ჰარი პოტერის თეოსოფიური განხილვა

Admin
ხელოვნება ოკულტიზმი
0
0

ავტორი: დავით ჯანგველაძე

 ჯ.კ. როულინგის ჰარი პოტერის წიგნების სერია ფანტასტიკურად ჯადოსნური მოვლენაა. ამ ტოპიკის შესახებ პოსტი წარსულში შედარებით შემოკლებული სახით შემოგთავაზეთ; ამ სტატიაში შევეხებით ჰარი პოტერის უფრო ფართო მასშტაბით განმარტებას, სადაც წიგნებთან შესაბამისობაში სხვადასხვა ეზოთერული და თეოსოფიური იდეები იქნება განხილული. 

  ჰარი პოტერის წიგნების სერიაში გვხვდება სამი ძირითადი ლიტერატურული ჟანრი. პირველი არის პროტაგონისტის მორალურ და ფსიქოლოგიურ განათლებაზე კონცენტრირებული ჟანრის რომანი, სადაც ჰარი პოტერი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში სწავლობს, მაგრამ ამავდროულად იგი ცხოვრების დიდ სკოლასაც გადის. მეორე ჟანრი არის უშუალოდ შესასრულებელ მისიაზე კონცენტრირებული ჟანრი, რომლის გავლითაც ჰარი და მისი მეგობრები დაფარულ საიდუმლოებებს და საგანძურებს აღმოაჩენენ; შეგვიძლია მას "თვით-ცნობიერებაზე" კონცენტრირებული ჟანრი დავარქვათ. მესამე ჟანრი არის ძალიან ცნობილი არქეტიპული მოტივი, სადაც ნაწარმოების ცენტრალური პერსონაჟი ობოლია. ჰარი ობოლია, როგორც თვითგანვითარების გზაზე დამდგარი ნებისმიერი ადამიანის განსახიერება, რადგან ჩვენ ყველანი ერთნი ვართ: დიდი თეოსოფოსი მასწავლებლები ასეთ ხალხს "ობოლი კაცობრიობის წევრებს" უწოდებენ. 

  ჰარი ჯადოქრების ოჯახშია დაბადებული მაგრამ მაგლების (ჩვეულებრივი ადამიანების) ოჯახში იზრდება და შესაბამისად, წარმოდგენაც არ აქვს თავისი მშობლების შესახებ. ჰარის მისი აღმზრდელები მშობლების ნამდვილ იდენტობას უმალავენ და იატაკის ჩვარივით ეპყრობიან; იგი კიბის ქვემოთ, პატარა სხვენში ცხოვრობს, თავისი დეიდაშვილის გამონაცვალი ტანსაცმელი აცვია და ცხვირზე გატეხილი სათვალე აქვს წამოსკუპებული. საბოლოოდ, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლიდან ჰარის მოწვევა მოსდის, რადგან იგი ამ სკოლაში დაბადებიდან არის ჩარიცხული. მან სკოლაში შვიდი წელი უნდა გაატაროს სადაც არამარტო ჯადოსნურ განათლებას, არამედ მორალურ და ფსიქოლოგიურ სიმწიფეს ეზიარება. ჰოგვორთსის სკოლაში მისვლისთანავე, ჰარის წინაშე იშლება მრავალი დავალება, რომელიც მისი მხრიდან დიდ ძალისხმევას და სიმამაცეს მოითხოვს; ჰარიმ უნდა გაარკვიოს, ვინ არის იგი და რა მოითხოვება მისგან. ყოველ მომდევნო წიგნში ვგებულობთ, რომ სიუჟეტში ყველაფერს თავისი ადგილი უჭირავს და ყველაფრის გამჟღავნება უფრო დიდ საიდუმლოს უკავშირდება. წიგნის არქეტიპული მოტივები შეესაბამება ანტიკურ სიბრძნეს, რომელიც ეზოთერული და თეოსოფიური გადმოსახედიდან საკმაოდ დეტალურად იხსნება.

  აშკარაა, რომ როულინგი ძალიან კარგად იცნობს მითებს, ლეგენდებს, მაგიურ ტრაქტატებს და ეზოთერულ ინფორმაციას, რომელიც საოცარი სიმსუბუქით აქვს ერთმანეთთან შეზავებული თავის ჯადოსნურ ზღაპარში. წიგნები ქმნიან საკუთარ სამყაროს, რომლის მთლიანობაც აუცილებელია მოქნილი ფანტაზიის ჩამოყალიბებისთვის. კითხვა ძლიერად ცვლის ცნობიერების ფუნქციონირებას, რადგან სწორად შერჩეული ნაწარმოები ხშირ შემთხვევაში ეხმარება მკითხველს ინსპირაციის საპოვნელად ან სხვადასხვა კომპლექსური საკითხის გასაცნობიერებლად. თუ კი ოდესმე გაიგებთ მკითხველის სიტყვებს, რომ წიგნმა მისი ცხოვრება შეცვალა, ეს ყველაზე ხშრირად ჰარი პოტერის მიმართ იქნება ნათქვამი. როულინგი ძალიან ხშირად ეხება თეოსოფიურ იდეებს, რომელიც ამდენად ცნობილია ტოლკინის შემოქმედებისათვის. ჰარი პოტერის წიგნებში მრავალი სიუჟეტური ხაზი თეოსოფიური იდეების პარალელურად ვითარდება. ამგვარი პარალელები არ გულისხმობს ავტორის მიერ ამ იდეების დეტალურ ცოდნას, მაგრამ იგი თავისუფლად შეიძლება წარმოიშვას დამოუკიდებლად მითების, ლეგენდებისა და სიმბოლოების გაცნობის შედეგად, რომელშიც უძველესი თეოსოფიური სიბრძნეა განსახიერებული ან თუნდაც ფსიქიკის ღრმა არაცნობიერი დონე, სადაც სიბრძნე ყოველი ადამიანის გულიდან და გონებიდან მომდინარეობს. 

  პოლარობები

ჰარი პოტერის ერთ-ერთი უმთავრესი თეოსოფიური თემაა პოლარობის საკითხი: სული/მატერია, სიცოცხლე/ფორმა, ენერგია/მასა, ინი/იანი, ეზოთერული/ეგზოთერული, შინაგანი/გარეგანი და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანი პოლარობა არის ჯადოქრები და მაგლები. გონიერი, ბრძენი ჯადოქრები და უუნარო, ყოველგვარი მაგიური ცოდნისგან უცოდინარი ადამიანები, რომლებიც ტექნოლოგიურად ანაზღაურებენ ამ უთანასწორობას, რადგან წიგნში რამდენიმე ადგილას გვხვდება მომენტი, სადაც ჯადოქრები გაოცებულნი არიან მაგლების ტექნოლოგიური გამოგონებებით.

  „-თქვენს ოჯახში სულ ყველანი ჯადოქრები ხართ? - შეეკითხა ჰარი. მასაც აინტერესებდა რონის ამბავი, ისევე როგორც რონს - მისი. 

 - ჰო, მგონი ყველანი, - რონი წამით დაფიქრდა. - თუ არ ვცდები, დედაჩემს ჰყავს ერთი ბიძაშვილი, ბუღალტერი, მაგრამ იმაზე არასდროს არ ვლაპარაკობთ ხოლმე“. (ფილოსოფიური ქვა; გვ. 93). 

  განდობილებისა და არაგანდობილების სულიერი კასტები ასევე იყოფა თეოსოფიის სისტემაში და მსგავსი დაყოფა ერთგვარ კლასიკურ მიდგომას წარმოადგენს. მოვიყვან ერთ-ერთ თეოსოფიურ ციტატას: "მთელს სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი ტიპის ადამიანი; ის, ვინც იცის და ის, ვინც არ იცის. არსობრივად, სწორედ ეს ცოდნაა ყველაზე მნიშვნელოვანი". 

  ეს ცოდნა ეკუთვნის სამყაროსეული მოწესრიგებული გეგმის ან სისტემის ქაოსში არსებობას და ამ გეგმაში ან სისტემაში ადამიანის ადგილს. ეტიმოლოგიურად, ჯადოქრები არიან ისინი, რომელთაც ცოდნა აქვთ, ხოლო მაგლები ამ ცოდნას არ ფლობენ (თუმცა სხვა სახის ცოდნას ფლობენ და მთლიანად ტვინგამორეცხილები არ არიან). 

  პოლარობის კიდევ ერთი მაგალითი არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს პოლარობა უფრო დიდი მასშტაბისაა და არსობრივად სცდება ჯადოქრებსა და მაგლებს შორის არსებულ სხვაობას, რადგან წიგნში გვხვდება ბოროტი ჯადოქრები და კეთილი მაგლები, ისევე როგორც კეთილი ჯადოქრები და ბოროტი მაგლები. წიგნის უმთავრესი სიკეთისა და ბოროტების ორი არქეტიპული ფიგურიდან ორივე ჯადოქარია. ალბუს დამბლდორი არის ჰოგვორტსის დირექტორი და უდიდესი ცოცხალი ჯადოქარი, რომელიც ჰარი პოტერის სამყაროს ჰყავს. მისი სახელი "ალბუსი", მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "ალბედო", რაც ნიშნავს თეთრს, ანუ კეთილ ჯადოქარს. ალბედო ასევე ალქიმიური ტრანსფორმაციული პრინციპის მესამე და ბოლო წარმომადგენელია, რომელიც სიმბოლურად თეთრი ფერით აღინიშნება. მისი გვარის პირველი სიტყვა "დამბ', ინგლისურად ნიშნავს მუნჯს, მდუმარეს, რაც ალეგორიაა იმისა, რომ ჭეშმარიტი სიბრძნის გამოთქმა არ შეიძლება, არამედ იგი მხოლოდ გამოცდილებით უნდა იქნეს შეძენილი და შენახული. წიგნის უკანასკნელ გვერდებამდე ალბუსის ნამდვილი გეგმა ძალიან ბუნდოვანია. ამ სიტყვის თარგმნა ასევე შესაძლებელია როგორც "დებილი", ვინაიდან სიბრძნე ხშირად სისულელედ არის მათ მიერ აღქმული, ვისაც მისი შეცნობის წვდომა არ აქვს. დამბლდორი ძალიან მშვიდი და თავმდაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ეს ასპექტი რამდენიმე ადგილას დარღვეულია (მაგალითად "ცეცხლოვან თასში") წიგნში არ გვხვდება არც ერთი მომენტი, სადაც დამბლდორი წყობიდან გამოდის. ჭეშმარიტად ბრძენი ხალხიც სწორედ ასეთია, რადგან მათ იციან, ჯერ კიდევ რამდენი რამ არის მათთვის უცნობი. გვარის ბოლო ნაწილი "დორი", ასახავს ალბუსის მნიშვნელობას, როგორც ცოდნის კარს, რომლის მეშვეობითაც ჰარი მასში შედის, ცოდნის, მსახურებისა და თვით-რეალიზაციის გზაზე. 

  მეორეს მხრივ, ბოროტების არქეტიპი არის ვოლდემორი, ჰარის ჩრდილი და დაუძინებელი მტერი, ოდესღაც თავადაც ჰოგვორტსის სტუდენტი. ვოლ, მოდის გერმანული სიტყვიდან "wollen", რაც სურვილს ნიშნავს, ხოლო მორტი „სიკვდილს“; (ქართულ თარგმანში ასო „ტ“ ამოღებულია და ჟღერს როგორც ვოლდემორი და არა ვოლდემორტი). ეს პერსონაჟი არის სიბრძნის საპირისპირო, რომელიც ერთი შეხედვით სიკვდილს გაურბის, მაგრამ სინამდვილეში სწორედ მისი მსხვერპლი ხდება იმ გაგებით, რომ საკუთარ უკვდავ სულს კარგავს. 

  ჩვენ ვიცნობთ ჰარის ორ საუკეთესო მეგობარს, რონსა და ჰერმიონს. ისინი პოლარობის ცალკე სახესხვაობას განასახიერებენ. რონი ჯადოქრების უძველესი შთამომავლობიდანაა, ხოლო ჰერმიონი მაგლების ოჯახიდან. ისინი ერთმანეთს მრავალ მახასიათებელში აწონასწორებენ; რონი მშვიდი და ინტროვერტულია, ჰერმიონი გაუჩერებლად მოლაპარაკე და ექსტოვერტი. რონი მორცხვია, მას მკაფიო არასრულფასოვნების შეგრძნება აქვს, რადგან იგი ექვსი ნიჭიერი ძმიდან ყველაზე უმცროსია. ჰერმიონი მთლიანად თავდაჯერებულია, ძალიან უყვარს სწავლა და უმაღლეს მიღწევებზე კონცენტრირდება. რონი ყოველთვის რისკავს, ჰერმიონი წმინდა წყლის კანონმორჩილია. რონი სავსეა მასკულინური ენერგიით, ხოლო ჰერმიონი ფემინურით. ჰარისთან ერთად ეს კონტარსტი ქმნის პერსონალური ტიპების სამკუთხედს.

ამოცანა

 ჰარი პოტერის წიგნების საბოლოო მიზანი საკუთარი თავის აღმოჩენაა. ამ თვალსაზრისით ამ წიგნს კაცობრიობის დიდ სულიერ სახელმძღვანელოებთან საერთო თემა ასაკვშირებს. გასხივოსნება არის უნარი, სწორად გაეცეს პასუხი კითხვას: "ვინ ვარ მე?" ძენის სტუდენტი ერთხელ ოსტატთან მივიდა და ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა რათა გასხივოსნებულიყო. ოსტატმა კითხვა შეუბრუნა: "ამას ვინ მეკითხება?" სტუდენტი, რომელსაც ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია, გასხივოსნებულია. იგივე საკითხი გვხვდება უპანიშადებში, ვედებში, გნოსტიკურ ტექსტებში და სულიერი ტრადიციის მქონე ყველა დიდ ტრაქტატში, ნებისმიერ ტრადიციაში.

  ჰარი უდიდესი ძიების გზაზე იმყოფება; მან უნდა აღმოაჩინოს, თუ ვინ არის იგი სინამდვილეში. მთავარი ამოცანა სხვადასხვა წიგნში განსხვავებულ თემებშია არეკლილი და ბოლო ნაწილში კულმინაციას აღწევს. პირველ ნაწილში გვხვდება ამოცანა, რომელმაც ფილოსოფიური ქვის საიდუმლო უნდა ამოხსნას. ალქიმიური განმარტებით, ფილოსოფიური ქვა არის ცოდნა ნებისმიერი ლითონის ოქროდ გარდაქმნის შესახებ და ასევე სიცოცხლის გახანგრძლივების გზით უკვდავების მოპოვების შესახებ. (როგორც ჩანს, ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ სიტყვა "ფილოსოფიური" ძალიან მშრალად ჟღერდა და ამერიკულ ვერსიაში ამ წიგნს "ჯადოქრის ქვა" ჰქვია). 

  ჰარის ძიება ფილოსოფიური ქვის აღმოჩენით სრულდება, რომელსაც სამი მეგობარი სკოლის მიწისქვეშა სარდაფებში მიჰყავს; მათი მოგზაურობა ამ სიღრმეებში ასახავს ქვესკნელში ჩასვლის უძველეს მოტივს, სადაც საკუთარ თავზე ფარული ჭეშმარიტების აღმოჩენა გველოდება. ჰარის მიწისქვეშა კვლევა შვიდი ეტაპისგან შედგება:

 1. მან და მისმა მეგობრებმა უნდა გაიარონ სამთავიანი ძაღლი, რომელიც სარდაფის შესასვლელს იცავს. საგულისხმოა რომ ამ ძაღლს "ფუმფულა" უწოდეს. ეს არის ცერბერის ალეგორია, რომელიც უძველეს მითებში ქვესკნელის მცველად გვევლინება. მხეცის დასაძინებლად ისინი უკრავენ ფლეიტაზე, რომელიც ჰარის აჩუქეს. ამის ანალოგია მოცარტის ოპერა "ჯადოსნური ფლეიტა", რომელსაც ტამინო და პამინა უკრავენ ერთობლივი ინიცირების დროს. 

 2. ამხანაგები ხაფანგში ვარდებიან (როგორც ალისა კურდღლის ხვრელში), მათი დაცემის ძალა მცირდება სწრაფად მზარდი მცენარის მეშვეობით, რომელსაც ეშმაკის მახე ჰქვია. ამ მცენარის ღეროები იჭერს ყველაფერს, რაც მას ეხება და უფრო და უფრო მჭიდროდ ეკრობა სხეულს, როდესაც მსხვერპლი თავის დაღწევას ცდილობს. თუმცა, ჰერმიონს თავისი განუწყვეტელი სწავლის მეშვეობით ახსოვს, რომ მცენარე სინათლის დანახვაზე უკან იხევს, ამიტომ ჯადოსნურ შელოცვას იყენებს და სინათლით ითავისუფლებს თავს. ეშმაკის მახე ნიშნავს, რომ ის, რაც ხშირად რბილი და მარტივია, სინამდვილეში მახეს წარმოადგენს და ბოროტებისა და ჩაგვრის დაძლევა ცნობიერებისა და ცოდნის სინათლით არის შესაძლებელი. 

 3. მომდევნო დაბრკოლება არის კარი, რომლის გაღებაც მხოლოდ ერთი გასაღებით არის შესაძლებელი, ოთახში კი ასობით ერთნაირი ფრინველი დაფრინავს, რომელთაც გასაღებები აქვთ შებმული. ჰარი, რომელიც ფრენისას ნივთების დაჭერის ექსპერტია, პოულობს ამ გასაღებს. სიმბოლიზმი აშკარაა: ჩვენ გვჭირდება ცოდნის გასაღები, შინაგანი რეალობის კარის გასახსნელად, მაგრამ ეს გასაღები მოჩვენებითია და მისი აღმოჩენა მხოლოდ მას შეუძლია, რომელსაც ამოცანის შესრულების მოწოდება გააჩნია.

 4. კარს მიღმა მეგობრები პოულობენ გიგანტურ საჭადრაკო დაფას, რომელზეც ისინი უნდა გახდნენ ფიგურები და ასეთნაირად უნდა დაიწყონ თამაში. რონი, რომელიც ჭადრაკის ოსტატია, თამაშს ხელმძღვანელობს და ბოლოს თავს სწირავს, რათა ჰარიმ მოწინააღმდეგე მეფის მატი შეძლოს. ჭადრაკის თამაში ცხოვრების თამაშის მეტაფორას ასახავს. რონის თავგანწირვა ძალიან ჰგავს ბოდჰისატვათა კლასს, რომლებიც საკუთარ კეთილდღეობას ყველას სასიკეთოდ გაცნობიერებულად სწირავენ.

 5. უგონოდ მყოფი რონის უკან მოტოვების შემდეგ, ჰარი და ჰერმიონი მომდევნო ოთახში პოულობენ უზარმაზარ და საზარელ ტროლს, რომელიც აუცილებლად უნდა დაიძლიოს. თუმცა, ჰარის ტროლი ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს. ურჩხულის დაძლევა არის საკუთარ ჩრდილზე კონტროლის მოპოვების ალეგორია; ესაა ჩვენი შეცდომებისა და ცხოვრებისეული, ხშირად პრიმიტიული ბუნების განსახიერება

 6. ბოლო პალატაში ჰარი და ჰერმიონი ცეცხლოვან კედლებს შორის არიან ჩარჩენილი, რომელთა გადალახვა მხოლოდ გამოცანის ამოხსნითაა შესაძლებელი. ჰერმიონი (სამეულის მთავარი ტვინი) ამოცანას ხსნის, ჰარი კი მას უკან გზავნის რათა რონს მიხედოს, ბოლო კარში კი მარტო უნდა შევიდეს. ვნების ცეცხლის ჩაქრობა მხოლოდ ცხოვრების გამოცანაზე პასუხის გაცემით არის შესაძლებელი. ამ ცოდნას იძენს მხოლოდ ჭეშმარიტად ინტელექტუალი და ფაქტობრივად, სწორედ ეს არის ინტელექტის მთელი აზრი. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ინტელექტი, რათა ჩვენი ძიების ღრმა საფეხურებამდე მივიდეთ და ეს საბოლოო გადასვლა თითოეულმა ადამიანმა მარტომ უნდა განახორციელოს. ვინაიდან ამოცანის საბოლოო პუნქტი მარტო ყოფნას, ყოველგვარი გარეგანი დახმარების არარსებობას ითვალისწინებს.

  7. ბოლო პალატაში ჰარი პოულობს ვოლდემორს, რომელმაც შეიპყრო ჰოგვორტსის ერთ-ერთი მასწავლებელი და მის სხეულს დაეუფლა. ოთახში დგას სილირვუს სარკე, რომელიც მასში ჩახედვისას რეალობის ანარეკლს კი არ აჩვენებს, არამედ იმას, რისი დანახვაც ადამიანს ყველაზე მეტად სურს. ვოლდემორს ეს სარკე ფილოსოფიური ქვის საპოვნელად სჭირდება. ეს არის დიდი ილუზიის ალეგორია და ადამიანმა უნდა იცოდეს მისი საიდუმლო, თუ არ სურს, რომ ხაფანგში აღმოჩნდეს. ფილოსოფიური ქვა რომ იპოვო, თავდაპირველად მისი პოვნა უნდა მოინდომო, მაგრამ საკუთარი თავისთვის მისი ბოროტად გამოყენების მოტივი არ უნდა გამოძრავებდეს. ჰარი პოულობს ქვას, მაგრამ არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმიტომ, რომ იგი ვოლდემორის მიერ ბოროტად გამოყენებისაგან გადაარჩინოს. ჰარის თავდაუზოგავი გამბედაობის შედეგად ფილოსოფიური ქვის მიმართ ლტოლვა განადგურებულია ისევე, როგორც ტოლკინის ძალაუფლების ბეჭედი. იგი ვერასოდეს მოხვდება ვოლდემორის ხელში. ჭეშმარიტ სიმდიდრეს და ნამდვილ უკვდავებას მხოლოდ ისინი აღწევენ, რომელნიც თავდაუზოგავი სურვილით არიან მოტივირებულნი და ეს არის ძიების დიდი საიდუმლო.

 ჰოგვორტსის ცხოვრებისეული გაკვეთილები

 დიდი საიდუმლოს აღმოჩენის პროცესში ჰარი ბევრ გაკვეთილს სწავლობს, ისევე როგორც მასთან ერთად მყოფი მკითხველები. მიუხედავად იმისა, რომ ჰარი პოტერი ფენტეზის ჟანრის მხატვრული რომანია, მისი გზავნილი რეალისტური ფაქტია. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ უმნიშვნელოვანესი გაკვეთილები, რომელსაც იგი გვასწავლის:

 1. არსებობს ჭეშმარიტების სხვა დონე, ვიდრე ყოველდღიური მაგლის რეალობა. ჩვენ ამ სამყაროში ყველანი ობლები ვართ და საკუთარი ცხოვრების ჰარი პოტერს წარმოვადგენთ სიბრძნის სკოლაში, რომელშიც ამ დონის ჭეშმარიტება ისწავლება.

 2. "ჰარი: სერ, შეიძლება რაღაც გკითხოთ? თუ შეგიძლიათ, მითხარით... მინდა, სიმართლე ვიცოდე...

  დამბლდორი: სიმართლე... რა მშვენიერი და თან რა საშინელი რამ არის, ჰარი. მასთან დიდი სიფრთხილე გჭირდება." (ფილოსოფიური ქვა, გვ. 262).

3. როდესაც ჰარი ვოლდემორის შესახებ საუბარს იწყებს, იყენებს ევფენიზმს "ჩვენ-რომ ვიცით", რომელსაც უმეტესობა იყენებს, რადგან ვოლდემორის სახელის გამოთქმა სიკვდილამდე ეშინიათ. დამბლდორი ჰარის უსწორებს: "თქვი ვოლდემორი, ჰარი. ყველა საგანს თავისი სახელი ჰქვია. მე ასე ვახსენებ მუდამ. სახელის წარმოთქმის შიში საგნისადმი შიშს აძლიერებს". (ფილოსოფიური ქვა, გვ. 262). 

 4. ჩვენ უნდა ავირჩიოთ საკუთარი გზა. დამბლდორი ამბობს: "ჰარი, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც გვიჩვენებს, რანი ვართ სინამდვილეში. რომ ჩვენ, ჩვენს შესაძლებლობებს აღვემატებით" (საიდუმლო ოთახი, გვ. 245). ერთი თეოსოფიური სულიერი სახელმძღვანელო, "სინათლე გზაზე", თეთრი ლოტუსის მესამე ჭეშმარიტებაში გვეუბნება: "თითოეული ჩვენგანი ვართ საკუთარი ცხოვრების აბსოლუტური კანონმდებელი, დიდების ან სიბნელის მიმცემი საკუთარი თავისთვის. ჩვენ ვართ ჩვენივე ჯილდო, ჩვენივე სასჯელი. მაშასადამე, ეს გაკვეთილი არის ძალისხმევა და მცდელობა, განასხვავოს ერთმანეთისგან რეალური და არარეალური, ნაკლებად კარგი და უკეთესი, გარდამავალი და მარადიული".

 5. დამბლდორი: "ბედნიერი კაცისთვის სილირვუს სარკე ჩვეულებრივი სარკეა. თუ ჩაიხედავს, საკუთარ თავს დაინახავს ისეთს, როგორიც არის. მეტს არაფერს, მიხვდი? 

   ჰარი: ესე იგი, იმას გვიჩვენებს, რის დანახვაც ჩვენ გვინდა...

  დამბლდორი: თან ჰო და თან არა. ის გვიჩვენებს ჩვენი გულის ყველაზე დაფარულ, ყველაზე სანუკვარ სურვილებს. შენ არ იცნობდი შენს ოჯახს და აი, ხედავ მათ შენ გარშემო. ეს სარკე რასაც გვიჩვენებს, არც ცოდნაა და არც სიმართლე. ვინ იცის, რამდენი დრო აქვთ დაკარგული ადამიანებს მის წინ. ნანახით აღფრთოვანებულები ზოგჯერ ჭკუიდან იშლებოდნენ იმაზე ფიქრით, მართლა ხდებოდა თუ არა ის, რასაც ხედავდნენ."(ფილოსოფიური ქვა, გვ. 192). 

  სარკე დიადი ილუზიის, მაიას სიმბოლოა, რომელიც სურვილებით მართულ და მოტივირებულ სამყაროს განასახიერებს. ინიციაციის მეორე საფეხური არის „უსურველობა“, ანუ თავისუფლება პირადი სურვილებისგან ან, როგორც წმინდა ბჰაგავად გიტა ამბობს, "მოქმედება, მოქმედების ნაყოფის სურვილის გარეშე". 

 6. დამბლდორი: "კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია". (ფილოსოფიური ქვა, გვ 265). 

 7. სიყვარული. ჰარი ჩვილად ყოფნისას და ასევე ზრდასრულ ასაკშიც სიყვარულმა გადაარჩინა. აღმოვაჩენთ, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი მაგიური ძალა სწორედ დედის სიყვარული აღმოჩნდა. დამბლდორი ჰარის ეუბნება:

 "დედაშენმა თავი გაწირა შენთვის. ერთადერთი, რაც ვოლდემორს არაფრით შეუძლია გაიგოს, სიყვარულია. დედის სიყვარული ძლიერია, არ კვდება, ჰარი. როცა ამქვეყნიდან მიდის ადამიანი, ჩვენში სამუდამოდ ტოვებს თავის სიყვარულს, რომელიც გვიცავს. ვოლდემორი შენ ვერ გეხებოდა, რადგან ის სიყვარული შენში, შენს კანშია აღბეჭდილი" ფილოსოფიური ქვა, გვ. 263).

 ნებისმიერი ჩვენგანისთვის, არ არსებობს ცუდი გაკვეთილი, რომელიც შეგვიძლია ცხოვრების დასაწყისში, შუაში ან ბოლოში ვისწავლოთ.

მსგავსი სტატიები

ვენერა ვერტიკორდია


ჩვ.წ. 114 წელს რომაელებმა სიკვდილით დასაჯეს ვესტას სამი ქურუმი ქალი...

„კრედიტის ლიმიტი“ და უმოძრაო კამერა


  ავტორები: ანეტ შტრაუსი და ფჯოსიდ ვრდოორი   ანეტ შტ...

რილკეს ვარდის ძალა


1926 წლის 29 დეკემბერს გარდაიცვალა დიდი ავსტრიელი პოეტი რაინერ მარი...

„შტორმის შემდეგ“: ის, რაც შტორმის დროს მოხდა


    „შტორმის შემდეგ“ (After The Storm) - იაპონელი რეჟის...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff