ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი VI)

Admin
ფსიქოლოგია
0
0

ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე შესავალი წესი I წესი II წესი VI - მოიყვანე...

ავტორი: ჯორდან პიტერსონი

მთარგმნელი: ნინა ფხაკაძე

შესავალი

წესი I

წესი II

წესი VI - მოიყვანეთ თქვენი სახლი სრულ წესრიგში, სანამ სამყაროს გააკრიტიკებთ

რელიგიური პრობლემა

არაგონივრულია, რელიგიურ პიროვნებად აღვწეროთ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც 2012 წელს, კონექტიკუტის შტატში, ნიუთაუნში, სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში 20 ბავშვსა და 6 თანამშრომელს ესროლა. ზუსტად იგივე ითქმის კოლორადოს თეატრისა და კოლომბინას საშუალო სკოლის მკვლელებზე. თუმცა ამ სისხლისმღვრელ ინდივიდებს ჰქონდათ პრობლემა რეალობასთან დაკავშირებით და ეს პრობლემა რელიგიურ სიღრმეში არსებობდა. როგორც კოლუმბინას დუეტის ერთ-ერთმა წევრმა დაწერა:

ადამიანთა რასა, მათთვის ბრძოლის კი არა, მხოლოდ დახოცვის ღირსია. დაუბრუნეთ დედამიწა ცხოველებს. ისინი მას უეჭველად ჩვენზე მეტად იმსახურებენ. სხვას აღარფერს აქვს აზრი.

ადამიანები, რომლებიც ამგვარად ფიქრობენ, გარყვნილების ფონზე, საკუთარ არსებობას უსამართლოდ და შეუსაბამოდ მიიჩნევე , ხოლო ადამიანთა არსებობას - უღირსობად. ისინი თავს რეალობის უმაღლეს მსაჯულად ინიშნავენ და ესეც არ მიაჩნიათ საკმარისად. ისინი უსასრულოდ კრიტიკულნი არიან. ღრმად ცინიკური მწერალი განაგრძობს:

თუ თქვენს ისტორიას გაიხსენებთ, ნაცისტებმა ებრაელთა პრობლემის „საბოლოო გადაჭრა“ მოიფიქრეს... დაეხოცათ ყველა მათგანი. იმ შემთხვევაში, თუ აქამდე ვერ ჩაწვდით, მე ვამბობ „დახოცეთ კაცობრიობა“. არავინ უნდა გადარჩეს.

ასეთი ინდივიდებისათვის გამოცდილებათა სამყარო არაადეკვატური და ბოროტია - ასე რომ, ჯოჯოხეთისაკენ ყველაფერთან ერთად!

205551.p

რა ხდება, როდესაც ვიღაც ამგვარ ფიქრამდე მიდის? დიდებული გერმანული პიესა ფაუსტი, ტრაგედია, დაწერილი იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს მიერ, ამ საჩოთირო საკითხს ეხება. პიესის მთავარი მოქმედი გმირი, მეცნიერი სახელად ფაუსტი, მიჰყიდის თავის უკვდავ სულს ეშმაკს, მეფისტოფელს. სამაგიეროდ ის იღებს ყველაფერს, რასაც დედამიწაზე ცხოვრების განმავლობაში მოისურვებს. გოეთეს პიესაში მეფისტოფელი არის ყოფიერების სამარადისო მტერი. მას აქვს ცენტრალური, განსაზღვრული კრედო:

მე ვარ სული, რომელიც უარყოფს!
და სამართლიანად, ყველაფერი რაც კი არსებობს
საბოლოოდ იმსახურებს განადგურებას.
სჯობდა არც არაფერი დაწყებულიყო!
მაშ, ყველაფერი რასაც კი ცოდვას,
განადგურებას, მოკლედ, ბოროტს უწოდებთ -
ჩემი ჭეშმარიტი ელემენტია.

გოეთე ამ ზიზღით სავსე გრძნობას იმდენად მნიშვნელოვნად თვლიდა - აი, შურისმაძიებელი ადამიანის დესტრუქციულობის ცენტრალურ გასაღები - რომ მან მეფისტოფელს ეს სიტყვები მეორედ, გარკვეულწილად განსხვავებული ფრაზით ათქმევინა პიესის მეორე ნაწილში, რომელიც მრავალი წლის შემდეგ დაწერა.

ადამიანები ხშირად ფიქრობენ მეფისტოფელის მგავსად, თუმცა იშვიათად იქცევიან თავიანთი ფიქრების შესაბამისად, ისე ულმობლად, როგორც სკოლების, კოლეჯებისა და თეატრის მასობრივი მკვლელობის ჩამდენნი. ნებისმიერ დროს, როდესაც უსამართლობას განვიცდით, რეალურს ან წარმოდგენილს; როდესაც კი უცაბედად ვეჯახებით ტრაგედიას, ან სხვების მაქინაციების მსხვერპლნი ვხდებით; ნებისმიერ დროს, როდესაც გამოვცდით საკუთარი თვალნათლივი დესპოტიზმის შეზღუდულობების საშინელებასა და ტკივილს - ცდუნება იმისა, რომ კითხვის ქვეშ დააყენო ყოფიერება და შემდეგ დაწყევლო ის, ვერაგულად ამოემართება უკუნიდან. რატომ უნდა იტანჯებოდნენ ასე სასტიკად უმანკო ადამიანები? მაინც რა სისხლიანი და საშინელი პლანეტაა ეს?

ცხოვრება ნამდვილად ძალიან რთულია. ყველა გეგმიურადაა განწირული ტკივილისა და განადგურებისათვის. ზოგჯერ ტანჯვა ცხადი შედეგია პიროვნული დანაშაულისა, როგორიცაა თვითნებური სიბრმავე, გადაწყვეტილების მიუღებლობა თუ ღვარძლიანობა. ასეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ყველაფერი საკუთარი თავისკენაა მიმართული, შესაძლოა სამართლიანადაც კი ჩანდეს. თქვენ შეიძლება ამტკიცოთ, რომ ადამიანები იღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. ეს ცივი კომფორტია, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიმართლეა. ზოგჯერ, თუ ისინი, ვინც იტანჯებიან, შეიცვლიან ჩვევას, მათი ცხოვრება ნაკლებად ტრაგიკული ხდება, თუმცა ადამიანის კონტროლი შეზღუდულია. მგრძნობელობა სასოწარკვეთილების, ავადმყოფობის, ასაკის მატებისა და სიკვდილის მიმართ უნივერსალურია. საბოლოო ანალიზით, ჩვენ არ ვართ ჩვენივე წარმავლობის არქიტექტორნი. მაშინ, ვისი ბრალია ყოველივე?

ადამიანები, რომლებიც ძალიან ავად არიან (ან უარესი, ვისაც შვილი ჰყავთ ავად), უცილობლად აღმოაჩენენ ამ შეკითხვებს საკუთარ თავში, მნიშვნელობა არ აქვს არიან თუ არა ისინი რელიგიურნი. იგივე ეხება მას, ვინც ტიტანური ბიუროკრატიის ხელშია ჩავარდნილი, ვინც გადასახადთა აუდიტით იტანჯება ან ებრძვის გაუთავებელ სასამართლო თუ განქორწინების პროცესებს. და ეს არ არის ერთადერთი აშკარა ტანჯვა მათთვის, ვინც იტანჯება ვიღაცის ან რაღაცის დადანაშაულების სურვილით, თავიანთი გაუსაძლისი ცხოვრებისეული მდგომარეობის გამო. მაგალითად, თავისი სახელმოხვეჭილობის, გავლენისა და კრეატიული ძლიერების მწვერვალზე, თავად ლევ ტოლსტოიმ დაიწყო ადამიანური ყოფიერების კითხვის ქვეშ დაყენება. ის შემდეგნაირად ფიქრობდა:

212977 tolstoy8 2 676x450

ჩემი მდგომარეობა საშინელი იყო. ვიცოდი, რომ ვერაფერს ვიპოვიდი რაციონალური ცოდნის გზაზე, გარდა სიცოცხლის უარყოფისა; და რწმენაში ვერაფერს ვიპოვიდი, გარდა მიზეზის უარყოფისა და ეს უკანასკნელი იმაზე შეუძლებელიც კი იყო, ვიდრე სიცოცხლის უარყოფა. რაციონალური ცოდნის მიხედვით, ცხადი ხდება, რომ სიცოცხლე ბოროტია და ადამიანებმა უწყიან ეს. ისინი არ არიან იძულებულნი იცხოვრონ, თუმცა მაინც ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ, ისევე, როგორც თავად მე, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვიცი, ცხოვრება უკეთური და უაზროა.

რამდენადაც არ ეცადა, ტოლსტოიმ მხოლოდ ოთხი გამოსავალი იპოვა ამგვარი ფიქრებისაგან თავდასაღწევად. ერთი იყო დაბრუნება პრობლემის ბავშვურად დაიგნორებისაკენ. მეორე იყო სიამოვნების მიღებაზე ანგარიშგაუწევლად აყოლა. მესამე იყო „მიყოლა ცხოვრებისადმი, რომელიც ბოროტი და უაზროა, იმის წინასწარ ცოდნით, რომ მისგან არაფერს უნდა ელოდო.“ მან მოახდინა სისუსტისაგან გათავისუფლების ამ კონკრეტული ფორმის იდენტიფიცირება: „ამ კატეგორიის ადამიანებმა იციან, რომ სიკვდილი სიცოცხლეზე უკეთესია, მაგრამ მათ არ გააჩნიათ ძალა იმოქმედონ რაციონალურად და სწრაფად დაუსვან წერტილი ილუზიას თვითმკვლელობით...“

მხოლოდ მეოთხე და საბოლოო მოდელშია „სიძლიერე და ენერგია. ის მოიცავს სიცოცხლის განადგურებას, მას შემდეგ, რაც მოხდება ცხოვრების უკეთურობისა და უაზრობის გაცნობიერება.“ ტოლსტოი შეუპოვრად გაჰყვა საკუთარ ფიქრებს:

მხოლოდ უჩვეულოდ ძლიერი და თანმიმდევრული ლოგიკის ადამიანები იქცევიან ამგვარად. აცნობიერებენ რა, ამ ხუმრობის სისულელეს, რომელიც ჩვენ დაგვცინის და ხედავენ, რომ სიკვდილის მადლი უფრო დიდია, ვიდრე ამგვარი სიცოცხლისა და რომ უმჯობესია არ არსებობა, ისინი მოქმედებენ და ასრულებენ ამ სულელურ ხუმრობას; და ისინი ნებისმიერ მეთოდს იყენებენ ამის გასაკეთებლად: ბაწარი ყელზე, წყალი, ჩანგალი გულში, მატარებელი.

ტოლსტოი არ იყო საკმარისად პესიმისტური. ხუმრობის სისულელე, რომელიც ჩვენზეა მომართული, მარტოოდენ სუიციდის მოტივირებას არ ახდენს. ის აღძრავს მკვლელობას - მასიურ მკვლელობას, რომელსაც ხშირად თვითმკვლელობაც ერთვის თან. ეს უფრო შორსწასული, ეფექტური ეგზისტენციალური პროტესტია. 2016 წლის ივნისისათვის, რამდენად დაუჯერებლადაც უნდა ჩანდეს, ათასი მასიური მკვლელობა იყო მომხდარი (როგორც დადგინდა, თითოეულ შემთხვევაში, მკვლელების გამოკლებით, ოთხ ან მეტ ადამიანს ესროლეს) შეერთებულ შტატებში ათას ორას სამოცი დღის განმავლობაში. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ყოველი ექვსი შემთხვევიდან ხუთი ამგვარი იყო. ყველა ამბობს, „ვერ ვხვდებით.“ როგორ შეგვიძლია კვლავ ასეთი განცხადების გაკეთება? ტოლსტოი უფრო მეტს ხვდებოდა საუკუნის წინ. ასევე ესმოდათ კაენისა და აბელის ბიბლიური ისტორიის ავტორებს ოცი საუკუნის წინ. ისინი მკვლელობას აღწერდნენ, როგორც პოსტ-სამოთხისეული ისტორიის პირველ ქმედებას: და არა როგორც უბრალოდ მკვლელობას, არამედ, როგორც ძმის სისხლის დაღვრას - მკვლელობას არა უბრალოდ ვინმე უცოდველის, არამედ კარგისა და იდიალურის, ჩადენილს გაცნობიერებულად, სამყაროს შემქმნელის ჯიბრზე. ამჟამინდელი მკვლელები, თავიანთი სიტყვებით, იმავეს გვეუბნებიან. ვინ გაბედავს თქმას, რომ ეს არ არის მატლი ვაშლის შუაგულში? მაგრამ ჩვენ არ მოვისმენთ, რადგან სიმართლე მტკივნეულია. ასეთი ღრმადინტელექტუალი რუსი ავტორისთვისაც კი, გამოსავალი არ არსებობს. როგორ შეიძლება დანარჩენები გავუმკლავდეთ ამას, როცა ტოლსტოის სტატუსის მქონე პიროვნება აღიარებს მარცხს? წლების განმავლობაში, ის თავს უმალავდა საკუთარ იარაღებს და არ დადიოდა თოკით ხელში, რათა თავი არ ჩამოეხრჩო.

როგორ შეიძლება გამოღვიძებულმა ადამიანმა აირიდოს გულისწყრომა სამყაროსადმი?

შურისძიება ან ტრანსფორმაცია

შესაძლოა რელიგიურმა ადამიანმა სასოწარკვეთილად მოიღეროს მუშტი აშკარა უსამართლობისა და ღმერთის სიბრმავის წინაშე. თავად ქრისტეც კი მიტოვებულად გრძნობდა თავს ჯვარცმამდე, ან ეს ამბავი გრძელდება ასე. მეტად აგნოსტიკი ან ათეისტი ინდივიდი, შესაძლოა, ბედისწერას ადანაშაულებდეს, ან ღვარძლიანად ფიქრობდეს შანსის სისასტიკეზე. სხვამ, შეიძლება, თავი გაინადგუროს საკუთარი ტანჯვისა და მდგომარეობის გაუარესების საფუძველში არსებული არასრულფასოვნებების ძიებაში. ეს ყველაფერი თემის სახესხვაობებს წარმოადგენს. ამოცანის სახელი იცვლება, თუმცა საფუძვლად არსებული ფსიქოლოგია უცვლელი რჩება. რატომ? რატომაა ამდენი ტანჯვა და ულმობლობა?

კარგი, იქნებ ეს მართლა ღმერთის ნამოქმედარია - ან მისი სიბრმავის ბრალი, უმიზნო ბედისწერა, თუ ამგვარ ფიქრს ხართ მიჩვეულნი. და აქ ყველა მიზეზია, იმისათვის, რომ ამგვარად იფიქროთ. მაგრამ იქნებ თავად აკეთებთ ამას? მასიურ მკვლელებს სჯერათ, რომ ტანჯვა თანმდევი არსებობისა, გამართლებას უძებნის განაჩენსა და შურისძიებას, როგორც ეს კოლომბინას ბიჭებმა ასე ცხადად აჩვენეს:

Bez imeni 1 125

უფრო მალე მოვკვდები, ვიდრე ვუღალატებ საკუთარ ფიქრებს. სანამ ამ უღირს ადგილს დავტოვებ, მოვკლავ ყველას, ნებისმიერი რამისთვის, განსაკუთრებით თუ ცხოვრებისათვის შეუსაბამოდ ჩავთვლი. თუ წარსულში გამაღიზიანეთ, მოკვდებით, როცა გნახავთ. უნდა შეგეძლოთ გააცოფოთ სხვები და საბოლოოდ მოუღოთ ბოლო მათ, მაგრამ არა მე. არ ვივიწყებ ადამიანებს, ვინც არასწორად მომეპყრო.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე შურისმაძიებელ მკვლელს, კარლ პანზრამს სასტიკად მოექცნენ, ის გააუპატიურეს და გასცეს, მინესოტას დაწესებულებაში, რომელიც პასუხისმგებელი იყო მის „რეაბილიტაციაზე“, როცა ის ახალგაზრდა სამართალდამრღვევი იყო. ის დაწესებულებიდან გამოვიდა უსაზღვროდ განრისხებული, როგორც ყაჩაღი, განზრახ ცეცხლის წამკიდებელი, მოძალადე და სერიული მკვლელი. ის ცნობიერად და თანმიმდევრულად მიისწრაფოდა განადგურებისაკენ, მის მიერ დამწვარი საკუთრების ფულად ღირებულებასაც კი თვალ-ყურს ადევნებდა. მან დაიწყო იმ ადამიანების სიძულვილით, ვინც მას ტკივილი მიაყენა. მისი აღშფოთება იზრდებოდა მანამ, სანამ სიძულვილმა მთელი კაცობრიობა არ მოიცვა და აქაც არ გაჩერდა. მისი დამანგრევლობა მნიშვნელოვნად მიისწრაფოდა თავად ღმერთისაკენ. არ არსებობს ამის სხვა სიტყვებით გამოხატვის საშუალება. პანზრამი კლავდა და აუპატიურებდა, რათა გამოეხატა გულისწყრომა ყოფიერების მიმართ. ის ისე იქცეოდა, თითქოს ვიღაც სხვა იყო პასუხისმგებელი. იგივე ხდება კაენისა და აბელის ისტორიაში. კაენის მსხვერპლშეწირვები უარყოფილია. ის ტანჯვაში ცხოვრობს. ის უხმობს ღმერთს და გამოცდას უწყობს მის მიერ შექმნილ ყოფიერებას. ღმერთი უარყოფს მის მიმართვას. ის ეუბნება კაენს, რომ მისი გასაჭირი საკუთარი თავითვეა გამოწვეული. განრისხებული კაენი კლავს აბელს, ღმერთის რჩეულს (და სინამდვილეში, კაენის სათაყვანებელ ადამიანს). კაენი, რა თქმა უნდა, ეჭვიანობს მის წარმატებულ ძმაზე, მაგრამ ის აბელს უმთავრესად ღმერთის ჯიბრზე ანადგურებს. ეს ყველაზე სწორი ვერსიაა იმისა, თუ რა ხდება, როდესაც ადამიანის შურისძიება უკიდურეს საზღვრებს აღწევს.

პანზრამის საპასუხო ქმედება იდეალურად იყო გასაგები. მისი ბიოგრაფიის დეტალები ამჟღავნებს, რომ იგი ტოლსტოის მსგავს ძლიერ და ლოგიკურად თანმიმდევრულ ადამიანთა ტიპს მიეკუთვნება. ის იყო ძლიერი, თანმიმდევრული, უშიშარი დამნაშავე. ის იყო ერთგული საკუთარი მრწამსისა. როგორ შეეძლო მის მსგავს ადამიანს მიეტევებინა და დაევიწყებინა ის, რაც თავს გადახდა? ადამიანებს ნამდვილად საშინელი რაღაცები ემართებათ. არ არის გასაკვირი, რომ შურისძიებისაკენ მიილტვიან. ასეთ მდგომარეობაში შურისძიება მორალურ საჭიროებას წარმოადგენს. როგორ განვასხვავოთ ის სამართლიანობის მოთხოვნისაგან? საშინელი სისასტიკის გადატანის შემდეგ, ხომ არ არის მიტევება უბრალოდ სიმხდალე ან ნებისყოფის ნაკლებობა? ასეთი შეკითხვები მაწამებდა. მაგრამ ადამიანები საშინელი წარსულის გადატანის შემდეგ აკეთებენ სიკეთეს და არა ბოროტებას, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი დაგვირგვინება ზეჰუმანურად შეიძლება ჟღერდეს.

შევხვედრილვარ ადამიანებს, ვინც ამის გაკეთება მოახერხა. ვიცი ერთი მამაკაცი, უდიდესი მხატვარი, ისეთი „სკოლიდან“წარმოჩინდა, როგორსაც პანზრამი აღწერს - მაგრამ ეს კაცი ამგვარ სიტუაციაში ჩავარდა უმანკო ხუთი წლის ასაკის, საავადმყოფოში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნიდან გამოსვლისთანავე, სადაც ის წითელათი, ყბაყურათი და ჩუტყვავილათი ერთდროულად იტანჯებოდა. სკოლის ენაზე საუბრის უუნარო, ოჯახიდან განზრახ მოშორებული, ძალადობის მსხვერპლი, ნაშიმშილები და სხვადასხვაგვარად ნაწამები, გარეთ გამოვიდა, როგორც განრისხებული, გატეხილი ახალგაზრდა. ის ძალიან ვნებდა თავს ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და თვითგანადგურების სხვა ქმედებებით. მას სძაგდა ყველა - ღმერთი, საკუთარი თავი და ბრმა ბედისწერა. მაგრამ მან წერტილი დაუსვა ამ ყველაფერს. შეწყვიტა სმა. შეწყვიტა სიძულვილი (თუმცა ის, ზოგჯერ ჯერ კიდევ იჩენს-ხოლმე თავს უცაბედად). მან გააცოცხლა თავისი მშობლიური, ტრადიციული მხატვრული კულტურა და გამოწვრთნა ახალგაზრდა მოსწავლე, რომ მის კვალს გაჰყოლოდა. მან შექმნა ორმოცდაათი ფუტის სიმაღლის ტოტემთა სვეტი, შემცველი თავისი ცხოვრებისეული მოვლენებისა და ორმოცი ფუტის სიგრძის კანოე, ერთადერთი მორისაგან, რომელიც დღესდღეობით იშვიათ ნაკეთობას წარმოადგენს. მან შეკრიბა ოჯახის წევრები და გამართა ფოთლაჩი (ჩრ. ამერიკელ ინდიელთა დღესასწაული - მთარგმნ. შენიშვნა) თექსვმეტსაათიანი ცეკვითა და ასობით თანამონაწილით, რათა გამოეხატა თავისი დარდი და მშვიდობა დაემყარებინა წარსულთან. მან გადაწყვიტა ყოფილიყო კარგი ადამიანი და შემდეგ ამგვარი ცხოვრებისათვის საჭირო, წარმოუდგენელი ქმედებები ჩაიდინა.

მყავდა ერთი კლიენტი, რომელსაც კარგი მშობლები არ ჰყავდა. დედამისი მაშინ გარდაიცვალა, როცა გოგონა ძალიან ახალგაზრდა იყო. მისი აღმზრდელი ბებია იყო ანჩხლი, ღვარძლიანი და გარეგნულად ზედმეტად მზრუნველი ქალი. ის სასტიკად ეპყრობოდა შვილიშვილს და სჯიდა მას თავისი ღირსებების, კრეატიულობის, სენსიტიურობის, საზრიანობის გამო და არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა აღშფოთების გამოხატვას თავისი შვილიშვილის უდავოდ მძიმე ცხოვრებაზე. გოგონას უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა მამასთან, თუმცა ის ძლიერ ნარკოდამოკიდებული იყო და მაშინ გარდაიცვალა, როცა შვილი უვლიდა. ჩემს კლიენტს შვილი ჰყავდა, რომელსაც არ აგრძნობინებდა ამ ყველაფერს. მისი შვილი სანდო, დამოუკიდებელი, მშრომელი და ჭკვიანი გაიზარდა. ნაცვლად იმისა, რომ გაედიდებინა კუთვნილი გასაჭირი და სხვაზეც გაევრცელებინა ის, ჩემმა კლიენტმა მოახდინა ამ ყველაფრის იზოლირება. მან უკუაგდო წინაპართა ცოდვები. ასეთი რამ შესაძლებელია.

nietzsche

ტანჯვა, ფსიქიკური, ფიზიკური, თუ ინტელექტუალური, არ საჭიროებს ნიჰილიზმს (ეს არის ღირებულების, მნიშვნელობისა და სასურველობის უარყოფა). ამგვარი ტანჯვა ყოველთვის მთელი რიგი განმარტებების საშუალებას გვაძლევს.

ეს სიტყვები ნიცშემ დაწერა. ის გულისხმობდა შემდეგს: ადამიანებს, რომლებმაც ბოროტება გადაიტანეს, შესაძლოა ჰქონდეთ მისი გახანგრძლივების სურვილი, რათა სხვებსაც გაუნაწილონ ის. თუმცა, ცუდი გამოცდილებიდან კარგის სწავლაც შესაძლებელია. ჩაგრულმა ბიჭმა, შეიძლება თავის მწამებელს მიბაძოს, თუმცა მას ასევე შეუძლია ისწავლოს საკუთარი ჩაგვრიდან გამომდინარე, რომ არასწორია უხეშად მოეპყრო ადამიანებს და მათი ცხოვრება უბედური გახადო. ვიღაცას, დედისაგან ნატანჯს, შეუძლია ისწავლოს საკუთარი საშინელი გამოცდილებისგან, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იყო კარგი მშობელი. ბევრი, ალბათ უმეტესობაც კი იმ მოზარდებისა, ვინც ბავშვებზე ძალადობს, თავად იყვნენ ჩაგრულნი ბავშვობაში. თუმცა, მათი უმეტესობა, ვისზეც ბავშვობაში ძალადობდნენ, არ ძალადობენ საკუთარ შვილებზე. ეს დამტკიცებული ფაქტია, რომელიც მარტივად, არითმეტიკულად შეიძლება თვალსაჩინო გავხადოთ ამგვარად: თუ ერთი მშობელი ძალადობდა სამ ბავშვზე და ამ ბავშვებიდან თითოეულს სამი შვილი ჰყავს, და ა.შ. მაშინ პირველ თაობაში სამი მოძალადე უნდა იყოს, მეორეში - ცხრა, მესამეში - ოცდაშვიდი, მეოთხეში - ოთხმოცდაერთი და ა.შ. ექსპონენციურად. ოცი თაობის შემდეგ ოც მილიარდზე მეტი ბავშვი იქნებოდა ჩაგვრის მსხვერპლი: იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე დღესდღეობითაა პლანეტაზე. მაგრამ პირიქით, ჩაგვრა ქრება თაობებში. ადამიანები ზღუდავენ მის გვარცელებას. ეს არის დასტური იმისა, რომ ადამიანის გულში სიკეთე ნამდვილად დომინირებს ბოროტებაზე.

შურისგების მძაფრი სურვილი, თუნდაც სამართლიანი, კეტავს სხვა პროდუქტიული ფიქრებისაკენ მიმავალ გზას. თუ რატომ, ამერიკელ/ინგლისელმა პოეტმა ტ.ს. ელიოტმა ახსნა, მის პიესაში The Cocktail Party. მისი ერთ-ერთი ქალი პერსონაჟი არ იღებს სიამოვნებას ამისგან. ის ფსიქიატრთან უბედურების ძლიერ განცდაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ იმედოვნებს, რომ ეს ტანჯვა თავისი ბრალია. ფსიქიატრი განცვიფრებულია, ეკითხება თუ რატომ ფიქრობს ასე. მას ამაზე ხანგრძლივად და ინტენსიურად აქვს ნაფიქრი, ის ამბობს, რომ მივიდა შემდეგ დასკვნამდე: თუ ეს მისი ბრალია, მაშინ შეეძლება რამე მოუხერხოს. თუ ეს ღმერთის ბრალია და მიუხედვად ამისა, თავად რეალობა მაინც მანკიერია, რაც ქალის გასაჭირით მტკიცდება, მაშინ ის განწირულია. ქალს არ შეეძლო თავად რეალობის სტრუქტურის შეცვა, მაგრამ ალბათ შეეძლო შეეცვალა პირადი ცხოვრება.

Aleksandr Solzhenitsyin

ალექსანდრ სოლჟენიცინს ყოველგვარი მიზეზი ჰქონდა იმისათვის, რომ კითხვის ქვეშ დაეყენებინა არსებობის სტრუქტურა, როცა ის საშინელი მეოცე საუკუნის შუა წლებში, საბჭოთა შრომა-გასწორების ბანაკში გამოკეტეს. ის ჯარისკაცად მსახურობდა რუსეთის ცუდად მომზადებულ წინა რიგებში, ნაცისტების შემოსევის მიუხედავად. ის დააკავა, სცემა და ციხეში ჩასვა საკუთარმა ხალხმა. შემდეგ ამ ყველაფერს ავთვისებიანი სიმსივნეც დაემატა. შესაძლებელი იყო, რომ გულისწყრომითა და ბოღმით სავსე გამხდარიყო. მისი ცხოვრება გააუბედურა ისტორიის ორივე ყველაზე საშინელმა ტირანმა, ჰიტლერმა და სტალინმა. სოლჟენიცინი საშინელ პირობებში ცხოვრობდა. მისი ძვირფასი დროის უდიდესი ნაწილი მოპარეს და ფუჭად გააფლანგვინეს. ის მომსწრე გახდა თავისი ნაცნობებისა და მეგობრების უაზრო და დამაკნინებელი ტანჯვისა და სიკვდილისა. შემდეგ უკიდურესად მძიმე დაავადება შეეყარა. სოლჟენიცინს ჰქონდა მიზეზი ღმერთი ეწყევლა. თუმცა დროც არ ეყოფოდა ამისთვის.

მაგრამ უდიდესი მწერალი, სიმართლის შეუდრეკლად დამცველი, არ რთავდა ნებას საკუთარ გონებას, შურისძიებისა და განადგურებისაკენ წასულიყო. ამის მაგივრად თვალებს ფართოდ ახელდა. მისი უამრავი სირთულის განმავლობაში, სოლჟენიცინი წააწყდა ადამიანებს, რომლებიც შიშის მომგვრელ გარემოებებში თავიანთ თავს სულგრძელად ეპყრობოდნენ. ის ღრმად აკვირდებოდა მათ ქცევებს, შემდეგ კი საკუთარ თავს ყველაზე რთულ კითხვებს უსვამდა: ეწირებოდა თავად, თავისივე ცხოვრებისეულ კატასტროფას? და თუ ასეა, როგორ? მას ახსოვდა ახალგაზრდობის წლებში კომუნისტური პარტიისადმი თავისი ეჭვქვეშ დაუყენებელი მხარდაჭერა. მან ხელახლა გადახედა მთელ თავის ცხოვრებას. ამისათვის ბანაკებში საკმაოდ დიდი დრო ჰქონდა. როგორ გამორჩა ნიშნები წარსულში? რამდენჯერ მოიქცა საკუთარი სინდისის წინააღმდეგ, იმ ქმედებების ჩადენით, რაც იცოდა რომ არასწორი იყო? რამდენჯერ მოატყუა და უღალატა საკუთარ თავს? არსებობდა რაიმე გზა, რომ მისი წარსულის ცოდვები გამოსწორებულიყო, გამოსყიდულიყო საბჭოთა კავშირის ჭუჭყიან გულაგში? (გულაგი - Гла́вное управле́ние лагере́й и мест заключе́ния - შრომით-გამოსასწორებელი ბანაკებისა და კოლონიების მთავარი სამმართველო. მთარგმნ. შენიშვნა)

სოლჟენიცინმა გულდასმით შეისწავლა თავისი ცხოვრების დეტალები, საცერში გაატარა ყოველივე. მან თავს მეორე შეკითხვა დაუსვა, შემდეგ მესამე. შემიძლია შევაჩერო ამგვარი შეცდომების დაშვება ახლა? შემიძლია გამოვასწორო ჩემს წარსულში დაშვებული შეცდომები ახლა? მან ისწავლა ყურება და მოსმენა. მან იპოვა ადამიანები, რომლებითაც აღფრთოვანდა, რომლებიც პატიოსანნი იყვნენ, მიუხედავად ყველაფრისა. მან ნაწილ-ნაწილ დაშალა საკუთარი თავი, ყველაფერ უსარგებლოსა და საზიანოს სიკვდილის ნება მისცა და აღიდგინა თავი. შემდეგ მან დაწერა The Gulag Archipelago, ისტორია საბჭოთა საპატიმრო ბანაკის სისტემისა. ეს ძლიერი, საშინელი წიგნია, დაწერილი შეულამაზებელი სიმართლის დაუძლეველი მორალური ძალით. მისი მეტისმეტი აღშფოთება გამოსჭვიოდა ასობით გვერდზე. აკრძალული სსრკ-ში , დასავლეთში ფარულად შეიტანეს 1970-იან წლებში და იქიდან მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სოლჟენიცინის ნაწერმა სრულიად და საბოლოოდ დაანგრია კომუნიზმის ინტელექტუალური სარწმუნოობა, როგორც იდეოლოგიის ან კავშირის. მან ძირში მოჭრა ხე, რომლის ღვარძლიანი ნაყოფიც ასე უვარგისად კვებავდა მას - და რომლის დარგვის მოწმე და მხარდამჭერიც თავად იყო.

ერთი კაცის გადაწყვეტილებამ, ბედისწერის წყევლის ნაცვლად, შეეცვალა საკუთარი ცხოვრება, სრულიად შეძრა კომუნისტური ტირანიის მთელი პათოლოგიური სისტემა. ის მთლიანად დაიშალა არც თუ ისე ბევრი წლის შემდეგ და სოლჟენიცინის სიმამაცეს ამაში არც თუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის. ის ერთადერთი ადამიანი არ იყო, ვინც ამგვარი სასწაული ჩაიდინა. გონებაში ამოტივტივდა ვაცლავ ჰაველი, დევნილი მწერალი, ვინც მოგვიანებით, სასწაულებრივად ჯერ ჩეხოსლოვაკიის, ხოლო შემდეგ ჩეხეთის ახალი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა. ასევე მახსენდება მაჰათმა განდი.

ყველაფერი ინგრევა

ადამიანები მტკიცედ ამბობენ უარს რეალობის განსჯაზე, ყოფიერების გაკრიტიკებასა და ღმერთის დადანაშაულებაზე. საინტერესოა ძველი აღთქმის ებრაელების ამ მოსაზრებასთან მიმართებაში განხილვა. მათი მძიმე ყოფა თანმიმდევრულ მოდელს მიჰყვებოდა. ადამისა და ევას, კაენისა და აბელის, ნოესა და ბაბილონის გოდოლის ისტორიები ნამდვილად უძველესია. მათი სათავე დროის მისტერიებში ჩაიკარგა. მხოლოდ წარღვნის ამბის შემდეგ იწყება ნამდვილად ისტორიის მსგავსი რამ, როგორადაც ჩვენ ისტორია გვესმის. ის იწყება აბრაამისაგან. მისი შთამომავლები ხდებიან ებრაელი ხალხი ძველი აღთქმისა, ასევე ცნობილის, როგორც ებრაული ბიბლია. მათ შეთანხმებას მიაღწიეს იაჰვესთან, ღმერთთან და დაიწყეს თავიანთი კარგად ცნობილი ისტორიული თავგადასავლები.

დიდებული კაცის ლიდერობის საშუალებით, ებრაელებმა თავიანთი თავის ჯერ საზოგადოებად, ხოლო შემდეგ იმპერიად ჩამოყალიბება მოახდინეს. იღბლის ზრდასთან ერთად, წარმატება ზრდის მათ სიამაყესა და ამპარტავნებას. იზრდება გარყვნილება. სულ უფრო მეტად თავხედური მდგომარეობა, მართული ძალის მიერ, ივიწყებს თავის ვალდებულებას ქვრივებისა და ობლების მიმართ და შორდება ღმერთთან მიღწეულ, უძველეს შეთანხმებას. გამოჩნდება წინასწარმეტყველი. ის მოურიდებლად აძაგებს ავტორიტალურ მეფეს და ურწმუნო ქვეყანას თავიანთი შეცდომებისათვის, სანამ ღმერთი, ბრმა გამბედაობის გამოხატულება, ეტყოდეთ მათ მოსალოდნელ საშინელ სამსჯავროზე. მისი სიტყვები სრულიად არ „დაუიგნორებიათ“, ძალიან გვიან მიაქციეს ყურადღება. ღმერთი მოულოდნელ დარტყმას აყენებს თავის ურჩ ხალხს, სწირავს მათ ბრძოლაში უბადრუკად დასამარცხებლად და თაობების განმავლობაში მონობისათვის. ებრაელები ბოლოსდაბოლოს ინანიებენ ცოდვებს, ღვთის სიტყვისაგან გადახვევაში უიღბლობას ადანაშაულებენ. დაჟინებით უმტკიცებენ საკუთარ თავს, რომ უკეთესად შეეძლოთ მოქცევა. ისინი ხელახლა აშენებენ სახელმწიფოს და წრეც ხელახლა იწყება.

ეს არის ცხოვრება. ჩვენ ვაგებთ სტრუქტურებს, რათა ვიცხოვროთ მათში. ჩვენ ვქმნით ოჯახებს, მდგომარეობებსა და ქვეყნებს. ჩვენ ვახდენთ პრინციპების აბსტრაგირებას, რაც დაფუძნებული და ფორმულირებულია რწმენის სისტემაზე. თავიდან ვცხოვრობთ ამ სტრუქტურებსა და რწმენებში, როგორც ადამი და ევა - სამოთხეში, მაგრამ წარმატება თვითკმაყოფილს გვხდის. ჩვენ ვივიწყებთ ყურადღების მიქცევას. ვიღებთ იმას, რაც თავისთავად გვაქვს. ვააქტიურებთ ბრმა თვალს. ვეღარ ვამჩნევთ, რომ გარემოებები იცვლება, ან გარყვნილება ფესვებს იდგამს. და ყველაფერი ინგრევა. ეს ღმერთის დანაშაულია თუ რეალობა? თუ იმიტომ ინგრევა ყველაფერი, რომ საკმარისი ყურადღება არ მივაქციეთ?

maxresdefault

როდესაც ნიუ ორლეანს ქარიშხალი დაატყდა თავს და ქალაქი ტალღებში ჩაიძირა, ეს ბუნებრივი კატასტროფა იყო? ჰოლანდიელებმა თავიანთი ჯებირები ათიათასი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შტორმისათვის მოამზადეს. ნიუ ორლეანს რომ მათი მაგალითისათვის მიებაძა, ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ეს არ არის ის შემთხვევა, რომელიც არავინ იცის. 1965 წლის წყალდიდობის აქტის მიხედვით ოფიციალურად დადგინდა ჯებირის აგების გაუმჯობესების მეთოდები, რომელიც პონჩარტინის ტბას აკავებდა. სისტემა უნდა დასრულებულიყო 1978 წელს. ორმოცი წლის შემდეგ, სამუშაოს მხოლოდ 60 პროცენტი იყო შესრულებული. ქალაქი გაანადგურა ნებაყოფლობითმა სიბრმავემ და კორუფციამ.

ქარიშხალი ღმერთის ქმედებაა. მაგრამ ცუდად მომზადება, როდესაც მზადების საჭიროება კარგადაა ცნობილი, არის ცოდვა. ეს არის წარუმატებლობა. და ცოდვის საზღაური სიკვდილია (რომაელთა 6:23). უძველესი ებრაელები ყოველთვის ადანაშაულებდნენ თავს, როდესაც მოვლენები ცუდად ვითარდებოდა. ისინი ისე იქცეოდნენ, თითქოს ღმერთის ღვთიურობა - რეალობის ღვთიურობა - იყო აქსიომატური და თავიანთ შეცდომებზე თავადვე იღებდნენ პასუხისმგებლობას. ეს დაუჯერებელი პასუხისმგებლობაა. თუმცა არსებობს ალტერნატივა, რეალობის, როგორც არადამაკმაყოფილებლის განსჯა, თავად ყოფიერების გაკრიტიკება და ბრაზსა და შურისძიებაში ჩაფლობა.

თუ იტანჯებით, კარგი, ეს ნორმალურია. ადამიანები შეზღუდულნი, ცხოვრება კი ტრაგიკულია. თუ თქვენი ტანჯვა გაუსაძლისია, და მაინც, თქვენ იწყებთ გარყვნას, რაღაცაზე უნდა დაფიქრდეთ.

დაალაგეთ თქვენი ცხოვრება

დაფიქრდით თქვენს გარემოებებზე. დაიწყეთ მცირედით. სრულად გამოიყენეთ შემოთავაზებული შესაძლებლობები. ბეჯითად მუშაობთ თქვენი კარიერისათვის, ან თქვენი პროფესიისათვის, თუ საშუალებას აძლევთ ბოღმასა და აღშფოთებას უკან დაგხიოთ და დაგამარცხოთ? მშვიდობა გაქვთ დამყარებული თქვენს ძმასთან? თქვენს მეუღლესა და შვილებს ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობით? გაქვთ ჩვევები, რომლებიც თქვენს საერთო მდგომარეობასა და ჯანმრთელობას ანადგურებენ? ნამდვილად იღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას? ნათქვამი გაქვთ თქვენი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვის ის, რისი თქმაც საჭირო იყო? არსებობს ისეთი რამეები, რაც შეგეძლოთ გაგეკეთებინათ, იცით, რომ უნდა გაგეკეთებინათ და ეს თქვენ გარშემო არსებულ სიტუაციას გააუმჯობესებდა?
მოწესრიგებული გაქვთ საკუთარი ცხოვრება?

თუ პასუხი არის არა, აი რა უნდა სცადოთ: დაიწყეთ იმ ქმედებების შეწყვეტა, რომელიც არასწორაც მიგაჩნიათ. დაიწყეთ დღეს. არ გაფლანგოთ დრო იმის კითხვაში, თუ საიდან იცით, რომ რასაც აკეთებთ არასწორია, თუ ამაში დარწმუნებული ხართ. შეუფერებელმა კითხვებმა შეიძლება დაგაბნიოთ, ვერც ცოდნა მოგცეთ და ქმედებაზეც უარი გათქმევინოთ. თქვენ შეგიძლიათ იცოდეთ, რომ რაღაც სწორია ან მცდარი, მიზეზის ცოდნის გარეშეც. მთელ თქვენს ცხოვრებას შეუძლია გითხრათ რაღაც, რასაც ვერც ახსნით და ვერც სახელს დაარქმევთ. თითოეული ადამიანი მეტისმეტად რთულია იმისათვის, რომ სრული ცოდნა ჰქონდეს საკუთარ თავზე და ჩვენ ყველას გვაქვს სიბრძნე, რომელსაც ვერ ვიგებთ.

can

ასე, უბრალოდ გაჩერდით, როდესაც იგრძნობთ, თუნდაც ბუნდოვნად, რომ უმჯობესია გაჩერდეთ. შეწყვიტეთ კონკრეტული, საზიზღარი ქმედება. შეწყვიტეთ ისეთი რაღაცების თქმა, რომელიც გასუსტებთ და გარცხვენთ. მხოლოდ ის თქვით, რაც გაძლიერებთ. მხოლოდ ისეთი რაღაცები აკათეთ, რომლებზეც პატივისცემით შეგიძლიათ ისაუბროთ.

შეგიძლიათ განსჯის საკუთარი სტანდარტები გამოიყენოთ. ხელმძღვანელობისთვის შეგიძლიათ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. არ უნდა დარჩეთ გარკვეული გარეგანი, თვითნებული ქცევის კოდის მიმდევარი (თუმცა, არ უნდა გამოგრჩეთ თქვენი კულტურის სახელმძღვანელო პრინციპები. ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ არ გაქვთ დრო, რომ ყველაფერი თავად გამოარკვიოთ. წარსულის სიბრძნე რთულადაა მოპოვებული და თქვენს გარდაცვლილ წინაპრებს ექნებოდათ რაღაც გამოსადეგი სათქმელი თქვენთვის).

ნუ დაადანაშაულებთ კაპიტალიზმს, რადიკალურ მემარცხენეობას ან თქვენი მტრების გადამეტებულ უსამართლობას. ნუ მოახდენთ მდგომარეობის რეორგანიზებას მანამ, სანამ პირად გამოცდილებას არ მოაწესრიგებთ. იქონიეთ თავმდაბლობა. თუ არ შეგიძლიათ მშვიდობა დაამყაროთ თქვენს კარ-მიდამოზე, როგორ ბედავთ ქალაქის მართვას? მიეცით საშუალება თქვენს სულს წინ გაგიძღვეთ. დააკვირდით რა ხდება დღეებისა და კვირების განმავლობაში. როცა სამსახურში იქნებით, დაიწყებთ იმის საუბარს, რასაც რეალურად ფიქრობთ. დაიწყებთ იმის თქმას თქვენი ცოლის, ქმრის, შვილებისა თუ მშობლებისათვის, რაც ნამდვილად გსურთ და გჭირდებათ. როდესაც იცით, რომ რაღაც გაუკეთებელი დაგრჩათ, გააკეთებთ რამეს უმოქმედობის გამოსასწორებლად. თქვენი ტვინი დასუფთავებას დაიწყებს, როგორც კი მის ტყუილებით ავსებას შეწყვეტთ. თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება წინ წაიწევს, როგორც კი შეწყვეტთ არაავთენტური ქმედებებით მის დამახინჯებას. შემდეგ დაიწყებთ ახალი, მეტად დახვეწილი მოვლენების აღმოჩენას, რომლებსაც არასწორად აკეთებთ. შეწყვიტეთ მათი კეთებაც. თვეებისა და წლების განმავლობაში განხორციელებული გულმოდგინე ძალისხმევის შემდეგ, თქვენი მეუღლე უბრალო და ნაკლებად რთული გახდება. თქვენი განსჯა გაუმჯობესდება. თქვენ გაათავისუფლებთ თქვენს ჩახლართულ წარსულს. გახდებით უფრო ძლიერი და ნაკლებად გესლიანი, უფრო დამაჯერებლად შეაბიჯებთ მომავალში. შეწყვეტთ თქვენი ცხოვრების უსარგებლოდ გართულებას. შემდეგ დარჩებით ცხოვრების გარდაუვლად ასატან ტრაგედიებთან, მაგრამ ისინი აღარ იქნება გაღრმავებული ბოღმითა და სიცრუით.

ალბათ აღმოაჩენთ, რომ თქვენი ნაკლებად-გარყვნილი სული იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ახლა მზადაა ზიდოს ეს დარჩენილი, აუცილებელი, მინიმალური, თავდაუღწეველი ტრაგედიები. იქნებ ისიც კი ისწავლოთ, რომ პირისპირ შეეჩეხოთ მათ ისე, რომ ისინი დარჩნენ ტრაგიკულნი, უბრალოდ ტრაგიკულნი, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთურობაში გადაიზარდონ. იქნებ, თქვენი შფოთვა, უიმედობა, უკმაყოფილება და ბრაზი, თუნდაც მკვლელობისაკენ მიდრეკილი, შემცირდეს. ალბათ თქვენი შეურყვნელი სული ამგვარ ყოფას ჩათვლის, როგორც კარგ, აღსანიშნავ მოვლენას, თქვენი დაუცველობის წინაშეც კი. იქნებ უდიდესი ძალა იგრძნოთ მშვიდობის დასამყარებლად და ყოველივე საუკეთესოსათვის.

შემდეგ, შესაძლოა, დაინახოთ, რომ ყველა რომ ამგვარად მოქცეოდა საკუთარ ცხოვრებას, სამყარო შეწყვეტდა ბოროტების სავანედ ყოფნას. ამის შემდეგ, მცდელობის გაგრძელებით, იქნებ ეს ადგილი აღარ ყოფილიყო ასეთი ტრაგიკული. ვინ იცის, როგორი იქნებოდა ყოფიერება, ყველა რომ საუკეთესოსაკენ ვისწრაფოდეთ? ვინ იცის, როგორ სამარადისო სამოთხეებს შექმნიდნენ ჩვენი სულები, სიმართლის მიერ განწმენდილს, ზეცისაკენ მისწრაფებულს, სწორედ აქ, დაცემულ დედამიწაზე?
მოაწესრიგეთ იდეალურად თქვენი სახლი, სანამ სამყაროს გააკრიტიკებთ.

გაგრძელება იქნება...

გსურთ, რომ მსგავსი საინტერესო წიგნები ითარგმნოს? მაშინ შეიტანეთ თქვენი წვლილი და დაეხმარეთ MAGMA-ს.

მსგავსი სტატიები

იუნგის არქეტიპები და მეფე ლომი


ავტორი: ჯორდან პიტერსონი ტრანსკრიბცია ლექციიდან (მოკლე ვერსია) ორ...

რაიხის “კუნთოვანი ჯავშანი” და “ორგონული ენერგია”


 ავტორი: მამუკა გურული   „ნებისმიერი სერიოზული კონფლი...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი III)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე შესავა...

იუნგის არქეტიპები


 იუნგის თეორიის თანახმად, ცოცხალ ბუნებაში ყველა პროცესს არქეტი...

ჯორდან პიტერსონი: რატომ არიან ახალგაზრდები განაწყენებულები და ცინიკურები


ტრანსკრიბცია ჯორდან პიტერსონის ვიდეოდან (ვიდეო იხ. ტექსტის ბოლო...

ცნობიერების რაობა და სტრუქტურა


რა არის ცნობიერება? ცნობიერების განსაზღვრება რთულია, რადგან ეს შ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff