რიჩარდ ბენდლერის წიგნიდან - გამოიყენეთ თქვენი ტვინი ცვლილებებისთვის
მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე
ქცევის შესახებ შეიძლება ვიფიქროთ იმგვარად, რომ ის ორგანიზებულია ისეთი მტკიცე მოვლენის ირგვლივ, როგორიცაა რწმენა. როდესაც ვინმე ამბობს, რომ რაღაცის გაკეთება მნიშვნელოვანი ან უმნიშვნელოა, ეს იმიტომ, რომ ამ ადამიანს გააჩნია რწმენა ამის შესახებ. შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ყველა ქცევა არის ჩვენში არსებული რწმენის მობილიზების შედეგი. მაგალითად, თქვენ ალბათ არ ისწავლიდით ნლპ-ს, რწმენა რომ არ გქონოდათ, რომ ის საინტერესო, გამოსადეგი ან როგორღაც ღირებული იქნებოდა. მშობლები არ გაატარებდნენ დიდ დროს თავიანთ ახალშობილებთან, რომ არ სწამდეთ, რომ ეს მათ შვილებს მოგვანებით უკეთ განვითარებაში დაეხმარება. ადრე, მშობლები არიდებდნენ პატარებს ზედმეტ სტიმულაციას, რადან სწამდათ, რომ ეს მათ ჰიპერაქტიურს გახდიდა. დღესდღეობით კი ბავშვებს დიდი რაოდენობით სტიმულაციას აძლევენ, რადგან სწამთ, რომ ეს მათ ინტელექტუალურ განვითარებას გაზრდის.
რწმენა ნამდვილად ფენომენალური მოვლენაა. რწმენამ, შესაძლოა, უბიძგოს ძალიან სასიამოვნო ადამიანს, მოკლას სხვა ადამიანი რაიმე იდეის გამო და შედეგად კარგადაც კი გრძნოს თავი. თუკი შეძლებთ, მოარგოთ ვინმეს ქცევა მისსავე რწმენის სისტემას, შეძლებთ გააკეთებინოთ მას ნებისმიერი რამ, ან პირიქით, შეაწყვეტინოთ ნებისმიერი ქმედება. სწორედ ეს მოვიმოქმედე იმ მამასთან, რომელსაც არ სურდა, რომ მისი შვილი მეძავი ყოფილიყო. როდესაც გავამახვილე ყურადღება იმაზე, რომ მისი შეურაცხმყოფელი ქცევა იყო მსგავსი სუტენიორების ქცევისა, მას აღარ შეეძლო მეტად ამგვარად მოქცევა, საკუთარი რწმენის დარღვევის გარეშე. არ მიიძულებია ის გაჩერებულიყო, „მისი სურვილის საწინააღმდეგოდ“, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს. მე ისე ტოტალურად შევცვალე მიდგომა მის რწმენის სისტემასთან, რომ ის ვეღარაფერს გააკეთებდა.
ამავდროულად, რწმენები შეიძლება შეიცვალოს. თქვენ დაბადებიდან არ დაგყოლიათ ისინი. ყველას გჯეროდათ ბავშვობაში ისეთი რაღაცების, რასაც ახლა სისულელედ მიიჩნევთ. ასევე არის რაღაცები, რისიც ამჟამად გწამთ და წარსულში არც კი გიფიქრიათ მათ შესახებ... მაგალითისათვის ავიღოთ ეს სემინარი.
სიტყვა „რწმენა“ ადამინთა უმეტესობისათვის, როგორღაც, ბუნდოვანი კონცეფციაა, მაშინაც კი, თუ სიხარულით მიდიან მის გამო ვინმეს მოსაკლავად. მინდა წარმოგიდგინოთ, თუ რისგან არის რწმენები შექმნილი და შემდეგ გაჩვენოთ გზა მათი შეცვლისა. მესაჭიროება თქვენგან ვინმე ისეთი, ვისაც აქვს რაღაც ისეთი რწმენა საკუთარი თავისადმი, რომელსაც სიამოვნებით შეცვლიდა. მინდა ისეთ რწმენაზე იფიქროთ, რომელიც რაიმე გზით გზღუდავთ. საკუთარი თავისადმი რწმენის შეცვლა, როგორც წესი, მეტად გამოსადეგია, ვიდრე სამყაროსადმი რწმენისა. ასე რომ, აირჩიეთ რომელიმე რწმენა, რომლის შეცვლაც, ფიქრობთ, რომ რეალურ ცვლილებას გამოიწვევდა თქვენში.
- ლუ: მე მაქვს ასეთი.
- ისევე, როგორც სხვა დანარჩენებმა, არც თქვენ მითხრათ, თუ კონკრეტულად რა რწმენაა ეს. უბრალოდ, მინდა, რომ იფიქროთ ამ რწმენაზე, რომელიც, თქვენი აზრით უმჯობესი იქნებოდა რომ არ გქონოდათ... ახლა, მინდა წუთით გვერდზე გადადოთ ეს გამოცდილება და იფიქროთ სხვა რაიმე ისეთ მოვლენაზე, რომელიც თქვენში ეჭვს აღძრავს. ეს მოვლენა შესაძლოა მართალი იყოს, შესაძლოა სიცრუე, თქვენ მასში არ ხართ დარწმუნებული... შემდეგ მინდა მომითხროთ, თუ როგორ განსხვავდება რწმენისა და ეჭვის ეს ორი გამოცდილება ერთმანეთისაგან. მინდა მოიმოქმედოთ ზუსტად იგივე, რაც ბილთან და მის გაგებასა და დაბნეულობასთან გავაკეთეთ.
- ლუ: მოკლედ, ჩემი რწმენა დიდი სურათია. ის ნათელი, ცოცხალი და ძალიან დეტალურია. ეჭვის გამოსახულება ბევრად პატარა ზომისაა. ის ბნელი და ბუნდოვანია და თითქოს, განათება პერიოდულად ინთება და ქრება.
- კარგი. ეს საკმაოდ აშკარა განსხვავებებია. არ შემიძლია არ შევნიშნო, რომ რწმენის გამოსახულება ზუსტად თქვენს თავზეა, ხოლო ეჭვისა - თქვენ ზემოთ და მარჯვნივ. არის კიდევ რაიმე განსხვავება მათ შორის?
- ლუ: მოკლედ, რწმენა თითქმის მთლიანად ავსებს დიდ ჩარჩოს და სულ მცირე სივრცეა დარჩენილი მის უკან მდებარე ფონისათვის. ეჭვს დიდი მოცულობის ფონი აქვს და ჩარჩო საერთოდ არ გააჩნია.
- შემდეგი ნაბიჯი ასეთია: აიღეთ განსხვავებების ეს ჩამონათვალი და სცადეთ სათითაოდ თითოეული მაჩვენებლის ცვლილება, რათა აღმოაჩინოთ, თუ რომელი მათგანია უფრო ეფექტური რწმენის ეჭვად გარდაქმნისათვის. მაგალიად, ლუ, აიღეთ რწმენის სურათი და სცადეთ გახადოთ ის უფრო პატარა...
- ლუ: ეს ქმედება მას ცოტათი ნაკლებ რეალურს ხდის, თუმცა დიდად არ ცვლის.
რწმენა:
ფართო
ნათელი და ცოცხალი
დეტალური
სტაბილური
ზუსტად თავის ზემოთ მდებარე
ჩარჩოთი შემოსაზღვრული
მცირედი ფონით
ეჭვი:
პატარა
ბნელი და ერთფეროვანი
ბუნდოვანი
მოციმციმე
თავის ზემოთ და მარჯვნივ მდებარე
ჩარჩოს გარეშე
ფართო ფონით
- კარგი. დაუბრუნეთ სურათი თავის ორიგინალ ზომას და შემდეგ სცადეთ მოაშოროთ ირგვლივ არსებული ჩარჩო რწმენის სურათს, ისე, რომ ხედავდეთ უკანა ფონის უფრო მეტ სივრცეს...
- ლუ: როდესაც ამას ვაკეთებ, სურათი ავტომატურად პატარავება და ნაკლებად ეფექტური ხდება.
- კარგი. ანუ, ჩარჩოს ცვლილება სურათის ზომის ცვლილებასაც იწვევს და მათ ცვლილებას მეტი ზემოქმედება გააჩნია, ვიდრე მხოლოდ სურათის ზომის ცვლილებას. ისევ დაუბრუნე სურათი თავის ორიგინალ გამოსახულებას და ამის შემდეგ შეცვალეთ რწმენის სურათის ფოკუსის ისე, რომ ის ბუნდოვანი გახდეს...
- ლუ: ეს ცვლილება დიდად ვერაფერს ცვლის.
- დააბრუნეთ სურათი კვლავ ორიგინალ გამოსახულებაში და ამჯერად, გახადეთ ის ბნელი...
- ლუ: როდესაც ამას ვაკეთებ, სურათი ანთებასა და ჩაქრობას იწყებს, რაც ცოტათი ეჭვის გამოსახულებას წააგავს.
- ესე იგი, განათების ცვლილება ციმციმს იწვევს. მოდით, ისევ დააბრუნეთ სურათი ორიგინალ მდგომარეობაში და შემდეგ აიღეთ რწმენის სურათი და შეუცვალეთ მას პოზიცია. გადაანაცვლეთ ის თქვენი მხედველობის ცენტრიდან მარჯვენა მხარეს...
- ლუ: უცნაურია, რაღაც ლივლივის მსგავსი შეგრძნება მაქვს და ვგრძნობ, რომ პულსი მიჩქარდება. როდესაც სურათის ადგილმდებარეობას ვცვლი, ყველა სხვა მაჩვენებალიც შეცვლას იწყებს. სურათი პატარავდება, ხდება ბუნდოვანი და ბნელი, ჩარჩო ქრება და გამოსახულება ციმციმს იწყებს.
- კარგი. დაუბრუნეთ სურთი საწყის მდებარეობას. სურათის მდებარების ცვლილება, ცვლის ყველა დანარჩენ ელემენტს, ასე რომ, ეს არის ლუსათვის ყველაზე ეფექტური სუბმოდალობა რწმენის ეჭვად გარდასაქმნელად. თუმცა, მანამ, სანამ ამას გავაკეთებთ, გვჭირდება რაღაც, რასაც მის ადგილად მოვათავსებთ. ლუ, იცით, რომელი რწმენის ქონა გსურთ ამ რწმენის ადგილას?
- ლუ: არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე ასე დეტალურად.
- დაიწყეთ ამაზე ფიქრი ახლა და დარწმუნდით, რომ პოზიტიურად ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ და არა ნეგატიური კუთხით. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გინდათ, რომ გწამდეთ და არა იმაზე, რაც არ გინდათ, რომ გწამდეთ.
ასევე, მინდა ამ რწმენის ფორმირება მოახდინოთ არა დასრულებულის ან მიღწეული მიზნის სახით, არამედ, როგორც პროცესი ან შესაძლებლობა, რომელიც მიგიყვანთ თქვენს დასახულ მიზნამდე. მაგალითად, თუ გსურთ გჯეროდეთ, რომ ნლპ-ში ერკვევით, ეს სურვილი ამგვარად შეცვალეთ: თქვენ გჯერათ, რომ შეგიძლიათ იყოთ ყურადღებიანი, ისწავლოთ და რეაგირება მოხდინოთ უკუკავშირზე, იმისათვის, რომ ნლპ შეისწავლოთ.
- ლუ: კარგი. ვიცი, რისი დაჯერებაც მსურს.
- ეს ახალი რწმენა გამოხატულია პოზიტიური ტერმინებით, ყოველგვარი უარყოფის გარეშე და ის ეხება პროცესის მიზნისაკენ მსვლელობას და არა თავად მიზანს, ასეა? ...
- ლუ: დიახ, ასეა.
- კარგია. ახლა მინდა გააკეთოთ ის, რასაც მე ეკოლოგიურ შემოწმებას ვეძახი. მინდა ცოტა დრო გამოჰყოთ იმაზე ფიქრისათვის, თუ რას გააკეთებდით იმ შემთხვევაში, ეს ახალი რწმენა უკვე რომ გქონოდათ და იფიქრეთ ნებისმიერ ვარიანტზე, თუ რა შემთხვევაში იქნებოდა ეს ცვლილება პრობლემა თქვენთვის, ან თქვენი ახლობელი ადამიანებისთვის, ან იმ ადამიანებისათვის, ვისთან ერთადაც მუშაობთ...
- ლუ: ვერცერთ ვარიანტს ვერ ვფიქრობ, თუ რა შემთხვევაში იქნებოდა ეს ცვლილება პრობლემა.
- კარგია. ჩვენ მას „ახალ რწმენას“ დავარქმევთ. თუმცა, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ.
ახლა მინდა აიღოთ თქვენი იმ რწმენის დიდი სურათი, რომელიც არ მოგწონთ და გადაანაცვლოთ ზუსტად იმ მდებარეობაში, სადაც თქვენი ეჭვის სურათი იყო. როგორც კი ამას გააკეთებთ, სურათი დაკარგავს ჩარჩოს, გამუქდება, დაპატარავდება, გახდება ბუნდოვანი და დაიწყებს ციმციმს ...
- ლუ: კარგი, გადავანაცვლე და ის ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ჩემი ყველა სხვა ეჭვის სურათი.
- კარგია. როდესაც ეს სურათი ციმციმს დაიწყებს და დაბნელდება, აიღეთ თქვენი ახალი რწმენის სურათი და უკვე განათებულზე ეს ახალი რწმენა დაინახეთ. ...
- ლუ: კარგი. ახლა მის ადგილას ახალი რწმენის სურათი ციმციმებს.
- ახლა აიღეთ ახალი რწმენის სურათი და გადაანაცვლეთ თქვენი თვალთახედვის ცენტრში. როდესაც ამას გააკეთებთ, დააკვირდით, თუ როგორ გაუჩნდება მას ჩარჩო, როგორ გადიდდება, განათდება, გამოსახულება გამკვეთრდება და მეტად ცოცხალი გახდება...
- ლუ: გასაოცარია! ის ზუსტად იმ ადგილასაა, სადაც ძველი რწმენა იყო. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მთელი ჩემი სხეული სატუსაღოდან გამოვიდა და ვგრძნობ, რომ ლოყები გამიწითლდა.
- სხვა სასიამოვნო ცვლილებებიც გელოდებათ წინ.შეგიძლიათ 1-2 წუთით დაიცადოთ, რათა ეს ცვლილებები გამოვლინდეს, მანამ, სანამ 1-2 შეკითხვას ვუპასუხებ.
- მამაკაცი: რატომ არ შეიძლება, რომ უბრალოდ, აიღოთ არასასურველი რწმენის სურათი და შეცვალოთ ის ახალ რწმენად, ისე, როგორც ამას დაბნეულობისა და გაგების შემთხვევაში ვაკთებდით?
- როდესაც დაბნეულობას გაგებად გარდაქმიდით, იქ სხვა გაგება უკვე არ იყოფებოდა, რომ ჩაგვენაცვლებინათ ახალი გაგებით. თქვენ შეგიძლიათ ერთი და იმავე შინაარსის რამდენიმე გაგების გზა გქონდეთ და არ არის აუცილებელი, რომ ისინი ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს. რწმენა, როგორც წესი, ბევრად უფრო უნივერსალური და კატეგორიულია, ვიდრე გაგება. როდესაც უკვე გაგაჩნიათ რწმნა, ადგილი აღარ რჩება ახალი რწმენისათვის, იმ შემთხვევის გარდა, თუ პირველ რიგში ძველ რწმენას არ შეასუსტებთ. საერთოდ, ახალი რწმენა, ძველის საპირისპიროა-ხოლმე, ან მინიმუმ, როგორღაც განსხვავებული მაინც მისგან. ოდესმე გიცდიათ დაგერწმუნებინათ ვინმე ისეთ რამეში, რაც იმ რწმენის საწინააღმდეგოა, რომელიც მას უკვე გააჩნია? როგორც წესი, უკვე არსებული რწმენა ამ ადამიანს ახალი რწმენის გათვალისწინებისგანაც კი დაიცავს. ეს მით უფრო შეესაბამება სიმართლეს, რაც უფრო ძლიერია რწმენა.
დაფიქრდით ამაზე შემდეგნაირად: ვთქვათ, პიროვნებას სწამს, რომ X არის კარგი და თქვენ წარმატებულად ჩაუპროგრამეთ მას ახალი რწმენა, რომ „X არის ცუდი“ მისი ძველი რწმენის შეუცველად. რა გამოვა? ... რა არის მოსალოდნელი, თუ ადამიანს ორი საპირისპირო იდეის სწამს? ამ სიტუაციის გამკლავების ერთ-ერთი გზა არის პიროვნების გაორება. ერთი რწმენა ერთი მიმართულებით ავითარებს ადამიანს, ხოლო მეორე რწმენა - სხვა მიმართულებით. ამგვარ ცვლილებას, ევოლუციურ ცვლილებად არ მივიჩნევ.
- ქალი: მინდა გკითხოთ „ლივლივის“ შეგრძნებაზე, რომელზეც ლუმ განაცხადა მაშინ, როცა პირველად სცადეთ რწმენის ადგილმდებარეობის შეცვლა.
- ამგვარი რეაქცია ორ რამეზე მიმანიშნებს. პირველი ისაა, რომ აღმოვაჩინე ისეთი სუბმოდალური ცვლილება, რომელიც ნამდვილად ღრმა განსხვავებას ქმნის მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში. მეორე კი ისაა, რომ მას ჯერ არ გააჩნია ახალი რწმენა, რომელიც ძველის ადგილას უნდა მოვათავსო. გქონიათ ოდესმე ცხოვრებაში ისეთი შემთხვევა, როდესაც თქვენი რწმენა იმსხვრევა, მაგრამ არ გაქვთ ახალი რწმენა, რომლითაც მის ადგილს ჩაანცვლებთ? ზოგიერთი ადამიანი, ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე დღით ბურუსით მოცული დახეტიალებს, სანამ სიტუაციის რეორგანიზებას მოახდენს. ეს ხშირად ემართება ადამიანს, რომელსაც სამსახურიდან ათავისუფლებენ, ან როდესაც მეგობარი ან ნათესავი გარდაეცვლება. ერთხელ, ერთ კაცს ვესაუბრე, რომლის კოლეჯის პროფესორმაც მისი მთავარი რწმენა დაამსხვრია. მანდ თქვა, რომ დატოვა კოლეჯი და 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ბურუსით მოცული დადიოდა. მე მინდა ხელთ მქონდეს ახალი რწმენა, რომელიც მომავალში საჭირო გახდება, მანამ, სანამ უკვე არსებულ რწმენას დავასუსტებ.
მოდით, ახლა დავუბრუნდეთ ლუს და პატარა ტესტირება მოვაწყოთ.
- ლუ, ჯერ კიდევ აქაა ახალი რწმენა?
- ლუ: (იხედება პირდაპირ და ზემოთ და თვალებით დეფოკუსირებას ახდენს.) დიახ. განვაგრძობ შემოწმებას, რათა დავრწმუნდე. ნამდვილად არ მჯეროდა, რომ ამის გაკეთება ასეთი მარტივი იქნებოდა.
- რა ხდება, როდესაც ძველ რწმენაზე ფიქრობ?
- ლუ: (ის იხედება მარცხნივ და შემდეგ იღიმება.) ის ახლა გამომშრალივით გამოიყურება.
ცხადია, ძველი რწმენა იქ აღარ არის, სადაც ადრე იყო. ეს ჩემ მიერ გაკეთებულის სხვა გზით გადამოწმებაა და რა თქმა უნდა, მეტ ყურადღებას ვაქცევ მის არავერბალურ მინიშნებებს, ვიდრე მის სიტყვებს.
მინდა ყველამ სცადოთ ეს მოდელი 3 ადაიანისგან შემდგარ ჯგუფებში, რომელთაგანაც ერთი პროგრამისტი იქნება, მეორე კლიენტი, ხოლო მესამე დამკვირვებელი/კონსულტანტი. კიდევ ერთხელ მიმოვიხილავ რწმენის ცვლილების მოდელს თქვენთან ერთად.
რწმენის მოდელის შეცვლა
A. ინფორმაციის შეგროვება და მზადება
1. რწმენა: „მოიფიქრეთ რწმენა, რომელიც გაგაჩნიათ და რომელიც არ გსურთ, რომ გაგაჩნდეთ, რადგან ის რაიმე სახით გზღუდავთ, ან არასასურველი შედეგები აქვს. როგორ წარმოაჩენთ ამ რწმენას თქვენს შინაგან გამოცდილებაში?“
2. ეჭვი: „ახლა იფიქრეთ რამეზე, რაზეც ეჭვობთ. ის, შესაძლოა, სიმართლე იყოს, შესაძლოა სიცრუე - თქვენ ამაში დარწმუნებული არ ხართ.“ როგორ გამოხატავთ ამ ეჭვს თქვენს შინაგან გამოცდილებაში?“
როდესაც თქვენს პარტნიორს სთხოვთ, რომ ისეთ რამეზე იფიქროს, რაზეც ეჭვობს, დარწმუნდით, რომ ეს ისეთი რამეა, რაშიც ის დარწმუნებული არ არის. თუკი ის იტყვის რაიმე ამის მსგავსს, „მე ვეჭვობ, ეს კარგი იდეაა“, შესაძლოა ამ სიტყვებით ის რეალურად გულისხმობდეს, რომ სჯერა, რომ ეს კარგი იდეა არ არის. ეჭვი არის, როდესაც ზუსტად იმდენით ხართ იმ ფიქრისგან დაშორებული, რომ რაღაც მოცემული სიმართლეა, რამდენითაც იმ აზრიდან ხართ დაშორებული, რომ იგივე თემა არ შეესაბამება სიმართლეს, თქვენ უბრალოდ, არ იცით.
3. განსხვავებები: გააკეთეთ კონტრასტული ანალიზი, რათა იპოვოთ და განასხვავოთ სუბმოდალური განსხვავებები რწმენასა და ეჭვს შორის ზუსტად ისე, როგორც დაბნეულობასა და გაგებასთან მიმართებაში აკეთებდით.
4. გამოცდა: გამოსცადეთ თითოეული სუბმოდალობა თქვენი განსხვავებების ჩამონათვალიდან თანმიმდევრულად, რათა აღმოაჩინოთ, თუ რომელი მათგანია ყველაზე ეფექტური რწმენის ეჭვად გარდაქმნისათვის. ერთი სუბმოდალობის გამოცდის შემდეგ, დააბრუნეთ თქვენი რწმენის სურათი საწყის, ორიგინალ მდგომარეობაში მანამ, სანამ მომდევნო სუბმოდალობის გამოცდას დაიწყებთ.
5. ახალი რწმენა: „რა რწმენა გსურთ იმ რწმენის ადგილას, რომელიც ახლა გაქვთ და არ მოგწონთ?“ დარწმუნდით, რომ ეს რწმენა დაფუძნებულია პოზიტიურ ტერმინებზე, ყოველგვარი უარყოფის გარეშე. მაგალითად, ნაცვლად ფრაზისა „მე აღარ ვიქნები უუნარო, რომ ჩემი ქმედებები შევცვალო“, გამოიყენეთ ფრაზა „მე შემიძლია ვისწავლო ცვლილება, უკუკავშირის საპასუხოდ.“
ასევე დარწმუნდით, რომ თქვენი პარტნიორი ახალ რწმნაზე ფიქრობს, როგორც შესაძლებლობებსა და პროცესზე, ნაცვლად იმისა, რომ უკვე მიღწეული მიზანი წარმოიდგინოს. „მე მჯერა, რომ მე შემიძლია შევცვალო და შევინარჩუნო საკუთარი წონა“ არის გამოსადეგი რწმენა. „მე ვიწონი 10 ფუნტს“ - არ არის ძალიან გამოსადეგი რწმენა, განსაკუთრებუთ მაშინ, თუ პიროვნება 350 ფუნტს იწონის! ჩვენ გვინდა, რომ ახალი შესაძლებლობების მობილიზება მოვახდინოთ და არა ის, რომ ახალი ილუზიები შევქმნათ.
თქვენ ასევე დაგჭირდებათ, რომ ჰკითხოთ პიროვნებას ეკოლოგიურ შემოწმებაზე: „ეს ახალი რწმენა რომ გქონდეთ, რა გზით შეუძლია მას პრობლემები მოგიტანოთ?“ „რამდენად განსხვავებულად მოგეპყრობათ თქვენი მეუღლე ან თქვენი ოჯახი ამ ახალი რწმენის ქონის შემთხვევაში?“ „როგორ იმოქმედებს ეს ახალი რწმენა თქვენს სამსახურზე?“ და ა.შ. მოახდინეთ ახალი რწმენის მოდიფიცირება, რათა მხედველობაში მიიღოთ ნებისმიერი სავარაუდო პრობლემა.
თქვენმა პარტნიორმა არ უნდა შეგატყობინოთ, თუ რა არის მისი ახალი რწმენა. თქვენ გჭირდებათ მხოლოდ სიტყვა, რათა მოახდინოთ ამ რწმენის იდენტიფიცირება.
B. რწმენის ცვლილების პროცესი
6. რწმენიდან ეჭვამდე: შინაარს ტოვებთ უცვლელად და გარდაქმნით არასასურველ რწმენას ეჭვად, ერთი ან მეტი ყველაზე ძლიერი სუბმოდალობის გამოყენებით, რომელიც მე-4 საფეხურზე აღმოაჩინეთ. მაგალითად, თუ ორი მთავარი, ყველაზე ძლიერი განსხვავება იყო ფილმის სლაიდად გარდაქმა; და ახლო პანორამის შორ მანძილზე არსებულ, ჩარჩოს მქონე სურათად გარდაქმნა, გააკეთეთ ისე, რომ პანორამული ფილმის მსვლელობა ნელ-ნელა შეანელოთ და თანდათან უძრავ სლაიდად გარდაქმნათ, შემდეგ კი ისიც ჩარჩოს მქონე სურათად აქციოთ.
7. შინაარსის შეცვლა: შეცვალეთ ძველი, არასასურველი რწმენა ახალ, სასურველ რწმენად სხვადასხვა მოდალობების გამოყენებით. გამოიყენეთ ისეთი რამ, რასაც თქვენი პარტნიორი უკვე აკეთებს, ან რაიმე ანალოგიური ეტაპობრივი მეთოდი. მაგალითად, თუკი თქვენი პარტნიორი ეჭვის დროს გამოსახულებებს სწრაფად აადგილებს წინ და უკან, მას შეუძლია გადანაცვლება მოახდინოს ძველი შინაარსიდან ახალ შინაარსზე. უნდა შეძლოთ იმდენად შორ დისტანციაზე გასწიოს ძველი რწმენის სურათი, რომ ვერ შეძლოს გარჩევა, თუ რა ხდება ამ სურათზე და ამის შემდეგ ჩაანაცვლოს ახალი რწმენის სურათით და გამოსახულების მოახლოებისას, უკვე ახალი რწმენის სურათს უნდა ხედავდეს, და ა.შ.
8. ეჭვიდან რწმენამდე: ინარჩუნებთ რა ახალ შინაარსს, ცვლით ეჭვს რწმენად, იმავე სუბმოდალობებთან დაბრუნებით, რომელიც მე-6 საფეხურზე გამოიყენეთ. თუკი ძველი რწმენის ეჭვად გარდაქმნა არსებული გამოსახულების ადგილმდებარეობის მარჯვნივ გადანაცვლებამ გამოიწვია, ამჯერად ამჟამინდელი გამოსახულება გადაანაცვლეთ უკან, მარცხნისაკენ, რათა ახალი შინაარსი ეჭვიდან რწმენად გარდაქმნათ. როდესაც ამას გააკეთებთ, იყავით ძალიან ყურადღებით ნებისმიერი „რეზისტენტობის“ ან სირთულისადმი, რომელიც თქვენს პარტნიორს აქვს. თუ ახალი რწმენა სუსტად არის გამოხატული, ან მოიცავს რაიმე უარყოფას, პიროვნების გარკვეული ნაწილი, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს მას. როდესაც პროტესტს შეეჩეხებით, პატივი ეცით მას, შეაგროვეთ ინფორმაცია, დაბრუნდით მე-5 საფეხურზე და მოახდინეთ ახალი რწმენის ხელახალი იდენტიფიცირება.
C. გადამოწმება
9. გადამოწმების რამდენიმე გზა არსებობს. შეგიძლიათ ჰკითხოთ „რას ფიქრობთ ამ ახალი რწმენის შესახებ?“ ჰკითხეთ ინფორმაციაზე სუბმოდალობის შესახებ და გამოიყენეთ არავერბალური ქცევა, რათა დაადასტუროთ (ან არ დაადასტუროთ) ვერბალური საპასუხო რეაქცია.
10. როდესაც ახალი რწმენა ადგილზეა, ძველი რწმენა, სავარაუდოდ, ურწმუნოების სუბმოდალობებით შეიცვლება. თუ აღმოაჩენთ, თუ როგორი გამოხატულება აქვს ამჟამად ძველ რწმენას, შეგეძლებათ ის ეჭვის სუბმოდალობებს შეადაროთ, რომლებიც თქვენთვის უკვე ნაცნობია. ასევე შეგიძლიათ შეადაროთ ურწმუნოების სუბმოდალობებს, რომლის აღმოჩენაც პიროვნებისათვის იმ საკითხების შესახებ კითხვების დასმით შეგიძლიათ, რისიც კატეგორიულად არ სწამს.
მე ხშირად მითქვამს, რომ კარგი ნლპ მოქმედებს 95% ინფორმაციის შეგროვებით და 5% ჩარევით. პირველი 6 საფეხური არის მონაცემები ჩარევის შესახებ, რომელიც აქტიურ ჩარევას მსუბუქსა და სწრაფს ხდის. დაიმახსოვრეთ, ტვინები სწავლობენ სწრაფად, ნელა ისინი ვერ სწავლობენ. თუკი ყველაფერს წინასწარ მოამზადებთ, ბევრად ადვილი იქნება კარგი საქმის გაკეთება. ეს რაღაცით წააგავს დომინოს ქვების თანმიმდევრულად დაწყობას და შემდეგ პირველი ქვის წაქცევას.
განაგრძეთ და სცადეთ ეს მოდელი 3 ადამიანისაან შემდგარ ჯგუფში. ვიცი, რომ ზოგიერთ თქვენგანს შეკითხვები აქვს, რომელთაგან ბევრს ამ ვარჯიშისას თავისთავად გაეცემა პასუხი. ხოლო ის შეკითხვები, რომლებიც მაინც დაგრჩებათ, უფრო საინტერესო გახდება მას შემდეგ, რაც თავად გამოცდით რეალობაში ამ მოდელს და ჩემ მიერ თქვენს კითხვებზე გაცემული პასუხებიც მეტად გამოსადეგი გახდება.
...
ახლა, მას შემდეგ, რაც უკვე სცადეთ მოცემული მოდელის გამოყენება, მოდით, დავსვათ შეკითხვები და დავაკეთოთ კომენტარები.
- მამაკაცი: როდესაც რწმენის ცვლილება მოვახდინე, მქონდა ბევრი ღრმა შინაგანი შეგრძნება. ეს ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს, ბევრი პატარა თევზი დაცურავდა ჩემს ტვინსა და ჩემს სხეულში და იმ ორმა ადამიანმაც, რომლებიც მაკვირდებოდნენ, ასევე ბევრი ხილული ძვრა შეამჩნია. ეს ჩვეული მოვლენაა?
- როდესაც რწმენა მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ჩვეული რეაქციაა. ძირითადი რწმენები ადამიანის უმეტეს ქცევას უკეთებენ ორგანიზებას. როდესაც ძირითადი რწმენის ცვლილებას ახდენთ, მას ხშირად თან ახლავს ღრმა შინაგანი რეორგანიზაცია. თუ ეს უფრო პერიფერიული რწმენაა, მაშინ ცვლილებები იმდენად თვალსაჩინო აღარაა.
- მამაკაცი: მე ძალიან გამიჭირდა მეპოვა რწმენა, რომელიც ცვლილებისათვის გამოსადეგი იქნებოდა. მინდა გავიგო შინაარსობრივი მაგალითები იმისა, თუ რა შეცვალეს აქ მყოფებმა.
- ქალი: მე წლების განმავლობაში ვიბრძოდი და ვწვალობდი, რათა დამეკლო ბოლო 5 ფუნტი, იმ წონის მისაღებად, რაც მინდოდა, რომ მქონოდა. ჩემთვის ადვილია მივუახლოვდე იმ წონას, რომელიც ჩემთვის სასურველია, თუმცა ყოველთვის მჯეროდა რომ უნდა მებრძოლა და მეწვალა, რათა გამეკონტროლებინა საკუთარი თავი დარჩენილი ბოლო 5 ფუნტის დასაკლებად. ასე რომ, მე შევცვალე ჩემი რწმენა, რომ ეს რთულია იმით, რომ ადვილი იქნება, დავიკლო დარჩენილი 5 ფუნტიც. როგორი შვებაა! თავს ბევრად მშვიდად ვგრძნობ.
- მამაკაცი: მე ვმუშაობდი ამ ქალბატონთან ერთად და მართლაც ძალიან სასიამოვნო იყო, მეყურებინა მისთვის, თუ როგორ განიცდიდა ცვლილებას. მისი სახე, ხმა, მისი მთელი სხეული - ცვლილების შემდეგ ყველაფერი ბევრად უფრო რელაქსირებული გახდა.
- ქალი: მე მქონდა სურდო და შევცვალე ჩემი რწმენა, რომ ამის საწინააღმდეგოდ არაფერი შემეძლო. გასაოცარი შეგრძნებაა, რადგან რეალურად ვგრძნობ, რომ ჩემი ცხვირი თანდათან იწმინდება.
- მამაკაცი: მე დავიწყე რწმენის ცვლილება, რომ საშიში იყო ჩემთვის ღამით სათვალეების გარეშე მანქანის მართვა. მინდოდა ეს ჩამენაცვლებინა რწმენით, რომ შემეძლო უსაფრთხოდ მემართა მანქანა ღამით ჩემი სათვალეების გარეშე. შემდეგ ჩემმა პარტნიორმა აღმოაჩინა, რომ ჩემი სასურველი რწმენა იყო უკვე დასრულებული მიზანი, და რომ ამგვარი ცვლილება, შეიძლებოდა, საზიანო ყოფილიყო ჩემთვის. მე გავიდოდი ღამით მანქანის სამართავად გარეთ და დარწმუნებული ვიქნებოდი, რომ უსაფრთხოდ ვიყავი მაშინ, როცა სინამდვილეში არ საფრთხე მელოდა, ამიტომ ჩვენ ჩემი ძველი რწმენა შევცვალეთ შემდეგნაირად - მე შემიძლია ვისწავლო ღამით სათვალეების გარეშე მანქანის უსაფრთხოდ მართვა. ვფიქრობ, სინამდვილეში, მე ვამუშავებდი უფრო ფართო რწმენას - რომ სწავლა არ შემიძლია. მაქვს შეგრძნება, რომ ამ ყველაფერს იმაზე დიდი გავლენა ექნება, ვიდრე უბრალოდ ღამით მანქანის მართვაა, როგორ ჩანს, ეს უფრო ფართოდ მოქმედებს.
- დიდებულია! ბევრი ადამიანისთვისაა გამოსადეგი იმ რწმენის ცვლილება, რომ რაღაცის სწავლა არ შეუძლია. ადამიანები ცდიან რაღაცას ერთხელ, ვერ მიაღწევენ წარმატებას და ასკვნიან, რომ არ შეუძლიათ ამის სწავლა და გაკეთება. ვიცნობ ერთ კაცს, რომელმაც „იცოდა“, რომ არ შეეძლო პიანინოზე დაკვრა: „ერთხელ დავჯექი პიანინოსთან და ვცადე, თუმცა ამისგან არაფერი გამოვიდა.“ დავიწყებ იმ რწმენით, რომ სანამ ტვინის უჯრედთა უმეტესობა დაუზიანებელია, ნებისმიერს ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია. თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ შესასრულებელი ამოცანის ნაწილებად დაყოფა ან მისი განსხვავებულად შესრულების სწავლა და საკმაოდ დიდი ხანი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ამ ქმედებაში დახელოვნდეთ, მაგრამ თუკი ქმედებას დაიწყებთ რწმენით, რომ შეგიძლიათ სწავლა, დიდი მომავალი გექნებათ. ზოგჯერ, შესაძლოა ჩემი რწმენა არასწორი იყოს, თუმცა, ის მე საშუალებას მაძლევს, ჩავიდინო მოქმედებები და მივიღო შედეგები, რომლებიც თავშიც კი არასოდეს მომივიდოდა იმ შემთხვევაში, თუ ვიფიქრებდი, რომ ადამიანები გენეტიკურად ქმედითუუნარონი არიან.
- მამაკაცი: ზოგიერთი ადამიანი იყენებს მოგიზგიზე ნაკვერჩხლებზე შიშველი ფეხებით სიარულს, იმისათვის, რომ ადამიანების შეზღუდული რწმენა შეცვალოს. შეგიძლიათ ამაზე რაიმე კომენტარი გააკეთოთ?
- თუკი ვიღაცას სჯერა, რომ მას არ შეუძლია ცხელ ნაკვერჩხლებზე შიშველი ფეხით გავლა და თქვენ დაარწმუნებთ მას, რომ ეს შესაძლებელია, ეს რა თქმა უნდა, შეარყევს მის ძველ რწმენას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მას ეუბნებიან, რომ „თუ ცეცხლზე გაივლი, მაშინ ყველაფრის გაკეთებას შეძლებ!“ თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვერანაირად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რომელი ახალი რწმენა დაიკავებს ძველი რწმენის ადგილს. ერთი ადამიანის შესახებ წავიკითხე, რომელმაც ცეცხლზე გაიარა და თქვა, „ახლა მე მჯერა, რომ შემიძლია ვიდგე ბირთვული აფეთქების ეპიცენტრში და არაფერი დამიშავდეს.“ თუ იღბლიანია, არასოდეს მიეცემა ამ რწმენის გამოცდის საშუალება, მაგრამ ეს იმ უსარგებლო რწმენებს მიეკუთვნება, რომელთა ჩანერგვაც ამგვარადაა შესაძლებელი. რწმენის ამ გზით პროგრამირების შემთხვევაში, ადამიანები ხშირად აგებენ ისეთ რწმენებს, რომლებიც არანაირ კავშირში არ არიან ლოგიკასა და უკუკავშირთან. ერთი ცეცხლზე სიარულის მასწავლებელი საკუთარ თავს „ნლპ-ს უდიდეს ტრენერს“ უწოდებს მაშინ, როცა მას სერთიფიცირება პრაქტიკოს მასტერადაც კი არ გაუვლია, არა თუ ტრენერად. მის დანარჩენს რწმენებს, კიდევ უფრო ნაკლები მტკიცებულება გააჩნია ხალხისათვის.
მე ვიცი, რომ ზოგიერთმა ადამიანმა რამდენიმე ნამდვილად გამოსადეგ რწმენის ცვლილებას მიაღწია ცეცხლზე სიარულის მეთოდით. გაჩერებული საათიც კი 2-ჯერ დღეში სწორად აჩვენებს დროს. ცეცხლზე სიარულის მეთოდის პრობელმა ისაა, რომ ძალიან მცირე კონტროლი გაქვს იმ ახალ რწმენაზე, რომელიც ძველის ადგილს იკავებს. სამყაროში საკმარისი რაოდენობის უცნაური და სახიფათო რწმენა არსებობს, ჩვენ რომ შემთხვევითი პროცესები არ დავამატოთ.
კიდევ ერთი პრობლემა ისეთ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორიც ცეცხლზე სიარულია, არის ის, რომ რწმენის დასანერგად მას სჭირდება რაღაც დრამატული გარეგანი გამოხატულება, იმისათვის, რომ ადამიანის რეალური ცვლილება მოახდინოს. მე ვამჯობინებ მოვახდინო ისეთი რწმენის დაპროგრამება, რომლის ცვლილებაც მუდმივად და ადვილად მიმდინარეობს, მის ასამუშავებლად კი გვჭირდება გაგება იმისა, თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი. არ არის საჭირო, რომ ამისათვის ცხელ ნახშირზე იაროთ.
სრულიად სხვა საკითხია, არის თუ არა ცეცხლზე სიარული ისეთი რაღაც, რისი გაკეთებაც რთულია და თუ ქმნის 6 საათიანი ევანგელისტური მზადება განსხვავებას ნახშირზე გავლის შესაძლებლობის ქონაში. რეპორტიორმა „Rolling Stone”-იდან ჩაინიშნა დრო, რომელსაც ადამიანები ცეცხლის გავლას ანდომებდნენ და მიიღო შუალედი 1.5-იდან 1.9 წამამდე, საშუალოდ დაახლოებით 1.7 წმ. სავალი მანძილი დაახლოებით 10 ფუტი იყო, ასე რომ, თუ ტქვენ 30 დიუმზე მეტი სიგრძის ნაბიჯს დგამთ, ადვილად გეყოფათ მისა გასავლელად 4 ნაბიჯი - ანუ თითო ფეხით 2 ნაბიჯი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ტერფი ცეცხლთან შეხებაშია ნახევარ წამზე მეტი დროით. ცეცხლზე მოსიარულეები აქცენტს აკეთებენ, რომ ნახშირის ტემპერატურა 1400-იდან 2000 გრადუსამდეა, მაგრამ არ აღნიშნავენ, რომ თითოეულ ფეხს მხოლოდ ორჯერ აქვს კონტაქტი ნახშირთან და ისიც წამის ნახევარზე ნაკლები დროით. როდესაც იღებთ ხალიჩიდან ცხელ ნაკვერჩხალს, რომელიც ბუხრიდან გადმოვარდა და კვლავ ისვრით ბუხრისაკენ, თქვენი თითებიც, სავარაუდოდ ამავე დროით რჩებიან კონტაქტში ცხელ ნახშირთან. ამასთანავე, ხელის თითების კანი ბევრად სენსიტიურია, ვიდრე ტერფისა.
დაწვა საჭიროებს სითბოს გადაცემას და არა მხოლოდ ტემპერატურას, ხოლო კონტაქტის ხანგრძლივობა არის სითბოს გადაცემისათვის საჭირო მხოლოდ ერთი ფაქტორი. სხვა ფაქტორი არის გამტარუნარიანობა. მოდით, ვთქვათ, რომ ხართ კოტეჯში, მთებში და დილით ადრე დგებით საწოლიდან, როცა ტემპერატურა -20 გრადუსია. ცალი შიშველი ტერფით მეტალის ფირფიტას ეხებით, ხოლო მეორეთი მატყლის ხალიჩას. მიუხედავად იმისა, რომ მატყლიც და მეტალიც ორივე -20 გრადუსზე დაბალი ტემპერატურისაა, მეტალი მეტად ცივი ჩანს, ვიდრე მატყლი, მეტი თბოგამტარობის გამო. ხის ნახშირის თბოგამტარობა მეტია, ვიდრე მატყლისა, მაგრამ ბევრად ნაკლები, ვიდრე მეტალისა. როდესაც მომდევნო ჯერზე ცეცხლზე მოსიარულეს შეხვდებით, ჰკითხეთ მას, მოისურვებს თუ არა იმავე მანძილის მეტალის ფირფიტაზე გავლას, რომელსაც ზუსტად იგივე ტემპერატურა ექნება, რაც ნახშირს!
არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც ფიზიკოსები „ლაიდენფროსტის ეფექტს“ უწოდებენ. როდესაც ორ სუბსტანციას შორის შესამჩნევი ტემპერატურული განსხვავებაა და ამ ორიდან ის, რომელიც ცივია, არის სითხე, ან შეიცავს სითხეს, თხელი ორთქლის ფენა ქმნის გამყოფ ბარიერს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სითბოს გადაცემას.
ყველა მტკიცებულება, რომელიც მაქვს, მიანიშნებს იმაზე, რომ ნაკვერჩხლებზე ათი ფუტის 1,5 წამში გავლა ისეთი რამეა, რაც ნებისმიერს შეუძლია, ევანგელისტური წინასწარი მომზადებით და მის გარეშეც, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი ფიქრობს, რომ მათ ეს შეუძლიათ.
- ქალი: ადამიანებს აქვთ ისეთი რწმენები, რომლებიც მათ ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენენ. მაგალითად, მე მყავს უფროსი, რომელიც ყოველთვის იმაზე საუბრობს, თუ როგორი კარგები უნდა იყვნენ ადამიანები ერთმანეთის მიმართ, მაგრამ თავად, როგორც წესი ძუნწია სხვა ადამიანების მიმართ. ამას როგორ ახსნით?
- მე ვცდილობ გავიგო, თუ როგორ ფუნქციონირებენ მოვლენები, არ ვცდილობ მათ „ახსნას“. არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობა. პირველი ისაა, რომ ეს რწმენა არ არის ის, რომლისაც მას ნამდვილად სჯერა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე საუბრობს. „ინტელექტუალთა“ ძალიან დიდ ნაწილს აქვს ამგვარი „რწმენები“, რომლებიც მათზე არანაირ გავლენას არ ახდენენ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ რწმენის შეცვლის მოდელი, რათა გარდაქმნათ არსებული რწმენა იმგვარად, რომ გახდეს რეალურად იმდენად სუბიექტური, რომ პიროვნების რწმენაზე გავლენა იქონიოს.
სხვა შესაძლებლობა ისაა, რომ მისი რწმენა საკმარისად რეალურია, თუმცა არის შერჩევითი: სხვა ადამიანები უნდა იყვნენ კარგები მის მიმართ, მაგრამ თავად არ სჭირდება იყოს სასიამოვნო სხვების მიმართ, რადგან თავად განსაკუთრებულია. მეფეები, დიქტატორები და ზოგიერთი კინოვარსკვლავი ასეთების რიცხვს მიეკუთვნებიან. რწმენა ყოველთვის ორმხრივი არ არის.
მესამე შესაძლებლობა ის არის, რომ თქვენი უფროსის რწმენა რეალურია და ორმხრივი, თუმცა მისი აზრით „კარგი მოპყრობა“ შეესაბამება თქვენეული გაგების „სიძუნწეს“. 60-იან წლებში ჰუმანურ ფსიქოლოგთა უმეტესობა ყველას ძალიან მაგრად უნდა ჩახუტებოდა, რადგან მათ სჯეროდათ, რომ ეს სასიამოვნო ქცევა იყო, იმისდა მიუხედავად, მოსწონდა ეს „ჩასახუტებელ“ ობიექტს თუ არა. ისინი ასევე შეურაცხყოფდნენ ადამიანებს ყოველი მხრიდან, რადგან ფიქრობდნენ, რომ ყოველთვის კარგი იყო გულახდილობა და ადამიანებისათვის სიმართლის თქმა. ჯვაროსნებს სჯეროდათ, რომ სულის გადარჩენა მნიშვნელოვანი რამ იყო და არც კი დადრობდნენ ამისათვის ზოგჯერ ვინმეს მოკვლა თუ გახდებოდა საჭირო.
რწმენის ცვლილების პროცესი შედარებით ადვილია მაშინ, როცა პიროვნების თანხმობა გაქვთ. ცოტათი უფრო რთულია, როცა ადამიანს არ უნდა, რომ რწმენა შეიცვალოს. მე ვივარაუდე, რომ თქვენ შეგიძლიათ ისეთი რწმენის იდენტიფიცირება, რომლის შეცვლაც ღირს. ზოგჯერ ეს აშკარა არ არის და შესაძლოა გარკვეული მუშაობა დასჭირდეს ადამიანის შემზღუდველი რწმენის აღმოჩენას. ხშირად, რწმენა, რომლის შეცვლაც პიროვნებას სურს, არ არის ერთადერთი შემზღუდველი ფაქტორი ამ ადამიანის ქცევაში.
ჩემი პრინციპული მიზანია გასწავლოთ პროცესი, რომელსაც რწმენის შესაცვლელად გამოიყენებთ. თუმცა შემადგენლობა, რომელსაც რწმენაში დებთ, ასევე მნიშვნელოვანია. ამიტომ გთხოვეთ დარწმუნებულნი ყოფილიყავით, რომ ეკოლოგიური შემოწმება ჩაატარეთ, ასევე შეგექმნათ ახალი რწმენა პროცესის მიმდინარეობის ტერმინებით და არა მიღწეული მიზნის, და შეგექმათ ის პოზიტიური ტერმინებით. მე გთხოვეთ რწმენის ცვლილების ეს პროცესი ახალი რწმენის შინაარსის ცოდნის გარეშე ჩაგეტარებინათ, რადგან ვიცოდი, რომ ზოგიერთი თქვენგანი შინაარსში დაიკარგებოდა და პროცესის სწავლაში პრობლემა ექნებოდა. მას შემდეგ, რაც პროცესი მთლიანად ისწავლეთ, უკვე აღარ დაიკარგებით შინაარსში. როდესაც თქვენს კლიენტებთან იმუშავებთ, კარგი იქნება თუ შინაარსის შესახებ რაიმე გეცოდინებათ, ამით თქვენ დააზუსტებთ, რომ ახალი რწმენა პოზიტიურ ტერმინებზეა დამყარებული, არის პროცესი, ნაცვლად მიზნისა და არის ეკოლოგიური.
რწმენა ძალიან ძლიერი მოვლენაა, როდესაც ცვლით რომელიმეს, ამან ბევრი სასიკეთო ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა თუ ძველ რწმენას არასწორი ახალი რწმენით ჩაანაცვლებთ, ამან შესაძლოა საკმაოდ დიდი ზიანი მოიტანოს. მინდა, ძალიან ფრთხილად იყოთ იმ ახალი რწმენების მიმართ, რომლის ჩანერგვასაც ადამიანებისათვის აპირებთ.