ანტინატალიზმი

Admin
სხვადასხვა
0
0

ავტორი: დავით ვადაჭკორია

ანტინატალიზმი არის ბიოეთიკური მიმართულება და ფილოსოფიური პოზიცია, რომლის მიხედვითაც მიზანშეუწონელი და მეტიც, ამორალურია რეპროდუქცია. აღნიშნული ტერმინი („ანტინატალიზმი“) პირველად გამოიყენა გერმანელმა ფილოსოფოსმა არტურ შოპენჰაუერმა – „Die Zeugungsverhütung“ (რეპროდუქციის პრევენცია) – მის მთავარ ნაშრომში „სამყარო როგორც ნება და რეპრეზენტაცია“1. ოქსფორდის ფილოსოფიური ლექსიკონის მიხედვით, ზედსართავი სახელი nātālis ლათინურიდან ითარგმნება როგორც „ის, რაც კავშირშია იმ დროსთან ან ადგილთან, სადაც ცოცხალი ორგანიზმი იბადება“. ასე რომ, ანტინატალიზმი შეგვიძლია ვთარგმნოთ არა როგორც  უკვე არსებული სიცოცხლის, არამედ ბაზისშივე სიცოცხლის წარმოშობის უარყოფა.

მიუხედავად იმისა, რომ ანტინატალიზმის ყოველი ნაირსახეობის საერთო ნიშანი ადამიანის შობის ნეგატიურად შეფასებაა, ისინი რეპროდუქციას განსხვავებული მიზეზების გამო აცხადებენ ამორალურად. კიდევ უფრო კონკრეტულად, მიზეზები, რომლებსაც ანტინატალიზმის ქვეკატეგორიები შობის ნეგატიურად შეფასებისას იღებენ მხედველობაში, ერთმანეთისგან განსხვავებული ეპისტემოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარეობს.

ანტინატალისტური თვალსაზრისის არგუმენტირების ორგვარი ხერხი არსებობს: პირველია – ფილანტროპული არგუმენტაცია რომლის თანახმადაც, რეპროდუქცია ამორალურია იმ ზიანის გამო, რაც შობილს რეპროდუქციის შედეგად მიადგება, ხოლო, მეორე – მიზანთროპული არგუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, რეპროდუქციას ამორალურად აქცევს ის ზიანი, რომელსაც შობილი გარემოსა და სხვა ცოცხალ არსებებს აუცილებლად მიაყენებს (ე.წ. „ეკოეთიკური ანტინატალიზმი“ ძირითადად მიზანთროპიულ არგუმენტაციას ავითარებს).

ანტინატალიზმი ისახსრება ორ კატეგორიად: პირობით და უპორობო ანტინატალიზმად, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე იყოფიან.

პირობითი ანტინატალიზმის ქვეკატეგორიებია: (1) ნეგატიური უტილიტარული ანტინატალიზმი, (2) ეკოეთიკური ანტინატალიზმი და (3) ეგზისტენციალური ანტინატალიზმი.

პირობითი ანტინატალიზმის თანახმად, რეპროდუქციის ეთიკური კატეგორიზაცია დამოკიდებულია იმ გარემოებით კონტექსტზე, რომელშიც შობილს მოუწევს ცხოვრება, რადგან ყველა სიცოცხლე და ყოველი რეპოდუქციული აქტი იმთავითვე არ შეიძლება იყოს ცუდი. რეპროდუქციული აქტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს ამორალურად, თუ მშობელს არ შეუძლია შვილის კეთილდღეობის მაქსიმალურად უზრუნველყოფა.

უპირობო ანტინატალიზმის თანახმად კი, რეპროდუქცია ნებისმიერ შემთხვევაში ამორალურია, ვინაიდან ნებისმიერი სიცოცხლე არსობრივად მტანჯველია. უპირობო ანტინატალისტები არგუმენტაციისას იყენებენ ორივე – ფილანტროპული და მიზანთროპული – არგუმენტაციის მეთოდებს.

მე შევეცდები უპირობო ანტინატალიზმის მართებულობის მაქსიმალურად ნატურალისტური არგუმენტაციით დასაბუთებას, ამასთან, მხოლოდ ფილანტროპული არგუმენტების ხარჯზე, რადგან საფიქრებელია, რომ ადამიანის პრეროგატივა მხოლოდ ადამიანებზე ვრცელდება

ანტინატალიზმის მისინტერპრეტაციის2 პრევენციის მიზნით აუცილებელია დავაზუსტოთ, რომ მართალია, ანტინატალიზმი პესიმისტური ხასიათის თვალსაზრისია, – რადგან არსებობასთან მიმართებაში არარსებობას ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ არ არის ნიჰილისტური – რადგან არ უარყოფს უკვე დაბადებული ადამიანის სიცოცხლის ღირებულებას, ვინაიდან მას უკვე აქვს მისგან დამოუკიდებელი დეტერმინისტული ინტერესი სიცოცხლის მიმართ. ანტინატალიზმის პესიმისტური, მაგრამ არა ნიჰილისტური ხასიათის საილუსტრაციოდ შეგვიძლია გავიხსენოთ, თუ როგორ ვგრძნობთ ხოლმე თავს, როდესაც კინოთეატრში მისულნი კინოსეანსის შუაში ვხვდებით, რომ ცუდ ფილმს ვუყურებთ, მაგრამ, რადგან ბილეთის თანხა და გარკვეული დრო უკვე დახარჯული გვაქვს, ვამჯობინებთ, ყურება გავაგრძელოთ და დავასრულოთ. თუმცა, თავიდან რომ გვცოდნოდა როგორი ფილმი იქნებოდა, ბილეთს არ ვიყიდდით. ცხოვრება ჰგავს ისეთ ფილმს, რომელიც იმდენად ცუდია, რომ არ ღირს დასასწრებად, მაგრამ თუკი უკვე ვესწრებით, ღირს გაგრძელება და დასრულება.  

არ არის გამორიცხული, ვინმეს გაუჩნდეს აზრი, რომ ანტინატალიზმი მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ისტორიული ეპოქის მეინსტრიმული მოვლენაა, ევროპული კულტურის იმ დეკადანსის სიმპტომი, რომლის შესახებაც ფრიდრიხ ნიცშე მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გვაუწყებდა. თუმცა, თუ დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ ანტინატალიზმი, როგორც ეთიკური დოქტრინა, არ არის მხოლოდ კონკრეტული ეპოქის გამოძახილი. ის სათავეს იღებს არა კონკრეტული კულტურული დეკადანსიდან, არამედ მას საფუძველი აქვს ზოგადად ყველა დროსა და კულტურაში, ადამიანის არსობრივ თვისებებში. თუ ისტორიას გულმოდგინედ გადავხედავთ, ანტინატალისტურ „არტეფაქტებს“, უფრო სწორად, პროტო-ანტინატალისტურ გამონათქვამებს ძველბერძნულ კლასიკურ ტრაგედიებში, რელიგიურ ტექსტებში, ძენ-ბუდისტურ ტრაქტატებსა და სხვა მრავალ ფილოსოფიურ თხზულებაშიც ვიპოვით. მაგალითად, ტრაგედიაში „ოიდიპოსი კოლონოსში“ სოფოკლე წერს:

„არ დაიბადო – აი, რა არის ყველაზე კარგი და მერე ის, რომ უკეთუ იშვი, საჩქაროდ ისევ იქვე დაბრუნდე, სიდანაც მოხველ. როცა გაივლის ახალგაზრდობა უზრუნველი და ქარიფანტია, რა ტანჯვა არის, შენ არ გეწვიოს, რა ჯაფა, შური ანდა ზვაობა, შუღლი, ბრძოლა და ანდა მკვლელობა? ბოლოს კი მოდის საძულველი, ძალადამცლელი, მარტოდ მშთენელი და უამური სიბერე, რათა სიავეთა ყველა სიავე ერთად აცხოვროს“3.

ბუდა კი ამბობს:

„ნანდა, სრულიად ვემიჯნები ახალი ყოფიერების დასაწყისს. რატომ? ახალი შობა ახალი ტანჯვის მაუწყებელია. რამდენადაც ყოველი ნარწყევი ყარს, მიუხედავად იმისა თუ რამდენად პატარაა ის, მაგდენად განწირულია ყოველი სიცოცხლე ტანჯვისთვის, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ხანმოკლეა ის. ყველაფერი, რაც გულისხმობს მატერიაში დაბადებასა და გრძნობადში ზრდა-განვითარებას – იტანჯება. ამიტომ, ნანდა, რა სარგებელი აქვს მას, ვისაც დედის საშოში არსებობა გადაუწყვეტია?“4

ანტინატალისტური პათოსი გვხვდება ბიბლიაშიც, მარკოზის სახარებაში 14:21:

„რადგან კაცის ძე მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ, ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა კაცის ძე. ჯობდა იმ კაცისათვის, რომ არ დაბადებულიყო“.

სამყაროში მხოლოდ ერთი ფუნდამენტური ალტერნატივაა: არსებობა ან არარსებობა; და ეს ეხება მხოლოდ მყოფთა ერთ კლასს: ცოცხალ ორგანიზმებს, ვინაიდან მატერიის არაცოცხალ ფორმებს არ აქვთ საჭიროება და, შესაბამისად, არც საპასუხო ქმედებათა საშუალებები. მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებს აქვთ საჭიროებები, მიზნები და ღირებულებები; შესაბამისად, მხოლოდ მათ აქვთ საშუალებები, რომ ამ ყველაფრისთვის იმოქმედონ. ეპისტემოლოგიურად „ღირებულების“ კონცეფცია გენეტიკურად დამოკიდებულია და გამომდინარეობს „ცხოვრების“ წინმსწრები კონცეფციისგან, რადგან ღირებულება არის ცოცხალ ორგანიზმთა ქმედებათა ობიექტი. ადამიანის ცხოვრება არის მორალური ღირებულების სტანდარტი, ხოლო თითოეული ადამიანის სიცოცხლე – საბოლოო ღირებულება. ყოველი ინდივიდი თავად არის საკუთარი მორალური აქტივობის მიზანი და არა საშუალება სხვების მიზნებისთვის. შესაბამისად, მორალური პრინციპი ეგოიზმია. ცხოველის მომწიფება მისი ფიზიკური მომწიფების ექვივალენტურია, ადამიანის მომწიფებისთვის კი ეს არ არის საკმარისი. ასევე აუცილებელია მისი ფსიქოსოციალური ცნობიერების და თვალსაწიერის გაფართოება, რაც მხოლოდ რაციონალური აზროვნების შედეგად არის შესაძლებელი. ვინაიდან, ადამიანს შეუძლია რეფლექსიის, ანუ მეტაკოგნიტური აქტივობის წარმოება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს განსჯის, შემდგომ კი პასუხისმგებლობის აღების უნარი. აქედან, თავის მხრივ, გამომდინარეობს მისი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს უფლებამოსილებას, უფლებები კი ყოველთვის თავისუფლებაში გამოიხატება. უფლება არის მორალური პრინციპი, რომელიც განსაზღვრავს და აწესებს ადამიანის თავისუფლებას სოციალურ კონტექსტში. თითოეული ცოცხალი ორგანიზმი თვითწარმოქმნილად და მიზნისკენ მიმართულად მოქმედებს, ეს არის ვალდებულება, რომელსაც ადამიანს აკისრებს არათუ სახელმწიფო ან რელიგია, არამედ რეალობის ბუნება.

თუ ჩვენ დავაკვირდებით ადამიანების ქმედებათა ობიექტებს, მივხვდებით, რომ მიუხედავად ღირებულებათა განსხვავებული იერარქიისა, ადამიანი ბუნებით ჰედონისტია, ის მუდმივად მიილტვის სიამოვნების მაქსიმალიზაციისა და არსობრივი ტანჯვის მინიმალიზაციისკენ. ეს ჩვენი ბიოფსიქოლოგიური პროგრამული დიზაინი და არსებობის არსია.

შესაბამისად, რეალობის ბუნება მას აიძულებს მისი მეტაეთიკური კალკულაციის ობიექტი თავის ფუნდამენტურ არსს, ე.ი. სიამოვნების მაქსიმალიზაციისა და ტკივილის მინიმალიზაციის პრინციპს დაუქვემდებაროს.

გთავაზობთ სამხრეთ აფრიკელი ფილოსოფოსის, დევიდ ბენატარის, „ტკივილსა და სიამოვნებას შორის აქსიოლოგიური ასიმეტრია“. ასიმეტრია გამოსახავს ღირებულებათა ურთიერთმიმართებას. გვაქვს ორი სცენარი: A და B. A სცენარში X არსებობს, მაგრამ A სცენარი გულისხმობს ალტერნატიული, კონტრფაქტული B სცენარის არსებობასაც, სადაც X არარსებობს.

ვიდრე შევუდგებოდეთ დასაბუთებას, თუ რატომაა B სცენარი A-ზე უპირატესი, დავიწყოთ იმის ახსნა, თუ რა არის ტკივილი.

(1) ტკივილი არის ორგანიზმის მრავალი სისტემის ინტეგრაციული ფუნქცია გარემოს არახელსაყრელი ზემოქმედებისგან დასაცავად და მიმართულია სავარაუდო დამაზიანებელი ზემოქმედების თავიდან აცილებისკენ. ტკივილის შესწავლის საერთაშორისო ასოციაციამ (IASP) შეიმუშავა შემდეგი განსაზღვრება: „ტკივილი არის უსიამოვნო შეგრძნება ან ემოციური განცდა, რომელიც დაკავშირებულია ქსოვილების ნამდვილ ან შესაძლო დაზიანებასთან“.

ამიტომ, ტკივილი შეგვიძლია გავყოთ ორ კატეგორიად – ინსტრუმენტალურ და არსობრივ ტკივილად.

ინსტრუმენტალური ტკივილია, მაგალითად, სპორტდარბაზში ფიზიკური ძალისმიერი ვარჯიშის შედეგად მიღებული კუნთების ტკივილი. თუ სუბიექტს ნებავს კუნთოვანი მასის ზრდა, ეს საჭიროებს პერიოდულად ცენტრალური ნერვული სისტემის შოკირებას კუნთების დატვირთვის ხარჯზე. მიკროსკოპულად დაზიანებული კუნთები იწყებენ ციტოკინეზს, ანუ ათავისუფლებენ ანთებით მოლეკულებს, რის შედეგადაც, კუნთებში სისხლის რაოდენობა 16-ჯერ იზრდება. ცენტრალური ნერვული სისტემა კი იძულებული ხდება, კუნთოვანი ბოჭკოების გასამრავლებლად და გასაზრდელად დიდი ენერგია გამოყოს. ინსტრუმენტალური ტკივილი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ისეთი დესტრუქცია რომელიც კონსტრუქციის აუცილებელი კომპონენტია, რადგან თვითდაძლევის აქტისას სუბიექტი არის მოქანდაკეც, დასამტვრევი მარმარილოც და პოტენციური ქანდაკებაც.

არსობრივი ტანჯვა იმით განსხვავდება ინსტრუმენტალურისგან, რომ ის არის არა სუბიექტის მიერ განზრახული კონსტრუქციის აუცილებელი კომპონენტი, არამედ ზოგადად არსებობის ფუნდამენტური და თანდაყოლილი მახასიათებელი. არსობრივი ტანჯვა არის ადამიანის ცხოვრების პრე-დისპოზიცია5, რადგან ადამიანის ცხოვრება განუყოფელია არსებობის ბუნებისგან. სიცოცხლის არსებობის ბუნება კი გამოიხატება ევოლუციის პროცესში, სადაც სიამოვნება არის „საზრდო“, ხოლო მამოძრავებელი – ტკივილი.

როგორც ონკოლოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ პროცესებში ეს ფენომენი საკმაოდ ხშირად ვლინდება კომპლექსური ტკივილის ქრონიკული სინდრომის ფორმით. ამ დროს ტკივილი უკვე აღარ ატარებს დამცავ ფუნქციას, რომელიც მას ბუნებამ დაუწესა ევოლუციის პროცესში, არამედ ამძიმებს ადამიანის ცხოვრებას და წარმოადგენს არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალურ, ფსიქოლოგიურ, ეგზისტენციალურ და ფსიქოსომატურ პრობლემასაც კი. დროთა განმავლობაში ტკივილის ბუნება იცვლება, მისი ახალი ნიშნები ახალ პრობლემას ქმნიან, ახალი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილები კი ფსიქოსომატიკის ხარჯზე ისე ურთიერთქმედებენ, რომ ნიღბავენ სისტემურ დაავადებებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, არსობრივი ტანჯვა არის ფუნქციურად შეუქცევადი ფიზიოლოგიურ-ფსიქოლოგიური და ნევროტული პროცესი, ანუ გარდაუვალი წამება, რომელიც არანაირ კონსტრუქციას არ ემსახურება და თავისთავად ცუდია.              

არსობრივი ტანჯვის სიმპტომებს არა მხოლოდ ქრონიკული ტკივილებით დაავადებულ ადამიანებში, არამედ საშუალო სტატისტიკური ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვაწყდებით.

თანამედროვე ნეირობიოლოგიური და ფსიქოლოგიური კვლევები ამოწმებენ არტურ შოპენჰაუერის იმ მოსაზრების სისწორეს, რომლის მიხედვითაც, ტკივილსა და სიამოვნებას შორის იმდენად არაპროპორციული თანაფარდობაა, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანების ცხოვრებაშიც კი ტკივილის ინტენსივობა და რაოდენობა აუცილებლად გადაწონის სიამოვნებას.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რამდენად არაპროპორციული თანაფარდობაა ტკივილსა და სიამოვნებას შორის, არტურ შოპენჰაუერი გვთავაზობს ლომისა და ირმის ანალოგიას, როდესაც ლომი საკუთარი თავის გადასარჩენად ჭამს ირემს. ირემს ყოველთვის უფრო სტკივა, როდესაც მას ჭამენ, ვიდრე ლომს, რომელსაც სიამოვნებს ირმის ჭამა. სწორედ ამის მსგავსად, ტკივილი და სიამოვნება ვერ აკომპენსირებს ერთმანეთს. თანამედროვე მედიცინას გააჩნია ტკივილსა და სიამოვნებას შორის თანაფარდობის, ანუ დოლორომეტრიის განმსაზღვრელი ხელსაწყო, სახელად – ალგეზიმეტრი. თანამედროვე მედიცინა პრაქტიკულად ამტკიცებს შოპენჰაუერის დებულებას, რომ ტკივილსა და სიამოვნებას შორის არის საკმაოდ არაპროპორციული თანაფარდობა.

ევოლუციური გადასახედიდან, ზურგის ტვინი და მთლიანი ცენტრალური ნერვული სისტემა განსაკუთრებული ინტენსივობით რეაგირებს ტკივილსა და შიშზე, რადგან ეს ემსახურება პოტენციური საფრთხის თავიდან არიდებასა და გადარჩენას.

ტკივილის ინტენსივობა საგრძნობლად იმიტომ გადაწონის სიამოვნებას, რომ საფეთქლის წილში არსებული ტვინის ერთ-ერთი უბანი, სახელად ამიგდალა, წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ბირთვს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მთლიან ნერვულ სისტემასა და ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ამიგდალა მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ ემოციების ფორმირებაზე, არამედ აკონტროლებს ემოციურ მეხსიერებას. ხოლო მისი კავშირი ჰიპოთალამუსთან განაპირობებს მის ზეგავლენას ორგანიზმის ენდოკრინულ სისტემასა და რეპროდუქციულ ქცევაზე. ფილოგენეტიკურ დონეზე, ამ ბირთვმა დაუშვა ჩვენი სახეობების გადარჩენა, რადგან მისი მთავარი ფუნქციაა არა მხოლოდ ემოციების ინტეგრირება შესაბამის საპასუხო რეაქციებთან, არამედ ფიზიოლოგიურ დონეზე პასუხის მიღება ან ქცევითი პასუხის მომზადება. ანალოგიურად, მას ევალება იმ უბნების კოორდინაცია, რომლებიც ამჩნევენ ემოციის სომატურ გამოხატვას. ცერებრალური ქერქი პასუხისმგებელია ცნობიერ გრძნობებზე, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამოცდილების ემოციური მნიშვნელობის შეფასებაში, რადგან სწორედ ეს გვაძლევს პოტენციურად საშიშ სტიმულზე ფსიქოსომატური რეაგირების შესაძლებლობას. ამიგდალას ელექტრული სტიმულაციისას, ძირითადად, აღმოცენდება ნეგატიური ემოციები, განსაკუთრებით კი – შიში, მწუხარება, შფოთვა და ტკივილი.

(2) მეორე მხრივ, ანთროპოლოგიის ნეირობიოლოგიური ანალიზით მტკიცდება, რომ სიამოვნება და ბედნიერება (ტკივილისა და შიშისგან განსხვავებით) არ ატარებს არსობრივ ღირებულებას, რადგან არ არის გადარჩენისთვის აუცილებელი კომპონენტი.

ადამიანისთვის ბედნიერების გამომყოფი ჰორმონებია: სეროტონინი, დოპამინი, ენდორფინი და ოქსიტოცინი. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ჰორმონები არამსგავს სიამოვნებათა კატეგორიებია და შესაბამისად, განსხვავებული მიზეზებით, განსხვავებულად აქტიურდებიან და ფუნქციონირებენ, მათ ერთი დიდი საერთო აქვთ – ეს კი ხანმოკლე ბუნებაა, ანუ მათი გამოყოფა, ტკივილისა და შიშისგან განსხვავებით, ლიმიტირებული და შეზღუდულია. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმს აქვს მარეგულირებელი მექანიზმი, რასაც ნეირომეცნიერებაში ჰომეოსტაზს უწოდებენ. ჰომეოსტაზი ორგანიზმის ბიოლოგიური იმპერატივია. მისი მიზანი და მთავარი ფუნქციაა სიამოვნების ცენტრების გადაჭარბებული სტიმულაციის, ანუ ჰომეოსტაზის წინააღმდეგ მიმართული დევიაციის პრევენცია, რათა შეინარჩუნოს ნეიროტრანსმიტერების დელიკატური ბალანსი ორგანიზმის ოპტიმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. ვინაიდან ყოველი ნეირონი არსებობისთვის საჭიროებს მისთვის პროპორციული რაოდენობის ნეიროტრანზმიტერს. სიამოვნების ცენტრის გადაჭარბებული სტიმულაცია იწვევს ბედნიერებასთან დაკავშირებული ნეიროტრანზმიტერებისა და რეცეპტორების რაოდენობის შემცირებას. ეს აქვეითებს ნეიროტრანსმიტერებზე ტვინის რეაგირების ინტენსივობას და, საბოლოოდ, ხელს უწყობს სიამოვნების პროცესის ხანმოკლე ბუნებას.

ამიტომ, არარსებობენ ადამიანები, რომლებიც ქრონიკულ განცხრომაში, სიამოვნებასა და ბედნიერებაში ცხოვრობენ. სამაგიეროდ, საკმაოდ მრავლად გვხვდებიან ისეთები, რომლებიც ცხოვრობას ქრონიკულ ტკივილებში, ქრონიკულ შფოთვებსა და ქრონიკულ ტანჯვა-წამებაში ატარებენ. ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს განცდებზე დაკვირვებითაც იოლად დავინახავთ, რომ ჩვენი ცხოვრება ბევრად უფრო ცუდია, ვიდრე ეს ნაივური ცნობიერების მატარებელ ადამიანებს წარმოუდგებათ. თუ დავაკვირდებით, რამდენად ხანმოკლეა სიამოვნება და რამდენად ხანგრძლივია ტკივილი, მწუხარება, შიში და შფოთვა; რამდენად მარტივია სხეულის დაზიანება, რამდენად ხანგრძლივია ტკივილი და რამდენად დიდი დრო სჭირდება მის რეგენერაციას, მაშინ მარტივად მივხვდებით, რამხელა მედიდურობაა საჭირო იმისათვის, რომ „სალეწ მანქანაში“6 ადამიანი მოათავსო და ფათერაკი ბედისა – არაპროგნოზირებადი ბუნების – ანაბარა დატოვო, ანუ პირობებში, როცა მას თავისუფლად შეიძლება დაემართოს ისეთი დაავადებები რომლებიც ქრონიკულ ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს (ართრიტი, პანკრეატიტი, ადჰეზიური კაფსულიტი, სამწვერა ნერვის ნევრალგია და ა.შ.).

ალგეზიმეტრის თანახმად, ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს, არის ნარკოტიკული საშუალება, „ექსტაზით“ გამოწვეული თრობა, ხოლო ყველაზე მძიმე ტკივილი, რაც მას ცხოვრებაში შეიძლება დაუდგეს – ცოცხლად დაწვა. ჩვენ თუ ადამიანს შევთავაზებთ 30-წუთიან ექსტაზს 10-წუთიანი ცოცხლად დაწვის სანაცვლოდ, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რაციონალური ადამიანი ამას არ დათანხმდება, რადგან უკიდურეს სიამოვნებასა და ტკივილს შორის კარდინალურად არაპროპორციული თანაფარდობაა.

სიამოვნებასა და ტკივილს შორის არაპროპორციული თანაფარდობა, ანუ ის ფაქტი, რომ ტკივილი, შიში და მწუხარება უფრო მძაფრად და ინტენსიურად აღიქმება ადამიანის მიერ, ვიდრე სიამოვნება, მხოლოდ ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პროცესებში როდი იჩენს თავს. ის ასევე ვლინდება ადამიანის ეგზისტენციალურ გონით პროცესებში. ადამიანის ეგზისტენციალურ ყოფიერებას განაპირობებს მისი რეფლექსის უნარი, რეფლექსიას კი ნეირომეცნიერება უწოდებს მეტაკოგნიციის გამოვლინებას. ეგზისტენციალური პროცესი, ანუ ინტროსპექციასა და რეტროსპექციას შორის თანმიმდევრულობა არის ახალი ტიპის ტანჯვის კატალიზატორი.

მაგალითად, რუმინული წარმოშობის გამოჩენილი ფრანგი ფილოსოფოსი და ესეისტი, ემილ ჩორანი წერს:

„ჯანმრთელობა უთუოდ სიკეთეა. მაგრამ ჯანმრთელებს წართმეული აქვთ ამის დანახვის შესაძლებლობა, რადგანაც გაცნობიერებული ჯანმრთელობა, თავისთავად, საფრთხეში მყოფი ჯანმრთელობაა, ან ერთი ნაბიჯი უკლია აქამდე. რადგანაც არავინ ტკბება ავადმყოფობისგან თავისუფლებით, შეგვიძლია ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვილაპარაკოთ ჯანმრთელობის სამართლიან სასჯელზე. როდესაც ვმოქმედებთ, მიზანი გაგვაჩნია. უკვე განხორციელებულ ქმედებას კი ჩვენს თვალში ისევე აღარ აქვს რეალობა, როგორც მიზანს, რომლის განხორციელებასაც ვესწრაფოდით. ამგვარად, ამ ყველაფერში არსებითი ბევრი არაფერი იყო – მხოლოდ და მხოლოდ თამაში. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც თვით მოქმედების მომენტშიც კი თამაშს აცნობიერებენ: ისინი დასკვნას წინამძღვრებში ხედავენ, განხორციელებულს – შესაძლებელში; ისინი ძირს უთხრიან სერიოზულობას უშუალოდ იმ ფაქტით, რომ არსებობენ. ირეალობის, უნივერსალური არარსებობის ხედვა ერთობლივი შედეგია ყოველდღიური შეგრძნებებისა და უცაბედი თრთოლისა“7.

შოპენჰაუერი კი, თავის მხრივ, შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს:

„ის რაც ყოველ ცოცხალ არსებას ამოძრავებს არის ნება სიცოცხლისა. მაგრამ, როდესაც არსებობა უზრუნველყოფილია, ქმედებათა ობიექტი აღარ არსებობს, შესაბამისად შემდგომი ობიექტი ხდება ყოფიერების ტვირთის – მოწყენილობის დაძლევა, ანუ დროის მოკვლა. ჩვენ ვგრძნობთ ტკივილის, მაგრამ ვერ ვრძნობთ საღსალამათობას; ვგრძნობთ გასაჭირს, მაგრამ ვერ ვგრძნობთ უზრუნველობას; შიშს ვგრძნობთ, უსაფრთხოებას – ვერა. სურვილს ისევე ვგრძნობთ, როგორც შიმშილსა და წყურვილს; მაგრამ დაკმაყოფილებისთანავე ამ სურვილს იმავე მოსდის, რაც შეჭმულ ლუკმას. ეს უკანასკნელი ხომ გადაყლაპვისთანავე აღარ არსებობს ჩვენი შეგრძნებებისთვის“8.

ამიტომ, შოპენჰაუერი ცხოვრებას ქანქარას ადარებს, რომელიც ტკივილსა და მოწყენილობას შორის ქანაობს.

აქვე შეგვიძლია მოვიყვანოთ გოეთეს შემდეგი აზრი: „თუკი ეს მთელი სისაძაგლე, ნაყარ-ნუყარი, რაიც შეადგენს ამ უბადრუკ ქვეყნიერებას, გაჩნდა იმისთვის, რომ ისევე იქმნას იავარ, განა არ სჯობდა, რომ სულაც არ გაჩენილიყო?“9

მეტაკოგნიცია არის საკუთარი შემეცნებითი პროცესების გაცნობიერებისა და მართვის უნარი. სხვა სიტყვებით, მეტაკოგნიცია აზროვნებაზე აზროვნებაა, რაც ფილოსოფიის საფუძველს წარმოადგენს. ზუსტად მეტაკოგნიციაა ის, რის გამოც ადამიანს ცხოველისგან განსხვავებით ფილოსოფოსობა და, როგორც მარტინ ჰაიდეგერი იტყოდა, დროითობაში ცხოვრება შეუძლია. ეს არის ცოდნა საკუთარი კოგნიტური სისტემისა და მისი ფუნქციონირების შესახებ. ანთროპოლოგიის მიხედვით, მეტაკოგნიციის უნარი 300 000 წლის წინ პირველად გაუჩნდა ჰომო ერექტუსის შთამომავალ არსებას, სახელად ჰომო საპიენსს, ანუ პირველ ადამიანს. ჰომო საპიენსში მეტაკოგნიციის ჩამოყალიბება მნიშვნელოვნად განაპირობა ბიპედალიზმმა, ანუ წელში გამართვამ. ორ ფეხზე დადგომამ გამოიწვია ენცეფალიზაცია – ანუ, ზურგის ტვინის ახალმა განლაგებამ და თავის ქალის სტრუქტურულმა ცვლილებამ უფრო მეტი სივრცე შექმნა თავის ტვინში მიმდინარე კომპლექსური პროცესების გადასამუშავებლად.

ბიპედალიზმმა შეცვალა თავის ორიენტაცია და თვალების მდებარეობა. ამან გავლენა მოახდინა ვიზუალურ (სიღრმისა და სივრცის) აღქმაზე.

ვინაიდან ორ ფეხზე სიარული მოითხოვს მეტ წონასწორობას, კოორდინაციას და მოტორულ კონტროლს, ეს გაზრდილი ლოკომოტორული სირთულე უფრო მაღალი კოგნიტური ცნობიერების საჭიროებას ქმნის და, შესაბამისად, ადამიანს უბიძგებს ისეთი სოციალური აქტივობების განხორციელებისკენ, რაც გამართულ სენსომოტორულ უნარებს ავითარებს.

ის მტკივნეული მეტაკოგნიტური პროცესები, რომლებიც წელში გამართვას ახლდნენ თან, კარგად აღწერა ქართველმა მწერალმა, ჯემალ ქარჩხაძემ მის ნაწარმოებში „იგი“:

„კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი, – უხმოდ თქვამ იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორებიც არიან სხვები. მაშინ აღარც მარტოობა ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს. იგი წრიალებდა და ვერ ისვენებდა. თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა; თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა; თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა; გაჩერებული თუ იყო, წასვლა უნდოდა; საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა; იქ უნდოდა, საცა არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო, და იქ ყოფნა აღარ უნდოდა. ძალიან ცუდად ექცეოდა წუხილი იგის“10.

ანტინატალიზმი მეტაკოგნიციის განვითარებას არათუ სახარბიელო მოვლენად, არამედ იმის მიზეზად მიიჩნევს, რის გამოც ადამიანს ახასიათებენ როგორც ევოლუციურ პარადოქსს ან როგორც ევოლუციის ტრაგიკულ შეცდომას. ბუნებამ შექმნა ადამიანის ისეთი ასპექტები რომელნიც მას ბუნებისგან გამოყოფის შესაძლებლობას აძლევენ. სხვა ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენი უსუსურობა და უმნიშვნელობა კოსმოსთან მიმართებაში ჩვენთვის ხილული და აშკარაა. ჩვენ ჩვენგან დამოუკიდებელი სიცოცხლის ბრმა ნება გვაქვს, მაგრამ ვიაზრებთ, რომ მოკვდავნი ვართ. ჩვენ ვცხოვრობთ დროითობაში, რადგან შეგვიძლია წარსულის, აწმყოსა და მომავლის ანალიზი.

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ მილიონობით ადამიანის ტანჯვა; ჩვენს მოგონებათა შორის კი, ამიგდალას გამო, განსაკუთრებული ინტენსივობით ისეთ მოგონებებს აღვიქვამთ, რომლებიც შიშთან, მწუხარებასა და ტკივილთან ასოცირდება. დროსა და სივრცის აღქმის ადამიანისეულმა უნარმა შექმნა ისეთი ფსიქიკური დაავადებები, რომლებიც ადამიანის ქრონიკულ ტანჯვას, წამებასა და თვითგვემას განაპირობებენ. ესენია: განშორების შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ კომულსური აშლილობა, პოსტტრამვული სტრესული აშლილობა, ქრონიკული დეპრესია, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, შიზოფრენია და ა.შ.

ასევე, ჩვენს რეფლექსიის უნართან დისონანსშია ის ფაქტი რომ ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული მეხსიერების ტევადობა. ვინაიდან ჩვენი მეხსიერება (როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი) შეზღუდულია, ეს იწვევს მუდმივ დაუკმაყოფილებლობას. მაგალითად, თუ 6 წლის ბავშვი თვითკმარი და ბედნიერია, რადგან მისი განვლილი წლები შეესაბამება მის მეხსიერებას, შუა მოზარდობისას, ჩვენი ბიოლოგიური შეზღუდულობის გამო, იწყება ჩვენი მოგონებების გაფილტრვა. შესაბამისად, ზრდასრული ადამიანის რეალურად განვლილი წლები არ შეესაბამება მისი მოგონებების რაოდენობას. ამის გამო, რაც უფრო მეტ წელს ცოცხლობს ადამიანი, მით მეტად გრძნობს დაუკმაყოფილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თავისი ცხოვრების რაც უფრო მეტ პროცენტს ცხოვრობს ადამიანი, მით უფრო დიდი არაპროპორციული თანაფარდობაა მის განვლილ წლებს და მისი მოგონებების რაოდენობას შორის. აქედან გამომდინარე, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, შეიძლება ითქვას, რომ – რაც მეტ ხანს იცოცხლებს ადამიანი, მით მეტად არასაკმარისი იქნება მისი ცხოვრება.

(3) ვინაიდან უკვე დავამტკიცეთ რომ A სცენარში ტკივილი უკიდურესად გადაწონის სიამოვნებას, კონტრფაქტულ, ანუ არარსებობის სცენარში ტკივილის არარსებობა კარგია. ამის მტკიცების საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ ტკივილი არსობრივად ცუდია და არსობრივი ტკივილის გამოცდის პრევენციის ერთადერთი შესაძლებლობა არარსებობაა. რაც შეეხება სიამოვნების არარსებობას, ეს არა ცუდი (ე.ი. ნეგატიური), არამედ ნეიტრალური ხასიათის გარემოებაა, რადგან კონტრფაქტულ სცენარში არ არსებობს სუბიექტი, ვისთან მიმართებაშიც არსებობა ან არარსებობა განიხილება როგორც დადებითი ან უარყოფითი ღირებულების მატარებელი მოვლენა. არარსებობს არც სიამოვნება როგორც ობიექტი და არც X როგორც სუბიექტი, რომელმაც შეიძლება სიამოვნების დეფიციტი განიცადოს.

(4) თუ სოციალურ თვალსაწიერს გავიფართოვებთ, თავისუფლად შეიძლება ვიპოვოთ ადამიანი, რომელიც ქრონიკული ტკივილებისგან იტანჯება. იოლი წარმოსადგენია გვითხრას, რომ მას ერჩივნა არასდროს დაბადებულიყო, მაშინ როდესაც წარმოუდგენელია არდაბადებული ადამიანი, რომელიც გვეტყოდა, რომ სიამოვნებით დაიბადებოდა. ადამიანები დარდობენ მოჭრილ ხელზე, რადგან ეს აღიქმება უკვე არსებულის დაკარგვად, მაგრამ არავინ იდარდებს მესამე ხელზე, რომელიც არასდროს ჰქონიათ და არც ექნებათ (ისევე როგორც, არავინ დარდობს მარსზე არასდროს არსებული ადამიანების არარსებობას). შესაბამისად, აქსიოლოგიური ასიმეტრია გვეუბნება, რომ A სცენარი არის საბოლოოდ ცუდი, ხოლო კონტრფაქტული B სცენარი – კარგი და უპირატესი.

თუნდაც თეორიულად დავამტკიცოთ, რომ ყოველი სიცოცხლე არ არის არსობრივად მტანჯველი და ცუდი, ეს მაინც არ შეგვიშლის ხელს, ყოველი რეპროდუქცია ჩავთვალოთ ამორალურად, რადგან რეპროდუქცია, რომელიც შვილის კეთილდღეობის იმედს ეფუძნება, განიხილება როგორც გემბლინგი პოტენციური შვილის ტანჯვით. რეპროდუქციის აქტი აუცილებლობით გულისხმობს რუსული რულეტკის პრინციპით ტანჯვის მანკიერი წრის გაგრძელებას.

ჩვენ არ გვაქვს მორალური ვალდებულება, გავაჩინოთ შვილი, მაგრამ გვაქვს ვალდებულება, სხვას არ მივაყენოთ ტანჯვა და ზიანი. შესაბამისად, თუ შვილს არ გავაჩენთ, თავიდან ავირიდებთ ადამიანის ტანჯვას. რეპროდუქციაზე უარის თქმა ჩვენი პრეროგატივაა, რადგან შეგვიძლია სხვა ადამიანის ტანჯვის პრევენცია.

მორალმა მხოლოდ შეიძლება განიხილოს აქტი, რომელიც ხორციელდება და არა მიმართება. მორალურია სხვისი დახმარება, ამორალური კი სხვისი სიცოცხლის უფლების და მისგან მომდინარე უფლებათა რიგის დარღვევა, ანუ ზიანის მიყენება.

კონსტიტუციურ ან სოციალურ დონეზე იმ მორალისტური მიმართების ლეგიტიმაცია, რომ ადამიანი ვალდებულია სხვას დაეხმაროს მხოლოდ იმიტომ, რომ დახმარება შეუძლია, მასას აძლევს ინდივიდის დემორალიზაციისა და რეპრესირების საშუალებას. ეს კი ქმნის ავტორიტარული მმართველობის ნიადაგსა და ავტორიტარული რეჟიმის მზა ძალაუფლების ინსტრუმენტს და, საბოლოო ჯამში, ინდივიდის, როგორც თავისთავადი ღირებულების, დისკრედიტაციას ახდენს. ინდივიდის დემორალიზაცია იმის გამო, რომ არ ეხმარება სხვა ადამიანს, მხოლოდ იმიტომ რომ მისი დახმარება შეუძლია, ისევე აბსურდულია, როგორც ის, რომ ადამიანმა დაიკვეხნოს მორალურობა მხოლოდ იმიტომ, რომ ამორალურ აქტს არ სჩადის. ეს ყოველივე მოკლებულია ეპისტემოლოგიურ საფუძველს. რადგან აღნიშნული ლოგიკით, ადამიანი, რომელიც უბრალოდ საჭმელს ჭამს, ერთდროულად თან მორალურია და თან ამორალურიც. მორალური – რადგან იმ მომენტში სხვისთვის ზიანის მიყენება შეუძლია და არ აზიანებს, ხოლო ამორალური – ვინაიდან დახმარება შეუძლია და არ ეხმარება.

წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს მაგიური ჯოხი, თუ ამ ჯოხს ქვას დავადებთ ქვა გახდება ცოცხალი. სიცოცხლისუნარიანობა კი გულისხმობს ტკივილისა და სიამოვნების გამოცდისუნარიანობას. ქვას, როგორც ცოცხალ ობიექტს, სასიცოცხლოდ დასჭირდება და ესიამოვნება ჰიდრატაცია. მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად ექნება მწვავე წყურვილის განცდა და მრავალმხრივ შემაწუხებელი შეგრძნებები, როდესაც გაჭიანურდება დეჰიდრატაცია. ჰიდრატაციის (როგორც სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტის) გამო, ის ასევე გახდება დახრჩობისუნარიანი, თუ წყალში აღმოჩნდება. მასში სიამოვნების განცდას აღძრავს მზის გამოსხივებისგან გამოწვეული სითბო, მაგრამ ის განიცდის მწვავე ჰიპოთერმიას თუ გარემო გახდება ზედმეტად ცივი, ან განიცდის მტანჯველ ჰიპერთერმიას, თუ გარემო გახდება ზედმეტად ცხელი. აქედან იბადება ფიგურალური კითხვა: უნდა დავადოთ ჯოხი ქვას? ქვას არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ გახდეს ცოცხალი. ხოლო, თუ ქვა გახდება ცოცხალი, ის აუცილებლად მოკვდება მას შემდეგ რაც გაივლის სიცოცხლისთვის აუცილებელი კომპონენტებისგან გამოწვეულ ტანჯვას. მრავალი ქვის ცოცხალ არსებად გარდაქმნა, შემზარავი სანახაობა იქნება. ქვებზე მაგიური ჯოხის დადება კი ჰგავს რეპროდუქციას. ჩვენ არარსებულ მდგომარეობაში მყოფ არსს მისდა უნებურად ვაქცევთ ისეთ ცოცხალ არსებად, რომელმაც შეიძლება თავისდა უნებურად ენით აღუწერელი ტანჯვა განიცადოს; არსებად, რომელსაც ვტოვებთ ფათერაკი და არაპროგნოზირებადი ბედის ანაბარა; ცოცხალ მყოფად, რომელიც აუცილებლად მოკვდება. ადამიანთათვის რეპროდუქცია რომ არ იყოს ფსიქოლოგიურად (სოციალურად და კულტურულად) ნორმალიზებული, ის აუცილებლად აღიქმებოდა ისეთ ფარსად და ტრაგედიად, როგორიც ის სინამდვილეში არის.

დედამიწაზე ერთადერთი არსება, რომელსაც რეპროდუქციის გადააზრება და მისი შეწყვეტა ძალუძს, მხოლოდ ადამიანია. რეპროდუქციის გაგრძელებით ჩვენ ვაგრძელებთ ტანჯვის დაუსრულებელ ციკლს, ხოლო ანტინატალიზმი გვთავაზობს იმ ურობოროსის მანკიერ წრეში მახვილის ჩასობას, რომელიც თავის კუდს ბრმად და უსასრულოდ ჰკბენს.

 

 

შენიშვნები:

1. სამყარო როგორც ნება და რეპრეზენტაცია – სტატიის ავტორის თარგმანი. 

„Die Welt als Wille und Vorstellung“-ის თარგმნა როგორც „სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა“ ვფიქრობ არ არის შესატყვისი თარგმანი. შოპენჰაუერს არ სჯერა, რომ ნება იწვევს ჩვენს წარმოდგენებს. მისი პოზიციაა, რომ ნება და წარმოდგენები ერთი და იგივე რეალობაა, განხილული სხვადასხვა პერსპექტივიდან. ერთი შეხედვით შოპენჰაუერის მიერ სამყაროს დახასიათების მცდელობა, რომელიც ნებად და რეპრეზენტაციად დაყოფაში გამოიხატება, ჰგავს ისეთ აღქმას რომელიც შეიძლება გავაიგივოთ ურთიერთობად ძალასა და მის გამოვლინებას შორის (მაგ. როგორც ასახულია ელექტროენერგიისა და ნაპერწკლის ურთიერთობაში, სადაც ნაპერწკალი „არის“ ელექტროენერგია). ეს ეწინააღმდეგება იმას, რომ ნივთი თავისთავად იწვევს ჩვენს შეგრძნებებს, თითქოს ჩვენ ვგულისხმობთ ერთი დომინოს დარტყმას მეორეზე. შოპენჰაუერის ნება და რეპრეზენტაცია განსხვავებულია, ის უფრო ჰგავს ნივთსა და ჩვენს შეგრძნებებს შორის ისეთ ურთიერთობას რომელიც მონეტის ორ მხარეს შორის არსებობს, რომელთაგან არცერთი არ იწვევს მეორეს და ორივე ერთი და იგივე მონეტის განუყოფელი ნაწილია. რეპრეზენტაცია ნიშნავს საგანთა ისეთ აღქმას სადაც სენსორულად და კოგნიტურად საგნებს აღვიქვამთ არა თავისთავად, არამედ ჩვენს გონებაში არსებული ყალიბების ფორმების შესაბამისად. შესაბამისად რეალობა არის ვლენები რომლებიც რეპრეზენტირდება და არა წარმოგვიდგება. Vorstellung-ის შესატყვისად Representation პირველად იხმარა შოპენჰაუერის მთარგმნელმა ე.ფ ჯ პეინმა.

2. მისინტერპრეტაცია – არასწორი ინტერპრეტაცია.

3. სოფოკლე, „ოიდიპოსი კოლონოსში“, გამომცემლობა – თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა,1988 წ., მთარგმნელი გიორგი ხომერიკი, გვ.: 173, ტაეპები: 1225-1228.

4. ნანდა სუტა (ნანდა სუტა არის ძენ ბუდისტური წერილების ნაწილი. კერძოდ პალის კანონის ნაწილი, ანგუტარა ნიკაია, რომელიც არის ბუდას დისკურსთა კრებული. თარგმანი: „ბუდას შუა სიგრძის დისკურსები: მაჯჯიმა ნიკაიას თარგმანი“ ბჰიკჰუ ადამოლისა და ბჰიკხუ ბოდჰის მიერ. გამოცემის თარიღი: 1995 წელი (შესწორებული გამოცემა).
ნათარგმნია ტექსტის ავტორის მიერ. 

5. შოპენჰაუერის მიხედვით ნებელი სწრაფვა ცოცხალი ორგანიზმისთვის (განსაკუთრებით რეფლექსიური არსებებისთვის) არსობრივად მტანჯველია, რადგან მას განაპირობებს უკმაყოფილებისა და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებებზე ამოზრდილი მოტივები, რომლებიც ვერასოდეს იქნება სრულად დაკმაყოფილებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნება ყოველთვის უფრო მეტისკენ ისწრაფვის, ყოველთვის ცდილობს შეასრულოს სურვილები, რომლებიც ბოლომდე ვერ ჩაქრება, და ეს მუდმივი სწრაფვა ქმნის მუდმივ ტკივილსა და ტანჯვას, რომელიც თანდაყოლილია ადამიანის არსებობაში. ხოლო ნების წინააღმდეგ წასვლა შეუძლებელია რადგან ნების უარყოფა თავად ნებელური აქტია, რომელიც საბოლოოდ ჩვენს თავთან დისონანსით, ანუ ტანჯვასთან ერთად მშფოთვარე ყოყმანით და უმისამართო დაბნეულობით მთვარდება. ვინაიდან ევოლუციურად ადამიანის საზრდო სიამოვნებაა ხოლო მამოძრავებელი ტკივილი. ტექსტის მეორე ნაწილში ჩემს მიერ წარმოდგენილი ნატურალისტური არგუმენტები ამოწმებენ წინამძღვრული დებულების სისწორეს.
პრე დისპოზიცია არის ტენდენცია რის მეუხეობითაც არსებული გარემოებებიდან გამომდინარე გარდაუვალია ტანჯვის ესკალაცია.

6. მეტაფორა გულისხმობს თუ რაოდენ მარტივად და არაპროგნოზირებად-მსხვრევადი, არამყარი და სუსტია ადამიანი, ისევე როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

7. ემილ ჩორანი, „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“. გამომცელობა – „დიოგენე“, 2018. გვ. 15-18.

8. არტურ შოპენჰაუერი, „ცხოვრების ამაოება და სიმწარენი“. თარგმნა და კომენტარები დაურთო: ზურაბ ხასაიამ. გამომცემლობა – Сarpe diem 2018.

9. იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – „ფაუსტი“. გამომცემლობა – ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2017.

10. ჯემალ ქარჩხაძე – „იგი“. გამომცელობა – ქარჩხაძის გამომცემლობა, 2017.

მსგავსი სტატიები

პალმისტრი - შესავალი გაკვეთილი


1. ხელის არჩევა ჯერ უნდა აირჩიოთ ხელი, რომელზეც იმკითხავებთ. - ...

როგორ მოვახდინოთ საუკეთესო პირველი შთაბეჭდილება ექსპერტების თანახმად


წყარო: მთარგმნელი: სალომე თორაძე ახალ ადამიანთან შეხვედრისას თ...

30 საინტერესო ფაქტი იაპონიის შესახებ


მთარგმნელი: ლიკა ფაჩულია წყარო იაპონია - ყველანაირი გადაზედმეტე...

მარსის ეგრეგორი


ატლანტების და სხვა რასების წარმოშობის შესახებ... ავტორი: ბორის მონ...

ჰოპონოპონო


ავტორი: Ihaleakala Hew Len მთარგმნელი: თამარ რეხვიაშვილი რა არი...

ჩვენი მტაცებლები (კარლოს კასტანედას მიხედვით)


მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო დონ ხუანმა თქვა: დღეს შესაფ...

კომპლიმენტები, რომლებითაც ადამიანებს გააღიმებთ


ავტორი: ანა თოფურიძე სიძულვილის ენის ეპოქაში, სადაც ყოველ დღე ტე...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff