ძილის სამი ფაზა

Admin
ანთროპოსოფია
0
0

(ეს ლექცია რუდოლფ შტაინერმა წაიკითხა დორნახში 1922 წლის 24 მარტს. ლექციის დასასრულს რუდოლფ შტაინერი ლექციაში აღწერილს სამყაროს საიდუმლოებებს უწოდებს და ამბობს რომ მათი გამჟღავნება სხვა საიდულოებებთან ერთად ეპოქის მოთხოვნაა. მანამდე საიდუმლოებები, მხოლოდ ხელდასხმის გზაზე მყოფებს გაენდობოდა ხოლმე, რათა სხვებისთვის დაფარული ყოფილიყო ნეგატიურად, რომ არ ემოქმედათ. თუმცა ეპოქის ცვლილებამ - მატერიალიზმის უსაშველოდ გაძლიერებამ, აუცილებელი გახადა მათი ნაწილის ფრთხილად გამჟღავნება, ხოლო თანამდევი, შესაძლო ნეგატიურ გავლენების ნეიტრალიზება ძირითადად იმ ოკულტურმა საძმოებმა აიღეს თავის თავზე, რომელიც ასეთი გამჟღავნების მომხრენი იყვნენ.  ქართულად ითარგმნა ლექციის ინგლისური ვერსიიდან)

მთარგმნელი: ადილარი წირღვავა

ყველასათვის გასაგებია ადამიანის ფხიზელი მდგომარეობა, მაგრამ მისით ვერ იხსნება არსებობის საიდუმლოებები. ჩვეულებრივ ცხოვრებაში და ჩვეულებრივი მეცნიერებისთვის, საჭირო სიფხიზლით, ყოველგვარი სირთულის გარეშე შესაძლებელი, რომ ყოფილიყო ცხოვრების საიდუმლოებების გადაჭრა, მაშინ ისინი ყოველთვის აიხსნებოდნენ და ფაქტობრივად არ იარსებებდნენ. ადამიანს არც დასჭირდებოდა კითხვების დასმაც კი. 

იმ დროს როცა ადამიანი კითხულობს: „რა არის ცხოვრების საიდუმლოებები?“ ან განიცდის თავისი სულის სიღრმეებიდან წამოსულ ლტოლვას და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვერ სვამს ცხოვრების ამ საიდუმლოებებთან დაკავშირებულ კითხვებს, იცის ის, რასაც ჩვეულებრივი ცნობიერება ვერ პასუხობს, ადამიანის სულის ფარული სიღრმეებიდან, მეტნაკლებად არაცნობიერად ჩნდება რაღაც, რაც ადამიანს ეკუთვნის, მაგრამ ჯერ ის ნათელ ცნობიერებამდე უნდა ამოვიდეს.

ისინი ვინც ცხოვრებას ნაკლებად აკვირდება, სხვადასხვა სპეკულაციებს და ფილოსოფიების შეიმუშავებენ. ასეთი ფილოსოფიები საბოლოოდ უსარგებლოა. ვინც გარკვეული მიუკერძოებლობით უყურებს ცხოვრების ფენომენებს, მიხვდება, რომ იმ მდგომარობაში, რომელიც სიფხიზლის საპირისპიროა ანუ ძილისას, რაღაც იმალება, და რომ ძილის მდგომარეობის გაგებით შეიძლება ცხოვრების იდუმალებებიც ამოვხსნათ.

ამ საკითხებზე ხშირად გვიმსჯელია, თუმცა, სხვადასხვა თვალსაზრისით კვლავ უნდა დავუბრუნდეთ, რადგან ანთროპოსოფია სწორად მაშინ შეიმეცნება, თუ მის შეცნობას სხვადასხვა მხრიდან მივუდგებით.

როგორც ვიცით ძილისას ჩნდება სიზმარი. სიზმარი სურათებში ვითარდება. თუ ადამიანი ყურადღებას მიაქცევს მას, მალევე შეამჩნევს, რომ ამ სურათებს რაღაც კავშირი აქვს ცხოვრებასთან, ჩვეულებრივ ცნობიერებასთან. მართალია, ხშირად ამბობენ, რომ სიზმარში ისეთი რამ ჩნდება, რაც არ განგიცდია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ სიზმრის შემადგენელი ნაწილები, სურათების ფრაგმენტები, მაინც ჩვეულებრივი ცნობიერებიდანაა აღებული. სრულიად განსხვავებულია სიზმრის დრამატული ელემენტი, ის, თუ როგორ აგებენ სიზმრები თავიანთ დაძაბულობას, როგორ შეუძლიათ მათ გამოიწვიონ შინაგანი შფოთვის, სიხარულის ან ზეწოლის გრძნობები. სიზმრის სურათების მიმდინარეობის მნიშვნელობა უფრო ღრმად აღწევს ადამიანის ბუნებაში, და ეს შეიძლება გავიგოთ, თუ შემდეგს გავითვალისწინებთ. მაგალითად თქვენ შეიძლება დაგესიზმროთ, რომ გზაზე მიდიხართ და მთას უახლოვდებით. შედიხართ მთის გამოქვაბულში. თავდაპირველად იქ ბინდია, შემდეგ კი სულ უფრო ბნელდება. რაღაც უცნობი იმპულსი გაიძულებთ სიარულის გაგრძელებას. თქვენ შფოთვა გიპყრობთ, რომელიც თანდათან იზრდება, სანამ  საბოლოოდ თითქოს შიგნით არსებული, რაღაც უფსკრულში ჩავარდნის შიშით საშინელ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებით. თქვენ შეიძლება ამ საშინელების გრძნობით გამოიღვიძოთ, რადგან ეს გრძნობა გაგრძელდა გაღვიძების მომენტამდე. ან, თქვენ შეიძლება გესიზმროთ, რომ სადღაც დგახართ. შორიდან ხედავთ, როგორ გიახლოვდებათ ადამიანი. როცა ის უფრო ახლოს მოდის ამჩნევთ მისი სახე საშინელია და მას თქვენზე თავდასხმის განზრახვა აქვს. გეზრდებათ შფოთი. ის კიდევ უფრო გიახლოვდებათ და უცნობის იარაღი რომელიც თავდაპირველად შორიდან გაჩვენათ და უვნებლად გამოიყურებოდა, მომაკვდინებელ იარაღად იქცა. შფოთვა საშინელებად გარდაიქმნება. თქვენ ამ საშინელებით სავსე იღვიძებთ, რადგან ეს საშინელება გადმოგყვათ ფხიზელ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

ეს არის ორი სრულიად განსხვავებული სურათი. ერთ შემთხვევაში, სურათების ჯაჭვს მიყავხართ მთის შიგნით, მეორე შემთხვევაში კი სურათების ჯაჭვი უკავშირდება მოახლოებულ მტერს. სული შეიძლება ერთსა და იმავე განცდას გადიოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სურათების ჯაჭვი სრულიად განსხვავებულია. ის, რასაც სული განიცდის, სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც ცნობიერება გაღვიძებისას განიცდის. შეიძლება ითქვას, რომ სურათებს, ზოგადად, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს; მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ განიცდის სული გარკვეულ შინაგან დრამატულობას: თავდაპირველად სულს აქვს გარკვეული იმპულსი, ან იმპულსის ნაცვლად, სულთან რაღაც მოახლოვდება. შემდეგ ეს გადადის შფოთვაში, შიშში, რაც საბოლოოდ აიძულებს ადამიანს, გამოიღვიძოს და გადავიდეს ჩვეულებრივ ცნობიერებაში. მნიშვნელოვანი სწორედ სიზმრის უკან მდგარი მზარდი ძალებია, რომლებიც თავად არ აღიქმება, მაგრამ სურათებად იქცევა. ჩემს მიერ აღწერილ ამ ორ სურათების ჯაჭვს, შეიძლება მრავალი სხვა დაემატოს. ერთი და იგივე სულიერი შინაარსი შეიძლება გამოიხატოს იყოს ათ, ოც, ან ას სხვადასხვა სურათში.

ამიტომ, უნდა ითქვას: სულში რაღაც ხდება მაგრამ ამას ადამიანი ვერ ამჩნევს; მან ამის შესახებ არაფერი იცის. ის, რაც იცის, ეს არის სურათები. მე აქ სქემატურად გამოვსახავ მათ (ყვითელი). ამ სურათებს ადამიანი განიცდის თავისი სიზმრის ცნობიერებაში. მაგრამ მნიშვნელოვანია სწორედ მზარდი ძალა: მსუბუქი შფოთვა, უფრო ძლიერი შფოთვა, უმაღლესი შიში. სიზმრის სურათები, მეტნაკლებად ცხოვრებიდანაა აღებული, რადგან მთა, გამოქვაბული, მტერი, რომელიც უახლოვდება, მისი იარაღი ყველაფერი ძირითადად ცხოვრებიდანაა ნასესხები. სურათები თავიანთ შინაარსს ცხოვრებიდან იღებენ. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგანი „საფარია“. თუ ადამიანი, ფანტაზიის მეშვეობით, შეძლებს დარჩეს ამ საფარის მიღმა, საერთოდ არ შექმნას ასეთი სურათები, ფანტაზიური ცნობიერებით იყოს სულის ძალებში — შფოთვაში, შიშში, უმაღლეს შიშში, თუ ის შეძლებს, ამ ძალებში სურათების ფორმირებას, მაშინ სრულიად სხვა რამ გაჩნდება.

როდესაც თქვენ გძინავთ, თქვენი „მე“ და ასტრალური სხეული თავდაპირველად ეთერული სხეულის და ფიზიკური სხეულის გარეთ იმყოფება. გაღვიძებისას, ნორმალურ პირობებში, თქვენ ძალიან სწრაფად შედიხართ თქვენს ეთერულ სხეულში, ამ ეტაპს ძალიან სწრაფად გადიხართ და მყისვე შედიხართ თქვენს ფიზიკურ სხეულში. თუ არანორმალურ მდგომარეობაში ხართ და მაშინვე ვერ შედიხართ ფიზიკურ სხეულში, ანუ ჯერ ეთერულ სხეულში შედიხართ და ცალკე ეთერულ სხეულში ხართ, მაშინ ჩნდება ცხოვრებიდან აღებული ეს სურათები. ე.ი. როდესაც ადამიანი თავის სხეულში შედის და გაივლის ეთერულ სხეულს, ან როდესაც დაძინებისას ფიზიკური სხეულიდან გამოდის, მაგრამ ჯერ კიდევ ნაწილობრივ ეთერულ სხეულში რჩება, მხოლოდ იმ მომენტში, ჩნდება სიზმრის სურათები. ამრიგად, მხოლოდ ამ შუალედურ მდგომარეობებში წარმოიქმნება ისეთი სიზმრის სურათები, რომლებიც ცხოვრებიდანაა აღებული.

ფანტაზიური (წარმოსახვითი) ცნობიერება იწვევს იმას, რომ ადამიანს შეუძლია სრულად გავიდეს სხეულიდან და იცხოვროს სიზმრის უკან მდგომ სულის ძალებში. ამ დროს ადამიანი განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს. ადამიანი დაძინებიდან გაღვიძებამდე ცხოვრობს სამყაროში, სადაც კარგავს ცნობიერებას. ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ, თითქოს ადამიანი წყალში ჩაყვინთავს და კარგავს ცნობიერებას, და მხოლოდ მაშინ იბრუნებს მას, როდესაც წყლიდან ამოყვინთავს. ამის მსგავსად როდესაც ადამიანი დაიძინებს თავისი სულით გამოდის სხეულიდან ჩაყვინთავს სულიერ სამყაროში და კარგავს ცნობიერებას. გაღვიძებისას კვლავ „ამოყვინთავს“ და იბრუნებს ცნობიერებას. ეს „ამოყვინთვა“ ნიშნავს სხეულში შესვლას.  როგორც ვთქვი, თუ ადამიანი მაშინვე არ შედის თავის სხეულში, არამედ გარდამავალ მდგომარეობაშია ეთერულ სხეულში, მაშინ ჩნდება სიზმრის სურათები.

თუ ადამიანი არ ექვემდებარება და არც სჭირდება ამ სიზმრის სურათების მიღება, არამედ თუ ის სრულად ფიზიკური სხეულის გარეთ, სულიერ სამყაროში თავად იღებს სურათებს, მაშინ არ ჩნდება ნებისმიერი, შემთხვევითი სურათები, არამედ ისეთი სურათები, როგორებიც აღწერილია სამყაროს განვითარების შესახებ ჩემს „ოკულტურ მეცნიერებაში“. 

თუ თქვენ ჰკითხავთ საკუთარ თავს: „რა არის აღწერილი ამ „ოკულტურ მეცნიერებაში“?“, უპასუხებთ: „ჰო, იქ აზრებია.“ ეს შეიძლება გონებით გაიაზრო. მე ყოველთვის ვუსვამ ხაზს, რომ ჯანსაღი ადამიანის გონებით ამ ყველაფრის გააზრება შესაძლებელია. იქ აზრებია, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი აზრები. ეს არის სამყაროში შემოქმედებითად მოქმედი აზრები. ადამიანს შეუძლია იცხოვროს ამ აზრებში, როდესაც ის გადალახავს ზღურბლს, რომელიც სულიერ სამყაროში მიჰყავს. ადამიანს შეუძლია იცხოვროს ამ აზრებში, რომლებიც სამყაროზე მუშაობენ. ეს არის პირველი, რასაც ის ხვდება, როდესაც ზეგრძნობად სამყაროში შედის.

ესენი არ არის სიზმრის სურათები, რადგან სიზმრის სურათები, როგორც მე გიხსნით, სრულიად სხვაგვარად წარმოიქმნება. ეს არის გამოცდილებები სულიერ სამყაროში. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც სძინავს. ძილის დროს მის სულში ხდება უზარმაზარი, ყველაზე ინტენსიური პროცესები. ადამიანი ამას ვერ ამჩნევს, რადგან ძილის დროს ის უგონო მდგომარეობაშია. დილით ის შედის თავის ფიზიკურ სხეულში და მაშინვე ეფლობა მასში. იყენებს თავის თვალებს, ხედავს ფერებსა და სინათლეს, იყენებს ყურებს, ისმენს ხმებს და ა.შ., ანუ ის ცნობიერი ხდება. მაგრამ არსებობს შუალედური მდგომარეობა, როდესაც იგი მაშინვე არ შედის ფიზიკურ სხეულში, არამედ ჯერ ეთერულ სხეულში შედის და ყოვნდება. ამ დროს წარმოიშვება სიზმარი ან სიზმრები. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ცნობიერი ხდება, ეთერულ სხეულში შევსვლამდე, გარე ეთერში, რომელიც მთელ სამყაროს ავსებს. ამ დროს ის იაზრებს იმას, რაც აღწერილია ჩემს „ოკულტურ მეცნიერებაში“.

თუ, მაგალითად, ფიზიკურ სხეულში დაუბრუნებლად შუაღამით გახდებით ცნობიერი ისე, რომ შეძლებთ საკუთარი ფიზიკური სხეულის თქვენს გვერდით დანახვასაც, რადგან ამ დროს თქვენ შეგიძლიათ მისი ხილვა, მაშინ თქვენ აღიქვამთ ამ კოსმოლოგიას, თქვენ აღიქვამთ იმას, რაც მე აღვწერე ჩემს „ოკულტურ მეცნიერებაში“. მე შემიძლია იმას, რაც იქ აღვწერე, ვუწოდო: სამყაროს მაფორმირებელი ძალები ან ასევე სამყაროს აზრები. ეს ისე წარმოიდგინეთ, თითქოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გქონდეთ ცალკეული ფიქრები: დედამიწა ასე და ასე წარმოიშვა, ადრე მას ჰქონდა მთვარის მდგომარეობა, მზის მდგომარეობა, სატურნის მდგომარეობა, მოკლედ, ყველაფერი, რაც მე აღვწერე ჩემს „ოკულტურ მეცნიერებაში“.

სულიერ სამყაროში აღქმის ეს გზა მხოლოდ ერთ-ერთია სამიდან. როდესაც ადამიანი თავის ყოველდღიურ ცნობიერ მდგომარეობას განიხილავს, იცის, რომ ამ ყოველდღიურ ცნობიერებაში შეიძლება განვასხვაოთ აზროვნება, გრძნობა და ნება. მაგრამ ისევე, როგორც ყოველდღიურ ცნობიერებას აქვს ეს სამი მდგომარეობა — აზროვნება, გრძნობა და ნება, ასევე ღამის ცნობიერებას, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის უგონო მდგომარეობაა, ასევე აქვს სამი მდგომარეობა. ადამიანს დაძინებიდან გაღვიძებამდე ერთსა და იმავე მდგომარეობაში არ სძინავს. ისევე, როგორც ის არ ფხიზლობს ყოველთვის ერთსა და იმავე მდგომარეობაში. ადამიანი ფხიზლობს, როდესაც ფიქრობს, ან გრძნობს, ან ნებას გამოხატავს. ამ სამ მდგომარეობაში შეიძლება სიფხიზლე, ისევე, როგორც სამ მდგომარეობაში შეიძლება ძილი. ის, ვისაც აქვს ფანტაზიური (წარმოსახვითი) ცნობიერება, ხედავს სამყაროს მაფორმირებელ, შემოქმედებით ძალებს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ მან შეიძინა ამის ცნობიერება, ცოდნა. ძილის დროს ყოველ ადამიანი სძინავს ამ სამყაროს მაფორმირებელ, შემოქმედებით ძალებში.

გარდა სამყაროს მაფორმირებელ ძალებში ცხოვრებისა ძილში ასევე არსებობს კიდევ ორი სხვა მდგომარეობა, ისევე, როგორც სიფხიზლისას, აზროვნების გარდა, არსებობს გრძნობა და ნება. როდესაც ჩვენ განვიხილავთ აზროვნებას, ფიქრების ქონას, ეს შეესაბამება ძილის დროს სამყაროს მაფორმირებელ ძალებში ცხოვრებას. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გააცნობიერებთ ძილის ყველაზე მსუბუქ მდგომარეობას, მაშინ ამ ყველაზე მსუბუქ ძილის მდგომარეობაში თქვენ ცხოვრობთ სამყაროს მაფორმირებელ ძალებში. თითქოს ამ ძალებში მიედინებით, მთელ სამყაროს ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში გაცურვის, ფიქრებში მოძრაობის მსგავსად. ეს არის ყველაზე მსუბუქი ძილი, სადაც ადამიანი მოძრაობს სამყაროს შემოქმედებით ძალებში.

მაგრამ არსებობს უფრო ღრმა ძილი, რომლისგან განსაკუთრებულ სულიერ ვარჯიშების ჩაატარების გარეშე, ყოველდღიურ ცხოვრებაში სიზმრების მეშვეობით ვერაფერს გადმოიტანთ. სიზმრებით შესაძლებელია მხოლოდ ყველაზე მსუბუქი ძილისგან რაღაცის გადმოტანა ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუმცა, როგორც მე გიხსნით, სიზმრები, როგორც სურათები, არ არის გადამწყვეტი, რადგან ერთი და იგივე სიზმარი შეიძლება სხვადასხვა სურათებად გამოიხატოს. ყველაზე მსუბუქ ძილს შეუძლია სიზმრის გამოწვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია გადმოიტანოს რაღაც ცნობიერებაში, მინიმუმ შეიგრძნოს, რომ ძილის დროს რაღაც განიცადა. მხოლოდ ამ ყველაზე მსუბუქი ძილისგან შეიძლება იგრძნოთ, რომ რაღაც განიცადეთ.

უფრო ღრმა ძილის შესახებ მხოლოდ მან იცის, ვინც ინსპირაციულ ცნობიერებას მიაღწევს. ასეთი ადამიანი აღარ აღიქვამს მხოლოდ იმას, რაც მე აღვწერე ჩემს „ოკულტურ მეცნიერებაში“. მართალია, ამ „ოკულტურ მეცნიერებაში“ ნაწილობრივ ისიც აღვწერე, რაც ინსპირაციული ცნობიერებიდან მოდის, თუმცა ჩვენ ახლა გავიაზროთ, რა შეიძლება აღიწეროს მხოლოდ ანთროპოსოფიის მეშვეობით — როგორია განცდაში გარდასვლა მსუბუქი ძილიდან უფრო ღრმა ძილისკენ, იმ ძილისკენ, საიდანაც ადამიანს ჩვეულებრივ ცხოვრებაში სიზმრებს ვერ გადმოაქვს.

როდესაც ძილი იმდენად მსუბუქია, რომ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ადამიანს შეუძლია სიზმრების გადმოტანა. ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია გარდა იმ სამყაროსი, რომელშიც ის თავისი ცნობიერებით იმყოფება გაღვიძებიდან დაძინებამდე, იქ შეხედვა სადაც  სამყაროს მაფორმირებელია აზრებია, ხედავს მღელვარე, მქსოველ აზრთა სურათხატებს, სამყაროს წარმოსახვებს, რომლებიც მისთვის ამჟღავნებენ სამყაროს საიდუმლოებებს. ის, რაც მე აღვწერე ჩემს „ოკულტურ მეცნიერებაში“, არ არის თითქოს ზედაპირზეა გამოსახული, არამედ ეს არის მუდმივ მოძრაობაში, მუდმივ აქტივობაში. გარკვეული მომენტიდან იმ სამყაროში, რომელსაც ყოველი ადამიანი მსუბუქ ძილში განიცდის — თუმცა მან ამის შესახებ არაფერს იცის — იწყებენ გაჩენას სურათები. ეს სურათები ხდება მკაფიო, ისინი ზრდიან თავიანთ ბრწყინვალებას, ისინი ამჟღავნებენ გარკვეულ არსებებს, რომლებიც მათ უკან დგას. ეს სურათები ისევ ქრება. ადამიანს ცნობიერებაში არაფერი რჩება, გარდა ერთგვარი განცდისა, რომ სურათები თითქოს „ჩაქრა“ ან დაკნინდა. შემდეგ სურათები ისევ ჩნდება. როდესაც ეს სურათები უფრო აქტიური ხდება და ისევ ქრება, ჩნდება რაღაც, რასაც შეიძლება ვუწოდოთ სფერთა ჰარმონია, ჩნდება ერთგვარი სამყაროს მუსიკა, მაგრამ არა ისეთი სამყაროს მუსიკისა, რომელიც მხოლოდ მელოდიასა და ჰარმონიაში ცხოვრობს, არამედ გამოხატავს სულიერ სამყაროში მობინადრე არსებების - ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, პირველქმნილ ძალთა და სხვათა ქმედებებს.

ადამიანი თითქოს ხედავს, როგორ მოძრაობენ არსებები მღელვარე სურათების ზღვაში, რომლებიც სულიდან მართავენ სამყაროს. ეს არის მეორე სამყარო, ის სამყარო, რომელიც ინსპირაციით აღიქმება. მე შემიძლია მას ვუწოდო სულიერი სამყაროს არსებების გამოვლინებები. სულიერი სამყაროს არსებების გამოვლინებების სამყარო, ისევე წარმოადგენს ძილის მეორე ელემენტს, როგორც გრძნობა წარმოადგენს სიფხიზლის მეორე ელემენტს. ამგვარად, ადამიანი ძილის დროს არა მხოლოდ შედის იმ სამყაროში, რომელიც სამყაროს აზრებს გამოხატავს, არამედ ამ მღელვარე სამყაროს ფიქრებში ამჟღავნდება სამყაროს არსებების ქმედებები, რომლებიც სულიერ სამყაროს ეკუთვნიან.

ძილის ამ ორი მდგომარეობის გარდა, არსებობს მესამე მდგომარეობაც. ამის შესახებ ადამიანი, როგორც წესი, საერთოდ ვერაფერს გუმანობს. ჩვეულებრივ იცის ის, რომ მას აქვს მსუბუქი ძილი და ამ მსუბუქი ძილიდან გამოდის სიზმრები.  ის, რომ მას აქვს უსიზმრო ძილი, ამასაც ამჩნევს. მაგრამ ის, რომ არსებობს ძილის მესამე სახეობა, საუკეთესო შემთხვევაში ადამიანის ცნობიერებაში გაღვიძებისას მხოლოდ ძილის დროს მასში დიდი სიმძიმის გრძნობით იჩენს თავს, რაც მან თავდაპირველად გაღვიძების პირველ საათებში სიფხიზლისას უნდა გადალახოს. მე მტკიცედ მჯერა, რომ  ბევრმა თქვენგანმა იცის ეს მდგომარეობა დილით, როდესაც ადამიანმა იცის, რომ მას კი არ ეძინა, არამედ მასში იყო რაღაც, რაც გარკვეულ სიმძიმეს ტოვებს და რაც მან დიდი ხნის განმავლობაში უნდა გადალახოს, როდესაც დილით ცნობიერია. ესაა ძილის მესამე სახეობა, რომლის შინაარსი მხოლოდ ინტუიციური ცნობიერებით შეიძლება აღვიქვათ და იგი ზოგადად დიდ მნიშვნელობას ატარებს ადამიანისთვის.

ძილის პირველ ფაზაში, ადამიანი ძალიან ბევრს განიცდის იმას, რასაც სიფხიზლეში განიცდის. ის კვლავ, თუმცა სხვაგვარად, მონაწილეობს სუნთქვაში,  გარედან მონაწილეობს სისხლის მიმოქცევაში და სხეულის სხვა პროცესებში. ძილის მეორე ფაზის დრო, ადამიანი აღარ მონაწილეობს სხეულებრივ ცხოვრებაში, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის მონაწილეობს სამყაროში, რომელიც საერთოა მისი სხეულისა და სულისთვის. სხეულიდან სულში ჯერ კიდევ გადადის რაღაც. ეს ისეთი გადასვლაა, როგორც სინათლე გადადის მცენარეში, როდესაც მცენარე დღისით სინათლეში ვითარდება. ძილის მესამე ფაზის დროს კი, მასში არის რაღაც, რაც შეიძლება ითქვას მინერალის მსგავსი გახდა. ძილის ამ მესამე სახეობის დროს ადამიანის ფიზიკურ სხეულში ხდება მარილების ძლიერი დაგროვება. ამის სანაცვლოდ, ადამიანი თავისი სულით მინერალური სამყაროს შიგნითაა.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ შემდეგი ექსპერიმენტი: თქვენ წევხართ საწოლში, თავდაპირველად გძინავთ მსუბუქი ძილი, საიდანაც ჩვეულებრივი ცნობიერებისთვის სიზმრები გადმოდის, შემდეგ გადადიხართ უფრო ღრმა ძილში, საიდანაც სიზმრები არ მოდის, მაგრამ სული ჯერ კიდევ გარკვეულ კავშირშია ფიზიკურ სხეულთან. შემდეგ თქვენ გძინავთ ისე, რომ თქვენს სხეულში  მარილების ძლიერი დაგროვება ხდება, რასთანაც თქვენს სულს არანაირი კავშირი არ აქვს. თქვენ მაგიდაზე რომ გქონოდათ დადებული მთის კრისტალი, თქვენი სული შეიძლება მთლიანად ამ მთის კრისტალის შიგნით ყოფილიყო. თქვენ „ჩაძვრებოდით“ მთის კრისტალში და შიგნიდან აღიქვამდით მას. ამის გაკეთება არ შეიძლება ძილის პირველ ან მეორე სახეობაში.

ძილის პირველ სახეობაში, თუ თქვენ მთის კრისტალზე ოცნებობდით, თქვენ განიცდიდით მას, როგორც ერთგვარ მთის კრისტალს. თქვენ განიცდიდით რაღაც ჩრდილისებურს, მაგრამ მაინც მთის კრისტალის მსგავსს. ძილის მეორე სახეობაში, თქვენ აღარ განიცდიდით მთის კრისტალს. თუ თქვენ მაინც შეგეძლოთ ოცნება — ჩვეულებრივ ეს შეუძლებელია, მაგრამ დავუშვათ, რომ შეგეძლოთ — მაშინ თქვენ განიცდიდით, რომ მთის კრისტალი გაურკვეველი ხდება, თითქოს იქცევა სფეროდ ან ელიფსოიდად, შემდეგ კი ქრება.

მაგრამ თუ თქვენ მიაღწევდით ინტუიციურ ცნობიერებას ღრმა ძილიდან, ძილის მესამე სახეობიდან, მაშინ თქვენ განიცდიდით მთის კრისტალს ისე, თითქოს თქვენ შიგნიდან მიჰყვებით მის ხაზებს, შემდეგ მის წვერს, ისევ უკან ბრუნდებით. თქვენ განიცდიდით მთის კრისტალს შიგნიდან. თქვენ „იცხოვრობდით“ მასში. ასევე სხვა მინერალების შემთხვევაში არა მხოლოდ ფორმას განიცდიდით, არამედ შიგნითა ძალებსაც. მოკლედ, ძილის მესამე სახეობა არის ის, რაც ადამიანი მთლიანად გამოჰყავს თავისი სხეულიდან, რაც ადამიანს მთლიანად ათავსებს სულიერ სამყაროში.

ძილის ამ მესამე სახეობის დროს ადამიანი დგას სამყაროს მესამე სახეობაში, თავად სულიერი სამყაროს არსებობაში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ანგელოზების, მთავარანგელოზების, ყველა იმ არსებების არსებობაში, რომლებსაც სხვაგვარად მხოლოდ გარეგნულად, ანუ მხოლოდ მათ გამოვლინებებში აღიქვამთ. როდესაც თქვენ გაღვიძებიდან დაძინებამდე იყენებთ თქვენს გრძნობათა ცნობიერებას, თქვენ თითქოს ხედავთ ღმერთების გარეგან გამოვლინებებს ბუნებაში. ძილის დროს თქვენ ჩაეფლობით: ძილის პირველი ფაზის დროს - მხოლოდ სურათების სამყაროში, ძილის მეორე ფაზის დროს — გამოვლინებების სამყაროში, თუ ძილის მესამე ფაზამდე მიხვალთ, თავად ღვთაებრივ-სულიერი არსებების შიგნითა არსებობაში.

ისევე, როგორც ადამიანი დღის მდგომარეობაში გამოხატავს თავს აზროვნებით, გრძნობით და ნებით, ასევე გამოხატავს ის თავს ძილის დროს, როდესაც ან  სამყაროს ფიქრებში მიედინება, ან სამყაროს ფიქრებიდან ამჟღავნებს ღვთაებრივ-სულიერი არსებების ქმედებებს, ან კი ეს არსებები თავად იღებენ ადამიანს, ისე რომ ის თავისი სულით, თითქოს, მათში ისვენებს.

როგორც აზროვნება ან წარმოდგენა არის დღის ცნობიერებისთვის ყველაზე ნათელი, ყველაზე მკაფიო, როგორც გრძნობა შედარებით მძიმე — რადგან გრძნობა, ფაქტობრივად, ყოველთვის ერთგვარი ოცნებაა და როგორც ნება, დღის ყველაზე მძიმე ცნობიერი მდგომარეობაა, ასევეა ძილიც. შესაბამისად გვაქვს ძილის სამი მდგომარეობა:

ძილის მდგომარეობა, რომელშიც ჩვეულებრივი ცნობიერება განიცდის სიზმრებს, ხოლო უმაღლესი, მხედველი, ნათელმხილველი ცნობიერება  განიცდის სამყაროს აზრებს.
ძილის მეორე სახეობა, რომელიც ჩვეულებრივი ცნობიერებისთვის უკვე უგონოა, მაგრამ ინსპირაციულ ცნობიერებაში ისე ჩნდება, რომ ყველგან მჟღავნდება ღვთაებრივ-სულიერი არსებების ქმედებები.
ძილის მესამე სახეობა, რომელიც ინტუიციურ ცნობიერებაში ჩნდება, სადაც ადამიანი თავად ცხოვრობს ღვთაებრივ-სულიერ არსებებში. როგორც აღვნიშნე, ეს გამოხატულია იმით, რომ ადამიანი მაგალითად, ჩაეფლობა მინერალების შიგნით. 
ძილის ეს მესამე სახეობა ადამიანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

თუ თქვენ განიხილავთ ძილის მეორე სახეობას, ინსპირაციული ცნობიერებისას, იქ თქვენ  გამოჩენილ, გაქრობად, მღელვარე სურათებში ხედავთ სამყაროს არსებებს — ანგელოზებს, მთავარანგელოზებს და ა.შ., მაგრამ თქვენ ასევე პოულობთ საკუთარ თავს, როგორც სულს, ამ სამყაროში, ოღონდ არა ისეთს, როგორიც ახლა ხართ, არამედ ისეთს, როგორიც იყავით თქვენს დაბადებამდე, ანუ ჩასახვამდე. თქვენ იცნობთ საკუთარ თავს, თუ როგორ ცხოვრობდით სიკვდილსა და ახალ დაბადებას შორის. ეს ეკუთვნის ამ მეორე სამყაროს. და ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ უსიზმროდ გვძინავს, ჩვენ ვცხოვრობთ იმავე სამყაროში, სადაც ვცხოვრობდით, სანამ არ ჩამოვიდოდით და არ მივიღეთ ფიზიკური სხეული.

თუ თქვენ მოხვდებით ძილის მესამე სახეობაში და თუ იქ შეძელით “გაღვიძება“ ანუ ინტუიციური ცნობიერება გაფხიზლდა, მაშინ თქვენ განიცდით თქვენს ბედს, თქვენს კარმას. მაშინ თქვენ იცით, თუ რატომ გაქვთ ამ ცხოვრებაში განსაკუთრებული შესაძლებლობები, თქვენი წინა ცხოვრებების ბუნებიდან გამომდინარე, თქვენ იცით, თუ რატომ ხვდებით ამ ცხოვრებაში ამა თუ იმ პიროვნებებს. მაშინ თქვენ იცნობთ თქვენს კარმას, იცნობთ თქვენს ბედს. ახლა მე ამ საკითხს სხვა თვალსაზრისით განვიხილავ: ეს ბედი მხოლოდ მაშინ შეიძლება ამოიცნოთ, თუ თქვენ შეძლებთ მინერალების შიგნით შეღწევას. თუ თქვენ შეგიძლიათ მთის კრისტალს არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შეხედოთ. რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა დაჭრათ ის, რადგან მაშინ ის, რასაც ხედავთ, ისევ გარეგანი იქნება. თქვენ უნდა იყოთ მის შიგნით, როგორც მე აღვწერე. თუ თქვენ ეს შეგიძლიათ, თუ შეგიძლიათ კრისტალი შიგნიდან დაინახოთ, მაშინ გაიგებთ რატომ გხვდებათ ამ ცხოვრებაში ესა თუ ის ბედისწერის დარტყმა. აიღეთ ნებისმიერი კრისტალი, აიღეთ ჩვეულებრივი მარილის კუბი. ჩვეულებრივი ცნობიერებით თქვენ ხედავთ მას გარედან. ამ შემთხვევაში თქვენი ცხოვრება გაუმჭვირვალე რჩება. თუ თქვენ შეგიძლიათ მის შიგნით შეღწევა, სივრცით ზომას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თუ თქვენ შეგიძლიათ მისი შიგნიდან ყველა მხრიდან დანახვა, მაშინ თქვენ იმყოფებით იმ სამყაროში, სადაც ასევე შეგიძლიათ გაიაზროთ თქვენი ბედი. ამ სამყაროში თქვენ ხართ ყოველ ღამე, როდესაც მოხვდებით ძილის მესამე სახეობაში.

ძილის ეს მესამე სახეობა, ადამიანს აქვს რაღაც განსაკუთრებული. შეხედეთ, ადამიანებს გოლგოთის საიდუმლომდე. ჩვენ ყველანი ვიყავით ისინი ჩვენს წინა დედამიწის ცხოვრებებში. იმ დროში, სანამ ქრისტე გამოჩნდებოდა დედამიწაზე, ვინც  ძილის ამ მესამე სახეობაში ჩაეფლობოდა, მათი ანგელოზი გამოჩნდებოდა და ისევ აბრუნებდა უკან მათ. რადგან ადამიანს შეუძლია თავისით გამოსვლა ძილის პირველი და მეორე სახეობიდან, მაგრამ მესამე სახეობიდან ვეღარ.

ძილის მესამე სახეობაში, ქრისტეს დედამიწაზე გამოჩენამდე, ადამიანი მოკვდებოდა, თუ ანგელოზი ან სხვა არსებები არ გამოიყვანდნენ მას. ქრისტეს გამოჩენის შემდეგ, ქრისტეს ძალა, როგორც ხშირად აღვნიშნე, დაკავშირებულია დედამიწასთან. ყოველ ჯერზე, როდესაც ადამიანმა უნდა გაიღვიძოს ძილის ამ მესამე სახეობიდან, ქრისტეს ძალა, რომელიც გოლგოთის საიდუმლოთი გაერთიანდა დედამიწასთან, ესწრაფვის მის დასახმარებლად. ადამიანს ქრისტეს ძალის გარეშე არ შეუძლია გაღვიძება ძილის ამ მესამე სახეობიდან. ის შეიძლება „ჩაძვრეს“ კრისტალებში, მაგრამ ვერ გამოვა უკან ქრისტეს ძალის გარეშე.

როდესაც ადამიანი იხედება არსებობის კულისებში, ის ხვდება, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ქრისტეს იმპულსს დედამიწის ცხოვრებისთვის. ამიტომ მე ძლიერად ვუსვამ ხაზს: ადამიანს შეეძლო კრისტალებში შესვლა, მაგრამ ვერ გამოვიდოდა უკან.

მოვლენებს განსაკუთრებით ძლიერად გრძნობდნენ იქ, სადაც გოლგოთის საიდუმლოს შემდეგ, ქრისტეს დედამიწაზე გამოჩენის შემდეგ, ჯერ კიდევ არსებობდა ძლიერი, ძველი, წარმართული ცნობიერება, მაგალითად, ცენტრალური ევროპის რეგიონებში. იქ იცოდნენ ზოგიერთი ადამიანის შესახებ, რომ ისინი გარდაიცვალნენ, რადგან ჩაეფლნენ ასეთ ღრმა ძილში. ისინი არ მოკვდებოდნენ, ქრისტეს ძალა მათ, რომ დახმარებოდათ.

მე ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რასაც ადამიანები მაგალითად, კარლ დიდის ან ფრიდრიხ ბარბაროსას დროს ასე გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ფრიდრიხ ბარბაროსა გარეგანი, ფიზიკური სამყაროსთვის დაიხრჩო. განსაკუთრებით მკაფიოდ ეს იგრძნობოდა კარლ დიდის დროს. სად მიდიოდა ასეთი სული შუა საუკუნეების ცნობიერებისთვის? კრისტალების შიგნით. ამიტომ ის მთებში გადაიტანეს, რათა იქ დალოდებოდა, სანამ ქრისტე მოვიდოდა და ამ ღრმა ძილიდან გამოიყვანდა. ამგვარი ლეგენდების ფორმირება ამ ცნობიერებასთანაა დაკავშირებული.

ქრისტეს იმპულსთან ძლიერი კავშირი გოლგოთის საიდუმლოს შემდეგ დედამიწაზე — ეს არის ის, რაც აიძულებს ანგელოზთა, მთავარანგელოზთა  და სხვა არსებების სამყაროს, ისევ გამოიყვანონ ადამიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძილის მესამე სახეობაში ჩარჩებოდა. შესაბამისად ეს დაკავშირებულია ქრისტეს ძალასთან და არა რწმენასთან ქრისტეს ძალაში; ის, რაც ქრისტემ გააკეთა დედამიწაზე, ობიექტური გაგებით გაკეთდა ყველასათვის მიუხედვად მისი რელიგიური აღმსარებლობისა და ის, რასაც მე აქ ობიექტურად აღვწერ, ხდება ადამიანისთვის რწმენისგან სრულიად დამოუკიდებლად. რა მნიშვნელობა აქვს რწმენას, ამას უახლოეს დღეებში განვიხილავთ. მაგრამ ის, რასაც ახლა ვახსენებ, არის ობიექტური ფაქტი, რომელსაც რწმენასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

მაგრამ რის გამო მოხდა ეს? ეს მოხდა იმის გამო, რომ თავად ღმერთების სამყაროში შევიდა სხვა ბედი, ვიდრე ადრე იყო, ბედი, რომელსაც მე ასე დავახასიათებდი: ადამიანები აქ, ფიზიკურ სამყაროში, იბადებიან და კვდებიან. ღვთაებრივ-სულიერი არსებების, რომლებიც უმაღლეს იერარქიებს ეკუთვნიან, თავისებურება ისაა, რომ ისინი არ იბადებიან და არ კვდებიან, არამედ მხოლოდ გარდაიქმნებიან. ქრისტე, რომელიც გოლგოთის საიდუმლომდე ცხოვრობდა სხვა ღვთაებრივ-სულიერ არსებებთან ერთად, გადაწყვიტა, გაეცნო სიკვდილი, ჩამოსულიყო დედამიწაზე, გამხდარიყო ადამიანი, რათა ადამიანური ბუნების შიგნით გავლილიყო სიკვდილში, შემდეგ კი სიკვდილის შემდეგ აღდგომის მეშვეობით ისევ მიეღწია ცნობიერებისთვის.

 

 

 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ღვთიურ-სულიერ სამყაროში, რომ ღმერთმა განიცადა სიკვდილი, რათა შეძლოს ყველაფერი ის, რაც ჩვენ უკვე ვიცით ან რაც მე ახლა აღვწერე. ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ: დედამიწის განვითარების ისტორიაში ხდება მნიშვნელოვანი მოვლენა - ღმერთი გახდა ადამიანი და ამის მეშვეობით მისი ძალა ავლენს იმდენად მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორებიც მე ახლა დაგიხასიათეთ. ღმერთი, რომელიც ადამიანი გახდა, ფლობს ისეთ ძალას, რომ მას შეუძლია ადამიანის სულები კრისტალის შიგნიდან ამოიყვანოს, თუ ისინი იქ აღმოჩნდნენ. როდესაც ვსაუბრობთ ქრისტეზე, ვსაუბრობთ მსოფლიო არსებაზე, რომელზეც უნდა ვთქვათ: ეს არის ღმერთი, რომელიც ადამიანი გახდა. რა იქნებოდა მისი საპირისპირო სახე? მისი საპირისპირო სახე იქნებოდა ადამიანი, რომელიც ღმერთი გახდა. ეს სულაც არ უნდა იყოს აბსოლუტურად კეთილი ღმერთი. როგორც ქრისტე ჩამოვიდა ადამიანთა სამყაროში, მიიღო ადამიანის სხეული, რათა მონაწილეობა მიეღო ადამიანების ბედში და მიიღო სიკვდილი, ისევე ჩვენ მივდივართ საპირისპირო პოლუსთან - ადამიანთან, რომელიც თავის თავს ათავისუფლებს სიკვდილისგან, ათავისუფლებს ადამიანის სხეულის პირობებისგან და ხდება ღმერთი დედამიწის პირობებში. ასეთი ადამიანი წყვეტს ყოფნას მოკვდავ ადამიანად, მაგრამ იმოგზაურებს დედამიწაზე, არა იმავე პირობებში, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანი, რომელიც დაბადებიდან სიკვდილისკენ და სიკვდილიდან ახალ დაბადებაში მიდის, არამედ როგორც არალეგიტიმურად დედამიწაზე წარმოშობილი ღმერთად ქცეული ადამიანი. როგორც ქრისტე არის ლეგიტიმურად ადამიანად ქცეული ღმერთი, ისევე მის საპირისპირო სახედ უნდა ვეძიოთ ღმერთად ქცეულ ადამიანი, რომელმაც არალეგიტიმურად მიიღო ღმერთის ბუნება. თქვენთვის კარგად ცნობილია: როგორც ქრისტიანულ ტრადიციაში მიუთითებენ ლეგიტიმურად ადამიანად ქცეულ ღმერთზე, ქრისტე იესოზე, ისევე ქრისტე იესოსთან დაკავშირებით მიუთითებენ აჰასფერზე, ადამიანზე, რომელმაც არალეგიტიმურად მიიღო ღმერთის ბუნება, რომელმაც მოიშორა ადამიანის ბუნების მოკვდავობა. ამრიგად, ჩვენ გვაქვს ქრისტე იესოს პოლარული საპირისპირო აჰასფერის სახით. ეს არის აჰასფერის ლეგენდის ღრმა საფუძველი, ღრმა მნიშვნელობა, იმ ლეგენდის, რომელიც საუბრობს იმაზე, რაზეც საუბარი აუცილებელია, რადგან ის რეალობაა: არსების შესახებ, რომელიც დედამიწაზე მუდმივად მოგზაურობს ხალხიდან ხალხში. ის, სხვა საკითხებთან ერთად, მაგალითად, არ აძლევს საშუალებას, რომ ებრაული რწმენა გაქრეს. ეს ფიგურა, ეს აჰასფერის ფიგურა არსებობს, როგორც არალეგიტიმურად ქცეული ღმერთი.

ვისაც სურს ისტორიის სინამდვილეს ჩაწვდეს, ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ ფაქტებს ამ ისტორიისას — დაინახოს, როგორ ჩამოდიან ზეგრძნობადი სამყაროდან ძალები და არსებები შეგრძნებად სამყაროში; როგორ მოვიდა ქრისტე ზეგრძნობად სამყაროდან შეგრძნებად სამყაროში; და ასევე როგორ ამოდის შეგრძნებადი სამყაროც ზეგრძნობად სამყაროში; როგორ უნდა დავინახოთ აჰასფერშიც რეალური, მსოფლიოს მასშტაბის ძალა, მსოფლიოს მასშტაბის არსება.

ამ აჰასფერის ხეტიალის შესახებ ცნობიერება ყოველთვის არსებობდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ გარკვეული ნათელხედვის წინაპირობისას. მოვლენები და თქმულებები, რომლებიც მასზე მიუთითებს, მყარ და ობიექტურ საფუძველზე დგას. ადამიანურ ცხოვრებას ვერ გაიგებ, თუ არ მიაპყრობ მზერას ამ განსაკუთრებულ გამოვლინებებს და მას მხოლოდ ზედაპირულად შეხედავ ისე, როგორც ისტორიის წიგნები აღწერს.

გოლგოთის საიდუმლოს შემდეგ ქრისტე ცხოვრობს ჩვენს შინაგანში. ისევე როგორც ქრისტე შეიძლება გახდეს შესამჩნევი, თუ ჯერ შიგნით მივმართავთ მხედველ მზერას და გავაცოცხლებთ მას, ასევე, გარეთ ადამიანის ცხოვრებაში მზერის მიმართვისას, როდესაც მხედველი მზერა იხსნება ჩვენთვის, მაშინ, ისევე, როგორც ეს მოულოდნელად ხდება ადამიანისთვის, რომელიც გადალახავს ცნობიერების ზღურბლს, ჩვენ წინაშე გამოჩნდება აჰასფერი, მარადიული მოხეტიალე. შესაძლოა, ადამიანმა ვერ იცნოს იგი და სხვად ჩათვალოს. მაგრამ ასევე შესაძლებელია ადამიანს ეჩვენოს მარადიული მოხეტიალე, როგორც შესაძლებელია, რომ მას შინაგან მზერაში, გაუბრწყინდეს ქრისტე.

ეს მოვლენები სამყაროს საიდუმლოებებია, რომლებიც სწორედ ახლა, ჩვენს დროში, როდესაც ბევრი საიდუმლო უნდა გამჟღავნდეს, ასევე უნდა გახდეს ცხადი.

 

შენიშვნები

1)    აჰასფერი - ლეგენდების მიხედვით პიროვნება რომელიც ღმერთმა დასაჯა და სამოდამო ხეტიალი მიუსაჯა დედამიწაზე. რუდოლფ შტაინერის მოსაზრებით იგი ზეგრძნობადი რეალობაა, რომელიც მხოლოდ ნათელხილვის საშუალებით შესაძლებელია, რომ აღიქვას ადამიანმა. მისი დაუსრულებელი ხეტიალი უნდა გავიგოთ როგორც გარკვეული სულიერი გავლენა კაცობრიობის ისტორიაზე. 

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი V)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სულის გარდა...

8 მთავარი მშვინვიერი პროცესი


მონაკვეთი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "როგორ მიიღწევა ზენა სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - I)


შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნებ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff