თავი III. წარმატების ტალღა

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
5
2

თავი III. წარმატების ტალღა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთა...

თავი III. წარმატების ტალღა

 (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)

 მთარგმნელი: მამუკა გურული

 თქვენი აზრები ბუმერანგივით გიბრუნდებიან

მესამე თავის აუდიო-ვერსიის youtube-ლინკი

 


 

ქანქარას ანტიპოდი

მოდით, შევამოწმოთ საშინაო დავალება. როგორ ქანქარებს შეგვიძლია ვუწოდოთ კონსსტრუქციული? პასუხი: კონსტრუქციული ქანქარები არ არსებობენ. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ეს ასეა. არ გეწყინოს, პატივცემულო მკითხველო, კითხვა პროვოკაციული იყო. ნებისმიერი ქანქარას მთავარი და ერთადერთი მიზანი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მიმდევრებისგან ენერგია აიღოს. თუ ენერგია არ მიეწოდება, ქანქარა ჩერდება.

 ქანქარა კონსტრუქციულია მხოლოდ საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ თქვენთან მიმართებაში - არანაირად. რა არის კონსტრუქციული და შემოქმედებითი იმაში, რომ ენერგია გერთმევათ? რა თქმა უნდა, სხვადასხვა ქანქარები სხვადასხვა დონით არიან დესტრუქციულები და აგრესიულები. მაგალითად, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ პლიაჟის ფრენბურთის კლუბი „მორჟების“ წინააღმდეგ ამხედრდეს. და თანაც, პლიაჟის ფრენბურთის კლუბის წევრობა ცხოვრებას ვერ დაგინგრევთ. მაგრამ ეს ქანქარაც იკვებება მიმდევრების ენერგიით, და თუ მათ ეს საქმიანობა მობეზრდებათ, კლუბი მოკვდება. მაგრაამ ეს არაფერია კრიმინალურ დაჯგუფებაში ყოფნასთან შედარებით, სადაც შესაძლოა თავისუფლება დდა სიცოცხლეც კი წაგართვან.

 შესაძლოა გააპროტესსტოთ: თუ მე დავდივარ ფიტნეს-კლუბში, სადაც ცალსახად საკუთარი თავით ვარ დაკაავებული, მაშინ როგორ ვაძლევ ენერგიას კლუბის ქანქარას? მაშინაც კი, თუ იქ მხოლოდ საკუთარი თავით ხართ დაკავებული, ვალდებული ხართ, რომ გარკვეული წესები დაიცვათ. საკუთარ სახლში ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ კლუბში მისი ყველა წევრი ასე თუ ისე ერთი მიმართულებით მოძრაობს, სისტემის დაწესებულ წესებს ასრრულებს და ამგვარად კოლექტიურ ენერგიას აძლევენ ქანქარას. თუ კლუბის ყველა წევრი გაიქცევა, ქანქარა შეწყვეტს ენერგიის მიღებას და გაჩერდება.

 კითხვა შეიძლება სხვანაირადაც დავსვათ: არსებობენ თუ არა ენერგეტიკული სტრუქტურები, რომლებსაც თქვენი ენერგია არ სჭირდებათ? როგორც აღმოჩნდა, არსებობენ. ერთ-ერთი მათგანია - წარმატებისს ტალღა, ანუ ვითარებათა სასიკეთო მიმდინარეობა პირადად თქვენთვის. ყოველ ადამიანს თავისი წარმატების ტალღები აქვს. ხშირად ასე ხდება: რაღაცაში გაგიმაართლებს, შემდეგ კი ამას მოსდევს სხვა სასიამოვნო მოულოდნელობების მთელი კასკადი. თითქოს ცხოვრებაში თეთრი ზოლის პერიოდი დადგა. ასეთი კასკადი იშვიათად ხდება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველმა წარმატებამ გაგახარათ და ამაღლებული განწყობა შეგიქმნათ.

 „ფორტუნის ბორბალი“ ან „ბედნიერების ლურჯი ფრინველი“ - უბრალოდ აბსტრაქტული მეტაფორები არაა. წარმატების ტალღა ფორმირდება, როგორც თქვენთვის კეთილსასურველი ცხოვრების ხაზების გროვა. ვარიანტთა სივრცეში ყველაფერია, და მათ შორის ასეთი ოქროს საბადოებიც. თუკი თქვენ ასეთი არაორდინალურობის უკიდურეს ხაზზე მოხვდით და წარმატება დაიჭირეთ, შეგიძლიათ ინერციიტ ისრიალოთ იმ ხაზთა გროვებზე, სადაც ახალი ბედნიერი ვითარებები მოდიან. მაგრამ თუ პირველი წარმატების შემდეგ კვლავ შავი ზოლი მოვიდა, ეს ნიშნავს, რომ დესტრუქციულმა ქანქარამ გამოგიჭირათ და წარმატების ტალღისგან მოშორებით წაგიყვანათ.

 წარმატების ტალღას ბედნიერება მოაქვს და ამასთან ენერგიას არ გართმევთ. იგი შეიძლება შევადაროთ ზღვის ტალღას, რომელიც ტალღაზე გამოაგდებს ხოლმე ძალებგამოცლილ მცურავს. წარმატების ტალღას ცხოვრების ბედნიერ ხაზებზე გადაყავხართ. მას, ისევე როგორც ქანქარას, არანაირი საქმე არ აქვს თქვენს ბედთან, მაგრამ თქვენი ენერგიაც არ სჭირდება. გინდათ? - დაწექით მასზე და იცურეთ, არ გინდათ? - იგი ყოველგვარი სინანულის გარეშე ჩაგივლით გვერდზე. წარმატების ტალღა დროებითი წარმონაქმნია, იგი არ იტაცებს სხვის ენერგიას, ამიტომ საბოლოო ჯამში ქრება, მსგავსად ზღვის ტალღებისა, რომლებიც ნაპირს ეხეთქებიან.

 წარმატების ტალღამ საკუთარი თავის შესახებ შესაძლოა კარგი ამბების სახით გვამცნოს. მას ინფორმაცია ცხოვრების სხვა ხაზებიდან მოაქვს. ეს აღიქმება, როგორც სასიკეთო ამბები. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბაწარს ჩავეჭიდოთ და გავიყვანოთ საკუთარი თავი იმ ხაზებზე, საიდანაც კარგი ამბები მოვიდა. იქ იქნება არა უბრალოდ ამბები, არამედ წარმაატებული მდგომარეობები.

სიმარტივისთვის ჩავთვალოთ, რომ ტალღა მოდის და მიდის. სინამდვილეში წარმატების ტალღა არ მოძრაობს, არც ძალებს იკრებს და არც სუსტდება. მოდელში სიტყვა „ტალღას“ აღქმის სიმარტივისთვის ვიღებთ. როგორც უკვე ითქვა, წარმატების ტალღა სტაციონარულად არსებობს ვარიანტთა სივრცეში, სასიკეთო ხაზების გროვის სახით. ეს თქვენ მოძრაობთ ცხოვრების ხაზებზე, ხვდებით ამ არაორდინალურობას, როგორც ტალღას, აიტაცებთ მას და უშვებთ თქვენს ცხოვრებაში, ან ქანქარების მიერ გატაცებულნი - შორდებით მას.

 ტალღა არაა თქვენით დაინტერესებული, ამიტომ მისი დაკარგვა იოლია - გვერდზე ჩაგივლით და აღარ დაბრუნდება. აქედან გაჩნდა საყოველთაო რწმენა იმის შესახებ, რომ ბედნიერების ფრინველის დაჭერა ძნელია. სინამდვილეში ტქვენ არ გჭირდებათ ძალისხმევა იმისთვის, რომ წარმატების ტალღა გახედნოთ. ეს მხოლოდ თქვენი არჩევანის საკითხია. თუკი იღებთ მას თქვენს ცხოვრებაში, იგი თქვენთანაა. ხოლო თუ ექვემდებარებიტ დესტრუქციული ქანქარას ზემოქმედებას და მისი ნეგატიური ენერგიით იმსჭვალებით, წარმატების ტალღას გვერდზე ჩაუვლით. ადამიანები სულ ასე იქცევიან: „როცა აქვთ, არ ინახავენ, როცა კარგავენ - ტირიან“. ბედნიერების ფრინველი სულაც არაა წინააღმდეგი, რომ საკენკი თქვენი ხელიდან აკენკოს. მისი დაჭერა არაა საჭირო. სრულიად საკმარისია, რომ უბრალოდ არ გააგდოთ.

 ეს არჩევანის თავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე პარადოქსული ასპექტია. ადამიანს მართლაც აქვთ თავისუფლება, რომ წარმატება და იღბალი აირჩიონ. და ამავდროულად, თავისუფლები არ არიან ქანქარებისგან, რომლებსაც წარმატების ტალღისგან შორს მიჰყავთ ისინი. ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით წინა თემას. იმისთვის, რომ არჩევანის თავისუფლება მოვიპოვოთ, აუცილებელია უარი ვთქვათ დამოკიდებულებაზე. ჩვენ იმის უფლებაც გვაქვს, რომ ჩვენთვის უცხო ქანქარებისს ზეგავლენაზე უარი ვთქვათ. მხოლოდ იმის გარკვევაღა გვრჩება, როგორ ავიღოთ ეს უფლებები.

 


 

ბუმერანგი

 ყოველ ადამიანს გამუდმებით უტრიალებს თავში რაღაც აზრები. თუ ამ პროცესს თავის ნებაზე მივუშვებთ, ნეგატიური აზრები გადააჭარბებენ, რადგანაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაღელვებს ის, რაც გვაშინებს, გვადარდებს, გვთრგუნავს ან უკმაყოფილებას იწვევს. ასე ფორმირდებოდა ათასწლეულების განმავლობაში ადამიანის ფსიქიკა დესტრუქციული ქანქარების ზემოქმედების ქვეშ, რომლებსაც აწყობთ, რომ ადამიანი შიშის ქვეშ ჰყავდეთ, რათა ადვილად მოახდინონ მისი მანიპულირება. სწორედ ამიტომ ადამიანებს ბუნდოვნად წარმოუდგენიათ, რა უნდათ სინამდვილეში, მაგრამ ზუსტად იციან, რა არ უნდათ.

 მისცეთ ნება ნეგატიურ აზრთა დინებას - ნიშნავს, რომ თამაშში შეხვიდეთ დესტრუქციულ ქანქარასთან და მის სიხშირეზე გამოასხივოთ ენერგია. ეს ძალიან არამომგებიანი ჩვევაა. თქვენს ინტერესებშია, რომ ჩაანაცვლოთ იგი სხვა ჩვევით - ცნობიერად აკონტროლოთ თქვენი აზრები. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი გონება არაფერი განსაკუთრებულით არაა დაკავებული, მაგალითად ტრანპორტში, სეირნობისას ან ისეთი სამუშაოს დროს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას არ მოითხოვს - ჩართეთ საკუთარ თავში პოზიტიური აზრები. არ იფიქროთ იმაზე, თუ რის მიღწევა ვერ შეძელით - იფიქრეთ იმაზე, რას გინდათ მიაღწიოთ, და მიიღებთ ამას.

 დავუშვათ, თქვენ არ მოგწონთ სახლი, რომელშიც ცხოვრობთ. საკუთარ თავს ეუბნებით: „ყელში ამომივიდა ეს სახლი. აქ ყველაფერი მაღიზიანებს. აი, როცა ახალ სახლში გადავალ, გავიხარებ, მანამდე კი ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს - ვერ ვიტან!“ დაიმახსოვრეთ, ასეთი აზრებით ვერ მიიღებთ იმას, რასაც ელით. მაშინაც კი, თუ ახალ სახლში გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, იქ მრავალი უსიამოვნება დაგხვდებათ.

 კარგი, იტყვით თქვენ, მე ხომ ვტოვებ ამ სარაიას და მდიდრულ სახლში გადავდივარ! რა იმედგაცრუებები შეიძლება იქ მელოდნენ? ამაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ. რაც უფრო მეტი სიძულვილი გაქვთ იმ სახლისადმი, რომელმაც შეგიფარათ, მით უფრო მეტი უსიამოვნება გელით ახალ სასახლეში. უსიამოვნებები კიდევ ბევრნაირი შეიძლება იყოს: ონკანი გაფუჭდება, საღებავი ჩამოძვრება, კედლები დაიბზარება, მეზობლები თავს მოგაბეზრებენ - მოკლედ, იქნება ყველაფერი, რაც თქვენი ნეგატიური გამოსხივების პარამეტრებს შეინარჩუნებს. ახალია სახლი თუ ძველი - რა მნიშვნელობა აქვს? ყოველთვის მოიძებნება ცხოვრების ხაზი ყველანაირი კომფორტით, სადაც ძველებურად უკმაყოფილო იქნებით. ვარიაანტთა სივრცეში თქვენთვის უკვე არსებობს მრავალი მდიდრული სახლი, სადაც თავს ისე იგრძნობთ, როგორც ჯოჯოხეთში.

 ხოლო თუ ჯერ-ჯერობით წასასვლელი არსად გაქვთ, მაშინ მითუმეტეს, მოგიწევთ ყელში ამოსულ მიწურში ცხოვრება. თქვენ ხომ არ ხართ განწყობილი ცხოვრების იმ ხაზის სიხშირეზე, სადაც თქვენი ოცნების სახლი გელოდებათ. მოცემულ მომენტში იმაზე ფიქრობთ, რაც არ მოგწონთ, და გამოსახივებთ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც სწორედ იმ ხაზს შეესაბამება, რომელზეც იმყოფებით. ამიტომ იქამდე მოგიწევთ იქ ყოფნა, სანამ თქვენი გამოსხივების სიხშირეს არ შეიცვლით. ამის გაკეთება კი არც ისე რთულია.

 პირველ რიგში შეეგუეთ და უარი თქვით ზიზღსა და უკმაყოფილებაზე. ყოველთვის და ყველაფერში შეიძლება კარგი მხარეების და მიზეზების პოვნა პატარა სიხარულებისთვის. დაე, არ მოგწონდეთ სახლი, მაგრამ მადლიერი მაინც უნდა იყოთ იმისთვის, რომ შეგიფარათ. ქუჩაში ქარი ქრის, წვიმა მოდის. სახლი ამ ყველაფერს თავის თავზე იღებს, თქვენ კი გიცავთ და გათბობთ. ნუთუ ამით მაინც არ იმსახურებს მადლიერებას? თუკი ახლა ხართ მადლიერი იმისთვის, რაც გაგაჩნიათ, თუკი სიყვარულს განიცდით ყველა საგნის მიმართ, რომლებიც თქვენს გარშემოა და არსებობაში გეხმარებათ, ამით თქვენ პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ. მაშინ, თუკი მოინდომებთ სრული იმედი შეგიძლიათ გქონდეთ იმისა, რომ თქვენი პირობები გაუმჯობესდება. და როდესაც სხვაგან გადახვალთ, აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა ყველაფერს, რაც თქვენს გარშემო მანამდე იყო. ის საგნებიც კი, რომლებსაც ყრით, მადლიერებას იმსახურებენ. ასეთ მომენტებში სამყაროში პოზიტიურ რხევებს ასხივებთ, და ისინი აუცილებლად დაგიბრუნდებიან.

 მეორეც, იფიქრეთ სწორედ იმ სახლზე, რომელიც გინდათ, რომ გქონდეთ. ამის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე იმ ნივთების გამო გაღიზიანება, რომლებიც მოცემულ მომენტშია თქვენს გარშემო. მაგრამ მიზანი ღირს ამად. რა ჯობია, მოლუსკივით რეფლექსურად მოახდინოთ რეაგირება გარე გამღიზიანებლებზე, თუ გააკეთოთ მცირე ძალისხმევა და შეცვალოთ თქვენი ჩვევები? უყურეთ სარეკლამო აბრებს სახლების ფოტოებით, იარეთ მაღაზიებში ნივთების საძებნელად, იცხოვრეთ აზრებით იმის შესახებ, რაც გინდათ, რომ გაგაჩნდეთ. ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნია ის, რაც მყარად ფლობს ჩვენს აზრებს. ჩვენი აზრები ყოველთვის ბუმერანგივით გვიბრუნდება.

 შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდევ მრავალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ნეგატიურ დამოკიდებულებას თქვენი ცხოვრების გაფუჭება. დავუშვათ, შვებულებაში სამხრეთისკენ აპირებთ გამგზავრებას. ახლა კი იქ, სადაც ცხოვრობთ საზიზღარი ამინდია. მიდიხართ ქუჩაში, ცივი ქარისგან შეკუმშული ხართ და წვიმის ქვეშ სველდებით. გასაგებია, რომ ასეთი ამინდისგან სიხარულის განცდა ძნელია. მაშინ ნეიტრალურები მაინც იყავით, რომ ამ დესტრუქციული ქანქარას იგნორირება შეძლოთ. თუკი აქტიურად გამოხატავთ თქვენს უკმაყოფილებას ამინდის თაობაზე, ეს ნიშნავთ, რომ ღებულობთ ქანქარას და უფრო მეტად აქანავებთ მას.

 საკუთარ თავს ეუბნებით: „აი, მალე სამხრეთში წავალ და გავიხარებ მზით და თბილი ზღვით. ახლა კი, წყეულიმც იყოს ეს ჭაობი!“ ამრიგად, მსგავსი დამოკიდებულებით თქვენ არ ხართ განწყობილი ცხოვრების იმ ხაზზე, სადაც სამოთხისეული ნეტარება გელოდებათ. ამიტომ არც მოხვდებით იქ. უკვე თვითმფრინავის ბილეთიც გაქვთ? მერე რა? თქვენ მხოლოდ დანიშნულების პუნქტში მოხვდებით, მაგრამ იქ ცუდი ამინდი ან სხვა უსიამოვნებები გელოდებათ. მაგრამ ყველაფერი დალაგდება, თუ პოზიტიურ სიხშირეზე განეწყობით.

 ცხადია, რომ საკმარისი არაა საკუთარ თავში ნეგატიური ენერგიის არ-შეშვება. საჭიროა ასევე, რომ თვითონაც არ გამოასხივოთ ასეთი. მაგალითად, გაღიზიანებულმა დაუყვირეთ ვიღაცას. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ამას რაიმე უსიამოვნება ან პრობლემა მოჰყვება. მოცემულ შემთხვევაში თქვენი გამოსხივების პარამეტრები ცხოვრების იმ ხაზებს აკმაყოფილებენ, სადაც ღიზიანდებით. ამიტომ სწორედ იქ მოხვდებით. ასეთ ხაზებზე უსიამოვნებების სიხშირე საშუალოზე მეტია. საჭირო არაა თავის გამართლება იმით, რომ ამ უსიამოვნებას თითქოს ისედაც ვერ აარიდებდით თავს. მე არ მჭირდება, რომ დაგარწმუნოთ, ან რამე გიმტკიცოთ. უბრალოდ დააკვირდით თავად, როგორ მოსდევს ნებისმიერ ნეგატიურ რეაქციას ახალი სავალალო მოვლენები.

 ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს მარტივი დასკვნა: თქვენ ყოველთვის იმყოფებით ცხოვრების იმ ხაზებზე, რომელთა პარამეტრებსაც თქვენი ენერგეტიკული გამოსხივება აკმაყოფილებს. უშვებთ საკუთარ თავში ნეგატიურ ენერგიას? - თქვენს ცხოვრებაში უსიამოვნებები იქნება. გარეთ ასხივებთ ნეგატიურ ენერგიას? - იგი ახალი პრობლემების სახით დაგიბრუნდებათ, ბუმერანგივით.


 

ტრანსლაცია

 იმის ნაცვლად, რომ დესტრუქციული ქანქარების თამაშები მიიღოთ, ეძებეთ ქანქარები, რომელთა თამაშებიც თქვენთვის სასარგებლო იქნება. ეს ნიშნავს: გამოიმუშავოთ ჩვევა - ყურადღება მიაქციოთ ყველაფერ კარგს, პოზიტიურს. როგორც კი დაინახეთ, წაიკითხეთ ან მოისმინეთ რაიმე კარგი, სასიამოვნო, დამაიმედებელი - დააფიქსირეთ ეს თქვენს აზრებში და გაიხარეთ. წარმოიდგინეთ, რომ ტყეში მიდიხართ: იქ არის ლამაზი და სასიამოვნო ყვავილებიც და შხამიანი და ეკლიანიც. რას აირჩევთ? თუ ანწლის ყვავილებს მოკრეფთ, სახლში მიიტანთ და ვაზაში ჩადებთ, მალე თავი აგტკივდებათ. რაში გჭირდებათ ეს? ასევე საზიანოა რეაგირება დესტრუქციულ ქანქარებზე. ჯობია ჟასმინის ყვავილი მოწყვიტოთ და დატკბეთ მისი არომატით. შეუშვით საკუთარ თავში ყველაფერი პოზიტიური და მაშინ თქვენს გზაზე უფრო მეტი კარგი სიახლე და შესაძლებლობა შეგხვდებათ.

 აი, იგრძენით შთაგონება და სიხარული. მაგრამ შემდეგ კვლავ ჩაგითრიათ ყოველდღიურმა რუტინამ. ზეიმი მიდის, და სამუშაო დღეები იწყება. როგორ უნდა შეინარჩუნოთ საკუთარ თავში ზეიმის მდგომარეობა? პირველ რიგში გახსოვდეთ იგი. ჩვენ მიჩვეულები ვაართ, რომ დღეების ერთფეროვნებაში ჩავიძიროთ და გვავიწყდება რაღაც კარგი. ცუდი ჩვევაა - დავიწყება. და დავიწყებას სწორედ ქანქარები გვაიძულებენ.

 საჭიროა, შევინარჩუნოთ ჩვენში ზეიმის ცეცხლი, მოვუფრთხილდეთ ამ შეგრძნებას; დავაკვირდეთ იმას, თუ როგორ იცვლება სიცოცხლე უკეთესობისკენ; მოვეჭიდოთ სიხარულის ნებისმიერ თივის ღეროს; ვეძებოთ ყველაფერში სასიკეთო ნიშნები. ეს, ყოველ შემთხვევაში, მოსაწყენი მაინც არაა. საჭიროა გვახსოვდეს ყოველ წამს, რომ ტრანსსერფინგით ხართ დაკავებული, ცნობიერად მიდიხართ თქვენი მიზნისკენ, და შესაბამისად - მართავთ თქვენს ბედს. მხოლოდ ესეც კი სიმშვიდეს, თავდაჯერებულობას და სიხარულს გაძლევთ, და შესაბამისად, ზეიმი ყოველთვის თქვენთანაა. . როცა ზეიმის მდგომარეობა ჩვეული გახდება, მაშინ გამუდმებით იქნებით წარმატების ტალღის ქიმზე.

 გიხაროდეთ ყველაფერი, რაც მოცემულ მომენტში გაგაჩნიათ. ეს არაა ცარიელი მოწოდება, რომ აპრიორი ბედნიერი იყოთ. ზოგჯერ ვითარებები ისე ლაგდება, რომ კმაყოფილად ყოფნა ძალიან ძნელია. მაგრამ სუფთა პრაქტიკული თვალსაზრისით უკმაყოფილების გამოთქმა მომგებიანი არაა. თქვენ ხომ გინდათ, რომ ცხოვრების იმ ხაზებზე მოხვდეთ, სადაც ყველაფერი გაკმაყოფილებთ? მაგრამ როგორ მოხვდებით იქ, თუ თქვენი გამოსხივება უკმაყოფილებითაა სავსე? პირიქით, ასეთი გამოსხივების სიხშირე სწორედ იმ ხაზებს შეესაბამება, რომლებშიც ცუდად ხართ. კარგი ხაზები იმით გამოირჩევიან, რომ თქვენ იქ მოგწონთ და თქვენი აზრები სიხარულითა და კმაყოფილებითაა აღსავსე.

 კარგი ამბები არც ისე გვაღელვებს და მალე გვავიწყდება. ცუდი, პირიქით, ცოცხალ რეაქციას იწვევს, რადგანაც პოტენციურ საფრთხეს შეიცავენ. ნუ შეუშვებთ ცუდ ამბებს თქვენს გულში, და შესაბამისად თქვენს ცხოვრებაშიც. ჩაიკეტეთ ცუდი და გაიხსენით კარგი ამბებისთვის. მცირე პოზიტიური ცვლილებებიც კი აუცილებლად უნდა შეამჩნიოთ და მოუფრთხილდეთ. ისინი წარმატების ტალღის მაცნენი არიან. როგორც კი გაიგეთ თუნდაც პატარა დამაიმედებელი სიახლეები, ნუ დაივიწყებთ მაშინვე, როგორც ამას მანამდე აკეთებდით, არამედ პირიქით - იფიქრეთ, განიხილეთ, ინადირეთ მათზე. იფიქრეთ ამ ახალ ამბებზე ყველა კუთხიდან, გაიხარეთ, ააწყვეთ პროგნოზები, გქონდეთ შემდგომი უკეთესობის მოლოდინი. ამგვარად წარმატების ტალღის სიხშირეზე იფიქრებთ და მის პარამეტრებზე გადაეწყობით. კარგი ამბები უფრო და უფრო მეტი იქნება, ცხოვრება კი უფრო მშვენიერი გახდება. ეს არაა მისტიკა, და არც ადამიანის თვისება - გაფილტროს ინფორმაცია, როცა პესიმისტი შავი სათვალით უყურებს სამყაროს, ოპტიმისტი კი - ვარდისფერით. ასეთია რეალობა: თქვენ გადაინაცვლებთ ცხოვრების იმ ხაზებზე, რომლებიც თქვენი აზრების ენერგიათა პარამეტრებს შეესაბამება.

 როცა თქვენ იმყოფებით კარგ ურთიერთობებში საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან, ამით სამყაროში ჰარმონიული გამოსხივების ტრანსლაციას აკეთებთ. თქვენს გარშემო ჰარმონიული რხევების სფეროს ქმნით, სადაც ყველაფერი წარმატებით ეწყობა. პოზიტიურ განწყობას ყოვეკთვის მივყავართ წარმატებისკენ და შემოქმედებისკენ. ნეგატივიზმი, პირიქით, ყოველთვის დესტრუქციულია და მიმართულია ნგრევისკენ. მაგალითად, არის ადამიანთა კატეგორია, რომლებიც პრობლემებს ეძებენ და არა მათ გადაჭრას. ისინი ყოველთვის მზად არიან გულმოდგინედ განიხილონ სირთულეები და იპოვონ ახალი დაბრკოლებები. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, უჭირთ რეალური გამოსავალის შემოთავაზება, რადგანაც თავიდანვე მიმართულნი არიან არა პრობლემის გადაჭრაზე, არამედ სირთულეების ძიებაზე. პრობლეემების ძიებაზე მიმართულებას უხვად მოაქვს ისინი, საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. მიმართულებას უარყოფითი მხარეების კრიტიკასა და ძიებაზე ასევე ყოველთვის შესაბამისი ნაყოფები მოაქვს: ზიანი საკმარისადაა, სარგებელი კი - არანაირი. მიმოიხედეთ გარშემო, და აუცილებლად იპოვნით ასეთ ადამიანებს თქვენს გარემოცვაში. ისინი არც კარგები არიან და არც ცუდები. ისინი უბრალოდ მყარად არიან წამოგებულნი დესტრუქციული ქანქარების კაუჭებზე.

 ადამიანთა უმეტესობა ხიშტივით ღებულობს ნებისმიერ არასასურველ მოვლენას თავის ცხოვრებაში. როგორც წესი, ჩვენთვის არასასურველი ის მოვლენებია, რომლებიც ჩვენს მიერ შედგენილ სცენარს არ შეესაბამება. და პირიქით, წარმატებად მხოლოდ იმას აღვიქვამთ, რაც ჩვენს მოლოდინებს შეესაბამება. ხდება ისე, რომ ადამიანი აგვიანებს იმ თვითმფრინავზე, რომელიც უნდა ჩამოვარდეს, და ძალიან დამწუხრებულია ამის გამო. და პირიქით, უნიკალურ შანსს უშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მის გეგმებში არ შედიოდა.

 რაც უფრო უარესად ფიქრობს ადამიანი გარესამყაროზე, მით უფრო უარესი ხდება მისთვის ეს სამყარო. რაც უფრო ბრაზდება წარუმატებლობების გამო, მით უფრო მეტი ხალისით მოდიან ახლები. თუ ადამიანმა არსებობის ასეთი მეთოდი აირჩია, იგი ყოველდღე აკეთებს ტრანსერფინგს პირიქით: დაცურავს ცხოვრების იმ ხაზებზე, სადაც მას ჯოჯოხეთი ელოდება. მიიღეთ პირდაპირ საწინააღმდეგ პოზიცია: ჯინაზე გაიხარეთ წარუმატებლობებით, იპოვეთ მათში თუნდაც მცირე სარგებელი - ეს ყოველთვის შესაძლებელია. ჭიქა ნახევრად ცარიელი კი არა, ნახევრად სავსეა. ბანალური გამოთქვა: „ყველაფერი რაც ხდება - უკეთესობისკენაა“, უნაკლოდ მუშაობს, თუკი ეს თქვენი კრედოა. აუცილებელია, ჯიუტად შეინარჩუნოთ განწყობა კარგზე და უარი თქვათ ნებისმიერი საბაბით დამწუხრებისა და აღელვების ძველ ჩვევაზე.

 წარუმატებლობების აღქმის ალტერნატიული საშუალებაა - გიხაროდეთ ყოველი წარუმატებლობა ან მოვლენების არასასურველი განვითარება. ყოველი წარუმაატებლობა, როგორც მინიმუმ, სასარგებლო გაკვეთილია და უფრო ძლიერსა და გამოცდილს გხდით. გიხაროდეთ თქვენი სამყაროს ნებისმიერი გამოვლინება, და იგი სამოთხედ იქცევა. ეს, რა თქმა უნდა, ქცევის ძალიან უჩვეულო მეთოდია. მაგრამ მიზანიც ხომ სრულიად უჩვეულოა - გახდეთ ჯინი, რომელიც საკუთარ სურვილებს ისრულებს. ნუთუ შესაძლებელია ამის ჩვეული მეთოდებით მიღწევა?

 თავიდან ეს ძნელია, რადგანაც არასასურველზე ნეგატიურად რეაგირების ძველი ჩვევა ძალიან მყარადაა გამჯდარი. მთავარია, აუცილებელია ისწავლოთ: ყოველი სავალალო ვითარების დროს გახსოვდეთ, რომ ამ დროს ქანქარა ცდილობს თქვენს წამოგებას. როგორც კი გაიხსენეთ, შეგიძლიათ ცნობიერად გააკეთოთ არჩევანი: მისცეთ ენერგია ქანქარას იმით, რომ გამოტყორცნოთ თქვენი ნეგატიური ემოციები, თუ ხახამსრალი დატოვოთ იგი და ამით გაიმარჯვოთ.

 თუკი გაიხსენეთ, ქანქარას ჩაგდება ან ჩაქრობა უკვე სულაც აღარაა რთული. ჩვენ ყოველთვის გაუცნობიერებლად ვაძლევთ ქანქარას ენერგიას. როგორც უკვე ითქვა, ქანქარები ჩვენი გრძნობების ძაფებზე გვექაჩებიან. ჩვენი აზრების მიტაცების მექანიზმის სასტარტო ბერკეტებს კი ჩვენი ჩვევები წარმოადგენენ. მაშინაც კი, თუ ამ თავს წაიკითხავთ და მიზნად დაისახავთ, რომ გახსოვდეთ, კვლავაც ნეგატიურად მოახდენთ რეაგირებას არასასურველზე. შემდეგ გააცნობიერებთ, რომ იმ მომენტში უბრალოდ დაგავიწყდათ და არაცნობიერად, ჩვევით მოქმედებდით. მაგრამ როგორც კი დროულად გაიხსენებთ, სიტუაცია თქვენი კონტროლის ქვეშ მოექცევა. გულში გაგეცინებათ: „აჰა, ეს შენ ხარ ქანქარავ? ახლა უკვე ასე ადვილად ვერ წამომაგებ“. თქვენ უკვე აღარ ხართ მარიონეტი, თავისუფალი ხართ, რომ ცნობიერად მიიღოთ ან გააგდოთ ქანქარა.

 თუკი გულმოდგინედ დააპრაქტიკებთ ასეთ ტექნიკას, დროთა განმავლობაში ძველი ჩვევა ახლით ჩანაცვლდება. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ქანქარები ყველანაირად ეცდებიან, რომ მოგწვდნენ. შეამჩნევთ, რომ თითქოს განზრახ, მრავალი უსიამოვნება დაგატყდათ თავს. თუკი არ დანებდებით და ისწვალით, რომ გახსოვდეთ, თქვენი გამარჯვება ძალიან შთამბეჭდავი იქნება, აი, თავად ნახავთ.

 შედეგი კი ასეთი იქნება: როცა მომდევნო ჯერზე შეხვდებით წარმატების ტალღას, ქანქარა ვეღარ წაგიყვანთ სხვა მხარეს. ამგვარად, ბედნიერების ფრინველი თქვენს ხელში დარჩება. მისი მოზიდვისთვის კი საჭიროა, რომ თქვენს გარშემო პოზიტიური ენერგიის ტრანსლაცია მოახდინოთ. ანუ იყოთ არა მხოლოდ ცალსახად პოზიტიური მიმღები, არამედ ტრანსლატორიც. შედეგად სამყარო თქვენს გარშემო ძალიან მალე უკეთესობისკენ შეიცვლება. თქვენ ადვილად გადაინაცვლებთ ცხოვრების უფრო და უფრო წარმატებულ ხაზებზე. საბოლოო ჯამში თქვენთან წარმატების ტალღა მოვა, რომელიც აგიტაცებთ და წარმატებისკენ გაგაქროლებთ. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ტრანსერფინგი მხოლოდ წარმატების ტალღაზე სერფინგით შემოიფარგლება. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. შემდეგ კიდევ მრავალი საოცარი აღმოჩენა გელოდებათ.

 


 

მაგიური რიტუალები

 ამ თავის დასასრულს განვიხილოთ წარმატების ტალღაზე განწყობის ტექნიკის ერთი კერძო შემთხვევა. სხვადასხვა სიტუაციებში ადამიანები ზოგჯერ გაუცნობიერებლად ცდილობენ წარმატების ტალღის სიხშირეზე გადაწყობას. მაგალითად, დღის დასაწყისში ვაჭრები მზად არიან დაუთმონ პირველ მყიდველს მნიშვნელოვანი ფასდაკლება. ისინი ინტუიტიურად გრძნობენ, რომ პირველი მყიდველი ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა მოხდეს წამოწყება, გაიბას ვაჭრობა. ტრანსსერფინგის ენაზე ეს ნიშნავს წარმატებული ვაჭრობის ტალღაზე განწყობას. ძნელია, რომ უბრალოდ განაწყო აზრები წარმატებულ ვაჭრობაზე, პირველი მყიდველი კი რეალურ იმედს და რწმენას იძლევა, ამიტომ განწყობა თავისთავად ხდება. ვაჭარი წარმატებული ვაჭრობის ტალღაზე ჯდება და შესაბამისი პარამეტრების აზრებს გამოასხივებს. მას თავად სჯერა, რომ საქონელი სწრაფად ეყიდება, და როგორც კი ხმამაღლა განუცხადებს ამას მყიდველს, ესეც მაშინვე „მიტაცებული“ აღმოჩნდება ამ გამოსხივების მიერ და მორჩილად ყიდულობს საქონელს, დარწმუნებული იმაში, რომ იმ დღეს გაუმართლა.

 ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი. ზოგჯერ გამყიდველები იყენებენ ერთგვარ მაგიურ რიტუალს - ფულით ეხებიან თავიანთ საქონელს. რა თქმა უნდა, თავისთავად ასეთ რიტუალს არანაირი ძალა არა აქვს, ამიტომ ამაში მაგია, როგორც ასეთი არაა. მაგრამ თუკი ვაჭარს სჯერა რიტუალის ძალის, ეს ეხმარება მას, რომ წარმატებული ვაჭრობის სიხშირეზე განეწყოს. განწყობა ქვეცნობიერ დონეზე ხდება. გონებით ადამიანი მხოლოდ გარეგნულ მხარეს აცნობიერებს: რიტუალი რაღაც აუხსნელი სახით მუშაობს. და ის მართლაც მუშაობს, მაგრამ არა თავისთავად, არამედ როგორც თეატრალური რეკვიზიტი. მთავარ როლს კი მსახიობის აზრობრივი ენერგია ასრულებს.

 სხვადასხვა პროფესიებისთვის სხვადასხვა სიტუაციებში მრავალი მსგავსი „მაგიური“ რიტუალი არსებობს. ადამიანებს სჯერათ მათი და წარმატებით იყენებენ იმისთვის, რომ ცხოვრების წარმატებული ხაზის სიხშირეზე განეწყონ და წარმატების ტალღა გახედნონ. პრინციპში, არ აქვს მნიშვნელობა, რისი რწმენა ექნებათ ადამიანებს - რიტუალის მაგიური თვისებების, თუ სიხშირეზე განწყობის. როგორც თავად ხვდებით, მთავარია მხოლოდ პრაქტიკული შედეგი.

 


 

რეზიუმე

 წარმატების ტალღა - ესაა სასიკეთო ხაზების თავმოყრა ვარიანტთა სივრცეში.

 წარმატებების კასკადს მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, თუ პირველი წარმატებით განიმსჭვალეთ.

 დესტრუქციულ ქანქარებს წარმატების ტალღისგან შორს მიჰყავხართ.

 როდესაც იშორებთ ქანქარებზე დამოკიდებულებას, თქვენ მოიპოვებთ არჩევანის თავისუფლებას.

 როდესაც ნეგატიური ენერგიის მიმღები და ტრანსლატორი ხართ, ამით საკუთარ ჯოჯოხეთს ქმნით.

 როდესაც პოზიტიური ენერგიის მიმღები და ტრანსლატორი ხართ, ამით საკუთარ სამოთხეს ქმნით.

 თქვენი აზრები ყოველთვის ბუმერანგივით გიბრუნდებათ.

 ქანქარები ვერ მოგხსნიან წარმატების ტალღიდან, თუკი ჩვევად გაქვთ - გახსოვდეთ.

 გახსენების ჩვევა სისტემატიური პრაქტიკის შედეგად გამომუშავდება.

 

შემდეგი თავი

მსგავსი სტატიები

თავი XI. ენერგია და ჯანმრთელობა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი IV. წონასწორობა


 თავი IV. წონასწორობა  (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი V. ინდუცირებული გადასვლა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი)  მთარგმნ...

თავი I. ვარიანტთა მოდელი


  თავი I. ვარიანტთა მოდელი (ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეა...

თავი VI. ვარიანტთა დინება


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff