„შემკრები წერტილი“ თანამედროვე ფსიქოლოგიის ჭრილში

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: კონსტანტინ იაცკევიჩი წიგნის - „ჩანაწერები ქრისტიანული ფსიქოლოგიის შესახებ“ მასალების მ...

ts1

ავტორი: კონსტანტინ იაცკევიჩი

წიგნის - „ჩანაწერები ქრისტიანული ფსიქოლოგიის შესახებ“ მასალების მიხედვით

წყარო

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

„შემკრები წერტილი“, ისევე როგორც „მეორე ყურადღება“ თანამედროვე ფსიქოლოგიის, კერძოდ კი ტრანსპერსონალური და ინტეგრალური ფსიქოლოგიის, განსაკუთრებით რთული ცნებები და კატეგორიებია და ცნობიერებისა და სამყაროს შეცვლილ სურათს უკავშირდება. მოცემული ცნების სირთულე იმით აიხსნება, რომ ის აკადემიური (სამეცნიერო) ფსიქოლოგიის პარადიგმას არ ეკუთვნის, არამედ სწორედ იმ განსაკუთრებულ და აბსტრაქტულ ცოდნას წარმოადგენს, რომელიც შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც ეზოთერული ან სულიერი, ანუ, რომელიც კოგნიტიური სფეროს და ფსიქიკის მოწყობის რაციონალური გაგების საზღვრებს სცილდება.

„შემკრები წერტილის“ ერთერთი პირველი განსაზღვრება კარლოს კასტანედას მიერ აღწერილ ე.წ. მაგიურ კულტურაში და ტრადიციაში გვხვდება.

„თავისი სწავლების გადმოცემისას დონ ხუანი მრავალჯერ იმეორებდა და ხსნიდა იმას, რასაც ძველი მაგების გადამწყვეტ აღმოჩენად თვლიდა. ის ამას ადამიანური არსის, როგორც მანათობელი ბურთის, კრიტიკულ მახასიათებელს უწოდებდა და კაშკაშა, ჩოგბურთის ბურთის ზომის მრგვალ ლაქად აღწერდა, რომელიც მუდმივად მანათობელი ბურთის შიგნით იმყოფება მისი ზედაპირის გასწვრივ, ადამიანის სხეულის მარჯვენა ბეჭის ძვლის უკან ორი ფუტის დაშორებით.

რამდენადაც დასაწყისში ამ ყველაფრის ვიზუალიზაციის პრობლემები მქონდა, დონ ხუანმა ამიხსნა, რომ მანათობელი ბურთი ბევრად აღემატება სიდიდით ადამიანის სხეულს, და რომ კაშკაშა ლაქა ამ ენერგეტიკული ბურთის ნაწილს წარმოადგენს. ეს ლაქა ბეჭების დონეზე ადამიანის ზურგიდან უკან გაწვდენილი ხელის მანძილზე მდებარეობს. დონ ხუანმა მითხრა, რომ ძველმა მაგებმა მისი მუშაობიდან გამომდინარე ამ ლაქას „შემკრები წერტილი“ უწოდეს.

- და როგორ მუშაობს შემკრები წერტილი? - დავინტერესდი.

- ის ჩვენს აღქმას განსაზღვრავს, - მიპასუხა დონ ხუანმა. - ძველი მაგები ხედავდნენ, რომ ადამიანური არსებების აღქმა სწორედ აქ, ამ წერტილში იყრის თავს. და რადგან მსგავს კაშკაშა ლაქას ყველა ცოცხალი არსება ფლობს, ძველმა მაგებმა დაასკვნეს, რომ საერთოდ ნებისმიერი აღქმა სწორედ ამ ადგილას ფორმირდება.“ (კ. კასტანედა, სიზმარხილვის ხელოვნება, ძველი მაგები)

და მაინც, ტვინის ჰიპერქსელის, გონების და ცნობიერების სფეროში ბოლო აღმოჩენები აძლიერებს ნეიროფსიქოლოგების ვარაუდს, რომ ცნება „შემკრები წერტილი“ არაა მხოლოდ მაგიური ფენომენი. ის ტრანსპერსონალური პროცესების უმაღლესი ჰიპერქსელური ფსიქოლოგიის კატეგორიაა, რომელიც „მე“-ს ბუნების და „მე“-ს მიერ ქსელური პროცესებით შეკრებილი სამყაროს სურათის გაგებასთანაა დაკავშირებული.

ამგვარად, ცნება „შემკრები წერტილი“ დღესდღეობით ეზოთერიაში, ასევე ნეიროფსიქოლოგიის, ტრანსპერსონალური და ინტეგრალური ფსიქოლოგიის კონცეპციებში აისახება და განიხილება, როდესაც ადამიანის აღქმის ყურადღებაზე, ფოკუსსა და ლოკუსზეა საუბარი. სინამდვილეში „შემკრები წერტილი“ არა სტატიკური, არამედ რაღაცნაირად მოძრავი აღმოჩნდა. მას „დრეიფი“ ანუ კოგნიტიური სფეროს წიაღში წანაცვლებაც შეუძლია, როგორც კოგნიტიური სფეროს პერიფერიიდან სიღრმეში, ასევე კოგნიტიური სფეროს საზღვრებს მიღმა გარესამყაროში.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანური აღქმის და ყურადღების „შემკრებ წერტილს“ მთელი რიგი ფაქტორების ზემოქმედებით თავად კოგნიტიური სფეროს (გონის სფერო) წიაღში შეუძლია წანაცვლდეს და უამრავი სხვადასხვა ფსიქიური და ცნობიერების მდგომარეობა წარმოქმნას - გადამეტებული რაციონალურიდან და პრაგმატულიდან დაწყებული, ზედმეტად ირაციონალურსა და თავგანწირულამდე.

გარკვეულწილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოგნიტიურ სფეროში სწორედ „შემკრები წერტილის“ ადგილმდებარეობა სძენს აღქმულ სამყაროს ან ზედმეტ რეალურობას (მატერიალურობას) ან გადამეტებულ წარმოსახულობას (სულიერებას).

ამ თვალსაზრისით „შემკრები წერტილი“ ცნობიერების და აღქმის ფოკუსის ფიქსაციის ან კონცენტრაციის წერტილია, რომელიც, მიუხედავად შეხედულებათა და მსოფლხედვის სტაბილურობისა, გარკვეული შინაგანი ძალისხმევით მაინც შეიძლება შეიცვალოს. კოგნიტიურ სფეროში „შემკრები წერტილის“ („მე“-ს შეკრების ადგილის) მდებარეობის სწორედ ამ ცვლილებასთანაა დაკავშირებული ადამიანის აზროვნების და მსოფლხედვის შეცვლის პროცესი.

ყურადსაღებია, რომ ზოგ ჭეშმარიტ რელიგიაში, კერძოდ ქრისტიანობაში და მართლმადიდებლობაში, გვაქვს ცნება, რომელიც „შეკრების წერტილს“ შეესატყვისება - ესაა „სულიერი გულის“ ცნება, ადგილი, სადაც გონება, გრძნობები და ნებისყოფა იყრის თავს. წმინდა მამათა სწავლების მიხედვით სულიერი გული, როგორც „შემკრები წერტილის“ ანალოგი, გონის შინაგანი ცენტრის ან „ღერძის“ როლს ასრულებს, სადაც ყველა ენერგია და ძალა იკრიბება.

„გონი ცხოველი ძალით გულში ირეკლება და პირიქით, გული გონში ვლინდება. ამიტომ ის (გული) სამართლიანადაა მიჩნეული ადამიანური არსების ფუძედ, მისი ყველა სულიერი, გონიერი და ცხოველურ-სხეულებრივი ძალის შემკრებად. და რაც ასეთი ძვირფასია ადამიანის წიაღში, მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარესამყაროსთანაც, რადგან ადამიანი ყველაფერთანაა კავშირში (წმ. თეოფანე დაყუდებული, განხორციელებული სახლთმშენებლობა, ქრისტიანული ფსიქოლოგიის გამოცდილება, მგრძნობიარეების ძალებზე ან გულის შესახებ, გვ. 425).

არაა გამორიცხული, „შემკრებ წერტილზე“ მცდარი წარმოდგენა შეგვექმნას, როგორც მხოლოდ ყურადღების ფიქსაციის წერტილზე, რომლის გადართვა ერთი ობიექტიდან მეორეზე ნებისყოფის ძალითაა შესაძლებელი. „შემკრები წერტილის“ შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით რთულადაა. „შემკრები წერტილი“ არა მხოლოდ ყურადღების შეკრების წერტილია, რომელიც ნებისმიერი ობიექტისკენ შეიძლება მივმართოთ, ის თავს უყრის მთელი აღქმის სისტემას, რომელიც გონებას, გრძნობებს და ნებისყოფას მოიცავს სრულად. ცნობიერების ყურადღება - „შემკრები წერტილის“ საწყისი მდებარეობის მეორეული ფუნქციაა.

„შემკრები წერტილის“ განსაკუთრებულ თვისებას ის წარმოადგენს, რომ იგი არა მხოლოდ გონებას მოიცავს ან „კრებს“, არამედ გრძნობებსა და ნებისყოფასაც. სწორედ ამიტომ „შემკრები წერტილი“ არა უბრალოდ ყურადღების მიმართულების ლოკუსზეა პასუხისმგებელი, არამედ გრძნობის 5 ორგანოს მიერ აღქმულ და ტვინის მიერ გადამუშავებულ სამყაროს მთელ სურათზე.

შესაბამისად, „შემკრები წერტილის“ მდებარეობის ცვლილება არა მხოლოდ ყურადღებას, არამედ სამყაროს მთელ სურათს ცვლის, რომელიც ადამიანის გრძნობებსა და ნებისყოფასაც მოიცავს.

მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი ადამიანის ცნობიერებით აღქმულ (შეკრებილ) სამყაროს სურათს მთლიანად სწორედ „შემკრები წერტილის“ მდებარეობა განსაზღვრავს. ესაა ცნობიერების, გრძნობების და ნებისყოფის ფოკუსის ადგილი, სადაც ყველა სენსორული მონაცემი იკრიბება და მუშავდება, რომელთაც შემდგომ ტვინი ადამიანური „მე“-ს მიერ აღქმულ სამყაროს სურათად აქცევს.

ამასთან, „შემკრები წერტილის“ მდებარეობის ნებისმიერი, ყველაზე უმნიშვნელო ცვლილებაც კი კოგნიტიურ სფეროში აუცილებლად იწვევს „მე“-ს მიერ აღქმული სამყაროს სურათის შეცვლას.

დარწმუნებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ყველა რელიგიური და ეზოთერული პრაქტიკა, რომელიც შეცვლილ აზროვნებასთან, ცნობიერების გაფართოებასთან და სამყაროს სულიერ გაგებასთანაა დაკავშირებული, „შემკრები წერტილის“ წანაცვლებას ეფუძნება. ის კოგნიტიური სფეროს პერიფერიაზე ე.წ. მკვეთრად ფიქსირებულ მდგომარეობას კარგავს, შედარებით მოძრავი ხდება და კოგნიტიური სფეროს ცენტრს უახლოვდება.

ამასთან, „შემკრები წერტილის“ კოგნიტიური სფეროს პერიფერიაზე ფიქსირებული, ანუ უცვლელი მდგომარეობა აზროვნების უფრო მკაცრად რაციონალურ-პრაგმატულ ეგოს და სამყაროზე მატერიალისტურ შეხედულებას შეესაბამება, ხოლო „შემკრები წერტილის“ ამოძრავებული და წიაღს მიახლოებული მდგომარეობა კი ე.წ. განახლებულ აზროვნებას ანუ სამყაროზე რელიგიურ (სულიერ-ზნეობრივ) შეხედულებას ეხმიანება.

ამასთან, სულიერი ზრდის ხარისხი, ანუ გონების ცვლილების სიღრმე, მთლიანად „შემკრები წერტილის“ მდებარეობის ცვლილებაზეა დამოკიდებული, ან უფრო ზუსტად, რამდენად თავისუფლად ღრმავდება იგი კოგნიტურ წიაღში.

მაგალითად, თუ რაციონალისტ-პრაგმატიკოსის „შემკრები წერტილი“ ძალზე ხისტადაა დაფიქსირებული და უცვლელი, ეს მატერიალისტ-პრაგმატიკოსის დანახული და აღქმული „მატერიალურობის“ და სამყაროს მატერიალური სურათის უცვლელობის მყარ ეფექტს ქმნის. სწორედ ასეთი მკაცრი ფიქსაციით აიხსნება ყველა რაციონალისტ-პრაგმატიკოსის აზროვნების განახლების და რწმენისკენ და სულიერებისკენ მობრუნების სირთულე.

ამავე დროს, მოძრავი და ნაკლებად გახევებული „შემკრები წერილი“ ადამიანს საშუალებას აძლევს, სამყაროს და ცხოვრების სხვა, უფრო ფაქიზი და ირაციონალური, მხარეებიც აღიქვას. ასეთ ადამიანებში „შემკრები წერტილის“ მოძრაობა, მისი კოგნიტიური სფეროს პერიფერიიდან წიაღში (სულიერი გულისკენ) ჩაღრმავება სწორედ ცნობიერების სულიერი გაფართოების ფაქტორს წარმოადგენს.

ამის გათვალისწინებით, თავად „შემკრები წერტილის“ პირველადი ამოძრავება სწორედ გონების პირველად გახსნას წარმოადგენს და გადადის (წანაცვლდება) სამყაროს მკაცრად და უცვლელად რაციონალური სურათიდან უფრო ირაციონალურ რელიგიურისკენ.

რამდენად შესაძლებელია იმის გაგება, რა ხდება „შემკრები წერტილის“ წანაცვლებისას და რატომ იცვლება ამ დროს სამყაროს სურათი?

ნაწილობრივ ეს შესაძლებელია.

საქმე იმაშია, რომ კოგნიტიურ სფეროში (ცნობიერების ქსელი) „შემკრები წერტილის“ ჩვეული მდებარეობიდან გადაადგილებისას იცვლება მთელი კავშირთა სისტემა, რომელიც ქმნის და ამარაგებს მას შესაბამისი ინფორმაციით. ხოლო კავშირთა სისტემის და „მე“-სთან მისული მონაცემების ცვლილება აუცილებლად ცვლის აღქმული რეალობის მთელ სურათს.

ts2

გამადიდებელი შუშა, როგორც „შემკრები წერტილის“ მუშაობის მაგალითი

„შემკრები წერტილის“ მუშაობის მაგალითად „გამადიდებელი შუშით“ და „დანათებით“ „რელიეფური რუკის“ კვლევის პროცესი შეგვიძლია განვიხილოთ. თუ ჩვენ „რუქაზე“ ნელა გადავაადგილებთ „მანათობელ გამადიდებელ შუშას“, „გამადიდებელი შუშის“ ფოკუსი გადაადგილების პროცესში ახალ ობიექტებს გაანათებს. ამასთან, წინა ობიექტები განათებული ფოკუსიდან ჩრდილში გადაინაცვლებენ. ასეთი გადაადგილებით ჩვენ რუქაზე სამყაროს სურათს შევცვლით.

„სამყაროს სურათის“ ანალოგიური შეცვლა ხდება „შემკრები წერტილის“ წანაცვლებისას კოგნიტურ სფეროში (გონის სფეროში), ოღონდ გონში რელიეფური რუკის როლს საზრისის, ცნობიერების და ტვინის ჰიპერქსელი ასრულებს.

ts3

ტვინის ჰიპერქსელი, როგორც „სამყაროს რუკის“ საფუძველი ცნობიერებაში

ყურადსაღებია, რომ „ცნობიერების რუკაზე“ გონების, გრძნობებისა და ნებისყოფის (ფოკუსის) მოცემული გადაადგილება შეგვიძლია სქემატურად ავსახოთ. ამისთვის ტვინის ნეიროქსელის რუკის მაგივრად კ. გ. იუნგის ფსიქიკური ყოფიერების მჭიდრო სქემას გამოვიყენებთ, რომელიც მან 1935 წელს ტავისტონის ლექციებში გააჟღერა.

ამასთან ფსიქიკური ყოფიერების მთელი სქემა ე.წ. „ორბიტალურ“ (პლანეტარულ) სახეს მიიღებს, რომელსაც დღეს კვანტურ ფიზიკაში კვანტური პროცესების მოდელირებისთვის აქტიურად გამოიყენებენ და ჩვენც ფსიქიკური ყოფიერების და „შემკრები წერტილის“ ახალ სქემას მივიღებთ, როგორც აზროვნების დონეზე (ორბიტაზე) კაშკაშა გარსს.

sqem1

კ. გ. იუნგის ფსიქიკური ყოფიერების მჭიდრო სქემა, როგორც „შემკრები წერტილის“ მუშაობის მოდელი

როგორც ამ სქემიდან ჩანს, შემკრები „წერტილი“ აზროვნებაში გაცნობიერების კაშკაშა წერტილია, სადაც ადამიანური „მე“ (ეგო) აღქმული სამყაროს სურათს კრებს.

აქ საინტერესო კითხვა იბადება კოგნიტიურ სფეროში და ცნობიერების ქსელში „შემკრები წერტილის“ ლოკალიზაციასთან დაკავშირებით. სათქმელი უფრო რომ გავამარტივოთ, ყურადღების საგანს ორგანიზმში ან ცნობიერების ქსელში ის „ადგილი“ წარმოადგენს, სადაც „შემკრები წერტილი“ მდებარეობს.

სინამდვილეში, ორგანიზმში „შემკრები წერტილის“ მდებარეობას ჩვენი ყოველდღიური რეალობის სივრცულ და მატერიალურ შემადგენელს ვერ მივაკუთვნებთ.

საქმე იმაშია, რომ „შემკრებ წერტილს“ არაფერი აქვს საერთო ტვინის ნეიროქსელთან, როგორც ნივთიერ ქსელთან და არც გონების ჰიპერქსელთან, როგორც „ნატიფ მატერიალურთან“. „შემკრები წერტილი“ ყველაზე ნატიფ და დახვეწილ ცნობიერების ქსელთანაა დაკავშირებული, ეს კი, ასე ვთქვათ, სულის და უმაღლესი სულიერი ენერგიების სფეროა.

ამგვარად, „შემკრები წერტილი“ - წმინდა ქსელური კატეგორიაა, რომლის ლოკალიზაცია არც ადამიანის ორგანიზმია და არც ტვინის ნეიროქსელი, არამედ სულიერი ცნობიერების ქსელთა ქსელი, რომელსაც სხვა საზომი გააჩნია და არამატერიალურ და არადროით სფეროს მიეკუთვნება.

სხვაგვარად, „შემკრები წერტილი“ არა ადამიანის ფიზიკურ სხეულში იმყოფება, არამედ ენერგო-ინფორმაციულ სხეულში, რომელიც შეგვიძლია გონის ნატიფ „სხეულად“ მივიჩნიოთ.

რამდენადაა შესაძლებელი „შემკრები წერტილის“ ბუნების გაგება, როგორც არსებითად ადამიანური (და არა მარტო) აღქმის მთავარი მექანიზმისა?

ნაწილობრივ ეს შესაძლებელია.

როგორც უკვე ითქვა, „შემკრები წერტილის“ ბუნება სულიერია, ანუ ენერგო-ინფორმაციული ხასიათი აქვს. სხვაგვარად, „შემკრები წერტილი“ ცნობიერების და აღქმის მოწყობის უმაღლესი ინსტრუმენტი და მექანიზმია, რომელიც ცნობიერების მართვას და მის „ორბიტული“ (პლანეტური) პრინციპით ცვლილებას უზრუნველყოფს, ანუ გაცნობიერების განვითარების პროცესში ცნობიერების და აღქმის დონეების ცვლილების პრინციპით მუშაობს.

როგორც უკვე ვთქვით, „შემკრები წერტილის“, როგორც ცნობიერების ჰიპერქსელის სტრუქტურაში განსაკუთრებით ინტენსიური ნათების ქსელური სივრცის, პრინციპულ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ის არც ფიქსირებულია და არც უძრავი.

და თუმცა ცნობიერების ქსელის შინაგანი „გრავიტაციის“ ძალები „შემკრებ წერტილს“ ურყევად უნარჩუნებს ჩვენს მიერ აღქმული სამყაროს (ყოველდღიური რეალობის) შესაბამის ერთ კონკრეტულ მდგომარეობას, მაინც, ის არაა მყარად ფიქსირებული.

მიუხედავად იმისა, რომ აღქმის „შემკრები წერტილი“ მყარადაა ფიქსირებული, და სწორედ ამაზეა „სამყაროს სურათის“ რეალურობის ძალა დამოკიდებული, ანუ, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ სამყარო ზუსტად ასეთია და არა სხვანაირი, „შემკრებ წერტილს“ წანაცვლების და გადაადგილების შესაძლებლობაც გააჩნია როგორც კოგნიტიური სფეროს შიგნით, ასევე მის გარეთ, რითიც აღქმაში, აზროვნებასა და მსოფლმხედველობაში შესაბამის ცვლილებებს იწვევს.

რამდენადაა შესაძლებელი გავიგოთ, როგორაა დაკავშირებული „შემკრები წერტილი“ ადამიანის ფსიქიურ და კოგნიტიურ ჯანმრთელობასთან, ასევე კოგნიტიურ სრულყოფილებასთან?

დიახ, ნაწილობრივ ამის გაგება ხელგვეწიფება.

როგორც უკვე ვთქვით, „შემკრები წერტილის“ ფიქსირებულობით აზროვნების უცვლელობა და სიმყარე (დეტერმინირება) განისაზღვრება. რაც უფრო ფიქსირეულია (უცვლელია) „შემკრები წერტილის“ მდებარეობა ცნობიერების ქსელში, მით უფრო უცვლელი და სტაბილურია ადამიანის მსოფლხედვა და სამყაროს სურათი.

რადგან „შემკრები წერტილის“ სტაბილურობა, როგორც წესი, რაციონალურ აზროვნებასა და მსოფლხედვასთანაა დაკავშირებული, ამიტომ „შემკრები წერტილის“ ფიქსირებული მდებარეობის მქონე ადამიანი მკაცრად დეტერმინისტულად და რაციონალურად აზროვნებს, ეს კი უალტერნატივო მატერიალიზმის და ათეიზმის ტოლფასია. ასეთ ადამიანთა უმეტესობა ზუსტი მეცნიერების წარმომადგენლები არიან, მათ უკეთ აქვთ განვითარებული ოპერირების უნარი, ახასიათებთ სწორხაზოვანი მსჯელობა და შეხედულებები, გამოირჩევიან გამოთვლებით, სისტემური ანალიზით, ლოგიკით და ა.შ.

ამ უკანასკნელთაგან საპირისპიროდ, ვხვდებით ადამიანებსაც, რომლებსაც ნაკლებად დეტერმინისტული და უფრო ფილოსოფიური და მხატვრულ-ხატოვანი აზროვნება ახასიათებთ, მათთან სულიერება და ირაციონალურობა პრაგმატიზმს და ლოგიკას სძლევს. ამ ადამიანებში „შემკრები წერტილი“ შედარებით მოძრავია, მას ჩვეული მდებარეობიდან ცნობიერების და კოგნიტიური სფეროს „სულიერი გულის“ ახლომდებარე სხვა სივრცეებში შეუძლია ოდნავ წანაცვლდეს. ამ ადამიანთა უმეტესობა ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები არიან, მათ უკეთ აქვთ განვითარებული ხატოვანი აღქმა, ინტუიცია (როგორც გულისხმიერების გამოხატულება), სურათის მთლიანად წარმოსახვის, სინთეზის, მგრძნობელობის უნარი და ა.შ.

მოცემულ ფენომენს ხშირად თავის ტვინის ფუნქციების ლატერალიზაციის ეფექტს მიაწერენ, რომელიც თავის ტვინის ნახევარსფეროების სპეციალიზაციასთანაა დაკავშირებული, რადგან „მარცხენა ჰემისფეროს“ აზროვნება ავტომატურ-ოპერაციულია, ხოლო „მარჯვენა ჰემისფეროს“ - ხატოვან-ჰუმანიტარული. და მაინც, ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია.

ტვინის ფუნქციების ლატერალიზაციის პრინციპი

სინამდვილეში ამ ფენომენის უკან მოძრავი „შემკრები წერტილი“ დგას, რომლის ცნობიერების ორბიტული სისტემის სხვა შრეებში და დონეებში წანაცვლება, ხატოვან-ჰუმანიტარული აზროვნების ადამიანებში ფაქტობრივად ცნობიერების „აფეთქებას“ იწვევს ფიქრის, წარმოსახვის თუ შემოქმედების პროცესში.

მეტიც, ეზოთერიკოსებსა და ნეოფიტებში სულიერი ცოდნის დაუფლებისას გამოწვეული „გაფრენის“ ეფექტი ყველა ფსიქოლოგისთვისაა ცნობილი. ეს კი პირდაპირაა დაკავშირებული ახალი ცოდნის შეძენით და ღირებულებების გადაფასებით განპირობებული „შემკრები წერტილის“ წანაცვლებასთან.

ნაკლებადაა ცნობილი ისიც, რომ „შემკრები წერტილის“ წანაცვლების ეფექტით ოდითგანვე წარმატებით სარგებლობდნენ მსოფლიოს ყველა რელიგიები, მათ შორის ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა, სადაც სინანულის აქტი (მეტანია) სწორედ ცნობიერების და გონების ქსელის პირველადი განახლების აქტს წარმოადგენს.

სინანულის აქტისას იცვლება არა მხოლოდ გონება, არამედ ცნობიერების ქსელის გაფართოების მიმართულებაც; წყდება ჰორიზონტალური, სამყაროსკენ მიმართული გაშლა, და იწყება შინაგან სამყაროში, სულიერი გულისკენ ჩაღრმავება. ამასთან, თავად ცნობიერების გაფართოება და გონების ერთი დონედან მეორეზე გადასვლა „შემკრები წერტილის“ პერიფერიიდან ცენტრისკენ წანაცვლების ხარჯზე მიმდინარეობს.

ამის ვიზუალიზება კ. გ. იუნგის ფსიქიური ყოფიერების სქემაზეც შეიძლება.

იქედან გამომდინარე, რომ ადამიანები სამყაროს მსგავსად აღიქვამენ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მთელ კაცობრიობას შემკრები წერტილი თავიდანვე დაახლოებით ერთსა და იმავე ადგილას აქვს დაფიქსირებული, კერძოდ, კოგნიტიური სფეროს პერიფერიაზე, რომელიც ზედაპირული ეგოს რაციონალურ აზროვნებას შეესაბამება.

რაციონალურად მოაზროვნეთა „შემკრები წერტილის“ ლოკალიზაციის ეს ადგილი სქემატურად ისე შეგვიძლია ავსახოთ, რომ თეთრი წრე (ორბიტული დონე) რაციონალური აზროვნების შესატყვისი იქნება.

sqem2

რაციონალური აზროვნების სქემა კოგნიტური სფეროს მოდელზე

ამ მდგომარეობას აღმოსავლური ეკლესიის წმინდა მამებთან „სხეულებრივი“ ეწოდება. ცნობიერების ქსელის გაფართოება ასეთ მდგომარეობაში მხოლოდ პერიფერიულად, გარე სამყაროს მიმართულებით ხორციელდება. სულიერი სამყარო ამ ტიპის ცნობიერებისთვის თითქოსდა არც არსებობს.

როცა ადამიანი საკუთარ თავზე მონანიების საშუალებით შინაგანად ზემოქმედებს, ცნობიერებას კოგნიტიური სფეროს (გონების სფეროს) სიღრმისკენ მიმართავს, ინდივიდუალური და კოლექტიური არაცნობიერის (გონიერის და სულიერის) მიმართულებით, მაშინ მისი ცნობიერების და აღქმის მიმართულება შეიცვლება და ცნობიერება დაიწყებს არა ზედაპირულად, არამედ ინდივიდუალური და კოლექტიური არაცნობიერის, ანუ გონიერ-სულიერის სიღრმეებში თვითშემეცნებით გაფართოებას.

ამასთან, გონების მოძრაობა იმის გამოძახილია, რომ „შემკრები წერტილი“ კოგნიტიური სფეროს პერიფერიიდან ცენტრისკენ იწყებს წანაცვლებას, მსგავსად მანათობელი გამადიდებელი შუშისა, რომელიც გადანაცვლებისას თვითშემეცნების, როგორც გრძნობების, ინტუიციის, მეხსიერების და ა.შ. ახალ შრეებს ავლენს.

თუ შესამეცნებელი სივრცე გაფართოებას დაიწყებს და მას თეთრი ფერით გამოვყოფთ, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ საკუთარი კოგნიტიური სფეროს შემეცნების სივრცე (თვითშემეცნება) უფრო ღრმა დონეების - გრძნობების, ინტუიციის, მეხსიერების და ა.შ. შემეცნების ხარჯზე გაფართოვდება.

„შემკრები წერტილის“ სიღრმისკენ წანაცვლება თავად აზროვნებას და აღქმასაც შეცვლის, რომელიც უფრო მომწიფებული, გაცნობიერებული და პიროვნულად გადამუშავებული გახდება. ეს კი გრძნობების, ინტუიციია, მეხსიერების ორბიტებზე უფრო ღრმა კოგნიტური დონეების თვითშემეცნების და გადამუშავების ხარჯზე ხორციელდება. ამასთან, თავად სამყაროს სურათიც აუცილებლად შეიცვლება, რადგან მასში ღმერთის, როგორც შემოქმედის იდეა გაჩნდება.

ამგვარად, შემკრები წერტილის კოგნიტური სფეროს სიღრმისკენ წანაცვლება აზროვნების, გრძნობების, ინტუიციის, მეხსიერების შესაბამის დონეებზე ახალი ნეირონულ-სინაფსური კვანძების შექმნით შემეცნების ქსელის გაფართოებას გამოიწვევს.

ამასთან, ფსიქიური ყოფიერების სფეროს სურათი, რომელსაც მანათობელ მატერიად წოდებული ცნობიერებით აღვიქვამთ, შესამჩნევად შეიცვლება.

sqem4

ზნეობრივი (გონიერი) აზროვნების სქემა კოგნიტიური სფეროს მოდელზე

ამ მდგომარეობას აღმოსავლური ეკლესიის წმინდა მამებთან „გულისხმიერი“ ეწოდება.

„შემკრები წერტილის“ თავისებურებაა, რომ მას თეთრი ფერით მონიშნულ შემეცნების მთელ სპექტრში შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს. ამავე დროს, ცნობიერება ფართოვდება იმდენად, რამდენადაც ცნობიერების ნათების საზღვრები ფართოვდება სიღრმისკენ. „შემკრები წერტილი“ ცნობიერების ასეთი გაფართოების პროცესში ყოველთვის სინათლის და ჩრდილის ზღვარზე იმყოფება და მანათობელი გამადიდებელი შუშის ფუნქციას ასრულებს.

თუ ადამიანი გადაწყვეტს, შემეცნებისას ინდივიდუალურ არაცნობიერს (გონიერს) გაცდეს და კოლექტიური არაცნობიერის (სულიერ) სფეროს, როგორც „ბირთვს“ ჩაწვდეს, მას ფსიქიური ყოფიერების ყველა სივრცის და ორბიტის გავლა მოუწევს, როგორც სუბიექტური კომპონენტების, ასევე აფექტების და ძალადობით გამოწვეული ჭრილობების ჩათვლით.

თუ ადამიანი თვითშემეცნების ამ უფრო რთულ ამოცანას წარმატებით გაუმკლავდება, ის თვითშემეცნების სივრცეს და საკუთარ გონს კიდევ უფრო გააფართოებს, ისე, რომ თავის კოგნიტიურ ანუ გონიერ სივრცეში დაჩრდილულ ადგილს არც დატოვებს.

სწორედ ესაა გასხივოსნების ის აღთქმული მდგომარეობა, რომლითაც შინაგანად უაღრესად გაფართოებული გონიერ-სულიერი ცნობიერება გამოირჩევა. აქ ყოველი კუთხე-კუნჭული განათებულია. ამ მდგომარეობაში ადამიანი პერიფერიული აზროვნების და ღრმა სულიერი ცნობიერების შერწყმას განიცდის.

ანალიტიკური ფსიქოლოგიის ენაზე, ამ მდგომარეობაში ადამიანური „მე“ ეგო თავის „უმაღლეს მეს“ (სუპერ ეგო) ხვდება და შეიცნობს.

sqem3

სულიერი ცნობიერების სქემა კოგნიტიური სფეროს მოდელზე

შემკრები წერტილის ცნობიერების პერიფერიიდან ცენტრისკენ მყარი წანაცვლებით ადამიანი სრულად შეიცნობს საკუთარ თავს ფსიქიკური ცნობიერების ყველა დონეზე. სახეზე გვაქვს ყოვლისმომცველი გაცნობიერება, რომელიც ადრე მხოლოდ პერიფერიული აზროვნების ვიწრო ზოლს მოიცავდა.

კოგნიტური სფეროს პერიფერიიდან ცენტრისკენ სულიერი ცნობიერების გაფართოების მსგავსი პროცესი საფუძვლად უდევს მსოფლიოს ყველა რელიგიას და სულიერი სრულყოფის ჭეშმარიტ სისტემებს, ქრისტიანობის და მართლმადიდებლობის ჩათვლით.

მართლმადიდებლობაში ამ პროცესს „გონების“ და „გულის“ შეერთებას უწოდებენ, სადაც გონებად (თავი) მოიაზრება პერიფერიული რაციონალური აზროვნება, ხოლო გულად (სულიერი) - სულიერი ცნობიერება.

როგორ ვიპოვოთ ჩვენთვის კარგად ცნობილ სამყაროში „შემკრები წერტილის“ მუშაობის პრინციპის შესაბამისი და მსგავსი ?

გარკვეულწილად ამას მოვახერხებთ.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, ნებისმიერ სოციალურ ქსელში, იგივე ფეისბუკში, „ექაუნთის“ მუშაობის პრინციპი შეიძლება იყოს „შემკრების წერტილის“ მუშაობის ანალოგი.

ts5

სოციალური ქსელი, როგორც ცნობიერების ქსელის ანალოგი

თუ ნეირონი, რომელსაც 50 ათასამდე კავშირის (სინაფსი) დამყარება შეუძლია სხვა ნეირონებთან, პირობითად მივიჩნიეთ სოციალური ქსელის „ექაუნთად“, სადაც შესაძლებელია 50 ათასამდე მეგობრის ყოლა, ხოლო ექაუნთის მთავარი საინფორმაციო ხაზი პირობითად არის „სამყაროს სურათი“, მაშინ მექანიზმი იქნება ასეთი.

მეგობართა უცვლელი რაოდენობის შემთხვევაში სოციალურ ქსელში, საინფორმაციო ხაზი, როგორც სამყაროს სურათი, არსობრივად უცვლელი დარჩება, მხოლოდ მეგობართა შეტყობინებებით შეივსება, რომლებიც ცნობილნი არიან და როგორღაც პროგნოზირებადი.

მაგრამ როგორც კი ექაუნთის პატრონი მეგობართა რიცხვის ცვლას დაიწყებს, ზოგის ამორიცხვას და სხვების დამატებას, მისი მთავარი საინფორმაციო ხაზი, როგორც „სამყაროს სურათი“ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, რადგან ახალ „მეგობრებს“ შორის შეიძლება აღმოჩნდნენ პროვოკატორებიც, არცთუ მთლად ადეკვატური ხალხი და ისეთებიც, ვისაც სხვა ღირებულებები აქვთ. ამ შემთხვევაში მის საინფორმაციო ხაზში, როგორც „სამყაროს სურათში“, შეიძლება ჩვეული კონტენტის შეცვლის ხარჯზე რადიკალური ცვლილებები მოხდეს.

რა გამოიწვევს ცვლილებებს?

ცვლილებები იმის შედეგი იქნება, რომ ექაუნთის საინფორმაციო კავშირები, ანუ სწორედ მეგობართა „სინაფსები“, შეიცვალა.

არსობრივად იგივე ხდება „შემკრებ წერტილში“ მისი წანაცვლებისას და გადაადგილებისას, როდესაც ცნობიერების და აღქმის გარკვეული ენერგო-ინფორმაციული კავშირები იცვლება სხვებით, რომლებიც სხვა კონტენტს შეიცავს.

მხოლოდ ტვინის, გონების და ცნობიერების ქსელის შემთხვევაში კონტაქტებს არა „მეგობართა კონტენტი“, არამედ ტვინის სინაფსები და გონების და სულიერი ცნობიერების უფრო ნატიფი კავშირები წარმოადგენს, რომლის უკანაც სულის ემანაციები და ენერგიები დგას.

სხვა სიტყვებით, სული ცოცხალ მატერიას უზენაესი ბრძანებების და ენერგიების საშუალებით მართავს.

სწორედ აქ იღებს სათავეს ფრენსის კრიკის, ცნობილი ბრიტანელი მოლეკულური ბიოლოგის, ბიოფიზიკოსის და ნეირობიოლოგის, „ცოცხალ სისტემებში ნუკლეინის მჟავების მოლეკულური სტრუქტურის და ინფორმაციის გადაცემაში მათი მნიშვნელობის აღმოჩენისთვის“ ფიზიოლოგიასა და მედიცინაში 1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის გენიალური დებულება

„ნეირონების ყველა თვისებისა და მათი ურთიერთქმედების ცოდნა რომ შეგვეძლოს, სულის არსს ჩავწვდებოდით“.

დნმ-ის სტრუქტურის აღმოჩენი გენიალური მეცნიერის დასკვნა ძალზე თამამი, მაგრამ ზედმეტად ამბიციურია, რადგან ჩვენ არ ძალგვიძს ჩავწვდეთ სულის (ღმერთის) ჩანაფიქრის უსასრულო სიღრმეს ვიწრო დარგობრივი აღმოჩენებით, საზომი ერთეულების ნაკრებით, რამდენადაც ადამიანური გონისთვის სულის (ღმერთის) ენა და სულის გზები შეუცნობელია. ეს მხოლოდ მაღალგანვითარებულ სულიერ ადამიანთა ხვედრია, რომელთაც სულის „ჭვრეტა“ ძალუძთ.

და მაინც, ფრენსის კრიკი, რომელმაც ცოცხალი ორგანიზმის წყობის მთავარი საინფორმაციო სისტემა დნმ-ის სახით ამოხსნა, პრაქტიკულად სულისა და მატერიის საზღვარს მიუახლოვდა და გამტართა იმ ქსელურ სისტემას შეეხო, რომლითაც სული სხეულთან „ჰოსთინგის“ პრინციპით ურთიერთქმედებს.

სად არის ნახსენები თანამედროვე ლიტერატურაში „შემკრები წერტილი“?

როგორც უკვე ვთქვით, ამერიკელმა ანთროპოლოგმა კარლოს კასტანედამ ერთერთმა პირველმა აღწერა „შემკრები წერტილი“ და მისი მუშაობის პრინციპები თავის მემუარებში. იგი 15 წელი სწავლობდა ინდიელი მაგის და შამანის დონ ხუან მატუსის სამყაროს და საკრალურ სულიერ ცოდნას. სწორედ მისგან მიიღო კასტანედამ ადამიანის ენერგეტიკული აგებულებისა და „შემკრებ წერტილზე“ ამომწურავი წარმოდგენა.

ts4

კარლოს კასტანედა

გასაგები მიზეზების გამო, კ. კასტანედასთვის საკრალური ცოდნის (ტრადიციული მაგიური ცოდნის) გადაცემისას დონ ხუანი არ იყენებდა ცნებას - სულიერი ცნობიერების ჰიპერქსელი, რადგან ცნობიერების ჰიპერქსელები მხოლოდ მეოცე საუკუნის ბოლოს აღმოაჩინეს, დონ ხუანის ტრადიცია კი ქრისტემდელი პერიოდიდან იღებს სათავეს.

მიუხედავად ამისა, დღეს თავისუფლად შეგვიძლია ცნობიერების ჰიპერქსელების საშუალებით დონ ხუანისეული ცნების ახსნა, რომ „სამყაროს უსასრულო მანათობელ ძაფებს საკუთარი ცნობიერება გააჩნიათ“.

კარლოს კასტანედა შემდეგნაირად აღწერს ამას:

ადამიანების დანახვა სინათლის ძაფების სახით შეიძლება.

- სინათლის ძაფების?

დიახ, ძაფების, როგორც თეთრი ქსელის. თავიდან ჭიპისკენ მიმავალი ძალზე წვრილი ბოჭკოების. ადამიანი ცოცხალი ძაფებისგან მოქსოვილ კვერცხს ემსგავსება. მისი ხელები და ფეხები ყოველმხრივ მანათობელ აბრეშუმის ძაფებს წააგავს“. (კ. კასტანედა, „ცალკე რეალობა“)

დღეს უკვე გასაგებია, რომ ეს გაცნობიერების უნარის მქონე და ყოველმხრივ მანათობელი „ძაფები“ მხოლოდ სულიერი ცნობიერების ჰიპერქსელის ძაფები შეიძლება იყოს, რომლებშიც სიცოცხლის ენერგიის უხილავი ღვთაებრივი ნაკადი მიედინება, და ის გაცნობიერების ნათებით ავლენს თავს.

ამდენად, „შემკრები წერტილი“ - სხვა არაფერია, თუ არა ცნობიერების ნათების თავმოყრის ადგილი. სწორედ აქ ყალიბდება შეგრძნებები, სამყაროს სურათი და საკუთარ თავზე წარმოდგენები, ანუ „მე“ - ეგო.

„ადამიანმა არ იცის, რომ შემკრები წერტილი არსებობს, ამიტომ მისი ჩვეული ადგილმდებარეობით გამოწვეულ აღქმებს იღებს როგორც საბოლოოს და უდაოს“. (კარლოს კასტანედა, სიზმარხილვის ხელოვნება)

„ადამიანები არსებულ ენერგიას აღიქვამენ და მას გრძნობათა ორგანოების მონაცემებად გარდაქმნიან. შემდეგ ამ მონაცემების ინტერპრეტირება ხდება და იქმნება ჩვენს გარშემო მყოფი სამყარო. ჩვეულებრივ, სწორედ ამ ინტერპრეტაციას უწოდებენ აღქმას.

- როგორც უკვე იცი, - გააგრძელა დონ ხუანმა, - ძველი მექსიკის შამანები დარწმუნებული იყვნენ, რომ ინტერპრეტაცია განსაკუთრებით კაშკაშა მიდამოში - შემკრებ წერტილში ხდება“. (კარლოს კასტანედა, მაგიური გასასვლელები - ძველი მექსიკელი შამანების პრაქტიკული სიბრძნე, 1998)

„უკვე მოგიყევი, ჩვილობაში რა ემართება ადამიანურ არსებას, - მიპასუხა დონ ხუანმა.

- მთელი ამ დროის განმავლობაში ყველა მის გარშემო მას უწყვეტ დიალოგს ასწავლის. თანდათან დიალოგი სიღრმეში გადადის და იქცევა ფაქტორად, რომელიც შემკრებ წერტილს თავდაპირველ მდგომარეობაში აფიქსირებს.

- მჭვრეტელების მტკიცებით, ყოველი ბავშვი ასეულობით მასწავლებლითაა გარშემორტყმული, რომლებიც მას მუდმივ ასწავლიან, ზუსტად რა ადგილას უნდა დააფიქსიროს შემკრები წერტილი“. (კარლოს კასტანედა, შინაგანი ცეცხლი)

„შემკრებ წერტილს საერთო არაფერი აქვს იმასთან, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ როგორც ადამიანურ სხეულს აღვიქვამთ, - მიპასუხა მან. - შემკრები წერტილი მანათობელი კვერცხის - ჩვენი ენერგეტიკული „მე“-ს ნაწილს წარმოადგენს“. (კარლოს კასტანედა, სიზმარხილვის ხელოვნება)

„ნებისყოფა სისტემის მეორე საბაზისო ელემენტი გახდა. ახალი მჭვრეტელები მას რაღაც ბრმა და უსახო, ყოველთვის უწყვეტ ენერგიის ნაკადად მოიაზრებენ. ის ჩვენს ქცევას განსაზღვრავს და გვაიძულებს, ვიმოქმედოთ სწორედ ასე და არა სხვაგვარად. სწორედ ნებისყოფა განაპირობებს, როგორ აღვიქვამთ ჩვეულებრივი ცხოვრების სამყაროს და ირიბად ამ აღქმის ძალის საშუალებით შემკრებ წერტილს ადგილს უჩენს“. (კარლოს კასტანედა, შინაგანი ცეცხლი)

„ძალის მცენარეებს იმისთვის გაძლევდი, რომ შენი შემკრები წერტილი ამემოძრავებინა. მათ ასეთი ზემოქმედების უნარი აქვთ. მაგრამ ზუსტად ასე შეიძლება იმოქმედოს შიმშილმაც, დაღლილობამ, ავადმყოფობამ და სხვა მსგავსმა გარემოებებმა“. (კარლოს კასტანედა, შინაგანი ცეცხლი)

„ახლა, - გააგრძელა მან, - გაცნობიერების დაუფლების ხელოვნების ახსნა დასრულებულად რომ მივიჩნიოთ, მხოლოდ ერთი დაგრჩა გასაკეთებელი: აღქმის ბარიერი თავად უნდა დაძლიო. შენ თავად, სხვების დახმარების გარეშე, შენი შემკრები წერტილი უნდა გადააადგილო და ემანაციის სხვა არეალში დაარეგულირო“. (კარლოს კასტანედა, შინაგანი ცეცხლი)

„მაგები ამბობენ, რომ სულის სამართავად, - რაშიც ისინი შემკრები წერტილის მოძრაობის მართვას გულისხმობენ, - აუცილებელია ენერგია. ერთადერთი, რაც ჩვენთვის ენერგიას ზოგავს - ჩვენი უზადობაა“. (კარლოს კასტანედა, დუმილის ძალა).

ეს ციტატები საკმარისია იმისთვს, რომ გავიგოთ, რამდენად მნიშვნელოვანია „შემკრები წერტილი“ იმის ასახსნელად, თუ რა ხდება გაცნობიერებისას და კოგნიტიურ სფეროში სხვადასხვა სულიერი თუ მაგიური პრაქტიკების დროს, რაც აღქმის და გაცნობიერების დონის ცვლილებასთანაა დაკავშირებული.

სხვადასხვა მდგომარეობებში „შემკრები წერტილის“ ვიზუალიზაცია ადამიანის ცნობიერების ჭუპრის (ენერგეტიკული სხეულის) მაგალითზე

ამგვარად, შემკრები წერტილი ქსელური ფსიქოლოგიის, ანუ ცნობიერების ჰიპერქსელების უმაღლესი ფსიქოლოგიის, ფუნდამენტურ ცნებას წარმოადგენს.

შენიშვნა: მოცემულ სტატიაში შემკრები წერტილის და მისი წანაცვლების ფენომენი მხოლოდ ადამიანური სპექტრის კოგნიტიური სფეროს საზღვრებში განიხილება. ადამიანური სპექტრის და თავად კოგნიტიური სფეროს საზღვრებს მიღმა შემკრები წერტილის გადაადგილება გარესამყაროში - ეს განსაკუთრებული და ძალზე სპეციფიური თემაა, რომელიც არაადამიანური სპექტრის ცნობიერებას და აღქმას ეხება...

მსგავსი სტატიები

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შენს ცხოვრებაში


მთარგმნელი: ირაკლი მიქავა წყარო ყველას უნდა თავს კარგად გრძნობდ...

კარლ იუნგის კოგნიტური ფუნქციები


კარლ გუსტავ იუნგი იყო ადრეული 1900-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამ...

რა არის ფობია?


ინტერვიუ ფსიქიატრ - ვაჟა კენჭაძესთან (ტრანსკრიბცია) მთარგმნელი: ...

როგორ იცვლება ქალის ტვინი მას შემდეგ, რაც დედა ხდება


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო სახლის მოწყობა, ახალშობილის დაბა...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (შესავალი)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნიკა ვასაძე წინასიტყვაობა...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff