განდობის კარიბჭეები - მეოთხე საფეხური

Admin
ოკულტიზმი
0
0

ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო წინა თავები იხ. ამ ლინკზე სანამ შემდე...

bardon 1

ავტორი: ფრანც ბარდონი

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

წინა თავები იხ. ამ ლინკზე

სანამ შემდეგი საფეხურის რთული სავარჯიშოების აღწერაზე გადავალ, მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ მოსწავლემ არ უნდა იჩქაროს სწავლის დროს. მას საკმარისი დრო სჭირდება იმისთვის, რომ მაგიის გზაზე აბსოლუტურ წარმატებებს მიაღწიოს. სანამ შემდეგ სავარჯიშოებზე გადავა, ყოველმა მოსწავლემ უზადოდ უნდა შეასრულოს აქამდე განვლილი ყველა სავარჯიშო.

სულის მაგიის შესწავლა (IV)

ამ საფეხურზე მე ავღწერ ცნობიერების გარეთ გადანაცვლებას. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი ცნობიერების გადაადგილება ნებისმიერ საგანში, ნებისმიერ ცხოველში ან ნებისმიერ ადამიანში. ისევე, როგორც საგნებზე კონცენტრაციისას, დაიდეთ წინ ზოგიერთი მათგანი, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ. იჯექით ჩვეულ პოზაში, ცოტა ხნით დააფიქსირეთ ერთ-ერთი ნივთი და კარგად დაიმახსოვრეთ მისი ფორმა, ფერი და ზომა. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ საგნად იქეცით. ასე ვთქვათ, თავი ისე უნდა იგრძნოთ, როგორც ამ საგანმა, აღიქვათ და გაატაროთ ყველა მისი თვისება. უნდა იგრძნოთ, როგორ ხართ დაბმული იმ ადგილით, რომელზეც დაგდეს, და მხოლოდ სხვისი ჩარევით შეგიძლიათ ამ ადგილის დატოვება. ასევე უნდა იფიქროთ იმ მიზანზე, რომელსაც ეს საგანი ემსახურება. ინტენსიური კონცენტრაციისას უნდა ისწავლოთ გარემოცვის დათვალიერება ამ საგნის თვალთახედვით და მისი სხვა საგნებთან ურთიერთობების შეცნობა. თუ საგანი მაგიდაზე დევს, მაშინ თქვენ კავშირს გრძნობთ როგორც ამ საგანთან, ასევე მაგიდაზე არსებულ ყველა სხვა საგანთანაც, იმ ოთახის ჩათვლით, რომელშიც ისინი იმყოფებიან. თუ ეს სავარჯიშო ერთ საგანზე გამოგივათ, თანდათან სხვაზე გადადით. სავარჯიშო შესრულებულად ითვლება, თუკი შეძლებთ დაუკავშირდეთ ყოველ არჩეულ საგანს იმდენად, რომ გადმოიღებთ მის ფორმას, ზომას და თვისებებს და მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში, უწყვეტად შეძლებთ მათში ყოფნას. ამასთან, საერთოდ უნდა უგულვებელჰყოთ და დაივიწყოთ თქვენი სხეული. ამის შემდეგ აირჩიეთ ისეთი მსხვილი ობიექტები, როგორებიცაა ყვავილები, მცენარეები, ბუჩქები, ხეები და ა.შ. აკაშას პრინციპის მსგავსად ცნობიერებამ არ იცის არც დრო, არც სივრცე.

არ შეგეშინდეთ ამ უჩვეულო სავარჯიშოების, და არც დასაწყისში შესაძლო წარუმატებლობების - მოთმინება, დაჟინებულობა და შეუპოვრობა სასურველ წარმატებამდე მიგიყვანთ. მხოლოდ მოგვიანებით გახდება მოსწავლისთვის ცნობილი, რა მნიშვნელობა აქვთ ამ მოსამზადებელ სავარჯიშოებს შემდგომი მაგიური შედეგებისთვის.

თუკი ცნობიერების უსულო საგნებზე გადატანა გამოგივიდათ, შემდეგ უკვე ცოცხალ არსებებზე უნდა ივარჯიშოთ. როგორც უკვე ვახსენეთ, ცნობიერებას არ გააჩნია დრო და სივრცე, ამიტომ აუცილებელი არაა, რომ არჩეული ობიექტი ჩვენს თვალწინ იყოს. მოსწავლე იმდენად უნდა იყოს მომზადებული, რომ შეეძლოს ნებისმიერი არსების წარმოდგენა. შედეგად იგი შეძლებს თავისი ცნობიერების გადატანას კატის, ძაღლის, ცხენის, ძროხის, თხის და ა.შ. ხატ-სახეში. ამასთან, ობიექტის სახეობას არ აქვს მნიშვნელობა, ობიექტი შეიძლება იყოს ჭიანჭველაც, ჩიტიც და სპილოც. ობიექტს ჯერ უძრავი სახით წარმოიდგენთ, შემდეგ მოძრავს, მორბენალს, მფრინავს, მხოხავს, მცურავს და ა.შ. იმის მიხედვით, თუ რაზეა საუბარი. მოსწავლეს უნდა შეეძლოს თავისი ცნობიერების ნემისმიერ სასურველ ფორმად ქცევა, და ეს მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში უწყვეტად უნდა შეძლოს. განდობილებს, რომლებიც წლობით აპრაქტიკებენ ამ სავარჯიშოებს, შეუძლიათ ნებისმიერ ცხოველს გაუგონ და თავიანთ ნებას დაუქვემდებარონ იგი.

ამასთან დაკავშირებით ჩვენთვის საკმარისია გავიხსენოთ თქმულებები მაქციების შესახებ და სხვადასხვა ამბები იმაზე, თუ როგორ იქცეოდნენ ჯადოქრები ცხოველებად. მაგისთვის ზღაპრებს და თქმულებებს გაცილებით უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვთ. ეჭვგარეშეა, რომ აქ საქმე ეხება ეგრეთწოდებულ „შავ“ მაგებს, რომლებიც იმისთვის, რომ ვერ იცნონ თავიანთ ფარულ საქმეებში, უჩინარ სამყაროში ცხოველების სახეს ღებულობენ. კეთილი მაგები კიცხავენ ასეთ ქცევებს, მათი სულიერი უნარები საშალებას აძლევენ, რომ ამოიცნონ ყოველი ასეთი არსება და გაიგონ ასეთი მაგის ჭეშმარიტი სახე. ჩვენი მოსამზადებელი სავარჯიშოები იმას კი არ ემსახურება, რომ ულამაზო ქმედებები გასწავლოთ, არამედ იმას, რომ უფრო მაღალი დონის მაგიისთვის მოგამზადოთ, სადაც მან უფრო მაღალი, ღვთაებრივი ფორმები უნდა მიიღოს, რომელშიც გადაიტანს თავის ცნობიერებას. თუკი თქვენს სავარჯიშოებში იქამდე მიხვედით, რომ ცნობიერებით შეგიძლიათ ნებისმიერი ცხოველის ხატ-სახეში შეხვიდეთ და ამ ხატ-სახეში მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში იყოთ, მაშინ უკვე შეგიძლიათ ადამიანებზეც დაიწყოთ ვარჯიში.

ჯერ უმჯობესია აირჩიოთ ნაცნობები, მეგობრები, ოჯახის წევრები - ნებისმიერი სქესის და ასაკის, ის ხატ-სახეები, რომლებიც კარგად გახსოვთ. ცნობიერება ყოველთვის ისე უნდა გადაიტანოთ ადამიანის სხეულში, რომ ამ ადამიანივით დაიწყოთ ფიქრი და შეგრძნება. ნაცნობებიდან ისეთ უცნობებზე უნდა გადახვიდეთ, რომლებიც არასოდეს გინახავთ, ამიტომ უნდა წარმოიდგინოთ. და ბოლოს, ექსპერიმენტის ობიექტის სახით უნდა წარმოიდგინოთ სხვა რასისა და კანის ფერის ადამიანები. სავარჯიშო შეიძლება დასრულებულად ჩაითვალოს, თუკი მინიმუმ ხუთი წუთის განმავლობაში შეძლებთ თქვენი ცნობიერების გადატანას წარმოდგენილ სხეულში. რაც უფრო დიდხანს შეძლებთ ამ ხატ-სახეში დარჩენას, მით უკეთესია.

ამ სავარჯიშოთი მაგი. მოიპოვებს ძალაუფლებას, რომ დაუკავშირდეს ნებისმიერ ადამიანს, არა მხოლოდ იცოდეს ის აზრები და გრძნობები, რომლებიც არჩეული ადამიანის ცნობიერებაში ტრიალებენ, მისი წარსული და აწმყო, მისი აზროვნება, გრძნობები და მოქმედებები, არამედ მათზე ზეგავლენის მოხდენაც შეეძლოს. მიუხედავად ამისა, ახსოვს რა ანდაზა: „რასაც დასთეს, იმას მოიმკი“, - მაგი არასოდეს გამოიყენებს ამ ადამიანზე თავის ზემოქმედებას ბოროტი მიზნებით, ანუ არ აიძულებს ადამიანს მისი ნების საწინააღმდეგოდ მოქმედებას. იმ უდიდეს ძალას, რომელიც ამ სავარჯიშოებით მიეცემა, მხოლოდ კეთილ საქმეებში გამოიყენებს, და წყალობა არასოდეს მიატოვებს მას. მაგი ასევე იგებს, თუ რატომ მიაგებს აღმოსავლეთში მოსწავლე ასეთ დიდ პატივს თავის ოსტატს. ამით იგი ინსტინქტურად უკავშირებს მას საკუთარ ცნობიერებას და ირიბად მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება ხოლმე, რის შედეგადაც მოსწავლის წარმატება უფრო რეალური და სწრაფია. ამიტომ სწავლების აღმოსავლური მეთოდები აუცილებლად თვლიან მოსწავლის განვითარებისთვის ოსტატის, გურუს არსებობას. ტიბეტში ცნობილი მეთოდი დაფუძნებულია იგივე პრინციპზე, ოღონდ პირიქით, როცა ოსტატი უკავშირდება მოსწავლის ცნობიერებას და მასზე ძალაუფლება და „გაბრწყინება“ გადააქვს. იგივეს ვხვდებით მისტიკოსებთანაც, როცა საქმე ეხება ეგრეთწოდებულ „პნევმო-გადატანას“.

სამშვინველის მაგიის შესწავლა (IV)

ამ თავში ჩვენ გავაფართოვებთ ელემენტებთან მუშაობას. ჩვენ უკვე ვისწავლეთ ფილტვებით და კანის ფორებით ელემენტების საკუთარ თავში მიღება და მათი თვისებების მთელ სხეულში შეგრძნება. ახლა კი განსაზღვრული ელემენტით სხეულის გარკვეულ ნაწილებს დავმუხტავთ, და ეს ორი მეთოდით ხდება. მაგი უნდა ფლობდეს ამ ორ მეთოდს. პირველი შემდეგში მდგომაეობს: როგორც მესამე საფეხურზეა აღწერილი, ჩაისუნთქეთ მთელ სხეულში ფილტვებიდან და ფორებიდან შესაბამისი ელემენტი და დააგროვეთ იგი, მაგრამ ამავდროულად ამოისუნთქეთ უბრალოდ ჰაერი, ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე. ჩასუნთქვისას შეგრძნებებს თან უნდა ახლდეს ელემენტის დამახასიათებელი თვისებები: ცეცხლის ჩასუნთქვისას - სიცხე, წყლის ჩასუნთქვისას - სიცივე, ჰაერის ჩასუნთქვისას - სიმსუბუქე, ხოლო მიწის ჩასუნთქვისას - სიმძიმე. უნდა დაიწყოთ შვიდი ჩასუნთქვით. ნაცვლად იმისა, რომ წარმოსახვით დაგროვილი ელემენტი კვლავ უნივერსუმში გათქვიფოთ, მიმართეთ იგი სხეულის სასურველი ნაწილისკენ, უფრო მეტად დაპრესეთ და აავსეთ იგი ელემენტისთვის დამახასიათებელი თვისებით. თქვენ უნდა იგრძნოთ დაპრესილი ელემენტი სხეულის ცალკეულ ნაწილში უფრო მეტად, ვიდრე მთელ დანარჩენ სხეულში. იმის მსგავსად როგორც ორთქლი იპრესება, რათა მეტი წნევა წარმოქმნას, ასევე სხეულის ცალკეული ნაწილის ხორცი, ძვლები და კანიც გაჟღენთილ უნდა იყვნენ ცალკეული ელემენტით. თუკი ძალიან გრძნობთ ელემენტის დამახასიათებელ თვისებას სხეულის დამუხტულ ნაწილში, თქვენი წარმოსახვის მეშვეობით მთელ სხეულში გათქვიფეთ იგი და ამოსუნთქვისას კვლავ უნივერსუმში გაუშვით, როგორც ამას მესამე საფეხურზე აკეთებდით. ეს სავარჯიშო ყველა ელემენტზე უნდა გააკეთოთ, კერძოდ: ყველა გარეგან და შინაგან ორგანოსთან, გარდა თავის ტვინისა და გულისა. იმისთვის, რომ ზიანი არ მიაყენოთ, არც საკუთარ თავში და არც სხვაში ეს ორგანოები არანაირი ელემენტით არ უნდა დამუხტოთ. მხოლოდ გამოცდილ მაგს, რომელიც სრულყოფილად ფლობს ელემენტებს, შეუძლია განახორციელოს ელემენტების დაგროვება თავის ტვინსა და გულში ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს მათ. მან შეიცნო თავისი სხეული, და დაიმორჩილა იგი. დამწყები უნდა მოერიდოს ელემენტების დაგროვებას თავის ტყვინსა და გულში, ყოველ შემთხვევაში მანამდე, სანამ ნათელხილვის მეშვეობით თავად არ შეძლებს ცალკეული ორგანოების ფუნქციებზე დაკვირვებას. ხოლო მაშინ, როცა მოხდება ელემენტების და სასიცოცხლო ენერგიის დაგროვება მთელ სხეულში, მაშინ თავის ტვინი და გულიც მიეჩვევიან ასეთ საერთო დაგროვებას, და დაძაბულობა მხოლოდ ერთ ორგანოში კი არ იქნება, არამედ მთელ სხეულს მოიცავს. კერძოდ: აუცილებელია კარგად ფლობდეთ ელემენტების და სასიცოცხლო ენერგიის დაგროვების ტექნიკას ხელებსა და ფეხებში, რადგან ასეთი დაგროვება აუცილებელია მაგიის პრაქტიკული გამოყენებისას. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თითებს.

სხეულის ცალკეული ნაწილის ელემენტისგან გათავისუფლების შემდეგი საშუალება - ესაა მეთოდი, რომლის დროსაც დაგროვილ ელემენტს არ უშვებენ ჯერ სხეულში იმისთვის, რომ ამოსუნთქვის მეშვეობით უნივერსუმში გაუშვან, არამედ წარმოსახვის მეშვეობით მაშინვე, სხეულის ამ ცალკეული ნაწილიდან ფორების მეშვეობით უნივერსუმში უშვებენ. ეს უფრო სწრაფი პროცესია. მაგს, რა თქმა უნდა, ორივე მეთოდი უნდა შეეძლოს და საჭიროებისამებრ გამოიყენოს ორივე.

ელემენტების სხეულის ნებისმიერ ნაწილში დაგროვების მეორე მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ ცნობიერება სხეულის ამა თუ იმ ნაწილში გადავიტანოთ და ვაიძულოთ იგი, რომ ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს, ფორებით სუნთქვის მსგავსად. ყოველი ჩასუნთქვისას ხდება ელემენტის ჩასუნთქვა და უბრალოდ ჰაერის ამოსუნთქვა. თუ ჩნდება შეგრძნება, რომ სასურველი ელემენტი საკმარისად დაგროვდა სხეულის ამა თუ იმ ნაწილში, ამოსუნთქვისას მისი უნივერსუმისთვის დაბრუნება იმავე ადგილიდან ხდება, საიდანაც მიღება მოხდა. თუმც კი ეს მეთოდი მარტივი და სწრაფია, იგი მოითხოვს ცნობიერების ზუსტ გადატანას. ამის დაუფლებისთვის საჭიროა იცოდეთ სასიცოცხლო ძალის სხეულის გარკვეულ ნაწილებში დაგროვება. როცა ადამიანი სრულყოფილად დაეუფლა ამ პრაქტიკას, შეგიძლიათ გადადგათ შემდეგი ნაბიჯი.

როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმი ელემენტების შესაბამისად ოთხ ძირითად რეგიონად იყოფა. ფეხები ბარძაყების, კუდუსუნის და და სასქესო ორგანოების ჩათვლით შეესაბამება მიწას; მუცლის მიდამო ყველა შინაგანი ორგანოთი, როგორებიცაა ნაწლავები, ელენთა, ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი, კუჭი დიაფრაგმამდე - შეესაბამება წყლის ელემენტს; გულმკერდის ყაფაზი, ფილტვები და გული - ყელამდე შეესაბამება ჰაერის ელემენტს, ხოლო თავი - ყველა თავისი ორგანოთი - ცეცხლის ელემენტს. შემდეგი ამოცანაა - დავმუხტოთ სხეულის ცალკეული რეგიონები მათთვის დამახასიათებელი ელემენტებით. პრაქტიკა მდგომარეობს შემდეგში: მიიღეთ თქვენი საყვარელი ასანა. ფილტვებისა და ფორების მეშვეობით ჩაისუნტქეთ მიწის ელემენტი მისი დამახასიათებელი სიმძიმის თვისებით მიწის მიდამოში - ფეხებში, სასქესო ორგანოებსა და კუდუსუნში. შვიდჯერ ჩაისუნთქავთ მიწის ელემენტს და ამოისუნთქავთ სიცარიელეს ისე, რომ მიწის მიდამო მისი შესაბამისი ელემენტით აივსოს. შეინარჩუნეთ მიწის ელემენტი მიწის მიდამოში და შვიდჯერ ჩაისუნთქეთწყლის ელემენტი სხეულის იმ ნაწილში, რომელიც წყლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, ანუ მუცლის მიდამოში, და ამოისუნთქეთ უბრალოდ ჰაერი. ამის შემდეგ გადადით შემდეგ ელემენტზე და შვიდჯერ აავსეთ გულმკერდი ჰაერის ელემენტით, ისე რომ არ ამოისუნთქოთ, დააგროვეთ ეს ელემენტი იმ მიდამოში, რომელზეც იგი ყველაზე მეტად ზემოქმედებს. შემდეგ კი თავის მიდამოს დროა, სადაც შვიდგზის ჩასუნთქვით ცეცხლის ელემენტი უნდა დააგროვოთ. როცა ყველა მიდამო შესაბამისი ელემენტითაა დამუხტული, ხუთი წუთით გაშეშდით ასეთ მდგომარეობაში, რის შემდეგაც დაიწყეთ ელემენტების გათქვეფა. დაიწყეთ იმით, რითიც დაასრულეთ, ჩვენ შემთხვევაში თავით. შვიდჯერ უნდა ჩაისუნთქოთ უბრალოდ ჰაერი (სიცარიელე), და შვიდჯერ უნდა ამოისუნთქოთ ცეცხლის ელემენტი უნივერსუმში. როცა თავის მიდამო მისი ელემენტისგან განთავისუფლდა, შემდეგ ჰაერის მიდამოს რიგია, შემდეგ წყლის, და ბოლოს მიწის, სანამ მთელი ორგანიზმი არ განნთავისუფლდება დაგროვილი ელემენტებისგან.

ამ სავარჯიშოებს დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან მათ თანხმობაში მოყავთ როგორც უხეშმატერიალური, ასევე ასტრალური სხეული ელემენტების უნივერსალურ კანონთან. თუკი მაგს რაიმე მიზეზით დისჰარმონია აქვს, ამ სავარჯიშოების შედეგად ჰარმონია მაშინვე აღდგება. იგი არათუ საათების, არამედ მრავალი დღის განმავლობაში აღიქვამს სრული უნივერსალური ჰარმონიის სასიკეთო გავლენას. ორგანიზმში ელემენტების ჰარმონია იძლევა სხვა შესაძლებლობებსაც, და მინდა ზოგიერთი მათგანი დავასახელო. პირველ რიგში, მოსწავლე დაცული ხდება ელემენტების უარყოფითი მხარის დამანგრეველი ზეგავლენისგან. თუკი მოსწავლემ მაგიურ წონასწორობას მიაღწია, მაშინ იგი მოვლენის ცენტრში დგას, ყველა კანონს უნივერსალური ანუ ჭეშმარიტი პერსპექტივით ხედავს. მოსწავლე დაცული ხდება მრავალი დაავადებისგან და ათანაბრებს თავის კარმას, შესაბამისად თავის ბედს. იგი უფრო მედეგი ხდება ყველა არასასიკეთო ზეგავლენისადმი. იგი წმენდს თავის მენტალურ და ასტრალურ აურას და აძლიერებს თავის მენტალურ და ასტრალურ მატრიცებს, აღვიძებს თავის მაგიურ თვისებებს, და მისი ინტუიცია უნივერსალურ ხასიათს იღებს. მისი ასტრალური გრძნობები უფრო ნატიფი ხდება, ხოლო მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები იზრდება.

სხეულის მაგიის შესწავლა (IV)

პირველი საფეხურის სავარჯიშოები თქვენთვის უკვე ჩვევა უნდა გახდეს. შეძლებისდაგვარად უნდა გააღრმავოთ და გააძლიეროთ მეორე საფეხურის სავარჯიშოები. უნდა შეგეძლოთ ნებისმიერი ასკეზის ზუსტად შესრულება, რომელიც გადაწყვიტეთ, ისე, რომ არ ებრძოლოს ცდუნებებს და არ დაემორჩილოთ მათ. საჭირო პოზას იმდენად კარგად უნდა ფლობდეთ, რომ საათებით შეგეძლოთ ასანას შენარჩუნება ისე, რომ ოდნავი დისკომფორტი, დაძაბულობა ან კუნთების დაბუჟებაც კი არ იგრძნოთ. აუცილებელია გააძლიეროთ, გააღრმავოთ და გააფართოვოთ გამოსხივების ძალა, იგი უნდა იყოს უფრო დინამიური, რაც მიიღწევა წარმოსახვით, წარმოდგენის ძალით და უფრო ღრმა მედიტაციით. მაგმა უნდა ისწავლოს გამოსხივების ძალის პრაქტიკული გამოყენება ნებისმიერი სიტუაციისთვის და შემთხვევისთვის. მან უნდა მიაღწიოს იმას, რომ ნებისმიერი მისი სურვილი, რომელიც გამოსხივების ძალაში გადააქვს, მაშინვე რეალიზდეს. ამ შემთხვევაში იგი შეძლებს, რომ დაეხმაროს გაჭირვებულებს ავადმყოფობების და უბედურებების შემთხვევებში, რაც ნებისმიერ შემთხვევაში წყალობას მოუტანს მას.

ახლა გადავიდეთ შემდეგ, ასევე ნაკლებადცნობილ თავზე, რომელიც ეხება სხეულის მდგომარეობას, ჟესტიკულაციას, თითების მდგომარეობას, რასაც მთლიანობაში რიტუალები ჰქვია. რიტუალების ძირითადი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ დაადასტუროს რაღაც იდეა, აზრის რაღაც დინება გარეგანი გამოვლინებით, ან პირიქით, რაღაც იდეა ან რაღაც აზრის დინება გარკვეული ჟესტით ან მოქმედებით გამოიწვიოს, ჰერმეტიზმის ენაზე ამას ევოკაცია ეწოდება. ყველა მაგიურ რიტუალს სწორედ ეს პრინციპი უდევს საფუძვლად. ამით ნათქვამია, რომ ყველა იდეას (ან არსებას) ვერ გამოხატავ გარეგანი მოქმედებით, მაგრამ შეიძლება დააკავშირო გარკვეულ ამოცანასთან. მას, რასაც არ გააჩნია და ვერ ღებულობს თავისი განსაკუთრებული დასახელება, თავისი სიმბოლო ან გარეგანი ნიშანი, არც მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ პირვანდელ თეზისზეა დაფუძნებული ყველა მაგიური პროცესი და რიტუალი. ყველა რელიგიურ სისტემას უძველესი დროიდან თავისი განსაკუთრებული საკულტო მოქმედებები გააჩნია. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ადამიანთა დიდი მასებისთვის აქედან მხოლოდ მცირე იყო მისაწვდომი, მთავარი კი გასაიდუმლოებული იყო და მხოლოდ მღვდელმსახურებისთვის და განდობილებისთვის იყო განკუთვნილი. ყოველ რიტუალს გააჩნია თავისი განსაკუთრებულიო მიზანი, რომელსაც ემსახურება. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ეხება ტიბეტელ ლამებს თუ ბალის მღვდელმსახურებს, აღმოსავლეთის საკულტო მოქმედებებს თუ მაგების რიტუალურ შელოცვებს. სინთეზი იგივედ რჩება. იურიდიულ პრაქტიკაში მიღებულია ხელის აწევა სამი თითით და ფიცის დადება, რაც ასევე მაგიურ ჟესტად განიხილება. ქრისტიანული თვალსაზრისით, სამი აწეული თითი სამების ერთიანობას აღნიშნავს. მრავალრიცხოვანი ლოჟებიდან და სექტებიდან ნებისმიერს გააჩნია თავისი საკუთარი რიტუალები. მაგალითად, თავისუფალი ქვისმთლელების ლოჟები დაკავშირებულნი არიან გარკვეული ნიშნებით, სიტყვებით და ჟესტებით. ამ თემაზე ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ ისტორიული თვალსაზრისით, მაგრამ პრაქტიკოსი მაგისთვის, ასევე მაგიის შესწავლისთვის ასეთი ცოდნა სრულიად უსარგებლოა. ჭეშმარიტ მაგზე არანაირი ზეგავლენა არ აქვს, რა წერია სხვადასხვა წიგნებში იმაზე, თუ როგორ ხატავს მაგი თავის მაგიურ წრეს, რომლის სიმბოლოსაც განიხილავს, როგორც უსაზღვროებას, ღვთაებრიობას და ხელშეუხებლობას, და დაცვისთვის მასში თავისი გენიები და ანგელოზები გადაყავს, ან როგორ ხატავს ლამა თავის მანდალას და თავის რიტუალებში თავის ტატაგატებს მფარველ-ღვთაებებად სვავს. მას არ ჭირდება ასეთი დარიგებები, მან იცის, რომ ეს ყველაფერი ასრულებს მხოლოდ იდეასთან დაკავშირების და სულისთვის მეხსიერების საყრდენის ფუნქციას. ამ (მეოთხე) საფეხურზე მაგი საკუთარი რიტუალების, საკულტო ქმედებების, ჟესტების და თითების მდგომარეობების შექმნას სწავლობს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მის ინდივიდუალობაზე და აღქმის უნარზე. ასე ზოგიერთი მაგი ყველაზე პრიმიტიული იტუალებით აღწევენ იმაზე მეტს, ვიდრე ფილოსოფიური სპეკულიანტი ყველაზე დახვეწილი საკულტო ქმედებებით. აქ შეუძლებელია მოვნიშნოთ რაიმე მკაფიო დიექტივა. მოსწავლემ ინტუიტიურად უნდა იმოქმედოს და ნებისმიერი იდეა, ნებისმიერი აზრთა დინება, ასევე ის, რისი განხორციელებაც სურს, უნდა გამოხატოს თავისთვის ჩვეული ჟესტით, თითების მდგომარეობით ან რიტუალით. რა თქმა უნდა, კურთხევის ჟესტს იგი არ გამოხატავს, მაგალითად, მუქარის შემცველი მუშტით. იმ მდგომარეობის და სიტუაციის მიხედვით, რომელშიც იგი იმყოფება, იგი ქმნის თავის რიტუალს, რომელსაც საიდუმლოდ გამოიყენებს. არიან მაგები, რომლებიც პიჯაკის ან პალტოს ჯიბეში თითების მდგომარეობით ახორციელებენ მაგიურ ქმედებებს საზოგადოებაში. ისინი იყენებენ ხუთი თითის ანალოგიას, რომელიც ხუთ ელემენტს შეესაბამება: საჩვენებელი თითი - ცეცხლის ელემენტი, ცერა თითი - წყლის ელემენტი, შუა თითი - აკაშას ელემენტი, არათითი - მიწის ელემენტი და ნეკა თითი - ჰაერის ელემენტი, მარჯვენა ხელი ელემენტთა დადებითი, მარცხენა კი უარყოფითი გამოვლინებების სახით. ეს მცირე მაგალითი, ვფიქრობ, საკმარისია.

ამიტომ ისწავლეთ სრულიად ინდივიდუალურად შეარჩიოთ შესაბამისი ნიშნები სხვადასხვა იდეებისთვის. არავის მოუყვეთ ამის შესახებ, რადგან თუკი ვიღაც სხვა იყენებს იგივე იდეისთვის იგივე ნიშანს, ამით იგი ამ იდეას ასუსტებს. დააკავშირეთ თქვენი პირადი სურვილი, რომლის განხორციელებაც გსურთ, თქვენს საკუთარ პატარა რიტუალთან ან ჟესტიკულაციასთან, ჯობია თითების მდგომარეობით, და წარმოიდგინეთ, რომ ამ ჟესტის მეშვეობით თქვენი სურვილი ხორციელდება, უფრო მეტიც, იგი უკვე განხორციელდა. აწმყო დროში ბრძანების კანონი აქ და ახლა მოქმედებს. განხორციელების წარმოსახვა, რომელიც დაკავშირებულია ჟესტთან ან რიტუალთან, თავიდანვე თავდაჯერებულობის და ურყევი რწმენის გრძნობით უნდა განხორციელდეს.

თავიდან უნდა გამოიყენოთ ერთიც და მეორეც - რიტუალიც და წარმოსახვაც. მოგვიანებით, როცა უშუალოდ წარმოიდგენთ საკუთარ სურვილს და ანხორციელებ მას, სრულიად ავტომატურად გიჩნდებათ მოთხოვნილება, რომ ჟესტი ან რიტუალი გამოიყენოთ. თუკი მიაღწიეთ ისეთ მდგომარეობას, რომ თქვენი სურვილი წარმოსახვაში ავტომატურად ხორციელდება, პროცესი პირიქით ხდება: იყენებთ ჟესტს ან რიტუალს და წარმოდგენა ან შესაბამისი ძალა ავტომატურად ვლინდება ქმედებაში. სწორედ ესაა რიტუალის ან ჟესტიკულაციის ჭეშმარიტი მიზანი. თუკი რიტუალი ავტომატურადაა დაკავშირებული წარმოსახვასთან, მაშინ ამ დროს საკმარისია შეასრულოთ რიტუალი, რომ მაშინვე მიიღოთ სასურველი ქმედება ან სასურველი ზეგავლენა. ეს შეიძლება შევადაროთ დამუხტულ ბატარეას, როცა საკმარისია საიმედო კონტაქტი, რომ ყოველ ჯერზე დენი მივიღოთ. განმეორებადი წარმოსახვით არჩეულ ჟესტთან ან რიტუალთან შეთანხმებით აკაშას პრინციპის მიზეზთა სფეროში იქმნება ძალის რეზერვუარი, რომელიც მიზნის ან სურვილის შესაბამისად იღებს საჭირო ვიბრაციებს (ელექტრო-მაგნიტურ ფლუიდს), ფერს, ჟღერადობას და ყველა დანარჩენ ანალოგიას. ამიტომ თუკი ეს ძალის რეზერვუარი დამუხტულია ხშირი გამეორებით, მაშინ უბრალოდ რიტუალის მეშვეობითაც კი თავისუფლდება რეზერვუარის ნაწილი და გამოწვეული ხდება საჭირო მოქმედება. ამიტომ არაა მიღებული ამაზე ვინმესთან ლაპარაკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ვინმე სხვა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე წაიღებს დამუხტულ ძალას ამ რიტუალის მეშვეობით და იგივე ქმედებას მიაღწევს, რაც ამ რიტუალის შემქმნელის რესურსის ხარჯზე მოხდება.

არსებობენ ლოჟები, სადაც ახალბედებს აიძულებენ რიტუალების შესრულებას, რომელთა მეშვეობითაც ავტომატურად ივსება ძალის რეზერვუარი. მაღალი ხარისხის განდობილები ასეთ შემთხვევაში თავიანთი ძალის რეზერვუარის იაფფასიან შევსებას იღებენ და შეუძლიათ ძალისხმევა არ დახარჯონ თავიანთ სამუშაოზე. ხოლო თუ მოსწავლე წარმატებებს აღწევს, ისე, რომ უკვე თავად შეუძლია რეზერვუარიდან ძალის აღება, მას გასაგებად ეუბნებიან, რომ რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოს თავისი რიტუალი.

ბევრს თავში მოუვიდოდ აზრად, რომ ცალკეული პოლიტიკური მოძრაობები და პარტიები მისალმების ჟესტით ირიბ მაგიურ ქმედებას ახორციელებენ და ამ ჟესტის მრავალჯერადი გამოყენებით მუდმივად ამატებენ რეზერვუარს შემდგომ, თუნდაც ნაკლები სიდიდის სასიცოცხლო ძალას. ასე, მაგალითად, ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში ხელის აწევა, რომელიც თან ახლავს მისალმებას, ერთგვარ ძალაუფლების ჟესტს წარმოადგენდა. თუკი სასიცოცხლო ძალის ასეთი მძლავრი კოლექტიური რეზერვუარი მანკიერი მიზნებით გამოიყენება, მაშინ ეს სულიერად-დამუხტული ძალა თავისი პოლარობის შედეგად თავიანთი შემქმნელების წინააღმდეგ შემობრუნდება, რაც იწვევს დაშლას და განადგურებას. რეზერვუარის განადგურებას იწვევს ასევე მრავალი საპყრობილეში გამომწყვდეულის, სიკვდილმისჯილის ან ბრძოლის ველზე მომაკვდავის წყევლა, რაც ასევე წარმოქმნის საპირისპირო პოლარობას.

იგივე კანონი თანაბრად მოქმედებს სხვა დანარჩენი საკულტო ქმედებებისთვისაც, იქნება ეს რელიგიები, სექტები თუ ლოჟები. იგივე საფუძველი აქვს ავადმყოფების განკურნებას მწირობის ადგილებში. მორწმუნეები თავიანთი მტკიცე რწმენით და ურყევი ნდობით ხატისადმი ან ქანდაკებისადმი იზიდავენ სულიერ ძალას აკაშას პრინციპიდან, რომელიც დაგროვილ იქნა მორწმუნეების მიერ, და ასე ხდება სასწაულმოქმედება. სწორად ორიენტირებული მაგი უნივერსალური კანონის საფუძველზე ყოველთვის პოულობს ერთადერთ სწორ ახსნას ასეთი მოვლენებისთვის. მას რომ მოუნდეს, ამ კანონების, კერძოდ კი პოლარობის კანონების ცოდნის საფუძველზე სრულიად თავისუფლად მოიზიდავდა ძალას საკულტო რეზერვუარებიდან და ასევე მისი მეშვეობით განკურნავდა ადამიანებს, ან მოახდენდა სხვა სასწაულებს. მაგრამ მაგი, რომელიც მაღლა დგას ეთიკურ პლანში, ასეთ ქცევას ქურდობად ჩათვლიდა და არასოდეს დაეშვებოდა აქამდე, რადგან მის განკარგულებაში სხვა შესაძლებლობებია. ეს უბრალოდ შენიშვნა იყო, ახლა კი დავუბრუნდეთ რიტუალებს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ნებისმიერი იდეა, ნებისმიერი სურვილი და წარმოდგენა შესაძლებელია რეალიზებულ იქნეს რიტუალის მეშვეობით, მნიშვნელობა არ აქვს, რა დონეს ვეხებით ამ დროს: უხეშ-მატერიალურს, ასტრალურს თუ სულიერს. მაგრამ განხორციელების ვადა დამოკიდებულია პირველ რიგში სულიერ მომწიფებულობაზე, მეორეც, რიტუალის გულდასმით შესრულებაზე. მაგმა ისეთი რიტუალები უნდა აირჩიოს, რომლებსაც მთელი თავისი ცხოვრება გამოიყენებს, ანუ რიტუალები, რომლებიც უნივერსალურ ხასიათს ატარებენ. რაც უფრო ნაკლები სურვილი ექნება, მით უფრო მალე მიაღწევს მიზანს. მანამ, სანამ არჩეული რიტუალი საკმარისად არ ფუნქციონირებს, არანაირი ახალი რიტუალი არ უნდა ჩართოთ. ჯერ უნდა დაყაბულდეთ ერთ, ან მაქსიმუმ სამ რიტუალს. თუ განვითარების ამ ეტაპს გადალახავს, მაგი შეძლებს, რომ საჭირო ზომა დაიცვას და გაერკვეს, თუ რამდენი რიტუალის ჩართვა სჭირდება.

IV საფეხურის სავარჯიშოების შეჯამება:

I. სულის მაგიის შესწავლა:

ცნობიერების გარეთ გადანაცვლება:

ა) საგნებზე;
ბ) ცხოველებზე;
გ) ადამიანებზე.

II. სამშვინველის მაგიის შესწავლა:

1. ელემენტების დაგროვება:

ა) მთელ სხეულში;
ბ) სხეულის ცალკეულ ნაწილებში, ორი მეთოდის მეშვეობით.

2. ელემენტთა ჰარმონიის შექმნა სხეულის შესაბამის მიდამოებში:

ა) ცეცხლი — თავი;
ბ) ჰაერი — გულ-მკერდი;
გ) წყალი — მუცელი;
დ) მიწა — კუდუსუნი, სასქესო ორგანოები, ფეხები.

III. სხეულის მაგიის შესწავლა:

რიტუალები და მათი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები:

ა) ჟესტიკულაცია (ჟესტები);
ბ) სხეულის მდგომარეობა;
გ) თითების მდგომარეობა.

მეოთხე საფეხურის დასასრული.

თუ ვინმე ამ საფეხურს გადალახავთ, მომწერეთ და თარგმნას განვაგრძობ...

წინა თავები იხ. ამ ლინკზე

მსგავსი სტატიები

განდობის კარიბჭეები - მესამე საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო ცოდნა, გ...

განდობის კარიბჭეები - შესავალი და თეორია


  ათსაფეხურიანი კურსი მაგიაში ავტორი: ფრანც ბარდონი მთა...

ანგელოზთა კრებული


ავტორი: იულია კრესველი გერმანულიდან თარგმნა ნატალი როდემ შესავა...

განდობის კარიბჭეები - მეორე საფეხური


ავტორი: ფრანც ბარდონი მთარგმნელი: მამუკა გურული წყარო მეორე ნა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff