ცხადია, რომ სექსუალური დათრგუნვის და სექსუალური ტაბუების საერთო ატმოსფერო ბავშვის შინაურ გარემოცვაში უცილობლად აღწევს მის ფსიქიკაში, მაშინაც კი, თუ ამ თემაზე პირდაპირ არაფერი ითქმება.
ხმამაღლა გამოუხატავი გზავნილი ბავშვს შესაძლოა სიმინდის ბურბუშელას დილის ულუფასთან ერთად მიეწოდოს. დუმილმა ისევე შეიძლება გამოიწვიოს განპირობება, როგორც აკრძალვებმა. მაგალითად, თუ ბავშვის სხეულს ეხებიან და ეფერებიან ყველგან, გარდა ერთი ადგილისა, თანდათანობით ფორმირდება წარმოდგენა იმაზე, რომ ეს ადგილი - რაღაც აკრძალული, ბინძური და ხელშეუხებელია.
ჩემს შემთხვევაში სექსუალური აღზრდა უფრო ცხადი იყო. მე ადრე აღმოვაჩინე ჩემთვის მასტრუბაცია. ალბათ სამნახევარი ან ოთხი წლის ვიყავი, როცა მასტრუბაციის ფაზა ღიად გავიარე - უბრალოდ ჟიმ-ჟიმ, ნიამ-ნიამ - გემრიელი, თბილი, სასიამოვნო შეგრძნებები გენიტალიების მიდამოში. რაღაც მომენტში დედამ მითხრა: „არ გააკეთო ასე, განსაკუთრებით როცა გარშემო ხალხია“.
მე გავიარე სწავლების სრული კურსი, თუ როგორ მქონოდა ხელები ღამე საბნის ზემოდან, და ეს მოიცავდა როგორც მოთაფვლის სისტემას (შოკოლადის ორცხობილა სწორი ქცევის სანაცვლოდ), ასევე მსუბუქ სასჯელს დაუმორჩილებლობისთვის. ეს იყო კარგაად გათვლილი მცდელობა იმისა, რომ თავი დამენებებინა მასტრუბაციისთვის, მაგრამ რაღაცნაირად ყოველთვის ვიცოდი - რასაც ვაკეთებდი, კარგი იყო. მაინც ვერ დავიჯერე, რომ ეს ცუდია. უბრალოდ მჭირდებოდა, რომ ჩემი საიდუმლო შემენახა. სანამ ჩემი მშობლები ვერ მიხვდებოდნენ, რომ ამას ვაკეთებდი, ყველაფერი წესრიგში იყო. და მთელი ბავშვობის და მოზარდობის განმავლობაში მასტრუბაცია ჩემს საიდუმლო თანამგზავრად რჩებოდა.
სექსუალური აღზრდის (უფრო სწორი იქნება თუ ამას „ანტი-სექსუალურ აღზრდას“ დავარქმევთ) შემბოჭველი ზემოქმედების გარდა არსებობს ასევე სექსუალური ძალადობის ზემოქმედებაც. ესაა უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც გადაჭიმულია მოხუცი ნათესავების ვნებიანი მზერისგან, ბავშვებთან განხორციელებულ სექსუალურ აქტამდე - ზრდასრულების, უფროსი ძმების ან დების მიერ.
სულ ცოტა ხანია, რაც ამ ძალიან ინტიმურ და პირადულ თემაზე საჯარო დისკუსიები დაიწყეს, რის შედეგადაც გაჩნდა გაგება იმ ფაქტისა, რომ თითქმის ყველა ბავშვი, ასე თუ ისე, სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი ხდებოდა - ფიზიკურად თუ არა, სპეციფიური მზერის ან საუბრების სახით მაინც.
ანიშა დილანის წიგნიდან: "ტანტრა - გზა ნეტარებისკენ"
სრული წიგნის სანახავად გადადით ამ ლინკზე.