მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე
რა არის ძილის დამბლა?
ძილის დამბლა შეიძლება აღვწეროთ, როგორც გარდამავალი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ადამიანის მიერ ძილის, ჩაძინების ან გამოღვიძებისას მოქმედების, მოძრაობისა და საუბრის უნარის დროებითი დაკარგვით.
ძილის დამბლა ხასიათდება ადამიანის უუნარობით, ამოძრაოს კუნთები ძილის განმავლობაში.
„ძილის დამბლა: შიშისმომგვრელი გამოცდილება“
სამწუხაროდ, ძილის დამბლას, შესაძლოა, თან ახლდეს შემაშფოთებელი ჰალუცინაციები, სადაც დამბლისა და და ფიზიკური განცდების არსებობის გამო (რაც შესაძლებელია იყოს ტანის ზედა ნაწილში ძლიერი დაძაბულობა) ადამიანს არ შეუძლია ფიზიკური რეაგირება. შეიძლება ეს ჰალუცინაციები ძალიან საშიში იყოს. მათში ხშირად ფიგურირებს ზებუნებრივი ქმნილება ან ადამიანი, რომელიც დასცინის ან აშინებს ინდივიდს. ამ ყველაფერს კი, თან სდევს სუნთქვის გაძნელება ან/და ზეწოლის შეგრძნება გულ-მკერდის არეში.
ჰალუცინაციის კიდევ ერთი, საკმაოდ გავრცელებული ტიპი მოიცავს ადამიანს ან ზებუნებრივ არსებას, რომელიც დამბლის მქონე პიროვნებას უთვალთვალებს ფანჯრიდან ან შემოდის საძინებელში და უტოვებს მას შიშისა და შფოთვის შეგრძნებებს.
რა იწვევს ძილის დამბლას?
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ძილის დამბლა გამოწვეულია REM-ძილის (ძილის ფაზა, რომელიც თვალების სწრაფი მოძრაობით ხასიათდება) დარღვევით: REM-ძილი, როგორც წესი, იწვევს კუნთების სრულ ატონიას (მოდუნება), რაც მძინარე ადამიანს იცავს სიზმარში განხორციელებული მოძრაობების რეალობაში გამეორებისაგან. ძილის დამბლის გამომწვევი ძირითადი მიზეზი არის უძილობა ან გენეტიკური ფაქტორი. ეს მდგომარეობა ასევე დაკავშირებულია შაკიკთან, ნარკოლეფსიასთან, ძილის ობსტრუქციულ აპნოესთან და შფოთვით აშლილობებთან.
ძილის დამბლის წარმოქმნის ალბათობა იზრდება, როცა ადამიანს ხანგრძლივად სძინავს ზურგზე. დამატებით უნდა აღვნიშნოთ, რომ ძილის დამბლა ასევე დაკავშირებულია REM-ატონიასთან, რომელიც არის დამბლა, არსებული როგორც REM-ძილის ბუნებრივი ნაწილი.
როდის ჩნდება ძილის დამბლა?
ეს მოვლენები ხშირად ჩნდება, როცა ადამიანი იძინებს (იწყებს ჩაძინებას) ან ფხიზლდება ძილისაგან.
თუკი დამბლა ჩაძინებისას წარმოიქმნება, ადამიანი რჩება განგაშის მდგომარეობაში, მანამ სანამ სხეული ემზადება REM-ძილისათვის. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც პრედორმიტალური ან ჰიპნოგოგიური ძილის დამბლა.
თუკი დამბლა წარმოოიქმნება მაშინ, როცა ადამიანი იღვიძებს, იგი განგაშის მდგომარეობაში რჩება REM-ფაზის დასრულდებამდე. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც პოსტ-დორმიტალური ან ჰიპნოპომპიური ძილის დამბლა.
ეს მოვლენები შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე, იშვიათ შემთხვევაში კი რამდენიმე საათიც და ამ დროში შეიძლება პიროვნებას პანიკის სიმპტომები გამოუვლინდეს.
ძილის დამბლა არ არის სრული დამბლა
REM-ძილის დამბლასთან კორელაციის გამო, ატონიის ეს ტიპი არ არის სრული. ელექტრო ოკულოგრაფიული კვლევა აჩვენებს, რომ თვალის მოძრაობა ჯერ კიდევ შესაძლებელია დროის ამ მონაკვეთების განმავლობაში, თუმცა, ადამიანი, რომელიც განიცდის ხსენებულ მოვლენებს, საუბრის უნარი დაკარგული აქვს.
ხილვის ტიპები
ხილვის სამი მთავარი ტიპი, რომლებიც დაკავშირებულნი არიან პათოლოგიურ ნეიროფიზიოლოგიასთან, არის:
- ვესტიბულურ-მოტორული შეგრძნებები
- ინკუბუსი (მამრობითი სქესის დემონი, რომელიც სექსუალურ კავშირს ამყარებს მძინარე ქალთან)
- შეგრძნება, რომ ოთახში არის მოთვალთვალე, აბეზარი არსება
ადამიანთა უმეტესობა თავიანთ გამოცდილებას აღწერს, როგორც ტერორს, სადაც ისინი გამოცდიან შეგრძნებას, თითქოს ოთახში ვიღაც არის. ნევროლოგიური ახსნა ამ ფენომენის არის ის, რომ ძილის დამბლა წარმოიქმნება შუა ტვინის მომატებული სიფხიზლის მდგომარეობის გამო. თავის ტვინი განსაკუთრებით მაშინ ააქტიურებს საგანგაშო რეაქციებს, როცა ადამიანი იღვიძებს და თავს გრძნობს პარალიზებულად და თავდასხმისაგან დაუცველად. ეს უმწეობის შეგრძნება ემსახურება მხოლოდ ტვინის მიერ საფრთხისადმი საპასუხო რეაქციის გაძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, მეტია, ვიდრე ნორმალური სიზმრის დროს განხორციელებული რეაქცია.
ამან, შესაძლოა, კარგად ახსნას, თუ რატომ არის ძილის დამბლის დროს ადამიანის მიერ გადატანილი ხილვა ასეთი თვალსაჩინო და რეალური.