გონების სიმშვიდის მოპოვების ცხრა ეტაპი - სპილოს გზა

Admin
ფსიქოლოგია იოგა და ტანტრა
0
0

მთარგმნელი: ლილა

წყარო

ქვემოთ მოცემულია მაჰამუდრას სწავლების შამათჰას ნაწილის სრული აღწერა, რომელიც სპილოს გზის სახელით არის ცნობილი. ეს სისტემა ჯერ კიდევ მე-4 საუკუნიდან გამოიყენებოდა. მეთოდის დეტალური ინსტრუქციები მოცემულია დენ ბრაუნის წიგნში სახელწოდებით ,,მითითებები დიად გზაზე'' (გამომცემლობა: Wisdom Publications). ამ მასალის პირველწყაროს წარმოადგენს კაგუი დჰარმას საძმო. 

სიმშვიდის მოპოვების ეტაპები - შეჯამება

9 stages samatha meditation

სურათზე დეტალურადაა აღბეჭდილი სიმშვიდის მოპოვების ცხრა ეტაპი. სიმშვიდის შენარჩუნების  სრულყოფით, სათნო ქმედებების კულტივირების დაწყებით,  გულმოდგინედ ვსწავლობთ და ვისისხლხორცებთ დჰარმას. ვიხსენებთ გონების ბუნებას, რომელიც სურვილების ამსრულებელ ძვირფას ქვას წარმოადგენს. ჩვენი პრაქტიკა იწყება მენტალური აღგზნების მდგომარეობით, რომელიც  გონების ჩვეულ ნაკადს წარმოადგენს. სიმშვიდის მოპოვების პრაქტიკის ინსტრუქციების მიყოლით, ვახდენთ გონების სტაბილიზაციას კონკრეტულ ობიექტზე კონცენტრაციით. როგორც ამ სურათზეა გამოსახული, ბერი თანდათანობით მისდევს, იჭერს, მართავს და იმორჩილებს სპილოსებრ გონებას (რომლის ფერიც შავიდან თანდათან თეთრისკენ იცვლება).

გზის დასასრულს წერტილოვანი კონცენტრაცია მიიღწევა, გონების ,,განწმენდილი სპილო'' ამ ეტაპისთვის სრულიად წყნარდება. ბერი, რომელიც ლევიტირებს, სხეულებრივი ნეტარების გამოსახულებას წარმოადგენს, ხოლო სპილოზე შემოჯდომა და მისი მართვა - გონებრივ ნეტარებას. ცისარტყელას გასწვრივ სპილოზე ამხედრებული ბერის გამარჯვებით უკან დაბრუნება, სრულყოფილი გაგების და გახსენების ცეცხლოვანი მახვილით, წარმოადგენს სამსარას ამოძირკვის რეპრეზენტაციას სიმშვიდისა და გამჭრიახობის გაერთიანებით.  

პირველი და მეორე დონეები, მედიტატორი იწყებს მოსმენის ძალის გამოყენებას და დჰარმის მნიშვნელობის გააზრებას, რაც თავისთავად აღვიძებს მოტივაციას და ენთუზიაზმს სუნთქვაზე კონცენტრაციის მიმართ, რაც მედიტაციური კონცენტრაციის ობიექტია. 

მესამე და მეოთხე დონე, დჰარმის გაგება და  უწყვეტი, არა-დისკურსული გახსენების ძალა, რომელიც მიიღწევა მისი შესწავლითა და ღრმა გააზრებით, იწვევს კონცენტრაციის პერიოდული ჩართვის უნარის განვითარებას. 

მეხუთე და მეექვსე დონე, სიფხიზლისა და დაკვირვების ძალის საშუალებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ჩართულობა ჯერ კიდევ პერიოდულია, მცირდება მერყეობა. ეს ძალა მიანიშნებს იმაზე, რომ მედიტატორი მტკიცედ და მკაფიოდ აცნობიერებს რა ხდება და რას აკეთებს იგი.

მეშვიდე და მერვე დონე, შრომისმოყვარეობის ან ძალისხმევის ძალით, გონება კონცენტრირებულია როგორც სხეულზე, ასევე გონებაზე, ხოლო მედიტატორის კონცენტრაციაში ჩართულობა განუწყვეტელია.

მეცხრე დონე, სრული ადაპტაციის / შეჩვევის ძალით მიიღწევა სრული სიმშვიდე. გონება ბუნებრივად ჩერდება.

 

სიმბოლოების შეჯამება

1. სპილო წარმოადგენს გონების რეპრეზენტაციას: როდესაც სპილო არ არის მოთვინიერებული იგი ყველა სხვა ცხოველზე უფრო საშიშია. ანალოგიურად, თუ გონება არ არის მოთვინიერებული, იგი ზიანს აყენებს სხვებს. ყველა ტანჯვა მოურჯულებელი გონებიდან მომდინარეობს. სპილო, რომელიც ერთხელ მაინც დაიმორჩილეს, ყველა სხვა ცხოველზე უკეთ ემორჩილება თავის პატრონს; მაშინაც კი, თუ პატრონი ეტყვის, რომ ძალიან დიდი და ცხელი ბურთი აიღოს ხორთუმით, ის ამას გააკეთებს. მოთვინიერებულ გონებას შეუძლია შეასრულოს ნებისმიერი ქმედება, რაც არ უნდა რთული იყოს ეს. 


სპილოს ნაკვალევი ყველა სხვა ცხოველის ნაკვალევზე უფრო დიდია. ანალოგიურად, თუ ჩვენი გონება მოთვინიერებულია და დჰარმას სამეფოში მოხვდება, ის უფრო უკეთესად ემსახურება მის ბატონს, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მისი შესაძლებლობები და მასშტაბები შეუზღუდავია. თუ გონება ძალიან მშვიდი და კარგად მოთვინიერებულია, მის პატრონს მტერი აღარ ეყოლება. როდესაც ჩვენი გონება მშვიდია, ვამშვიდებთ სხვებსაც ჩვენ ირგვლივ. ჩვენი გონების ყველა შედეგი - კარგი იქნება, თუ ცუდი, ადამიანის სხეულის თუ მეტყველებისთვის, მხოლოდ გონების მსახურნი არიან.


1. ნახატზე გამოსახული ბერი მედიტატორია

2.სპილოს მუქი ფერი განასახიერებს სისუსტეს და ბუნდოვანებას, რადგან ეს ორივე ,,გონების სიბნელის'' გამოხატულებებია. 

3. მაიმუნის მუქი ფერი განასახიერებს ყურადღების გაფანტულობას; მისი არსებობა მიგვანიშნებს, რომ  ყურადღებას ფანტავს როგორც შინაგანი ტურბულენტობა, ასევე გარეგნული მიზიდულობა. ამრიგად, მაიმუნს სპილო ნებისმიერ ადგილას მიჰყავს, ყოველთვის სხვადასხვა საგნებისკენ მიექაჩება. (ისევე, როგორც გაფანტულობას გადააქვს გონების ყურადღება გრძნობადი საგნებისკენ).

4. თოკი, რომელიც ბერს ხელში უჭირავს გახსენების სიმბოლოს წარმოადგენს; ხოლო ნამგალი განასახიერებს დამკვირვებლობასა და სიფხიზლეს არა მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნების მეთოდის ინსტრუქციების მიმართ,  არამედ ცნობიერების ველის გაფართოების მიმართაც: ზოგადად რა ხდება და რას აკეთებს ადამიანი.

5. ცეცხლი არის ენერგია და  მედიტაციის სურვილი. გზის კვალდაკვალ შემცირებული ალი, განასახიერებს ძალისხმევის ნაკლებ საჭიროებას გაგებისა და გახსენებაზე კონცენტრაციისთვის.

6. ქსოვილი (შეხება), ხილი (გემო), სუნამოს კონქი (სუნი), ციმბალები (სმენა) და სარკე (ხედვა) ხუთი გრძნობის და მათი ობიექტების ხელისშემშლელ ფაქტორებს წარმოადგენენ, რადგან მედიტაციის ადრეულ ეტაპზე ყურადღება ადვილად იფანტება გრძნობითი საგნების მიერ.

7. კურდღელი წარმოადგენს გაფანტულობისა და ბუნდოვანების უფრო დახვეწილ ასპექტს, რაც ასუსტებს მეთოდის კეთების ენთუზიაზმს  და ამცირებს გონების სიწმინდეს.

8. ცხრა სპილო განასახიერებს პროგრესს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მიმავალ გზაზე.

 

ოთხი ძალისხმევა და მათი დამხმარე ძალები

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე, იყოთ მგრძნობიარე და ემოციურად დაუკავშირდეთ სიმშვიდის მოპოვების მეთოდს, წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ კონტექსტი და მახასიათებლები, რასაც იგი მოითხოვს. ძალისხმევა შედგება ოთხი მახასიათებლისგან.

1. დაცვის ძალისხმევა:  სიფრთხილე და სიფხიზლე გარე ჩარევების, ყველა სიტუაციისა და ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება სიმშვიდის  სათნოების მოპოვებას.  

2. მისწრაფების ძალისხმევა: მხიარული და გულმოდგინე მუშაობა, ისე რომ უიმედობა ან თვითგამორკვევის დეპრესია სწრაფადვე გამოვლინდეს და აღმოიფხვრას.

3. ჩართულობის ძალისხმევა: ენერგიისა და პოზიტიური ემოციის გამოყენება დაბალანსებულად და თანმიმდევრულად.

4. მიღწევის ძალისხმევა: სანახევროდ მიდგომის ნაცვლად გულწრფელი მცდელობა და მისწრაფება საკუთარი და სხვების ტანჯვის დასრულებისკენ.


ძალისხმევის ეს ოთხი ძალა იქმნება ნაბისყოფით, ემოციურ კონტექსტში ამ ოთხის დახმარებით:

1. მისწრაფების ძალა: დჰარმას გააზრებით და მისი მნიშვნელობის გულთან მიტანით, გულწრფელი მისწრაფებით, რომ გამოიმუშაოთ საჭირო უნარები, სიმშვიდის შენარჩუნების სათნოება იზრდება. ეს მისწრაფება ჩაფესვილია ადამიანური არსებობის ჭვრეტაში;  რომ გასხივოსნებულების სწავლებებამდე მისვლა უძვირფასესია და რთულად მოსაპოვებელი. რომ სიკვდილი, დაუსრულებლობა, ქმედება და შედეგი ღრმად არის გააზრებული. რომ სამსარას სამყაროს გზები, განპირობებულია არაკეთილსინდისიერი ქმედებების თესლების აყვავებით, მესა და არსებულ საგნებზე ჩაბღაუჭებით.

2. სიმტკიცის ძალა: გამძლეობა, სიმტკიცე, სიმყარე და მტკიცე გადაწყვეტილება. ოთხი სათნო ჭეშმარიტების რწმენა და მისწრაფება სხვების დახმარებისკენ. ასევე არაჯანსაღი ქმედებების შედეგების მყარად ცოდნა.

3. სიხარულის ძალა: იმის აღმოჩენით, რომ ამ გზას მივყავართ საკუთარი და სხვების აბსოლუტურ, უცვლელ, ხელთუქმნელ, მარადიულ ბედნიერებამდე, შეგვიძლია გავუმკლავდეთ თვითტრანსფორმაციის პრობლემებს, რომლებიც გარდაუვლად აღმოცენდებიან, ფიზიკური, მენტალური, ემოციური ტკბობით, რომელიც გამოწვეულია დჰარმაში დარწმუნებით.

4.ზომიერების ძალა: ვიცით როდის უნდა დავისვენოთ - თუ სუსტად ვართ და გამოფიტულები, გადატვირთვა გვჭირდება, მოდუნება და გარკვეული დროით დასვენება, რათა ახალი ძალითა და ენთუზიაზმით გავაგრძელოთ.

ექვსი შეცდომა, რვა ანტიდოტი და ოთხი ყურადღება

ახლა, იმისთვის რომ წარმატებით გაართვათ თავი ამ მედიტაციას, აუცილებელია გაიგოთ და ერთგვარად გაუშინაურდეთ იმას, რასაც ეძახიან ექვს შეცდომას და რვა ანტიდოტს. ქვემოთ მოცემულ ცხრილში, ჩვენ ჩამოვთვლით ექვს შეცდომას, მის მოპირდაპირე სვეტში კი ნაჩვენები იქნება მათი შესაბამისი ანტიდოტები. მედიტატორმა უნდა გადახედოს ამ ჩამონათვალს და თანდათანობით მივიდეს მათი მნიშვნელობის გაგებამდე. 

ექვსი შეცდომა და რვა ანტიდოტი

1. სიზარმაცე (kausidya)
2. ობიექტის დაკარგვა (avavada-sammosha)
3. პასიურობა &
4. აღგზნება (laya-auddhatya)
5. არგამოყენება (anabhoga)
6. ზედმეტად გამოყენება/ზედმეტი აპლიკაცია (bhogata)

1. თავდაჯერებულობა (sraddha)
2. განზრახული ასკეტიზმი (cchandra tapasya)
3. ცნობიერი ძალისხმევა (vyayama)
4. უშფოთველობა (prasrabdhi)
5. გახსენება (smrti)
6. თვითდაკვირება (samprajanya)
7. გამოყენება/აპლიკაცია(bhogata)
8. მიუკერძოებლობა (upeksa)

იმისათვის, რომ მივაღწიოთ სიმშვიდეს, ექვსი შეცდომა უნდა გამოვასწოროთ. ამის გაკეთება ერთ ჯერზე შეუძლებელია. მედიტაციაში ჯდომისას, ადამიანმა უნდა დახვეწოს დისციპლინა, რომ გონება ფიქსირებული იყოს ობიექტზე (lambana). ამის მცდელობისას ბუნებრივად გაჩნდება სიზარმაცე. როგორ დავძლიოთ ეს სიზარმაცე, პრაქტიკაზე უარის თქმის სურვილი? მისი დაძლევის ოთხი განსხვავებული პრაქტიკა უნდა შევისწავლოთ. 

პირველ რიგში, გვჭირდება დარწმუნებულობა მედიტაციის ღირებულებაში.  ანუ, ჩვენ შთაგონებულები უნდა ვიყოთ და ნამდვილად გვჯეროდეს იმ სულიერი გზის, რომელსაც მივუყვებით. 

მეორე, უნდა გვქონდეს დისციპლინის შეგრძნება, განზრახული ასკეტიზმის განცდა. ნორმალურია ყოველთვის მიჰყვე სიამოვნების გზას, მინიმალური წინააღმდეგობის გზას. მაგრამ აქ, ჩვენ შეგნებულად უნდა ვიფიქროთ შემდეგზე: ”მე ვაპირებ განზრახ ვამყოფო საკუთარი თავი ასკეტიზმში”. ეს არის ჩემი ტაპები, ჩემი ასკეზა, კერძოდ ის, რომ საკუთარ თავს მოვუწოდებ კონცენტრაციისკენ, ისე, რომ გონებას არ მოვაშორებ ობიექტისგან.

მესამე, უნდა გავწიოთ შეგნებული ძალისხმევა. აქ მექანიკური ძალისხმევა არ დაგვეხმარება. ადამიანი ძალზე შეგნებულად და დაგეგმილად უნდა დაიტვირთოს. ასკეტიზმი არის მოთმინება გაჭირვების ან ტკივილის წინაშე. მეორეს მხრივ, ძალისხმევა არის ენერგია, რომელიც მიზნის მისაღწევად ხორციელდება. კონცენტრაციის ფოკუსირებისთვის უზარმაზარი ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული.

და მეოთხე, უნდა მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს. პრასრაბდჰი სხვადასხვანაირად ითარგმნა სხვადასხვა ადამიანის მიერ. ცეპაკ რიგზინი ამბობს, რომ ის ნიშნავს ელასტიურობას, მოქნილობას, ან გონებისა და სხეულის სიმსუბუქეს. ჰენეპოლა გურანატრა მას სიმშვიდეს უწოდებს. ერთი და იგივეა. პრასრაბდჰი არის, როდესაც გონება თავის ბუნებრივ დინებას აღწევს, როდესაც კონცენტრაციის მცდელობის შემდეგ, ჩნდება გრძნობა, რომ ამის ბუნებრივად გაკეთება შეიძლება. ამას დრო სჭირდება. თუ კონცენტრაცია ისეთ დონეს მიაღწევს, რომ იგი გაგრძელდება მარტივად, იგი დაამარცხებს ჩვენი სიზარმაცის ტენდენციას.

როდესაც ადამიანს ავიწყდება ყურადღების დაფიქსირება ,,ობიექტზე’’ (ე.ი შესუნთქვასა და ამოსუნთქვაზე) მაშინ მნიშვნელოვანია გამოიყენოს გახსენების ანტიდოტი. ზუსტად ისევე, როგორც ადამიანი თავში იბეჭდავს და იხსენებს საყიდლების სიას, ასევე უნდა შეინარჩუნოს გონებაში ობიექტი. გონებას აქვს ნაწილი, რომელიც გამუდმებით იწერს, ყოველთვის ყველაფერი გადააქვს მეხსიერებაში. დახმარებისთვის მიმართეთ გონების ამ ნაწილს და ფოკუსირებული იყავით ობიექტზე. გაიხსენეთ რომ ობიექტზე კონცენტრირდეთ. იყავით ,,ფხიზელი’’ და კარგად გაიხსენეთ პრაქტიკა, რომლის შესრულებასაც ცდილობთ. 

ძალიან სწრაფად, მედიტატორი იწყებს იმის აღმოჩენას, რომ სუნთქვის აწევასა და დაწევაზე კონცენტრაციისას, იგი შედის ორიდან ერთ მენტალურ მდგომარეობაში. ან ეძინება და ბრუვდება, ან ამის საპირისპიროდ იკარგება ფიქრებსა და წარმოსახვებში. თუ ადამიანს მოეძინება, მაგრამ მიუხედავად ამისა არ კარგავს სუნთქვასთან კავშირს, ვამბობთ, რომ ჩნდება პასიურობის მდგომარეობა. თუ მეორეს მხრივ, ყველა სახის ფიქრები და სურათები იწყებენ გაჩენას, ამ მდგომარეობას ვეძახით აღგზნებას. ყველა მედიტატორი ირყევა ამ ორ მდგომარეობას შორის. 

ადამიანმა უნდა შენიშნოს რამდენად დიდი რყევები ახასიათებს პასიურობასა და აღზნებას შორის. შენიშნოს, როდის გადაიხრება პასიურობის მდგომარეობაში და როდის აღზნებულ მდგომარეობაში. უფრო ფართო მასშტაბით რომ შევხედოთ, ეს ორი მდგომარეობა არის ის, რაც ჩვენთვის ცნობილია, როგორც დეპრესია და მანია. მანიაკალურ-დეპრესიული ადამიანი ის, ვისთვისაც ამ ორ პოლუსს შორის რყევა  უკიდურესობებში გადადის. თუ უფრო მცირე მასშტაბით შევხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა ადამიანის გონება ხასიათდება ამ პოლარობებით - არის შემთხვევები, როდესაც მსუბუქად დეპრესიულები ვართ; სხვა დროს, აღფრთოვანებულები, ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსენი. მედიტაციის დროს ამ ორ პოლუსს შორის ქანაობა თანდათან უნდა შემცირდეს, სანამ ორივე მდგომარეობის  შუა წერტილი არ მიიღწევა. ეს ძალზე მნიშვნელოვანია და უცნაურია, რომ მედიტაციის ძალიან ცოტა სკოლა ამახვილებს ამაზე ყურადღებას. 

აგზნების და პასიურობის საწინააღმდეგო საშუალებაა თვითდაკვირვება. ეს ნიშნავს იმაზე დაკვირვებას, იმის გაცნობიერებას რაც ხდება. გააგრძელეთ კონცენტრაცია და ამის გაკეთების დროს ამოწმეთ თუ რა მდგომარეობაში იმყოფებით. თუ საკუთარ თავს ამოწმებთ, ამას ეწოდება აპლიკაცია/გამოყენება. იყენებთ ცოტაოდენ ნებას. მაგალითად, შენიშნავთ, რომ აღგზნებულ მდგომარეობაში ხართ, მაშინ ბუნებრივად შეეცდებით დამშვიდდეთ. თუ მეორეს მხრივ, ნახავთ, რომ  თითქმის გეძინებათ და ზედმეტად მშვიდ მდგომარეობაში ხართ, ცოტა მეტ კონცენტრაციას გამოიყენებთ. პრაქტიკის ცოტა მეტი დატვირთვა, ჰგავს ენერგიის დამატებას. ან დამშვიდების მცდელობას, ან მეტი ძალისხმევის გამოყენებას - რომელიც საჭიროა . ამას აპლიკაციას/გამოყენებას უწოდებენ.

როდესაც აპლიკაცია ზედმეტია, იგი პრაქტიკის წონასწორობას არღვევს. ღრმა მედიტაციაში გადასასვლელად უნდა გქონდეს სუფთა, გაცნობიერებული გონება, რომელიც არც ისე აღგზნებულია. ადამიანი ძალიან მშვიდი და მოდუნებული უნდა გახდეს, მაგრამ არ უნდა იყოს მოწყენილი, გაბრუებული ან "სივრცეს მოწყეტილი". ამ ბალანსის პოვნის მცდელობა არის აპლიკაცია. მაგრამ არც ზედმეტი აპლიკაციაა კარგი. ამიტომ, როდესაც ზედმეტი აპლიკაცია არღვევს მედიტაციის სიმშვიდეს, უნდა გამოიყენოთ მისი ანტიდოტი, რომელიც ცნობილია როგორც მიუკერძოებლობა.

ამ ყველაფერზე დაკვირვებით, ადამიანს შეუძლია მიაღწიოს რეალურ პროგრესს მედიტაციაში. თუ მედიტაციას აკეთებთ, როგორ უბრალოდ ,,მოცემულ სავარჯიშოს'' მაგრამ პრაქტიკულად არ გესმით ეს ნატიფი რყევები, რეალურ პროგრესს ვერ მიაღწევთ. არ შეიძლება ადამიანი უბრალოდ იჯდეს ცარიელი გონებით, ცდილობს კონცენტრირება მოახდინოს და არ იცოდეს რა ხდება და რა თანმიმდევრობას უნდა მიყვეს.

ადამიანი უნდა გახდეს ნამდვილად მცოდნე იმისა, თუ როგორ მუშაობს მედიტაცია და იცოდეს რას აკეთებს!

რვა ანტიდოტის გამოყენებით, ადამიანი იხსნის დეპრესიულ პასიურობას და მანიაკალური აღზნების დეფექტებს.  ყურადღების ოთხი ტიპის საშუალებით  ადამიანმა შესაძლებელია მიაღწიოს სიმშვიდის მოპოვების მეცხრე ეტაპს. ასევე გააცნობიეროს ის მანერა, რომლითაც შეძლებს თვალყური ადევნოს ობიექტს.


ყურადღების ოთხი ტიპი (კატავარანამასკარა):

1. იძულებითი ყურადღება (ბალავაჰამა)
2. დარღვეული ყურადღება (საქჩიდრავაჰამა)
3.  უძრავი ყურადღება (ნისიდირავაჰამა)
4. სპონტანური ყურადღება (ანაბოგოკაჰამა)

პირველს ეწოდება იძულებითი ყურადღება, რადგან საჭიროა დიდი ძალა ან ნებისყოფა, რათა მიღწეულ იქნას სიმშვიდის პირველი ორი ეტაპი.

შემდეგ ადამიანი უნდა გადავიდეს ყურადღებაზე, რომელიც ფრთხილად აკვირდება აგზნებასა და პასიურობას შორის რყევებს, რომელიც დომინირებს გონებაში. ამას ეწოდება დარღვეული ყურადღება, რადგან ადამიანის ყურადღება მიპყრობილია აღგზნებით და პასიურობით გამოწვეულ ხელისშემშლელ ფაქტორებზე. დარღვეული ყურადღება ადამიანს მიჰყვება სიმშვიდის მოპოვების პრაქტიკის მესამედან მეშვიდე ეტაპამდე.

მესამე ყურადღებას უძრავი ყურადღება ეწოდება. მას ასე უწოდებენ, რადგან ახლა მედიტაციამ გადალახა აგზნების და პასიურობის ბიპოლარული რყევა. ეს ყურადღება ჩნდება სიმშვიდის მერვე ეტაპზე.

მეოთხე ყურადღებას სპონტანურს უწოდებენ. ეს არის ცნობიერებით გამსჭვალული კონცენტრაციის ფორმა, რომელიც ყოველთვის ბუნებრივად არსებობს. ეს არის თავისთავად გონების  თანდაყოლილი ან ბუნებრივი თვითდამკვიდრებული მდგომარეობა. იგი ავტომატურად მიგიძღვებათ სიმშვიდის მეცხრე ეტაპისკენ.

შემდეგ ადამიანი გადადის სამადჰიში.

პირველი ეტაპი - სტაბილიზაცია გონებაში (Cittasthapana)

პირველ ეტაპზე მიმდინარეობს დჰარმას შესწავლა და მოსმენა, აგრეთვე ციკლური არსებობის ბუნების გაგება. აუცილებელია, რომ მაძიებელმა გააცნობიეროს პირველი სათნო ჭეშმარიტების მნიშვნელობა, რომელსაც ასწავლის ბუდა. ეს არის ტანჯვის ჭეშმარიტება და ამ ჭეშმარიტების, როგორც ცხოვრების ფაქტის მიღება. რეალობა ჯერ ინტელექტუალურად უნდა გაიაზრო, შემდეგ კი კიდევ უფრო ღრმად  შეფასდეს წარმატებული ჭვრეტის შედეგად. ამ ფიქრისგან მოპოვებული ემოციური ინტუიციის საშუალებით, ადამიანი საფუძვლიანად და ღრმად უნდა დაუკავშირდეს ამ ჭეშმარიტებას.

ანალოგიურად, ადამიანი იზრდება ტანჯვის წარმოშობის გაგებაში, ანუ იმის გარკვევაში, თუ რატომ არსებობს ტანჯვა ამ სამყაროში და ის ქმედებები, რომლებიც შემდგომში იწვევს შფოთვას, არა მხოლოდ ტანჯვის აშკარა ფორმები უნდა გაიაზროს, როგორიცაა ემოციური-ფსიქიკური ტკივილი, არამედ დანარჩენი ორი სახის ტანჯვაც, ცვლილების ტანჯვა და განპირობებული რეფლექსური მოქმედების ტანჯვა, რაც კიდევ უფრო მეტ ტანჯვას ქმნის. ამიტომ ადამიანი აცნობიერებს ტანჯვას ყველა იმ გზით, რაც გავლენას ახდენს ადამიანის სიცოცხლეზე. ასე  იგი მოტივირებულია, არსებობს მყარი სწრაფვა და განზრახვა, რომ დასრულდეს ტანჯვის ეს მანკიერი წრე. როდესაც ასეთი ემოცია იჩენს თავს, ჭეშმარიტების მაძიებელი განიცდის ნამდვილ ზიზღს ყველა ამქვეყნიური საქმიანობის მიმართ.

ამრიგად, ამ შემობრუნებით, ჩვენ დავიწყებთ იმის დანახვას და შეგრძნებას, რომ მტკიცედ უნდა გავამახვილოთ ყურადღება და გონება დავიჭიროთ მედიტაციაში. ამისათვის ვიწყებთ კონცენტრირებას მუცლის სუნთქვით აწევასა და დაწევაზე.

stagesofcalmabiding1

მოცემულ ილუსტრაციაზე ბერი, მედიტატორი, მისდევს სპილოს, ველურ, დაუმორჩილებელ გონებას. პირველ ეტაპზე ჩვენი გონება მთლიანად ექვემდებარება ხუთი გრძნობის ობიექტს და გონებრივ-ემოციურ მოვლენებს. თოკისა და ნამგლის ტარება ამ ეტაპზე დიდ დახმარებას ვერ უწევს მედიტატორს.  როდესაც ობიექტი არ არის მყარი, ბევრი არეულობა იქმნება. "სპილო" თოკისა და ცულისკენ არც კი იხედება. მაიმუნი ველურად გარბის, სპილო თან მიჰყავს. ამ პირველ ეტაპზე ძალების ცეცხლის ალი უნდა იყოს ძალიან ძლიერი.

მეორე ეტაპი -  განგრძობითი სტაბილიზაცია (Samsthapana)

ბერი გონებას აფიქსირებს სუნთქვაზე. წარმატების იმედი აქ იწყება. (ბერი ხელებს ცისკენ აღმართავს.) სპილოს დასაჭერად და მოსათვინიერებლად საჭიროა თოკი და ნამგალი. უნდა გამოვიყენოთ გახსენება და სიფხიზლე, რომ მედიტაციის ობიექტი ახლოს მივიდეს. კაუჭის საშუალებით შესაძლებელია სპილოს სწორი მიმართულებით მართვა.

stagesofcalmabiding2

სპილოს და მაიმუნის თავებზე არსებული თეთრი ლაქა მიუთითებს იმაზე, რომ გონება  ცოტათი უფრო მშვიდი ხდება, სუნთქვაში დარჩენისა და გონების დასვენების პროგრესი ხდება, ბუნდოვანება და სისუსტე მცირედ იკლებს. ამასთან, ხუთი გრძნობა მაინც ყურადღებას იპყრობს: შეხება (ქსოვილი), გემო (ხილი), ყნოსვა (პარფიუმერული კონქი), ხმა (ციმბლები) და მხედველობა (სარკე).

მეორე ეტაპი მიიღწევა ძალითა და მოტივაციით, რომელიც იქმნება დჰარმას განჭვრეტის გზით. ეს ჭვრეტა აყალბებს კონცენტრაციას გარკვეული რწმენის ღერძზე და ახანგრძლივებს კონცენტრაციის პერიოდებს.


მესამე ნაბიჯი - ჩვევითი სტაბილიზაცია  (Avasthapana)

თოკი გახსენების ძალის (smrti) რეპრეზენტაციაა. ეს ძალა მოდის "მეხსიერების" ბუნებიდან. გახსენება თოკივითაა, რომელიც ახლა სპილოს კისერზეა და სურათზე ხედავთ, რომ სპილო უკვე თავს ატრიალებს და მზერას მიმართავს ბერისკენ, მედიტატორისკენ.

ახლა კურდღელი ჩნდება. მედიტატორს შეუძლია განასხვავოს ყურადღების მოდუნებისა და სისუსტის დახვეწილი ფორმები. კურდღელი წარმოადგენს გონების პასიურ მდგომარეობაში ყოფნას. განსაკუთრებით, აქ ჩანს, რომ მედიტატორი ერთობა "სივრციდან გასვლის" მდგომარეობით. იგი ფიქრობს, რომ მიაღწია იდეალურ სიმშვიდეს. თავს კარგად გრძნობს. სინამდვილეში, ეს  არის ყურადღების გაფანტვა, ნატიფი გაბრუება. მცოდნე მედიტატორმა იცის, რომ არსებობს ”პასიურობის” ორი დონე: ”სივციდან გასვლის” ძირითადი ფორმა, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ აშკარად არის  ყურადღების გაფანტვა და მისი ბევრად უფრო დახვეწილი ფორმა, რომელიც გონების სიმშვიდეს ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში დეპრესიის შენიღბული ფორმაა. საჭიროა ამაზე დაკვირვება ფრთხილი თვითჩაღრმავებით. 

stagesofcalmabiding3

რადგან კურდღელი შესანიშნავად იყენებს შენიღბვის ხრიკებს, ეს ეტაპი შეიძლება შეცდომით ჩათვლილი იყოს პროგრესად და რადგან ეს ნატიფი სისუსტე არ არღვევს კონცენტრაციას, ის ამშვიდებს მედიტატორს და სასიამოვნოდ გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ის დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს. მოგვიანებით ის ჩვენს გონებას დააუძლურებს; და ჩაახშობს სურვილს ადამიანმა გამოიჩინოს საკმარისი ძალისხმევა. 
როგორც გახვრეტილი ბუშტიდან ნელ-ნელა ჟონავს ჰაერი, ისე ეს ნატიფი სისუსტე ძალიან ნელა უფრო და უფრო ასუსტებს გონებას.

მეოთხე ეტაპი სტაბილიზაციასთან ახლოს (Upasthapana)

ამ საფეხურზე მუქი და ღია ფერები თითქმის ნახევარი-ნახევარზეა, რაც აჩვენებს რომ ყურადღების გაფანტვა და ბუნდოვანება ნახევრამდე შემცირდა. დაკვირვების და სიფხიზლის ძალით, მედიტატორი ცხადად იგებს რა გაკეთდა და რა ხდება. სპილოს კისერზე მობმული თოკი მოშვებულია, რადგან გონება საკმაოდ დამყოლია.  

stagesofcalmabiding4

სპილო, მაიმუნი და კურდღელი უკან იყურებიან; ეს აჩვენებს, რომ გონების გაფანტვები გაცნობიერდა, გონება იბრუნებს ჭვრეტის ობიექტს. ამ ეტაპზე სუნთქვაზე კონცენტრაცია შესაძლებელია დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაში.

მეხუთე ეტაპი - ჩვევის შეძენა (Damana)

სიფხიზლის ძალაში ჩაძირვის შედეგად, ყურადღების გაფანტულობა და ბუნდოვანება თითქმის მთლიანად გაქრა და მაიმუნი სპილოს უკან დგას; ახლა გონება არ იმართება დაბნეულობით.

stagesofcalmabiding5

გახსენების თოკი ახლა არც ისე აუცილებელია, მაგრამ რადგან ნატიფი ყურადღების გამფანტავი ძალები ძლიერდებიან, უნდა გამოვიყენოთ მონდომების ძალა. ხუთი გრძნობის ინვაზიური ხელისშემშლელი ფაქტორების წინააღმდეგ მიმართული ხანგრძლივი ძალისხმევა შეიძლება ნებისმიერ შინაგან მოვლენას ძალიან სწრაფად მოერიოს, მაგრამ ყურადღების გაფანტვის უფრო დახვეწილი ფორმები ძლიერდებიან და ამით სიცხადის ინტენსივობა მცირდება. სურათზე გამოსახული კიდევ ერთი მაიმუნი, რომელიც  პერიფერიაზე ხეზეა და არა ბილიკზე, ნიშნავს, რომ სანამ ადამიანი ავითარებს სიმშვიდის შენარჩუნების მეთოდს, სხვა ფიქრები, თუნდაც დჰარმას ან სამსარას, მედიტაციების და ა.შ. შესახებ არ დაიშვება, რადგან ამცირებს კონცენტრაციას. 

ადამიანი განიცდის სტაბილურ კონცენტრაციას ნახევარი საათის განმავლობაში და სუნთქვა ძალიან "ახლოსაა" გონებასთან; გონება მშვიდია და არ იფანტება.

მეექვსე ეტაპი - დაწყნარება (Shamana)

ხუთი გრძნობის მიმზიდველობა უკვე გაქრა. ასევე გაქრა შინაგანი ემოციური და ფსიქიკური მოვლენების სხვა ყურადღების გამფანტავი ფაქტორები. ენერგიული კონცენტრაციის წარმოქმნა  ნაჩვენებია იმითი, რომ აღარაა საჭირო თოკი და ცული, კონცენტრაცია ყოველთვის აქაა. ბერი სპილოს არც კი უყურებს.

stagesofcalmabiding6

ყურადღების გაფანტვის გარეშე კონცენტრაცია შესაძლებელია სულ მცირე ერთი საათით. ბერი სპილოს ათვინიერებს თავისი ჯოხით; გონება წყვეტს ხეტილს სუფთა გაგების ჩამოყალიბების გამო. 

მეშვიდე ეტაპი - საფუძვლიანი მოთვინიერება (Vyupasthamana)

ხანგრძლივი მოთმინების შემდეგ, მედიტატორი აღწევს გონების სრულ დასამშვიდებას. ბერი სპილოს უკან დგას და გონებას ბუნებრივად "დასვენების" საშუალებას აძლევს. იგი კონცენტრირებულია საკუთარ თავზე. კურდღელი ქრება და რადგან ენერგია არ არის საჭირო, კონცენტრაცია მაშინვე დგება. მაგრამ  ბერი მაინც აკვირდება! ჯერ კიდევ რჩება ნატიფი სისუსტე და ყურადღების გაფანტვა, მაგრამ (რადგან მათ საერთოდ არ აქვთ მუქი ფერი) არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. კონცენტრაცია შესაძლებელია დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში. 

stagesofcalmabiding7

ჩვენ ვხედავთ, რომ მაიმუნი სპილოს ტოვებს და ახლა სრული თაყვანისმცემით ბრუნდება ბერის უკან. ამასთან, ჯერ კიდევ არის შავი ფერის მცირე კვალი; ეს გვიჩვენებს, რომ ყველაზე დახვეწილი ჩაძირვა და გაფანტვა ჯერ კიდევ  შეიძლება მოხდეს. თუ ისინი წარმოქმნას დაიწყებენ, მათი აღმოფხვრა უმნიშვნელო ძალისხმევით შეიძლება.

მერვე ეტაპი - ერთობამდე მისვლა (Ekotikarana)

ახლა წარმოიშობა სპონტანური კონცენტრაცია და გრძელდება მანამ, სანამ მედიტატორი არ გადაწყვეტს მის შეჩერებას. კონცენტრაციის პროგრესირებასთან ერთად იზრდება კონცენტრირებული ობიექტის სიწმინდე. გრძნობების მედიაცია არ არის საჭირო და არც ერევიან. 

stagesofcalmabiding8

ბერს სპილოსთვის შეხედვაც კი არ სჭირდება; სპილო უბრალოდ მიჰყვება და ემორჩილება. შესაძლებელია კონცენტრაცია შესვენების გარეშე  ერთი ან ორი დღის განმავლობაში. ნახატზე მაიმუნი ქრება და სპილო მთლიანად თეთრდება. გონებას ახლა შეუძლია მუდმივად შეიწოვოს კონცენტრაციის ობიექტი.

მეცხრე ეტაპი -  სამადჰიში შესვლა (Upacara-samadhi)

ბერი მედიტირებს, სპილოს უბრალოდ სძინავს. მედიტატორი აბსოლუტურად არ არის დამოკიდებული გრძნობებზე და სრულყოფილ სიმშვიდეშია. გზა დასრულდა და სპილო ისვენებს. ამ ეტაპზე არ არის შეზღუდული ფიქსირებული კონცენტრაციის ხანგრძლივობა. მედიტატორის გრძნობების თანახმად, მისი გონება და ობიექტი ერთიანდება. სამადჰის ან გონებრივი შთანთქმის მეცხრე ეტაპი მიიღწევა ტოტალური შეჩვევის ძალით, გაცნობის და ინტეგრაციის შედეგად სიმშვიდის მიღწევის პრაქტიკაში.

stagesofcalmabiding9

მეცხრე ეტაპის მიღმა

სიმშვიდის შენარჩუნების მეცხრე ეტაპის მიღწევის შემდეგ, მრავალი ახალი და არაჩვეულებრივი გამოცდილება მოდის, რაც აქამდე ადამიანს არასოდეს განუცდია. როდესაც ეს გამოცდილებები მოდიან, ეს არის ნიშანი იმისა, რომ მიღწეულია სიმშვიდე. მედიტირებული ბერის გულიდან ცისარტყელა გამოდის. ნახატზე ნაჩვენებია ბერი, რომელიც მარტო დაფრინავს; ეს არის სხეულის ნეტარების გამოხატულება. 

stagesofcalmabiding9b

სპილოზე ამხედრებული სიარული სიმშვიდის მოპოვებას ნიშნავს, ცისარტყელას გასწვრივ სიარული - გონებრივი ნეტარებაა.

სრულყოფილი ხედვის ცეცხლოვანი მახვილით მოსიარულე ბერი ტრიუმფალურად ბრუნდება ცისარტყელას გზით; რადგან სამსარას ფესვი განადგურებულია სამადჰისა და ვიპასიანას (ხმალი) ერთიანობით, ახლა სიცარიელე (შუნიატა) ხდება ჭვრეტის ობიექტი. 

უზენაესი ხსოვნის ალისა და მკაფიო გააზრების კონტროლი წარმოადგენს შუნიატას ამაღლებული მნიშვნელობის გამოკვლევის შესაძლებლობას: ყველა ფენომენის საბოლოო რეალობის ცოდნას.

ბერის გულიდან მომდინარეობს ორი ბნელი ცისარტყელა, რომლებსაც ბერი ეს-ესაა და  გაჭრის სიბრძნის მახვილით. ეს ორი ცისარტყელა წარმოადგენს კარმულ დაბრკოლებებს და ფსიქიკურ ილუზიას (klesa-varane) და გონებრივი დამახინჯების ინსტიქტების ბუნდოვანებას (Uneyavarana).

არა მხოლოდ მედიტაციის დროს, არამედ ყველა მოქმედებაში, ყველა, ვინც უკვე დაასრულა ეს ეტაპები,  სრულად არის კონცენტრირებული. სხეული გრძნობს სიმსუბუქეს, როგორც  ბამბის ყვავილი (ისევე, როგორც მიმოზას ყვავილი). ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, მედიტატორი იძენს ყველა სხვა ზებუნებრივ ძალას (მაგალითად, აზრების კითხვა, გაქრობა და მისი ცნობიერების სხვა არსებაში გადატანა). ისეთი ადამიანის მსგავსად, ვინც „ცული ალესა ყველაფრის გადასაჭრელად“, მას შეუძლია ნებისმიერი სხვა მედიტაციური პრაქტიკის გაკეთებაც.

ნამგლის გალესვის  შემდეგ, ადამიანმა უნდა გამოიყენოს ის. ასევე მას შემდეგ რაც გონებამ გაისისხლხორცა სიმშვიდე, ადამიანმა უნდა გამოიყენოთ იგი გასხივოსნების მისაღწევად! ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ ბუდა! სასწაულის ძალის მოპოვება არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია გონება განვითარდეს! ადამიანმა უნდა გაათავისუფლოს გონება "ილუზიის ხაფანგისგან".

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

ინტერვიუ კარლ გუსტავ იუნგთან


მთარგმნელი: მაია სტეფნაძე  წყარო ნება მომეცით, შეკითხვა დაგი...

იდი, ეგო, სუპერ-ეგო


იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რად...

რა არის ტიპოლოგია?


  ავტორი: კესო გაგოშიძე ყველა ჩვენგანის აზროვნებას/კოგნიცი...

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?


ტრანსკრიბცია მუჯის ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი წინაა...

ფსიქოლოგიური ექსპერიმენტები


მთარგმნელი: ანა მორჩილაძე წყარო ადამიანი, განსაკუთრებით კი მისი პ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff