მამაკაცის ფსიქოლოგია: ინფანტილურობა და სიმამაცე

Admin
ფსიქოლოგია კარლ გუსტავ იუნგი
0
0

მთარგმნელი: ლიკა მარღანია

წყარო

„ადამიანი ვერასოდეს აღმოაჩენს ახალ ოკეანეებს, თუ არ ეყოფა გამბედაობა, რომ ნაპირს მოშორდეს.“

ანდრე ჟიდი

მე-20 საუკუნის შუა წლებში, შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა მარი-ლუი ფონ ფრანცმა, შენიშნა შემაშფოთებელი ტენდენცია - ზრდასრული მამაკაცებისა და ქალების დიდი ნაწილი ფსიქოლოგიურად მომწიფების ასაკში იყო ჩარჩენილი. ზრდასრული სხეულის ფონზე მათი მენტალური განვითარება საგრძნობლად ჩამორჩებოდა. ფონ ფრანცმა ეს საკითხი იმდენად აქტუალურად მიიჩნია, რომ 1959 წელს მან ლექციების მთელი ციკლი მიუძღვნა  Puer Aeternus-ის ფსიქოლოგიას, რაც ლათინურად „მარადიულ ბავშვს“ ნიშნავს.  თავდაპირველად ეს ტერმინი მითოლოგიაში მიემართებოდა ყმაწვილ ღმერთს, რომელიც მარადიულ ახალგაზრდად რჩება. თუმცა, ფონ ფრანცის მასწავლებელმა, კარლ იუნგმა, ხსენებული ტერმინი ფსიქოლოგიურ კონტექსტში გამოიყენა, რათა დაეხასიათებინა პიროვნება, რომელიც, პიტერ პენის მსგავსად, „ვერ“ იზრდება. თავის ერთ-ერთ ლექციაში ფონ ფრანცი აღწერს „მარადიულ ბავშვს“, როგორც ინდივიდს, რომელიც:

 „...ზედმეტად დიდხანს ყოვნდება მოზარდის ასაკის შესატყვის ფსიქოლოგიურ პატერნში; ანუ, ყველა ის თვისება, რომელიც ნორმად ითვლება ჩვიდმეტი-თვრამეტი წლის ახალგაზრდისთვის, მას ზრდასრულ ცხოვრებაშიც ახასიათებს, მეტწილად კი, დედასთან ძლიერი მიჯაჭვულობის ფონზე.“ 

(მარი-ლუი ფონ ფრანცი, „მარადიული ბავშვის პრობლემა“)

ფონ ფრანცმა იწინასწარმეტყველა, რომ უახლოეს ათწლეულებში ის ფენომენი, რასაც მან "მარადიული ბავშვის პრობლემა" უწოდა, მთელ მსოფლიოში მოიკიდებდა ფეხს და სულ უფრო მეტ ადამიანს შეეხებოდა. მისი პროგნოზები საოცრად ზუსტი აღმოჩნდა, განსაკუთრებით, დასავლური სამყაროს მამრობითი სქესის მოსახლეობასთან მიმართებაში. დღეს ბევრ ახალგაზრდას უჭირს აკადემიური მოსწრების მხრივ, ამასთანავე აწყდებიან სოციალურ, სულიერ, ფინანსურ თუ სექსუალურ პრობლემებს. ისინი 20-30 წლის ასაკშიც ჯერ კიდევ მამისეულ სახლში ცხოვრობენ და მშობლების ჩვეული მზრუნველობის კალთას ამოფარებულები უფრთხიან დამოუკიდებლობის უცხო ნაპირების შეცნობას. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი მე-ს ჩამოყალიბებაზე იზრუნონ, მათი უმრავლესობა ინტერნეტის, პორნოგრაფიისა და ვიდეო-თამაშების ნაცნობ და კომფორტულ ვირტუალურ სამყაროში იძირება. ამის გამო მათი ცხოვრება პასიურ, უსაგნო და უმიზნო ხეტიალს ემსგავსება და მხოლოდ წუთიერი სიამოვნებებისკენ ისწრაფიან, რომ შინაგან პრობლემებს გაექცნენ.  ამ პრობლემის მასშტაბები გვაფიქრებინებს, რომ შორს არ არის ის დრო, როცა „მარადიული ბავშვის“ პრობლემას თანამედროვე ეპოქის უპირველეს ნევროზად აღიარებენ.

ამ კურსის მიზანი ერთგვარი ანტიდოტის შექმნაა მათთვის, ვინც მსგავსი პრობლემისგან იტანჯება. ამის მისაღწევად მიმდინარეობს მუშაობა „მარადიული ბავშვის“ ფენომენის სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ ანალიზზე და კარლ იუნგის, სიორენ კირკეგორის, ფონ ფრანცის და სხვათა შეხედულებებზე დაყრდნობით, პრაქტიკული რჩევების შემუშავებაზე, თუ როგორ დავიწყოთ პასუხისმგებლობით აღსავსე, შინაარსით გამდიდრებული, წარმატებული და დამოუკიდებელი ცხოვრება.

ვიდრე „მარადიული ბავშვის“ ფსიქოლოგიას განვიხილავდეთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ ის გარემოებები, რამაც ეს სოციალური პრობლემა წარმოშვა. ამ მიზნით კი უნდა გავერკვეთ, თუ როგორ აფერხებს ძლიერი დედის კომპლექსი ბევრი ახალგაზრდის მომწიფების პროცესს დღეს – როგორც ფონ ფრანცი აღნიშნავს:

“დედის კომპლექსის მქონე ნებისმიერი მამაკაცი განწირულია „მარადიულ ბავშვად“ ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილებასთან უსასრულო კონფლიქტისთვის“.

(მარი-ლუი ფონ ფრანცი, „მარადიული ბავშვის პრობლემა“)

კაცობრიობის ევოლუციის მთელი ისტორიის მანძილზე, დედას და მამას, როგორც მშობლებს, განსხვავებული როლები ეკისრებოდათ. დედები ყოველთვის უფრო მეტად ურთიერთობდნენ შვილებთან, ვიდრე მამები. დედების შვილებთან ფიზიკური კონტაქტი საგრძნობლად მეტია და უფრო სათუთია მათი კავშირები, სადაც დედა ყურადღებიანი აღმზრდელია, კომფორტის წყაროა შვილისთვის და თანაგრძნობითაა განმსჭვალული მისი ფიზიკური და ემოციური ტკივილებისა თუ საჭიროებების მიმართ. ეს უკიდურესად ინტიმური და მჭიდრო ურთიერთობა დედასთან  ბავშვში ხანგრძლივ ემოციურ ნაკვალევს ტოვებს, ან, თუ გნებავთ, ქმნის უაღრესად მტკიცე ფსიქოლოგიურ კავშირს, რომელსაც ფსიქოლოგები „დედის კომპლექსს“ უწოდებენ:

„დედასთან ურთიერთობის გამოცდილება ბავშვის მიერ შინაგანად განიცდება და ყალიბდება კომპლექსად - ეგოს კონტროლს მიღმა მთვლემარე ემოციურად დამუხტული ენერგიის კლასტერად“.

(ჯეიმს ჰოლისი, „სატურნის ჩრდილქვეშ“)

მამების შემთხვევაში კი, როგორც წესი, არ წარმოიშობა ბავშვთან მსგავსი კავშირი და დამოკიდებულება. სანაცვლოდ, მათი როლი, ტრადიციულად, ბავშვის განვითარების პროცესში საჭირო რესურსებისა და დაცვის უზრუნველყოფას ნიშნავს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი, როგორც ხელმძღვანელის, მრჩეველის როლი, რაც კონკრეტულად გულისხმობს დახმარებას, იხსნას შვილი დედაზე დამოკიდებულებისგან და ამ გზით აქციოს იგი დამოუკიდებელ, ფუნქციონალურ ზრდასრულ ადამიანად.

ისტორია მოწმობს, რომ კულტურათა უმეტესობაში ინდივიდების მოზარდობის ასაკიდან სრულწლოვანებაში გადასვლა ინიციაციური რიტუალების მეშვეობით ხდებოდა. საინიციაციო რიტუალის უპირველეს მიზანს ნებისმიერ კულტურაში ახალგაზრდის დედისგან ჩამოშორება შეადგენდა, ჯერ ფიზიკურად, შემდეგ კი, ფსიქოლოგიურად. ეს რიტუალები სქესობრივი მომწიფების დაწყებისთანავე აღესრულებოდა მხოლოდ და მხოლოდ ტომის უფროსი მამაკაცების, „კულტურული მამების“ მიერ. ქალებს საერთოდ ეკრძალებოდათ ამ რიტუალებში არათუ მონაწილეობა, დასწრებაც კი. 

მოზარდობიდან სრულწლოვანებაში გადასვლის ტიპიური რიტუალი, როგორც ეს მირჩია ელიადემ აღწერა თავის წიგნში „ინიციაციის რიტუალები და სიმბოლოები“ (Rites and Symbols of Initiation), შემდეგნაირად მიმდინარეობდა: შუაღამისას ღმერთების ან დემონების მსგავსად გამოწყობილი ტომის „კულტურული მამები“ ყმაწვილებს საწოლებიდან ყრიდნენ. ამ დროს ყმაწვილი უკანასკნელად ხედავდა დედას, ან, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, რამდენიმე თვის მანძილზე თვალიც ვერ მოეკრა. ყმაწვილები ღრმა გამოქვაბულში მიჰყავდათ, სადაც მათ ან ცოცხლად მარხავდნენ, ან, პირდაპირი მნიშვნელობით ან სიმბოლურად, სრულ სიბნელეში გამოკეტავდნენ. ეს რიტუალი გამოხატავდა ყმაწვილის ბავშვობის სიმბოლურ „სიკვდილს“, სამოთხის დაკარგვას და უზრუნველი სილაღის დასასრულს. აღნიშნულის მიზანი იყო ყმაწვილისთვის შემდეგი გზავნილის გადაცემა:

„შინ ვეღარ დაბრუნდები.“

(თომას ვულფი)

ბავშვობის სიმბოლური „სიკვდილის“ შემდეგ ტარდებოდა თავიდან დაბადების ცერემონია, რაც მოზარდის ზრდასრულ ასაკში გადასვლას აღნიშნავდა. მოგვიანებით მას უხუცესები გადასცემდენ ტომის სიბრძნეს და ცოდნას, რის შემდეგაც ყმაწვილს უდაბნოში გაამწესებდნენ. იქ მას რამდენიმე თვის მარტო გატარება და გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწევდა. ამ ეგზისტენციალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების და დაბრუნების შემდეგ, მას ტომის წარმომადგენლები უკვე ხვდებოდნენ, როგორც ზრდასრულ წევრს. ამ წუთიდან, ყმაწვილს მოეთხოვებოდა „დედის კომპლექსის“გადალახვა; მისგან აღარ მიიღებდნენ უმწიფარ ქცევებს და სხვაზე დამოკიდებულებაც აღარ ეპატიებოდა.

ინიციაციის პროცესების ინტენსივობა და ზოგჯერ ძალადობრივი ხასიათი მოწმობს, რომ ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ ახალგაზრდა ბიჭის დედისგან განცალკევების ფაქტის კრიტიკული მნიშვნელობა, რაც, შესაბამისად, მიზანმიმართული ზომების გატარებას გულისხმობდა. დღევანდელ დასავლეთში აღარ არსებობს ამ ტრანსფორმაციული რიტუალების მსგავსი პრაქტიკა. 

”ხშირად ამბობენ, რომ თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მახასიათებელი სწორედ მრავალმნიშვნელოვანი ინიციაციის ნებისმიერი სახის რიტუალის გაქრობაა.”

(მირჩია ელიადე,“ ინიციაციის რიტუალები და სიმბოლოები“)

„კულტურული მამების“ და ინიციაციის რიტუალების არარსებობის გამო, დღეს ყმაწვილებს სხვა გზა არ რჩებათ, გარდა იმისა, რომ თავიანთ მამებს მიმართონ ზრდასრულ ასაკში გადასვლის ინიციაციისთვის. სამწუხაროდ, ყველა მამას როდი შეუძლია შვილებს გაუწიოს საჭირო მეგზურობა, რადგან ამისთვის თავად მამა უნდა იყოს ძლიერი და დამოუკიდებელი და ბავშვის ცხოვრებაში ემოციურად ჩართული. მას უნდა შეეძლოს საკუთარი მაგალითით აჩვენოს შვილს, რომ არსებობს რაღაც, რისკენაც ღირს ამქვეყნად სწრაფვა და მისთვის ბრძოლა; რაღაც, რაც ახალგაზრდა კაცს შეჰმატებს გამბედაობას უარი თქვას ბავშვობის კომფორტზე; დაარწმუნოს, რომ ამისთვის ღირს თუნდაც სახლიდან შორს წასვლა.

“ბიჭებს სჭირდებათ იმის დანახვა, თუ როგორ იქცევა მათი მამა რეალურ გარესამყაროში. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მამამ აჩვენოს როგორ უნდა იცხოვრონ ამქვეყნად, როგორ იმუშაონ, როგორ გაუმკლავდნენ სიძნელეებს... მათთვის აუცილებელია მემკვიდრეობით მიღებული მასკულინური ბუნების გააქტიურება, როგორც მამის გარეგანი მოდელირების, ისე პირდაპირ თვითდამკვიდრების გზით.“

(ჯეიმს ჰოლისი, „სატურნის ჩრდილქვეშ“)

თავის წიგნში „ჩვენი მამების ძიებაში “, სემ ოშერონს მოჰყავს ვრცელი კვლევა, რომლის თანახმადაც ამერიკელი მამაკაცების მხოლოდ 17% აღნიშნავს, რომ ბავშვობაში პოზიტიური ურთიერთობა ჰქონდა მამასთან. უმეტეს შემთხვევაში კი, მამა ფიზიკურად ან ემოციურად არ ესწრებოდა მოზარდის განვითარების პროცესს. ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, ფსიქოთერაპევტი ჯეიმს ჰოლისი წერს:

„თუ ეს გასაოცარი სტატისტიკა ოდნავ მაინც ახლოს დგას სიმართლესთან, გამოდის, რომ რაღაც სერიოზულად და ტრაგიკულად დაირღვა ადამიანური ბუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბალანსში“.

(ჯეიმს ჰოლისი, „სატურნის ჩრდილქვეშ“)

ადამიანის ბუნების კრიტიკული ბალანსის დარღვევა არის ზუსტად ის, რაც მოხდა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მამა არ ფიგურირებს და ამას ბევრი ძალიან განიცდის. ახალგაზრდა ბიჭებმა უნდა დათმონ სახლის კომფორტი, გადალახონ დედის კომპლექსი და დაიწყონ ღირსეული ცხოვრება, და ყველაფერი ეს უნდა მოახერხონ მამის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის გარეშე. ყოველივე ამის შემდეგ, ვინმეს უკვირს, რომ „მარადიული ბავშვის“ პრობლემა ჩვენს დროში ასე მწვავედ დგას?

მამის არყოფნის შედეგები უფრო მძიმდება იმ არასასურველი ზეგავლენით, რასაც დედა განიცდის. რადგან აღნიშნული სიტუაცია ქმნის გარემოს, სადაც დედა მიდრეკილი ხდება უფრო ავტორიტარული და გავლენიანი მშობლის როლისკენ, რათა ბავშვის ცხოვრებაში მამაკაცი ფიგურანტის დეფიციტის კომპენსირება მოახდინოს. ამასთანავე, მამის მხრიდან დედის მიმართ სიყვარულისა და მხარდაჭერის არარსებობა ქალში ემოციურ შიმშილს იწვევს, რომლის დაკმაყოფილებას ის შვილთან ურთიერთობით ცდილობს. ამ სიტუაციას სერიოზულ პრობლემასთან მივყავართ, როდესაც დედა ხდება ის, რასაც იუნგიანელები „შთამნთქმელ დედას“ უწოდებენ. ის ზედმეტად იცავს და ელოლიავება შვილს და ცდილობს აკონტროლოს და ჩაერთოს მისი ცხოვრების ყველა ასპექტში. ხშირია შემთხვევა, როდესაც ასეთი დედა, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, საუკეთესო ზრახვები ამოძრავებდეს, გაუცნობიერებლად მანიპულირებს შვილით, რომ ეს უკანასკნელი ზრდასრულ ასაკშიც დარჩეს მასზე დამოკიდებული. ხშირად შვილი მას საკუთარი ნებით ემორჩილება.

"სწორედ ესაა საიდუმლო შეთქმულება დედა-შვილს შორის. ხედავთ, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს ცხოვრების გაუკუღმართებაში."

(კარლ იუნგი, „ეიონი“)

ამგვარად აღზრდილი ბავშვი, რომელსაც ვეღარასდროს მიეცემა საშუალება გახდეს დამოუკიდებელი, დაიცვას საკუთარი თავი, დაუშვას შეცდომები და თავადვე გამოასწოროს ისინი, ან თავად გადაწყვიტოს თავისი ბედი, გაიზრდება გარდაუვალი ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვის უნარის, ბრძოლის უნარის გარეშე.  რეალობასთან ადაპტირებისა და ინდივიდუალიზაციის ჯანსაღი სურვილი, რაც თავისთავად გულისხმობს შიშთან, ტკივილთან და კონფლიქტებთან გამკლავებას, ჩანაცვლდება კვლავ დედასთან  მიჯაჭვულობის სურვილით, იქნება ეს მისი ნამდვილი დედა, თუ დედის სიმბოლური შემცვლელი გარემომცველ სამყაროში. თუკი მას გარემოება ვერ შეუწყობს ხელს დარჩეს თავის ბიოლოგიურ დედაზე დამოკიდებული, მაშინ ის სასოწარკვეთილი ეცდება სხვა ქალში მოძებნოს მზრუნველი შემცვლელი, ან სულაც ჩაიძიროს სხვა მავნე დამოკიდებულებების მორევში.  სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ბავშვი სრულწლოვანების ეტაპზე კვლავ ძლიერი დედის კომპლექსით გადავა, ის ნაკლებად შეეცდება მოიპოვოს საკუთარი დამოუკიდებლობა და გაიფართოვოს ცნობიერება, ნაცვლად ამისა, გახდება შეპყრობილი იმით, რასაც იუნგმა უწოდა

“…რეგრესიის სული, საფრთხე, რომელიც ემუქრება დედასთან მიჯაჭვულობაში დარჩენით, ქვეცნობიერში გათქვეფითა და გაუჩინარებით.“ 

(კარლ იუნგი,“ ტრანსფორმაციის სიმბოლოები“)

ერთ მშვენიერ დღეს კი, ეს ახალგაზრდა ნაცვლად ცხოვრების გამოწვევებთან ბრძოლისა, სიზმრების მსახურებაში ამოყოფს თავს.

„…მას აქვს იმედი და სურვილი, რომ ვინმემ შეიპყროს, შეიტყუოს, გარს შემოჭდოს და შთანთქას. ის თითქოს დაეძებს დედისეული მფარველობის, დაცულობისა და ზრუნვის  კომფორტულ ნაცნობ გარემოს, უზრუნველი ჩვილის მდგომარეობას... და რა გასაკვირია, რომ, ამასობაში, რეალური სამყარო თვალსა და ხელს შუა უქრება!”

(კარლ იუნგი, „ეიონი“)

მსგავსი სტატიები

არსებობს თუ არა მხოლოდ 16 ფსიქოტიპი?


არსებობს თუ არა ადამიანების მხოლოდ 16 კატეგორია? რა თქმა უნდა, არ...

რატომ უნდა ესაუბროთ უცნობებს


TED-ის ვიდეოს ტრანსკრიბცია წამყვანი: კიო სტარკი მთარგმნელი: ქრი...

რაიხის “კუნთოვანი ჯავშანი” და “ორგონული ენერგია”


 ავტორი: მამუკა გურული   „ნებისმიერი სერიოზული კონფლი...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (შესავალი)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ნიკა ვასაძე წინასიტყვაობა...

ცხოვრების 12 წესი: ქაოსის ანტიდოტი (წესი III)


ავტორი: ჯორდან პიტერსონი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე შესავა...

თვითშემეცნება და თვითგანვითარება


ადამიანები ხშირად მეკითხებიან: "როგორ განვავითარო (ეს) კოგნიტური ფუ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff