თავი V - მიზნისკენ სწრაფვა (NLP)

Admin
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)
0
0

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე ...

shizo

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

ფსიქოთერაპიამ ბევრი მოდელი შეიმუშავა იმის მცდელობაში, რომ გაეგო, რატომ სჩადიან ადამიანები ამა თუ იმ ქმედებას. ამ მოდელებს, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მყარად ვერ დავეყრდნობით, თუმცა ბევრი ფსიქოლოგი დღემდე განაგრძნობს მათ გამოყენებას. ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, რომლებიც იდისა და ეგოს ეძებენ და თითქოს, ამას შინაგანი „მშობლის“, „ბავშვის“ ან „ზრდასრულის“ სახით პოულობენ. ვფიქრობ, ფსიქოლოგთა უმეტესობა, ბავშვობაში ძალიან ბევრ საშინელებათა ფილმს უყურებდა. „თქვენ გყავთ მშობელი, ზრდასრული და ბავშვი თქვენ შიგნით, რომლებიც თქვენს ქცევას განაპირობებენ.“ ეს ისე ჟღერს, თითქოს ეგზორციზმი გჭირდებოდეთ. ადამიანები ამბობდნენ, „ეშმაკმა მაიძულა ამის გაკეთება.“ ახლა კი ამბობენ:

„ჩემმა ნაწილმა მაიძულა ამის გაკეთება“.

„ამას, უბრალოდ, იმიტომ ამბობ, რომ შენი „მშობელი“ ლაპარაკობს.“

„სრულიადაც არა, ის შორს, ნიუ-ჯერსიში დარჩა!“

ტრანზაქციული ანალიზი (TA) არის სქემა სამად გაყოფილი ქცევისა - რაც ცოტათი წააგავს პიროვნების გაორებას, იმ განსხვავებით, რომ ტრანზაქციული ანალიზი განკურნების საშუალებად ითვლება. თუ ნამდვილად წინწასული ხართ, თქვენ 9 ნაწილს ფლობთ, რადგან თითოეულ ნაწილს სამიდან, საკუთარი მშობელი, ზრდასრული და ბავშვი გააჩნია. არასოდეს მომწონდა TA, რადგან მხოლოდ ბავშვია მხიარულების მდგომარეობაში და მხოლოდ ზრდასრული შეიძლება იყოს კეთილგონიერი. ყველას ზუსტად ერთნაირი ნაწილები აქვს, ამგვარად, აქ ინდივიდუალიზმის ადგილი არაა. TA აგრეთვე იზოლირებული საზოგადოებაა: ჩემს ზრდასრულს არ შეუძლია თქვენს ბავშვთან საუბარი, მას მხოლოდ თქვენს ზრდასრულთან გასაუბრება შეუძლია. რატომ არ შეიძლება ჩემი ბავშვი თქვენს მშობელს დაელაპარაკოს? ეს არ არის სამართლიანი. მაგრამ მოდით და დაარწმუნეთ ხალხი ამაში. რამდენი თქვენგანი მოისყიდა ამ იდეამ? ის თქვენ ვიღაცამ აგიხსნათ და თქვენც იფიქრეთ, - „ო, დიახ“. მსიფლიოში ყველას არ ჰყავს ერთმანეთთან მოკამათე მშობელი, ზრდასრული და ბავშვი. ტაიტიში ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ. მოგიწევთ თერაპევტთან მისვლა, რათა ასეთი პრობლემების ქონა ისწავლოთ.

რამდენ თქვენგანს აქვს „კრიტიკული მშობლის“ შინაგანი ხმა, რომელიც რჩევებს გაძლევთ და გაიძულებთ რაღაცების გაკეთებას? თუკი ვიღაც ვარაუდობს, რომ თქვენ შიგნით არის ხმა, რომელიც გამუდმებით გაკრიტიკებთ და თუ დაიწყებთ მის მოსმენას, გამოიცანით რა მოხდება?! თქვენ შეგიძლიათ ჩაიპროგრამოთ ის. შეგიძლიათ საინტერესო რამ გააკეთოთ - დაეთანხმოთ ამ კრიტიკულ ხმას, კვლავ და კვლავ, მანამ, სანამ არ გააგიჟებთ. ასევე, შეგიძლიათ შეუცვალოთ მას მდებარეობა.

წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ იმავე ხმას თქვენი მარცხენა ფეხის დიდი თითიდან მოისმენთ. მდებარეობის ამგვარი ცვლილება, უდავოდ, ცვლის ამ ხმის ზეგავლენას, ასე არ არის?

თუმცა, დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი კრიტიკული ხმა, შესაძლოა, მართალს გეუბნებოდეთ. იქნებ, უკეთესი იყოს მოუსმინოთ, რასაც ამბობს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ცუდად იგრძნოთ თავი. მინდა გაჩვენოთ, თუ რისი გაკეთება შეგიძლიათ კრიტიკულ ხმასთან მიმართებაში, რომელიც ცუდად გხდით. აბა ვის აქვს ასეთი კარგი და მაღალი შინაგანი ხმა?

- ფრედი: მე მესმის, მუდმივად.
- კარგი. ახლა გესმით მისი?
- ფრედი: დიახ, ის მე მაკრიტიკებს საუბრის წამოწყებისათვის.
- დიდებულია. ჰკითხეთ მას, თუ რას სურს თქვენთვის, ის, რაც პოზიტიური შეიძლება იყოს და მოუსმინეთ, რასაც გიპასუხებთ. უნდა ამ ხმას, რომ რაღაც გზით დაგიცვათ? უნდა მას, რომ უფრო კომპეტენტური იყოთ? ბევრი შესაძლებლობა არსებობს.
- ფრედი: მას სურს, რომ წარმატებას მივაღწიო. მაკრიტიკებს, როდესაც რაიმე უპერსპექტივო სიტუაციაში აღმოვჩნდები.
- კარგი, ვვარაუდობ, რომ თქვენ მას ეთანხმებით. თქვენც გსურთ წარმატება, მართალია?
- ფრედი: დიახ, რასაკვირველია.
- ჰკითხეთ ამ ხმას თუ აქვს კარგი ინფორმაცია, რომელიც სასარგებლო იქნება თქვენთვის, რათა მიიღოთ და გაიგოთ ...
- ფრედი: ის ამბობს, „რა თქმა უნდა.“
- რადგან ის კარგ ინფორმაციას ფლობს, სთხოვე მას თუ მოესურვება, რომ სცადოს, შეცვალოს თქვენთან საუბრის მანერა და თუ ეს მის მოსმენას და გაგებას გაგიადვილებთ, ამგვარად თქვენ უფრო მარტივად მიაღწევთ წარმატებას...
- ფრედი: ის სკეპტიკურადაა განწყობილი, თუმცა სურს სცადოს.
- კარგი, ფრედ, ახლა მინდა გთხოვოთ, რომ იფიქროთ, როგორი განსხვავებული უნდა იყოს ხმა, რათა მისი მოსმენა უკეთ შეძლოთ. მაგალითად, თუკი ის გამოიყენებდა განსხვავებულ ტონს, რომელიც რბილი და მეგობრული იქნებოდა, უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდით მას? დაგეხმარებოდათ, თუ ხმა სპეციფიკურ გამოსადეგ ინსტრუქციებს მოგცემდათ იმის შესახებ, თუ რა გაკეთებინათ კონკრეტულად ერთი ქმედების შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ უკვე გაკეთებულის გამო გაეკრიტიკებინეთ?
- ფრედი: რამდენიმე საკითხზე ვიფიქრე, რაც მას განსხვავებულად შეეძლო გაეკეთებინა.
- კარგი. ჰკითხეთ ხმას, თუ ისურვებდა, რომ ეს ყველაფერი ეცადა, რათა გაერკვია, მართლა უკეთ მოუსმენთ თუ არა, სხვაგვარად დალაპარაკების შემთხვევაში...
- ფრედი: ის თანახმაა.
- უთხარით მას, განაგრძოს და სცადოს ...
- ფრედი: გასაოცარია. ის ამას აკეთებს და უკვე აღარაა „კრიტიკული მშობელი“. ეს უკვე მეგობრული დამხმარის მსგავსია. სასიამოვნოა მისი მოსმენა.
- რასაკვირველია. ვის სურს მოუსმინოს ხმას, რომელიც ყვირის და აკრიტიკებს? ნამდვილმა მშობლებმაც უნდა სცადონ ეს ტექნიკა, როცა სურთ, რომ მათმა შვილებმა მოუსმინონ. თუ გამოიყენებთ სასიამოვნო ტონალობას, ბავშვები მოგისმენენ. შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ იმას, რასაც ეუბნებით, მაგრამ მინიმუმ, გაიგონებენ მაინც იმას, რასაც ეუბნებით. ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ „რეფრეიმინგს“ ვეძახით და ის მოლაპარაკების უნარ-ჩვევების ბაზისს წარმოადგენს, რომელიც ეფექტურია ოჯახურ თერაპიასა და ბიზნესში, ისევე, როგორც თქვენს საკუთარ ტვინთან. თუ გსურთ მეტი შეიტყოთ მის შესახებ, წაიკითხედ წიგნი, სახელად „Reframing”. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზე, რომ ფრედის ხმას დავიწყებული ჰქონდა მიზანი მანამ, სანამ მე შევახსენე. მას სურდა მოტივაცია მიეცა ფრედისათვის წარმატების მისაღწევად, მაგრამ რეალურად, მისი ქმედების შედეგი ფრედის ცუდად ყოფნა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ქალთა განმათავისუფლებელ მოძრაობას დიდი პოზიტიური გავლენა ჰქონდა, რაღაც გზით, მანაც იგივე მოიმოქმედა. საწყისი მიზანი იყო ადამიანების მოტივირება ქალებისადმი დამოკიდებულებისა და ქცევის შესაცვლელად. ქალებმა მიიღეს განათლება, თუ როგორი ქცევაა სექსისტური. ახლა, როცა ვინმე სექსისტურ კომენტარს გააკეთებს, თავი ცუდად უნდა იგრძნოთ! მე ეს დიდ პროგრესად არ მეჩვენება, რომ დღესდღეობით „განმათავისუფლებელმა“ ადამიანებმა თავი ცუდად უნდა იგრძნონ, როდესაც ვინმე სექსისტურ სიტყვას გამოიყენებს! როგორი გათავისუფლებაა ეს? ისევე, როგორც ბავშობაში, როდესაც ვინმე „სულელს“ ან „მახინჯს“ გიწოდებდათ, დრო იყო ცუდად ყოფნისა და ტირილის. ადრე ადამიანები იყენებდნენ სექსისტურ სიტყვებს და არავინ ამჩნევდა. ახლა, როცა ისინი ამგვარ სიტყვებს ხმარობენ, გოდების დრო დგება. ცოტა თავისუფლება! ახლა თქვენ ცუდად ყოფნის ახალი კომპლექტი გაქვთ. ადრე დავდიოდი ღამის კლუბების სიახლოვეს და ვარჩევდი ქალებს, რომლებსაც ამგვარი რეაქცია ჰქონდათ. „აი, შესაფერისი კანდიდატურა. შეხედე, შემიძლია საშინლად ვაგრძნობინო თავი.“ „გამარჯობა გოგონი!“ „ახხხხხ!“

თუ არ გსურთ, რომ ადამიანებმა სექსისტური ენა გამოიყენონ, უფრო გონივრულია აგრძნობინოთ თავი ცუდად, როცა ამას აკეთებენ. ეს უფრო სახალისოა და უფრო ეფექტური, ... და მეტად განმათავისუფლებელიც.

ერთი რამ, რისი კეთებას მომწონს, არის ადევნება ქალზე, როცა ის სექსისტურ რეპლიკას აკეთებს.

ქალი იტყვის, „გოგონები ოფისში იმყოფებიან ...“

„რამდენი წლის არიან ისინი?“

„ჰა? 30 წლის?“

„თქვენ მათ გოგონებს ეძახით! ისინი ქალები არიან, თქვე სექსისტო ღორებო! თქვენს ქმარს რა, ბიჭს ეძახით?“

თუ რაიმეს აკეთებთ იმისათვის, რომ ცუდად აგრძნობინოთ ადამიანს თავი სექსისტური კომენტარების გაკეთებისას, ეს ყველაზე ცოტა, ამცირებს მოტივაციას, რომელიც წარმოიშვება იმ ადამიანში, ვისი ქცევის შეცვლაც გსურთ. საუკეთესო გზაა, ჯერ აღმოაჩინოთ ის, თუ როგორ უკეთებენ ისინი საკუთარ თავს მოტივირებას და შემდეგ გამოიყენოთ ეს.

თუ დასვამთ ბევრ შეკითხვას და თუ მიზანმიმართული ხართ, შეგიძლიათ გაარკვიოთ, როგორ აკეთებს ნებისმიერი ვინმე ნებისმიერ რამეს, მოტივაციის ჩათვლით. ბევრი ადამიანი უჩივის „მოტივაციის ნაკლებობას“ და ამის ერთ-ერთი მაგალითი დილით ადრე ადგომის შეუძლებლობაა. თუ შევისწავლით ადამიანებს, შევძლებთ გავარკვიოთ, როგორ არ გავიღვიძოთ - რისი ცოდნაც "ინსომნიაკებს" გამოადგებოდათ. ნებისმიერი რამ, რაც ადამიანს შეუძლია, შესაძლებელია, გამოსადეგი იყოს ვიღაცისთვის, სადღაც, ოდესმე. მაგრამ მოდით გავიგოთ, როგორ იღვიძებს ვიღაც ადვილად და სწრაფად, წამლების გარეშე. აქ მყოფთაგან, რომელი იღვიძებთ დილით მუდმივად ადვილად?

- ბეთთი: მე ვდგები დილით ადვილად.
- კარგი, როგორ აყენებთ თქვენს თავს საწოლიდან?
- ბეთთი: მე, უბრალოდ, ვაღვიძებ ჩემს თავს.
- ცოტა მეტი დეტალები მჭირდება, ვიდრე ეს. როგორ იცით, რომ გაღვიძებული ხართ? რა არის პირველი რამ, რასაც ყურადღებას აქცევთ, როცა გაიღვიძებთ? მაღვიძარა გაღვიძებთ, თუ უბრალოდ იღვიძებთ?
- ბეთთი: არ მაქვს მაღვიძარა. მე უბრალოდ ვაანალიზებ, რომ არ მძინავს.
- როგორ აცნობიერებთ, რომ არ გძინავთ? თქვენს თავთან საუბარს იწყებთ? რაიმეს დანახვას იწყებთ?
- ბეთთი: მე ვეუბნები ჩემს თავს.
- რას ეუბნეით საკუთარ თავს?
- მე მღვიძავს. მე ვიღვიძებ.“
- რა გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ, რომ ამის თქმა შეგიძლიათ? ხმა, რომელიც ამბობს, „მე ვიღვიძებ“, გატყობინებთ თქვენ, რომ რაღაც უნდა შეამნიოთ, რაღაც წინ უნდა უსწრებდეს ხმას. ხმა შეგრძნებაზე აკეთებს კომენტარს, თუ უეცრად ჩნდება შუქი? რაღაც იცვლება. დაბრუნდით უკან და გაიხსენეთ, რათა შეძლოთ ამის თანმიმდევრულად გავლა.
- ბეთთი: ვფიქრობ, ეს შეგრძნება იყო.
- რა სახის შეგრძნება? სითბო? ზეწოლა?..
- ბეთთი: სითბო, დიახ.
- სითბოს შეგრძნებიდან სიცივის შეგრძნებისაკენ მიდიხართ, თუ სიცივიდან - სითბოსაკენ?
- ბეთთი: სითბოს შეგრძნება ინტენსიური გახდა. ვიგრძენი, რომ ჩემი სხეული გათბა.
- როცა სითბოს შეგრძნების გაცნობიერებას იწყებთ და თქვენ უთხარით თქვენს თავს, „მე ვიღვიძებ“. რა ხდება ზუსტად ამის შემდეგ? ჯერ კიდევ არაფერი გინახავთ? არანაირი შინაგანი სურათები?
- ბეთთი: მე ვთქვი, „უნდა ავდგე.“
- ეს ხმა ხმამაღალია? არის იქ სხვა რაიმე ხმიანობა, თუ მხოლოდ ადამიანის ხმაა? აქვს მას სპეციფიკური ინტონაცია?
- ბეთთი: ეს ძალიან წყნარი ხმაა, ძალიან მშვიდად მოსასმენი.
- იცვლება ეს შინაგანი ხმა უფრო და უფრო მეტად, მას შემდეგ, რაც გაღვიძებას იწყებთ?
- ბეთთი: დიახ, ის ჩქარდება და ხდება უფრო ცხადი და განსხვავებული, უფრო საყურადღებო.

ეს არის მაგალითი იმისა, რასაც ჩვენ მოტივაციის სტრატეგიას ვუწოდებთ. ეს არ არის მთლიანი პროცესი, მაგრამ საკმარისია იმისათვის, რომ მოგვცეს გასაღები-ნაწილი, რომელიც ამოქმედებს სტრატეგიას. ეს სტრატეგია აკეთებინებს ადამიანს რაღაცას. შემდეგ, როცა ის ამბობს: „მე უნდა ავდგე“, ხმა იწყებს აჩქარებას და ინტონაციის შეცვლას, ხდება უფრო ცხადი და ყურადღების მისაქცევი.

მინდა, რომ ყველა დანარჩენმა სცადოთ ეს. ამის თქვენით გაკეთება გაგაგებინებთ, თუ როგორ აკეთებენ სხვა ადამიანები ამა თუ იმ ქმედებას. არ არის საჭირო, ზუსტად იგივე სიტყვები ვთქვა... დახუჭეთ თვალები, შეიგრძენით სხეული და მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. აალაპარაკეთ ეს ხმა დამაძინებელი და დამამშვიდებელი ტონალობით... ახლა ცოტათი ააჩქარეთ ხმა, გახადეთ ცოტათი ხმამაღალი და ყურადღების მისაქცევი. დააკვირდით, როგორ შეიცვლება თქვენი შეგრძნებები ... აქვს ამ მოქმედებას ზეგავლენა თქვენს გრძნობებზე? თუ არ აქვს, პულსი შეიმოწმეთ. აღელვებული შინაგანი ხმა დიდებული საშუალებაა საკუთარი თავის გასაღვიძებლად მაშინ, როცა ეს გჭირდებათ. თუ საკუთარ თავს საუბარს უწყებთ და განაწყობთ ძილისათვის მაშინ, როცა წესით ეს არ უნდა გააკეთოთ, მაგალითად ავტომაგისტრალზე, ასევე შეგიძლიათ ისწავლოთ ხმის ტონალობისა და სიხშირის გაზრდა, უფრო სწრაფად საუბარი რაიმე ამაღელვებელზე და ეს საჭირო დროს გაგაღვიძებთ.

ეს არის ის, რასაც ბევრი ინსომნიაკი აკეთებს. ისინი საკუთარ თავს მაღალი, ინტენსიური და აღელვებული ხმით ესაუბრებიან და ეს აღვიძებთ, მაშინაც კი, თუკი მათი საუბარი იმის შესახებაა, თუ რაოდენ ესაჭიროებათ დაძინება. ინსომნიაკები, როგორც წესი, ძალიან ფხიზლები და მოტივირებულები არიან. ისინი ფიქრობენ, რომ საკმარისად არ სძინავთ, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ მათ იმაზე დიდხანს სძინავთ, ვიდრე ადამიანთა სხვა ნებისმიერ ტიპს. განსხვავება ისაა, რომ ისინი ძალიან დიდ დროს ხარჯავენ ჩაძინებაზე, თუმცა საკუთარ თავს ყოველთვის თავიანთი ხმის ტონით აღვიძებენ.

სხვა მთავარი მიზეზი ინსომნიის ქონისა, არის ბევრი ნათელი, მბრწყინავი სურათების ნახვა. ერთ კლიენტს ვკითხე თუ რას აკეთებდა ის და მითხრა, „ვიწყებ ფიქრს იმ ყველაფერზე, რაზეც არ უნდა ვფიქრობდე.“ წავედი იმ საღამოს სახლში და ვცადე. „რა არის ის, რაზეც არ ვფიქრობ?“ მალე დილის 6 საათი გახდა და გავიფიქრე, „ვიცი, ეს რაც არის - ძილი!“

ახლა, მინდა თქვენი შინაგანი ხმა სხვაგვარად შეცვალოთ. გახადეთ ის რბილი, დაბალი, ნელი და ძილისმომგვრელი და დააკვირდით, რას გრძნობთ ამის შემდეგ...
ერთხელ, ამის გაკეთებისას, ლამის, მთელი აუდიტორია დავკარგე. გაახილეთ თვალები და კვლავ ააჩქარეთ ეს ხმა, თუ არა, მთელ დარჩენილ ლექციას გაუცნობიერებლად გაატარებთ. ეს ის არის, რაც ინსომნიაკებს უნდა ასწავლოთ და ეს ასევე ის პროცესია, რომელიც უნდა გამოყენოთ საჭიროების შემთხვევაში.

მაგალითად, ვისწავლე, რომ საუკეთესო რამ, რაც კი თვითმფრინავში შემიძლია გავაკეთო, არაცნობიერ მდგომარეობაში ყოფნაა. ჩემი სახლიდან მთავარ აეროპორტამდე მოკლე, 20-წუთიანი ფრენაა. როგორც კი სავარძელში ჩავჯდები, ზზ.... და აღარ ვარ.

- კაცი: როცა აღმოაჩენთ, თუ როგორ უკეთებს ვინმე საკუთარ თავს მოტივირებას, როგორ ხვდებით, რომ თანმიმდევრობის დასაწყისში იმყოფებით? მაგალითად, ბეთთი ამბობდა, რომ ხმა, რომელიც მას ესაუბრება, იწყებს ამაღლებას. საიდან იცით, რა შეკითხვები უნდა დაუსვათ ამ მომენტში?

- ეს დამოკიდებულია თქვენი შეკითხვების დასმის მიზანზე. ნამდვილად არ არის მკაცრად დადგენილი ვინ საიდან იწყებს. უბრალოდ უნდა მიიღოთ საკმარისი დეტალები, რათა იგივე გამოცდილება შექმნათ. თუ ამას თავად ვაკეთებ და გამომდის, მაშინ, სავარაუდოდ, საკმარისი ინფორმაცია გამაჩნია. ამ ყველაფრის შესამოწმებლად შემდეგი გზა არსებობს - ან საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ, ან სხვა ვინმეზე.

მას შემდეგ, რაც ვიგებ ვიღაცის მოტივაციის სტრატეგიას, მე შემიძლია ზუსტად იმავე გზით გავუკეთო მას მოტივირება, რათა სკამიდან ავაყენო ან სხვა რაიმე ნებისმიერი ქმედება გავაკეთებინო: „შეიგრძენით სკამი, უთხარით თქვენს თავს,“მე უნდა ავდგე“. შეცვალეთ თქვენი ხმის ტონი და გაიმეორეთ იგივე უფრო სწრაფი, მაღალი და ფხიზელი ხმით.“ რა პროცესსაც დილით გასაღვიძებლად იყენებთ, სავარაუდოდ იმავე პროცესს იყენებთ კიბეებზე ჩასასვლელად და წიგნების ასაკრეფად, ან სხვა ნებისმიერი მოქმედებისას.

ბევრი განსხვავებული ქმედებაა, რომლებსაც ადამიანები საკუთარი თავის მოტივაციისათვის იყენებენ. იმის ნაცვლად, რომ მათ შესახებ მოგიყვეთ, ჯობია დაუკვირდეთ საკუთარ თავს და აღმოაჩინოთ ისინი თქვენით... დაწყვილიდით ვინმე ისეთთან, ვისაც არ იცნობთ და გაარკვიეთ, თუ როგორ დგება ის საწოლიდან დილით. ნებისმიერ თქვენგანს ეს მინიმუმ ამ დილით უნდა გაეკეთებინა და ისინი, ვინც ამის გაკეთება ვერ შეძლო, ჩვენს ლექციაზე მოხვედრასაც ვერ შეძლებდნენ. დაიწყეთ უბრალოდ კითხვით, „როგორ დგებით საწოლიდან დილით ადრე?“ თქვენი პარტნიორი გეტყვით ერთ-ორ ჩვეულ პასუხს, თქვენი ამოცანა კი ისაა, რომ გამოარკვიოთ ყველა მნიშვნელოვანი დეტალი.

როცა იფიქრებთ, რომ ყველა ქმედება ხელთ გაქვთ, გამოსცადეთ ის საკუთარ თავზე, იმის გასაგებად, თუ რამდენად ამართლებს. მაგალითად, შესაძლოა თქვენმა პარტნიორმა თქვას, „მე ვხედავ შუქის ნათებას ფანჯარაში და ვეუბნები საკუთარ თავს, „ადექი!“ და ვდგები.“ თუ ამას საკუთარ თავზეც გამოცდით, დაინახავთ ფანჯარაში შემოსულ შუქს, შემდეგ ეტყვით თავს „ადექი!“, თუმცა აუცილებლად არ ადგებით. ეს არ არის საკმარისი. თქვენ უფრო მეტი უნდა გააკეთოთ, რათა ეს ეფექტური იყოს. ადამიანები ამგვარ ქმედებებს ავტომატურად და გაუცნობიერებლად აკეთებენ, მაშასადამე, მოგიწევთ ბევრი შეკითხვის დასმა, რათა ყველა საჭირო ნაწილი ხელთ გქონდეთ.

ვინაიდან ეს სტრატეგიების სემინარი არ არის, არ მოვითხივ, რომ ყველა მცირედი დეტალი მოიპოვოთ. მაგრამ ნამდვილად მინდა, რომ მოიპოვოთ მოქმედების ძირითადი ნაწილები და ხელთ ჩაიგდოთ გასაღები-ნაწილი, რომელიც საბოლოო შედეგს იძლევა. ეს, როგორც წესი, იქნება ელემენტი, რომელიც გადამწყვეტად ცვლის სიტაუციას. ბეთთის შემთხვევაში, ეს იყო ხმის ტონის ცვლილება, რომელიც განაპირობებდა მის საწოლიდან აყენებას. ამაში გასარკვევად, ნამდვილად უნდა ჩაეძიოთ დეტალებს. თუ ვინმე იტყვის, „მე ვქმნი ჩემი საწოლიდან ადგომის სურათს“, მოგიწევთ მეტი დეტალის შესახებ ჰკითხოთ. „არის ეს ფილმი? არის ეს სლაიდი? აქვს მას ფერი? არის ის დიდი? ეუბნებით რამეს საკუთარ თავს? რა ტონალობის ხმას იყენებთ?“ - ეს პატარა დეტალები არის ის, რაც მოქმედებას ეფექტურს ხდის. ზოგიერთი მათგანი მეტად ეფექტური იქნება, ვიდრე სხვა დანარჩენი და თქვენ შეგიძლიათ ეს აღმოაჩინოთ მათი თანმიმდევრული ცვლილებითა და ამავდროულად ზემოქმედებაზე დაკვირვებით. ახლა დაწყვილდით და სცადეთ, თითოეულმა ამისათვის 15 წუთი გამოიყენეთ ...

აბა, რა აღმოაჩინეთ? როგორ უკეთებს თქვენი პარტნიორი მოტივირებას საკუთარ თავს? რა იყო გასაღები-ნაწილები მოქმედებაში?

- ბილლი: ჩემს პარტნიორს, თავიდან, ესმის მაღვიძარას ხმა და გათიშვისას უყურებს მას. შემდეგ წვება და გრძნობს, თუ რამდენად კომფორტულადაა საწოლში. შინაგანი ხმა ამბობს, „თუ საწოლში დარჩები, ჩაგეძინება და დააგვიანებ“ და ის ქმნის სურათს გონებაში, სადაც ის სამსახურში დაგვიანებული მიდის და თავს ცუდად გრძნობს. შემდეგ ხმა ამბობს, „მომდევნო ჯერზე უარესი იქნება“ და ის ქმნის უფრო დიდ სურათს იმისას, თუ რა მოხდება დაგვიანების შემთხვევაში და ის თავს უარესად გრძნობს. თანმიმდევრობა შემდეგია: „ხმა, სურათი, ცუდად ყოფნა.“ როცა ცუდი გრძნობები საკმარისად ძლიერია, ის საწოლიდან დგება.

ეს არის, რასაც ჩვენ „ძველ შემაშფოთებელ რუტინას“ ვუწოდებთ. განაგრძობთ არასასიამოვნო შეგრძნებების გენერირებას მანამ, სანამ მოტივირდებით მათ თავიდან ასაცილებლად. როლლო მეის აქვს მსგავსი. მან დაწერა კიდეც დიდი წიგნი ამის შესახებ, რომელიც შეიძლება ერთ წინადადებამდე დავიყვანოთ: „შფოთვა არასწორადაა გაგებული; შფოთვა კარგია, რადგან ის ადამიანებს მოქმედებას აიძულებს.“ თუ თქვნი მოტივაციის სტრატეგია შფოთვაზე გადის, ეს აბსოლუტურად სწორია, თუმცა ყველას არ გააჩნია ასეთი მოტივაცია. სხვა ადამიანებს შფოთვა მოქმედებების განხორციელებაში უშლის ხელს. ისინი ფიქრობენ რაიმე საინტრესოს გაკეთებაზე, შემდეგ ქმნიან სურათს, თუ როგორ შეიძლება მოვლენები ცუდად განვითარდეს, შემდეგ გრძნობენ შფოთვას და უბრალოდ სახლში სხედან.

- სუზი: მე ვაკეთებ რაღაც იმის ძალიან მსგავსს, რასაც ბილლის პარტნიორი. ვეუბნები საკუთარ თავს, რომ შემიძლია კიდევ რამდენიმე წუთით დავისვენო და ასეც ვშვრები, მაგრამ რაც დრო გადის, ჩემი დაგვიანების სურათი უფრო დიდი, ახლო და ნათელი ხდება. სურათის შინაარსი ზუსტად იგივე რჩება, მაგრამ, როდესაც საკმარისი სიდიდის ხდება, მიწევს ავდგე საწოლიდან და შევაჩერო ცუდი შეგრძნებები.

გჩვევიათ სხვა ქმედებების გადადება? (დიახ.) რამდენი თქვენგანს გაუკეთებია საგამოცდო ნაშრომი ბოლო წუთებში? რაც უფრო იცდიდით, მეტად მოტივირებულნი იყავით. ბილლის პარტნიორს საკუთარი შფოთვის გენერატორი აქვს. სუზი საათს გაურბის. ისინი ორივე ძალიან მსგავსები არიან იმით, რომ მოტივატორად არასასიამოვნო შეგრძნებებს იყენებენ. აღმოაჩინეთ რომელიმე თქვენგანმა მოტივაციის მაგალითი, რომლის დროსაც სასიამოვნო გრძნობებს იყენებენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არასასიამოვნო დავალებები უნდა შეასრულონ?

- ფრენკი: დიახ, მარჯი ქმნიდა მთელი დღის განმავლობაში გასაკეთებელი მოქმედებების სურათს და თავს კარგად გრძნობდა მათი შესრულებით. მან თქვა, რომ ეს სასიამოვნო სურათები „ექაჩებოდა მას საწოლიდან.“

რა იქნებოდა, თუ მას ამ დღეს მხოლოდ არასასიამოვნო მოქმედებები ექნებოდა გასაკეთებელი? ჰკითხეთ მას ამის შესახებ?

- ფრენკი: დიახ, ვკითხე. მან თქვა, რომ ხედავდა ყველა ამ საქმეს უკვე დასრულებულად და არაჩვეულებრივად გრძნობდა თავს ამის გამო. ეს სასიამოვნო შეგრძნება, ასევე ექაჩებოდა მას საწოლიდან. ეს ჩემთვის არარეალური ჩანდა. არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ეს მართლა ამართლებს და მინდოდა მეკითხა თქვენთვის ამის შესახებ.

სად არის მარჯი? ... მარჯ, როდის იხდით გადასახადებს?

- მარჯი: ეს იანვრის შუა რიცხვებისათვის გაკეთებული მაქვს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს საქმე უკვე მოლეულია, შემიძლია სხვა რამეებს მივხედო.

ჩანს, რომ ეს ქმედება მასთან ნამდვილად ამართლებს. არავის სიამოვნებს გადასახადების გადახდა, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას მოსწონს, როცა ისინი გადახდილია. ხრიკი მდგომარეობს შემდეგში - უნდა მიაღწიოთ სიამოვნებას მანამ, სანამ საქმის გაკეთებას დაიწყებთ, რათა ამ სიამოვნებამ გიბიძგოთ ქმედების დაწყებისაკენ. მარჯის მოტივაცია უსიამოვნო შეგრძნებების ნაცვლად, სასიამოვნო შეგრძნებებს იყენებს. ეს უჩვეულო და უცხოა ფრენკისათვის, რომელიც საწინააღმდეგოდ იქცევა.

ადამიანთა უმეტესობას კარგად გამოსდის კარგი ქმედებების განსახორციელებლად საკუთარი თავის მოტივირება. ისინი, უბრალოდ, სასიამოვნო ქმედებების სურათებს ქმნიან და იმდენად იზიდავთ ეს სურათები, რომ ქმედებას იწყებენ, თუმცა, ეს პროცესი არაეფექტურია იმ ქმედებებთან მიმართებაში, რომლებიც გინდათ, რომ შესრულებული გქონდეთ, მაგრამ მათი კეთება არ მოგწონთ. თუ არ მოგწონთ გადასახადების გადახდა და შექმნით მათი გადახდის სურათს, მოგინდებათ ამისათვის თავის არიდება. ეს სრულებითაც არ არის მოტივაცია. თუ გსურთ პოზიტიურად მოტივირდეთ, დაგჭირდებათ იფიქროთ იმაზე, რაც მართლა მიმზიდველია შესასრულებელ ამოცანაში. თუ თავად ამოცანის შესრულებით ვერ იღებთ სიამოვნებას, ამ შემთხვევაში, მიმზიდველობა იმის წარმოდგენაში მდგომარეობს, რომ საქმე შესრულებულია.

სინამდვილეში, თუ მარჯის მოტივაციის სტრატეგია ამართლებს, აქ სხვა ნაწილი უნდა იყოს. რამდენ თქვენგანს უფიქრია, თუ რამდენად სასიამოვნო იქნებოდა რაღაც რომ უკვე გაკეთებული იყოს და შემდეგ ფარხმალი დაგიყრიათ, როცა მის შესასრულებლად დამსხდარხართ?

- მარჯ, როდესაც გადასახადების მოწესრიგებას იწყებთ, რა გაიძულებთ ქმედების გაგრძელებას?
- მარჯი: მთელი ქმედების განმავლობაში ვფიქრობ იმაზე, თუ რაოდენ სასიამოვნო იქნება, როდესაც ეს ყველაფერი შესრულდება.
- ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ფსონს ვდებ, რომ კიდევ აკეთებთ ამის გარდა რაღაცას.
- მარჯი: მოკლედ, ყოველთვის, როცა ვანგარიშობ და ვწერ რიცხვს ან ვავსებ ფორმულარის რაიმე ნაწილს, თავს კარგად ვგრძნობ, რომ სამუშაოს კიდევ ერთი პატარა ნაწილი შევასრულე. ეს ჰგავს იმ დიდი სიამოვნების მცირედად დაგემოვნებას, რასაც მაშინ მივიღებ, როცა ყველაფერი დასრულებული იქნება.

- მართალია. ეს ორი ნაწილია, რაც საქმის გაგრძელებაში გეხმარებათ და ამასთანავე, მეორე უფრო ეფექტურია, ვიდრე პირველი. თუ უბრალოდ ფიქრობთ ყველაფრის დასრულებაზე და პროექტის დასრულებას უფრო მეტი დრო სჭირდება, ეს შეიძლება მიუწვდომელ მიზანს დაემსგავსოს, მაგრამ საქმის შესრულების ეს კარგი გრძნობა, რომელსაც მცირედი საქმის შესრულებისას იღებთ, გაგამხნევებთ რთული საქმის შესრულებისას.

- მარჯი: საინტერესოა. ეს ჩემი ცხოვრების ბევრ მოვლენას ხსნის. ადამიანები ხშირად მეძახიან ოპტიმისტს, რადგან ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, თუ რაოდენ სასიამოვნო იქნება, როცა რაღაც უსიამოვნო დასრულდება. მე ძალიან ბევრ რამეს ვასრულებ, მაგრამ მიჭირს სხვა ადამიანებს გავაკეთებინო უსიამოვნო დავალებები. როცა ვეუბნები მათ იმის შესახებ, თუ რა სასიამოვნო იქნება, როცა ყველაფერი დასრულდება, როგორც წესი, სულელურად მაშტერდებიან.

- მართალია. ისინი, უბრალოდ ვერ ხვდებიან. ეს ის გზა არაა, რითაც ისინი საკუთარ თავს უკეთებენ მოტივირებას.
- ფრენკი: როგორც ჩანს, ამბობთ, რომ ვიღაცას შეუძლია ძლიერად და ეფექტურად მოტივირდეს, ნებისმიერი უსიამოვნო გრძნობის გარეშე. არსებობს რაიმე იმედი ყველა დანარჩენი ჩვენგანისათვის, ვინც შეშფოთებულნი ვიკავებთ თავს?

- რა თქმა უნდა. ისევე, როგორც ყველაფერი, რასაც ადამიანები აკეთებენ, მოტივაციური სტრატეგიაც დასწავლადია და თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ სხვა გზა ისწავლოთ. საკმაოდ ადვილია გასწავლოთ მარჯის სტრატეგიის გამოყენება, თუმცა ფრთხილად უნდა იყოთ, როცა ასეთ ღრმა ცვლილებას ახდენთ ვინმეს ცხოვრებაში.

ზოგიერთი ადამიანი საშინელ გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ იმიტომ, რომ ისინი არ არიან ძალიან მოტივირებულნი, ზედმეტ გასაჭირში არ ვარდებიან. თუ მათ ნამდვილად ეფექტურ მოტივციას ასწავლით, ისინი, რეალურად განახორციელებენ ყველა ამ ცუდ გადაწყვეტილებას და ჩაიდენენ სულელურ, არარელევანტურ და ზიანის შესაძლო მომტან ქმედებებს. ასე რომ, სანამ ვინმეს ძლიერ, ახალ სამოტივაციო სტრატეგიას ვასწავლი, ვრწმუნდები, რომ ადამიანს უკვე გააჩნია ეფექტური უნარი, გადაწყვეტილებების მიღებისა. იმ შემთხვევაში, თუ არ აქვს, პირველ რიგში მას გადაწყვეტილებების მიღების ახალ სტრატეგიას ვასწავლი, და მხოლოდ ამის შემდეგ - მოტივაციის ახალ სტრატეგიას.

საკმაოდ ბევრი ვარიაცია არსებობს იმისა, თუ როგორ უკეთებენ ადამიანები საკუთარ თავს მოტივირებას, მაგრამ ჩვენ უკვე გვაქვს ორი მთავარი მოდელის მაგალითი. ადამიანთა უმეტესობა მოტივირებას იმის ფიქრით ახორციელებს, თუ რამდენად ცუდად იგრძნობს თავს, რაღაცას თუ არ გააკეთებს და მტკიცედ უვლის გვერდს ამ ცუდ შეგრძნებას. ვირთხის ფსიქოლოგები ამას „არაკეთილგანწყობილ მდგომარეობას“ უწოდებენ.

ცოტა ადამიანი თუ აკეთებს საპირისპიროს, ისე, როგორც მარჯი. ის იყენებს სასიამოვნო შეგრძნებებს წინსვლისათვის, იმ მიზნის გასაკეთებლად, რაც სურს, რომ დამთავრებული იყოს, იმის ნაცვლად, რომ გაექცეს იმას, რაც არ უნდა რომ მოხდეს - და ის ამ გზაზე მსვლელობის განმავლობაში იღებს საჭირო გაძლიერებას.
ნებისმიერი, მარჯის მსგავსი მოტივაციური სტრატეგიის მქონე ადამიანი, ნამდვილად, სრულიად განსხვავებულ სამყაროში ცხოვრობს, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა - სამყაროში ბევრი შფოთვის, უსიამოვნებების და სტრესის გარეშე, რასაც უამრავი ადამიანი განიცდის.

ბევრ ადამიანს ამ ორი სტრატეგიის კომბინაცია გააჩნია. ისინი თავიდან ფიქრობენ იმაზე, თუ რა მოხდება რაიმეს გაუკეთებლობის შემთხვევაში და შემდეგ ფიქრობენ, თუ როგორი სასიამოვნო იქნება, როცა ის დასრულდება.

ყველა მოტივაციური სტრატეგია ამართლებს, ასე რომ, იმას ვერ უარყოფთ, რაც ამართლებს. თუმცა, ზოგიერთი მათგანი მეტად სწრაფი, მძლავრი და სასიამოვნოა, ვიდრე სხვები.

პრობლემათა უმეტესობა, რომლებსაც ადამიანები თერაპევტებამდე ან ციხემდე მიჰყავს, მოტივაციების შედეგია. ისინი ან არ არიან მოტივირებულნი, გააკეთონ ქმედებები, რისი გაკეთებაც სურთ, ან სხვა ადამიანებს სურთ, რომ მათ გააკეთონ, ან პირიქით, მოტივირებულნი არიან ჩაიდინონ ის ქმედებები, რომლებიც თავად, ან სხვა ადამიანებს არ სურთ, რომ მათ გააკეთონ. რაც ჩვენ აქ, დღეს გავაკეთეთ, იყო მცირედი ახსნა იმისა, თუ როგორ ფუნქციონირებს მოტივაცია, ასე რომ, შეგიძლიათ გარკვეულწილად გააკონტროლოთ ის, რისი გაკეთებისთვისაც მოტივირებულნი ხართ. აქ განხილული, მხოლოდ დასაწყისია იმისა, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია მოტივაციასთან მიმართებაში, მაგრამ ეს საბაზისო ცოდნა გაძლევთ საშუალებას, შეძლოთ უფრო მეტის გამოკვლევა დამოუკიდებლად.

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

 

მსგავსი სტატიები

თავი IV - არასწორი სვლა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი V - მიზნისკენ სწრაფვა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის (შესავალი)


ავტორი: რიჩარდ ბენდლერი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი რამდ...

თავი VI - დაბნეულობის გაგება (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი VII - რწმენის მიღმა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი III - თვალთახედვა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი VIII - სწავლა(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

ბოლოსიტყვაობა(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff