რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის
მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე
ბევრი ადამიანი აწყდება სირთულეებს რადგან, რაღაცის გამო დაბნეულნი არიან. მინდა გაჩვენოთ, როგორ „აიღოთ“ დაბნეულობა და გარდაქმნათ ის გაგებად.
მჭირდება ვიღაც, თამაშისათვის, რათა ამ შესაძლებლობის დემონსტრირება მოვახდინო. დემონსტრაციის შემდეგ, გთხოვთ წყვილებში მუშაობას, რათა ეს ერთმანეთთან გამოსცადოთ. ასე რომ, მოიკრიფეთ ყურადღება.
- ბილლი: სიამოვნებით გავაკეთებდი.
- პირველ რიგში, იფიქრეთ მოვლენაზე, რომელიც გაბნევთ და გსურთ, რომ გაიგოთ.
- ბილლი: ბევრი რამ არის, რასაც ვერ ვიგებ.
- შეჩერდით. მინდა მთელი სიფრთხილით მოისმინოთ, რის გაკეთებაც გთხოვეთ. მე არ მითხოვია გეფიქრათ იმაზე, რასაც ვერ იგებთ, არამედ გთხოვეთ გეფიქრათ რაღაცაზე, რაც გაბნევთ. „დაბნეულობა“ და „არ გაგება“ განსხვავებული ცნებებია. ბევრი რამ არის, რასაც ვერ იგებთ, რადგან მათ შესახებ არაფერი იცით. თქვენ, სავარაუდოდ, ვერ იგებთ ღია-ტიპის ქირურგიულ ჩარევას გულზე, ან თუნდაც, როგორ ხდება წყალბადის ბომბის შექმნა. თქვენ არ ხართ დაბნეული მათ შესახებ, არამედ უბრალოდ, ინფორმაციას არ ფლობთ იმაზე, თუ როგორ ხდება მათი შესრულება. დაბნეულობა, ყოველთვის მაჩვენებელია იმისა, რომ თქვენ თქვენი გაგების გზაზე იმყოფებით. დაბნეულობა გულისხმობს, რომ თქვენ დიდი რესურსი გაქვთ, მაგრამ ეს რესურსები, ჯერ კიდევ არ არის იმგვარად ორგანიზებული, რომ მოვლენის გაგების საშუალება მოგცეთ. ასე რომ, მინდა იფიქროთ ისეთ რამეზე, რის გამოც დაბნეული ბრძანდებით: რაღაც, რაშიც დიდი გამოცდილება გაქვთ, მაგრამ ეს შედეგს არ გაძლევთ ...
- ბილლი: კარგი. მე ვფიქრობ იმის შესახებ, რომ ...
- შეჩერდით! არ უნდა მითხრათ იმის შინაარსი, რაზეც ფიქრობთ. შინაარსი მისთვისაა საჭირო, ვისაც სხვის საქმეში ცხირის ჩაყოფა უყვარს. მე მათემატიკოსი ვარ, მხოლოდ ფორმით ვინტერესდები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ მყოფი სხვა ადამიანები ძალიან ადვილად დაიკარგებიან კონტექსტში. მსურს, რომ მათ ის პროცესი შეისწავლონ, რის დემონსტრირებასაც ვახდენ. თქვენ მოიფიქრეთ რაღაც, რის გამოც დაბნეული ხართ. ახლა მინდა იფიქროთ რაიმე მსგავსზე, რაც თქვენთვის გასაგებია. როდესაც ვამბობ მსგავსს, ვგულისხმობ, რომ თუ თქვენი დაბნეულობა ვიღაცის საქციელითაა გამოწვეული, თქვენი “გაგებაც“ ასევე იმავე ადამიანის ქცევას უნდა უკავშირდებოდეს. თუ თქვენი დაბნეულობა დაკავშირებული იმასთან, თუ როგორ მუშაობს მანქანის ძრავი, გაგებადაც რაიმე მექანიკურის მაგალითი გამოიყენეთ, მაგალითად, როგორ მუშაობს ტოსტერი.
- ბილლი: მოვიფიქრე რაღაც, რაც ჩემთვის გასაგებია.
- ახლა თქვენ ორი შინაგანი გამოცდილება გაქვთ. ერთ მათგანს „გაგებას“ ვუწოდებთ, მეორეს კი „დაბნეულობას“. გააჩნია ორივე მათგანს წარმოსახვითი სურათები?
- ბილლი: დიახ.
- მაინტერესებს, რა განსხვავებაა ამ ორს შორის. როგორ განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან? მაგალითად, ერთი, შესაძლოა, იყოს ფილმის, ხოლო მეორე სლაიდური გამოსახულების. ან შესაძლოა, ერთი შავ-თეთრი, ხოლო მეორე - ფერადი იყოს. მინდა შეხვიდეთ მათში და გამოსცადოთ ეს ორი გამოცდილება და მომიყვეთ, თუ როგორ განსხვავდებიან ისინი...
- ბილლი: „დაბნეულობა“ არის სლაიდი და სიდიდით პატარა. „გაგება“ არის ფილმი და ის ფართოა.
- არის კიდევ რაიმე განსხვავება? თუ დაბნეულობის სურათი უფრო პატარაა, ალბათ, მისი გამოსახულება, ამავდროულად, შორსაც იმყოფება.
- ბილლი: დიახ, მისი გამოსახულება შორ დისტანციაზეა.
- აქვს რომელიმე მათგანს ხმა?
- ბილლი: დიახ, „გაგებას“ აქვს ხმა, რომელიც აღწერს იმას, რასაც ვხედავ. „დაბნეულობა“ კი უხმოა.
- როგორ ხვდებით, რომ თქვენ ერთი მათგანისადმი დაბნეული ხართ, ხოლო მეორეს იგებთ?
- ბილლი: განსხვავებული შეგრძნებები მაქვს, როცა ამ ორ სურათს ვხედავ.
- კარგი. როგორ ხვდებიან თქვენი გრძნობები, თუ რა უნდა იგრძნონ, როცა ამ სურათებს ხედავთ?
- ბილლი: ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ეს ამგვარად ვისწავლე.
მინდა, ყველამ ყურადღება მიაქციოთ, რომ მე მას ვკითხე „როგორ?“, ვკითხულობ პროცესის შესახებ და მან მიპასუხა „რატომ?“-ის შესაბამისი პასუხი. „იმიტომ რომ“ ყოველთვის პასუხობს კიხვაზე „რატომ?“. „იმიტომ, რომ“ თქვენ მხოლოდ ისტორიული თეორიების გროვას გაძლევთ. მე მხოლოდ ერთი თეორია მაქვს: მიზეზი იმისა, რომ ადამიანებს საკუთარი ტვინის ამოქმედებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, ისაა, რომ დედამიწა საკუთარი ღერძიდან გადახრილია. ასე რომ, რეალურად, თქვენ სხვისი ტვინი გაქვთ, და ის შეშლილია. აი ამ თეორიების შექმნაა ის, რითაც დაკავებული ვარ.
- მოდით თავიდან ვცადოთ. ბილლ, როგორ ხვდებით, რომ განსხვავებული გრძნობები უნდა გქონდეთ მაშინ, როცა ამ ორ სურათს უყურებთ?..
- ბილლი: არ ვიცი.
- მომწონს ეს პასუხი.
- ბილლი: მას შემდეგ, რაც ამაზე დავფიქრდი, გადავწყვიტე, რომ არ ვიცი.
- ხდება ხოლმე. ჩათვალეთ, რომ იცით. ისაუბრეთ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მოხდეს, ისაა, რომ შეიძლება შეცდეთ. მრავალი წლის წინ გავაცნობიერე, იმდენჯერ შევმცდარვარ, რომ გადავწყვიტე განვაგრძო გზა წინისაკენ და შევცდე იქ, სადაც უფრო საინტერესო იქნება შეცდომების დაშვება.
- ბილლი: როდესაც ვუცქერ „გაგების“ სურათს, შემიძლია დავინახო, თუ როგორ ფუნქციონირებენ მოვლენები, რაც რელაქსაციის ნაზ შეგრძნებას მაძლევს. როდესაც მეორე სურათს ვუყურებ, ვერ ვხედავ, თუ რა მოხდება შემდეგში და მცირედ დაძაბულობას ვგრძნობ.
- მამაკაცი: თქვენ ამ ყველაფრის ხედვას აიოლებთ. როგორ ხვდებით, თუ რა შეკითხვები უნდა დასვათ?
- მე მხოლოდ იმის გაგება მინდა, „როგორი განსხვავებულია ეს ორი გამოცდილება?“ პასუხები ამ შეკითხვაზე, არის სპეციფიკური განსხვავებები პიროვნების მხედველობით, სმენით და გრძნობით გამოცდილებებში. ჩემი შეკითხვები, ხშირად, მიმართულია იმისაკენ, რასაც პიროვნება ყურადღებას არ აქცევს და ეს კითხვები ყოველთვის მიმართულია ადამიანის დასახმარებლად, რომ გააკეთოს ის განსხვავებები, რასაც აქამდე ვერ აკეთებდა. მაგალითად, როდესაც ბილლს ვკითხე, თუ როგორი იყო მისი გამოსახულებები, სლაიდი თუ ფილმი, მან ადვილად შეძლო ამაზე პასუხის გაცემა. თუმცა, მას, სავარაუდოდ, არასოდეს შეუნიშნავს ეს განსხვავება აქამდე, რადგან არავის დაუსვამს მისთვის ეს შეკითხვა.
- ქალი: არსებობს რაიმე განსაკუთრებული თანმიმდევრობა კითხვებისა, რომლებსაც თქვენ სვამთ? თქვენ შეეკითხეთ, გამოსახულება ფილმი იყო თუ სლაიდი მანამ, სანამ ჰკითხავდით, შავ-თეთრი იყო ის თუ ფერადი.
- არის გარკვეული ეფექტურეობა რაღაც შეკითხვების პირველად და შემდგომ დასმაში, ამგვარად, სწორ გზას ნაკლებად ასცდებით. თუ დასვამთ შეკითხვას, „რამდენად სწრაფად იცვლება გამოსახულება?“, ხოლო გამოსახულება სლაიდი აღმოჩნდება, ეს ცოტათი დააბნევს იმ ადამიანს, ვისთანაც ამ პროცესს ატარებთ. თავდაპირველად საბაზისო შეკითხვები დასვით და შემდეგ შეეკითხეთ უფრო ღრმად მყოფი სპეციფიკური განსხვავებების შესახებ, რაც შეიძლება სახეზე იყოს.
კითხვებს, რომლებსაც თქვენ სვამთ, ასევე უკეთ გაცნობის ფუნქციაც აქვთ. დაბნეულობა და გაგება აქამდე რამდენჯერმე გამოვიკვლიე, ასე რომ, უკვე ვიცი რა ტიპის განსხვავებები არსებობს აქ. ეს იმ ყველაფერი დანარჩენის მსგავსია, რის კეთებასაც სწავლობთ. როცა ამას პირველად აკეთებთ, თქვენ ბორძიკებთ. მოგვიანებით, როცა უკეთ ხართ გაცნობილი იმას, რასაც აკეთებთ, უფრო ადვილად და სისტემატიზირებულად იწყებთ სვლას. თქვენ ასევე შეგიძლიათ, უბრალოდ შექმნათ ყველა შესაძლებლობის გრძელი სია და სათითაოდ გაიაროთ ისინი. მაგრამ უფრო ადვილია, თუ თავიდან გამოჰყოფთ მთავარ განსხვავებულობას, რათა ამ ადამიანის გონება სწორად მიმართოთ და შემდეგ ჰკითხოთ, „როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან ეს ორი?“
- ახლა, მოდით გადავიდეთ უფრო საინტერესო ნაწილზე. ბილლ, მინდა აიღოთ „დაბნეულობა“ და შეცვალოთ ის მანამ, სანამ ზუსტად „გაგების“ მსგავსი გახდება. არ მინდა, რომ შინაარსი შეცვალოთ. მინდა, მხოლოდ პროცესი შეცვალოთ, რომლითაც იმავე შინაარსს წარმოაჩენთ. თავიდან, მინდა, რომ სლაიდი აქციოთ ფილმად...
- ბილლი: არამგონია, ამის გაკეთება შემეძლოს.
- გააკეთე ეს შემდეგნაირად. თავიდან, შექმენით სლაიდების სერია, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით დროს ასახავს და მაშინ, როცა მათი საკმარისი რაოდენობა გექნებათ, შეხედეთ სლაიდებს თანმიმდევრულად და სწრაფად. შემდეგ უფრო ააჩქარეთ მისი თანმიმდევრული სვლა და მიიღებთ ფილმს. ფილმი გაშეშებული სურათების სწრაფ თანმიმდევრულად სვლას წარმოადგენს.
- ბილლი: კარგი... ვხედავ ფილმს.
- კარგი. ახლა, დაადეთ მას ნარატიული საუნდტრეკი, რომელიც ფილმს აღწერს... (ბილი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს)
- ახლა, გახადეთ ეს ფილმი უფრო ფართო და ახლო, სანამ ზომა და დისტანცია ზუსტად იგივე არ გახდება, როგორიც „გაგების“ გამოსახულებაა... რა ხდება, როდესაც ამას აკეთებთ? ახლა იგებთ დაბნეულობის სიტუაციას?
- ბილლი: დიახ. ახლა შემიძლია დავინახო, თუ რა ხდება. უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს. ორივე სურათის მიმართ ერთნაირი შეგრძნებები მაქვს.
- აზრი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ფართე სურათს ხედავთ, ნარატიული საუნდტრეკით, რაღაცას უფრო კარგად გაიგებთ, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც პატარა, უხმო, უძრავ სურათებს ხედავთ. თქვნ უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ და ის იმგვარადაა ორგანიზებული, რომ მისი გაგება შეგიძლიათ. ეს არის ბილლის სწავლის ბუნებრივი გზა, თუ როგორ გაიგოს მოვლენები.
- ქალი: არ უნდა ფლობდეთ უფრო მეტ ინფორმაციას დაბნეულობის დასაძლევად?
ზოგჯერ შემთხვევა ამგვარია, მაგრამ ხშირად პიროვნებას ნამდვილად აქვს ინფორმაცია, ის უბრალოდ არ არის იმგვარად გაცობიერებული, რომ მისი გაგება მოხდეს. საქმე იმაში არ არის, რომ რაღაც ინფორმაცია გამორჩენილია, უბრალოდ, ის რაც მოგეპოვებათ, ცუდადაა ორგანიზებული. თქვენ ყველამ იმაზე მეტი იცით, ვიდრე გგონიათ. როგორც წესი, დაბნეულობას მწირი ინფორმაციის ქონა კი არა, ზედმეტი ინფორმაციის ქონდა იწვევს. ხშირად, ადამიანის დაბნეულობა არის ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობა, ან დიდი რაოდენობის სურათების სწრაფი, მოუწესრიგებელი თანმიმდევრობით დინება. ამის საწინააღმდეგოდ, ადამიანთა უმეტესობის „გაგების“ სურათები არის კარგად ორგანიზებული და ძალიან ეკონომიური. ისინი ჰგავს დახვეწილ მათემატიკურ განტოლებას ან კარგ პოემას. ისინი წარმოადგენენ დიდი მოცულობის ინფორმაციის გაფილტვრის შედეგად წარმოქმნილ მარტივ გამოსახულებას. ბილლთან მხოლოდ ის გავაკეთე, რომ გავხადე შესაძლებელი მისთვის, იმგვარად მოეხდინა იმ რესურსების ფორმირება, რაც მას უკვე ჰქონდა, რომ შეძლებოდა მისი გაგება. შეგეძლოს საკუთარი გონების გამოყენება, ნიშნავს გქონდეს წვდომა იმ ინფორმაციაზე, რაც უკვე გაქვს და შეგეძლოს მისი ორგანიზება.
თქვენს უმრავლესობას უნახავს, თუ რა ხდება, როდესაც ბუხარში ცეცხლი ქრება. თუ ცოტათი გადაანაცვლებთ შეშებს, ის კლავ გიზგიზს დაიწყებს. თქვენ არაფერი დაგიმატებიათ. ერთადერთი, რაც შეცვალეთ - წყობაა, მაგრამ ეს ძალიან დიდ განსხვავებას გვაძლევს.
თუ ფიქრობთ, რომ მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, თქვენ, სავარაუდოდ, უამრავ კითხვას დასვამთ. თუ პასუხები ნედლ ინფორმაციას შეიცავს, დიდად ვერ გაგიწევთ დახმარებას და მოგიწევთ კითხვების დასმის გაგრძელება. რაც მეტ პასუხს მიიღებთ, მით უფრო ნაკლებად გააკონტროლებთ კითხვებს, რომლებსაც დასვამთ. იმ შემთხვევაში კი, როდესაც პასუხები საშუალებას გაძლევთ გაუკეთოთ ორგანიზება იმ მონაცემებს, რაც უკვე გაქვთ, - ეს შეიძლება პროცესის გაგებაში დაგეხმაროთ. ამას ხშირად „პასიურ სწავლას“ უწოდებენ და იმ ადამიანებს ეხება, რომლებიც სხვებისაგან სულ კოვზით გამოკვებას ელოდებიან. სხვა ადამიანები იღებენ მონაცემთა დიდ მოცულობას და თავისით უკეთებენ მათ ორგანიზებას, სხვების დაუხმარებლად. ამას ხშირად „აქტიურ სწავლას“ ვუწოდებთ.
- ახლა, ბილლ, მინდა სხვა გზა სცადოთ. აიღეთ მოვლენა, რომელიც თქვენთვის ბუნებრივადაა გასაგები და გარდაქმენით ის უფრო პატარა, შორ დისტანციაზე მყოფ, უძრავ სურათად და მოაშორეთ მას დაუნდტრეკი...
- ბილლი: მე ახლა დაძაბული და დაბნეული ვარ.
- ამგვარად, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი მოვლენა, რომელშიც დარწმუნებულნი ხართ და ჯოჯოხეთურად დამაბნეველი გახადოთ ის. თქვენ ყველას გეცინებათ, ვერ აცნობიერებთ, რამდენად გამოსადეგი შეიძლება იყოს ეს. არ იცნობთ ვინმეს, ვინც დარწმუნებულია, რომ ის ყოველთვის ყველაფერს იგებს, ხოლო სხვა დანარჩენები ვერა? ... და ეს ცრუ-თავდაჯერებულობა ბევრ ხათაბალაში ჰხვევს მათ? დაბნეულობის საჭირო დოზა მისცემდა მოტივაციას ასეთ ადამიანებს, რომ მოესმინათ ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის და მიეღოთ გარკვეული დოზის ძალიან საჭირო ინფორმაცია. დაბნეულობა და გაგება შინაგანი გამოცდილებებია. არ არის აუცილებელი, რომ მათ გარეგან სამყაროსთან რაიმე საერთო ჰქონდეთ. ფაქტობრივად, თუ ირგვლივ მიმოიხედავთ, კავშირი ძალიან მცირეა.
იმისათვის, რომ ბილმა მიიღოს გამოცდილება, რომელსაც თავად „გაგებას“ უწოდებს, ის უნდა ჩაერთოს პროცესში, რომელშიც ინფორმაცია, რასაც თავად ფლობს უნდა იყოს წარმოდგენილი ფართო საუნდტრეკიანი ფილმის სახით. ეს ზოგჯერ თავისთავად ხდება, ზოგჯერ კი შესაძლოა სხვა ადამიანებმა მოახდინონ მისი ინდუცირება. თუმცა, ახლა ბილლმა იცის, თუ როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი და შეუძლია გაცნობიერებულად ჩართოს ეს პროცესი ნებისმიერ დროს, როცა რაიმეს მიმართ დაბნეულობას იგრძნობს. იმ შემთხვევაში, თუ მას საკმარისი ინფორმაცია არ ექნება, სრულ გაგებამდე ვერ მივა. შესაძლოა, მის ფილმს პერიოდული გათიშვები ჰქონდეს ან საუნდტრეკის ხმა მინელდეს დროდადრო. ეს ხარვეზები ზუსტად მიუთითებს იმაზე, თუ სად სჭირდება მას მეტი ინფორმაციის ქონა. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ბილლს მობეზრდება ის, რასაც უკვე კარგად იგებს, შეუძლია მოახდინოს არსებული პროცესის დაბნეულობად გარდაქმნა, როგორც პრელუდია, რაიმე ახალის და სხვაგვარი გაგების გამომუშავებამდე.
ახლა მინდა, რომ თქვენც იგივე გააკეთოთ, რაც ბილლთან მოვიმოქმედე. დაწყვილდით ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ იცნობთ, რადგან ეს გააადვილებს პროცესს.
1. სთხოვეთ თქვენს პარტნიორს იფიქროს ისეთ რამეზე, რაც:
ა) მასში დაბნეულობას იწვევს; და
ბ) რაიმე მსგავს სიტუაციაზე, რომელსაც იგებს. თქვენს პარტნიორს არ აქვს უფლება, გითხრათ რაიმე შინაარსის შესახებ.
2. ჰკითხეთ, „როგორ განსხვავდება ერთმანეთისაგან ისინი?“ თქვენ არ გაინტერესებთ ამ ორ მოვლენას შორის მსგავსება. მხოლოდ იმით ინტერესდებით, თუ როგორ განსხვავდება ერთი მეორესაგან.
3. როდესაც ხელთ გექნებათ სულ მცირე ორი განსხვავება მაინც, სთხოვეთ თქვენს პარტნიორს, რომ შეცვალოს „დაბნეულობა“ იმგვარად, რომ ის გახდეს იგივენაირი პროცესი, როგორიც „გაგებაა“.
4. შეამოწმეთ თქვენი მოქმედება. ამისათვის კი, ჰკითხეთ პარტნიორს, თუ გაიგო ის, რაშიც აქამდე დაბნეული იყო. თუ მან გაიგო, თქვენ თქვენი საქმე შესრულებული გაქვთ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერ გაიგო, დაბრუნდით უკან და აღმოაჩინეთ უფრო მეტი განსხვავება. განაგრძეთ მანამ, სანამ მისი დაბნეულობა გაგებად არ გარდაიქმნება, ან სანამ არ შეძლებს გაცნობიერებას, თუ რომელი სპეციფიკური ინფორმაციის გამოტოვება უშლის ხელს სრულ გაგებაში. გახსოვდეთ, რომ არავის შეუძლია რაიმეს ბოლომდე გაგება. ეს არაფერია. ცხოვრება ამითაა საინტერესო. თითოეულმა, ამ პროცესისთვის 15 წუთი გამოიყენეთ...
თქვენმა უმეტესობამ, ალბათ, შეამჩნია, რომ თქვენი პარტნიორი რაღაც თქვენგან განსხვავებულს აკეთებს თავის შიგნით, სიტყვებთან - „დაბნეულობასა“ და „გაგებასთან“ დაკავშირებით. მოდით, ჯერ მოვისმინოთ რამდენიმე განსხვავება, რაც იპოვეთ და ამის შემდეგ კი დასვით სასურველი კითხვები.
- კაცი: ჩემი დაბნეულობა ჰგავს ტელევიზორს, რომელსაც ვერტიკალური ხაზები დაჰყვება. სურათები ისე სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს, რომ არ შემიძლია მათი დანახვა. როდესაც შევანელე და დავასტაბილურე, ამან შედეგი გამოიღო. ჩემი პარტნიორისათვის დაბნეულობა ახლო მანძილზე მყოფი პანორამა იყო. იმდენი რამ ხდებოდა ასე ახლოს მის წინ, რომ არ შეეძლო ამ ყველაფრისათვის თავის გართმევა. მას მოუწია შეენელებინა ის და ამის შემდგომ, ფიზიკურად დაეხია უკან და საკმარისად დაშორებული დისტანციიდან დაენახა ყველაფერი, რათა მოეხდინა მისი გაგება.
- კაცი: ჩემი პარტნიორი მეცნიერია. როცა ის დაბნეულია, უბრალოდ ხედავს მოვლენათა მიმდინარეობის ამსახველ ფილმს, რომელსაც თავად „ნედლ მონაცემებს“ უწოდებს. როდესაც გაგებას იწყებს, ის ხედავს პატარა დიაგრამებს, რომლებიც ფილმზე ზემოდანაა გადაკრული. ეს დიაგრამები ეხმარება მას შეამოკლოს მოვლენები და ფილმები ხდება უფრო და უფრო მოკლე, სანამ იმ მდომარეობამდე დავა, რასაც თავად „მოძრავ გაშეშებულ სურათს“ ეძახის. ეს არის უძრავი სურათი, ზემოდან გადაკრული დიაგრამით, რომელიც მიუთითებს ყველა განსხვავებულ გზას, რითაც შეიძლება უძრავი სურათი ფილმად გადაიქცეს. ეს სურათი, როგორ ჩანს, ცოტათი ქანაობს. ეს ძალიან ეკონომიურია.
- შესანიშნავია. აქვს ამ შემთხვევებს რაიმე მნიშვნელობა დანარჩენი თქვენგანისათვის? უკვე საკმაო რაოდენობის ვარიანტებს ვფლობთ.
- ქალი: როცა ჩემთვის რაღაც მართლა გასაგებია, ვხედავ ხუთ განსხვავებულ, ცხად სურათს ერთდროულად, როგორც რამდენიმე ნაწილად გაყოფილ ტელევიზორის ეკრანს. როდესაც დაბნეული ვარ, მხოლოდ ერთ სურათს ვხედავ და მას არეული გამოსახულება აქვს. როდესაც ჩემი პარტნიორისათვის რაღაც მოვლენა გასაგებია, ის გამოსახულებას მის ზემოთ და მარჯვნივ ხედავს. როცა ის დაბნეულია, გამოსახულება ყოველთვის ცენტრში მდებარეობს. ხოლო როცა იმ მოვლენას ეხება საქმე, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი იცის, გამოსახულება მის ზემოთ და მარცხენა მხარესაა.
- ალანი: ის, რასაც ჩემი პარტნიორი აკეთებს, ჩემთვის ძალიან უჩვეულოოა. მისი დაბნეულობა ძალიან ფოკუსირებული და სპეციფიკურია, ხოლო მისი გაგება არის ცუდ-გამოსახულებიანი, ნათელი ფილმი, რომელსაც მკვეთრი ფოკუსი არ გააჩნია. როდესაც მან „დაბნეულობის“ გამოსახულებას სიმკვეთრე დაუკარგა, მან იგრძნო, რომ სიტუაცია გაიგო. მე ვუთხრი მას : „გამოიყენეთ ღილაკი და შეცვალეთ ლინზა ისე, რომ გამოსახულება არამკვეთრი გახდეს.“
- თქვენ შეგიძლიათ ამის ამგვარად გაკეთება, თუმცა არ არის საჭირო, რომ მეტაფორული იყოთ. ადამიანებს, სინამდვილეში, არ აქვთ ღილაკები, თუმცა შეგიძლიათ მათ უთხრათ, რომ ასე მოიქცნენ. როცა თქვენმა პარტნიორმა სურათი უფოკუსო გახადა, მან შეძლო სიტუაციის გაგება. იმედი მაქვს, რომის გულის ქირურგი არ არის! ეს ერთ-ერთი უცნაური შინაგანი ქმედებაა, რაც ოდესმე გამიგონია. თუ სურათს გააბუნდოვნებ, მაშინ გაიგებ! - ეს ნამდვილად განსხვავებულია სხვა შემთხვევებისაგან, რომლებიც აქ მაქვს. მისთვისაც ასევე უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი?
- ალანი: დიახ. შესაძლოა, რომ ეს რაიმე შედარებით დაბალი საფეხურის, გაუცნობიერებელი პროცესის საპირისპირო მოქმედება იყოს, რომელიც ნდობას იწვევს?
- არა, მე არ ვეთანხმები ამგვარ განმარტებას. მთელი ეს პროცესი გაუცნობიერებელია მანამ, სანამ ვინმეს მათ შესახებ ჰკითხავთ. ბევრი რამ არის, რასაც ინტუიტიურად ვაკეთებთ, მაგრამ ეს განსხვავებული ქმედებაა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩათ, მაგრამ თუ დავუშვებთ იმას, რომ თქვენი აღწერილობა სიმართლეა, თქვენი პარტნიორის გაგება ვერ იქნება დაკავშირებული რაიმეს კეთებასთან. იმისათვის, რომ რაღაც გააკეთო, უნდა გქონდეთ გარკვეული რაოდენიბის სპეციფიკური დეტალი. სწორედ ამიტომ ვიხუმრე იმის შესახებ, რომ ვიმედოვნებდი გულის ქირურგი არ ყოფილიყო. ამგვარი ტიპის გაგებით, მის პაციენტებს გადარჩენის დიდი შანსი არ ექნებოდათ.
თუმცა, უფოკუსო, ნათელი გაგება შეიძლება სხვა შემთხვევებში გამოსადეგი იყოს. მაგალითად, ეს ალბათ, ის ადამიანია, ვინც ძალიან სახალისოდ იქცევა წვეულებებზე. ის იქნება ძალიან გულისხმიერი ადამიანი, რადგან მას სხვისი ნათქვამის გასაგებად, მხოლოდ შინაგანი სურათის გაბუნდოვნება და განათება დასჭირდება. მას ამის გაკეთება ძალიან სწრაფად შეუძლია, ხოლო ამის შემდეგ ექნება უამრავი შეგრძნება ამ ნათელი „ფილმის“ ყურებისას.
წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ ეს ქალი იმ ადამიანზე დაქორწინდება, ვისაც გაგებისათვის კრისტალურად სუფთა გამოსახულებები ესაჭიროება. ის ეტყოდა ქალს რაიმე ამის მსგავსს, „მოდი ამაზე ვფოკუსირდეთ“ და ეს ქალს დაბნეულობაში გაგზავნიდა. როცა ქალი აღწერდა მოვლენებს, რომლებსაც თავად გაიგებდა, კაცისათვის ეს ცხადი ვერ იქნებოდა. თუ მამაკაცი დაიჩივლებდა, რომ ქალის ნათქვამი ბუნდოვანი იყო, ქალი გაიღიმებდა და სრულიად კმაყოფილი იქნებოდა, კაცი კი - იმედგაცრუებული.
ამ ქალის ამგვარი გაგება იმის მგავსია, რაზეც ცოტა ხნის წინ ვსაუბრობდი, მას ბევრი საერთო არ გააჩნია გარე სამყაროსთან. ეს მას თავის უკეთ გრძნობაში ეხმარება, დიდად ვერ დაეხმარება აქტუალურ პრობლემებთან გამკლავებაში. მისთვის ნამდვილად გამოსადეგი იქნებოდა გაგების სხვა გზა რომ ჰქონოდა, რაღაც, რაც უფრო სპეციფიკური და მეტად ზუსტი იქნებოდა.
ჩემს ჩატარებულ ბოლო სემინარზე იყო კაცი, რომლის „გაგება“ მისთვის გამოსადეგი არ იყო. ასე რომ, მან სცადა გაგების ის ფორმა, რომელსაც მისი პარტნიორი იყენებდა. ამის გაკეთებამ მას გაგების სრულიად ახალი გზა გაუხსნა, რამაც მთელი ახალი სამყარო გახსნა მისთვის.
მინდა გააცნობიეროთ, რომ ყველა თქვენგანი იმავე პოზიციაზეა, როგორზეც ეს კაცი და ქალი, რომელიც ბუნდოვანს ხდის თავის სურათებს. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად კარგად მიგაჩნიათ გაგების თქვენეული პროცესი, ყოველთვის აღმოჩნდება ისეთი დრო და სიტუაცია, სადაც გაგების სხვა პროცესი უფრო გამოგადგებათ. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიღაცამ მოგვაწოდა პროცესი, რომელსაც მეცნიერი იყენებდა - ეკონომიური, პატარა სურათები დიაგრამებით. ეს გასაოცრად კარგად იმუშავებდა ფიზიკოსთა სამყაროსათვის, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ამ პიროვნებას უჭირს ადამიანების გაგება - მეცნიერთათვის დამახასიათებელი ჩვეული პრობლემა. (კაცი: - დიახ, ეს მართალია.) ადამიანები, ცოტათი უფრო რთულები არიან, ასეთი პატარა დიაგრამისათვის. გაგების რომელიმე სხვა პროცესი უფრო კარგად იმუშავებდა ადამიანებთან მიმართებაში. გაგების რაც უფრო მეტ გზას ფლობთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა იხსნება თქვენთვის და თქვენი შესაძლებლობებიც მეტად ფართოვდება.
მინდა ყველამ სცადოთ, რომ გამოსცადოთ სხვა ადამიანის „გაგების მეთოდი“. დაწყვილდით იმავე პარტნიორთან, ვისთანაც აქამდე იყავით. თქვენ უკვე იცით რაღაც ამ ადამიანის „გაგებისა“ და „დაბნეულობის“ შესახებ, ისევე კარგად, როგორც საკუთარი თავის შესახებ. თუმცა, დაგჭირდებათ კიდევ ცოტათი უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვება. თქვენ უკვე იპოვეთ და ჩამოთვალეთ განსხვავებები როგორც თქვენს საკუთარ, ისე თქვენი პარტნიორის დაბნეულობასა და გაგებას შორის. თქვენ ჯერ კიდევ არ მოგინახავთ განსხვავებები თქვენს გაგებასა და თქვენი პარტნიორის დაბნეულობას შორის. უკვე საკმაო მოცულობის ინფორმაცია გექნებათ, მაგრამ, შეიძლება, გამოგრჩათ გარკვეული ელემენტები, რომლებიც წინა შედარებისას ერთმანეთის მსგავსნი იყვნენ.
მას შემდეგ, რაც მოიპოვებთ სრულ ინფორმაციას თქვენს გაგებასა და პარტნიორის დაბნეულობას შორის არსებული განსხვავებების შესახებ, აიღეთ ერთი სიტუაცია, რომელიც თქვენთვის გასაგებია და გარდაქმენით ის თქვენი პარტნიორის „დაბნეულობად“. ამის შემდეგ კი შეიტანეთ ცვლილებები ამ პროცესში და გარდაქმენით ის თქვენი პარტნიორის „გაგებად“. თქვენს პარტნიორს შეუძლია თქვენი კონსულტანტი იყოს და მოგცეთ მიმართულება, რჩევა, ასევე გიპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც გაგიჩნდებათ. როდესაც მის „გაგებას“ გამოცდით, შეადარეთ თქვენი პარტნიორის გამოცდილება თქვენსას, იმის გასაგებად, ერთნაირია ისინი თუ არა. პირველი მცდელობისას, შესაძლოა რაიმე გამოგრჩეთ და მოგიწიოთ მოქმედების გამეორება. თქვენი მიზანია, გამოსცადოთ ვინმე სხვა პიროვნების „გაგების“ ტიპი. მას შემდეგ, რაც ამას გამოცდით, შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ ეს არც ისე კარგი გზაა და ძალიან ხშირად არ მოისურვოთ მისი გამოყენება, მაგრამ ნუ იქნებით ძალიან დარწმუნებულნი ამაში. ამ პროცესმა, შესაძლებელია, შესანიშნავად იმუშაოს რომელიმე საკითხთან, რომელთან მიმართებაშიც პრობლემა გაქვთ. სულ მცირე, ეს შედარების პროცესი დაგეხმარებათ გაუგოთ იმ ადამიანებს, ვინც მას იყენებს. გამოყავით ამის გასაკეთებლად თითოეულმა ოცი წუთი...
- იყო ეს საკმარისად საინტერესო? რა გამოსცადეთ, როცა სხვა ადამიანის გაგების პროცესი სცადეთ?
- კაცი: ჩემი გაგების პროცესი ძალიან დეტალურია, ასე რომ მექანიკურ საგნებს ძალიან ადვილად ვიგებ. ჩემი პარტნიორის გაგების პროცესი ბევრად აბსტრაქტული იყო: ის ხედავს ბუნდოვან ცისარტყელებს, როდესაც რაიმეს იგებს. როდესაც მისი გაგების პროცესი ვცადე, საერთოდ ვერ შევძელი მექანიკური საგნების გაგება, თუმცა ვიგრძენი, რომ ადამიანების უკეთ მესმის. პრინციპში, ვფიქრობ, ამ პროცესს იმდენად „გაგებას“ ვერ დავარქმევდი, რამდენადაც იმის შეგრძნებას, რასაც ისინი გულისხმობდნენ და ასევე შესაძლებლობას, ადვილად შემეძლოს მათი პასუხი. ფერები შესანიშნავი იყო და ყოველ ჯერზე სითბოსა და აღელვებას ვგრძნობდი. ეს ნამდვილად განსხვავებული იყო!
- ქალი: როდესაც რაღაცას ვიგებ, ვხედავ იმ მოვლენის დეტალურ ფილმს, რაც ხდება. ჩემი პარტნიორი, როდესაც რაღაცას იგებს, ხედავს 2 ჩარჩოიან სურათს, რომელთაგან ერთი ზემოდან არის გადადებული მეორეზე. ამ ორიდან უფრო ახლოს მდებარე სურათი არის მოვლენის ასოციაციური გამოხატულება, ხოლო მეორე სურათი - იმავე მოვლენის დისოციაციური გამოვლინება. ის გრძნობს, რომ სიტუაცია გასაგებია, როდესაც ეს ორი სურათი ერთმანეთზე მორგებულია. ჩემი პარტნიორი მსახიობია და მე გავაანალიზე, თუ რაოდენ გამოსადეგია ამგვარი ხედვა მისთვის. ის თამაშობს სცენის ნაწილს, სადაც ასოცირებულია და მას ასევე აქვს მეორე სურათი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ ხედავს მას აუდიტორია ზუსტად იმავე სცენის თამაშის მომენტში. როდესაც მისი გაგების პროცესი საკუთარ თავზე ვცადე, ბევრად მეტი ინფორმაცია მოვიპოვე იმაზე, თუ როგორ მხედავენ ადამიანები. ეს ძალიან გამოსადეგია ჩემთვის, რადგან ხშირად ისე ვეჩრები-ხოლმე სიტუაციებში, რომ არც კი ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ მხედავენ სხვა ადამიანები.
- ეს საკმაოდ გამოსადეგია. გამოიყენოთ სხვა ადამიანის გაგების პროცესი, არის ძირითადი საშუალება, შეხვიდეთ ამ პიროვნების პირად სამყაროში. რამდენ თქვენგანს ჰქონდა პარტნიორის მსგავსი გაგების პროცესი? ... დაახლოებით 8-ს 60-იდან. თქვენ აქ, უბრალოდ, შემთხვევითობის პრინციპით აარჩიეთ ერთმანეთი. ეს უფრო მეტად მომხიბვლელი მაშინ არის, როდესაც წარმატებული ადამიანს ირჩევთ. მე პროგრამისტი ვარ და მომწონს აღმოვაჩინო, თუ როგორ გამოსდით ესა თუ ის ქმედება ნამდვილად განსაკუთრებულ ადამიანებს. ერთი ძალიან წარმატებული ბიზნესმენი ორეგონში, მოვლენების გასაგებად აკეთებდა შემდეგს: ის იწყებდა სლაიდით და აფართოვებდა გამოსახულებას იმგვარად, რომ იღებდა სრულ პანორამულ სურათს და თავად იმყოფებოდა სურათის შიგნით. შემდეგ ის გარდაქმნიდა პანორამას ფილმად. ნებისმიერ პუნქტში, სადაც მას ჰქონდა პრობლემა, რომ დაენახა, თუ როგორ გრძელდებოდა ფილმი, ის დგამდა ნაბიჯს სულ ცოტათი უკან და ხედავდა საკუთარ თავს მასში. როგორც კი ფილმი გაგრძელებას იწყებდა, ის კვლავ უბრუნდებოდა ადრინდელ ადგილს. ეს არის ძალიან პრაქტიკული გაგების პროცესი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ნამდვილად რაღაცის გაკეთებასთან. ამ ადმიანისთვის, რაღაცის გაგება და მისი გაკეთების შესაძლებლობა განურჩეველი მოვლენებია.
გაგება არის პროცესი, რომელიც გადამწყვეტია გადარჩენისა და სწავლისათვის. თუ თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარი გამოცდილებებისგან რომელიმე გზით, რაიმე აზრის გამოტანას, ძალიან დიდ გასაჭირში აღმოჩნდებით. თითოეულ ჩვენგანს, დაახლოებით 3 ფუნტი რუხი ნივთიერება აქვს, რომელსაც სამყაროს შეცნობისათვის ვიყენებთ. ამ 3 ფუნტს, მართლა გასაოცარი რამეების გაკეთება შეუძლია, თუმცა, არ არსებობს, რომ მთლიანად შეიცნოს რაიმე. როდესაც ფიქრობთ, რომ რაღაც გაიგეთ, ეს ყოველთვის იმის განმსაზღვრელია, თუ რა არ იცით. კარლ კოპპერმა კარგად თქვა: „ცოდნა დახვეწილი განცხადებაა უმეცრებაზე.“ არსებობს „გაგების“ სხვადასხვა ტიპი და ზოგიერთი მათგანი მეტად გამოსადეგია, ვიდრე დანარჩენები.
გაგების პროცესის ერთი ტიპი, საშუალებას გაძლევთ გაამართლოთ მოვლენები და გაძლევთ მიზეზს, რომ არ შეგეძლოთ რაიმე განსხვავებულად. „მოვლენები ამგვარადაა, იმიტომ რომ ... და ამიტომ არ შეგვიძლია რაიმეს შეცვლა.“ იქ, სადაც მე გავიზარდე, ამას გესლიან მობოდიშებას ვეძახდით. ასეთივეა ბევრი „ექსპერტი“-ს გაგების პროცესი, ისეთი მოვლენების მიმართ, მაგალითად, როგორიც შიზოფრენია და დასწავლის უუნარობაა. ეს ძალიან შთამბეჭდავად ჟღერს, მაგრამ ძირითადად ეს იმ სიტყვათა თანწყობაა, რომელიც ამბობს, „შეუძლებელია რაიმეს გაკეთება.“ პირადად მე, არ ვარ დაინტერესებული „გაგების“ იმ ტიპებით, რომლებსაც ჩიხში შეყავხართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სიმართლეს წარმოადგენენ. მირჩევნია, გზის დაბოლოება გახსნილი დავტოვო.
გაგების პროცესის მეორე ტიპი, უბრალოდ, საშუალებას გაძლევთ კარგი შეგრძნებები გქონდეთ: „აჰჰჰ.“ ის ქალბატონი, რომელიც „გაგების“ სურათის დეფოკუსირებას ახდენდა, ამგვარი გაგების პროცესის მაგალითია. ეს არის ზარის ხმაზე სალივაციის გაძლიერების მსგავსი: ეს პირობითი რეფლექსია და მხოლოდ კარგ შეგრძნებას იღებთ. ამგვარმა მოვლენამ, შეიძლება, რაღაც ამის მსგავსი გათქმევინოთ: „ო, დიახ, „ეგო“ ის რაღაცაა, სქემის თავზე. ის აქამდეც მინახავს. დიახ, მე გავიგე.“ ამ ტიპის გაგების პროცესიც არ გასწავლით, რომ რაიმეს გაკეთება შეძლოთ.
მესამე ტიპის გაგება, საშუალებას გაძლევთ ისაუბროთ მნიშვნელოვან კონცეფციებზე და ზოგჯერ განტოლებებზეც კი. რამდენ თქვენგანს აქვს „გაგება“ თქვენს თავში არსებული ისეთი რამის, რაც თავადაც არ მოგწონთ, თუმცა ეს გაგების პროცესი ვერ დაგხმარებიათ იმაში, რომ სხვაგვარად მოქცეულიყავით? კონცეფციები შეიძლება იყოს გამოსადეგი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ექსპერიმენტული საფუძველი გააჩნიათ და საშუალებას გაძლევენ გააკეთოთ რაღაც სხვაგვარად.
თქვენ ხშირად შეგიძლიათ დაითანხმოთ ვინმე თქვენს იდეაზე გაცნობიერებულად, თუმცა მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში უბიძგებთ ამ ადამიანს ქცევის ცვლილებისაკენ. ერთი რამ, რაც მსოფლიო რელიგიების უმეტესობამ ნამდვილად დაამტკიცა, ზუსტად ესაა. ავიღოთ მაგალითისათვის მცნება „არა კაც-კლა“. აქ არ არის ნათქვამი „გამონაკლისებზე“. მიუხედავად ამისა, ჯვაროსნები სიამოვნებით კვეთდნენ მუსლიმანებს შუაზე, ხოლო ზნეობრივ უმრავლესობას დღესაც სურს მეტი რაკეტა, რათა რამდენიმე მილიონით მეტი რუსი გაანადგუროს.
ადამიანები ხშირად კითხულობენ სემინარებზე, „ვიზუალური პიროვნება იგივეა, რაც TA-ში (ტრანზაქციული ანალიზი - მთარგმნ. შენიშვნა) „მშობელი“? რაც იმაზე მიმანიშნებს, რომ ისინი იღებენ იმას, რასაც მე ვასწავლი და ურევენ მათთვის მანამდე ნაცნობ კონცეფციებში. თუკი რაიმე სიახლეს მოარგებთ იმას, რაც უკვე იცით, ამისგან ვერაფერს ისწავლით და არც არაფერი შეიცვლება თქვენს ქცევაში. თქვენ, უბრალოდ, გექნებათ გაგების სასიამოვნო შეგრძნება, თვითკმაყოფილება, რომელიც ხელს შეგიშლით რაიმეს სწავლაში.
ხშირად ვახდენ დემონსტრირებას, თუ როგორ იცვლება ადამიანი რამდენიმე წუთში და ამის შემხედავი, ვიღაც იკითხავს, „არ გგონიათ, რომ მან უბრალოდ მისთვის სასურველი სიტუაციის როლი შეასრულა?“ ამგვარად იქცევიან ადამიანები, ვინც მოდის სემინარზე და გადახდილი თანხის სანაცვლოდ ვერაფერს იღებს, რადგან ზუსტად იმავე „გაგებით“ მიდიან აქედან, როგორითაც მოვიდნენ.
გაგების პროცესის ერთადერთი ტიპი, რომლითაც დაინტერესებული ვარ, არის ის, რომელიც ქმედების საშუალებას იძლევა. ჩვენი ყველა სემინარი გასწავლით სპეციფიკურ ტექნიკებს, რომლებიც ქმედებების საშუალებას გაძლევთ. ეს ადვილია, თუმცა, ზოგჯერ, ის, რასაც მე გასწავლით არ ესადაგება თქვენს ამაღელვებელ გაგების პროცესს. ყველაზე ჯანსაღი ქცევა, რაც ამ მომენტში შეგიძლიათ მოიმოქმედოთ ისაა, რომ დაიბნეთ და ბევრი ადამიანი ჩივის იმაზე, თუ როგორი დამაბნეველი ვარ მე. ისინი ვერც კი აცნობიერებენ, რომ დაბნეულობა არის გზა გაგების ახალი პროცესისაკენ. დაბნეულობა არის შესაძლებლობა გარდაქმნათ საკუთარი გამოცდილება და მოაწყოთ თქვენი ჩვეული ქმედებისაგან განსხვავებულად. ეს საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ რაღაც ახლის გაკეთება და დაინახოთ და გაიგონოთ სამყაროსი ახლებურად. იმედია, ბოლო სავარჯიშომ მოგცათ კონკრეტული გამოცდილება იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს ეს და როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას.
თუკი ყველაფერი გაიგეთ რაც მე ვთქვი და არც ერთ მომენტში დაბნეულხართ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ მნიშვნელოვანი ვერაფერი ისწავლეთ და ტყუილად დახარჯეთ ფული, რომელიც ამ სემინარზე დასასწრებად გადაიხადეთ. ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ თქვენ ისევ იმგვარად განაგრძობთ სამყაროს „გაგებას“, როგორც მაშინ, სანამ აქ მოხვიდოდით. ასე რომ, როცა დაბნეულობის განცდა გექნებათ, შეგიძლიათ იყოთ გახარებული იმით, რომ თქვენ წინ გელოდებათ გაგების ახალი პროცესი და შეგიძლიათ იყოთ მადლიერნი ამ შესაძლებლობის გამო, რომელსაც სადღაც ახალ გზაზე მიჰყავხართ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ იცით საით. თუ არ მოგეწონებათ, ყოველთვის შეგიძლიათ დატოვოთ ის. სულ მცირე, თვალსაწიერს მაინც გაიფართოვებთ ამ გზის შესახებ ცოდნით და იმის გაცნობიერებით, რომ ეს გზა არ მოგწონთ.
ზოგიერთი ადამიანის გაგების პროცესში ჩანერგილია გაურკვევლობა. მე ვიცნობ ერთ ინჟინერს, რომლის „გაგებაც“ შედგება სურათების მართკუთხა მატრიცით, დაახლოებით 8 ერთეული ვერტიკალურად და 8 ერთეული ჰორიზონტალურად. ის იწყებს ფიქრს, რომ რაღაც გაიგო მაშინ, როდესაც მატრიცა დაახლოებით ნახევრამდე ივსება სურათებით. როდესაც მატრიცა 90%-ით ივსება, მან იცის, რომ რაღაც საკმაოდ საფუძვლიანად გაიგო. თუმცა, მის მატრიცას ყოველთვის რჩება ცარიელი ჩარჩოები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მისი „გაგება“ ყოველთვის დაუსრულებელია, რაც ამ კაცს ყოველთვის იცავს იმისაგან, რომ ნებისმიერ რამეში ზედმეტად დარწმუნებული იყოს.
ჩემი ერთ-ერთი ძალიან ნიჭიერი სტუდენტის გაგების პროცესი წარმოადგენს დისოცირებულ ფილმს. როდესაც მას სურს გაგების ქმედებად გარდაქმნა, შეაბიჯებს ამ ფილმში - გაგება და ქმედება თითქმის იდენტურია. ამ ფილმის უკან განლაგებულია სხვადასხვა ფილმები თანმიმდევრულად, რომელშიც ის გაგების იმავე პროცესს იყენებს, სხვადასხვა სიტუაციებში, დაბრკოლებებში და ა.შ. რაც უფრო მეტი განხვავებული ფილმი აქვს, მით უფრო დარწმუნებულია, რომ რაღაც კარგად გაიგო. ერთხელ ვკითხე მას, „რამდენი ფილმის ქონა გჭირდება რაიმეს გასაგებად?“ მან მიპასუხა, „საკითხავი ის არის, თუ რამდენად კარგად ვიგებ რამეს. თუ ცოტა ფლმს ვხედავ, ეს მე მცირედ გაგებას მაძლევს. თუ ბევრ ფილმს ვხედავ, გაგებაც უკეთესია. რაც მეტი ფილმი მაქვს, მით უფრო გასაგებია. მაგრამ, ვერასოდეს ვიგებ სრულად.“
მისგან განსხვავებით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქმედების ერთი ფილმი მაინც აქვთ, მათთვის ეს ქმედება გასაგებია. ერთი კაცი ვიცი, რომელმაც ერთხელ თვითმფრინავი მართა, ასე რომ, ის სრულიად დარწმუნებული იყო, რომ შეეძლო ემართა ნებისმიერი თვითმფრინავი, ნებისმიერგან, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში, ჰამაკში მდგომს! ის მოვიდა ჩემს 5-დღიან სემინარზე, ისწავლა ერთი ნიმუში და პირველივე დღის შუადღეს დატოვა აქაურობა იმაში დარწმუნებულმა, რომ მან ნლპ-ს შესახებ ყველაფერი იცოდა.
ადგილზე გაჭედვის რა საშუალება არსებობს?
ადგილზე გაჭედვა, მსოფლიოს განსაკუთრებული გაგების მიხედვით, რაც არ უნდა იყოს ის, არის სამი მთავარი ადამიანური დაავადების შედეგი, რომელთაც სიამოვნებით მოვუხერხებდი რამეს. პირველი მათგანი არის სერიოზულობა, როგორც „მიცვალებულის სერიოზულობა“. თუ გადაწყვეტთ, რომ რაღაც უნდა გააკეთოთ, კარგია, მაგრამ ამისადმი ზედმეტად სერიოზული მიდგომა მხოლოდ დაგაბრმავებთ და თქვენსას მიიღებთ.
იყოთ მართალი ან დარწმუნებული, ეს მეორე დაავადებაა. დარწმუნებულობა ისაა, სადაც ადამიანები ფიქრსა და შემჩნევებს წყვეტენ. ნებისმიერ დროს, როდესაც რაიმეს შესახებ აბსოლუტურ დარწმუნებულობაში ხართ, ეს იმის უდავო ნიშანია, რომ რაღაც გამოგრჩათ. ზოგჯერ, მოსახერხებელია, რომ გაცნობიერებულად დააიგნოროთ ცოტა ხნით რაღაც, მაგრამ თუ აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ, შესაძლოა რაღაც სამუდამოდ გამოგრჩეთ.
ადვილია, რომ დარწმუნებულობა შემოგეპაროთ. ის ადამიანებიც კი, ვინც რაიმეში დაურწმუნებლები არიან, როგორც წესი, ამაშიც დარწმუნებულნი არიან. ან დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ დარწმუნებულნი არიან, ან კიდევ დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ არ არიან დარწმუნებულნი. იშვიათად თუ ნახავთ ვინმეს, ვინც საკუთარ ეჭვში არ არის დარწმუნებული, ან საკუთარ დარწმუნებოლობაში ეპარება ეჭვი. შეგიძლიათ შექმნათ ეს გამოცდილება, მაგრამ როგორც წესი, მას ვერ შეეჩეხებით. შეგიძლიათ ჰკითხოთ ვინმეს, “საკმარისად დარწმუნებული ხართ იმაში, რომ დარწმუნებული არ ხართ?“ ეს სულელური შეკითხვაა, მაგრამ ამ კითხვის დასმის შემდეგ, კითხვის ობიექტი აღარ იქნება დარწმუნებული.
მესამე დაავადება მნიშვნელოვანებაა, საკუთარი მნიშვნელოვანება კი, ყველაზე უარესია. როგორც კი ერთი რამ მნიშვნელოვანი ხდება, სხვა დანარჩენი მოვლენები უმნიშვნელო ხდება. მნიშვნელოვანება დიდებული გზაა სიძუნწისა და დესტრუქციულობის გასამართლებლად, ან სხვა ნებისმიერი ისეთი რამის გასაკეთებლად, რაც საკმარისად არასასიამოვნოა და გამართლება სჭირდება.
ეს სამი დაავადებაა, რაშიც ადამიანთა უმეტესობა იჭედება. თქვენ შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანია, მაგრამ იქამდე ვერ განეწყობით მის მიმართ სერიოზულად, სანამ ნამდვილად არ დარწმუნდებით, რომ ის მნიშნელოვანია. უკვე ამ ეტაპზე თქვენ საერთოდ წყვეტთ ფიქრს. აიათოლა ხომეინი ამის შესანიშნავი მაგალითა, მაგრამ ბევრი სხვა მაგალითი შეგიძიათ სახლთან ახლოსაც იპოვოთ.
ერთხელ, მანქანა გავაჩერე იმ პატარა ქალაქის სასურსათო მაღაზის წინ, სადაც ვცხოვრობდი. ერთმა ბიჭმა მოირბინა ჩემთან და გაბრაზებულმა მომმართა,
- „ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ზურგს უკან, შუა თითი მაჩვენე“
- „არამგონია ... და გინდა, რომ გავაკეთო?“
- „მოდი, რაღაცას გეტყვი ...“
მე ვუთხარი, ერთი წუთით მოიცადე-მეთქი, შევედი მაღაზიაში და შევიძინე რისთვისაც იქ მივედი.
როდესაც გარეთ გამოვედი, ის ისევ იქ იდგა! როდესაც მანქანასთან მივედი, ბრაზისაგან ქშინავდა. ავიღე საყიდლების ჩანთა და დავაჭერინე მას ხელში, მანაც გამომართვა. გავაღე მანქანის კარი, ჩავდე სხვა სამი ჩანთა მანქანაში, მასაც გამოვართვი ჩემი ჩანთა, რომელიც ხელში ეჭირა, ისიც მანქანაში ჩავდე, დავხურე კარი. შემდეგ ვუთხარი,“კარგი, თუკი დაჟინებით მოითხოვთ“, ვაჩვენე შუა თითი, დავძარი მანქანა და წამოვედი.
როგორც კი წამოვედი, მან ისტერიული სიცილი დაიწყო, რადგან მე უბრალოდ სერიოზულად არ მივიღე ის.
ადამიანთა უმეტესობისათვის „გაჭედვა“ არის რაღაცის ნდომა და მისი ვერ მიღება. ცოტა ადამიანი თუ შეჩერდება ამ მომენტზე და დააყენებს კითხვის ქვეშ საკუთარ დარწმუნებულობას, არის თუ არა ეს მათთვის მართლა ასეთი მნიშვნელოვანი. თუმცა, არსებობს „გაჭედვის“ კიდევ ერთი ტიპი, ეს არის, როდესაც არ გინდათ რაღაც და არც გაქვთ ის. ეს ყველაზე დიდი შეზღუდვაა, რადგან ისიც კი არ იცით, რომ გაჭედილი ხართ. მინდა ისეთ რამეზე იფიქროთ, რასაც ძალიან საჭიროდ, სახალისოდ ან სასიამოვნოდ მიიჩნევთ...
ახლა დაბრუნდით თქვენი ცხოვრების წინა პერიოდში, როდესაც ამის შესახებ არც კი იცოდით, ან იცოდით, მაგრამ ეს მოვლენა თქვენთვის არაფერს ნიშნავდა...
თქვენ ნამდვილად არ იცოდით, რომ ეს არ გქონდათ, ასე არ არის? თქვენ წარმოდგენაც კი არ გქონდათ, თუ როგირი გაჭედილი იყავით იქ, ადრე, და არც იყავით მოტივირებულნი, რომ სიტუაცია შეგეცვალათ. თქვენ დარწმუნებულნი იყავით, რომ თქვენი გაგების პროცესი იყო სამყაროს ზუსტი წარმოსახვა. აი ეს არის ის მდგომარეობა, როცა ნამვილად გაჭედილნი ხართ. როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე რა არ გაქვთ? ...
დარწმუნებულობა, სავარაუდოდ, ადამიანის პროგრესს იმაზე მეტად აფერხებს, ვიდრე გონების სხვა ნებისმიერი მდგომარეობა. თუმცა, დარწმუნებულობა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი რამ, არის სუბიექტური გამოცდილება, რომლის შეცვლაც შეგიძლიათ. აირჩიეთ კარგად დეტალიზებული მოგონება, რომელშიც აბსოლუტურად დარწმუნებულნი იყავით, რომ რაღაც გაგებული გქონდათ. თქვენ იმყოფებოდით სწავლის პროცესში, შესაძლოა გასწავლიდნენ. ეს შეიძლება იყო რთული, ან იყო ადვილი, მაგრამ განსაზღვრულ მომენტში, თქვენ გქონდათ ეს შეგრძნება, „ო, კი! გავიგე!“ გაიხსენეთ ეს იმდენად დეტალურად, რამდენადაც გჭირდებათ...
ახლა მინდა, რომ გაიხსენოთ ეს პირიქით, უბრალოდ ისე, როგორც უკუღმა ნაჩვენები ფილმი...
როდესაც მორჩებით, იფიქრეთ იმაზე, რაც ისწავლეთ ან გაიგეთ. არის ის იგივე, რაც რამდენიმე წუთის წინ იყო?
- მართი: როდესაც გამოსახულება ჩვეულებრივად, წინსვლით ვნახე, გაურკვევლობის მდგომარეობიდან მივედი „აჰა! გავიგე!“-მდე. და როდესაც იგივე გამოსახულება უკუსვლით ვნახე, ყველაფერი ჩემი დაბნეულობის მდგომარეობით დასრულდა.
- დიახ, ეს გამოწვეულია თქვენი ფილმის უკუსვლით ხილვით. რა არის ახლა თქვენი გამოცდილება, როდესაც ფიქრობთ იმ თემაზე, რომლის გაგებაშიც დარწმუნებული იყავით რამდენიმე წუთის წინ?
- მართი: მე დავუბრუნდი დაბნეულობის მდგომარეობას და ახლა ჩემმა ნაწილმა იცის, რომ მე ჯერ კიდევ მაქვს „გაგება“, რომელიც დაგვიანებით გამოვლინდა. მე ვერ შევძელი შემექმნა დაბნეულობის ზუსტად იგივე შეგრძნება, რაც სულ პირველ ჯერზე განვიცადე. თუმცა, უკვე აღარც იმდენად დარწმუნებული ვარ.
- რას იტყვით სხვები, იგივე ხდება თქვენ შემთხვევაშიც?
- ბენი: მე ვისწავლე რაღაც ახალი, რომელიც რა მქონდა გაცნობიერებული იმ მომენტში, როდესაც ჩემი ეს გამოცდილება რეალურად ხდებოდა.
- კარგი, ეს საინტერესოა, თუმცა, ეს ის არ არის რაც მე გკითხეთ. მე მინდა გავიგო, არის თუ არა ის გამოცდილება ამ მომენტისათვის განსხვავებული, რაც მანამდე უკვე გაგებული გქონდათ?
- ბენი: არა, არ არის არანაირი განსხვავება.
- საერთოდ არ შეცვლილა? სინამდვილეში, უნდა შეჩერდეთ და დაფიქრდეთ ამაზე. არ შეიძლება უბრალოდ თქვათ, „ოჰ, ეს იგივეა.“ ეს იგივეა, რომ ამბობდეთ „ვეცადე ფრენის სწავლა, მაგრამ ვერ შევძელი თვითმრინავამდე მიღწევა, ასე რომ, ამან არ გაამართლა.“...
- ბენი: კარგი, სასაცილოა, რომ ფრენა ახსენეთ, რადგან მე გავიხსენე, წყალზე დაშვების პროცესის სწავლა, წყალთან შეხების შეგრძნება. როდესაც ამ მომენტის ჩემს გონებაში არსებული ფილმი უკუსვლით ვნახე, გამოვედი ამ შეგრძნებიდან და იმისათვის, რომ თვითმფრინავის უკუფრენა მომეხდინა, მომიწია მისი შორი დისტანციიდან დანახვა. და ამან ჩემს წყალთან შეხების სწავლას ახალი ასპექტი შესძინა.
- ამან თქვენ სხვა პერსპექტივა გაგიჩინათ. ამ მომენტისათვის იცით რაიმე იმაზე მეტი, თვითმფრინავით დაშვების შესახებ, ვიდრე ამ სიტუაციამდე იცოდით?
- ბენ: დიახ.
რა არის ისეთი, რაც ჯერ კიდევ არ იცით? ბევრად უფრო მეტის მიღება შეიძლება ერთი ფილმის უბრალოდ უკან გადახვევით. ბევრი ადამიანი უყურებს საკუთარ ფილმს ხელახლა, რათა ნანახი გამოცდილებიდან ისწავლოს, მაგრამ ძალიან ცოტა თუ ნახულობს მას უკუსვლით. რას იტყვით სხვა დანარჩენნი, თქვენი გამოცდილებაც იგივეა?
- სელლი: არა. დეტალები შეიცვალა. რასაც მე ყურადღებას ვაქცევ, შეიცვალა. მოვლენათა თანმიმდევრობა შეიცვალა.
- თანმიმდევრობა შეიცვალა. ის რაც თქვენ ნასწვალი გქონდათ, ახლა განსხვავებულია?
- სელლი: დიახ.
- როგორი განსხვავებულია ის? იცით ახლა რაიმე ისეთი, რაც აქამდე არ იცოდით? ან შეგიძლიათ რაიმე განსხვავებულად გააკეთოთ ახლა?
- სელლი: ცოდნა, მთლიანობაში, არ არის განსხვავებული. რაც ვისწავლე არ არის განსხვავებული, მაგრამ ჩემი გრძნობა და შეხედულება - განსხვავებულია.
- აქვს ამას გავლენა თქვენს ქცევაზე?
- სელლი: დიახ.
ზიგიერთმა თქვენგანმა ძალიან ბევრი მიიღეთ საკუთარი გამოცდილების ფილმის უბრალოდ ერთი წუთით უკუსვლით ნახვისას. რამდენად ბევრს მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ყველა გამოცდილებას ნახავთ უკუსვლით? ხომ ხედავთ, სელლი აბსოლუტურად მართალია. ფილმის კუსვლით ნახვა გამოცდილების თანმიმდევრობას ცვლის. იფიქრეთ ორ გამოცდილებაზე: 1) შეგეძლოთ რაღაცის გაკეთება, და 2) შეგეძლოთ იმავეს არ გაკეთება. თავდაპირველად დააწყვეთ ეს 1-2 თანმიმდევრობით, პირველად თქვენ შეგიძლიათ და შემდეგ არ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება... შემდეგ შეცვალეთ თანმიმდევრობა 2-1-ით, ჯერ არ შეგიძიათ და შემდეგ შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება... ეს თანმიმდევრობები საკმაოდ განსხვავებულ გამოცდილებას გაძლევთ, ასე არ არის?
გამოცდილებები თქვენს ცხოვრებაში გარკვეული თანმიმდევრობით მოხდა. მათი უმეტესობის თანმიმდევრობა დაგეგმილი არ იყო, ის უბრალოდ მოხდა. თქვენი გაგების უმეტესი ნაწილი დაფუძნებულია ამ შემთხვევით თანმიმდევრობაზე. თუკი თქვენ ერთი თანმიმდევრობა გაქვთ, შესაბამისად, გაგების მხოლოდ ერთი კომპლექტი გაქვთ, და ეს შეგზღუდავთ. თუკი იგივე მოვლენა სხვა თანმიმდევრობით შეგემთხვეოდათ, თქვენი გაგება, შესაბამისად ძალიან განსხვავებული იქნებოდა და საპასუხო რეაქციაც ძალიან განსხვავებული გექნებოდათ.
თქვენ მთელი პირადი ისტორია გაგაჩნიათ, რაც არის სიმდიდრე, რომლის გამოყენებასაც მომავლისაკენ წასასვლელად აპირებთ. თუ როგორ გამოიყენებთ მას, განსაზღვრავს იმას, თუ რას მოგიტანთ ის. თუკი გექნებათ მისი გამოყენების ერთი გზა, იქნებით ძალიან შეზღუდულნი. იქნება ძალიან ბევრი რამ, რასაც ვერ შეამჩნევთ, ბევრი ადგილი, სადაც არასოდეს წახვალთ და ბევრი იდეა, რომელიც უბრალოდ არ გექნებათ.
ფილმის წინ და უკანა მიმართულებით ნახვა, მხოლოდ ორი შესაძლებლობაა, შესაძლებლობათა იმ უსასრულო რიცხვიდან, რომლითაც გამოცდილების აწყობა შეგიძლიათ. თუ თქვენს ფილმს, მხოლოდ ოთხ ნაწილად გაჰყოფთ, მოგეცემათ გამოცდილების თანმიმდევრობის 22 ვარიანტი. თუ მას უფრო მეტ ნაწილად გაჰყოფთ, თანმიმდევრობათა რიცხვი მეტად გაიზრდება. თითოეული თანმიმდევრობა განსხვავებულ მნიშვნელობას მოგიტანთ, ზუსტად ისე, როგორც ასოების განსხვავებული თანმიმდევრობით დაწყობა გვაძლევს განსხვავებულ სიტყვებს და სიტყვების განსხვავებული თანწყობა - განსხვავებულ მნიშვნელობებს. ნლპ-ს ძალიან ბევრი ტექნიკა არის გამოცდილების თანმიმდევრობის შეცვლის მარტივი გზა.
მინდა თქვენში ჩავნერგო ერთი რამ, რაც ვფიქრობ, რომ თქვენი ცნობიერების ევოლუციისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება: განეწყვეთ ეჭვით წარმატებისადმი. როდესაც დარწმუნებას იგრძნობთ და რამდენჯერმე წარმატებით შეასრულებთ ამოცანას, მინდა რომ დაეჭვდეთ იმაში, რასაც არ ამჩნევთ. როდესაც გაქვთ რაღაც, რაც ამართლებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენი რაღაცები არ ფუნქციონირებენ, ან არ არსებობს სხვა საინტერესო რამეები გასაკეთებლად.
წლების წინ, ადამიანება აღმოაჩინეს, რომ მათ შეეძლოთ ამოეტუმბათ ბლანტი, წებოვანი, შავი სითხე მიწიდან და დაეწვათ ის ლამფებში. შემდეგ მათ აღმოაჩინეს, თუ როგორ შეეძლოთ ჩაესხათ ეს სითხე დიდ ფოლადის ყუთში და წაეყვანათ ის სადაც მოუნდებოდათ. თქვენ ისიც კი შეგიძლიათ, რომ ეს სითხე მეტალის მილის ბოლოში ჩაასხათ და გაგზავნოთ ის მთვარეზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს სხვა გზები ამ ქმედებების გასაკეთებლად. ასი წლის შემდეგ, ადამიანები ჩვენს „მაღალ-ტექნიკურ“ ეკონომიკაზე დაფიქრდებიან და ისე გააქნევენ თავს, როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას სახედრიან ურმებზე ფიქრისას.
ნამდვილი ინოვაცია ზუსტად დასაწყისშივე ძალიან მარტივი იქნება. მათ ნამდვილად გასაოცარი რაღაცების გაკეთება შეეძლოთ. რა იქნებოდა, თუ იტყოდნენ, „ვა, შეხედე, ეს მართლა გამოვიდა! სხვა რა გაამართლებდა? სხვა რის გაკეთება შეიძლებოდა? სხვა რა საშუალებით შეგვეძლებოდა გადაადგილება, თუ არა ნედლეულის დაწვითა და რაიმედან კვამლის გამოშვებით? გადაადგილების სხვა რა საშუალება იქნებოდა მეტალის ყუთისა და მფრინავი მეტალის მილის გარდა?“ რაც მეტ წარმატებას აღწევთ, მით უფრო დარწმუნებულნი ხდებით და ნაკლებია იმის შანსი, რომ შეჩერდეთ და იფიქროთ, „რა არის ის, რასაც არ ვაკეთებ?“ ის, რასაც მე თქვენ გასწავლით, ამართლებს, მაგრამ მინდა, რომ დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა იქნებოდა ამ ყველაფერზე უფრო ეფექტური.