თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ
III. სულეთი
ვიდრე გავყვებოდეთ სულს მის შემდგომ მოგზაურობაში, ჯერ უნდა განვიხილოთ ის სფერო, რომელშიაც იგი შედის. ეს არის „სულის სამყარო“. ეს სამყარო იმდენად განსხვავდება ფიზიკურისაგან, რომ ყოველივე, მის შესახებ თქმული, ფანტაზიად მოეჩვენება იმას, ვინც ენდობა მხოლოდ თავის ფიზიკური შეგრძნებებს. აქ კიდევ უფრო მეტად ძალაშია ის, რაც ითქვა „სამშვინველის სამყაროს“ განხილვისას: მის აღსაწერად საჭიროა შედარებათა მოშველიება. ვინაიდან ჩვენი ენა, რომელიც უპირველესად გრძნობად სინამდვილეს ემსახურება, არც თუ ისე მდიდარია გამოთქმებით, რომ შესაფერისი იქნებოდნენ სულეთის აღსაწერად. მეტადრე ახლა მოგვიწევს თხოვნა, რომ ზოგი რამ, რაც აქ ითქმება, მინიშნებად იქნეს გაგებული. ყოველივე ის, რაც აქ იქნება აღწერილი, იმდენად განსხვავდება ფიზიკური სამყაროსაგან, რომ მისი აღწერა შესაძლებელია მხოლოდ ამგვარი გზით. ამ წიგნის ავტორს მხედველობიდან არასდროს გამორჩენია ის, რომ მხოლოდ ფიზიკურ სამყაროზე მისადაგებული ჩვენი ენის არასრულყოფილების გამო მისი მითითებები სინამდვილეში ოდნავ თუ შეესაბამებიან სულიერ სამყაროში მიღებულ გამოცდილებას.
უწინარეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ეს სამყარო შექმნილია ისეთი ნივთიერებებისაგან (რასაკვირველია, სიტყვა „ნივთიერება“ იხმარება აქ ძალზე მიახლოებითი გაგებით), რომლისგანაც შედგება ადამიანის აზრი. მაგრამ აზრი იმგვარად, როგორც იგი ცხოვრობს ადამიანში, არის მხოლოდ აჩრდილი, ანარეკლი თავისი ჭეშმარიტი არსისა. ისევე, როგორც კედელზე საგნის ჩრდილი შეესაბამება თავად საგანს, ასევე აზრიც, რომელიც აღმოცენდება ადამიანის თავში, შეესაბამება იმ არსს „სულეთში“, რომლისგანაც მომდინარეობს ეს აზრი. როდესაც ადამიანში გაიღვიძებს სულიერი შეგრძნება, მაშინ იგი აღიქვამს სინამდვილეს ამ აზრ-არსისას, ისევე როგორც გრძნობადი თვალი აღიქვამს მაგიდას ან სკამს. იგი იმყოფება აზრ-არსთა გარემოცვაში. გრძნობადი თვალი აღიქვამს ლომს, ხოლო გრძნობადი აზროვნება იაზრებს მხოლოდ აზრს ლომის შესახებ, როგორც აჩრდილს, როგორც ანარეკლს. სულიერი თვალი კი ხედავს „სულთა სამყაროში“ აზრს ლომის შესახებ ისევე რეალურად, როგორც გრძნობადი თვალი ხედავს ფიზიკურ ლომს. აქ ისევ უნდა გავიხსენოთ ის შედარება, რომელიც უკვე ვიხმარეთ „სამშვინველის სამყაროსთან“ დაკავშირებით. ისევე, როგორც ოპერირებული ბრმადშობილისათვის მისი გარემოცვა უეცრად წარმოაჩენს ახალ თვისებებს ფერისა და სინათლისას, ასევე მისთვის, ვინც ისწავლა ხედვა სულიერი თვალით, მთელს გარემოცვაში ცხადდება ახალი სამყარო — ცოცხალ აზრთა, ანუ სულიერ არსთა სამყარო. — ამ სამყაროში უწინარეს ყოვლისა საცნაურია სულიერი პირველხატები ყველა საგანთა და არსებათა, რომელნიც იმყოფებიან ფიზიკურ ან მშვინვიერ სამყაროებში. წარმოვიდგინოთ სურათი, რომელიც იმყოფება ჯერ მხატვრის სულში, ვიდრე იგი დახატავდეს მას. მაშინ გვექნება იმის მსგავსება, რაც იგულისხმება სიტყვა პირველხატში. ამ შემთხვევაში სულერთია, მხატვარს ხატვის დაწყებამდე ჰქონდა ეს პირველხატი თავში, თუ იგი თანდათან აღმოცენდა პრაქტიკული მუშაობის მანძილზე. ჭეშმარიტ „სულის სამყაროში“ ამგვარი პირველხატები არსებობენ ყველა საგნისათვის და ფიზიკური საგნები და არსებანი წარმოადგენენ მხოლოდ ანარეკლებს ამ პირველხატებისას. ცხადია, რომ ის, ვინც ენდობა მხოლოდ თავის გარეგან გრძნობებს, უარყოფს პირველხატების ამ სამყაროს და ამტკიცებს, რომ პირველხატები მხოლოდ აბსტრაქციებია, რომელთაც გონება შედარებისას ღებულობს გრძნობადი საგნებისაგან; ასეთ ადამიანს არ ძალუძს ამის აღქმა ზენა სამყაროში; იგი იცნობს აზრის სამყაროს მხოლოდ მკრთალი აბსტრაქციის სახით. მან არ იცის, რომ სულიერად მხედველი ისევე ზუსტად და ისევე ახლოს იცნობს სულიერ არსებებს, როგორც იგი თავის საკუთარ ძაღლს ან კატას; და რომ პირველხატთა სამყაროს გააჩნია უსასრულოდ უფრო დიდი ინტენსიურობა რეალობისა, ვიდრე ფიზიკურ-გრძნობადს.
მართალია, პირველად თვალის შევლება „სულეთისთვის“ კიდევ უფრო დამაბნეველია, ვიდრე მშვინვიერი სამყაროს ხილვა. ვინაიდან პირველხატები თავიანთი ჭეშმარიტი სახით სრულიადაც არ ჰგვანან თავიანთ გრძნობად ანარეკლებს, მაგრამ ასევე არ ჰგვანან ისინი თავიანთ აჩრდილებს, აბსტრაქტულ აზრებს. – სულიერ სამყაროში ყოველივე გამუდმებით მოქმედებს. აქ მიმდინარეობს განუწყვეტელი შემოქმედება. აქ არ არის სიმშვიდე, ერთ ადგილზე შეჩერება, როგორც ეს ხდება ხოლმე ფიზიკურ სამყაროში. ვინაიდან პირველხატნი არიან შემოქმედი არსებები. ისინი არიან შემქმნელნი ყოველივე იმისა, რაც აღმოცენდება ფიზიკურ და მშვინვიერ სამყაროებში. მათი ფორმები სწრაფად იცვლება და თითოეულ პირველხატში შეფარვულია შესაძლებლობა ურიცხვი კერძო სახეების მიღებისა. ისინი თითქოსდა შობენ ცალკეულ სახეებს; წარმოიშვის თუ არა ერთი, პირველხატი კვლავ მიელტვის იმას, რომ აღმოაცენოს შემდეგი სახე. ასე რომ, პირველხატებს მეტ-ნაკლებად მონათესავე ურთიერთდამოკიდებულება აქვთ. ისინი განკერძოებულად არ მოქმედებენ. ერთი თხოულობს თავის შემოქმედებაში მეორის დახმარებას. ხშირად ურიცხვი პირველხატნი მოქმედებენ ერთად, რათა აღმოცენდეს ესა თუ ის არსება მშვინვიერ ან ფიზიკურ სამყაროში.
გარდა იმისა, რისი აღქმაც შესაძლოა „სულეთში“ სულიერი ხედვით, არის მანდ აგრეთვე სხვა რამ, რაც შესაძლოა განხილულ იქნეს „სულიერი სმენის“ განცდად. კერძოდ, როგორც კი „ნათელმხილველი“ ადის მშვინვიერი სამყაროდან სულეთში, მის მიერ აღქმული პირველხატნი იძენენ აგრეთვე ხმოვანებას. ეს „ხმოვანება“ წმინდად სულიერი მოვლენაა. იგი უნდა წარმოვიდგინოთ ისე, რომ ოდნავადაც არ გავივლოთ აზრი ფიზიკური ხმის შესახებ. დამკვირვებელი შეიგრძნობს თავის თავს თითქოსდა ხმოვანებათა ზღვაში. ამ ხმებში, ამ სულიერ ხმოვანებაში ჰპოულობენ გამოხატულებას სულიერი სამყაროს არსებები. მათ ჰარმონიებში და მელოდიებში შთაბეჭდილია მათი ყოფის პირველადი კანონები, მათი ურთიერთმიმართებანი და ნათესაობა. „სულიერი ყურისთვის“ სულიერ-მუსიკალურია ის, რასაც ფიზიკურ სამყაროში გონება აღიქვამს როგორც კანონს, როგორც იდეას. (და ამიტომაც უწოდებდნენ პითაგორელები სულიერი სამყაროს ამგვარ აღქმას „სფეროთა მუსიკას“. „სულიერი ყურის“ მქონე ადამიანისათვის ეს „სფეროთა მუსიკა“ არ არის მხოლოდ რაღაც ხატოვან-ალეგორიული გაგება, არამედ კარგად ნაცნობი სულიერი სინამდვილე.) ოღონდ იმისთვის, რომ შევიმუშაოთ გაგება ამ „სულიერი მუსიკისა“, უნდა უკუვაგდოთ ყოველგვარი წარმოდგენა მატერიალური ყურით აღქმული გრძნობადი მუსიკის შესახებ. აქ საუბარია „სულიერ აღქმაზე“, ე. ი. ისეთ აღქმაზე, რომელიც „გრძნობადი ყურისთვის“ სდუმს. სულეთის შემდგომ აღწერებში გამოტოვებულია მითითებები ამ სულიერ მუსიკაზე, რათა უფრო გაიოლდეს აღწერა. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ყოველივე, ჩვენს მიერ „ხატად“, „სხივოსან“ საგნად დახასიათებული, ამავე დროს ხმოვანიცაა. ყოველ ფერს, ყოველ სინათლისმიერ აღქმას შეესაბამება სულიერი ხმა, ხოლო ფერთა ყოველგვარ ურთიერთობას შეესაბამება ჰარმონია, მელოდია და ა. შ. აუცილებელია აგრეთვე მხედველობაში მიღება იმისა, რომ იქ, სადაც სუფევს ხმოვანება, არ სწყდება აგრეთვე აღქმა „სულიერი თვალისა“. ხმა უბრალოდ ერწყმის ნათებას. შემდგომში, როდესაც საუბარი იქნება „პირველხატებზე“, უნდა ვიგულისხმოთ აგრეთვე „პირველბგერებიც“. ამას ერწყმიან სხვა აღქმებიც, რომელნიც მიმსგავსებისათვის უნდა აღვნიშნოთ როგორც „სულიერი გემო“ და ა. შ. მაგრამ ჩვენ აღარ შევუდგებით ამ მოვლენების განხილვას, რადგანაც აქ უმთავრესია გავაღვიძოთ წარმოდგენა სულეთზე ჩვენში არსებული ზოგიერთი აღქმის მეშვეობით, რომელნიც გამომდინარეობენ ამ მთლიანობისაგან.
ახლა უწინარეს ყოვლისა უნდა დავადგინოთ განსხვავება პირველხატთა ნაირგვარ სახეობებს შორის. „სულეთში“ ორიენტაციისთვის აუცილებელია აგრეთვე გარკვეული რაოდენობის საფეხურებისა და სფეროების გარჩევა. ისევე როგორც სამშვინველთა სამყაროში, აქ არ უნდა წარმოვიდგინოთ ცალკეული სფეროები ერთიმეორეზე დაწყობილ შრეებად, არამედ ურთიერთგანმსჭვალავად და ურთიერთგამტარად. პირველი სფერო შეიცავს ფიზიკური სამყაროს პირგველხატებს, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოკლებულია სიცოცხლეს. აქ ჩვენ ვპოულობთ მინერალთა პირველხატებს; შემდეგ ვპოულობთ მცენარეთა პირველხატებსაც, ოღონდ გამომდინარე მათი წმინდად ფიზიკური სახის არსებობიდან, ანუ იმგვარად, რომ სიცოცხლეს მათში არ გავუწევთ ანგარიშს. აქვე ვხვდებით ფიზიკურ ფორმებს ცხოველებისას და ადამიანებისას. ამით არ ამოიწურება ყოველივე ის, რაც არსებობს ამ სფეროში. ჩვენ უბრალოდ ვიშველიებთ უთვალსაჩინოეს მაგალითებს. – ეს სფერო ჰქმნის ძირეულ ჩონჩხს „სულეთისას“. იგი შეიძლება შევადაროთ ჩვენი ფიზიკური მიწის მყარ ნიადაგს. ეს არის „სულეთის“ მატერიკის მასსა. მისი მიმართება ფიზიკურ-სხეულებრივ სამყაროსთან შეიძლება აღიწეროს მხოლოდ შედარების გზით. ამის შესახებ შემდეგნაირად შევიქმნით წარმოდგენას: წარმოვიდგინოთ რაიმე შემოფარგლული სივრცე, სხვადასხვაგვარი სახის ფიზიკური სხეულებით აღვსილი. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ფიზიკური სხეულები გაჰქრნენ და მათ ადგილას დარჩა ცარიელი ადგილები, რომელთაც აქვთ მათი ფორმები. მათ შორის მანამდე ცარიელი მანძილები კი წარმოვიდგინოთ შევსებულად ნაირგვარი ფორმებით, რომელნიც სხვადასხვაგვარ ურთიერთმიმართებაში იმყოფებიან უწინდელ სხეულებთან. – დაახლოებით ამგვარად გამოიყურება პირველხატთა სამყაროს ქვედა სფერო. — საგნები და არსებები, რომელნიც განსხეულებულნი არიან ფიზიკურ სამყაროში, მოსჩანან მასში როგორც ცარიელი ადგილები. შუალედურ სივრცეებში კი გაცხოველებით მოქმედებენ პირველხატნი (და „სულიერი მუსიკა“). ფიზიკური განსხეულებისას ეს ცარიელი ფორმები თითქოსდა ივსებაო ფიზიკური მატერიით. ის, ვინც ერთდროულად სჭვრეტს სივრცეს ფიზიკური და სულიერი თვალით, ხედავს ფიზიკურ სხეულებს და მათ შუალედებში შემოქმედებითი პირველხატების გამალებულ „მოქმედებას.“ მეორე სფერო „სულეთისა“ შეიცავს ცხოვრების პირველხატებს, მაგრამ აქ ეს ცხოვრება წარმოადგენს სრულყოფილ ერთიანობას. იგი თხევადი ელემენტივით მდინარებს სულთა სამყაროში და ყველგან ფეთქავს, როგორც სისხლის მიმოქცევა. იგი შეიძლება შევადაროთ ფიზიკური დედამიწის ზღვებსა და წყლებს, თუმცა მისი განაწილება უფრო ჰგავს სისხლის განაწილებას ცხოველურ ორგანიზმში, ვიდრე ზღვებისა და მდინარეების განაწილებას. აზრის ქსოვილისგან შექმნილი მჩქეფარე ცხოვრება – ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ მეორე საფეხურს „სულეთისას“. ამ ელემენტში იშვიან შემოქმედებითი პირველძალები ყოველივე იმისა, რაც ფიზიკურ სინამდვილეში წარმოიქმნება ცოცხალი არსებების სახით. აქ ცხადი ხდება, რომ მთელი ცხოვრება არის ერთიანობა, რომ ადამიანის ცხოვრება ენათესავება ყველა მასთან ერთად შექმნილ თანამოძმეთა ცხოვრებას.
სულეთის მესამე სფერო უნდა ეწოდოს პირველხატებს ყოველივე მშვინვიერისას. აქ ვპოვებთ ჩვენს თავს გაცილებით უფრო ფაქიზ და გამჭვირვალე ელემენტში, ვიდრე პირველ ორ სფეროში. თუ ვიხმართ შედარებას, იგი შეიძლება განვსაზღვროთ როგორც ჰაერის სფერო „სულეთისა“. ყოველივე იმას, რაც ხდება ორი დანარჩენი სამყაროს სამშვინველებში, გააჩნია აქ თავისი სულიერი საპირისპირო შესატყვისი. ყოველგვარი შეგრძნება, გრძნობა, ინსტინქტი, ვნება და ა. შ. კიდევ ერთხელ არსებობს აქ სულიერად. ამ „ჰაერის სფე– როს“ ატმოსფერული მოვლენები შეესაბამებიან სხვა სამყაროებში შემოქმედების ტანჯვასა და სიხარულს. აქ ნაზი ნიავის სახით აღიქმება ადამიანის მშვინვიერი სევდა, ქარიშხლის სახით – ვნებების აფეთქება. ის, ვისაც ძალუძს აღქმა ამ სამყაროში, გაიგონებს თითოეული არსების ოხვრას, თუ იგი წარმართავს მისკენ ყურადღებას. ზოგჯერ, მაგალითად, შეიძლება ნახვა გრიგალებისა, ელვა-ქუხილებისა; თუ ჩავუღრმავდებით მოცემული სფეროს კვლევას, ჩვენ ვნახავთ, რომ ამ სულიერ ჭექა-ქუხილებში გამოხატულია ვნებები მიწაზე მომხდარი რომელიმე ომისა ან ბრძოლისა.
მეოთხე სფეროს პირველხატებს არ გააჩნიათ უშუალო მიმართება სხვა სამყაროებთან. ისინი არიან გარკვეული გაგებით არსებები, რომელნიც ბატონობენ სამი ქვედა სფეროს პირველხატებზე და ეხმარებიან მათ ერთობლივ ქმედებაში. ისინი ეწევიან ამ დამოუკიდებელი პირველხატების განაწილებას და დაჯგუფებას. ამიტომ ამ სფეროდან მომდინარეობს უფრო ყოვლისმომცველი მოღვაწეობა, ვიდრე ქვედა სფეროებიდან.
მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე სფეროები არსებითად განსხვავდებიან სხვებისგან, ვინაიდან მათში დამკვიდრებული არსებები უბიძგებენ ქვედა სფეროების პირველხატებს ქმედებისაკენ. მათშია თავად პირველხატების შემოქმედებითი ძალები. ის, ვისაც ძალუძს ასვლა ამ სფეროებამდე, ეცნობა იმ „ჩანაფიქრებს“ *), რომელნიც დაედვნენ საფუძვლად ჩვენს სამყაროს. როგორც ცოცხალი, ჩანასახისეული თესლები, ისევე არიან აქ პირველხატები და მზად არიან მიიღონ უაღრესად ნაირგვარი ფორმები აზრ-არსებებისა. როდესაც, ეს ჩანასახისეული თესლები შემოდიან ქვედა სფეროებში მაშინ ისინი თითქოსდა იწყებენო ზრდას, ვლინდებიან უაღრესად ნაირგვარ სახეებში. იდეები, რომელთა მეოხებითაც ადამიანის სული შემოქმედებითად ვლინდება ფიზიკურ სამყაროში, არიან მხოლოდ ანარეკლები ამ ჩანასახისეული აზრ-არსებებისა, რომელნიც ზენა სულიერ სამყაროში მკვიდრობენ. დამკვირვებელი, რომელსაც გააჩნია „სულიერი სმენა“ და რომელიც ადის „სულეთის“ ქვედა სფეროებიდან ამ მაღალ სფეროებში, აღიქვამს, თუ როგორ გარდიქცევიან ხმოვანებანი და ბგერები „სულიერ ენად“. იგი იწყებს აღქმას „სულიერი სიტყვისას“, რომლის მეოხებითაც საგნები და არსებები უკვე „სიტყვებითაც“ უხსნიან მას თავის ბუნებას და არა მხოლოდ მუსიკით; ისინი ეუბნებიან მას თავიანთ „მარადიულ სახელებს“, როგორც ამას ამბობენ სულიერ მეცნიერებაში.
უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ჩანასახისეული აზრ–არსნი რთული ბუნებისანი არიან. აზრისმიერი სამყაროს ელემენტებიდან ხდება აღება, ასე ვსთქვათ, ჩანასახის მხოლოდ გარსისა. თავად იგი კი მოიცავს ჭეშმარიტ მარცვალს ცხოვრებისას. აქ ჩვენ ვუახლოვდებით საზღვარს „სამი სამყაროსას“, ვინაიდან ეს მარცვალი წარმოიშვის კიდევ უფრო მაღალი სამყაროებიდან. როდესაც ზევით აღწერილი იყო ადამიანის შემადგენელი ნაწილები, აქ იყო მითითება ცხოვრების ამ მარცვალზე, ხოლო „ცხოვრების სულზე“ და „ადამიანურ სულზე“ იყო ნათქვამი, რომ ისინი წარმოადგენენ მის კომპონენტებს. სამყაროს სხვა არსებებისათვისაც არის ამგვარი ცხოვრებისეული მარცვლები. ისინი მომდინარეობენ ზენა სამყაროებიდან და გადმოადგილდებიან ამ სამ აღნიშნულ სამყაროში, რათა შეასრულონ აქ თავიანთი ამოცანა. — ახლა ჩვენ უნდა განვიხილოთ ადამიანის სულის შემდგომი მოგზაურობა „სულეთში“ ორ განსხეულებას, ანუ ინკარნაციას შორის. ამასთან, ჩვენს წინაშე კიდევ ერთხელ ნათლად წარმოსდგებიან თავისებურებანი და ურთიერთმიმართებანი ამ „ქვეყნისა“.
შენიშვნები:
* ისეთი სიტყვები, როგორიცაა, მაგალითად. „ჩანაფიქრი” მხოლოდ სიმბოლურად არიან ნაგულისხმევნი და ეს თავისთავად ცხადი გახდება, გამომდინარე ზემოთქმულიდან ენობრივ გამოხატვასთან დაკავშირებულ სიძნელეთა გამო. კვლავ წამოწევა „მიზანშეწონილების შესახებ მოძღვრებისა“ არავის უფიქრია.