გაღვიძება სიზმარში (რეალობის ტრანსერფინგიდან)

Admin
სიზმრების სამყარო
0
0

ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მამუკა გურული თავი VII. განზრახ...

dreams2

ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი"

მთარგმნელი: მამუკა გურული

თავი VII. განზრახვა

თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია მხოლოდ თქვენი განზრახვით

გაღვიძება სიზმარში

ამ თავში ჩვენ უკვე ვუახლოვდებით მეთვალყურის გამოცანის ამოხსნას: რატომ შეგვიძლია ავირჩიოთ ყველაფერი, რასაც მოვისურვებთ, და როგორ გავაკეთოთ ეს. გამოცანის ერთ-ერთი გასაღები იმ მოვლენაში დევს, რომელსაც სიზმარხილვას ვეძახით. სიზმარში ადამიანი თავისი ცხოვრების მესამედს ატარებს. ყველაფერი, რაც ადამიანს სიზმარში ემართება, დღემდე იდუმალებითაა მოცული. სამწუხაროდ მეცნიერული კვლევები ამ სფეროში ცოტა რამეს ხსნიან. ფილოსოფიური შეხედულებებიც ერთიდან მეორე უკიდურესობაში ვარდებიან. ერთნი ამბობენ, რომ სიზმრები - ეს ილუზიებია, მეორენი ამტკიცებენ, რომ თავად ჩვენი ცხოვრებაც კი სხვა არაფერია, თუ არა სიზმარი. ვინაა აქ მართალი? ტრანსერფინგის მოდელის ფარგლებში - არც ერთნი, არც მეორენი. მაგრამ მივყვეთ თანმიმდევრობით...

ზრდასრულები, იხსენებენ რა თავიანთ სიზმრებს, ანგარიშს უწევენ თავს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში არ მომხდარა. გონება სიზმრებს განმარტავს, როგორც თავის ფანტაზიებს, რომლებსაც რაღაც სახით ადგილი აქვთ სიზმრის დროს, და ამით კმაყოფილდება.ცნობილია, რომ ოთხ წლამდე ბავშვები სიზმარს რეალობისგან ვერ არჩევენ. ისინი თვლიან, რომ სიზმრებიც იგივე სამყაროს ეკუთვნიან, რასაც მთელი დანარჩენი ცხოვრება. ამ ასაკში, როცა კოშმარისგან იღვიძებს, ბავშვს სჯერა, რომ ურჩხული ოთახში იმყოფება. და მშობლების ყველანაირ მტიცებებს, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, სათანადო ეფექტი არ აქვთ. მაგრამ თანდათანობით ბავშვის გონებას მაინც აჩვევენ აზრს, რომ ეს ყველაფერი არარეალურია.

ჩვენ უკვე განვიხილეთ, როგორ ალაგებს გონება თაროებზე ყველა ახალ აბსტრაქტულ მნიშვნელობას. და ამას ძალიან სწრაფად და გატაცებით აკეთებს. ახლა კი წარმოიდგინეთ: იმისთვის, რომ გონება დაერწმუნებინა იმაში, რომ სიზმარი არარეალურია, ოთხი წელი იყო საჭირო. ეს ერთადერთი რამაა, რასაც გონება ვერანაირად ვერ ეთანხმებოდა. ჩვენ არ გვახსოვს რა გვემართებოდა ოთხ წლამდე, ამიტომ ვერ ვიქნებით იმის მოწმენი, თუ რა გაურკვევლობაში იყო ხოლმე გონება გაღვიძების შემდეგ.

მაგრამ ახლაც, ჩვენი გონება დაძინებისას ყოველდღე გულუბრყვილოდ ერთი და იგივე ხაფანგში ხვდება. სანამ გვძინავს, თავში საერთოდ არ მოგვდის მიმდინარე მოვლენებზე კრიტიკული ხედვა. და გაღვიძების შემდეგაც კი გაკვირვებულნი ვართ იმით, თუ რამდენად რეალურად გვეჩვენებოდა სიზმარი. სიზმარში ვირტუალური რეალობა საოცრად ბუნებრივად მოდელირდება. მიუხედავად იმისა, რომ სიზმარში საოცარი მოვლენები ხდება, ჩვენ მათ ჩვეულებრივად აღვიქვამთ. ასეთი უნარი დაფუძნებულია გონების ჩვევაზე - ყველაფერს თავისი ახსნა მოუძებნოს. თუ გვიწევს, რომ შევაჩნიოთ ან განვიცადოთ რაღაც უჩვეულო, მაშინ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია ამის რაციონალიზება. და თანაც, ცნობიერ მდგომარეობაში არ ვართ ჩვეულნი, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მიმდინარე რეალობა. ამიტომაც სიზმარშიც ინერციით აღვიქვამთ ყველაფერს, როგორც თავისთავად ბუნებრივს. გონება მიჩვეულია, რომ ყველაფერი აკონტროლოს. მაგრამ არის ერთი კითხვა, რომელიც ყოველთვის კონტროლის მიღმა გვეპარება: „რეალურად ხდება ეს ყველაფერი?“ სწორედ ამიტომ ექცევა გამუდმებით გონება სიზმრის ხაფანგში.

მაგრამ ზოგჯერ, თუ გაგვიმართლებს, ხდება სასწაული, და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ გვძინავს. ყველაზე ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა რაღაც სრულიად უჩვეულო გვესიზმრება, ან კოშმარი მეტისმეტად გვტანჯავს. მაშინ გონების კონტროლი აღდგება ხოლმე, და ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ. ასეთ შემთხვევაში არაცნობიერი სიზმარი გაცნობიერებულ სიზმარხილვად იქცევა. გაცნობიერებულ სიზმარხილვაში ადამიანი ვირტუალირ თამაშში მონაწილეობს და ხვდება, რომ ეს მხოლოდ სიზმარია. თუ ასეთი რამ არასოდეს დაგმართნიათ, და პირველად გესმით ამის შესახებ, ეჭვი არ შეგეპაროთ - ეს ფანტაზია არაა. გაცნობიერებულ სიზმრებზე ბევრი წიგნია დაწერილი, და არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ამას გამუდმებით აპრაქტიკებს.

inceprion1

და თქვენ არ გინდათ გამოსცადოთ? დიახ, გაცნობიერებული სიზმარხილვის გამოწვევა მართლაც შეიძლება განზრახ. ამისთვის აუცილებელია ვასწავლოთ გონებას, რომ დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: „რეალურად ხდება ეს ყველაფერი?“ ამის გაკეთება არც ისე რთულია, თუ მართლა გინდათ ეს. გონების სწავლების პროცესი მარტივია, მაგრამ მიზანმიმართულ ყურადღებას მოითხოვს. დღის განმავლობაში მინიმუმ ათჯერ უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ზემოთნახსენები კითხვა. ამაშინ შინაგანი დამკვირვებელი დაგეხმარებათ. დაავალეთ, რომ გამუდმებით შეგახსენოთ ხოლმე: „გძინავთ თუ არა?“ კითხვას მაქსიმალურად გაცნობიერებულად უნდა უპასუხოთ, რათა ეს მართლაც კონტროლი იყოს, და არა რუტინული პროცედურა. გამოფხიზლდით, მიიხედ-მოიხედეთ, შეაფასეთ სიტუაცია: მართლა ყველაფერი ნორმალურად ხდება, თუ რამე საეჭვოა? თუ ნებისყოფა გეყოფათ, მალე თქვენს სიზმარში გაიღვიძებთ.

მალე დარწმუნდებით, რომ საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა, თუნდაც დღეში ათჯერ, საკმაოდ რთულია. უბრალოდ დაგავიწყდებათ ხოლმე გახსენება. რომ გამოგივიდეთ, მართლა ძალიან უნდა მოინდომოთ. თქვენი განზრახვის ძალის შესაბამისად, გაცნობიერებული სიზმარი შეიძლება რამდენიმე დღეში მოვიდეს, ან რამდენიმე თვეში. (ფოტოზე: კადრი ფილმიდან - "დასაწყისი")

თუკი სახლში გონგიანი საათი გაქვთ, ეს დაგეხმარებათ. დღის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა საათი რეკავს, ჩართეთ თქვენი დამკვირვებელი, რათა მან გკითხოთ, გძინავთ თუ არა. საათის ხმა ღუზად, მოჭიდებად იქცევა გაცნობიერებულობისთვის. სიზმარში, თუ საათის ხმას გაიგებთ, ჩვევის შესაბამისად გააღვიძებთ თქვენს დამკვირვებელს, ის კი -თქვენს გონებას. სხვა საშუალებების მოძებნაც შეიძლება იმ პირობით, რომ ძილის დროს მათი ხმა უნდა გესმოდეთ. აზრი არ აქვს კითხვის იმ სიგნალებთან მიერთება, რომლებსაც სიზმარში ვერ გაიგებთ. მაგალითად, თუ თქვენს კითხვას ტელეფონის ზარს მიამაგრებთ, თქვენ ვერ დაუსვამთ საკუთარ თავს კითხვას იქამდე, სანამ სატელეფონო ზარი არ დაგესიზმრებათ.

ზოგადად, პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ გამოიმუშავოთ ჩვევა - გამუდმებით დაუსვათ საკუთარ თავს კიტხვა მიმდინარე მოვლენების რეალობის შესახებ. უპასუხეთ კითხვას არა მექანიკურად, არამედ გაცნობიერებულად. ბევრი სიზმარმხილველისთვის გაცნობიერებულობის ჩამრთველ ფაქტორს სიზმარში მომხდარი ანომალიები, შეუსაბამობები და უცნაურობები წარმოადგენენ. უმეტეს შემთხვევაში ასეთი მოვლენები და საგნები შეუმჩნეველია და მძინარე ადამიანი მათ სრულიად ჩვეულ მოვლენებად აღიქვამს. სწორედ ამიტომ უნდა გამოწვრთნათ საკუთარი თავი, რომ გამუდმებით შეაფასოთ სიტუაცია და კითხვას კეთილსინდისიერად უპასუხოთ.

რისთვისაა საჭირო ეს ყველაფერი? პირველ რიგში, ეს როგორც მინიმუმ საინტერესო და სახალისოა, როცა სიზმარი უბრალოდ კი არ „გემართებათ“, არამედ თქვენ თვითონ ცნობიერად თამაშობთ ამ ვირტუალურ თამაშს. ეს უკვე აღარაა ფანტასტიკა ვირტუალური რეალობის შესახებ. ვერანაირი კომპიუტერული თამაში ვერ შეედრება იმას, რისი გაკეთებაც გაცნობიერებულ სიზმარხილვაში შეგიძლიათ. და გაკეთება ყველაფრის შეგიძლიათ, რაც კი თავში მოგივათ.

როცა სიზმარში თქვენთვის არასასურველი სიტუაცია ჩნდება, მისი გამოსწორება ძალიან ადვილია ნებისყოფის მცირე დაძაბვით. დავუშვათ, კოშმარი გესიზმრებათ: ვიღაც გდევნით, და ვერანაირად ვერ ახერხებთ მისგან თავის დაღწევას. თუ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი სინამდვილეში ხდება, მდევნელისგან თავის დახსნა გაგიჭირდებათ. როგორც კი გააცნობიერებთ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, დიდი ალბათობით თქვენ ეცდებით, რომ გაიღვიძოთ, და ეს ჩვეულებრივ ძნელად, მაგრამ გამოგდით ხოლმე. მაგრამ არსებობს გაცილებით უფრო ეფექტური და საინტერესო მეთოდი. თუ გააცნობიერეთ, რომ სიზმარში ხართ, საკმარისია, შეხედოთ მდევნელს და მხოლოდ გაიფიქროთ: „გაქრი!“ (ჩავარდი, აორთქლდი, დაიფერფლე), მდევნელი მაშინვე გაქრება. თქვენ ისიც კი შეგიძლიათ, რომ აზრობრივად ჰაერში აწიოთ იგი და დააბზრიალოთ.

სიზმარში ადამიანს შეუძლია, რომ ბოლომდე აკონტროლოს ყველაფერი, იმ შემთხვევაში, თუ ორ მარტივ პირობას შეასრულებს. პირველ რიგში, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ეს სიზმარია. მეორეც, მან უნდა იცოდეს, რომ სიზმარში ყველაფრის გაკეთება შეიძლება, რასაც კი მოისურვებს. მაგალითად, სიზმარში გაიღვიძეთ და ფრენა მოინდომეთ. არაფერია ამაზე მარტივი, საკმარისია მხოლოდ განზრახვა. აქ ძალიან მკაფიოდ ჩნდება განსხვავება სურვილსა და განზრახვას შორის. ჰაერში აფრენის უბრალოდ სურვილი არაფერს მოგცემთ, არც ცხადში და არც სიზმარში. ავიღოთ, მაგალითად, ხელის აწევის სურვილი. საკუთარ თავს ეუბნებით, რომ ხელის აწევა გსურთ, მაგრამ ჯერ არ აკეთებთ ამას. და აი, უბრალოდ იღებთ ხელს და მაღლა წევთ. სურვილი მოქმედებად ტრანსფორმირდა. თქვენ არ ფიქრობთ იმაზე, თუ როგორ აწევთ ხელს, უბრალოდ აკეთებთ ამას. ასევეა სიზმარშიც: უბრალოდ აწიეთ საკუთარი თავი ჰაერში მხოლოდ განზრახვით და იფრინეთ საითკენაც გაგიხარდებათ.

ახლა დავუბნრუნდეთ კოშმარს მდევნელთან დაკავშირებით. უნდა გესმოდეთ, რომ მისგან თავის დაღწევის მხოლოდ სურვილი ვერაფერს მოგცემთ. თქვენ შიშის ტყვეობაში ხართ, გონებაში სწრაფად თამაშდება მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი, რომლებიც მაშინვე რეალიზდებიან. თქვენ ჩართული ხართ თამაშში, რომლის წესებიც თქვენს მიერ არაა დადგენილი. და მაშინაც, თუ გააცნობიერეთ, რომ ეს მხოლოდ სიზმარია, ვერაფერს ვერ გახდებით, სანამ კონტროლს საკუტარ თავზე არ აიღებთ. სანამ პასიური მსხვერპლის როლს თამაშობთ, თამაშის ძალაუფლების ქვეშ ხართ. მნიშვნელობა არ აქვს, რომ ეს თამაში სწორედ თქვენმა წარმოსახვამ წარმოშვა. მოცემულ მომენტში თქვენ თქვენი წარმოსახვის მონა ხართ. გეშინიათ და გარბიხართ, რადგანაც თავად აირჩიეთ ეს როლი. თუ გაჩერდებით და მოინდომებთ საკუთარ მდევნელთან როლების გაცვლას, ის სიამოვნებით დაგეთანხმებათ, და გაგექცევათ. წარმოგიდგენიათ, რა კომიკურია მთელი ეს სიტუაცია?

Control Your Dreams Step 9 Version 2

ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც იწყება: „და შემიძლია სიზმარში...?“, პასუხი დადებითი იქნება. შეგიძლიათ ურთიერთობა გქონდეთ ნებისმიერ ადამიანთან (მკვდართან და ცოცხალთან), შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გახადოთ სიზმრის მონაწილე, იფრინოთ ნებისმიერ პლანეტაზე, გადაწყვიტოთ პ-რობლემები, შეთხზათ მუსიკა, რაიმეში ივარჯიშოთ, იმოგზაუროთ, და ა.შ. ამ ყველაფერთან შედარებით ძლიერი ნარკოტიკები უბრალოდ ბავშვური გართობაა. ამასთან, ამ ყველაფრით ჯანმრთელობას ზიანი არ ადგება. სიზმრებიდან ნებისმიერი ინფორმაციის გამოტანა ნებადართულია. შეუძლებელია მხოლოდ ერთი რამ: გამოიტანოთ მატერიალური საგანი სიზმრიდან რეალობაში. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი მოვლენების შესახებ არ მსმენია.

თუკი არ გახსოვთ, რა გესიზმრათ, განსაზღვრეთ, რომელი მიმართულებით წავხართ. ყველაზე კარგია თავით ჩრდილოეთისკენ წოლა. დასავლეთის მხარეს წოლა არ შეიძლება, ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა. მე კარგად ვერ ვხსნი რატომ გამოდის ასე. ეს დაკავშირებულია დედამიწის მაგნიტურ ველთან. დაწექით თავით ჩრდილოეთისკენ და დარწმუნდებით, რომ თქვენი ნსიზმრები უფრო საინტერესო და ფერადი გახდა.

თუკი არ გსურთ, რომ გაცნობიერებული სიზმარხილვებით დაკავდეთ, ან არ გამოგდით, ამან არ უნდა შეგაშფოთოთ. რა თქმა უნდა, სიზმარხილვებზე მხოლოდ იმის გამო არ დამიწყია საუბარი, რომ თქვენი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა. გაცნობიერებული სიზმრები გარკვეულ როლს თამაშობენ ტყრანსერფინგის ტექნიკაში, მაგრამ სრულიად შესაძლებელია მათ გარეშეც გახვიდეთ ფონს. ამასთან, გაცნობიერებული სიზმრები ერთ ფარულ საფრთხეს შეიცავენ. აი, მეტყვით თქვენ, დამაინტერესე, ახლა კი დაშინებას ცდილობ. მაგრამ მე სხვა გზა არ მაქვს. გაცნობიერებული სიზმრები - ესაა საიდუმლო კარი შეუცნობლისკენ. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნებოდა, არ გამეფრთხილებინეთ იმ საფრთხის შესახებ, რომელიც შეიძლება ამ კარის მიღმა იმალებოდეს. ის, თუ რაში მდგომარეობს ეს საფრთხე, მოგვიანებით შეიტყობთ.

გაგრძელება იქნება...

რეალობის ტრანსერფინგის პირველი ექვსი თავი შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

მსგავსი სტატიები

სიზმარხილვების სივრცე (რეალობის ტრანსერფინგიდან)


ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მა...

მოკავშირეები (არაორგანული არსებები)


ავტორი: ალექსეი ქსენძიუკი ფრაგმენტი წიგნიდან - "ნაგუალის ხედვა" ...

სიზმრის გაცნობიერების ტექნიკები


წყარო მთარგმნელი: მამუკა გურული გაცნობიერებული სიზმრები - ესაა ...

გაღვიძება სიზმარში (რეალობის ტრანსერფინგიდან)


ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი" მთარგმნელი: მა...

მცენარეები, რომლებიც ხელს უწყობენ სიზმრების გაცნობიერებას


 წყარო მთარგმნელი: ნუცა მეუნარგია რამდენ ჩვენგანს გვახსოვს...

სტალკინგის ხელოვნება


სტატია მომზადებულია კარლოს კასტანედას წიგნებსა და სხვადასხვა ეზოთერ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff