თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ
IV. სული სულეთში სიკვდილის შემდეგ
როდესაც ადამიანის სული თავის გზაზე ორ განსხეულებას შორის გაივლის „სამშვინველთა სამყაროს“ , აქედან იგი შე–დის „სულეთში“ და იმყოფება მანდ, სანამ არ მომწიფდება ახალი სხეულებრივი ყოფისათვის. „სულეთში“ ყოფნის აზრი გასაგები ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ შევძლებთ სწორად გავარკვიოთ ის ამოცანა, რომელიც გააჩნია ადამიანის ცხოვრებისეულ მოგზაურობას გარდასხეულების გავლით. ვიდრე ადამიანი განსხეულებულია ფიზიკურ სხეულში, იგი მოქმედებს და ჰქმნის ფიზიკურ სამყაროში როგორც სულიერი არსება. ის, რასაც იგონებს მისი სული, აღიბეჭდება მის მიერ ფიზიკურ ფორმებში, სხეულებრივ ნივთიერებებსა და ძალებში. ამრიგად მან, როგორც სულიერი სამყაროს მაცნემ, უნდა განასხეულოს სული სხეულებრივ სამყაროში. მხოლოდ განსხეულების შედეგად შეუძლია ადამიანს მოქმედება სხეულებრივ სამყაროში. მან უნდა მიიღოს თავისი ფიზიკური სხეული, როგორც იარაღი იმისთვის, რომ სხეულებრივის მეშვეობით იმოქმედოს სხეულებრივზე და რათა ამ უკანასკნელმაც იმოქმედოს მასზე. მაგრამ ის, რაც მოქმედებს ადამიანის ამ სხეულებრიობის მეშვეობით, არის სული. მისგან მომდინარეობენ ჩანაფიქრები, რომელნიც წარმართავენ მოქმედებას ფიზიკურ სამყაროში. მაგრამ ვიდრე სული მოქმედებს ფიზიკურ სხეულში, იგი ვერ იცხოვრებს როგორც სული თავისი ჭეშმარიტი სახით, მას ძალუძს მხოლოდ გამოსხივება ფიზიკური ყოფის საფარიდან. საქმე ის არის, რომ ადამიანის აზროვნებითი ცხოვრება სინამდვილეში ეკუთვნის სულიერ სამყაროს და რამდენადაც ეს ცხოვრება ვლინდება ფიზიკურ არსებობაში, მისი ჭეშმარიტი სახე დაფარულია. შეიძლება ითქვას აგრეთვე, რომ ფიზიკური ადამიანის აზროვნებითი ცხოვრება არის მხოლოდ აჩრდილი, ანარეკლი ჭეშმარიტი სულიერი არსებისა, რომელსაც იგი ეკუთვნის. ამრიგად, ფიზიკური ცხოვრების მანძილზე სული იწყებს ურთიერთქმედებას მიწიერ სხეულებრივ სამყაროსთან ფიზიკური სხეულის მეშვეობით. თუმცა ადამიანის სულის ამოცანა განსხეულებიდან განსხეულებისკენ სვლისას სწორედ ამ ფიზიკურ, სხეულებრივ სამყაროზე ზემოქმედებაში მდგომარეობს, მაგრამ იგი მაინც ვერასოდეს შეასრულებდა ღირსეულად ამოცანას, მხოლოდ სხეულებრივ ყოფაში რომ ეცხოვრა. ვინაიდან მიწიერი ამოცანის განზრახვები და მიზნები ისევე ნაკლებად იქმნებიან და მოიპოვებიან ფიზიკური განსხეულების დროს, როგორც სახლის გეგმა მშენებლობის ადგილზე, სადაც უკვე მუშები მუშაობენ. როგორც ეს გეგმა იქმნება ხუროთმოძღვრის კაბინეტში, ზუსტად ასევე იქმნებიან მიწიერი შემოქმედების მიზნები და განზრახვები „სულეთში“. — ადამიანის სული ორ განსხეულებას შორის კვლავ და კვლავ უნდა მკვიდრდებოდეს ამ სამყაროში, რათა აღიჭურვოს იმით, რითაც კვლავ შესძლებს მუშაობას ფიზიკურ ცხოვრებაში. ისევე, როგორც ხუროთმოძღვარი თავის სამუშაო კაბინეტში აგურისა და კირის გარეშე ამზადებს გეგმას სახლისას, ასევე ადამიანური შემოქმედების ხუროთმოძღვარი, სული, ანუ უმაღლესი „მე“ სულეთში უნდა ანვითარებდეს უნარებსა და მიზნებს ამ ქვეყნის კანონთა შესაბამისად, რათა შემდეგ გადაიტანოს ისინი მიწიერ სამყაროში. როდესაც ადამიანის სული ისევ და ისევ უბრუნდება თავის საკუთარ საუფლოს, ამით იგი იძენს ძალას, იტვირთოს სული მიწიერ სამყაროშიც ფიზიკურ-სხეულებრივი იარაღების მეშვეობით. ფიზიკურ ასპარეზზე ადამიანი ეცნობა ფიზიკური სამყაროს თვისებებს და ძალებს. მანდ მოქმედებისას იგი აგროვებს გამოცდილებას იმის შესახებ, თუ რა მოთხოვნილებებს უყენებს ფიზიკური სამყარო მასში მოქმედების მოსურნეთ. იმავდროულად ეცნობა მატერიის თვისებებს, რომელშიც მას სურს განახორციელოს თავისი აზრები და იდეები. მას არ ძალუძს თავად აზრებისა და იდეების მიღება მატერიისაგან. ამრიგად მიწიერი სამყარო ერთდროულად გადაიქცევა ქმედებისა და სწავლის ასპარეზად. შემდეგ ყოველივე შესწავლილი „სულეთში“ გარდაიქმნება სულის ცოცხალ უნარად. ჩვენი აზრის უკეთ გასარკვევად შესაძლოა კიდევ განვავრცოთ ზემოთმოყვანილი შედარება. ხუროთმოძღვარი მუშაობს სახლის გეგმაზე. გეგმა მზად არის. ამით ხუროთმოძღვარი ღებულობს უაღრესად ნაირგვარ გამოცდილებას. მთელი ეს გამოცდილება ზრდის მის უნარებს. როდესაც იგი იწყებს შემდგომი გეგმის დამუშავებას, მთელი ეს გამოცდილება შთაიღვრება ამ გეგმაში და პირველთან შედარებით ეს შემდგომი გეგმა აღმოჩნდება გამდიდრებული ყოველივე იმით, რაც ასწავლა ხუროთმოძღვარს პირველმა გეგმამ. იგივე ხდება ურთიერთმომდევნო ადამიანურ ცხოვრებებშიც. განსხეულებათაშორის შუალედებში სული მკვიდრობს თავის საკუთარ საუფლოში. მას ძალუძს მთლიანად დაექვემდებაროს სულიერი ცხოვრების მოთხოვნილებებს; ფიზიკური სხეულებრიობიდან განთავისუფლებული, იგი მუშაობს თავის თავზე ყველა მიმართულებით და საკუთარი თავის ამ მშენებლობას იგი უმატებს თავის წინა ცხოვრებების გამოცდილებათა ნაყოფს. ამრიგად მისი თვალთახედვა მუდამ მიპყრობილია მიწიერ ამოცანათა ასპარეზზე, რათა გამუდმებით იმუშაოს დედამიწის, როგორც მისი ამჟამინდელი მოღვაწეობის ასპარეზის, სრულყოფისათვის. იგი მუშაობს თავის თავზე, რათა ყოველი განსხეულებისას შესძლოს უფრო და უფრო სრულჰყოს სამსახური მიწიერი ცხოვრებისა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ზოგადი სურათია ურთიერთმომდევნო ადამიანური ცხოვრებებისა. სინამდვილეც არასოდეს შეესაბამება მთლიანად ამ სურათს, არამედ მუდამ მეტ-ნაკლებ თანხმობაში იქნება მასთან. ზოგჯერ გარემოებები შესაძლოა იმგვარად წარიმართონ, რომ ადამიანის მომდევნო ცხოვრება იყოს გაცილებით არასრულყოფილი, ვიდრე წინა ცხოვრება. მაგრამ საერთო ჯამში ასეთი შეუსაბამობანი კვლავ გამოსწორდებიან ბუნებრივად ურთიერთმომდევნო განსხეულებებში.
სულის განვითარება „სულეთში“ იმის მეოხებით ხდება, რომ ადამიანი თანდათანობით შეესისხლხორცება ამ საუფლოს სხვადასხვა სფეროებს. მისი საკუთარი ცხოვრება თანდათანობით ზავდება ამ სფეროებში. იგი დროებით ღებულობს მათ თვისებებს. ამით ისინი განმსჭვალავენ მის არსებას თავისი არსებით, რათა პირველმა, მეორით გაძლიერებულმა, შესძლოს მოქმედება მიწიერში. „სულეთის“ პირველ სფეროში ადამიანი გარსშემორტყმულია მიწიერი საგნების სულიერი პირველხატებით. მიწიერი ცხოვრების მანძილზე იგი ხომ ეცნობა ამ პირველხატების მხოლოდ ანარეკლებს, რომელთაც იგი სწვდება აზრებით. ამ სფეროში ხდება ყოველივე იმის განცდა, რასაც მიწაზე მხოლოდ ვიაზრებთ. ადამიანი მოგზაურობს აზრებში, მაგრამ ეს აზრები რეალური არსებებია. ის, რაც მან აღიქვა მიწიერი ცხოვრების მანძილზე თავისი გრძნობებით, ამჟამად მოქმედებს მასზე თავისი აზრისმიერი ფორმით, მაგრამ აზრი ვლინდება უკვე არა როგორც საგანთა მიღმა მიმალული აჩრდილი, არამედ იგი გადაიქცევა ცხოველმყოფელ რეალობად, რომელიც წარმოშობს საგნებს. ადამიანი თითქოსდა იმყოფება აზრის სახელოსნოში, რომელშიაც ხდება წარმოქმნა და ფორმირება მიწიერი საგნებისა, რადგან „სულეთში“ ყოველივეს ცხოველმყოფელი მოქმედება და მოძრაობა მოიცავს. აქ თვალსაჩინოა, თუ როგორ იქმნება ის, რაც ჩვენ განვიცადეთ მიწიერ ყოფაში. როგორც ფიზიკურ სხეულში აღვიქვამთ სინამდვილედ გრძნობად საგნებს, ასევე ახლა, სულად ქცეულნი განვიცდით სულიერ ფორმადმქმნელ ძალთა სინამდვილეს. აქაურ აზრ–არსებათა შორის იმყოფება აგრეთვე აზრი ჩვენი საკუთარი ფიზიკური სხეულებრიობისა. ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს მოწყვეტილი ვართო მას. ჩვენს საკუთრებად განვიცდით მხოლოდ სულიერ არსს. და როდესაც თითქოსდა მოგონებით აღვიქვამთ დატოვებულ სხეულს, უკვე არა როგორც ფიზიკურს, არამედ როგორც აზრ-არსებას, მაშინ თვალსაჩინო ხდება ის, რომ იგი ეკუთვნის გარესამყაროს. ვსწავლობთ მის განხილვას, როგორც გარესამყაროს საკუთრებისას, როგორც ერთგვარ წევრს გარესამყაროსას. აქედან გამომდინარე, ჩვენს საკუთარ სხეულებრიობას აღარ გამოვყოფთ დანარჩენი გარესამყაროდან, როგორც ჩვენთვის უფრო მახლობელ რასმე. განვიცდით ერთიანობას მთელი გარესამყაროსას, ჩვენივე ხორციელი განსხეულების ჩათვლით. აქ ჩვენი განსხეულებები შეერწყმიან მთელს დანარჩენ სამყაროს როგორც ერთი მთლიანობა. ამრიგად, აქ სჭვრეტენ ფიზიკურ-სხეულებრივი სინამდვილის პირველხატებს, როგორც ერთიანობას, რომელსაც თავად ეკუთვნიან. ამის მეოხებით, დაკვირვების გზით თანდათან ნათელი ხდება ჩვენი ნათესაობა, ჩვენი ერთიანობა გარემომცველ სამყაროსთან. თანდათან სწავლობენ შემდეგს: ის, რაც აქ არის შენს გარშემო, ეს შენ იყავი თავად. — ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი აზრი ძველინდურ ვედანტას სიბრძნეში. „ბრძენი“ ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში ითვისებს იმას, რასაც სხვანი განიცდიან მხოლოდ სიკვდილის შემდგომ, კერძოდ იმ აზრის გაგებას, – რომ იგი თავად ენათესავება ყველა საგნებს. ამას კი გამოხატავს შემდეგი აზრი: „ეს შენ ხარ.“ მიწიერ ცხოვრებაში ეს არის იდეალი, რომელსაც შესაძლოა მიელტვოდეს აზროვნებითი ცხოვრება; „სულეთში“ კი ეს არის უშუალო ფაქტი, რომელიც ჩვენთვის უფრო და უფრო ცხადი ხდება სულიერი გამოცდილების მეოხებით. — თვით ადამიანი ამ სამყაროში უფრო და უფრო შეიგნებს იმას, რომ თავისი ჭეშმარიტი არსებით იგი ეკუთვნის სულთა სამყაროს. იგი აღიქვამს თავის თავს როგორც სულს სულთა შორის, როგორც პირველსულთა ნაწილს და თავად გრძნობს საკუთარ თავში სიტყვას პირველსულისას: „მე ვარ პირველსული.“ (ვედანტას სიბრძნე ამბობს: „მე ვარ . ბრაჰმანი“, ე. ი. მე ვეკუთვნი როგორც წევრი იმ პირველარსს, რომლისგანაც იშვიან ყველა არსნი.) აქ თვალსაჩინოა ის, რაც მიწიერ ცხოვრებაში აჩრდილისებრ აზრად აღიქმება და საითაც ისწრაფის ყოველგვარი სიბრძნე, „სულეთში“ ყოველივე ეს უშუალოდ განიცდება. ჩვენ მხოლოდ იმიტომაც ვფიქრობთ მის შესახებ მიწიერი ცხოვრების მანძილზე, რომ იგი არის ფაქტი სულიერ ყოფაში.
ამრიგად სულიერ ყოფაში ადამიანი თითქოსდა გარედან, უფრო მაღალი თვალსაზრისით ხედავს იმ მიმართებებს და ფაქტებს, რომლებშიაც იგი იმყოფება მიწიერი ცხოვრების მანძილზე. ამგვარად ცხოვრობს იგი „სულეთის“ ყველაზე უფრო დაბალ სფეროში იმ მიწიერ მიმართებათა წინაშე, რომელნიც უშუალოდ არიან დაკავშირებულნი ფიზიკურ სხეულებრივ სინამდვილესთან. — დედამიწაზე ადამიანი იბადება გარკვეულ ოჯახში, გარკვეულ ხალხში; იგი ცხოვრობს გარკვეულ ქვეყანაში. ყველა ამ მიმართებითაა განპირობებული მისი მიწიერი ყოფა. იგი ჰპოულობს ამა თუ იმ მეგობარს იმიტომ, რომ ამრიგად ეწყობიან გარემოებანი ფიზიკურ სამყაროში. იგი მისდევს ამა თუ იმ საქმიანობას. ყოველივე ეს განსაზღვრავს მის მიწიერ ცხოვრებისეულ ურთიერთობებს. ეს ყოველივე წარმოუდგება მას „სულეთის“ პირველ სფეროში ცხოვრებისას, როგორც ცოცხალი აზრ-არსება. იგი გარკვეული გაგებით ხელახლა განიცდის ყოველივე ამას. იგი განიცდის ყოველივე ამას ქმედითი სულიერი ასპექტით. ოჯახისადმი სიყვარული, რომელსაც იგი ავლენდა, მეგობრობა ცოცხლდებიან მასში შიგნიდან, ასე რომ, მისი თვისებები ძლიერდებიან ამ მიმართულებით. ძლიერდება ის, რაც მოქმედებს ადამიანის სულში, როგორც ძალა ოჯახურ-მეგობრული სიყვარულისა. იგი შემოდის შემდგომ მიწიერ ცხოვრებაში ამ თვალსაზრისით უფრო სრულყოფილ ადამიანად. — გარკვეული გაგებით მიწიერი ცხოვრების ეს ყოველდღიური მიმართებანი ნაყოფთა მსგავსად მწიფდებიან „სულეთის“ ყველაზე ქვედა სფეროში. არის ადამიანში რაღაც ისეთი, რომლის ინტერესებიც მთლიანადაა მიმართული ამ ყოველდღიურ მიმართებებზე, ამდენად იგი თავისი სულიერი ცხოვრების ყველაზე მეტ ხანს ორ განსხეულებას შორის შეიგრძნობს ამ სფეროსთან ნათესაობას. — ადამიანებს, რომლებთანაც ვცხოვრობთ ფიზიკურ სამყაროში, კვლავ ვპოვებთ სულიერ სამყაროში. როგორც სამშვინველს შორდება ყოველივე, რაც დამახასიათებელი იყო მისთვის. ფიზიკური სხეულის მეოხებით, ასევე ფიზიკურ ცხოვრებაში ორ სამშვინველს შორის არსებული კავშირი თავისუფლდება იმ პირობებისგან, რომელთაც ძალა და მნიშვნელობა აქვთ მხოლოდ ფიზიკურ სამყაროში. მაგრამ ყოველივე ის, რასაც წარმოადგენდა სამშვინველი ფიზიკურ ცხოვრებაში, გრძელდება სიკვდილის შემდეგაც, სულეთში. ბუნებრივია, რომ სიტყვები, რომელნიც შექმნილნი არიან ფიზიკური ურთიერთმიმართებებისათვის, მხოლოდ უზუსტოდ გადმოსცემენ იმას, რაც ხდება სულიერ სამყაროში. მაგრამ რამდენადაც ანგარიშს ვუწევთ ამას, უნდა ვაღიაროთ სისწორე შემდეგი გამონათქვამისა: ის სამშვინველნი, რომელნიც ფიზიკურ სამყაროში ეკუთვნოდნენ ერთმანეთს, კვლავ ჰპოულობენ ერთმანეთს სულიერ სამყაროში, რათა იქ შესაბამისად განაგრძონ ერთად ცხოვრება. — შემდეგი სფერო არის ის, სადაც მიწიერი სამყაროს საყოველთაო ცხოვრება მოედინება როგორც აზრ-არსება, როგორც მედინი ელემენტი „სულეთისა“. ვიდრე სამყაროს ვაკვირდებით ფიზიკურ განსხეულებაში, ცხოვრება გვევლინება ცალკეულ ცოცხალ არსებებთან დაკავშირებულად. სულეთში კი იგი განთავისუფლებულია ამისგან და მიედინება როგორც ცხოველმყოფელი სისხლი მთელს სამყაროში. იგი არის ის ცხოველმყოფელი ერთიანობა, რომელიც განფენილია ყოველივეში. მიწიერ ცხოვრებაში კი ადამიანს წარმოუდგება მხოლოდ ანარეკლი ამ ერთიანობისა. ეს გამოიხატება მოწიწების ყოველგვარ ფორმაში, რომელსაც ადამიანი ამჟღავნებს სამყაროს მთლიანობის, ერთიანობისა და ჰარმონიის წინაშე. ადამიანთა რელიგიური ცხოვრებაც ამ ანარეკლიდან მომდინარეობს. ადამიანისათვის ცხადი ხდება, რომ ყოფიერების აზრი არ არის წარმავალში, არ არის კერძოში, ერთეულში. იგი უყურებს ამ წარმავალს როგორც „სიმბოლოს”, როგორც ანარეკლს მარადიული, ჰარმონიული ერთიანობისას. სასოებით და ლოცვით მიაპყრობს იგი მზერას ამ ერთიანობას. მას სწირავს ძღვნად რელიგიური კულტის რიტუალებს. — „სულეთში“ ეს ყოველივე ანარეკლი როდია, არამედ ჭეშმარიტი სახე, ცხოველმყოფელი აზრ-არსება. აქ ადამიანი შესაძლოა ნამდვილად შეუერთდეს იმ ერთიანობას, რომელსაც იგი თაყვანს სცემდა დედამიწაზე. ამ სფეროში გარეგანად ვლინდებიან რელიგიური ცხოვრებისა და მასთან დაკავშირებული სხვა ამბების ნაყოფნი. ადამიანი სწავლობს ამჯერად სულიერი გამოცდილებით იმის შეცნობას, რომ მისი ცალკეული ბედი არ უნდა იყოს მოწყეტილი იმ ერთიანობისაგან, რომელსაც იგი ეკუთვნის. აქ იქმნება უნარი ამ ერთიანობის წევრად საკუთარი თავის შეცნობისა. რელიგიური შეგრძნებანი და ყოველივე ის, რაც ესწრაფოდა წმინდა, კეთილშობილ მორალს, ორ განსხეულებას შორის არსებულ სულიერ მდგომარეობაში სწორედ ამ სფეროდან იკრებს ძალებს. და ადამიანი კვლავ განსხეულდება ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო განვითარებული უნარებით.
პირველ სფეროში ადამიანის სამშვინველი იმყოფება იმ სამშვინველებთან ერთად, რომლებთანაც გადაჯაჭვული იყო განვლილ მიწიერ ცხოვრებაში ფიზიკური სამყაროსთვის უახლოესი კავშირებით. მეორე სფეროში კი ადამიანი შედის კონტაქტში იმათთან, ვისთანაც გრძნობდა ერთიანობას უფრო ფართო გაგებით: საერთო თაყვანისცემის მეოხებით, საერთო რელიგიური აღმსარებლობით და ა. შ. უნდა შევნიშნოთ, რომ წინა სფეროთა სულიერი განცდები ძალაში რჩებიან მომდევნო სფეროებშიც. ასე რომ, ადამიანი როდი სწყდება ოჯახით, მეგობრებით და ა. შ. შექმნილ კავშირებს, როდესაც იგი შედის მეორე სფეროს ცხოვრებაში და შემდგომ სფეროებში. – „სულეთის“ სფეროები როდი მდებარეობენ ურთიერთისაგან „დაშორებულად“; ისინი ერთმანეთს განმსჭვალავენ და ადამიანი განიცდის თავის თავს ახალ სფეროში არა იმიტომ, რომ მან როგორღაც გარეგნულად „შეადგა ფეხი“ მასში, არამედ იმიტომ, რომ მოიპოვა იმისი აღქმის უნარი, რაც უწინ მისთვის შეუცნობადი რჩებოდა აქ.
„სულეთის“ მესამე სფერო შეიცავს მშვინვიერი სამყაროს პირველხატებს. ყოველივე ის, რაც მკვიდრობს ამ სამყაროში, გვევლინება როგორც ცოცხალი აზრ-არსება. ადამიანი აქ ჰპოულობს პირველხატებს სურვილებისას, ვნებებისას, გრძნობებისას და ა. შ. მაგრამ აქ, სულთა სამყაროში, მშვინვიერს მოცილებული აქვს ყოველგვარი თავკერძოობა. ისევე, როგორც მეორე სფეროში ცხოვრებისეული მთლიანობა, ასევე ამ მესამე სფეროშიც ყოველგვარი სურვილები, ვნებები, სიხარული და მწუხარება შეადგენენ ერთ მთლიანობას. სხვათა ვნება და სურვილი არ განსხვავდება აქ ჩემი ვნებისა და სურვილისაგან. ყველა არსებათა შეგრძნებები და გრძნობები ჰქმნიან ერთ საერთო სამყაროს, რომელიც მოიცავს ყოველივე დანარჩენს, ისევე როგორც ჩვენი ფიზიკური ჰაერის სფერო მოიცავს დედამიწას. ეს სფერო არის თითქოსდა ატმოსფერო „სულეთისა“. – აქ თავის ნაყოფს მოიღებს ყოველივე ის, რაც ადამიანმა გააკეთა მიწიერი ცხოვრების მანძილზე ზოგადის სამსახურში, სხვა ადამიანთათვის უანგარო თავდადებით. ვინაიდან ამ მსახურების მეოხებით, ამ თავდადებით, იგი უკვე მკვიდრობდა „სულეთის“ ამ მესამე სფეროს ანარეკლში. კაცობრიობის უდიდესმა ქველმოქმედებმა, უდიდესი მსხვერპლის გამღებმა ადამიანებმა, რომელთაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვით საზოგადოებრივ ასპარეზზე, მოიპოვეს თავიანთი თვისებები ამ სფეროში მას შემდეგ, რაც წინა განსხეულებაში მიიღეს შესაძლებლობა მასთან განსაკუთრებული დანათესავებისა.
ცხადია, რომ „სულეთის“ ზემოთაღწერილი სამი სფერო გარკვეულ მიმართებაში იმყოფება მათზე დაბლა მდგომ სამყაროებთან: ფიზიკურთან და მშვინვიერთან. ვინაიდან ისინი შეიცავენ საკუთარ თავში პირველხატებს და ცოცხალ აზრ-რსებებს, რომელნიც ამ სამყაროებში ღებულობენ სხეულებრივ ან მშვინვიერ ყოფას. მხოლოდ მეოთხე სფერო გვევლინება „ნამდვილ სულეთად“. მაგრამ ეს სფერო არ არის ასეთი ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. იგი განირჩევა სამი ქვედა სფეროსაგან იმით, რომ მასში გვხვდება პირველხატები იმ ფიზიკური და მშვინვიერი მიმართებებისა, რომელთაც ადამიანი ჰპოვებს ფიზიკურ და მშვინვიერ სამყაროებში მანამდის, ვიდრე თავად დაიწყებდეს მუშაობას ამ სამყაროებში. ყოველდღიური ცხოვრების გარემოებები დაკავშირებულნი არიან საგნებთან და არსებებთან, რომელთაც ადამიანი ჰპოულობს სამყაროში; ამ სოფლის წარმავალი საგნები მიმართავენ მის მზერას თავიანთი მარადიული პირველსაფუძვლებისკენ; აგრეთვე მისი შესაქმისმიერი თანამოძმენი, რომელთაც იგი სწირავს უანგარო გრძნობებს, მისი საშუალებით როდი წარმოიშვნენ. მისი საშუალებით აღმოცენდნენ სამყაროში ხელოვნების, მეცნიერების, ტექნიკის და სახელმწიფოებრიობის ქმნილებანი და ა. შ., მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველივე ის, რასაც იგი ახორციელებს სამყაროში, როგორც თავისი სულის ორიგინალურ შემოქმედებას. მისი თანამონაწილეობის გარეშე სამყაროში არ იქნებოდა ფიზიკური ანაბეჭდი ყოველივე ამისა. „სულეთის“ მეოთხე სფეროში იმყოფებიან პირველხატები ამ წმინდა ადამიანური ქმნილებებისა. – ის, რასაც ადამიანი ჰქმნის მიწიერი ცხოვრების მანძილზე მეცნიერული აღმოჩენების, მხატვრული იდეების და სახეების, ტექნიკური ჩანაფიქრების სახით, – ეს ყოველივე იღებს ნაყოფს ამ მეოთხე სფეროში. ასე რომ, ამ სფეროდან იღებენ მხატვრები, მეცნიერნი და დიდი გამომგონებლები თავიანთ იმპულსებს სულეთში ყოფნისას, აქ მაღლდება მათი გენია, რათა ახალ განსხეულებებში უფრო მძლავრი ზემოქმედება მოახდინონ ადამიანური კულტურის შემდგომ განვითარებაზე. – არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ სულეთის ამ მეოთხე სფეროს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ განსაკუთრებით გამოჩენილი ადამიანებისათვის. მას მნიშვნელობა აქვს ყველა ადამიანისათვის. ყოველივე იმას, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში აღამაღლებს ადამიანს ყოველდღიური ცხოვრების სურვილებსა და ლტოლვებზე, ამ სფეროში აქვს თავისი პირველწყარო. ადამიანს რომ არ გაეარა იგი სიკვდილსა და დაბადებას შორის არსებულ პერიოდში, შემდეგ ცხოვრებაში მას აღარ ექნებოდა ინტერესები ზოგადკაცობრიულისადმი, რომელიც სცილდება ვიწრო პიროვნული ცხოვრების ფარგლებს. — ზემოთ უკვე ითქვა, რომ ამ სფეროსაც არ შეიძლება ეწოდოს სრული გაგებით „წმინდა სულეთი“. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანთა სულიერ ყოფაში დიდ როლს ასრულებს აგრეთვე კულტურული განვითარების მდგომარეობაც, როგორშიაც მათ დასტოვეს დედამიწა. სულეთში მათ შეუძლიათ იგემონ მხოლოდ იმის ნაყოფნი, რისი გაკეთებაც მათ შესძლეს თავიანთი მონაცემების მიხედვით იმ ხალხის, იმ სახელმწიფოს განვითარების შესაბამისად და ა. შ., რომელშიაც ისინი დაიბადნენ.
სულეთის კიდევ უფრო მაღალ სფეროებში ადამიანის სული თავისუფლდება ყველა მიწიერი ბორკილისაგან. იგი აღზევდება „წმინდა სულეთში“, სადაც განიცდის იმ ჩანაფიქრებს და მიზნებს, რომელთაც ისახავდა სული მიწიერ ცხოვრებაში. ყოველივე, სამყაროში უკვე განხორციელებული, ცხოვრებაში ამკვიდრებს უმაღლესი მიზნებისა და ჩანაფიქრების მეტ-ნაკლებად სუსტ ანარეკლს. ყოველი კრისტალი, ყოველი ხე, ყოველი ცხოველი და ყველაფერი, რაც ხორციელდება ადამიანური შემოქმედების სფეროში — ეს ყოველივე იძლევა მხოლოდ ანაბეჭდს იმისას, რასაც წინასწარ სჭვრეტს სული. ადამიანსაც თავის გარდასხეულებათა მანძილზე ძალუძს შეეხოს ამ არასრულყოფილ ანარეკლებს სრულყოფილი ჩანაფიქრებისას და მიზნებისას. ამრიგად, თავისი ერთადერთი განსხეულების ფარგლებში თავად ადამიანს ძალუძს გახდეს მხოლოდ ამგვარი ანარეკლი იმისა, რაც წინასწარ განსაზღვრულია მისთვის „სულეთში“. ამის გამო ის, რასაც ის წარმოადგენს „სულეთში“ როგორც სული, ვლინდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ორ განსხეულებას შორის იგი აღზევდება სულეთის მეხუთე სფერომდის. ის, რასაც იგი წარმოადგენს აქ, არის მისი ჭეშმარიტი რაობა. ეს არის ის, რაც სხვადასხვაგვარ განსხეულებებში ღებულობს გარეგან ყოფას. ამ სფეროში ადამიანის ჭეშმარიტ „მე“-ს ძალუძს ყოველმხრივ თავისუფლად იცხოვროს და გამოვლინდეს. ასე რომ, ეს „მე“ არის ერთიანობა, რომელიც კვლავ და კვლავ ვლინდება თითოეულ განსხეულებაში, ამ „მე“-ს მოაქვს თან ის უნარი, რომელნიც იქმნებიან „სულთა სამყაროს ქვედა სფეროებში. აქედან გამომდინარე მას გადმოაქვს წინა ცხოვრებების ნაყოფნი შემდგომ ცხოვრებაში. — ეს არის მატარებელი წარსულ ცხოვრებათა შედეგებისა.
ასე რომ, როდესაც „მე“ ცხოვრობს „სულეთის“ მეხუთე სფეროში, იგი იმყოფება ჩანაფიქრთა და მიზანთა საუფლოში. როგორც არქიტექტორი სწავლობს თავის ნამუშევარში აღმოჩენილ არასრულყოფილებებზე და იღებს თავისი ახალი გეგმებისათვის მხოლოდ იმას, რაც ამ არასრულყოფილებიდან მან სრულყოფილებად გადააქცია, ასევე „მე“ უკუაგდებს მეხუთე სფეროში თავისი წინა ცხოვრების რეზულტატებიდან ყოველივე იმას, რაც დაკავშირებულია ქვედა სამყაროთა არასრულყოფილებებთან და ანაყოფიერებს ჩანაფიქრებს „სულეთისას“, რომელშიაც იგი მკვიდრობს ამიერიდან თავისი წინა ცხოვრების შედეგებითურთ. — ცხადია, რომ ძალა, რომლის მოპოვებაც შესაძლოა ამ სფეროდან, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეიძინა „მე“-მ განსხეულებების მანძილზე ისეთი რეზულტატები, რომელთა მიღებაც შეიძლება ჩანაფიქრთა სამყაროში. „მე“, რომელიც მიწიერი ყოფის მანძილზე მიელტვოდა სულის ჩანაფიქრების განხორციელებას, გამოცოცხლებული აზროვნებისმიერი ცხოვრებით ან ბრძნული, ქმედითი სიყვარულით აღწევს დიდ უფლებებს ამ სფეროში. მას კი, ვინც მთლიანად ჩაფლული იყო ყოველდღიურ ურთიერთობებში, ვინც მხოლოდ წარმავალში ცხოვრობდა, მას არ დაუთესია თესლი, რომელსაც ძალუძს შეასრულოს რაიმე როლი სამყაროს მარადიული განწესების ჩანაფიქრებში. „სულეთის“ ამ მაღალ სფეროში შესაძლოა გაიშალოს ნაყოფის სახით მხოლოდ ის მცირე რამ, რაც სცილდებოდა ყოველდღიური ინტერესების ფარგლებს მის ნამოქმედარში. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს აქ, უწინარეს ყოვლისა, ისეთი რამ მიიღება მხედველობაში, რასაც „ამქვეყნიური დიდება“ ან მსგავსი რამ მოაქვს. არა, აქ სწორედ იმის გათვალისწინება ხდება, რასაც ცხოვრების თვით ხანმოკლე პერიოდშიც კი მივყავართ ცნობიერებამდე, რომ ყოველივეს, ცალკე არსებულს, აქვს თავისი მნიშვნელობა ყოფიერების მარადიული ქმნადობისათვის. უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ ამ სფეროში ადამიანი სხვაგვარად მსჯელობს საკუთარ თავზე, ვიდრე ეს ფიზიკურ ცხოვრებაშია შესაძლებელი მისთვის. თუ მან, მაგალითად, შეიძინა სრულიად მცირე ნათესაობა ამ მეხუთე სფეროსთან, მაშინ მასში აღმოცენდება მიდრეკილება, შთაბეჭდოს საკუთარ თავში იმპულსი შემ– დგომი ფიზიკური ცხოვრებისათვის. ასე რომ, მის ბედში (კარმაში) აღმოცენდება შესაბამისი შედეგი ამ ნაკლის გამოსასწორებლად. ის, რაც შემდგომ მიწიერ ცხოვრებაში ამავე ცხოვრების თვალსაზრისით გვეჩვენება როგორც სავალალო ბედი — რომელსაც შესაძლოა. ძლიერ ვუჩივით კიდევაც – სულეთის ამ სფეროში მოსჩანს როგორც აუცილებელი რამ ადამიანისათვის. რამდენადაც მეხუთე სფეროში ადამიანი ცხოვრობს თავისი საკუთარი „მე“-ს წიაღ, იგი ამაღლებულია აგრეთვე ყოველივე იმაზე, რაც განსხეულებათა მანძილზე მოსავდა მას ქვედა სამყაროებიდან. იგი არის ის, რაც იყო მუდამ და იქნება მუდამ თავის განსხეულებების მანძილზე. მასზე გამგებლობენ ის ჩანაფიქრნი, რომელნიც ჩადებულნი არიან ამ განსხეულებებში და რომელთაც იგი ნერგავს თავისი საკუთარი „მე“-ს წიაღ. იგი უყურებს თავის საკუთარ წარსულს და გრძნობს, რომ ყოველივე ის, რაც მან განიცადა, ჩაქსოვილი იქნება იმ ჩანაფიქრებში, რომელნიც მან უნდა განახორციელოს მომავალში. მის მეხსიერებაში იელვებს წარსულ ცხოვრებათა მოგონება და წინასწარმეტყველური განჭვრეტა მომავალი ცხოვრებებისა. — ამრიგად, ის, რასაც ზემოთ ამ ნაშრომში ეწოდა თავადი სული, ამ სფეროში მკვიდრობს თავისი განვითარების შესაბამის სინამდვილეში. იგი იქმნება და მზადდება იმისთვის, რომ ახალ განსხეულებაში მისთვის აღმოცენდეს შესაძლებლობა სულიერი ჩანაფიქრების განხორციელებისა მიწიერ სინამდვილეში.
თუ ეს „თავადი სული“ „სულეთში“ ხშირი ყოფნის შემდეგ იმდენად განვითარდება, რომ შესძლებს თავისუფალ მოძრაობას ამ სამყაროში, მაშინ იგი უფრო და უფრო იპოვის აქ თავის ჭეშმარიტ სამშობლოს. სულიერში ცხოვრება ისეთივე მახლობელი გახდება მისთვის, როგორც მიწიერი ადამიანისათვის ფიზიკურ სინამდვილეში ცხოვრება. ამიერიდან „სულეთის“ თვალსაზრისები ერთადერთნი იქნებიან, რომელთა მიღებასაც იგი შესძლებს მომდევნო მიწიერი ცხოვრებების მანძილზე. „მე“ შეიგრძნობს საკუთარ თავს ღვთაებრივი განწესების წევრად. მიწიერი ცხოვრების ფარგლები და კანონები აღარ ეხებიან მის უშინაგანეს არსს. სულიერი სამყაროდან მოდიან მასთან ძალები ყოველივე იმისათვის, რასაც იგი ჰქმნის. მაგრამ სულიერი სამყარო არის ერთიანობა. მან, ვინც ცხოვრობს მასში, იცის, თუ როგორ ჰქმნიდა მარადისობა წარსულს. და მარადიულიდან გამომდინარე მას შეუძლია განსაზღვროს მომავლის მიმართულებაც. წარსულზე მიპყრობილი მზერა ფართოვდება იქამდე, ვიდრე სრულყოფილი არ გახდება. ადამიანი, რომელიც მიაღწევს ამ საფეხურს, თავად ისახავს მიზნებს, რომელთაც მან უნდა მიაღწიოს შემდეგ განსხეულებაში. სულეთიდან იგი გავლენას ახდენს თავის მომავალზე, რათა იგი აღსრულდეს სულიერად და ჭეშმარიტად. ადამიანი ორ განსხეულებას შორის ყოფნისას მკვიდრობს ყველა იმ მაღალ არსებათა შორის, რომელთა თვალშიც ღვთაებრივ სიბრძნეს არ გააჩნია საფარველი. ვინაიდან მან მიაღწია იმ საფეხურს, რომელზედაც იგი შესძლებს მათ გაგებას. „სულეთის“ მეექვსე სფეროში ადამიანი თავის ყველა ქმედებებში განახორციელებს იმას, რაც განსაკუთრებით ახასიათებს სამყაროს ჭეშმარიტ არსს. ვინაიდან მას აღარ ძალუძს იმის ძიება, რაც სასარგებლოა მისთვის, არამედ მხოლოდ იმისა, რაც უნდა მოხდეს მსოფლიო განწესების სწორ მიმდინარეობასთან შეთანხმებით. სულეთის მეშვიდე სფეროს მივყავართ „სამი სამყაროს“ საზღვართან. ადამიანი აქ წარსდგება „ცხოველმყოფელ მარცვალთა“ წინაშე, რომელნიც ზენა სამყაროებიდან შემოტანილნი არიან ამ სამ ზემოთაღწერილ სამყაროში, რათა შეასრულონ მანდ თავიანღი ამოცანები. სამი სამყაროს საზღვარზე ყოფნისას ადამიანი შეიცნობს თავის თავს საკუთარი ცხოვრების მარცვალში. ეს კი მოიტანს იმას, რომ ამ სამი სამყაროს ამოცანა ამოხსნილი იქნება. ასე რომ, იგი სჭვრეტს მთელს ცხოვრებას ამ სამყაროებისას. ფიზიკურ ცხოვრებაში სამშვინველის უნარები, რომელთა საშუალებითაც ღებულობს იგი სულიერი სამყაროს ზემოთაღწერილ განცდებს, არ არიან გაცნობიერებულნი ყოველდღიური ცხოვრების მიმართებათა გამო. ქვეცნობიერ სიღრმეებში ეს უნარნი მუშაობენ სხეულებრივ ორგანოებზე, რომელნიც ჰქმნიან ფიზიკური სამყაროს ცნობიერებას. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ისინი შეუცნობელნი რჩებიან ამ სამყაროსათვის. თვალიც ვერ ხედავს საკუთარ თავს, ვინაიდან მასში მოქმედებენ ძალები, რომელნიც წარმოაჩენენ სხვა საგანს. იმ საკითხის განხილვისას, თუ რამდენად შეიძლება იყოს ცხოვრება დაბადებასა და სიკვდილს შორის განვლილ მიწიერ ცხოვრებათა შედეგი, უნდა მივიღოთ მხედველობაში, რომ თავად ამ ცხოვრების ფარგლებში შემუშავებული თვალსაზრისი, როგორც მას, ბუნებარივია იღებენ, არ იძლევა არავითარ შესაძლებლობას მსჯელობისთვის. ამგვარი თვალსაზრისისთვის ერთი მიწიერი ცხოვრება, მაგალითად, შესაძლოა იყოს აღსავსე მწუხარებით, არასრულყოფილებით და ა.შ. ამავე დროს მეორე თვალსაზრისისათვის, რომელიც თავად ამ ცხოვრების მიღმა შემუშავდება, იგი შესაძლოა განვლილი ცხოვრების შედეგს წარმოადგენდეს. შემეცნების გზაზე დადგომის შედეგად, რომელიც აღწერილია ერთ–ერთ შემდგომ თავში, სამშვინველი თავისუფლდება სხეულებრივი ცხოვრების პირობებისაგან. ამის შედეგად მას ძალუძს ხატოვნად აღიქვას ის განცდები, რომელთაც იგი გაივლის სიკვდილსა და ხელახალ დაბადებას შორის. ამგვარი აღქმა შესაძლებლობას იძლევა აღვწეროთ „სულეთის“ მოვლენები იმგვარად, როგორც ეს არის აქ მოცემული ჩანახატების სახით. თუ არ დავივიწყებთ, რომ ფიზიკურ სხეულში სამშვინველის მთელი განწყობილება სხვაგვარია, ვიდრე წმინდა სულიერ განცდაში, მაშინ ზემოთაღწერილი წარმოგვიდგება თავისი ჭეშმარიტი სახით.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...