ადამიანთა სისტემის ევოლუციური არქეტიპები

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, მოცემული ტექსტი წარმოადგენს ჩემს პირად მოსაზრებას დ...

img

ავტორი: იოანე შენგელია

ძვირფასო მკითხველო, მოცემული ტექსტი წარმოადგენს ჩემს პირად მოსაზრებას და დასკვნებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

1. ევოლუციის დონეების თანმიმდევრობა

დავსვათ ამოცანა: წარმოიდგინეთ რომ რაიმე A სისტემა მოხვდა უცხო სისტემების გარემოცვაში. როგორ მოიქცევა ეს სისტემა ამ უცხო სიტუაციაში?

ცხადია, პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის სისტემაზეა საუბარი. არაცოცხალი სისტემები, როგორიცაა ფიზიკური სხეულები, სხვადასხვა უსულო მატერიები, და ა.შ. სხვაგვარად მოიქცევიან. მცენარეული სისტემა სხვაგვარად მოიქცევა. ცხოველური სისტემა სხვაგვარად მოიქცევა, და ადამიანთა სისტემაც სხვაგვარად მოიქცევა.

რამდენადაც თვალსაჩინოა, ევოლუციური გავითარება, პირობითად (ხაზს ვუსვამ - პირობითად), იყოფა ოთხ დონედ (უფრო მაღალ დონეებზე წვდომა არ გვაქვს). პირველი - ეს არის არაცოცხალი, მინერალური ფაზა. მეორე - მცენარეული, მესამე - ცხოველური, მეოთხეც - ადამიანური.

კიდევ ერთხელ: ეს არის ევოლუციური გავითარების პირობითი დაყოფა ოთხ დონედ. შესაძლოა ჩამოყალიბდეს ევოლუციის უამრავი დონე და ქვედონე, ქვექვედონე და ა.შ. ევოლუციური გზის მთელი დიფერენცირებული სისტემა. მაგრამ, ყველაზე „მარტივი“ და არსობრივი, რაც ზედაპირულადაც ჩანს - ეს არის ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი დონე.

პრინციპში, მოცემულ სტატიაში არ არის საუბარი ბიოლოგიაზე, ამიტომ ევოლუციის დეტალებში და დონეებში არ ჩავრღმავდებით. ჩვენთვის საკმარისია ეს პირობითი ოთხი დონე, რადგან სტატია სულ სხვა მიზანს ემსახურება.

ამრიგად, სტატიის დასაწყისში დასმული ამოცანის პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ სისტემა ევოლუციის პირობითად რომელ დონეს ეკუთვნის. ევოლუციის ყოველ დონეს მოქმედების სხვადასხვა მოდელი აქვს, და სისტემის მოქმედებაც განისაზღვრება იმით, თუ ევოლუციის რომელ დონეს ეკუთვნის ის (სისტემა).

იდეა ასეთია: თუ ევოლუციის პირობითად ეს ოთხი დონე უბრალოდ ოთხი ელემენტისგან შემდგარი სიმრავლეა, მაშინ ყოველი სისტემა ეკუთვნის ერთ-ერთს ამ ოთხი დონიდან (ერთ-ერთ კლასში შედის). ეს იმ შემთხვევაში, თუ ევოლუციის დონეები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი „ელემენტებია“.

მაგრამ, რეალურად, ევოლუციის დონეებს შორის არსებობს გარკვეული სტრუქტურა - ეს არის იერარქიისა და თანმიმდევრობის პრინციპი. ეს გულისხმობს იმას, რომ ყოველი მომდევნო დონე მოიცავს საკუთარ თავში წინა დონესაც, რომელიც, თავის მხრივ, თავის წინა დონეს მოიცავს საკუთარ თავში, და ა.შ.

ეს კი ნიშნავს, რომ თუ სისტემა ეკუთვნის მინერალურ დონეს, მაშინ ის ეკუთვნის მხოლოდ მინერალურ დონეს. მაგრამ, თუ სისტემა ეკუთვნის მცენარეულ დონეს, მაშინ ის ეკუთვნის მინერალურ დონესაც, რადგან მცენარეული დონე არის მინერალურის „შემდგომი“, ესეიგი, მოიცავს საკუთარ თავში მინერალურს.

ანალოგიურად, თუ სისტემა ეკუთვნის ცხოველურ დონეს, მაშინ ის საკუთარ თავში მოიცავს მცენარეულ დონესაც და მინერალურ დონესაც. და ადამიანურ დონეზეც იგივე ითქმის, ანალოგიურად.

ამრიგად, სტატიის დასაწყისში დასმულ ამოცანაზე პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ევოლუციურ დონეს ეკუთვნის A სისტემა. თუ ის ეკუთვნის მინერალურს, მაშინ ის მოიქცევა მინერალურად, თუ ის ეკუთვნის მცენარეულს, მაშინ ის მოიქცევა მცენარეულად, და ა.შ.

ახლა კი საჭიროა დავაკონკრეტოთ, თუ რას ნიშნავს „მინერალურად მოქცევა“, „მცენარეულად მოქცევა“, და ა.შ. რას ნიშნავს, რომ ყოველი მომდევნო დონე საკუთარ თავში წინასაც მოიცავს და როგორ აისახება ეს მის მოქმედებაზე, და ა.შ. გავყვეთ თანმიმდევრულად:

2. „ქცევის“ გამომჟღავნება

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან.. პირობითად პირველი დონე - ეს არის მინერალური (არაცოცხალი) დონე. რა ახასიათებს ასეთ სისტემებს? ისინი არიან მექანიკურნი, ესეიგი, თავიდან ბოლომდე ემორჩილებიან ფიზიკის კანონებს.

თქვენ ალბათ იტყვით, რომ ბუნებაში არ არსებობს მოვლენა, რომელიც ფიზიკის კანონებს არ ემორჩილება. ასეა, ცხადია, ადამიანებიც ფიზიკის კანონებს ვემორჩილებით. უბრალოდ, განსხვავება ის არის, რომ ჩვენ გვაქვს ინდივიდუალურობის შეგრძნება და არჩევანის შესაძლებლობა (არჩევანის ილუზია მაინც). არაცოცხალი დონე კი „არ ფიქრობს“, ამიტომ ის მექანიკურად მოძრაობს გარემოს პირობების შესაბამისად, ამ ტერმინის აბსოლუტურად ფიზიკური გაგებით.

მეორე დონე - ეს არის მცენარეული დონე. როგორც ვთქვით, მცენარეული დონე საკუთარ თავში წინა (მინერალურ) დონესაც მოიცავს, მაგრამ რაღაც ახალსაც ამატებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარეული სისტემაც მექანიკურია და, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება მინერალური სისტემებისგან. თუმცა, მცენარე „უფრო ცოცხალია“, რადგან მასში არსებობს თვითგადარჩნის მექანიზმის ჩანასახები, „მეს“ ჩანასახები. თუ მინერალური სისტემის მოძრაობები თავიდან ბოლომდე მექანიკურია, მცენარეული სისტემის მოძრაობებს ბიოლოგიური ფაქტორებიც განსაზღვრავენ, გარდა მექანიკურისა (მაგალითად, მზისკენ თავის შეშვერა, ზრდა, და ა.შ. რაც იმის მანიშნებელია, რომ მცენარე ცოცხალია და გადარჩნას ცდილობს).

მომდევნო დონე - ცხოველური. ცხოველური სისტემა საკუთარ თავში შეიცავს მინერალურ საწყისებსაც და მცენარეულ საწყისებსაც, მაგრამ ის გაცილებით უფრო აღმატებულია, ვიდრე მცენარეული სისტემა. მას მცენარეზე მეტი შეუძლია, თუნდაც იმიტომ, რომ მცენარე საკუთარ ფესვებზეა მიჯაჭვული, ხოლო ცხოველს შეუძლია მოძრაობა.

ვინაიდან, მცენარე ფესვებზეა მიჯაჭვული, ამიტომ მას „ისღა დარჩენია“ შეისწავლოს თავისი გარემომცველი გარემო და გამოცდილება დააგროვოს. ეს არის მისი ფუნქცია. ცხოველური სისტემა მოიცავს მცენარეულს, ამიტომ მასაც აქვს გამოცდილების დაგროვების უნარი და ფუნქცია, მაგრამ ის არ არის მიჯაჭვული ფესვებს (მოძრაობა შეუძლია), ამიტომ მას ახალი უნარიც ემატება - ახალ მიწაზე გადასვლის და ადაპტაციის უნარი.

ამიტომ, მცენარე ირგებს გარემოს მოცემულობას (სხვა გზა არ აქვს) და აგროვებს იმ გარემოს გამოცდილებას დაწვრილებით, რომელშიც იმყოფება. ხოლო, ცხოველური სისტემა, გარდა იმისა, რომ გამოცდილების დაგროვების უნარი აქვს (რადგან მცენარეულს მოიცავენ), მათ ასევე აქვთ გადაადგილების საშუალება, რითაც ახალ ლანდშაფტზე გადადიან და ერგებიან ახალ მოცემულობას.

ეს ძალიან საკვანძო საკითხებია, რომლებიც თავს იჩენენ ადამიანის საკმაოდ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ასპექტებში.

უკანასკნელი დონე (ამაზე მეტზე წვდომა არ გვაქვს, ჯერჯერობით მაინც) - ეს არის ადამიანური დონე. ეს ის სისტემაა, რომელმაც მრავალჯერ უფრო მეტი გარღვევა მოახდინა განვითარების მხრივ, ვიდრე ყველა სხვა ქვედა სისტემამ, ერთად აღებულმა. ადამიანში ყველაზე უფრო სრულყოფილად გამომჟღავნდა „მეს“ ცნება და ცნობიერება. ადამიანთა სისტემა საკუთარ თავში მოიცავს ქვედა სამ დონესაც, ცხადია, ამიტომ ადამიანთა სისტემაში არსებობს მექანიკურობის არქეტიპები (მინერალური), გამოცდილების დაგროვების არქეტიპები (მცენარეული), ადაპტაციის არქეტიპები (ცხოველური), და რაც მთავარია - ცნობიერების არქეტიპები (ადამიანური).

მინერალური დონე ასოცირდება მექანიკურობასთან, მცენარეული დონე ასოცირდება გამოცდილებასთან, ცხოველური დონე ასოცირდება ადაპტაციასთან, ხოლო ადამიანური დონე ასოცირდება წვდომასა და გარღვევასთან.

პირობითად რომ ვთქვათ, მინერალური დონე არის გარემოს „ქვემოთ“, რადგან ის აბსოლუტურად მექანიკურია. მცენარეული (რომელიც ირგებს გარემოს) და ცხოველური (რომელიც ერგება გარემოს) დონეები არიან გარემოს „თანაბარნი“. ხოლო ადამიანური დონე არის გარემოზე „მაღლა“, ანუ მასში არის პოტენციალი გარემოზე ამაღლდეს და ზესისტემას შეერწყას.

3. ადამიანთა სისტემა

ადამიანთა სისტემა, როგორც უკვე ვთქვით, საკუთარ თავში შეიცავს ყველა სხვა ქვედა დონესაც. მაშასადამე, ადამიანთა სისტემაში ვლინდება ოთხივე ევოლუციური დონე (პროგრამა). მაგრამ, არის აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტი:

შენიშვნა 1: ევოლუციური ოთხი დონის სისტემა სამართლიანია არა მარტო ფიზიკურ დონეზე, არამედ მეტაფიზიკურ დონეზე (ინფორმაციისა და იდეების სივრცეში). ამიტომ, არსებობს რვა პროგრამა (4 ფიზიკური და ანალოგიურად - 4 მეტაფიზიკური), რაც აქვს ადამიანთა სისტემას, შესაბამისად, ფიზიკურ და მეტაფიზიკურ გარემოსთან მიმართებით.

შენიშვნა 2: არა ყოველ ადამიანს აქვს სათითაოდ რვავე პროგრამა, არამედ ადამიანთა ჯგუფებს. სათითაოდ ადამიანებს კი შეიძლება ჰქონდეთ ამ რვა პროგრამიდან რამდენიმე, მაგრამ ადამიანთა ჯგუფებს რვავე აქვთ. ამაზე მოგვიანებით ვიტყვი.

ამრიგად, განვიხილოთ როგორ ვლინდება თითოეული ეს პროგრამა ადამიანთა სისტემაში. ეს ძალიან მარტივია.. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს ამა თუ იმ პროგრამის „ქცევა“ ადამიანის სისტემაში, მე თქვენ დაგისვამთ შეკითხვას: რას აკეთებთ, როდესაც უცხო გარემოში ხვდებით?

ზოგიერთი თქვენგანი იტყვის, რომ ცდილობს მოერგოს ახალ სიტუაციას, ადაპტირდეს მასთან. ზოგიერთი თქვენგანი იტყვის, რომ ცდილობს სხვა სიტუაციებში დაგროვილი გამოცდილება გამოიყენოს, ან ახალი გამოცდილება დააგროვოს. ზოგიერთი თქვენგანი იტყვის, რომ თავიდანვე მთელს სიტუაციას აუღებს ალღოს და სათავეში დადგება.

უცხო გარემოში იგულისხმება როგორც უცხო ფიზიკური სივრცე - უცხო კოლექტივი, უცხო ადგილი დედამიწაზე, და ა.შ., ასევე უცხო მეტაფიზიკური სივრცე - ახალი ინფორმაციული მასალა, ახალი ცოდნა და იდეები (გაიხსენეთ შენიშვნა 1). ზემო აბზაცში მოცემული მოდელი მუშაობს, ფაქტობრივად, ორივე შემთხვევაში - ფიზიკურ და მეტაფიზიკურ დონეზე. ორივე შემთხვევაში არსებობს მოქმედებათა სხვადასხვა ვარიანტები:

ადაპტაცია (ახალ ფიზიკურ ან იდეურ მოცემულობასთან)

გამოცდილების გამოყენება ან ახლის დაგროვება (ახალ ფიზიკურ ან იდეურ მოცემულობასთან მიმართებით)

წვდომა და გარღვევა (ახალ ფიზიკურ ან იდეურ მოცემულობაში)

არის მოქმედების კიდევ ერთი მოდელი, რომელზეც არ გვითქვამს - ეს არის მექანიკურობა (ახალ ფიზიკურ ან იდეურ მოცემულობასთან მიმართებით). ეს გულისხმობს, რომ ადამიანი უბრალოდ იმეორებს იმას, რასაც სხვები აკეთებენ, და მთლიანად არის გარემოს გავლენის ქვეშ მოქცეული (ფიზიკურ ან იდეურ დონეზე).

ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტი, სინამდვილეში, წარმოადგენს რვა ევოლუციური არქეტიპის გამომჟღავნებას (4 ფიზიკურ და 4 მეტაფიზიკურ დონეზე). ხან ერთი მუშაობს, ხანაც მეორე. თუმცა, როგორც შენიშვნა 2-ში ვთქვი, არა ცალკეულად თითოეულ ადამიანს აქვს რვავე არქეტიპი, არამედ ადამიანთა სისტემებსა და ჯგუფებს. ცალკეულ ადამიანებში გადანაწილებულია ეს პროგრამები ისე, რომ ადამიანთა ჯგუფებში რვავე არქეტიპი არსებობდეს, რადგან რვავე არქეტიპი წარმოადგენს აუცილებელ და საკმარის პირობებს იმისთვის, რომ ადამიანთა ჯგუფი განვითარდეს.

4. როგორ ვლინდება ადამიანში ეს ოთხი დონე

ქცევის ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მოდელი წარმოადგენს ევოლუციის სხვადასხვა დონეების გამოვლინებას ადამიანში (რომელიც ოთხივე ევოლუციურ არქეტიპს შეიცავს). განვიხილოთ თითოეული მათგანი:

პირველი - ეს არის მექანიკურობა. ეს არის მინერალური დონის გამოვლინება ადამიანში.

მინერალური სისტემებისთვის უცნობია ცნობიერების ცნება და „მეს“ ცნება. ისინი მთლიანად ექცევიან ფიზიკური პროცესების გავლენის ქვეშ და არ აქვთ ინდივიდუალურობის ჩანასახი. ისინი მექანიკურად მოძრაობენ, ამ სიტყვის ყველაზე „ფიზიკური“ გაგებით. იგივე ითქმის მეტაფიზიკურ სივრცეში, ანუ იდეებზე, რომლებიც ჟღერდებიან მექანიკურად.

ადამიანში მინერალური დონე ვლიდნება, როგორც საკუთარი „მეს“ არქონა და სრული მექანიკურობა, კოლექტივზე „ჩამოკიდება“ და სხვების მიბაძვა.

ფიზიკურ დონეზე: პირველყოფილი საზოგადოება სწორედ ასეთი მექანიკური იყო. მათ არ ეცალათ მაღალი იდეალებისთვის, არც კარიერისთვის, არც პატივისცემის მოპოვებისთვის. მათი ერთადერთი საქმიანობა თვითგადარჩენა იყო, რასაც მექანაიკურად აკეთებდნენ.

მეტაფიზიკურ დონეზე: სანამ ადამიანი დაიწყებს ინდივიდუალურ შემეცნებას, მანამ მან უნდა გაიაროს ეტაპები. პირველი ეტაპი - ეს არის მექანიკური ცნობიერება, ანუ იმ იდეების გამეორება და გაჟღერება, რასაც კოლექტივი გთავაზობს.

მეორე - ეს არის გამოცდილება, ეს არის მცენარეული დონის გამოვლინება ადამიანში.

მცენარეული სისტემებისთვის ასევე უცნობია ინდივიდუალურობის შეგრძნება, თუმცა, მინერალური დონისგან განსხვავებით, მათში არის უკვე სიცოცხლის ჩანასახები. მცენარე უკვე ცოცხალ ორგანიზმად ითვლება, ის უფრო მეტია, ვიდრე მინერალური მასალა. მისი მოქმედებები (მზისკენ გადახრა, ზრდა, და ა.შ.) კვლავაც მექანიკურია, თუმა ამ მექანიკურობაში მცირე წვლილი თავად მცენარესაც მიუძღვის. ვგულისხმობ იმას, რომ თუ არაცოცხალი დონე (მინერალური) მთლიანად მექანიკურია და გარემოს ემორჩილება, მცენარეც მექანიკურია, მაგრამ მის მოქმედებებში მხოლოდ გარემო არ იღებს მონაწილეობას. მცენარეს შეაქვს წვლილი საკუთარ მოძრაობებში (ზრდა და გადარჩენა). იგივე ითქმის მეტაფიზიკურ სივრცეში, ანუ იდეებზე, რომლებიც მყარად დგანან თავის ადგილას, როგორც ფასეულობები.

ადამიანში მცენარეული დონე ვლიდნება, როგორც სიმყარე. მცენარე იძულებულია იმ ადგილას იყოს, სადაც ამოდის (განსხვავებით ცხოველისგან). ის მიჯაჭვულია თავის ფესვებს. ამიტომ, ის იძულებულია გარემო მოირგოს თავის თავზე და დააგროვოს გამოცდილება იმ ადგილას.

ფიზიკურ დონეზე: პირველყოფილ საზოგადოებაში, როდესაც უკვე შეიქმნა თვითგადარჩენის მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია, უკვე შესაძლებელი იყო გამოცდილების დაგროვებაზე ფიქრი. უცხო გარემოში არ გცალია გამოცდილებაზე ფიქრისთვის, სანამ უსაფრთხოების ზომებს არ მიიღებ. მხოლოდ მას მერე შეგიძლია იფიქრო დაგროვილი გამოცდილების დამუშავებაზე და მის გამოყენებაზე, და არა პირიქითა თანმიმდევრობით. ასე რომ, ჯერ მექანიკურობაა, და შემდეგ გამოცდილება.

მეტაფიზიკურ დონეზე: მექანიკური იდეების შემდგომი დონე - ეს არის იდეალების ჩამოყალიბება და მყარად დადგომა მათზე. თუ პირველ დონეზე კოლექტივისგან თავსხმოხვეულ იდეებს იღებს, მეორე დონეზე უკვე ირგებ გარკვეულ იდეებს და აყალიბებ ფასეულობებს.

მესამე - ეს არის ადაპტაცია. ეს არის ცხოველური დონის გამოვლინება ადამიანში.

ცხოველური სისტემები მცენარეულებზე გაცილებით უფრო განვითარებულნი არიან. მინერალური დონე მთლიანად დამოკიდებულია გარემოზე (გარემოს „ქვემოთაა“). მცენარეული დონე უკვე ამჟღავნებს ინდივიდუალურობის ელემენტებს, რადგან მის მოქმედებებში არის რაღაც ინდივიდუალურიც, გარდა მექანიკურობისა. ცხოველური დონე კი უფრო მეტად ინდივიდუალურია. მცენარეული დონე ადგილიდან ვერ იძვრება, ამიტომ გარემოს ირგებს. ხოლო, ცხოველურ დონეს შეუძლია მეტი მოძრაობა, ამიტომ ის ერგება გარემოს.

ადამიანში ცხოველური დონე ვლიდნება, როგორც ადაპტაცია. მეტაფიზიკურ სივრცეში კი - იდეებთან ადაპტაცია.

ფიზიკურ დონეზე: პირველყოფილ საზოგადოებაში მექანიკურობის ჟამმა გაიარა, გაიარა, ასევე გამოცდილების ჟამმაც. ახლა უკვე შესაძლებელია რანგობრივ წინსვლაზე ფიქრი. ეს მომდევნო დონეა, რომელიც უფრო რთულია.

მეტაფიზიკურ დონეზე: ეს ვლინდება, როგორც ადაპტაცია ახალ იდეებთან. თუ თავდაპირველად მექანიკურად ვიღებთ იდეებს, ხოლო შემდგომ ვაანალიზებთ მას და ვაგროვებთ გამოცდილების სახით, მომდევნო ეტაპზე არსებობს ადაპტაციის უნარი ახალ იდეებთან.

მეოთხე - ეს არის წვდომა და გარღვევა. ეს არის ადამიანური დონის გამოვლინება ადამიანში.

ადამიანები წინ მიიწევიან და აკეთებენ იმას, რაც ვერ გააკეთა ვერცერთმა წინა დონემ. ადამიანს აქვს „მეს“ შეგრძნება და ცნობიერების უნარი. სწორედ ამის გამო ჰქვია მას ადამიანი.

ადამიანში ადამიანური დონე ვლინდება, როგორც გარღვევა (ფიზიკურ ან მეტაფიზიკურ სივრცეში), ახალი მოცემულობის შემოტანა, ანუ მომავლის, ზესისტემის შემოტანა აწმყოში.

ფიზიკურ და მეტაფიზიკურ დონეზე: ეს არის ახალი გარემოს (ფიზიკური ან იდეური) წვდომა და შემოტანა ჯგუფისთვის (ფიზიკურ დონეზე: ახალი მიწების დაპყრობა, მეტაფიზიკურ დონეზე: შემეცნება, ახალი იდეების დაპყრობა).

უცხო გარემოში პირველი რეაქცია მექანიკურობაა, მეორე - გამოცდილების დაგროვება, მესამე - ადაპტაცია, მეოთხე - ახალი მოცემულობის შემოტანა, ესეიგი, წვდომა მთელს გარემოზე და სათავეში ჩადგომა, რათა ახალი უცხო გარემოები დაიპყრა.

ახლა უკვე, როდესაც თქვენ იტყვით - უცხო გარემოში ვადაპტირდები - ეს იმას ნიშნავს, რომ მუშაობს თქვენი „მესამე“ პროგრამა (ცხოველური დონე, ფიზიკურ სივრცეში). როდესაც იტყვით - გამოცდილებას ვაგროვებ - აქ მუშაობს „მეორე“ პროგრამა (მცენარეული, ფიზიკურ სივრცეში), როდესაც იტყვით შემეცნების მხრივ გარღვევას ვახდენ და ახალი იდეები შემომაქვს - აქ მუშაობს თქვენი „მერვე“ პროგრამა (ადამიანური, მეტაფიზიკურ სივრცეში), და ა.შ.

გაიხსენეთ მე-2 შენიშვნა: მოცემული 8 პროგრამა (4 ფიზიკური და 4 მეტაფიზიკური) არ არის აუცილებელი, რომ ყოველ ადამიანს სათითაოდ ჰქონდეს. თითოეულ ადამიანს აქვს რამდენიმე მათგანი. მაგრამ, ადამიანთა ჯგუფებს აქვთ რვავე პროგრამა.

ესეიგი, თქვენ შეიძლება გქონდეთ „მესამე“ (ცხოველური) პროგრამა, ანუ ადაპტაციის, მაგრამ არ გქონდეთ მისი წინა - გამოცდილების პროგრამა. ეს შესაძლებელია. ეს იმიტომ, რომ 8 პროგრამა სჭირდება ადამიანთა სისტემას, და არა ცალკეულ ადამიანს. ცხადია, თითოეული ადამიანიც სისტემაა, მაგრამ ყველა ადამიანს რომ რვავე პროგრამა ჰქონდეს, მოხდებოდა კატასტროფა (აბა წარმოიდგინეთ რატომ).

ამიტომ, ადამიანთა ჯგუფებში (განსაკუთრებით, პირველყოფილ ჯგუფებში) ყოველ ადამიანს ჰქონდა 1-2-3 პროგრამა ისეთნაირად, რომ მთელს ჯგუფს ჰქონდა რვავე პროგრამა. ცხადია, თანამედროვე ადამიანების პროგრამების საშუალო რაოდენობა უფრო გაზრდილია პირველყოფილ საზოგადოებასთან შედარებით, რადგან გარემო ითხოვს ამას. ყველაფერი წყდება ბუნების და გარემოს დონეზე - ბუნებამ იცის სად და რომელი ადამიანი რომელი პროგრამებით დაბადოს.

მაგალითად, პირველი პროგრამა (მინერალური) აქვს ყველა ადამიანს. მაგრამ, მეოთხე (ან გნებავთ, მერვე) პროგრამა - წვდომის და გარღვევის - აქვს მხოლოდ ერთეულებს, რადგან ასე უფრო ჯანსაღია ადამიანთა ჯგუფის განვითარება. აბა წარმოიდგინეთ, ეს პროგრამა რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს, მაშინ.. ვერცერთი ადამიანი ვერ იქნებოდა კმაყოფილი.

ადამიანი კმაყოფილია მაშინ, როდესაც ასრულებს თავის პროგრამებს (თავის ევოლუციურ არქეტიპებს), არც მეტი, არც ნაკლები. თავსმოხვეული (დაშენებული) პროგრამების შესრულება ადამიანს არ ანიჭებს კმაყოფილებას. არც რომელიმე პროგრამის ჩახშობა არის კმაყოფილების მომტანი.

სწორედ ამ პროგრამებს ეწოდებათ ევოლუციური არქეტიპები. ადამიანთა სისტემას აქვს რვა არქეტიპი, რაც წარმოადგენს ოთხი ევოლუციური დონის გამომჟღავნებას ფიზიკურ და მეტაფიზიკურ დონეზე. ეს მოდელი თანხვედრაშია ვექტორულ ფსიქოლოგიასთან. თუ როგორ აიგება ვექტორული ფსიქოლოგიის ჩონჩხი, შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

kmgsd

შევაჯამოთ:

ადამიანთა სისტემაში გვაქვს ევოლუციის პირობითად ოთხი დონე - მექანიკურობა (გარემოს „ქვემოთ“ ყოფნა), გამოცდილება (გარემოს „თანაბრად“ ყოფნა), ადაპტაცია (კვლავაც, გარემოს „თანაბრად“ ყოფნა), და გარღვევა (გარემოს „მაღლა“ ყოფნა და ზესისტემაზე გასვლა).

გარემოში კი იგულისხმება როგორც ფიზიკური, ასევე მეტაფიზიკური (იდეური) გარემო. ადამიანთა სისტემას აქვს რვავე პროგრამა, მაგრამ მის ქვესისტემებს შეიძლება 2-3 პროგრამები ჰქონდეთ ისე, რომ მთელს სისტემას რვავე პროგრამა ჰქონდეს. და ასე ერთობლივად, ადამიანთა ჯგუფი მიდის ფიზიკური და მეტაფიზიკური მომავლისკენ და მუდმივად ვითარდება.

ადამიანი კმაყოფილია საკუთარი თავით მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ასრულებს თავის პროგრამებს და მხოლოდ მათ, არც მეტი, არც ნაკლები. ამ დროს, ჯგუფიც კმაყოფილია მისით. ყველა პროგრამა აუცილებელია ჯგუფისთვის, არ არსებობს მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი პროგრამები ამ რვა პროგრამაში.

პ.ს. ნუ იფიქრებთ, თითქოს ევოლუციურად დაბალი დონის არის ის ადამიანი, ვისაც მხოლოდ „პირველი“ პროგრამა აქვს (მინერალური). ცხადია, ასე არ არის. ეს უბრალოდ პროგრამებისა და არქეტიპების დასახელებაა, რათა უკეთ აღვწეროთ მათი ფუნქცია ადამიანთა ჯგუფში, რომელიც უკვე ისედაც მაღლა დგას ევოლუციურად, რადგან ყველა ადამიანი ადამიანია.

გააზიარეთ, თუ მოგეწონათ..

მსგავსი სტატიები

დეპრესია: გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა


მთარგმნელი: ირინე ჩუნთიშვილი წყარო დეპრესია, ანუ დიდი დეპრესიულ...

როგორ ხდება ჩვენი დაპროგრამება დაბადებიდან


მთარგმნელი: მამუკა გურული ტრანსკრიბცია ვიდეოდან "ჩვენი ცხოვრები...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი ...

ცნობიერების ომი


მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი წყარო მოწყენილობის ექვსმილიონიანი წლ...

როგორ გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?


ტრანსკრიბცია მუჯის ვიდეოდან მთარგმნელი: თეონა ნაცვლიშვილი წინაა...

ოთხი ყურის მოდელი


ავტორი: ნანა აბესაძე რატომ არ ესმით ადამიანებს ერთმანეთის? მიზე...

იუნგის არქეტიპები


 იუნგის თეორიის თანახმად, ცოცხალ ბუნებაში ყველა პროცესს არქეტი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff