ცოცხალი სამზარეულო

Admin
ჯანსაღი კვება
5
2

 ავტორი: ვადიმ ზელანდი  მთარგმნელი: მამუკა გურული  მე არცთუ იშვიათად მომდის პე...

cocxali samzareulo

 ავტორი: ვადიმ ზელანდი

 მთარგმნელი: მამუკა გურული

 მე არცთუ იშვიათად მომდის პესიმისტური წერილები, რომლებშიც ადამიანები წუწუნებენ, რომ არ შეუძლიათ თავიანთი მიზნის პოვნა. არ იციან რა უნდათ, არ ესმით, როგორ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. ბევრი იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომლიდანაც თითქოს არ არის გამოსავალი. და თითქმის ყოველთვის ყველაფერი მატერიალურ სახსრებამდე მიდის. სად წავიდე ამ მოსაბეზრებელი ქალაქიდან ან სოფლიდან? სად ვიშოვო ფული სახლისთვის? როგორ გავხსნა ოჯახური პრობლემების კვანძი? როგორ ვიშოვო წესიერი სამსახური?

 ტრანსერფინგში პოზიტიური განწყობის გარეშე ფონს ვერ გახვალთ. მაგრამ საიდან უნდა მოვიდეს ოპტიმიზმი, როცა გარშემო გამოუვალი და ბნელი რეალობაა, და როცა არ იცი რა უყო ამ ყველაფერს? განსაკუთრებული ნიჭები არ გაქვს. წლები გარბიან, პერსპექტივებს ვერ ხედავ, ცხოვრება ყოფით რუტინაში ჩაეფლო, როგორც ჭაობში. ასეთ ვითარებებში არც ისე გჯერა შეუზღუდავი შესაძლებლობების, რომლებსაც ტრანსერფინგი გპირდება. და არის ასევე უამრავი ადამიანი, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. როგორ დავაღწიო თავი ამ ჩაკეტილ წრეს?

 თუ საქმე ასე გაქვთ, მაშინ ვერანაირად... ვერანაირად ვერ გამოძვრებით ამ გამოუვალობიდან და ტრანსერფინგი აქ ვერ დაგეხმარებათ. საქმე იმაშია, რომ თქვენ არ გყოფნით ენერგია, არა მხოლოდ თავად ტრანსერფინგზე, არამედ იმაზეც, რომ როგორმე მიუახლოვდეთ მას. ენერგიის ქვეშ აქ იგულისხმება არა ფიზიკური ძალა, იმისთვის რომ ორმო თხაროთ, არამედ თავისუფალი ენერგია, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანს, რომ თავისი ნების რეალიზაცია მოახდინოს. არ არსებობს თავისუფალი ენერგია - არ არსებობს განზრახვა. სხვა სიტყვებით, არაფერი არ გინდა და არაფერი არ შეგიძლია. ძალები მხოლოდ არსებობის შენარჩუნებისთვის და რუტინული მოქმედებების შესრულებისთვის გყოფნის. განზრახვის ენერგია - ესაა სასიცოცხლო ძალა, რომლის წყალობითაც ადამიანს უჩნდება სურვილი: უხაროდეს ცხოვრება, აქტიურად იმოქმედოს, იყოს შემოქმედი, დაიპყროს ახალი მწვერვალები, და საბოლოო ჯამში შექმნას თავისი რეალობა. ძალიან მარტივია. ენერგეტიკის დაბალი დონის დროს ოპტიმიზმი პესიმიზმში გადადის. სამყაროს სარკე ამ ხატ-სახეს რეალობად აქცევს, რის გამოც მიზეზები პესიმიზმისთვის უფრო მეტი მოდის. და აი, გამოდის, გამოუვალი რეალობის ჩაკეტილი წრე, რომლიდანაც გამოძრომის კი არა, იმის ძალებიც კი არ გვყოფნის, რომ გავიაზროთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

 განზრახვის ენერგიის დაბალი დონის დროს აზრი არ აქვს ტრანსერფინგისთვის ხელის მოკიდებას. ადამიანს სუსტი ენერგეტიკით გაცნობიერებული სიზმრების მართვაც კი არ შეუძლია. ეს შემოწმებულია. არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი. პირველი: დატოვოთ ყველაფერი ისე, როგორც არის. შეეგუოთ გარდუვალობას და განაგრძოთ არსებობა გაუმჯობესების იმედის გარეშე. მაგრამ ამ შემთხვევაში არაა საჭირო წუწუნი და ჩემთვის ჩივილების გამოგზავნა, რომ არაფერი გამოგდით. თქვენი არჩევანი - თქვენი არჩევანია. თქვენს გარდა არავინ გიშლით ხელს, რომ სხვა ვარიანტი აირჩიოთ: დაკავდეთ საკუთარი ენერგეტიკით. მაშინ გაგიჩნდებათ ოპტიმიზმიც, მიზანიც და მისი მისაღწევი ძალაც. შეძლებთ, რომ საკუთარი რეალობა შექმნათ, როგორც მოგესურვებათ, და მიაღწიოთ იმას, რაზეც ვერც კი იოცნებებდით, მაგრამ ამისთვის საჭიროა - განზრახვის ენერგია საჭირო დონემდე მიიყვანოთ. შემდგომში სწორედ იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.

 იმან, რასაც აქ წაიკითხავთ, შესაძლოა ან აქტიური მიუღებლობა გამოიწვიოს თქვენში, ან აღტაცება და ახალი იმედის გამონათება. მრავალი მიზეზის გამო მოცემული ინფორმაცია ფართოდ არაა გავრცელებული. პრაქტიკა, რომელსაც აქ გაეცნობით, თქვენს ენერგეტიკას ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანს. იგივე შედეგების მიღწევა სხვა საშუალებებითაც შეგიძლიათ, რომელთა შორისაა იოგა, სხვადასხვა ვარჯიშები და მედიტაციები. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ძალიან ხანგრძლივი და რთული გზაა. მე გთავაზობთ გზას, რომელიც ყველაზე მოკლე, მარტივი და ბუნებრივია. ამ მეთოდის ექსტრემალურობის გამო, რაც მხოლოდ პირველი შეხედვით ჩანს ასე, დღეისათვის მას ადამიანთა ძალიან ვიწრო წრე აპრაქტიკებს. და მე გაფრთხილებთ, რომ ამ ინფორმაციას მხოლოდ მათთვის ვიძლევი, ვინც მას საკუთარი თავისთვის სასარგებლოდ ჩათვლის, და არა იმ მიზნით, რომ საკუთარი თვალსაზრისი თავს მოგახვიოთ. გჭირდებათ თუ არა ეს პირადად თქვენ, მხოლოდ თქვენ წყვეტთ.

 ამრიგად, დავიწყოთ თანმიმდევრობით... თავისუფალი ენერგიის დეფიციტის მთავარ, თუ არა ერთადერთ მიზეზს წარმოადგენს პროზაული ორგანიზმის დაბინძურება (შლაკებით), რაც ამასთან ერთად ყველა ავადმყოფობის წყარო და პირველ-მიზეზია. ჩვეულებრივი ადამიანის სხეული თავის თავში მკვდარი უჯრედების ნაწილაკებს ინარჩუნებს - ცილოვან და ცხიმოვან მასებს, რომლებითაც დაბინძურებულია უჯრედშორისი სივრცეები და „ფარშირებულია ლიმფური და სისხლძარღვოვანი სისტემები. ეს ნაგავი ხელს უშლის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი ხელს უშლის უჯრედების ურთიერთობას და ამცირებს იმ ელექტრული იმპულსების ძალას, რომლებსაც ისინი ერთმანეთს უგზავნიან. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული თემა ტრანსერფინგის ფარგლებს სცდება, მე სხვა გზა არ მრჩება გარდა იმისა, რომ ყურადღება დავუთმო მას. ეს ღირს ამად, რადგანაც ისეთი გლობალური პრობლემები, როგორებიცაა ჭარბი წონა, ავადმყოფობები, დაბერება, დეპრესია, პესიმიზმი, სასიცოცხლო ძალის არქონა - თავიანთ წარმოშობას საშინელ უმეცრებას უნდა უმადლოდნენ. საოცარია, როგორაა, რომ ინფორმაციის ასეთი მაღალი დონის განვითარებისას ადამიანები უმეცრებაში იმყოფებიან თავიანთ პრობლემათა მიზეზის შესახებ. ცხადია, რომ ქანქარებს არ აწყობთ იმ ცოდნის ფართოდ გავრცელება, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნებების საყოველთაოდ გავრცელებას. პიროვნებებისა, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი რეალობის შექმნა. მიზეზი კი ელემენტარულია - არასწორი კვება. მაგრამ ამის თქმა არაფერის თქმას არ ნიშნავს. თითქოს ყველას ესმის ეს, მაგრამ ვერ აცნობიერებს. აქ, როგორც ხშეირად ხდება ხოლმე, ადგილი აქვს არა ცოდნას, არამედ ინფორმაციის გაგებას. ჩვეული შტამპი ცოდნის არსს ფარავს და ზედაპირზე უნიადაგო მოსაზრებებს ტოვებს. ყველაფერი დაიყვანება იქამდე, რომ ამის და ამის ჭამა საზიანოა. ამით, როგორც წესი ცნობები ჯანსაღი კვების შესახებ ამოიწურება ხოლმე. არსებობს არსევე შეხედულებები, რომ შეიძლება დაგვეხმაროს დიეტები და სპეციალურად შემუშავებული საკვები დანამატები. მაგრამ ნუთუ ყველაფერი ასე რთულადაა? ვიღაც კვლევებს აწარმოებს. ვიღაც კვების რთულ სქემებს იმუშავებს, დახვეწილ პრეპარატებს აწარმოებს. მოკლედ, მთელი ინდუსტრია მუშაობს. ვის უნდა ეს? ხვდებით? ილუზია და შეცდომა უამრავია, მაგრამ სარგებელი არანაირი. მკაცრი ვეგეტარიანელობა არაფრამდე არ მიგიყვანთ, თუ სწორი კვების პრინციპებს არ დაიცავთ. ეს პრინციპები კი სინამდვილეში ძალიან მარტივია და ისინი შემუშავებულ იქნა არა მეცნიერების კორიფეების მიერ, არამედ თავად ბუნების მიერ, რომელსაც ხარისხის სერთიფიკატი ღმერთისგან აქვს.

 პირველ რიგში, ადამიანი, როგორც მისი ფიზიოლოგიიდან გამომდინარეობს, ნაყოფისმჭამელი არსებაა. მაგრამ ესეც არაა მთავარი. მთავარია ის, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემა განსაკუთრებული სახითაა მოწყობილი, და პროდუქტების ათვისებისთვის საჭიროა, რომ მათი მიღება ცალ-ცალკე, თანმიმდევრულად, ერთმანეთთან შერევის გარეშე ხდებოდეს. თუ ეს წესი ირღვევა, საჭმელი არ მოინელება და ლპობას იწყებს, და შედეგად მთელს ორგანიზმს აბუნძურებს.

 და ბოლოს, პროდუქტები, რომლებიც სითბურ დამუშავებას ექვემდებარება, ჭეშმარიტად ექსტრემალურ დატვირთვას წარმოადგენენ ორგანიზმისთვის, რადგანაც თითქმის ყველაფერი ღირებული მათში განადგურებულია. ბუნებაში არცერთი ცოცხალი არსება არ ამზადებს საჭმელს ცეცხლზე. კულინარია შედარებით მცირე ხნის წინ შეიქმნა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტი კი მილიონობით წლების განმავლობაში ფორმირდებოდა. უცნაურია, ადამიანები ზედმიწევნით იცავენ სხეულის ზედაპირის ჰიგიენას, მაგრამ შინაგან ჰიგიენაზე ცოტა თუ ფიქრობს. არადა ჩვეულებრივი ადამიანის სხეულში ნაგვის მთელი სათავსოა. იგი არ ჩანს, მაგრამ თუ მოვაგროვებთ წონით რამდენიმე ან შესაძლოა ათეული კილოგრამებიც გამოვიდეს. გამომყოფი სისტემები ვერ ასწრებენ შლაკებთან გამკლავებას. ორგანიზმი იძულებულია, რომ გაიწოვოს ეს სიბინძურე, სადაც კი შესაძლებელია. შედეგად სხეული ძალიან მალე იწყებს დაბინძურებას, და ძველ სანტექნიკას ემსგავსება, რომელიც არასოდეს გაუწმინდავთ.

 ადამიანის რეზერვები უზარმაზარია, ამიტომ ზოგიერთი 70 წელს აღწევს, ან მეტსაც, მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს. უკვე ცხოვრებისეული გზის შუაში ადამიანი იწყებს დაბინძურების შედეგების მომკას: ავადმყოფობებს, ჭარბ წონას, მოთენთილობას, და საერთოდ, ძალებიც ისეთი აღარაა, და ყველაფერი ისე აღარაა, როგორც მანამდე - ახალგაზრდობისას. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ენერგეტიკული სხეული მგრძნობიარედ რეაგირებს მისი კანალიზაციის დაბინძურებაზე. ჩაკრები მუშაობა ფერხდება, ენერგეტიკული არხები ვიწროვდება, ენერგიის ნაკადი სუსტ ნაკადულს ემსგავსება, რასაც სასიცოცხლო ძალის დაკარგვამდე მივყავართ. ენერგეტიკის დასუსტება თავის მხრივ იწვევს პათოლოგიურ დარღვევებს ფიზიკურ სხეულში. იქმნება ჩაკეტილი მანკიერი წრე. თუკი თქვენს საკუთარ სხეულს ვერ ფლობთ, როგორ შეგიძლიათ ფლობდეთ რეალობას?

 არადა შესაძლებელია უწინდებური სისაღის დაბრუნება და ისეთი ჯანმრთელობის მოპოვება, რომელიც არასოდეს გქონიათ. ამისთვის დაგჭირდებათ, რომ მკვდარი სამზარეულო ცოცხლად აქციოთ. რა გაქვთ იქ: ღუმელები, ტაფები, ქვაბები? თუ გსურთ, რომ საკუთარი სხეული ნაგვისგან გაანთავისუფლოთ, თავისუფალ დროს კი დაუმატოთ მრავალი საათი, რომლებსაც ადრე ქვაბებთან ხარჯავდით, მაშინ მალე პროდუქტების მოკვდინების ეს საშუალებები გაქრებიან თქვენი სამზარეულოდან.

 ვიღაცისთვის ეს შოკისმომგვრელი იქნება. არავინ არავის არ ექაჩება. მე საერთოდ არ გეპატიჟებით ჩემთან, არამდე მხოლოდ ფაქტებს ვდებ „თაროებზე“. ღირს კი ის საჭმელი, რომელსაც მიეჩვიეთ, თქვენს ჯანმრთელობად, ენერგიად, სიცოცხლედ? არსებობს ერთი გამოთქმა: „ახალგაზრდობამ რომ იცოდეს... სიბერეს რომ შეეძლოს...“ მაგრამ შესაძლებელია იმის მიღწევა, რომ დარჩეს მხოლოდ ახალგაზრდობა, რომელსაც შეუძლია იცოდეს კიდეც და შეეძლოს კიდეც.

burger vs pomidor

პირველი, რითაც უნდა დაიწყოთ, ესაა საკუთარი სანტექნიკის გაწმენდა, განსაკუთრებით ღვიძლის. როგორ კეთდება ეს - მრავალ წიგნშია აღწერილი. რატომაა გარეგანი ჰიგიენის დაცვა მიღებული და შინაგანის არა? მხოლოდ იმის გამო, რომ ჭუჭყი მხოლოდ გარედან ჩანს? არადა შინაგან ჰიგიენას თავად ორგანიზმი შეინარჩუნებს, თუ სწორ კვებაზე გადახვალთ. ეს თანმიმდევრულად უნდა გააკეთოთ, რამდენიმე ეტაპად. თანმიმდევრული კვება, შემდეგ დაყოფილი, გარკვეულ პროდუქტებზე უარის თქმა, და ბოლოს - უმად კვება. თუ მაშინვე გადახვალთ ცალსახად ნატურალური პროდუქტების გამოყენებაზე, შესაძლოა ვერ გაუძლოთ მკვეთრ ცვლილებებს. და თან ორგანიზმსაც დრო სჭირდება, რომ გადაეწყოს.

 თანმიმდევრული კვების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერი ერთდროულად კი არ ჭამოთ, არამედ ჯერ პროდუქტების ერთი სახეობა, შემდეგ მეორე და ა.შ. პირველ რიგში იჭმევა ის, რაც მალე მოინელება. როცა საჭმელი საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ცალკეული ულუფებით გადადის, ეს ბევრად აიოლებს მის მონელებას და ამცირებს მავნე ნარჩენების რაოდენობას. დალევა შეიძლება ჭამამდე 15 წუთით ადრე, ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭის წვენი გაზავდება და საჭმელი კი არ მოინელება, უბრალოდ იხრწნება. აი, რეების წერა მიხდება, მაგრამ სხვანაირად როგორ ავხსნა ენერგეტიკის გაზრდის პრინციპები?

 მეორე ეტაპი, რომელზეც სასურველია რაც შეიძლება მალე გადახვიდეთ, ესაა დაყოფილი კვება, რომელიც გულისხმობს პროდუქტების არა მხოლოდ თანმიმდევრულ მიღებას, არამედ მხოლოდ მათი, რომლებიც ერთმანეთს უთავსდებიან. თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ, ისინი ყველანი პრაქტიკულად შეუთავსებელნი არიან. სხვადასხვა პროდუქტების მონელების დრო და პირობები ძლიერ განსხვავდება, ამიტომ თუ მათ შევურებთ, უცილობლად წარმოიქმნებიან წარმოების ნარჩენები, რომლებიც გამოყოფას ვერ ასწრებენ და ორგანიზმში ცხიმისა და შლაკების სახით ინახებიან. ერთადერთი, რაც თითქმის ყველაფერს უთავსდება, ესაა საღი მწვანილი, ამიტომ იდეალში ერთ ჭამაზე მიღებული პროდუქტების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი.

 უფრო ვრცლად დაყოფილად კვების პრინციპები გადმოცემულია წიგნებში, რომლების პოვნაც ძნელი არაა. პროდუქტების მთელი რიგი საერთოდ უნდა გამორიცხოთ საკუთარი რაციონიდან. ესაა პირველ რიგში მარცვლეული, ფაფები, თეთრი ფქვილისგან დამზადებული პროდუქტი, საფუარიანი პური, ასევე რძე და კონსერვები. არაფერი ღირებული ამ საჭმელში არაა. მაგალითად, ყველაფერი სასარგებლო, რაც მარცვლეულშია - მის ჩანასახში და ქერქშია. უმაღლესი ხარისხის თეთრ ფქვილს ხორბლის ქერქისგან და ჩანასახისგან გაწმენდით იღებენ. ამგვარად მას ყველაფერი ღირებული შორდება და რჩება მხოლოდ მკვდარი მასა, რომელიც ძირითადად სახამებლისგან შედგება. ხორბლის ეს უსიცოცხლო ნაწილი გათვალისწინებულია ბუნების მიერ, როგორც საშენი მასალა, ერთგვარი ცხიმით სავსე კასრი ჩანასახისთვის. შემდეგ ფქვილში უმატებენ ხელოვნურ ვიტამინებს, ანუ ქიმიას. უმაღლესი ხარისხის ფქვილის გამოყენება იგივეა, რაც მაღაზიაში სახამებლის ყიდვა და მისი სადილზე კოვზით ჭამა. ღვიძლი მაზუთისმაგვარი მასით ბინძურდება, სახამებელი ორგანიზმში ლორწოს სახით ლაგდება, ნაწლავების კეედლები კი ნადებით იფარება. ხორბლეული ასევე შეიცავს ცუდად ბალანსირებულ ცილას. რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჯობია ხორცით იკვებოთ, ვიდრე ქაშებით და მაკარონებით. რძე კი შეიცავს კაზეინს, რომლის წყალობითაც ცხოველებს რქები და ჩლიქები ეზრდებათ. რძე ადამიანის ორგანიზმში ქსეროგელად იქცევა. ეს რაღაც „სტალარული“ წებოსმაგვარია. აი ასეთი საზიზღარი აღწერები შეგვიძლია კიდევ დიდხანს გავაგრძელოთ. როგორ ახერხებს ადამიანი, რომ ამ ყველაფრით იცხოვროს და მეტ-ნაკლებად ჯანმრთელად იგრძნოს თავი? საქმე იმაშია, რომ მაან უბრალოდ არ იცის, რა არის ნამდვილი ჯანმრთელობა, დაბადებიდან არ განუცდია. ამიტომ არაა საჭირო შაბლონური გამართლებების მოყვანა, მაგალითად: „ოდითგანვე ყველა ასე იკვებებოდა“, რა თქმა უნდა თუ არ გინდათ, რომ იგივე პრობლემები გქონდეთ, რაც ყველას აქვს.

 საბოლოო ჯამში რაციონში მხოლოდ ნატურალური პროდუქტები უნდა დარჩეს: საღი, გაყინული ან გამომშრალი ბოსტნეული და ხილი, ზღვის წყალმცენარეები, თხილეული, მზესუმზირა, თაფლი, და არავითარი თერმული დამუშავება. ყველაფერი უმი სახით. მხოლოდ ნუ უწოდებთ თხილეულს არაქისს. ეს პარკოსანია, თანაც არც ისე სასარგებლო. მაგრამ მკვეთრი გადასვლა ჩვეულეებრივი პროდუქტიდან უმ ხილზე და ბოსტნეულზე არაფერ კარგამდე არ მიგიყვანთ. ორგანიზმს გადასაწყობად დრო სჭირდება. ამიტომ გადასვლა თანდათანობით უნდა მოხდეს: მოხარშული პროდუქტის წილის შემცირებით და უმის წილის გაზრდით. თუ ადამიანი მთელი ცხოვრება თერმულად დამუშავებული საკვებით იკვებებოდა, მისი მიკროფლორაც ასეთ რაციონსაა შეგუებული. მკვეთრი გადასვლა პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ ეს მათთვის, ვისაც საკმარისად კარგი ჯანმრთელობა აქვთ.

 მიკროფლორის სრული გადაწყობა 1 წლის განმავლობაში ხდება. ამ პერიოდის ბოლოსთვის რაციონში არ უნდა დარჩეს არანაირი დამუშავებული საკვები. როგორც ცნობილია, პროდუქტებში, რომლებიც სითბურად დამუშავდნენ, არა მხოლოდ ნადგურდება თითქმის ყველა ვიტამინი და მიკროელემენტი, არამედ წარმოიქმნება კანცეროგენული ნივთიერებები - შხამები. უმი საკვები კი, არ აბინძურებს ორგანიზმს, არამედ პირიქით - წმენდს მას. სამზარეულოს ჭურჭელიც და შინაგანი ორგანოებიც იდეალურად სუფთა რჩება. განსხვავება პრინციპულია.

 შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ უმად კვებაზე გადასვლა მეტისმეტად რთულია. რითი უნდა ვიკვებოთ, მაგალითად, ზამთარში? თანაც ასეთი კვება ალბათ ძვირი დაგიჯდებათ. ყველაფერი არც ისე საშიშია. შესაძლებლობები ბევრია. და ასეთი კვებაც სინამდვილეში უფრო იაფი გამოვა. მხოლოდ უნდა დაიწყოთ, და მრავალ კერძს აღმოაჩენთ, რომელთა არსებობაზე არც კი ეჭვობდით. ეს მთელი გამოუკვლეველი სამყაროა. აქ მხოლოდ გაღვივებული მარცვლეულისგან დამზადებულ საკვებზე ვისაუბრებ, რომლებიც გარდამტეხი ეტაპის გადალახვაში დაგეხმარებიან.

salata

ჩვენი რაციონის საკმაოდ დიდი ნაწილი მარცვლეულისგან შედგება: ესაა ხორბლეული, პარკოსნები და ა.შ. თესლები შედგება ნახევარფაბრიკატებისგან. დაკონსერვებული საშენი მასალებისგან. ძირითადად ესაა სახამებელი, ცილები და ცხიმები. ამასთან თესლები შეიცავენ ინჰიბიტორებს, ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან მონელებას. ბუნებამ იზრუნა იმაზე, რომ ფრინველებმა და ცხოველებმა გადაიტანონ თესლები შორ მანძილზე და დაუზიანებლად. როცა თესლები ღვივდებიან და იზრდებიან, მათში მკვეთრი ცვლილებები ხდება. ინჰიბიტორები ნადგურდება. სახამებელი ალაოს შაქრად გარდაიქმნება, ცილები - ამინომჟავებად, ცხიმები კი - ცხიმოვან მჟავებად. იგივე ხდება საჭმლის ორგანიზმში მონელების დროსაც. გამოდის, რომ გაღვივებულ მარცვლეულში სამუშაოს უმეტესი ნაწილი შესრულებულია. უფრო მეტიც, მათში ფრიად სასარგებლო ნივთიერებები სინთეზირდება, და მობილიზდება რეზერვები, რომ მთელი ენერგია მცენარის განვითარებას მოხმარდეს. თესლების დაკონსერვებული და მთვლემარე ძალები იღვიძებენ და კოლოსალურ პოტენციალს გამოანთავისუფლებენ ახალი ცხოვრების დაბადებისთვის. გაღვივებული თესლები, რომლებიც მრავალ ვიტამინს და მიკროელემენტს შეიცავენ, ფლობენ მაღალ სამკურნალო და ბიო-მასტიმულირებელ თვისებებს. გამიჭირდება, რომ ყველა ეს თვისება ჩამოვთვალო. მათი წყალობით უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, იწმინდება ორგანიზმი, მაგრდება იმუნიტეტი, იზრდება შრომისუნარიანობა და ინკურნება მრავალი დაავადება.

 გაღვივებული მარცვლები შეიცავენ ყველაფერს, რაც ბუნებისგანაა გათვალისწინებული ახალი სიცოცხლის განვითარებისთვის და აგრესიულ გარემოში გადარჩენისთვის. ესაა შესანიშნავად დაბალანსებული და ადვილად მონელებადი საკვები, და ამავდროულად ეფექტური წამალი. რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ ხორბლის, სიმინდის, ლობიოს, მაშის და ბარდას გაღვივებული თესლები. დამზადების ტექნოლოგია ძალიან მარტივია. ადრე დილიდან თესლები წყალში იყრება. საღამოს იყრება სიტაში, ირეცხება და იფარება სველი მარლათი. დილით ცოცხალ საკვებს იხილავთ. სიმინდი და ლობიო ჯობია წითელი გამოიყენოთ, უფრო სასარგებლოა, და მათი დასველება 24 საათია საჭირო, და გაღვივებაც ამდენივე, ან მეტი - ხანგამოშვებით გარეცხვით. ხორბალი და სიმინდი შეგიძლიათ უმად მიირთვათ. გაღვივებული ხორბალი ცალსახად სამკურნალო თვისებებს შეიცავს. ისინი გულმოდგინედ უნდა დაღეჭოთ, დღეში მინიმუმ ორი სუფრის კოვზი. მაგრამ თუ ამ დროს პირის ღრუში რეზინისმაგვარი სუბსტანცია წარმოიქმნება, ეს ნიშნავს, რომ მოცემული სორტი არ ვარგაა და სხვა უნდა მოძებნოთ. სამწუხაროდ პარკოსნებს უმი სახით არც ისე სასიამოვნო გემო აქვთ. მოგიწევთ, რომ წყალში ჩაყაროთ და მხოლოდ დუღილამდე მიიყვანოთ წყალი. მაშისთვის საკმარისია, რომ უბრალოდ ადუღებული წყალი დაასხათ და 10 წუთით დატოვოთ.

 და როგორ უნდა დაამზადოთ ცოცხალი წყალი, იცით? თავიდან დამდგარი ჩვეულებრივი წყალი დუღილამდე უნდა მიიყვანოთ, ხუთ ლიტრიან ემალის ქვაბში, და სწრაფად გააცივოთ ცივ აბაზანაში. ეს სტრუქტურიზაციის პირველი სტადიაა. ასეთი წყალი უკვე უფრო სასარგებლოა, ვიდრე უბრალოდ ანადუღარი. შემდეგ ქვაბში უნდა ჩააგდოთ შავი კაჟის (სილიციუმის) 5-6 ქვა, რომელიც შეგიძლიათ აფთიაქში შეიძინოთ, გადააფაროთ მარლა და დატოვოთ 2 დღით. შემდეგ აკურატულად უნდა გადაიტანოთ წყალი სხვა ჭურჭელში, ისე რომ ძირზე, 2-3 სანტიმეტრის სისქის შრე გადააქციოთ, რადგანაც კაჟი პათოგენურ მიკრო-ორგანიზმებს და უცხო წარმოშობის მიკრო-ელემენტებს ლექავს. კაჟიანი წყალი უკვე სამკურნალო თვისებებს ფლობს. იგი კიდევ უფრო სტრუქტურირებულია და სილიციუმითაა გაჟღენთილი - ყველაზე აუცილებელი მიკროელემენტით, რომლის გარეშეც ორგანიზმში სხვა დანარჩენები არ აითვისება. მიღებული წყალი დადგით საყინულეში. როგორც კი წყლის ზედაპირზე კედლებთან ახლოს პირველი ყინული გაჩნდება, წყალი გადაასხით პლასტმასის ჭურჭელში და ისევ საყინულეში შედგით. პირველ ყინულს აგდებენ და ამით მძიმე წყლისგან თავისუფლდებიან. მძიმე წყალი შეიცავს წყალბადის იზოტოპებს - დეიტერიუმს და ტრითიუმს. იგი +3 გრადუსზე იყინება და არაკეთილსასურველია ორგანიზმისთვის.

 ბოლო გაყინვაა სწორედ პლასტმასის ჭურჭელში უნდა მოხდეს, რადგანაც ემალი ქვაბზე შეიძლება გაიბზაროს. როცა წყლის ორი მესამედი გაიყინება, ყინულში ხვრელი უნდა გააკეთოთ და გადმოაქციოთ დარჩენილი წყალი. ეს ხსნარი ყველა არასასურველ მინარევს შეიცავს. ახლა უნდა დაელოდოთ, რომ ყინული ოთახის ტემპერატურაზე გალღვეს. შედეგად მივიღებთ უმაღლესი ხარისხის განადნობ წყალს, რომელსაც პროთიუმის წყალსაც უწოდებენ, რადგანაც გაწმენდილია მძიმე იზოტოპებისგან. დასასრულს, თუკი რგოლური მაგნიტი გაქვთ, გაატარეთ მასში ეს წყალი, რათა კიდევ უფრო გააძლიეროთ სტრუქტურა. მიღებული წყალი სამკურნალო თვისებებს შეიცავს, ორგანიზმს წმენდს და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ავადმყოფობათა მთელი რიგისგან კურნავს. მისი თვისებების ვადა შეზღუდულია - დაახლოებით 7 საათი. ასეთ წყალს ვერსად და ვერანაირი ფულით ვერ იყიდით.

 სწორედ ესაა საოცარი ცოცხალი სამზარეულო, სადაც საჭმელი კი არ იხარშება, არამედ იზრდება. განსხვავებით ჩვეულებრივი სამზარეულოსგან, რომელიც კლავს პროდუქტებს, ეს - პირიქით, აცოცხლებს მათ. შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ, კერძები, რომლებიც დამზადებულია გაღვივებული მარცვლეულისგან და დამატებული აქვს სხვადასხვა სანელებლები, გაცილებით უფრო გემრიელია, ვიდრე ჩვეულებრივი საჭმელი, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ყველა მიმართებაში ისინი უფრო ღირებულნი არიან, ვიდრე იგივე ფაფები, რომლებსაც არასწორად ინფორმირებული ადამიანები სასარგებლოდ თვლიან. გაღვივებულ მარცვლებში ბევრი ცილაა, რომელიც ძალიან ადვილად მოინელება, რაც ეხმარება ორგანიზმს, რომ მცენარეული საკვებით კვებაზე გადაეწყოს. ახალი მიკროფლორა შემდგომში არა მხოლოდ გადაამუშავებს უმ პროდუქტებს, არამედ ცილის წყაროც გახდება. სწორედ ასეთი სახითაა მოწყობილი ბალახისმჭამელების საჭმლის მონელება.

 შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა: კი მაგრამ, როგორ ვჭამოთ პროდუქტები, რომლების მოხარშვაც აუცილებელია? მაგალითად კარტოფილი, ყააბაყი? მაშინ შემხვედრი კითხვა მაქვს: და საჭიროა საერთოდ მათი ჭამა? ბოსტნეული სახამებლის მაღალი შემცველობით არაფერს აძლევენ ორგანიზმს გარდა ცარიელი კალორიებისა და ლორწოსი. აი, საიდან მოდის ავადმყოფობა, რომელსაც სურდოს უწოდებენ. სხვათაშორის, ფერმერები, იმისთვის რომ უფრო მსუქანი ღორები გამოიყვანონ, მოხარშული კარტოფილით კვებავენ მათ. მათ აღმოაჩინეს, რომ ასე ღორები უფრო სწრაფად სუქდებიან, და ეს ეკონომიურად მომგებიანი ხდება. უმი საკვებისგან კი უბრალოდ შეუძლებელია გასუქება, მიუხედევად შეჭმული კალორიებისა.

 და ასეთი სევდიანი რომ არ იყოს ჩვეულ კერძებთან დამშვიდობება, შეგიძლიათ რაციონში ზღვის პროდუქტების წილი გაზარდოთ. ყველა ზღვის თევზი და კიბორჩხალისებრნი შეგიძლიათ თერმული დამუშავების გარეშე მიირთვათ. როგორ დაამარილოთ ისინი, ამის მოფიქრებაა რთული არაა, თანაც სანელებლებით ისინი უფრო გემრიელები არიან. თუმცა მკაცრი უმადმკვებავები არა მხოლოდ არ ჭამენ იმას, რაც დარბის, დახტის, დაცურავს ან დაფრინავს, არამედ მარილსაც კი არ იღებენ.

 საღ ხილს და ბოსტნეულს, განსაკუთრებით გაღვივებულ მარცვლეულს, ცალსახად გამწმენდი თვისებები აქვთ. უნდა ავღნიშნოთ, რომ უმ კვებაზე გადასვლასთან ერთად შესაძლოა გაჩნდეს ერთი ან რამდენიმე წმენდითი კრიზისი, რომლების დროსაც ძველი ვადმყოფობების გამწვავება ხდება. ნუ იღელვებთ ამაზე და ნუ ეცდებით ავადმყოფური გამოვლინებების მოცილებას. ისინი იმაზე მოწმობენ, რომ ორგანიზმი ბოლოს და ბოლოს იწმინდება წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვისგან და მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე გადაწყობას ახდენს. ერთადერთი ზომა, რომელიც კარგი იქნება კრიზისების დროს, ესაა შიმშილობა დისტილირებულ ანადუღარ წყალზე ერთი ან რამდენიმე დღის განმავლობაში.

 პრინციპში, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდი არაა, 100%-იან უმად კვებაზე გადასვლა მაშინვე შეიძლება. ასეთ შემთხვევაში წმენდითი კრიზისი უფრო მკაფიოდ გამოვლინდება, მაგრამ ყველასთან სხვადასხვა ფორმით. შესაძლოა დავაკვირდეთ წონის მკვეთრ შემცირებას. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი მკვდარი ქსოვილისგან თავისუფლდება და თავიდან იბადება. მსუქანი ადამიანები სინამდვილეში მოსიარულე ჩონჩხები არიან. არასწორი კვებისა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო მათი სხეული ცხიმოვანი გროვების და შლაკების მასად ტრანსფორმირდა. ცოცხალი ქსოვილი იქ უკვე ცოტა დარჩა. ძირითადად ეს ყველაფერი მკვდარი ტვირთია, და სწორედ ამ ზედმეტი ნაგვისგან ხდება განთავისუფლება. ამ დროს მთავარია არ იღელვოთ. ორგანიზმი გაიწმინდება და ნორმას დაუბრუნდება. მაგრამ მას აუცილებლად უნდა დაეხმაროთ, უნდა ჩართოთ რაციონში ზღვის წყალმცენარეები, ყვავილის მტვერი და სელის ზეთი, რაც გადაწყობის პერიოდში აუცილებელი ნივთიერებების დროებითი დეფიციტის კომპენსირებაში დაგეხმარებათ. ასევე ინტერნეტში უნდა მოიძიოთ დამატებითი ინფორმაცია უმად კვების თემაზე. ეს მართლაც საოცარი და ეფექტური, შეიძლება ითქვას ელიტარული გზაა ხელახლა დაბადებისთვის.

  ბევრს შესაძლოა ეს მოეჩვენოთ თუ შემაშინებლად არა, რბილად რომ ვთქვათ ფრიად არასწორად მაინც. როგორც წესი, ადამიანი ძალიან უხალისოდ ემშვიდობება თავის ძველ ჩვევებს. როცა ცხოვრების არასწორი წესი საყოველთაოდ მიღებული ნორმა ხდება, უბრალოდ და ცხადი ბუნებრივი პრინციპები არაბუნებრივად გვეჩვენება. რა განსაკთრებულით გამოირჩევა ეს ნატურალური კვება, რომ მისი გულისთვის ამდენ კულინარიულ ცდუნებაზე ვთქვათ უარი? ღირს კი ამად? შესაძლოა შემდგომში გადმოცემული ფაქტები, რომლებსაც სავარაუდოდ არ იცნობთ, გადამწყვეტ გავლენას მოახდენენ თქვენს შეხედულებაზე. უმად კვება - ესაა მეცნიერება მესამე ათასწლეულის ადამიანთა, მესამე ტალღის ცივილიზაციის კვების შესახებ. უმად კვების მეტად ცნობილ პროპაგანდისტს წარმოადგენს არშავირ ტერ ავანესიანი, ატეროვი, მის წიგნში: „უმად კვება, ანუ ახალი სამყარო თავისუფალი ავადმყოფობებისგან და შხამებისგან“, რომელიც გამოცემულია თეირანში, წარმოდგენილია უმად კვების ძირითადი პრინციპები. ატეროვმა, პირველი ორი შვილის დაკარგვის შემდეგ, რომლებიც ავადმყოფობებისგან გარდაიცვალნენ, მესამე ბავშვი, ქალიშვილი, მხოლოდ უმ საკვებზე გაზარდა. ბავშვი იშვიათი ჯანმრთელობით გამოირჩეოდა და ძალიან განვითარებული იყო როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. აი, რას წერს თავის წიგნში: „ჩემი ქალიშვილი მალე 7 წლის გახდება, მაგრამ ერთხელაც არ გაუსინჯავს დეგენერირებული საკვების ნამცეციც კი. მისი ჯანმრთელობა სრულყოფილზე მეტია. ახლა ვხვდები, რამდენად უფრო ადვილია 100 უმად მკვებავი ბავშვი, ვიდრე 1 კერძების მოყვარული. არასოდეს გიწევს იდარდო ისეთ ბავშვთა დაავადებებზე, როგორებიცაა გაციება და სურდო, ფაღარათი და ყაბზობა, ან იმაზე, საკმარისად ჭამა თუ არა დღეს ბავშვმა. ჩემი ბავშვი ჩიტივით მხიარულია და შესაძლებლობა აქვს, რომ მივიდეს მაგიდასთან და ის შეჭამოს, რაც სურს. იგი თამაშობს, მღერის და ცეკვავს მთელი დღე დაუღლელად, ცრემლებისა და კაპრიზების გარეშე, ტირილისა და ყვირილის გარეშე, ისე რომ გარშემომყოფებს არ აწუხებს. ზუსტად საღამოს რვა საათზე დასაძინებლად მიდის, და მას შემდეგ, რაც იმღერებს, თვალებს ხუჭავს და მკვდარივით იძინებს დილის 6 საათამდე. ერთ შემთხვევასაც ვერ ვიხსენებთ, მისი ცხოვრების პირველი თვეებიდან დაწყებული, რომ ღამე გაეღვიძოს. მისი ძილი იმდენად ღრმა და მაგარია, რომ ვერანაირი ხმაური ან მოძრაობა ვერ აღვიძებს.“

 ალექსანდრ ჩუპრუნი - ნატუროპათიის ცნობილი პოპულარიზატორი, ავტორი წიგნისა - „რა არის უმად კვება და როგორ გავხდეთ უმად მჭამელი“, ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, მძიმე ქრონიკული დაავადების გამო, პირველი ჯგუფის ინვალიდი გახდა. მკურნალობის არცერთმა გამოცდილმა მეთოდმა შედეგი არ გამოიღო. როდესაც უმი მცენარეული საკვებით კვებაზე გადავიდა, იგი აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი გახდა. ჩუპრუნმა შემოგვთავაზა იმუნიტეტის პრობლემის მოულოდნელი, მაგრამ საოცრად ცხადი განმატება: მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზმი განზრახ გამორთავს ხოლმე იმუნიტეტს ინფექციური ავადმყოფობის დროს. ცნობილია, რომ ადამიანი მაშინ ხდება ავად, როცა მისი ორგანიზმი დასუსტებულია, შლაკებითაა გადატვირთული, ვიტამინების და სხვა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ნივთიერებების ნაკლებობას განიცდის. შემჩნეულ იქნა, რომ თუ ასეთ მდგომარეობაში ადამიანი რამე ინფექციას აიკიდებს, მას უმცირდება ინტერფერონის გამოყოფა. დამცავი ძალები თითქოს განზრახ გამოირთვებიან ხოლმე და საშალებას აძლევენ ავადმყოფობას, რომ განვითარდეს. გამოდის, რომ მიკროორგანიზმები, რომლებმაც დაავადება გამოიწვიეს, იკვებებიან შლაკებით, რომლების გამოტანასაც კანალიზაცია ვერ ასწრებს არაადეკვატური კვების გამო. ამიტომ ორგანიზმს სხვა არაფერი დარჩენია, თუ არა ის, რომ გამრავლების საშუალება მისცეს მიკრობებს. როცა ისინი თუნდაც ნაწილობრივ ასრულებენ თავიანთ გამწმენდ მისიას, იმუნიტეტი აღდგება და ავადმყოფობა მიდის. პრინციპში, ჩვენ მადლობ უნდა გადავუხადოთ მიკრობებსს და ვირუსებს. ისინი ტიპიურ მკურნალ კრიზისებს წარმოადგენენ. ამით ორგანიზმი იკურნება მთავარი უბედურებისგან - შლაკებით დაბინძურებისგან, და თანაც ყოველგვარი მედიკამენტების გარეშე. მაგრამ ამასთანავე აუცილებელია გამოვიყენოთ ეს კრიზისები ერთადერთი სწორი სახით - ჩვეულებად გავიხადოთ ასეთ შემთხვევებში სრული შიმშილობა რამდენიმე დღის განმავლობაში - მწვავე პროცესების ჩაცხრობამდე. ეს საუკეთესო დახმარება იქნება ორგანიზმის ბუნებრივი ძალებისთვის, რომელმაც თვითგანკურნება მიკრობებისა და ვირუსების მეშვეობით დაიწყო. ოდესმე ცივილიზებული სამყარო ისწავლის ამას ისევე, როგორც საპნის და კბილის ჯაგრისის გამოყენებას. მაგრამ ალბათ არც ისე მალე, რადგან მეცნიერება ვითარდება, უმეცრება კი იზრდება.

 აქედან გამომდინარეობს დასკვნა: რატომ უნდა მივიყვანოთ ორგანიზმი ასეთ მდგომარეობამდე, როცა მისთვის სულერთი ხდება, ვინ და რა სახით განწმენდს. ნუთუ უკეთესი არაა, რომ საწყისი სისუფთავე შევინარჩუნოთ? პრაქტიკა ადასტურებს: ისინი, ვინც უმად იკვებებიან, საერთოდ არა ავადმყოფობენ. უდავო რჩება ერთი ფუნდამენტალური პრინციპი: ცოცხალი ორგანიზმი ცოცხალ საკვებს უნდა იღებდეს. ამ პრინციპის მნიშვნელობა პირველად დოქტორმა ფრენკ პოტენჯერმა აღნიშნა, რომელმაც ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში ერთი საფუძვლიანი ექსპერიმენტი ჩაატარა: 10 წლისს განმავლობაში იგი კატებს უმ საჭმელს აძლევდა, და ყველანი ისინი კარგ ჯანმრთელობას და ამტანობას ინარჩუნებდნენ. კატების მეორე ჯგუფი მოხარშულ საკვებს იღებდა, რის შედეგადაც მათ ყველა ადამიანური ავადმყოფობა გაუჩნდათ: პნევმონია, კბილების ცვენა, სისუსტე, ნევროზულობა და ა.შ. ანუ დაზიანდა ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემა. კნუტები პირველ თაობაში სუსტები და ავადმყოფები დაიბადნენ, მეორეში ბევრი მკვდარდშობილიც იყო, შემდეგში კი კატებს უნაყოფობაც დაეწყოთ.

 დოქტორმა ედვარდ ჰოუელი, ბუნებრივი გაჯანსაღებისს სისტემის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მივიდა დასკვნამდე, რომ მთავარი კომპონენტს, რომელიც განასხვავებს უმ საკვებს კულინარიულად დამუშავებულისგან, წარმოადგენენ ფერმენტები, ენზიმები. მან დაადგინა, რომ სასიცოცხლო ენერგიის საზომი ეს ერთეულები იშლებიან 50 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე. რატომ მისცა მათ ასეთი მაღალი წოდება: სასიცოცხლო ენერგიის საზომი ერთეულები? ფერმენტები - ესაა ნივთიერებები, რომლებიც სიცოცხლეს შესაძლებელს ხდიან. ისინი აუცილებელია ნებისმიერ ქიმიურ რეაქციაში, რომელიც ჩვენს ორგანიზმში მიმდინარეობს. ფერმენტების გარეშე ცოცხალ სხეულში საერთოდ არანაირი აქტიური ცხოველქმედება არ იქნებოდა. ესენი მუშებივით არიან, რომლებიც ორგანიზმს ისე აწყობენ, როგორც მშენებლები აშენებენ სახლებს. საკვები ნივთიერებები, ვიტამინები, მიკროელემენტები - მხოლოდ საშენ მასალას წარმოადგენენ. ყველა მოძრაობა მშენებლობაზე სწორედ ფერმენტების მიერ ხორციელდება. ამასთან, ისინი უბრალოდ ქიმიური რეაქციების დამაჩქარებელ ინერტული კატალიზატორების ფუნქციას კი არ ასრულებენ, არამედ როგორც გაირკვა, თავიანთი მოქმედების პროცესში ფერმენტები ახდენენ გარკვეულ გამოსხივებას, რასაც ვერ იტყვი კატალიზატორებზე. ფერმენტები შედგებიან ენერგიით დამუხტული ცილოვანი ტრანსპორტიორებისგან, როგორც ელექტრულ ბატარეებში, საიდან იღებს ჩვენი ორგანიზმი ფერმენტებს? დიდი ალბათობით ჩვენ მემკვიდრეობით ვიღებთ დაბადებიდანვე გარკვეულ პოტენციალს. ენერგიის ეს შეზღუდული მარაგი მთელ ცხოვრებაზეა გათვლილი. ეს იგივეა, რომ გარკვეული სასტარტო კაპიტალი მიიღო. თუ მას მხოლოდ დახარჯავ, გაკოტრდები. ზუსსტად ასევე, რაც უფრო მალე დახარჯავთ ფერმენტების ენერგიას, მით უფრო მალე გამოიფიტება სასიცოცხლო ძალა. როცა აღწევთ იმ მომენტს, როცა თქვენს ორგანიზმს უკვე აღარ ძალუძს ფერმენტების წარმოქმნა, თქვენი ცხოვრება მთავრდება. ბატარეა ჯდება. იყენებენ რა საკვებად თერმულად დამუშავებულ პროდუქტს, ადამიანები უთავბოლოდ ფლანგავენ ფერმენტების შეზღუდულ მარაგს. როგორც დოქტორი ედვარდ ჰოუელი თვლის, ეს ყველა ავადმყოფობის, ადრეული დაბერების და ადრეული სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. უმი პროდუქტები თავის ფერმენტებს შეიცავენ, რომლებიც აუტოლიზის განხორციელების საშუალებას იძლევიან. საკვები იოლად მოინელება, რადგან ძირითადად თვითონვე იხარშება საკუთარ წვენში. მაგრამ თუ ფერმენტებისგან დაცლილ მომზადებულ საჭმელს ჭამთ, ორგანიზმი იძულებულია დახარჯოს თავისი რეზერვები მისი მონელებისთვის. სწორედ ამას მივყავართ შეზღუდულ ფერმენტულ პოტენციალამდე.

 წარმოიდგინეთ, რომ სახლში კაპიტალური რემონტის გაკეთება გადაწყვიტეთ. არსებობს მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი. პირველ შემთხვევაში თქვენ შემოგიტანეს ყველა აუცილებელი მასალა, გროვად მიყარეს და წავიდნენ. მოგიწიათ, რომ თავად გაგეკეთებინათ საქმე, და ძალზე ბევრი დრო და ენერგია დაგეხარჯათ მთელი ამ მძიმე სამუშაოს შესრულებაზე. მეორე შემთხვევაში მასალებთან ერთად მშენებლებიც მოვიდნენ და თავადვე გააკეთეს ყველაფერი, თქვენ კი ამ დროს ისვენებდით და საკუთარი თავით იყავით დაკავებული. სწორედ ასეთი განსხვავებაა თერმულად დამუშავებული საკვებით კვებასა და უმად კვებას შორის. როცა ადამიანი მოხარშულ პროდუქტებს ჭამს, ყველა სასიცოცხლო ძალა მონელების რთული პროცესისკენ მიემართება. ფერმენტები, ეს მუშები, რომლებიც თავისი პირდაპირი მოვალეობებით - განწმენდით და ცოცხალი ქსოვილების აღდგენით უნდა იყვნენ დაკავებულნი, იძულებულნი არიან, რომ ყველაფერი მიატოვონ და მათთვის უჩვეულო სამუშაო შეასრულონ. მათ უკვე აღარ სცალიათ ორგანიზმისთვის, და ისიც იფიტება.

 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ასეთი სიტუაცია, როცა ადამიანებმა უეცრად შეწყვიტეს სიარული და მშვიდად ჯდომა, და გაგიჟებულებივით დაიწყეს სირბილი, მიუხედავად დიდი დაღლილობისა. სწორედ ასევე განსხვავდება უმადმჭამელის ორგანიზმისა და ჩვეულებრივი ადამიანის ორგანიზმის მუშაობის რეჟიმები. ერთი მშვიდად მისეირნობს, მეორე კი მარადიულ მარათონში მირბის, სანამ უძლურებისგან არ დაეცემა. ყველაფერ ზემოთ თქმულის შემდეგ ეჭვი აღარ რჩება იმაში, რომ დამზადებული საკვებით კვება ორგანიზმს კატასტროფულ ზიანს აყენებს. უპირატესობა კი, რომელსაც ადამიანი უმად კვებაზე გადასვლის შედეგად იღებს.

 ყველაზე კარგად გამოთქვა ნატურალური კვების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მიმდევარმა - ნიკოლაი კურდიუმოვმა. აი, რას წერს იგი:

 „1. შეუძლებელია დაავადდე ანთებებით და გაციებებით. გრიპი პრაქტიკულად შეუმჩნევლად გადის. ირთვება და ქრება პრაქტიკულად მთელი ფსიქო-სომატიკა: ორგანოების აშლილობა, სახსრების დაავადებები, ტკივილები... რადგან ყველა ორგანო იწმინდება და ახალგაზრდავდება. იმუნიტეტი ხელოვნური მინიმუმიდან ბუნებრივ ნორმამდე იზრდება. შეგიძლიათ სამი საათი იწვეთ თოვლში ან მხოლოდ საცურაო კოსტუმით იცეკვოთ -18 გრადუსის პირობებში და არაფერი არ ხდება. და ეს ყველაფერი სპეციალური გაკაჟების გარეშე.

 2. მგრძნობელობა მავნე ნივთიერებებისადმი უმაღლესია. რეაქცია მათზე ძლიერია, შესაძლოა მტკივნეულიც, მაგრამ სამაგიეროდ სხეული სწრაფად და მძლავრად თავისუფლდება მათგან და მოწამვლის შედეგები პრაქტიკულად აღარ გვხვდება.

 3. აქვე შედის ძალიან ძლიერი კვებითი გამძლეობა. თუ გიწევთ ჭამოთ უჩვეულო, ან მოუხარშავი, ეს ყველაფერი ადვილად მოინელება და ცუდი შედეგების გარეშე გაუვნებელყოფდება. ფილტრები ერთი ხელის მოსმით ამუშავებენ ყველაფერს.

 4. საჭმლის ათვისებადობა, ანუ ათვისების კოეფიციენტი გაცილებით მაღალია. უმადმკვებავი, რომელმაც 8 თვიანი კრიზისი გაიარა, ნაყრდება სამი ვაშლით, ორი კიტრით. მას ანაყრებს ველური მწვანილი, ბოსტნეულის ფოთლები - ყველაფერი გამოდგება საკვებად.

 5. ვითარებებისგან დამოუკიდებლობის უნიკალური შეგრძნება. არ ვილაპარაკებ მაღალფარდოვან სიტყვებს ბუნებასთან ერთიანობაზე, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა აღმოჩნდე, თუნდაც ტყეში, ყოველთვის გადარჩები ყოველგვარი ფულის გარეშე.

 6. გემოს შეგრძნება ხდება არა ენით და თვალებით, არამედ მთელი სხეულით. სხეულს მოსწონს ან არ მოსწონს საჭმელი და სიგნალს იძლევა სურვილით, გულგრილობით ან ზიზღით. ნაყროვანების შეგრნება ობიექტურია და სხეულიდან მოდის, ამიტომ შეუძლებელია, რომ ჭამა ზედმეტი მოგივიდეთ. საერთოდ, უმი პროდუქტით ძნელია ჭამა გადაამეტო.

 7. შიმშილის შეგრძნება კრიზისის შემდეგ პრაქტიკულად აღარ გაწუხებთ. ის ნევროზს, რომელსაც მადას ვეძახით, ქრება. არსებობს გაგება: „აჰა, შემიძლია ვჭამო“. გაერთე, დაგავიწყდა, ერთი ან ორი დღე, და არაფერი. გაგახსენდა - შეჭამე. კარგია.

 8. აქედან მერვე - აქლემის ეფექტი. შესაძლებლობა, რომ საერთოდ არ ჭამო ერთი, ორი ან სამი დღე კომფორტისა და გამძლეობის დაკარგვის გარეშე. დღეში ერთხელ იკვებები? სრულიად საკმარისია. იგივე ეხება სმასაც - ყველაზე დიდი ფიზიკური დატვირთვების დროსაც კი.

 9. როგორც რეზიუმე - ნორმალური ფიზიკური ამტანობა. სირბილი სასიამოვნოა. შეგიძლია რამდენიმე საათი ირბინო და ამის შემდეგ თავს დაღლილად არ გრძნობ. და კვლავაც, ეს ყველაფერი სპეციალური ვარჯიშების გარეშე.

 10. გონებრივი ამტანობა - ნებისმიერი დატვირთვისას ასევე მაღალია. გონება ცხადი და კრისტალურად სუფთაა. მეხსიერება იდეალურად მუშაობს. აზროვნება ისეთი ნათელია, რომ გამოცდები შეგიძლიათ თითქმის მოუმზადებლად ჩააბაროთ. და სწავლა პრობლემას აღარ წარმოადგენს.

 11. ძილის მოთხოვნილება 6 საათამდე მცირდება. ძილის დეფიციტი ადვილად გადასატანი ხდება. მაგალითად, შესაძლებელია 60 წლის ასაკში მანქანის ტარება სამი დღე-ღამის განმავლობაში შეუსვენებლად, თვითკონტროლის და ყურადღების შემცირების გარეშე. გაღვიძება მსუბუქი, ჯანსაღი და სიხარულით სავსეა.

 12. ძლიერი ინტერესი ცხოვრებისადმი. განწყობა თანაბარია, სიხარულიანია. კონფრონტი მაღალია. თითქმისს შეუძლებელია იკაამათო, აღარაფერი გაღიზიანებს. ყველაფერი ცნობიერად აღიქმება.

 13. მაღალი უნარი იმისა, რომ გადაწყვიტო და იყო მიზეზი. არ გაქვს აკვიატებული მდგომარეობები. სხეული კი არ გმართავს შენ, შენ მართავ სხეულს. ხდები სხეულის ყველა მოთხოვნილების ბატონ-პატრონი - მათ შორის სექსუალურის. დამოკიდებულებაა ალკოჰოლზე უმად კვების დროს უბრალოდ არ არსებობს. და თუ იყო - გაივლის.

 14. მნიშვნელოვნად ვითარდება სხეულის კონტროლის უნარი. იგი აღზრდილი, გამოწრთვნილი და მორჩილი ხდება. წარმოიდგინეთ, რამდენად იზრდება შესაძლებლობები ცხოვრებისათვის.“

 ჩემგან შემიძლია დავამატო, რომ გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც ბევრს აწუხებს, ავტომატურად გაქრება, რადგანაც სხეული იბრუნებს თავის პირვანდელ, ბუნებრივ სილამაზეს. ხანდაზმულებს კი დრო უბრუნდება, მათ შეუძლიათ ოცი წლით გაახალგაზრდავდნენ. ხოლო დასასრული საღამოსი, რომელსაც ცხოვრება ეწოდება, შეიძლება კიდევ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდეს. და ამისთვის საჭიროა მხოლოდ ის, რომ კვების სტილი შევცვალოთ.

 განსაკუთრებით გავუსვამ ხაზს, რომ ეს არაა მორიგი დიეტა, რომელიც დროებით შედეგებს იძლევა, არამედ ცხოვრების მთელი სახეა. თუ გადაწყვიტეთ, რომ უმად კვებაზე გადახვიდეთ, აუცილებელია, რომ ეს თანდათანობით გააკეთოთ. და მთავარია, თავს არ მოახვიოთ ასეთი კვების სტილი არც საკუთარ თავს და არც სხვებს. აქ განსაკუთრებით გულდასმით უნდა დაიცვათ ტრანსერფინგის წესი. საერთო სუფრა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ გარშემომყოფები აუცილებლად შეშფოთდებიაან და მტკიცებას დაგიწყებენ, რომ სისულელეს აკეთებთ. ნუ ეცდებით მათ გადარწმუნებას. ისინი ხომ იმიტომ ღელავენ, რომ ძლიერი ეჭვი აქვთ, რომ თქვენ მართალი ხართ. იარეთ თქვენი გზით - მშვიდად და მხიარულად, თავის გამართლებისა და ვინმესთვის რამეს მტკიცების გარეშე. თქვენი გაფურჩქნული სახე ყველაფერს თვითონ იტყვის. მაგრამ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არ ღირს, რომ საკუთარ თავს აიძულოთ. თუ თქვენ მოქმედებთ პრინციპით - საჭიროა, ამისგან კარგი არაფერი გამოვა. ადრე თუ გვიან ყელში ამოგივათ, და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. გადასვლა უნდა განხორციელდეს სულისა და გონების ერთიანობის მდგომარეობაში. არა - „საჭიროა“, არამედ - „მინდა“. სწორედ ამიტომ გთავაზობთ, რომ ეს ეტაპობრივად გააკეთოთ, საკუთარ ნებაზე და ორგანიზმზე ძალადობის გარეშე. მართლაც ძნელია მრავალრიცხოვან ცდუნებებზე უარის თქმა. საერთოდ 30 წლამდე კიდევ შეიძლება „გართობა“, მაგრამ შემდეგ კარგად უნდა დაფიქრდეთ, ბატარეა ხომ თუმც კი შეუმჩნევლად, მაგრამ შეუქცევადად ჯდება.

 არ უნდა დაგავიწდეთ ფიზიკური ვარჯიშებიც. კონტრასტული შხაპი და გასეირნება ყოველდღე თითო საათით - ეს აუცილებელი მინიმუმია. სირბილი აუცილებელი არაა. იგი წარმოადგენს ექსტრემალურ და არაბუნებრივ მდგომარეობას ორგანიზმისთვის. მასზე ძლიერ ზეწოლას აზრი არ აქვს, თუ სპორტსმენი არ ხართ და შედეგი არ გჭირდებათ. თუმცა ბუნება შედეგებისკენ კი არა, ოპტიმალური წონასწორობისკენ ისწრაფვის. სიარული - სხვა საქმეა. იგი სასარგებლოზე მეტია. ვარჯიში შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. მაგალითად, ტიბეტური გიმნასტიკა, რომელიც აღწერილია პიტერ კელდერის წიგნში - „აღორძინების თვალი“. ეს პრაქტიკა მარტივია, და ამავდროულად ძალიან ეფექტური - ენერგეტიკის გაზრდისთვის.

 ცხოვრების ახალი სტილი თქვენი განზრახვის ენერგიას ისეთ დონეზე აწევს, რომ ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ თავს ეტყვით: „მე მართლაც ვფლობ ჩემს სხეულს და ვფლობ ჩემს რეალობას.“ და ეს უბრალოდ სიტყვები არაა, არამედ სრულიად კონკრეტული შეგრძნებებია. თქვენ პირდაპირ იგრძნობთ, რომ შეგიძლიათ მოახდინოთ თქვენი სამყაროს შრის ფორმირება, თქვენი სურვილისამებრ. ეს იქნება კოორდინაციის საოცრად ორგანული შეგრძნება. რაც არ უნდა ხდებოდეს, ჩემი განზრახვა რეალიზდება. ყველაფერი აქეთკენ მიდის, ისე, როგორც საჭიროა.

 წყარო

თუ მოგეწონათ, გააზიარეთ...

მსგავსი სტატიები

რა ვქნათ, როდესაც ბავშვებს ბაღებში რაფინირებულ ზეთზე დამზადებულ საკვებს აჭმევენ?


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ეს უკვე თემაა, რომელიც სხვა განზომილებაში გა...

მსხვილი ნაწლავის შესახებ #2


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ნებისმიერი დაავადების განკურნება, სხეულის სხ...

ცხარე წიწაკა


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე იადიგარ დაუდში არაერთგზისაა დაწერილი, რომ ...

მკურნალობა ბოსტნეულის და ხილის წვენებით


ავტორი: ნორმან უოკერი მთარგმნელი: ჯუმბერ თითმერია (1991 წელი) რ...

ტოპინამბური


ტოპინამბური, ანუ მიწავაშლა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.

როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლობინის დონე ორსულობის დროს?


მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი წყარო ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ხშირი...

ყავა და ჩაი


მონაკვეთი პაპიუსის წიგნიდან - "პრაქტიკული მაგია" მთარგმნელი: მამ...

ალუმინის ჭურჭელი


ავტორი: ვლასი ჯიბლაძე ალუნიმის ჭურჭელი სულაც არაა ისეთი უვნებელი...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff