სადჰგურუ - 7 ყველაზე გავრცელებული მითი იოგას შესახებ

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

მთარგმნელი: ლიკა მარღანია წყარო   ძალიან ბევრი მისდევს დღეს მსოფლიოში „იოგას“, რომელსაც...

top 7 myths about yoga busted 0

მთარგმნელი: ლიკა მარღანია

წყარო

 

ძალიან ბევრი მისდევს დღეს მსოფლიოში „იოგას“, რომელსაც მცირე რამ თუ აკავშირებს ნამდვილ იოგასთან. უამრავი მითი ამ უძველესი პრაქტიკის შესახებ, დიდი ხანია, ‘რეალობასთან’ ასოცირდება. თვით სადჰგურუს სიტყვებით რომ ვთქვათ, დროა სასრული დაედოს იოგას მისტიფიცირებას.

მითი #1: იოგა სათავეს ჰინდუში იღებს

სადჰგურუ: იოგა იმდენადვეა ჰინდუ, რამდენადაც მიზიდულობა - ქრისტიანული, მხოლოდ იმიტომ, რომ მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა ისააკ ნიუტონმა, რომელიც ქრისტიანულ კულტურაში მოღვაწეობდა. და, როგორ ფიქრობთ, ეს საკმარისი მიზეზია, რომ მიზიდულობას ქრისტიანული წარმომავლობა მივაწეროთ? იოგა არის ტექნოლოგია. ნებისმიერს, ვისაც სურს მისი გამოყენება, თავისუფლად შეუძლია, გამოიყენოს იგი.

რატომ მიაწერეს ჰინდუს იოგური მეცნიერება უცოდინარმა ადამიანებმა? იმიტომ რომ ეს მეცნიერება და ტექნოლოგია აღმოცენდა და გაიფურჩქნა სწორედ ამ კულტურაში, და, ბუნებრივად, ასოცირდა ჰინდუს ცხოვრების წესთან. სიტყვა „ჰინდუ“ წარმოდგება სიტყვიდან „სინდჰუ“, რაც ნიშნავს მდინარეს. რადგან ეს კულტურა აღმოცენდა მდინარის სინდჰუს, ან ინდუს ნაპირებზე, მას ჰინდუს კულტურა ეწოდა. ეს გეოგრაფიული და კულტურული იდენტურობაა. ჰინდუ არ არის „იზმი“ – ეს არ არის რელიგია. ეს გეოგრაფიული და კულტურული წარმომავლობის გამოხატულებაა.

მითი #2: რატომ ადამიანი, თუკი შეგიძლია იყო ხრაშუნა ნამცხვარი? იოგა სხეულის წარმოუდგენელი პოზიციონირების შესახებაა.

impossible posturesსადჰგურუ: როდესაც წარმოვთქვამთ სიტყვას „იოგა“, ადამიანთა უმრავლესობა მსოფლიოში მხოლოდ ასანას (ერთ-ერთი ცნობილი პოზა იოგაში) წარმოიდგენს. იმ მრავალ თემას შორის, რომელსაც იოგას სწავლება იკვლევს - ეს სიცოცხლის ყველა ასპექტს ეხება - დღევანდელმა მსოფლიომ გადაწყვიტა წარმოიდგინოს იოგა მხოლოდ მისი ფიზიკური ასპექტით. იოგურ სისტემაში ძალიან მცირე მნიშვნელობა ენიჭება ასანას. იოგას ორასზე მეტ სუტრაში ასანას მხოლოდ ერთი სუტრა ეძღვნება. რატომღაც, დღევანდელობაში, სწორედ ამ ერთ სუტრას მიენიჭა სხვა დანარჩენზე უპირატესი მნიშვნელობა.

ეს ძალიან მრავლისმთქმელი ფაქტია და მკაფიოდ გამოხატავს, თუ საით მიდის მსოფლიო. თანამედროვე მსოფლიოს წინსვლა (‘მოგზაურობა’) მხოლოდ ამაში გამოიხატება, ღრმა განზომილებებიდან, ანუ, სულიერიდან - სხეულისკენ. სწორედ ეს არის, რისი შემობრუნებაც გვსურს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა თავიანთი ‘მოგზაურობა’ დაიწყონ სხეულიდან და მიმართონ იგი შინაგანი ბუნებისკენ.

მე არ გამაჩნია დეპრესიში ჩავარდნის უნარი, სხვა შემთხვევაში, აუცილებლად დავითრგუნებოდი იმის შემხედვარე, თუ რა გზით ხდება ჰათჰა იოგას პრაქტიკის დანერგვა და გამოყენება მსოფლიოს გარშემო და როგორი წარმოდგენაც ჩამოუყალიბდა ადამიანებს მის შესახებ. პრაქტიკა, რასაც ჩვენ ვხედავთ - მისი მექანიკა - მარტივად, მხოლოდ სხეულს უკავშირდება. თუ თქვენ მას სული თუ არ შთაბერეთ, სხვა გზით ის ვერ გაცოცხლდება. ამიტომაცაა, რომ ტრადიციულად ძალიან დიდი წნეხის ქვეშ ატარებენ ცოცხალ გურუებს. იოგური სისტემა თქვენი სისტემის ჭკვიანურ, საჭირო მანიპულირებას ახდენს, რომ იგი სხვა, ახალ დონეზე აიყვანოს. იოგა არის ის, რაც საშუალებას გაძლევთ ჩაწვდეთ თქვენს უფრო მაღალ ბუნებას. ყოველი ასანა, ყოველი მუდრა, სუნთქვის ნებისმიერი ტექნიკა - ეს ყველაფერი - ამ მიზანს ემსახურება.

მითი #3: გსურთ ექვსდანაყოფიანი მუცლის ფარი? იოგა გთავაზობთ საუკეთესო ვარჯიშების კურსს.

სადჰგურუ: თუ თქვენ მხოლოდ ფიტნესი გაინტერესებთ, თუ გსურთ ექვსდანაყოფიანი, ან უფრო მეტად დაყოფილი მუცლის ფარი გქონდეთ, გირჩევთ, წახვიდეთ და ჩოგბურთი ითამაშოთ, ან მთებში იაროთ ფეხით. იოგა არ გახლავთ ვარჯიში, მისი არსი სხვა განზომილებებითაა დატვირთული. ფიტნესი განსხვავებული განზომილებაა - დიახ - თქვენ შეგიძლიათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა იოგას მეშვეობით, მაგრამ ექვსდანაყოფიან მუცლის ფარს ვერ მიიღებთ. თუ იოგას მხოლოდ კალორიების დასაწვავად, ან კუნთების გასამაგრებლად მისდევთ, რა თქმა უნდა, თქვენ არასწორ იოგას აკეთებთ, ამაში ორი აზრი არ არის. მუცლის კუნთების გასამაგრებლად, შეგიძლიათ სპორტდარბაზს მიაშუროთ. იოგას პრაქტიკა სულ სხვა, აზრიან, მშვიდ მიდგომას საჭიროებს და არ გულისხმობს ძალისმიერ კუნთის გამაგრების საშუალებას, რადგან იოგა არ არის უბრალოდ ვარჯიში.

ფიზიკურ სხეულს თავისი მეხსიერების სტრუქტურა გააჩნია. თუ გსურთ, ‘წაიკითხოთ’ ეს ფიზიკური სხეული, ყველაფერი - როგორ შეიქმნა და განვითარდა ეს კოსმოსი ‘არაფრიდან’ დღევანდელ სახემდე - ეს ყველაფერი თქვენს სხეულში ‘ჩაწერილია’. როდესაც აკეთებთ ასანას, თქვენ აღებთ მეხსიერების კარს და ცდილობთ შეცვალოთ ეს ცხოვრება მისი ალტერნატიული შესაძლებლობით. თუ ჰათჰა იოგა შესატყვის გარემოში ისწავლება, ეს არაჩვეულებრივი პროცესია თქვენი სისტემის ფორმირებისთვის, რათა ის გადაიქცეს საუკეთესო ‘ჭურჭლად’, საოცარ მექანიზმად, რომელსაც ძალუძს ღვთაებრივის აღქმა და მიღება.

მითი #4: იოგამ გლობალურ მასშტაბებს მხოლოდ წინა საუკუნეში მიაღწია

2

სადჰგურუ: დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირი მცდარი გამოვლინებითა და დამახინჯებებით მიმდინარეობს მისი პრაქტიკაში გამოყენება, ისიც საქმეა, რომ სიტყვამ „იოგა“ მსოფლიო ცნობადობა შეიძინა. არ არსებულა არც ერთი ორგანიზებული სტრუქტურა, რომელიც ამ პროპაგანდას გასწევდა, მაგრამ, როგორღაც, მან თავი გადაირჩინა და დღემდე მოაღწია, რადგან ეს იყო სწორედ ის, რამაც საუკეთესოდ იმუშავა ადამიანის კეთილდღეობის მისაღწევად საოცრად ხანგრძლივი დროის მანძილზე.

მილიონობით ადამიანი მისდევს ამ პრაქტიკას, მაგრამ საიდან მოდის ეს? ვინ მისცა იოგას დასაბამი? ეს ამბავი ძალიან გრძელია. მისი ასაკი სადღაც შორეული დროიდან აითვლება. იოგურ კულტურაში, შივა ცნობილია, არა როგორც ღმერთი, არამედ როგორც ადი-იოგი, ანუ პირველი იოგი - იოგას ფუძემდებელი. ის იყო პირველი, ვინც ეს თესლი გააღვივა ადამიანთა გონებაში.

შივას სწავლების პირველ ნაწილს მისი ცოლი პარვატი ეზიარა. მეორე ნაწილი იოგას სწავლებებისა გადაეცა პირველ შვიდ მოწაფეს. ეს მოხდა მდინარე კანტი საროვარის ნაპირებზე კედარნათჰთან. პირველად სწორედ აქ დაიწყო იოგას პროგრამის სწავლება მსოფლიოში.

მრავალი წლის შემდეგ, როდესაც იოგას ცოდნის გადაცემა დასრულდა, შედეგად მივიღეთ შვიდი სრულად გასხივოხსნებული არსება - შვიდი რჩეული ბრძენკაცი, რომლებიც დღეს ცნობილი არიან საპტა რიშების სახელით. მათ აღმერთებენ და პატივს მიაგებენ ინდურ კულტურაში. შივამ თითოეულს ამ შვიდი ადამიანიდან სხვადასხვა ასპექტები გაუხსნა და სწორედ ამ ასპექტებმა შეადგინეს შემდგომ იოგას შვიდი საბაზისო ფორმა. იოგა დღემდე ინარჩუნებს ამ შვიდ გამორჩეულ ფორმას.

საპტა რიშები გაგზავნეს შვიდი სხვადასხვა მიმართულებით მსოფლიოს შვიდ კუთხეში, რათა მიეტანათ ცოდნა იმ განზომილების შესახებ, რომლის მეშვეობითაც ადამიანს შეუძლია განვითარდეს და გაცდეს თავის დღევანდელ საზღვრებსა და კომპულსურობას.

ერთმა ცენტრალურ აზიას მიაშურა, მეორემ შუა აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას, მესამემ სამხრეთ ამერიკას, ერთი იქვე დარჩა ადი-იოგთან, მეხუთემ ჰიმალაის ქვედა რეგიონებს მიაშურა, მეექვსემ აღმოსავლეთ აზიას და მეშვიდემ ინდოეთის სუბკონტინენტს (ინდოსტანის ნახევარკუნძულს). დრომ ბევრი რამ გაანადგურა, მაგრამ, თუკი, იმ ქვეყნების კულტურას ყურადღებით დავაკვირდებით, აუცილებლად შენიშნავთ ამ ადამიანთა ღვაწლისა და შრომის დღემდე ცოცხლად შემონახულ მკრთალ ნაკვალევს. მას უამრავი განსხვავებული ელფერი და ფორმა შეუძენია და შეცვლილა მისი მდგომარეობა, თუმცა კვალი მაინც იკითხება.

მითი #5: მოძებნე შენი ექსტაზი. იოგა & მუსიკა უხდება ერთმანეთს.

usicyoga

სადჰგურუ: იქ, სადაც ასანას აკეთებთ, არ უნდა იყოს მუსიკა, არც სარკე. ჰათჰა იოგა მოითხოვს თქვენი სხეულის, გონების, ენერგიისა და შინაგანი არსის გარკვეულ ჩართულობას. თუ გსურთ მიაღწიოთ იმის ჩართულობას, რასაც თქვენი შინაგანი შემოქმედი, წყარო ჰქვია, ეს თქვენი სხეულის, თქვენი გონების, თქვენი ენერგიის სრულ ჩართულობას საჭიროებს. მას გარკვეული მოწიწებით და ფოკუსირებით უნდა მიუდგეთ. ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ მისვლა, მუსიკის მოსმენა და რაღაცის კეთება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იოგას სტუდიებში არის ის, რომ მასწავლებელი თან ასანას აკეთებს და თან ლაპარაკობს. ეს უცილობლად დიდ ზიანს მოგიტანთ.

ასანას დროს ლაპარაკის აკრძალვა არ არის მხოლოდ რაღაც ნორმა, ეს კანონია. არასოდეს არ უნდა ილაპარაკოთ სხეულის პოზიციონირებისას. სუნთქვა, მენტალური ფოკუსირება და ენერგიის სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ასანას აკეთებთ. თქვენი ლაპარაკით თქვენ ყველაფერს ანადგურებთ. სულ ცოტა, რვა-ათი ადამიანი მაინც მოსულა ჩვენთან სერიოზული დისბალანსის პრობლემით, რომელიც ჩვენ გამოვუსწორეთ. თუ არ ვცდები, ოთხმა მათგანმა საერთოდ დაანება თავი პროფესიას, რადგან ისინი მიხვდნენ, რა უაზრობას აკეთებდნენ.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამერიკაში გახლდით, მავანმა თავის იოგას სტუდიაში სიტყვის სათქმელად მიმიწვია. მე მივედი მის სტუდიაში, სადაც მუსიკა უკრავდა - ჩანგ, ჩანგ, ჩანგ - რათა ყველას ენთუზიაზმი ეგრძნო. ეს ქალბატონი ardhamatsyendrasana-ს პოზაში იყო და თან ჯგუფის წევრებს ელაპარაკებოდა. როგორც კი დამინახა, ის ახტა მაგიდიდან, მომეახლა და გადამეხვია.

მე გვერდზე გავიყვანე და ვუთხარი: „ხედავთ, ასე თქვენ სერიოზულ დისბალანსს მოუტანთ თქვენს სისტემას. რამდენი ხანია, რაც ამით ხართ დაკავებული?” მან თქვა, რომ სადღაც 15, თუ 16 წელი იქნებოდა. ვუთხარი, „თუ თქვენ თექვსმეტი წელია ამას აკეთებთ, მაშინ თქვენ აუცილებლად უნდა გაწუხებდეთ ეს, ეს, ესა და ეს“. მან შეშინებულმა შემომხედა და მომდევნო დღეს მოვიდა ჩემთან და მითხრა: „სადჰგურუ, ყველაფერი მაწუხებს, რაც თქვენ ჩამომითვალეთ. ყველანაირ მკურნალობას გავდივარ ექიმებთან“. მე ვუთხარი, „თქვენ არ გჭირდებათ ექიმი, თქვენ თვითონ იწვევთ ამ პრობლემებს. როგორც კი დაასრულებთ ამის კეთებას, ეს პრობლემებიც გაქრება“. წელიწადნახევრის შემდეგ, მან დაანება თავი იოგას სწავლებას.

ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვინც იოგას არასწორად აკეთებდა, დაკარგა თავისი მენტალური ბალანსი. ეს იმიტომ კი არა, რომ იოგა საფრთხის შემცველი პრაქტიკაა. უვიცობა მუდამ წარმოადგენდა ამ პლანეტაზე უდიდეს საფრთხეს. რაღაც სისულელეს ჩაიდენთ, რაც ზიანს მოგიტანთ. უვიცობა ყოველთვის საფრთხის შემცველი იყო ამ პლანეტაზე, უხსოვარი დროიდან.

მითი #6: გჭირდებათ იოგას სწავლების ხელმძღვანელი? შეგიძლიათ წიგნიდან ისწავლოთ.

bookyoga

სადჰგურუ: დღეს, შეხვალთ ნებისმიერ დიდ წიგნის მაღაზიაში და იქ მინიმუმ 15-20 სხვადასხვა წიგნს ნახავთ იოგას შესახებ. როგორ შევისწავლოთ იოგა 7 დღეში, როგორ გავხდეთ იოგი 21 დღეში... ძალიან ბევრმა ადამიანმა უდიდესი ზიანი მოუტანა თავს იოგას წიგნებიდან შესწავლით. ერთი შეხედვით, მარტივი ჩანს, მაგრამ, როდესაც პრაქტიკულად შეუდგებით საქმეს, საკმაოდ სათუთი ასპექტია. ეს სრული გააზრებითა და საჭირო მითითებებით უნდა გაკეთდეს. ამის გარეშე, ადამიანს, შესაძლოა, დიდი პრობლემები შეექმნას. წიგნს შეუძლია შთაგაგონოთ, მაგრამ ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც პრაქტიკის დაუფლებაში გამოგადგებათ.

მითი #7: იოგა შეგიძლიათ აკეთოთ ყოველ დილა-საღამოს.

სადჰგურუ: იოგა არ არის ის პრაქტიკა, რომელიც დილა-საღამოს უნდა აკეთოთ. ეს ცხოვრების გარკვეული წესია. ადამიანი უნდა ეზიაროს იოგას. თუკი ეს დილა-საღამოს იოგაა, დანარჩენი დრო კი გაურკვეველი დახლართულობა - ეს არ არის იოგა, ეს მხოლოდ იოგას ვარჯიშებია.

არ არსებობს ცხოვრების ასპექტი, რომელიც არ არის ჩართული იოგურ პროცესში. თუ თქვენი ცხოვრება თვით იოგა გახდება, ჩათვალეთ, რომ თქვენთვის შეუძლებელი არაფერია. თქვენ ოჯახსაც მოუვლით, ოფისშიც ივლით, თქვენს ბიზნესსაც წარმართავთ, თქვენ იოლად მოაგვარებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც გსურთ, როდესაც იოგა თქვენი ცხოვრების წესი გახდება. ცხოვრების ნებისმიერი ასპექტი შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ცხოვრების გასართულებლად, ან თქვენს გასათავისუფლებლად. თუკი თქვენ მას იყენებთ ცხოვრების გასართულებლად, ჩვენ ამას კარმას ვუწოდებთ. თუ თქვენ მას გასათავისუფლებლად იყენებთ - ეს არის იოგა.

 

 

მსგავსი სტატიები

ადამი და ევა


მონაკვეთი იოგანანდა პარამაჰამსას წიგნიდან “იოგის ავტობიოგრაფია” ...

სურია ნამასკარი - მზის მისალმება


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო კომპლექსი სურია ნამასკარი, რ...

სიყვარულის ოთხი წესი ბუდას თანახმად


მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო   1. მაიტრი. მაიტრი ითა...

სხეული - ტანჯვის წყარო თუ ბედნიერების?


ავტორი: მამუკა გურული სულზე ასხ-მული სხ-ეული ერთი მხრივ გამოვლინ...

სუფიური ფსიქოტექნიკა


სუფიზმი (არაბ. ატ-ტასავუფ) - სიტყვა, რომელსაც არ აქვს ერთვაროვანი ი...

სუნთქვა - ხიდი სამყაროსკენ


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

ძენ-კოანები (ნაწილი პირველი)


ნაწილი პირველი მთარგმნელი: თინა ლომაძე ბანცოს ხმლის გემო მატაჯ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff