სისტემები და აზროვნების კატეგორიები

Admin
მეცნიერება
0
0

ავტორი: იოანე შენგელია პირველ სურათზე ხედავთ წირს, რომელსაც აქვს დასაწყისი. ნებისმიერი სისტემი...

101662200 2593364200914971 9195744436384956416 n

ავტორი: იოანე შენგელია

პირველ სურათზე ხედავთ წირს, რომელსაც აქვს დასაწყისი. ნებისმიერი სისტემის დასაწყისში დგას გარკვეული პრინციპები (აქსიომები), რომლებიც ლურჯი რგოლით არიან აღნიშნულნი. ამ აქსიომების ლოგიკური და მიზეზ-შედეგობრივი კავშირებითა და კომბინაციებით აიგება სისტემა. ეს მიზეზ-შედეგობრივი ლოგიკური გზა კი წითელი ტრაექტორიის სახით არის მოცემული პირველ ფოტოზე.

განვიხილოთ ახლა ორი სისტემა, რომელთა თავდაპირველი აქსიომები ძალიან „ახლოს“ არიან ერთმანეთთან, მაგრამ ერთმანეთს არ ემთხვევიან. ლოგიკური მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი იმდენად არაწრფივია, იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ ერთმანეთთან „ახლოს“ მდგომი აქსიომების შემთხვევაშიც კი მათ მიერ ლოგიკურად აგებული სისტემები შეიძლება ერთმანეთს ძალიან დაშორდნენ. რაც მეორე ფოტოზე ვიზუალურად არის გადმოცემული. ეს ქმნის იმის ილუზიას, რომ მოცემულ ორ სისტემას არაფერი აქვს საერთო, მაშინ, როცა მათი არსები (აქსიომები) ერთმანეთთან ახლოს იმყოფებიან.

არსებობს პირიქითა ეფექტიც - შესაძლოა ორი სისტემის აქსიომები ერთმანეთისგან ძალიან „შორს“ იყვნენ, თუმცა, მათ მიერ ლოგიკურად აგებული სისტემები თავიანთი ლოგიკური განვითარების რაღაც ეტაპზე ერთმანეთს დაუახლოვდნენ და გარკვეული თანხვედრა მოხდეს მათ შორის. ეს მესამე ფოტოზე არის ნაჩვენები. ეს კი ქმნის შებრუნებულ ილუზიას, რომ მოცემული ორი სისტემა ერთმანეთთან ახლოს იმყოფება, მაშინ, როცა მათი არსები (აქსიომები) საერთოდ არ არიან თანხვედრაში.

ვინაიდან სისტემას განსაზღვრავს მისი არსი (აქსიომები), ამიტომ, მეორე ფოტოზე მოცემული ორი სისტემა უფრო ახლოს არის ერთმანეთთან, ვიდრე მესამე ფოტოზე მოცემული ორი სისტემა (მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირულად პირიქით ჩანს). ეს ილუზია დაკავშირებულია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმასთან, რომ სისტემის ლოგიკური მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის აგება მეტად არაპროგნოზირებადია და ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება ტრაექტორირდეს.

მესამე ფოტოზე მოცემულ ილუზიას ხშირად ვაწყდებით მეცნიერებაში (მათ შორის - ფიზიკაშიც). კერძოდ, დაუშვათ რაიმე მოვლენას აღწერს ორი თეორია (ორი სისტემა). ეს ორი თეორია ერთმანეთთან ახლოს არის, რამეთუ ორივე მათგანი ერთსა და იმავე მოვლენას აღწერს. თუმცა, მათი წარმოშობა (აქსიომები) ერთმანეთისგან სრულიად დაშორებულია. შესაბამისად, იმის თქმა, რომ ეს ორი სისტემა ერთმანეთთან კავშირშია - არის სიცრუე. რამეთუ, სისტემას განსაზღვრავს მისი აქსიომები, რამეთუ სწორედ აქსიომებში არის ჩადებული მათივე ლოგიკური გასრულების პოტენციალიც. ამ ორი სისტემის აქსიომები კი დაშორებულია.

როდესაც ვსაუბრობთ ფსიქოლოგიაზე, ცხადია, ამ შემთხვევაშიც ვაწყდებით უამრავ ფსიქოლოგიურ სისტემას, რომელიც ცდილობს აღწეროს ადამიანის ფსიქიკის სტრუქტურა. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მათგანი მორგებულია გარკვეულ დაკვირვებებს, ამიტომ, ისინი ერთმანეთთან ახლოს იმყოფებიან (გარკვეული ზედაპირული თანხვედრა არსებობს). მაგრამ, მათი ფუძეები და აქსიომები შეიძლება განსხვავებული იყოს.

როდესაც ვამბობთ, რომ არსებობს რაიმე ფსიქოლოგიური სისტემა, რომელიც „თითქმის ზუსტად“ აღწერს ფსიქოლოგიურ პროცესებს, გამოდგება თუ არა ეს „თითქმის სიზუსტე“ იმის დასახასიათებლად, თუ რამდენად ახლოსაა მოცემული ფსიქოლოგიური სისტემა ჭეშმარიტებასთან?

თუ გავითვალისწინებთ მესამე ფოტოზე მოცემულ ილუზიას, მაშინ არ გამოდგება. რამეთუ, „თითქმის ზუსტად“, მაგრამ არა „აბსოლუტურად ზუსტად“ პროცესებს ის თეორიებიც კი აღწერენ, რომელთა აქსიომები შეიძლება საკმაოდ შორსაც კი იყვნენ ჭეშმარიტებისგან.

ვინაიდან ბუნება ლოგიკურია (ყოველ შემთხვევაში, ამას ვუშვებთ), ამიტომ უნდა არსებობდეს გარკვეული სისტემა, რომელიც ფსიქოლოგიას აღწერს. მეორეს მხრივ, თუ ასეთი სისტემა მართლაც არსებობს, მაშინ ის იქნება აბსოლუტურად ზუსტი. რამეთუ, ის ბუნებრივია. აღმოჩენილია თუ არა ეს სისტემა ადამიანების მიერ - არ ვიცი. მაგრამ, რომ არსებობს - ეგ უეჭველია.

დაუშვათ ახლა რომელიმე სისტემა „ძალიან ახლოს“ არის ამ ჭეშარიტ სისტემასთან, მაგრამ ერთი-ერთში არ ემთხვევა მას. მაშინ, შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ეს სისტემა ჭეშმარიტებასთან ახლოს არის? - არ შეგვიძლია, რამეთუ მისი არსი შეიძლება ძალიან დაშორებული იყოს ჭეშმარიტი სისტემის არსისგან (მესამე ფოტოს ილუზიიდან გამომდინარე). მაშასადამე, ფსიქოლოგიური სისტემის ჭეშმარიტების კრიტერიუმად გამოდგება არა „თითქმის სიზუსტე“, არამედ „აბსოლუტური სიზუსტე“.

104171561 2610541305863927 5776291574325388974 n

ახლა კი მსურს ვისაუბრო აზროვნების კატეგორიებზე.

ჩვენში ჩადებულია უნარი ვიაზროვნოთ სხვადასხვა კატეგორიებით. ნებისმიერი სისტემის შემეცნება ითხოვს ადამიანისგან, რომ გადააფასოს თავისი აზროვნების მექანიზმები და ახალი კატეგორიებით დაიწყოს აზროვნება. ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ჭკვიანია და ნებისმიერი რამის შესწავლა შეუძლია. თუმცა, მისი სიჭკვიანე მოქცეულია აზროვნების გარკვეულ კატეგორიებში. კატეგორიები კი შეიძლება არსებობდეს უამრავი და ახალი სისტემები ახალ კატეგორიებს ითხოვდნენ.

როდესაც ვიწყებთ რაიმე საგნის (სისტემის) შესწავლას, ჩვენ პირველ ყოვლისა ვსწავლობთ იმ მეთოდს, თუ როგორ ვისწავლოთ მოცემული სისტემა. თავის მხრივ, ამ მეთოდს ვერ ვისწავლით მანამ, სანამ არ მოვსინჯავთ მოცემული სისტემის შესწავლას აწ უკვე ჩვენთვის ცნობილი მეთოდებით. პირველი ნაბიჯები ყოველთვის რთულია. ეს ბადებს ქაოსის ასოციაციას. თუმცა, რაღაც ეტაპზე ადამიანი ბუნებრივად გამოიმუშავებს მოცემულ სისტემასთან მუშაობის უნარებს და შემდგომ უკვე გაცნობიერებულად იწყებს ამ უნარების გამოყენებას და სისტემის უფრო ღრმა გააზრებას.

ამრიგად, ახალი სისტემის შესწავლისას ადამიანი სწავლობს ორ რამეს: სისტემას და მისი შესწავლის მეთოდს. სისტემას ვერ ისწავლი მეთოდის გარეშე. მეთოდს კი ვერ ისწავლი მაგალითების გარეშე სისტემიდან. ამიტომაც არის ეს "მანკიერი" წრე, რომელიც ყოველთვის რთული გადასალახია. როდესაც ადამიანი დაძლევს ამ "ჩაკეტილ წრეს", მერე უკვე ყველაფერი საათივით აიწყობა: ჯერ მეთოდის სწავლას დაასრულებს და შემდეგ მის გამოყენებას ისწავლის პროფესიონალურ დონეზე.

ამ მოვლენას დავაკვირდი რამდენიმე ადგილას. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითები ჩემთვის არის მათემატიკა და ფსიქოლოგია.

იმისათვის, რომ რაიმე მათემატიკური ისწავლო, აუცილებელია ფლობდე მეთოდს - ლოგიკას. თავის მხრივ, ლოგიკას ვერ გაუგებ მანამ, სანამ კონკრეტულ მაგალითებს არ განიხილავ. რაღაც ეტაპზე მათემატიკური დარგების შესწავლის მეთოდი აბსოლუტურად თვალსაჩინო და გასაგები ხდება. ამის მერე უკვე შესაძლებელია ნებისმიერი მსგავსი დარგის შესწავლა, რომელიც მოითხოვს ამ მეთოდს, ანუ, ამ კატეგორიით აზროვნებას.

რაც შეეხება ფსიქოლოგიას. აქ შემიძლია მოვიყვანო შემდეგი მაგალითი:

დაუშვათ მოხდა შემდეგი მოვლენა: ერთმა ადამიანმა გარკვეული მანიპულაციებით მოატყუა თავისი ნათესავები და მიითვისა მათგან დიდძალი ქონება.

ეს არის მოვლენა, უბრალოდ ფაქტი. ამ მოვლენის გაგების შემდეგ ჩვენში შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა შეკითხვები: რატომ გააკეთა? როგორ გააკეთა? და ა.შ. თითოეული ეს შეკითხვა მოდის აზროვნების გარკვეული კატეგორიებიდან.

თუ ვისაუბრებთ ეთიკის კატეგორიაში, მაშინ დაისმევა შემდეგი შეკითხვები: რამდენად მორალური საქციელი იყო? რამდენად დააზარალა თავისი ნათესავები? აწუხებს თუ არა სინდისი? შეიძლება თუ არა ამ საქციელის გამართლება?

მაგრამ თუ ვისაუბრებთ ფსიქოანალიზის კატეგორიაში, მაშინ დაისმევა შემდეგი შეკითხვები: რა მოტივით გააკეთა? რამ გამოიწვია? და ა.შ.

ხშირად ხდება ხოლმე, რომ მოცემულ ადამიანში არ არსებობს მკაცრი ზღვარი აზროვნების კატეგორიებს შორის (ანუ, აზროვნების კლასიფიკაცია ბუნდოვანია, არადიფერენცირებულია). ასეთ შემთხვევაში ადამიანი (მაგალითად, ფსიქოლოგი) ერთმანეთში ურევს, მაგალითად, ფსიქოლოგიურ-ეთიკურ კატეგორიებს და ეს უხეში შეცდომაა. თუმცა, ეს შეცდომების მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია.

როდესაც ვსწავლობთ რაიმე სისტემას, პირველ ყოვლისა, მთლიანად უნდა გადავერთოთ მოცემული სისტემის კატეგორიაში, მისიდან გამომდინარე შევიმეცნოთ სისტემა. მხოლოდ მას მერე, რაც ამოვწურავთ ამ სისტემის ათვისებას მოცემულ კატეგორიაში, მხოლოდ მას მერეა რეკომენდირებული ამ სისტემის სხვა კატეგორიების ჭრილში გატარება და სხვა სისტემებთან დაკავშირება.

გასართობი დავალება: დააკვირდით საკუთარ თავს გარედან, დააკვირდით საკუთარი აზროვნების მექანიზმებს, და ეცადეთ გამოყოთ აზროვნების მოდელები, კატეგორიები. ანუ, ეცადეთ მოახდინოთ აზროვნების მეთოდების მკაცრი კლასიფიკაცია. ბუნდოვან დონეზე ისედაც გვაქვს წარმოდგენა ჩვენი აზროვნების კატეგორიებზე. მაგრამ, ეცადეთ ნათლად დაინახოთ.

წარმატებებს გისურვებთ!

გააზიარეთ თუ მოგწონთ.

მსგავსი სტატიები

რა ემართება ტვინს როდესაც გიყვარდება?!


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო რა ცვლიებებს განიცდის ადამიანის ...

ათი რამ, რაც არ იცით ორგაზმის შესახებ


ტრანსკრიბცია TED-ის ვიდეოდან. კეთილი. მე გაჩვენებთ რამოდენიმე სუ...

მეცნიერული სიმართლე "ხორცის ოფლის" შესახებ


სერიალ "მეგობრებში" ერთი ეპიზოდია, სადაც ჯოი მადლიერების დღის ინდ...

მიჩიო კაკუს სჯერა ღმერთის არსებობის, მაგრამ არა „იმ“ ღმერთის


მთარგმნელი: დეა მუსხელიშვილი წყარო ფიზიკოსმა, სიმების თეორიის (...

სამმაგი ტვინის კავშირი


მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია წყარო ნეიროქირურგებმა წარმატებით შეძ...

კვანტური მექანიკის ელემენტები


ავტორი: იოანე შენგელია წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ გარკვეული დიდი მო...

ფიზიკური მუდმივები და სტაბილურობა


ავტორი: იოანე შენგელია ფიზიკოსები აყალიბებენ უამრავ თეორიას იმის...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff