პირველი და უკანასკნელი

Admin
აზრები
0
0

ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე სტატია წარმოადგენს ჩემს პირად ნააზრევს,...

0

ავტორი: იოანე შენგელია

ძვირფასო მკითხველო, წინამდებარე სტატია წარმოადგენს ჩემს პირად ნააზრევს, რომელიც ჩამოვაყალიბე ჩემი მწირი გამოცდილებით, სხვადასხვა მეცნიერულ-ფილოსოფიური-ეზოთერული ცოდნის სინთეზით, რომელიც დავაგროვე ბოლო ხნის განმავლობაში. სტატიაში ინფორმაცია გადმოცემულია „სპირალური“ მეთოდით, რამეთუ, ვფიქრობ, ასე უფრო გაადვილდება ინფორმაციის აღქმა-გააზრება. წარმატებებს გისურვებთ!

ყველაფერი და არაფერი

სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა ამ სტატიის დასაწყისის დაწერა. რაზე აღარ ვიფიქრე.. ჯერ მთელი რიცხვის სიმეტრიებსა და მათემატიკურ ჯგუფებზე ვფიქრობდი, მერე სერიალ „ზებუნებრივის“ მე-11 სეზონზე, სადაც ღმერთი და მისი და ჩნდებიან. მოკლედ, მრავალ ფილოსოფიურ თუ სხვა ტიპის სისტემებს დავუკავშირე ის, რაზეც სტატიის დასაწყისში უნდა გესაუბროთ..

საუბარია ე.წ. დუალობებზე. ალბათ გსმენიათ და დაკვირვებიხართ, რომ სამყაროში (მათ შორის - ჩვენს ცხოვრებაშიც) ხშირად ვაწყდებით დუალობებს - ქალური და მამაკაცური საწყისები, ინი და იანი, და სხვა მრავალი.. ალბათ იმასაც დაკვირვებიხართ, რომ შემოქმედება და დინამიკა რასაც ჰქვია, წარმოიქმნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ორი დუალობა ერთმანეთს ერწყმის.

ამის მაგალითები ბევრია. ბავშვის ფიზიკური დაბადება ასე ხდება (ქალისა და მამაკაცის შერწყმით). ხელოვნების გენიალური ნაწარმოებები ასე იქმნება (ინტუიციისა და ინტელექტის შერწყმით). თუმცა, ეგზოტიკური მაგალითებიც არსებობს. ავიღოთ თუნდაც ე.წ. „ცნობიერი“ (მამაკაცური) და „გაუცნობიერებელი“ (ქალური). ამ ორის შერწყმით ხდება ადამიანის ფსიქოლოგიური ახლად დაბადება - ცნობიერება ჩაიღვრება გაუცნობიერებელში და ამით მას გააცნობიერებს (გაანაყოფიერებს ახალი ფსიქოლოგიური დაბადებისთვის).

მოკლედ, გვერდზე გადავდოთ ეს ფსიქოლოგიური „ინტიმური კავშირები“ და მივუბრუნდეთ სამყაროს ფუნდამენტს. ყველა ეს დუალობა, რასაც სამყაროში ვხვდებით, წარმოადგენს სამყაროს ფუნდამენტალური დუალობის ფრაქტალურ ანასახს. სამყაროს ფუნდამენტალური დუალობა კი იმდენად ყოვლისმომცველია, რომ მის განსამარტად ერთი ტერმინი არ კმარა. ის ჟღერს შემდეგნაირად:

ყველაფერი და არაფერი
შემოქმედება და სიცარიელე
არსებობა და არარსებობა

1.1

ყველა ეს წყვილი გამოდგებოდა ამ დუალობის გადმოსაცემად, თუმცა სრულყოფილად ვერცერთი ვერ გადმოსცემს მას. იდეა ის არის, რომ სამყაროს ფუნდამენტში დგას ორი ურთიერთგამომრიცხავი პრიციპი: შემოქმედებისა და სიცარიელის, არსებობისა და არარსებობის. მსგავსად ზემოთ მოცემული მაგალითებისა, ამ შემთხვევაშიც რეალობის შემოქმედება და დინამიკა წარმოიქმნება მაშინ, როცა ეს ორი ურთიერთდუალური პრინციპი ერთმანეთს ერწყმის (ოღონდ, უფრო მაღალ დონეზე და სხვა მასშტაბებში). პირობითად, პირველი პრინციპი (ყველაფერი, შემოქმედება, არსებობა) არის მამაკაცური, ხოლო მეორე (არაფერი, სიცარიელე, არარსებობა) არის ქალური. თუმცა, ეს მხოლოდ პირობითი ტერმინებია, რათა ადვილად დავიმახსოვროთ..

კაცმა რომ თქვას, ქალისა და მამაკაცის შერწყმით ბავშვი იბადება, ინტუიციისა და ინტელექტის შერწყმით ნაწარმოებები იქმნება, და ასევე ცნობიერისა და ქვეცნობიერის შერწყმით ხდება ფსიქოლოგიური განახლება. თუმცა, რამდენად შესაძლებელია, რომ ორი ურთიერთგამომრიცხავი პრინციპების შერწყმით შეიქმნას რაიმე? ისინი ხომ ერთმანეთს გამორიცხავენ? ...

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს შესაძლებელია და თანაც ამის მაგალითებს ცხოვრებაში ვაწყდებით. ავიღოთ ეს ორი პრინციპი და ვეცადოთ მათზე დაყრდნობით შევქმნათ სისტემა. როგორი იქნება ეს სისტემა?

„ყველაფრის“ პრინციპის თანახმად, სისტემაში უნდა იყოს ყველაფერი. მეორეს მხრივ, „არაფრის“ პრინციპის თანახმად“, მასში არაფერი უნდა იყოს. ეს შესაძლებელია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა ყველაფერს, რაც სისტემაში იმყოფება, ეყოლება თავისი დუალური მეწყვილე, რომელიც მას „გააბათილებს“. ასეთნაირად, ყველაფერი და არაფერი შეთავსდებიან.

ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია მთელი რიცხვები: ... -3, -2, -1, 0, 1, 2, 3, ... ნებისმიერი მთელი რიცხვისთვის (მაგალითად „12“-ისთვის) არსებობს შებრუნებული რიცხვი (ამ შემთხვევაში „-12“), ისეთი, რომ მათი ჯამი ყოველთვის ნულის ტოლია. ასეთნაირად, რიცხვები ქმნიან სიმეტრიულ სისტემას მიმატების ოპერაციის მიმართ.

მუშაობს თუ არა რიცხვებში ყველაფრის პრინციპი? - დიახ მუშაობს, რამეთუ არსებობს ყველა რიცხვი. მუშაობს თუ არა რიცხვებში არაფრის პრინციპი? - დიახ, ესეც მუშაობს, რამეთუ რიცხვები გლობლაურად სიმეტრიულ სისტემას ქმნიან და საერთო ჯამში აბათილებენ ერთმანეთს. როგორც ჩანს, სრულიად შესაძლებელია, რომ „ყველაფერი“ და „არაფერი“ სინთეზირდეს.

გამოდის, რომ თუ სამყაროს ფუნდამენტში დგას ეს ორი ურთიერთდუალური პრინციპი, მაშინ სამყარო გლობალურად შეიცავს ყველაფერს, და ამავდროულად ის არის გლობალურად სიმეტრიული და ამიტომ ცარიელი (მსგავსად რიცხვებისა).

ადვილი დასანახია თუ არა სამყაროს გლობალური სიმეტრია?

არამც და არამც. მივუბრუნდეთ რიცხვებს. ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ რიცხვებს (მაგალითად, 5, 4, -24, 8, -9), და არც ვფიქრობთ იმაზე, რომ ისინი წარმოადგენენ რაღაც დიდი და გლობალური სიმეტრიის მხოლოდ ერთ მხარეს, ერთ გამოვლინებას. ეს ხდება იმიტომ, რომ მთელ სურათს ვერ ვხედავთ და ვიყურებით ლოკალურად. ადამიანს არც აქვს იმის უნარი, რომ მთელი სურათი დაინახოს, ის შეზღუდულია. ლოკალურად ხედვა მისთვის ბუნებრივია.

ლოკალური ხედვისას აუცილებლად დავინახავთ კონკრეტულ ფორმებს, კონკრეტულ მოვლენებს, კონკრეტულ ობიექტებს. ეს ლოკალური ხედვის ბუნებრივი თვისებაა. რიცხვებსაც თუ ლოკალურად შევხედავთ, დავინახავთ კონკრეტულ რიცხვებს. თუმცა, თუ რიცხვებს გლობალურად შევხედავთ, დავინახავთ რომ, ნებისმიერი რიცხვისთვის არსებობს შებრუნებული რიცხვი, ანუ დავინახავთ რიცხვთა სისტემის გლობალურ სიმეტრიას.

იქნებ სამყაროშიც ასეა.. იქნებ ნებისმიერი ფორმისა თუ მოვლენის მიღმა, რასაც ჩვენი შეზღუდული და ლოკალური თვალით აღვიქვამთ სამყაროსა და ცხოვრებაში, დგას რაღაც უფრო დიდი გლობალური სიმეტრია, რომლის გამოვლენის მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია ის, რასაც ჩვენ ვხედავთ? თუ ასეა, მაშინ ნებისმიერი ფორმა თუ მოვლენა თავის თავში კი სრულია, მაგრამ სამყაროს გლობალური გადმოსახედიდან ის გაბათილებადია (ისევე, როგორც ნებისმიერი რიცხვი). მაშასადამე, ლოკალურ-შეზღუდული ხედვა ქმნის იმის ილუზიას, რომ სამყარო „ნულისგან განსხვავებულია“ და აქვს რაიმე ღირებული აზრი, თანაც ეს „აზრი“ არის ის კონკრეტული ფორმა, რასაც მოცემულ სიტუაციაში აღვიქვამთ.

1.2

შენიშვნა: ის იდეა, რომ სამყარო გლობალურად სიმეტრიულია, მხოლოდ იდეაა. ცხადია, შეგიძლიათ დაეთანხმოთ, შეგიძლიათ უკუაგდოთ. თუ დაეთანხმებით, მაშინ მოცემულ სტატიაში ვეცდებით ლოგიკური მსჯელობით გავშალოთ ეს პრინციპები და პირობას გაძლევთ, რომ სამყაროს ძალიან საინტერესო მოდელი გადაიშლება თქვენს წინაშე.

არსებობს თუ არა რაიმე მეცნიერული საფუძველი იმისა, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ სიმართლეს შეესაბამება? - დიახ, საფუძველი არსებობს, და ამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ სტატიებში - პარალელური სამყაროების ჰიპოთეზა. თუმცა, აქვე დავსძენ, რომ ეს მხოლოდ ჰიპოთეზებია. და მაინც, მოდელი, რომელზეც მე ვისაუბრებ, ძალიან ბევრ რამეს ხსნის, რაც ჩვენს თავს ხდება.

მატერიის ტალღური დიფუზია

ფიზიკოსები ტყუილად კი არ ხმარობენ ტერმინს „ალბათობათა ზღვა“. მე უფრო უკეთეს ტერმინს მოვიფიქრებდი - „ალბათობათა წვენი“. ეს უფრო მომხიბვლელია ადამიანებისთვის (მაინც, ჭამა-სმა დიდად შესარგიო, გაგიგიათ ალბათ).

სამყარო ელემენტარული ნაწილაკების დონეზე ალბათურია. მაგრამ როგორ წარმოვიდგინოთ ეს ყველაფერი?

დაუშვათ გსურთ რაიმე შეზავებული წვენის გაკეთება. დაუშვათ საყინულეში კუბიკების სახით გაყინეთ რამდენიმე სახის წვენი. ახლა გამოიღეთ ეს კუბიკები და ჩაყარეთ ერთ ჭურჭელში. ჭურჭელი არის სამყარო. ხოლო სხვადასხვა წვენების შესაბამისი ყინულები კი ამ სამყაროში არსებული სხვადასხვა ელემენტარული ნაწილაკები. თუ თქვენ ჭურჭელს აამოძრავებთ, მაშინ ყინულის კუბიკებიც დაიწყებენ მოძრაობას, ერთმანეთს დაეჯახებიან, და ა.შ.

თუ შევხედავთ სამყაროს კლასიკურად, მაშინ „ყველაფერი“ თავის ადგილზეა ისევე, როგორც კუბიკები. თუ ღმერთი აამოძრავებს ჭურჭელს (ანუ სამყაროს), მაშინ კუბიკები იწყებენ მოძრაობას და ეს არის ის კლასიკური მექანიკური მოძრაობები, რასაც ყოველდღე ვაწყდებით. მაგალითად, ვიცით, რომ მასიური სხეულები მოძრაობენ ქვემოთ, ელექტრონები მოძრაობენ ელექტრული ველის გავლენით, და ა.შ.

მთავარი პრინციპი, რაც კლასიკურ ფიზიკას თან სდევს, არის ის, რომ ის განსაზღვრულია. ანუ, დროის ყოველ მოცემულ მომენტში დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, თუ სად იმყოფება მაგალითად მოცემული ელექტრონი. მსგავსად ყინულის კუბიკებისა, რომლებიც განცალკევებულნი არიან ჭურჭელში და დროის ყოველ მომენტში მათი ზუსტი ლოკაციის განსაზღვრაა შესაძლებელი.

მაგრამ, როგორც კი სხვადასხვა ნივთიერებების ყინულები იწყებენ გადნობას, ამ დროს ეს სხვადასხვა ნივთიერებები ერთმანეთში ირევიან. რაც უფრო გამდნარია ყინული, მით უფრო იკლებს ნივთიერებების ლოკალურობა და მით უფრო ხდება შერევა (დიფუზია) სხვა ნივთიერებებთან. სრულიად გამდნარ ჭურჭელში კი აბსოლუტური სიმეტრიაა - ჭურჭლის ნებისმიერ უბანში ერთგვაროვნად არის განაწილებული ყველა სითხე.

სწორედ ასეთნაირად, კვანტურ დონეზე ლოკაციის და განსაზღვრულობის ცნებები ქრება და მათ ადგილას დგება ე.წ. ალბათობის ცნება. კვანტური ფიზიკა შეისწავლის არა კონკრეტულ მოვლენებს, არამედ ამ მოვლენათა მოხდენის ალბათობებს.

ავიღოთ მაგალითად ელექტრონი. კლასიკური გაგებით ის იმყოფება „თავის დროზე თავის ადგილას“. თუმცა, კვანტური გაგებით ის „გაშლილია“ მთელს სივრცე-დროში, როგორც ტალღა. ეს საინტერესო ფენომენია, რამეთუ, თუ ავიღებთ მაგალითად ორ ელექტრონს, მაშინ კლასიკური გაგებით ორივე მათგანი იმყოფება სივრცის რომელიმე კონკრეტულ ადგილებში. თუმცა, კვანტური გაგებით ორივე მათგანი „გაშლილია“ მთელს სივრცე-დროში, ამიტომ ისინი ერთმანეთზე ზედდდებიან და ერთმანეთს გადაფარავენ.

შეგიძლიათ ამის წარმოდგენა? როცა ორი მატერია ერთმანეთში იხლართება. ეს ჰგავს დიფუზიის პროცესს, როცა ორი ნივთიერება ერთმანეთში ირევა, მსგავსად ყინულების გადნობისა. ყინულები (კოლაფსირებული ნაწილაკები) კლასიკურ ფიზიკაში გვხვდებიან. მაგრამ, კვანტურ ფიზიკაში ყინულები გამდნარნი არიან და ერთმანეთში შერეულნი.

როცა პირობითად „ღმერთი“ აამოძრავებს ჭურჭელს, მაშინ, თუ კლასიკურ ფიზიკაში ვართ, ყინულები (ნაწილაკები) იწყებენ მოძრაობას. ხოლო თუ კვანტურ ფიზიკაში ვართ, მაშინ ერთგვაროვანი სითხე (რომელშიც ყველა ნივთიერება ერთგვაროვნად არის განაწილებული) იწყებს მოძრაობას და ლოკალურად (აქა-იქ) ერთგვაროვნებასაც კარგავს. თუმცა, ამით არ ირღვევა ის, რომ ნივთიერებები ერთმანეთში არიან შერეულნი.

ამრიგად, ელემენტარულ დონეზე სამყარო არასტაბილური და ალბათურია. არაფერია ცენტრირებული და არსებობს გლობალური ერთგვაროვნება, რადგან ყოველი მოვლენის ალბათობა „თანაბარუფლებიანი“ ალბათობაა. მართალია, ყოველ ალბათობას თავისი წილი აქვს და არსებობს ალბათობათა არაერთგვაროვანი განაწილებებიც, თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც გლობალურად არაცალსახა და ქაოსურია.

2.2

კვანტური გადახლართულობის შესახებ გსმენიათ, როცა ორი ნაწილაკი ერთმანეთს ისე უკავშირდება, რომ თითქოს განუყოფელნი იყვნენ ერთმანეთისგან? ან გაიგივების შესახებ გსმენიათ, როცა ერთი და იგივე ტიპის ნაწილაკები ერთმანეთში გადადიან და მათ შორის განსხვავება აზრს კარგავს? ან გაჟონვის ეფექტის შესახებ გსმენიათ, როცა პოტენციურად შეუძლებელი მოვლენების მოხდენის ალბათობებიც არსებობს? ან ენერგიისგან ნაწილაკების დაბადების შესახებ გსმენიათ, რაც ამოწმებს იმას, რომ ყველა ლოკალურად განსხვავებული ნაწილაკი ერთი ენერგიის „შვილები“ არიან?

ყველა ეს ეფექტი გამოწვეულია იქიდან, რომ სამყარო ალბათურია, და ყველა ეს ეფექტი მოწმობს ერთსა და იმავეს - სამყარო არ არის ლოკალური და კონკრეტული, არამედ წარმოადგენს მოვლენათა ალბათობების კრებულს, რომელშიც შედის ყველა შესაძლო მოვლენა (ვარიანტი) და რომელშიც გამორიცხული არაფერია!

ეს რაღაცნაირად თანხვედრაშია იმასთან, რაც წინათ ვთქვით. კერძოდ ის, რომ სამყაროში თან ყველაფერია და თან არაფერი. მართლაც, თუ არსებობს ყველა შესაძლო მოვლენის ყველა შესაძლო ალბათობა, ესეიგი არსებობს ყველაფერი. მეორეს მხრივ, ყველაფერი გულისხმობს არაფერსაც, რამეთუ ნებისმიერი მოვლენისთვის არსებობს „ანტიმოვლენაც“ (შებრუნებული მოვლენა), რომელიც აბათილებს მოვლენას და ამით მყარდება გლობალური სიმეტრია, ერთგვაროვნება, სიცარიელე..

ბუნებრივია ისმის შეკითხვა: თუ სამყარო ფუნდამენტში ალბათურია, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ - ცარიელია ფორმებისგან (Formless), მაშინ რატომ არსებობს კოლაფსი (ანუ კონკრეტული მოვლენების და ფორმების რეალიზაცია)?

პასუხი შეკითხვას, თუ რატომ არსებობს კონკრეტული მოვლენები, ალბათ გაეცემა მას შემდეგ, რაც განვმარტავთ ე.წ. „ღმერთის“ ცნებას. მანამ კი შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ თუ ცარიელ სამყაროში რაიმე ერთი მოვლენა მაინც არსებობს, მაშინ უნდა იარსებოს სხვა ყველა მოვლენამაც. რატომ? იმიტომ, რომ ნებისმიერი მოვლენის არსებობა უკვე არღვევს სიცარიელის წონასწორობას და უკვე აუცილებელი ხდება, რომ იარსებოს ყველაფერმაც, რათა გლობალურად კვლავ სიმეტრია და სიცარიელე შენარჩუნდეს.

ერთხელ დარღვეულ წონასწორობას ვეღარაფერი დააბრუნებს უკან. სამყაროში რომ არასდროს დარღვეულიყო სიცარიელის წონასწორობა, მაშინ არაფერი იარსებებდა. მაგრამ, ის მუდმივად ირღვევა და შესაბამისად მუდმივად ცდილობს აღდგენას. ამ პროცესებს ზოგიერთი ფიზიკის კანონებს უწოდებს, ზოგიც კარმას. არსწორია იმის თქმაც, რომ სამყაროში წონასწორობა „ერთხელ“ დაირღვა, რადგან დროითი კატეგორია მხოლოდ ჩვენთვის (ადამიანებისთვის) არსებობს. ღმერთი კი მარადიულია და მარადიულობის გადმოსახედიდან მუდმივად ირღვევა წონასწორობა და შესაბამისად - მუდმივად არსებობს მისი აღდგენის მცდელობა.

რატომ ირღვევა მუდმივად წონასწორობა? იმიტომ, რომ სხვაგვარად მოსაწყენია.. სიცარიელე, რომელშიც არაფერი არსებობს, არის მოსაწყენი ღმერთისთვის. ამიტომ, ის ყოველთვის (მარადიულად) არღვევს წონასწორობას და ამით სიცარიელეში ქმნის დაძაბულობას (გრადიენტს), რომელიც აღძრავს წონასწორობის ძალებს, რომლებიც ცდილობენ სისტემის წონასწორობაში დაბრუნებას (დაძაბულობის მოხსნას) და ეს ყველაფერი კარგი გასართობია ყოვლისშემძლე ღმერთისთვის.

გახსოვთ, ვისაუბრეთ სამყაროს ფუმდამენტალურ დუალობაზე - შემოქმედება და სიცარიელე. პირველი საწყისი არის ღვთაებრივი, ის მუდმივად რაღაც ფორმას ქმნის, მუდმივად არღვევს წონასწორობას. მეორე საწყისი კი არის „გამბათილებელი“, რომელიც დარღვეულ წონასწორობას აღადგენს. სინამდვილეში, ერთიც და მეორეც სამყაროს მარადიული „დარაჯებია“.

თუ ყოვლისშემძლე ხარ, მაშინ მართლა ყველაფერი უნდა გააკეთო! და ღმერთი ამას აკეთებს: აკეთებს ყველაფერს, ანუ გლობალურად არაფერს. და ეს არსებობა-არარსებობის დუალობა ასახვას ჰპოვებს სამყაროს ყველა განზომილებაში და ყოველი დუალობა მისი შედეგია.

3.1

სამყაროს კოლაფსური სუნთქვა

რატომ ვხედავთ ადამიანები, რომ სამყარო კოლაფსირებულია? ანუ რატომ ვერ ვხედავთ მას, როგორც ალბათობათა ტალღების ზღვას? საინტერესო ფენომენია.. ადამიანი აღიქვამს კონკრეტულ მოვლენებს (კლასიკურ ფიზიკას), მაგრამ ალბათობებს ვერ აღიქვამს. რასთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული?

იქნებ ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თავად ადამიანის არსიც ასეთივე კოლაფსირებულია.. ადამიანის ცნობიერება (მთელი თავისი აღქმის ორგანოებით და „მე“-ს შეგრძნებით) არის კონცენტრირებული, კოლაფსირებული. იქნებ სწორედ ამის გამო გარე სამყაროსაც ასე კოლაფსირებულად აღიქვამს?

დააკვირდით: რაოდენ მასშტაბურად მოაზროვნეც არ უნდა იყოს ადამიანი, მას მაინც აქვს ცენტრირებული ეგო, ანუ ეგო, რომელსაც გააჩნია ცენტრი. ეგო შეიძლება გაზარდო და კოლექტიური გახადო, მსოფლიო დონეზე გახვიდე, მაგრამ ცენტრირების უნარს მაინც არ კარგავს. იქნებ სწორედ ასეთი ცენტრირებული ცნობიერების გამოა, რომ გარე სამყაროსაც ცენტრირებულად აღვიქვამთ (ანუ კოლაფსირებულად)?

ეგოს ცენტრი შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ თვითონ ცენტრის არსებობა არ წყდება. არის ხოლმე შემთხვევები, რომ ადამიანი (უკიდურესად იშვიათად) შეაბიჯებს ხოლმე ცენტრდაკარგულ ცნობიერებაში, მაგრამ ესეც ცოტა ხნით. შეიძლება ითქვას, რომ არაცენტრირებული ცნობიერება - ეს არის ევოლუციის მომდევნო დონე, რომელსაც ზოგიერთ ადამიანს მცირე ხნით და ნაწილობრივ აჩვენებენ ხოლმე.

თუ ეს მართალია და რეალობის კოლაფსირებული ხედვა დაკავშირებულია ადამიანის ე.წ. „ეგოცენტრიზმთან“, მაშინ შეგვიძლია თუ არა ჰიპოთეზის დონეზე დავუშვათ, რომ არსებობს ე.წ. „ტალღური ცნობიერება“, რომელიც სამყაროს აღიქვამს უკვე კვანტურად, ანუ როგორც ალბათობათა ტალღებს?

როგორი ტიპის უნდა იყოს ეს ცნობიერება? - ჩვენთვის, როგორც „კლასიკური ცნობიერების“ მქონეთათვის, ასეთი რამის წარმოდგენა ისეთივე რთულია, როგორც კვანტური ფიზიკის. მაგრამ, ვიცით რა კოლაფსირების „საიდუმლო“, ამაზე დაყრდნობით შეგვიძლია „ტალღური ცნობიერების“ მიახლოებითი მოდელი მაინც შევქმნათ.

პირველ ყოვლისა, გავიხსენოთ როგორ ხდება კლასიკური ნაწილაკის „გატალღება“ და ამის ანალოგიურად ვიმსჯელოთ კლასიკური ცნობიერების „გატალღებაზე“. გაიხსენეთ წვენების და ყინულების მაგალითი: კონცენტრირებული ყინული იწყებს დნობას და დიფუზირდება სხვა დამდნარ ყინულებთან. სწორედ ასეთნაირად, ნაწილაკები „იშლებიან“ ტალღებად და ერთმანეთში ერევიან.

იქნებ ცნობიერებაც ასე „იშლება“, ანუ კარგავს ცენტრს (განსაზღვრულობას) და ხდება უფრო ყოვლისმომცველი. ასეთ ცნობიერებას უნდა ჰქონდეს უნარი შეერწყას სხვა „გაშლილ“ ცნობიერებებს. მსგავსად კვანტური გადახლართულობისა, ამ შემთხვევაშიც ორი „ტალღური“ ცნობიერება ერთმანეთში ისე იხლართება, რომ ისინი იგივდებიან და ვეღარ გაარკვევ რომელ მათგანშია ცენტრი, თუ არის ის საერთოდ.

მსგავსად ნაწილაკების ტალღებისა, ცნობიერების ტალღებიც ზედდდებიან ერთმანეთზე და იგივდებიან. ამრიგად, სამყარო ფუმდამენტშიც და უმაღლეს ცნობიერულ გამოვლინებაშიც ერთიანია, კოლაფსირება კი მხოლოდ ილუზიაა და ნაწილობრივი (შეზღუდული) ხედვის შედეგი. რაც შეეხება თავად კოლაფსირებას, მსგავსად ნაწილაკებისა, ტალღურ ცნობიერებას შეუძლია ფრაგმენტირება, ანუ ნებისმიერი ცენტრის ცნობიერებაში შესვლა და კოლაფსირება (როგორც ნაწილაკები ცენტრირდებიან კონკრეტულ ადგილებში და კოლაფსირდებიან). ამ პროცესს შეგვიძლია ვუწოდოთ ტალღური ცნობიერების კოლაფსი, კონცენტრირება.

ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ საფუძვლიანი ვარაუდი, რომ არსებობენ ასეთი ცნობიერების მქონე არსებები. ცხადია, ევოლუციის გზა არ არის ნახტომისებური. ანუ, ადამიანის შემდგომი ეტაპი არ იქნება პირდაპირ ტალღური ცნობიერება, მაგრამ იქნება უფრო ფართე ცნობიერება, რომელიც უკვე ცენტრს კარგავს (ნაწილობრივ მაინც) და რაც უფრო მაღალ დონეზე ავდივართ (ევოლუციურად), მით უფრო ტალღური ხდება შესაბამისი არსებების ცნობიერება.

როგორი არის ყველაზე მაღალი არსების ცნობიერება? - ეს არის ყველაზე ტალღური ცნობიერება, რომელიც ხედავს ყველა შესაძლო ალბათობას, ყველა შესაძლო მოვლენას, ერთიანობაში, განუყოფელად, მარადიული გადმოსახედიდან. მისთვის აღარ არსებობს ისეთი კატეგორიები, როგორიცაა მიზეზ-შედეგობრიობა, და სხვანი. ის არის მარადიული და ერთიანი.

ამრიგად, სამყარო შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც ყველა შესაძლო მოვლენათა ალბათობების ნაკრები. უმაღლესი ცნობიერება არის ის, რომელშიც გაერთიანებულია ყველა ცნობიერება და რომელიც ერთდროულად და ერთსივრცულად (მარადიულად) აღიქვამს მთელს ამ ვარიანტთა სივრცეს, როგორც ერთიანს. ასეთი ცნობიერების მქონე არსებას შეგვიძლია ღმერთი ვუწოდოთ.

არსებობს ასეთი ჰიპოთეზაც, რომ ღმერთს მობეზრდა ყოვლისშემძლეობა და გადაწყვიტა დაევიწყებინა თავისი თავი, დაიძინა, თავი ილუზიაში ჩაიგდო და მას მერე მოდის კონკრეტული ადამიანების (და არა მარტო ადამიანების) სახით, ერთობა სხვადასხვა ცხოვრებისეული სცენარებით, მუდმივად არღვევს წონასწორობას, რის ხარჯზეც მუდმივად წარმოქმნის კარმას (წონასწორობის აღდგენის მექანიზმს) და ამით ერთობა.

ხომ გახსოვთ, რომ სამყაროში თან ყველაფერია და თან არაფერი (გლობალური სიმეტრიის გამო)? ისიც გახსოვთ ალბათ, რომ დავსვით შეკითხვა, თუ რატომ არსებობს კონკრეტული მოვლენებითქო? - იმიტომ არსებობს, რომ ყველაფრის მცოდნე და ყოვლის შემძლე ღმერთობა მოსაბეზრებელია. მოსაბეზრებელია მარადიულად ჭვრეტზე ერთსა და იმავეს, სამყაროს გლობალურ ჰარმონიას, გლობალურ სიცარიელეს. უფრო საინტერესოა, თავი ილუზიაში ჩაიგდო და სამყაროს კონკრეტულ ქვესისტემებში ჩამოხვიდე და ბოლომდე განიცადო ყველა მოვლენა.

ისეც ნუ წარმოდგინეთ, თითქოს ღმერთმა „ერთხელაც“ გადაწყვიტა, რომ ასე გაეკეთებინა. არამც და არამც. სიტყვა „ერთხელაც“ ღმერთის კატეგორიაში არ ჯდება. ის მუდმივად არსებობს, ისევე, როგორც მისი ქვესისტემები და კონკრეტული მოვლენებიც მუდმივად არსებობენ. მუდმივად არსებობენ კოლაფსური ილუზიები. და ა.შ.

საინტერესოა, როგორ ხდება ევოლუცია: ყველაზე ფუნდამენტალურ დონეზე სამყარო ერთიანია. მერე იშლება ალბათობებად. მერე ალბათობები კოლაფსირდებიან და ხდებიან ნაწილაკები. მერე სადღაც ჩნდება (სიცოცხლის განვითარების შედეგად) ადამიანური ცნობიერი (ცენტრირებული), მერე ეს ცნობიერებაც ფართოვდება, ანტიკოლაფსირდება და ერწყმის სხვა ცნობიერებებს, იგივდება მათთან და კვლავ ხდება ერთიანი. (შენიშვნა: ტერმინ „ანტიკოლაფსირებაში“ ვგულისხმობ კოლაფსირების საპირისპირო პროცესს)

3.2

ამ ციკლს, რომლის დროსაც ერთიანი და ყოვლისმომცველი სამყარო ჯერ იშლება კონრკეტულ ფორმებად (კოლაფსაციებად, ვარიანტებად), შემდეგ კი კვლავ ერთიანდება და ყოვლისმომცველი ხდება (მხოლოდ უკვე აბსოლუტური გაცნობიერებით) - სამყაროს კოლაფსური სუნთქვა ვუწოდე. ეს არის პირველი და უკანასკნელი ერთიანობა. ამასთან, პირველი არის აბსოლუტურად გაუცნობიერებელი, ხოლო უკანასკნელი კი არის აბსოლუტურად გაცნობიერებული. გზა კი, რომლითაც აბსოლუტური გაუცნობიერებელი გადადის აბსოლუტურად გაცნობიერებულში, გადის კონკრეტულ კოლაფსაციებზე (ანუ კონკრეტულ სცენარებზე), რაც დატვირთულია კარმული მოვლენებით (წონასწორობის დარღვევა-აღდგენის მექანიზმებით).

ეს ციკლი არის ღმერთის ერთადერთი გასართობი. ის მუდმივად ბრუნდება გაუცნობიერებელ ერთიან მატერიაში და მუდმივად ევოლუცირებს, კოლაფსირდება, იძენს ცნობიერებას, კვლავ ფართოვდება და უბრუნდება თავის თავს. და ეს პროცესი მიმდინარეობს მარადიულად.

პიროვნული ღერძის როლი

მოდით ვისაუბროთ პიროვნულ ღერძზე. ფაქტია, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება. შეიძლება ზოგიერთი შემომედავოს და თქვას, რომ ადამიანის არჩევანი განსაზღვრულია მისი წარსულით (ან მომავლით), მაგრამ თავისუფალი ნების და არჩევანის შეგრძნება ყველას აქვს (ამის ილუზია მაინც).

როდესაც ვსვამთ შეკითხვას - „რატომ ვაკეთებ ამასა და ამას?“, აქ ბუნებრივია ჩნდება მეორე შეკითხვა - „რას ვგულისხმობ სიტყვა „რატომ“-ში? წარსულს თუ მომავალს?“. ანუ, რას ვგულისხმობთ, „რატომ ვაკეთებთ“-ში, წარსულის გავლენას თუ მომავლის გავლენას.

ჩვენი ქმედებები, ძირითადად, განპირობებულია ორი მოტივით - წარსულით ან მომავალით. ფსიქოლოგია შეისწავლის წარსულის მოტივებს, ანუ იმ მიზეზებს, რაც იწვევს ჩვენს ქცევებს, ჩვენს არჩევნებს. მეორეს მხრივ, შეგვიძლია შევისწავლოთ მომავლის მოტივები, ანუ მიზნები, თუ რისთვის უნდა ვიცხოვროთ და რას მივაღწიოთ.

არიან ადამიანები, რომლებიც წარსულზე ორიენტირდებიან (მიზეზებზე, რამაც ჩამოაყალიბა მათში პიროვნული ღერძი, ორიენტირი). არიან ადამიანები, რომლებიც მომავალზე ორიენტირდებიან (მიზნებზე, რის გამოც თავად აყალიბებენ თავიანთ პიროვნულ ღერძს). პირველ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც საქმე გვაქვს ე.წ. პიროვნულ ღერძთან, რომელიც ცენტრირებულია, ანუ ცენტრი გააჩნია. პირველ შემთხვევაში ეს ცენტრი არის წარსული, მეორე შემთხვევაში - მომავალი.

დავსვათ ფილოსოფიური შეკითხვა: რა არის ადამიანის არსი? პირველნი იტყვიან, რომ ადამიანის არსი არის ის, საიდანაც მოდის, ის მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვი, რაც მან გაიარა მინერალურიდან მცენარემდე, მცენარიდან ცხოველამდე, ცხოველიდან ადამიანამდე და იმ ცნობიერებამდე და ცხოვრებამდე, რაშიც ახლა იმყოფება. მეორენი იტყვიან, რომ ადამიანის არსი არის ის, რისთვისაც ჯერ არ მიუღწევია და თავისი განვითარებით ის მუდმივად უახლოვდება თავის ჭეშმარიტ არსს, ადამიანურიდან ანგელოზურამდე, ანგელოზურიდან ღმერთამდე.. და ა.შ.

არსის ძიების მოთხოვნილება გამომდინარეობს იქიდან, რომ არსებობს ე.წ. პიროვნული ღერძი, ანუ ცენტრი. ეს ცენტრი მუდმივად იცვლება, ამიტომ ადამიანი ყოველთვის ძიებაშია და სვამს შეკითხვას - „ბოლო-ბოლო, სად უნდა მოხვდეს ეს ცენტრი?“. თუ ცენტრი არ არსებობს, მაშინ არც არსის ძიების მოთხოვნილება იარსებებდა. მაგრამ, ადამიანს აქვს ცენტრირებული ცნობიერება, ის ცხოვრობს კოლაფსირებად რეალობაში (კონკრეტულ მოვლენებში), ამიტომ მაქვს აქვს მოთხოვნილება დაადგინოს, თუ რა არის მისი არსი.

არიან „აწყმოს“ მიმდევრებიც, რომლებიც არ ცნობენ არც წარსულ გამოცდილებას, და არც არაპროგნოზირებად მომავალს. არამედ, ორიენტირდებიან აწმყოზე და მათთვის პიროვნული ცენტრი არის ის, რაც მოცემულ მომენტშია.

თქვენ შეხვდებით უამრავ ადამიანს, რომელიც დიდი დარწმუნებულობით „დაგისაბუთებთ“, რომ თითოეული ადამიანის არსი არის მისი წარსული. თქვენ ასევე შეხვდებით მრავალ ადამიანს, რომლებიც არანაკლები თავდაჯერებით „დაგისაბუთებენ“, რომ არსებობს სადღაც მომავალში თქვენი უმაღლესი „მე“, რომელიც თქვენი ჭეშმარიტი არსია.

ერთიც მართალია და მეორეც. მაგრამ, არის ერთი დეტალი: წარსულიც და მომავალიც არის ცნებები, რომლებიც სამართლიანია დროით კატეგორიებში. ადამიანის ცნობიერება და ცხოვრება ისეთია, რომ მისთვის დროის ფენომენი არსებითია. ამიტომ, ისეთი ცნებები, როგორიცაა „წარსული“, „მომავალი“, „მიზეზ-შედეგობრიობა“, „წინასწარ განსაზღვრულობა“, მისი განუყოფელი ნაწილია.

თუ რეალობას შევხედავთ დროითი კატეგორიის გარედან (ანუ უფრო მასშტაბურად), მაშინ ზემოთ ჩამოთვლილი ცნებები აზრს დაკარგავენ. ამ გადმოსახედიდან ადამიანის პიროვნული ცენტრის მოგზაურობის გზა წარსულიდან მომავლისკენ იმზირება, როგორც ერთიანი ტრაექტორია. მაშასადამე, პასუხი შეკითხვაზე იმის შესახებ, წინასწარ არის თუ არა განსაზღვრული მოცემული ადამიანის მომავლის არსი, არის დადებითიც და უარყოფითიც. რაღაც გაგებით ის წინასწარ განსაზღვრულია, რამეთუ ადამიანის ცენტრის მოგზაურობის ტრაექტორია ერთიანობაში იმზირება (დროითი კატეგორიის მიღმა), მაგრამ, დროითი კატეგორიის შიგნით ის არ არის წინასწარ განსაზღვრული, რამეთუ ადამიანი ფლობს თავისუფალ არჩევანს (ამის ილუზიას მაინც). სწორედ ამ თავისუფალი არჩევანის არსებობის გამოა მთელი ეს პროცესები საინტერესო.

არსებობს თუ არა კარმა? დიახ, არსებობს. მაშინ, რა აზრი აქვს თავისუფლებას, თუ კარმა არსებობს, რომელიც ადამიანს მაინც „წინასწარ განსაზღვრულ“ მომავლის არსამდე მიიყვანს, რომელშიც სადღაც „გველოდება“ ჩვენი უმაღლესი და ჭეშმარიტი „მე“, რომელიც კაცმა არ უწყის რა ჯანდაბაა.. ალბათ, ღ-მე-რთია, ან ღმ-ერთი.

გახსოვთ, ალბათ, წინა თავში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ღმერთების ერთადერთი გასართობია მარადიული ევოლუციური ციკლები და სხვადასხვა სცენარები. ამიტომ, პიროვნული ღერძის წარმოქმნა (ადამიანში), და ამ ცენტრის მოგზაურობა, არის მხოლოდ და მხოლოდ გართობა. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი წონასწორობა დაარღვიოთ, შეგიძლიათ ნებისმიერი სცენარისკენ გადაიხაროთ. სამყაროს მაინც ვერ დაალაგებთ, და გაერთობით მაინც.

და მაინც ამბობენ, რომ „მაღალი ძალები ცდილობენ ადამიანების ამაღლებას“. ამიტომ, ნებისმიერი სცენარი საბოლოოდ მიდის იქამდე, რომ ადამიანი განიღმრთოს, ანუ დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ არსს, ანუ შეერწყას ღმერთს, რომლის ცნობიერებაც აბსოლუტურად ტალღურია, ანუ ყველაფრის ერთიანობაში მომზირალი.

ამაზე წინა თავში უკვე ვისაუბრეთ (სამყაროს კოლაფსურ სუნთქვაზე).. აბსოლუტურად ყველაფრის აღქმელი მარადიული ცნობიერება ივიწყებს საკუთარ თავს, იძინებს, და იწყებს სამყაროს განვითარებას აბსოლუტური გაუცნობიერებლობით. ჯერ ცალკეული ტალღებია, მერე მატერია, მერე სიცოცხლე, მერე ადამიანის ცხოვრებისეული სცენარები - პიროვნული ღერძების მოძრაობის სხვადასხვა ისტორიები. საბოლოო ჯამში, ყველა ეს ისტორია ერთ წერტილში უნდა შეიკრას და ღმერთი დაუბრუნდეს თავის თავს. როგორ ხდება ეს?

პიროვნული ღერძი გააჩნია ისეთ არსებებს, რომელთაც ცენტრული ცნობიერება აქვთ (მაგალითად, ადამიანებს). მაგრამ, უფრო მაღალ არსებებებს ცენტრულობა ნელ-ნელა ეკარგებათ, და მასთან ერთად თავისუფლებაც. ისინი თავისი ნებით თავის ნებას ღმერთის ნებას მიანდობენ. ევოლუციის ზრდასთან ერთად ეს ტენდენცია იზრდება და საბოლოო ჯამში პიროვნული ნება (კონკრეტული ცენტრის მქონე ნება) მთლიანად გარდაიქმნება (ან გამტარი ხდება) ღვთაებრივ ნებად (რომელიც ყველაფერს ხედავს და ყველაფერზე ზრუნავს).

კარმის კანონები სწორედ ამას ემსახურება, რომ საბოლოო ჯამში ეს მოხდეს თითოეულ ადამიანში (ანუ ცენტრის მქონე თითოეულ ადამიანში). ეს არის ევოლუციის საოცარი ფენომენი, როცა კოლაფსირებული მატერია ჯერ ცოცხლდება, მერე იძენს თავისუფალ ნებას, ერთობა სხვადასხვა სცენარებით, თუმცა, საბოლოო ჯამში თავის ნებას ღვთაებრივს მიანდობს, კვლავ „ანტიკოლაფსირდება“ და შეერწყმება ღმერთს.

ამიტომ, ადამიანის პიროვნული ღერძის (ანუ ცენტრის) გზა „წარსულიდან მომავლისკენ“ მხოლოდ და მხოლოდ დროით კატეგორიაშია საინტერესო (ანუ უშუალოდ ადამიანისთვის). ღმერთის გადმოსახედიდან ეს კონკრეტული სცენარები დაიმზირება ერთიანობაში, როგორც მარადიულად არსებული სამყაროს კონკრეტული ფორმები. დრო, სცენარი, პიროვნული ცენტრის მოგზაურობის ტრაექტორია - ეს ყველაფერი სამყაროს მხოლოდ ერთ-ერთი ფორმაა. გაიხსენეთ!

ახლა შეგვიძლია უფრო კონკრეტული განმარტება მოვიტანოთ: სცენარი - ეს არის ადამიანის პიროვნული ღერძის მოგზაურობა დროში. სანამ არსებობს ღერძი, მანამ იარსებებს დროც. როგორც კი ცნობიერება იწყებს ე.წ. ანტიკოლაფსირებას, მაშინ ცენტრიც იწყებს რღვევას და დროითი კატეგორიაც დამზერადი ხდება რეალობის უფრო მასშტაბური გადმოსახედიდან. დრო და სცენარი აღიქმება, როგორც ვარიანტთა სივრცის მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტი. ყველა კოლაფსირებული სცენარი პარალელურად ვითარდება და საბოლოოდ კვლავ (ღმ)ერთიანდება.

5.1

რა არის ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება..

შეკითხვას იმის შესახებ, თუ რა არის ადამიანის არსი, წინა თავში მაინც ვერ გავეცით პასუხი. არსი (ცენტრი) ყოველთვის მოგზაურობს წარსულიდან (მიზეზებიდან) მომავლისკენ (მიზნებისკენ), და ყოველ წამს გადის (ცოცხალ) აწყმოს. თუმცა, იმის თქმა, რომ სამყაროს ევოლუცია დროში მიმდინარეობს (მაგ. წარსულში უსულო მატერია იყო, ხოლო მომავალში გასხივოსნებული „მე“ გახდება), არასწორია. რადგან, დროითი კატეგორია, როგორც უკვე ვთქვით, არსებობს მხოლოდ ადამიანისთვის (და მისი პარალელური არსებებისთვის).

სანამ ადამიანები გავხდებოდით (თუ სწორია ასეთი მსჯელობა), ანუ სანამ შევიძენდით პიროვნული ღერძის ქონის უნარს, ანუ ცენტრირებულ ცნობიერებას, მანამ დროითი განზომილება საერთოდ არ არსებობდა ჩვენთვის (თუ „ჩვენ“ ვიყავით ის, რაც იყო ჩვენამდე). ასევე, როგორც კი პიროვნული ღერძი და ცენტრირებული ცნობიერება ამოწურავს თავის სცენარს, კვლავ გადავინაცვლებთ ისეთ კატეგორიებში, რომელშიც დრო აღარ არის ცალსახა. განსხვავება ის იქნება, რომ „ადრე“ ეს კატეგორია გაუცნობიერებელი იყო, „მერე“ კი გაცნობიერებული გახდება.

ეს იმიტომ, რომ „დრო“ და შესაბამისად „წარსული-მომავალი“ დაკავშირებულია ისეთ ფენომენთან, როგორიცაა პიროვნული ღერძი, ცენტრი. მაგრამ, სანამ ამას არ გავივლით, მანამ ვერ გადავალთ უფრო ნატიფ დონეებში, რომელშიც თავისუფალი ნება მინდობილი ხდება ღვთაებრივზე და ნაწილობრივ კარგავს თავისუფლებას, ისევე, როგორც ცნობიერება ნაწილობრივ კარგავს ცენტრს და ხდება უფრო უფორმო და ფრაგმენტირებადი. (ხომ გახსოვთ, ღმერთი მარადიულად ბრუნდება ევოლუციურ ციკლებში)

მაგრამ, სანამ ამ ცხოვრებაში ადამიანებად ვართ მოსული, მანამ აუცილებელია გავიაროთ ყველა შესაძლო კოლაფსირებადი სცენარი, სანამ დავუბრუნდებით ჩვენს ჭეშმარიტ არსს, ანუ „არარას“ (უკანასკნელ სიცარიელეს), ყველაფერს, რომელიც არაფერია.. მანამ აუცილებელია ვიცხოვროთ, განვიცადოთ ყველა შთაბეჭდილება. მაგრამ, ამასთან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული წამიერი (აწყმოს) მოვლენა თუ შეგრძნება ჩაწერილია ტრაექტორიაში, რომელზეც ჩვენი პიროვნული ღერძი მოგზაურობს (დროში), რომელიც ერთიანად იმზირება ღმერთის გადმოსახედიდან.

იცხოვრეთ! სიკვდილის ნუ გეშინიათ! თქვენ ამას ყოველდღიურად აკეთებთ.. როცა იძინებთ, როდესმე მაინც თუ ნერვიულობთ იმაზე, რომ ახლა გაითიშებით? - არასოდეს. სანამ გღვიძავთ, მანამ აცნობიერებთ საკუთარ თავს. როცა იძინებთ, მაშინ უკვე ვეღარ აცნობიერებთ იმას, რომ დაიძინეთ.. სიკვდილიც სწორედ ასეთი მოვლენაა. ნუთუ როდესმე დაძინების შეგშინებიათ? ჯობს იმაზე ვიფიქროთ, რომ ზოგჯერ მღვიძარე მდგომარეობაშიც კი გვძინავს, რამეთუ მექანიკურად ვცხოვრობთ და ვერ ვაცნობიერებთ ვერც ჩვენს შინაგან სამყაროს და ვერც გარეგანს.

განსხვავებით ძილისაგან, რომლის შემდგომაც გახსოვთ გუშინდელი დღე, სიკვდილის შემდგომ ახლად დაბადებისას არ გემახსოვრებათ წინა ცხოვრება. მაგრამ, ეს არც არის საჭირო. თქვენი ამჟამინდელი ცნობიერება მოკვდება ისევე, როგორც ერთ დროს დაიბადა. თქვენი პიროვნული ღერძი დაასრულებს არსებობას თქვენი სიკვდილისას ისევე, როგორც დაიწყო არსებობა თქვენი დაბადებისას. თქვენი სხეული მოკვდება ისევე, როგორც ერთ დროს დაიბადა. ნუ იდარდებთ ამაზე, რამეთუ სამყაროში ყველაფერი იცვლება, და მაინც, ყველა ეს ცვალებადობა მის ერთიანობას ემსახურება.

გახსოვდეთ, რომ პიროვნული ღერძებისა და ცენტრების მიღმა, კოლაფსირებადი ვარიანტების მიღმა სამყარო ერთი მთლიანია, უფორმო, გლობალურად სიმეტრიული და თქვენი მარადიული „სული“ (თუ შეიძლება ასე ეწოდოს) ამ დიდებულ სამყაროშია. ამ ყველაფრის გაცნობიერებით დაკარგავთ შიშს და შესძლებთ ცხოვრებაში ყველა ფერი და ყველა ფორმა განიცადოთ.

რაც შეეხება კარმას და იმას, რომ საბოლოოდ ნებისმიერი სცენარით ღმერთთან უნდა მივიდეთ.. აქ შეკითხვა დგას შემდეგნაირად: შესაძლებელია თუ არა მართლაც ნებისმიერი სცენარით მისვლა ღმერთამდე? ან როგორ მუშაობს ე.წ. კარმა და როგორ მიმართავს ის ცხოვრებისეულ სცენარებს?

რა გითხრათ, რით გაგახაროთ.. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ნებისმიერი მომენტიდან სიამოვნება უნდა მიიღო და ამით ერთობიან, თვლიან რა, რომ ეს არის ღმერთის ნება. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ყველა არსება თუ ობიექტი უნდა შეიყვარო და ამით ერთობიან, თვლიან რა, რომ ეს არის ღმერთის ნება. არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ მატერიალურ თუ სოციალურ წარმატებაში ხედავენ ღმერთს. არიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. დამსჯელ კარმაში ხედავენ ღმერთს..

ყველას თავისი ფილოსოფია აქვს.. მიდი და გაარკვიე ახლა, რომელი სცენარებით მიდიხარ ღმერთმადე. ერთი კი ფაქტია: თუ ღმერთს ვუწოდებთ იმას, ვისი ცნობიერებაც აბსოლუტურად ტალღურია და ყველასა და ყველაფერზე ერთიანობაში ზრუნავს, მაშინ მისდამი მიმავალი დაახლოებითი ორიენტირი შეგვიძლია განვსაზღვროთ - ეს არის ეგოს ზომის ზრდა (თვითგაიგივების სფეროების გაფართოება) და ამ პროცესს სიყვარულსაც უწოდებენ, რითაც საბოლოოდ იკარგება „თვით“-გაიგივება და გადასვლა ხდება კოლექტიურ ზეცნობიერში.

რეინკარნაციები, პრობლემები, შემხვედრი ადამიანები, და ა.შ. - ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ, ერთის მხრივ გავერთოთ ცხოვრებაში. მეორეს მხრივ კი ამ გართობაში ვისწავლოთ სიყვარული და ავმაღლდეთ, გავზარდოთ ეგოს ზომა, მოვიცვათ რაც შეიძლება მეტი. ცნობიერების ცენტრულობას მაინც ვერ დავკარგავთ (სანამ ადამიანები ვართ), მაგრამ წინასწარ მაინც მოვამზადებთ მას იმისთვის, რომ თანდათან „ანტიკოლაფსირდეს“ და გახდეს უფრო ყოვლისმომცველი, უფრო ყველაფერზე მზრუნველი.

მიენდეთ სამყაროს.. იმედიტირეთ..

„სამყაროს არსო, ჩემო უმაღლესო „მე“-ვ, სული შენი სახიერი მიძღოდეს მე“

„ცის კიდითგან არს გამოსვლა მისი და მიწევნა მისი ვიდრე კიდედ ცისამდე. და არა არს, ვინ დაეფაროს სიცხესა მისსა“

„პირველი სიცარიელიდან უკანასკნელ სიცარიელემდე არის გზა, რომელშიც ყველაფერია“

სიცარიელე თუ სიყვარული?

ფიზიკაში ძალა ეწოდება ისეთ მოვლენას, რომელიც აღიძვრება წონასწორობის (ერთგვაროვნების) დარღვევის შემთხვევაში. ის ცდილობს წონასწორობა დაუბრუნოს სისტემას. ამრიგად, ბუნების ფუნდამენტალური პრინციპი - წონასწორობის პრინციპია. ეს გამოხატულებაა იმისა, რაზეც პირველ თავში ვისაუბრეთ - ყველაფერი და არაფერი, ანუ გლობალური სიმეტრია, ჰარმონია. სამყარო, თავის ყოველ ლოკალურ ქვესისტემაში იმეორებს ამ გლობალური სიმეტრიის პრინციპს და ისწრაფვის ერთგვაროვნებისკენ.

ეს უკანასკნელი კი ფრაქტალურობის გამოხატულებაა, როცა სამყაროში სხვადასხვა დონეზე რეალიზდება ერთი და იგივე კანონები. მაგალითად, სიმძიმის ძალა სხეულებს ქვემოთ ექაჩება, მაგნიტური ველი მოძრავ მუხტს ატრიალებს, და ა.შ. ეს ყველაფერი ბუნების ძალებია, რომლებიც გამოხატავენ ლოკალურად დარღვეული ერთგვაროვნებების აღდგენის მცდელობებს.

ვლინდება თუ არა იგივე პრინციპები ადამიანთა ცხოვრებაში? დიახ, ვლინდება, და ამას კარმას უწოდებენ. წონასწორობის ნებისმიერი დარღვევა აღძრავს ძალებს, რომლებიც ცდილობენ „გააბათილონ“ დარღვეული წონასწორობა და აღადგინონ ლოკალურად სიცარიელე. ამრიგად, ნებისმიერი ფორმის არსებობა სამყაროში უკვე პრობლემაა, რადგან არღვევს სიცარიელეს.

ადამიანების ფსიქიკაც ასეთივეა.. ნებისმიერი თემა და საკითხი, რაც ადამიანისთვის აქტუალურია, მნიშვნელოვანია, წარმოადგენს პრობლემას, ანუ ფორმას, წონასწორობის დარღვევას. ნებისმიერი სფერო, რომელშიც ადამიანი ჩართულია რაიმე სახით - ქმედებებით, ემოციურად, აზრებით, და ა.შ. - ნებისმიერ ამ სფეროში ის არღვევს წონასწორობას, ქმნის დაძაბულობას, ანუ აღძრავს კარმულ ძალებს. ამასთან, ჩართულობის ფორმა შეიძლება ნებისმიერი იყოს - დადებითი თუ უარყოფითი ემოციები, პოზიტიური თუ ნეგატიური აზრები, და ა.შ. ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთქმედება, ნებისმიერი ჩარევა მოვლენებში - ამ ყველაფრით ადამიანს წვლილი შეაქვს არაერთგვაროვანი გარემოს ფორმირებაში და ამით იგროვებს საკუთარ კარმას, რომელიც ცდილობს ერთგვაროვნების აღდგენას.

ისმის შეკითხვა: რა უნდა გააკეთოს ადამიანმა? უნდა დაცარიელდეს (შინაგანი და გარეგანი ფორმებისგან) თუ პირიქით - უნდა იმოქმედოს და ფორმები შექმნას? - საქმე ის არის, რომ რაღაც ეტაპზე კარმის მაწონასწორებელი კანონებიც კარგავენ ფუნქციონირებას. მაღალ დონეზე შემოქმედება და სიყვარული თავად იქცევა სიცარიელედ და ამიტომ.

დადებითი ენტროპიის კანონი - ეს არის თერმოდინამიკის მეორე კანონი, რომლის თანახმადაც არაცოცხალი ბუნების სისტემები ყოველთვიის მიისწრაფვიან ერთგვაროვნებისკენ, მინიმალური სტრუქტურისკენ, სიმარტივისკენ. ეს გამოწვეულია იმით, რომ არაცოცხალ ბუნებას არ გააჩნია თავისი „მე“, რის გამოც ის „მიისწრაფვის“ (თუ შეიძლება ასე ითქვას) დაძინებისკენ, სიცარიელისკენ, შეჩერებისკენ. მას არ აქვს „დრაივი“ და თუ გარემო არ აიძულებს, მაშინ თავისით არაფერს აკეთებს.

მაღალ ევოლუციურ არსებებს, განსხვავებით არაცოცხალი ბუნებისგან, აქვთ „მე“, და შეუძლიათ გარემოსგან დამოუკიდებლადაც კი მიიღონ გადაწყვეტილებები. ამიტომ, ცოცხალ სისტემებს ახასიათებთ უარყოფითი ენტროპია, ანუ სწრაფვა არაერთგვაროვნებისკენ, მაქსიმალური სტრუქტურისკენ, სირთულისკენ, შემოქმედებისკენ, ფორმების შექმნისა და წონასწორობის დარღვევისკენ.

ეს კვლავ არის დასაწყისში ნახსენები ორი პრინციპის გამოხატულება - სიცარიელე (რომელიც აერთგვაროვნებს და აწონასწორებს ყველაფერს) და შემოქმედება (რომელიც არღვევს წონასწორობას და ქმნის ფორმებს).

არიან ადამიანები, რომლებიც ირჩევენ პირველ გზას (სიცარიელის გზას). ეს უფრო ბუდისტური მიდრეკილებაა. ამ შემთხვევაში მიმდინარეობს ეგოს ჩაქრობა, ევოლუციურად წარსულში დაბრუნება, რაც, ვფიქრობ, დანაშაულია ბუნების წინაშე. სიცარიელეში „უკვე ვიყავით“, მასში დაბრუნებას რაღა აზრი აქვს?

არიან ადამიანები, რომლებიც ირჩევენ მეორე გზას. შენიშნეთ, რომ ადამიანებს უკვე აქვთ დამოუკიდებელი შემოქმედების უნარი (ნაწილობრივ მაინც). ვფიქრობ, სწორი გზა სწორედ ეს არის - პიროვნული ღერძის მიმართვა არა წარსრული სიცარიელისკენ, არამედ არაპროგნოზირებადი მომავლისკენ, შემოქმედებისკენ, რაც შეიძლება მეტი ფორმის განცდისკენ.

მაგრამ, რაოდენ არაპროგნოზირებადიც არ უნდა იყოს მომავალი და რაოდენ უარყოფითიც არ უნდა იყოს ენტროპია, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ევოლუციის მაღალი ეტაპები, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ერთ წერტილში იკვრება და პარალელური გზები ერთმანეთში იკვეთება. ანუ, სწრაფვა შემოქმედებისკენ - ეს იგივეა, რაც სწრაფვა სიცარიელისკენ. მხოლოდ უკვე - უკანასკნელი სიცარიელისკენ. პირველი სიცარიელე აბსოლუტური გაუცნობიერებელია, რომლიდანაც იზრდება და ვითარდება სიცოცხლე. უკანასკნელი სიცარიელე კი აბსოლუტური გაცნობიერებულობაა, ღმერთის მდგომარეობა.

თუმცა, სანამ უკანასკნელ სიცარიელემდე მივალთ, მანამ ყოველთვის გვეგონება, რომ ჩვენ ვისწრაფვით არა სიცარიელისკენ, არამედ პირიქით - შემოქმედებისკენ და სირთულისკენ. ეს კოლაფსირების და ფორმების ილუზიაა. ყველა ვარიანტში, ეგოს ჩაქრობა და წარსული სიცარიელისკენ მიმართვა დანაშაულია. ეგო უნდა გაიზარდოს და მომავალ შემოქმედებაში გადავარდეს. ეს არის სიყვარული. ეს არის უკანასკნელი სიცარიელე, რომელიც ყველაფერია.

6.1

არაცოცხალ ბუნებას არ აქვს საკუთარი თავის გაცნობიერების და აღქმის უნარი, და - შესაბამისად არც სიყვარული. ეგო ცენტრირებულ არსებებს კი (ადამიანებს, მაგალითად) აქვთ საკუთარი თავის (ეგოს) აღქმის და სიყვარულის უნარი. ამ ეტაპიდან მოყოლებული სიყვარული არასდროს ქრება, ის უბრალოდ იცვლის ზომას.

მაგალითად, ეგოცენტრულ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს. ვიღაცას კი ყველა უყვარს. მაგრამ, სინამდვილეში, იმ ვიღაცასაც თავისი თავი უყვარს, უბრალოდ საკუთარი თავის აღქმა (თვითიდენთიფიკაციის ზომა) აქვს გაზრდილი. „მე“ მოვიცავ არა მარტო ჩემს სხეულს და ჩემს გარემოს, არამედ მთელს ქალაქს, მთელს ქვეყანას, მთელს პლანეტას, და ა.შ. სამყაროს სიყვარული მიმდინარეობს საკუთარი თავის სიყვარულის ხარჯზე, რადგან, რეალურად, ამ დროს საკუთარი თავის ზომა იზრდება და ხდება სამყაროს ტოლი.

რას აკეთებს ადამიანი, როდესაც საკუთარი თავი უყვარს? - ის ზრუნავს მასზე. სწორედ ასეთნაირად, რაც უფრო დიდი ზომა აქვს ეგოს (ანუ რაც უფრო მეტ სივრცეს შეიცავს), მით მეტზე ზრუნავს ადამიანი. რაც უფრო ტალღურია ცნობიერება, მით უფრო მრავლის მომცველია ის და, შესაბამისად, სიყვარულის ზომაც იზრდება. ღმერთი კი, რომელიც აბსოლუტური და მარადიული ცნობიერებაა, რომელიც ყველაფერს აღიქვამს მარადიულად, ზრუნავს ყველაფერზე, რამეთუ მისი „მე“, მისი „ზომა“ მთელი სამყაროა. ის მარადიულად ზრუნავს სამყაროს ყველა ფორმასა თუ გამოვლინებაზე.

თუ ადამიანი პირველ გზას ირჩევს და ეგოს აქრობს, მაშინ ის ისწრაფვის დაძინებისკენ და პასუხისმგებლობას კარგავს. მისი ეგოს ზომა მცირდება და ნულდება კიდეც (რამდენადაც ეს შესაძლებელია). მას აღარ უყვარს არაფერი და ითქვიფება პირველ სიცარიელეში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, შემოქმედება და სიყვარული საბოლოოდ მაინც სიცარიელემდე მიგვიყვანს (უკანასკნელ სიცარიელემდე). მაგრამ, ჩვენ ამ სიცარიელეს სიყვარულს ვუწოდებთ, რამეთუ ღმერთი მთელს ამ სავსე/ცარიელ სამყაროზე ზრუნავს, როგორც საკუთარ „მე“-ზე. მაგრამ, სჯობს არ ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სიცარიელეა. არამედ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სიყვარულია, რამეთუ ეს უკანასკნელი მოგვცემს ორიენტირს ცხოვრებაში.

მარადიული ევოლუციური ჩაბრუნება

თქვენ არსებობთ, და თქვენს პარალელურად არსებობს ღმერთი. როდესაც თქვენ ევოლუცირდებით და გახდებით ღმერთი, ეს სწორედ ის ღმერთი იქნება, ვინც ახლა თქვენს პარალელურად არსებობს, სანამ თქვენ გახდებით ის..

7.1

წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც დიდებულია (გენიოსია სხვადასხვა სფეროებში - ხელოვნება, მეცნიერება, ეზოთერიკა, და ა.შ.). ეს არის ადამიანი, რომელსაც პერიოდულად აქვს ხოლმე გამონათებები და ქმნის გენიალურ ნაწარმოებებს, ან აკეთებს საოცარ მოქმედებებს.

არსებობს, პირობითად, ორი თეორია, რომელიც ხსნის ამ მოვლენას (ხაზს ვუსვამ - პირობითად):

1. "არამატერიალისტური" თეორია: არსებობენ მაღალი ევოლუციური განვითარების არსებები (მაგ. ანგელოზები), რომლებიც სხვადასხვა ადამიანებთან თანამშრომლობენ და ამ ადამიანების საშუალებით კაცობრიობაში გაატარებენ რაღაც ღვთაებრივს.

2. "მატერიალისტური" თეორია: ადამიანი ვითარდება და ზოგჯერ გაუცნობიერებლად აღწევს განვითარების მაღალ საფეხურებს, რომლიდანაც, ასევე გაუცნობიერებლად ცნობიერში გადმოეცემა განვითარებული მდგომარეობა და ადამიანი ქმნის რაღაც ღვთაებრივს, რაღაც დიადს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირველი თეორია ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, და არსებობენ გაცილებით უფრო მაღალგანვითარებული არსებები, რომლებიც პერიოდულად ადამიანებთან თანამშრომლობენ. ხოლო, მეორე თეორია ამბობს, რომ იგივე ადამიანია ამ ღვთაებრივობის შემქმნელი, რომელიც თავად განვითარდა.

ეს საკვანძო საკითხია. ერთი თეორია ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები და მაღალგანვითარებული არსებები. მეორე თეორია კი ამბობს, რომ ადამიანი თავად ვითარდება სიმაღლემდე და ასე ქმნის იმას, რასაც ღვთაებრივს უწოდებენ.

დიდი ხნის განმავლობაში ამ ორი ერთი შეხედვით "ურთერთსაპირისპირო" თეორიების გონებრივ ბრძოლაში ვიყავი, სანამ არ დაიბადა ჩემში ის იდეა, რომ ეს ორივე თეორია ერთსა და იმავე მოვლენაზე საუბრობს, ერთსა და იმავეს ამბობს, და ახლავე მოგახსენებთ რა იგულისხმება ამაში:

თუ დაუშვებთ, რომ პირველი თეორიიდან გამომდინარეობს მეორე, მაშინ მივიღებთ, რომ მაღალგანვითარებული ინდივიდუალური არსებები წარმოადგენენ თავად მოცემული ადამიანის მაღალგანვითარებულ ვარიანტს. ხოლო, თუ დავუშვებთ, რომ მეორე თეორიიდან გამომდინარეობს პირველი, მაშინ მივიღებთ, რომ მოცემული ადამიანის მაღალგანვითარებული ვარიანტი თავად წარმოადგენს ინდივიდუალურ არსებას.

მაშასადამე, გამოდის, რომ ის არსება, რომელიც ჩვენზე გაცილებით უფრო მაღალგანვითარებულია და თანამშრომლობს ჩვენთან, წარმოადგენს ჩვენივე "მე"-ს უფრო მაღალ განვითარებულ შემთხვევას, რომელსაც "როდესღაც" მივაღწევთ, მრავალი ინკარნაციის შემდგომ.

თუ ჩემი მსჯელობა მართალია, მაშინ გამოდის, რომ მრავალინკარნაციული ევოლუციის შემდგომ ადამიანი "ჩაბრუნდება" კვლავ დედამიწის ისტორიაში, მხოლოდ უკვე უფრო მასშტაბურად და "ზევიდან" შეხედავს ყველაფერს და თავის წინა ინკარნაციებს (ქვედა "მე"-ებს) დაეხმარება ევოლუციაში, რათა ისინი გახდნენ ისინი, ვინც თავად გახდა.

აქ ერთი მომენტია: ევოლუციის ყოველ ახალ საფეხურზე იბადება და ყალიბდება ახალი "მე", რომელიც წინა ცხოვრების "მე"-ების შედეგია, მაგრამ თავადაც წარმოადგენს ახალ ინდივიდუალურ "მე"-ს. ისევე, როგორც ღმერთი ვლინდება ყველა ჩვენგანში, მაგრამ ის თავადაც წარმოადგენს ინდივიდს. ეს ძალიან ღრმა და საინტერესო თემაა.

სწორედ ეს არის მარადიული ღმერთის იდეა: ღმერთი ერთია და ის ამ სამყაროს წარმოადგენს, ყველაფერს მასში. ის ერთია, ის ევოლუციურად ყველაზე მაღლა დგას და ის ეხმარება თავის დაბალ "მე"-ებს, რათა ისინიც გახდნენ ღმერთები. ჩვენც ღმერთის ის ნაწილი ვართ, რომელიც ჯერ კიდევ არ გამხდარა ღმერთი.

მარადიულობის იდეა ისიც არის, რომ სამყარო სინამდვილეში სტატიკურია, გლობალურად რომ შევხედოთ.

ინდივიდუალურად რომ შევხედოთ, სამყარო დინამიკურია. ჩვენ ვვითარდებით, ვევოლუცირებთ, და ა.შ. მაგრამ, ჩვენი მაღალი "მე" უკვე არსებობს, აქ და ახლა არსებობს, ჩვენი მაღალი "მე"-ს კიდევ უფრო მაღალი "მე"-ც არსებობს, და ა.შ. ყველაზე მაღალი "მე" თავად ღმერთია, რომელიც ასევე არსებობს აქ და ახლა. მაგრამ, მის პარალელურად არსებობენ მისი (ანუ ღმერთის) დაბალი "მე"-ები (ანუ, მაგალითად ჩვენ).

7.2

ევოლუცია დინამიკაშია ცალსახად, მაგრამ ევოლუციის ყველა დონე არსებობს ერთსივრცულად და ერთდროულად (ერთმანეთის თანაპარალელურად), ანუ მარადიულად. და სწორედ ეს მარადიული ევოლუციური სპექტრი არის კიდეც ჩვენი სამყარო, რომელშიც ყოველ წერტილში და ყოველ მომენტში შევხვდებით მთელს ამ ევოლუციურ სპექტრს - დაწყებული აბსოლუტური გაუცნობიერებელი მატერიიდან, დასრულებული აბსოლუტურ გაცნობიერებულ ღმერთამდე.

ეს მარადიულობის პრინციპი ასეთ სიტუაციას ქმნის: თქვენ არსებობთ, და თქვენს პარალელურად არსებობს ღმერთი. როდესაც თქვენ ევოლუცირდებით და გახდებით ღმერთი, ეს სწორედ ის ღმერთი იქნება, ვინც ახლა თქვენს პარალელურად არსებობს, სანამ თქვენ გახდებით ის..

ნიშნავს თუ არა ყოველივე ზემოთ თქმული იმას, რომ ჩვენ ყველანი (ღმ)ერთნი ვართ და (ღმ)ერთმანეთის ევოლუციაზე პასუხისმგებელნი? - გავცეთ პასუხი ამ შეკითხვას და ვიმოქმედოთ!

გააზიარეთ თუ მოგწონთ.

მსგავსი სტატიები

არამეცნიერული კომენტარები სიმების თეორიაზე


ავტორი: იოანე შენგელია სიმების თეორიის თანახმად, სამყაროს ყველა ის...

თეზა #4


ავტორი: მამუკა გურული "ნუ განიკითხავ და არ განიკითხები" მინდა ა...

რა მიშლის ხელს საკუთარი თავის აღმოჩენაში?


ავტორი: ლევან ჩახაია კარგად დაფიქრდი, სანამ იტყვი :-მე ასე მსურს- ...

დონ ხუანის გამონათქვამები, რომლებიც ცნობიერებას ცვლიან


1. მოიქეცი ისე, თითქოს ეს სიზმარია. იმოქმედე თამამად და ნუ ეძებ გ...

არსებობა..


ავტორი: იოანე შენგელია ძვირფასო მკითხველო, ჩემი მრავალდღიანი თუ ...

ადამიანების კონტროლი და მომავალი


ავტორი: იოანე შენგელია   (მოცემული სტატიის მეორე ნახევარში მ...

ჰიპერბორიელთა სინათლე


მონაკვეთი ნაშრომიდან „ჰიპერბორიელთა მოდგმა“ ავტორი: ერენიელი თუ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff