თავი II - საკუთარი ტვინის ამოქმედება (NLP)

Admin
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)
0
0

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - "გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის" მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე...

eyes

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - "გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის"

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

მინდა ვცადო რამდენიმე ძალიან მარტივი ექსპერიმენტი, რათა გასწავლოთ ცოტაოდენი რამ იმის შესახებ, თუ როგორ ისწავლოთ საკუთარი ტვინის მოქმედებაში მოყვანა. ეს გამოცდილება დაგჭირდებათ წიგნის დანარჩენი ნაწილების გაგებაში, ასე რომ, გირჩევთ აქტიურად შეასრულოთ მოყვანილი მოკლე ექსპერიმენტები.
გაიხსენეთ წარსულის გამოცდილება, რომელიც ძალიან სასიამოვნო იყო - ეს შესაძლოა იყოს ისეთი რამ, რაზეც დიდი ხანია არ გიფიქრიათ. შეჩერდით წუთით, რათა მიუბრუნდეთ ამ მოგონებას და დარწმუნდეთ, რომ ხედავთ იმას, რაც იმ სასიამოვნო მოვლენისას მოხდა. შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ, თუ ასე უფრო გაგიადვილდებათ ...

როცა შეხედავთ ამ სასიამოვნო მოგონებას, მინდა შეცვალოთ სურათის განათება და დააკვირდეთ, როგორ იცვლება საპასუხოდ თქვენი გრძნობები. პირველად, გახადეთ ის თანდათან, უფრო და უფრო ნათელი ... ახლა თანდათან უფრო და უფრო დააბნელეთ მანამ, სანამ ძლივსღა შეძლებთ მის დანახვას ... ახლა კი, გახადეთ ისევ ნათელი.

როგორ შეიცვალა თქვენი შეგრძნებები? ყოველთვის არსებობს გამონაკლისი, მაგრამ უმეტესი თქვენგანისათვის ასეა: როცა სურათს ნათელს ხდით, თქვენი შეგრძნებები ძლიერდება. სინათლის მომატება, როგორც წესი, ზრდის გრძნობების ინტენსივობას, ხოლო შემცირება - ამცირებს.

რამდენ თქვენგანს უფიქრია ოდესმე შინაგანი სურათის სიკაშკაშის განზრახ შეცვლაზე, რათა გრძნობების ცვლილება გამოეწვია? უმეტესობა, ტვინს უბრალოდ საშუალებას აძლევთ, ქაოტურად გაჩვენოთ ნებისმიერი სურათი, რომელიც მას სურს და საპასუხოდ ან ცუდად გრძნობთ თავს, ან კარგად.

ახლა გაიხსენეთ არასასიამოვნო მოგონება, რომელიც გგონიათ, რომ თავს ცუდად გაგრძნობინებთ. გახადეთ შინაგანი სურათი უფრო და უფრო ბნელი ... თუ შუქის ინტენსივობას საკმარისად დაუწევთ, ეს ცუდი მოგონება აღარ შეგაწუხებთ და ფსიქოთერაპიისათვის საჭირო უამრავ ფულს დაზოგავთ.

ეს მოქმედებები იმ ხალხისგან ვისწავლე, ვინც უკვე წარმატებულად იყენებდა მათ. ერთმა ქალმა მითხრა, რომ მუდამ ბედნიერი იყო. ის გარკვეულ მოვლენებს გულს არ აკარებდა. ვკითხე, თუ როგორ ახერხებდა ამას. მან მიპასუხა: „არასასიამოვნო ფიქრები აღწევენ ჩემს გონებაში, მე უბრალოდ მათ სიკაშკაშეს ვამცირებ“.

სიკაშკაშე ვიზუალური მოდალობის ერთ-ერთი სუბმოდალობაა. სუბმოდალობები უნივერსალური ელემენტებია, რომლებიც ნებისმიერი ვიზუალური სურათის შესაცვლელად გამოიყენება, შემადგენლობას და შინაარსს მნიშვნელობა არ აქვს. სუბმოდალობები აუდიურ და კინესთეტიკურ მოდალობებსაც გააჩნიათ, თუმცა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ ვიზუალური სუბმოდალობებით ვითამაშებთ.

სიკაშკაშე, მხოლოდ ერთია იმ მრავალი მახასიათებლებიდან, რისი შეცვლაც შეგიძლიათ. სანამ სხვებზე გადავალთ, მინდა ვისაუბრო იმ გამონაკლისებზე, რომელიც სიკაშკაშეზე ზემოქმედებას შეიძლება ახასიათებდეს. თუ სურათს გახდით ისეთ ნათელს, რომ სურათის დეტალები ქრება და თითქმის თეთრდება, ეს მოქმედება შეგრძნებების გამძაფრების ნაცვლად, შეასუსტებს მათ. როგორც წესი, უკიდურეს მაჩვენებლებთან ახლოს, ზემოქმედება ქრება. ზოგ ადამიანში ზემოქმედება შებრუნებულია - სიკაშკაშის მომატებისას, მათი შეგრძნებების ინტენსივობა მცირდება.

ზოგი გამონაკლისი დაკავშირებულია შინაარსთან. თუ თქვენი სასიამოვნო მოგონების სურათი მოიცავს სანთლის შუქს, მთვარის სინათლეს ან მზის ჩასვლას, მათი განსაკუთრებული მომხიბვლელობა სიბნელეშია. თუ ამ შემთხვევაში სურათს უფრო მეტ სიკაშკაშეს მიანიჭებთ, თქვენი შეგრძნებები შესუსტდება. სხვა მხრივ, თუ გონებაში ამოატივტივებთ დროს, როცა სიბნელის გეშინოდათ, შიში, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს დანახვის უუნარობასთან, თუ რა ხდება იქ. თუ ამ სურათს გაანათებთ და დაინახავთ, რომ იქ არაფერია, გაძლიერების ნაცვლად, შიში მალე შესუსუტდება. ასე რომ, გამონაკლისი ყოველთვის არსებობს და როცა გამოცდით მათ, გამონაკლისებიც შეიძენენ აზრს. როგორიც უნდა იყოს კავშირი, ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება, რათა შეცვალოთ წარსულის გამოცდილება.

მოდით, ახლა სხვა სუბმოდალური ცვლილებით ვითამაშოთ. აირჩიეთ სხვა სასიამოვნო მოგონება და შეცვალეთ მისი ზომა. თავიდან გახადეთ ის უფრო და უფრო დიდი ... შემდეგ თანდათანობით შეამცირეთ და დააკვირდით თქვენი შეგრძნებების საპასუხო ცვლილებებს ...

ჩვეული გავლენა არის ის, რომ გადიდებული სურათი ამძაფრებს თქვენს საპასუხო რეაქციას, ხოლო დაპატარავებული სურათი - ასუსტებს. აქაც, როგორც წინა შემთხვევაში, არსებობს გამონაკლისები, განსაკუთრებით, სკალის უკიდურეს დაბოლოებებთან. როცა სურათი ძალიან დიდი ხდება, შეიძლება მოულოდნელად სასაცილოდ ან არარეალურად მოგეჩვენოთ. ამ შემთხვევაში თქვენი რეაქცია შეიძლება შეიცვალოს ხარისხობრივად და არა ინტენსიურობის მხრივ. მაგალითად, სიამოვნება შეიცვალოს სიცილით.

თუ არასასიამოვნო სურათს შეუცვლით ზომას, სავარაუდოდ, შეამჩნევთ, რომ მისი ზომაში დაპატარავება, ასუსტებს ცუდ შეგრძნებებს.

თუ მისი ძალიან დიდ ზომად გადაქცევა თქვენში სასაცილო და მხიარულ შეგრძნებებს იწვევს, შეგიძლიათ ეს თქვენი კარგად ყოფნისათვის გამოიყენოთ. სცადეთ და გამოარკვიეთ, რომელი ხერხი ამართლებს. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორია კავშირი, როცა გაარკვევთ, როგორ მუშაობს ის თქვენი ტვინისთვის, შეძლებთ ისწავლოთ თქვენი გამოცდილებების კონტროლი. თუ დაფიქრდებით, გასაკვირი მოცემულ ხერხებში არაფერია. ადამიანები ხმარობენ გამოთქმებს: „ბნელ მომავალი“, „ნათელი პერსპექტივა“, „ყველაფერი შავადაა“, „ტვინი გამეთიშა“, „წვრილმანია, მაგრამ ის აბუქებს“. როცა ვინმე ამგვარ რამეს ამბობს, ეს არაა მეტაფორული. ეს ჩვეული, სიტყვასიტყვით და ზუსტი აღწერაა იმისა, რასაც ადამიანი შინაგანად განიცდის.

თუ ვინმე რამეს „აბუქებს“, შეგიძლიათ უთხრათ, რომ შეამციროს ეს სურათი. თუ ის „ბნელ მომავალს“ ხედავს, გაანათებინეთ ის. ეს მარტივად ჟღერს ... და ასეც არის.
ეს ყველაფერი თქვენს გონებაშია და არასოდეს გიფიქრიათ მათზე თამაში. არ გინდათ ტვინი იჭყლიტოთ, არა? მაშინ, მიეცით სხვებს ამის უფლება თქვენ ნაცვლად. ყველაფერი რაც თქვენს გონებაში ხდება, გავლენას ახდენს თქვენზე და პოტენციურად, ყველაფერი თქვენი კონტროლის ქვეშაა. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ „ვინ აამოქმედებს თქვენს ტვინს“?

umbrella

ახლა მინდა განაგრძოთ ექსპერიმენტი სხვა ვიზუალური ელემენტების ცვლილებით, იმის აღმოსაჩენად, თუ როგორ შეცვალოთ შეგნებულად ისინი, თქვენს საპასუხო რეაქციაზე გავლენის მოსახდენად. მინდა გაგაჩნდეთ პირადი გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლოთ თქვენი მოგონებები. თუ ნამდვილად შეჩერდებით და ცდით ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლების ცვლილებებს, დიდ საფუძველს შეიძენთ წიგნში არსებული დარჩენილი ინფორმაციის გასაგებად. თუ ფიქრობთ, რომ დრო არა გაქვთ, გადადეთ ეს წიგნი, დაუბრუნდით ავტობუსის უკანა სავარძელს და ამის ნაცვლად, წაიკითხეთ რომელიმე კომიქსი ან <> (ნაციონალური ამბები).

მათ, ვისაც ნამდვილად გსურთ ისწავლოთ საკუთარი ტვინის ამოქმედება, აიღეთ ნებისმიერი ცხოვრებისეული გამოცდილება და სცადეთ მისი შეცვლა ქვემოთ მოყვანილი ყველა ვიზუალური ელემენტის მეშვეობით. გააკეთეთ იგივე, რასაც სიკაშკაშისა და ზომის ცვლილებისას აკეთებდით ... ჯერ სცადეთ ცვლილება ერთი მიმართულებით, ხოლო შემდეგ - მეორე მიმართულებით, რათა გაიგოთ, თუ როგორ ცვლის ის თქვენს გამოცდილებას. თქვენი ტვინის ფუნქციონირების ზუსტად გამოსავლენად, შეცვალეთ მხოლოდ ერთი ელემენტი. თუ ერთდროულად ორ ან მეტ ელემენტს შეცვლით, ვერ გაიგებთ, რომელი და რა დოზით ახდენს გავლენას თქვენს გამოცდილებაზე. რეკომენდაციას ვუწევ, ამ ყველაფრის სასიამოვნო მოგონებებზე გამოცდას.

1. ფერი - ცვალეთ ფერის ინტენსივობა ნათელი ფერებიდან შავ-თეთრამდე.

2. მანძილი - ცვალეთ ის ძალიან ახლოდან ძალიან შორამდე.

3. სიბრტყე - შეცვალეთ სურათი ბრტყელი, ორ-განზომილებიანიდან სრული სიბრტყის, სამ-განზომილებიან სურათამდე.

4. ხანგრძლივობა - ცვალეთ ძალიან სწრაფი კადრიდან შენელებულ კადრამდე.

5. სიცხადე - შეცვალეთ სურათის გამოსახულება კრისტალურად სუფთადან გაურკვეველ გამოსახულებამდე.

6. კონტრასტი - მოახდინეთ ცვლილება სინათლესა და ჩრდილზე, ძალიან კონტრასტულიდან, ნაცრისფრის სხვადასხვა გრადაციებამდე.

7. ფარგლები - შეცვალეთ სურათი ჩარჩოში ჩასმულიდან პანორამულამდე, ისე რომ სურათი თქვენი თავის უკანაც გრძელდებოდეს, თავი რომ შეაბრუნოთ, სურათის გაგრძელების ნახვაც შეძლოთ.

8. მოძრაობა - შეცვალეთ გამოსახულება უძრავი სურათიდან სლაიდად და ფილმად.

9. სიჩქარე - შეცვალეთ ფილმის სიჩქარე ძალიან ნელიდან ძალიან სწრაფამდე.

10. შეფერილობა - შეცვალეთ ფერების ბალანსი. მაგალითად, გაზარდეთ წითელი ფერის ინტენსივობა და შეამცირეთ ლურჯისა და მწვანე ფერის.

11. გამჭვირვალობა - გახადეთ სურათი გამჭვირვალე, რათა დაინახოთ რა არის ზედაპირის ქვეშ.

12. პროპორცია - გახადეთ ჩარჩოში მყოფი სურათი ვიწრო და გრძელი, შემდეგ კი ფართო და მოკლე.

13. მიმართულება - გადახარეთ სურათის ზედა ნაწილი თქვენი საწინააღმდეგო მიმართულებით, შემდეგ კი თქვენკენ გადმოხარეთ.

14. ცენტრი/ფონი - გააკეთეთ ვარირება ცენტრსა (რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ) და ფონს (შემადგენლობა მოგონებაში მომხდარისა) შორის, ან გამოყავით პირველი მეორესაგან. შემდეგ შეეცადეთ შეუცვალოთ მათ ადგილები, ისე რომ ინტერესი უკანა ფონზე გადაიტანოთ.

(უფრო მეტი ვარიაციის საცდელად, ნახეთ წიგნის ბოლოს, დანართი I.)

უკვე თქვენს უმეტესობას უნდა ჰქონდეს გამოცდილების უსაზღვრო რაოდენობიდან ცოტა გზა მაინც, თუ როგორ შეცვალოთ წარსულის გამოცდილება სუბმოდალობების ცვლილებით. როდესაც იპოვით ელემენტს, რომელიც ნამდვილად კარგად მუშაობს, დაფიქრდით წუთით, რათა გააცნობიეროთ სად და როდის გამოიყენებდით მას. მაგალითად, აიღეთ საშიში მოგონება - თუნდაც რომელიმე მომენტი ფილმიდან. აიღეთ ეს სურათი და გახადეთ უცაბედად ძალიან დიდი ... ეს შემაშფოთებელია. თუკი გიჭირთ დილით ადგომის შემდეგ სიფხიზლის შენარჩუნება, სცადეთ ეს ხერხი ყავის დალევის ნაცვლად.

მე გთხოვეთ გამოგეყენებინათ ერთი ელემენტი ერთ მოგონებაზე, რათა გაგერკვიათ, როგორ ფუნქციონირებს თითოეული მათგანი. მას შემდეგ, რაც გაიგეთ მათი მოქმედების პრინციპი, შეგიძლიათ კომბინირება გაუკეთოთ სხვა ელემენტებთანაც, რათა უფრო ინტენსიური ცვლილება მიიღოთ. მაგალითად, შეჩერდით და და გაიხსენეთ მნიშვნელოვნად სასიამოვნო, მგრძნობიარე მოგონება. უპირველეს ყოვლისა, დარწმუნდით, რომ ხედავთ ფილმს და არა უბრალო სლაიდებს. ახლა გამოსახულება მოიტანეთ თქვენთან ახლოს. როცა საკმარისად ახლოს იქნება, გახადეთ ის უფრო კაშკაშა და უფრო ფერადი ერთდროულად და შეანელეთ კადრის მსვლელობა დაახლოებით ნახევარი სიჩქარით. მას შემდეგ, რაც ნასწავლი გაქვთ ცოტაოდენი რამ თქვენი ტვინის ფუნქციონირების შესახებ, გამოიყენეთ დანარჩენი ხერხებიც, რაც თქვენს გამოცდილებებზე სასიკეთოდ მოქმედებს. განაგრძეთ მცდელობები ...

თავს განსხვავებულად გრძნობთ? ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ... თან მოგებულიც დარჩებით. როცა დააპირებთ სერიოზულ კამათს თქვენთვის საყვარელ ადამიანთან, შეგიძლიათ შეჩერდეთ და გამოიყენოთ ეს ხერხი. იმ გამომეტყველებით, რაც ამ მომენტში თქვენს სახეზეა, ვინ იცის, ეს ყველაფერი რით შეიძლებოდა დასრულეულიყო ... ნებისმიერი სახის მღელვარებით!

მაოცებს, რომ ზოგი ადამიანი, ამ ყველაფერს შებრუნებულად აკეთებს. დაფიქრდით, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება, თუ კარგ გამოცდილებებს დაბნელებულ, დაშორებულ, უფოკუსო, შავ-თეთრ ფოტოებად გადააქცევთ, ხოლო ცუდ გამოცდილებებს ცოცხალ, ფერად, ახლო, პანორამულ 3-განზომილებიან გამოსახულებებად? ეს საუკეთესო გზაა გახდეთ დეპრესიული და იფიქროთ, რომ სიცოცხლე საერთოდ არ ღირს. ყველა ჩვენგანს აქვს კარგი და ცუდი ცხოვრებისეული გამოცდილებები, მაგრამ, ის, თუ როგორ ვიხსენებთ მათ - ქმნის განსხვავებას.

ერთხელ, წვეულებაზე ერთ ქალს ვაკვირდებოდი. სამი საათის განმავლობაში საუკეთესო დროს ატარებდა - საუბრობდა, ცეკვავდა, ყურადღების ცენტრში ექცეოდა. სწორედ მაშინ, როცა იქაურობას ტოვებდა, ვიღაცამ, შემთხვევით, მთელ კაბაზე ყავა გადაასხა. ქალმა გაიწმინდა კაბა და თქვა: „ოჰ, ახლა მთელი საღამო ჩამეშალა!“. დაფიქრდით ამ შემთხვევაზე, ერთი ცუდი წუთი საკმარისი აღმოჩნდა სამ საათიანი ბედნიერების დასანგრევად! მსურდა გამეგო, როგორ მოახერხა მან ეს და ვუთხარი გაეხსენებინა იქ შესრულებული ცეკვის შესახებ. ქალმა თქვა, რომ თავს ხედავდა მოცეკვავეს, ყავით დალაქავებულ კაბაში. მან აიღო ყავა და ზუსტად რომ ვთქვათ, დაალაქავა მთელი თავისი მოგონება ამ ყავით.

ბევრი ადამიანი იქცევა ამგვარად. ერთხელ ერთმა კაცმა მითხრა: „ვფიქრობდი, რომ ამ კვირაში ნამდვილად ბედნიერი ვიყავი, მაგრამ როცა გადავხედე და მომხდარზე დავფიქრდი, გავაცნობიერე, რომ სინამდვილეში სულაც არ იყო ბედნიერი, პირიქით, მთელი კვირა შეცდომა იყო.“ „უკან მიხედვით“, მან საკუთარი გამოცდილების კოდირების შეცვლა მოახდინა და დაიჯერა, რომ ცუდი კვირა ჰქონდა. დავინტერესდი, თუ მას ასე ადვილად შეუძლია თავისი ბიოგრაფიის რედაქტირება, რატომ არ აკეთებს ამას სხვაგვარად? რატომ არ გარდაქმნის არასასიამოვნო გამოცდილებებს სასიამოვნოდ?

ადამიანები ხშირად უკეთებენ რედაქტირებას წარსულს, როცა განქორწინდებიან, ან თუ აღმოაჩენენ, რომ მეუღლეს სხვასთან ჰქონდა რომანი. უცებ, ყველა, წლების განმავლობაში ერთად გატარებული სასიამოვნო დრო სხვანაირად გამოიყურება. „ყველაფერი სიცრუე იყო“. „მე მხოლოდ თავს ვიტყუებდი.“
დიეტაზე მყოფი ადამიანებიც ხშირად იქცევიან ამის მსგაგვსად. „ვფიქრობდი, რომ ეს დიეტა მართლა ეფექტური იყო. სამი თვის განმავლობაში კვირაში ხუთ ფუნტს ვიკლებდი, მაგრამ შემდეგ ერთი ფუნტით მოვიმატე და მივხვდი, რომ სულაც არ იყო ეფექტური.“ ზოგმა ადამიანმა ბევრჯერ დაიკლო წონაში წარმატებით, თუმცა მათთვის ვერასდროს გახდა ნათელი, რომ წარმატებას აღწევდნენ. ერთი მცირე მაჩვენებელი იმისა, რომ წონაში იმატებდნენ და ისინი იჯერებენ, რომ „ყველაფერი სიცრუე იყო“.

ერთი კაცი მოვიდა თერაპიაზე, რადგან მას „ეშინოდა არასწორ ქალზე დაქორწინების“. მას ურთიერთობა ჰქონდა ქალთან, უყვარდა ის და ნამდვილად სურდა მასზე დაქორწინება - იმ მომენტამდე, სანამ მოუწევდა ამ თემაზე სამუშაოდ თერაპიისათვის გადახდა. მიზეზი იმისა, რის გამოც კაცს არ შეეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება იყო ის, რომ ის ერთხელ უკვე დაქორწინებული იყო „არასწორ ქალზე“. როდესაც მისგან ეს გავიგე, გავიფიქრე: „ალბათ, როცა ქორწილიდან დაბრუნდა აღმოაჩინა, რომ სხვა ქალზე იქორწინა, ვფიქრობ, ის არასწორ ეკლესიაში მივიდა, ან რაიმე მსგავსი“. საერთოდ, რას ნიშნავს ამ პლანეტაზე „არასწორ ქალზე“ დაქორწინება?

როცა ვკითხე, თუ რას გულისხმობდა, აღმოვაჩინე, რომ ქორწინებიდან ხუთ წელიწადში განქორწინდა. მისი თქმით, პირველი ოთხ-ნახევარი წელი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ სიტუაცია გაუარესდა, ასე რომ, მთელი ხუთი წელი სრული შეცდომა იყო. „ჩემი ცხოვრების ხუთი წელი გავფლანგე და არ მინდა, იგივე გავიმეორო. ასე რომ, ვაპირებ დავხარჯო მომდევნო ხუთი წელი, რათა გავიგო არის თუ არა ეს სწორი ქალი“. ის მართლა ღელავდა ამაზე და ნამდვილად არ იყო სახუმარო საქმე მისთვის. ეს კაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა არასოდეს მოსვლია თავში, რომ მთელ ამ კითხვებს აზრი არ ჰქონდა.

მან იცოდა, რომ ის და მისი მეწყვილე ერთმანეთს მრავალმხრივ აბედნიერებდნენ. ის არ ეკითხებოდა საკუთარ თავს, თუ როგორ შეეძლო მეტი ბედნიერება მიენიჭებინა საკუთარი თავისათვის ქალთან დარჩენით, ან როგორ მოახერხებდა ქალის ბედნიერების შენარჩუნებას. მან უკვე გადაწყვიტა, აუცილებლად გამოერკვია, იყო ეს ქალი „ის ერთადერთი“ თუ არა. არასოდეს დაეჭვებულა ამ კითხვის დასმის სისწორეში, თუმცა ეჭვობდა გადაწყვეტილების მიღებაზე - მოეყვანა ეს ქალი ცოლად თუ არა!

ერთხელ, ერთ კაცს ვკითხე, თუ როგორ იგდებდა თავს დეპრესიულ მდგომარეობაში. მან მითხრა:

- „თითქოს გარეთ გავდივარ, მივდივარ ჩემს მანქანასთან და საბურავი ბოლომდე დაშვებული მხვდება“.
- კარგი, ეს საკმაოდ გამაღიზიანებელია, თუმცა საკმარისი არაა დეპრესიისათვის. როგორ იგდებ თავს ნამდვილ დეპრესიაში?
- „ვეუბნები ჩემს თავს, ეს სულ ასე ხდება და შემდეგ ძალიან ბევრ სურათს ვხედავ ყველა იმ შემთხვევისას, როცა ჩემი მანქანა დამტვრეული იყო.“

ვიცი, რომ გარდა ყველა იმ შემთხვევისა, როცა მისი მანქანა არ მუშაობდა, იყო სამასი შემთხვევა მაინც, როცა ის უნაკლოდ ფუნქციონირებდა, თუმცა კაცი ამ მომენტში ამაზე საერთოდ არ ფიქრობდა. თუკი შევძლებ, გავახსენო ის მომენტები, როცა მანქანა გამართულად ფუნქციონირებდა, დეპრესიაც გაუვლის.

chrd

ერთხელ, ერთი ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ დეპრესია ჰქონდა. ვკითხე მას, თუ საიდან იცოდა ამის შესახებ. მან შემომხედა და მიპასუხა, რომ თავისმა ფსიქიატრმა უთხრა ამის შესახებ. ვუთხარი: „იქნებ, ის ცდება, იქნებ, არ გაქვთ დეპრესია და იქნებ, ეს ბედნიერებაა!“ მან შემომხედა, ცალი წარბი ასწია და თქვა: „ასე არ ვფიქრობ.“ მაგრამ მას არ უპასუხია კითხვებზე: „საიდან იცით, რომ დეპრესიაში ხართ?“ „თუკი ბედნიერი იქნებოდით, როგორ გაიგებდით, რომ ბედნიერი ხართ?“ „ყოფილხართ ოდესმე ბედნიერი?“

აღმოვაჩინე, რომ დეპრესიულ ადამიანებს მეტი რაოდენობის ბედნიერი გამოცდილება აქვთ, ვიდრე სხვა ადამიანთა უმეტეს ნაწილს. უბრალოდ, როცა ისინი უკან იხედებიან, ფიქრობენ, რომ ეს არ იყო ნამდვილი ბედნიერება. ისინი ვარდისფერი სათვალის ნაცვლად, ნაცრისფერი სათვალით უყურებენ ცხოვრებას. ვანკუვერში ცხოვრობდა ერთი არაჩვეულებრივი ლედი, რომელიც წარსულ არასასიამოვნო მოგონებებს ცისფერ ტონალობაში ხედავდა, ხოლო სასიამოვნოს - ვარდისფერში. ისინი კარგად იყო სორტირებული. თუ ქალი აიღებდა რომელიმე მოგონებას და ფერს შეუცვლიდა მას, ეს მთლიანად ცვლიდა მოგონებას. არ შემიძლია გითხრათ, რატომ ამართლებს ეს, მაგრამ სუბიექტურად, ქალი ამას ასე აკეთებდა.

ერთხელ, როცა ერთმა ჩემმა კლიენტთაგანმა მითხრა: „მე დეპრესიული ვარ“, მე ვუპასუხე: „გამარჯობა, მე რიჩარდი ვარ“. ის გაჩერდა და თქვა: „არა“.

- „რა, არ ვარ რიჩარდი?“
-„მოიცადეთ, თქვენ რაღაც აურიეთ.“
- „არაფერი ამრევია, ყველაფერი გასაგებია.“
- „მე დეპრესიაში ვარ, თექვსმეტი წელია.“
- „გასაოცარია! ამდენი ხანია არ გიძინიათ?“

სტრუქტურა იმისა, რასაც ის ამბობდა შემდეგნაირი იყო: „მე ისე მოვახდინე ჩემი გამოცდილების კოდირება, რომ ვცხოვრობ ილუზიაში, სადაც ჩემი ცნობიერი მდგომარეობა თექვსმეტი წელია ერთი და იგივეა.“ მე ვიცი, რომ ის არ იყო დეპრესიული თექვსმეტი წლის განმავლობაში. ის იღებდა შესვენებას სადილისთვის, იმისათვის, რომ გაღიზიანებულიყო და სხვა დანარჩენი რამეებისათვის. ეცადეთ დაყოვნდეთ ცნობიერების ერთსა და იმავე მდგომარეობაში ოცი წუთით. ადამიანები ძალიან ბევრ ფულსა და დროს ხარჯავენ იმისათვის, რომ ისწავლონ მედიტირება ისე, რომ ერთსა და იმავე მდგომარეობაში ერთი-ორი საათი გაძლონ. თუ ის ზედმიწევნით ერთი საათის განმავლობაში მაინც გაჩერდებოდა დეპრესიულ მდგომარეობაში, ვერ შეძლებდა ეს შეემჩნია, რადგან გრძნობა ჰაბიტუირდებოდა და შესაბამისად შეუმჩნეველი გახდებოდა. თუ რამეს საკმარისად ხანგრძლივად აკეთებთ, ვეღარც კი შეძლებთ მის შემჩნევას. ასე მოქმედებს ჰაბიტუაცია, ფიზიკურ შეგრძნებებზეც კი.

ასე რომ, ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს: „როგორ გამოსდის ამ ბიჭს დაჯერება, რომ ის მთელი ამ დროის განმავლობაში დეპრესიაში იყო?“ ადამიანის განკურნება შეგიძლიათ იმით, რაც ამ ადამიანს გააჩნია და ამასთანავე ნათელი უნდა გახადოთ, რომ მას ეს არასოდეს ჰქონია. „დეპრესიის თექვსმეტი წელი“ შეიძლება იყოს ნამდვილად დეპრესიულ მდგომარეობაში მხოლოდ 25 საათით ყოფნა.

მაგრამ თუ მიიღებთ ამ კაცის განცხადებას, „მე ვიყავი დეპრესიაში 16 წელი“, შეუკამათებლად, როგორც არსებულ ფაქტს, თქვენ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ის იმყოფებოდა ერთ გაცნობიერებულ მდგომარეობაში მთელი ამ ხნის განმავლობაში. და თუ თქვენ ისახავთ მიზანს, რომელსაც მიაღწევთ კლიენტის გაბედნიერების შემდეგ, მაშინ მოგიწევთ პერმანენტული მცდელობა, გადაიყვანოთ ის სხვა ცნობიერ მდგომარეობაში. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დააჯეროთ მას, რომ მუდმივად ბედნიერია. შეგიძლიათ ასწავლოთ, რომ მოახდინოს მთელი წარსულის კოდირება ბედნიერებაზე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად საცოდავია მოცემულ მომენტში, ის ყოველთვის მადლიერი იქნება იმისათვის, რომ მუდმივად ბედნიერია. მას პროგრესი საერთოდ არ ექნება, მხოლოდ დროდადრო, როცა წარსულში ჩაიხედავს. თქვენ მას უბრალოდ ახალი ილუზია მიეცით, რომელმაც ძველი ჩაანაცვლა.

ადამიანთა უმეტესობა დეპრესიაშია, რადგან ამის კარგი მიზეზი აქვს. ბევრ ადამიანს აქვს მოსაწყენი, უაზრო ცხოვრება და ისინი უბედურნი არიან. ფსიქოლოგთან საუბარი ამას არ შეცვლის, გარდა იმისა, რომ ეს გამოიწვევს მათ სხვაგვარად ცხოვრებას. თუ ვინმე დახარჯავს 75 დოლარს ფსიქიატრის სანახავად, იმის ნაცვლად, რომ წვეულებაზე დახარჯოს, ეს მენტალური დაავადება კი არა, სიბრიყვეა! თუ არაფერს აკეთებ, რასაკვირველია, მოიწყენთ და დეპრესიაში ჩავარდებით. კატატონია ამის ექსტრემალური გამოვლინებაა.

როცა ვინმე მეუბნება, რომ დეპრესიაშია, იმავეს ვაკეთებ, რასაც ყოველთვის: მინდა გავარკვიო, როგორ ხდება ეს. ვარკვევ, თუ შემიძლია გამოვიყენო ის ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად და გავარკვიო, როგორ აკეთებს ამას იმაზე კარგად, ვიდრე მეშემიძლია. შემდეგ, როგორც წესი, ვურჩევ მას, როგორ გააკეთოს ეს სხვაგვარად ან იპოვოს ვინმე, არადეპრესიული და ისე მოიქცეს, როგორც ეს არადეპრესიული ადამიანი იქცევა.

ზოგ ადამიანს გააჩნია შინაგანი ხმა, რომელიც ნელა და დეპრესიულად ჟღერს და მათ მრავალრიცხოვან შეცდომათა ჩამონათვალს ქმნის. თქვენც შეიძლება ძალიან დეპრესიულ მდგომარეობაში ასე ესაუბრებით საკუთარ თავს. ეს იმის მსგავსი იქნებოდა, ჩემი კოლეჯის ზოგიერთი პროფესორი რომ გყოლოდათ თავში. არცაა გასაკვირი, რომ ეს ადამიანები დეპრესიაში არიან. ზოგჯერ, შინაგანი ხმა იმდენად დაბალია, რომ ადამიანი ვერც აცნობიერებს ამას იქამდე, სანამ ჰკითხავთ. იმის გამო, რომ ხმა გაუცნობიერებელია, ადამიანი მასზე უფრო მეტადაც კი რეაგირებს, ვიდრე მისი გაცნობიერების შემთხვევაში - მას უფრო ძლიერი ჰიპნოტური ზემოქმედება აქვს.

ნებისმიერი თქვენგანი, რომელსაც დღის განმავლობაში ჩატარებული აქვს გრძელვადიანი თერაპია, შეამჩნევდა, რომ არის მომენტები, როცა კლიენტებთან მუშაობისას გონებით სადღაც დაფრინავთ. ამას ტრანსული მდგომარეობა ჰქვია. თუ თქვენი კლიენტი საუბრობს ცუდ შეგრძნებებსა და დეპრესიაზე, თქვენ იწყებთ რეაგირებას ამ სიტყვების საპასუხოდ ისე, როგორც ნებისმიერი ტრანსში მყოფი. თუ თქვენ გყავთ კარგი განწყობის მქონე და მხიარული კლიენტები, ეს თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს, მაგრამ დეპრესიულ კლიენტებთან დროის გატარების შემდეგ, შესაძლოა, დღის ბოლოს საშინლად იგრძნოთ თავი.

თუ ისეთი კლიენტი გყავთ, ვინც თავს დეპრესიაში ერთ-ერთი მსგავსი ხმით იგდებს, სცადეთ ამ ხმის ამაღლება იქამდე, სანამ მის გაგონებას ნათლად შეძლებს. ასე მას ჰიპნოტური ზემოქმედება აღარ ექნება. შემდეგ შეცვალეთ ხმის ტემბრი იქამდე, სანამ მხიარულ ტონს არ მიიღებს. კლიენტი მნიშვნელოვნად უკეთ იგრძნობს თავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხმა კვლავ წარუმატებლობათა ჩამოთვლას განაგრძობს.

ბევრი ადამიანი თავს დეპრესიაში სურათების მეშვეობით იგდებს, აქ კი საკმაოდ ბევრი ვარიაცია არსებობს. თქვენ შეიძლება მთელი კოლაჟი შექმნათ, ყველა დროის ყველა წარუმატებლობისაგან, რაც წარსულში გადაგხდათ, ან ათასობით სურათი, თუ როგორ ცუდად შეიძლება წავიდეს საქმე მომავალში. შეგიძლიათ შეხედოთ ყველაფერს რეალურ სამყაროში და ააწყოთ სცენა, თუ როგორ იქნება ყველაფერი ასი წლის შემდეგ. გაგიგიათ გამოთქმა „სიკვდილს იმ მომენტიდან იწყებ, როცა დაიბადე“? დიდებული გამონათქვამია.

ყოველ ჯერზე, როცა რამე კარგი ხდება, შეგიძლიათ უთხრათ საკუთარ თავს, „ეს დიდხანს არ გაგრძელდება“ ან „ეს არ არის რეალური“ ან „მას სინამდვილეში ეს არ უგულისხმია“. ბევრი გზა არსებობს ამის გასაკეთებლად. საკითხავი ყოველთვის ისაა „როგორ აკეთებს ეს კონკრეტული ადამიანი ამას?“ ამ კითხვაზე დეტალური პასუხი მოგითხრობთ ყველაფერზე, რისი ცოდნაც გესაჭიროებათ იმისათვის, რომ ასწავლოთ ამ ადამიანს რა გააკეთოს ჩვეული მოქმედების მაგივრად. ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ იყენებს ეს პიროვნება სხვა რომელიმე უფრო სენსიიტიურ გზას ისაა, რომ მან არ იცის სხვაგვარად მოქცევა. ის ამ ყველაფერს უკვე წლებია აკეთებს, შესაბამისად, ეს „ნორმალური“, კითხვადაუსმელი და შეუმჩნეველია.

ჩვენი კულტურის ერთ-ერთი ველური ჩვეულებაა - ნებისმიერ დგომარეობაში ისე მოქცევა, თითქოს ეს ნორმალურია. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამის ელეგანტური გამოვლინება ნიუ-იორკ სითია. როცა ბროდვეის მიუყვებით, არავინ ათვალიერებს ირგვლივ ყელაფერს და არ ლუღლუღებს: „ღმერთო დიდებულო!“
მომდევნო საუკეთესო დემონსტრაცია ამისა სანტა კრუზის ცენტრია. ადამიანები შუა ქუჩაში ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ ნებისმიერ ფსიქიატრიულს შერცხვებოდა. და აქვე, ქუჩას მიუყვებიან საქმიან სამოსში გამოწყობილი მამაკაცები, ერთმანეთთან საუბრით გართულნი, თითქოს ირგვლივ ყველაფერი რიგზე იყოს.

მეც „ნორმალური“ გარემოდან ვარ. ერთხელ, ცხრა წლის ასაკში, როცა საქმე არაფერი მქონდა, უბანში ბიჭებთან ერთად ვსაუბრობდი. ერთმა მათგანმა თქვა: „ სადმე ხომ არ წავიდეთ და მანქანა ხომ არ მოვიპაროთ?“ „მოდით წავიდეთ, სასმელების მაღაზია გავქურდოთ და ვინმე მოვკლათ.“

ვფიქრობდი, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მდიდარ საზოგადოებაში ცხოვრება იყო საჭირო. ვთვლიდი, რომ თუ მათ შორის დავმკვიდრდებოდი, კეთილდღეობა ჩემზეც გადმოვიდოდა. ასე რომ, წავედი ადგილზე, სახელად ლოს ალტოსი, სადაც ადამიანებს ფული ჰქონდათ. ლოს ალტოსის ახალგაზრდულ კოლეჯში, იმ დროს, კაფეტერიაში - ვერცხლის ჭურჭელი, ხოლო სტუდენტურ ცენტრში, ნადვილი ტყავის სავარძლები იყო. პარკინგი კი დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც ამ წლის დეტროიტის გამოფენა. რა საკვირველია, როცა იქ შევედი, მომიწია მოვქცეულიყავი ისე, თითქოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. „ჰოუ-ჰამ, ყველაფერი საკაიფოდაა!“

სამუშაო ვიშოვე მოწყობილობასთან, რომელსაც კომპიუტერს უწოდებთ და დავიწყე, როგორც ინფორმატიკის სტუდენტმა. მათ ფაკულტეტი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ, რადგან ვიღაცამ რამდენიმე წლის წინ დაფინანსება შეუწყვიტათ. იმის გამო, რომ სასწავლებელში ვიყავი და სპეციალიზაციას ვერ გავდიოდი, ეგზისტენციალურ კრიზისში დავიკარგე. „რას გავაკეთებ? - ფსიქოლოგიას ვისწავლი.“ დაახლოებით ამ დროისათვის ჩავერთე წიგნის რედაქტირებაში გეშტალტ თერაპიის შესახებ და გამგზავნეს გეშტალტ თერაპიის გუნდში, რათა მენახა, რა იყო ეს სინამდვილეში. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. ყველა შეშლილი იყო იქ, სადაც გავიზარდე და ყველა შეშლილი იყო იქ, სადაც ვმუშაობდი, თუმცა ველოდი, რომ ადამიანები, რომლებიც თერაპევტებთან დადიოდნენ ნამდვილი გიჟები უნდა ყოფილიყვნენ.

chair

პირველი, რაც იქ ვნახე, იყო ვიღაც მჯდომარე და ცარიელ სკამთან მოლაპარაკე ბიჭი და გავიფიქრე: „უჰჰჰ! მართალი ვიყავი. ისინი მართლა გიჟები არიან.“ იქ იყო კიდევ სხვა გიჟი, რომელიც პირველს რჩევას აძლევდა, რა ეთქვა ცარიელი სკამისათვის. შემდეგ ავღელდი, რადგან ყველა დანარჩენი იქ მყოფიც ისე უყურებდა ცარიელ სკამს, თითქოს, მას უნდა ეპასუხა. თერაპევტმა იკითხა: „და რას ამბობს ის?“ ასე რომ, მეც სკამს შევხედე. მოგვიანებით მითხრეს, რომ ეს ოთახი ფსიქოთერაპევტებით იყო სავსე, ასე რომ ეს ნორმალური იყო.

შემდეგ თერაპევტმა თქვა: „აცნობიერებთ რას აკეთებს თქვენი ხელი?“ როცა ბიჭმა უპასუხა „არა“, ლამის სიცილი წამსკდა.

- „ახლა აცნობიერებთ?“
- „დიახ“.
- „რას აკეთებს? გააძლიერეთ მოძრაობა.“

უცნაურია, არა? შემდეგ თერაპევტი ამბობს: - „დაურთე სიტყვები თან ამ მოქმედება.“

- „მინდა მოვკლა, მოვკლა.“ (ეს ბიჭი ნეიროქირურგი აღმოჩნდა!)

თერაპევტმა უთხრა: - „ახლა დახედე სკამს და მითხარი ვის ხედავ.“

მე შევხედე და იქ ისევ არავინ იყო! მაგრამ ბიჭმა შეხედა და დაიღრიალა: - „ჩემი ძმა!“

- „უთხარი რომ გაბრაზებული ხარ.“
- „გაბრაზებული ვარ!“
- „უფრო ხმამაღლა თქვი.“
- „გაბრაზებული ვარ!“
- „რის გამო?“

და შემდეგ ის იწყებს ცარიელი სკამისათვის ყველაფრის მოყოლას, თუ რის გამოა გაბრაზებული და შემდეგ თავს ესხმის მას. ის ამტვრებს სკამს დარტყმებით, შემდეგ უბოდიშებს, ცდილობს მის შეკეთებას და უკეთ გრძნობს თავს. შემდეგ ჯგუფის ყველა წევრი სასიამოვნო სიტყვებს ეუბნება და ეხვევა მას.

რადგან მეცნიერებსა და მკვლელების გარემოცვაში ნამყოფი ვიყავი, ნებისმიერ ადგილას შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ პრობლემა მქონდა. ყველაფრის შემდეგ სხვა ადამიანებს ვკითხე: - „მისი ძმა იქ იყო?“ ზოგიერთმა მიპასუხა:

- “რა თქმა უნდა, იყო.“
- „სად დაინახეთ ის?“
- „ჩემს წარმოსახვაში.“

თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისიერი რამ, რაც მოგესურვებათ და თუ თავს ისე დაიჭერთ, რომ თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, სხვა ადამიანებიც ასევე მოიქცევიან. იფიქრეთ ამაზე. შეგიძლიათ თქვათ „ეს ფსიქოთერაპიის ჯგუფია“, დააწყოთ სკამები წრეზე და ერთ-ერთზე მიუთითოთ: „ეს სკამი „განსაკუთრებით საშიშია“, ამის შემდეგ თუ იკითხავს „ვის სურს მუშაობა?“, ყველა ნერვიულობას დაიწყებს და ინერვიულებენ მანამ, სანამ ცდა მოუწევთ. ბოლოს, ვინმე სტრესისაგან მიღებული ტალღით იმდენად მოტივირდება, რომ ვეღარ მოითმენს და იტყვის: “მე მინდა მუშაობა!“ ასე რომ, ეტყვით მას: „ეს სკამი არც ისე კარგი ადგილია ამის გასაკეთებლად, მოდით და დაჯექით ამ განსაკუთრებულ სკამზე.“ შემდეგ მოათავსეთ მის წინ ცარიელი სკამი. ხშირ შემთხვევაში დიალოგს ამგვარად დაიწყებთ:

- „ახლა მითხარით, რას აცნობიერებთ?“
-„გული მიცემს.“
- „დახუჭეთ თალები და მომიყევით რას აცნობიერებთ.“
- „ადამიანები მაკვირდებიან.“

დაფიქრდით წუთით ამაზე. როცა თვალები დახუჭული აქვს, მან იცის რა ხდება შიგნით, ხოლო როცა თვალები გახელილი აქვს, იცის რა ხდება გარეთ! მათ, ვინც არც ისე ფამილარულადაა განწყობილი გეშტალტ თერაპიის მიმართ, იცოდეთ, რომ ეს ძალიან ჩვეულებრივი ფენომენია.

არსებობდა დრო და ადგილი, სადაც ადამიანებს სჯეროდათ, რომ ცარიელ სკამთან საუბარი მნიშვნელოვანია. მან, შეიძლება, რაიმე გამოსადეგ შედეგთან მიგვიყვანოს. ეს ასევე შეიძლება საშიშიც იყოს, იმ მიზეზების გამო, რაც მათ არც ესმოდათ და ახლაც არ ესმით. ადამიანები სწავლობენ ქცევის თანმიმდევრულად გამეორებას და არა კონტექსტის მიხედვით მოქმედებას.

თანმიმდევრობა, რომელსაც გეშტალტ თერაპიაში ისწავლით, შემდეგია: როდესაც თავს მოწყენილად და განადგურებულად გრძნობთ, წარმოიდგენთ ძველ მეგობრებსა და ნათესავებს, გამოხატავთ გაბრაზებასა და აგრესიას მათდამი, ამის შემდეგ თავს უკეთ გრძნობთ და სხვებიც კარგები არიან თქვენ მიმართ.

აიღეთ ეს თანმიმდევრობა და გადაიტანეთ ის რეალურ სამყაროში კონტექსტის გარეშე. რას სწავლობს ადამიანი? როცა თავს კარგად არ გრძნობს, უნდა გამოიწვიოს ჰალუცინაცია, გახდეს გაბრაზებული და მოძალადე და შემდეგ, ამის გამო თავი კარგად იგრძნოს. როგორი იქნება ამ ყველაფრის ადამიანურ ურთიერთობებში მოდელირება? ეს ის ქცევაა, როგორც თქვენს მეუღლესა და შვილებს მოექცეოდით? თუმცა, რატომ უნდა გამოვცადოთ ეს საყვარელ ადამიანებზე? როცა გაბრაზებული ხართ, უბრალოდ გადით გარეთ და იპოვეთ ვინმე უცნობი. აედევნეთ მას, წარმოიდგინეთ გარდაცვლილი ნათესავი, გაუტეხეთ ცხვირი და იგრძენით თავი უკეთ. პრინციპში, ზოგიერთი ასეც იქცევა, თან გეშტალტ თერაპიის გავლენის გარეშე, თუმცა ქცევის ამგვარ მოდელს არ აღვიქვამთ, როგორც განკურნების პროცესს. როცა ადამიანები გაივლიან გეშტალტ თერაპიის კურსს, ან რომელიმე სხვა განმეორებად გამოცდილებას, ისინი სწავლობენ იმას, რაც ნამდვილად სწრაფად კეთდება და უფრო მეტად ქცევის მოდელსა და თანმიმდევობას ითვისებენ, ვიდრე კონტექსტს. მას შემდეგ, რაც თერაპევტები კონტექსტზე ფოკუსირდებიან, როგორც წესი, უკვე სწავლების თანმიმდევრობას აღარ აქცევენ ყურადღებას.

ზოგიერთი ადამიანი შეგხედავთ პირდაპირ თვალებში და გეტყვით მიზეზს, თუ რატომ არის ისეთი, როგორიც არის და მიზეზად დაასახელებს რამეს, რაც დიდი ხნის წინ, ბავშვობაში მოხდა მის ცხოვრებაში. თუ ეს მართალია, ისინი ნამდვილად ჩიხში არიან მოქცეულები, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, ცხადია, მათთან ვერაფერს გახდებით: ბავშვობის ხელახლა გავლა ხომ ვერ მოხერხდება.

თუმცა, იგივე ადამიანებს სჯერათ, რომ შესაძლებელია ბავშვობის ხელახლა წარმოდგენა, შესაბამისად, უკან დაბრუნება და მისი შეცვლა. ის ფაქტი, რომ მომხდარი არ მოგწონთ, იმაზე მიუთითებს, რომ ის „დაუსრულებელია“, ასე რომ, შესაძლებელია უკან დაბრუნება და მისი იმგვარად დასრულება, როგორ გსურთ. ეს დიდებული გადაფორმირება და სასარგებლო რამ არის.

ვფიქრობ, ამგვარი მიდგომით, ყველაფერი დაუსრულებელია: უბრალოდ, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ მოგონება, რწმენა, გაგება ან სხვა მენტალური პროცესი დღიდან დღემდე, თუკი ამგვარ მიდგომას განაგრძობთ. ის კვლავ გრძელდება და თუ გაქვთ გარკვეული გაგება პროცესებისა, რომელიც ხელს უწყობს მისი გაგრძელების შენარჩუნებას, ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ.

positive thinking b

პრინციპში, საკმაოდ ადვილია, მოდიფიცირება გაუკეთოთ წარსულის მოგონებას. შემდეგი, რაც მინდა გასწავლოთ, არის „უმოკლესი თერაპია“. ყველაზე სასიამოვნო მასში ისაა, რომ ის ჯერ კიდევ საიდუმლო თერაპიაა, თქვენ კი შესაძლებლობა გეძლევათ გამოსცადოთ.

იფიქრეთ არასასიამოვნო უხერხულობაზე ან იმედგაცრუებაზე და კარგად დარწმუნდით, რომ ამ კადრების ნახვა ჯერ კიდევ ცუდად გაგრძნობინებთ თავს. თუ ასე არაა, აირჩიეთ სხვა...

შემდეგ, დაიწყეთ ამ კადრების ნახვა თავიდან და დასაწყისისთანავე დაადეთ ფონად რაიმე სასიამოვნო, ხმამაღალი ცირკის მუსიკა. უსმინეთ ცირკის მუსიკას კადრების დასრულებამდე ...

ახლა კვლავ ორიგინალი კადრები ნახეთ... უკეთ გრძნობთ თავს? უმეტესობისათვის ტრაგედია შეიცვლება კომედიად და შეგრძნებებს შეამსუბუქებს. თუ გაქვთ მოგონება, რომელიც თავს გაბეზრებთ და გაბრაზებთ, დაადეთ მას ცირკის მუსიკა. თუ მას ცირკის მუსიკასთან ერთად აამოქმედებთ, სხვა დროს, როცა გონებაში ამოტივტივდება, ცირკის მუსიკაც ავტომატურად ეხლება თან და აღარ გამოიწვევს უწინდელ შეგრძნებებს.

უმცირესობისათვის, ცირკის მუსიკა შეიძლება არ იყოს შესაბამისი არჩევანი ამ განსაკუთრებულ მოგონებასთან. თუ ვერ ამჩნევთ რაიმე ცვლილებას, ან თუკი მოგონება არადამაკმაყოფილებლად შეიცვალა, მოიფიქრეთ რომელი მუსიკა ან რომელი ხმიანობები იმოქმედებდა ამ მოგონებაზე და შემდეგ სცადეთ მისი ფონად გამოყენება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ათასობით საპნის ოპერის მუსიკა, ოპერის მუსიკა, უვერტიურა 1812, „Hernando’s Hideaway” ან რაიმე სხვა. გაარკვიეთ რა მოხდება. თუ დაიწყებთ ექსპერიმენტირებას, შეძლებთ უამრავი გზის პოვნას გამოცდილების შესაცვლელად.

ახლა აირჩიეთ სხვა ცუდი მოგონება. გაუშვით ფილმი ისე, როგორც გჩვევიათ, რათა გაიგოთ, კვლავ გაბეზრებთ თუ არა ის თავს ...

ახლა „გადაახვიეთ“ იგივე მოგონება ბოლოდან დასაწყისისაკენ, გააკეთეთ ეს ძალიან სწრაფად, ისე რომ რამდენიმე წამი დაგჭირდეთ ...

ახლა კვლავ ჩვეულ რეჟიმში გაუშვით იგივე კადრები ...

იგივე გრძნობები გაქვთ მოგონებაზე? - ნამდვილად არა. ეს ცოტატი ჰგავს წინადადების უკუღმა თქმას - მნიშვნელობა იცვლება. სცადეთ ეს ყველა თქვენს ცუდ მოგონებაზე და თქვენ თერაპიის გასავლელად საჭირო უამრავ ფულს დაზოგავთ. დამიჯერეთ, როცა ეს მეთოდი ცნობილი გახდება, - ტრადიციული თერაპევტების დიდი ნაწილი საქმის გარეშე დარჩება. ისინი ჯადოსნური შელოცვებისა და ღამურის გამხმარი ფრთების გამყიდველთა გვერდზე აღმოჩნდებიან.

მსგავსი სტატიები

თავი VI - დაბნეულობის გაგება (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი VII - რწმენის მიღმა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის (შესავალი)


ავტორი: რიჩარდ ბენდლერი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი რამდ...

თავი V - მიზნისკენ სწრაფვა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი VIII - სწავლა(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი III - თვალთახედვა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი IX - სვიშ პატერნი(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი IV - არასწორი სვლა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff