სიზმარხილვების სივრცე (რეალობის ტრანსერფინგიდან)

Admin
სიზმრების სამყარო
0
0

ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მამუკა გურული მეთვალყურის გამოც...

lucid

ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი"

მთარგმნელი: მამუკა გურული

მეთვალყურის გამოცანის ამოსახსნელად აუცილებლად უნდა ვუპასუხოთ ორ კითხვას: რატომაა ცნობიერ სიზმარხილვაში ყველაფერი შესაძლებელი, და რატომ გვეჩვენება სიზმრები ასე რეალურებად?

როგორც ცნობიერ, ასევე არაცნობიერ სიზმარში, სურათები ძალიან მკაფიოდ ჩანს, უწვრილმანეს დეტალებამდე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სიზმრები ფორმების სიმკვეთრით და ფერების სიმდიდრით რეალობასაც კი აღემატებიან. არსებობს ჰიპოთეზა, რომ ტვინი თავად ახდენს სიზმრის სურათების სინთეზირებას და სიზმრის დროს ისევე აღიქვამს ამ სურათებს, როგორც ცხადში. სინამდვილეში ეს მხოლოდ ჰიპოთეზაა. ჯერ არავის დაუმტკიცებია, რომ ყველაფერი სწორედ ასე ხდება. ტრანსერფინგის მოდელში ახსნა სრულიად სხვაგვარია: ქვეცნობიერი დამოუკიდებლად არაფრის წარმოსახვას არ ახდენს, არამედ პირდაპირ უკავშირდება ვარიანტთა სივრცეს, რომელიც მთელ ინფორმაციას შეიცავს.

ყურადღებით დააკვირდით რაიმე ნივთს, შემდეგ დახუჭეთ თვალები და სცადეთ მისი წარმოსახვა. მაშინაც კი, თუ ვიზუალიზაციის საოცარი უნარები გაქვთ, მაინც ვერ შეძლებთ დახუჭული თვალებით საგნის ზუსტად ისევე „დანახვას“, როგორც გახელილით. ის ხატ-სახე, რომელსაც თქვენი ტვინი შთაიბეჭდავს, მხოლოდ დაბალი ხარისხის ფოტოს წარმოადგენს. დავუშვათ, რომ ტვინი ინახავს ასეთ ფოტოს, როგორც ნეირონთა ჯგუფის გარკვეულ მდგომარეობას. მაშინ იმისთვის, რომ მეხსიერებაში არსებული ყველა ფოტო გავიხსენოთ, ნეირონების რაოდენობა, მიუხედავად მათი დიდი რაოდენობისა, არ გვეყოფა.

თუ ჩვენი მოგონებები და სიზმრები - იმის ტრანსლაციაა, რაც ნეირონებშია ჩაწერილი, მაშინ რამდენი ასეთი უჯრედი უნდა იყოს თავში? ტრანსერფინგის მოდელის ფარგლებში ნეირონები არ წარმოადგენენ ინფორმაციის ისეთ მატარებლებს, როგორც ბიტებია კომპიუტერში. ტვინი ინახავს არა თავად ინფორმაციას, არამედ რაღაც მისამართების მსგავსს ვარიანტთა სივრცის ინფორმაციაში ორიენტაციისთვის.

შესაძლოა, ტვინს შეუძლია თავის თავში დაიტიოს მონაცემთა გარკვეული შეზღუდული რაოდენობა. მაგრამ როგორი სრულყოფილი ბიოლოგიური სისტემაც არ უნდა იყოს იგი, ტვინს მაინც არ შეუძლია თავის თავში იმ ყველაფრის დატევა, რისი გახსენებაც მეხსიერებიდან შეგვიძლია. მითუმეტეს, მას არ შეუძლია ისეთი სრულყოფილი ვირტუალური რეალობის შექმნა, როგორიც სიზმარია. ნუთუ შეგიძლიათ, რომ ღვიძილის მდგომარეობაში თვალები დახუჭოთ და აზრობრივად წარმოიდგინოთ წარმოსახვითი სურათები ისევე ნატურალურად, როგორც სიზმარში? ნუ ეცდებით ნაკლებად დამაჯერებელი არგუმენტების მოყვანას, რომ თითქოს ტვინი სიზმარში მოიპოვებს მის მიერ წარმოსახული სურათების მკაფიოდ აღქმის უნარს.

როგორც უკვე ითქვა, გონებას არ შეუძლია არაფერი პრინციპულად ახლის შექმნა. მას შეუძლია მხოლოდ, რომ სახლის ახალი ვერსია ააწყოს ძველი კუბიკებისგან. გონება მხოლოდ პრიმიტიულ ინფორმაციას ფლობს ამ კუბიკების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ააწყოს ისინი. უფრო დაწვრილებით მონაცემებს გონება ქაღალდზე ან სხვა მატარებლებზე ინახავს. მთელი დანარჩენი ინფორმაცია გონებამდე სულის მეშვეობით მოდის - ვარიანტთა სივრციდან.

ამგვარად, გონება ტრანსერფინგის მოდელში წარმოგვიდგება, როგორც საკმაოდ პრიმიტიული სისტემა, რომლის მუშაობის მოდელირებაც ტექნიკურადაც შეგვიძლია, რის გაკეთებას ცდილობენ კიდეც მეცნიერები. ხელოვნური ინტელექტის შექმნის მცდელობებს ჯერ-ჯერობით წარმატებამდე ვერ მივყავართ. საკუთარი თავის გაგება გონებას როგორღაც შეუძლია, აი, სულის ბუნების გაგება კი ჯერ არ ძალუძს. ცოცხალი არსების ინტელექტის საიდუმლო სულისა და გონების ერთიანობასა და ურთიერთკავშირშია. აქამდე კიბერნეტიკოსების ძალისხმევა აზროვნების პროცესის მოდელირებამდე დაიყვანებოდა, ისე, როგორც ამას გონება აკეთებს. მაგრამ შესაძლოა, ოდესმე, ვინმეს, თავში მოუვა შექმნას ისეთი მანქანა, რომელსაც შეეძლება ინფორმაციის ვარიანტთა სივრციდან მიღება, როგორც ამას სული (душа) აკეთებს [სიმარტივისთვის სიტყვა "სამშვინველის" ნაცვლად ვიყენებ სიტყვას - "სული". მთარგმნ. შენიშვნა].

რაღაც ხერხით, გონებას შეუძლია დაიმახსოვროს საჭირო სექტორთა მისამართები. თუ რაღაცის გახსენებაა საჭირო, გონება სულს მიმართავს, ის კი შესაბამის სექტორზე განეწყობა. მაგრამ ან სულს არ შეუძლია კარგად განწყობა, ან გონებას ახსოვს ცუდად მისამართები, ან გონებას და სულს არ შეუძიათ ერთმანეთთან მოლაპარაკება - შედეგად ის გვაქვს, რაც გვაქვს: ჩვენი მეხსიერება არასრულყოფილია.

სამაგიეროდ სიზმარში სულს შეუძლია სრულიად შემთხვევით განეწყოს ვარიანტთა სიბვრცის არარეალიზებულ სექტორებზე. სწორედ ამ სურათებს ვხედავთ ჩვენს სიზმრებში. სწორედ ამიტომ არიან სიზმრები ასეთი რეალურები. სიზმრები არ წარმოადგენენ ილუზიებს, ამ სიტყვის ჩვეული გაგებით. გონება არ ახდენს საკუთარი სიზმრების წარმოსახვას, ის მათ მართლა ხედავს.

ცნობილია, რომ სიზმარში ადამიანს შეუძლია დააკვირდეს სურათებს, რომლებიც თითქოს ჩვენი სამყაროდან არაა აღებული. მაგალითად, სიზმარში ადამიანს შეუძლია დაინახოს არქიტექტურული ნაგებობა ყველა დეტალში. ამასთან, სრულიად ცხადია, რომ ადრე ასეთი რამის ნახვა პრინციპში არასოდეს შეეძლო. თუ სიზმარი - ეს რეალობის იმიტაციაა ჩვენი ტვინის მიერ, მაშინ საიდან ჩნდება ხატ-სახეები, რომლებზე დაკვირვებაც ადამიანს მანამდე არასოდეს შეეძლო?

როგორც გახსოვთ, სივრცის სექტორები თავის თავში სცენარების და დეკორაციების სხვადასხვა ვარიანტებს მოიცავენ. დეკორაციები შეიცავენ როგორც არაცოცხალ გარე მოწყობას, ასევე ცოცხალ არსებებს. თუ სიზმარში თქვენი ახლობლები ან ნაცნობები გინახავთ, ალბათ ყურადღებას გაამახვილებდით, რომ ისინი ცოტა არ იყოს განსხვავდებიან რეალობისგან. მათ შეიძლება ჰქონდეთ სხვა ვარცხნილობა, უჩვეულო ტანსაცმელი, ხასიათიც კი შეიძლება განსხვავდებოდეს. ვირტუალური პიროვნებები ვარიანტთა სივრციდან შესაძლოა უჩვეულოდ იქცეოდნენ. სიზმარში თქვენ ცნობთ თქვენს ნაცნობებს, ხვდებით, რომ ესენი ისინი არიან, მაგრამ ამავდროულად გეჩვენებათ, რომ რაღაც რიგზე ვერ აქვთ. ამაში ვლინდება ვარიანტთა სივრცის მრავალფეროვნება.

სხვადასხვა სექტორების დეკორაციები განსხვავდებიან. ის, რასაც რეალობაში ვაკვირდებით, - რეალიზებული ვარიანტებია. სიზმარში შეგვიძლია დავინახოთ ის, რაც რეალიზებული არ იყო.

თუ გექნებათ ბედნიერება, რომ სიზმარში საკუთარი ანარეკლი იხილოთ სარკეში, შესაძლოა არასასიამოვნოდ გაოცებული ან შეშინებული დარჩეთ. თქვენ დაინახავთ არა მხოლოდ სახეს, რომლის დანახვასაც სარკეში ხართ მიჩვეული, არამედ ამავდროულად თქვენი სახე შეცვლილი იქნება. საქმე იმაშია, რომ თქვენი გარეგნობა სიზმარში სივრცის სწორედ იმ სექტორს შეესაბამება, რომელშიც აღმოჩნდით. იმის მიხედვით, თუ რამდენადაა გადანაცვლებული ეს ვირტუალური სექტორი თქვენს მიმდინარე რეალობაში რეალიზებულ სექტორთან მიმართებაში, თქვენი გარეგნობა მეტად ან ნაკლებად განსხვავებული იქნება.

გარე სიტუაციაც ასევე იცვლება ვირტუალური სექტორის დაშორებულობიდან გამომდინარე. თქვენ ხედავთ თქვენს ქალაქს, მაგრამ იგი ისე არ გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივ. იგივე ქუჩები და სახლები, მაგრამ ყველაფერი როგორღაც უცნაურად გამოიყურება. თქვენ გაოცებული ხართ, თითქოს დელუზია დაგემართათ. თუ სიზმარში თქვენი სული საკმარისად შორს წავიდა თავისი სექტორისგან, სრულიად უცნობ გარემოში აღმოჩნდებით. თქვენ დაიონახავთ ადგილებს და ადამიანებს, რომლებიც საერთოდ არ არიან რეალურ ცხოვრებაში. იქ ყველაფერი თავისი ვირტუალური ცხოვრებით ცხოვრობს. და რას წარმოადგენთ თქვენ თვითონ იმ ცხოვრებაში? ყველაფერი, რაც იქ ხდება, არამატერიალურია. თქვენი როლიც ასევე ვირტუალურია. და ამავდროულად, ეს არაა ილუზია.

აქ შეიძლება იყოს ორი სიტუაცია: თქვენი პიროვნების ვარიანტი ან იმყოფება იმ სექტორში, ან არა. თუ იმყოფება, შეძლებთ თქვენს ორეულთან შეხვედრას? ეს ძალინ რთული კითხვაა, რომელზეც მე ჯერ-ჯერობით არ შემიძლია პასუხის გაცემა. სავარაუდოდ, სული უბრალოდ აიტაცებს იმ როლს, რომელიც სექტორის სცენარშია გაწერილი. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ სიზმარმხილველი სარკეში საკუთარ სახეს უცხოდ აღიქვამს.

dreee

საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: თუ ინფორმაცია ვარიანტთა სივრცეში სტაციონარულად ინახება, როგორც კინოფირი თაროზე, მაშინ რატომ ვხედავთ სიზმარში მოძრაობას და ვმონაწილეობთ ამ ვირტუალურ თამაშში? ინფორმაციულ ველში ყველა მოვლენა ერთდროულად ინახება. ყველაფერი, რაც იყო, და ყველაფერი, რაც იქნება, იქ უკვე ახლაა. მაშ, რატომაა, რომ სული ვარიანტთა სივრცეში ფრენისას გაყინულ სურათებს კი არ ხედავს, არამედ ცხოვრების მოძრაობას? შესაძლოა ასეა მოწყობილი ჩვენი აღქმა, რომ ჩვენ შეგვიძლია კინოფირი მხოლოდ მოძრაობაში აღვიქვათ. და იქნებ ასეთია სივრცის თვისება, რომ იგი თავის თავს მხოლოდ ვარიანტთა დინების სახით გვიჩვენებს. თუ სული სექტორებში დაფრინავს, ეს ნიშნავს, რომ იგი აკვირდება კიდეც მოძრაობას. ამ შემთხვევაში, დროის რომელ მონაკვეთში ხვდება სული სიზმარში: წარსულში, მომავალში თუ აწმყოში?

ყველაფერი, რაც სიზმრების სივრცეს ეხება, უფრო მეტ კითხვას შეიცავს, ვიდრე პასუხს. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შეიძლება: სიზმარხილვა - ეს არაა ილუზია. ცოტა შეცბუნდით, ასე არაა? ჩვენ ყველანი ყოველ ღამით მივემგზავრებით ვარიანტთა სივრცეში და ვირტუალურ ცხოვრებას განვიცდით იქ. ამ ვირტუალურ ცხოვრებას არ გააჩნია ხელშესახები მატერიალური საფუძველი, და ამავდროულად იგი რეალურია.

რა შეიძლება ითქვას სიზმრების მნიშვნელობის ახსნაზე? პასუხი შესაძლოა ცოტა მოულოდნელი იყოს თქვენთვის. ალბათ ფიქრობთ, რომ ყველაფერ ზემოთქმულის შუქზე სიზმრებს სრული უფლება აქვთ, რომ მომავალი მოვლენების წინასწარმეტყველნი იყვნენ. მაგრამ სწორედ ყველაფერ ზემოთქმულის შუქზე, სიზმრები ტრანსერფინგში ვერ განიხილება, როგორც ნიშნები, რომლებზეც წინა თავში ვისაუბრეთ.

სიზმრები გვაჩვენებენ იმას, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო წარსულში ან მომავალში. რაც შეეხება წარსულს, იგი ჩვენთვის ცნობილია. მომავალი კი ვარიანტთა სივრცეში მეტისმეტად მრავალფეროვანია, ამიტომ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ სიზმარში სწორედ იმ მოახლოებული მომავლის სექტორი ვნახეთ, რომელიც რეალიზებული იქნება. ახლოს მყოფი სექტორები მსგავს სცენარებს და დეკორაციებს შეიცავენ. ეს ნიშნავს, რომ თუკი ნანახი სექტორი მიმდინარე ცხოვრების ხაზისგან ახლოს მდებარეობს, მაშინ იგი შესაძლოა შეიცავდეს ინფორმაციას მოახლოებული რეალური მოვლენების შესახებ. თუმცაღა ვერ გვექნება ვერანაირი გარანტია, რომ ნანახი სექტორი მართლაც ახლოსაა მიმდინარე ხაზთან.

სინამდვილეში სულს მართლაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს მოახოებული მოვლენები. სულიერი კომფორტის მდგომარეობა უფრო საიმედო ნიშანს წარმოადგენს. ღვიძილის დროს სული აჩვენებს თავისი კომფორტის მდგომარეობას მიმდინარე ცხოვრების ხაზთან, ან მოახლოებულ მოვლენებთან მიმართებაში. მსგავსი ნიშნები მიეკუთვნება ასევე რეალიზებულ მიმდინარე და ახლოს მყოფ სექტორებსაც. მაგრამ სიზმარხილვებში, მხოლოდ ღმერთმა იცის, სად დაფრინავს სული. იგი შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეხეტიალდეს, ამიტომ მოცემულ ინფორმაციას ვერ დავეყრდნობით.

შემდეგი კითხვა: თუ სიზმარხილვა არ წარმოადგენს წარმოსახვის პროდუქტს, მაშინ ვინ განსაზღვრავს სიზმრების სცენარებს? სცენარი ჩადებულია ვარიანტთა სივრცის სექტორებში. სულს შეუძლია უნებლიედ იმოგზაუროს ვარიანტთა სივრცეში, სანამ გონება თვლემს. ზოგჯერ გონება იმდენად ღრმად თვლემს, რომ ჩვენი სიზმრები არ გვახსოვს. როგორ ვითარდება მოვლენები იმ დროს, როცა გონება თვლემს, არავინ იცის. რეალურ ცხოვრებაში ადამიანის ქცევა გონების მიერ კონტროლდება. როცა გონება სიზმრებს ხედავს, იგი მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლში გამოდის. იგი არ აკონტროლებს სიტუაციას, არამედ ყველაფერს იღებს როგორც თავისთავადს.

ყველაფერი სექტორში ჩადებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. როგორც კი სული სექტორში მოხვდა, მოვლენები მასში იმ მოლოდინების შიშების და წარმოდგენების შესაბამისად ვითარდება, რომლებიც სულმა და გონებამ რეალურ ცხოვრებაში შეიძინა. მოლოდინები და შიშები მყისიერად რეალიზდება. მაგალითად, თუ სცენაზე ჩნდება სუბიექტი, რომელიც გონების თვალსაზრისით შესაძლოა საფრთხეს შეიცავდეს, საფრთხის სცენარი მაშინვე რეალიზდება. როგორც კი გაიელვებს აზრი იმის შესახებ, რომ არსებობს წარმოსახვის საფრთხე, ურჩხული მაშინვე გამოგეკიდებათ.

ასე იმიტომ ხდება, რომ სული მაშინვე განეწყობა იმ ვარიანტზე, რომელმაც აზრებშ გაიელვა. სული სცენარის ვარიანტებს აზრებისა და მოლოდინების შესაბამისად ირჩევს. სულის მოძრაობა ვარიანტთა სივრცეში აზრებთან თანადროულად ხდება. სწორედ აზრები და მოლოდინები წარმოადგენენ იმ მამოძრავებელ ძალას, რომელიც კინო-ლენტას ატრიალებს. შესაძლებელი რომ იყოს აზრების სრბოლოს ბოლომდე გაჩერება, სურათი უძრავობაში გაიყინებოდა. მაგრამ აზრები არ ჩერდებიან და გამუდმებით ტრიალებენ თავში.

სიზმრებში მოვლენები შეიძლება ჩვეული წარმოდგენების საპირისპირო იყოს, რადგანაც გონების კონტროლი შესუსტებულია. ხდება ყოველგვარი უცნაურობა, ჩნდება უჩვეულო ხილვები, ფიზიკური კანონები არ მუშაობენ. უჩვეულო მოვლენები ხდება ასევე გაცნობიერებულ სიზმრებშიც. გონებას ხომ ესმის, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, ამიტომ ნებისმიერ უცნაურობას უშვებს.

ახლა თქვენთვის ნათელია, რატომაა შესაძლებელი სიზმარში ყველაფერი: იმიტომ, რომ სიზმარხილვა - ესაა სულის მოგზაურობა ვარიანტთა სივრცეში, იქ კი ნებისმიერი სცენარი არსებობს. ამ მიზეზით, გაცნობიერებულ სიზმარში შესაძლებელია განზრახ შევცვალოთ სცენარი. სინამდვილეში სცენარი არ იცვლება, იგი არჩეული ხდება განზრახვის მიერ. როგორც კი აზრებში გაჩნდა განზრახვა, რომ შეიცვალოს როლები წარმოსახვაში, სული საწინააღმდეგო სცენარის სექტორში გადაინაცვლებს. სწორედ ამაში მდგომარეობს გაცნობიერებული სიზმრის მექანიზმი: სცენარის არჩევა განზრახვის მიერ ხდება.

თუ გონებამ გააცნობიერა, რომ შეუძლია მიმდინარე მოვლენების სცენარი აკონტროლოს, იგი ახდენს სურვილის ფორმირებას. მაგალითად, აფრენის სურვილის. ეს აზრი, სწრაფად გაიელვებს რა ცნობიერებაში, სულში განზრახვად ტრანსფორმირდება. განზრახვა წარმოადგენს იმ მამოძრავებელ ძალას, რომელსაც სიზმარმხილველი შესაბამისი სცენარის სექტორში გადაჰყავს.

სულის მოგზაურობა ვარიანტთა სივრცეში არ მძიმდება მატერიალური ობიექტების ინერტულობით. ამიტომაა სიზმარხილვები ასეთი პლასტიკური. შეკვეთილი სცენარი მყისიერად რეალიზდება. და რა ხდება რეალურ ცხოვრებაში? პრინციპში, იგივე. განსხვავება მხოლოდ სცენარის აღსრულების სისწრაფეშია. ცხადში მოვლენები იგივე კანონით ვითარდება, როგორც სიზმარხილვებში, მაგრამ არა ისე მყისიერად, რადგანაც ვარიანტთა მატერიალურ რეალიზაციას ინერტულობა გააჩნია. ამ მიმართებით, განცხადება, რომ ჩვენი ცხოვრება - სიზმარია, არასწორია, მაგრამ ამავდროულად აზრსაც არაა მოკლებული. მე უკვე მომყავდა თქვენთვის ილუსტრაციები, როგორ აფორმირებენ თქვენი აზრები მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში. რაც თქვენს აზრებშია, სწორედ იმას ღებულობთ ადრე თუ გვიან.

თქვენი აზრები - ესაა ენერგიის გამოსხივება ცხოვრების განსაზღვრული ხაზის სიხშირეზე. რეალურ ცხოვრებაში ამ ხაზზე გადასვლა სხვადასხვა მატერიალური ფაქტორების მიერ მუხრუჭდება. სივრცის რეალიზებული სექტორი არარეალიზებულთან შედარებით უფრო ბლანტად გვეჩვენება, როგორც, მაგალითად, გუდრონი წყალთან შედარებით. პოტენციურად შესაძლებელი ვარიანტის მატერიალური რეალიზაცია დაყოვნებით მიმდინარეობს. სიზმარში კი არანაირი ინერტული წინააღმდეგობა არაა, ამიტომ გადასვლა სექტორებს შორის მყისიერად რეალიზდება.

ახლა თქვენთვის გასაგები უნდა იყოს, რატომ დავიწყე საუბარი სიზმარხილვაზე. იმისთვის, რომ საკუთარი ბედი ვმართოთ, აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, როგორ გადავყავართ ჩვენს აზრებს ერთი სექტორიდან მეორეზე, და რატომ არ რეალიზდება ყველა ჩვენი სურვილი. თუმცაღა ამისთვის სულაც არაა აუცილებელი - გაცნობიერებული სიზმრების პრაქტიკებით დაკავდეთ. ჩვენი მიზანია - არჩევის უნარი ცხადში მოვიპოვოთ და არა სიზმარში. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია - რეალურ ცხოვრებაში მოვიპოვოთ გამოღვიძების უნარი, ვიდრე სიზმარში. მითუმეტეს, რომ გაცნობიერებული სიზმარხილვის პრაქტიკები, როგორც უკვე ვთქვი, გარკვეულ საფრთხეს შეიცავენ.

შესაძლოა, მათ, ვინც გაცნობიერებულ სიზმარხილვებს აპრაქტიკებენ, გითხრან, რომ არანაირი საფრთხე აქ არაა. მაგრამ სავარაუდოდ ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ სამართებლის პირზე დადიან. საქმე იმაშია, რომ ვერავინ მოგცემთ გაცნობიერებული სიზმრიდან დაბრუნების გარანტიას. სანამ თქვენი სული არარეალიზებულ სექტორებში ხეტიალობს, საფრთხე არანაირი არაა. მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა მოხდება, როცა სული სიზმარხილვაში შემთხვევით სივრცის რეალიზებულ სექტორში მოხვდება? ჰოდა ამრიგად, ჰიპოთეზა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ შესაძლოა მატერიალიზდეთ ამ სექტორში. ჩვენ ყველანი მივეჩვიეთ, რომ ჰიპოთეზები, როგორც ასეთნი, საფრთხეს არ შეიცავენ. მაგრამ როგორც ხედავთ, მოცემული ჰიპოთეზა საფრთხეს შეიცავს. და რა მოხდება მაშინ, თუ ეს ჰიპოთეზა კი არა, ფაქტი აღმოჩნდება?

ცნობილია, რომ ძველი მაგები, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ სიზმარხილვის ხელოვნებას, განზრახ და სამუდამოდ მიდიოდნენ სხვა სამყაროებში. მათი ფიზიკური სხეულებიც ასევე ქრებოდნენ ამ სამყაროდან. ძველი მაგები ან მეტისმეტად უგუნურები იყვნენ, ან ძალიან კარგად იცოდნენ რას აკეთებდნენ. ჩვენს დროში ყოველწლიურად ათობით ათასი ადამიანი ქრება უგზო-უკვლოდ. ისინი უბრალოდ უკვალოდ ქრებიან. ის ვერსიაც კი არსებობს, რომ მათ უცხოპლანეტელები იტაცებენ. მე ვერაფრის მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ შესაძლოა, ისინი უბრალოდ სიზმარხილვებიდან ვერ ბრუნდებიან. სულს ხომ გაუცნობიერებელ სიზმარხილვაშიც შეუძლია რეალიზებულ სექტორში მოხვედრა.

გაცნობიერებული სიზმარხილვა ამ მიმართებით უფრო სახიფათოა, რადგანაც გონებამ, რომელიც შეუზღუდავ თავისუფლებას გრძნობს, შესაძლოა სიფრთხილე დაკარგოს და ღმერთმა იცის სად გაფრინდეს. უცნობია, შეძლებს თუ არა სიზმარხილვის სხეული უკან დაბრუნებას. ფიზიკური სხეული შეიძლება დარჩეს კიდეც, და ამ შემთხვევაში უბრალოდ ძილში გარდაცვალების კონსტატაციას ახდენენ. მე არ მაქვს მიზნად, რომ დაგაშინოთ. უბრალოდ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ სიზმარი - ეს არაა ილუზია. გაცნობიერებულ სიზმარში ცუღლუტობის ცდუნება ჩნდება. რადგან შესაძლებელია დაუსჯელად და სხვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე აკეთოთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ. ან შესაძლებელია უბრალოდ იფრინოთ და სხვა სამყაროები შეიცნოთ. ყველაფერი შესაძლებელია მანამ, სანამ სული არარეალიზებულ ვირტუალურ სექტორში იმყოფება. საფრთხე იმაშია, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ სული რეალიზებულ სექტორში არ შეხეტიალდება. გონება მაშინვე ვერ გააცნობიერებს, რომ ვირტუალური რეალობა მატერიალურად იქცა. თავს ნუ დაიმშვიდებთ იმ იმედით, რომ ჩვენი სამყარო - ერთადერთია მთელ უნივერსუმში. ვარიანტთა სივრცე უსასრულოა, და მასში უეჭველად იმყოფება მრავალი რეალიზებული სექტორი, რომლებიც ყველა შესაძლო ცოცხალი არსებებითაა დასახლებული.

სამყარო, რომელშიც თქვენ აღმოჩნდებით, შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც სამოთხე, ჩვენს სამყაროსთან შედარებით, ასევე ჯოჯოხეთი. სად იმყოფება ეს სამყარო - ასევე უცნობია. შესაძლოა, იგი დედამიწისგან მილიონობით სინათლის წლის დაშორებითაა, ან შესაძლოა იგი თქვენი ყავის ჭიქაშია. იგი შეიძლება ძალიან შორს იყოს, და ამავდროულად ძალიან ახლოს - სხვა განზომილებაში. როგორც უკვე ითქვა პირველ თავში, უსასრულობა ძალიან შორსაა გაჭიმული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პირდაპირ იყურებით. მაგრამ შორსაა ეს პარალელური სამყარო თუ ახლოს, არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც იქ გადაკარგვა ადვილია, დაბრუნება კი ძალიან ძნელი.

მე არ ვეხები ასტრალური სხეულის მმოგზაურობას მატერიალურ სამყაროში. იქ სხვა მექანიზმია. ამას არ აქვს კავშირი ტრანსერფინგთან, და ფრიად სახიფათოა. ზოგადად თუ ვიტყვით, სიზმარხილვებსაც ასევე ირიბი კავშირი აქვთ ტრანსერფინგთან. ჩვენჯი ამოცანა ის კი არაა, რომ სასტიკ რეალობას სიზმრებში გავექცეთ, არამედ ის, რომ ჩვენთვის კომფორტული გავხადოთ თავად რეალობა.

ნუ შეგეშინდებათ სიზმარხილვების, მაგრამ ნურც გაუთამამდებით. თუ სიზმარხილვის ხსენებისას სულიერ დისკომფორტს გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ არ უნდა დაკავდეთ ამით. თქვენმა შინაგანმა ინტუიციამ უნდა გიკარნახოთ, გელით თუ არა საფრთხე. სული უკეთ გრძნობს მოახლოებულ საფრთხეს, ვიდრე გონება. ამიტომ სიზმრები გონების აქტიური ჩარევის გარეშე ბევრად უფრო უსაფრთხოა. მაგრამ თუკი თქვენ მაინც გადაწყვიტეთ, დაიცავით სიფრთხილე, ძალიან ღრმად არ შეტოპოთ და არ გარისკოთ. ისევე როგორც რეალობაში: იყავით როგორც სახლში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ სტუმრად ხართ.

მსგავსი სტატიები

როგორ ვებრძოლოთ ძილის დამბლას


მთარგმნელი: ნანა ტატიშვილი ბალაჯაევა წყარო გაცნობიერებულ სიზმრე...

კატაბალახას (ვალერიანის) ფესვები


 მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია წყარო ვალერიანის ფესვები არის უძ...

მცენარეები, რომლებიც ხელს უწყობენ სიზმრების გაცნობიერებას


 წყარო მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია რამდენ ჩვენგანს გვახსოვს...

სიზმარხილვების სივრცე (რეალობის ტრანსერფინგიდან)


ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მა...

სიზმრის გაცნობიერების ტექნიკები


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული გაცნობიერებული სიზმრები - ესაა ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff