თავი IV - არასწორი სვლა (NLP)

Admin
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)
0
0

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე ერ...

რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

ერთხელ მეგობარს ვითხე: - „რა არის შენი ცხოვრების ყველაზე დიდი უიღბლობა?“ მან თქვა: - რამდენიმე კვირაში მინდა ეს რაღაც გავაკეთო და არ გაამართლებს.“ იცით რა? ის მართალი იყო! ეს მისი ცხოვრების ყველაზე დიდი უღბლობა იყო, თუმცა არა იმიტომ, რომ არ გაამართლა, არამედ იმიტომ, რომ ის წინასწარ გრძნობდა თავს ცუდად ამის გამო. ადამიანები თავის წარმოდგენას მხოლოდ იმ მოვლენების გამოსავლენად იყენებენ, რაც წინასწარ აგრძნობინებთ თავს ცუდად. ამგვარად, მათ შეუძლიათ ახლავე იგრძნონ თავი ცუდად, რაღატომ უნდა დაიცადონ?

რატომ უნდა დაელოდოთ როდის წავა თქვენი ქმარი და როდის გააბამს ფლირტს? წარმოიდგინეთ ეს ახლავე, დაინახეთ ის გარეთ მყოფი, როგორ ერთობა ვიღაც სხვასთან ერთად. იგრძენით, თითქოს იქ ხართ და ამ ყველაფერს უყურებთ. უბრალოდ ასე, შეგიძლიათ საშინლად აეჭვიანოთ საკუთარი თავი. რამდენ თქვენგანს გაუკეთებია ეს?

შემდეგ, მისი სახლში დაბრუნებისას, თუ ჯერ კიდევ საშინლად იგრძნობთ თავს, შეგიძლიათ უკივლოთ, უყვიროთ და სახლიდან გააქციოთ, ასე თქვენი წარმოსახვა რეალობად იქცევა. ჩემთან მოსულან კლიენტები და მოუყოლიათ, რომ ასე მოიქცნენ. ვუსმენ მათ და ვეკითხები:

- „რატომ არ ქმნიდით კარგ სურათებს?“
- „რას გულისხმობთ?“
- ცვალეთ ეს სურათი მანამ, სანამ თქვენს თავს არ დაინახავთ ქმრის გვერდით, ნაცვლად სხვა ქალისა. შემდეგ, შეაბიჯეთ ამ სურათში და ისიამოვნეთ ყველა იმ სასიამოვნო გრძნობით. და როცა ის სახლში მოვა, მოანდომეთ მას ამ ყველაფრის თქვენთან ერთად გაკეთება.“ ასე უფრო არ მოგწონთ?

Negotiation Skills using NLP

ადამიანები ხშირად საუბრობენ, რომ აქვთ „კარგი“ და“ცუდი“ მოგონებები, თუმცა ეს მხოლოდ განცხადებაა იმის შესახებ, მოსწონთ ეს მოგონებები თუ არა. ადამიანთა უმეტესობას მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები სურს ჰქონდეს და ფიქრობენ, რომ უფრო ბედნიერნი იქნებიან, თუ ყველა მათი ცუდი მოგონება გაქრება. მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, არასოდეს, არც ერთი ცუდი გამოცდილება რომ არ მიგეღოთ! რა იქნებოდა, თუ გაიზრდებოდით გარემოში, სადაც ყოველთვის, ყველაფერი შესანიშნავად იქნებოდა? - თქვენ გაიზრდებოდით ძალიან სუსტ ადამიანად, რომელიც ვერანაირ სიძნელეს გაუმკლავდებოდა. ამ ქვეყანაში, ამის საკმარისი მაგალითი არსებობს.

ერთხელ 24 წლის კლიენტი მყავდა, რომელიც 12 წლიდან ვალიუმს მოიხმარდა. სახლს მხოლოდ მაშინ ტოვებდა, თუ სტომატოლოგთან, ექიმთან ან ფსიქიატრთან მიდიოდა. ის 5 ფსიქიატრთან იყო ნამყოფი, თუმცა, როგორც მე მივხვდი, მისი მთავარი პრობლემა ის იყო, რომ 12 წლის განმავლობაში სახლი არ დაუტოვებია. და ახლა, მისმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ გარეთ დამოუკიდებლად ყოფნა კარგი იქნებოდა შვილისათვის. მამამისმა, რომელიც დიდ სამშენებლო კომპანიას ფლობდა, შემომჩივლა: “ ეს ბიჭი... დროა განცალკევდეს და დამოუკიდებლად იცხვროს.“ გავიფიქრე: „ინდაურო, 12 წლით დააგვიანე. რის გაკეთებას აპირებ, გადააბარებ შენს ბიზნესსს, რომ მერე შენზე იზრუნოს? ასე, შენი კომპანიის არსებობა მხოლოდ 2 დღეს გასტანს.“

გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბავშვი თავისი ცხოვრების 12 წელი ვალიუმს მოიხმარდა, დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არ ჰქონდა მანამ, სანამ ჩემთან გამოგზავნიდნენ! მე ის ვაიძულე წასულიყო ბევრ ადგილას და გაეკეთებინა უამრავი უცნაურობა - ან ეს უნდა გამეკეთბინა, ან შინაგანი ორგანოები ამომეცალა მისთვის. პირველად, როცა შეყოყმანდა და თქვა, რომ არ შეეძლო რაიმეს გაკეთება, მართლა ძლიერად გავარტყი, ეს იყო დასაწყისი, გამოცდილებების შეგროვებისა. ეს ზუსტად საჭირო მოქმედება იყო. არ გირჩევდით მსგავსად მოქცევას ადამიანთა უმეტესობასთან. მაგრამ არის სიტუაციები, როდესაც თავში კარგად წამორტყმა სამოტივაციო სტრატეგიის დასაწყისს წარმოადგენს. ზოგიერთ თქვენგანს, შესაძლოა, გახსოვთ თქვენივე წარსულიდან, თუ როგორი ეფექტი აქვს ამ ქმედებას. მე ის ბიჭი მოვახვედრე ბევრ სხვადასხვაგვარ სიტუაციაში, სადაც მას სირთულეებთან გამკლავების სწავლა და სხვა ადამიანებთან შეთანხმებულად მოქმედება უწევდა. ამან მას მისცა გამოცდილების შედეგად მიღებული ცოდნის საფუძველი, თუ როგორ უნდა ეცხოვრა რეალურ სამყაროში, საკუთარი ბალიშის, წამლებისა და ფსიქიატრების გარეშე. გამოცდილება, რომლითაც ბიჭი უზრუნველვყავი, იყო ბევრად გამოსადეგი და მნიშვნელოვანი, ვიდრე მისი ფსიქიატრთან საუბრები ბავშვობის შესახებ.

ადამიანები ამბობენ, „არ შემიძლია ამის გაკეთება“, ისე რომ არც კი აანალიზებენ ამ სიტყვების მნიშვნელობას. ინგლისურად „არ შემიძლია“ ( can’t) არის იგივე „შემიძლია არ“ (can not). როდესაც ვიღაც ამბობს „არ შემიძლია ამის გაკეთება“, ის ამბობს, რომ - მას შეუძლია, შესაძლებლობა აქვს, (can) რომ არ გააკეთოს ეს (not do it), რაც ყოველთვის სიმართლეა. თუ შეჩერდებით და ყურადღებით მოუსმენთ სიტყვებს, დაიწყებთ ისეთი რაღაცების გაგებას, რომლებიც გეუბნებიან, რისი გაკეთება შეგიძლიათ.

ერთხელ ვმუშაობდი ქალთან, რომელსაც სურდა გაეხსნა კლინიკა, რომელიც ადამიანებს დაეხმარებოდა ფლირტის სწორად წარმართვასა და სიმორცხვის გადალახვაში. მან ჩემთან მოიყვანა მორცხვ ადამიანთა ჯგუფი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადამიანები მორცხვები იმის გამო იყვნენ, რომ ისინი ფიქრობდნენ არასასიამოვნო მოვლენებზე, რაც შესაძლოა მომხდარიყო. მაგალითად, როგორიცაა უარყოფა ან დაცინვის ობიექტად გახდომა. დავიწყე ჩემი ჩვეული კითხვების დასმა ამ ადამიანებისათვის: „როგორ ხვდებით, რომ მორცხვი ხართ? ყოველთვის მორცხვი ხომ არ ხართ.“ მსგავსად იმ ყველაფრისა, რასაც ადამიანები აკეთებენ, სიმორცხვეც გარკვეულ პროცესთა მიმდინარეობას წარმოადგენს. ის მარტივი ქმედება არაა. ერთმა კაცმა თქვა:

- „მე ვხვდები, რომ სიმორცხვის დროა, მაშინ, როდესაც ვინმესთან შესახვედრად მივდივარ.“
- „კარგი, რა გხდით მორცხვს?“
- „არ ვფიქრობ, რომ მათ მოვეწონები.“

ეს განცხადება ძალიან განსხვავდება წინადადებისაგან “ვფიქრობ, მათ არ მოვეწონები.“ ზუსტად რომ ვთქვათ, ის კავდება „არ ფიქრის“ აქტივობით, რომ ვიღაცას მოეწონება. ის ფიქრობს ნებისმიერ რამეზე, გარდა იმისა, რომ ადამიანს მოეწონება.

მეზობელ ოთახში რამდენიმე ადამიანი იყო, ასე რომ, ვუთხარი მას:

- „მინდა იფიქროთ, რომ იქ მყოფ ადამიანებს მოეწონებით“
– „კარგი.“
–„ახლა გეუხერხულებათ იმ ადამიანების გაცნობა?“
– „არა.“

ეს ძალიან ადვილი ჩანს, თუმცა, საერთოდ, რაც კი ეფექტურია, ყველაფერი მარტივია.

სამწუხაროდ, ფსიქოთერაპიაში არც ისე ბევრია სტიმული, იმის გამოსარკვევად, თუ რა მუშაობს სწრაფად და ადვილად. საქმიანობათა უმეტესობაში, ადამიანებს უხდიან იმისდა მიხედვით, თუ რამდენად წარმატებით შეასრულებენ ამა თუ იმ საქმეს. მაგრამ ფსიქოთერაპიაში, გიხდიან საათობრივად, მნიშვნელობა არ აქვს, დასრულებულია საქმე თუ არა. თუ თერაპევტი არაკომპეტენტურია, ის უფრო მეტ თანხას იღებს, ვიდრე ის, ვინც მიზანს უფრო სწრაფად აღწევს. ბევრ თერაპევტს ეფექტურობის საწინააღმდეგო წესებიც კი აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ვინმეზე პირდაპირი გავლენის მოხდენა მანიპულატორული ქცევაა და მანიპულაცია ცუდია. ეს იგივეა, რომ გითხრან „თქვენ მიხდით, რათა თქვენზე გავლენა მოვახდინო, მაგრამ ამის გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ეს მართალი ქცევა არ არის“. როცა კლიენტები მყავდა, გასამრჯელოს ყოველთვის ცვლილებებში ვიღებდი და არა საათობრივად. ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღებდი, თუ შედეგს მივაღწევდი. ეს ჩემთვის უფრო მეტი გამოწვევა იყო.

მიზეზები, რომლებსაც თერაპევტები საკუთარი მარცხის გასამართლებლად იყენებენ, ნამდვილად აღმაშფოთებელია. ისინი ხშირად ამბობენ „ის არ იყო მზად ცვლილებისათვის“. ეს უღირსი მობოდიშებაა, თუ საერთოდ არის მობოდიშება. თუ ის „არ არის მზად“, როგორ შეუძლია ვინმემ გამართლება მოუძებნოს მის კვირიდან კვირამდე ნახვას და ფულის გამოძალვას? უთხარი, რომ სახლში წავიდეს და მაშინ მოვიდეს, როცა „მზად იქნება!“ მე ყოველთვის ვარკვევდი, იყო თუ არა კლიენტი მზად და იმ შემთხვევაში თუ არ იყო, ვაყენებდი მას მზადყოფნის მდგომარეობაში.

რა იქნებოდა, თუ მანქანას ხელოსანთან მიიყვანდით, ხელოსანი მასზე კვირების განმავლობაში იმუშავებდა, შემდეგ კი გეტყოდათ, რომ „მანქანა არ იყო მზად ცვლილებისათვის?“. ამ მობოდიშებას არ მიიღებდით, ასე არ არის? მაგრამ თერაპევტები ამ მეთოდს ისევ და ისევ წამატებულად იყენებენ.

სხვა სტანდარტული მობოდიშება ისაა, რომ კლიენტი „რეზისტენტულია“. წარმოიდგინეთ, ხელოსანმა გითხრათ, რომ თქვენი მანქანა იყო „რეზისტენტული“. „თქვენი მანქანა არ იყო მომწიფებული იმისათვის, რომ სარქველებთან ჩატარებული სამუშაო მიეღო. მოიყვანეთ შემდეგ კვირას და კიდევ ვცდით.“ ამ მობოდიშებას წუთითაც კი არ მიიღებთ. ცხადია, ან ხელოსანს არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას აკეთებს, ან ის მოქმედება რასაც ის ასრულებს, არ არის კავშირში პრობლემასთან, ან არასწორ ხელსაწყოებს იყენებს. იგივე სიმართლე შეესაბამება თერაპევტულ ან საგანმანათლებლო ცვლილებებს. ეფექტურ თერაპევტსა და მასწავლებელს შეუძლია გახადოს ადამიანი „მზად ცვლილებისათვის“ და როცა ისინი სწორად მოქმედებენ, არანაირი „რეზისტენტულობა“ არ გამოვლინდება.

სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობას, უკუღმართი მიდრეკილება აქვს. როცა ისინი რაღაცას აკეთებენ, რაც არ გამოდის, როგორც წესი იმავეს უფრო ხმამაღლა, ძლიერად, დიდხანს ან უფრო ხშირად აკეთებენ. როცა ბავშვი რამეს ვერ იგებს, მშობელი, ხშირად, ზუსტად იმავე წინადადებას ყვირილით ეუბნება, იმის მაგივრად, რომ სიტყვათა სხვა წყობა სცადოს. და როცა სასჯელი არ ცვლის ვინმეს საქციელს, ჩვეული აზრი ისაა, რომ ეს საკმარისი არ იყო და უფრო მეტად უნდა სცადონ.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ რაღაც თუ არ გამოდის, ეს იმის მაჩვენებელი უნდა იყოს, რომ სხვა რამე უნდა ვცადო. თუ იცით, რომ რაღაც არ ამართლებს, მაშინ ნებისმიერ სხვა მოქმედებას უფრო მეტი შანსი აქვს რომ გაამართლოს, ვიდრე ზუსტად იმავე მოქმედების გამეორებას.

არაპროფესიონალებს საინტერესო მობოდიშებები აქვთ. მე ვაგროვებდი მათ. ადამიანები ამბობენ ხოლმე, „საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე“, ან „არ ვიცი რა დამემართა“. როგორც ჩანს, ეს ან მეწამულმა ღრუბელმა გააკეთა, ან ძველმა საბანმა. 60-იან წლებში ხალხი დადიოდა შემხვედრ ჯგუფებში (ფსიქოთერაპიული ტიპის ჯგუფი - მთარგმნ. შენიშვნა) და ისწავლეს თქმა „არ შემიძლია ამას გავუმკლავდე; უბრალოდ ასე ვგრძნობ“. თუ ვიღაც იტყვის „მე უბრალოდ ვიგრძენი, რომ უნდა მესროლა ხელყუმბარა ოთახში“, ეს მისაღები არ არის. მაგრამ თუ ვინმე იტყვის, „მე უბრალოდ არ შემიძლია დავეთანხმო იმას, რასაც ამბობ; უნდა გიყვირო და თავი ცუდად გაგრძნობინო; მე უბრალოდ ასე ვგრძნობ“, ადამიანები ამას მისაღებად ჩათვლიან.

სიტყვა „უბრალოდ“ მომხიბვლელი სიტყვაა. ეს ერთ-ერთი გამოსავალია, იყოთ უსამართლო ირგვლივ მყოფებისადმი. “უბრალოდ“ - ეს მოხერხებული საშუალებაა, შეულახოთ რეპუტაცია ყველაფერს ირგვლივ, გარდა იმისა, რაზეც თავად საუბრობთ. თუ ვიღაც თავს ცუდად გრძნობს და რაიმე სასიამოვნოს ეტყვით, ის ხშირად გიპასუხებთ, რომ მას „უბრალოდ ამხნევებთ“, თითქოს გამხნევება ცუდი იყოს! შესაძლოა მართალია, რომ მას ამხნევებთ, მაგრამ სიტყვა „უბრალოდ“ გადააქცევს მას ერთადერთ სიმართლედ. სიტყვა „უბრალოდ“ აუფასურებს ყველაფერ სხვას, რაც კი სიტუაციაში არსებობს.

ამ პერიოდის ფავორიტი მობოდიშება არის „მე მე არ ვიყავი“. ამ გამოთქმით ნებისმიერ რამეს შეგიძლიათ აარიდოთ თავი. ეს წააგავს პიროვნების გაორებას ან სიგიჟის დაცვას. „მე მე არ ვიყავი... მე შესაძლოა ის (სხვა) ვიყავი!“

მთელი ეს მობოდიშებები არის გამართლების და უბედურების გაგრძელების გზა, ნაცვლად იმისა, რომ სცადოთ რაიმე სხვა, რამაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უფრო სასიამოვნო და საინტერესო გახადოს როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის.

ახლა, ვფიქრობ, დემონსტრაციის დროა. დამისახელეთ სიტუაციის ისეთი მაგალითი, როდესაც, მოელით, რომ ნამდვილად არასასიამოვნო გამოცდილება გექნებათ.

- ჯოუ: ყოველთის ვღელავ ვინმესთან დაპირისპირებაზე. როცა ვინმე შეურაცხმყოფს რაიმე გზით, მინდა სხვაგვარად მომეპყრონ, - მათ ვუპირისპირდები.
- მოელით, რომ ეს ცუდი გამოცდილება იქნება?
- ჯოუ: დიახ, მაგრამ ასე არ არის. ჩვეულებრივ, ის ბევრად პოზიტიურად ვლინდება. შეიძლება დასაწყისში თავი არაკომფორტულად ვიგრძნო, მაგრამ მოქმედებაში ჩაბმის შემდეგ თავს უფრო კარგად ვგრძნობ.
- ეს ყველაფერი სასარგებლოა?
- ჯოუ: ჩემთვის სასარგებლო მათთან რეალური დაპირისპირებაა. ყოველ ჯერზე, როცა ამას ვაკეთებ, ვიძენ თვითდაჯერებულობას, სხვა მომდევნო დაპირისპირებისთვის, ნებისმიერ სხვა პიროვნებასთან. ეს არ ჰგავს მოქმედებას, ვაპირებდე ვინმესთან დაპირისპირებას, ეს უფრო არის მოქმედება, თითქოს უბრალოდ დალაპარაკებას ვაპირებ ადამიანებთან.
- კარგი, მოდით, ახლა დაფიქრდით ამაზე. რომ აპირებდეთ ვინმესთან დაპირისირებას, ამას არასასიამოვნო მოლოდინად ჩათვლიდით?
- ჯოუ: ცოტათი. არა იმდენად, რამდენადაც ადრე მიმაჩნდა.
- ახლა გთხოვთ, რომ მოიქცეთ ისე, თითქოს დაპირისპირებას აპირებთ.
- ჯოუ: აჰჰ, ცოტათი.
- უნდა გაჩერდეთ და დრო დაუთმოთ, რომ მართლა ისე გააკეთოთ. იფიქრეთ პიროვნებაზე, ვისთანაც ძალიან რთული იქნებოდა რაიმე თემაზე დაპირისპირება. აწონ-დაწონეთ და გამოარკვიეთ, როგორ წარმოიდგენდით მას, რომ იყოს არასასიამოვნო და ამასთანავე გაიმარჯვოთ?
- ჯოუ: თქვენთან დაპირისპირება იქნებოდა რთული.
- ჩემთან დაპირისპირება სასიკვდილო იქნებოდა... რა გაიძულებდათ, რომ კონფლიქტში შესულიყავით ვინმესთან?
- ჯოუ: თუკი ვიგრძნობდი, რომ ჩემი შინაგანი მთლიანობა დაირღვა.
- „დარღვეული მთლიანობა“. მე ჩემი შევაკეთე.
- ჯოუ: ან თუ რაიმე გზით შეურაცხმყოფენ. ზოგერ ვკამათობ, როცა ჩემს იდეებს შეურაცხყოფენ.
- რაში გჭირდებათ ვინმესთან დაპირისპირება?
- ჯოუ: არ ვიცი.
- რა მოხდება, თუ ამას გააკეთებთ? რა არის ამაში კარგი? ეს თქვენს მთლიანობას აღადგენს?
- ჯოუ: ამის დახმარებით ვგრძნობ, რომ საკუთარ თავს ვეყრდნობი, ვიცავ.
- ვისგან/რისგან? ... აი, რას ვკითხულობ, „რა ფუნქცია აქვს ამ ქმედებას?“ კონფლიქტისას, შეიძლება ზოგიერთმა ადამიანმა მოგკლათ, ლორიანი სენდვიჩის გამოც კი. ეს იქ ვისწავლე, სადაც გავიზარდე. ბევრი ადამიანი ამგვარ ადგილას არ იზრდება და თუ მართლა იღბლიანია, ვერასოდეს იგებს მსგავსი ადგილების შესახებ.
- რა არის ვინმესთან დაპირისპირების მნიშვნელობა? აქვს ამას ფუნქცია, მოგანიჭოთ გარკვეული შეგრძნებები, რომლების განსხვავდება იმისაგან, რაც მაშინ გეუფლებათ, როცა ვიღაც ქვენს „შინაგან მთლიანობას არღვევს“ თქვენი იდეებზე დაცინვით? ყოველთვის აუცილებელია მათთან კონფლიქტში შესვლა?.. ყველასთან ამგვარად იქცევით?
- ჯოუ: არა.
- როგორ არჩევთ, ვისთან მიხვიდეთ და დაუპირისპირდეთ, რათა თავი უკეთ იგრძნოთ?
- ჯოუ: ადამიანებთან, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ვენდობი და ვინც გარკვეულწილად არ მაწყენინებს.
- ეს კარგი არჩევანია. მაგრამ, მხოლოდ მაშინ უპირისპირდებით მათ, როცა ან შენ გაწყენინებენ, ან შენს იდეებს მოეპყრობიან ცუდად?
- ჯოუ: ეს ერთადერთი მიზეზია, რის გამოც მათ ვუპირისპირდები. ხშირად ხდება, რომ მათთან ერთად სხვადასხვა რამეს განვიხილავ, მაგრამ მხოლოდ ზემოთ ხსენებულ შემთხვევაში ვუპირისპირდები.
- რა ხდის მიმდინარე მოვლენას საკმარისად მნიშვნელოვანს იმისათვის, რომ კონფლიქტში შეხვიდეთ? ... ნება მიბოძეთ, სხვაგვარად გკითხოთ. ისინი თქვენს იდეებს შეურაცხყოფენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს იდეები არასწორად გაიგეს, ან არ ეთანხმებიან?
- ჯოუ: არა, მათ რომ უბრალოდ ვერ გაიგონ, ან არ დაეთანხმონ, ეს არაფერია. დაპირისპირების სურვილი მაშინ ჩნდება, როდესაც ვინმე ამბობს, „ეს ნაგავია“ ან რაიმე მსგავსს. დამოკიდებულია სიტუაციასა და პიროვნებაზე.
- დიახ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია სიტუაციასა და პიროვნებაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არც იმას ვამბობ, რომ დაპირისპირებას ღირებულება არ გააჩნია. უბრალოდ, გეკითხებით: „როგორ ხვდებით, რომ ამის გაკკეთება საჭიროა?“ და „როგორ ფუნქციონირებს ეს პროცესი?“ წახვალთ და მოკლავთ ვინმეს, თქვენი მთლიანობის დარღვევისათვის?
- ჯოუ: არა.
- ძალიან ბევრი მოკლავდა. შესაძლოა უკეთესი იყოს, რომ ვასწავლოთ მათ ის, რასაც თქვენ აკეთებთ. მაგრამ მე არც კი ვიცი, თქვენთვის რას ნიშნავს ვინმესთან „დაპირისპირება“. არ ვიცი ყვირით და კივით, თუ აჭრით მას მარცხენა ყურს, თუ თითს ურჭობთ ცხვირში, თუ სატვირთოთი გადაუვლით. მე ვვარაუდობ, რომ თქვენი დაპირისპირება ვერბალურია.
- ჯოუ: დიახ, ასეა.
- მე ჯერ კიდევ არ ვიცი, თქვენი ხმა ამ დროს მაღალია თუ არა, ან რაიმე სხვა დეტალი... რა განსხვავებაა „დისკუსიასა“ და „დაპირისპირებას“ შორის? ... გეკითხებით დანარჩენ აქ მყოფებს, რამდენი თქვენგანი ფიქრობდა, რომ იცოდით? ... ან რამდენს არ გიფიქრიათ ამის შესახებ? ... ან, ფიქრობდით ზუსტად იმას, რასაც მე ჯოუს ველაპარაკები?
- ჯოუ: ჩემთვის, არსებობს ბევრი საჭიროება, ვინმესთან დასაპირისპირებლად. მე მართლა მინდა იცოდნენ მათ, თუ როგორი დამოკიდებულება მაქვს ამა თუ იმ საკითხისადმი. მართლა მინდა იცოდნენ, როგორ ვიგრძენი თავი, როცა ჩემი იდეა მიიღეს ან უარყვეს.
- კარგი. რა ხდის დაპირისპირებას გარდაუვლად? რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ არ გააგებინებთ მათ თქვენი გრძნობების შესახებ? ... ნება მიბოძეთ, სხვაგვარად გკითხოთ. ესმით მათ იდეა და ამბობენ ცუდ რამეებს მის შესახებ, თუ არ ესმით და იმიტომ ამბობენ ცუდ რამეებს, რომ ვერ იგებენ? ...
- ჯოუ: ვაფასებ, რასაც თქვენ აკეთებთ, ვფიქრობ, ახლახან, განსხვავებული ხედვა მომეცით. ასე არ არის?
- არ ვიცი. მიმანიშნეთ.
- ჯოუ: ვფიქრობ, რომ ასე მოიქეცით. მოკლედ ... ჰმმმ ... ეს უკვე სხვანაირად ჩანს. ეს უკვე აღარ ჰგავს უარყოფას, თითქოს ისინი ცდილობენ, რომ რაღაც განსხვავეული მითხრან.
- არ ვიცი, მე არც კი გამირკვევია, კონკრეტულად რა საკითხს ვამუშავებთ. ჯერ ვერ შეიცვლებით, ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. როგორ შეიძლება რაიმე ასე მალე შეიცვალოს, სულ რაღაც რამდენიმე სიტყვით, მაშინ, როცა არც კი გამირკვევია ზუსტად რა საკითხზე ვმუშაობთ?.. აქვს ამას მნიშვნელობა?
- ჯოუ: არა, მაგრამ ეს შეიცვალა. შეიცვალა...
- ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
- ჯოუ: ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობდით ან როგორ ამბობდით, ან თუ იცოდით ის, რაზეც მე ვსაუბრობდი. უბრალოდ, რაღაცამ, რაც თქვენთან ვთქვი, შეცვალა ჩემი დამოკიდებულება. როგორღაც ვეღარ ვგრძნობ, რომ მომავალში ისევ მექნება დაპირისპირების აუცილებლობა.
- სიურპრიზი წინ გელოდებათ.
- ჯოუ: მოკლედ, მე ვგულისხმობ, რომ არ დავუპირისირდები არავის იმ ტიპის მოვლენების შესახებ, რაზეც ვსაუბრობდი.
- ო, არსებობს სხვა რაღაცები, რის გამოც ადამიანები კონფლიქტში შედიან ერთმანეთთან. თქვენ, შეგიძლიათ ამით, უბრალოდ, შემთხვევითობის პრინციპით დაკავდეთ. მე ასე ვაკეთებ. და ამ შემთხვევაში არაა საჭირო ნერვიულობა იმაზე, იმუშავებს ეს თუ არა.
- ჯოუ: მოკლედ, თუ რაიმესთვის ზედმეტად გადამახდევინეს, ან ცუდი მომსახურება მივიღე ან რაიმე მსგავსი, მაშინ შევალ კონფლიქტში.
- ეს კარგი გზაა რესტორანში კარგი მომსახურების მისაღებად?
- ჯოუ: ეს კარგი საშუალებაა იმისათვის რომ კარგი მომსახურება მიიღოთ ძალიან ბევრ ადგილას.
- ნება მიბოძეთ, სხვა შეკითხვა დაგისვათ. მე მართლა არ გაკრიტიკებთ, უბრალოდ, თქვენ ფოკუსის კარგი წერტილი ხართ, რათა არაცნობიერად ჩავწვდეთ სხვა ადამიანებს. ოდესმე შეგმთხვევიათ ასეთი რამ, რომ მანამ, სანამ მოგემსახურებოდათ, გეგრძნობინებინათ რესტორნის მიმტანისათვის თავი ისე კარგად, რომ მას აღარ დარჩენოდა სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ კარგად მოგმსახურებოდათ?..
- ჯოუ: არ მესმის ... როგორღაც, ეს გამომრჩა.

nlp3

ყოველთვის მაოცებს, რომ ადამიანები მიდიან რესტორანში, იმისათვის, რომ ადამიანი მოემსახუროთ და შემდეგ თავად არ ეპყრობიან მათ ისე, როგორც ადამიანებს. გამომდინარე იქიდან, რომ მიმტანად ვმუშაობდი, შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანთა უმეტესობა, ვინც რესტორანში დადის, ძალიან უცნაურად ექცევა მიმტანებს. ძალიან ცოტაა, ვინც მოვა და თავს კარგად აგრძნობინებს და აიძულებს მიმტანს უფრო მეტი დრო გაატაროს ასეთ ადამიანებთან - მიუხედავად იმისა, ტოვენებ ისინი ზედმეტ თანხას მომსახურებისათვის თუ არა. ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანი ვინც სასიამოვნოდ გეპყრობა, უფრო მიმზიდველია, ვიდრე მასთან ყოფნა, ვინც არ ავლენს კეთილგანწყობას შენ მიმართ და არც კი აცნობიერებს, რომ არსებობ.

მოქცეულხართ რომელიმე თქვენგანი ბავშთან ისე, თითქოს არ არსებობს? მათი უმეტესობა უფრო ჭირვეული ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ხართ მიმტანი და იმყოფებით ხალხით სავსე ოთახში, რომლებიც ზუსტად ასე გექცევიან. შემდეგ, ვიღაც ისე მოგეპყრობათ, ადამიანს და არამანქანას და თავს კარგად გაგრძნობინებთ. ვის უფრო დააფასებთ? ერთი გზა, რათა რესტორანში კარგი მომსახურება მიიღოთ, ისაა, რომ კარგად აგრძნობინოთ მიმტანს თავი, რათა თავად მოუნდეს თქვენთან კარგად მოპყრობა.

სხვა ალტერნატივაა, მოახდინოთ ზეწოლა მიმტანზე და იმდენად ცუდად აგრძნობინოთ თავი, რომ მოგიტანოთ რაც გსურთ და რასაც ელოდებით, რათა თავი აარიდოს თქვენთან ცუდი მომსახურებისათვის შესაძლო არასასიამოვნო საუბარს. თუ ასე მოიქცევით, გარდა იმისა, რომ ანგარიში უნდა გადაიხადოთ, ამით საკუთარი ცხოვრების წუთებს გაიფუჭებთ. ადამიანთა უმეტესობა არასოდეს ფიქრობს ამაზე. რატომ უნდა წავიდნენ რესტორანში და მოეპყრონ მიმტანს კეთილად? მათ თავისთავად, ავტომატურად უნდა მიიღონ კარგი მომსახურება.

ადამიანები, ხშირად, ქორწინებაზეც ამგვარად ფიქრობენ. „შენ ეს უნდა გცოდნოდა.“ „არ უნდა მეთქვა მისთვის, ეს მას თავისთავად უნდა სცოდნოდა“ ... და თუ პარტნიორი ასე არ იქცევა, მაშინ დგება დრო გაბრაზების და იძულების, სასურველი მოქმედების მისაღებად. და იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმარჯვებენ, რას იგებენ? მაღალ თვითდაჯერებულობას?

- კაცი: შესაძლებლობას, გაუსწორდე მეუღლეს.
- ბევრი ადამიანი მყოლია, ვინც ამგვარად მექცეოდა. გადავწყვიტე შემეწყვიტა ეს და გაცნობიერებულად დავიწყე სამაგიეროს გადახდა! რამდენ ადამიანს უწევს „სამაგიერო გადაგიხადოთ“, მას შემდეგ, რაც მათ რაიმე კარგი გაუკეთეთ? არ გეკითხებით იმას, კარგის და ცუდის მიუხედავად ვინმე თუ მოგქცევიათ კარგად, ეს თოვლის ბაბუას საქმეა. კითხვა, რომელსაც გისვამთ, არის: „გამოგივლენიათ პატივისცემა, პატივისცემის საპასუხოდ?“
- ქალი: დიახ, ჩემი სტრატეგია რესტორანისთვის შემდეგია - ვკითხო მიმტანს, რას მირჩევდა მენიუდან და ის არჩევს მოცემული ვარიანტებიდან. მე ვუყურებ მას და ვთხოვ ყურადღება მიაქციოს, რომ კერძი კარგი იყოს, სტეიკი კი საკმაო სიდიდის. გარდა ამისა, ვეკითხები სახელს და მივმართავ მას სახელით.
- დიახ, თქვენ ფიქრობთ იმაზე, იყოთ თავაზანი და ნამდვილად ცდილობთ ამას. ისევე, როგორც ყველაფერი დანარჩენი მსოფლიოში, ყოველთვის არც ეს ამართლებს. მაგრამ, რამდენი თქვენგანი არ დაფიქრებულა ამაზე, როცა საქმე არ იყო მნიშვნელოვანი, ან მანამ, სანამ მნიშვნელოვანი გახდებოდა? რატომ მივა მიმტანი ყოველ ღამით რესტორანში იმისათვის, რომ ვინმეს ცუდი მომსახურება გაუწიოს, მაშინ, როცა კლიენტებისაგან მომსახურებისათვის დატოვებული ზედმეტი თანხით ცხოვრობს? ოდესმე შეჩერებულხართ და გიფიქრიათ ამაზე?
- ჯოუ: დიახ.
- და მაინც კონფლიქტში შესულხართ მათთან?
- ჯოუ: მიმიღია მხედველობაში ეს, მაგრამ არ შემეძლო ვყოფილიყავი ისეთი თავაზიანი, როგორსაც ვფიქრობდი, რომ უნდა ვყოფილიყავი. არ შემეძლო ვყოფილიყავი დამყოლი, მაშინ როცა რეალურად ზიზღს ვგრძნობდი. არ შემეძლო ჩემი ქცევის შეცვლა.
- „ყველა შემთხვევაში მას უნდა გაეკეთებინა ეს პირველს“, არა? ამ შემთხვევაში ზიზღის გრძნობა არ გექნებოდათ და არც გაგიჭირდებოდათ ამის შეცვლა.
- ჯოუ: ასე ვფიქრობდი მაშინ. ახლა ამას ძალიან განსხვავებულად აღვიქვამ.
ახლა, მოდით დავუბრუნდეთ ამ საუბრის დასაწყისს და განვიხილოთ სიტუაცია.

თავიდან, როდესაც საუბარი დავიწყეთ, ჯოუს უნდოდა წარმოჩენილიყო კომპეტენტურად, არათავაზიანად ყოფნაში. თუ მართლა გაიგეთ, რასაც ის ამბობდა, ეს იყო, „მე მინდა შემეძლოს, საკუთარ თავს დავეყრდნო, ვიკამათო და უკმაყოფილება გამოვხატო საფუძვლიანად.“ ამ ოთახში არავის გაუგონია მისი ეს ნათქვამი, როცა პირველად ალაპარაკდა. ეს რომ გაეგონათ, შეეცდებოდნენ ესწავლებინათ მისთვის, როგორ ყოფილიყო ის უფრო ცუდი. იფიქრეთ, რა უნდა მოიმოქმედოს „სტაბილურობის“ ტრენერმა ამ შემთხვევასთან! მე ახალი სახელი მაქვს სტაბილურობის ტრენინგისთვის. მე მას „მარტოობისათვის მზადებას“ ვეძახი.

მე, პირიქით, ვსვამ შეკითხვებს, რათა შევისწავლო მოსაუბრის მოქმედების შეზღუდვა. თუ შევისწავლი, როგორ ფუნქციონირებს ეს, მაშინ შევძლებ იმგვარად შევცვალო, როგორც მე მინდა, და ის კვლავ იფუნქციონირებს, ოღონდ განსხვავებულად. ვერ შეძლებთ განსაჯოთ პროცესი სათანადოდ მანამ, სანამ გაიგებთ რა არის ეს, და ვერ შეძლებთ რეალობის გაგებას, თუ ამას არ ცდით. ასე რომ, მე ვიფიქრე, „კარგი, ჯოუს არ შეუძლია შეკამათება და უკმაყოფილების გამოხატვა. კონკრეტულად სად არ შეუძლია?“ - რადგან მინდა შევისწავლო, როგორ არ გააკეთოს ეს იმ კონკრეტულ სიტუაციაში. და დავიწყე კითხვების დასმა: „ამას როდის აკეთებთ?“ „რა არის ამის მიზანი?“ „ვისთან ერთად აკეთებთ ამას?“ ჩემი შეკითხვები დროს უკან მიჰყვება, დავიწყე პრობლემიდან და მივედი პროცესის დასაწყისამდე, საიდანაც ის მომდინარეობს. როცა ჯოუ უკან საკმარისად შორს დავაბრუნე, ის აღმოჩნდა ადგილას, სადაც მანამდე იმყოფებოდა, სანამ კამათსა და უკმაყოფილებას გამოხატავდა და უფრო შორსაც კი, ადგილზე, სადაც ის ამ მოქმედებებისადმი მიდრეკილებას ჯერ ვერც კი გრძნობდა. ეს არის ადგილი, სადაც მას შეუძლია გვერდი აუაროს ამ ყველაფერს. თუ მომდევნო ნაბიჯს გადადგამს, „პრობლემა“ დაიწყებს ამოქმედებას, მაგრამ, თუ ის გვერდით გადადგამს ნაბიჯს, შეუძლია იქ წავიდეს, სადაც უკეთესი იქნება.

ჯოუ შედის რესტორანში, ჯდება, იღებს ცუდ მომსახურებას, თავს საშინლად გრძნობს, ეკამათება მიმტანს, ამის შემდეგ იღებს კარგ მომსახურებას და მინც ცუდად გრძნობს თავს. მე ვკითხე, „ოდესმე ასე დაგმართნიათ მაშინ, როცა შესულხართ რესტორანში, გაგირკვევიათ, თუ ვინ არის თქვენი მიმტანი, რათა მისთვის კარგად გეგრძნობინებინათ თავი? მან მიპასუხა, „არ შემიძლია ამის გაკეთება მას შემდეგ, რაც თავს ცუდად ვგრძნობ“ და ის ალბათ მართალია. კარგი, რატომ არ უნდა მოიქცეთ ასე ყოველ ჯერზე, რესტორანში შესვლისთანავე, რათა არ დაუტოვოთ მიმტანს შანსი სიტუაციის ცუდად წარმართვისა? ეს შეკითხვა მის ყურადღებას მიმართავს იმ ადრეული პერიოდისაკენ, როცა რაღაც განსხვავებულის გაკეთება ადვილია და ასევე აძლევს მას რაღაც ძალიან სპეციფიკურს, განსხვავებულად მოქცევისათვის.
არის ერთი რამ, რაც ყველას გაგიკეთებიათ. ბრუნდებით სახლში მართლა კარგ ხასიათზე. როცა შესასვლელ კართან მიხვალთ, ხედავთ, რომ სამყოფ ოთახში არეულობაა, შესაძლოა, ვიღაცას დაავიწყდა ნაგვის გადაყრა, ან ხედავთ, რომ რაღაც, რაც თქვენი ბედნიერებისათვის აუცილებელია, მწყობრში არ არის. თქვენ შინაგანად ბრაზდებით და წბილდებით. ახშობთ ამას და ცდილობთ არ იგრძნოთ გაბრაზება და იმედგაცრუება, მაგრამ არ გამოდის. ასე, თქვენ მიდიხართ თერაპიაზე და ამბობთ:

- „არ მინდა მეუღლეს დავუყვირო.“
- „რატომ უყვირით თქვენს მეუღლეს?“
- „რადგან იმედი მიცრუვდება და ვბრაზდები“.

ექიმთა უმეტესობა გეტყვით, „გამოათავისუფლეთ ყველაფერი, გამოხატეთ საკუთარი თავი. უყვირეთ თქვენს ცოლს.“ თქვენს ცოლს კი ეტყვიან: - „განა ნორმალური არ არის, რომ გიყვირით? არ შეგიძლიათ მისცეთ მას საშუალება, იყოს ის ვინც არის?“ ... თქვენ თქვენი აკეთეთ, ის კი თავისას გააკეთებს... განცალკევებით. ეს სრული სისულელეა!

რის შესახებაც ექიმთა უმეტესობა არ იფქრობს ისაა, რომ, როცა ეს მამაკაცი შედის კარში და ხედავს არეულობას, პირველად, ის ახერხებს შევიდეს მდგომარეობაში, სადაც გაღიზიანებული და იმედგაცრუებულია და შემდეგ ის ცდილობს შეაჩეროს საკუთარი თავი გაბრაზებისა და იმედგაცრუებისაგან. კიდევ ერთი რამ, რასაც ექიმები არ ითვალისწინებენ ისაა, რომ კაცი თავიდან ცდილობს შეაჩეროს საკუთარი თავი და არ უყვიროს მეუღლეს. ის ცდილობს სასიამოვნოდ მოიქცეს. რატომ არ უნდა დაკავდეს პირდაპირ ამით? რატომ არ უნდა გაგზავნოს შესასვლელმა კარმა ფიქრებთან ცოლის შესახებ და იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სიამოვნებით ცოლთან ერთად. ამ ფიქრებით სწრაფად გაიაროს სამყოფი ოთახი და ვეღარაფერს მიაქციოს ყურადღება!

ყოველთვის, როდესაც ვამბობ, „იქნებ მანამ მოიმოქმედოთ რამე, საანამ ასე ცუდად იგრძნობთ თავს?“, კლიენტი ყოველთვის გაოცებული მიყურებს. მას აზრადაც არ მოსდის, დაბრუნდეს უკან. ის ყოველთვის ფიქრობს, რომ ერთადერთი გზა, რაც მას ბედნიერს გახდის, არის იმის გაკეთება, რაც ზუსტად იმ მომენტში სურს. ეს არის ერთადერთი გზა? - ეს უნდა იყოს. სამყარო არ ბრუნდება უკან. დრო არ მიდის უკან. სინათლე არ მიდის უკან. მაგრამ თქვენს გონებას შეუძლია უკუსვლა.
როგორც წესი, კლიენტები ვერ იგებენ რასაც ვამბობ, ან ამბობენ, „უბრალოდ, არ შემიძლია ამის გაკეთება!“ ეს ძალიან მარტივად ჟღერს. ასე რომ, გადავწყვიტე მეიძულებინა მათთვის ამის გაკეთება. მათ არ შეუძლიათ უკან დაბრუნება, რადგან ვერ შეაჩერებენ მათთვის ჩვეული მიმართულებით სვლას. ასე რომ, ვისწავლე დავუსვა მათ შეკითხვები, რომლებიც უბიძგენენ მათ უკან დასაბრუნებლად. ხშირად, ისინი გააფთრებით მებრძვიან. ეცდებიან მიპასუხონ პირველ კითხვაზე და დაჟინებით მოვითხოვ მეორე კითხვაზე პასუხს, რათა გადავადგმევინო მომდევნო ნაბიჯი უკან დასაბრუნებლად.

როცა კლიენტი საჭირო ადგილას აღმოჩნდება, ვუსვამ შეკითხვას, რომელსაც გვერდითი და წინ სვლის მიმართულება აქვს და ის მიდის კვლავ წინ, მაგრამ განსხვავებული მიმართულებით. ის ამ გზაზეც ისეთივე დაბრკოლებით მიდის, როგორც სხვაზე, თუმცა არ ანაღვლებს, მას მოსწონს ამგვარი დაბრკოლება. ეს ზუსტად ზამბარის მსგავსად მუშაობს: თქვენ აწვებით მას და როცა ბერკეტს ხელს გაუშვებთ და ათავისუფლებთ, ის კვლავ წინ მიფრინავს.

როგორც კი ვინმე ამ ადგილებს აღმოაჩენს, ამბობს, „ოჰ, მე შევიცვალე. მოდით განვაგრძოთ.“ ასე უდარდელია. „საიდან იცით, რომ შეიცვალეთ?“ „არ ვიცი. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ახლა განსხვავებულია.“ მაგრამ ჯოუ ჯერ კიდევ წინ მიიწევს ახალ გზაზე. მე ის რამდენჯერმე გამოვცადე. მას აღარ შეუძლია ძველ მდგომარეობას დაუბრუნდეს, რადგან ამისათვის უკვე მეტისმეტად გვიანია.

მე ამას ადვილად ვაკეთებ ვარაუდით, რომ ყველაფერი, რასაც ის ამ მიმართულებით მიჰყავს საჭიროა და მე უბრალოდ, უნდა გამოვარკვიო, სად შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება. მაშ ასე, მე ვიღებ ქცევას - დაპირისპირებას, რომელიც ჯოუს აღელვებს და ვაბრუნებ მას იმ მომენტში, როცა ის ჯერ არც კი ფიქრობს დაპირისპირებაზე. იგივე ძალები, რომლებიც ჯოუს ადრე დაპირისპირებისა და ამ დაპირისპირების გამო არაკომფორტულობისაკენ უბიძგებდა, ახლა მას სხვაგვარად მოქცევას აიძულებენ.

რაც ჩვენ აქ ჯოუსთან გამოვიკვლიეთ, არის ჩვეული მოდელი ქორწინებაში. თქვენ გინდათ რაღაც მისგან, მაგრამ ის ამას არ გაძლევთ და თქვენ თავს ცუდად გრძნობთ. შემდეგ ეუბნებით მას, თუ რაოდენ ცუდად გრძნობთ თავს, იმის იმედით, რომ საკმარისად დანაღვლიანდება და მოგცემთ თქვენთვის სასურველს. არის პერიოდები, როცა ვინმესგან იმას ვერ იღებთ, რაც გსურთ. მაგრამ როცა არ იღებთ სასურველს, ცუდად ყოფნა - ეს დამატებითია. ოდესმე ამაზე გიფიქრიათ? თავიდან ვერ იღებთ იმას რაც გსურთ და შემდეგ ამის გამო დიდხანს უნდა იგრძნოთ თავი ცუდად, რადგან სასურველი ვერ მიიღეთ. და შემდეგ კვლავ უნდა იგრძნოთ თავი ცუდად, სასურველის მიღების განმეორებით მცდელობისას. როცა თავს კარგად იგრძნობთ, შეგიძლიათ დაბრუნდეთ ამ ადამიანთან და უთხრათ, „ჰეი შენ, გინდა ეს ჩემთვის გააკეთო?“ თუ ამას მხიარული ტონით ეტყვით, უფრო მეტი შანსი გექნებათ, რომ სასურველი მიიღოთ, მომავალში ყოველგვარი გამოვლინების გარეშე.

ყველაზე დიდი შეცდომაა ფიქრი, რომ ერთადერთი გზა თავი რომ კარგად იგრძნოთ კონკრეტულ სიტუაციაში ისაა, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ კონკრეტული მოქმედება გამოხატოს. „შენ ისე უნდა მოიქცე, როგორც მე მინდა, ასე მე თავს კარგად ვიგრძნობ, სხვა შემთხვევაში ცუდად ვიქნები და შენც ცუდად გაგრძნობინებ თავს.“ როცა ის თქვენთან არ არის, რათა ამგვარად მოიქცეს, ამ შემთხვევაში არავინაა, ვინც კარგად გაგხდით... და თქვენ ცუდად ხართ.

როცა ის ბრუნდება, თქვენ ეუბნებით, „შენ არ იყავი აქ, რათა ისე მოქცეულიყავი, თავი კარგად რომ მეგრძნო და ახლა მინდა რომ შენ იგრძნო თავი ცუდად. მინდა სულ აქ იყო. აღარანაირი ბოულინგი, არ წახვიდე ამ შაბათ-კვირას სათევზაოდ, არ წახვიდე კოლეჯში, არ წახვიდე ლექციებზე, მთელი დრო აქ გაატარე. მე შემიძლია წავიდე, რადგან, როცა მივდივარ თავს კარგად ვგრძნობს, მაგრამ როცა სახლში დავბრუნდები, აქ უნდა იყო, რათა თავი კარგად მაგრძნობინო. თუ გიყვარვარ, გააკეთებ იმას, რაც მინდა, იმიტომ, რომ როცა ამას არ აკეთებ, მე თავს ცუდად ვრძნობ, რადგან მიყვარხარ.“ უცნაურია, ჰა? მაგრამ ეს ასე მუშაობს და რაღაც გაგებით, მართალიცაა.

თქვენ ზიხართ მარტოდმარტო და მართლა ცუდად ხართ: „ეს ადამიანი რომ აქ ყოფილიყო და ეს გაეკეთებინა, კარგად ვიქნებოდი. რა ჯანდაბა სჭირს?“ იმ შემთხვევაში კი, თუ ის თქვენთანაა და არ უნდა თქვენთვის სასურველის გაკეთება, ეს უარესია! ადამიანები იშვიათად ჩერდებიან და ამბობენ, „რა იქნებოდა სხვა ადამიანისათვის ამაზე მნიშვნელოვანი?“ და უფრო იშვიათად ეკითხებიან საკუთარ თავს, „რა შემიძლია გავაკეთო იმისათვის, რომ მოვანდომო მას ამის ჩემთვის გაკეთება?“

შინაგანად გრძნობთ, რომ როცა არ იღებთ მისგან განსაზღვრულ დროს, განსაზღვრულ მომენტში, დგება დრო ცუდად ყოფნისა ... და თუ თქვენ აწონ-დაწონით ამ ცუდ შეგრძნებებს, უკეთებთ ვიზუალიზაციას იმ ადამიანს და აკავშირებთ ამ ცუდ შეგრძნებას მის სახესთან, შემდეგში, როცა ის დაბრუნდება, მისი სახის დანახვაზე ცუდად იგრძნობთ თავს. გასაოცარია! თქვენ მხოლოდ მაშინ კი არ იგრძნობთ თავს ცუდად, როცა ის თქვენ გვერდით არაა, არამედ მაშინაც, როცა დაბრუნდება! სახალისოდ ნამდვილად არ ჟღერს, ასე არ არის? თქვენთვის, ამგვარად ცხოვრება არასამართლიანია.

თუ ის დანაშაულს იგრძნობს წასვლის გამო და წარმოიდგენს სურათს, თუ რა მოხდება მისი უკან დაბრუნების შემთხვევაში, ის დააკავშირებს დანაშაულის შეგრძნებას თქვენს სახესთან. შემდეგ, როცა დაბრუნდება და თქვენ დაგინახავთ, თავს ისევ დამნაშავედ იგრძნობს და მეტად აღარ ენდომება თქვენ გვერდით ყოფნა. ეს არის ვალდებულების მეტა-ნიმუშები. ორივე მათგანი დაფუძნებულია უზარმაზარ შეცდომაზე: აზრი, რომ ქორწონება პირადი ვალია.

თუ ჰკითხავთ ადამიანებს, თუ რა სურთ, ისინი, უფრო მეტად იმის შესახებ საუბრობენ, რაც არ გააჩნიათ, ვიდრე იმის შესახებ, რაც უკვე აქვთ. ისინი, როგორც წესი, აიგნორებენ და ჩვეულ მოვლენად იღებენ იმას, რაც უკვე აქვთ და რითაც უკვე სიამოვნებას იღებენ და ამჩნევენ მხოლოდ იმას, რაც აკლიათ.

დაქორწინებული ადამიანები, როგორც წესი, თავს ისე კარგად აღარ გრძნობენ, როგორც პირველად შეხვედრისას. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა, ყოველ ჯერზე, როცა მას ხედავთ ბედნიერად რომ გრძნობდეთ თავს. და თუ ის თქვენთან არაა იმ მომენტში, როცა გინდათ, ეს იმიტომ, რომ ის აკეთებს ისეთ რამეს, რაც თქვენ არ გსურთ. იქიდან გამომდინარე, რომ არ გინდათ ეს მასთან ერთად გააკეთოთ - თქვენ კვლავ კარგად გრძნობთ თავს, რადგან თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, დროის უმეტეს ნაწილს თქვენთან ერთად ატარებს. როცა ის სხვა რამითაა დაკავებული, თქვენ ბედნიერი ხართ, რადგან ესაა ერთადერთი საფასური რაც უნდა გადაიხადოთ. ეს არ არის მძიმე გადასახადი, ასე არ არის? თუ არ შეგიძლიათ ამის გადახდა, მაშინ პირადად მე არ ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობა ღირს.

ერთი რამ, რაც ყოველთვის მაოცებდა არის ის, რომ ადამიანები იშვიათად არიან უხეშნი უცხოების მიმართ. თქვენ რეალურად უნდა გაიცნოთ და შეიყვაროთ ვინმე მანამ, სანამ საშინლად მოექცევით და თავს მართლა ცუდად აგრძნობინებთ, უმნიშვნელო რაღაცების გამოც კი. ცოტა ადამიანი თუ დაუყვირებს უცხოს, ისეთი მნიშვნელოვანი რამის გამო, მაგალითად, როგორიცაა ნამცეცები სასადილო მაგიდაზე, მაგრამ თუ ის გიყვარს, მაშინ ეს ქცევა ნორმალურია.

ერთი ოჯახი მოვიდა ჩემთთან. ქმარი მართლა არასასიამოვნო ვინმე იყო. მან მიუთითა თავის ცოლზე და დაიღრინა, „ის ფიქრობს, რომ 14 წლის გოგონა გარეთ ღამის ათის ნახევრამდე უნდა დარჩეს!“

მას პირდაპირ თვალებში შევხედე და ვუთხარი, „და თქვენ ფიქრობთ, რომ 14 წლის გოგონამ უნდა ისწავლოს, რომ კაცები ღრიალებენ და უყვირიან თავიან ცოლებს და ცუდად ხდიან მათ?“

დაუშვებელია ასეთი რამის გამოტოვება.

ხშირად, ოჯახი მოიყვანს თინეიჯერ გოგონას, რადგან რაღაც წესრიგში არ აქვს, მას მოსწონს სექსი და მშობლები ვერ აიძულებენ შეწყვიტოს ამის კეთება. ვისაუბროთ იდეალისტურ, აბსოლუტურ, აღმაშფოთებელ შემთხვევაზე: ვაიძულოთ ვინმე, დაბრუნდეს უკან დროში და კვლავ გახდეს ქალწული! მშობლებს სურთ, დავარწმუნო გოგონა, რომ სექსი სინამდვილეში, სასიამოვნო არ არის და რომ ეს საშიშია და თუ მისით ისიამოვნებს, ის ისე დააავადებს, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება თავს ცუდად იგრძნობს! ზოგიერთი თერაპევტი ნამდვილად ასრულებს ამ დავალებას... და ზოგიერთი წარმატებულადაც კი.

ერთმა მამამ, ფაქტობრივად, მოათრია ჩემთან თავისი ქალიშვილი, ისე, რომ გადაგრეხილი ხელი ზურგზე ჰქონდა მიბჯენილი, დააგდო სკამზე და დაუღლიარა: „დაჯექი!“

- „რამე ხდება?“ - ვკითხე მე.
- „ეს გოგო პატარა მეძავია!“
- „მე არ მჭირდება მეძავი, რისთვის მომიყვანეთ ის აქ?“

აი ეს იყო პაუზა, პაუზათა შორის! ეს პირველი ხაზები ჩემი ფავორიტია, ამ ხაზებით შეგიძლიათ ტვინი გადაუწვათ ვინმეს. დაუსვით მას ერთი შეკითხვა ამის შემდეგ და ვეღარასოდეს შეძლებს დაბრუნდეს იქ, სადაც იყო.

- „არა, არა! ეს ის არაა, რაზეც მე ვსაუბრობ!“
- „ვინ არის ეს გოგო?“
- „ჩემი შვილი.“
- „თქვენ თქვენი შვილი მეძავად აქციეთ!“
- „არა, არა! თქვენ ვერ გაიგეთ...“
- „და თქვენ ის მე მომიყვანეთ, რა ამაზრზენია!“
- „არა, არა, არა! თქვენ ყველაფერი არასწორად გაიგეთ.“

ეს კაცი მოვიდა ღრიალითა და ყვირილით, ახლა კი თავს იმართლებს ჩემთან, რათა გავუგო. ამასობაში, მისი ქალიშვილი ჩუმად ქირქილებს. ფიქრობს, რომ საქმე არაჩვეულებრივადაა.

- „კარგი, მაშინ ამიხსენით.“
- „მე უბრალოდ, ვფიქრობ ყველა იმ საშინელ რამეზე, რაც მას შეიძლება დაემართოს.“
- „თუ თქვენ მას ამ პროფესიას ასწავლით, ჯანდაბა, მაშინ მართალია!“
- „არა, არა, ხედავთ, ეს...“
- „კარგი, რა გსურთ, რომ მე გავაკეთო? თქვენ რა გსურთ?“

ამის შემდეგ, მან დაიწყო ყველაფრის აღწერა, რაც სურდა. როდესაც დაამთავრა, ვუთხარი, „თქვენ ის აქ ხელგადაგრეხილი მოიყვანეთ და გვერდზე მოისროლეთ. ასე ექცევიან მეძავებს, აი, ამას ასწავლით მას.“

- „მე მინდა ვუბიძგო მას, რომ ...“
- „ოჰ, „უბიძგოთ“ - ასწავლით მას, რომ კაცები აკონტროლებენ ქალებს გვერდზე მოსროლით, მბრძანებლობით, ხელის ზურგამდე გადაგრეხით, აიძულებენ, რომ მოიქცნენ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ. ამას ასწავლიან სუტენიორები. შემდეგ კი, ერთადერთი რამ, რაც დაგრჩებათ, ამ საქმეში ფულის აღებაა.“
- „არა, ეს არ არის ის, რასაც მე ვაკეთებ. მას თავის შეყვარებულთან ეძინა.“
- „ამისთვის ფული მოსთხოვა?“
- „არა“.
- „უყვარს ის ბიჭი?“
- „ის ძალიან პატარაა სიყვარულისთვის.“

- „განა მას არ უყვარდით, როცა პატარა გოგონა იყო?“ ... ამოტივტივდება სურათი იმ დროიდან, როცა გოგონა პატარა იყო და მამამისს მუხლებზე ეჯდა. თქვენ თითქმის ყოველთვის შეგიძლიათ ამგვარი სურათით ხნიერი კაცი ხელში ჩაიგდოთ.

- „ნება მიბოძეთ, რაღაც გთხოვოთ. შეხედეთ თქვენს გოგონას... არ გინდათ, რომ შეეძლოს სიყვარულის შეგრძნება და სექსუალური ქმედებით სიამოვნების მიღება? მსოფლიოს მორალი შეიცვალა და თქვენ არ ხართ ვალდებული ის მოგწონდეთ. მაგრამ, როგორ მოგეწონებოდათ, რომ მისი მამაკაცებთან ურთიერთობის გამოცდილების ერთადერთი ფორმა ისეთი იქნებოდა, როგორც თქვენ მოიყვანეთ აქ რამდენიმე წუთის წინ?.. ის დაიცდის 25 წლამდე და შემდეგ ის დაქორწინდება ვინმეზე, ვინც სცემს, მოისვრის აქეთ-იქით, იძალადებს და აიძულებს ისეთი რაღაცების გაკეთებას, რაც მისი სურვილის საწინააღმდეგო იქნება.“

- „მაგრამ მან შეიძლება შეცდომა დაუშვას და გული ეტკინოს.“

- „ეს შესაძლებელია. დღეიდან ორ წელიწადში, შეიძლება ამ ბიჭმა ისე მოისროლოს, როგორც გავარვარებული ქვა და წავიდეს. შემდეგ, როცა თქვენი შვილი თავს ცუდად და მარტოსულად იგრძნობს, არავინ ეყოლება ისეთი, ვისთანაც მივა, რადგან მას სულით-ხორცამდე ზიზღი ექნება თქვენ მიმართ. თუ ის თქვენთან მოვა, თქვენ უბრალოდ ეტყვით: „ხომ გეუბნებდი.“

„მაშინაც კი, თუ ის ამ დროს საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მოწყობას მოახერხებს და იპოვის ვინმეს, ვისთანაც ნამდვილ ურთიერთობას ააწყობს, როცა საკუთარი შვილები ეყოლება, ანუ თქვენი შვილიშვილები, არასოდეს მოვა თქვენთან და არასოდეს განახებთ მათ, რადგან ემახსოვრება ის, რაც თქვენ ჩაიდინეთ და არ მოისურვებს მისმა შვილებმაც იგივე გამოსცადონ...“

ზუსტად ამ მომენტში, მამამ არ იცის რა იფიქროს. აი ესაა გზა მის ხელში ჩასაგდებად. უყურებთ მას პირდაპირ თვალებში და ეუბნებით, „განა, უფრო მნიშნელოვანი არაა, რომ თქვენმა შვილმა სიყვარულის მომცემი ურთიერთობები ისწავლოს? ... თუ უმჯობესი იქნება ისწავლოს მორალური შენიშვნები ნებისმიერი მამაკაცისგან, ვისაც მასზე ძალის გამოყენება შეეძლება? ეს ისაა, რასაც სუტენიორები აკეთებენ.“

აბა, სცადეთ ამ სიტუაციისაგან თავის დაღწევა. გამოსავალი არ არსებობს. მისი ტვინი ვეღარ დაბრუნდება უკან და ვეღარ გააკეთებს იმავეს, რასაც აქამდე აკეთებდა. მას არ შეუძლია სუტენიორივით მოქცევა. არ აქვს მნიშნელობა რას აიძულებთ ვინმეს - რაიმე არ გააკეთოს, თუ რაიმე გააკეთოს, აძალებთ მას „კარგის“ თუ „ცუდის“ გაკეთებას. ის გზა, რომლითაც მასზე ზეწოლას მოახდენთ, ასწავლის მას, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს სხვების მიერ.

პრობლემა ისაა, რომ ამ მომენტში კაცს აღარაფერი აქვს გასაკეთებელი. მან შეწყვიტა იმის კეთება, რასაც აქამდე აკეთებდა, მაგრამ არაფერი აქვს, რომ ამის ნაცვლად გააკეთოს. მე უნდა მივცე მას რაღაც, რასაც გააკეთებს, მაგალითად, ასწავლოს შვილს საუკეთესო გზა, რაც შესაძლოა კაცისა და ქალის ურთიერთობაში არსებობდეს. რადგან, რაც მის ქალიშვილს ამ ბიჭთან აქვს თუ კარგი არ არის, შვილი ამით კმაყოფილი არ იქნება.

კაცი უკვე ხელში მყავდა. იცით ეს რას ნიშნავს? მან უნდა დაამყაროს ძლიერი და პოზიტიური ურთიერთობა თავის ცოლთან, იყოს ასევე თავაზიანი ოჯახის დანარჩენი წევრების მიმართ და იმაზე მეტად აგრძნობინოს საკუთარ ქალიშვლს თავი ოჯახის გარემოცვაში, ვიდრე იმ ბიჭთან გრძნობს, რომელიც მასაა აკიდებული... - როგორია იძულების პირობაზე?

და მე ერთხელაც კი არ გამომიყენებია მსგავსი გამოთქვამები: „რას გრძნობთ ამის შესახებ? რას გრძნობთ ახლა? რას აცნობიერებთ? ან „მოინანიეთ“, ან „საკუთარ თავს ჩაუღრმავდით და ჰკითხეთ თქვენს თავს.“

ადამიანებს ასე ადვილად ავიწყდებათ, თუ რა უნდოდათ. ისინი დგამენ ერთ ნაბიჯს იმის გამოსაჭერად, რაც სურთ და შემდეგ სწორედ ის გზა იგდებთ ხელში, რომელზეც საცდელ ნაბიჯებს დგამენ. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ გზა, რომელიც მათ სასურველის მისაღებად აირჩიეს, არ გამოდგება. იმ შემთხვევაში, თუ ეს გზა არ ამართლებს, ისინი მიდიან თერაპიაზე, რათა ისწავლონ, თუ როგორ გააკეთონ ეს უკეთ. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ რის სწავლასაც თავად ცდილობენ, ზუსტად იმას მისცემს მათ, რაც არ სურთ.

როდესაც რაღაც ისეთი ხდება, რაც არ მოგწონთ, ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ, „ეს შენი ბრალია; მე შენ გაგანადგურებ.“ ეს, ალბათ, საკმაოდ გამოსადეგი იქნებოდა ჯუნგლებში. მაგრამ ცნობიერება იმ წერტილამდე უნდა განვითარდეს, სადაც იტყვით, „მე მაქვს ტვინი. მოდი, ცოტათი უკან დავბრუნდები, იმ აზრის გათვალისწინებით, რაც მსურს და ვისწრაფებ წარმატებისაკენ.“

მაშ ასე, ყოველთვის, როცა თავს ცუდად იგრძნობთ და გაიჭედებით, ... ან განსაკუთრებულად მართალი იქნებით, ... ან სამართლიანი, ... იმედი მაქვს, რომ იქნება სულ პატარა ხმა თქვენს თავში, რომელიც გეტყვით, „იმას იღებ, რასაც იმსახურებ!“ და თუ გრძნობთ, რომ ვერაფერს ახერხებთ ამის წინააღმდეგ, მართალი იქნებით - მანამ, სანამ არ შეაღწევთ საკუთარ ტვინში და დაბრუნდებით უკან, უკან - ამგვარად თქვენ შეძლებთ წინსვლას წარმატებისკენ, მაგრამ სხვა გზით.

 

მსგავსი სტატიები

თავი VII - რწმენის მიღმა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი I - ვინ არის მძღოლი? (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - "გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებები...

თავი IX - სვიშ პატერნი(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი V - მიზნისკენ სწრაფვა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი IV - არასწორი სვლა (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი VIII - სწავლა(NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის...

თავი VI - დაბნეულობის გაგება (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვ...

თავი II - საკუთარი ტვინის ამოქმედება (NLP)


რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - "გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff