ავტორი: ოშო რაჯნიში
მთარგმნელი: მამუკა გურული
რა არის პრანა და როგორ ავლენს იგი თავს შვიდი სხეულიდან თითოეულში?
პრანა, ეს ენერგიაა, ცოცხალი ენერგია ჩვენში, სიცოცხლე ჩვენში. თუ ვისაუბრებთ ფიზიკურ სხეულზე, ეს სიცოცხლე ვლინდება ჩვენში როგორც შემომავალი და გამავალი სუნთქვა. ეს ორი ურთიერთ საწინააღმდეგო რამეა. ჩვენ ისინი ერთი და იგივე გვგონია. ჩვენ ვამბობთ – „სუნთქვა“, მაგრამ სუნთქვაში ორი პოლუსია: შემომავალი სუნთქვა და გამომავალი სუნთქვა. ყოველ ენერგიაშია ურთიერთ საპირისპირო. ნებისმიერი ენერგია არსებობს ორ საპირისპირო პოლუსს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ იარსებებდა.
საპირისპირო პოლუსები მათი დაძაბულობით და ჰარმონიით ქმნიან ენერგიას, სწორედ ისევე, როგორც მაგნიტური პოლუსები. შემომავალი სუნთქვა სრულიად საპირისპიროა გამომავალისა და პირიქით. ჩასუნთქვა დაბადებას ჰგავს, ამოსუნთქვა კი სიკვდილს. ერთი მომენტის განმავლობაში ორივე ეს მოვლენა ხდება. როცა ჩაისუნთქეთ დაიბადეთ, ხოლო როცა ამოისუნთქეთ მოკვდით. ერთ მომენტშია ჩადებული სიცოცხლე და სიკვდილი. ეს პოლარობაა სასიცოცხლო ენერგიის აწევა და დაშვება. ასე ვლინდება სასიცოცხლო ენერგია ფიზიკურ სხეულში. სასიცოცხლო ენერგია დაიბადა და 70 წლის შემდეგ იგი კვდება. ეს მხოლოდ უფრო ფართო გამოვლინებაა იგივე მოვლენისა. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, დღე და ღამე.
ყოველ შვიდ სხეულში: ფიზიკურში, ეთერულში, ასტრალურში, მენტალურში, სულიერში, კოსმიურში და ნირვანას სხეულში იქნება შესაბამისი შემომავალი და გამომავალი მოვლენები. რაც შეეხება მენტალურ სხეულს – შემომავალი და გამომავალი აზრი იმავე ტიპის მოვლენაა, როგორიც სუნთქვა. აზრი ყოველ წამს მოდის თქვენს ჭკუაში და მიდის ჭკუიდან. თავისთავად აზრი ენერგიაა. მენტალურ სხეულში ენერგია ვლინდება როგორც აზრის მოსვლა და წასვლა, ფიზიკურში ვლინდება როგორც სუნთქვა – შემომავალი და გამომავალი. აი, რატომ შეგიძლიათ თქვენი აზროვნების შეცვლა სუნთქვის შეცვლით. მათ შორის შესაბამისობაა. თუ არ ჩაისუნთქავთ, აზრსაც ვერ მისცემთ შემოსვლის საშუალებას. გააჩერეთ სუნთქვა ფიზიკურ სხეულში, და აზრი გაჩერდება მენტალურში. როგორც ფიზიკურ სხეულში ჩნდება უსიამოვნების შეგრძნება, ასევე ჩნდება მენტალურშიც. ფიზიკური სხეული ეცდება ჩაისუნთქოს, მენტალური ეცდება – აზრი მიიღოს. ზუსტად ისევე, როგორც სუნთქვა შემოდის გარედან, და ჰაერი ჩვენს გარეთ არსებობს, ასევე ჩვენს გარეთაა აზრების ოკეანეც. აზრი მოდის და მიდის. თქვენი სუნთქვა შესაძლოა მომდევნო მომენტში ჩემი სუნთქვა გახდეს, თქვენი აზრი კი ჩემი აზრი. ყოველ ჯერზე, როცა სუნთქვას გარეთ გამოისვრით, თქვენ ასევე გარეთ ისვრით თქვენს აზრსაც. აზრი ზუსტად ისევე არსებობს, როგორც ჰაერი. ისვე როგორც ჰაერი შეიძება დაბინძურდეს, ასევე შეიძება აზრის დაბინძურებაც. როგორი მყრალიც შეიძლება იყოს ჰაერი, ასეთივე შეიძლება იყოს აზრიც.
თავისთავად სუნთქვა ეს არაა პრანა. სიტყვა პრანა ნიშნავს სასიცოცხლო ენერგიას, რომელიც ვლინდება ამ ურთიერთწინააღმდეგობებში: ჩასუნთქვაში და ამოსუნთქვაში, შესვლაში და გამოსვლაში. პრანა ეს ენერგიაა, რომელიც ჩასუნთქვას ანხორციელებს, და არა თავად ჩასუნთქვა. ის ენერგიაა, რომელიც ჩასუნთქვას ასრულებს და შემდეგ გარეთ გამოისვრის ჰაერს. ენერგია, რომელიც აზრს ისრუტავს და შემდეგ გარეთ ისვრის, ასევე პრანაა. ეს პროცესი ყოველ შვიდივე სხეულში მიმდინარეობს. ახლა მე ვსაუბრობ მხოლოდ ფიზიკურ და მენტალურ სხეულებზე, რადგანაც ეს ორი სხეული ჩვენთვის ცნობილია, ადვილად შეგვიძლია მათი გაგება, მაგრამ იგივე პროცესი მიდის თქვენი არსებობის ყველა დონეზე.
მეორე – ეთერულ – სხეულს შესვლის და გამოსვლის თავისი პროცესი აქვს. თქვენ შეიგრძნობთ ამ პროცესს ყოველ შვიდ სხეულში, მაგრამ იგრძნობთ ზუსტად ისე, როგორც შემავალი და გამომავალი სუნთქვა, რადგანაც ჩვენ ვიცნობთ მხოლოდ ფიზიკურ სხეულს და მის პრანას. მაშინ ყოველთვის არასწორად გაიგებთ. როცა არ უნდა გაგიჩნდეთ სხვა სხეულის, ან მისი პრანის შეგრძნება, თავიდან აღიქვამთ მას როგორც ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, რადგანაც თქვენ მხოლოდ ამ განცდას იცნობთ, პრანის მხოლოდ ეს გამოვლინება იცით. მაგრამ ეთერულ დონეზე არაა არც სუნთქვა და არც აზროვნება. ამ შემთხვევაში შედის და გამოდის ზეგავლენა, უბრალოდ ზეგავლენა. თქვენ შეხვედით კონტაქტში ვინმესთან, აქამდე უცნობ ადამიანთან. მას არც კი უსაუბრია თქვენთან, მაგრამ მისგან თქვენში რაღაც შემოვიდა. თქვენ ან მიიღეთ იგი, ან განაგდეთ. აქ ნატიფი ზეგავლენაა. შეგიძლიათ ამას დაარქვათ სიყვარული ან სიძულვილი, მიზიდულობა ან განზიდულობა. როცა რაღაც გიზიდავთ ან განგიზიდავთ – ეს თქვენი ეთერული სხეულია და ეს პროცესი ყოველ წამს ხდება. იგი არასოდეს მთავრდება. ყოველთვის ისრუტავთ ზეგავლენას, შემდეგ კი გარეთ აგდებთ. ყოველთვის იქნება მეორე პოლუსი. თუ ვიღაც გიყვარდათ, გარკვეულ მომენტში განზიდულობა გაგიჩნდებათ მისადმი. ასე რომ სიყვარულის ყოველ მომენტს მოსდევს სიძულვილის მომენტი.
სასიცოცხლო ენერგია პოლარულ ურთიერთწინააღმდეგობებში არსებობს. იგი არასოდესაა ერთ პოლუსზე. ეს შეუძლებელია და რაც არ უნდა ეცადოთ, შეუძლებელს ცდილობთ. არ შეგიძიათ ვინმე გიყვარდეთ ისე, რომ ხანდახან არ გძულდეთ. სიძულვილი იქნება, რადგანაც სასიცოცხლო ენერგია ვერ იარსებებს ერთ პოლუსზე. მეგობარი მტერი გახდება და ა.შ. ეს შესვლა და გამოსვლა მეშვიდე სხეულამდე გაგრძელდება. ვერც ერთი სხეული ვერ იარსებებს ამ პროცესის გარეშე – შესვლის და გამოსვლის. ეს შეუძლებელია. ისევე შეუძლებელია, როგორც ფიზიკური სხეულის არსებობა ჩსუნთქვის და ამოსუნთქვის გარეშე.
როცა საქმე ეხება ფიზიკურ სხეულს, ჩვენ არასოდეს ვთვლით ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას ურთიერთ წინააღმდეგობებად, ამიტომ არასოდეს ვდარდობთ მათზე. ცხოვრება არ აკეთებს განსხვავებას ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის. აქ არაფერია ასარჩევი, ორივე ერთი არსია, ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ როცა საქმე ეხება მეორე სხეულს, სიძულვილი არ უნდა იყოს, სიყვარული კი უნდა იყოს. აქ თქვენ დაიწყეთ ამორჩევა და ეს არჩევანი დარდს ბადებს. აი, რატომაა, რომ ფიზიკური სხეული როგორც წესი უფრო ჯანმრთელია, ვიდრე ეთერული. ეთერულ სხეულში გამუდმებული კონფლიქტია, რადგანაც მორალურმა არჩევანმა ჯოჯოხეთად აქცია იგი.
როცა თქვენთან სიყვარული მოდის, ნეტარებას გრძნობთ, ხოლო როცა სიძულვილი მოდის – ავადმყოფად გრძნობთ თავს. მაგრამ ის აუცილებლად მოვა, ამიტომ მცოდნე ადამიანი, რომელმაც იცის ურთიერთსაწინააღმდეგო პოლუსები, არ დარდობს, როცა იგი მოდის. ადამიანი, რომელმაც პოლუსები შეიცნო, მსუბუქად და თავისუფლად გრძნობს თავს. იგი გაწონასწორებულია, იცის, რომ ეს გარდაუვალია, ამიტომ არ ცდილობს შეყვარებას. არ უყვარს და არც სიძულვილს ქმნის. საგნები მოდიან და მიდიან. მას არ იზიდავს მოსვლა და არ განიზიდავს წასვლა. ის უბრალოდ მოწმეა. მისთვის ეს იგივეა, რაც ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. ამას ეძღვნება ბუდისტური მეთოდი ანაპანა-სატი-იოგა. იგი გთავაზობთ, რომ მხოლოდ მოწმე იყოთ შემავალი და გამომავალი სუნთქვისა. უბრალოდ იყავით მოწმე… და დაიწყეთ ფიზიკური სხეულით. ანაპანა-სატიში არაფერია ნათქვამი დანარჩენ ექვს სხეულზე, იმიტომ რომ ისინი თანდათანობით თავისთავად გამოვლინდებიან. რაც უფრო მეტად ცნობილი გახდება თქვენთვის ეს პოლარობა, ეს ერთდროული სიცოცხლე და სიკვდილი, დაბადება და სიკვდილი, მით უფრო მეტად გააცნობიერებთ მეორე სხეულის არსებობას. მაშინ სიძულვილისადმი განურჩეველნი გახდებით. სიყვარულია ეს, თუ სიძულვილი, იყავით განურჩეველნი მათდამი, და არ მიეჯაჭვოთ არავის, რადგან თუ მიეჯაჭვეთ, რა დაემართება მეორე პოლუსს? თქვენ ავად გახდებით, დაკარგავთ სიმსუბუქეს, ძალდაუტანლობას. თქვენ ამით ძალას ატანთ საკუთარ თავს.
ბუდა ამბობს: საყვარელი ადამიანის მოსვლას მიესალმებიან, წასვლისას კი ტირიან. საძულველი ადამიანის მოსვლა უბედურებაა, მისი წასვლა კი ბედნიერება. მაგრამ თუ მიეჯაჭვებით ამ საპირისპირო პოლუსებს, ჯოჯოხეთში აღმოჩნდებით. თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთი იქნება. თუ თქვენ უბრალოდ მოწმენი გახდით ამ პოლუსებისა, თქვენ ამბობთ: ეს ბუნებრივი მოვლენაა, ბუნებრივია შესაბამისი სხეულისთვის. ეს სხეული მხოლოდ ამის წყალობით არსებობს. სხვაგვარად არ შეუძია არსებობა. და როგორც კი გააცნობიერეთ ეს, მაშინვე გადალახეთ, ამაღლდით ამ სხეულზე. თუ მაღლდებით პირველ სხეულზე, აცნობიერებთ მეორეს არსებობას, ხოლო თუ მაღლდებით მეორე სხეულზე, აცნობიერებთ მესამის არსებობას. დაკვირვება, მოწმედ ყოფნა ყოველთვის სიცოცხლესა და სიკვდილის მიღმაა. ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა ორი განსხვავებული რამაა, და თუ დამკვირვებელი გახდით, აღარც ერთი ხართ და აღარც მეორე. მაშინ ვლინდება მესამე ძალა. ახლა თქვენ უკვე აღარ ხართ პრანას გამოვლინება ფიზიკურ სხეულში. ახლა თქვენ უკვე თავად ხართ პრანა, მოწმე. ახლა ხედავთ, რომ სიცოცხლე ფიზიკურ დონეზე ამ პოლარობის წყალობით ვლინდება. და თუ ეს პოლარობა შეწყდება, ფიზიკური სხეული აღარ იქნება. იგი შეწყვეტს არსებობას. მისი არსებობისთვის აუცილებელია დაძაბულობა. ესაა გამუდმებული დაძაბულობა მოსვლისა და წასვლისა, სიცოცხლისა და სიკვდილისა. იგი ამის წყალობით არსებობს. ყოველ წამს ამ ორ პოლუსს შორის მოძრაობს. სხვაგვარად იგი ვერ იარსებებდა.
მეორე სხეულში ძირითადი პოლარობაა სიყვარული და სიძულვილი. იგი ძალიან მრავალფეროვნად ვლინდება, მაგრამ ძირითადია: მომწონს – არ მომწონს. და ყოველ წამს თქვენი „მოწონება“ იქცევა „არ მოწონებად“, და პირიქით. ყოველ წამს… მაგრამ თქვენ თითქმის ვერ ამჩნევთ ამას. როცა „მოწონება“ „არ მოწონებად იქცევა“, თუკი თრგუნავთ ამ ზიზღს და ატყუებთ საკუთარ თავს, რომ ყოველთვის მოგეწონებათ ერთი და იგივე საგანი, ამით ორმაგად ასულელებთ საკუთარ თავს. ხოლო თუ რაღაც არ მოგწონთ, ასევე აგრძელებთ, რომ გეზიზღებოდეთ იგი და ვერ ამჩნევთ მომენტებს, როცა იგი მოგწონთ. ჩვენ ვთრგუნავთ საკუთარ თავში მტრების სიყვარულს და მეგობრების სიძულვილს. ყოველთვის დათრგუნულები ვართ. მხოლოდ ცალმხრივ მოძრაობას ვუშვებთ, ერთ პოლუსს. მაგრამ იმის წყალობით, რომ იგი კვლავ ჩნდება, ცუდს ვერაფერს ვხედავთ მასში. ის დაბრუნდა და ჩვენ მშვიდად ვართ, მაგრამ ეს მოძრაობა არაა მუდმივი, შეუძლებელია იყოს მუდმივი.
სასიცოცხლო ძალა მეორე სხეულში ვლინდება როგორც მიზიდულობა და ზიზღი, მაგრამ ისევე როგორც ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის ფიზიკური სხეულის დონეზე, ასევე ეთერული სხეულის დონეზეც მიზიდულობასა და ზიზღს შორის არ არის სხვაობა. აქ გარემო ზეგავლენაა, ფიზიკური სხეულის შემთხვევაში კი ჰაერი. მეორე სხეული ზეგავლენების ატმოსფეროში ცხოვრობს. შემთხვევით არ ხდება, რომ ვიღაც კონტაქტში შემოდის თქვენთან და გიყვარდებათ იგი. მარტოც რომ იყოთ ოთახში და არავინ მოდიოდეს, თქვენ მაინც ან გიყვართ, ან არ გიყვართ. გარეგნული ვითარება დიდ როლს არ თამაშობს. მიზიდულობა და განზიდულობა გამუდმებით შეცვლიან ერთმანეთს. სწორედ ამ პოლარობის წყალობით არსებობს ეთერული სხეული. ესაა მისი სუნთქვა. თუ ამის მოწმენი გახდებით, უბრალოდ გაგეცინებათ. მაშინ არ არის არც მტერი და არც მეგობარი. მაშინ უბრალოდ იცით, რომ ეს ბუნებრივი მოვლენაა. თუ გააცნობიერეთ მეორე სხეულის არსებობა, მისი მოწმე გახდით, მოწმე სიყვარულისა და სიძულვილისა, მაშინ შეგიძლიათ შეიცნოთ მესამე სხეული.
მესამე სხეული ასტრალურია. ისევე როგორც ზეგავლენაა ეთერულ სხეულში, ასტრალურ სხეულში მაგნეტიზმის ძალებია. მაგნეტიზმია მესამე სხეულის სუნთქვა. ერთ მომენტში თქვენ ძლიერი ხართ, მეორეში კი სუსტი. ერთ მომენტში იმედებით სავსე ხართ, მეორეში კი უიმედოდ ხართ. ერთში თავდაჯერებული ხართ, მეორეში კარგავთ საკუთარი თავის რწმენას. ესაა თქვენში მაგნეტიზმის შესვლა და გამოსვლა. არის მომენტები, როცა გგონიათ რომ ღმერთის დამარცხებასაც კი შეძლებთ, და არის მომენტები, როცა ჩრდილისაც კი გეშინიათ. როცა მაგნეტიზმის ძალა თქვენშია, როცა იგი თქვენში შემოდის, მაშინ დიდებული ადამიანი ხართ, როცა იგი წავიდა, არავინ ხართ. და ეს წინ და უკან მონაცვლეობს ზუსტად ისევე, როგორც დღე და ღამე. წრე ბრუნავს, ამიტომ ისეთ დიად ადამიანსაც კი, როგორიც ნაპოლეონი იყო, ჰქონდა უძლურების მომენტები, და ძალიან მხდალ ადამიანსაც კი აქვს სიმამაცის გაელვებები.
ძიუდოში არის ტექნიკა იმის გამოცნობისთვის, თუ როდისაა ადამიანი უძლური. ესაა ხელსაყრელი დრო მასზე თავდასხმისთვის. როცა იგი ძალებით სავსეა, აუცილებლად დაგამარცხებთ, ამიტომ უნდა ამოიცნოთ მომენტი, როცა მისი მაგნეტური ძალა მიდის და ამ დროს დაესხათ თავს. ასევე უნდა აიძულოთ თავს დაგესხათ მაშინ, როცა თქვენში შემოდის მეგნეტიზმის ძალა. ძალის შესვლა და გამოსვლა თქვენს სუნთქვას შეესაბამება. აი, რატომაა, რომ როცა რაღაც რთული გაქვთ გასაკეთებელი, სუნთქვას იკავებთ.
მაგალითად, როცა მძიმე ქვა გაქვთ ასაწევი, თქვენ ვერ ასწევთ მას ამოსუნთქვის დროს. მაგრამ როცა ჩაისუნთქავთ, ან სუნთქვას შეიკავებთ ჩასუნთქვის შემდეგ, შეძლებთ ამის გაკეთებას. შესაბამისად როცა მოწინააღმდეგე ამოისუნთქავს, თუ ის ნავარჯიშევი არაა, რომ მოგატყუოთ, ეს ის მომენტია, როცა მისგან მაგნეტური ძალა მიდის. ესაა საუკეთესო მომენტი თავდასხმისთვის. ამაშია ძიუდოს საიდუმლო. შეგიძლიათ თქვენზე ძლიერი მეტოქეც კი დაამარცხოთ, თუ იცით როდისაა იგი შეშინებული და უძლური. როცა მაგნეტური ძალა გამოვიდა მისგან, ის აუცილებლად უძლური იქნება.
მესამე სხეული მაგნეტიზმის ატმოსფეროში ცხოვრობს, ისე როგორც ჰაერში. გარშემო მის ირგვლივ ყველგან მაგნეტური ძალებია. თქვენ ჩაისუნთქავთ და ამოისუნთქავთ მათ. მაგრამ თუ დაიწყეთ ამ ძალების ჭვრეტა, თუ როგორ შემოდის და გადის იგი თქვენში, მაშინ არც ძლიერი ხართ და არც უძლური. თქვენ ამაღლდით ერთზეც და მეორეზეც.
მაშინ აღმოაჩენთ მეოთხე სხეულს – მენტალურ სხეულს, რომელშიც შედის და გამოდის აზრი. მაგრამ ამ შესვლა-გამოსვლასაც შესაბამისობა გააჩნია. როცა ჩასუნთქვის დროს მოგდით აზრი, ამ დროს იბადება ორიგინალური აზროვნება, როცა ამოისუნთქავთ, ეს უძლურების მომენტია. ამ დროს არანაირი ორიგინალური აზრი არ იბადება. ორიგინალური აზრის დაბადების დროს სუნთქვა ჩერდება. ეს შესაბამისობის გამოვლენაა. არაფერი არ იბადება, როცა აზრი მიდის. ის უბრალოდ მკვდარია. მაგრამ თუ ჭვრეტას დაიწყებთ და გააცნობიერებთ აზრების ამ მოსვლა-წასვლას, მაშინ შეძლებთ მეხუთე სხეულის შეცნობას. მეოთხე სხეულის ჩათვლით ამ მოვლენების გაგება არაა რთული, რადგანაც გარკვეული გამოცდილება გაქვთ. მეოთხეს შემდეგ ყველაფერი ძალზე უცნაური ხდება. მაგრამ რაღაცის გაგება მაინც შეიძლება, ხოლო როცა ამაღლდებით მეოთხე სხეულზე, მაშინ ამას კიდევ უფრო უკეთ გაიგებთ.
მეხუთე სხეულისთვის თავად სიცოცხლე წარმოადგენს ატმოსფეროს. ასე რომ მეხუთე სხეულში შესვლა სიცოცხლის წამია, ხოლო გამოსვლა – სიკვდილის. მეხუთე სხეულის გაგებით თქვენ გააცნობიერებთ, რომ სიცოცხლე არაა რაღაც თქვენში არსებული მოვლენა. ის უბრალოდ შემოდის და გადის, ზუსტად ისევე როგორც სუნთქვა. აი რატომ გახდა სუნთქვა და პრანა სინონიმები. ეს მეხუთე სხეულის დამსახურებაა. ამ სხეულში სიტყვა პრანა აზრს იძენს. ეს სიცოცხლეა: შემავალი და გამომავალი. ამიტომაც სიკვდილის შიში გამუდმებით თან დაგყვებათ. თქვენ უბრალოდ აცნობიერებთ, რომ სიკვდილი ახლოსაა, კუთხეში გელოდებათ, ყოველთვის აქაა. სიკვდილის, უმწეობის, სიბნელის შეგრძნება დაკავშირებულია მეხუთე სხეულთან. ეს ძალიან ბნელი და იდუმალი შეგრძნებაა, რადგანაც ბოლომდე ვერ აცნობიერებთ მას. როცა მეხუთე სხეულს მიუახლოვდით და მისი არსებობა გააცნობიერეთ, მაშინ იცით, რომ სიცოცხლე და სიკვდილი მხოლოდ მეხუთე სხეულის სუნთქვაა. ამის გაცნობიერების შედეგად კი ხვდებით, რომ შეუძლებელია მოკვდეთ, რადგანაც სიკვდილი არ წარმოადგენს თქვენთვის დამახასიათებელ ფენომენს, და ასევეა სიცოცხლეც. სიცოცხლეც და სიკვდილიც გარეგნული მოვლენებია, რომლებიც გემართებათ. თქვენ არასოდეს ყოფილხართ ცოცხლები და არასოდეს ყოფილხართ მკვდრები. თქვენ ხართ რაღაც აღმატებული ერთზეც და მეორეზეც. მაგრამ ამ აღმატებულობის, ტრანსცენდენციის გრძნობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ მოვიდეს, როცა გააცნობიერეთ სიცოცხლის და სიკვდილის ძალების ქმედება მეხუთე სხეულში.
ფროიდმა თქვა სადღაც, რომ ერთხელ როგორღაც იგრძნო ეს. იგი არ იყო იოგას ადეპტი, წინააღმდეგ შემთხვევაშ გაიგებდა ამას. მან ამას სიკვდილის ნება დაარქვა და ამბობდა, რომ ყოველი ადამიანი ხანდახან სიცოცხლისკენ ისწრაფვის, ხანდახან კი სიკვდილისკენ. ადამიანში ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ნებაა. ნება სიცოცხლისა და ნება სიკვდილისა. დასავლური ჭკუისთვის ეს სრულიად აბსურდული იყო. როგორ შეუძლია ამ ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ნებას ერთ პიროვნებაში არსებობა? მაგრამ ფროიდი ამბობდა, რომ რამდენადაც არსებობს თვითმკვლელობა, უნდა არსებობდეს სიკვდილის ნებაც. არც ერთ ცხოველს არ ძალუძს თვითმკვლელობა, რადგანაც არც ერთს არ შეუძლია თავისი მეხუთე სხეულის გაცნობიერება. იმისთვის, რომ თვითმკვლელობა განხორციელდეს, აუცილებელია ადამიანი აცნობიერებდეს თავის სიცოცხლეს, ცხოველები კი ვერ აცნობიერებენ ამას. მაგრამ აუცილებელია კიდევ ერთი რამ. იმისთვის, რომ თვითმკვლელობა განახორციელოთ, თქვენ ასევე არ უნდა აცნობიერებდეთ სიკვდილის თანამყოფობას. ჩვენ შეგვიძლია თვითმკვლელობა, რადგანაც ვაცნობიერებთ სიცოცხლეს და ვერ ვაცნობიერებთ სიკვდილს. ბუდას არ შეუძლია თვითმკვლელობის ჩადენა, რადგანაც ეს უსარგებლოა, უაზრობაა. მან იცის, რომ სინამდვილეში საკუთარი თავის მოკვლა შეუძლებელია. შეგვიძლია მხოლოდ თავი მოვაჩვენოთ. თვითმკვლელობა ეს მხოლოდ პოზაა, რადგანაც სინამდვილეში არც ცოცხლები ხართ და არც მკვდრები.
სიკვდილი იმყოფება მეხუთე პლანზე, მეხუთე სხეულში. ეს გარკვეული ენერგიის გამოსვლაა. თქვენ ხართ ის, ვისშიც ხორციელდება ეს შესვლა და გამოსვლა. თუ თავი გააიგივეთ პირველთან, შეგიძლიათ ჩაიდინოთ მეორე. თუ თავი გააიგივეთ სიცოცხლესთან, თუ სიცოცხლე შეუძებელი გახდა, მაშინ შეგიძლიათ თქვათ: „მე თავს მოვიკლავ“. ეს მეორე ასპექტია თქვენი მეხუთე სხეულის თვითგამყარებისა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ეფიქროს თვითმკვლელობაზე. რადგანაც სიკვდილი სიცოცხლის მეორე მხარეა. ეს მეორე მხარე შესაძლოა ან თვითმკვლელობად იქცეს, ან მკვლელობად. თუ სიცოცხლით ხართ შეპყრობილი, თუ ისე ხართ მასზე მიჯაჭვული, რომ გინდათ სრულიად უკუაგდოთ სიკვდილი, მაშინ შეძლებთ, რომ სხვა მოკლათ. სხვისი მოკვლით დააკმაყოფილებთ თქვენი სიცოცხლის წყურვილს. და ამგვარად ფიქრობთ, რომ ამის მერე აღარ მოკვდებით, რადგანაც ვიღაც სხვა მოკვდა. ყველას, ვინც მრავალრიცხოვანი მკვლელობა ჩაიდინა: ჰიტლერს, მუსოლინის, ყველას ძალიან ეშინოდა სიკვდილის. ისინი სიკვდილის გამუდმებული შიშის ქვეშ იყვნენ, ამიტომ ამ სიკვდილის პროეცირებას სხვებზე ახდენდნენ. ადამიანი, რომელსაც სხვისი მოკვლა შეუძლია, გრძნობს, რომ სიკვდილზე ძლიერია. მაგიური ფორმულის თანახმად, იგი თვლის, რომ თუ მოკვლა შეუძლია, ე.ი. სიკვდილი გადალახა, და რასაც სხვებს უკეთებს, სხვები ვერ გაუკეთებენ მას. თუ იმდენი ხალხი დახოცეთ, რომ საბოლოოდ თავი მოიკალით, ეს ამ პროექციის თქვენთან დაბრუნებაა. მეხუთე სხეულში, სადაც თქვენთან სიცოცხლე და სიკვდილი მოდის, არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვული არც ერთზე, არავიზე. თუ მიჯაჭვული ხართ, თქვენ არ იღებთ ამ პოლარობას მთელი სისავსით და ავად ხდებით.
მეოთხე სხეულის ჩათვლით ეს არც ისე რთული გასაგები იყო. მაგრამ სიკვდილის შეცნობა და მისი, როგორც სიცოცხლის მეორე ასპექტის მიღება, ყველაზე ძნელია. სიცოცხლის და სიკვდილის, როგორც პარალელების, როგორც ერთი და იგივეს შეცნობა, ეს ყველაზე რთულია, მაგრამ ასეთია მეხუთე სხეულის პოლარობა. ესაა პრანის თვისება მეხუთე სხეულში.
რაც შეეხება მეექვსე სხეულს, მისი გაგება კიდევ უფრო რთულია, რადგანაც მეექვსე სხეული უკვე აღარაა სიცოცხლე. მეხუთეს შემდეგ ქრება „მე“, „ეგო“. თქვენ ერთიანი ხდებით ყველაფერთან. ახლა რაც არ უნდა შევიდეს და გავიდეს თქვენში, ეს უკვე თქვენი აღარაა, რადგანაც აღარ არის „ეგო“. ყველაფერი კოსმიური ხდება, და ამიტომაც პოლარობა იღებს შექმნის და განადგურების ფორმას. მისი ატმოსფეროა შექმნის ძალა და განადგურების ძალა. ინდუისტურ მითოლოგიაში მათ ეწოდებათ ბრაჰმა და შივა. ბრაჰმა შემოქმედი ღვთაებაა, ვიშნუ შენარჩუნების, ხოლო შივა – დიადი სიკვდილის, განადგურების და გაქრობის, როდესაც ყველაფერი თავის პირვანდელ საწყისს უბრუნდება. მეექვსე სხეული ბრაჰმას და შივას ძალების სფეროს განეკუთვნება.
თქვენთან ყოველ წამს მოდის ქმნილება და ასევე ყოველ წამს ყველაფერი ნადგურდება, ასე რომ როდესაც იოგი ამბობს: „მე ვნახე შექმნა“ ან „მე ვნახე პრალაია (დასასრული)“, იგი საუბრობს მეექვსე სხეულზე. იქ არ არის ეგო. ყველაფერი რაც მოდის და მიდის, თქვენ ხართ. თქვენ ერთიანნი გახდით ამასთან. დაიბადა ვარსკვლავი? ეს თქვენი დაბადება მოხდა. გაქრა ვარკვლავი? ეს თქვენი გაქრობაა. ამიტომ ინდუისტურ მითოლოგიაში ნათქვამია, რომ სამყაროს ერთი ქმნილება ბრაჰმას ერთი სუნთქვაა. ეს – კოსმიური ძალა სუნთქავს. როცა ბრაჰმა ჩაისუნთქავს, ქმნილება ყოფიერებაში ვლინდება. დაიბადა ვარსკვლავი. ქაოსიდან იქმნებიან ვარსკვლავები. ყველაფერი ყოფიერებას უბრუნდება. ხოლო როდესაც იგი ამოისუნთქავს, ყველაფერი მიდის, ქრება, ყოფიერება არყოფნად იქცევა. აი, რატომ ვამბობ, რომ მეექვსე სხეულის გაგება ძალიან რთულია. მეექვსე სხეული არაა ეგოცენტრული. იგი კოსმიური ხდება. და მეექვსე სხეულში შეიცნობა ყველაფერი, რაც ქმნილებას ეხება. ყველაფერი, რაზეც მსოფლიოს რელიგიები საუბრობენ.
როცა საუბრობენ შექმნაზე, ან დიდ წარღვნაზე, დასასრულზე, საუბრობენ მეექვსე სხეულზე და მასთან დაკავშირებულ ცოდნაზე. დიდი წარღვნა იუდეურ-ქრისტიანულ მითოლოგიაში, ან ბაბილონურ და სირიულ მითოლოგიაში, ან პრალაია ინდუიზმში – ეს ერთი ამოსუნთქვაა. მეექვსე სხეულის ამოსუნთქვა. ეს კოსმიური განცდაა. თქვენ იქ არ ხართ. ადამიანი მეექვსე სხეულში, ვინც მიაღწია მეექვსე სხეულს, ყველაფერ მომაკვდავს დაინახავს როგორც საკუთარ სიკვდილს. მაჰავირას ჭიანჭველას მოკვლაც კი არ შეუძლია, და არა აჰიმსას (არაძალადობის) პრინციპის გამო, არამედ იმის გამო, რომ ეს მისი სიკვდილიცაა. ყველაფერი, რაც კვდება, მისი სიკვდილია. როცა აცნობიერებთ ამას – შექმნას და განადგურებას – ეს მეექვსე სხეულის ცნობიერებაა. რა საგანიც არ უნდა გაქრეს ყოფიერებიდან, რაღაც ახალი იქმნება. მზე კვდება და სადღაც ახალი იბადება. ეს სამყარო განადგურდება და ახალი გაჩნდება. ჩვენ მეექვსე სხეულშიც კი მიჯაჭვულობა გვაქვს: „კაცობრიობა არ უნდა განადგურდეს“. მაგრამ ყველაფერი, რაც იბადება, უნდა მოკვდეს. კაცობრიობაც კი. მისი განადგურებისთვის შეიქმნება ატომური ბომბები. და როგორც კი ამ ბომბებს ვქმნით, მაშინვე ჩნდება მისწრაფება, რომ სხვა პლანეტაზე გადავსახლდეთ. რადგანაც ეს ბომბები მიუთითებენ, რომ დედამიწა პოტენციურად თავის დასასრულს მიუახლოვდა.
ბრაჰმა, ეს მეექვსე სხეულის არსებაა. მეექვსე სხეულში თქვენ ბრაჰმა ხდებით. სინამდვილეში თქვენ გებულობთ ბრაჰმას და შივას – ორივე პოლუსს. და ვიშნუ ამ პოლარობის გარეთაა. ისინი ქმნიან ტრიმურტის – სამებას: ბრაჰმა, ვიშნუ და შივა. თუ თქვენ ჭვრეტთ ბრაჰმას და შივას, მაშინ თქვენ იცით მესამე, რომელიც ვიშნუა. ვიშნუა თქვენი რეალობა მეექვსე სხეულში. აი რატომ გახდა ვიშნუ ყველაზე ცნობილი ამ სამს შორის. ბრაჰმას იხსენებენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ იგი შემოქმედი ღმერთია, მას ერთ-ორ ტაძარში თუ ეთაყვანებიან. მას პატივს უნდა სცემდნენ, მაგრამ სინამდვილეში არ სცემენ პატივს. შივას უფრო მეტადაც კი ეთაყვანებიან, ვიდრე ვიშნუს – სიკვდილის შიშის გამო. მისი თაყვანისცემა ჩვენი სიკვდილის შიშიდან გამომდინარეობს. მაგრამ ცოტა თუ ეთაყვანება ბრაჰმას, რადგან აქ არაფერია საშიში. ჩვენ უკვე შექმნილები ვართ, ასე რომ ბრაჰმაზე აღარ ვფიქრობთ. იგია შემოქმედი, ამიტომ ყველა ტაძარი მისთვის უნდა შენდებოდეს, მაგრამ ასე არ ხდება. ყველაზე მეტად შივას ეთაყვანებიან. ამიტომაცაა მისი სახელობის ამდენი ტაძარი. მისი სიმბოლიზებისთვის ქვაც კი საკმარისია, წინააღმდეგ შემთხვევაშ ძნელი იქნებოდა ამდენი კერპის შექმნა. ამიტომ ქვაც საკმარისია. უბრალოდ დადგით სადმე ქვა – ესეც თქვენი შივა (იგულისხმება შივა-ლინგამი. მთარგმნ. შენიშვნა).
იმის გამო, რომ ჭკუას ასე ეშინია სიკვდილის, გვერდს ვერ ავუვლით შივას. მისი თაყვანისცემა ბუნებრივია. მაგრამ ვიშნუ უფრო ძირითადი ღვთაებაა. აი რატომ არიან რამა და კრიშნა ვიშნუს გამოვლინებები. ღვთაებრივი გამოვლინების ყოველი ავატარი ვიშნუს გამოვლინებაა. ბრაჰმა და შივაც კი ვიშნუს ეთაყვანებიან. ბრაჰმას შეუძლია იყოს შემოქმედი, მაგრამ იგი შემოქმედია ვიშნუსთვის. ეს ვიშნუს ორი სუნთქვაა – შემავალი და გამომავალი. ბრაჰმა – ჩასუნთქვა, შივა – ამოსუნთქვა. ვიშნუ კი მეექვსე სხეულის რეალობაა.
მეშვიდე სხეულში ყველაფერი კიდევ უფრო რთული ხდება. ბუდამ მეშვიდე სხეულს უწოდა ნირვანა-კაია, გასხივოსნების სხეული, რადგანაც ჭეშმარიტება, აბსოლუტი მეშვიდე სხეულშია. მეშვიდე სხეული ბოლოა, ამიტომ მასში შექმნა და განადგურებაც კი არაა, არამედ არის ყოფნა და არყოფნა. მეშვიდე სხეულში ქმნილება ყოველთვის რაღაც სხვისი შექმნაა და არა თქვენი. შექმნა იქნება რაღაც სხვისი შექმნა, ხოლო განადგურება რაღაც სხვისი განადგურება, და არა თქვენი. რადგანაც ყოფნა თქვენი ყოფნაა და არ ყოფნა თქვენი არ ყოფნა. მეშვიდე სხეულში ყოფნა და არყოფნა, არსებობა და არ არსებობა სუნთქვის ორი მხარეა. არაა საჭირო არც ერთთან გაიგივება.
ყველა რელიგია შეიქმნა მათ მიერ, ვინც მეშვიდე სხეულს მიაღწია. და აქ ენას მხოლოდ ორი სიტყვის გამოხატვა შეუძლია: ყოფიერება და არ ყოფნა. ბუდა არ ყოფნის ენით საუბრობს, გამომავალი სუნთქვის ენით, რადგანაც იგი ამბობს: „რეალობა არაფერია“. შანკარა საუბრობს ყოფიერების ენით და ამტკიცებს, რომ საბოლოო რეალობა ბრაჰმანია. შანკარა პოზიტიურ ცნებებს იყენებს, ბუდა კი ნეგატიურს, რადგანაც მან ამოსუნთქვა არჩია. მაგრამ ეს ერთადერთი არჩევანია, რაც შეუძლია ენას შემოგვთავაზოს. მესამე არჩევანი ის რეალობაა, რომელზეც შეუძლებელია რაიმეს თქმა. ყველაზე დიდი, რაც შეიძლება ითქვას, ესაა – „აბსოლუტური ყოფიერება“ ან „აბსოლუტური არ ყოფნა“. ამის თქმა შეიძება იმიტომ, რომ მეშვიდე სხეული აღემატება ამას. აქ ჯერ კიდევაა შესაძებელი ტრანსცენდენცია. მე შემიძლია რამე ვთქვა ამ ოთახზე, თუკი გავალ აქედან. თუ მოვახდენ ამ ოთახის ტრანსცენდენციას, გავალ აქედან და მივაღწევ სხვას, მაშინ შემიძლია გავიხსენო ეს ოთახი, მაგრამ თუ აქედან გავალ და უფსკრულში გადავიჩეხები, მაშინ ვერაფერს ვიტყვი ამ ოთახზეც კი. აქამდე, ყოველ სხეულზე საუბრისას შეგვეძლო სიტყვებით მოვჭიდებოდით, სიმბოლოებით გამოგვეხატა მესამე წერტილი, რადგანაც ამ დუალობების გარეთ მყოფი სხეულიც რჩებოდა. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მეშვიდე სხეულის ჩათვლით. მის იქით არაფრის თქმა არ შეიძება, რადგანაც იგი ბოლოა. მის მიღმა უსიტყვობაა.
მეშვიდე სხეულში გვიწევს ავირჩიოთ ყოფნასა და არ ყოფნას შორის, დასტურის და უარყოფის ენას შორის. არის მხოლოდ ორი არჩევანი. ერთია ბუდას არჩევანი, რომელიც ამბობს: „არაფერი არ რჩება“, ხოლო მეორე არჩევანი შანკარას არჩევანია. იგი ამბობს: „ყველაფერი რჩება“. რადგანაც საქმე ეხება ადამიანს, სამყაროს. ამ შვიდ განზომილებაში, შვიდ სხეულში სასიცოცხლო ენერგია მრავალ სფეროში ვლინდება. ყველგან, სადაც სიცოცხლის აღმოჩენა შეიძლება, არსებობს ეს პროცესები: შესვლის და გამოსვლის პროცესი. ამ პოლარობის გარეშე სიცოცხლე ვერ იარსებებს, ასე რომ პრანა ეს ენერგიაა, კოსმიური ენერგია, და პირველად ფიზიკურ სხეულში ვეცნობით მას. პირველად იგი ვლინდება როგორც სუნთქვა, და შემდეგაც სუნთქვად რჩება, სხვა ფორმებში: ზეგავლენებში, მაგნეტიზმში, აზრებში, სიცოცხლეში, ქმნილების პროცესში, ყოფიერებაში. როგორც კი ვაცნობიერებთ და ვჭვრეტთ მესამე წერტილს დუალიზმის გარეთ, მაშინვე ვმაღლდებით წინა სხეულზე. გადავდივართ პირველიდან მეორე სხეულში და ა.შ. მაგრამ მეშვიდე სხეულს მიღმა უსხეულობაა, უფორმობაა. მაშინ თქვენ გახდით წმინდა. მაშინ თქვენ აღარ ხართ დაყოფილი, აღარ არის პოლუსები. მაშინ არის ადვაიტა (არა ორი), არის ერთიანობა.