მთარგმნელი: ლიკა მარღანია
და აი ახლა, ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე პასუხები სიუჟეტში იმ სულელურ „თეთრ ლაქებთან“ დაკავშირებულ კითხვებზე, რაც მუდმივად მტანჯავდა ამ ტრილოგიაში. ეს...ეს უბრალოდ გენიალურია! ფილმი რომ იმ სახით გამოსულიყო ეკრანზე, როგორც ეს თავიდანვე იყო ჩაფიქრებული - „მატრიცის“ ჩვენების ეფექტი 10-ჯერ უფრო ძლიერი იქნებოდა. ხოლო მოვლენათა ფინალური გახსნის სისასტიკის მხრივ ეს ფილმი ბრწყინვალე „მებრძოლთა კლუბსაც“ კი გადაასწრებდა! „მატრიცის“ სცენარს ვაჩოვსკები 5 წლის მანძილზე წერდნენ. შეიქმნა საოცარი ილუზორული სამყარო, რომელიც ერთდროულად რამდენიმე სიუჟეტური ხაზით იყო გამსჭვალული, და ისინი დროდადრო უცნაურად გადაეხლართებოდნენ ხოლმე ურთიერთს. ამ თავიანთი კოლოსალური ნაშრომის ეკრანიზაციისთვის ადაპტირების პროცესში, პროდიუსერის ჯოელ სილვერის მოთხოვნებზე დათმობების შედეგად, ვაჩოვსკებმა იმდენი რამ შეცვალეს, რომ, მათივე აღიარებით, მათი ჩანაფიქრების განხორციელება იმ ისტორიის „მოტივებზე შექმნილ ფანტაზიებსღა“ თუ მოგაგონებდათ, რომელიც თავიდან შეითხზა.
მოკლედ, ასე, „მატრიცის “ ორიგინალური სცენარი. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ერთი და იგივე ფილმის სცენარის მონახაზები და სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც უარყოფილ იქნა, აღარ ექვემდებარებოდა დასრულებას და აღარ ხდებოდა მათი ბოლომდე დამუშავება, ამიტომაც ბევრი რამ ვეღარ ეწერებოდა აწყობილ სისტემაში.
მაშ ასე, მივყვეთ, ტრილოგიის „სევდიან“ ვარიანტში მეორე და მესამე ნაწილები საკმაოდ უმოწყალოდაა ‘დაჩეხილი’. ამასთან, მესამეში, დასკვნით ნაწილში ისეთი საშინელი ინტრიგის გახსნა იწყება, რომ ის პრაქტიკულად ყველა მოვლენას, რაც მანამდე სიუჟეტით ვითარდებოდა, თავდაყირა აყენებს. ზუსტად ისევე, როგორც შიამალანოვის „მეექვსე გრძნობის“ ფინალი სრულიად შეარყევს ფილმის ყველა მოვლენას დასაწყისიდან მოყოლებული. მაყურებელს მხოლოდ „მატრიცაში“ უწევდა პრაქტიკულად მთელი ტრილოგიისთვის ახალი თვალით შეეხედა. და ძალიან სამწუხაროა, რომ ჯოელ სილვერმა თავისი გაიტანა და არჩევანი ამ რეალიზებულ ვარიანტზე შეაჩერა.
პირველ ფილმში მიმდინარე მოვლენების დასრულების მომენტიდან გადის ექვსი თვე. ნეო, რომელიც რეალურ სამყაროში იმყოფება, თავის თავში აღმოაჩენს წარმოუდგენელ უნარს გავლენა მოახდინოს გარემომცველ რეალობაზე: ჯერ ის მაგიდაზე დადებულ კოვზს ჰაერში წევს და ღუნავს, შემდეგ არკვევს მანქანა-მონადირეების მდებარეობას ზიონის ფარგლებს მიღმა, შემდეგ რვაფეხებთან ბრძოლის დროს ერთ-ერთ მათგანს აზრის ძალით ანადგურებს ხომალდის გაოგნებული ეკიპაჟის თვალწინ. ნეო და მის გარემოცვაში მყოფნი ვერ უძებნიან ახსნას მოცემულ ფენომენს. ნეო დარწმუნებულია, რომ ამას თავისი სერიოზული მიზეზი გააჩნია, და რომ მისი ეს ნიჭი, თუ უნარი რაღაცნაირად მანქანების წინააღმდეგ ომს უკავშირდება, და შეუძლია გადამწყვეტი გავლენა იქონიოს ადამიანთა ბედზე (გადაღებულ ფილმშიც არის ეს უნარი წარმოჩენილი, მაგრამ სულაც არ ხდება მისი ახსნა, და მასზე თითქოს არც ამახვილებენ ყურადღებას - შეუძლია და მორჩა. თუმცა, საღად თუ ვიმსჯელებთ, ნეოს უნარს რეალურ სამყაროში მოახდინოს სასწაულები აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ ენიჭება „მატრიცის“ მთელ კონცეფციაში, და უბრალოდ, უცნაურად გამოიყურება).
ამრიგად, ნეო გაემართება პიფიასთან, რომ მიიღოს პასუხი თავის კითხვაზე და გაიგოს, რა უნდა გააკეთოს შემდეგ. პიფია პასუხობს ნეოს, რომ არ იცის, თუ რატომ ფლობს იგი ამ რეალურ სამყაროში ასეთ ზებუნებრივ ძალებს, და როგორ უკავშირდება ეს ნეოს დანიშნულებას. ის ამბობს, რომ ჩვენი გმირის დანიშნულების საიდუმლოს ახსნა მხოლოდ არქიტექტორს შეუძლია - უმაღლეს პროგრამას, რომელმაც მატრიცა შექმნა. ნეო ეძებს გზებს არქიტექტორთან შესახვედრად, წარმოუდგენელი სირთულეების დაძლევის გზით (აქ გამოდის ჩვენთვის უკვე ცნობილი მეროვინგენის ტყვეობაში მყოფი გასაღებების ოსტატი, გზატკეცილზე დევნა და სხვა).
და აი, ნეო ხვდება არქიტექტორს. იგი უზიარებს ნეოს ინფორმაციას, რომ ადამიანების ქალაქი ზიონი ადრე ხუთჯერ იქნა განადგურებული, და რომ უნიკალური ნეო მიზანდასახულად შექმნეს მანქანებმა იმისათვის, რომ მას განესახიერებინა ადამიანების ოცნება თავისუფლებაზე, და ამ გზით უზრუნველეყოთ სიმშვიდე მატრიცაში და შეენარჩუნებინათ მისი სტაბილურობა. მაგრამ, როდესაც ნეო ეკითხება არქიტექტორს, რა როლს თამაშობს ამ ყველაფერში მისი ზებუნებრივი შესაძლებლობები, რომლებიც რეალურ სამყაროში ვლინდება, არქიტექტორი პასუხობს, რომ ამაზე პასუხს ვერასოდეს მიიღებს, რადგან ამაზე პასუხი მას იმ ცოდნასთან მიიყვანს, რომელიც გაანადგურებს ყველაფერს, რისთვისაც იბრძოდნენ ნეოს მეგობრები და თვითონ.
არქიტექტორთან საუბრის შემდეგ ნეო ხვდება, რომ ამაში რაღაც საიდუმლო იმალება, რომლის გამოცნობამაც შესაძლოა ადამიანებსა და მანქანებს შორის ომის ნანატრ დასასრულთან მიგვიყვანოს. მისი შესაძლებლობები სულ უფრო ძლიერდება. (სცენარში ნეოს და მანქანებს შორის რეალურ სამყაროში მიმდინარე რამდენიმე შთამბეჭდავი საბრძოლო სცენაა, სადაც ნეო ლამის სუპერმენად გვევლინება, და მას იგივე შეუძლია მოიმოქმედოს, რაც მატრიცაში: იფრინოს, გააჩეროს ტყვიები და სხვა). ზიონში ცნობილი ხდება, რომ მანქანებმა დაიწყეს სვლა ადამიანების ქალაქისკენ იმ მიზნით, რომ მოკლან ყველა, ვინც მატრიციდან გამოვიდა, და ქალაქის მთელი მოსახლეობა გადარჩენის იმედს მხოლოდ ნეოზე ამყარებს, რომელიც საოცარ, გრანდიოზულ რაღაცეებს სჩადის - კერძოდ, ავლენს უნარს გამოიწვიოს უძლიერესი აფეთქებები, იქ, სადაც სურს. ამასობაში, მთავარი კომპიუტერის კონტროლიდან გამოსული აგენტი სმიტი, რომელიც გახდა რა თავისუფალი და გაუჩნდა ნიჭი დაუსრულებლად გაამრავლოს თავისი ასლები, უკვე თვით მატრიცას ემუქრება. სმიტი ჩაუსახლდება ბეინს და, ასევე, შეაღწევს რეალურ სამყაროში. ნეო ახალ შეხვედრას ეძებს არქიტექტორთან, რომ შესთავაზოს მას გარიგება: ნეო ანადგურებს აგენტ სმიტს, არღვევს რა მის კოდს, ხოლო არქიტექტორი ნეოს უმხელს რეალურ სამყაროში მისი ზებუნებრივი უნარების საიდუმლოს და აჩერებს მანქანების სვლას ზიონზე.
მაგრამ ოთახი ცათამბჯენში, სადაც ნეო შეხვდა არქიტექტორს, ცარიელია: მატრიცის შემქმნელმა მისამართი შეიცვალა და ახლა არავინ იცის, სად შეიძლება მისი პოვნა. ფილმის სადღაც შუა ნაწილისკენ ტოტალური კოლაპსი ხდება: მატრიცაში აგენტი სმიტების რაოდენობა ადამიანების რაოდენობას აჭარბებს და მათი თვითკოპირების პროცესი ზვავივით იზრდება, რეალურ სამყაროში მანქანები შეაღწევენ ზიონში, და კოლოსალურ ბრძოლაში ანადგურებენ ყველა ადამიანს, გარდა ერთი მუჭა გადარჩენილებისა ნეოს ლიდერობით, რომელიც მიუხედავად თავისი ზებუნებრივი შესაძლებლობებისა, ვერ აჩერებს ათასობით მანქანას, რომლებიც ქალაქში შემოჭრას ლამობენ. მორფეუსი და ტრინიტი იღუპებიან ნეოს გვერდით, გმირულად იცავენ რა ზიონს. საშინელ სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ნეო ზრდის თავის ძალას წარმოუდგენელ მასშტაბებამდე, მიიჭრება ერთადერთ გადარჩენილ ხომალდთან (მორფეუსის „ნაბუქოდონოსორი“), და ტოვებს ზიონს, ამოდის რა ზედაპირზე. ის მთავარი კომპიუტერისკენ მიემართება, რომ გაანადგუროს იგი, შური იძიოს ზიონის მცხოვრებთა გამო, განსაკუთრებით კი მორფეუსისა და ტრინიტის სიკვდილის გამო. „ნაბუქოდონოსორის“ ბორტზე ბეინ-სმიტი იმალება, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს ნეოს მატრიცის განადგურებაში, რამდენადაც ხვდება, რომ ამით თვითონაც განადგურდება. ნეოსთან ეპიკურ ორთაბრძოლაში ბეინი ასევე ავლენს ზებუნებრივ შესაძლებლობებს, ნეოს თვალებს ამოუწვავს, მაგრამ საბოლოოდ მაინც იღუპება. ამას მოსდევს სცენა, რომელშიც დაბრმავებული, მაგრამ მაინც ყოვლისმხედველი ნეო მილიარდობით მტერს შორის გაიკვალავს გზას ცენტრისკენ და აწყობს იქ გრანდიოზულ აფეთქებას. იგი ფაქტობრივად ფერფლად აქცევს არამხოლოდ ცენტრალურ კომპიუტერს, არამედ საკუთარ თავსაც. მილიონობით კაფსულა, სადაც ადამიანებია მოთავსებული, გამოირთვება, მათში ნათება წყდება, მანქანები სამუდამოდ ხევდებიან და მაყურებლის წინაშე წარმოსდგება უსიცოცხლო, გაუდაბურებული პლანეტა.
კაშკაშა შუქი. ნეო, სრულიად დაუზიანებელი, ჭრილობების გარეშე და საღი თვალებით, გონს მოდის და აღმოაჩენს თავს მორფეუსის წითელ სავარძელში მჯდომი „მატრიცის“ პირველი ნაწილიდან, სრულიად თეთრ სივრცეში. ის თვალწინ ხედავს არქიტექტორს. არქიტექტორი ეუბნება ნეოს, რომ ის შეძრულია იმ ფაქტით, თუ რა შეუძლია ადამიანს ჩაიდინოს სიყვარულის სახელით. ის ამბობს, რომ მან ვერ გაითვალისწინა ის ძალა, რომელიც არის ადამიანში, როდესაც ის მზად არის საკუთარი სიცოცხლე გაიღოს მსხვერპლად სხვა ადამიანების გამო. ის ამბობს, რომ მანქანებს ეს არ ძალუძთ, და ამიტომ მათ შეიძლება წააგონ, თუნდაც ეს წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ. ის ამბობს, რომ ნეო - ერთადერთია ყველა რჩეულს შორის, რომელმაც „შეძლო ასე ღრმად შეტოპვა.“
ნეო კითხულობს, სად არის იგი. მატრიცაში - პასუხობს არქიტექტორი. მატრიცის სრულყოფილება, სხვათა და სხვათა შორის, იმაშიც გამოიხატება, რომ ის არ დაუშვებს, რომ გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა მას თუნდაც მცირედი ზიანი მიაყენონ. არქიტექტორი ეუბნება ნეოს, რომ ისინი ახლა „ნულოვან წერტილში“ იმყოფებიან „მატრიცის “ გადატვირთვის შემდეგ, მისი ‘მეშვიდე ვერსიის’ დასაწყისთან. ნეოს არაფერი ესმის. ის ამბობს, რომ ახლახანს გაანადგურა ცენტრალური კომპიუტერი, რომ მატრიცა აღარ არსებობს, ისევე, როგორც მთელი კაცობრიობა. არქიტექტორი იცინის, და ნეოს ისეთ რამეს ეუბნება, რაც სულისშმძვრელ შოკში აგდებს არამხოლოდ ნეოს, არამედ მაყურებელთა მთელ დარბაზს. ზიონი - ეს მატრიცის ნაწილია. იმისათვის, რომ ადამიანებისთვის მოჩვენებითი თავისუფლების მირაჟი შეექმნათ, იმისათვის, რომ მათთვის ‘არჩევანი’ მიეცათ, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ არსებობს, არქიტექტორმა გამოიგონა რეალობა რეალობის შიგნით. და ზიონი, და მთელი ეს ომი მანქანებთან, და აგენტი სმიტი, და საერთოდ, ყველაფერი, რაც ხდებოდა ტრილოგიის დასაწყისიდან, წინასწარ იყო დაგეგმილი და იყო მხოლოდ და მხოლოდ სიზმარი. ომი მხოლოდ ყურადღების გადასატანი მანევრი იყო, ხოლო სინამდვილეში, ყველა, ვინც დაიღუპა ზიონში, ებრძოდა მანქანებს, და ომობდა მატრიცის შიგნით, კვლავაც მშვიდად წვანან თავიანთ კაფსულებში ვარდისფერ სიროფში, ისინი ცოცხლები არიან და ელოდებიან სისტემის ხელახალ გადატვირთვას, რომ თავიდან დაიწყონ მასში „ცხოვრება“, „ბრძოლა“ და „განთავისუფლება“. და ამ აწყობილ სისტემაში, ნეოს - მისი „ხელახლა დაბადების“ შემდეგ, კვლავაც იგივე როლი მიენიჭება , რაც მატრიცის წინა ვერსიებში ჰქონდა დაკისრებული: შთაეგონებინა ადამიანები იმ ბრძოლისთვის, რომელიც არ არსებობს. არც ერთ ადამიანს არასოდეს დაუტოვებია მატრიცის ფარგლები მისი შექმნის მომენტიდან. არც ერთი ადამიანი არ მომკვდარა სხვა გზით, გარდა იმისა, რაც მანქანების გეგმით იყო გათვალისწინებული. ყველა ადამიანი - მონაა და ეს არასოდეს შეიცვლება. კამერა გვიჩვენებს ფილმის გმირებს, რომლებიც წვანან კაფსულებში „ინკუბატორის“ სხვადასხვა კუთხეებში: აი, მორფეუსი, აი ტრინიტი, აი კაპიტანი მიფუნე, რომელიც ზიონში გმირული სიკვდილით დაეცა, და მრავალი სხვა. არც ერთს არ აქვს თმები, დისტროფიულნი არიან და მილებში გახლართულნი.
სულ ბოლოს აჩვენებენ ნეოს, ზუსტად ისეთივეა, როგორც ფილმის დასაწყისში, იმ მომენტში, როდესაც მას მორფეუსი „გადაარჩენს“. ნეოს სახე მშვიდია. აი, ასე აიხსნება თქვენი ზებუნებრივი ძალა „რეალობაში“, ეუბნება არქიტექტორი. ამითვე აიხსნება ზიონის არსებობა, რომელსაც ადამიანები „ვერასოდეს შექმნიდნენ ისეთად, როგორადაც თქვენ მას ხედავდით“ არასაკმარისი რესურსების გამო. და ნუთუ გეგონათ, იცინის არქიტექტორი, რომ ჩვენ ნებას დავრთავდით მატრიციდან განთავისუფლებულ ადამიანებს თავი შეეფარებინათ ზიონისთვის, როდესაც ნებისმიერ დროს გვქონდა საშუალება ან დაგვეხოცა ისინი, ან კვლავ მატრიცისთვის მიგვეერთებინა? და ნუთუ ათწლეულობით უნდა დავლოდებოდით ზიონის განადგურებას, თუნდაც ის რეალურად არსებულიყო? მაინც ვფიქრობ, რომ სათანადოდ ვერ გვაფასებთ, ბატონო ანდერსონ, ამბობს არქიტექტორი.
გაქვავებული სახით თავისი თავის წინ მზირალი ნეო ცდილობს გააცნობიეროს რაც გარშემო ხდება და უკანასკნელ მზერას აჩერებს არქიტექტორზე, რომელიც მას დამშვიდობებისას ეუბნება: „მატრიცის მეშვიდე ვერსიაში სამყაროს სიყვარული მართავს“. მაღვიძარას ხმა ისმის. ნეო იღვიძებს და თიშავს მას. ფილმის ბოლო კადრი: ნეო საქმიან კოსტიუმში გამოწყობილი გამოდის სახლიდან და ჩქარი ნაბიჯით სამსახურისკენ მიემართება და თანდათან ერევა ხალხის ნაკადს. მძიმე მუსიკის ფონზე ეკრანზე ფინალური ტიტრები ჩნდება. საქმე იმაში კი არაა, რომ ეს სცენარი ბევრად უფრო დალაგებულად და გასაგებად გამოიყურება, მარტო ის კი არ არის, რომ მასში ნამდვილად ბრწყინვალედაა ახსნილი ის „ჩავარდნები“ და „თეთრი ლაქები“სიუჟეტში, რომელიც აუხსნელი დარჩა ეკრანიზაციაში - ის ბევრად უკეთესად თავსდება კიბერპანკის პირქუშ სტილში, ვიდრე „იმედით“ აღვსავსე ფინალი ჩვენს მიერ ნანახ ტრილოგიაში.
ეს არ არის უბრალოდ ანტიუტოპია, არამედ ეს არის ანტიუტოპია თავის ყველაზე სასტიკ გამოვლინებაში: ქვეყნიერების დასასრული დიდი ხანია დადგა და არაფრის გამოსწორება აღარ შეიძლება. მაგრამ, პროდიუსერები დაჟინებით ითხოვდნენ ჰეფი-ენდს, თუნდაც ნუ იქნებოდა ის მაინცდამაინც მხიარული, გარდა ამისა, მათი მოთხოვნილი პირობა იყო - აუცილებელი ჩართვა კინოსურათში ნეოსა და მისი ანტიპოდის - სმიტის ეპიკური დაპირისპირებისა, როგორც გარკვეული ბიბლიური ანალოგი ბოროტისა და კეთილის ბრძოლისა. საბოლოოდ, პირველი ნაწილის საკმაოდ დახვეწილმა ფილოსოფიურმა იგავმა, დასანანია, რომ გარძელება ჰპოვა რაიმე განსაკუთრებულად ღრმა აზრს მოკლებული, მაგრამ ვირტუოზული სპეცეფექტების ნაკრებში. ამას აღარასოდეს გადაიღებენ. ისღა დაგვრჩენია, წარმოვიდგინოთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო. და ეს იქნებოდა, ძალიან, ძალიან მაგარი! და ბოლოს რა. მთელი სამყარო - მატრიცაა და გამოსავალი არ არსებობს. ამ სახით ტრილოგია, რა თქმა უნდა, უფრო დასრულებულ სახეს მიიღებდა და, რაღა თქმა უნდა, იქცეოდა „ისტორიის დასასრულის“ ეპოქის ერთ-ერთ სიმბოლოდ, საიდანაც არ არსებობს ხსნა. ხოლო სისტემის მიერ შემოთავაზებული არჩევანი უგუნურ მორჩილებასა და ბრძოლას შორის, ყალბია, რამდენადაც სისტემასთან ბრძოლა უკვე ჩადებულია მის საბაზისო პარამეტრებში და ხდება მისი კუპირება პროგრამულ და აპარატულ დონეებზე.
არქიტექტორი, როგორც სისტემის მმართველი, ეს არამხოლოდ და არა იმდენად მინიშნებაა მასონებზე, არამედ, პირველ რიგში, საგნებისა და მოვლენების ჩამოყალიბებული წესრიგის ხელოვნური პროგრამირების სიმბოლოა, რაც არ არის ბუნებრივი და ეფუძნება უგუნურებას, ძალადობას და კონტროლს. ხოლო ნეოს ბუნტი, ყოვლად უსარგებლოა არსებული სისტემის ფარგლებში, რომელიც ამ ბუნტს აპროგრამებს, იმის დემონსტრირებაა, რომ ამ სისტემასთან ბრძოლა, ამ სისტემის ფარგლებს გარეთ გაუსვლელად, შეუძლებელი, აზრსმოკლებული და არაფრისმომტანია. საბოლოოდ, ნეოს თავდაპირველი, თითქოს საბედისწერო არჩევანი წითელ და ლურჯ აბს შორის, აზრს კარგავს, რადგან ერთი გზაც და მეორე გზაც ყალბია სისტემის ფარგლებში, ჩადებულია მასში და არ აახლოვებს არც ნეოს და არც კაცობრიობას თავისუფლებასთან. მიუხედავად თავისი შესაძლებლობებისა და უნარებისა, გმირი მაინც ვერ ხვდება ბოლომდე სისტემის რეალურ მოწყობას, რომელშიც ის კლერკის როლშიცაა და მხსნელის როლშიც - რეალურად კი მხოლოდ სისტემის მონაა, რომელსაც არ იცნობს და რომელიც არ ესმის. თუკი ასეთი ნააზრევი მართლაც გაჩნდა ვაჩოვსკების გონებაში, მაშინ ძალიან დასანანია, რომ მათ ვერ მიაღწიეს დიდ ეკრანამდე, მიუხედავად იმისა, რომ მატრიცაში მატრიცის „მატრიოშკული“ კონცეფცია თავისთავად არახალია. თუმცა, შეიძლებოდა პროგრამული ნულისკენ მსრბოლი დაკარგული მნიშვნელობებისა და იდეალების პოსტმოდერნისტული სამყაროს არაჩვეულებრივი მოდელი მიგვეღო.
თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...