ცხოვრების მთავარი საიდუმლო

Admin
აზრები
0
0

ავტორი: მამუკა გურული სათაურის წაკითხვისთანავე ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რა შეიძლება იყოს ცხოვრებ...

ავტორი: მამუკა გურული

სათაურის წაკითხვისთანავე ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: რა შეიძლება იყოს ცხოვრების მთავარი საიდუმლო? და თუ ეს საიდუმლოა, როგორ შემიძლია შევიცნო იგი?

ჩვენ, თანამედროვე ცივილიზაციის ადამიანები, მიჩვეულნი ვართ, რომ ყველაფერი გავართულოთ, გავზომოთ, დავშალოთ, მერე ისევ ავაწყოთ. როგორც პატარა ბავშვებს, სათამაშოს არსის გაგების საუკეთესო საშუალებად მისი დაშლა მიგვაჩნია. და ეს ბავშვების ბუნებრივ თვისებადაც კი ჩავთვალეთ. იქნებ ბავშები სწორედ იმიტომ შლიან და ამტვრევენ, რომ რთულ კონსტრუქციებს ვაწვდით მათ? იქნებ რაც უფრო ბუნებრივია „სათამაშო“ მით უფრო ნაკლებად მოუნდება ბავშვს მისი დაშლა?

პირველად მიზეზებამდე ჩაღრმავება შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტი ერთია: კაცობრიობა და განსაკუთრებით მისი ინტელექტუალური ნაწილი შეშლილი, გა-ორებული, გა-სამებული და გა-ს-ავ-ათებულია. არსებობს უამრავი „-სოფია“ და „-იზმი“, რომლის შედეგადაც ვღებულობთ უამრავ „-ფობიას“ და „-ფრენიას“. ყველა რელიგიას, სექტას, მოძღვრებას და ფილოსოფიურ სისტემას პრეტენზია აქვს, რომ ღაღადებდეს უმაღლეს ჭეშმარიტებას. ერთი მხრივ ყველა ამბობს, რომ ჭეშმარიტება მარტივია, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, გვთავაზობენ ურთულეს თეორიებს და მეთოდებს ამ სიმარტივემდე მისასვლელად.

ბავშვობიდან თავში გვიტენიან ამ „მართალ“ ან „ნახევრადმართალ“ კონცეფციებს, გვასწავლიან ლოგიკური და „რაციონალური“ აზროვნებით ცხოვრებას. შედეგად კი სათამაშოებივით ვამტვრევთ და ვშლით იმ მთავარ მოვლენებს, როგორიცაა „სიცოცხლე“, „სიყვარული“, „ღმერთი“ და თავად „არსებობა“. კონცეფციებით ვცხოვრობთ, კონცეფციებს თავში ვურტყამთ ერთმანეთს, კონცეფციების გამო ვომობთ. თითქმის ყველანი გულწრფელები ვართ, ყველანი მართალს ვადიდებთ. ტყუილს და უხამსობასაც კი ხშირად მაღალი და მართალი იდეალების გამო ჩავდივართ. შევქმენით მრავალი მტრის სახე: „სატანა“, „ანტიქრისტე“, „რეპტილიები“, „მასონები“ და ა.შ. გარკვეული ნეგატიური ძალების არსებობა რა თქმა უნდა ფაქტია, მაგრამ ყველაზე მთავარი „მტერი“ ჩვენივე ჭკუაა - უამრავი ურთიერთ-გამომრიცხავი პროგრამით და კონცეფციით გადატენილი. რა თქმა უნდა ჩემს მიერ შემოთავაზებული თეორიაც მორიგი კონცეფციაა, ამიტომ არ უნდა მიიღით იგი ბრმად, მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ-ერთი იმ თეორიას მიეკუთვნება, რომელიც ცდილობს ბუნებასთან და შესაბამისად ჭეშმარიტებასთან დააახლოვოს ადამიანი.

ამ სამყაროში ზედმეტი არაფერია. ყველა საგანს თავისი ფუნქცია და ყველა მოვლენას თავისი მიზეზი აქვს. ქაოსი და არეულობა გამოწვეულია არა რომელიმე კონკრეტული ძალის გამო, არამედ ძალთა არასწორი გადანაწილებით, არასწორი იერარქიით. და სად შეიძლება ვნახოთ ძალთა ჰარმონიული განაწილების მოდელი? პირველ რიგში მხოლოდ ბუნებაში! არა წიგნებში, არა თეორიებში, არა კონცეფციებში (მათ შორის ჩემს მიერ შემოთავაზებულში), არამედ პირველ რიგში ბუნებაში!

დავუბრუნდეთ ჩვენს კითხვას: „რა არის ყოფიერების მთავარი საიდუმლო?“ და მოვძებნოთ ამ კითხვის პასუხი ბუნების ისეთ თვალსაჩინო მოდელში, როგორიცაა მზის სისტემა.

მზის სისტემა შეგვიძლია პირობითად დავყოთ ორ ნაწილად: სისტემის ცენტრი და მისი „თანამგზავრები“. ამ შემთხვევაში ცენტრი მზეა, ხოლო „თანამგზავრები” - პლანეტები (და შესაბამისად მათი თანამგზავრებიც). ჩამოვთვალოთ ის მთავარი თვისებები, რაც განასხვავებს მზეს (ცენტრს) თავისი თანამგზავრებისგან (პერიფერიისგან):

1) ამ სისტემაში მზე ყველაზე „მარადიულია“ (ყველაზე ხანგრძლივად არსებობს).

2) მზე ყველაზე ძლიერია, მასში ყველაზე მეტი ძალაა კონცენტრირებული.

3) მზე ყველაზე უძრავი, სტაბილური და მუდმივია, ამავე დროს ყველაზე ცხელი, აქტიური და შორს-გავრცელებადი ძალაა ამ სისტემაში.

4) მზე (ცენტრი) ერთია, თანამგზავრები კი ბევრნი არიან.

5) ენეგიის მთავარი წყარო მზეა, თანამგზავრები კი ამ ენერგიის მიმღებნი არიან. შესაბამისად მზეს ყველაზე მეტი (მთავარი) პასუხისმგებლობა აქვს ამ სისტემის არსებობაში და შენარჩუნებაში, თანამგზავრებს კი ნაკლები.

6) მზე თავისი ბუნებით მამაკაცური საწყისის განსახიერებაა, აქტიურია, ხოლო თანამგზავრები ქალურ, პასიურ საწყისს განასახიერებენ და მზის გარშემო ტრიალებენ.

7) მზეს შეუძლია იარსებოს თანამგზავრების გარეშე, ხოლო თანამგზავრებს არ შეუძლიათ მზის გარეშე არსებობა. თანამგზავრები დამხმარეების ფუნქციას ასრულებენ, მაგრამ მზეს მათი „დახმარების“ გარეშეც შეუძლია არსებობა. თუ მოვაცილებთ ყველა თანამგზავრს, მზე მაინც დარჩება, მაგრამ თუ აღარ იქნება მზე, სისტემა დაიშლება და თანამგზავრები სხვა ფორმებში გარდა-იცვლებიან.

cosmos_sun_star_plasma_light_57881_1366x768

თვითოეული თანამგზავრი (პლანეტა) თავის მხრივ მზეს (ცენტრს) წარმოადგენს თავის სისტემაში. მაგალითად დედამიწის ცენტრი ცხელი და გავარვარებული მზეა თავისი პერიფერიისთვის, თუნდაც ჩვენი ცივილიზაციისთვის თავისი მეგაპოლისებით ან გამწვანებული სოფლებით. შესაბამისად თავად მზეც თავისი ცენტრის გარშემო მოძრაობს (და ეს თანამედროვე გამოკვლევებმაც დაადასტურა)... და ასე გრძელდება უსასრულობამდე, ყველაზე მთავარ ცენტრამდე, მთავარ მზემდე, სინათლის მთავარ წყარომდე, რომელსაც ხშირად ღმერთს ვუწოდებთ.

როგორც ვხედავთ ბუნებაში არ არსებობს დემოკრატია. თანამგზავრები არ ირჩევენ მზეს კენჭისყრით და არჩევნებით. მზე თავისთავადაა ყველაზე ძლიერი და საუკეთესო მმართველი ძალა ამ სისტემაში, პლანეტები კი ბუნებრივად განლაგდებიან მის გარშემო, მორჩილებენ მის კანონებს და არ უყენებენ პრეტენზიებს და ულტიმატუმებს.

მოვიყვან ჰერმეს ტრისმეგისტის ციტატას: „ის რაც არის ქვემოთ, ჰგავს მას, რაც არის ზემოთ; და ის რაც არის ზემოთ, ჰგავს მას, რაც არის ქვემოთ“. შესაბამისად ის, რაც არის მაკროკოსმოსში (ადამიანის გარეთ), ანალოგიურია იმისა, რაც არის მიკროკოსმოსში (ადამიანის შიგნით). ამიტომ იმისათვის, რომ მარტივად და ბუნებრივად მივუახლოვდეთ მთავარ საიდუმლოს, აღარ წავიდეთ შორს და განვიხილოთ ის ბუნებრივი, ჰარმონიული და დღეისათვის „ძალით დამახინჯებული“ მიკროსისტემა, რომელსაც ეწოდება ადამიანი.

გადავიდეთ ადამიანზე, როგორც მიკროკოსმოსზე, რადგანაც თუ შევიცნობთ საკუთარ თავს, შევიცნობთ კოსმოსსაც. და რაც მთავარია შევეცადოთ ზედმეტი ცნებებისა და პირობითობების გარეშე ვეცადოთ საკუთარი თავის შეცნობას.

რა წარმოადგენს მზეს ადამიანში? რა არის იმ თვისებების მატარებელი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ? რა თქმა უნდა პირველი, რაც თავში მოგვდის ესაა სიტყვა - სული. ჩვენ ხომ ვიცით, რომ იგი მარადიულია, უკვდავია, თვითკმარია და ა.შ. მაგრამ ეს ცოდნა სულის შესახებ გონებაში გვაქვს როგორც ინფორმაცია, თეორია, კონცეფცია, პრაქტიკულად კი თითქმის არაფერი ვიცით მის შესახებ. ამიტომ შევეცადოთ შეგრძნებების, განცდის და გამოცდილების დონეზე მივუდგეთ ამ საკითხს. დავიწყოთ მოგზაურობა მიკროკოსმოსში - ჩვენში არსებული მზისკენ.

თუ უხეშ ფიზიკურ დონეზე შევხედავთ, ვნახავთ, რომ ცენტრალური სტრუქტურა ადამიანის სხეულში ჩონჩხია (კერძოდ ხერხემალი და თავის ქალა), კიდევ უფრო ცენტრალური კი ტვინი (ზურგის ტვინი და თავის ტვინი). მაგრამ ფაქტია, რომ ძვალიც და ტვინიც შეიძლება ადილად დაზიანდეს. შესაბამისად მას მხოლოდ პერიფერიულ ორგანოებთან (კუნთებთან, კანთან და ა.შ.) შედარებით შეგვიძლია დავარქვათ ცენტრალური, ხოლო თუ უფრო სიღრმეში შევალთ, გაცილებით უფრო ნატიფი, მუდმივი, სტაბილური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი „სტრუქტურა“ სუნთქვაა. უბრალო ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე არ წყდება. სუნთქვა უკვე უფრო მეტად უახლოვდება მზის თვისებებს, რადგანაც შეიძლება არ გვქონდეს ფეხი, ხელი, ან სხვა რომელიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი ორგანო, მაგრამ სუნთქვის გარეშე მთელი სხეული გაჩერდება (მოკვდება).

სწორედ სუნთქვის მზის თვისებებთან ახლოს მყოფობის გამო იყენებს მას მრავალი აღმოსავლური თუ დასავლური, სულიერი თუ გამაჯანსაღებელი სისტემა, რადგანაც სუნთქვაზე კონცენტრაციით, მასზე დაკვირვებით და „მასში ყოფნით“ ჩვენი ფსიქიკა უფრო ახლოს მიდის იმასთან, რასაც „სულს“ ვუწოდებთ და რაც მზის თვისებების ნამდვილი მატარებელია. სუნთქვითი ვარჯიშები, ან უბრალოდ მასზე რეგულარული და ხანგრძლივი დაკვირვება იწვევს ფსიქიკის „ცენტრირებას“ და ადამიანი ხდება უფრო მშვიდი, გაწონასწორებული, ძლიერი, ენერგიით სავსე და შესაბამისად ჯანმრთელიც.

მაგრამ მარადიული ხომ არც სუნთქვაა... ისიც შედგება ორი პოლუსისგან: ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისგან და მათ შორის პაუზებისგან, ისიც ცვალებადია, ოდესღაც დაიწყო და ოდესღაც გაჩერდება. შესაბამისად იგი ვერ იქნება აბსოლუტური ცენტრი ადამიანში, რომელსაც შეგვიძლია დავეყრდნოთ. შესაბამისად უნდა წავიდეთ უფრო მეტ სიღრმეში, უფრო ნატიფისკენ...

მანამდე კი განვიხილოთ ადამიანის აგებულება. ადამიანი შედგება ვერტიკალური და ჰორიზონტალური ნაკადებისგან. ვერტიკალური ნაკადი იყოფა სამ ნაწილად: თავის, გულმკერდის და მუცლის ნაწილები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია შევიწროებებით - ყელით და მენჯის ზემოთა შევიწროებით. კორპუსისგან კი ჰორიზონტალურად გამოდიან ზედა და ქვედა კიდურები (მიუხედავად ვერტიკალური მდგომარეობისა, ქვედა კიდურები ჰორიზონტალურად გამოდიან მენჯის ძვლიდან და შემდეგ იხრებიან ქვემოთ). შესაბამისად ვღებულობთ სამ მთავარ ცენტრს:

man

ზედა - თავი და მასზე განლაგებული ორგანოები (თვალები, ცხვირი, ყურები და პირი)

შუა - გულმკერდის მიდამო და ხელები

ქვედა - მუცლის მიდამო, ფეხები და სასქესო ორგანოები.

ზედა ცენტრთან ძირითადად დაკავშირებულია აზროვნება (ნატიფი მენტალური სფერო), შუა ცენტრთან - შეგრძნებები და ემოციები, ხოლო ქვედა ცენტრთან ისეთი „მიწიერი“ მოთხოვნილებები, როგორიცაა კვება, გამოყოფა, თავდაცვა და გამრავლება.

თანამედროვე ადამიანში ჰარმონიის დარღვევა სწორედ იმასთანაა დაკავშირებული, რომ ეს სამი ცენტრი შეთანხმებულად არ ფუნქციონირებს. გონება ერთ მხარეს ექაჩება ადამიანს, ემოციები და ინტუიცია მეორე მხარეს, ხოლო „ცხოველური“ მოთხოვნილებები სულ სხვა მხარეს. შესაბამისად უნდა მოინახოს ის ცენტრი, ის ერთიანი მმართველი, რომელიც ყველა ამ ფუნქციას ერთ მიზანს დაუქვემდებარებს. და სწორედ ეს მმართველია ის შინაგანი მზე, რომელსაც ვეძებთ, ამისთვის კი უნდა შევიდეთ უფრო ღმად, უფრო ნატიფისკენ, ვიდრე სხეულია, სუნთქვაა...

სუბიექტურადაც და ობიექტურადაც ვიცით, რომ სხეულის და სუნთქვის მიღმა შეგრძნებების, ემოციების და აზრების სამყაროა. ამას ვუწოდებთ ჭკუას, გონებას, ცნობიერებას და სხვა მრავალ სახელს. სუნთქვა დამაკავშირებელი რგოლია გარეგან (ფიზიკურ) და შინაგან სამყაროებს შორის. და ისევ რომ არ გავიხლართოთ სახელწოდებების ბადეში, ვეცადოთ შეგრძნებების დონეზე ვიაროთ მზისკენ - ჩვენი ცენტრისკენ, და მოვძებნოთ ის საყრდენი, რომელიც უფრო დაგვაახლოვებს მასთან.
დაუკვირდით საკუთარ ფიქრებს, საკუთარ შეგრძნებებს და ჰკითხეთ საკუთარ თავს: რომელი შეგრძნებაა თქვენში ყველაზე მყარი, ყველაზე სტაბილური, მუდმივი, მზის თვისებებთან ყველაზე მიახლოებული? სხეულის რომელ ნაწილში იგრძნობა იგი? და რამდენად ხშირად აქცევთ ყურადღებას ამ შეგრძნებას? ეცადეთ უპასუხოთ ამ კითხვებს და საკუთარ თავს აღუწეროთ ეს შეგრძნება სუბიექტურად, ცოცხალი შეგრძნებების დონეზე და არა გონებაში ჩაბეჭდილი მზა კონცეფციებით...

როგორც აღვნიშნეთ, არც ფიზიკური სხეული და არც სუნთქვა, არ წარმოადგენს ჩვენს ცენტრს, მაგრამ სუნთქვაზე კონცენტრაცია გვეხმარება, რომ მივუახლოვდეთ ჩვენს სულს - მარადიულ, მზის თვისებების მატარებელ არსს. 

ამჯერად გადავინაცვლოთ ჩვენს შინაგან სამყაროში, რომელსაც ვუწოდებთ ჭკუას, გონებას, ცნობიერებას, შეგრძნებებს, ემოციებს და ა.შ. და ვეცადოთ ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: რომელი შეგრძნებაა ჩვენში ყველაზე მყარი, ყველაზე სტაბილური, მუდმივი, მზის თვისებებთან ყველაზე მიახლოებული? სხეულის რომელ ნაწილში იგრძნობა იგი? და რამდენად ხშირად ვაქცევთ ყურადღებას ამ შეგრძნებას?

დაკვირვებული ადამიანი ადვილად დაინახავს, რომ ცნობიერების ველში მუდმივად ხდება ცვლილებები. აზრები მოდიან და მიდიან, განწყობა იცვლება, ემოციები - როგორი ძლიერნი და ხანგრძლივნიც არ უნდა იყვნენ, მაინც იცვლებიან და როგორც წესი გადადიან თავიანთ საპირისპირო მხარეში: სიცილს ცვლის ტირილი, მწუხარებას - სიხარული, სიყვარულს (მიჯაჭვულობას) - სიძულვილი, დაცულობის და ძალის შეგრძნებას - უმწეობის და სისუსტის შეგრძნება, შიშს - უშიშარობა და ა.შ. ეს ემოციები ქანქარასავით მოძრაობენ ერთი პოლუსიდან მეორესკენ და რაც უფრო ძლიერია მათი ერთი მხარე, მაგალითად ტირილი, მით უფრო ძლიერია მისი მეორე პოლუსიც - სიცილი. მხოლოდ მათ, ვინც ამ დუალობებზე მაღლა დადგა, შეუძლიათ აკონტროლონ ეს შეგრძნებები და შეინარჩუნონ მათი სასურველი მხარე, ადამიანთა უმეტესი ნაწილი კი გამუდმებით ამ პოლუსებს შორის მოძრაობს.

ყველაზე მყარი, სტაბილური და მარადიული - შესაბამისად მზის თვისებებთან ყველაზე მეტად მიახლოვებული შეგრძნება ჩვენში, ეს არის შეგრძნება - „მე ვარ“. სიხარული მოდის და მიდის... მე ვარ... დარდი მოდის და მიდის... მე ვარ... ტკივილი მოდის და მიდის... მე მაინც ვარ... ღრმა ძილია ერთადერთი მდგომარეობა, როდესაც ეს შეგრძნებაც იკარგება, შესაბამისად „მე ვარ“ შეგრძნებაც არ არის აბსოლუტური ცენტრი, ანუ მზე, მაგრამ სხვა შეგრძნებებისგან განსხვავებით, და მითუმეტეს ფხიზელ (ან სიზმრის) მდგომარეობაში ეს ყველაზე კარგი საყრდენია მზესთან მიახლოვებისთვის. უფრო საიმედო და მუდმივი, ვიდრე სუნთქვა ან ცვალებადი შეგრძნებები... სხეულში შეგრძნება „მე ვარ“ უკავშირდება მკერდის მიდამოს, მის სიღრმეს.

ამ სტატიაში ჩვენ არ ვცდილობთ ცხოვრების მთავარი საიდუმლოს ამოხსნას. ჩვენ ვცდილობთ მივუახლოვდეთ მას, და როდესაც გვგონია, რომ მოვიხელთეთ იგი, მაშინვე ხელიდან გვისხლტება. სიტყვებით გამოთქმული ყოველგვარი ჭეშმარიტება რაღაც საფეხურზე სიცრუედ იქცევა. სწორედ ასეთ სიტყვებზე, თეორიებზე და კონცეფციებზე მიჯაჭვულობამ წარმოშვა ის პრობლემები, რასაც დღეს ვხედავთ ადამიანში და მთლიანად კაცობრიობაში, ამიტომ ვეცადოთ მდუმარედ, უსიტყვოდ მივუახლოვდეთ ჩვენს ჭეშმარიტ არსს. ესაა ადგილი, საიდანაც იბადებიან იდეები, სიტყვები, ემოციები, შეგრძნებები. სწორედ წყაროს ამ სათავესთან - ჩვენს შინაგან მზესთან მისვლაა ჩვენი მიზანი.

რაც უფრო მეტად კონცენტრირებული ვხდებით შეგრძნებაზე - „მე ვარ“, თანდათანობით მით უფრო ნაკლებად ვართ დამოკიდებული პერიფერიაზე: ფიზიკურ სხეულზე და მის სურვილებზე, სიცივეზე და სიცხეზე, გარემო პირობებზე, ფულზე, ნივთებზე, ტექნიკაზე, სხვა ადამიანებზე და მათ აზრზე (რას იფიქრებენ სხვები...), ცრურწმენებზე და რაც მთავარია საკუთარ „ცრუ მე“-ზე ანუ პიროვნულ მეზე, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა მცდარი წარმოდგენა და მცდარი თვითიდენტიფიკაცია ჩვენს ნამდვილ არსთან დაკავშირებით.

ყველა სულიერი პრაქტიკა თავისი ნამდვილი არსით სულთან (შინაგან მზესთან) კავშირის გაძლიერებას ისახავს მიზნად. განსხვავება მხოლოდ მეთოდებში და საფეხურებშია. ზოგიერთისთვის შეგრძნება „მე ვარ“ ძლიერდება მაშინ, როდესაც მაღალი მთის მწვერვალისკენ, სახიფათო და ყინულიან გზაზე მიიწევს, ზოგიერთისთვის - რინგზე, გადამწყვეტი ორთაბრძოლის დროს, ზოგისთვის - საოპერაციო მაგიდასთან, მომაკვდავი ავადმყოფის გადარჩენის მომენტში, ზოგისთვის - ბრძოლის ველზე, ტყვიების ზუზუნის და სიკვდილის მუდმივი საფრთხის თანხლებით, ზოგისთვის - ლოცვის ან მედიტაციის დროს, საკუთარ თავში ჩაღრმავების პროცესში, როდესაც პირისპირ უყურებს თვალებში საკუთარ შიშებს, მიჯაჭვულობებს, მანკიერებებს, სისუსტეებს და ე.წ. „დემონებს“.

სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ადამიანების უმეტესობა, საკუთარი „მე“-ს გაძლიერებას სხვების დათრგუნვის ხარჯზე ცდილობს. სხვების დაშინების, დაცინვის ან დაკნინების მომენტში უფრო შეიგრძნობს თავის „არსებობას“ და „მნიშვნელოვანობას“. ეს დაკავშირებულია სწორედ იმასთან, რომ დაკარგული გვაქვს საკუთარი ჭეშმარიტი არსი და „ცრუ მესთან“ ვახდენთ თვითიდენტიფიკაციას. გარეთ ვეძებთ ენერგიის და ძალის იმ წყაროს, რომელიც სინამდვილეში ჩვენს შიგნითაა. იმის ნაცვლად, რომ მზესავით ვანათოთ, ვხდებით პარაზიტები და მტაცებლები. ჩვენი ქმედებების უმეტესობას ქვეცნობიერი შიშები განაპირობებენ. შიში კი იქაა, სადაც სინათლის ნაკლებობაა, სადაც მზის სხივი ვერ წვდება. შიში იწვევს შეგრძნებას, რომ თუ სხვა ადამიანის „რწმენას“ არ დავანგრევ, ჩემს „რწმენას“ და კონცეფციას მასზე მაღლა არ დავაყენებ, მაშინ „მე აღარ ვიქნები“. აქედან ჩნდება რელიგიურ-ფილოსოფიური დაპირისპირებები.

ყველა ადამიანმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რა მეთოდით იაროს საკუთარი მზისკენ. და ეს მეთოდები და პრინციპები, მით უფრო მეტად ემსგავსება ერთმანეთს, რაც უფრო ვუახლოვდებით მზეს. ამ სტატიის მიზანია ძალიან მოკლედ გადმოგცეთ ბუნებრივი და შეგრძნებებზე დამყარებული გასაღები საკუთარი თავის შეცნობისკენ. პირობითად მზისკენ მოგზაურობა შეიძლება სამ დონედ დავყოთ, და ეს დონეები უკავშირდება სწორედ იმ სამ ცენტრს, რომლებიც წინა ნომერში განვიხილეთ - მუცელი, გულ-მკერდი და თავი (ამ სამი დონის განვითარება უნდა მოხდეს ერთდროულად და ერთმანეთის პარალელურად, და არა ცალ-ცალკე და ეტაპობრივად):

1. გააცნობიერეთ თქვენი ფიზიკური სხეული. აღმოაჩინეთ მასში ის სტრესები, დაჭიმულობები და შიშები, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში დაგროვდა. ცნობიერების სინათლით გაანათეთ მასში არსებული „კვანძები“. გააცნობიერეთ თქვენი კვება. დაუკვირდით შეგრძნებებს, რომლებსაც კვების პროცესში იღებთ. შედეგად თქვენ მიიღებთ ჯანსაღ, მოდუნებულ, ენერგიულ და მობილიზებულ სხეულს.

2. გააცნობიერეთ თქვენი სუნთქვა, რომელიც გარდამავალი რგოლია ჭკუას, ანუ ნატიფ სხეულსა და ფიზიკურ სხეულს შორის. ეცადეთ, რომ თქვენი სუნთქვა გახდეს მშვიდი, ნელი, ღრმა და გაცნობიერებული. ეს ასევე მოგიტანთ სიმშვიდეს და დიდ ენერგიას.

3. გააცნობიერეთ თქვენი აზრები და ემოციები, მათი ცვალებადობა... ხოლო საყრდენად აიღეთ ყველაზე სტაბილური შეგრძნება თქვენში - შეგრძება „მე ვარ“ და ამ შეგრძნების სინათლით გაანათეთ თქვენი შინაგანი სამყარო. რაც შეიძლება ღრმად შეისწავლეთ იგი. გააცნობიერეთ თქვენი მიზნები და სურვილები. მონახეთ თქვენში ის „დამკვირვებელი“, რომელიც ხედავს და აცნობიერებს ამ ყველაფერს და მოახდინეთ ამ „დამკვირვებლის“ კონცენტრაცია შეგრძნებაზე „მე ვარ“. შეინარჩუნეთ ეს შეგრძნება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინაც, როცა სხვადასხვა საქმით ხართ დაკავებული.

თუ დაიწყებთ ამ მოგზაურობას, გზაზე აუცილებლად შეგხვდებათ მრავალი დაბრკოლება, გაურკვევლობა და კითხვა, მაგრამ მასწავლებელი, რომელიც თქვენშია, აუცილებლად გიჩვენებთ გამოსავალს. ნუ ენდობით მასწავლებლებს, რომლებიც გპირდებიან, რომ თქვენს მაგივრად გააკეთებენ ყველაფერს, თქვენ კი უბრალოდ უნდა „მიენდოთ“ და „აღიაროთ“ იგი. უფრო მეტად ენდეთ მასწავლებლებს, რომლებიც გასწავლიან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას და რჩევებს გაძლევენ მოქმედებისთვის, და რაც მთავარია თვითონ აქვთ რეალიზებული ის, რასაც გასწავლიან. არ არსებობს სულიერი განვითარება კომფორტული და სასიამოვნო გზებით, ძალისხმევის, რისკისა და სირთულეების გარეშე. რაც უფრო მეტ შეუპოვრობას, ნებისყოფას და გამბედაობას გამოიჩენთ ამ გზაზე, მით უფრო მეტად მიუახლოვდებით ცხოვრების მთავარ საიდუმლოს, და ცხოვრებაც გაცილებით უფრო საინტერესო, მისტიური და ლამაზი გახდება. ჭეშმარიტება მარტივი და უბრალოა.
გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მოგზაურობას თქვენი შინაგანი მზისკენ!

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

გრავიტაცია


ავტორი: მამუკა გურული ერთ-ერთი ყველაზე "საიმედო" და საკვანძო ცნე...

შვიდი მილიარდი მატრიცა


ავტორი: ანა თოფურიძე - ტრიიიინ ტრიიიიინ ტრიიიინ - (ტელეფონი ზარი...

თავისუფლების მაძიებელთათვის


ავტორი: მამუკა გურული 1. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი დედამიწაზე, მა...

ფილოსოფიური ტრაქტატი: ფესვები.


ავტორი:გიორგი მინჯია მე ვარ ხე-ამოზრდილი დედამიწის გულიდან და მტ...

ბნელი ადგილების ნათელი საიდუმლოებები


ავტორი: ანა თოფურიძე გამარჯობა სიბნელევ ჩემო ძველო მეგობარო... ...

გონების დამშვიდება


მიზეზი რატომაც დაუსაბამო ფიქრები არ გვტოვებენ არის ის, რომ ყოველ მა...

გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა


ავტორი: აკაკი სხულუხია იმედგაცრუება, მშობელია ყოველივე სისაძაგლი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff