გველთან როგორც სიბრძნესთან ზიარება

ალქიმიკოსი
ხელოვნება
0
0

გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ როგორია ...

 ავტორი: გიორგი დოლიძე

 გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. მაგრამ როგორია ის წინაპირობები და გარემოებები, რომლებიც წინ უნდა უძღოდეს და თან ახლდეს გველთან განდობას, რისთვისაც ქართულ თქმულებებსა და ლიტერატურის ნიმუშებს ვაკვირდებით. და ის, რაც ქართულ სივრცეში გაკვრით ან მხოლოდ სიმბოლოებით ითქმის „გველურ“ სიბრძნესთან ზიარებაზე, უკეთ შეგვიძლია გავაცნობიეროთ, როცა სხვა კულტურებში გავრცელებულ თქმულებებს მოვიშველიებთ, რათა უფრო კარგად შევიგრძნოთ ქართული მითო-პოეტური სახეების სულიერი მდგომარეობა.

 როცა გველთან მიახლებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად გვახსენდება ხოგაის მინდი, წარმოშობით არხოტიონი, სოფელ ამღადან, რომელიც ქაჯებმა მოიტაცეს. მას თვალები აუხვიეს, გზა რომ არ დაესწავლა და ცხრა მთას რომ გადაატარეს, მხოლოდ მაშინ მოხსნეს სახვევები. ქაჯების სოფელში მას და სხვა ტყვეებს მთაზე გარეკავდნენ და გველებს აჭერინებდნენ. გველებისგან ქაჯები წამლებს ამზადებდნენ. ერთხელ ხოგაის მინდის გველი დაუჭერია, რომელსაც ყელზე თეთრი ბეწვი ჰქონია. დაუკლავთ და მისი სისხლი ქანდარას წასხურებია. ხოგაის მინდის იმდენად მობეზრებია ქაჯებში ცხოვრება, რომ გველი სისხლის ალოკვა მოინდომა, რომ იქვე მომკვდარიყო. შეამჩნიეს ეს ქაჯებმა და წაშალეს ნასხურები სისხლი. მაგრამ ერთი წვეთი სადღაც შერჩენილი ყოფილა და მინდიმაც ფარულად ალოკა ეს წვეთი. ალოკა თუ არა სისხლი, მინდის ცხროება შეეყარა. SNAKE%20CROS

 სულ ოფლად იღვრებოდა. მეცხრე ლოგინი ისე გამოიცვალეს, რომ არაფერი გაუგია. გონს რომ მოვიდა იღლიის ძირები ჰქონია დასიებული. გაუჭრია და იღლიებიდან მკბენარი გადმოცვენილა. მიხვდა ხოგაის მინდი, რომ კაცს თურმე მკბენარი ამძინებს. ისე გამსუბუქდა, ხიდზე გავლისას ჩოხის კალთებში ქვებს იყრიდა, რომ ქარს ხიდიდან წყალში არ გადაეგდო. ამიერიდან ყველაფრის ენა ესმოდა თურმე, სულიერის თუ უსულოსი... ამ შემთხვევაში რომელი პრინციპი გვაზიარებს სიბრძნესთან? ეს არის შევსების წინ დაცარიელება, თავგაწირვა, სიკვდილისთვის მზადყოფნა. როდესაც ყველანაირი იმედი ამოწურულია და შენი ძველი ფორმა გგუდავს, ტრანსფორმაციის წყურვილით სიკვდილზე წასვლა შეგიძლია. მაგრამ ეს ისეთი უიმედო მდგომარეობაა, რომ სიკვდილშიც კი დაღუპვას კი არა მინდობას ცდილობ, არყოფნისთვის იმეტებ შენს ჩვეულ ფორმას, მაგრამ გულში ღვივის აღდგომის წყურვილი, თუმცა არ იცი რა ფორმით მოხდება ეს. ჭეშმარიტი სიკვდილი და მისგან მოსული აღდგომა სწორედ მისტერიაა(საიდუმლო), რომელიც წინასწარ არ იცი როგორი ფორმით იქნება. ეს თავად ქრისტეს განწირულობის მსგავსია, როდესაც ის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ყველა მისი მიმდევარის გულში მოკვდა და მისი პიროვნების ნათელი სრულიად მოულოდნელი ფორმით აღდგა ადამიანებში. ეს მდგომარეობა ძველი აღთქმიდან იონა წინასწარმეტყველის წიგნში შეიძლება ამოვიკითხოთ: „სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა, მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე“... იონა წინასწარმეტყველის ყოფნა ვეშაპის მუცელში სამი დღე-ღამის განმავლობაში სიმბოლური წინასახეა იესო ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის. და აღსანიშნავია, რომ ქრისტეს წინასახედ ძველ აღთქმაში იგულისხმება მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული გველის გამოსახულება, რომელიც გველებისგან დაგესლილ ადამიანებს განკურნავს. თავად ქრისტეს იხსენიებს ქრისტიანი ავტორი ტერტულიანე როგორც „კეთილ გველს“. ქრისტეს მისტერიის მთავარი ქვაკუთხედიც ეს არის: წმინდა გულით სიკვდილის მიღება და ამ მსხვერპლის ძალით აღდგომა, „გველის მსგავსად ტყავის ცვლა“, რადგან გველის მსგავსება ქრისტეს ერთ-ერთი მოწოდებაა: „იყავით ბრძენი, ვითარცა გველი“ (მათეს სახარება).

 ხოგაის მინდის მიერ გადატანილ სენს შეგვიძლია შევადაროთ ერთი ისტორია ასევე ქრისტიანული ტრადიციიდან - ფრანჩესკო ასიზელის ამბავი. ფრანჩესკო ასიზელიც, სანამ შეუდგებოდა ქრისტიანულ სათნოებას და დაიწყებდა ქადაგებას, გადაიტანა მძიმე დაავადება, რამაც მის სულიერ ფერისცვალებას ხელი შეუწყო.francisco

 ხოგაის მინდიც და ფრანჩესკო ასიზელიც სიმბოლურად კვდებიან ძველი ცხოვრების დასასრულებლად. ერთი და მეორეც იძენს მანამდე არნახულ შინაგან სიმსუბუქეს, ორივეს ეხსნება ახალი ხედვა. „ახალად სული ჩაედგა, ახალი ხორცი აისხა; გულის ხედვა და თვალების, როგორც ბრმას და ყრუვს, გაეხსნა“ („გველის-მჭამელი“). ორივე პირს იბრუნებენ დედა-ბუნებისაკენ: თუ ხოგაის მინდის ყოველი სულიერისა თუ უსულო არსების ენა ესმის, ფრანჩესკო ასიზელი თვით ველური ბუნების შვილებს, ჩიტებსაც კი უქადაგებს ქრისტეს სიტყვას. ერთის შემთხვევაში თუ ამას იწვევს გველის უძველეს მისტერიასთან ზიარება, მეორე იგივე იმპულსს ეზიარება გულში „კეთილი  გველის“, იესო ქრისტეს მიღებით. ამ გამონათებას კი მაშინ ვიღებთ, როდესაც სიკვდილსაც კი ვნატრობთ, ოღონდ დავძლიოთ ცხოვრების ძველი ფორმები. ამ დროს ლოცვა-ვედრებაც კი უძლური და ამოწურულია, როგორც ვაჟას მინდიას არ შველის ეს: „ეშველათ, ბევრჯელ ხატ-ღმერთსა მხურვალედ შაჰვედრებია. ბოლოს სთქვა: თავსა მოვიკლავ, ასეთს სიცოცხლეს სჯობია!“.. როცა აზრებითა და სიტყვით ვედრება ამოწურავს თავს, უკვე ქმედებას ითხოვს სიმბოლური თავგანწირვა, რათა უარი თქვა ძველ ყოფაზე, გაიარო სიმბოლური სიკვდილი-სახადი და განგიახლდეს ხედვა. 

 

 გველთან, როგორც სიბრძნის სიმბოლოსთან მიდის ასევე კიდევ ერთი გმირი - გახუა მეგრელაური. ერთხელ ხახმატის ჯვარმა გახუა მეგრელაური განძის ამოსაღებად შეგზავნა ბაყბაყდევის სახლში (თავად დევი შინ არ ყოფილა), იქაურობა ოქრო-ვერცხლით ყოფილა გამოტენილი. მაგრამ ჯვარს უთქვამს, ეგ არაფერია, შენ ყორეში შეყავი ხელი და, რაც შეგხვდება, გამოიღეო. შეყო გახუამ ყორეში ხელი და გამოათრია იქიდან მკლავისსიმსხო დაგრაგნილი გველები და აავსო ხურჯინი. - რად გვინდა ეს გველებიო, უკითხავს გახუას. ჯვარს უპასუხნია: ჯერ არ იცი და მერე გაიგებო. მართლაც, კარგა მანძილი რომ გაუვლიათ, ჩაუხედავს გახუას ხურჯინში, რას ხედავს, თვალ-მარგალიტით არის გავსებული ხურჯინი. - ეს რა არის, აკი გველები ჩავსხითო? - უკითხავს გახუას. - გველებად მოგაჩვენა თავი ამ ძვირფასმა განძმაო, - უთქვამს ხახმატის ჯვარს... აქ სიბრძნის ძიებისას ვხვდებით კიდევ სხვა პრინციპს - უპირობო მინდობას, კონკრეტულ ფორმაში შინაარსის ინტუიციურ წვდომას. ამ დროს ვიაზრებთ: „საგანთა არსი არ იქნება ის, რასაც ჩვეულებრივ ვიაზრებდით“. საგნები ითხოვენ მათივე არსში სულ უფრო ღრმა წვდომას. მსოფლიო ხალხთა გადმოცემებში სიბრძნე სიმბოლურად განძით, გველით გამოისახება. გველი (გველეშაპი) იცავს მას, ან თავად იღებს მოსაპოვებელი განძის სახეს. გველი(გველეშაპი) ასევე აღნიშნავს ილუზიას, რომელიც უნდა დაიძლიოს, რომლის მიღმა სხვა რეალობა უნდა დავინახოთ. ის ჩვენი გამომცდელია, ამ გაგებით შეგვიძლია მას ჩვენი კეთილისმყოფელიც ვუწოდოთ: რომ არა გველი, არ მოგვეცემოდა სტიმული, რომ ჩვენში განვავითაროთ სხვა სახის აღქმა, რომელიც აქამდე არ გამოგვიყენებია.

 ამ გაგებით გველი შემოგვწირავს კიდეც თავს, ოღონდ კი დავძლიოთ იგი და შევაღწიოთ სხვა რეალობაში. მაგრამ ამის მიღწევას ვიწყებთ მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არის თვალსაწიერი გაფართოვებული და სიარული გვიწევს გარკვეულწილად მინდობით, რწმენით, ინტუიციით. გახუას წინ ედო თვალ-მარგალიტი და ყოველი სიმდიდრე, მაგრამ ჯვარის, როგორც სინდისის ხმის ჩაგონებით არ მოკიდებს ამას ხელს, აირჩევს გველს (სიბრძნეს) და უკან მობრუნებისას ეძლევა ისიც, რაც მას არ აუღია. ხომ არ მოგვაგონებს ეს სოლომონის გონიერებას? როცა ყმაწვილ სოლომონს მისი უფალი გამოეცხადა, უთხრა: მთხოვე რაც გსურსო. სოლომონმა კი ითხოვა მხოლოდ გამგები გული და გონიერება, რათა სამართლიანად ემართა ქვეყანა. მოეწონა უფალს ეს თხოვნა და უთხრა: რაც არ გითხოვია - სიმდიდრესაც, დიდებასაც - იმასაც მოგცემ... იმპულსი, რომელსაც ქართულ თქმულებაში ვგრძნობთ, და ის იმპულსი, რომელიც ბიბლიაში მესამე მეფეთა წიგნშია აღწერილი, ერთი და იგივეა: ადამიანი თავის ქმედებათა საფუძვლად ირჩევს სიბრძნეს, გონიერებას, ეს იგივეა რაც სოლომონის მიერ ნათხოვი „გამგები გული“ , რადგან ვერავითარი ცოდნა ვერ იწოდება სიბრძნედ, თუ ის გულის ხედვით არ არის განმსჭვალული. გახუა მეგრელაურიც დაჰყვება ჯვარს, რომელიც არის მისი დამრიგებელი, ანუ სინდისის ხმა და აიღებს გველებს. არ დახარბდება ძვირფასეულობას, რომელიც მოგვიანებით მას აუცილებლად მოუბრუნდებოდა როგორც გველის შხამი. ის საგნებს აფასებს შეტრიალებული მნიშვნელობით, არა მათი მოჩვენებითი მნიშვნელობით. და სოლომონის მსგავსად გახუაც ღირსია იწოდებოდეს ბრძენად, რადგან მან გაიარა ეს გამოცდა და მისი სიბრძნე განიცდის მატერიალიზაციას დოვლათის სახით, რომელიც არ არის სიხარბისა და სულმოკლეობის ნაყოფი, არამედ გამომუშავებულია მოთმინებით. და ასეთი მუშაობის დაწყებისას აუცილებელია გარკვეული სახის მინდობა, რომელსაც რწმენას ვუწოდებთ, სოლომონისეული გამგები გულით მინდობა, რომელიც თავის ნაყოფს მოგვიანებით მოგვცემს. 

გველის მისტერიაზე უნდა ვახსენოთ გრიგოლ რობაქიძეც, რომელიც უხვად იყენებს მითოსს თავის შემოქმედებაში და შეიძლება ითქვას, რომ მისი ნაწარმოებებიც ახალი მითოსის ქმნაა. მის რომანს „გველის პერანგს“ ლაიტმოტივად გასდევს სწორედ ტყავის ცვლა, გველისთვის მიმსგავსება, რასაც განიცდის მთავარი პერსონაჟი არჩიბალდ მეკეში (არჩილ მაყაშვილი) სამშობლოში დაბრუნებისას. აქაც რომანის ფინალში გველი სიბრძნის გაცნობიერების სიმბოლოდ გამოდის, როგორც იტყოდა ტაბა ტაბაჲ: „ისე უნდა უცქერდე საკუთარ წარსულს როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს: გახდილსა და დაგდებულს... სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება“...

CIRCLE%20SNAKE

 სამშობლოში დაბრუნების გარდა მწერალი რომანში ნიცშესეული მარადიული მობრუნების იდეას გულისხმობს: „მარადიული დაბრუნების იდეა, რომელიც სულ ყოველთვის მაწამებდა, ახლა სხვანაირად იყო ნააზრევი; არა ერთეულის მარადიული დაბრუნება თავის თავისკენ, არამედ ერთეულში მარადიულის დაბრუნება თავის თავისკენ. შემდეგში ამ შეცნობამ ხორცშესხმა ჰპოვა ჩემ რომან გველის პერანგში“. და ის პრინციპები რაც ვახსენეთ - სიკვდილისთვის მზაობა, თავგანწირვა, შევსების წინ დაცარიელება, მინდობა, ინტუიციითა და გამგები გულით სიარული - იქნებ ამ პრინციპებს მოვუხმოთ, როდესაც საკუთარ თავთან გვიწევს გამუდმებით მობრუნება, როგორც რობაქიძის გმირი უბრუნდება სამშობლოს და უყურებს წარსულს როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს, გახდილსა და დაგდებულს... როგორც მწერალი თავისი გმირის მსგავსად წარმოსახვით ბრუნდებოდა ხოლმე სამშობლოში, იქნებ ჩვენც ასევე გავიაზროთ საკუთარ თავში მობრუნება ყოველ ეტაპზე, როდესაც გველივით უნდა ვიცვალოთ პერანგი და ყოველ ჯერზე ახლებურად უნდა დავინახოთ  ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც... ამ გამუდმებულ და გაცნობიერებულ ტყავის ცვლაში შევიძენთ იმ ენის ცოდნას, რომელზეც ხოგაის მინდი უსმენდა სამყაროს, ან მოვიპოვებთ განძს სახელად გონიერებას, რომლითაც გახუა მეგრელაური თავისი სათნოების მატერიალიზებას ახდენს. და ეს იქნება ჩვენი გველის მისტერია.

მსგავსი სტატიები

რეჟისორები კინოს შექმნაზე


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი წყარო დევიდ ფინჩერი: „არაფერია იმაზე უარ...

სილვია პლათი


სილვია პლათი მეოცე საუკუნის გამორჩეული ფიგურაა, რომლის შემოქმედება ...

რიუნოსკე აკუტაგავას „გაურკვეველი შიში მომავლის მიმართ“


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი; Ikigai / იკიგაი   რიუნოსკე აკუტა...

წამი


ავტორი: ქრისტინე ბებია იყო ერთი ზარმაცი. ეჯავრებოდა შრომა. ღმერ...

εμη τανατογενοσ - რაზედ ჩურჩულებს ველი


 ველი ჩურჩულებს ორი ინგლისურენოვანი ქვეყნის  ურთიერთობაზე, კინოინდუ...

დიდოსტატის მარჯვენა და იერუსალიმის ტაძრის ხუროთმოძღვარი ჰირამი


კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენაში" სამი მთავარი გმირი...

გაი რიჩის დანახული "უძღები შვილის დაბრუნების" იგავი..


  მთარგმნელი: ანა თოფურიძე წყარო "..ამ იგავის გაგება ადვი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff