რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XI)

Admin
ანთროპოსოფია
0
0

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო VI. ფორმააზრებისა და ადამიანის აურის შესა...

auraaaa

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

VI. ფორმააზრებისა და ადამიანის აურის შესახებ

როგორც უკვე ითქვა, სამი სამყაროდან თითოეულის წარმონაქმნები მხოლოდ მაშინ იქცევიან სინამდვილედ ადამიანისათვის, როდესაც მას გააჩნია მათი აღქმის უნარი ან ორგანოები. გარკვეულ სივრცულ მოვლენებს ადამიანი აღიქვამს სინათლისმიერ მოვლენებად მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს კარგად მოწყობილი თვალი. თუ რა ზომამდე გაიხსნება ამ არსებისთვის ის, რაც სინამდვილეში არსებობს, დამოკიდებულია მისი აღქმის უნარზე. ამიტომ ადამიანმა არასოდეს არ უნდა თქვას: რეალურია მხოლოდ ის, რისი აღქმაც მე შემიძლია. შესაძლოა ბევრი რამ იყოს რეალური, რისი აღქმისათვისაც მას აკლია ორგანოები. — მშვინვიერი სამყარო და სულეთი ისევე რეალურია, როგორც გრძნობადი სამყარო, თანაც რეალური უფრო მაღალი გაგებით. მართალია, არავითარ გრძნობად თვალს არ ძალუძს გრძნობათა და წარმოდგენათა დანახვა, მაგრამ ისინი მაინც რეალურნი არიან. ისევე, როგორც თავისი გარეგანი შეგრძნებებით ადამიანს ძალუძს იქონიოს აღქმის სახით თავის წინაშე სხეულებრივი სამყარო, ასევე მისი სულიერი ორგანოებისთვის აღქმებად იქცევიან გრძნობები, ლტოლვები, ინსტინქტები, აზრები და ა. შ. ისევე, როგორც, მაგალითად, სივრცული მოვლენები შესაძლოა აღვიქვათ გრძნობადი თვალით ფერად მოვლენებად, ამგვარადვე ზემოხსენებული მშვინვიერი და სულიერი მოვლენები შინაგანი გრძნობების მეშვეობით შესაძლოა გადაიქცნენ აღქმებად, რომელნიც იქნებიან გრძნობადი ფერადი მოვლენების ანალოგიურნი. სრული გაგება იმისა, თუ რა თვალსაზრისით არის ეს ნათქვამი, ძალუძს მხოლოდ იმას, ვინც დაადგა უკანასკნელ თავში აღწერილ გზას შემეცნებისას და ამის მეოხებით განივითარა საკუთარ თავში შინაგანი შეგრძნებები. მისთვის ზეგრძნობადად თვალსაჩინონი ხდებიან მისი გარემომცველი მშვინვიერი სამყაროს მშვინვიერი მოვლენები და სულიერი სფეროს სულიერი მოვლენები. გრძნობები, რომელთაც იგი განიცდის სხვა არსებაში, მისთვის ასხივებენ როგორც სინათლისმიერი მოვლენები; ტალღები, რომელთაც იგი მიაპყრობს ყურადღებას, მიედინებიან სულიერ სივრცეში. მისთვის ერთი ადამიანის აზრი, რომელიც ეხება მეორე ადამიანს, არ წარმოადგენს ისეთ რასმე, რისი აღქმაც მას არ ძალუძს, არამედ აღქმად პროცესს. აზრის შინაარსი, როგორც ასეთი, მკვიდრობს მოაზროვნე ადამიანის სამშვინველში; სულიერ სამყაროში კი ეს შინაარსი იწვევს გარკვეულ შედეგებს. ეს შედეგები სულიერი მხედველობისთვის წარმოადგენენ თვალსაჩინო პროცესებს. აზრი, როგორც უცილობელი სინამდვილე, გამოდის ერთი ადამიანიდან და მიიწევს მეორე ადამიანისკენ. და ამ აზრის ზემოქმედება მეორე ადამიანზე განცდილ იქნება სულიერ სამყაროში, როგორც აღქმადი მოვლენა. ასე რომ, იმ ადამიანისათვის, რომელსაც გახსნილი აქვს სულიერი შეგრძნებები, ფიზიკურად თვალსაჩინო ადამიანი არის მხოლოდ ნაწილი მთელი ადამიანისა — ეს ფიზიკური ადამიანი იქცევა მშვინვიერი და სულიერი დინებების ცენტრად. შესაძლოა მხოლოდ გაკვრით მივუთითოთ იმ მდიდარ, მრავალფეროვან სამყაროზე, რომელიც იხსნება აქ მხილველისათვის. მაგალითად, ადამიანის აზრი, რომელიც სხვა შემთხვევაში მკვიდრობს მხოლოდ მსმენელის აზრისმიერ გაგებაში, გვევლინება როგორც სულიერად თვალსაჩინო, ფერადი მოვლენა. მისი შეფერილობა შეესაბამება ხასიათს აზრისას. აზრი, რომელიც აღმოცენდება ადამიანის გრძნობადი ლტოლვიდან, სხვაგვარადაა შეფერილი, ვიდრე ის აზრი, რომელიც წმინდა შემეცნების, კეთილშობილი მშვინვიერების ან მარადიული სიკეთის სამსახურში წარმოიქმნა. ნაირგვარ წითელ ფერებში ლივლივებენ მშვინვიერ სამყაროში აზრები, რომელთაც წარმოშობს გრძნობადი ცხოვრება*. მშვენიერი, ღია-ყვითელი ფერით გვევლინება აზრი, რომლითაც მოაზროვნე აღზევდება უმაღლეს შემეცნებამდე. საუცხოო ვარდისფერ-მეწამული ფერი აქვს აზრს, რომელიც მომდინარეობს თავდადებული სიყვარულიდან. აზრის შინაარსის მსგავსად აგრეთვე მისი მეტ-ნაკლები გარკვეულობა თავის გამოხატულებას ჰპოვებს ზეგრძნობადი ფორმით გამოვლინებისას. მოაზროვნის ზუსტი აზრი გვევლინება როგორც მკაფიო მოხაზულობის მქონე წარმონაქმნი; აღრეული წარმოდგენა მოსჩანს როგორც ბუნდოვანი ღრუბლისებრი წარმონაქმნი.

ამრიგად, როგორც მშვინვიერი, ისე სულიერი არსება ადამიანისა გვევლინება მთელი ადამიანური არსების ზეგრძნობად ნაწილად.

ის ფერადი მოვლენები, რომელნიც გარემოიცავენ ფიზიკურ ადამიანს კვერცხისდარი ღრუბლის მსგავსად, ასხივებენ მის გარშემო და ხილულნი არიან „სულიერი თვალისთვის“, იწოდებიან ადამიანის აურად. სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა სიდიდის აურა გააჩნიათ. მაგრამ მაინც უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საშუალოდ სრული ადამიანი ორჯერ უფრო გრძელია და ოთხჯერ უფრო განიერი, ვიდრე ფიზიკური ადამიანი.

აურაში ლივლივებენ ათასგვარი ფერები. ამდენად, ეს ტალღისებური დინება არის ზუსტი ასახვა ადამიანის შინაგანი ცხოვრებისა. გარკვეული ელფერნი ისეთივე ცვალებადნი არიან, როგორც თავად ეს ცხოვრება. მაგრამ გარკვეული მდგრადი თვისებანი: ტალანტი, ჩვევები, ხასიათის თავისებურებანი, ვლინდებიან მდგრად ძირითად ფერებში.

იმ ადამიანებს, რომელნიც ჯერაც შორს არიან ამ წიგნის შემდგომ თავში აღწერილი „შემეცნებითი გზის“ განცდებისაგან, შესაძლოა აღეძრათ გაუგებრობა იმასთან დაკავშირებით, რაც აქ აურის სახითაა აღწერილი. შესაძლოა წარმოვიდგინოთ, თითქოს ის, რაც აღწერილია აქ როგორც „ფერები“, ისევე წარმოუდგება სამშვინველთ, როგორც ფიზიკური ფერი წარმოუდგება თვალს; მაგრამ მსგავსი „მშვინვიერი ფერი“ იქნებოდა მხოლოდ ჰალუცინაცია და სხვა არაფერი. სულისმეტყველებას არაფერი აქვს საერთო „ჰალუცინატორულ“ შთაბეჭდილებებთან. ყოველ შემთხვევაში აქ მოცემულ აღწერაში ისინი არ იგულისხმებიან. ადამიანი სწორ წარმოდგენას იქმნის მაშინ, როდესაც ითვალისწინებს შემდეგს. ფიზიკურ ფერში სამშვინველი განიცდის არა მხოლოდ გრძნობად შთა– ბეჭდილებას, არამედ მშვინვიერ განცდასაც. ეს მშვინვიერი განცდა სხვაგვარია, როდესაც იგი აღიქვამს ლურჯ ზედაპირს. დავარქვათ ამ განცდას „ყვითელში ცხოვრება“ ან „ლურჯში ცხოვრება“. ასე რომ, სამშვინველს, რომელიც დაადგა შემეცნების გზას აქვს ამგვარი „სიყვითლის განცდა“ სხვა არსებების აქტიურ მშვინვიერ განცდებთან მიმართებაში; „სილურჯის განცდა“ კი — თავდადებით აღსავსე მშვინვიერ განწყობილებებთან მიმართებაში. არსებითია არა ის, რომ „მხილველი“ მეორე სამშვინველის წარმოსახვისას ისევე ხედავს „ლურჯს“, როგორც იგი დაინახავდა ამ ლურჯს ფიზიკურ სამყაროში, არამედ განცდა, რომელიც აძლევს მას უფლებას დაარქვას წარმოსახვას „ლურჯი“, როგორც ფიზიკური ადამიანი უწოდებდა „ლურჯს“, მაგალითად, ფარდას. გარდა ამისა არსებითია მხილველის მიერ იმის გაცნობიერებაც, რომ ამ განცდისას იგი იმყოფება სხეულებრიობისგან თავისუფალ მდგომარეობაში. ამრიგად, იგი ღებულობს შესაძლებლობას ისაუბროს სამშვინველის ისეთ სამყაროში ცხოვრების მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, რომლის აღქმის გადმოცემაც შეუძლებელია ადამიანის სხეულის საშუალებით. და თუკი აუცილებელია გათვალისწინება ამგვარი დახასიათების მნიშვნელობისა, „მხილველისთვის“ საუბარი „აურაში“ არსებული „ლურჯის“, „ყვითელის“, „მწვანის“ და სხვა ფერთა შესახებ მაინც თავისთავად ცხადი იქნება.

აურა ძალზე სხვადასხვაგვარია იმისდა მიხედვით, რამდენადაც ნაირგვარია ადამიანთა ტემპერამენტები და მშვინვიერი თვისებები; ასევე სხვადასხვაგვარია იგი სულიერი განვითარების საფეხურთა შესაბამისად. ადამიანს, რომელიც მთლიანად ეძლევა თავის ცხოველურ მიდრეკილებებს, სავსებით სხვაგვარი აურა აქვს, ვიდრე იმას, ვინც ცხოვრობს აზროვნებით. რელიგიურად განწყობილი ადამიანის აურა არსებითად განსხვავდება ისეთი ადამიანის აურისაგან, რომელიც ჩაფლულია ყოველდღიურ ტრივიალურ განცდებში. უფრო მეტიც: აურაში გამოხატულებას ჰპოვებს ყოველი ცვალებადი განწყობილება, მიდრეკილებანი, სიხარული და მწუხარება.

ფერთა ნიუანსების მნიშვნელობის გასაგებად აუცილებელია შევადაროთ ურთიერთს სხვადასხვა ადამიანური ტიპების აურები. თავდაპირველად ავიღოთ ადამიანები, რომელთაც აქვთ უაღრესად მკვეთრად გამოხატული აფექტები. ისინი განიყოფიან ორ სახეობად: ერთნი განიცდიან უმეტეს შემთხვევაში ცხოველური ბუნებიდან მომდინარე აფექტების ზემოქმედებას, ხოლო მეორენი უფრო დახვეწილი ფორმის, ასე ვსთქვათ, აზრის მძლავრი ზეგავლენის მქონე აფექტების ზემოქმედებას. პირველი ტიპის ადამიანების აურას გარკვეულ ადგილებში განმსჭვალავს მეტწილად ყავისფერ და წითელყვითელ ფერთა ნაკადები, რომელთაც აქვთ მრავალი ნიუანსი. უფრო დახვეწილი აფექტების მქონე ადამიანებს აურის იმავე ადგილებში მოუჩანთ უფრო ნათელი მეწამულ-მოყვითალო და მწვანე ფერთა ნიუანსები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტად იჩენს თავს მომწვანო ფერები. ძლიერ ჭკვიან ადამიანებს, რომელნიც მთლიანად თავიანთი ცხოველური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით არიან გართულნი, ჭარბად აქვთ მწვანე ფერი თავიანთ აურაში. მაგრამ ამ მწვანე ფერს მუდამ ექნება მეტ-ნაკლებად მოყავისფრო ან ყავისფერ-მოწითალო ელფერი. არაინტელექტუალური ადამიანების აურის უმეტესი ნაწილი განმსჭვალულია ყავისფერ-მოწითალო ან მუქი სისხლისფერი დინებებით.

აფექტებისკენ მიდრეკილი ადამიანების აურისაგან არსებითად განსხვავდება ყველაფრის ამწონ-დამწონი, დაფიქრებული ადამიანების აურა. მოყავისფრო და მოწითალო ფერები ჰქრებიან და თავს იჩენენ სხვადასხვაგვარი მომწვანო ელფერნი. ძალუმი აზროვნებისას ადამიანის აურა ავლენს სასიამოვნო მწვანეს, როგორც ძირითად ფერს. ასე გამოიყურებიან უმეტეს შემთხვევაში ისეთი ბუნების მქონენი, რომელთა შესახებაც შეიძლება ითქვას: მათ ძალუძთ ორიენტაცია ცხოვრების ყოველგვარ მდგომარეობაში.

თავდადებით აღსავსე მშვინვიერი განწყობისას თავს იჩენენ ლურჯი ფერები. რაც უფრო მეტად სწირავს ადამიანი თავის „მე“-ს რომელიმე საქმისადმი სამსახურს, მით უფრო გარკვევით მოსჩანან ლურჯი ელფერნი. აქაც ორი სხვადასხვაგვარი სახეობა გვხვდება ადამიანებისა. მავანთ გააჩნიათ აზროვნების შეზღუდული უნარი, პასიური სამშვინველები, რომელნიც თითქოს ვერაფერს შესძენენ მსოფლიო მოვლენების საერთო დინებას, გარდა თავიანთი „ქველი გრძნობებისა“. მათი აურა მშვენიერი ლურჯი ფერით ელვარებს. ეს იჩენს თავს რელიგიური ბუნების მქონე, თავდადებულ ადამიანებთან. ასეთივე აურა აქვთ აგრეთვე თანაგრძნობით აღსავსე სულებს და იმათ, ვინც სიამოვნებით ატარებენ თავიანთ ცხოვრებას ქველმოქმედებაში. თუ ეს ადამიანები გარდა ამისა ინტელექტუალურნიც არიან, მაშინ მონაცვლეობენ ლურჯი და მწვანე დინებები, ან ლურჯი თავად ღებულობს მომწვანო ელფერს. აქტიური სულების დამახასიათებელი თვისება პასიურთა საპირისპიროდ არის ის, რომ მათი სილურჯე შიგნიდან განმსჭვალულია ნათელი ფერებით. გამომგონებლური ბუნების მქონენი, რომელთაც აქვთ ნაყოფიერი აზრები, თითქოსდა შინაგანი ცენტრიდან ასხივებენ ნათელ ფერებს. უმაღლეს ხარისხში შეინიშნება ეს იმ პიროვნებებში, რომელთაც უწოდებენ „ბრძენკაცებს“ და რომელნიც განსაკუთრებით აღსავსენი არიან ნაყოფიერი იდეებით. საერთოდ ყოველივე ის, რაც მიუთითებს სულიერ აქტივობაზე, ჰგავს სხივებს, რომელნიც ვრცელდებიან შიგნიდან გარეთ; მაშინ როდესაც ყოველივე ის, რაც წარმოიშვის პირუტყვული ცხოვრებისგან, ატარებს უსწორმასწორო ღრუბლების ფორმას, რომელნიც მოიცავენ აურას.

შესაძლოა მშვინვიერი აქტივობიდან მომდინარე წარმოდგენები ემსახურებოდნენ ცხოველურ ლტოლვებს ან იდეალურ, დადებით ინტერესებს. – ამისდა მიხედვით შესაბამის აურულ წარმონაქმნებს აქვთ სხვადასხვა შეფერილობა. საზრიანი ადამიანის თავს, რომელიც თავის ყველა აზრებს იყენებს გრძნობადი ვნებების დასაკმაყოფილებლად, აქვს მუქი მოლურჯო-მოწითალო შეფერილობა; იმას კი, ვინც უანგაროდ სწირავს თავის აზრებს პოზიტიურ ინტერესებს, აქვს ღია მოლურჯო-მოწითალო ფერები. სულიერი ცხოვრება, რომელსაც თან სდევს ქველი თავდადება ან თავგანწირვის უნარი, ვლინდება მოვარდისფრო-მეწამულ ან ღია იისფერ ფერებში.

მაგრამ არამარტო ძირეული განწყობილება სამშვინველისა, არამედ წამიერი აფეთქების განწყობილებები და შინაგანი განცდებიც ავლენენ აურაში თავიანთ ფერად ტალღებს. მძლავრი რისხვის უეცარი აფეთქება წარმოშობს წითელ ტალღებს; შეურაცხყოფილი ღირსების გრძნობა, რომელიც ვლინდება უეცარ აღშფოთებაში, შესაძლოა აღვიქვათ მუქი მწვანე ღრუბლების სახით. — მაგრამ ფერადი მოვლენები აღმოცენდებიან არამარტო უწესრიგო ღრუბლისებრ წარმონაქმნებში, არამედ ისინი აგრეთვე ვლინდებიან გარკვეული მოხაზულობის მქონე, სწორად ჩამონაკვთულ ფიგურებში. მაგალითად, ადამიანში შენიშნული შიშის ემოცია მოსჩანს მის აურაში ზემოდან ქვემოთ, როგორც ლურჯი ფერის ტალღისებური დინებები, რომელნიც გადაიკრავენ მოწითალო ელფერს. ადამიანს, რომელშიაც შეიმჩნევა დაძაბული მოლოდინი რომელიმე მოვლენისა, აურაში მოუჩანს წითელი და მოლურჯო დინებები რადიუსების სახით, რომელნიც შიგნიდან გარეთ ისწრაფიან.

ზუსტი სულიერი აღქმისას შეინიშნება ყოველი შეგრძნება, რომელიც შემოდის ადამიანში გარედან. იმ ადამიანთა აურაში, რომელთაც ძლიერ აღელვებთ თითოეული გარეგანი შთაბეჭდილება, გამუდმებულად ფეთქავენ მოლურჯო-მოწითალო წერტილები და ლაქები. იმ ადამიანებთან, რომელთაც არ გააჩნიათ გრძნობის სიცხოველე, ეს ლაქები გადაიკრავენ ნარინჯისფერ-მოყვითალო ან ლამაზ ყვითელ ელფერს. ადამიანთა ეგრეთწოდებული „დაბნეულობა“ ვლინდება მოლურჯო ლაქებში, რომელთაც გააჩნიათ მეტ-ნაკლებად ცვალებადი ფორმა.

უფრო მაღალგანვითარებული „სულიერი მხედველობისთვის“ ამ ადამიანის გარემომცველ „აურაში“ ურთიერთისაგან განირჩევა სამგვარი ფერადი მოვლენები. ჯერ აქ მოსჩანან ისეთი ფერები, რომელნიც მეტ-ნაკლებად ზრქელნი არიან და მკრთალნი, მაგრამ თუ შევადარებთ ამ ფერებს იმათ,რომელთაც ხედავს ჩვენი ფიზიკური თვალი, ეს ფერები მოგვეჩვენებიან ლივლივად და გამჭვირვალედ. თავად ზეგრძნობად სამყაროში კი ისინი წარმოქმნიან სივრცეს, რომელსაც აღავსებენ შედარებით ზრქელი ელემენტით; ისინი აღავსებენ მას თითქოსდა ნისლისებური წარმონაქმნებით. – მეორე ტიპის ფერებია ისინი, რომელნიც თითქოსდა მთლიანად სინათლეს წარმოადგენენ. ისინი განანათლებენ სივრცეს. რომელსაც აღავსებენ. ეს სივრცე თავად იქცევა სინათლისმიერ სივრცედ. – ამ ორივესაგან სრულიად განსხვავდება მესამე სახის ფერთა მოვლენები. სახელდობრ, მათ გააჩნიათ ელვარე, ლივლივა, მოციაგე ელფერნი, ისინი უბრალოდ როდი განმსჭვალავენ ნათებით იმ სივრცეს, რომელსაც აღავსებენ; ისინი განასხივოსნებენ და არილით აღავსებენ მას. ამ ფერებში არის რაღაც ქმედითი, თვითმოძრავი. სხვა ფერები მშვიდნი არიან და ჩამქრალნი. ეს ფერები კი თითქოსდა განუწყვეტლივ ჰბადებენ თავისივე თავს. — პირველი ორი სახეობა ფერებისა თითქოსდა აღავსებს სივრცეს გამჭვირვალე სითხით, რომელიც მშვიდად იმყოფება ამ სივრცეში; მესამე კი აღავსებს მას მუდამ მჩქეფარე ცხოვრებით, დაუცხრომელი მოძრაობით.

ფერთა ეს სამი სახეობა ერთიმეორის მიყოლებით როდი არის განლაგებული ადამიანის აურაში; ისინი როდი იმყოფებიან სივრცის სხვადასხვა ნაწილებში, არამედ მეტად მრავლფეროვნად მსჭვალავენ ურთიერთს. აურის ერთ ადგილას შეიძლება ურთიერთაღრეულად დავინახოთ სამივე სახის ფერი, ისევე როგორც შესაძლებელია ერთდროულად დანახვაც და გაგონებაც რომელიმე ფიზიკური საგნისა, მაგალითად, ზარისა. ამის შედეგად აურა გვევლინება უაღრესად რთულ მოვლენად. ვინაიდან, საკუთრივ, საქმე გვაქვს იმავდროულად სამ ერთმანეთის აღმვსებ აურასთან, რომელნიც განმსჭვალავენ ურთიერთს. მაგრამ ამაში შესაძლოა გარკვევა, თუ მორიგეობით მივმართავთ ჩვენს ყურადღებას ამ სამ აურათაგან ერთ რომელიმეზე. ამასთან ზეგრძნობად სამყაროში აკეთებენ ისეთ რამეს რაც ჰგავს, მაგალითად, გრძნობად სამყაროში თვალების დახუჭვას, როდესაც სურთ მთლიანად დაუთმონ გულისყური მუსიკალურ ნაწარმოებს. მხილველს გააჩნია სამგვარი ტიპის ორგანოები ფერთა სამი სახეობის შესაბამისად. დაუბრკოლებელი დაკვირვებისათვის მან უნდა გაუღოს წარმოდგენებს ერთი ან მეორე ორგანო და დახუროს დანარჩენები. – „მხილველს“ შესაძლოა ჯერ მხოლოდ ერთი ორგანო განუვითარდეს პირველი სახის ფერთა აღსაქმელად. მაშინ მან შესაძლოა დაინახოს მხოლოდ ერთი აურა; ორი დანარჩენი კი უხილავი იქნება მისთვის. ზუსტად ასევე ვინმეს შესაძლოა ჰქონდეს პირველი ორი სახეობის აღქმა, მესამე კი სრულიად ვერ აღიქვას. — მხედველობის უნარის უფრო მაღალი საფეხური იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ძალუძს დაკვირვება სამივე აურაზე და შესწავლის მიზნით ყურადღების მიმართვა ხან ერთზე და ხან მეორეზე.

სამმაგი აურა წარმოადგენს ადამიანის არსების ზეგრძნობადად თვალსაჩინო გამოხატულებას. მასში წარმოჩნდება ადამიანის სამი ნაწილი: სხეული, სამშვინველი და სული. - პირველი აურა არის სარკისებრი. ანარეკლი იმ გავლენისა, რომელსაც ახდენს ადამიანის სამშვინველზე სხეული; მეორე გამოხატავს სამშვინველის კერძო ცხოვრებას, რომელიც ამაღლებულია ყოველივე იმაზე, რაც უშუალოდ აღძრავს გრძნობებს, მაგრამ მან ჯერაც ვერ მიუძღვნა თავი მარადიულის სამსახურს; მესამე ასახავს იმ მეუფებას, რომელსაც მიაღწია მარადიულმა სულმა წარმავალ ადამიანზე. როდესაც ამრიგად გვეძლევიან აურის აღწერები, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ამბები ძნელად მისაწვდომია არამარტო დაკვირვებისათვის, არამედ აღწერისათვისაც. ამიტომ ამგვარი აღწერები გაგებულ უნდა იქნას მხოლოდ როგორც შემეცნებისთვის იმპულსის მიმცემი რამ.

ამრიგად „მხილველს“ ძალუძს მსჯელობა ადამიანის განვითარების საფეხურის შესახებ მისი აურის თვისებების მიხედვით. თუ მას ხვდება განუვითარებელი ადამიანი, რომელიც მთლიანად ჩაფლულია წარმავალ გრძნობად ლტოლვებში, ვნებებში და წუთიერ გარეგან გამღიზიანებლებში, მაშინ იგი ხედავს პირველ აურას უაღრესად მყვირალ, ფერად ტონებში; მეორე აურა, ამის საპირისპიროდ, სუსტად არის განვითარებული, მასში მხოლოდ ღარიბი ფერადი წარმონაქმნები მოსჩანან; მესამე კი სულ ოდნავ არის ჩასახული, მხოლოდ აქა-იქ თუ გაკრთებიან ფერადი ნაპერწკლები, რომელნიც მიუთითებენ, რომ თვით ამგვარი მშვინვიერი განწყობის დროსაც კი ადამიანში მარადიული მკვიდრობს ჩანასახოვანი სახით მაგრამ გრძნობადის ხსენებული ზემოქმედების შედეგად უკუგდებული იქნება. რაც უფრო მეტად თრგუნავს ადამიანი თავის ლტოლვებისადმი მიდრეკილ ბუნებას, მით უფრო ნაკლებად თვალსაჩინო ხდება პირველი ნაწილი აურისა. აურის მეორე ნაწილი უფრო და უფრო იზრდება და სულ უფრო მეტად აღავსებს თავისი შუქმთოვი ძალით ფერად სხეულს, რომელშიც მკვიდრობს ფიზიკური ადამიანი, — ხოლო მაღალგანვითარებული ადამიანები, „მარადიულის მსახურნი“, ავლენენ საუცხოო მესამე აურას, იმ ნაწილს, რომელიც მეტყველებს, თუ რა ზომამდე გახდა ადამიანი სულიერი სამყაროს მოქალაქე; ღვთაებრივი „მე“ ასხივებს ადამიანის აურის ამ ნაწილიდან მიწიერ სამყაროში. ადამიანები, რომელთაც ჩამოუყალიბდათ ეს აურა, არიან შუქურვარსკვლავნი, რომელთა მეოხებითაც ღვთაება განანათლებს ამ სოფელს: მათ ისწავლეს ცხოვრება არა საკუთარი თავისთვის, არამედ მარადიული ჭეშმარიტებისათვის, კეთილშობილი მშვენიერებისათვის და სიკეთისათვის; თავიანთ შეზღუდულ „მე“-ზე გამარჯვებით მათ მიაღწიეს თავიანთი თავის მსხვერპლად მიტანის შესაძლებლობას დიდი მსოფლიო მოღვაწეობის საკურთხეველზე.

ამრიგად აირეკლება აურაში, თუ რად აქცია ადამიანმა თავისი თავი განსხეულებათა მანძილზე.

აურის სამივე ნაწილში იმყოფებიან მეტად ნაირგვარი ფერები. მაგრამ ამ ელფერთა ხასიათი იცვლება ადამიანის განვითარების საფეხურის შესაბამისად. – განუვითარებელი, იმპულსური აურის პირველ ნაწილში შესაძლოა დავაკვირდეთ ყოველგვარ ფერს წითლიდან ლურჯამდე. მასში ეს ელფერნი ამღვრეულნი და ზრქელნი არიან. გამაღიზიანებელი წითელი ელფერნი მიუთითებენ გრძნობად ლტოლვებზე, ხორციელ ვნებებზე, კუჭის სიამოვნებებზე და პირისგემოზე. მწვანე ელფერნი ვლინდებიან უმეტესად იმ ქვენა ბუნების მქონეებში, ვინც მიდრეკილნი არიან სიჩლუნგისაკენ, გულგრილობისაკენ. ხარბად ეტანებიან ყოველგვარ სიამოვნებას, მაგრამ მაინც ეშინიათ იმ გარჯისა, რომელიც აუცილებელია მათ დასაკმაყოფილებლად. იქ, სადაც ვნებები მძლავრად მიელტვიან რაიმე მიზანს, რომლის მისაღწევადაც ჯერაც არ არის საკმარისი შეძენილი უნარნი, მოსჩანან ყავისფერ-მოწითალო და მწვანე-მოყვითალო აურული ფერები. თანამედროვე ცხოვრების ზოგიერთი პირობები განსაკუთრებით უწყობენ ხელს სწორედ ამგვარი აურის განვითარებას.

პიროვნული თავისთავადობის შეგრძნება, რომელიც მომდინარეობს ქვენა მიდრეკილებებიდან და ამიტომ წარმოადგენს ეგოიზმის უმდაბლეს საფეხურს, გამოხატულია ამღვრეულ, ყვითელ, თითქმის მოყავისფრო ფერში. მაგრამ ცხადია, რომ თვით ინსტინქტების ერთგულმა პირუტყვულმა ცხოვრებამაც შეიძლება მიიღოს შვებით აღსავსე ხასიათი. არსებობს წმინდა ბუნებრივი უნარი თავგანწირვისა, რომელიც მაღალგანვითარებული სახით გვხვდება თვით ცხოველთა სამყაროშიც, ბუნებრივ, დედობრივ სიყვარულში. ამ ცხოველური ინსტინქტის გამოვლინება ჰპოვებს თავის უმშვენიერეს სრულყოფას. ეს უანგარო ბუნებრივი ლტოლვა ვლინდება პირველ აურაში ღია-მეწამულ ან ვარდისფერ-მოყვითალო ფერებში. სულმოკლე შიში, სიმფრთხალე გრძნობადი შთაბეჭდილებების მიმართ ვლინდება აურაში მოყავისფრო-მოლურჯო ან რუხ-მოლურჯო ფერებში.

მეორე აურაც აგრეთვე ამჟღავნებს მეტად ნაირგვარ ფერად საფეხურებს. ყავისფერი და ნარინჯისფერი წარმონაქმნები მიუთითებენ მძლავრად განვითარებულ თავისთავადობის შეგრძნებაზე, ამპარტავნებაზე და პატივმოყვარეობაზე. ცნობისმოყვარეობაც აგრეთვე წითელ-მოყვითალო ლაქებში მჟღავნდება. ღია ყვითელი ფერი ასახავს ნათელ აზროვნებას და ინტელექტს; მწვანე გამოხატულებაა ცხოვრებისა და სამყაროს წვდომისა. გონებაგახსნილ ბავშვებს ჭარბად აქვთ მწვანე ფერი თავიანთი აურის ამ ნაწილში. კარგად განვითარებული მეხსიერება ვლინდება მეორე აურაში „მწვანემოყვითალო“ ფერის საშუალებით. ვარდისფერ-მეწამული ფერი მიუთითებს კეთილგანწყობილ, სიყვარულით აღსავსე არსებაზე; ლურჯი – ღვთისმოსაობის ნიშანია. რაც უფრო უახლოვდება ღვთისმოსაობა რელიგიურ გზნებას. ლურჯი მით უფრო გადადის იისფერში. იდეალიზმი და ცხოვრებასთან სერიოზული დამოკიდებულება, ამ სიტყვის უმაღლესი გაგებით, მოსჩანს როგორც ინდიგოსფერი ლურჯი.

მესამე აურის ძირითადი ფერებია ყვითელი, მწვანე და ლურჯი. ღია ყვითელი მოსჩანს იქ, სადაც აზროვნება აღსავსეა მაღალი, ყოვლისმომცველი იდეებით, რომელნიც შეიმეცნებენ კერძო მოვლენებს სამყაროს ღვთაებრივი განწესების მთლიანობიდან გამომდინარე. როდესაც აზროვნება ინტუიტიურია და მთლიანად განწმენდილია გრძნობადი წარმოდგენებისაგან, ამ ყვითელს ოქროვანი ელფერი დაჰკრავს. მწვანე მიუთითებს ყველა არსებისადმი სიყვარულზე; ლურჯი არის ყველა არსებისთვის, თავგანწირვისა და თავდადების ნიშანი. თუ ეს თავგანწირვის უნარი იმდენად იზრდება, რომ გადაიქცევა კაცობრიობის მსახურების მძლავრ სურვილად, მაშინ ლურჯს განაბრწყინებს ნათელი იისფერი. თუ მაღალგანვითარებულ ადამიანში პიროვნული ეგოიზმის უკანასკნელი ნაშთების სახით კიდევ რჩება ამპარტავნება და პატივმოყვარეობა, ყვითელი ელფერის გვერდით ჩნდება ნარინჯისფერში გარდამავალი ელფერი. — საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით აურის ამ ნაწილში ფერები ძლიერ განსხვავდებიან იმ ელფერთაგან, რომელთა ცქერასაც ადამიანი მიეჩვია გრძნობათა სამყაროში. აქ „მხილველის“ წინაშე იხსნება ისეთი მშვენიერება და სიდიადე, რომელსაც არაფერი შეედრება ჩვეულებრივ სამყაროში. – „აურის“ ამ აღწერას სწორად ვერ შეაფასებს ადამიანი, თუ არ გაიგებს, რომ „აურის ხედვის“ უმთავრეს ღირებულებაში იგულისხმება გაფართოება და გამდიდრება ფიზიკურ სამყაროში აღქმულისა. ამ გაფართოების მიზანია შეიმეცნოს სამშვინველის არსებობის ის ფორმა, რომელსაც გააჩნია სულიერი რეალობა გრძნობადი სამყაროს გარეშეც. ამ აღწერას არაფერი აქვს საერთო ადამიანის ხასიათისა და აზრების ახსნასთან, რომელიც მომდინარეობს ჰალუცინატორულად აღქმული აურიდან. მას სურს გააფართოოს შემეცნება სულიერი სამყაროს მიმართულებით და არა აქვს სურვილი რაიმე საერთო იქონიოს იმ საეჭვო ხელოვნებასთან, რომელიც ეწევა ადამიანთა სამშვინველების გამოცნობას მათი აურების მეშვეობით.

*აქ მოცემული განმარტებანი ცხადია, გამოიწვევენ უდიდეს გაუგებრობებს. ამიტომ ამ ახალ გამოცემაში აუცილებელია მოკლედ ისევ დავუბრუნდეთ მათ ცალკეულ შენიშვნაში (შდრ. წიგნის ბოლოს მოთავსებული „ცალკეული შენიშვნები და დამატებანი“, გვ. 178).

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი IX)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო IV. სული სუ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VIII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო III. სულეთი...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი V)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სულის გარდა...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - I)


შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნებ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - II)


ადამიანის არსება თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი IV)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო ბავშობისას,...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სამი სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო VI. ფორმააზ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff