აღდგენის დღეები (შიმშილობა, #1)

Admin
ჯანსაღი კვება
0
0

ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ტერმინში, აღდგენის დღეები, იგულისხმება განტვირთვის დღეები, რაც იგივეა – სრ...

70e615a853d52c1d193e5f0b3d31ef03ავტორი: ვლასი ჯიბლაძე

ტერმინში, აღდგენის დღეები, იგულისხმება განტვირთვის დღეები, რაც იგივეა – სრულიად უსაჭმლოდ გატარებული დღე – შიმშილობა. სიტყვა შიმშილობა ფსიქოლოგიურად არასასიამოვნო ასოციაციას იწვევს და ამიტომ შიმშილობის დღეს, (უსაჭმლოდ გატარებულ დღეებს) დავარქვი სხეულის აღდგენის დღეები. ზოგჯერ, სიტყვა „აღდგენის“ ნაცვლად გამოვიყენებ სიტყვას „განტვირთვა“. თუ რატომ „აღდგენა“, ეს ამ სტატიაში ნათლად გამოჩნდება.

იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ, თუ რატომაა უსაჭმლოდ გატარებული დღე აღდგენის დღე, მოდით, მოკლედ მოვყვეთ, თუ რა ხდება ჩვენს სხეულში ჭამის დროს და მის შემდეგ.

1. იწყება ნერწყვის სინთეზი და გამოყოფა პირველივე ლუკმიდან. ნერწყვს გამოყოფს სანერწყევ ჯირკვლები. ჭამისას ეს ჯირკვლები საკმაოდ დიდი დატვირთვით მუშაობს.

2. იწყება კუჭის წვენის სინთეზი და გამოყოფა, რაზეც სხეული საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს.

3. ნაღვლის ბუშტიდან გადმოინთხევა მანამდე დარეზერვებული ნაღველი და იწყება ახალი ნაღველის სინთეზი და შეგროვება (აქ პატარა უზუსტობაა, მაგრამ იდეა გასაგებია).

4. პანკრეასი ასინთეზირებს სხვადასხვა ჰორმონებს (მათ შორის ინსულინს) და ისვრის სისხლში.

5. საქმეში ერთვება ფარისებრი ჯირკვალი თავისი ჰორმონებით და ინტენსიური მუშაობით აქტიურ მონაწილეობას იღებს საკვების მონელება შეთვისებაში.

6. არც თირკმელსზედა ჯირკვალი რჩება თამაშგარე მდგომარეობაში და ისიც მკლავებდაკაპიწებული შრომობს.

7. რა თქმა უნდა ჰიპოფიზი და ჰიპოტალამუსი (მთავარი დირიჟორი და მისი ვეზირი) თავის ტვინიდან განაგებენ სხეულში ჰორმონების გამოყოფისა და მათი რაოდენობის კონტროლის პროცესს.

8. იმუნური სისტემა გაფაციცებული და დაძაბულია. ყველა ჯარისკაცი (ლეიკოციტები) მობილიზებულია და გადატენილი იარაღით დარბიან აქეთ-იქით.

9. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვნი გარსი ცვდება და ილევა, სამაგიროდ, იქვე წარმოიქმნება ახალი უჯრედები და ძველისა და გაცვეთილის ადგილს იკავებს.

10. გაძლიერებულად მუშაობს ნაწლავების მუსკულატურა.

11. მსხვილ ნაწლავში „იწვის“ „მიკროხაოს“ ბუსუსები, განსაკუთრებით მაშინ, თუ ცხოველური ცილაა მიღებული.

12. ნაწლავიდან შეწოვილი ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები გადამუშავდება ღვიძლში. ღვიძილი შლის და თავიდან აწყობს ცილებს, რათა ჩვენი სხეულისათვის მისაღები გახდეს. აქვე ხდება ცხიმებისა და ნახშირწყლების ცვლა, საკვებთან ერთად სხეულში მოხვედრილი სხვადასხვა ტოქსინების (ნიტრატები, ჰერბიციდები, პესტიციდები და სხვა შხამქიმიკატები) განეიტრალება. მოკლედ, ეს საოცარი ლაბორატორია სრული სიმძლავრით მუშაობს + პარალელურად (საჭიროების შემთხვევაში) დამატებით ნაღველს ასინთეზირებს.

13. საკვების მიღების შემდეგ ნივთიერებათა ცვლა (მეტაბოლიზმი) 10 პროცენტით იმატებს, იმ შემთხვევაში, თუ შეჭმულია მცენარეული პროდუქტები. ცხოველური საკვების ჭამის შემდეგ კი, მთელი 30 პროცენტით! მოკლედ, ჩვენი სხეულის ყველა უჯრედი მეტად დაძაბულად მოშაობს.

14. იმატებს გულის ცემის სიხშირე.

15. ცხოველური საკვების მიღების შემდეგ წარმიქმნება უამრავი მჟავა (იხ. სტატიები „საჭმელი სოდის შესახებ“), რომელთა გასანეიტრალებლად ორგანიზმი საკუთარ რესურსებს (ძვლები, კბილები, თმები, კანი, პანკრეასი...) ხარჯავს.

16. შეთვისებული საკვებს გადამუშავება გრძელდება უჯრედებში (ყოველი უჯრედი მთელი ქალაქია თავისი ქარხანა-ფაბრიკებით) და ამ პროცესში წარმოქმნილი წიდების გამოდევნაში ისევ სისხლი მონაწილეობს, საქმეში ლიმფური სისტემაც ერთვება და რა თქმა უნდა თირკმელებიც, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში კანიც.

17. საკვების მონელებაში მონაწილეობს ნერვული სისტემაც.

18. კიდევ დიდხანს შეიძლება ამ ნუსხის გაგრძელება, თუმცა, სურათი ნათელია.

როგორც ვნახეთ, საკვების გადამუშავებაში არა მარტო ორგანოები, არამედ მთელი სისტემებია ჩართული, როგორიცაა: ჰორმონალური სისტემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემა, კუჭ-ნაწლავის სისტემა, იმუნური სისტემა, ლიმფური სისტემა, ნერვული სისტემა, ასევე, ღვიძლი და თირკმელები, ფარისებრი, კუჭქვეშა... მიმდინარეობს დეტოქსიკაციის პროცესი. ყოველ ჩვეულებრივ დღეს ჩვენი სხეული 1,5-დან 2 ლიტრამდე წვენებს (!) (კუჭის წვენი, ნაღველი და სხვა) ასინთეზირებს და მათ სინთეზზე და გამოყოფაზე კოლოსალური ენერგია იხარჯება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჩვენს ძვირფას სხეულს მთელი ეს შრომა თავიდან ავაცილეთ! და არა მარტო ერთ მშვენიერ დღეს, არამედ ასეთი მშვენიერი დღეები კვირაში ერთხელ წინასწარ დათქმულ რომელიმე დღეს, ვთქვათ, ყოველ პარასკევს მოვუწყოთ. თუ კვირაში ერთხელ არა, თვეში ორჯერ მაინც მოვუწყობთ სხეულს მშვენიერ დღეს, მაშინ წელიწადში მინიმუმ 26-ჯერ მოვუწყობთ ზეიმსა და დასვენებას, ან 52-ჯერ, თუ ყოველ კვირაში ერთხელ მოვუწყობთ სხეულს დასვენების დღეს.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენი სხეული მხოლოდ ორ რეჟიმში მუშაობს. ესენია საჭმლის მონელება-შეთვისება-გადამუშავების პროცესი და მეორე, დასვენება აღდგენის პროცესი. როგორც კი ორგანიზმში დამთავრდება საკვების მონელება-შეთვისება-გადამუშავება, სხეული უმალვე შეუდგება თავის აღდგენა-დასუფთავებას და თან, პარალელურად, ისვენებს.

ზემოთთქმულიდან, თავისთავად იბადება იდეა დასკვნის სახით: იმისათის, რომ დავასვენოთ და აღვიდგინოთ სხეული, საჭიროა, უბრალოდ არ ვჭამოთ. ყველაზე მარტივია 24 – 36 საათინი აღდგენის დღე. აღდგენის დღეს ორგანიზმში არ შედის არანაირი საკვები და სასმელი გარდა წყლისა, და შედეგად:

• ისვენებს მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.
• არ ცვდება და არ კვდება კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედები
• აბსოლუტურად მოსვენებულია იმუნური სისტემა.
• არ სინთეზირდება და არ გამოიყოფა 1,5 – 2 ლიტრი საჭმლის მომნელებელი წვენები და შესაბამისად მოსვენებულია და ღდგება ამ წვენების „გამომშვები ქარხნები“.
• ისვენებს და ღდგება პანკრეასი და ფარისებრი ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი.
• თავის ტვინში ჰიპოფიზსა და ჰიპოტალამუსს არ უწევთ საჭმლის მონელებისათვის საჭირო ჰორმონების კონცენტრაციაზე ზრუნვა და თვალყურის დევნება.
• მოსვენებულია ნაწლავების მუსკულატურა. ის ამ დროს ძალას იკრებს და კიდევ უფრო ძლიერდება.
• შემცირებულია ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე და შესაბამისად სხეულის ყველა უჯრედის „ცვეთის“ ტემპი.
• ისვენებს გული.
• სხეულში საჭმლის გადამუშავების არარსებობის გამო აღარ წარმოიქმნება სხვადასხვა აგრესიული მჟავები და არ იხარჯება რესურსი მათ გასანეიტრალებლად.
• მოსვენებულია მთელი ნერვული სისტემა.
• ხდება ლიმფური სისტემის განტვირთვა
• ისვენებს თირკმელები, ღვიძლი და სხეულის ყველა ორგანო.
• ......
და თურმე, კიდევ ერთი ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიმზადა ბუნებამ!

ჩვეულებრივი (კვების) რეჟიმისას სხეულში ხდება სხვადასხვა ჰორმონების გამოყოფა და სიცოცხლის განმავლობაში ნელ-ნელა მათი კონცენტრაციის ზრდა ორგანიზმში. მათ შორის ზოგიერთი ჰორმონის კონცენტრაციის მატება იწვევს დაბერებას. ამ ჰორმონების გამომუშავებაზე პასუხს აგებს სხეულის ყველა უჯრედში არსებული დნმ-ის სპირალში ჩაშენებული, რთული სახელის მქონე (სახელი ასოებისა და ციფრებისაგან შედგება) გენი. როგორც აღმოჩნდა, სულ რაღაც 24-36 საათიანი აღდგენის განმავლობაში ეს გენი რატომღაც აქტივობას კარგავს (სხვათა შორის საკმაოდ ახალი აღმოჩენაა) და აღარ „იძლევა ბრძანებებს“ სხეულში „დაბერების ჰორმონების“ გამომუშავების შესახებ!

ამ ამბავზე კიდევ უფრო სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ, თურმე უჯრედები როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ, მაინც აგრძელებენ დაყოფას და „შობენ“ თავისნაირებს.
როგორც ვთქვით, განტვირთვის დღეებში უჯრედებში ითრგუნება ზემოთ აღნიშნული გენის აქტივობა, ხოლო უჯრედების დაყოფის პროცესი გრძელდება. რადგან დაყოფას განიცდის გენდათრგუნული უჯრედი, ის თავისნაირს შობს და „ახალშობილ“ უჯრედში „სიბერის ჰორმონზე“ პასუხისმგებელი გენი უკვე აღარაა აქტიური და მას აღარ ესაჭიროება „დეაქტივაცია“.

გავყვეთ ლოგიკას და დავინახავთ, რომ, თუ სისტემატიურად მოვაწყობთ აღდგენის დღეებს, ნელ-ნელა სხეულის ყველა უჯრედი შეიცვლება ისეთი ახალი უჯრედებით, რომლებიც აღარ შეიცავენ იმ აქტიურ გენს და აღარ „აიძულებენ’ ჰორმონალურ სისტემას გაძლიერებულად გამოიმუშაონ „სიბერის“ ჰორმონები (სინამდვილეში სიბერის ჰორმონი არ არსებობს, უბრალოდ ზოგიერთი ჰორმონის კონცენტრაციის მატება ასაკთან ერთად აჩქარებს სხეულის დაბერების პროცესს და სწორედ ამ ჰორმონების გამომუშავების სიჩქარე იკლებს იმ ზემოთხსენებული გენის „აქტივობის შემცირების“ გამო).

ცხადია, რომ ეს პროცესი არ ჩაირთვება პირველივე აღდგენის დღეს. იმისათვის, რომ ეს სასიამოვნო მექანიზმი ჩაირთოს და პროცესი „გაეშვას“, საჭიროა ყოველკვირეული აღდგენის დღეების დაწყებიდან სამი-ოთხი თვე, და რაც უფრო დიდი დრო გადის და აღდგენის დღეები კვირაში ერთხელ სისტემატურად კეთდება, უკვე გაშვებული პროცესის სიმძლავრე, დროთა განმავლობაში ძალას სულ უფრო და უფრო იკრებს და დადგება დრო, როდესაც სხეულის ყველა ძველი უჯრედი ახალი, „გენგამოცვლილი“ უჯრედით ჩანაცვლდება.

სამწუხაროდ, სხეულის ეს თვისება სხვა შემთხვევებშიც მუშაობს. მაგალითად, როდესაც ადამიანი მთვრალია, მისი უჯრედები სიმთვრალეშიც აგრძელებენ დაყოფას. სიმთვრალეში ძალიან აქტიურდება „სიბერის გენი“ და ამ მდგომარეობაში გაყოფილი უჯრედი უკვე უფრო ბებერია, ვიდრე თვითონ სხეული. ეს სერიოზულად გასათვალისწინებელი ამბავია.

სულ სხვაა უჯრედი, რომელიც „იბადება“ ნასვამ ან მთვრალ მდგომარეობაში და სულ სხვაა, რომელიც „იბადება“ აღდგენის დღეს!

რაც უფრო დიდია აღდგენის პერიოდის ხანგრძლივობა, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად ხდება ამ მექანიზმის „გაღვიძება“, მაგრამ ამაზე მერე, სხვა, შემდეგ სტატიებში.
როგორ მოვაწყოთ აღდგენის დღე? დავუშვათ, აღდგენის დღის მოწყობა პარასკევს გადავწყვიტეთ. მაშინ, ხუთშაბათს, ვახშმის შემდეგ ვწყვეტთ ნებისმიერი საკვების მიღებას. შეიძლება მხოლოდ წყლის სმა წესების დაცვით. ვწვებით ჩვეულებრივად, ჩვეულ დროს (არავითარი ჩაი და ყავა). პარასკევს დილით ვდგებით და ჩვეულებრივად შევუდგებით იმ დღის საქმიანობას, თითქოს არაფერი არ მომხდარა (და მართლაც, არაფერი არ მომხდარა :) ). დღის განმავლობაში შეიძლება მხოლოდ სუფთა წყლის სმა. გასაგები მიზეზების გამო, ამ დღეს არ გვიწევს წყლის სმის წესების დაცვა :) ვინც გადაწყვიტა, რომ აღდგენა გააკეთოს წყალზე, მან წყალი უნდა სვას იმდენი, რამდენიც უნდა და არ უნდა დაატანოს თავს ძალა. წყალი ისეთი ტემპერატურის უნდა იყოს, რომელსაც სიამოვნებით დალევთ. ზოგს ცივი უფრო სიამოვნებს, ზოგს, თბილი და ზოგსაც, მოცხელო ან სულაც ცხელი.
აქ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი: ზოგიერთ ადამიანს ცივ წყალზე უფრო უადვილდება აღდგენის დღის გატარება და თუ ცხელი წყალი დალია, ეწყება სისუსტე, თავბრუს ხვევა, შეიძლება გულისრევის შეგრძნებაც გაუჩნდეს. ეს იმის ბრალია, რომ ცხელ წყალს უფრო ადვილად და დიდი რაოდენობით გამოაქვს სხეულიდან წიდები და შხამები, რომელიც შემდეგ სისხლში გადადის და იწვევს არასასიამოვნო გრძნობებსა და სიმპტომებს. ზოგიერთს იგივე სიმპტომები ცივ წყალზეც აქვს. ეს პირდაპირ იმის მაჩვენებელია, რომ სხეული საკმაოდ დაბინძურებულია და ასეთი ადამიანის სხეულს კიდევ უფრო მეტად ესაჭიროება გაწმენდა და აღდგენის დღეების მოწყობა. თუმცა, ვინც სწორად იკვებება და სისტემატიურად აწყობს აღდგენის დღეებს, არასასიამოვნო განცდები და სიმპტომები ქრება და დგება დრო, როდესაც აღდგენის დღე არანაირად აღარ განსხვავდება სხვა დანარჩენი დღეებისაგან, თუნდაც იმ დღეს მთელი დღე ცხელი წყალი სვას კაცმა და სამი დღის საქმე გააკეთოს.

არსებობს აღდგენის დღეები სრულიად უწყლოდ. უწყლო აღდგენის დღე ეფექტურობით სამჯერ აღემატება აღდგენის დღეს წყალზე! 24-36 საათი არც საკვები და არც წყალი.
ვისაც აღდგენის დღეები ძალიან უჭირს და ზემოთჩამოთვლილი არასასიამოვნო სიმპტომები აწუხებს, უმჯობესია მან ჯერ მსხვილი ნაწლავის კაპიტალური წმენდა (იხ. სტატიები „მსხვილი ნაწლავის შესახებ #1 და #2) ჩაიტაროს (რა თქმა უნდა სწორ და ჯანსაღ კვებაზე გადასვლის პარალელურად) და შემდეგ შეუდგეს აღდგენის დღეების ჩატარებას.

დავუშვათ ვივახშმეთ ხუთშაბათს საღამოს 6 საათზე, მაშინ, თუ პარასკევს, საღამოს 6 საათზევ ივახშმებთ, გამოგვივა 24 საათიანი აღდგენა. დამწყებთათვის ეს ნორმალურია. როდესაც 24 საათიან აღდგენას მივეჩვევით, გადავდივართ ხალხურ მედიცინაში უფრო მიღებულ, 36 საათიან აღდგენაზე.

36 საათიანი აღდგენისას არ ვვახშმობთ პარასკევს საღამოს. მთელ პარასკევს ვატარებთ საკვების გარეშე და ვიძინებთ ვახშმის გარეშე. კვებას ვიწყებთ შაბათს დილით. გამოვიდა, რომ ვივახშმეთ ხუთშაბათ საღამოს და ვისაუზმეთ შაბათს დილით. 36 საათიანი აღდგენისას განსაკუთრებით იცის მოშიება პარასკევს დღის მეორე ნახევარში, ხოლო შაბათს დილით შეიძლება სულაც არ გვშიოდეს და ნამდვილი შიმშილის გრძნობა შუადღისკენ წამოვიდეს. თუ შაბათს დილით არ გვექნება შიმშილის გრძნობა, ნუ შევჭამთ საჭმელს მანამ, სანამ მართლა არ მოშივდება სხეულს და არა ჩვენს გონებას.

სცადეთ გააკეთოთ 24-36 საათიანი აღდგენა და დარწმუნდებით, რომ ეფექტურობით არ არსებობს უფრო საიმედო, უფრო უვნებელი და უფრო უბრალო რამ, ვიდრე მოკლევადიანი (გამოცდილების დაგროვებასთან ერთად 2-3 დღიანი) აღდგენები.

თუ რამდენადაა დაბინძურებული სხეული, ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ იმის მხედვით, რამდენი და როგორი ფერის ნადები გვექნება ენაზე შაბათ დილას. რაც უფრო სქელია ნადები, მით უფრო დაბინძურებულია სხეული. თუ ენაზე ნადები საერთოდ არაა და ენა სუფთა და ვარდისფერია, მაშინ გოლოცავთ! თქვენს სხეულში არაა მძიმე წიდები და თქვენს ენაზე ნადები მხოლოდ რამოდენიმე დღიანი აღდგენის შემდეგ გაჩნდება.

სხეულის დაბინძურების ხარისხს არა მარტო ნადების სისქე, არამედ მისი სუნი და ფერიც განსაზღვრავს. რაც უფრო მუქია (არა თეთრი, არამედ, მონაცრისფრო, ან ნაცრისფერი) ნადები, მით მეტია სხეულის ინტოქსიკაცია. თუ ნადები მოყვითალო ფერისაა, მაშინ აღდგენის განმავლობაში ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი იწმინდებოდა ინტენსიურად. ხშირია შემთხვევა, როდესაც აღდგენის დღეს აწყობს საკმაოდ ზედმეტწონიანი ადამიანი და მას ენაზე ნადები ან საერთოდ არ აქვს, ან ძალიან თეთრი და თხელი აქვს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მისი სხეული სუფთაა, რადგან შეუძლებელია ძედმეტწონიანი ადამიანის სხეული ასთი სუფთა იყოს. მიზეზი ისაა, რომ მის სხეულში თუნდაც ზედაპირული წმენდის დასაწყებად 36 საათი არაა საკმარისი. ხშირ შემთხვევაში, ზედმეტწონიანი ადამიანების სხეულში დრო „ნელა გადის“. ზედმეტი წონა უმეტესწილად ნიშნავს სტიქიის – ბალღამის გაძლიერებას და „დროის მსვლელობის შენელება“ ამ სტიქიის ერთ-ერთი თვისებაა.

სხეულის სწრაფად აღსადგენად და გასაჯანსაღებლად, დაბერების პროცესის სწრაფად და მკვეთრად შესანელებლად არსებობს აღდგენის დღეების ასეთი სქემა: 36 საათიანი განტვირთვის დღეები კვირაში ერთხელ და 72 საათიანი (3-დღიანი) ყოველი თვის ბოლოს. ცხოვრების ასეთი წესის მიმდევარი ადამიანის სხეული მკვეთრად აგდებს დაბერების ტემპს, ძლიერდება სხეულის თვითგანკურნების ძალები და შესაძლებლობები, მაქსიმალურად სტიმულირდება გონებრივი შესაძლებლობები და აზროვნების პროცესები.

სწორი და გონივრული მიდგომა საკითხისადმი, აღდგენის დღეების სწორად გამოყენება პრაქტიკაში, სრულიად ცვლის ადამიანის სულიერ-ემოციურ (არ ვგულისხმობ რელიგიურ) მდგომარეობას. იმატებს პოზიტივი, მახვილდება გონება, სწრაფდება ფიქრისა და აზროვნების პროცესი, მკვეთრდება ემოციები, იმატებს სხეულის ამტანობა და სხვა, თუ კი აღდგენის (განტვირთვის) დღეები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

თუ ვინმე გადაწყვეტს, მოაწყოს განტვირთვის დღე სამსახურისაგან თავისუფალ დღეს, უმჯობესია, რომ ამ დღეს არ იკოტრიალოს საწოლზე. განტვირთვის დღე ჯობს სუფთა ჰაერზე გავატაროთ. ძალიან კარგია ფეხით სეირნობა ბუნებაში, სწრაფი სიარული ან ძუნძული და სირბილი. პირადად მე, ბოლო ვარიანტი მირჩევნია და მეორე დღესაც, დილით, საჭმლის მიღებამდეც მიყვარს 3-4 კილომეტრიანი გარბენა. თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია ნელ-ნელა, პრაქტიკასთან ერთად მოდის, იცვლება და ყალიბდება. ასეთ დღეებში ძალიან კარგია გონებრივი აქტივობებიც.

ხშირია, როდესაც განტვირთვის დღეებში ფიზიკური დატვირთვისას, მაგალითად, სირბილის ან ძუნძულისას ახალი იდეები იბადება და სხვადასხვა მოტივაციები იმატებს. ამ დროს ხომ სხეული ისვენებს და სულიც და გონებაც სხეულის მიერ ნაკლებადაა დამძიმებული!
36 საათიანი აღდგენა უმჯობესია დაიწყოს (თუ მაგალითად, პარასკევს ვაპირებთ განტვირთვის დღის მოწყობას) ხუთშაბათს 15-16 საათიდან, ანუ ესაა ბოლო ჭამის დრო. ვინც მშრალ, ანუ უწყლო აღდგენას აპირებს, მან წყალი ბოლოჯერ ხუთშაბათს საღამოს 18 საათზე უნდა მიიღოს და ასე დაიწყოს მშრალი განტვირთვა.
შაბათ დილით განტვირთვის დასრულება და კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლა ისევ წყლით იწყება. ჯერ წყალი და 40 წუთის შემდეგ (ან უფრო გვიან, სურვილის მიხედვით) საჭმელი.
განსაკუთრებით იცის მო

შიება, უფრო ემოციური მოშიება აღდგენის დღეს, საღამოს. ძილამდე რამოდენიმე საათია დარჩენილი და მოდით, იმ რამოდენიმე საათის გამო ნუ გავაფუჭებთ მშვენიერ დღეს და ნუ გავაუქმებთ მომავალი დღის ტრიუმფის ( :) ) ზეიმს. ვინც ვერ მოითმენს და მაინც შეჭამს, ნახავს, რომ ეს საჭმელი, თურმე არაფერიც არ ყოფილა... ძილში ხომ ისე გადის ღამე, რომ მაინც ვერაფერს ვგებულობთ და თან, შიმშილის გრძნობა მთლიანად ქრება. დილით კი, ხშირ შემთხვევაში შიმშილის გრძნობის გაღვიძებასაც დრო ესაჭიროება და ხანდახან საკმაოდ დიდი ხანიც.

1 129თვის განმავლობაში არსებობს განსაკუთრებული დღეები, როდესაც სხეული თავისთავად მუშაობს თვითგანწმენდასა და თვითაღდგენაზე. ასეთ დღეებში ისედაც არაა მიზანშეწონილი საკვების მიღება. ეს დღეებია მთვარის მე-11 და 26-ე დღე. ეს დღეები განსაკუთრებით ძლიერი დღეებია განტვირთვისა და აღდგენისათვის. ასევე, ძალიან კარგია განტვირთვისათვის სავსემთვარეობის წინა და ახალმთვარეობის წინა დღეები. თუ მე-11 და 26-ე დღე თავისი სიმძლავრით ლამბორჯინია, მაშინ ის ბოლო ორი დღე S-კლასის მერსედესს არ ჩამოუვარდება :) მთვარის მე-11 და 26-ე დღეს გატარებული აღდგენის დღე 2-ჯერ ეფექტური მაინცაა სხვა დანარჩენ დღეებთან შედარებით. ამ დღეებს ხალხურ მედიცინაში დიდ ყურადღებას უთმობენ. მე-11 დღეს თავისი სახელიცა აქვს, რომლის შინაარსი დაახლოებით ასე ითარგმნება: „ჩარეცხვის დღე“ ან „მილის“ დღე. მილში ნაგვის ჩასარეცხი არხი იგულისხმება.

რაც შეეხება მძაფრ და არასასიამოვნო სუნებს განტვირთვისას და ა.შ. ეს პროცესი რომ დაიწყოს, განტვირთვის დღეებმა სამ დღეს უნდა გადააჭარბოს. ეს ფიზიოლოგიური თვალსაზრისით ცალკე თემაა და შეიძლება უამრავი სტატია და მთელი წიგნიც კი მიეძღვნას.

განტვირთვის დღეების წინა და მომდევნო პერიოდები.

რადგან ჩვენ საუბარი გვაქვს მოკლევადიან (24-36 საათი) აღდგენებზე, ამ შემთხვევაში არ წარმოადგენს აუცილებლობას განსაკუთრებულად მოვემზადოთ აღდგენის დღეებისათვის. მოკლეპერიოდიანი განტვირთვებისათვის მთავარია:

• ფსიქოლოგიურად მომზადება. მკაცრად უნდა ვიყოთ მოტივირებულები, რომ 36 საათს (მაინც) სრულად შევასრულებთ. მე თითქმის ყოველთვის 40-45 საათი გამომდის ხოლმე.
• სასურველია (და არა აუცილებელი), თუ განტვირთვის წინა დღეს ხილსა და ბოსტნეულზე გავატარებთ. ეს წინასწარ, ნაწილობრივ წმენდს კუჭ-ნაწლავს და ამზადებს სხეულს აღდგენის დღისათვის.
• განტვირთვის დასრულების შემდეგ, შაბათ (პირობითად) დილას ან შუა-დღეს ჭამას ვიწყებთ აუცილებლად ცოცხალი ხილით ან ბოსტნეულით. სიტყვაში „აუცილებლად“, 50-60 პროცენტიანი აუცილებლობა იგულისხმეთ, მაგრამ ძალიან, ძალიან კარგია კვების ასე დაწყება. ცოცხალი ხილი და ბოსტნეული ბევრ უხეშ ბოჭკოს (უჯრედისს) შეიცავს. როგორც ენაზე ჩნდება ნადები, ზუსტად ასეთივე ნადებითაა მოფენილი მთელი კუჭ-ნაწლავის ტრაქტი პირის ღრუდან ვიდრე უკანა კარამდე და ძალიან კარგია, თუ ამ ნადებს, რომელიც უამრავ ტოქსინსა და წიდას შეიცავს, უჯრედისის საშუალებით გამოვხვეტთ კუჭ-ნაწლავიდან.
• ასევე ძალიან სასურველია თუ ამ დღეს ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულზე და ფერმენტირებულ ბოსტნეულზე გავატარებთ. ფერმენტირებული ბოსტნეული დამატებით დაასახლებს კუჭ-ნაწლავს მეგობარი ბაქტერიებით.
• ზოგიერთი ადამიანი თავისი ინდივიდუალური კონსტიტუციის გამო ცივ პერიოდში ვერ იტანს ცოცხალ ხილსა და ბოსტნეულს, რადგან აცივებს მის სხეულს და მთელი დღე სცივა. მას შეუძლია ოდნავ მოთუშული და ცხელ-ცხელი ბოსტნეული მიირთვას, ასევე ბოსტნეულის ცხელი სუფები.
• კვება განტვირთვის 36 საათის შემდეგ შეიძლება მაწვნითაც დავიწყოთ. მაწონში ხომ უამრავი რძემჟავა-დუღილის ბაქტერია ცხოვრობს.
რამე ხომ არ მოაკლდება სხეულს განტვირთვის დღეებისას?

ხშირად მესმის ეს შეკითხვა. პასუხი ცალსახაა: არა. სხეულს არაფერი არ აკლდება. 24-48 საათი ღვიძლში დაგროვილი ცხოველური სახამებელი – გლიკოგენი ჰყოფნის. შემდეგ დღეებში (40-60 დღე) ცხიმების მარაგი და ა.შ. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ 6-10 დღის და განსაკუთრებით 17-21 დღის შემდეგ სხეული გაძლიერებულ ბიოსინთეზს იწყებს. თუმცა ეს სულ სხვა თემაა.

ამ შეკითხვას მე ასე ვუპასუხებ:

სხეულს ერთი ნაჭერი ტორტის შეჭმით მართლა ძალიან ბევრი რამ აკლდება, რადგან ცარიელი კალორიაა და არაფერი სარგებელი არ მოაქვს, აი დანაკლისი კი ბატონო, თუნდაც იმიტომ, რომ ტორტს არავინ არ ჭამს 3-5-ჯერ მეტი წონის სალათასთან ერთად და მის გადასამუშავებლად უამრავი კალციუმია (და არა მარტო ეს მიკროელემენტი) საჭირო, რომელსაც ძვლებიდან იღებს...

36 საათიანი განტვირთვის მთავარი წესი: შეიძლება მხოლოდ წყალი და არავითარი ყავა, ჩაი, კოვზი თაფლი და სხვა. თუნდაც კოვზი თაფლი, ან ყლუპი ყავა და ის უძვირფასესი პროცესები, რომელიც აღდგენის დღესაა ჩართული ეგრევე წყდება. გავითვალისწინოთ ეს.

მსგავსი სტატიები

პროდუქტები, რომელიც არასოდეს არ უნდა გამოვიყენოთ - კოკა-კოლას შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს უგემრიელესი სასმელი 1886 წელს შექმნა კაცმ...

ხორცის შესახებ (ნაწილი I)


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე მოდით, გავარჩიოთ ხორცის ყველა ის თვისება, რი...

არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით, არ შეუძლია იარსებოს ტუტე გარემოში


წყარო ავტორი: ვლასი ჯიბლაძე "არც ერთ დაავადებას, კიბოს ჩათვლით,...

ალუმინის ჭურჭელი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუნიმის ჭურჭელი სულაც არაა ისეთი უვნებელი...

სწორი კვების ძირითადი პრინციპები


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ადრე გამოქვეყნდა სტატია სწორი კვების შესახ...

გაღვივებული ხორბალი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე გაღვივებული ხორბალი (აღმოცენებული ხორბალი) ა...

თაფლის შესახებ


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე თაფლი ცოცხალი პროდუქტია. თაფლში შემავალი შაქ...

 კოლაგენი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე სტატიებში საჭმელი სოდის შესახებ, ვრცლადაა ახ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff