ხორხე ლუის ბორხესი -

woody180
ხელოვნება
0
0

მთარგმნელი: თამარ მელიქიძე

რკინის ციხე ღრმაა; მისი ფორმა, თითქმის სრულყოფილ ნახევარსფეროს წააგავს, თუმცა იატაკი (ასევე ქვის) გარკვეულწილად, დიდ წრეზე უფრო ნაკლებია, რაც, რაღაცნაირად ამძაფრებს ჩაგვრისა და სივიწროვის შეგრძნებებს. გამყოფი კედელი მას ცენტრში ჭრის; ეს კედელი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალია, სარდაფის ზედა ნაწილს ვერ აღწევს; ერთ საკანში ვარ მე, ცინაკანი, კაჰოლომის პირამიდის ჯადოქარი, რომელიც პედრო დე ალვარადომ გაანადგურა ცეცხლით; მეორეში იაგუარია, რომელიც საიდუმლო ნაბიჯებით ზომავს თავისი გალიის დროსა და სივრცეს. გისოსებიანი გრძელი ფანჯარა, იატაკთან ერთად, ჭრის ცენტრალურ კედელს. უაჩრდილო საათის დროს [შუადღისას] მაღალი ჭერი იხსნება და ციხის თანამშრომელი, წლების მანძილზე თანდათან გაუსახურებული, თოკით გვაწვდის წყლის დოქებსა და ხორცის ნაჭრებს. ამ დროს შუქი აღწევს სიბნელეში; მე შემიძლია დავინახო იაგუარი.

მე დავკარგე სიბნელეში გატარებული წლების რაოდენობის ათვლა; მე, რომელიც ერთ დროს ახალგაზრდა ვიყავი და ამ ციხეში გადავაადგილდებოდი, აღარ ძალმიძს არაფერი გარდა იმისა, რომ ერთ პოზაში დაველოდო სიკვდილს, დასასრულს, რომლისთვისაც ღმერთებმა გამწირეს. მჭრელი ბაზალტის დანით ამომიჭრია მსხვერპლშესაწირად ადამიანთა მკერდები და ახლა, მაგიის გარეშე, მტვრიდანაც კი ვერ შევძლებდი წამოდგომას. 

პირამიდის დაწვის წინა დღეს, კოშკისებრი ცხენებიდან ჩამოსული კაცები მაწამებდნენ ცეცხლოვანი ლითონებით, რათა გამემჟღავნებინა ფარული განძის ადგილსამყოფელი. მათ ჩემს თვალწინ დაანგრიეს ღმერთის კერპი, მაგრამ მან არ მიმატოვა და მე უხმოდ ვუძლებდი ტანჯვას. მათ მაწამეს, მათ გამტეხეს და დამამახინჯეს, და შემდგომ მე აღმოვჩნდი ამ ციხეში, საიდანაც ცოცხალი ვეღარასდროს გამოვალ. 

რაღაცის კეთების აუცილებლობის ბიძგით, დროის როგორმე შევსების მიზნით, ჩემს სიბნელეში, შევეცადე გონებით ყველაფრის აღორძინება რაც კი ოდესღაც ვიცოდი. დაუსრულებელი ღამეები მივუძღვენი ქვაზე გამოკვეთილი გველების რაოდენობის ან სამედიცინო ხეების თვისებების ზუსტი ფორმების გახსენებას.თანდათანობით, ამ გზით, დავიმორჩილე წარსული წლები; თანდათანობით, ამ გზით, მე გავხდი მესაკუთრე იმისა, რაც უკვე ჩემი იყო. 

ერთ ღამეს ვიგრძენი, რომ ინტიმური მოგონების ზღურბლს ვუახლოვდებოდი; სანამ ზღვას დაინახავს, მოგზაური გრძნობს სისხლის აღზევებას. რამდენიმე საათის შემდეგ დავიწყე მოგონების მონახაზის აღქმა. ეს იყო ღმერთის ტრადიცია. ღმერთმა, იმის განჭვრეტით, რომ დროის დასასრულს დაიწყებოდა განადგურება და ნგრევა, შექმნის პირველივე დღეს დაწერა ჯადოსნური წინადადება, რომელსაც შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს ბოროტებანი. მან ეს იმგვარად დაწერა, რომ ნახაზი მიაღწევდა ყველაზე შორეულ თაობებსაც კი და შემთხვევითობა ვერ შეძლებდა მის დამახინჯებას. არავინ იცის სად დაიწერა და არც რა სიმბოლოებით, მაგრამ უტყუარია, რომ ის არსებობს, ფარულად, და რომ რჩეულმა უნდა შეძლოს მისი წაკითხვა. ჩავთვალე, რომ ახლა, როგორც ყოველთვის, დროის მიწურულს ვიმყოფებოდით და რომ ჩემი ბედი, როგორც ღმერთის უკანასკნელი მსახურისა, იყო ხელნაწერზე ინტუიციური წვდომის პრივილეგია. ის ფაქტი, რომ ციხეში ვიყავი გამომწყვდეული, არ მართმევდა იმედს. ალბათ მე ათასჯერ მქონდა ნანახი ქაჰოლომის დამწერლობა და ამის გააზრება მჭირდებოდა მხოლოდ.

ამ აზრმა გამამხნევა და შემდეგ ერთგვარი თავბრუსხვევა ჩამინერგა. მთელს დედამიწაზე არსებობს უძველესი ფორმები, ფორმები უხრწნელი და მარადიული; ნებისმიერი მათგანი შეიძლებოდა ყოფილიყო სიმბოლო, რომელსაც ვეძებდი. მთა შეიძლება იყოს ღვთის მეტყველება, ან მდინარე ან იმპერია ან თანავარსკვლავედების განლაგება. მაგრამ დროთა განმავლობაში მთები ჩამოიშლება და მტვრად იქცევა, მდინარე იცვლის მიმართულებას , იმპერიები განიცდიან მუტაციას და ქაოსს და თანავარსკვლავედის განლაგება იცვლება. ცვლილებაა საფუძველში. მთა და ვარსკვლავი ინდივიდებია, და ინდივიდები იღუპებიან. ვეძებდი რაიმე უფრო გამძლეს, უფრო ურღვევს. ვფიქრობდი მარცვლეულის, ბალახების, ფრინველების, კაცთა თაობებზე. შესაძლოა მაგია დაიწერა ჩემს სახეზე, შესაძლოა მე თავად ვიყავი ჩემი ძიების დასასრული. შფოთვამ შემიპყრო იმის გახსენებაზე, რომ იაგუარი ღმერთის ერთ-ერთი ატრიბუტი იყო. 

ჩემი სული მწუხარებით აივსო. დროის პირველი დილა წარმოვიდგინე; მე წარმოვიდგინე, რომ ჩემმა ღმერთმა თავისი გზავნილი მიანდო ცოცხალი იაგუარების კანს, რომლებსაც ეყვარებათ და უსასრულოდ გამრავლდებიან, გამოქვაბულებში, ლერწმის მინდვრებში, კუნძულებზე, რათა უკანასკნელ ადამიანებამდე მიიტანონ ეს ნახაზი. მე წარმოვიდგინე ვეფხვების ის ქსელი, ვეფხვთა გაერთიანების ის ლაბირინთი, რომლებიც ატერორებენ საძოვრებსა და ფარებს, რათა შეინარჩუნონ მონახაზის პირვანდელი სახე. მეორე საკანში იყო იაგუარი; მისი სიახლოვით მე შევიგრძენი ჩემი ვარაუდის დასტური და ღვთის იდუმალი მადლი. 

მრავალი წლები დავუთმე ლაქების თანმიმდევრობის და განლაგების შესწავლას. სიბნელის თითოეულ პერიოდს მოყვებოდა წამიერი სინათლის შუქი, და ამგვარად, მე ვახერხებდი ყვითელ ბეწვში გამავალი შავი ფორმების დალაგებას გონებაში. 
ზოგი მათგანი მოიცავდა წერტილებს, სხვები ქმნიდნენ ჯვარედინ ხაზებს ფეხების შიდა მხარეს; ზოგიც, ბეჭდის ფორმის, უსასრულოდ მეორდებოდნენ. შესაძლოა ეს იყო ერთი ბგერა ან ერთი სიტყვა. ბევრ მათგანს წითელი კიდეები ჰქონდა.

არ დავიწყებ ჩემი ტანჯვის სირთულეების მოყოლას. არაერთხელ ვუყვირე სარდაფს, რომ შეუძლებელი იყო ამ ტექსტის გარჩევა. თანდათანობით, პირადი გამოცანა სულ უფრო ნაკლებად მტანჯავდა, ვიდრე უფრო ზოგადი გამოცანა: რა იყო ღმერთის მიერ დაწერილი წინადადების იდუმალება? 

რა ტიპის წინადადება (ვეკითხებოდი საკუთარ თავს) შეიძლება მოიცავდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას?და მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანურ ენებშიც კი არ არსებობს წინადადება, რომელიც არ გულისხმობს მთელ სამყაროს;

ვეფხვის თქმა ნიშნავს თქვა ვეფხვები, რომლებმაც იგი შობეს, ირმები და კუები, მათ მიერ შთანთქმულნი, ბალახი, რომლითაც ირემი იკვებებოდა, დედამიწა, რომელიც იყო ბალახის დედა, ზეცა, რომელმაც შობა დედამიწა. და მე გავაცნობიერე, რომ ღმერთის ენაზე ამ უსასრულო გამოძახილთა ექოებში გამოხატულია ნებისმიერი სიტყვა, არა ფარულად, არამედ ღიად, არა პირდაპირი, არამედ ირიბი ფორმით, და არა პროგრესირებადად, არამედ მყისიერად. დროთა განმავლობაში ღვთიური წინადადების ცნება ფრიად ბავშვური ან მკრეხელური ჩანდა. ღმერთმა, ვფირობდი მე, წარმოთქვა მხოლოდ ერთი სიტყვა და ეს სიტყვა მოიცავდა ყოფის აბსოლუტურ სისავსეს. მის მიერ წარმოთქმული ვერცერთი სიტყვა ვერ იქნება სამყაროსთან მიმართებაში მეორეხარისხოვანი ან დროის საერთო ჯამზე ნაკლები. სავალალო და საამაყო ადამინების სიტყვები როგორიცაა “ყველაფერი”, “მსოფლიო”,”სამყარო” - ესენი მხოლოდ ცალკეული სიტყვის გამოსახულებები და აჩრდილებია. 

ერთ დღეს ან ერთ ღამეს - რა განსხვავება შეიძლება იყოს ჩემს დღეებსა და ღამეებს შორის? - მესიზმრა, რომ ციხის იატაკზე მარცვალი იყო. გულგრილმა, ისევ დავიძინე; მე მესიზმრა რომ გამეღვიძა და იატაკზე ორი ქვიშის მარცვალი იყო. ისევ დავიძინე; მესიზმრა, რომ ქვიშის მარცვალი იყო სამი. ისინი ასე მრავლდებოდნენ, სანამ ციხე არ გაივსო და მე, მომაკვდავი ვიწექი ქვიშის ამ ნახევარსფეროს ქვეშ. მე გავაცნობიერე რომ სიზმარს ვხედავდი; უზარმაზარი ძალისხმევით თავი ავწიე და გამეღვიძა. გამოფხიზლებას აზრი არ ჰქონდა; უზარმაზარი ქვიშის ნაკადი მახრჩობდა. ვიღაცამ მითხრა: შენ არ გაიღვიძე იმისთვის რომ გამოფხიზლდე, არამედ იმისთვის, რომ მომდევნო სიზმარში გადახვიდე, რომელიც ასევე მომდევნო სიზმარზეა მიბმული და ასე გრძელდება უსასრულოდ. გზა, რომელიც უნდა განვლოთ, უსაზღვროა, ის რიცხობრივად ქვიშის მარცვლების რაოდენობას უტოლდება. და შენ მოკვდები, სანამ მართლა გაიღვიძებ.

დავიბენი. ქვიშამ პირი გამომივსო, მაგრამ მე ვიყვირე: სიზმრების ქვიშა ვერ მომკლავს და არც ეს სიზმრებია სიზმრებს შიგნით. სინათლის ნაპერწკალმა გამაღვიძა. 
ზემოთ, სიბნელეში, შუქის წრე გაიზარდა. დავინახე ციხის თანამშრომლის სახე და ხელები, ბორბალი, თოკი, ხორცი და წყლის დოქები.

ადამიანი ნელ-ნელა ეგუება თავის ბედიწერას, იგი ერწყმის მის გარემოებებს. მე ვიყავი უფრო მეტი ვიდრე გამშიფვრელი, შურისმაძიებელზე მეტი , და ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ღვთის მსახური. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მე ვიყავი - ტყვე. სიზმრების დამღლელი ლაბირინთიდან მკაცრ ციხეში თითქოს სახლში, ისე დავბრუნდი.მე დავლოცე მისი ნესტი, დავლოცე ვეფხვი, დავლოცე სინათლის ნაპრალი, დავლოცე ჩემი ბებერი, ტანჯული სხეული, დავლოცე სიბნელე და ქვა.

შემდეგ მოხდა ის, რასაც ვერც დავივიწყებ და ვერც სიტყვებით გადმოვცემ. მოხდა ჩემი შერწყმა ღვთაებასთან, სამყაროსთან (არ ვიცი განსხვავდება თუ არა ეს ორი სიტყვა მნიშვნელობით).

ექსტაზს ვერ გადმოსცემ სიმბოლოებით. ვიღაცას ღმერთის დანახვა შეუძლია აალებულ შუქში, ვიღაცას მახვილში ვიღაცას კი - ბეჭდის ფორმის ვარდის ფურცლებში.მე დავინახე უაღრესად მაღალი ბორბალი, რომელიც არც ჩემს თვალწინ და არც ჩემს უკან იყო, არც გვერდებზე, მაგრამ ერთდროულად იყო ყველგან. ეს ბორბალი იყო წყლის, მაგრამ ასევე ცეცხლის, და ის იყო (თუმცა კიდე უჩანდა) უსასრულო. ის ურთიერთკავშირში იყო ყველაფერთან რაც იყო, არის და იქნება. და მე ვიყავი ამ მთლიანი ქსოვილის ერთ-ერთი ძაფი, ხოლო პედრო დე ალვარადო, ჩემი მწვალებელი- სხვა. მასში თავმოყრილი იყო ყველა მიზეზი თუ შედეგი, საკმარისი იყო შემეხედა და ყველაფერს გავიგებდი, შევიცნობდი მთლიან სამყაროს. ო შემეცნების ნეტარება, ის გაცილებით მეტია,ვიდრე წარმოსახვის ან შეგრძნების ნეტარება. მე დავინახე სამყარო და შევიცანი სამყაროს შინაგანი აზრები. 

მე დავინახე დროების საწყისი, რომელიც მოთხრობილია ”საერთო” წიგნში. დავინახე წყლებიდან ამოსული მთები, დავინახე ადამინები, რომლებსაც ხორცის მაგივრად ხე ქონდათ შესხმული, დავინახე მათზე თავდამსხმელი რკინის ჭურჭლები, ძაღლები რომლებმაც შთანთქეს მათი სახეები. 

მე დავინახე უსახო ღმერთი, მიმალული სხვა ღმერთების უკან.მე დავინახე უსასრულო პროცესები, რომლებიც უერთდებოდნენ საერთო ნეტარებას და, შევძელი რა ამ ყველაფრის გაგება, მე შევძელი ვეფხვის დამწერლობის შეცნობაც.

ეს თოთხმეტი შემთხვევითი სიტყვის ფორმულაა (ისინი შემთხვევითად ჩნდებიან)და მათი ხმამაღლა წარმოთქმა საკმარისი იქნებოდა, რომ ყველაზე ძლევამოსილი გავმხდარიყავი. 

მათი წარმოთქმა, საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ გაუქმებულიყო ეს ქვის ციხე, რომ ჩემს ღამეებში დღის შუქს შემოეღწია, რომ ვყოფილიყავი ახალგაზრდა, ვყოფილიყავი უკვდავი, რომ ალვარადო დამემტვრია ვეფხვის ყბებით, რომ წმინდა დანა ჩამეძირა ესპანელების მკერდში, აღმედგინა პირამიდა, აღმედგინა იმპერია. ორმოცი მარცვალი, თოთხმეტი სიტყვა, და მე, ცინაკანი, ვიბატონებდი მიწებზე, რომლებზეც ბატონობდა მოქტეზუმა. მაგრამ მე ვიცი, რომ ამ სიტყვებს არასოდეს წარმოვთქვამ, რამეთუ, მე აღარ მემახსოვრება ცინაკანი. 

დაე, ვეფხვებზე დაწერილი საიდუმლო ჩემთან ერთად მოკვდეს. ვისაც სამყარო უნახავს, ვინც გააცნობიერა სამყაროს ცეცხლოვანი აზრები, მას არ ძალუძს ერთი ადამიანის ტრივიალური ბედების ან უბედურებების შესახებ ფიქრობდეს, თუნდაც ის იყოს სწორედ ეს ადამიანი. 

ეს ადამიანი იყო ის და ახლა, ის სხვა მისთვის სულერთია. მისთვის სულერთია იმ სხვის ცხოვრება, სულერთია რომელ ტომს მიეკუთვნება ის სხვა. რადგან, ის, თავად, ახლა არავინაა.ამიტომ მე არ წარმოვთქვამ ფორმულას, ამიტომ, აქ, სიბნელეში მწოლიარე, მე მივცემ დღეებს ჩემი განადგურების ნებას. 

მსგავსი სტატიები

ჰანს რუდოლფ გიგერი


ჰანს რუდოლფ „რუდი“ გიგერი (H. R. Giger; დ. 5 თებერვალი, 1940 — გ....

ინტერვიუ უინგ შიასთან


მთარგმნელი: ანეტ შტრაუსი    - უინგ შია   &n...

ქართული ხალხური ზღაპარი - "ვაშლა"


 ვაშლას ეძახდნენ ხელმწიფის სამი ვაჟიდან უმცროსს. ერთ-ე...

ბრძოლა საკუთარ შიშებთან


"ბჰაგავად გიტაში" ბრძოლის წინ მეომარი არჯუნა ევედრება კრიშნას:"მწყუ...

გველთან როგორც სიბრძნესთან ზიარება


გველი რომ სიბრძნის საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოა, ჩვენთვის კარგად...

ჟაბო


მუსიკას უსმენდა, როცა საღებავებით მოთხვრილ სამოსელში შებუდებული ორი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff