბნება, ისინი მაშინვე საპირისპირო აზრით პასუხობენ. თუმცა, ახალ ინფორმაციას ან მოსაზრებას მაშინვე ჩვენი საკუთარი შეხედულებით არ უნდა დავუპირისპირდეთ. პირიქით, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რაიმე ახალი ვისწავლოთ. სწავლა კი ნებისმიერისგან შეიძლება, თუნდაც პატარა ბავშვისგან. ყველაზე ბრძენმა ადამიანმაც კი უნდა შეძლოს საკუთარი მსჯელობის შეკავება და სხვების მოსმენა. ჩვენ უნდა განვივითაროთ მოსმენის უნარი, რადგან ის საშუალებას მოგვცემს, მოვლენებს მაქსიმალური ღიაობით შევხვდეთ. ოკულტიზმში ამას რწმენას უწოდებენ. ეს არის უნარი, არ შევასუსტოთ ახლის მიერ დატოვებული შთაბეჭდილება საპირისპირო მოსაზრების გამოთქმით.

მეექვსე თვისება არის ის, რასაც ადამიანი პირველ ხუთი თვისების განვითარების შემდეგ იძენს. ეს არის შინაგანი ჰარმონია. ვისაც სხვა თვისებები გააჩნია, მას შინაგანი ჰარმონიაც აქვს. გარდა ამისა, ოკულტური განვითარებისკენ სწრაფვისას აუცილებელია, ადამიანმა უმაღლეს ხარისხამდე განივითაროს თავისუფლების განცდა. თავისუფლების ეს განცდა მას საშუალებას აძლევს, საკუთარ თავში ეძიოს საკუთარი არსების ცენტრი და მტკიცედ იდგეს ფეხზე, რათა არ დასჭირდეს ყველაზე კითხვა, თუ რა უნდა გააკეთოს, შეძლოს ღირსეულად დგომა და თავისუფლად მოქმედება. ესეც ისეთი თვისებაა, რომლის გამომუშავებაც აუცილებელია.

თუ ადამიანი წარმატებით განავითარებს საკუთარ თავში ამ თვისებებს, იგი აღზევდება მის ბუნებაში არსებულ შინაგანი გახლეჩისა და საფრთხეების ზემოთ. ამის შემდეგ მისი ქვედა ბუნების გამოვლინებები ვეღარ შეძლებენ მის დამორჩილებას და იგი ვეღარასოდეს გადაუხვევს ჭეშმარიტ გზას. სწორედ ამიტომ, ამ თვისებების ჩამოყალიბებას უდიდესი სიზუსტე და სიფრთხილე ესაჭიროება. ამ ფუნდამენტის არსებობისას იწყება ჭეშმარიტად ოკულტური ცხოვრება, რომლის სრულფასოვანი გამოვლენაც პირდაპირ არის დამოკიდებული ყოველდღიურობაში მკაცრი და მდგრადი რიტმის დამკვიდრებაზე.

ფრაზა „რიტმის შეტანა ცხოვრებაში“ სწორედ ამ უნარის გამოვლენაა. თუ ბუნებას დააკვირდებით, მასში გარკვეულ რიტმს აღმოაჩენთ. ბუნებრივია, ელოდებით, რომ ია ყოველწლიურად გაზაფხულის ერთსა და იმავე დროს იყვავილებს, ხოლო ყანაში მოსავალი და ვაზზე ყურძენი ერთსა და იმავე დროს დამწიფდება. მოვლენათა ეს რიტმული თანმიმდევრობა ბუნებაში ყველგან არსებობს. ყველგან არის რიტმი და კანონზომიერი თანმიმდევრობით განმეორება. მცენარეებიდან უფრო მაღალი განვითარების მქონე არსებებისკენ სვლისას ხედავთ, რომ რიტმული თანმიმდევრობა მცირდება. მიუხედავად ამისა, ცხოველთა განვითარების მაღალ საფეხურებზეც კი ჩანს, თუ როგორ არის ყველა ფუნქცია რიტმულად მოწესრიგებული. წლის გარკვეულ პერიოდში ცხოველები გარკვეულ ფუნქციებსა და უნარებს იძენენ. რაც უფრო მაღალ საფეხურზე ვითარდება არსება, მით უფრო მეტად გადაეცემა სიცოცხლე თავად ამ არსების ხელში და მით უფრო მეტად ქრება ეს რიტმები. უნდა იცოდეთ, რომ ადამიანის ფიზიკური სხეული მისი არსების მხოლოდ ერთი ნაწილია. არსებობს აგრეთვე ეთერული სხეული, ასტრალური სხეული და, საბოლოოდ, უმაღლესი შემადგენელი ნაწილები, რომლებიც საფუძველს უქმნის დანარჩენებს.

ფიზიკური სხეული მკაცრად ექვემდებარება იმავე რიტმს, რომელიც გარეგან, მცენარეულ თუ ცხოველურ ბუნებას მართავს. გული და ფილტვები წესრიგითა და უმაღლესი სიბრძნით მოქმედებენ, რადგან მათ სამყაროს კანონები მკაფიოდ განსაზღვრავს. თუმცა, ასტრალური სხეული, სადაც სურვილები და ვნებები ბინადრობს, ამგვარ ჰარმონიას მოკლებულია და ხშირად ქაოტური და არარეგულარულია. თუკი შევადარებთ გულის ბუნებრივ, ბრძნულ რიტმს იმ დამღუპველ ზემოქმედებას, რასაც ადამიანის ვნებები ახდენს მასზე, ცხადი გახდება, რამდენად აუცილებელია, რომ ასტრალური სხეულის ფუნქციებმაც ფიზიკური სხეულის მსგავსად შეიძინოს კანონზომიერი და მდგრადი ხასიათი.

მინდა აღვნიშნო ისეთი რამ, რაც ადამიანების უმრავლესობისთვის უცნაური იქნება. ეს არის მარხვის საკითხი. მარხვის მნიშვნელობის გაცნობიერება სრულიად დაკარგულია. მარხვას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ასტრალურ სხეულში რიტმის შესაქმნელად. რას ნიშნავს მარხვა? ეს ნიშნავს ჭამის სურვილის შეკავებას და ამ სურვილთან მიმართებაში ასტრალური სხეულის დაბლოკვას. ის, ვინც მარხულობს, ბლოკავს ასტრალურ სხეულს და ჭამის სურვილს არ უვითარებს. ეს ჰგავს მანქანაში რომელიმე ძალის შეკავებას. ამ დროს ასტრალური სხეული პასიურია, ხოლო ფიზიკური სხეულის მთელი რიტმი მისი თანდაყოლილი სიბრძნითურთ ასტრალურ სხეულში მოქმედებს, რათა მასშიც შეიტანოს რიტმი. ბეჭდის ანაბეჭდივით, ფიზიკური სხეულის ჰარმონია აღიბეჭდება ასტრალურ სხეულზე. ეს კიდევ უფრო მეტად გადმოვიდოდა, ასტრალური სხეული მუდმივად, რომ არ ირღვეოდეს სურვილებით, ვნებებითა და მისწრაფებებით, სულიერი სურვილებითა და მისწრაფებებითაც კი.

დღევანდელი ადამიანისთვის უფრო მეტადაა აუცილებელი, რომ რიტმი შეიტანოს უმაღლესი ცხოვრების ყველა სფეროში, ვიდრე ეს ადრინდელ ეპოქებში იყო. ისევე როგორც რიტმი ღვთაებრივად არის ჩადებული ფიზიკურ სხეულში, ადამიანმა თავადაც უნდა გახადოს საკუთარი ასტრალური სხეული რიტმული. ადამიანმა თავადვე უნდა მოწესრიგოს თავისი დღე. მან ისე უნდა განაგოს იგი თავისი ასტრალური სხეულისთვის, როგორც ბუნების სული განაგებს მას ქვედა სამყაროებისთვის. დილით, განსაზღვრულ დროს, ერთმა სულიერმა ქმედებამ უნდა მოიყაროს თავი; სხვა დროს სხვა რამ უნდა შესრულდეს, რასაც ასევე რეგულარულად უნდა დაეცვას, საღამოს კი კიდევ სხვა რამ. ეს სულიერი სავარჯიშოები არ უნდა იქნას არჩეული თვითნებურად, არამედ ისინი შესაფერისი უნდა იყოს უმაღლესი ცხოვრების განვითარებისთვის. ეს არის ცხოვრების ხელში აყვანისა და მისი ხელში შენარჩუნების ერთი მეთოდი.

ასე რომ, დაისახეთ დილით დრო კონცენტრაციისთვის. თქვენ მკაცრად უნდა დაიცვათ ეს დრო. თქვენ უნდა შექმნათ სიმშვიდის ერთგვარი განცდა, რათა თქვენში ოკულტურმა ოსტატმა გაიღვიძოს. თქვენ უნდა იმედიტოთ მნიშვნელოვან აზრთა შინაარსზე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს გარეგან სამყაროსთან, და ბოლომდე აცოცხლოთ ამ აზრთა შინაარსი. მეოთხედი საათიც საკმარისია და თუ დრო არ გაქვთ  ხუთი წუთსაც დასჯერდით. ყოველგვარ აზრს მოკლებულია ამ სავარჯიშოების არარეგულარულად შესრულება. შეასრულეთ ისინი რეგულარულად, რათა ასტრალური სხეულის აქტივობა რეგულარული გახდეს. მხოლოდ მაშინ აქვს მათ ფასი. ასტრალური სხეული სრულიად სხვანაირად გამოჩნდება, თუკი ამ სავარჯიშოებს რეგულარულად შეასრულებთ. მოკალათდით დილით და გააკეთეთ ეს სავარჯიშოები და აღწერილი ძალებიც განვითარდება. მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს რეგულარულად უნდა შესრულდეს, რადგან ასტრალური სხეული მოელის, რომ ზუსტად ერთსა და იმავე დროს მოხდება ერთი და იგივე პროცესი. თუ ეს ასე არ არის, იგი კვლავ ირევა. ყოველ შემთხვევაში, წესრიგისკენ სწრაფვის განზრახვა მაინც უნდა არსებობდეს. თუკი ამგვარად მოახდენთ თქვენი ცხოვრების რიტმში ჩაყენებას, მალევე იხილავთ წარმატებას - სულიერი ცხოვრება, რომელიც ამჟამად ადამიანისგან დაფარულია, გარკვეულწილად გამოცხადდება და თვალსაჩინო გახდება. 

ადამიანის ცხოვრება, როგორც წესი, ოთხ მდგომარეობას შორის მონაცვლეობს. პირველი მდგომარეობა გარე სამყაროს აღქმაა. ადამიანი გრძნობათა ორგანოების მეშვეობით აკვირდება გარემოს და აღიქვამს გარე სამყაროს. მეორე მდგომარეობაა ის, რასაც შეიძლება ფანტაზია ან წარმოსახვითი ცხოვრება ვუწოდოთ, რაღაც სიზმრისეული მდგომარეობის მსგავსი ან მისივე ნაწილი. აქ ადამიანი გარემოსთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ მისგან მოწყვეტილია. იგი მოწყვეტილია რეალობას, და მაქსიმუმ მხოლოდ წარმოსახვებით, სურათხატებით საზრდოობს. მესამე მდგომარეობა უსიზმრო ძილია. ამ მდგომარეობაში ადამიანს „მე“-ს არანაირი ცნობიერება არ გააჩნია, მეოთხე მდგომარეობა კი ისაა, როდესაც ადამიანი მეხსიერებით ცხოვრობს. ეს აღქმისგან განსხვავდება. იგი უკვე აბსტრაჰირებული, სულიერი ბუნების მქონე რამ არის. მეხსიერება რომ არ ჰქონოდათ ადამიანებს სულიერი განვითარება შეუძლებელი იქნებოდა.

შინაგანი ცხოვრება შინაგანი ჭვრეტისა და მედიტაციის გზით ვითარდება. ამგვარად, ადამიანი ადრე თუ გვიან აცნობიერებს, რომ აღარ ესიზმრება ქაოსურად. სიზმრები მნიშვნელოვან ხასიათს იძენს და მათში ისეთი საოცარი რამეები იჩენს თავს, რომლებსაც იგი თანდათანობით სულიერი არსებების გამოვლინებებად აღიქვამს. ბუნებრივია, ადვილად შეიძლება წამოიჭრას ბანალური მოსაზრება, თითქოს ეს მხოლოდ სიზმარია და შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია. თუმცა, თუ ვინმე სიზმარში მართვადი აეროსტატის იდეას აღმოაჩენს და შემდეგ კი მას ააგებს, გამოდის, რომ სიზმარმა უბრალოდ ჭეშმარიტება გვაჩვენა. ამგვარად, იდეის გააზრება ჩვეულისგან განსხვავებული გზითაც არის შესაძლებელი. მისი ჭეშმარიტება კი იმით უნდა შეფასდეს, რომ მისი განხორციელება შესაძლებელია. ჩვენ გარედან უნდა დავრწმუნდეთ მის შინაგან ჭეშმარიტებაში. 

სულიერი ცხოვრების მომდევნო ეტაპი ისაა, როდესაც ჭეშმარიტებას საკუთარი თვისებების მეშვეობით ვწვდებით და შეგნებულად ვმართავთ ჩვენს სიზმრებს. როდესაც სიზმრის მართვას სისტემატურად ვიწყებთ, იმ ეტაპამდე მივდივართ, სადაც ჭეშმარიტება ჩვენთვის თითქოსდა გამჭვირვალე ხდება. პირველ ეტაპს მატერიალური შემეცნება ეწოდება. იგი მოითხოვს, რომ შემეცნების ობიექტი ფიზიკურად არსებობდეს. მეორე ეტაპი წარმოსახვითი (იმაგინაციური) შემეცნებაა. იგი მედიტაციისა და ცხოვრების რიტმულად წარმართვით ვითარდება და მისი მიღწევა რთულია. თუმცა, როდესაც მას მივაღწევთ, დგება დრო, როდესაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში არსებულ აღქმასა და ზეგრძნობად სფეროში არსებულ აღქმას შორის ქრება განსხვავება. როდესაც გრძნობად სამყაროში ვიმყოფებით და ჩვენს სულიერ მდგომარეობას ვცვლით, მუდმივად განვიცდით სულიერ, ზეგრძნობად სამყაროს. ეს მაშინ ხდება, როდესაც შეგვიძლია, ჭეშმარიტად ბრმანი და ყრუნი გავხდეთ გრძნობადი სამყაროს მიმართ, არაფერი გავიხსენოთ ყოველდღიური ცხოვრებიდან და ამავდროულად, შევინარჩუნოთ შინაგანი სულიერი ცხოვრება. მაშინ ჩვენი სიზმრისეული ცხოვრება შეგნებულ ფორმას იღებს. ხოლო როდესაც ამის ნაწილს ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, ვიძენთ უნარს, აღვიქვათ ჩვენ გარშემო მყოფი არსებების სულიერი თვისებები. ჩვენ აღარ ვხედავთ მხოლოდ საგნების გარეგნულ მხარეს. ჩვენ ვხედავთ მათ შინაგან ბუნებასაც - არსებობის იმ ფარულ ბირთვს, რომელიც საგნებში, მცენარეებში, ცხოველებსა და ადამიანებშია მოცემული. ვიცი, ადამიანთა უმეტესობა იტყვის: „არსებითად, ეს სხვადასხვა რამ არის“. ეს სრულიად მართალია, ისინი მართლაც სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ხედავს ადამიანი, რომელსაც ასეთი აღქმის უნარი არ გააჩნია. მესამე ეტაპი არის ის, როდესაც ცნობიერება რომელიც, როგორც წესი, სრულიად ცარიელი უნდა იყოს ცოცხლდება ცნობიერების უწყვეტობით. ეს უწყვეტობა თავისთავად ჩნდება. მაშინ ადამიანი ძილის დროს აღარ კარგავს ცნობიერებას. იმ დროის განმავლობაში, როდესაც ადრე ეძინა, ახლა ის სულიერ სამყაროს განიცდის.

რა შეიძლება ითქვას ძილზე? ფიზიკური სხეული საწოლში განისვენებს, ხოლო ასტრალური სხეული ზეგრძნობად სამყაროში ცხოვრობს. თქვენ გადაადგილდებით ამ ზეგრძნობად სამყაროში. როგორც წესი, ადამიანის თანამედროვე აგებულების პირობებში, შეუძლებელია ფიზიკური სხეულისგან შორს წასვლა. თუმცა, თუ სულიერი მეცნიერების მეთოდების მეშვეობით განავითარებთ ორგანოებს  ასტრალური სხეულისთვის, რომელსაც ისევე, როგორც ფიზიკურ სხეულს გააჩნია ორგანოები, მაშინ იგი ძილის დროსაც შეგვინარჩუნებს ცნობიერებას. ფიზიკური სხეული ბრმა და ყრუ იქნებოდა თვალებისა და ყურების გარეშე. ანალოგიურად, ღამით მოხეტიალე ასტრალური სხეულიც ბრმა და ყრუა იმავე მიზეზით - მას არ გააჩნია თვალები და ყურები. არადა, ეს ორგანოები მედიტაციით ვითარდება. მედიტაცია არის საშუალება, რომლითაც ეს ორგანოები ყალიბდება. იგი სისტემატურად უნდა წარიმართოს და ისე უნდა იმართებოდეს, რომ ადამიანის სხეული დედის, ხოლო ადამიანის სული - მამის როლს ასრულებდეს. ადამიანის სხეული, როგორც ის ფიზიკურად ჩვენს წინაშეა წარმოდგენილი, თავისი თითოეული კიდურითა და ნაკვთით საიდუმლოს წარმოადგენს. კერძოდ, თითოეული ნაწილი გარკვეული, თუმცა ფარული გზით შეესაბამება ასტრალური სხეულის კონკრეტულ ასპექტს. ეს საკითხები ოკულტისტისთვისაა ცნობილი. მან იცის, მაგალითად, რას უკავშირდება ფიზიკურ სხეულში წარბებს შორის არსებული წერტილი. იგი შეესაბამება ასტრალური სხეულის კონკრეტულ ორგანოს. როდესაც ეზოთერიკოსი გასწავლით, როგორ მიმართოთ თქვენი აზრები, გრძნობები და შეგრძნებები წარბებს შორის მდებარე ამ წერტილისკენ, რითაც ფიზიკურ სხეულში განვითარებულ ასტრალურ სხეულში არსებულ შესაბამის ელემენტს უკავშირებთ, თქვენ იწყებთ კონკრეტული შეგრძნების განცდას ასტრალურ სხეულში. თუმცა, ეს პროცესი სისტემატურად უნდა განხორციელდეს და საჭიროა სათანადო მეთოდის ცოდნა. მაშინ ასტრალური სხეული იწყებს დიფერენცირებას. იგი გარდაიქმნება უბრალო მასიდან ორგანიზმად, რომელშიც ორგანოები ვითარდება. მე აღწერილი მაქვს ასტრალური აღქმის ეს ორგანოები ჟურნალში „Lucifer-Gnosis“-ში. ისინი ასევე ცნობილია, როგორც „ლოტოსის ყვავილები“. ეს ლოტოსის ყვავილები სპეციალური ფორმულების მეშვეობით ვითარდება. მათი განვითარების შემდეგ ადამიანი სულიერი სამყაროს აღქმის უნარს იძენს. ეს არის ზუსტად ის სამყარო, რომელშიც ადამიანი სიკვდილის კარიბჭის გავლის შემდეგ ხვდება. ამგვარად, მცდარია ჰამლეტის მტკიცება - რომ იმ უცნობი ქვეყნიდან არცერთ მოგზაური არასდროს დაბრუნებულა.

ამგვარად, თქვენ გრძნობად სამყაროდან შეგიძლიათ გადახვიდეთ ან უფრო სწორად, შეცუროთ ზეგრძნობად სამყაროში და იცხოვროთ ორივე სფეროში. ეს არ არის ცხოვრება ილუზორულ სამყაროში, არამედ იგი სწორედ იმ სფეროში ცხოვრებაა, რომელიც ჩვენს სამყაროში არსებობას ახსნადსა და გასაგებს ხდის. ისევე, როგორც ელექტროობის კანონების არმცოდნე ადამიანი ვერ იგებს ელექტროენერგიაზე მომუშავე ქარხანის და იქ ნანახი საოცარი მექანიზმების არსს, ასევე ვერც რიგითი ადამიანი სწვდება სულიერი სამყაროს მოქმედების პრინციპებს. ქარხნის დამთვალიერებლის გაუგებრობა მანამ გრძელდება, სანამ მან არ იცის ელექტროობის კანონები. ანალოგიურად, ადამიანი ვერ ჩაწვდება სულიერ სფეროს, სანამ არ იცნობს სულიერ სამყაროში მოქმედ კანონებს. ჩვენს სამყაროში არაფერია ისეთი, რაც ყოველ ნაბიჯზე არ იყოს დამოკიდებული სულიერ სამყაროზე. ყველაფერი, რაც აქ გარს გვახვევია, სულიერი სამყაროს გარეგნული გამოვლინებაა. მატერია, როგორც ასეთი, არ არსებობს; მთელი მატერია კონდენსირებული სულია. მათთვის, ვინც სულიერ სამყაროს ჭვრეტს, მთელი მატერიალურ-გრძნობადი სამყარო სულიერდება. ისევე, როგორც ყინული დნება და წყლად იქცევა მზის სხივების ქვეშ, ასევე სულიერ სამყაროს მჭვრეტელის სამშვინველის წინაშე ყველაფერი გრძნობადი სულიერში გადადის. ამგვარად, სამყაროს პირველსაწყისი თანდათანობით ეცხადება სულიერ თვალსა და სულიერ სმენას.

ცხოვრება, რომელსაც ადამიანი ამგვარად ეცნობა, სინამდვილეში ის სულიერი ცხოვრებაა, რომელსაც ადამიანი შინაგანად ისედაც უწყვეტად ეწევა, მაგრამ არაფერი იცის მის შესახებ, რადგან არ იცნობს საკუთარ თავს, მანამ სანამ არ განივითარებს უმაღლესი სამყაროს აღქმის ორგანოებს. წარმოიდგინეთ, რომ გაგაჩნიათ ის თვისებები, რომლებიც ახლა გაქვთ, მაგრამ არ გააჩნიათ გრძნობის ორგანოები. თქვენ არაფერი გეცოდინებოდათ გარემომცველი სამყაროს შესახებ და არც ფიზიკურ სხეულზე გექნებოდათ წარმოდგენა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურ სამყაროში ცხოვრობთ. ​​ასევე, ადამიანის სამშვინველიც სულიერ სამყაროს ეკუთვნის, მაგრამ არ იცნობს მას, რადგან არც ესმის და ვერც ხედავს. ისევე, როგორც ჩვენი სხეული ფიზიკური სამყაროს ძალებისა და მასალებისგან არის აღმოცენებული, ასევე ჩვენი სამშვინველიც სულიერი სამყაროს ძალებისა და მასალებისგან არის შექმნილი. ჩვენ საკუთარ თავს საკუთარ თავში კი არ შევიცნობთ, არამედ გარემოში. როგორც არ შეგვიძლია გულისა თუ ტვინის აღქმა თუნდაც რენტგენის სხივების მეშვეობით, თუკი მათ სხვა ადამიანებში, ჩვენი გრძნობის ორგანოებით არ დავინახავთ, ასევე, ნამდვილად არ შეგვიძლია საკუთარი სამშვინველის დანახვა ან მოსმენა, თუ მას გარემომცველ სამყაროში სულიერი ორგანოებით არ აღვიქვამთ. საკუთარი თავის შეცნობა მხოლოდ გარემომცველი სამყაროს მეშვეობითაა შესაძლებელი. 

ამაო და დროის ფუჭი კარგვაა ადამიანის მიერ საკუთარ თავში ჩაღრმავება იმ რწმენით, თითქოს მხოლოდ საკუთარ თავზე დაკვირვებით იყოს შესაძლებელი წინსვლა. ადამიანი საკუთარ თავში ღმერთს მაშინ იპოვის, თუ გააღვიძებს საკუთარ არსებაში არსებულ ღვთაებრივ ორგანოებს და გარემოში აღმოაჩენს თავის უმაღლეს, ღვთაებრივ „მეს“. ისევე, როგორც საკუთარ ქვედა „მეს“ მხოლოდ თვალებისა და ყურების მეშვეობით პოულობს. ჩვენ ნათლად აღვიქვამთ საკუთარ თავს ფიზიკურ არსებებად გრძნობად სამყაროსთან ურთიერთობისას, ხოლო სულიერ სამყაროში საკუთარ თავს სულიერი გრძნობების განვითარების მეშვეობით შევიცნობთ. შინაგანი ადამიანის განვითარება ნიშნავს საკუთარი თავის გახსნას ჩვენს გარშემო არსებული ღვთაებრივი სიცოცხლისთვის.

ახლა უკვე მიხვდებით, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ ნებისმიერმა, ვინც აღწერილი წესით ზენასამყაროში ამაღლებას ცდილობს, ჯერ გაიწვრთნას ზემოთაღწერილ თვისებებში. ადამიანს შეუძლია აღიქვას გრძნობადი სამყარო საკუთარი ძალისხმევით, რადგან მისი გრძნობები უკვე მომზადებულია ამისთვის იმ კეთილმოსურნე ღვთაებრივი სულის წყალობით, რომელიც პრეისტორიული ეპოქის ბურუსით მოცულ სიღრმეებში კაცობრიობის გვერდით იდგა მაშინ, როცა ადამიანებს ჯერ კიდევ არ შეეძლოთ ხედვა ან სმენა და მათ თვალები და ყურები აუხილა. დღეს ადამიანმა სულიერი ხედვა უნდა ისწავლოს ისეთი არსებებისგან, რომლებიც უკვე ფლობენ იმ უნარებს, რომელთა შეძენაც თავად ინდივიდს სჭირდება. ჩვენ გვჭირდება გურუ, რომელიც გვასწავლის, როგორ განვავითაროთ ჩვენი შესაძლებლობები და გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ მიაღწია მან ამ განვითარებას. ვისაც ასეთი ხელმძღვანელობა სურს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამომუშავებული ფუნდამენტური თვისება - აბსოლუტური გულწრფელობა. ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელიც მოსწავლესაც წაეყენება. ოკულტისტად მომზადებას ვერავინ შეძლებს, თუ მანამდე არ გაივლის სწავლებას აბსოლუტური გულწრფელობის ამ ფუნდამენტურ თვისებაში.

გრძნობად სამყაროში, ნათქვამის გადამოწმება შესაძლებელია. თუმცა, როდესაც სულიერ სამყაროზე გესაუბრებით, ნდობაა საჭირო, რადგან ჯერ არ მიგიღწევიათ იმ ეტაპამდე, რომ თავად შეძლოთ ამის გადამოწმება. ვისაც სურს გახდეს გურუ, მან ისეთი უმაღლესი ხარისხის გულწრფელობა უნდა გამოიმუშაოს, რომ სულიერ სამყაროსა თუ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული განცხადებები მისთვის არასდროს იყოს უმნიშვნელო ან ზედაპირული. გრძნობადი სამყარო თავისი ბუნებით მყისიერად ასწორებს შეცდომებს, სულიერ სამყაროში კი ეს ორიენტირები თავად ჩვენში უნდა არსებობდეს. ჩვენ მკაცრი წვრთნა გვჭირდება, რათა გადამოწმებისთვის თავადვე ვფლობდეთ გადამოწმების საშუალებებს. თვითგადამოწმების ამ უნარს მხოლოდ აქ, ამ სამყაროში უმკაცრესი გულწრფელობის გამომუშავებით შევიძენთ. სწორედ ამიტომ, როდესაც თეოსოფიურმა საზოგადოებამ ოკულტიზმის გარკვეული ელემენტარული სწავლებების წარდგენა დაიწყო, მან მიიღო პრინციპი: „ჭეშმარიტებაზე მაღლა არცერთი კანონი არ დგას“. ცოტას თუ ესმის ეს პრინციპი. ადამიანთა უმეტესობას აკმაყოფილებს, თუ საკუთარ თავს ეტყვის: „დარწმუნებული ვარ, ეს სიმართლეა“, ხოლო თუ აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ არის, უბრალოდ ამბობენ: „შევცდი“. ოკულტისტი ვერ დაეყრდნობა მხოლოდ საკუთარ სუბიექტურ გულწრფელობას. ასე მოქცევა მცდარი გზაა. მან მუდმივად უნდა შეინარჩუნოს შესაბამისობა გარე სამყაროს ფაქტებთან და ნებისმიერი გამოცდილება, რომელიც ამ ფაქტებს ეწინააღმდეგება, შეცდომად მიიჩნიოს. ოკულტისტისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ არის შეცდომაზე პასუხისმგებელი; მან აბსოლუტურ ჰარმონიაში უნდა იცხოვროს რეალურ ფაქტებთან. მან უნდა ისწავლოს უმკაცრესი პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი თითოეული განცხადებაზე. ამგვარად, იგი გამოიმუშავებს იმ უპირობო დარწმუნებულობას, რომელიც აუცილებელია როგორც მისთვის, ისე სხვებისთვის, თუკი მას სულიერ მეგზურობაზე აქვს პრეტენზია.

ამ თემაზე კიდევ მოგვიწევს საუბარი, რათა მისი უმაღლესი ასპექტებიც განვიხილოთ. დღეს მომიწია იმ თვისებებისა და მეთოდების ჩამოყალიბება, რომლებიც სხვებთან განსახილველად შესაძლოა ზედმეტად პირადულად მოგეჩვენოთ. ეს ისეთი რამაა, რაც თითოეულმა სამშვინველმა თავად უნდა გამოიმუშაოს და რაც, შესაძლოა, შეუსაბამოდაც კი ჩანდეს ზეგრძნობად სამყაროში შესასვლელად. მიუხედავად ამისა, ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევს ყველა, ვინც ჩემ მიერ აღწერილ გზას გაჰყვება. როდის? თეოსოფიური მოძრაობის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, ჩვენმა გარდაცვლილმა წევრმა სუბბა როუმ, ამ საკითხზე ზუსტი მოსაზრება გამოთქვა. კითხვაზე, თუ რამდენი დროა საჭირო, მან უპასუხა: შვიდი წელი, შესაძლოა შვიდჯერ შვიდი წელი, შესაძლოა შვიდი ინკარნაცია, ანდა სულაც შვიდი საათი. ეს მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რას მოიტანს ადამიანი თან ცხოვრებაში. ჩვენ წინ მდგომი ადამიანი შესაძლოა ჩვეულებრივად გამოიყურებოდეს, თუმცა ფლობდეს უმაღლეს — ამჟამად დაფარულ ცხოვრებისეულ საწყისს, რომელიც უბრალოდ გამოსავლენია. დღეს ადამიანთა უმეტესობა ოკულტური თვალსაზრისით იმაზე უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბევრი ამას გააცნობიერებდა, რომ არა მატერიალური პირობები და ჩვენი დროის მატერიალური ბუნება, რომლებიც მათ სამშვინველის შინაგანი ცხოვრებისგან ძლიერ აშორებს. დღეს მცხოვრებთა დიდი ნაწილი წარსულ ეპოქებში უფრო მაღალ საფეხურზე იდგა. ის, თუ როდის გამოვლინდება ადამიანში ჩადებული პოტენციალი, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მიუხედავად ამისა, გარკვეული დახმარების გაწევა შესაძლებელია. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ჩემ წინ დგას: წინა ინკარნაციაში ის მაღალგანვითარებული ინდივიდუალობა იყო, თუმცა ახლა განუვითარებელი ტვინი აქვს. განუვითარებელმა ტვინმა ზოგჯერ შეიძლება დაფაროს უდიდესი სულიერი უნარები; თუმცა, თუ მას ჩვეულებრივ, ამქვეყნიურ უნარ-ჩვევებს ვასწავლით, შესაძლებელია, რომ ეს შინაგანი სულიერი საწყისიც გამოვლინდეს. ეს კი დამოკიდებულია არა მხოლოდ აღნიშნულ ფაქტორზე, არამედ იმ გარემოზეც, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. ადამიანი, არსებითად, თავისი გარემოს ანარეკლია. წარმოვიდგინოთ მაღალგანვითარებული პიროვნება, რომელიც ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც გარკვეული ცრურწმენები ისეთი ძალით იღვიძებს და ვითარდება, რომ ადამიანის უმაღლესი ნიჭი ვეღარ ვვლინდება. თუ ასეთი ადამიანი არ იპოვის ვინმეს, ვინც ამ უნარებს გამოავლენს, ისინი დაფარული დარჩება.

ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე მინიშნების გაკეთება შევძელი. თუმცა, შობის შემდეგ კვლავ ვისაუბრებთ უფრო ვრცლად და სიღრმისეულად. განსაკუთრებით მინდოდა თქვენ გაგეაზრებინათ, რომ უმაღლესი ცხოვრებისკენ არ ისწრაფვიან ხმაურიანი მეთოდებით, არამედ სრულიად ინტიმურად, სამშვინველის სიღრმეში. ის დიდი დღე, როდესაც სული იღვიძებს და უმაღლეს ცხოვრებაში შედის, სინამდვილეში ისე მოდის, როგორც „ქურდი ღამით“. უმაღლესი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა ადამიანს ახალ სამყაროში აბრუნებს. იგი როდესაც ამ ახალ სამყაროში შედის და ხედავს, ასე ვთქვათ, არსებობის მეორე მხარეს, მაშინ მისთვის ცხადი ხდება მანამდე დაფარული. შესაძლოა, ყველამ ვერ შეძლოს ეს, შეიძლება ითქვას, რომ ამას მხოლოდ რჩეულნი ახერხებენ. თუმცა, ეს არ უნდა გვიშლიდეს ხელს, სულ მცირე, იმ გზას დავადგეთ, რომელიც ყველასთვის ღიაა, კერძოდ, მოვისმინოთ უმაღლესი სამყაროების შესახებ. ადამიანი მოწოდებულია საზოგადოებაში ცხოვრებისთვის და ის, ვინც საკუთარ თავში იკეტება, ვერ მიაღწევს ჭეშმარიტ სულიერ ცხოვრებას. უმაღლესი გაგებით ასევე განცალკევების და საკუთარ თავში ჩაკეტვის ფორმაა ისეთი დამოკიდებულებაც, როდესაც ადამიანი ამბობს: „მე ამის არ მჯერა; ეს მე არ მეხება; ეს შეიძლება მართალი იყოს სხვა ცხოვრებისთვის, მაგრამ არა ოკულტისტისთვის“. ოკულტისტისთვის ფუნდამენტური პრინციპია, სხვა ადამიანები აღიქვას, როგორც საკუთარი უმაღლესი „მე“-ს გამოვლინება, რადგან ამგვარად მან იცის, რომ სხვები საკუთარ თავში უნდა იპოვოს.

არსებობს დახვეწილი განსხვავება ფრაზებს შორის: „საკუთარ თავში სხვების პოვნა“ და „სხვებში საკუთარი თავის პოვნა“. თუმცა, უფრო მაღალი გაგებით, ეს ნიშნავს: „ეს შენ ხარ“. უმაღლესი გაგებით კი, ეს საკუთარი თავის ამოცნობაა სამყაროში და იმ პოეტური სიტყვების გააზრება, რომელთა ციტირების შესაძლებლობაც რამდენიმე კვირის წინ, სხვა კონტექსტში მქონდა: „ერთმა კაცმა მიზანს მიაღწია. მან საისის ქალღმერთს საბურველი გადახადა. მაგრამ რა იხილა მან? მან იხილა სასწაულთა სასწაული - საკუთარი თავი“. საკუთარი თავის პოვნა არა ეგოისტურ შინაგან სამყაროში ჩაკეტვით, არამედ უანგაროდ - სამყაროში. ესაა ჭეშმარიტი თვითშემეცნება.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff