ავტორი: იოანე შენგელია
ძვირფასო მკითხველო, ნუ ჩათვლით, თითქოს მე ექსტრასენსორულ უნარებს ვფლობდე, ან რაიმე სახის მკითხაობას ვეწეოდე. წინამდებარე ტექსტი წარმოადგენს ჩემს პირად ნააზრევს, რომელიც გამოვიტანე იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მაქვს. კერძოდ კი, ასტროლოგიისა და ვექტორული ფსიქოლოგიის მეტ-ნაკლებად კარგად გაცნობის შედეგად.
როგორც აღვნიშნე, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, რომელიც ეყრდნობა და გამომდინარეობს გარკვეული ცოდნიდან ასტროლოგიისა და ვექტორული ფსიქოლოგიის ეგრეგორებზე. ხო მართლა, სასურველია ეგრეგორები და მათი მუშაობის მექანიზმი გესმოდეთ, რადგან სტატიის ბოლოს მცირე კომენტარს გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით.
მაშ ასე, დავიწყოთ "წინასწარმეტყველება"...
დავიწყოთ ასტროლოგიით.. როგორც ცნობილია, ასტროლოგიურად არსებობს ზოდიაქოს თანავარსკვლავედების ეპოქები, რომლებიდანაც თითოეული დაახლოებით და საშუალოდ 2000 წელი გრძელდება. ასევე, ინტერნეტში წააწყდებით მსგავს მასალებს: ლომის ეპოქაში ადამიანი გახდა ბრძანებელი ბუნებში, და ა.შ. კირჩხიბის ეპოქაში ადამიანი მიწადმოქმედებას და ოჯახურ სიტუაციებს შეეგუა. ტყუპების ეპოქაში განავითარა გადაადგილების და კომუნიკაციის საშუალებები, და ა.შ. და ა.შ.
ბოლო-ბოლო კი დაახლ. 2000 წლის წინ დაიწყო თევზების ეპოქა, რამაც, როგორც იტყვიან, შემოიტანა ქრისტიანობა, და ახლა უკვე იწყება მერწყულის ეპოქა. ალბათ გესმით, რომ როდესაც საუბარია ასეთი მასშტაბების ეპოქებზე, არ არსებობს დაწყება-დასრულების კონკრეტული თარიღები, მაგრამ მიახლოებით შეიძლება ითქვას, რომ მერწყულის ეპოქა იწყება და მალე სიღრმისეულად გაიდგამს ფესვებს.
რას შეიძლება ველოდოთ მერწყულის ეპოქაში? ბევრგან წააწყდებით ინტერნეტში, რომ მერწყულის ეპოქა მოიტანს ტექნიკურ გარღვევებს, კომუნიკაციის ახალ საშუალებებს, კოსმოსში გასვლებს, მეცნიერების სრულიად ახალ ფორმებს და ა.შ. და ა.შ. მაგრამ, ერთი საინტერესო ჰიპოთეზა მინდა შემოგთავაზოთ:
ვინაიდან ასტროლოგიის ეგრეგორში (უმეტეს შემთხვევაში) ითვლება, რომ კაცობრიობა გაჩნდა ლომის ეპოქაში, მაშინ გამოდის, რომ კაცობრიობას თავისი ზოდიაქალური ციკლის ნახევარი "ცხოვრება" შეუსრულდა, რადგან მერწყული მეშვიდე ნიშანს წარმოადგენს ლომისთვის. გამოდის, რომ მერწყულის ეპოქის დასაწყისისთვის კაცობრიობამ ზოდიაქალური ციკლით "ნახევარი ისტორია" გაიარა, მაშასადამე მერწყულის ეპოქა მოიტანს არა უბრალოდ სახეცვლილებას ჩვენს რეალობაში, არამედ რაღაც უფრო მეტს, რაც სიმბოლიზებას უკეთებს კაცობრიობას.
ეს შეიძლება იყოს ადამიანის გაქრობა ბუნებრივი სახით, და სხვა არსებით ჩანაცვლება. ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანი აღარ იქნება ადამიანი ამ ობიექტის ბუნებრივი განმარტებით (იმ განმარტებით, რაც ათასწლეულებია არსებობს). შეიძლება მაგალითად კვების და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მოხდეს ახლებური გზით, რასაც ტექნიკა უზრუნველჰყოფს, და სხვა მრავალი. მოკლედ, დიდი ალბათობით მერწყულის ეპოქა მოიტანს კაცობრიობის არა უბრალოდ ახალ რელსებზე გადაყვანას, არამედ ადამიანის არსობრივად შეცვლას, ისეთს, როგორიც აქამდე არასდროს მომხდარა.
კიდევ ერთი ელემენტი, რაც რამდენადმე ამყარებს ამ ჰიპოთეზას: მერწყულის ნიშანი მერვე ნიშანს წარმოადგენს კირჩხიბისთვის. კირჩხიბი კი განასახიერებს წარსულს, ფესვებს, ანუ იმას, საიდანაც მოვდივართ, რაღაც გაგებით კოლექტიურ ქვეცნობიერს, სადაც ისახება ჩვენი საფუძველი. შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი სისტემის დონეზე კირჩხიბი განასახიერებს ცოცხალი არსების ძირითად თავისებურებას - თვითგადარჩენის ინსტინქტს, რაც თავის მხრივ იწვევს მასში სიფრთხილის გაჩენას და სხვა მრავალს.
მერწყულის ეპოქას მერვე სახლის ვიბრაცია გააჩნია კირჩხიბისთვის, რაც იმით შეიძლება გამოიხატოს (ვიმეორებ, ეს ჩემი მოსაზრება და ვარაუდია), რომ სიცოცხლე, თავისი ბუნებრივი სახით გაქრება, მოკვდება, და მას ჩაანაცვლებს რაღაც ახალი, ტექნიკურად გამართლებული. მეტიც, მოკვდება წარსულის მნიშვნელობა, რადგან ადგილი უნდა დაეთმოს ახალი ტიპის არსებების ჩასახვას, რომლებიც აღარ იქნებიან კლასიკური ადამიანები. სიცოცხლე ტრანსფორმირდება.
ამიტომაც, არ იქნებოდა გასაკვირი, რომ პირველად კაცობრიობის ისტორიაში მოხდეს ადამიანის ბუნებრივი სახის არსობრივი შეცვლა. მაგალითად, მისი კვების და სხვა სახის ინსტინქტების გაქრობა, გადაპროგრამება, ან რაიმე სახით მათზე ზემოქმედება (მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ რა შეიძლება მოხდეს). ვფიქრობ, მერწყულის ეპოქა ახალ "სიტყვას" იტყვის ბუნებაში, სიცოცხლის საკითხებში.
ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან მერწყული არის ლომის (ღმერთის სიმბოლოს) საპირისპირო ნიშანი. თუ ლომი ღმერთის სიმბოლოა და წარმოადგენს შემოქმედებით საწყისს (მაგალითად, სამყაროს შემოქმედება ღმერთის მიერ), მაშინ მერწყულის ეპოქაში უნდა მოხდეს სამყაროს მოწყობის საიდუმლოებების გახსნა ადამიანურ დონეზე, მათემატიკური აპარატით და სხვა მერწყულისეული მეთოდებით. ყველაზე დიდი საიდუმლო კი, რაც ღმერთს შეუქმნია - ეს სიცოცხლეა. ამიტომაც, ლომის მეორე ნახევარმა (მერწყულმა) უნდა შეძლოს ამოხსნას ეს საიდუმლოება და თავად ალტერნატიული ფორმა შექმნას.
ამიტომაც, მერწყულის ეპოქაში ველით სამყაროს საიდუმლოებების გახსნის დიდ აფეთქებებს, რასაც თავის მხრივ წინ უძღვის მეცნიერებისა და ეზოთერიკის განვითარება, შესაძლოა მათი შერწყმაც. მოკლედ, ახლო მომავალში კაცობრიობას სიურპრიზები ელის.
ეს რაც შეეხებოდა მომავალს ასტროლოგიური გადმოსახედიდან. ახლა კი სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგიის გადმოსახედიდან შევხედოთ მომავალს.
აქაც, ცნობილია, რომ კაცობრიობის ისტორია იყოფა ეპოქებად. მაგალითად, იყო კუნთ-ორალური ეპოქა, ანალ-ორალური ეპოქა, ანალ-ვიზუალური და სხვა. ახლა კი არის კან-ყნოსვური ეპოქა, რომელიც მალე გადავა ურეთრალ-ყნოსვურ ეპოქაში. დაახლოებით და საშუალოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ კაცობრიობის უდიდეს ნაწილში "იმეფებს" ურეთრალ-ყნოსვური ეპოქა, რაც გაგრძელდება დაახლოებით ერთი საუკუნე მაინც. და, ბოლო-ბოლო 100-150 წლის მერე დაიწყება ურეთრალ-სმენის ეპოქა.
აი ამაზე შევჩერდეთ. რა შეიძლება მოგვინატოს ურეთრალ-სმენის ეპოქამ? რომელიც დაიწყება ასე 100-150 წლის მერე, ანუ როცა მერწყულის ეპოქა უკვე კარგად გაიდგამს თავის ფესვებს კაცობრიობაში..
ვინც "სვფ"-ში ერკვევით, შეგახსენებთ, რომ ურეთრალ-სმენური სცენარი ბოლო სცენარია. მის შემდეგ გაუგებარია რა სცენარში შევა კაცობრიობა. არსებობს სხვა და სხვა ჰიპოთეზები. მაგალითად უკუსვლით წამოვა კაცობრიობა, ანუ ისევ ურეთრალ-ყნოსვური, კან-ყნოსვური და ა.შ. და ასე ივლის "წინ და უკან" პერიოდულად. ანდაც, კაცობრიობა საერთოდ გაქრება თავისი ბუნებრივი სახით, და გადავა არსებობის ახალ დონეზე, სადაც თავიდან დაიწყება კუნთ-ორალური სცენარით ყველაფერი.
ჩემთვის, პირადად ეს ჰიპოთეზა მისაღებია. ვფიქრობ, ურეთრალ-სმენური ეპოქა, როგორც "ბოლო" ეპოქა, დაასრულებს ადამიანის ჩვენთვის ცნობილ ფორმას, და კაცობრიობა გადავა ახალ დონეზე, რომელზეც უკვე აღარ ვიქნებით ადამიანები ბუნებრივი სახით, არამედ არსებითად ახალი, სხვა არსებები, და ახალ "სხეულში" მოგვიწევს ისევ ევოლუციის გავლა, რათა აქაც სრულყოფილებას მივაღწიოთ (და ა.შ.). ანუ, თავიდან დაიწყება "სვფ"-ს სცენარები, რომლებიც ევოლუციას ემსახურება, უკვე ახალი ტიპის არსებებისთვის.
ეს ჰიპოთეზა კი რამდენადმე თანხმობაში და ანალოგიაში მოდის ზემოთ ნახსენებ ჰიპოთეზასთან, რომელიც ვახსენე, როდესაც მერწყულის ეპოქაზე ვსაუბრობდი. რატომ ვფიქრობ ასე? ახლავე აგიხსნით..
ჯერ დავიწყოთ იმით, რომ "სვფ"-ს ეს სცენარები ისეთნაირად არიან დალაგებული, რომ ეგრეგორის ევოლუციას ემსახურებიან. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ და ფსიქოლოგია დავივიწყოთ, "სვფ"-ს ვექტორები და მათი თანმიმდევრობა გამოხატავენ ნებისმიერი ეგრეგორის ევოლუციის სიმბოლურ გზას (ამასთან დაკავშირებით იხილეთ ეს ლინკი).
საკუთრივ, ურეთრალური ვექტორის ფუნქციაა ჯგუფის (გნებავთ ეგრეგორის) მომავლისკენ წაყვანა, გაძღოლა და ახალი სივრცეების დაპყრობა. არანაირი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და გარღვევა არ ხდება ურეთრალების გარეშე.
სმენის ვექტორს კი აქვს ეგრეთ წოდებული "ეგრეგორული ხედვა", ანუ მიმდინარე პროცესების მიღმა ხედავს რაღაც საერთოს, უფრო მასშტაბურს. ეს სიმბოლიზებას უკეთებს იმას, რომ სმენის ვექტორი "ბოლო" ვექტორია და პირველი სწორედ მან უნდა გახსნას ახალი ჰორიზონტი და დაანახოს თავის ეგრეგორს მასზე უფრო მასშტაბური ეგრეგორი, უფრო დიადი. სწორედ ამიტომ ეძლევა სმენას ეს "ეგრეგორული ხედვა".
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ურეთრალის ვექტორი მოცემულ ეგრეგორს მომავლისკენ "ისვრის", ხოლო სმენის ვექტორი ხედავს (ინფორმაციულად, და არა ენერგეტიკულად) უფრო მასშტაბურ ეგრეგორს, რასაც უნდა შეერწყას მოცემული ეგრეგორი. რადგან, ევოლუცია სწორედ ამაში გამოიხატება - მისწრაფება უფრო მაღალი დონის წყობისკენ.
ცხადია, არ ვამბობ იმას, რომ მხოლოდ ეს ორი ვექტორი წარმოადგენს ეგრეგორის ძირითად ფუნქციებს. ყველა ვექტორი და მათი კომბინაციები აუცილებელია ევოლუციისთვის, რადგან ყველაფერი ამას ემსახურება სამყაროში, უბრალოდ ახლა ამ ორ ვექტორზეა საუბარი.
მაშ ასე, რას შეიძლება ნიშნავდეს ურეთრალისა და სმენის ერთობლივი სცენარი?
ურეთრალი ფიზიკურად მომავლისკენ სვლაა, ხოლო სმენა იდეათა სამყაროა. ცხადია, ამ ორი ვექტორის კომბინაცია გვაძლევს ფიზიკურ (ანუ რეალურ) სვლას იდეათა სამყაროში, ანუ იდეის განხორციელებას. კერძოდ კი, კარგ ვარიანტში, ეს არის უფრო მაღალ ევოლუციურ დონეზე გასვლა, გარღვევა. როდესაც საუბარია კაცობრიობის მასშტაბებზე, მაშინ ურეთრალ-სმენური სცენარი ალბათ მოგვცემდა მთელი კაცობრიობის გადაყვანას ევოლუციურად ახალ დონეზე. თანაც, ეს არ იქნებოდა მხოლოდ იდეური და ინფორმაციული გარღვევა, არამედ რეალური, ფიზიკური.
ეს ყველაფერი კი აჩენს ვარაუდს, რომ ადამიანი არსობრივად შეიცვლება და მივიღებთ სხვა არსებას, სხვა ფუნქციონირებით. ეს იქნება ევოლუციურად უფრო მაღალ დონეზე მყოფი არსება, ვიდრე თავად ადამიანია ახლა. ამაში შეიძლება გამოიხატოს ურეთრალ-სმენური სცენარი (კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია).
რა მოხდება შემდგომ? ალბათ ევოლუციის გრძელ გზას გაივლის აწ უკვე ახალი ადამიანი (ახალი კაცობრიობა), და შესაძლოა იგივე "სვფ" სცენარებით, როგორიც კაცობრიობამ გაიარა და გადის დღემდე, რადგან ეს სცენარები წარმოადგენს ნებისმიერი ეგრეგორის ევოლუციის ერთ-ერთ საუკეთესო მოდელს.
მოკლედ, არ ვიცი რა მოხდება ერთი-ორი საუკუნის მერე. შესაძლოა კაცობრიობა გადაშენდეს საერთოდ, ან შესაძლოა ახალ პლანეტაზე გადავიდეთ საცხოვრებლად და სიცოცხლემაც ახალი სახე მიიღოს, ანდაც სულაც ანგელოზების რანგში გადავიდეთ, ანდა კიდევ სხვა მრავალი. მოკლედ, ეს მხოლოდ ვარაუდებია, მაგრამ ფაქტია, რომ არსობრივ და ძირეულ ცვლილებებს გეგმავენ ასტროლოგიისა და ვექტორული ფსიქოლოგიის ეგრეგორები.
აი ეს ბოლო წინადადება ძალიან მნიშვნელოვანია..
სწორედ რომ ეგრეგორები "გეგმავენ" ცვლილებებს. ასტროლოგიური ეპოქების ეგრეგორი საკმაოდ მძლავრი და პოტენციალური (დიდი ენერგიის მქონე) ეგრეგორია. შედარებით სუსტი, მაგრამ მაინც გავრცელებული ეგრეგორია ვექტორული ეპოქების ეგრეგორი. ორივე მათგანი ძლიერდება მით უფრო, რაც უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს მათზე (ან რაიმე სხვა სახით უკავშირდება მათ). თუნდაც, ამ ტექსტის დაწერით და თქვენს მიერ ამის წაკითხვით, ეს ეგრეგორები ძლიერდებიან.
მოკლედ, ეს ეგრეგორები "ემორჩილებიან" ენერგო-ინფორმაციული სტრუქტურის ჩვეულებრივ, აწ უკვე მრავალთათვის ცნობილ მექანიზმს. შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ამ ყველაფრის (ზემოთ "ნაწინასწარმეტყველები" მომავლის) თავიდან არიდება, პასუხი დადებითია. მაგრამ, ეს მოითხოვს იმდენ ენერგიასა და ძალისხმევას, რაც არც კი დაგსიზმრებიათ. ეს ეგრეგორები საუკუნეებია არსებობენ და ძლიერდებიან, მათ ღრმა ფესვები აქვთ გადგმული ცოცხალი სისტემების კოლექტიურ ქვეცნობიერში, და მოკლედ, რა საჭიროა ამ ყველაფრის თავიდან არიდება? ეს ხომ ჩვენს ევოლუციას ემსახურება?..
მაშ, წარმატებებს გისურვებთ!
გააზიარეთ, თუ მოგეწონათ...