რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი V)

Admin
ანთროპოსოფია
0
0

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სულის გარდასხეულება და ბედი სამშვინველი ...

stein

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

სულის გარდასხეულება და ბედი

სამშვინველი ცხოვრობს სხეულსა და სულს შორის. შთაბეჭდილებანი, რომელთაც იგი ღებულობს სხეულის მეშვეობით, წარმავალნი არიან. ისინი მხოლოდ მანამდის არსებობენ, ვიდრე სხეულის ორგანოები გახსნილია გარესამყაროს საგნებისთვის. თვალი აღიქვამს ფერს ვარდისას მხოლოდ მანამდის, სანამ ვარდი ჩემს წინაშეა და ვიდრე ღიაა ეს თვალი. შთაბეჭდილების, შეგრძნების ან აღქმის აღმოსაცენებლად ისევე აუცილებელია საგნის არსებობა გარესამყაროში, როგორც არსებობა სხეულებრივი ორგანოსი. − მაგრამის, რაც მე შევიმეცნე სულით, როგორც ჭეშმარიტება ვარდის შესახებ, როდი ჰქრება აწმყოსთან ერთად. თავისი ჭეშმარიტობით იგი როდია ჩემზე დამოკიდებული. ეს ყოველივე დარჩებოდა ჭეშმარიტებად, მე რომ სულაც არასოდეს მენახა ვარდი. იმას, რასაც მე შევიმეცნებ სულით, ფესვი აქვს გადგმული სამშვინველისეული ცხოვრების იმ ელემენტში, რომლის მეოხებითაც სამშვინველი დაკავშირებულია მასში გაცხადებულ სამყაროულ შინაარსთან, თავისი წარმავალი სხეულბრივი ნიადაგისგან დამოუკიდებლად. საქმე ის როდია, იქნება თუ არა ეს გამოცხადება თავისთავად ყველაფერში წარუვალი; მთავარია, ეს გამოცხადება იმგვარად მოხდეს სამშვინველისათვის, რომ ასეთ დროს როლს ასრულებდეს არა მისი წარმავალი, სხეულბრივი ნიადაგი, არამედ ის, რაც სამშვინველში დამოუკიდებელია ამ წარმავლობისაგან. სამშვინველში წარუვალობაზე დაკვირვება შესაძლოა სწორედ მაშინ, როდესაც ვამჩნევთ, რომ საქმე გვაქვს ისეთ განცდებთან, რომელნიც წარმავლობით არ არიან შემოფარგლულნი. საქმე აგრეთვე ის როდია, ცნობიერდებიან თუ არა ეს განცდები თავდაპირველად სხეულებრივი ორგანიზაციის წარმავალი ფუნქციებით. საქმე ის გახლავთ, რომ მათში არის ისეთი რამ, რაც, მართალია, მკვიდრობს სამშვინველში, მაგრამ თავისი ჭეშმარიტი აზრით არ არის დამოკიდებული წარმავალი აღქმით პროცესისაგან. − აწმყო დროსა და ყოფადს შორის დგას სამშვინველი, როგორც საშუაელო რამ სხეულსა და სულს შორის; მაგრამ იგი ამავე დროს გვევილენა როგორც შუამავალი აწმყო დროსა და ყოფადს შორის. იგი ინარჩუნებს აწმყოს მოგონებისთვის. ამით იგი გამოსტაცებს აწმყოს წარმავალობას და უახლოვებს ყოფადობას სულიერისას. ამასთან ერთად იგი აღბეჭდავს ყოფადს წარმავალ-ჟამიერში, თუ იგი არ ეძლევა ცხოვრებაში მხოლოდ წუთიერ აღგზნებებს, არამედ განსაზღვრავს საგნებს თავისივე თავიდან და ავლენს თავის არსებას თავისსავე ქმედებებში. მოგონებით სამშინველი ინარჩუნებს გუშინდელ დღეს, ხოლო ქმედებებით იგი იმზადებს ხვალინდელს.

ჩემს სამშვინველს კვლავ და კვლავ უნდა აღექვა წითელი ფერი ვარდისა, რომ არ შეძლებოდა მისი შენარჩუნება მეხსიერებაში. ის, რაც რჩება გარეგანი შთაბეჭდილებებიდან, სამშვინველმა შესაძლოა შეინარჩუნოს როგორც წარმოდგენა. წარმოდგენის უნარის მეშვეობით სამშვინველი იმგვარად გარდაჰქმნის სხეულებრივ სამყაროს თავის საკუთარ შინაგან სამყაროდ, რომ შემდეგ მეხსიერების საშუალებით ძალუძს მისი შენარჩუნება მოგონებისათვის, მერმედ კი იგი კვლავ განაგრძობს საკუთარ ცხოვრებას ამ მოგონებასთან ერთად, მიღებული შთაბეჭდილებებისაგან დამოუკიდებლად. ამრიგად, მშვინვიერი ცხოვრება ხდება განგრძობილი შედეგი გარესამყაროს წარმავალი წარმოდგენისა.

მაგრამ მოქმედებაც განგრძობილი ხდება, რამდენადაც იგი შთაიბეჭდება გარესამყაროში. მე თუ ხის ტოტს მოვჭრი, ამით ჩემი სამშვინველი ჩაიდენს ისეთ რამეს, რაც მთლიანად შესცვლის გარესამყაროში გარემოებათა მიმდინარეობას. ხის ამ ტოტს სრულიად სხვაგვარი რამ მოელოდა მე რომ არ ჩავრეულიყავ ჩემი ქმედებით. მე გამოვიწვიე მთელი რიგი შედეგებისა, რომელნიც ვერ იარსებებდნენ ჩემს გარეშე. ის რაც მე ჩავიდინე დღეს, დარჩება ხვალისთვისაც. იგი შეიძენს განგრძობილს ხასიათს მოქმედების შედეგად, ისევე როგორც ჩემი გუშინდელი შთაბეჭდილებები იძენენ განგრძობილ ხასიათს ჩემი სამშვინველისთვის მეხსიერების წყალობით.
ჩვეულებრივ ცნობიერებაში ქმედების შედეგად აღმოცენებული განგრძობადობისათვის როდი იქმნიან ისეთსავე წარმოდგენას, როგორც „მეხსიერებისათვის“, ე.ი. აღქმის ნიადაგზე აღმოცენებული რაიმე განცდის განგრძობისათვის. მაგრამ განა ქმედების შედეგად ადამიანის „მე“ იმგვარად არ უკავშირდება სამყაროში მომხდარ ცვლილებას, როგორც წარმოდგენიდან აღმოცენებულ მოგონებას? „მე“ სხვადასხვაგვარად მსჯელობს ახლა-ახალ შთაბეჭდილებებზე, იმისდა მიხედვით, ჩაიდიან თუ არა მან ესა თუ ის ქმედება. მოვახდინე თუ არა მე ჩემი ქმედებით რაიმე შთაბეჭდილება მეორე ადამიანზე, − ამაზეა დამოკიდებული ის ამბავი, არსებობს თუ არა გარკვეული რამ სამყაროს დამოკიდებულებაში ჩემს „მე“-სთან. მე სამყაროსთან დამოკიდებულებაში უკვე სხვა ვარ მას შემდეგ, რაც მოვახდინე ჩემს გარემოცვაში გარკვეული შთაბეჭდილება. თუ ყოველივე აქ ნაგულისხმევი არ შეიმჩნევა იმ ზომამადე, როგორც შეიმჩნევა „მე“ -ს ცვლილება მოგონების შეძენით, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება , რომ მოგოენაბ აღმოცნებისთანავე ერწყმის მშვინვიერი ცხოვრებას, რომელსაც ადამიანი ადრეც გამუდმებით შეგირძნობდა თავის საკუთრებად; ქცევის გარეგანი მოქმედება კი მიმდინარეობს ამ მშვინვიერი ცხოვრების გარეშე, ქცევის შედეგებში, ეს უკანასკნელნი კი სრულიად განსხვავებულ რამეს წარმოადგენენ და განირჩევიან იმისგან, რაც შემორჩა ამ ქცევისგან მეხსიერებას. მიუხედავად ამისა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩადენილი ქცევის შემდეგ სამყაროში ხდება რაღაც, რისი ხასიათიც „მე“-ს მიერ არის აღბეჭდილი. როდესაც აქ განხილულს მართლა გავიაზრებთ, შესაძლოა მივიდეთ შემდეგ კითხვამდე: არ შეიძლება ჩადენილი საქმე, არსებითად აღბეჭდილი „მე“-ს მიერ, ტენდეციას იძენდეს კვლავ „მე“- სთან დაბრუნებისა − ისევე როგორც მეხსიერებაში ჩარჩენილი შთაბეჭდილება ცოცხლდება, თუკი გარეგანი საბაბი იქნება საამისოდ? ის, რაც მეხსიერებაშია შემონახული, მოელის ამგვარ საბაბას.. იქნებ ისიც, რასაც „მე“-ს ხასიათი გააჩნია, რაც შემონახულია გარესამყაროში, ასევე იცდის, რათა მსგავსადვე დაუბრუნდეს გარედან ადამიანის სამშვინველს, ისევე როგორც მოცემული საბაბის შემთხვევაში მოგონება შიგნიდან უბრუნდება მას? ეს ყოველივე საკითხის სახითაა დასმული, ვინაიდან შესაძლოა არასოდეს გამოჩნდეს იმის საბაბი, რომ „მე“-ს ხასიათით აღბეჭდილი ქცევის შედეგებმა უწიონ სამშვინველს ადამიანისას. მაგრამ ეს შედეგები არსებობენ როგორც ასეთნი და თავიანთი არსებობით განსაზღვრავენ „მე“-ს უერთიერთობას სამყაროსთან; ეს ყოველივე ცხადი ხდება როგორც შესაძლო წარმოდგენა, თუკი მივადევნებთ აზრს ყოველივე ზემოთქმულ. მომდევნო განხილვებში გამოკვლეული იქნება − არსებობს თუ არა ისეთი რამ ადამიანის ცხოვრებაში, რაც ამ „შესაძლებელი“ წარმოდგენიდან გამომდინარე მიგვითითებს სინამდვილეზე.

* * *

ახლა უწინარეს ყოვლის, განვიხილოთ მეხსიერება. როგორ იქმენაბ იგი? როგორც სჩანს, იგი იქმნება სულ სხვაგვარი გზით, ვიდრე შეგრძნება და აღქმა. თვალის გარეშე მე არ მექნებოდა „ლურჯი ფერის“ განცდა. მაგრამ მხოლოდ თვალის მეოხებით მე ასევე ვერ გამოვიწვევდი მოგონებას „ლურჯის ფერისას“. თუ ჩემი თვალი ამჯერად იძლევა ამ შეგრძნებას, ამისათვის საჭიროა შეხვედრა ლურჯ საგანთან. სხეულებრიობდა ისევ არარაში, უკანვე მიაქცევდა ყველა შთაბეჭდილებას, რომ გარესამყაროსა და სამშვინველს შორის − აღქმის აქტის შედეგად აღმოცენებულ, უკვე არსებულ წარმოდგენასთან ერთად − არ მომხდარიყო ისეთი რამ, რასაც შედეგად მოჰყვებოდა ადამიანშივე მიმდინარე პროცესების მეოხებით კვლავ გარედან გამოწვევა წარმოდგენისა. სამშვინველზე დაკვირვებაში გამოცდილი ადამიანი ასკვნის, რომ არასწორია შემდეგნაირი შეხედულება: დღეს ჩვენს გვაქვს წარმოდგენა, ხვალ კი მეხსიერების მეოხებით ეს წარმოდგენა კვლავ ამოტივტივდება, მანამდის კი იმყოფება სადღაც, ადამიანის არსების რომელიღაც კუნჭულში. არა, ეს წარმოდგენა, რომელიც მე ახლა გამაჩნია, არის მოვლენა, რომელიც ჰქრება ამ „ახლასთან“ ერთად. მოგონებისას კი ჩემში მიმდინარეობს პროცესი, რომელიც არის შედეგი ისეთი რამისა, რაც მოხდა ცალკე, ყოველივე იმის გარეშე, რაც ხდებოდა გარესამყაროსა და ჩემს შორის არსებული წარმოდგენის გამოწვევისას. მოგონებით გამოწვეული წარმოდგენა ახალია და არა შემონახული ძველი. მოგონების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ძალგვიძს ხელახლა წარმოვიდგინოთ რაიმე; არ არის სწორი, თითქოს თავად წარმოდგენას ძალედვას გაცოცხლება. ის, რაც ვლინდება ხელახლა, განსხვავდება თავად წარმოდგენისაგან. (ეს შენიშვნა კეთდება აქ, ვინაიდან სულიერ-მეცნიერულ სფეროში აუციელებლია გარკვეული ამბებთან შეიქმნას უფრო ზუსტი წარმოდგენები, ვიდრე ეს ხდება ჩვეულებრივ ცხოვრებაში და ჩვეულბრივ მეცნიერებაში. ) −მე ვიგონებ, ე.ი. განვიცდით ისეთ რამეს, რაც უკვე აღარ არის, მე ვუკავშირებ წარსულის განცდას ჩემს აწმყო ცხოვრებას. ასე ხდება ყოველი მოგონებისას. დავუშვათ, მე ვხვდები ადამიანს და ვცნობ იმიტომ, რომ გუშინ შევხვდი მას. იგი სრულიად უცნობი იქნებოდა ჩემთვის, მე რომ არ დამეკავშირებინა ჩემი დღევანდელი შთაბეჭდილებებისათვის ის ხატი, რომელიც მე შევიქმენი გუშინ აღქმის შედეგად. დღევანდელ ხატს მაძლევს მე აღქმა, ე. ი. ჩემივე შეგრძნებათა ორგანიზაცია. მაგრამ ვინ ჩააქსოვა გუშინდელი ჩემს სამშვინველში, თითქოსდა რაღაც მანქანებით? იმავე ჩემმა არსებამ, რომელიც იმგვარდვე არსებობდა ჩემი გუშინდელი განცდისას, როგორც არსებობს დღევანდელ განცდაში. ჩვენ მას ვუწოდეთ სამშვინველი. წარსულის ამ ერთგული შემნახველის გარეშე ყოველი გარეგანი შთაბეჭდილება ახალი იქნებოდა ადამიანისათვის. ეჭვგარეშეა, სამშვინველი თითქოსდა ტვიფარით აღბეჭდავსო წარმოდგენას სხეულში, რომელიც შემდგომში მოგონებად იქცევა; მაგრამ სწორედ სამშვინველმა უნდა აღბეჭდოს ის, რათა შემდგომ აღიქვას თავის მიერვე აღბეჭდილი, როგორც იგი აღიქვამს გარეგან რასმე. ამრიგად, იგი გვევილენაბ როგორც მოგონებათა შემნახველი.

სამშვინველი, როგორც წარსულის შემნახველი, გამუდმებით აგროვებს სულისთვის საუნჯეს. ის ფაქტი, რომ მე ძალმიძს განვასხვაო სწორი არასწორისგან, დამოკიდებულია შემდეგზე: მე, როგორც ადამიანი, წარმოვადგენ მოაზროვნე არსებას, რომელსაც ძალუძს სულით ჩასწვდეს ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტება მარადიულია; იგი კვლავ და კვლავ განცხადდებოდა ჩემთვის საგნებში, თუნდაც გამუდმებით დამეკარგა მხედველობიდან წარსული და ყოველი შთაბეჭდილება ახალი ყოფილიყო ჩემთვის. მაგრამ ჩემში არსებული სული არ შემოიფარგლება მხოლოდ აწმყოსმიერი შთაბეჭდილებებით; სამშვინველი მოიცავს თვალსაწიერით წარსულსაც და რაც უფრო მეტის შეძენას შესძლებს იგი ამ წარს ულიდან, მით უფრო ამდიდრებს იგი ამ თვალსაწიერსს. ამრიგად, სამშვინველი სულს გადასცემს იმას, რაც მან შეიძინა სხეულის მეშვეობით. − ამის შედეგად ადამიანის სული თავისი ცხოვრების თითოეულ მომენტში შეიცავს თავის თავში ორგვარ რასმე: უწინარეს ყოვილისა − ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიულ კანონებს, შემდეგ კი − მოგონებებს წარსული განცდებისას. ყოველივე ის, რასაც ადამიანი აკეთებს, ხდება ამ ორი ფაქტორის ზეგავლენით. ასე რომ, თუ გვსურს გავიგოთ ადამიანის სულის რაობა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ მის შესახებ ორი რამ: უწინარეს ყოვლისა, რამდენად არის განცხადებული მასში მარადიული და შემდგომ, წარსულის როგორი საუნჯეა მასში.

ეს საუნჯე სულისათვის უცვლელი როდია. წარმოდგენები, რომელთაც ადამიანი განცდებიდან ღებულობს, თანდათან ჰქრებიან მეხსიერებიდან. მაგრამ რჩება მათი ნაყოფი. ჩვენ როდი გვახსოვს ყველა განცდა, რომელიც გვქონდა ბავშვობაში, წერა-კითხვის სწავლისას. მაგრამ ჩვენ ვერ შევძლებდით ვერც კითხვას და ვერც წერას, ის განცდები რომ არ გამოგვევლო და არ შეგვენარჩუნებინა მათი ნაყოფი ნიჭის სახით. ასევე გარდაჰქმნის სული მეხსიერების საუნჯეს. ცალკეული განცდების სურათებს იგი არ ინარჩუნებს, იგი იღებს მათგან მხოლოდ ძალასთავისი ნიჭის განსაცვიფრებლად. ამრიგად ეჭვსგარეშეა, რომ არცერთი განცდა არ იკარგება უნაყოფოდ; სამშვინველი ინახავს მას, როგორც მოგონებას, ხოლო სული იღებს მისგან ისეთ რასმე, რაც ამდიდრებს მის ნიჭს, მისი ცხოვრების შინაარსს. ადამიანის სული იზრდება გადამუშავებული განცდების მეოხებით. − ამიტომ მართალია შეუძლებელია წარსულის განცდების, როგორც სარდაფში გადანახული ნივთების ძიება სულში, მაგრამ ჩვენ ვპოულობთ მათ ზემოქმედებებს იმ თვისებებში, რომელთაც იძენს ადამიანი. 

* * *

აქამდე ჩვენ განვიხილავდით სულს და სამშვინველს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელსაც ჰქმნიან დაბადება და სიკვდილი. მაგრამ შეუძლებელი იქნებოდა ამით შემოფარგვლა. ამით შემოფარგლული კაცი დაემსაგავსებოდა იმ ადამიანს, რომელსაც სურს ადამიანის სხეულიც მხოლოდ ამ ფარგლებში განიხილოს. რა თქმა უნდა, ამ ფარგლებში შეიძლება აღმოვაჩინოთ მრავალი რამ, მაგრამ ვერასგზით ვერ ავხსნით ადამიანის სახეს მხოლოდ იმის საფუძველზე, რაც მოქცეულია დაბადებასა და სიკვდილს შორის. ეს სახე ადამიანისა ვერ აიგება მხოლოდ ფიზიკური ნივთიერებებისგან და ძალებისგან. იგი წარმოსდგება თავისივე მსგავსი სახისგან, რომელიც გამრავლების გზით გადმოეცა მას მემეკვიდრეობით. ფიზიკური ნივთიერებანი და ძალები აგებენ სხეულს ცხოვრების მანძილზე; გამრავლების ძალთა მეშეობით ს ხვა სხეული იშვის მისგან და მემკვიდრეობით ღებულობს მის სახეს. ე.ი. ისეთს, რომელიც გახდება მატარებელი იმავე სასიცოცხლო სხეულისა. − ყოველი სასიცოცხლო სხეული განმეორებაა თავისი წინაპრისა. სწორედ ამიტომ არ ღებულობს იგი ნებისმიერ სახეს, არამედ ისეთს ,რომელიც მემკვიდრეობით გადმოეცა მას. ის ძალები, რომელითაც შემმოსეს მე ადამინური სახით, იმყოფებოდნენ ჩემს წინაპრებში. მაგრამ ადამიანის სულიც ხომ განსაზღვული სახით გვევლინება (სიტყვა „სახე“ ამ შემთხვევაში იხმარება რა თქმა უნდა, სულიერი გაგებით). ასე რომ, სხვადასხვა ადამიანებს აქვთ სხვადასხვაგვარი სულიერი სახეები. არ არსებობს ორი ადამიანი ერთი და იმავე სულიერი სახის მქონე. თუმცა ამ სფეროში საჭიროა ისეთივე მსიდი და ზუსტი დაკვირვება, როგორც ფიზიკურში. არ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს შორის სულიერი განსხვავება მომდინარეობს მხოლოდ მათი გარემოსაგან, აღზრდისაგან და ა.შ. სრულიადაც არა; ვინაიდან ორი ადამიანი სრულიად სხვადასხვაგვარად ვითარდება ცხოვრების ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე აღზრდისას და ა.შ. ამიტომ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ისინი დაადგნენ ცხოვრების გზას სრულიად სხვადასხვა მონაცემებით. − აქ ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი ფაქტის წინაშე, რომელიც ნათელს ჰფენს არსს ადამიანისას, თუ სრულიად ვაღიარებთ მის მნიშვნელობას. ვისაც სურს თავისი ყურადღების მიპყრობა მხოლოდ მატერიალური ყოფისაკენ, იგი რა თქმა უნდა იტყვის, რომ ინდივიდუალური სხვაობანი ადამინურ პიროვნებათა შორის გამოწვეულია ფიზიკურ ჩანასახთა თვისებებს შორის განსხვავებით. (ასე რომ, მემკვიდრეობის კანონების გათვალისწინებით, რომელიც აღმოაჩინა გრეგორ მენდელმა და შემდგომ სხვებმაც დაამუშავეს, ამგვარი თვალსაზრისი იტყვის ბევრ რასმე, რაც წარმოაჩენს მის მოჩვენებით სისწორეს თვით მეცნიერული მსჯელობის თვალშიაც კი.) მაგრამ ის, ვინც ამრიგად მსჯელობს მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ იგი ჯერაც ვერ ჩასწვდა ადამიანის ჭეშმარიტ მიმართებას თავის განცდასთან. ვინაიდან ჭეშმარიტი დაკვირვება გვიჩვენებს, რომ გარეგანი გარემობანი ზემოქმედებას ახდენენ სხვადასხვა პიროვნებებზე სხვადასხვანაირად, რაღაც ისეთი ფაქტორის მეშვეობით, რომელიც არ შემოდის უშუალო კავშირში მატერიალურ განვითარებასთან. ისეთი მკვლევარი, რომელიც ჯეროვანი სიზუსტით იკვლევს ამ სფეროს, აღმოაჩენს, რომ ის, რაც მომდინრეობს ფიზიკური მონაცემებიდან, შესაძლოა განვასხვაოთ მეორე ამბისგან, რაც მართალია აღმოცენდება ადამიანის მიმართებიდან თავისი განცდებისადმი, მაგრამ ღებულობს თავის სახეს მხოლოდ იმის მეოხებით, რომ თვით სამშვინველი ამყარებს ამგვარ ურთიერთდამოკიდებულბას. აქ სამშვინველი აშკარად უკავშირდება რაღაც ისეთს გარესამყაროში, რასაც თავისი არსებით არ ძალუძს არავითარი მიმართების ქონა ჩანასახის ფიზიკურ მონაცემებთან. 

თავიანთი ფიზიკური სახით ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი თანამოძმე ცხოველებისაგან დედამიწაზე. მაგრამ გარკვეული საზღვრებში ამ სახეებით ისინი ჰგვანან ურთიერთს. არსებობს მხოლოდ ერთი მოდგმა კაცობრიობისა. რა დიდიც არ უნდა იყოს განსხვავება რასსებს შორის, თაობებს შორის, ხალხებსა და პიროვნებებს შორის, მსგავსება ადამიანსა და ადამიანს შორის მეტია, ვიდრე ადამიანსა და ცხოველის რომელიმე სახეობას შორის. ყოველივე ის, რაც აღბეჭდილია ადამიანურ მოდგმაში, წინაპრებიდან მემკვიდრეობით გადაეცემა შთამომავლობას. ადამიანის სახეც ამ მემკვიდრეობასთანაა დაკავშირებული. როგორც ლომს ძალუძს თავისი სახე მიიღოს მხოლოდ ლომი წინაპრებისაგან მემკვიდრეობით, ასევე ადამიანიც მხოლოდ თავისი ადამიანური წინაპრებისგან ღებულობს მემკვიდრეობით თავის ფიზიკურ სახეს.

რამდენადაც თვალსაჩინოა ადამიანებს შორის ფიზიკური მსგავსება, ამდენადვე ეჭვგარეშეა მიდგომელი სულიერი ხედვისთვის განსხვავება მათ სულიერ ფიზიონომიებს შორის. − არსებობს ერთი აშკარა ფაქტი, რომლის მეოხებითაც მტკიცდება ეს. ეს არის არსებობა ადამიანური ბიოგრაფიისა. ადამიანი რომ მხოლოდ ისეთი არსება ყოფილიყო, რომელიც ეკუთვნის გარკვეულ სახეობას, მაშინ ბიოგრაფია ვერ იარსებებდა. ლომი ან მტრედი ინტერესს აღძარავენ იმდენად, რამდენდაც ეკუთვნიან ლომის ან მტრედის სახეობას. ჩვენ არსებითად გავიგებთ თითოეულ მათგანს ცალკ-ცალკე, თუ აღვწერთ სახებას. თითმის სულ ერთი იქნება, მამასთან გვექნება საქმე, შვილთან თუ შვილიშვილთან. ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს მათში, საერთოა მამასა, შვილსა და შვილიშვილს შორის. ადამიანის მნიშვნელობა კი იქ იწყება, სადაც იგი გვევილენაბ არა მხოლოდ გარკვეული სახეობის ან გვარის წარმომადგენლად, არამედ ცალკეულ არსებად. მე ვერას გავუგებ კრევინკელელი ბატონი შულცის არსებას, თუ არვწერ მხოლოდ მის მამას ან შვილს. მე უნდა შევიტყო მისი საკუთარი ბიოგრაფია. ვინც სწორად დაუფიქრდება ბიოგრაფიის არსს, შეიტყობს, რომ სულიერი გაგებით ყოველი ადამიანი არის ცალკეული გვარი. ის, ვინც ბიოგრაფიის გაგებაში გულისხმობს მხოლოდ გარეგან აღწერას ცხოვრებისეული ფაქტებისას, რა თქმა უნდა დაიწყებს მტკიცებას, რომ იგი იმავე გაგებით დასწერდა ძაღლის ბიოგრაფიას, როგორც ადამიანისას. ხოლო ის, ვინც ბიოგრაფიაში ასახავს ჭეშმარიტ, თვითმყოფად ბუნებას ადამიანისას, გებულობს, რომ ერთი ადამიანის ბიოგრაფიაში არის ისეთი რამ, რაც შეესაბამება აღწერას მთელი სახეობისას ცხოველთა საუფლოში. მართალია, ცხოველის შესახებ − განსაკუთრებით ჭკვიანი ცხოველის შესახებ − შეიძლება მოყოლა რაიმე ბიოგრაფიის მსგავსი ამბისა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ადამიანური ბიოგრაფია შეესაბამება არა ამგვარ „ბიოგრაფიას“, არამედ აღწერას ცხოველთა მთელი სახეობისას. რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომელნიც შეეცდებიან ყოველივე ამის საწინააღმედგო აზრის გამოთქმას. ისინი გვეტყვიან, რომ, მაგალითად, ზოოპარკის პატრონებმა იციან, თუ რარიგ განსხვავდებიან ურთეირთისგან ინდივიდუალურად ერთი და იმავე ჯიშის ცხოველები. მაგრამი ამის მთმელი მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ მას არძალუძს გარჩევა ინდივიდუალური განსხვავებისა ინდივიდის მიერ შეძენილი განსხვავებებისგან.

როგორც სახეობა ან გვარი ფიზიკური გაგებით ჩვენთვის გასაგები ხდება, თუკი, მათ განვიხილავთ როგორც მემკვიდრეობისმიერ მოვლენებს, ასევე შეიძლება გავიგოთ სულიერი არსება მხოლოდ ასეთივე სულიერი მემკვიდრეობის საფუძველზე. ჩემი ფიზიკური სახე მე მივიღე ჩემი ადამიანური წინაპრებისგან. მაგრამ საიდანაა ჩემში ყოველივე ის, რაც ვლინდება ჩემს ბიოგრაფიაში? როგორც ფიზიკური ადამიანი მე ვიმეორებ სახეს ჩემივე წინაპრებისას. მაგრამრას ვიმეორებ მე, როგორც სულიერი ადამიანი ? შესაძლოა ვინმემ დაიწყოს მტკიცება, არავითარი ახსნა არ სჭირდებაო იმას, რაც არისო ჩემს ბიოგრაფიაში, ეს ყოველივე სრულიად უბრალოდ უნდა მივიღოთო. ასეთ კაცს ძალუძს ასევე ამტკიცოს, რომ სადღაც უნახავს მიწაყრილი, რომელზედაც მიწის გოროხები თავისთავად ერთდებოდნენ და ჰქმნიდნენ ცოცხალ ადამიანს.

მე როგორც ფიზიკური ადამიანი, წარმოვდგები სხვა ფიზიკური ადამიანებისაგან, ვინაიდან მე გამაჩნია იგივე სახე, რაც მთელ მოდგმას კაცობრიობისას. ასე რომ, მოდგომის თვისებები მე შემეძლო მიმეღო მემკვიდრეობით ამ მოდგმისვე ფარგლებში. როგორც სულიერ ადამიანს, მე აგრეთვე გამაჩნია ჩემი საკუთარი სახე, ისევე როგორც საკუთარი ბ იოგრაფია. აქედან გამომდინარე, ეს სახე მე ძალმიძს მივიღო მხოლოდ საკუთარი თავისაგან და სხვა არავისგან. რამდენადაც მე შემოვედი სამყაროში არა გაურკვეველი, არამედ გარკვეული მონაცემებით, რამდენადაც ეს მონაცემები განაპირობებენ გზას ჩემი ცხოვრებისას, როგორც იგი არეკლილია ჩემს ბიოგრაფიაში, ამდენადა ჩემი მუშაობა ჩემსაც თავზე ვერ დაიწყებოდა ჩემი დაბადებით. როგორც სულიერი ადამიანი, მე უნდა ვარსებულიყავ ჩემსავე დაბადებამდე. ცხადია მე ვერ ვიარსებებდი ადრე ჩემს წინაპრებში, რამდენადაც ისინი, როგორც სულიერი ადამიანებ, განირჩევიან ჩემგან. ჩემი ბიოგრაფია ვერ აიხსნება მათი ბიოგრაფიებით. მე, როგორც სულიერი არსება, უფრო ვიღაცის განმეორება უნდა ვიყო, ვისი ბიოგრაფიითაც იხსნება ჩემი ბიოგრაფია. შეიძლებოდა მეორე ამბავიც დაგვეშვა: თითქოს ყოველივე ის რაც ჩემს ბიოგრაფიაშია, მომდინარეობდეს მხოლოდ დაბადებამდელი ( ან ჩასახვამდელი) სულიერი ცხოვრებიდან. მაგრამ ასეთი შეხედულებ ა სოწი იქნებოდ ამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებდით, რომ ის, რაც გავლენას ახდენს ადამიანი სამშვინველზე ფიზიკური გარემოცვიდან, იგივეა რაც სამშვინველზე სულიერი სამყაროდან განხორციელებული ზემოქმედება. ასეთი დაშვება ეწინააღმდეგება ზუსტ დაკვირვებას. ვინაიდან ფიზიკურ გარემოცვაში ადამიანის სამშინველის განმსაზღრელი რამ იმგვარია, რომ იგი, როგორც ფიზიკურ ცხოვრებაში გვიან განცდილი, ზემოქმედებას ახდენს იმავე ცხოვრებაში უფრო ადრე განცდილზე. ამ მიმართებებზე სწორი დაკვირვებისათვის უნდა შევიქმნათ გარკვეული თვალსაზრისი ადამიანის ცხოვრებაში ისეთი წარმოდგენების არსებობაზე, რომელნიც ზემოქმედებას ახდენენ სამშინვლეის მონაცემებზე იმგვარად, როგორც ჩასადენი მედებების წინაშე დგომა ზემოქმედებას ახდენს ფიზიკურ ცხოვრებაში უკვე ჩადენილზე; ოღონდ ასეთი შთაბეჭდილებანი ხვდებიან არა იმას, რაც უკვე გამომუშავებულია უშუალოდ ამ ცხოვრებაში, არამედ მშვინვიერ მონაცემებს, რომელნიც ისევე მგრძნობიარენი არიან შთაბეჭდილებათა მიმართ, როგორც ვარჯიშით განვითარებული უნარები. ვინც ჩასწვდება ამგვარ ამბებს, იგი მიდის ამ მიწიერი ცხოვრებებების წარმოდგენამდე, რომელნიც წინ უნდა უძღოდნენ მოცემულს. თავის აზროვნებაში იგი ვერ შეჩერდება მხოლოდ წმინდა სულიერ განცდებზე, რომელნიც წინ უძრონენ ამ მიწიერ ცხოვრებას. − შილლერმა თავისი ფიზიკური სახე მემკვირეობით მიიღო თავის წინაპართაგან. მაგრამ ისევე, როგორც ეს ფიზიკური სახე ვერ ამოვიდოდა თავისით მიწიდან, ასევე ვერ შესძლებდა ამას შილლერის სულიერი არსება. იგი უნდა იყოს განმეორება სხვა სულიერი არსებისა, რომელის ბიოგრაფიითაც იხსნება მისი ბიოგრაფია, ასევე როგორც შილლერის ფიზიკური სახე იხსნება ადამიანური გამრავლებით. − ასე რომ, როგორც ადამიანის ფიზიკური სახე გამეორებაა, გარდასხეულბაა ადამიანური გვარის არსებისა, ასევე უნდა იყოს სულიერი ადამიანი გარდასხეულება იმავე სულიერი ადამიანისა. ვინაიდან ყველა სულიერი ადამიანი წარმოადგენს თავის განსაკუთრებულ გვარს.

ყოველივე ზემოთქმულის საწინააღმდეგოდ შეიძლება თქვან, რომ ეს მოგონილი ამბებია და ითხოვონ გარეგანი დამამტკიცებელი საბუთები, რომელთაც ესოდენ მიეჩვია ჩვეულებრივი საბუნებისმეტყველო მეცნიერება. ამაზე შეიძლება ითქვას, რომ სულიერი ადამიანის გარდასხეულება არის მოვლენა, რომელიც არ ეკუთვნის ფიზიკური ფაქტების სფეროს, არამედ მთლიანად მიეკუთვნება სულიერ სფეროს. ამ სფეროს კი ვერ სწვდება ვერც ერთი ჩვენი ჩვეულებრივი უნარი, გარდა აზროვნებისა. ხოლო ვისაც არ სურს ენდოს აზროვნების ძალას, ვერასოდეს გაერკვევა უზენაეს სულიერი ფაქტებში. − სულიერად თვალახელილი ადამიანისათვის ზემოხსენებული დინება აზრისა მოქმედებს ისეთივე ძალით, როგორც ფიზიკური მზერისთვის თვალსაჩინო რაიმე მოვლენა. ვინც ჩვეულებრივი საბუნებისმეტყველო მეცნიერების მეთოდების მიხედვით მიღებულ „მტკიცებებს“ უფრო დამაჯერებლად მიიჩნევს და უფრო ენდობა, ვიდრე ზემოხსენებულ მოსაზრებებს ბიოგრაფიის მნიშვნელობის შესახებ, იგი შესაძლოა დიდი მეცნიერიც იყოს, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, მაგრამ იგი მეტად შორს იდგება ჭეშმარიტად სულიერი კვლევისაგან.
ერთ-ერთი ყველაზე მავნე ცრურწმენა ის არის, როდესაც ადამიანის სულიერი თვისებების ახსნას ცდილობენ მამისაგან, დედისაგან ან სხვა წინაპრებისაგან მიღებული მემკვიდრეობით. მასთან, ვინც ემხრობა იმ ცრურწმენას, რომ გოეტემ მემკვიდრეობით მიიღო დედისაგან და მამისაგან თავისი ნამდვილი არსი, ვერას გააწყობ დასაბუთებით, ვინაიდან მასში არის ღრმა ანტიპათია მიუდგომელი დაკვირვებისადმი. მატერიალისტური ჰიპნოზი ხელს უშლის მას, რათა ჭეშმარიტების ნათელში დაინახოს მოვლენათა შორის ურთიერთმიმართებები.

მსგავს განმარტებებში მოცემულია მითითებები, რომლებიც გვაძლევენ საშუალებას გავადევნოთ თვალი ადამიანის არსებას დაბადებისა და სიკვდილის ფარგლებს მიღმა. დაბადებითა და სიკვდილით განსაზღრულ ფარგლებში ადამიანი ეკუთვნის სამ სამყაროს: სხეულებრივს, მშვინვიერსა და სულიერს. სამშვინველი ჰქმნის საშუალო წევრს სხეულსა და სულს შორის და განმსჭვალავს სხეული მესამე წევრს, მშვინვიერ სხეულს, შეგრძნების უნარით და აღწევს სულის პირველად წევრამდე, ანუ თავად სულამდე, როგორც ცნობიერი სამშვინველი. ამიტომ სიცოცხლის მანძილზე სამშვინველი ეკუთვნის როგორც სხეულს, ასევე სულსა. ეს მონაწილეობა ორივეში მთელს მის ყოფიერებაში მჟღავნდება. თუ როგორ შესძლებს შეგრძნებადი სამშვინველი გაშლას თავის თვისებებისას , ეს დამოკიდებულია მშვინვიერი სხეულის ორგანიზაციაზე. მეორეს მხრივ, ცნობიერი სამშინველის ცხოვრებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად შესძლებს მასში განვითარებას თავად სული. რაც უფრო უკეთაა აგებული მშვინვიერი სხეული, მით უფრო სრულყოფილი ხდება შეგრძნებადი სამშვინველის ურთიერთობა გარესამყაროსთან. მსგავსად ამისა, მით უფრო მდიდრდება და ძლიერდება თავად სული, რაც უფრო მეტ საზრდოს აწვდის მას ცნობიერი სამშვინველი. ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ ცხოვრების მსვლელობაში თავადი სული ღებულობს ამ საზრდოს გადამუშავებული განცდებისა და ამ განცდათა ნაყოფის სახით. რასაკვირველია, აღნიშნული ურთიერთქმედება სამშვინველსა და სულიერს შორის შესაძლოა მხოლოდ იქ, სადაც სული და სამშვინველი ურთიერთში იმყოფებიან, განმსჭვალავენ ურთიერთს „თავადი სულისა და ცნობიერი სამშვინველის“ გაერთიანების ფარგლებში.

უწინარეს ყოვლისა განვიხილოთ ურთიერთქმედება მშვინვიერ სხეულსა და შეგრძნებად სამშინველს შორის. მართალია, როგორც გამოირკვა, მშვინვიერი სხეულის არის უფაქიზესი წარმონაქმნი სხეულებრიობისა, მაგრამ იგი მაინც სხეულებრიობას ეკუთვნის და მასზეა დამოკიდებული. ფიზიკური სხეული, ეთერული სხეული და მშვინვიერი სხეული გარკვეული მიმართებებით ჰქმნიან ერთ მთლიანობას; ამიტომ მშვინვიერი სხეულიც ექვემდებარება კანონებს ფიზიკური მემკვიდრეობისას, რომელის მეოხებითაც სხეული იძენს თავის სახეს. და რამდენადაც იგი არის მოძრავი და ყველაზე მეტად წარმავალი ფორმა სხეულებრიობისა, იგი გამოავლენს ყველაზე მეტად მოძრავ და წარმავალ მოვლენებს მემკვიდრეობისას. ამიტომაა, რომ ფიზიკური სხეული ნაკლებად განსხვავადება რასსებში, ხალხებში და თაობებეში; ასევეა ეთერული სხეულიც, თუმც იგი უფრო მეტ სხვაობას გვიჩვენებს, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს შორის მეტია უცილო მსგავსება. − ეს განსხვავება უაღრესად დიდია მშვინვიერი სხეულის შემთხვევაში. მასში გამოიხატება ის, რასაც ჩვენ აღვიქვამთ როგორც გარეგან, პიროვნულ თავისებურებას ადამიანისას. ამიტომ იგი არის აგრეთვე მატარებელი ყოველივე იმისა, რაც ამ პირადი თავისებურებებიდან მემკვიდრეობით მიიღეს შთამომავლებმა მშობლებისგან, წინაპრებისგან და ა.შ. მართალია, ზემოთქმულის თანახმად სამშვინველი, როგორც ასეთი, ეწევა სრულიად განკერძოებულ საკუთარ ცხოვრებას; იგი იკეტება თავის თავში თავისი მიდრეკილებებითა და ანტიპათიებითურთ , თავისი გრძნობებითა და ვნებებითურთ. მაგრამ მაინც იგი მოქმედებს როგორც მთლიანობა და ამიტომ ეს მთლიანობა გამოიხატება შეგრძნებად სამშვინველში. ხოლო რამდენადაც შეგრძნებადი სამშვინველი განმსჭვალავს მშვინვიერ სხეულს, − თითქოსდა აღავსებსო მას, − ეს უკანასკნელი იგება სამშვინველის ბუნების შესაბამისად და ამრიგად, როგორც მემკვიდრეობის მატარებელს, მას ძალუძს გადაცემა მიდრეკილებებისა, ვნებებისა და ა.შ. წინაპრებისგან შთამომავლებისათვის. ამ ფაქტს ეფუძნება გოეტეს ნათქვამი: „მამისგან გამომყვა იერი და ცხოვრებისადმი სერიოზული დამოკიდებულება, დედისაგან კი მხიარული ხასიათი და მიდრეკილება წერისადმი.“ ბუნებრივი, გენია გოეტეს როდი გამოჰყოლია მათგან. ამრიგად, ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ ადამინმა შეიძლება მხოლო დთავისი მშინვიერი თვისებები გადასცეს შთამომავლობას ფიზიკური მემკვიდრეობის ხაზით. − ფიზიკური სხეულის ნივთიერებანი და ძალნი, როგორც ასეთნი, იმყოფებიან გარეგანი ფიზიკური ბუნების მთელს გარემოცვაში. გამუდებით ხდება ბუნებიდან მათი მიღება და კვლავ უკან დაბრუნება. რამდენიმე წლის განმავლობაში ხდება სრული განახლება ნივთიერებებისა, რაც ჰქმნის ჩვენს ფიზიკურ სხეულს. ის ამბავი, რომ ნივთიერების ეს შემადგენლობა ღებულობს ადამიანური სხეულის ფორმას და განიცდის მუდმივ განახლებას ამ სხეულის შიგნით, დამოკიდებულია იმაზე, რომ ამ შემადგენლობის მთლიანობას ინარჩუნებს ეთერული სხეული. ეთერული სხეულის ფორმა განისაზღვრება არამარტო იმ მოვლენებით, რომელთაც ადგილი აქვთ დაბადებიდან ან ჩასახვიდან − სიკვდილამდე, არამედ იგი დამოკიდებულია მემკვიდრეობის იმ კანონებზე, რომელნიც სცილდებიან ფარგლებს დაბადებისას და სიკვდილისას. ფაქტია ის გარემოება, რომ მემკვიდრეობის გზით შესაძლოა მოხდეს გადაცემა მშვინვიერი თავისებურებებისაც, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფიზიკური მემკვიდრეობა თავისი გაგრძელებისას ღებულობს მშვინვიერ წილს. ამის საფუძველი კი ის არის, რომ მშვინვიერი სხეული შესაძლოა იმყოფებოდეს შეგრძნებადი სამშვინველის გავლენის ქვეშ.

მაშ, როგორ მყარდება ურთიერთქმედება სამშვინველსა და სულს შორის? ცხოვრების მანძილზე სული იმგვარად უკავშირდება სამშვინველს, როგორც ზემოთ აღინიშნა. სამშვინველი ძღვნად ღებულობს სულისაგან იმას, რომ მას ეძლევა შესაძლებლობა იცხოვროს ჭეშმარიტებასა და სიკეთეში და ამით გამოავლინოს სული საკუთარ ცხოვრებაში, მიდრეკილებებში, ლტოლვებში, ვნებებში და ა.შ. თავადი სული მოუტანს „მე“-ს ჭეშმარიტებისა და სიკეთის მარადიულკანონებს სულის საუფლოდან. ეს კანონები ცნობიერი სამშვინველის მეოხებით უკავშირდებიან საკუთრივ მშვინვიერი ცხოვრების განცდებს. თავად ეს განცდები წარმავალნი არიან; მაგრამ რჩებიან მათ ნაყოფნი. ის ფაქტი, რომ თავადი სული მათთან იყო დაკავშირებული, წარუშლელ დაღს ამჩნევს მათ. როდესაც ადამიანის სული უახლოვდება რაიმე განცდას, რომელიც თავის მხრივ, სხვა განცდას ჩამოჰგავს, მასთან ოდესაღაც დაკავშირებულს, იგი ხედავს ამ განცდაში რაღაც ნაცნობს და უკვე სხვაგვარ დამოკიდებულებაშია მასთან, ეს დამოკიდებულება აღარ არის იმგვარი, როგორიც იქნებოდა პირველი შეხვედრის დროს. ყოველგვარი სწავლებაც ხომ ამას ემყარება, ვინაიდან სწავლების ნაყოფად გვევლინებიან ათვისებული უნარნი. − ამრიგად, მარადიულ სულში აღიბეჭდებიან წარმავალი ცხოვრების ნაყოფნი. განა თვალსაჩინო არ არიან ჩვენთვის ეს ნაყოფნი? რას ეფუძნებიან ზემოაღნიშნული მონაცემები, როგორც სულიერი ადამიანიასთვის დამახასიათებელი თვისებები? რას წარმოადგენენ ისინი, თუ არა ამა თუ იმ უნარს, რომელიც თან მოაქვს ადამიან მიწიერი გზის დაწყებისას? გარკვეული მიმართებით ეს უნარნი ჰგვანან იმ უნარებს, რომელნიც შეიძლება ავითვისოთ აგრეთვე ჩვენი ცხოვრების მანძილზე. მაგალითისათვის ავიღოთ ადამიანის გენია. მოცარტის შესახებ ცნობილია, რომ მას ჯერ კიდევ ბავშვობისას შეეძლო ჩაეწერა ერთგზის მოსმენილი ვრცელი მუსიკალური ნაწარმოები. ეს ხდებოდა მხოლოდ იმის გამო, რომ მას ძალედვა თვალის ერთი გადავლებით მოეცვა მთელი ნაწარმოები. ცხოვრების მანძილზე ადამიანი გარკვეუწილად იფართოებს უნარს ყოვლისმომცველი მზერისას, რათა ამრიგად ჩასწვდეს ურთიერთდამოკიდებულებებს და შეიძინოს ახალი უნარნი. ხომ ამბობს ლესსინგი თავისი თავის შესახებ, რომ მან კრიტიკული დაკვირვების უნარის მეოხებით შეიძინა ისეთი რამ, რაც გენიოსობას უახლოვდება. თუ გარკვეულ მონაცემებზე დაფუძნებული ამგვარი უნარნი არ გვსურს მივიღოთ სასწაულებად, უნდა ჩავთვალოთ ისინი იმ განცდათა ნაყოფებად, რომელნიც მოიწია თავადმა სულმა სამშვინველის მეოხებით. ისინი ოდესღაც აღიბეჭდნენ ამ თავად სულში. რამდენადაც ეს ამბავი ამ ცხოვრებაში არ მომხდარა, ეს უ ნდა მომხდარიყო ერთ-ერთ წინა ცხოვრებაში. ადამიანის სული თავისი საკუთარი გვარისაა და როგორც გარკვეული გვარის ფიზიკურ არსება, ადამიანი მემკვიდრეობით ღებულობს თვისებებს ამავე გვარის ფარგლებში, ასევე სულიც მემკვიდრეობით ღებულობს თვისებებს თავისი გვარის, ე.ი. თავისი თავის ფარგლებში. ცხოვრებაში სული არის განმეორება თავისივე თავისა, იმ განცდათა ნაყოფითურთ, რომელნიც მას ჰქონდა წარსულ ცხოვრებაში. ამრიგად, ეს ცხოვრება განმეორებაა სხვა ცხოვრებისა, მას მოაქვს ის, რაც თავადმა სულმა გამოიმშავა წარსულ ცხოვრებაში თავისთვის. როდესაც თავადი სული გაიშინაგნებს ისეთ რასმე, რაც შეიძლება გადაიქცეს ნაყოფად, მაშინ იგი იმსჭვალება ცხოვრების სულით. როგორც სასიცოცხლო სხეული სახეობიდან სახეობაში იმეორებს ფორმას, ზუსტად ასევე გადაჰყავს ცხოვრების სულს სამშვინველი ერთი პიროვნული ყოფიდან მეორეში.

წინარე მოსაზრებათა მეოხებით ნათელი ხდება, რომ თვალსაზრისი, რომელიც დაეძებს ადამიანის გარკვეული სასიცოცხლო პროცესების საფუძველს განმეორებით ცხოვრებებში, მკვიდრდება სინამდვილის სფეროში. ამ თვალსაზრისმა, რა თქმა უნდა, თავისი სრული მნიშვნველობა შესაძლოა შეიძინოს მხოლოდ იმგვარი დაკვირვების შედეგად, რომელიც გამომდინარეობს სულიერი განჭვრეტისაგან, რომელიც მიიღწევა ამ წიგნის ბოლო აღწერილ შემეცნების გზაზე დადგომით. აქ კი საჭირო იყო მხოლოდ იმის ჩვენება, რომ სწორად ორიენტირებული აზროვნებისას ჩვეულბრივ დაკვირვებასაც კი მივყავართ ამ თვალსაზრისისაკენ. შესაძლოა მსგავსმა დაკვირვებამ ჯერ მხოლოდ სილუეტის მსგავსად წარმოგვიჩინოს ეს თვალსაზრისი. ამის გამო იგი ვერ დაიცავს ამ თვალსაზრისს ისეთი საწინააღმდეგო შეხედულებებისაგან, რომელიც მომდინარეობს არაზუსტი დაკვირვებისაგან და რომელსაც არ ხელმძღვანელობს სწორი აზროვნება. მეორე მხრივ ისიც სწორია, რომ ვინც იძენს ამგვარ თვალსაზრისს უბრალოდ გონისმიერი დაკვირვების გზით, ამით ამზადებს თავის თავს ზეგრძნობადი დაკვირვებისთვის. იგი თითქოსდა გამოიმუშავებს ისეთ რასმე, რაც აუცილებელია ამგვარი ზეგრძნობადი დაკვირვებ ისთვის, ისევე როგორც თვალებია აუცილებელი გრძნობადი აღქმისთვის. ის, ვინც იტყვის, რომ ამგვარი თვალსაზრისის შექმნით შესაძლოა შთავაგონოთ ჩვენს თავს ეს ზეგრძნობადი დაკვირვება, ამით მხოლოდ დაამტკიცებს, რომ მას არ ძალუძს თავისუფალი აზროვნებით კვლევა სინამდვილისა და სწორედ ამის გამო შთააგონებს თავის თავს საწინააღმდეგო აზრებს.

art6

* * *

ამრიგად, მშვინვიერი განცდების შენარჩუნება ხდება არამარტო დაბადებისა და სიკვდილის ფარგლებში, არამედ სიკვდილის შემდეგაც. მაგრამ არამარტო თავისსავე წიაღ აღმობრწყინვებულ სულში აღბეჭდავს სამშვინველი საკუთარ განცდებს, არამედ გარესამყაროსაც დაამჩნევს თავისი მოქმედების კვალს. ის, რაც ადამიანმა გუშინ ჩაიდინა, დღესაც არსებობს თავისი შედეგით. მიზეზსა და შედეგს შორის ამგვარ კავშირს ასახავს მსგავსება სიკვდილისა და ძილისა. ხშირად ძილს სიკვდილის უმცროს ძმას უწოდებენ. მე ვდგები დილით. ღამით შეწყვეტილი იყო ჩემი გამუდმებული მოქმედება. ჩვეულებრივ პირობებში ჩემთვის შეუძლებელი იქნება დილით კვლავ იმგვარად დავიწყო საქმიანობა, როგორც მე მომეხასიათება. იმისთვის, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდეს წესრიგი და თანმიმდევრულობა, მე უნდა დავუკავშირო იგი ჩემს გუშინდელ საქმიანობას. ჩემი გუშინდელი საქმეები განსაზღვრავენ იმ საქმეებს, რომლენიც დღეს მომელიან. იმით, რაც გუშინ ჩავიდინე, მე შევიქმენი ჩემი დღევანდელი ბედი. დროებით მე გამოვეთიშე ჩემს საქმიანობას, მაგრამ იგი მაინც მე მეკუთვნის და კვლავ მიზიდავს თავისკენ, თუმცა მე დროებით გამოვეთიშე მას. ჩემი წარსული დაკავშირებულია ჩემთანვე; იგი მკვიდრობს ჩემს აწმყოში და გამომყვება მომავალშიც. ჩემი გუშინდელი დღის შედეგები რომ არ ქცეულიყვნენ დღეს ჩემს ბედისწერად, მაშინ კი არ უნდა გამეღვიძა დღეს დილით, არამედ ხელახლა უნდა შევქმნილიყავი არარაისგან. ცხოვრების ნორმალურ პირობებში ხომ უაზრობა იქნებოდა, რომ არ დავსახლებულიყავ იმ სახლში, რომელიც ჩემთვის ავიშენე. 

ისევე, როგორც ადამიანი არ იქმნება ხელახლა, ასევე არ იქმნება ხელახლა ადამიანის სული თავისი მიწიერი ცხოვრების გზის დასაწყისში. აღმოცენდება ფიზიკური სხეული, რომელიც ღებულობს თავის ხატებას მემკვიდრეობითი კანონების შედეგად. ეს სხეული ხდება სულის მატარებელი, რომელიც ახლებურად იმეორებს წარსულ ცხოვრებას. ამ ორს შორის იმყოფება სამშვინველი, რომელიც ეწევა საკუთარ ცხოვრებას, თავის თავში ჩაკეტილს. მისი მიდრეკილებები და ანტიპათიები და ანტიპათიები, სურვილები და ვნებები მასვე ემსახურებიან; იგი თავის სამსახურში ჩააყენებს აზროვნებასაც. როგორც შეგრძნებადი სამშვინველი, იგი ღებულობს გარე სამყაროს შთაბეჭდილებებს და გადასცემს მათ სულს, რათა სულმა მიიღოს მათგან მარადიული ნაყოფნი. იგი ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებს; ასე რომ, მისი ამოცანა შესრულებულია, თუ იგი აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს ამ როლისას. სხუელი უქმნის მას შთაბეჭდილებებს. იგი გარდაჰქმნის მათ შეგრძნებებად, ინახავს მეხსიერებაში წარმოდგენების სახით და შემდგომ გადასცემს მათ სულს, რათა ამ უკანასკნელმა აზიაროს ისინი მარადისობას. საკუთრივ რომ ვთქვათ, სამშვინველი არის ის, რითაც ადამიან იეკუთვნის თავის მიწიერ ცხოვრებას. თავისი სხეულით იგი ეკუთვნის აგრეთვე ფიზიკურ მოდგმას კაცობრიობისას. ამ სხეულის მეოხებით იგი არის წევრი ამ მოდგმისა. თავისი სულით ადამიანი ცხოვრობს უფრო მაღალ სამყაროში. სამშვინველი კი ჟამიერად აკავშირებს ამ ორ სამყაროს.

მაგრამ ფიზიკური სამყარო, რომელშიც შემოდის ადამიანის სული, არ არის მისთვის უცხო ადგილი. მასში აღბეჭდილია კვალი საქმეთა მისთა. ამ სფეროდან გარკვეული რამ ეკუთვნის სულს. იგი ატარებს ანაბეჭდს ადამიანის არსებისას და ენათესავება მას. ისევე, როგორც სამშვინველმა გადასცმა მას ერთ დროს გარესამყაროს შთაბეჭდილებანი, რათა ყოფიერება გახანგრძლივებოდათ მასში, ზუსტად ასევე გარდაჰქმნა სამშვინველმა საქმეებად სულისაგან მიღებული უნარნი, რომლებიც ამავე წესით გრძელდებიან თავიანთ შედეგებში. ამის გამო სამშვინველი ნამდვილად შთაიღვარა ამ საქმეებში. საკუთარ ქცევათა შედეგებში განაგრძობს ადამიანის სამშვინველი ცხოვრებას მეორე, დამოუკიდებელი ცხოვრებით. ყოველივე ეს შეგვაძლებინებს ცხოვრების კვლევას იმასთან დაკავშირებით, თუ რარიგ იჩენენ თავს ამ ცხოვრებაში ბედისწერის პროცესები. ადამიანს „ემართება“ რაიმე. თავდაპირველად იგი ცდილობს ახსნას ყოველივე ის, რაც მას „დაემართა“, უბრალოდ „შემთხვევითობით“. თუმც მან შესაძლოა შეამჩნიოს, რომ იგი თავად წარმოადგენს მსგავს „შემთხვევითობათა“ შედეგს. ვინც განიხილავს თავის თავს ორმოცი წლის ასაკში და საკუთარი მშვინვიერი არსების საკითხში არ შემოიფარგლება „მე“-ს უშინაარსო, აბსტრაქტული წარმოდგენით, მას აქვს სრული უფლება, თქვას: მე — სხვა არაფერი ვარ, თუ არა ის, რადაც ვიქეც ყოველივე იმის მეოხებით, რაც დღევანდელ დღემდე „მეწეოდა“ მე, როგორც ბედისწერა. განა მე სხვაგვარი არ ვიქნებოდი, მაგალითად ოცი წლის ასაკში გამოვლილი განცდების ნაცვლად სხვაგვარი განცდები რომ გამომეარა ? ასე რომ, იგი მხოლოდ თავისი განვითარების “შიგნიდან” მომდინარე იმპულსებში კი არ დაუწყებს ძებნას თავის “მე”-ს, არამედ იმაში, რაც “გარედან” შემოდის მის ცხოვრებაში და ფორმადქმნის მას. იმაში, რაც მას “ემართება”, იგი შეიმეცნებს თავის საკუთარ “მე”-ს. თუ მიუკერძოებელი ვიქნებით მსგავსი შემეცნებისას, აუცილებელი გახდება შემდგომი ნაბიჯის გადადგმა ცხოვრებაზე ინტიმური დაკვირვების გზაზე, რათა ყოველივე იმაში, ადამიანს ბედის გარკვეული განცდებში რომ ეძლევა, დანახულ იქნას ისეთი რამ, რასაც “მე” სწვდება გარედან, რაც მოგონებისდარად მოქმედებს შიგნით და რაც ხელახლა აღმოაბრწყინებს წარსულ განცდას. ამრიგად შეიძლება შევიძინოთ უნარი იმისა, რომ ბედის მიერ მოტანილ განცდებში აღვივქვათ, თუ რარიგ პოულობს სამშვინველის წარსული მოქმედებბა გზას ჩვენი “მე”-საკენ; ასევე მოგონებისას წარსული განცდა პოულობს გზას წარმოდგენისაკენ, თუ არსებობს რაიმე გარეგანი საბაბი საამისოდ. ზემოთ ნახსენები “შესაძლებელი” წარმოდგენის შესახებ უკვე ითქვა, რომ მოქმედებების შედეგი შესაძლოა კვლავ შეხვდნენ ადამიანის სამშვინველს. ცალკეული მიწიერი ცხოვრების ფარგლებში, ნამოქმედარის გარკვეული შედეგების შემთხვევაში ამგვარი შეხვედრა გამორიცხულია, ვინაიდან ეს მიწიერი ცხოვრება ემსახურება საქმის აღსრულებას. ამ აღსრულებაშია სწორედ განცდა. მაშინ ნამოქმედარის გარკვეული შედეგი ისევე ვერ შეხვდება სამშვინველს, როგორც შეუძლებელია მოგონება განცდისა, რომელშიც ჯერაც იმყოფები. ამ შემთხვევაში შესაძლოა საუბარი ნამოქმედარის მხოლოდ ისეთ შედეგებზე, რომელნიც ხვდებიან “მე”-ს მაშინ, როდესაც მას გააჩნია სხვაგვარი თვისებები და არა ისეთი თვისება, რომლიდან გამომდინარეც იქცევა იგი ამ მიწიერ ცხოვრებაში. მზერა შესაძლოა მივაპყროთ მხოლოდ სხვა მიწიერი ცხოვრებებიდან მომდინარე საქციელის შედეგებს. საკმარისია შევიგრძნოთ, რომ ის, რაც “გვეწევა” ბედისწერის სახით, დაკავშირებულია “მე”-სთან, როგორც თავად ამ “მე”-ს შიგნით წარმოქმნილი რამ, — მხოლოდ ასეთ დროს შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბედისწერის ამგვარ განცდაში საქმე გვაქვს საქციელის ისეთი შედეგებთან, რომელნიც წინარე მიწიერი ცხოვრებებიდან მომდინარეობენ. ამრიგად ვხედავთ, რომ ცხოვრების ინტიმურ, აზროვნებით წარმართულ გაგებას მივყავართ ჩვეულებრივი ცნობიერებისათვის პარადოქსულ დებულებამდე, რომ მიწიერი ცხოვრების განცდები კავშირში იმყოფებიან წინარე მიწიერი ცხოვრებების ქცევათა შედეგებთან. ამ წარმოდგენამ მთელი თავისი სავსება შესაძლოა შეიძინოს მხოლოდ ზეგრძნობადი შემეცნების გზით; მის გარეშე იგი მხოლოდ სილუეტად რჩება. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოდგენა ჩვეულბრივი ცნობიერებიდან მომდინარეობს, იგი ამზადებს სამშვინველის იმისთვის, რათა მან შესძლოს განჭვრეტა, თუ რამდენად ჭეშმარიტია ეს წარმოდგენა ნამდვილი ზეგრძნობადი დაკვირვებისას. გარესამყაროში არის მხოლოდ ნაწილი ჩემი ქმედებისა; მეორე ნაწილი კი თავად ჩემშია. ამის ნათელყოფა შეიძლება ბუნებისმეტყველებიდან აღებული უბრალოდ შედარებით.

ცხოველებმა, რომელნიც ოდესაღაც თვალხილულნი შევიდნენ კენტაკის გამოქვაბულებში, დაჰკარგეს მხედველობის უნარი ამ გამოქვაბულებში ცხოვრების შედეგად. სიბნელეში ყოფნამ წაართვა თვალს მოქმედების უნარი. ამის გამო ამ თვალებში აღარ მიმდინარეობას ის ფიზიკური და ქიმიური პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს მხედველობის დროს. საკვების ნაკადი, რომელიც ადრე ხმარდებოდა ამ პროცესს, ამჟამად მიდის სხვა ორგანოებში. ახლა ამ ცხოველებს შეუძლიათ მხოლოდ ამ გამოქვაბულებში ცხოვრება. თავიანთი მოქმედებით, თავიანთი გადასახლებით მათ შეიქმნეს პირობები შემდგომი ცხოვრებისათვის. ეს გადასახლება გადაიქცა მათი ბედის ნაწილად. არსებამ , რომელიც ერთ დროს იყო მოქმედი, დაუკავშირა საკუთარი თავი თავისივე მოქმედების შედეგებს. ასევეა ადამიანის სულის შემთხვევაში. სამშვინველმა შესძლო გადაეცა მისთვის გარკვეული უნარები მხოლოდ იმის მეოხებით, რომ იგი მოქმედებდა. ასე რომ, უნარნი შეესაბამებიან ნამოქმედარს. სამშინველის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად მასში მკვიდრობს ძალუმი მიდრეკილება მეორე ქმედების ჩასადენად, რომელიც იქნება ნაყოფი წინა ქმედებისა. ვიდრე უკანასკნელი არ აღსრულდება, სამშვინველი ატარებს მას თავის თავში როგორც აუცილებლობას. შეიძლება ითქვას აგრეთვე, რომ საქციელის წყალობით სამშვინველში ინერგება აუცილებლობა ამ საქციელის შედეგების განხორციელებისა.

ასე რომ, თავისი მოქმედებით ადამიანის სულმა ჭეშმარიტად შეიქმნა თავისი ბედი. თავის ახალ ცხოვრებაში იგი დაკავშირებულია იმასთან, რასაც სჩადიოდა წარსულში. მართალია, შეიძლება იკითხოთ: როგორ ხდება ეს, თავისი ახალი განსხეულებისას ადამიანის სული ხომ სრულიად სხვაგვარ სამყაროში აღმოჩნდება ხოლმე, ვიდრე ის სამყაროა, რომელიც მან ერთ დროს დასტოვა? ასეთი შეკითხვა მიუთითებს ბედისწერის კავშირთა მეტად ზერელე გაგებაზე. თუ ჩემი მოქმედების ასპარეზს მე გადავიტან ევროპიდან ამერიკაში, მეც აღმოვჩნდები სრულიად ახალ გარემოში. და მაინც, ჩემი ცხოვრება ამერიკაში მთლიანად იქნება დამოკიდებული ჩემს წინა ცხოვრებაზე ევროპაში. თუ ევროპაში მე ვიყავი მექანიკოსი, ამერიკაში ჩემი ცხოვრება მიიღებს გაკრვეულ სახეს. სხვაგვარ სახეს მიიღებდა იგი, მე რომ ბანკის მოხელე ვყოფილიყავი. პირველ შემთხვევაში ამერიკაში მე ალბათ მომიხდებოდა საქმის ქონა მანქანებთან , ხოლო მეორე შემთხვევაში — ბანკის საქმეებთან, ყოველ შემთხვევაში, ჩემი წინარე ცხოვრება განსაზღვრავს ჩემს გარემოს; იგი თითქოსდა იზიდავსო გარესამყაროდან იმ საგნებს, რომლებიც მას ენათესავებიან. იგივე მოსდის თავად სულს. თავის ახალ ცხოვრებაში იგი აუცილებლად იკრებს თავის გარშემო ყოველივე იმას, რასაც იგი ენათესავებოდა წარსულ ცხოვრებაში. იმიტომაც არის ძილი სიკვდილის ნამდვილი ხატი, ვინაიდან ძილის დროს ადამიანი მოსწყდება ხოლმე იმ სამოქმედო ასპარეზს, რომელზედაც ელოდება მას საკუთარი ბედი. ვიდრე ადამიანს სძინავს, მის სამოქმედო ასპარეზზე მოვლენების მიმდინარეობა თავისთავად გრძელდება. გარკვეული დროის მანძილზე ადამიანს არა აქვს არავითარი გავლენა ამ მიმდინარეობაზე; და მაინც, ყოველი ახალი დღის ცხოვრება დამოკიდებულია წარსულ დღეებში ჩადენილ საქმეთა შედეგებზე. ჩვენი პიროვნება ყოველ დილით ჭეშმარიტად ხელახლა სხეულდება ჩვენს მოქმედებათა სამყაროში. ის, რაც ღამის განმავლობაში დაშორებული იყო ჩვენგან, დღისით კვლავ ჩვენს გარშემოა. — იგივე ხდება ადამიანის წარსულ განსხეულებათა საქმეებთან დაკავშირებით. ისინი უკავშირდებიან მას როგორც მისი ბედისწერა, ისევე როგორც ბნელ გამოქვაბულებში ცხოვრება არის იმ ცხოველთა ხვედრი, რომელთაც ამ გამოქვაბულებში გადმოსახლების შედეგად დაჰკარგეს მხედველობის უნარი. ისევე, როგორც ამ ცხოველებს ძალუძთ ცხოვრება მხოლოდ იმ გარემოში, რომელშიაც ისინი თავიანთი სურვილით აღმოჩნდნენ, ასევე ადამიანის სულს ძალუძს ცხოვრება მხოლოდ ისეთი გარემოში, როგორიც მან თავად შეიქმნა თავისი საქმიანობით. ის ფაქტი, რომ დილით მე კვლავ იმ მდგომარეობაში ვიმყოფები, რომელიც შევიქმენი წინა დღით, წარმოსდგება მოვლენათა უშუალო მიმდინარეობისაგან. ის, რომ ჩემი ახალი განსხეულებისას მე ვპოულობ ჩემს გარშემო სამყაროს, რომელიც შეესაბამება ჩემი მოქმედების რეზულტატებს წარუსლ ცხოვრებაში, — ეს გამომდინარეობს იქიდან , რომ ჩემი ახლად განსხეულებული სულ ენათესავება მისი გარემომცველი სამყაროს საგნებს. აქედან გასაგებია, თუ რარიგ არის შთანერგილი სამშვინველი ადამიანის არსებაში. ფიზიკური სხეული მემკვიდრეობის კანონებს ექვემდებარება, ადამიანის სული კი კვლავ და კვლავ უნდა გასხეულდეს; მისი კანონი იმაში მდგოამრეობს, რომ გადმოიტანოს წარსულ ცხოვრებათა ნაყოფნი შემდგომ ცხოვრებაში. სამშვინველი ცხოვრობს აწმყოში მაგრამ ეს აწმყოში ცხოვრება დამოუკიდებელი როდია წინა ცხოვრებისაგან. განსხეულებისას სულს ხომ წარსული განსხეულებებიდან მოჰყვება თავისი ბედისწერა და ეს ბედისწერა განსაზღვრავს ცხოვრებას. როგორი შთაბეჭდილებები ექნება სამშინველს, როგორი სურვილები დაკმაყოფილდებიან, როგორი სიხარული და მწუხარებები ხვდებიან მას წილად, როგორც ხალხს შეხვდება იგი — ეს ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იყო მისი მოქმედება სულის წინა განსხეულებებში. ის ადამიანები, რომლებთანაც სამშინველი დაკავშირებული იყო ერთ-ერთ ცხოვრებაში, მან კვლავ უნდა იპოვოს რომელიმე შემდგომ ცხოვრებაში, ვინაიდან მათ შორის მომხდარ ამბებს უნდა მოჰყვეს თავისი შედეგები. ისევე, როგორც ეს ერთი სამშვინველი, აგრეთვე სხვებიც, მასთან დაკავშირებულნიც, უნდა ეცადონ მასთან ერთად განსხეულებას. ამრიგად, სამშვინველის ცხოვრება არის ბედის შედეგი, რომელიც თავად შეჰქმნა ადამიანის სულმა. ასე რომ, სამგვარად არის განპირობებული ადამიანის ცხოვრების გზა დაბადებასა და სიკვდილს შორის. სამგვარადვეა იგი დამოკიდებული იმ ფაქტორებზე, რომლებიც იმყოფებიან დაბადებისა და სიკვდილის ფარგლებს მიღმა. სხეული ექვემდებარება მემკვიდრეობის კანონს. სამშვინველი ექვემდებარება თავის მიერ შემქნილ ბედისწერას. ამ ბედისწერას, ადმიანის მიერვე შექმნილს, ჩვენ ვუწოდებთ ძველებურ სახელს — კარმას. ხოლო სული ექვმდებარება კანონს გარდასხეულებისას, ანუ რეინკარნაციისას — განმეორებადი მიწიერი ცხოვრებებისას, — ამის შესაბამისად ურთიერთობა სულსა, სამშვინველსა და სხეულს შორის შეიძლება შემდეგნაირად გამოიხატოს: სული წარუვალია; დაბადება და სიკვდილი ფიზიკური სამყაროს კანონებისამებრ ბატონობენ სხეულებრიობაზე; მშვინვიერი ცხოვრება კი, რომელსაც განაპირობებს ბედი, არის შუამდგომელი ამ ორს შორის მიწიერი ცხოვრების მანძილზე. მთელ შემდგომ ცოდნას ადამიანის არსების შესახებ წინ უნდა უძღოდეს “სამი სამყაროს” ცოდნა, რომელთაც ეკუთვნის ადამიანი. ამის შესახებ საუბარი გვექნება შემდგომში.

აზროვნება, რომელიც მიუკერძოებლად განიხილავს ცხოვრების მოვლენებს და რომელიც არ უფრთხის ცოცხლია განხილვიდან მიღებულ მსჯელობათა წყებას ბოლომდე მიჰყვეს, შესძლებს უბრალო ლოგიკის მეშვეობითაც შეიქმნას წარმოდგენა განმეორებადი მიწიერი ცხოვრებებისა და ბედისწერის კანონების შესახებ. რამდენადაც სიმართლეს წარმოადგენს ის, რომ სულიერად თვალახელილი მხილველისთვის წარსული ცხოვრებები, როგორც განცდა, წიგნივითაა გადაშლილი, ასევე მართალია ისიც, რომ ყოველივე ზემოთქმულის სინამდვილე შესაძლოა გამოუბრწყინდეს დამკვირვებელ გონებასაც. *

*ამის შესახებ ნათქვამია აგრეთვე წიგნის ბოლოს “შენიშვნებსა და დამატებანში”.

მსგავსი სტატიები

8 მთავარი მშვინვიერი პროცესი


მონაკვეთი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "როგორ მიიღწევა ზენა სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - II)


ადამიანის არსება თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი V)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სულის გარდა...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სამი სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო II. სამშვინ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო VI. ფორმააზ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - I)


შესავალი ადამიანის დანიშნულებისა და სამყაროს ზეგრძნობადი შემეცნებ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი X)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო V. ფიზიკური...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff