ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)
მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე
ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. მაგრამ ეს არაფერია გაოცების და აღფრთოვანების იმ დიდებულ გრძნობასთან შედარებით, რომლის განცდაც მოგიწევთ, როდესაც თქვენი თითქოსდა განუხორციელებელი ოცნებები ახდენას დაიწყებს. მაგრამ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, აქამდე წაკითხულის დადასტურების მიღება კი ახლავე გსურთ. და მიიღებთ კიდეც. თქვენ თავად მოახდენთ სასწაულს და საკუთარი თვალით იხილავთ მას. თქვენს თვალწინ წარმოუდგენელის სინამდვილედ გადაქცევა შთამბეჭდავად გამოიყურება. ეს უკვე არა ფანტასტიკა, არამედ რეალობაა, რომელიც ნებისმიერ მისტიკაზე ბევრად უფრო გასაოცარია.
წარსული წინაა.
ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)
ტრანზაქცია
გაიხსენეთ, ცხოვრებაში გქონიათ პერიოდები, როდესაც ბედნიერი იყავით. ეს ბედნიერი ხანა ხანდახან შეიძლება მელოდიებმა გაგახსენოთ, რომელთაც იმ დროს უსმენდით. დროდადრო იმ განწყობის წამიერი ჩრდილი გაირბენს, როდესაც იმედებით იყავით სავსე და ცხოვრება დღესასწაულად თუ არა, მის სამზადისად გეჩვენებოდათ. ასეთ მომენტებში თქვენში დაკარგულზე ნოსტალგია იღვიძებს. ნაღვლიანდებით იმის გამო, რომ ეს ოდესღაც წარსულში მოხდა, რომელიც უკან აღარ დაბრუნდება. ნუთუ არაფრის დაბრუნება აღარ შეიძლება?
წინასიტყვაობაში დაგპირდით, რომ სიტყვების „წინ, წარსულში“ აზრს მხოლოდ წიგნის ბოლოს გაიგებდით. ახლა კი დანაპირების შესრულების დრო დადგა. ტრანსერფინგმა უკვე ისედაც ბევრი საოცრება აღმოგაჩენინათ. თქვენ, ალბათ, ძალზე დაინტერესდით: რა გველის ამჯერად? დროსთან დაკავშირებული ყველა ოინი ფანტასტიკის სფეროშია მყარად დავანებული. მიუხედავად იმისა, რომ თეორიული ფიზიკაც კი არ გამორიცხავს დროში მოგზაურობის შესაძლებლობას, მისი რეალობა დიდ ეჭვებს იწვევს.
დიახ, დროში გადაადგილება ძალზე საეჭვოდ გამოიყურება, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ წერტილში იმყოფება დამკვირვებელი. გაიხსენეთ სიბრტყეზე ორგანზომილებიანი ადამიანების მოდელი. მათ ვერ გაუგიათ, სად იმყოფება მესამე განზომილება. ოთხგანზომილებიანი სივრცის თვალთახედვით ჩვენი სამგანზომილებიანიც სიბრტყედ აღიქმება. რაციონალური გონება იტყვის: „ყველა ეს თეორიული მოდელი მხოლოდ ჩემს აბსტრაქციას წარმოადგენს, თუმცა იმას ვხედავ, რასაც ვხედავ“.
ტრანსერფინგში ბევრი რამაა წარმოუდგენელი, მაგრამ მე დაჯერებისკენ კი არა, შემოწმებისკენ მოგიწოდებთ. რა თქმა უნდა, შემოწმებისთვის თქვენი განზრახვა, გარკვეული ძალისხმევა და მოთმინებაა საჭირო, რადგან შედეგები უცებ არ მჟღავნდება. გარეგანი განზრახვა უმეტესწილად ნელა და შეუმჩნევლად მუშაობს. თქვენ გიჭირთ ამ იდუმალი უხილავი ძალის არსებობა დაიჯეროთ, რომელიც თვალისთვის შეუმჩნევლად მოქმედებს, მითუმეტეს თუ ჯერ მხოლოდ კითხულობთ და ტრანსერფინგის პრაქტიკულად გამოყენება არ გიცდიათ.
მაგრამ აი, დადგა მომენტი, როდესაც ვარიანტთა სივრცეში თქვენი მოძრაობის საკუთარი თვალით დანახვას შეძლებთ. თქვენ დარწმუნდებით, რომ დროში როგორც წინ, ასევე უკან გადაადგილება შეგიძლიათ. ეს არ იქნება ფანტასტების მიერ აღწერილი მოგზაურობის მსგავსი. ჩვენ მხოლოდ რეალური ამბებით ვართ დაკავებული. ამ შემთხვევაში გარეგანი განზრახვის მოქმედების შედეგის ლოდინი არ მოგიწევთ - ყველაფერს უცებ, საკუთარი თვალით ნახავთ. და ეს ასტრალში ან სიზმრების სივრცეში გასვლასთან დაკავშირებული ოინი ან ექსპერიმენტები არ იქნება. რამდენიმე წამით დროსა და სივრცეში მოძრაობას რეალურად იგრძნობთ. პროცესი პრაქტიკაში ერთ იოლ მოქმედებას - ტრანზაქციასწარმოადგენს, რომელიც სამი ელემენტისგან შედგება.
პირველი ელემენტის შესასრულებლად აუცილებლად თქვენი ცენტრალური ენერგეტიკული დინებები უნდა გაიხსენოთ. თუ ენერგეტიკული ვარჯიშების გამოცდილება გაქვთ, თქვენთვის ნაცნობი იქნება ამ დინებების შეგრძნება. თავდაპირველად შინაგანი მზერით უცებ შემოირბენთ მთელ სხეულს და კუნთებში მომჭერებს მოუშვებთ, რელაქსაციის მდგომარეობაში გადახვალთ. შემდეგ აზრობრივად წარმოიდგენთ, როგორ მოძრაობს ენერგია აღმავალი და დაღმავალი დინებებით ხერხემლის გასწვრივ.
ენერგეტიკული შადრევნების სწრაფი ამოქმედებისთვის ერთი ეფექტიანი მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სხეულის ცენტრიდან ორი ჰორიზონტალური ურთიერთსაპირისპირო ისარი გამოდის: ერთი წინაა მიმართული, მეორე - უკან. ისრები სხეულიდან 20-30 ან მეტი სანტიმეტრით გამოდის. ახლა აზრობრივად ისრები ერთდროულად შეაბრუნეთ - წინა ზევით, უკანა კი ქვევით ისე, რომ ისინი ხერხემლის გასწვრივ ვერტიკალურად განლაგდნენ. თქვენ უმალ იგრძნობთ, რომ ენერგეტიკული დინებები საგრძნობლად გამოცოცხლდა.
ეს სავარჯიშო შეიძლება როგორც ადგილზე დგომის, ასევე სიარულისას შესრულდეს. თქვენ თითქოსდა გასაღებსგადაატრიალებთ, რომელიც ცენტრალურ დინებებს ხსნის. არაა აუცილებელი მათი შადრევნად ქცევა და სფეროში მოქცევა. მთავარია - წარმოიდგინოთ, როგორ განგსმჭვალავთ ენერგიების დინებები. არა უშავს, თუ მათ ჯერ ვერ გრძნობთ. პრაქტიკასთან ერთად რეალური შეგრძნებებიც მოვა. აკეთეთ ეს სავარჯიშო, როდესაც უბრალოდ სეირნობთ ან სადმე მიდიხართ. თქვენ მოდუნებას და სიმსუბუქეს იგრძნობთ. გასაღების გადატრიალება - ტრანზაქციის პირველი ელემენტია.
ამ ელემენტის შესრულება ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლიათ, როდესაც რელაქსაციის მდგომარეობაში სწრაფი გადასვლაა აუცილებელი. შეეცადეთ, დღის განმავლობაში გასაღები ბევრჯერ გადაატრიალოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც გაწუხებთ. თქვენ უმალ შეამჩნევთ, რომ გასაღები მომჭერებს უშვებს. ჩვენ ყველანი გამუდმებით დიდი თუ მცირე პრობლემების წნეხის ქვეშ ვიმყოფებით. სიმძიმე ავტომატურად კუნთებზე აისახება. აი, მიდიხართ და რომელიღაც დამთრგუნველ, ამაღელვებელ, უსიამოვნო საკითხზე ფიქრობთ. ამ მომენტში გასაღები გაიხსენეთდა გადაატრიალეთ. დარწმუნდებით, რომ რომელიღაც კუნთები დაჭიმული იყო, ახლა კი მოეშვა, და თქვენ შვება იგრძენით.
სასარგებლო იქნებოდა, დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტჯერ გასაღების გადატრიალება ჩვევად გაგეხადათ. დამთრგუნველი ჭარბი პოტენციალებისგან განზრახვის ენერგიის გათავისუფლებას და გაწმენდას მუდმივად ამგვარად შეძლებთ. ჩათვალეთ, რომ ესაა განპირობებულობის ფუტლიარის გასაღები, რომელშიც დამთრგუნველი გარემოებები გამუდმებით გკეტავთ. ის მნიშვნელოვნებისგან არ გაგათავისუფლებთ, მაგრამ გათავისუფლების პროცესს ფიზიკურ და ენერგეტიკულ დონეებზე გაცილებით გააიოლებს.
ტრანზაქციის მეორე ელემენტს მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაცია წარმოადგენს. გასაღების გადატრიალების შემდეგ აზრობრივად მიზნობრივი სლაიდი დაატრიალეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ სლაიდში თქვენი თავი უნდა წარმოიდგინოთ და არა კინოფილმივით უყუროთ. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი სიტუაციაში, როდესაც მიზანი მიღწეულია. სლაიდს რომ მიებათ, წარმოიდგინეთ შეგრძნებები, რომელსაც მასში განიცდით. ხელით შეეხეთ გარემოს, წარმოიდგინეთ ბგერები, სურნელებები ან სხვა შეგრძნებები, რაც უკეთ გამოგდით. სლაიდი აზრობრივად ატრიალეთ ერთი ან რამდენიმე წუთის განმავლობაში. სასურველია, ტრანზაქცია შეასრულოთ იმ დროს, როდესაც მშვიდად მიუყვებით ნაცნობ ქუჩას. გვერდით გახედვაც შეგიძლიათ, თუმცა უმჯობესია თქვენს წინ ფეხქვეშ იყურებოდეთ, რათა ყურადღება სლაიდზე გქონდეთ კონცენტრირებული.
მას შემდეგ, რაც სლაიდის ასე თუ ისე მკაფიოდ წარმოდგენა შეძელით, ცნობიერი მზერაწინ მიმართეთ. არაფერზე იფიქროთ და გააანალიზოთ, უბრალოდ, ნათელი მზერა თვალსაწიერისკენ მიმართეთ. ნათელი მზერა - ტრანზაქციის მესამე და ბოლო ელემენტია.
თქვენს თვალწინ მიმდებარე დეკორაცია რამდენიმე წამის განმავლობაში ელფერს შეიცვლის. როდესაც ნაცნობ გარემოს ნათელი მზერით შეხედეთ, შეამჩნიეთ, რომ სურათი თითქოს იგივეა, მაგრამ რაღაც სხვაც შეიმჩნევა. რაღაც ძლივს მოსახელთებელი და აუხსნელი ელფერი დაემატა. თითქოს ეს ადრეც გინახავთ. ან რაღაც ახალი, გარკვეულწილად უჩვეულო. სურათის არა კონკრეტული დეტალები, არამედ გარკვეული არომატი, შეგრძნება, განწყობა - ელფერი.
მაგალითად, შეხედეთ სახლს, რომელიც არაერთხელ გინახავთ, მაგრამ ახლა მისი შეფერილობა ან განათება შენიშნეთ და მიხვდით, რომ ოდესღაც, სხვა გარემოებებში, რაღაც მსგავსი უკვე განგიცდიათ. სავარაუდოდ, უკვე შეხვედრიხართ ისეთ უცნაურ ეფექტს, როდესაცწარსულის შეგრძნებები უცებ ამოტივტივდება მეხსიერებაში. არა წარსულის მოგონებები, არამედ სწორედ წარსულის შეგრძნებები - დეჟავიუ.
ეს ეფექტი საკმაოდ ხშირად ხდება, უბრალოდ თქვენ მას ვერ ამჩნევთ, რადგან სიტუაციას იღებთ ისეთს, როგორც არის, სხვა სიტყვებით, ზეზეულად გძინავთ. მაშ ასე, ტრანზაქცია საშუალებას გაძლევთ შეამჩნიოთ, როგორ იცვლება სამყარო პირდაპირ თქვენს თვალწინ. თქვენ ბუნდოვნად გრძნობთ რაღაც ნაცნობს ან, პირიქით, ახალი უჩვეულო ელფერის გაჩენას შეიგრძნობთ.
რა ხდება? თქვენი სამყაროს ნიშის მატერიალური რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში მოძრაობს. რას ხედავთ? თქვენ დეკორაციების ელფერთა ცვლილებას ჭვრეტთ.
როგორც თქვენთვის ცნობილია, ვარიანტთა სივრცეში სხვადასხვა სექტორს განსხვავებული სცენარი და დეკორაცია აქვს. სექტორთა შეფარდებითი დაშორებიდან გამომდინარე განსხვავებები მეტ-ნაკლები სიძლიერით გამოვლინდება. მატერიალური რეალიზაციის მოძრაობა თანაბარზომიერად, ამიტომაც შეუმჩნევლად მიმდინარეობს. ამ მოძრაობას ისევე ვერ მოიხელთებთ, როგორც პატარა საათზე წუთების ისრის გადაადგილებას. ელფერთა აშკარა ცვლილება მხოლოდ ცხოვრების ერთი ხაზიდან მეორეზე საკმაოდ მკვეთრი გადასვლისას შეიგრძნობა. ასეთ შემთხვევებში თქვენნიშნებიგვხვდებათ, რომლებიც ცხადად იქცევენ თქვენს ყურადღებას.
ტრანზაქციის პროცესში მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაცია გარეგანი განზრახვის ქროლვას აძლიერებს. თქვენი აზრობრივი გამოსხივების პარამეტრები ძალზე განსხვავდება ცხოვრების მიმდინარე ხაზისგან. გასაღების გადატრიალება თქვენი აზრებით მოდულირებულ გამოსხივების ენერგიას აძლიერებს. შედეგად სექტორებში რეალიზაციის მოძრაობა ჩქარდება. ნათელი მზერა გამოსაღვიძებლად და ცვლილებათა შესამჩნევად განგაწყობთ. აი, რატომ ახერხებთ ქროლვის იმ რამდენიმე წამის განმავლობაში დეკორაციების ელფერთა ცვლილების შემჩნევას.
ტრანზაქცია გულგრილად შეასრულეთ, ისე, როგორც კბილებს იხეხავთ ან თმას ივარცხნით. ერთბაშად შეიძლება არ გამოგივიდეთ, ისევე, როგორც ორთვლიანი ველოსიპედის მართვა. არ შეიძლება იმ ფაქტის იგნორირება, რომ ტრანზაქციისას გარეგან განზრახვას ეხებით, ის კი მოუხელთებელია და კონტროლს არ ექვემდებარება. გირჩევთ, არასერიოზულად მიუდგეთ იმ ფაქტს, რომ უცებ არ გამოგივიდათ. სპონტანურად ეცადეთ, მცდელობების და ძალისხმევის გარეშე, თავად ტრანზაქციის ტექნიკას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ. სრულიად შესაძლებელია, რომ სათქვენოდ სულ სხვა ტექნიკა აღმოაჩინოთ. იმოქმედეთ ხანდახან და როგორც თქვენთვის მოსახერხებელია. რაც უფრო დაბალია თქვენთვის ტრანზაქციის მნიშვნელობა, მით უკეთესი იქნება შედეგი. თუ არ დაიძაბებით, ყველაფერი ადვილად გამოგივათ.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ტრანზაქციის ძალზე ხშირი გამეორებით მიზნისკენ მოძრაობა ჩქარ პროცესად გადაიქცევა. ეს მართლაც ასეა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ტრანზაქციის გამუდმებით და ყოველთვის უნაკლოდ, ანუ გულგრილად შესრულებას. ყველაფერს აფუჭებს სურვების ძველი ჩვევა. თუ ტრანზაქციებით საკუთარი თავის ტანჯვა გადაწყვიტეთ, ე.ი. თქვენ შედეგის დაუყოვნებლივ და რაც შეიძლება სწრაფად მიღების სურვილის ძლიერი პოტენციალი გაქვთ. პოტენციალი იმ შემთხვევაშიც იქნება, თუ მოქმედების აუცილებლობით განიმსჭვალებით და თავს ტრანზაქციის შესრულებას აიძულებთ. აუცილებლობა - ესეც ჭარბი პოტენციალია. ამიტომ, ყოველთვის მოგიწოდებთ, საკუთარ თავს მიზნობრივი სლაიდის ვიზუალიზაციით ასიამოვნოთ, და არა აიძულოთ აუცილებლობის გამო.
სურვილის და აუცილებლობის პოტენციალები განზრახვის ენერგიას იტაცებს, ამიტომ არავითარი ქროლვა არ წარმოიქმნება, ეს კი ნიშნავს, რომ ტრანზაქცია არ იმუშავებს. განსაკუთრებით დიდია შედეგის დანახვის სურვილი პირველ ხანებში. გირჩევთ, გამუდმებით მიაქციოთ ყურადღება თქვენი სურვილის მდგომარეობას. როგორც კი შედეგის მიღების სურვილს შეამჩნევთ თავს, შეისვენეთ და ტრანზაქცია თავიდან მოგვიანებით დაიწყეთ. თუ ტრანზაქციის ხარისხიანად შესრულების მცდელობაზე დაიჭერთ თავს, რის გამოც იძაბებით, კვლავ გადადეთ მცდელობები.
ტრანზაქცია მხოლოდ დრო და დრო შეასრულეთ, მხოლოდ თქვენი სიამოვნებისთვის და ცნობისმოყვარეობისთვის. ნუ ჩაიციკლებით ტრანზაქციებზე. ის მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ ვარიანტთა სივრცეში მოძრაობა საკუთარი თვალით დაინახოთ. ძირითადი ყურადღება კი ტრანსერფინგის სავარჯიშოებში მიზნობრივი სლაიდის ტრიალისკენ და ტრანსფერული ჯაჭვის მიმდინარე რგოლის რეალიზაციის პროცესის ვიზუალიზაციისკენ უნდა იყოს მიმართული. გარეგანი განზრახვა ისედაც მუშაობს, იმის მიუხედავად, ხედავთ თქვენ ამას თუ ვერ ხედავთ. მაგრამ ახლა თავისებური ილუმინატორი გაჩნდა ვარიანტთა სივრცეში. თქვენ შესაძლებლობა მოგეცათ, რეალურად დააკვირდეთ თქვენს მოძრაობას. ძალზე შთამბეჭდავია. იმედგაცრუებული არ დარჩებით.
დეკორაციების ელფერები
ახლა უფრო დაწვრილებით განვიხილოთ, კერძოდ რას ხედავთ ტრანზაქციის შედეგად. ეს ყველაფერი იმდენად წარმოუდგენელია, რომ საფუძვლიან ეჭვებს იწვევს. შესაძლოა, ეს ადამიანური აღქმის თვისებებით განპირობებული ილუზიაა? სადაა გარანტია, რომ სწორედ ელფერთა ცვლას ვაკვირდებით ერთი სექტორიდან მეორეში გადასვლისას?
როგორც უკვე ვთქვი, და თავადაც იცით, რომ სიზმარში ნაცნობი ადამიანების გარეგნობა მთლად ჩვეულებრივი არაა. სიზმარში, სარკეში ცქერისას თითქოს თქვენსას, მაგრამ იმავე დროს უცხო სახეს ხედავთ. ჩვეულ გარემოს სულ სხვა ხედი აქვს. იგივეა ქუჩები და სახლები, მაგრამ სხვაგვარად გამოიყურება. რეალური სამყაროც იცვლება დროთა განმავლობაში. სახლებს სხვა ფერად ღებავენ, ხეები იზრდება, ადამიანები ბერდებიან. ყველა ეს ცვლილება ბუნებრივია. და ამავე დროს მატერიალური რეალიზაციის მოძრაობა ერთ სწორ ხაზზე არ ხორციელდება. როგორ გავარჩიოთ ერთი ხაზის დეკორეციები მეორესგან?
შეიძლება ითქვას, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ისეთი გამოგონება, როგორიც ფოტოგრაფიაა. გადაათვალიერეთ ძველი ფოტოების ალბომები. პეიზაჟების შედარებისას სხვადასხვა ხაზის დეკორაციების ელფერთა განსხვავებების გამოყოფას ერთმნიშვნელოვნად ვერ შეძლებთ, რადგან გარემოს გარეგანი ხედი ბუნებრივი მიზეზებით სწრაფად იცვლება. უფრო თვალსაჩინო და საიმედო მეთოდი არსებობს. შეადარეთ ადამიანების სახეები დროის სხვადასხვა პერიოდის სურათებზე. თითქოსდა, ადამიანის გარეგნობა ასაკის მატებასთან ერთად ხაზობრივად უნდა იცვლებოდეს. მაგრამ სულ სხვა სურათს აკვირდებით.
სხვადასხვა ფოტოებზე გარეგნობა ძალზე განსხვავდება. თანაც ეს განსხვავებები ხაზოვანი ბუნების არაა. სხვადასხვა ვარცხნილობებს ყურადღება რომც არ მივაქციოთ და ადამიანის ცხოვრების შუა პერიოდის ფოტოები შევადაროთ, როდესაც სახე მნიშვნელოვნად არ ყალიბდება ან ბერდება, საგრძნობი განსხვავებები მაინც ვლინდება. იგივე ადამიანის სახეა, მაგრამ მაინც სხვაა.და საქმე იმაში სულაც არაა, რომ მას ასაკი მოემატა, ან ვარცხნილობა შეიცვალა, ან სხვა ემოციები ჰქონდა. მან სხვა კონტურები შეიძინა, მასში რაღაც სხვა გამოკრთა. სწორედ ესაა დეკორაციების ელფერთა სხვაობა. თქვენ ადრეც იცოდით, რომ ადამიანი იცვლება. მაგრამ, შესაძლოა, არ აქცევდით ყურადღებას ელფერთა დამახასიათებელ სხვაობას. გადაავლეთ თვალი ძველ ალბომებს და თავად დარწმუნდებით.
ზოგ ადამიანში ეს სხვაობა იმდენად შესამჩნევი შეიძლება იყოს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მასთან შეხვედრისას, ის შეიძლება უბრალოდ ვერ იცნოთ. ცხოვრების ხარისხობრივად სხვადასხვა პერიოდების საკუთარი ფოტოების შედარებისას, ელფერებში დიდ სხვაობას აღმოაჩენთ. შეიძლება წარმოდგენა შეგექმნათ, როგორ გამოიყურება თქვენი რეალიზაცია ვარიანტთა სივრცის ხარისხობრივად განსხვავებულ სექტორებში.
თავად ფოტოები კი, რომლებიც ალბომში აწყვია, ვიდრე თქვენ სექტორებში მოძრაობთ, - მათაც ხომ უნდა შეიძინონ სხვა ელფერი? მართალია, მაგრამ მარტივი საგნების ელფერები იმდენად უმნიშვნელოა, რომ მათი შემჩნევა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ტრანზაქციას შეასრულებთ ნათელი მზერის საწოლზე ან კარადაზე დაფიქსირებით, ვერავითარ ცვლილებას ვერ დაინახავთ. ამიტომ, გირჩევთ, ტრანზაქცია ქუჩაში გააკეთოთ, და არა მარტივ გარემოში, ასეთ შემთხვევაში ცვლილებები შესამჩნევი იქნება.
ცხოვრების ხაზი - ხარისხით დაახლოებით ერთგვაროვანი სექტორების ჯაჭვია. ერთი ხაზის დეკორაციები ასევე დაახლოებით ერთგვაროვანია. როდესაც თქვენი სამყაროს ნიშა სხვა ხაზზე გადადის, დეკორაციების შეცვლა ხდება. ხაზებს შორის განსხვავების ძალიდან და ხარისხიდან გამომდინარე დეკორაციების ცვლილება ან მსუბუქი ელფერების სახით, ან მნიშვნელოვანი გარდასახვის ფორმით ვლინდება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ სწორედ ელფერთა ხარისხობრივ სხვაობას აკვირდებით.
მაგრამ სადაა აქ დროში გადაადგილება, რომლის შესახებაც ვსაუბრობდი? ცხოვრების ხაზებზე ბუნებრივი სახით გადაადგილებისას, ჩვენ დროსთან სინქრონულად, როგორც მდინარის მიმართულებით მივცურავთ. მატერიალური რეალიზაცია ვარიანტთა სივრცეში მოძრაობს, როგორც ფირი კინოპროექტორში. ამ მოძრაობას აღვიქვამთ, როგორც დროის სვლას. მის მიმართ რომ გადაადგილება შევძლოთ, დინებაზე სწრაფად ან წინ უნდა წავიდეთ, ან უკან. ეს იგივეა, კადრმა რომ უცებ თავად ფირზე დაიწყოს გადაადგილება. ამ აზრით დროში მოგზაურობა მართლაც შეუძლებელია.
სხვა სიტყვებით, დროში წინ ან უკან გადაადგილებას ვერ შეძლებთ, ცხოვრების ხაზის ერთსა და იმავე წერტილში ყოფნისას. წინააღმდეგ შემთხვევაში მიზეზ-შედეგობრივი კავშირები დაირღვევა. მაგრამ დროში გადაადგილება ცხოვრების სხვადასხვა ხაზებს შორის თეორიულად შესაძლებელია. ტრანსერფინგში პასუხი კითხვაზე, როგორ კეთდება ეს, არ არის. და დროში გადაადგილება აქ სხვა რაკურსით განიხილება. რატომ ამოტივტივდება ხანდახან ტრანზაქციის დროს წარსულის შეგრძნებები? ეს ფენომენი დაახლოებით შემდეგნაირად შეიძლება აიხსნას.
სული ადრეული ბავშვობიდან ინტუიციით მიისწრაფოდა საკუთარი მიზნისკენ საჭირო კარების გავლით. იმ დროს ჯერ კიდევ მათკენ მიმავალ ცხოვრების ხაზზე იყავით. შესაძლოა, ოცნება გქონდათ. ან, შესაძლოა, თავადაც არ იცოდით, რა გსურდათ, მაგრამ თქვენმა სულმა იცოდა, რა გჭირდებათ. თუმცა ცხოვრებაში ჩვენ ყველანი უფრო დესტრუქციული ქანქარების ზეგავლენას ვემორჩილებით, ვიდრე ჩვენი გულის წადილს. რომ აღარაფერი ვთქვათ ნეგატიური განშტოებების გრძელ ჯაჭვზე, რომელსაც ნეგატივიზმისკენ მიდრეკილების გამო ყველა ადამიანი გადის. ამიტომ თქვენ თანდათან, სულ უფრო და უფრო აცდით იმ საწყის ხაზს, რომელიც მიზნისკენ მიდიოდა.
ტრანზაქციის შესრულებისას, თქვენ უკანა მიმართულებით გადაადგილდებით და ხვდებით ხაზზე, სადაც უკვე იყავით ადრე, თუმცა დროში პოზიცია ახლა უკვე სხვაა. ძველი ხაზის ის მონაკვეთი, რომლის გავლაც შეგეძლოთ, უკანაა დარჩენილი. მაგრამ თავად ხაზზე დაბრუნება შეძელით. ყოველ ხაზს მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური თვისებები, არომატები, ელფერები გააჩნია. სწორედ ამ ელფერებს გრძნობთ ნათელი მზერის მომენტში ტრანზაქციის ბოლოს. თუმცა, არ აურიოთ ერთმანეთში, მაგალითად, სახლის ხედი დილით და საღამოს.
სხვადასხვა ხაზების ელფერთა სხვაობა - სულ სხვა რამაა. როდესაც ამ განცდას შეიგრძნობთ, მიხვდებით, რას ვგულისხმობ.
სწორედ ესაა წარსულში დაბრუნება - წინ ცხოვრების ძველ ხაზებზე. შეიძლება, ეს ის არაა, რასაც ელოდით, მაგრამ ეს რეალურია. წარმოგიდგენიათ, როგორ დაიგრძელეთ გზა, როდესაც ბილიკიდან გადაუხვიეთ და ტყეში დიდხანს იხეტიალეთ? მაგრამ ახლა არა წარსულზე დარდის, არამედ სიხარულის დროა, რომ თანდათან კვლავ საკუთარ გზასუბრუნდებით. იცით, ადამიანთა უმეტესობა ხომ დაბრუნებას მაინც ვერ ახერხებს.
თუმცა სულაც არაა აუცილებელი, რომ იმ ხაზის ელფერი შეიგრძნოთ, რომელზეც ადრე იყავით. რადგან მიზნისკენ გზა შეიძლება ახალ ხაზზე იყოს, სადაც ჯერ არ ყოფილხართ. ასეთ შემთხვევაში ძველ ხაზზე დაბრუნება ან საერთოდ არ ხდება, ან ძალზე იშვიათად. ვარიანტთა სივრცეში ცხოვრების ხაზები ძლიერაა გადახლართული, და სულაც არ გვჭირდება გავარკვიოთ, მაინც როგორ მუშაობს ტრანსერფინგი. შესაძლოა, ერთ შემთხვევაში მოგეჩვენოთ, რომ ამ ელფერს სადღაც უკვე შეხვედრიხართ, მეორე შემთხვევაში კი ეს რაღაც ახალი იქნება. ნაცნობი ხედის დანახვაზე მოგეჩვენათ, რომ აქ რაღაც სიახლე, განსაკუთრებული ელფერია. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, არა ახალი დეტალები, რომელთა აღმოჩენა ყოველგვარი ტრანზაქციის გარეშეც შეგიძლიათ, არამედ სწორედ ახალი ელფერი, სტილი, განწყობა, მნიშვნელობა, თემა, წამიერი შეგრძნება.
თუმცა, ისედაც მიხვდებით, როდესაც ცდით. აუცილებლად გამოგივათ. ოღონდ მონდომებით ნუ გააკეთებთ. გონება თავისი ტოტალური კონტროლისკენ მიდრეკილებით ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს. როგორც კი საკუთარ თავს დაიჭერთ იმაზე, რომ მთელი ძალებით ელფერთა შემჩნევისკენ მიისწრაფით, აჯობებს, შეწყვიტოთ ეს საქმიანობა და მაშინ განაახლოთ, როდესაც შედეგის უმალ მიღების მწველი სურვილი გაგინელდებათ. გახსოვდეთ ტრანზაქციის შესრულების წესები - ის არ იმუშავებს, თუ დაიძაბებით. დამიჯერეთ, ყველაფერი ადვილად და ბუნებრივად გამოგივათ, თუ მხოლოდ „გარეგანი განზრახვის ნეკათითს შეარხევთ“. და პირიქით, ყველაფერი უნაყოფო ძალისხმევად იქცევა, თუ შედეგის მიღებას მონდომებით ეცდებით.
თუ ტრანზაქციისას ელფერთა ცვლას ვერ აფიქსირებთ, ე.ი. მიმდინარე ხაზის პარამეტრები ისედაც აკმაყოფილებს ჩატარებულ ვიზუალიზაციას. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრების მიმდინარე ხაზის გამოსხივებას ტრანსლირებთ და თქვენი მიზანი ამ ხაზზე წინ იმყოფება. მაგრამ, ასე თუ ისე, ტრანზაქციის შესრულებისას, დრო და დრო ელფერთა ტრანსფორმაციას შეამჩნევთ.
ელფერს არა მხოლოდ ნაცნობ ხედებსა თუ პეიზაჟებზე აღვიქვამთ. მაშინაც კი, როდესაც თქვენი ნათელი მზერა იმ სურათებზე ჩერდება, რომელთაც პირველად ხედავთ, რაღაც კარგად დავიწყებულის ან ახლის წამიერი განცდა ჩნდება. სწორედ ახლის, და არა უცნობის. როდესაც უცნობ ხედს უცქერთ, უბრალოდ თქვენთვის ფაქტის კონსტატაციას ახდენთ, რომ პირველად ხედავთ და ამ დროს განსაკუთრებულს ვერაფერს ამჩნევთ. ტრაქზაქციის პროცესში კი ცხადი შეგრძნება ჩნდება: სურათში ისეთი რაღაც გაკრთა, რაც რამდენიმე წამის წინ არ იყო. თქვენ ამას იგრძნობთ.
როდესაც ელფერს დაინახავთ, მისი რეალურობით გაოგნებული დარჩებით. გამოტყდით, წიგნის კითხვისას, ბოლომდე ხომ არ გჯეროდათ ვარიანტთა სივრცის და ცხოვრების ხაზების რეალურობა. როდესაც საკუთარი თვალით იხილავთ - ნუ შეშინდებით, ეს მისტიკა არაა. მაგრამ არც ადამიანური აღქმის თვისებაა, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. თქვენ მალე აღმოაჩენთ ცხოვრების ახალ ხაზზე გადასვლის სხვა ნიშნებსაც, რომლებიც არანაირად არაა დაკავშირებული აღქმასთან. შეიძლება იგრძნოთ, რომ გარშემომყოფი ადამიანების განწყობა თქვენდამი უმიზეზოდ უკეთესობისკენ შეიცვალა. თქვენი ზოგიერთი ყოველდღიური პრობლემა სადღაც გაქრა. ზოგადად, თავად შეამჩნევთ, ყოფითი ცხოვრების რომელი ატრიბუტები შეიცვალა, თუმცა საამისოდ ხილული მიზეზები არ ყოფილა. მაგალითად, მრავალი წლის წინ გაჩერებული საათი შეიძლება ამუშავდეს.
ზოგადად, ჩვეულებრივ პირობებში საათი მამოძრავებელი დეტალების ბუნებრივი დაბინძურების გამო ჩერდება. საკმარისია მათი გაწმენდა, და ის ამუშავდება. თუმცა ძალზე ხშირად საათები და საყოფაცხოვრებო ტექნიკის რთული მექანიზმები თავისთავად ფუჭდება ან ტყდება, როდესაც მათი პატრონები წონასწორობის მდგომარეობიდან გამოდიან. ასე ხდება მღელვარე, სტრესულ, კონფლიქტურ სიტუაციებში. მექანიზმების დაზიანება ჭარბი პოტენციალების ენერგიით არაა გამოწვეული - მისი სიდიდე საკმაოდ მცირეა და დიფერენცირებულად არაა მიმართული, რომ რაიმე მექანიკური ცვლილება გამოიწვიოს.
ნეგატიური განცდების ენერგია იწვევს ცხოვრების ისეთ ხაზზე გადასვლას, სადაც წონასწორობა დარღვეულია, სადაც ცხოვრების მშვიდი მდინარება დაირღვა, სადაც ნორმიდან გადახრა აღინიშნება. ასეთ ხაზებზე ყველაფერი თითქოს იგივე რჩება, მაგრამ რაღაც ისე არაა, აღელვებულია, არასწორია. თითქოს სცენაზე დეკორაციები იგივე დარჩა, განათება კი შეიცვალა, ან გამჭვირვალე ჰაერს ჯანღი შეერია, ან წყალი აიმღვრა. სწორედ ეს სუსტი ცვლილებები ზემოქმედებს მგრძნობიარე რთული ხელსაწყოების და ზუსტი მექანიზმების მუშაობაზე, რომელთათვისაც მსუბუქი ჯანღი შესამჩნევი ხდება.
არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთა ხელში ყველაფერი „იწვის“. ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ გამუდმებით ნორმალური წონასწორობიდან გადახრილ მდგომარეობაში იმყოფებიან - ისინი ან ძალზე დაბნეულები, ან აღელვებულები, ან დაძაბულები, ან შეწუხებულები არიან. ამ უბედურთა ბუნდოვან ხაზებზე მოხვედრილი მგრძნობიარე ხელსაწყოები წყობიდან გამოდიან. ჰოდა, თუ თქვენი საათი კვლავ ამუშავდა, ე.ი. თქვენ ცხოვრების სუფთა ხაზზე გადასვლა შეძელით. მაგრამ ნუ აგაღელვებთ, თუ საათს მუშაობა არ სურს, შეიძლება, ის უბრალოდ ხელოსანთანაა მისატანი.
ახლა იცით, რომ არა მხოლოდ ვარიანტთა სივრცეში, არამედ გარკველი აზრით დროშიც მოგზაურობთ. წარსულს ვერ დააბრუნებთ. მაგრამ სიახლის, იმედის და ბედნიერების იმ ცინცხალი შეგრძნების დაბრუნება შეიძლება, რომელიც ნეგატიური განშტოებების ჯაჭვზე მოძრაობისას დაიკარგა. წიგნის დასაწყისში უკვე ითქვა, რატომ იკარგება დროთა განმავლობაში ცხოვრების სიქორფის შეგრძნება. თქვენი მიზნისკენ სვლა - წარსულში დაბრუნებაა, როდესაც ნაყინი გემრიელი იყო, იმედები ფერადი, და ცხოვრებაც ხალისიანი და პერსპექტიული ჩანდა. გულს ნუ გაიტეხთ, წარსული წინაა!
სრიალი
ბოლოს და ბოლოს, იმ მომენტს მივაღწიეთ, როდესაც მეთვალყურის გამოცანაზე პასუხის მისაღებად მზად ხართ. მტკიცება, რომ ყოველ ადამიანს საკუთარი ბედის რეალურად თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს, გამოცანას წარმოადგენს მანამ, სანამ გაურკვეველი რჩება დამოკიდებულების, ანუ არათავისუფლების,წარმოშობა. ახლა, წიგნში ნათქვამის საფუძველზე, პასუხის გაცემა შემიძლია.
თქვენ თავისუფლებას ჰპოვებთ, როდესაც ბრძოლას წყვეტთ.
ხედავთ, პასუხი ძალზე უბრალო და მოკლეა, როგორც ალქიმიკოსების საიდუმლო ზურმუხტის ფილაზე. მაგრამ პასუხი რომ წიგნის დასაწყისში მომეცა, ვერაფერს გაიგებდით, განა ასე არაა? დამოკიდებულება იმაში მდგომარეობს, რომ თავსმოხვეულ ბრძოლაში მონაწილეობთ. როგორც კი სიზმარში გამოიღვიძებთ, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ბრძოლას შეწყვეტთ და ბრძოლის ველს დატოვებთ, თქვენ უკვე აღარაფერი გაკავებთ. ბრძოლა თქვენს გარეშე გრძელდება, თქვენ კი თავისუფალი ხართ და საითაც გნებავთ წახვალთ, და აარჩევთ იმას, რაც გსურთ.
სამყარო, როგორც სარკე, თქვენს მისდამი დამოკიდებულებას ირეკლავს. როდესაც სამყაროთი უკმაყოფილო ხართ, ის ზურგს გაქცევთ. როდესაც ებრძვით სამყაროს, ის თქვენ გებრძვით. როდესაც წყვეტთ ამ ბრძოლას, სამყარო თქვენს შესახვედრად მოდის.
დაბადებიდანვე ქანქარებმა თქვენი ადგილი მიგითითეს სამყაროში. მსოფლმხედველობის შაბლონი თავს მოგახვიეს, თამაშის წესები აგიხსნეს, როლი გამოგიყვეს და ამით განპირობებულობის ფუტლიარში ჩაგკეტეს. და იმავე დროს დამოუკიდებლობის ყალბი დეკლარაცია გამოსცეს. ამ დეკლარაციის თანახმად არჩევა შეგიძლიათ. თქვენ ძაფზე ჩამოგკიდეს, როგორც მარიონეტი, და „გაგიშვეს“ - თითქოს, ისურვეთ, რაც გნებავთ, და მიაღწიეთ, როგორც გნებავთ. თქვენ ძაფზე ხტუნავთ და მიღწევას ლამობთ, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ თქვენ მიგახვედრებენ, რომ უფრო შეუპოვრად უნდა ებრძოლოთ საკუთარ თავს და სამყაროს, რათა მზის ქვეშ ადგილი მოიპოვოთ. ასეთია ქანქარათა თამაშის წესები: „იბრძოლე და გააკეთე ისე, როგორც მე“.
თქვენ მხოლოდ ბრძალაში მონაწილეობის თავისუფლებით ისარგებლეთ. დიახ, ესეც არჩევანია. თქვენ ყოველთვის იმას იღებთ, რასაც ირჩევთ, - ეს ურყევი კანონია. ქანქარათა ბრძოლაში ადამიანს გამარჯვება არ შეუძლია - მას მხოლოდ ჯილდოს მიღება ძალუძს, მაგრამ ამასაც ერთეულები აღწევენ. ქანქარათა ამოცანა ჭეშმარიტი თავისუფლების დაფარვაა. სინამდვილეში არავის ძალუძს ბრძოლაში მონაწილეობა გაიძულოთ. მხოლოდ შთაგონებაშეუძლიათ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს. და მართლაც ასეა: სხვა გამოსავალი არ არის მანამ, ვიდრე მნიშვნელოვნების ძაფს ეჭიდებით.
თავისუფლების მოსაპოვებლად, მნიშვნელოვნებაზე უარის თქმაა საჭირო - არაფერს მიანიჭოთ გადამეტებული მნიშვნელობა არც საკუთარ თავში და არც მის გარეთ. უმეტეს შემთხვევებში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვნება ჩამოიბერტყოთ, გამოღვიძება და დამოკიდებულების ცნობიერი შეცვლაც საკმარისია. ჩვენ ყველას ზეზეულად გვძინავს და მექანიკურად ვთამაშობთ საკუთარ როლებს. ჩვენი ძილის სიღრმე ისევ და ისევ იმ მნიშვნელობის პროპორციულია, რომელსაც თავად ვანიჭებთ თამაშის მთელ ატრიბუტებს, ამიტომ ჩვენი მნიშვნელოვნების ტყვეები ვართ.
მაგრამ ჩვენი დამოკიდებულების შეცვლის მცდელობა ისევ ბრძოლა ხომ არაა? არა. თქვენ საკუთარ თავს ებრძვით, როდესაც ემოციებისშეკავებას ცდილობთ. ახლა, როდესაც თქვენთვის ცნობილია, რაში მდგომარეობს ქანქარათა თამაში, შეგიძლიათ ცნობიერად, საკუთარი თავის იძულების გარეშე შეცვალოთ თქვენი მასთანდამოკიდებულება. ამგვარად თქვენ ბრძოლის მაგივრად თავისუფლებას ირჩევთ. თავად აწესებთ თამაშის წესებს. ახლა თქვენი თამაში ქანქარასთან მისი თამაშის წესების დარღვევაში მდგომარეობს. ასეთი თამაში ბრძოლას თიხის ტიკინასთან სახალისო შერკინებად აქცევს. თქვენ თითქოს აცნობიერებთ: ყველაფერი რაც ხდება - მხოლოდ და მხოლოდ ზეზეულად ძილია. როდესაც სცენიდან მაყურებელთა დარბაზში ინაცვლებთ, უცებ ხვდებით, რომ თქვენი გადასაწყვეტია, გააგრძელოთ ბრძოლაში მონაწილეობა თუ უბრალოდ წახვიდეთ და კუთვნილი აიღოთ.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნების ძაფების უცებ დაწყვეტა არ გამოგივათ. შეუძლებელია ასე ერთბაშად ჭარბი ღირებულებების და კომპლექსების მოშორება. და არც არის საჭირო მოშორება, რადგან ეს ისევ ბრძოლაა! საქმე იმაშია, რომ მნიშვნელოვნების ძაფები თანდათან თავად დაწყდება, როდესაც ბრძოლას შეწყვეტთ. ნებისმიერი მნიშვნელოვნება, რომლის მოცილებაც ცნობიერად შეგიძლიათ, - მოიშორეთ. ის, რასაც ვერ იშორებთ, - მოქმედებად აქციეთ. აზრობრივად მიზნობრივი სლაიდი ატრიალეთ, პროცესის ვიზუალიზაცია შეასრულეთ და მშვიდად გადაგით ნაბიჯები მიზნის მიმართულებით - სწორედ ეს იქნება თქვენი მოქმედება. ბრძოლაზე უარის თქმა - ესეც მოქმედებაა. მიეცით საკუთარ თავს და სამყაროს საშუალება ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან. როგორც კი ბრძოლაზე უარს იტყვით, თავისუფლება დღითი დღე უფრო და უფრო საგრძნობი გახდება.
ასევე შეუძლებელია ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული პრობლემების ტვირთისგან ერთბაშად გათავისუფლება. მაგრამ, კოორდინაციის პრინციპის დაცვით, თქვენ უღრანი ტყიდან თანდათან სწორ გზაზე გამოხვალთ. გარანტია არაა, რომ უცებ ყველაფერი კარგად გამოგივათ. თქვენ ქანქარების პროვოკაციები, წინაღობები და იმედგაცრუება გელოდებათ. მთავარია, გული არ გაიტეხოთ, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეთ. დროთა განმავლობაში ყველაფერი მოგვარდება, თქვენ ხომ ხელთ ბედის მართვის ძლიერი ტექნიკა გაქვთ.
თუ მოახერხეთ და განიმსჭვალეთ ცნობიერებით, რომ თქვენი ცხოვრების მოვლენების მართვა შეგიძლიათ, თუ თავდაჯერებულობა შეიძინეთ და აღმავლობას გრძნობთ - უსიამოვნო სიურპრიზებს ელოდეთ. უფრო მოსალოდნელია, რომ ცხვირში წკიპურტი მიიღოთ ამა თუ იმ ძალისგან, თავდაჯერებულობის და აღმავლობის ინტენსივობის მიხედვით. ეს წონასწორული ძალების რეაქციაა თქვენს ჭარბ პოტენციალზე. ნუ აყვებით ცდუნებას, საკუთარი თავი პიესის „ჩემი ცხოვრება“ მეთოჯინედ ან დამდგმელ-რეჟისორად წარმოიდგინოთ.
რა თქმა უნდა, თქვენ მართლაც რეჟისორი ხართ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ბედის. მაგრამ პიესაში „ჩემი ცხოვრება“ მხოლოდ თქვენ არ თამაშობთ, არამედ გარშემომყოფებიც. ამიტომ უმცირესი ამპარტავნება და თავდაჯერებულობა ჭარბ პოტენციალს ქმნის. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სულაც არ ხართ ამპარტავანი, მაგრამ სინამდვილეში არავინაა უზადო. თქვენ ძალზე ძლიერი ძალის გასაღები მოიპოვეთ, ამიტომ უზადობიდან მცირე გადახრაც კი საგრძნობ შედეგებს იწვევს.
იდეალურ ვარიანტში, გაცნობიერება იმისა, რომ ყოველი ადამიანი საკუთარი ბედის ბატონ-პატრონია, სრულიად ჩვეულებრივი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ, რომ მოგცეს მოწმობა, რომლის თანახმადაც გაზეთების ყიდვა ქალაქის ნებისმიერ კიოსკში შეგიძლიათ. გაგიხარდებათ? არა მგონია, ეს ხომ ისედაც თქვენი უფლებაა. ხომ არ გეწყინებათ, ერთ კიოსკში თუ ვერ შეიძენთ გაზეთს? ან სხვა კიოსკში იყიდით, ან საერთოდ არ შეიძენთ ამჯერად. ზუსტად ასევე უნდა მიუდგეთ თქვენი ცხოვრების მოვლენების მართვის ამ ახალ უნარს.
კიდევ ერთი საკითხის შესახებ უნდა გაგაფრთხილოთ. ტრანსერფინგი სხვა ადამიანისთვის ზიანის მისაყენებლად არ უნდა გამოიყენოთ. ვიზუალიზაციით მტრული განზრახვის მიმართვით, შეგიძლიათ შური იძიოთ ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე, ვინც გაღიზიანებთ, და ეს გამოგივათ. მაგრამ შემდეგ პრობლემები გელოდებათ. არ გირჩევთ შავი მაგიის გამოყენებას. ნუ გააკეთებთ ამას, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ თქვენი შურისძიება სრულიად სამართლიანია. თუ მაინც ვერ გაუძელით ცდუნებას და მტერს უსიამოვნებები გაუგზავნეთ, ელოდეთ პირველ გაფრთხილებას - ნიშანს თავად დაინახავთ. ხოლო თუ არ შეჩერდებით, დაისჯებით. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ყველანი სტუმრები ვართ ამ სამყაროში. ასეთია თავისუფლების პირობები: არჩევა შეგიძლიათ, მაგრამ რაიმეს შეცვლა - არა.
როგორც ცნობილია, ძველი ცივილიზაციები დაიღუპა. მათგან მხოლოდ ნამსხვრებია შემორჩენილი ნაგებობების, მაგალითად ეგვიპტის პირამიდების, და რაღაც საიდუმლო მაგიური ცოდნის გაუგებარი ფრაგმენტების სახით. ადამიანებმა, რომლებიც გარეგანი განზრახვის ძალას დაეუფლნენ, ძალზე დიდი სიძლიერე შეიძინეს და ამიტომ არა უბრალოდ დაისაჯნენ, არამედ განადგურდნენ წონასწორული ძალების მიერ. ატლანტიდას მსგავსი ცივილიზაციები ბევრი ყოფილა. ყოველთვის, როდესაც ადამიანები გარეგანი განზრახვის ძალას ეუფლებოდნენ, ივიწყებდნენ, რომ მხოლოდ სტუმრები არიან. მაგრამ, როგორც ცნობილია, თავხედ სტუმარს გარეთ მიაბრძანებენ.
განსაკუთრებით ნაცნობებთან და ახლობლებთან ტრაბახს უნდა ერიდოთ. თუ ხმამაღლა განაცხადებთ, რომ თქვენსას მიაღწევთ, წარმატების შანსები მკვეთრად შემცირდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარი თავის რწმენა თავდაჯერებულობაში გადადის. როდესაც თქვენთვის იცით, რომ თქვენსას მიაღწევთ, წონასწორობას არ არღვევთ. ეს ცოდნა, როგორც ასეთი, საკუთრივ თქვენში არსებობს. მაგრამ თუ სხვებთან აცხადებთ, რომ მიიღებთ იმას, რაც ჯერ არ გაქვთ, ჭარბ პოტენციალს ქმნით. ამ დროს პოტენციალის აღმოფხვრისკენ მიმართული წონასწორული ძალები ერთვება. აქედან დასკვნა: უკეთესია მოკრძალებულად მოვიქცეთ და ენას კბილი დავაჭიროთ. რა თქმა უნდა, როდესაც მიზანს მიაღწევთ, შეგიძლიათ გაერთოთ, მაგრამ ყოველგვარი აღფრთოვანებისა და ეიფორიის გარეშე, თორემ წონასწორული ძალები სათამაშოს წაგართმევთ.
თქვენი აღფრთოვანება დღესასწაულის განზრახვად აქციეთ. გამოიყენეთ თქვენი არჩევანის უფლება და თავს ფუფუნების უფლება მიეცით, ცხოვრება, რომელიც ახლა არ გაკმაყოფილებთ, დღესასწაულად აღიქვათ. ახლა დღესასწაულის არა ილუზორული, არამედ რეალური საფუძველი - თავისუფლების მოპოვების იმედი - გაჩნდა. თქვენ მშვიდი სიხარული დაგეუფლებათ, როდესაც გააცნობიერებთ, რომ მიზნისკენ მიდიხართ, ამიტომ დღესასწაული მუდამ თქვენს გვერდით იქნება. ამ მშვიდ სიხარულს წონასწორული ძალებიც კი ვერ დააზიანებს.
კოორდინაციის პრინციპის შესაბამისად, თუ თქვენ, მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებას დღესასწაულად აღიქვამთ, - ე.ი. ასეც იქნება.
ახლა ბრძოლის გაგრძელების აუცილებლობა აღარაა. კუთვნილს ისედაც მიიღებთ. ბრძოლაზე უარის თქმით, თქვენს ძაფებს წყვეტთ და თავისუფლებას იღებთ, ისე რომ საყრდენს არ კარგავთ. საყრდენი - ვარიანტების დინებაა. უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი აუცილებლად განხორციელდება. თქვენი აზრების გამოსხივება სამიზნე ხაზზე მომართეთ, და მაშინ დინება სწორედ თქვენი მიზნისკენ იქნება მიმართული. არ არსებობს ისეთი ძალები, რომელთაც მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხელის შეშლა შეუძლია, თუ დინების მიმართულებით მოძრაობთ, წონასწორობას ინარჩუნებთ და კოორდინაციის პრინციპს იცავთ. თქვენ უკვე აღარ ხართ ქაღალდის გემი გარემოებათა ტალღებზე და არც ქანქარათა მარიონეტი. თქვენ იალქანი გაქვთ - სულისა და გონების ერთობა. საჭეც არის - თქვენი არჩევანი. თქვენ ვარიანტთა სივრცეში გარეგანი განზრახვის ქარის გამოყენებით სრიალებთ.
რეზიუმე
გასაღების გადატრიალება მომჭერებს უშვებს და განზრახვის ენერგიას ათავისუფლებს.
ტრანზაქცია: გასაღების გადატრიალება, ვიზუალიზაცია, ნათელი მზერით ფიქსაცია.
ტრანზაქციის შედეგად თქვენ დეკორაციების ელფერთა ცვლას ხედავთ.
ტრანზაქციის ტექნიკას გადამეტებულ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ.
ტრანზაქცია თავისუფლად და დაუძაბავად შეასრულეთ.
ნუ აიძულებთ თავს, ტრანზაქცია ხშირად შეასრულოთ.
სრულიად საკმარისია მიზნობრივი სლაიდი და პროცესის ვიზუალიზაცია.
ტრანზაქცია მხოლოდ სივრცეში მოძრაობაზე დაკვირვებას ემსახურება.
თქვენი მიზნისკენ მოძრაობა - თქვენი სამყაროს ნიშის განახლებაა.
სამყარო, როგორც სარკე, თქვენს მისდამი დამოკიდებულებას აირეკლავს.
ბრძოლის შეწყვეტით თავისუფლებას იძენთ.