ტოლკინის სამყარო და ანალიტიკური ფსიქოლოგია

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

მთარგმნელი: მამუკა გურული

წყარო

როგორც ცნობილია, ნებისმიერი მხატვრული ლიტერატურა ერთი ან რამდენიმე გმირის, ან გარკვეული საზოგადოების ინდივიდუაციის (პიროვნული განვითარების) ამა თუ იმ ეტაპს ასახავს, რომელიც შესაძლებელია აღიწეროს არქეტიპების - ადამიანის ფსიქიკის ფუნდამენტური სტრუქტურების მეშვეობით. სწორედ მათ შეისწავლის ანალიტიკური ფსიქოლოგია. განსაკუთრებით მკაფიოდ არქეტიპები უნდა გამოვლინდნენ ფენტეზის ჟანრის ლიტერატურაში, რომელსაც უშუალო მითოლოგიური საფუძველი აქვს... 

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ტოლკინის სამყაროს ინტერპრეტაცია არქეტიპების თვალსაზრისით მეტისმეტად რთულია, რადგან განსხვავებით ურსულა ლე გუინის სამყაროსგან, სადაც მიზანი ფსიქიკის სხვადასხვა საწყისებს შორის ჰარმონიის დამყარებაა, ტოლკინის სამყაროში ძირითად საწყისებს სიკეთე და ბოროტება წარმოადგენენ, რომელთა შორის კომპრომისიც შეუძლებელია. თუმცაღა, როგორც შემდგომში გაჩვენებთ, არქეტიპული ახსნა ტოლკინის სამყაროზეც ისევე შესაძლებელია, როგორც ურსულა ლე გუინის წიგნებზე. უფრო მეტიც, ჩვენი აზრით, ტოლკინის წიგნების (და მათ მიხედვით გადაღებული ფილმების) პოპულარობა პირველ რიგში სწორედ მათში აღწერილი მკაფიო არქეტიპული ხატ-სახეებით აიხსნება. 

განვიხილოთ არქეტიპების გამოვლინება ტოლკინის სამყაროში. პირველი და მთავარი არქეტიპი - ესაა ძალაუფლების ბეჭედი, ბეჭედი, რომელიც აერთიანებს. ეს ხატ-სახე საკმაოდ ტრადიციულია ლიტერატურასა და მითოლოგიაში: ბეჭედი, წრე - ტრადიციულად მთლიანობას, თვითობას (Self) განასახიერებს. გავიხსენოთ ნიბელუნგების ბეჭედი ვაგნერის ოპერიდან, ან ერრეტ-აკბეს ბეჭედი „ზღვამიწეთის ჯადოქრიდან“. ფაქიზი მომენტია ის, რომ ძალაუფლების ბეჭედი აერთიანებს არა სიკეთის სახელით, არამედ ბოროტების სახელით (განსხვავებით იგივე ერრეტ-აკბეს ბეჭდისგან). მაგრამ ჩვენი აზრით, ეს დაკავშირებულია ტოლკინის პირად გამოცდილებასთან, რომელშიც შესამჩნევ ადგილს იკავებს სწორედ ფაშიზმის საფრთხესთან პირისპირ შეჯახების საფრთხე, რომელიც მიისწრაფვის, რომ „ყველა მოიძიოს, ერთად უხმოს და ერთიანი შავი ნებით შებორკოს“. 

ბეჭდის ნეგატიურ როლთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნოთ, რომ თვითობაც აუცილებელი არაა, რომ სიკეთის როლს ასრულებდეს, ის შესაძლოა ბოროტებასაც უკავშირდებოდეს. ამგვარად, ბეჭედი ბოროტების სიმბოლოს როლს ასრულებს, თილისმის როლს - მინუს ნიშნით, რომელსაც ყველასთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს. უფრო მეტიც, ბეჭედი ფაქტიურად წარმოადგენს საშუალებას (გასაღებს) ჩრდილისთვის, რომ დაიმორჩილოს ყოველი - დაფარული ძალაუფლების წყურვილის გარეთ გამოშვებით (ჩნდება ჩრდილი-თვითობის ღერძი). სხვა სიტყვებით, შეიძლება ითქვას, რომ ბეჭედი, მისი მიღება - თვითობისკენ გზას წარმოადგენს, მაგრამ მოკლე გზას, რომლითაც შეუძლებელია გაზრდა, და რომლის ბოლოშიც ბოროტმა საწყისმა (თვითობის დემონურმა მხარემ) შესაძლოასრულიად ჩაყლაპოს ეგო (პიროვნება). გოლუმს სწორედ ასე დაემართა.  

სხვა არქეტიპები ვლინდება პირველ რიგში ჰობიტების ისტორიაში, „ბეჭდების მბრძანებელი“ პირველ რიგში სწორედ მათ ზრდას ეხება, - „ჩვენი ამბავი განსაკუთრებით ჰობიტებს შეეხება“ - და მათი ინდივიდუაციის სხვადასხვა ეტაპებს აღწერს. ტოლკინთან, უფრო მკაფიოდ, ვიდრე სხვებთან, ნაჩვენებია, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ ჰობიტების წინაშე დგას - ესაა ზე-ფასეულობით შეპყრობის (არქეტიპის ინფლაციის) პრობლემა, როცა მთელი ცნობიერება ივსება ერთადერთი სურვილით, რომელიც როგორც წესი გარკვეულ ნივთს უკავშირდება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი არაცნობიერში განიდევნება. ადრე თუ გვიან ის ამოხეთქავს, და გადაწყვეტილებები არაადეკვატური ხდება, ხშირად მათ გამოარჩევს არაბუნებრივი, ჰიპერტროფირებული სისასტიკე, ზოგჯერ - გაჩერების და სურვილების კონტროლის უუნარობა. უფრო მეტიც, ადამიანი (და ამ ცნებაში შედიან ელფები და ჰობიტებიც) ხშირად ვეღარც კი მართავს საკუთარ თავს. 

ხშირად ამ პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტაა - ძალით გაწყვიტო კავშირი ამ ნივთთან ან მისი ფლობის სურვილთან, საკუთარი ეგოს გარკვეული ნაწილის დაკარკვის ფასადაც კი (რაც მითოლოგიურ ლიტერატურაში ხშირად რეალიზდება სხეულის გარკვეული ნაწილის დაკარგვით). სწორედ თითის დაკარგვამ იხსნა ფროდო ბეჭდისგან, რომელმაც უკვე შეიპყრო მისი ცნობიერება. და თითქმის იხსნა მაედროსი - ფინფონმა მისი გადარჩენა მხოლოდ ხელის მოკვეთის შედეგად შეძლო (შეგახსენებთ, რომ შუა საუკუნეებში ფიზიკური არასრულფასოვნება უპირობო დაბრკოლებას წარმოადგენდა კორონაციისთვის), რის შემდეგაც მაედროსმა უარი თქვა ნოლდორის სამ სახლში პირველობაზე. რამაც შერიგების საშუალება მისცა მათ.  სხვა თემაა, რომ მაედროსის, ისევე, როგორც ფეანორის სხვა ვაჟების სული ბოლომდე ვერ განიკურნა - მან უარი თქვა ნოლდორის გვირგვინზე, მაგრამ ვერ თქვა უარი გაცილებით უფრო დიდ სურვილზე - სილმარილების დაბრუნებაზე. როგორც ჩანს, ამ სურვილმა მასში და მის ძმებში ბევრად უფრო ღრმა ფესვები გაიდგა. შესაძლოა ეს იმას უკავშირდება, რომ პერსონით შეპყრობილობისგან გათავისუფლება უფრო ადვილია, ვიდრე თვითობით შეპყრობილობისგან: ამ შემთხვევაში ნოლდორთა შორის პირველობის წყურვილი - პერსონას შეესაბამება, სილმარილების ფლობისკენ მისწრაფება კი - თვითობას, რომელიც ჩვეულებრივ რაღაც მისტიურს, არაამქვეყნიურს შეესაბამება.

ფროდოს გზა (რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ეგოს გზა თვითობისკენ) თითქმის ყველა არქეტიპთან შეხვედრას მოიცავს. პირველ რიგში, მას ჰყავს თანამგზავრი, მისი ერთგული მსახური - სემი. არა უბრალოდ მსახური, არამედ ის, ვის გარეშეც მისი მისია ფაქტიურად შეუსრულებელი აღმოჩნდებოდა (მეგზური ცნობიერ და არაცნობიერ სამყაროებს შორის) - სწორედ სემმა შეინახა ბეჭედი, როცა ფროდო კინაღამ მოკვდა. ამგვარად, გმირის თანამგზავრია ის, ვინც ეხმარება ეგოს თვითობასთან დაკავშირებაში. 

გზაზე ფროდო გაიცნობს სხვა გმირებს - მთავარი გმირი, ცხადია, არაგორნია. გმირის არქეტიპი ბორომირშიცაა გამოვლენილი (ის გამბედავი და ძლიერია, გონდორის ტახტის მემკვიდრეა), მაგრამ მასთან ფროდოს კონფლიქტი ექმნება - და ეს შემთხვევითი არაა. ჩვენ ვხედავთ, რომ გმირის არქეტიპი არ წარმოადგენს გამთლიანებულ პიროვნებას - პიროვნება, რომელიც ბოლომდე შეპყრობილია გმირის არქეტიპით, ნაკლულია. ამიტომ ბორომირის სწრაფვას - მოიპოვოს ბეჭედი, რომელიც ბუნებრივად იხსნება, როგორც გმირის არქეტიპის სურვილი - შეიპყროს პიროვნება, - სიკეთემდე არ მივყავართ (ბორომირის იმედი, რომ საურონის წინააღმდეგ გამოიყენებს ბეწედს, მეტისმეტად არარეალისტურია - ეს ან იქამდე მიიყვანდა, რომ საურონი მაინც დაეუფლებოდა ბეჭედს, ან იქამდე, რომ ბორომირი მოექცეოდა ბოროტების ძალაუფლების ქვეშ, რითაც არაფრით არ გახდებოდა საურონზე უკეთესი - ამ სცენარის რისკზე ბევრი რამ მეტყველებს. შემთხვევითი არაა, რომ ბეჭედს თავისთან არ იტოვებენ არც გენდალფი და არც გალადრიელი). 

რაც შეეხება არაგორნს, მისი როლი გვახსენებს, რომ გმირის არქეტიპის ფსიქიკაში ჰარმონიული ინტეგრაცია არა მხოლოდ სასარგებლოა პიროვნებისთვის, არამედ ძალასა და თავდაჯერებულობასაც სძენს მას.

ერთ-ერთი საკვანძო არქეტიპი ტოლკინთან - ჩრდილია. ფროდოს ჩრდილს (და ფაქტობრივად ყველა ჰობიტის ჩრდილს) რა თქმა უნდა გოლუმი წარმოადგენს. რაღაც დრომდე იგი სრულიად ჩვეულებრივი ჰობიტი გახლდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბეჭედი იპოვა, იგი სრულიად შეიპყრო ჩრდილმა - მოხდა ჩრდილის ინფლაცია (ანუ ბეჭედი წარმოადგენს გასაღებს, რომელიც ჩრდილს ათავისუფლებს), და იგი არაბუნებრივად სასტიკ ქმედებებს სჩადის - მკვლელობას ოდნავი სინანულის გარეშე. უფრო მეტიც, იგი თავად გახდა ჩრდილი, ჩრდილმა შთანთქა მისი ეგო - შემთხვევითი არაა რომ აღარც ჰგავდა ჩვეულებრივ ჰობიტს, არამედ რაღაც არაცოცხალს დაემსგავსა, ჩრდილს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გვაგონებს მკვდრების ქვეყნიდან გაქცეულ ადამიანებს „ზღვამიწეთის“ მესამე წიგნიდან, და არაბუნებრივად დიდხანს ცოცხლობს, მაგრამ არიდებს რა თავს ფიზიკურ სიკვდილს, იგი დიდი ხანია მოკვდა ფსიქიკურადაც და სოციალურადაც. იგი ჩრდილივით დაჰყვება ფროდოს, და შემთხვევითი არაა, რომ როცა ფროდოს სიშლეგე შეიპყრობს, ბეჭდის ფლობის სურვილი, იგი გოლუმს ემსგავსება და მისი ფრაზებით საუბრობს (იგივე ემართება ბილბოსაც) - ანუ ბეჭედი ჩრდილს ააქტიურებს. 

საბოლოო ჯამში ჩრდილი ფროდოშიც თავისუფლდება - და ხდება მისი (და ფროდოსიც) ფიზიკური თვითგანადგურება. ფროდო დიდ ფასს იხდის ჩრდილისგან გათავისუფლებაში - ფაქტიურად თავისი სიკვდილის ფასად აკეთებს ამას, რადგან ჩვეულებრივ სამყაროში ის უკვე ვეღარ იცხოვრებს. შემთხვევითი არაა, რომ ვალინორში მიცურავს - ვალინორში წასვლა სიმბოლურად აღნიშნავს სიკვდილს და მიუთითებს იმაზე, რომ გმირმა თავისი მისია შეასრულა...საინტერესოა ავღნიშნოთ, რომ გმირის არქეტიპის გაცნობიერება ოთხივე ჰობიტში ხდება - ფროდოში, სემში, მერიადოკში და პერეგრინში: თუ წიგნის დასაწყისში ისინი არანაირი განსაკუთრებული გმირული თვისებებით არ გამოირჩეოდნენ (და საერთოდ, ისინი სუსტები არიან, რადგან ადამიანზე ორჯერ დაბლები არიან ზომაში), შემდეგ უკვე ისინი ზრდას იწყებენ (საინტერესოა, რომ სულიერ ზრდასთან ერთად ფიზიკურადაც იზრდებიან - ზრდა ტრადიციულად წარმოადგენს ძალის არქეტიპულ ხატ-სახეს), სჩადიან რა გმირობებს - აღწევენ საბედისწერო მთას, კლავენ ნაზგულს (რომელიც ურჩხულის არქეტიპს წარმოადგენს) და სხვა საშინელ არსებებსაც ამარცხებენ. 

გენდალფი - მოხუცი ბრძენის არქეტიპი, - წარმოადგენს სიბრძნის განსახიერებას. ესაა ბრძენი მასწავლებელი, რომელიც სხვებს თავს არ ახვევს თავის ნებას. მისი რჩევები და გადაწყვეტილებები ყოველთვის სწორი აღმოჩნდება ხოლმე, როგორ აბსურდულადაც არ უნდა ჩანდნენ ერთი შეხედვით, ის ეხმარება გმირებს თავიანთი „მე“-ს პოვნაში. მისი საპირისპირო მხარეა - ჯადოქარი სარუმანი - ის, ვინც ცოდნას იყენებს არა სამყაროში ჰარმონიის დასამყარებლად, არამედ სამყაროს დამორჩილებისთვის. 

არქეტიპების თვალსაზრისით ტრივიალური არაა არც გალადრიელის ფუნქცია. გალადრიელი (არაგორნისთვის, და არა მხოლოდ მისთვის კი არვენი) - ესაა მთავარი გმირის ანიმას არქეტიპი, იდეალური ქალური საწყისი, ის, რომელიც შთაგვაგონებს, ის, ვისთვისაც გმირობები სრულდება (ფაქტობრივად, ტოლკინის სამყაროში ანიმა ორი სახით ვლინდება - გალადრიელის და არვენის, და ეომერის და გიმლის ცნობილი კამათი, თუ ვინ უფრო მშვენიერია, გალადრიელი თუ არვენი, არქეტიპების თვალსაზრისით კამათია იმაზე, თუ რომელი ანიმა უკეთესია, რაც მთლიანობაში სასაცილოა: „გემოვნებაზე ხომ არ დაობენ“). 

ანიმას მოტივები ტოლკინთან „სილმარილიონშიც“ გვხვდება - ფაქტობრივად, ბერენის და ლუთიენის ისტორია, ასევე იდრილის და ტუორის ისტორია - ესაა ეგოში ანიმას გაცნობიერების და ჩართვის შესახებ, რომლისთვისაც საჭიროა განსაცდელების გავლა, მათ შორის, თვითობასთან ურთიერთობის დამყარება (კომპასთან, რომელიც მოძრაობის მიმართულებას წარმართავს), რომელიც მითებსა და ლეგენდებში რაღაც უმაღლესთან, მისტიურთან, ღვთაებრივის ანაბეჭდის მატარებელთან გაერთიანებით, ან ჯადოსნურ ქალაქში შესვლით მიიღწევა (ფროდოს შემთხვევაში ესაა ლორიენში შესვლა, ბერენის შემთხვევაში - დორიატში შესვლა, შემდეგ კი სილმარილის მოპოვება, ტუორის შემთხვევაში - ულმოსთან შეხვედრა და გონდოლინში მოგზაურობა); ანიმას ინტეგრაციის შემდეგ როგორც წესი გვეძლევა ძალები არაცნობიერის უფრო ღრმა წვდომისთვის, თვითობასთან უფრო ღრმა კავშირის დამყარებისთვის - ტუორიც და იდრილიც, მოგვიანებით კი ეარენდილი და ელვინგიც კურთხეული მიწის საძებნელად მიემგზავრებიან გემით, და თუ ტუორს და იდრილს - და ფაქტობრივად ბელერიანდის ყველა ელფსა და ადამიანს - თვითობასთან მჭიდრო კავშირის დასამყარებლად ჯერ კიდევ არ ჰყოფნით ძალები, და ტუორის და იდრილის მომდევნო ბედი ცნობილი არაა, ეარენდილი და ელვინგი თავიანთ მიზანს აღწევენ. ამასთანავე, ანიმას გაცნობიერების და ინტეგრირების უუნარობას უბედურებამდე მივყავართ - ასე ვერ შეძლო ტურინმა ფინდუილასის შეყვარება, ის მოკვდა, ტურინს კი ანიმათი შეპყრობილობა დაემართა: მას საკუთარი და შეუყვარდა, რომელმაც მისგან ბავშვი ჩასახა, და ამან ორივე დაღუპვამდე მიიყვანა (ინცესტი - დაუშვებელი ქმედებების ერთ-ერთი კლასიკური მითოლოგიური მაგალითია). და ისეთ საშინელ ურჩხულზე გამარჯვებაც კი, როგორიც გლაურუნგია, ვერ აქცევს ტურინს ბოლომდე გამარჯვებულად - რადგან სრული გამარჯვება, საკუთარი თავის გაცნობიერება, ვერ მიიღწევა მხოლოდ გმირის არქეტიპის ძალით (ჩვენს სამყაროში კი ეს არქეტიპი გარესამყაროში წარმატების მიღწევით რეალიზდება). 

ორკები, რომლებიც თითქოს ანალიტიკური ფსიქოლოგიისთვის სრულიად არაბუნებრივ ხატ-სახეს წარმოადგენენ, როგორც უპირობო ბოროტებას, გვევლინებიან მტაცებლის არქეტიპის ხატ-სახედ - არასტრუქტურირებული (გაუცნობიერებელი) კოლექტიური არაცნობიერის, საწყისის, რომელიც შეცნობილ უნდა იქნეს. ხოლო კიდევ ერთი ყველაზე მთავარი მტაცებელი - შელობი, წარმოადგენს გარშემო ყველაფრის შეჭმის (შთანთქმის) სიმბოლოს.  

რაც შეეხება „სილმარილიონს“, მისი არქეტიპულობა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს. ერუ და ვალარი წარმოადგენენ თვითობას და მის სხვადასხვა ასპექტებს, ამასთან, ერთ-ერთი ასპექტი განიდევნება და ჩრდილად გარდაიქმნება - რა თქმა უნდა, ეს მელკორია, ძალაუფლებისკენ, დომინირებისკენ მისწრაფების განსახიერება (საერთოდ, ჩრდილში ყველაზე ხშირად სწორედ აგრესია და ძალაუფლების წყურვილი გადადის ხოლმე). ამას სიკეთისკენ არ მივყავართ. არდაში ომები იწყება. ამასთან, როგორც ნათელი ძალების მხრიდან, ასევე ბნელების მხრიდანაც, და თამაშში სხვა ახალი არქეტიპებიც შემოდიან - დიდი დედის (ვარდა, იავანა, ნიენა), გმირის (ორომე), ბრძენი მოხუცის (მანუე, ნამო) არქეტიპები. შემდეგ ეს არქეტიპები ელფებში და ადამიანებშიც ვლინდებიან, რომელთაგან ზოგიერთი ვალარებისადმი მსახურებას იწყებენ, ანუ მათში შესაბამისი არქეტიპები აქტიურდება. ხოლო ჩრდილი (მელკორი) აღვიძებს მტაცებლებს. პირველი მათგანი - უნგოლიანტია, შემდეგ კი ორკები, დრაკონები, ბარლოგები...

ძირითადი მოვლენები „სილმარილიონში“ ფაქტობრივად იწყება არა ძალაუფლებათა ომით (რომლის დროსაც მელკორი დატყვევებულ იქნა - რაც ჩრდილის ნების ძალის კონტროლის ქვეშ დაყენების სიმბოლოა), არამედ ელფების ვალინორში მოსვლით.და სანამ მელკორი ტყვეობაშია, ყველაფერი თითქოს რიგზეა. მაგრამ მელკორი თავისუფლდება - ჩრდილი კონტროლის გარეშე რჩება და იწყებს მცდელობებს, რომ ელფებზე მოახდინოს ზეგავლენა. განსაკუთრებით არამდგრადია მის მიმართ ფეანორი - ფაქტობრივად, ფეანორი წარმოადგენს არდას მარადიულ ბავშვს. ესაა საწყისი, რომლის თვისებებია: შემოქმედება, მოუთმენლობა; საწყისი, რომელიც ყველაფერ ახალს ჰბადებს (შემთხვევითი არაა, რომ ფეანორი თავისი შემოქმედების უნარით ყვლა სხვა ელფს აღემატება) - და ამავდროულად ყველაზე არასტაბილურია ყველა საწყისს შორის. 

ფეანორმა შექმნა სილმარილები, შეეხო რა თვითობას - ამასთან, იგი, როგორც მარადიული ბავშვი, თავად წარმოადგენს საწყის, პირველად თვითობას, და სილმარილები მისი გაგრძელებაა. შემთხვევითი არაა მისი სიტყვები იმაზე, რომ სილმარილების განადგურებით, ის თვითონაც მოკვდება - ერთიც და მეორეც თვითობაა, და ერთის ნგრევა მეორეს ნგრევას იწვევს. და როგორც მარადიული ბავშვი, ფეანორი იმპულსურია. მას არ სურს ლოდინი, და ეს იწვევს მის ყველა მკვეთრ გადაწყვეტილებას, რომლებსაც ტრაგედიებამდე მივყავართ. ის მარტოსულია, რადგან დედა დაკარგა, და ეს ადგილი მის ფსიქიკაში ცარიელია - ფაქტობრივად, ის არაა მთლიანი პიროვნება, რადგან ანიმა არ აქვს განვითარებული (ანიმას როლი მისთვის სამუდამოდ დაიკავა მირიელმა, რომელმაც სამყარო დატოვა, ანიმას მისი აღქმა სამუდამოდ გაიჭედა ამ ხატ-სახეზე - და ვინ იცის, მირიელი რომ არ გარდაცვლილიყო, ფეანორის ბედი სხვაგვარად წარიმართებოდა). იგი ადვილად ენდობა მელკორს, და არ შეუძლია ამოიცნოს მისი თამაშები, რადგან მარადიული ბავშვი ძალზე მიმნდობია - და ასევე მკვეთრად უარყოფს მას, როცა მელკორი მამამისს კლავს (მამა კი - საკვანძო არქეტიპია პიროვნების ფორმირების დროს) და სილმარილებს ესხმის თავს, რომლებიც მისი გაგრძელებაა. და იმავე მიზეზით, რადგან მისთვის ასე ძვირფასია სილმარილები, არ სურს, რომ ვალარებს დაუთმოს ისინი (რომლებიც მისთვის გარკვეულწილად ნორმის (კოლექტიური ცნობიერის) როლს ასრულებენ, და რომლებიც მოთხოვნებს აყალიბებენ პერსონასთვის, თუმც კი უფრო განვითარებულ თვითობას უნდა წარმოადგენდნენ, რადგან უმაღლეს თვითობასთან - ერუსთან - ახლოს დგანან, პერსონის განვითარებაზე კი ის არ ზრუნავს, რადგან მარადიულ ბავშვს წარმოადგენს, და მსოფლმხედველობის პირვანდელი მიამიტური  მთლიანობა გააჩნია. 

მაგრამ მოგვიანებით მელკორი უკვე ტოვებს ვალინორს, სილმარილები მოტაცებულია - სამყარომ დაკარგა თავისი პირვანდელი მთლიანობა. და მარადიულ ბავშვს უკვე აღარ ძალუძს ამ მთლიანობის აღდგენა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მარადიული ბავშვი თვითობაა, მაგრამ ეს არაა სრულყოფილების მდგომარეობა, არამედ მდგომარეობაა, რომელიც უნდა გაიზარდოს, რაზეც აფრთხილებს ნამო, როცა თავის წინასწარმეტყველებას აცხადებს. მისი მცდელობები, რომ მდგომარეობა გამოასწოროს, კიდევ უფრო ტრაგიკულ მოვლენებს იწვევენ, შინაგან განხეთქილებას ელფებს შორის - ჟლეტა ალკვალონდში, გემების დაწვა ლოსგარში (ეს უკანასკნელი სიმბოლური აქტია პირვანდელი ჰარმონიის ნგრევისა უკონტროლო თვითობის მიერ, რადგან ფეანორი თავადაა ცეცხლის ალი, და მისი სახელი ითარგმნება, როგორც „ცეცხლოვანი სული“)...

არქეტიპების კონცეფციის თვალსაზრისით პირველი სახლის ყველა ტრაგედია დაკავშირებულია არაცნობიერში ბოლომდე ჩაძირვის მცდელობასთან (მოცემულ შემთხვევაში თვითობის ინფლაციასთან, რომელიც სიკეთემდე ვერ მიგვიყვანს - ქმედებები ამ დროს არაკონტროლირებადი და არაადეკვატური ხდება (ხაზი გავუსვათ, რომ მათი ჩაძირვა არაცნობიერშიიმითაც სიმბოლიზდება, რომ ისინი ზღვაზე მიცურავდნენ, რომელიც, როგორც წესი არაცნობიერის სიმბოლოს წარმოადგენს, მაშინ, როცა ელფები ნოლდორის ორი სხვა სახლიდან ყინულებზე დადიოდნენ - და ამგვარად არაცნობიერში არ იძირებოდნენ. ამიტომ მათი ქმედებები არც ისე უგუნუია, როგორც პირველი სახლის შემთხვევაში). შემდეგ მოდის დაგორ-ნუინ-გილიატი, და მარადიული ბავშვი - ფეანორი - საბოლოოდ გადის სცენიდან, რადგან ასეთ სირთულეებს მარადიული ბავშვი უკვე ვეღარ უმკლავდება. და შემთხვევითი არაა, რომ ის სამუდამოდ ხვდება მანდოსის დარბაზებში, რომლებიც სიკვდილს განასახიერებენ (ზოგადად, ნამო მანდოსი - ვალარია, რომელიც სიკვდილზე და დროზეა პასუხისმგებელი) - ახლა უკვე ფსიქიკის მდგომარეობა, რომელიც ელფებში ამ არქეტიპის დომინირებას შეესაბამება, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. არდასთვის კი მომწიფების, გადაწყვეტილებების ძიების დრო დადგა...

მომწიფება რთულად მიიღწევა - და ელფებს მრავალი განსაცდელის გავლა მოუწიათ ამისთვის. მოუწიათ, რომ მტაცებელ ორკებთან ბრძოლა ესწავლათ (არსობრივად მტაცებლები არიან ბარლოგები და დრაკონებიც). უწევთ, რომ პერსონის მართვა ისწავლონ, რათა მისით შეპყრობილნი არ იყვნენ - და ეს თავიუდან მაედროსის მეშვეობით მოახერხეს, რომელმაც უარი თქვა პირველობაზე და შემდეგ კი ფინროდის მეშვეობით, რომელმაც შეძლო უარი ეთქვა ძალაუფლებაზე და გადაელახა ელფების რწმენა-წარმოდგენები ადამიანებთან მიმართებაში. კვლავაც უწევთ შეეწინააღმდეგონ ჩრდილს - ესაა არა მხოლოდ მელკორის არმიასთან ბრძოლა, არამედ ბნელი ძალებისადმი ჩაბარებული მაეგლინის წინააღმდეგაც (მაეგლინის ბედი კლასიკური მაგალითია პიროვნებისა, რომელიც ჩრდილმა შეიპყრო - იგი ტყვედ ჩაუვარდა მელკორს, ანუ ჩრდილს, და შეპყრობილ იქნა მის მიერ, აენთო რა იდროლის ფლობის მწველი სურვილით - ასეთი სურვილი ალბათ ადრეც ჰქონდა, მაგრამ ჩრდილში იმალებოდა იმის გამო, რომ მაეგლინი და იდრილი ახლო ნათესავები იყვნენ. საერთოდ, ინცესტი - ერთ-ერთი კლასიკური დაუშვებელი ქმედებაა - და მზად იყო რა ამის გამო ბნელეთის მსახური ყოფილიყო. ცხადია, რომ ჩრდილით შეპყრობილობას არაადეკვატურ ქმედებებამდე მივყავართ, კერძოდ, ხელს უშლის ანიმას დამუშავებას - იდრილი არ წარმოადგენს ანიმას მაეგლინისთვის, როგორც არ უნდა მოჩვენებოდა ეს მას). 

საჭიროა თანდათანობით დამუშავდეს ანიმა, რომლის გამოვლინებებიც იყვნენ ლუთიენი და იდრილი (და ანიმას დამუშავება ადვილი არაა, რაზეც მოწმობს ტურინის და ფინდუილასის ისტორია). მაგრამ სილმარილების დაუფლებისკენ მისწრაფება, რაც არსობრივად იგივეა, რაც თვითობით შეპყრობა, ანუ თვითობის ინფლაცია - განსაკუთრებულად ვლინდება პირველი სახლის ელფებში, მაგრამ არა მხოლოდ მათში. საკმარისია გავიხსენოთ თინგოლის ტრაგედია. 

ელფების და ადამიანების გამოცდილება აჩვენებს, რომ თვითობასთან კონტაქტის დამყარება პიროვნების ევოლუციაში ყველაზე სახიფათო, მაგრამ ამავდროულად ყველაზე მთავარი ეტაპია, რადგან სწორედ ამ გზაზე ჩნდება ყველაზე დიდი რისკი ინფლაციისა - პიროვნების არქეტიპით შეპყრობილობისა, რასაც არაადეკვატურ გადაწყვეტილებებამდე მიჰყავს იგი. ამგვარად, თვითობა ყველაზე სახიფათო არქეტიპია ინფლაციის რისკის თვალსაზრისით (სწორედ ამით აიხსნება რელიგიური ფანატიზმი). და როგორც ცნობილია, ამ რისკს მხოლოდ ბერენმა და ეარენდილმა გაუძლეს. სწორედ თვითობით შეპყრობილობაა ყველაზე მძიმე უბედურებების მიზეზი, რომლებიც ელფებმა და ადამიანებმა გადაიტანეს, და მხოლოდ ეარენდილმა შეძლო საბოლოოდ ამ პრობლემის გადაწყვეტა, გადაცურა რა ზღვა (არაცნობიერი), რათა ვალარამდე მიეღწია, და ამით ელფების და ადამიანების გონება (ეგო) უმაღლეს თვითობასთან - ღვთაებრივთან გააერთიანა, და ამასთან მათ შორის სწორედ ჰარმონიული ურთიერთობა დაამყარა (არაცნობიერში სრული ჩაყვინთვა სახიფათოა, ფსიქოლოგიური განვითარების მიზანი კი - ცნობიერსა და არაცნობიერს შორის ჰარმონიის დამყარებაა). 

თუმცაღა ჩრდილის პრობლემის გადაწყვეტას (რაც მორგოთზე გამარჯვებაში გამოიხატება) მივყავართ იქამდე, რომ არდა იცვლება, კვდება და ხელახლა იბადება. სამყარო შეიცვალა, უფრო ზრდასრული გახდა - ანუ ინდივიდუაცია შედგა. იგივე ხდება „ბეჭდების მბრძანებლის“ ბოლოსაც - ჯადოსნობა წავიდა ამქვეყნიდან, პასუხისმგებლობა კი ადამიანებს აწევთ. 

ჩვენ ავღწერეთ არქტიპული მოტივები, რომლებიც რეალიზებულია ტოლკინის ნაწარმოებებში. შედეგად ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პირველ რიგში არქეტიპული მიდგომა უნივერსალურია, და მეორე - სავარაუდოდ არქეტიპები იძლევიან ახალ გასაღებს ტოლკინის საყაროს გაგებისთვის (მათ შორის ფეანორის სახლის ელფების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაგებისთვის - რადგან სწორედ ისინია ყველაზე წინააღმდეგობრივი და რთულად გასაგები ტოლკინის გმირებს შორის) და ტოლკინის ნაწარმოებების ცნობიერი გამოყენებისთვის - პიროვნული განვითარების სტიმულირების მიზნით. 

 

მსგავსი სტატიები

ოშო - ფსიქოანალიზის და ფსიქოსინთეზის შესახებ


ოშოს წიგნიდან - "სუფიების ჭეშმარიტება" მთარგმნელი: მამუკა ...

იდი, ეგო, სუპერ-ეგო


იდი (ID) – ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ”იგი”-ს, მას ეწოდა ”იგი”-რად...

როგორ იცვლება ქალის ტვინი მას შემდეგ, რაც დედა ხდება


მთარგმნელი: სოფია შანიძე წყარო სახლის მოწყობა, ახალშობილის დაბა...

7 უცნაური კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების მიზნის პოვნაში


მთარგმნელი: ნინო მამულაძე წყარო ერთ დღეს, როდესაც ჩემი ძმა 18-ის ...

თვითშეფასება


ავტორი: ნანა აბესაძე რა ფაქტორები განაპირობებს მოტივაციის გაქრობ...

არსებობს თუ არა მხოლოდ 16 ფსიქოტიპი?


არსებობს თუ არა ადამიანების მხოლოდ 16 კატეგორია? რა თქმა უნდა, არ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff