ავტორი: გურამ თხის რქა ღვარძლიანი
ზაფხულის მიწურული იდგა, გრძელმკლავიანი სვიტრი რომ ჩავიცვი და ერთ კვირიანი შესვენების შემდეგ ისევ გავედი სახლიდან.
ცარიელი იყო ქუჩა და ერთადერთი სულიერი ვიყავი, ვინც ამ სიცარიელეს არ ეპუებოდა და ჯიუტად იდგა ერთ ადგილას გაქვავებული, ქანდაკებად ქცეული, იმის მოლოდინში, რომ ვიღაც გამოივლიდა და შეამჩნევდა. გოგირდწასმული გვერდებით შემოსაზღვრულ კოლოფში დარჩენილ უკანასკნელ ასანთის ღერს ვგავდი, რომლითაც ცეცხლი უნდა გაეჩინათ და შემდეგ, ჩამწვარი, შავში ამოგანგლული მოესროლათ ნაგავში. მაინც იქ ვრჩებოდი. ფეხს არ ვიცვლიდი და აზრად არ მომდიოდა, რომ სასაცილო ვიყავი. როდის იყო ასანთის ღერებს ამატებდნენ თითქმის ცარიელ კოლოფებში? პირიქით - ერთი სული აქვთ ბოლომდე გამოშიგნონ.
ქუჩაში ვიდექი მარტოდმარტო, რომ ჩემი იქ ყოფნით თავი დამერწმუებინა, სახლის გარეთაც არსებობს სიცოცხლე.
გული დამწყდა. აბორტ გაკეთებული ქალის საშვილოსნოსავით ამოფხეკილი იყო ადამიანის არსებობის ნიშნები აქაურობიდან. მე არ ვიძვროდი. ვიდექი და ხალხის გამოჩენას მოთმინებით ველოდი.
მზე გადაწვა ცის კაბადონზე დასაძინებლად. მე სახლში წავედი, რადგან საღამოს ქუჩა ცოცხლდება და იქ ჩემი, ერთადერთი ასანთის ღერის, ადგილი არ არის.
ბოლო დღე იყო დაღვრემისა და მარტოობის. ჩემი შვილები მესტუმრნენ მეორე დილით და შემოდგომის შუა რიცხვებამდე ჩემთან იყვნენ, ვიდრე ისევ შეცდომა არ დავუშვი.
***
ლამაზი შვილები მყავს. განსაკუთრებულები.
ელენე რომ დაიბადა, ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად ვიყავი და გულის ყურით ვისმენდი მის წარუმატებელ სასიყვარულო ისტორიას. იმ დღეს ერთად ვიყავით ახალი სამსახურის ტრენინგზე და დიდი ძალისხმევა არ დამჭირვებია, რომ მასში გულჩაფერფლილი კაცი ამომეცნო. ტრენინგზე ძალიან ბევრი ვილაყბე და დარწმუნებული ვიყავი, მასაც არ დავრჩებოდი შეუმჩნეველი. ყველას მეგობრულად შევთავაზე ერთად წავსულიყავით სადმე და ერთმანეთი უკეთ გაგვეცნო. ვიცოდი, დამთანხმდებოდნენ, რადგან თავი მსუბუქ, ლაღ, სასიამოვნო ტიპად გავასაღე.
ასე აღმოვჩნდი უცნობის პირისპირ იმ საღამოს.
- როგორ გგონია, შენთან ურთიერთობაზე თავს შეიკავებს გარვეული დროით?
- გურამ, კი არ მგონია, მართლა არ ვუნდივარ. სიყვარულისა არაფერი იცის ჯერ. არავინ არ ჰყოლია აქამდე. ეშინია და არ იცის სიყვარულს როგორ შეხვდეს.
მინდოდა მეთქვა, რომ ყველაფერს ამოყირავებულად ხედავდა; რომ არცერთხელ უცდია უკეთ გაეცნო გოგონა, რომელიც, მისი თქმით, უყვარდა. მე კი სიყვარულის ნაცვლად უაზრო დაჟინებას ვამჩევდი მის სიტყვებში.
- მისმინე... - ზუსტად მახსოვს ამ დროს ძალიან ღრმად ამოვისუნთქე და მაგიდას დავაშტერდი, რომ საჭირო სიტყვები მომეძებნა სათქმლის გადმოსაცემად; - ჩვენ არ ვიცით მას ვინმე უყვარდა თუ არა და საერთოდაც რატომ ხარ ასე დარწმუნებული, რომ სიყვარულისა არაფერი იცის ჯერ? მემგონი, ეგ გღუპავს და ეგ გხდის აუტანელს. იქნებ ძალიან შენებურად და დაბურულად ხედავ რეალობას, რომელიც შენ წინ მარტივი და კონკრეტული სახით დგას?
მაშინ ჩემს ცოლს გაჭინთვას სთხოვდნენ, აუტანელი ტკივილების მიუხედავად, და ახალი სიცოცხლე ნელ-ნელა მობობღავდა ჩემს ცხოვრებაში შემოსაბიჯებლად. მოპირდაპირედ მჯდომი უცნობი კი სახეს მიმანჭავდა უსიამოვნოდ, რადგან იმას არ ვეუბნებოდი, რისი მოსმენაც სურდა.
ტელეფონზე ზარი შემოვიდა. დედაჩემი მირეკავდა.
- დედა, არ მცალია. მეთვითონ დაგირეკავ, როცა...
- გილოცავ, შე ჩერჩეტო, მამა გახდი, მ ა მ ა! ღმერთმა ჯანმრთელობა არ მოაკლოს ჩემ პატარას.
გავთიშე. იმიტომ, რომ ხმას ვერ ამოვიღებდი. სადღაც გადაკარგულში წასვლა და მარტო დარჩენა მჭირდებოდა ჟანგბადივით.
- უნდა წავიდე. წარმატებები შეყვარებულთან ურთიერთობაში.
ელენე ძალიან გვიან ვნახე. დრო მჭირდებოდა, რომ სათანადოდ მოვმზადებულიყავი ასეთი ემოციური შეხვედრისთვის. არ მინდოდა გული გამჩერებოდა, როცა ხელში ავიყვანდი. უპასუხისმგებლო ეგოისტი, სიცოცხლეს გადამეტებულად ვეჯაჯგურებოდი.
გამიჭირდა ცოლთან ურთიერთობა, მაგრამ დროთაგანმავლობაში ყველაფერი დალაგდა და მე ისევ უცნაურ, ძალიან კომუნიკაბელურ და სასიამოვნო ადამიანად ვიქეცი. ოღონდ უკვე შვილი მყავდა, ჩემი ანგელოზი, რომელზეც ყველას ვუყვებოდი და ალბათ, ამიტომ გამივარდა უცნაურის სახელი.
ზაფხულის იმ შეხუთულ საღამოს, როცა ჩემი შვილები ჩემთან იყვნენ და ელენესთან ერთად უზარმაზარ ეზოში განვმარტოვდი, მცირე ნიავიც არ კრთოდა ჩვენი სახეების სიახლოვეს.
ციცინათელა შენიშნა ელენემ ბალახებში.
- მამა, ნახე, როგორ ანათებს.
სულ არ მაინტერესებდა, ანათებდა თუ აბნელებდა. ელენეს გამო შევხედე და უშინაარსოდ დავეთანხმე:
- ჰო, ანათებს.
უცებ ზიზღმა მომიცვა და მომინდა, რომ წამწამები ამომეპუტა, მერე კი მომეშარდა ჩემ უინტერესო თვალებში.
- რაზე ფიქრობ? - ძალიან თბილი გამომეტყველება ჰქონდა ელენეს, მზრუნველი და თანამგრძნობი; - მამა, მითხარი, რა... რაზე გეცინება?
- გინდა, ციცინათელა ხელში ავიყვანოთ და ბევრი ვირბინოთ?
შარვლის ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოვიღე. გავხსენი. შიგ ერთადერთი ღერი იდო და დანანებით გადავაგდე. მე ხომ არ მინდოდა, მეღიარებინა, რომ იქაც მშვიდად ირწეოდა სიკვდილის აკვანი. ციცინათელას კრუნჩხვებით შევეხე და კოლოფში მოვათავსე. მერე სახლში შევედით, რომ კოლოფი ჩაგვეხვრიტა რამდენიმე ადგილას.
ბევრი ვირბინეთ. ვღრიალებდით. ვხტუნაობდით, ვბზრიალებდით და აღარ გვახსოვდა, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე სათნო ქალი კუბოში იწვა, გაუყუჩებელი ტკივილისას სიცოცხლე-გაძარცვული.
ჩემი ცოლი რომ გამახსენდა, ყველა ღიმილის კვალი გამიქრა სახიდან და უძირო სევდას ნება დავრთე ისე შემომხვეოდა სხეულზე, რომ განძრევა აღარ შემძლებოდა. დავრჩი ციცინათელას მწვანე სინათლით ალაგ-ალაგ სხივგამობმული კოლოფით ხელში და ვერ შევამჩნიე, სიცხისთვის შეუფერებლად ჩაცმული სვიტრის მკლავები როგორ მოშორდა ჩემ ხაზებად დასერილსა და დაკაწრულ მაჯებს.
- მამა?! ხელებზე რა გჭირს? - ნეტა ასეთი შეშინებული და აკანკალებული ხმა არ ჰქონოდა მაშინ ელენეს. რა მოხდებოდა, ხმაამოუღებლად დაევიწყებინა, რაც დაინახა და ყურადღება არ მიექცია, როგორც ამ შემთხვევის შემდეგ აკეთებდა?
მთელი ზაფხული ყურადღების ცენტრში მოხვედრას ვლამობდი და ახლა ჩემმა პატარა ანგელოზმა, უჩემოდ დაბადებულმა გოგონამ, წამებში მოახერხა, რომ სასურველი მიმეღო.
აღარც მაშინ შემეძლო ხმის ამოღება, სიტყვას ვერ გავიღებდი და ვერ შევამცირებდი უცაბედად თავსდამტყდარი ტრიუმფის ნეტარ წამებს.
შვილებს გავექეცი რამდენიმე დღით.
***
ჩემი ცოლი მესამე შვილის გაჩენას გადაჰყვა. არც მაშინ ვიყავი მის გვერდით, რადგან ისევ ახალი ადამიანი გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში და გადავწყვიტე, რომ ისე არ უნდა გამეშვა, ჩემგან რაიმე სახის დახმარება რომ არ მიეღო.
ნუთუ აუარება ქველმოქმედების დაგროვებას ვცდილობდი დავიწყებისთვის განწირული ურთიერთობების გასამყარებლად?
***
შეცდომა ოქტომბრის თვეში დავუშვი.
მეორე ანგელოზის თინეიჯერულმა დაუცხრომლობამ მოთმინებიდან გამომიყვანა.ორი დღით სახლიდან გასვლა ავუკრძალე. ვერ წარმომედგინა, ელენე ამის გამო მე თუ დამსჯიდა და თავის დას მოუყვებოდა იმ ავბედითი საღამოს შესახებ.
მოვლენები ელვის უსწრაფესად განვითარდა. მეორე დღეს ჩემი შვილები, ჩემი პატარა ანგელოზები, ჩემგან წავიდნენ. მე კი, სუიციდისკენ მიდრეკილ მამას, პაწაწინა იმედი აღარ უნდა მქონოდა, რომ მომავალში კვლავაც ვნახავდი მათ.
ყველასგან მიტოვებულმა, კაკლის დაბერტყვა გადავწყვიტე, რადგან დრო იყო ვეებერთელა კაკლის ხეს ნაყოფი მოეცა ჩემთვის.
ხის ძირში დავდექი. გრძელი ჯოხი ძლიერად შემოვკარი მის ტოტებს და დაველოდე, როდის ახმაურდებოდა კაკლები გარშემო. ისევ შემოვკარი, ისევ, ისევ... ვხვდებოდი, ძალიან შორს ვიყავი წასული იმ ადგილიდან, სადაც ახლა ვიდექი, მაგრამ არავინ მყავდა გადამრჩენელი, რომ ხელი ჩაეკიდა და სიღრმიდან ამოვექაჩე.
ყველა სისუსტე გაერთიანდა ერთ დიდ სიმძიმედ და ჩემ ცხოვრებას დააწვა დიდი, უძრავი, გადაუგორებელი ლოდივით. მე თავი ჩავრგე შემოდგომის ფოთლებივით ხმელ ხელებში და ყველაფრისგან დაღლილი, თავზარდაცემული ავქვითინდი, როგორც გაზაფხულის ცვალებადი და მრავალსახა ცა.
სცვიოდა კაკლები ოქტომბრის თვეში უზარმაზარ ხეს და ცრემლები ნიაღვრებად მომდიოდა სიმშრალეს შეჩვეული თვალებიდან. ისე მომეწონა ცრემლის სისველე, რომ წამიერად ფიქრი გამიკრთა, ვაითუ შევეჩვიო-მეთქი. თუმცა, ვიცოდი, ერთჯერადი იყო ჩემი მოთქმა და სხვა დროს იგივეს აღარ ვიზამდი. სანამ დრო იყო, ბოლომდე უნდა მიმეძღვნა თავი ამ არეულობისთვის, რადგან შემდგომში წესრიგი და სიმშვიდე ძალიან დიდი ხნის მანძილზე გახდებოდა ჩემი თანამგზავრი.