ფსიქოსომატიკა (ნაწილი პირველი)

woody180
ფსიქიატრის აზრი (ანდრის საულიტისი)
0
0

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან:  მთარგმნელი: მამუკა გურული ნაწილი პირველი იმისთვის, რ...

andris11

ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან

მთარგმნელი: მამუკა გურული

ნაწილი პირველი

იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის ფსიქოსომატიკა, ჯერ ლექციის ამ პირველ ნაწილში გავარკვიოთ, თუ რას ნიშნავს ჰომეოსტაზი, გამღიზიანებელი და სტრესი. როგორ ჩნდება სტრესი, და როგორ ტრანსფორმირდება იგი სხვადასხვა ტიპის აშლილობებად. ამას განვიხილავთ პირველ ნაწილში. შემდეგ ნაწილში უკვე იქნება კონკრეტული აშლილობები, როგორ ვუმკურნალოთ და ა.შ.

a11

დავიწყოთ ჰომეოსტაზით. ჰომეოსტაზის პრინციპი, მდგომარეობს იმაში, რომ ყველა სისტემა ბუნებაში უბრუნდება თავის წონასწორულ მდგომარეობას. მაგალითად, შაქრის დონე ადამიანში შეიძლება ორივე მხარეს მერყეობდეს, მაგრამ შემდეგ წონასწორობას უბრუნდება, ან PH ოკეანეში, ასევე წონასწორობაშია, სისხლის მაჩვენებლები და ა.შ. ასე განაგრძობს სისტემა არსებობას და სიცოცხლეს. როგორც კი წონასწორობა მკვეთრად ირღვევა, სისტემა იშლება და ვიღებთ სასიკვდილო შედეგს.

ჰომეოსტაზი შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დონეზე. რა თქმა უნდა, ის შეიძლება იყოს ელექტრონის, ან მოლეკულის დონეზე, მაგრამ როცა ადამიანს და ფსიქოსომატიკას ავღწერთ, ჩვეულებრივ გამოყოფენ შემდეგ დონეებს:

1. უჯრედი; უჯრედული დონე, როცა უჯრედი უნდა აღდგეს. ესაა მთელი ნანო-ბიო-ფაბრიკა, შეიძლება ითქვას, ცოცხალი არსება: ჭამს, ბანაობს, თავისი ჰიგიენა აქვს, ახდენს დეფეკაციას, მთელი ცხოვრება აქვს, და ასეთი უჯრედი მილიარდობით გვაქვს. როცა ჰომეოსტაზი უჯრედულ დონეზე ირღვევა, მაშინ იწყება პრობლემები იმუნოლოგიასთან, ონკოლოგიასთან და სხვა რამეებთან დაკავშირებით.

2. ქსოვილი; ჰომეოსტაზი შეიძლება დაირღვეს ქსოვილის დონეზე: სხვადასხვა ჭრილობები, დაზიანებები ინსულტების დროს, მიოკარდიუმის ინფარქტების დროს, ნებისმიერი ორგანოს ან კუნთის დაზიანების დროს. და რა თქმა უნდა, ქსოვილსაც შეუძლია აღდგენა, და როცა ჰომეოსტაზი აღდგება, სიცოცხლე ქსოვილში გრძელდება.

3. ორგანოები; ჰომეოსტაზის დარღვევის შემდეგი დონეა ორგანოების დონე: ღვიძლი, ფილტვები, ტვინი, ნებისმიერი ორგანო.

4. ორგანოთა სისტემები;

5. ადამიანი. თუ ორგანოთა სისტემებში და ადამიანში დაირღვა ჰომეოსტაზი, და მან ვერ შეძლო აღდგენა, მაშინ დგება exitus letalis (სასიკვდილო შედეგი).

6. საზოგადოება; გარემო. მინდა განსაკუთრებულად შევჩერდე ამ დონეზე. არსებობენ წინწასულები, რომლებიც თვლიან, რომ მთელი ჩვენი ეკოსისტემა, დედამიწა და კოსმოსიც ცოცხალი სისტემაა, მუდმივ ურთიერთქმედებასა და წონასწორობაშია.

a12

როცა ვუყურებთ, ვინ არღვევს ამ წონასწორობას, ჰომეოსტაზს - ესაა გამღიზიანებელი - ნებისმიერი ფიზიკური, ქიმიური ან ნებისმიერი სხვა ძალა, რომელიც ზემოქმედებს სხვადასხვა დონეებზე: უჯრედებზე, ქსოვილებზე, ორგანოებზე და ა.შ. და დამნაშავენი არიან სისტემის ჰომეოსტაზის დარღვევაში.

საიდან მოდიან ეს გამღიზიანებლები? ჩვეულებრივ, ამჟამად, განიხილავენ ბიოლოგიურ გამღიზიანებლებს; ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა პროცესები ორგანიზმში, უჯრედებში, გენეტიკურად დეტერმინირებული, ტოქსიკური და ა.შ. რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კრიტიკულ წერტილამდე, როცა ჰომეოსტაზის აღდგენა შეუძლებელი ხდება.

შემდეგ მოდის გარემო; სხვადასხვა დაბინძურებები, ფსიქიკური ფაქტორები, და ეს სამივე ერთმანეთთთანაა დაკავშირებული, და ერთმანეთში გადადის. არსებობს ასეთი მიდგომა: Nature versus nurture. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველთვისაა დავა, რომელია პირველადი: ქათამი თუ კვერცხი? ბიოლოგიური საფუძვლები, გარემო თუ ფსიქიკა? მაგრამ ამ კამათს არსად არ მივყავართ. სიმართლე ყოველთვის სადღაც შუაშია. ისინი ურთიერთქმედებენ. რა თქმა უნდა ცხოვრების გარკვეულ პერიოდში ერთ-ერთი ეს ფაქტორი ჭარბობს, და მაშინ იცვლება სიმპრომები, აშლილობები, დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა, მაგრამ აზრი საკმაოდ მარტივია. მე განზრახ გაჩვენეთ ეს სლაიდი, რადგან დღეს სამმაგი მიდგომაა გავრცელებული: ბიო-სოციო-ფსიქოლოგია. მაგრამ პრინციპში ეს ერთი მთლიანობაა. როგორც სპილოზეა: შეგვიძლია თავის მხრიდან შევხედოთ, ყურების მხრიდან, ან კუდის მხრიდან, მაგრამ პრინციპში ისინი ყველანი ურთიერთდაკავშირებულია.

a13

შემდეგ მოდის ფსიქო-ნეირო-ენდოკრინოლოგია. რას ვხედავთ ამ სლაიდზე? ყოველი გამღიზიანებელი ორგანიზმის სხვადასხვა მონაცემებს არღვევს. თუ უფრო მეტადაა დარღვეული ფსიქიკური ფაქტორები: სტრესული, ზეწოლა, დეპრესიები, უძილობა, ტოქსიური მეგობრები და ყველაფერი დანარჩენი. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რატომ გავაკეთე ეს სლაიდი? ამით მინდოდა მეჩვენებინა, რომ მთელი ფსიქო-სომატიკა, ყველა ეს აშლილობა, სწორედაც რომ დაკავშირებულია ნეიროფიზიოლოგიასთან და ენდოკრინოლოგიასთან. შემდეგ ვიდეოებში ჩვენ დავინახავთ ამ ურთიერთკავშირს: როგორ აიძულებენ სხვადასხვა გამღიზიანებლები ორგანიზმს, რომ რეაგირება მოახდინოს. და დღეს უკვე ტრენდულია ეს სამეული: ფსიქო-ნეირო-ენდოკრინოლოგია. რას ნიშნავს ენდოკრინოლოგია? ჰორმონები და ყველა ეს ნივთიერება ორგანიზმს სხვადასხვა რეაქციისთვის ამზადებს. და იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობენ ეს რეაქციები, დამოკიდებულია ის, თუ რა დაგემართებათ.

a14

ლექციის პირველ ნაწილში ესაა ყველაზე საკვანძო სლაიდი. იგი მთელ მსოფლიოში კლასიკურია. ესაა სტრესის მექანიზმი. ყველა ამბობს: სტრესი, სტრესთან ბრძოლა და ა.შ., მაგრამ საჭიროა სისტემა, ცნებების გაგება, ფაქტებისა და დაკვირვებების დალაგება, რათა გავიგოთ, ნაცვლად იმისა, რომ სიტყვებით ვითამაშოთ.

მაშ ასე, სტრესის ცნება. დასაწყისი, ცხოვრობს ადამიანი მშვიდად და მოდის გამღიზიანებელი (პირველი ისარი). და ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი უჯრედმა, ქსოვილმა ან ორგანიზმმა გამღიზიანებლის ზეგავლენა განიცადა, მაშინვე ირღვევა ჰომეოსტაზი, ორგანიზმი რეაგირებას იწყებს: შეიძლება იყოს ფიზიკური დატვირთვა,შაქრის დონე დაეცეს, ან ადამიანი გაიყინოს. შემდეგ ვიდეოებში უფრო დეტალურად ავხსნით, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ნორმალურად სტრესი და გამღიზიანებელი საჭიროა. თუკი არ არის სტრესი, თუკი არ არის გამღიზიანებელი, ორგანიზმი ასევე კვდება. ადამიანი უნდა დაექვემდებაროს ცხოვრებასთან კონტაქტს. ესაა ვარჯიში, სიარული, სწავლა...

იმისთვის, რომ ორგანიზმი განვითარდეს, მას კონტაქტი უნდა ჰქონდეს სამყაროსთან, მაგრამ ეს გამღიზიანებელი იმ ზონაში უნდა დაიჭიროს, სადაც ორგანიზმი, ორგანო, ქსოვილი, უჯრედი და ა.შ. მზადაა ამის კომპენსაციისთვის. და მაშინ, თუ ყველაფერი ნორმალურადაა, ჰომეოსტაზი აღდგება და ადამიანი კვლავ ფორმაშია. დილის ვარჯიში, სირბილი, ორგანიზმი აღდგა, და ჩვენ უფრო გავძლიერდით. ასე ხდება ვარჯიში, გამოწრთობა, გაკაჟება, მთელი ბიჰევიორიზმი ამაზეა აგებული.

თუ დატვირთვა მეტისმეტად დიდია, და ორგანიზმი (მნიშვნელობა არ აქვს რა დონეზე) ვერ უმკლავდება გამღიზიანებელს, მაშინ ხდება გამოფიტვა, და ორგანიზმს აღარ შეუძლია ჰომეოსტაზის აღდგენა (მესამე ისარი). და აქ უკვე ირთვება სხვადასხვა სახის დამცავი რეაქციები, მათ შორის სხვადასხვა სახის აშლილობები. და პრინციპში ფსიქო-სომატიკის 80-90% განპირობებულია გადატვირთვით და გამოფიტვით. ამ დროს ირთვება პროცესი, როდესაც სტრესი უკვე აშლილობას იწვევს.

ანუ თუ გამღიზიანებელი უფრო მეტად და დიდხანს ახდენს ზეწოლას ორგანიზმზე, ვიდრე მას ადაპტაცია შეუძლია, მაშინ ყველაფრის გატეხვაა შესაძლებელი. ნებისმიერი შეიძლება გატეხო. არ არსებობს ისეთი ორგანო, რომლის გატეხვაც არ შეიძლება. როდესაც ხდება ჭარბი ზეწოლა, მაგალითად, ერთი ძლიერი ინფორმაციული დარტყმით, ან ხანგრძლივი წერტილოვანი დარტყმებით, როცა თავზე ხუთი წლის განმავლობაში გეცემა წვეთები, დგება მომენტი, როცა ორგანიზმს ჰომეოსტაზის აღდგენის რესურსი ეწურება. და ამ მომენტში, იმის მიხედვით, თუ როგორები იყვნენ გამღიზიანებლები: ბიოლოგიური, სოციალური გარემოსი, თუ ფსიქიკური, ან იმის მიხედვით, თუ როგორი კონსტიტუციისაა ადამიანი, ჯაჭვში ყოველთვის ყველაზე სუსტი რგოლი წყდება. და აი ასეა, ადამიანების 80%-ზე მეტს კონვეიერში აქცევენ, ტვირთავენ, ტვირთავენ, ტვირთავენ, და შესაბამისად ისინი გადადიან ასთენიის, გამოფიტვის ფაზაში, ან როგორც დღეს უწოდებენ ფსიქო-სომატიკაში. და მაშინ აშლილობა, პირველ ფაზაში, ირთვება როგორც დამცავი მექანიზმი.

brain parts cartoon copy

შემდეგი, რაც მინდა გაჩვენოთ, ესაა ადამიანის ტვინის ევოლუციის სქემა. ქვემოთაა ზურგის ტვინი და მოგრძო ტვინი, ცენტრალურ ნაწილში - ლიმბური სისტემა, რომელიც რეაგირებს, და როცა ეს ცენტრალური ნაწილები ირღვევა და ჰომეოსტაზი ვერ აღდგება, სწორედ მაშინ ვიღებ ყველა ამ აშლილობას. და რა თქმა უნდა, ნეოკორტექსი (ახალი ტვინი), რომელიც ფსიქოსომატიკის დროს დიდ როლს არ თამაშობს. თუ ნეოკორტექსი ჩართულია, ფსიქოსომატიკა აღარაა. ამას შემდეგში განვიხილავთ ნეირო-ენდოკრინოლოგიაში, რომლის მიხედვითაც სწორედ ორგანიზმის ქიმიაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ეს ნაწილი ჩაირთვება ან გამოირთვება.

ნეოკორტექსი - ესაა, როცა ადამიანი ჭვრეტს, ფიქრობს. მას ხომ არ შეუძლია ჭვრეტა, ფიქრი და შემოქმედებითობა მაშინ, როცა მას ლომი მოსდევს, ან სახლი იწვის, ან რამე სხვა ხდება. ანუ ემოციური რეაგირების ეს სისტემა კარგია, საჭიროა, მან გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა, მაგრამ თუ ის გადატვირთულია, მაშინ უბრალოდ კლავს ადამიანს.

თუ ემოციური, ლიმბური სისტემა მუშაობს, ადამიანში ირთვება Fight or Flight (იბრძოლე ან გაიქეცი). ორგანიზმი წყვეტს: ან იბრძოლოს, ან გაიქცეს. და როცა საბრძოლო მზადყოფნის ეს მდგომარეობა მეტისმეტად დიდხანს გრძელდება, უჯრედებს, ქსოვილებს, ორგანოებს აღარ შეუძლიათ აღდგენა, იწყება ჰომეოსტაზის დარღვევა, როგორც წინა სლაიდში გაჩვენეთ, და იწყება ყველა ეს აშლილობა.

მაგრამ ასევე არსებობს Rest and Digest, ანუ ადამიანს არ შეუძლია მუდმივად იბრძოლოს ან გარბოდეს. მას სჭირდება იკვებოს და აღიდგინოს ჰომეოსტაზი. Fight or Flight-ის შემთხვევაში მიდის მთელი ენერგია, მიდის მთელი ქიმია, ნივთიერებები. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ენერგია, ძალა, ბედნიერება უნდა გამოიმუშავო, დატენო როგორც ბატარეები. უჯრედები ბატარეებივით არიან, მათში ასობით სხვადასხვა ინგრედიენტია, რომლებიც მთელ ჩვენს ცხოველქმედებას უზრუნველჰყოფენ. მაგალითად, თუ ლომი გამოხტა, წნევა იწევს, გულისცემა ჩქარდება, შაქრის დონე იმატებს, ჩვენ მზად ვართ საბრძოლველად, ან გასაქცევად. და თუ ეს ძალიან დიდხანს გრძელდება, მაშინ კნინდება Rest and Digest – ანუ დასვენება და აღდგენა, და ჰომეოსტაზი ირღვევა. ხედავთ, რა მარტივი გასაგებია ყველაფერი? ჰომეოსტაზი მუდმივად ბალანსში უნდა იყოს. როგორც კი ბალანსი ირღვევა, მაშინვე ჩნდება აშლილობა. ეს მაშინვე დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ სად გაქვთ დისბალანსი, სად არ შეგიძლიათ ზუსტად, პროფესიონალურად აღიდგინოთ ჰომეოსტაზი. თუკი ადამიანი სწორად, აკურატულად აღიდგენს ჰომეოსტაზს, მაშინ ირთვება ნეოკორტექსი, და ეს განაპირობებს ბედნიერების გრძნობას.

ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ შიში - ეს ნორმაა. შიში - გამაღიზიანებელია, შიში - ნორმაა. რა არის შიში? როცა ჩვენ ვხედავთ ობიექტს. ლომი დაინახეთ? შიშმა იმუშავა, როგორც გამღიზიანებელმა და ჩვენში გამოიყო ის ნივთიერებები, რომლებიც მეშვეობითაც შეგვიძლია ვიბრძოლოთ ან გავიგცეთ (Fight or Flight). დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც მეტად მგრძნობიარენი არიან. არიან ადამიანები, რომლებიც ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. რეაქციების ამ დროებს სხვადასხვა ჰორმონალური მექანიზმები აკონტროლებენ. როგორც სიგნალიზაციაა: ზოგი შეიძლება ნახევარი მეტრიდან ჩაირთოს, ზოგი ოცი სანტიმეტრიდან.

პრობლემა იწყება მაშინ, როცა შიში მეტისმეტად ადრე ირთვება, ანუ როცა სიგნალიზაცია ხუთი მეტრით ადრე ირთვება. მაშინ შიში პრობლემად იქცევა და იწვევს ჩვენი სისტემის გადატვირთვას. ანუ საგუშაგო კერა რთავს შიშს, და თუ ადამიანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, მეტისმეტად დიდხანს ირღვევა ჰომეოსტაზის ეს პროცესი, აღდგენის პროცესი.

14 copy

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სლაიდი, რომელიც ეხება შფოთვა, მღელვარებას. სადაა აქ Fიშკა? ყურადღებით მომისმინეთ: თქვენ ვერ ხედავთ გამღიზიანებელს. ის არაა. რეალურად არ არსებობს გამღიზიანებელი. არსებობს მხოლოდ ალბათობა: „რას იფიქრებენ ჩემზე?“ „ხვალ ჩავიჭრები“, „სამსახურიდან გამაგდებენ“, ან რამე ამდაგვარი. ანუ არაფერი არ მომხდარა, გამღიზიანებელს ვერ ხედავთ, სხეული კი უკვე რეაგირებს Fight or Flight-ის მეშვეობით. ირთვება ნეირო-ენდოკრინოლოგია, გესმით? თუ ეს შფოთვა კიდევ უფრო შორს მიდის, სწორედ ესაა ბოდვითი აშლილობის ფაბულა. რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ წინასწარი ვარაუდი, და მეტი არაფერი, არანაირი საფრთხე. ეს სიტუაცია შეიძლება მოხდეს, შეიძლება არც მოხდეს, მაგრამ თქვენ უკვე რეაგირებთ: გულისცემა ჩქარდება, წნევა იმატებს, პირი გიშრებათ და ა.შ. ანუ სხეული უკვე ჩაირთო საბრძოლველად ან გასაქცევად. ასეთი აზრები, აი, ესაა პრობლემა, რომელსაც შემდგომ მივყავართ სხვადასხვა სისტემების, ორგანოების და ა.შ. გადატვირთვამდე. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, და ადამიანები ძალიან იტანჯებიან ამით. ამ დროს ნებისმიერი რამ შეიძლება დაირღვეს: ძილი, სექსუალობა, საჭმლის მონელება, ყველაფერი. ანუ ხდება ორგანიზმის გადატვირთვა, და ეს ჯანდაბა ფიქრები, ეს საგუშაგო კერა: „საიდან მოდის ლომი?“ „საიდანაა საფრთხე?“ - იგი ორგანიზმს საშუალებას აღარ აძლევს, რომ აღდგეს, დაიმუხტოს. დამუხტვის პროცესი ირღვევა, და ეს განაპირობებს ჰომეოსტაზის პროცესის დარღვევას, რაც შესაბამისად იწვევს სხვადასხვა სახის აშლილობებს.

ტერმინები ბევრია: ბოდვა, ნევროზი, ფსიქოზი... მეგობრებო, ყველასთვის გასაგებია, თუ ისინი სწავლობდნენ ერთი სკოლიდან, მაგრამ ხომ არსებობს გერმანული, ფრანგული, შვეიცარული, რუსული, ბრიტანული და ამერიკული სკოლები. ანუ სხვადასხვა მიდგომებია. კლასიფიკაციებიც კი სხვადასხვაა, მაგრამ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინებში და ცნებებში გარკვევა.

ეს იყო ლექციის პირველი ნაწილი. შემდეგ ნაწილებში დავინახავთ, როგორ არღვევს კონკრეტული გამღიზიანებელი კონკრეტულ კერებში ჰომეოსტაზს. როგორ იწვევს ჰომეოსტაზის ეს დარღვევა კონკრეტულ შემთხვევებში კონკრეტულ აშლილობებს.

გაგრძელება იხილეთ ამ ლინკზე...

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ

მსგავსი სტატიები

როგორ აღვზარდოთ ბავშვები (4 მთავარი წესი)


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

სოკოების შესახებ (ფსიქიატრის აზრი)...


ტრანსკრიბცია დოქტორ ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ...

სრული სიმართლე ჰომეოპათიის შესახებ


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: ლიზი ხუციშვი...

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მესამე


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

ფსიქოსომატიკა (ნაწილი პირველი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან:  მთარგმნელი: მამუკა გურულ...

რისკზე დამოკიდებულება (ფსიქიატრის აზრი)


მთარგმნელი: ნანა აბესაძე წყარო რა მიზეზი განაპირობებს იმას, რომ...

ჰიტლერის დიაგნოზი (ფსიქიატრის აზრი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურულ...

ფსიქოსომატიკა - ნაწილი მეორე (აფექტის ფენომენი)


ტრანსკრიბცია ანდრის საულიტისის ვიდეოდან მთარგმნელი: მამუკა გურული ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff