თავი XV - წერილები წარსულიდან

Admin
რეალობის ტრანსერფინგი
0
0

ნაწყვეტები წიგნიდან „ტრანსერფინგის რეალობა“ მის გამოსვლამდე ინტერნეტში საფოსტო გზავნილების სახით ...

aweril

ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი"

მთარგმნელი: ნინო ტურაბელიძე

ნაწყვეტები წიგნიდან „ტრანსერფინგის რეალობა“ მის გამოსვლამდე ინტერნეტში საფოსტო გზავნილების სახით იბეჭდებოდა. ეს თავი ვარიანტთა სივრცის პირველდამლაშქრავებს შორის მიმოწერის შედეგად დაიბადა. ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას გიხდით, ძვირფასო მკითხველებო, თბილი წერილებისთვის, აღფრთოვანებული გამოხმაურებისთვის, იმ ენთუზიაზმისთვის, რითიც ტრანსერფინგის იდეები მიიღეთ. გმადლობთ!

„და დამარცხება გამარჯვებისგან თავად შენ არ უნდა განასხვავო.“
ბ. პასტერნაკი

ტექსტის სანახავად ისრით გადადით შემდეგ თავზე, ან აირჩიეთ შესაბამისი თავი სარჩევში (მარჯვენა პანელზე)


 შავი ზოლები
 
„უპასუხო კითხვები დამიგროვდა. თქვენი თეორიის თანახმად, თუ ყველაფერში კარგს დავინახავ, დადებითი მოვლენების ტალღაზე მოვხვდები. ჩემს შემთხვევაში ამ მეთოდმა არ გაამართლა, თანაც არაერთხელ, თორემ ყურადღებას არ მივაქცევდი.
 
მაგალითს მოვიყვან. ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ შესანიშნავი სამსახური მქონდა, რომელიც ყოველმხრივ მაწყობდა და სიხარულს მანიჭებდა. მისით ვცხოვრობდი. გარს მეხვივნენ კარგი მეგობრები, ნაცნობები, საყვარელი ადამიანი, მშობლები, მქონდა სახლი. გულით მიხაროდა, თანაც სრულიად ცნობიერად, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავის მშურდა. გასაგები,მშვიდი ცხოვრება მქონდა. მაგრამ მეშინოდა, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა. გამგზავრება მომიწია. ახლა სახლი აღარ მაქვს, ნაკლები მეგობრები მყავს, და სამსახური, რომელიც არ შეესაბამება ჩემს გეგმებს და ჩემს განათლებას...
 
მეორე მაგალითი. ინსტიტუტს ვამთავრებდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში კათედრაზე დიდ დროს ვატარებდი და ლექტორებს და სტუდენტებს ძალზე დავუახლოვდი. დამამთავრებელ სემესტრში თითქმის ფიზიკურად ვგრძნობდი, რომ ეს შესანიშნავი დროა, და საეჭვოა, ის ოდესმე განმეორდეს. ყოველი დღის დამახსოვრებას ვცდილობდი. ინსტიტუტში მუშაობა შემომთავაზეს. საოცრად გავიხარე! მაგრამ შემცირება დაიწყო, და აღარ ამიყვანეს, შედეგად ნახევარი წელი უმუშევარი სახლში ვიჯექი. ეს ჩემთვის შავი დღეები იყო.
 
ანუ, არაერთი სიტუაცია ყოფილა, როდესაც ნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ცხოვრებით და ამისთვის ღმერთს ვმადლობდი, მაგრამ მერე ასეთი შავი ზოლი იწყებოდა! ეს კანონი ჩემს შემთხვევაში არ მუშაობდა, უარყოფითი მოვლენების ტალღაზე გადავყავდი. და კიდევ, როდესაც ძალზე ცუდად ვარ და „ყმუილს“ ვიწყებ (წუწუნს), თითქოს მკარნახობენ, მეხმარებიან, თუმცა, თქვენი თეორიის თანახმად, ჩემი საქმე უკვე წასული უნდა ყოფილიყო...
 
აი, ასეთი შეუსაბამობებია. მოხარული ვიქნები, თუ მათში გარკვევაში დამეხმარებით“.
 
სინამდვილეში თქვენს შემთხვევაში არავითარი შეუსაბამობები არ არის. პირიქით, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო. თქვენთვის გაუგებარია, ცხოვრების თეთრ ზოლებს მოულოდნელად შავი ზოლები რატომ ანაცვლებდა. თუმცა, წერილში თავად მშვენივრად ჩამოაყალიბეთ მიზეზი.
 
მიზეზი ყოველთვის იყო და არის ერთი და იგივე: სამყარო- თქვენი მისდამი დამოკიდებულების სარკეა.რეალური სარკეა. პირველსა და მეორეს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ჩვეულებრივი სარკე ცვლილებებს მომენტალურად ასახავს, სამყარო კი დაგვიანებით პასუხობს, ხან რამდენიმე დღეში, ხან კი თვეებში.
 
აი ნახეთ, რას წერთ: „გასაგები მშვიდი ცხოვრება მქონდა. მაგრამ მეშინოდა, რომ დიდხანს ასე ვერ გაგრძელდებოდა. ...დამამთავრებელ სემესტრში თითქმის ფიზიკურად ვგრძნობდი, რომ ეს შესანიშნავი დროა, და საეჭვოა, ის ოდესმე განმეორდეს“.
 
სად ხედავთ შეუსაბამობას? თქვენი დამოკიდებულებით თავად მიეცით პროგრამა, სამყარომ კი უნაკლოდ შეასრულა.სამყარო ყოველთვის უზადოდ ასრულებს თქვენს არჩევანს. ის მხოლოდ ამითაა დაკავებული.
 
სარკის მიმართ თქვენს პრეტენზიას ამგვარად აყალიბებთ: „...არაერთი სიტუაცია ყოფილა, როდესაცნამდვილად კმაყოფილი ვიყავი ცხოვრებით და ამისთვის ღმერთს ვმადლობდი, მაგრამ მერე ასეთი შავი ზოლი იწყებოდა!“ რა აღმოჩნდა შავი ზოლის დაწყების მიზეზი?
 
ჰოდა ასე, თუ გეტყვით, საიდან მოდის შავი ზოლები, არ დაიჯერებთ. თქვენს წერილში ზემოთმოყვანილი საკვანძო ფრაზები საერთოდ რომ არ ყოფილიყო, შავი ზოლების წარმოშობის წყაროს დასახელება მაინც არ გამიძნელდებოდა. ეს შემთხვევა ნამდვილად არაა უნიკალური, რადგან ჩვენ ყველანი ყოველთვის ერთსა და იმავე შეცდომას ვუშვებთ.
 
საქმე იმაშია, რომ შავი ზოლი, რომელიც თეთრს მოყვებოდა, სულაც არ იყო ასეთი. თქვენ თავად შეღებეთ ის შავად. ცუდი არ შეიძლება კარგიდან გამომდინარეობდეს. სინამდვილეში,კარგს კიდევ უფრო კარგი მოსდევდა.მაგრამ თქვენ მოგეჩვენათ, რომ ეს ასე არაა. თქვენ არ მიიღეთ მომავალი ცვლილებები და სამყაროში ნეგატიური დამოკიდებულება გაგზავნეთ. სამყაროს კი მისი სარკისებური ასახვა და ამგვარად თქვენი არჩევანის რეალიზება მოუწია.
 
ადამიანის გონების თვისებაა - ის საკუთარ სცენარს ყოველთვის ჯიუტად იცავს. ყველაფერი, რაც სცენარში არ ჯდება, მარცხად ფასდება. და პირიქით, წარმატებად მხოლოდ ის მიიჩნევა, რაც ჩაფიქრებული იყო. გონების ასეთი სიჯიუტე სათავეს საკუთარი თავდაჯერებულობიდან და გამეფებული საზოგადოებრივი სტერეოტიპებიდან იღებს.
 
საიდან უნდა იცოდეს თქვენმა გონებამ, რა არის მისთვის ნამდვილად კარგი, და რა - ცუდი? განა შეუძლია მას გამოიცნოს, როგორ შეტრიალდება მოვლენები? დიდი წარმატება წინასწარ არასდროს აკაკუნებს კარზე - ის პირდაპირი გაგებით თავზე ეცემა ადამიანს. არ დაფიქრებულხართ, ასე რატომ ხდება? იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევებში გაბნეული გონება წარმატების რეალიზაციის ხელის შეშლას ვერ ასწრებს.
 
დაცვის ყრუ კედლის გარღვევა წარმატებას მხოლოდ იმ მომენტში შეუძლია, როდესაც გონება სცენარზე საკუთარი კონტროლის მარწუხებს მოუშვებს. წარმატებას ვერ დაგეგმავ, განა ასე არ არის? წინააღმდეგ შემთხვევაში, რა საჭიროა მთელი ეს საუბარი? დაგეგმე - და მიიღე ჩაფიქრებული! არა, ასე ძალზე იშვიათად ხდება.
 
გონებას წარმატების ალგორითმის შემუშავება არ ძალუძს. ხანდახან მკითხველები მეკითხებიან, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. მე საიდან ვიცი? ნურავის დაუჯერებთ, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის წარმატების რეცეპტი იცის. ეს არავინ იცის.
 
მაშ, ვინ იცის და პასუხი სად ვიპოვოთ? თქვენმა სამყარომ, რომელიც თქვენი სარკეა, - იცის! ტრანსერფინგი თავის თავში ყველაზე საოცარ აღმოჩენას ატარებს, რისი წარმოდგენაც კი შესაძლებელია. ის კი იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ მხოლოდ არჩევანი უნდა გააკეთოთ, შემდეგ კი სამყაროს მის განხორციელებაში ხელი არ შეუშალოთ.
 
აი, მთელი პარადოქსიც: ადამიანს არ სჭირდება ზუსტად იცოდეს, როგორ მიაღწიოს წარმატებას. უფრო ზუსტად კი, უკეთესია, თუ საერთოდ არ ეცოდინება. თქვენ რა, გეგონათ, ტრანსერფინგი წარმატების მორიგ რეცეპტს მოგცემდათ? გონებას ასეთი რეცეპტის პოვნა არ ძალუძს. მთელი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ის თავად გამოჩნდება.
 
გონების ამოცანაა თავისი კონტროლით ვარიანტთა დინებას, ანუ მოვლენათა სვლას ხელი არ შეუშალოს. ვარიანტთა დინება ყოველთვის თქვენი არჩევანის მხარესაა მიმართული. სწორედ ამიტომ, თუ არჩევანი გაკეთებულია, თამამად შეგიძლიათ განზრახვის კოორდინაციის პრინციპსდაეყრდნოთ:ჩემი განზრახვა განხორციელდება; ყველაფერი აქეთკენ მიდის; და ყველაფერი ისე ხდება, როგორც საჭიროა.
 
შავ ზოლს დავუბრუნდეთ. ყოველ ჯერზე, შავ ზოლზე გადასვლისას, თქვენ, როგორც ჩანს, რაღაც შანსს ხელიდან უშვებდით. ეს თეთრი ზოლის კიდევ უფრო გათეთრების შანსი იყო. მაგრამ გონება არ იღებდა მომავალ მოვლენებს, უფრო ზუსტად, მათ ნეგატიურად აფასებდა, და შედეგად ნეგატივი მართალაც მთელი ძალით ვლინდებოდა.
 
მაგრამ ნუ დაღონდებით ამის გამო. თუ მიზანს განსაზღვრავთ და კოორდინაციის პრინციპს დაიცავთ, ერთი შესანიშნავი აღმოჩენა გელოდებათ. თქვენ დარწმუნდებით, რომ ყველა დაშვებული შეცდომა სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ამ მიზანს ვერ მიაღწევდით, ის წარსული შეცდომები რომ არ დაგეშვათ. მეორე მხრივ, ისინი რომ არ დაგეშვათ, მიზნამდე მიღწევა შეგეძლოთ. მაგრამ ის სხვა მიზანი იქნებოდა. თქვენ ხომ ერთი მიზანი არ გაქვთ. აი, ასე წარმოუდგენლად, დიდებულად და დიდსულოვნადაა მოწყობილი ჩვენი სამყარო.
 
ასე რომ, გულს ნუ გაიტეხთ: წარსული წინაა, თუ მიზნისკენ მიდიხართ. შეიძლება, აქამდე მხოლოდ სხვისი მიზნები გიტაცებდათ?


პარტნიორთა თამაში
 
„თქვენ ამბობდით, რომ მეუღლეებში ერთი შეხედვით შეუთავსებელი პიროვნებები ერთდებიან, თითქოს ერთმანეთის სასჯელად. ეს ჩემზეა დაწერილი. ხომ ვერ მომცემდით პრაქტიკულ რჩევას, ამ სიტუაციას თავი როგორ დავაღწიო: რა უნდა გავაკეთო და ვიფიქრო?
 
ბევრჯერ ვცადე ურთიერთობების მოწესრიგება, ეფექტი იყო, მაგრამ ხანმოკლე, შემდეგ მივხვდი, რომ შეუთავსებლები ვართ და სხვა ქალთან უნდა მეცადა ურთიერთობის აწყობა. განქორწინება ავირჩიე. ძალიან მინდა ურთიერთობის დასრულება, მაგრამ საერთო ქონება გვაქვს, და გარემოებები პრობლემების გარეშე, მინიმალური ზიანით ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს მიშლის.
 
როდესაც ვბრაზდები და ვფიქრობ, რომ მზად ვარ ყველაფერი დაუყოვნებლივ და ნებისმიერი პირობებით დავასრულო, ურთიერთობა ხილული მიზეზების გარეშე დროებით უმჯობესდება. მაგრამ მალე ყველაფერი თავიდან ახლებურად იწყება. რა უნდა გავაკეთო ტრანსერფინგის კუთხით, სიტუაცია რომ შევცვალო?“
 
არ შევცდები, თუ ვიტყვი,რომ განქორწინებათა უმეტესობა ბანალური მიზეზით ხდება: პარტნიორები ერთმანეთს უფლებას არ აძლევენ, იყვნენ ის, ვინც არიან. თქვენ, ალბათ ფიქრობთ, რომ ისინი ცდებიან, მე კი მსურს გაჩვენოთ, რაში ცდებიან? ვერ გამოიცანით.
 
საქმე იმაში სულაც არაა, ვინაა მართალი და ვინ დამნაშავე. წვრილმანების გამო კონფლიქტებს ერთი არატრივიალური, მაგრამ უმთავრესი ასპექტი აერთიანებს - გაცნობიერებულობა, უფრო ზუსტად, მისი არარსებობა.
 
გაღიზიანება - გაუცნობიერებელი რეაქციაა. არაცნობიერი ზმანებისას ადამიანს სიზმარი თავს ისე ატყდება, რომ მას მთლიანად ძილის ეს თამაში შთანთქავს და ვერც ხვდება, რომ ეს მხოლოდ სიზმარია.
 
ადამიანს ზუსტად ასე ზეზეულად სძინავს, როდესაც გარეგან გამღიზიანებელზე ხამანწკივით ნეგატიურად რეაგირებს. თითქოს ყველას ესმის, რომ ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს საკუთარი თავისებურებები და უცნაურობები ჰქონდეს. და თუ ის თქვენნაირი არ არის, არცაა ვალდებული ასეთი იყოს.
 
მაგრამ ამ ყველაფერს მხოლოდ იმ მომენტში აცნობიერებენ, როდესაც მათ ამის შესახებ ეკითხებიან. დანარჩენ შემთხვევებში გაღიზიანების გამშვები მექანიზმის ამოქმედება გაუცნობიერებელ მდგომარეობაში ხდება.
 
ზეზეულად გაუცნობიერებელ სიზმარში მყოფი ადამიანი, არც საკუთარ თავს და არც სხვებს რთავს ნებას იყოს ის, ვინც არის. ამ დროს დამოკიდებულების ურთიერთობები აღმოცენდება, რაც პოლარიზაციას ბადებს, რომელიც თავის მხრივ წონასწორული ძალების ქროლვას იწვევს. არაერთგვაროვნების გასანეიტრალებლად წონასწორული ძალები ურთიერთსაპირისპირო ხასიათების შეჯახებისკენ ისწრაფვის.
 
დამატებით ამ ყველაფერთან ერთად ქანქარები, გრძნობენ რა პოლარიაზაციას, პარტნიორებში ისეთ ქმედებებს იწვევენ, რაც კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას წარმოშობს. არ შეგიმჩნევიათ, რომ პარტნიორი ხანდახან ისე იქცევა, თითქოს თქვენს გაღიზიანებას განგებ ცდილობს?
 
ჰოდა, იცოდეთ, რომ უმრავლეს შემთხვევებში ის ასე გაუცნობიერებლად, ქანქარის გავლენით იქცევა, რომელიც თქვენი გაღიზიანების ენერგიით იკვებება და ცდილობს პარტნიორის ქმედებები ისე წარმართოს, რომ კიდევ უფრო მეტად გაგაღიზიანოთ.
 
თქვენ თავად ასახავთ წერილში, როგორ მუშაობს პოლარიზაცია. შეხედეთ: „როდესაც ვბრაზდები და ვფიქრობ, რომ მზად ვარ ყველაფერი დაუყოვნებლივ და ნებისმიერი პირობებით დავასრულო, ურთიერთობა ხილული მიზეზების გარეშე დროებით უმჯობესდება.“
 
როდესაც „ნებისმიერ პირობებზე“ თანხმდებით, მარწუხებს უშვებთ, თითქოს ამბობდეთ: „წყალსაც წაუღია!“ აი, ამ მომენტში პოლარიზაცია სუსტდება, წონასწორული ძალების ქროლვა ნელდება, ქანქარა თავს განებებთ და შედეგად, ურთიერთობა გამოსწორებისკენ მიდის.
 
ზოგადად, უნდა ითქვას, რომ შეუთავსებლები სწორედ ერთნაირი ადამიანები არიან, ვიდრე განსხვავებულები. როდესაც ამბობენ „ჩვენ შეუთავსებლები ვართ“ ან „ხასიათებით ვერ შევეწყვეთ“, ფაქტების ენაზე გადათარგმნისას ეს ამგვარად უნდა გავიგოთ: „ერთმანეთს უფლება არ მივეცით, ვყოფილიყავით ის, ვინც ვართ“.
 
სინამდვილეში,საპირისპირო ხასიათების მქონე ადამიანებს შეუძლიათ და უნდა იცხოვრონ კიდეც ბედნიერად და ჰარმონიაში. წონასწორული ძალები სწორედ ამ მიზეზით ახვედრებს საპირისპირო ტიპაჟებს და შედეგად სტატუს-კვოს ინარჩუნებს.
 
მე (და ალბათ თქვენც) ვიცნობ წყვილებს, რომლებიც მათი ხანგრძლივი კავშირის განმავლობაში რამდენჯერმე გაიყარნენ. ამას სერიოზულად აკეთებდნენ, ჩემოდნების ჩალაგებით, ჭურჭლის მსხვრევით, ოჯახური ფოტოების დაწვით, ქორწინების მოწმობების დახევით და ა.შ. ყველა ამ წარმოუდგენელ დრამას თან ახლდა მხურვალე ფიცი, რომ ამჯერად ყველაფერი საბოლოო და შეუქცევადია. მაგრამ ქარიშხალი ცხრებოდა, ორივე მებრძოლი წყნარდებოდა და ცხოვრებას კვლავ ერთად აგრძელებდნენ.
 
მთელი ამ ტაფებითა და თეფშებით შეიარაღებული კონფლიქტების თავიდან აცილება შეიძლება, თუ სცენიდან მაყურებელთა დარბაზში ცნობიერად ჩამოხვალთ და თამაშს, ანუ თქვენს ერთობლივ ცხოვრებას გვერდიდან შეხედავთ. ეს ერთ-ერთმა პარტნიორმა მაინც უნდა გააკეთოს.
 
რატომაა ერთობლივი ცხოვრება თამაში? იმიტომ, რომ ყოველმა მათგანმა როლი მოირგო: მე ასეთი ვარ, მე ამას ვაკეთებ, ეს კი მაღიზიანებს. მაგრამ ადამიანები ამ თამაშში მთლიანად იძირებიან, ამიტომ გაუცნობიერებლად მოქმედებენ, თითქოს ზეზეულად სძინავთ. ცხოვრება მათ „თავს გადახდებათ“, და მათ სცენარზე ზემოქმედება არ ძალუძთ, თუმცა კი მთელი ძალით ამის გაკეთებას ცდილობენ.
 
ახლა კი გაიხსენეთ, როგორ თამაშობდით ბავშვობაში დიდობანას. დიდებისგან განსხვავებით ბაშვები აცნობიერებენ, რომ ყველაფერი „ვითომ“ ხდება. მათ ყოველ მომენტში ახსოვთ: ეს თამაშია, ამიტომ ცნობიერად მოქმედებენ, როგორც მოთამაშე მაყურებლები. ბავშვებს თავიანთი თამაშის სცენარის შეცვლა შეუძლიათ, რადგან აცნობიერებენ, რომ ეს რეალობა არაა. ზუსტად ასევე გაცნობიერებულ სიზმარში ადამიანს სიზმარში მიმდინარე მოვლენების გაკონტროლება შეუძლია.
 
ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები ინდიფერენტულად თამაშის უნარს კარგავენ, თამაშში, როგორც ღრმა ძილში, ბოლომდე იძირებიან, და შედეგად გაცნობიერებულობას კარგავენ. ხოლო რადგანაც ადამიანებს ზეზეულად სძინავთ, ისინი ქანქარების მორჩილ უნებისყოფო მატიონეტებად იქცევიან, და ცხოვრება მათ სიზმარხილვის მსგავსად, „თავს გადახდებათ“.
 
მაინც შეეცადეთ, ერთობლივი ცხოვრება ბავშვებივით ითამაშოთ. აიღეთ თქვენთვის განკუთვნილი როლები და ინდიფერენტულად, „ვითომ“ ითამაშეთ. მაგალითად, როგორც კი პარტნიორი იმის კეთებას იწყებს, რაც არ მოგწონთ, გაღიზიანდით, როგორც ადრე, მაგრამ ახლა თქვენი როლი გროტესკით და იუმორით ითამაშეთ.
 
შედეგად კონფლიქტების მექანიზმი უცებ გახდება გასაგები, რომელსაც თქვენ, ზეზეულად არაცნობიერ ზმანებაში მყოფი აღვივებდით. თქვენ მართლა გააცნობიერებთ, რომ ყველა ჩხუბი ტელესერიალების მსგავსად „თითიდანაა გამოწოვილი“. ხოლო როდესაც გააცნობიერებთ, ბოლოს და ბოლოს შეძლებთ საკუთარ თავსაც და სხვასაც ნება მისცეთ იყოთ ის, ვინც ხართ.


ქველმოქმედება
 
„ბოლო ორი წელია ბირჟაზე ვაჭრობაში ჩავიძირე. და ვერა და ვერ მივაღწიე წარმატებულ, სტაბილურ ვაჭრობას. ორი წელი - მხოლოდ დანაკარგები. შეიძლება სიმართლეა, რასაც ერთი კოლეგა წერს: ბაზარი - ეშმაკის გამოგონებაა. „ღმერთს - ღმრთისა, კეისარს - კეისრისა“. ბირჟაზე თამაშით სულს ვაგებთ. საკუთარ სულს. სამწუხაროდ, ასეა. და ეს სიმართლეა. ჩემთვის ერთადერთი გამოსავალია - ტაძრის ასაშენებლად შევწირო ფული. მაგრამ კარმულ შედეგებს ეს ვერ ამაცილებს!..
 
მაგრამ ბედის მრავალვარიანტულობა სადღაა? ნუთუ ბირჟაზე ვაჭრობით საკუთარი ცხოვრების უზრუნველყოფა არ შეიძლება? ნუთუ მილიარდელებზე ყველა ეს ზღაპარი - მითია? თუ ქვეცნობიერში გამდიდრების იდეა მოყვასის დახმარების იდეით ჩავანაცვლოთ? არც თეორეტიკოსი და არც დამწყები ვარ, ყველაფერი, რაზეც ვწერ - საკუთარ ტყავზე მრავალჯერ მაქვს გამოცდილი. თქვენი აზრით, რა არჩევანი უნდა გავაკეთო?“
 
თქვენ მე მეკითხებით, ჩემი აზრითროგორი უნდა იყოს თქვენიარჩევანი. ნუთუ მე ან ვინმე სხვას შეუძლია, ჭეშმარიტ გზაზე მიგითითოთ? ეს მხოლოდ თქვენმა სულმა იცის. მე კი შეცდომების შეფასება შემიძლია, ისიც მხოლოდ სუბიექტურად.
 
თქვენ წერთ: „ჩემთვის ერთადერთი გამოსავალია - ტაძრის ასაშენებლად შევწირო ფული“. რა თქმა უნდა მესმის, რომ თქვენ თავად ამას ერთადერთ გამოსავლად არ მიიჩნევთ. მაგრამ საიდან მოიტანეთ, რომ შესაწირის განხილვა გამოსავლად საერთოდ შესაძლებელია?
 
ღმერთის კი არა, ქანქარების რელიგიის მიმდევრებმა ჩაგაგონეს, რომ ტაძრისთვის ფულის შეწირვით „საკუთარ სულს იხსნით“ ან კარმული პრობლემებისგან გათავისუფლდებით. ღმერთის ნებისმიერი ჭეშმარიტიმსახური გეტყვით, რომ ინდულგენციას ფულით ვერ იყიდით.
 
მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: რელიგიის ქანქარა - ღმერთი არ არის. ტაძარი არა უფალს, არამედ ქანქარას სჭირდება. ღმერთს თქვენი მსხვერპლშეწირვა არ სჭირდება. თუ მსხვერპლშეწირვას თქვენი პრობლემების გადაწყვეტად განიხილავთ, ე.ი. მასთან გარიგებას ცდილობთ.
 
ქველმოქმედებას დაგროვებული ფულის ჭარბი პოტენციალის განეიტრალება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ თქვენ გადანახული ფინანსები ჭარბად გაქვთ. მაგრამ, რადგან ბირჟაზე ვაჭრობთ, სავარაუდოდ, გადანახული ფინანსები არ გექნებათ.
 
ქველმოქმედება ჭეშმარიტად კეთილი საქმე მხოლოდ გულწრფელობის შემთხვევაშიიქნება. მაგალითად, მდიდარი ადამიანი საბავშვო ბაღს ეხმარება, მაგრამ იქ ერთხელაც არ მისულა. ასეთ შემთხვევაში ეს კეთილი საქმე კი არა, გარიგებაა. მისი დახმარება ინდიფერენტულია, უანგარო ფრაზით - „ბავშვებს ვეხმარები!“ - გამოხატულ ლამაზ იდეას ემსახურება.
 
მაგრამ ამ ადამიანის განზრახვა გულწრფელი არაა. მას ბავშვებთან, რომლებსაც ეხმარება, ურთიერთობა არ სჭირდება, ამიტომ არ უყვარს ისინი. ის საკუთარ თავს აფასებს, როგორც ბავშვების დამხმარეს. მაგრამ, დავუშვათ, განა ცუდია, რომ ეს ადამიანი უსიყვარულოდ, არაგულწრფელად ეხმარება? არაა ცუდი, მშვენიერია. მაგრამ იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ეს რაიმენაირად „ჩაეთვლება“.
 
ამ ქმედებით შეიძლება საზოგადოებაში მისი რეიტინგი ამაღლდეს, მაგრამ მისი სული არავითარ კომპენსაციას არ მიიღებს. აჯობებს გულწრფელად გიყვარდეთ საკუთარი თავი, ვიდრე არაგულწრფელად - სხვები. ვიტყოდი, რომ საკუთარი თავის სიყვარული სრულიად აუცილებელიცაა.
 
აი რას წერთ: „თუ ქვეცნობიერში გამდიდრების იდეა მოყვასის დახმარების იდეით ჩავანაცვლოთ?“ ნუ ძალადობთ საკუთარ თავზე მოყვასის დახმარების იდეებით, თუ გულწრფელ სურვილს არ გრძნობთ. პირიქით, სწორედსაკუთარიგამდიდრებით დაკავდით. ამას აკეთებთ გულწრფელად, და არაფერია სასირცხვილო. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ქანქარის მიმდევრების ღაღადისს, რომლებიც თავიანთი „სულიერი“ ღირებულებების თქვენთვის თავს მოხვევას ცდილობენ. გახსოვდეთ: ნამდვილად სულიერი პიროვნებები არასოდეს არაფერს მოგახვევენ თავს.
 
თქვენთვის უპირველესი სულიერი ღირებულება თქვენი სულია. ზურგი აქციეთ ქანქარებს, თქვენი სულისკენ შებრუნდით და საკუთარ თავს მიხედეთ, მაგალითად გამდიდრება სცადეთ. მაგრამ ამ გამდიდრებას იქიდან არ უნდა მიუდგეთ, საიდანაც თქვენ ცდილობთ.
 
სულს ფული კი არ სურს, არამედ ის, რისი ყიდვაც ფულით შეიძლება. ზუსტად იცით, რა გსურთ? სავარაუდოდ, არა. ჰოდა, შეეკითხეთ საკუთარ თავს, მაინც რა გსურთ ცხოვრებისგან.რა გიქცევთ ცხოვრებას დღესასწაულად?განსაზღვრეთ თქვენი მიზანი.
 
თქვენი გონება სწორხაზოვნად ხსნის ამ ამოცანას: ფულით პრაქტიკულად ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი, ამიტომ პირდაპირ იქით წასვლაა საჭირო, სადაც ეს ფული დევს. მაგრამ მთელი უბედურება იმაშია, რომ სულიც თავისებურად სწორხაზოვნად მოქმედებს. ის გონების ფულისკენ მისწრაფებას არ იზიარებს. მას საერთოდ არ ესმის, ეს რა არის, რადგან აბსტრაქტული „აზროვნება“ არ შეუძლია. ამიტომ სული გონების მოკავშირე არ გახდება ფულის მოპოვების საკითხში. გონება კი სულის გარეშე უძლურია, ისევე როგორც სული - გონების გარეშე.
 
მაშ როგორ უნდა მოიქცეთ? თქვენი მიზანი უნდა განსაზღვროთ და მისკენ ისე წახვიდეთ, რომ ამ მიზნის მიღწევის საშუალებებზე არ იფიქროთ. საშუალებები თავად გამოჩნდება - მთელი ფოკუსიც ესაა. სხვა სიტყვებით, თუ სული და გონება მიზნისკენ ხელიხელჩაკიდებულები მიდიან, თქვენს წინაშე ის კარი გაიხსნება, რომელიც მანამდე მიუვალი გეგონათ.
 
შეიძლება თუ არა ბირჟაზე თამაში თქვენს კარად მიიჩნიოთ? ვერ გეტყვით. თქვენ წერთ: „...ვერა და ვერ მივაღწიე წარმატებულ, სტაბილურ ვაჭრობას. ორი წელი - მხოლოდ დანაკარგები.“ თავად გამოიტანეთ დასკვნა. მილიარდელები ისინი ხდებიან, ვინც თავისი მიზნისკენ მიდის, და არა ფულისკენ.
 
როდესაც ადამიანი მისკენ საკუთარი კარის გავლით მიდის, მისი სული მღერის, გონება კი კმაყოფილი იფშვნეტს ხელებს. ბირჟაზე თამაში თქვენს სულს სიხარულს ანიჭებს?  ეს საქმიანობა გონებას სიამოვნებს? ამ კითხვებზე თავად უნდა უპასუხოთ.


ეზოთერული ცოდნა
 
„ამ სახის სხვადასხვა ლიტერატურას უკვე ვიცნობ, და ყველაზე საოცარი ისაა, რომ პრინციპში, ყველას ერთი და იგივეს თქმა სურს, მაგრამ მაინც ბევრ საკითხში ვერ თანხმდებიან.
 
მე, მაგალითად, ამ რაოდენობის ინფორმაციისგან უკვე ვიბნევი, რომელია სწორი და რომელი არასწორი. პრაქტიკულად ყველა ამბობს, რომ ყველა ინფორმაცია გულთან ახლოს არ უნდა მივიტანოთ. მაგრამ რა უნდა ქნან მგრძნობიარე ადამიანებმა, და მაგალითად იმათ, ვინც ყოველდღიურად გასცემს მოწყალებას? სამყარო ხომ გულქვა  და ბოროტი გახდება, თუკი სხვის უბედურებას ვერ გაიგებს და გაითავისებს.
 
მომავალში ჟურნალისტობა მსურს და უკვე ვმუშაობ ერთ გამომცემლობაში, სადაც ძირითადად ქალების პრობლემებთან მიწევს შეხება, მათი ისტორიების საფუძველზე სტატიებს ვწერ. შეუძლებელია პროდუქტიული მუშაობა, თუ მათი პრობლემები არ გაითავისე. რა ქნან ჟურნალისტებმა, რომლებსაც სხვადასხვა ხასიათის ინფორმაციასთან აქვთ შეხება? ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება ქანქარა უნდა ვაქანაო ან ვიტანჯო? თუ რაღაც არ მესმის?
 
ხანდახან აზრი მებადება, რომ ყველა ასეთი იდეა, ტრანსერფინგის ჩათვლით, უტოპიურია. თუ დავუკვირდებით, ტრანსერფინგიც ქანქარაა, რომელიც თქვენ შექმენით და სხვა ადამიანების აზრებით აქანავებთ. მაშ, რატომ არ უნდა გამარტივდეს მისი კანონები?“
 
ტრანსერფინგი გამოგონებული არაა, ამიტომ მისი კანონების გადაკეთება არ შეიძლება. მისი „გამოგონება“ კი საერთოდ შეუძლებელია. სხვებისგან მას ვერ ისწავლით. ეზოთერული ცოდნა არც გამოიგონება და არც შეისწავლება. ის უბრალოდ ხელმისაწვდომ ადგილასაა. მე ამ ადგილს ვარიანტთა სივრცეს ვუწოდებ. სხვას შეუძლია სხვაგვარად მოიხსენიოს, მაგრამ არსი ამით არ იცვლება.
 
წერილში თქვენ ამბობთ, რომ ზოგიერთი საკითხი გაბნევთ. როგორ უნდა გაერკვიოთ ყველა ამ სწავლებაში, რომლებიც, თქვენი სიტყვებით, ერთი და იგივეს ამბობს, მაგრამ მაინც ვერ თანხმდება? არც კი დაიჯერებთ, და ძალიან ადვილად.
 
ფსიქოლოგიასა და ეზოთერიკაში მთელი გორა ლიტერატურის გაცნობის შემდეგ, გარკვეულ მომენტში შეგიძლიათ შეჩერდეთ და დაივიწყოთ ყველაფერი, რასაც სხვები წერდნენ თავიანთ წიგნებში. თუ რომელიღაც სფეროში მინიმალური აუცილებელი ფუნდამენტი დაგროვებული გაქვთ, შემდგომი ინფორმაცია პირდაპირ ვარიანტთა სივრციდან შეგიძლიათ მიიღოთ.
 
ამისთვის გამბედაობა უნდა გეყოთ და შეწყვიტოთ სხვათა წიგნებში კითხვებზე პასუხის ძიება და საკუთარ თავს მიმართოთ. მანამ, სანამ გონება ამა ქვეყნის ბრძენი ადამიანებისკენაა მიმართული, მუდამ დაბნეული და მარადიული სტუდენტის მდგომარეობაში იქნებით. შეცვალეთ ორიენტაცია: თქვენი გონება თქვენი სულისკენ მიმართეთ და ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ.
იცით, რა განასხვავებს იმათ, ვინც აღმოჩენას აკეთებს, კულტურის, ხელოვნების შედევრებს ქმნის და წიგნებს წერს, დანარჩენებისგან, რომლებსაც უკვირთ ეს აღმოჩენები, აღაფრთოვანებთ ეს შედევრები, ამ წიგნებს კითხულობენ? რა განასხვავებს შემოქმედთ დამფასებლებისგან და მასწავლებელს მოსწავლეებისგან?
 
პირველებს ეყოთ გამბედაობა, გონება სხვათა ქმნილებისგან მოეწყვიტათ და ის საკუთარი სულისკენ მიექციათ. დამფასებლებს და მოსწავლეებსაც აქვთ ნიჭები! მათ უბრალოდ განზრახვა აქვთ სხვა მხარეს მიმართული - იქითკენ, რომ სხვისი დააფასონ და სხვებისგან ისწავლონ.
 
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცარიელ დემაგოგიას ვეწევი ან საზოგადოდ ცნობილი ჭეშმარიტების გადაღეჭვას ვცდილობ. გონება სულისკენ მივაპყროთ? ეს ხომ ძალზე არაკონკრეტული და გაუგებარია და უცნაური სულიერების ელფერი დაჰკრავს.
 
მაგრამ სინამდვილეში მე სწორედაც რომ კონკრეტულ საკითხებზე ვსაუბრობ. რომ გითხრათ, რომ თქვენმა სულმა ისედაც ყველაფერი იცის, მთლად ზუსტი არ იქნებოდა. სულმა არ იცის, მაგრამ, გონებისგან განსხვავებით, ინფორმაციულ ველთან აქვს წვდომა, სადაც წარსულსა და მომავალზე მონაცემები, და ასევე ყველა შედევრი და აღმოჩენა ინახება.
 
გონება სულის გრძნობებს ინტუიციურ ცოდნად და გამონათებად აღიქვამს, შემდეგ კი საზოგადოდ მიღებული ცნებების და სიმბოლოების ფორმით აკეთებს ინტერპრეტაციას.
 
გონებას ახლის გამოგონება არ ძალუძს. მას მხოლოდ სახლის ახალი ვერსიის აწყობა შეუძლია ძველი კუბებისგან. ყველაფერი პრინციპულად ახალი სულის და გონების ერთობაში იქმნება. მაგრამ ამ ერთობის მისაღწევად უბრალო და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
 
უნდა მიიღოთ ფაქტი, რომ ნებისმიერი ცოდნა თქვენთვის ხელმისაწვდომია. კითხვით მიმართოთ საკუთარ თავს. საკუთარი გზით იაროთ. ინდივიდუალობის თქვენი უფლება გამოიყენოთ. ცოდნაზე თქვენი წვდომით ისარგებლოთ.
 
ცოდნა ხელმისაწვდომი გახდება, როგორც კი თქვენი განზრახვის სხვებიდან საკუთარ თავზე მიმართვას შეძლებთ. უბრალოდ უთხარით საკუთარ თავს, რომ ინდივიდუალური, განუმეორებელი ხართ და ყველაფერი იცით. საკუთარ თავს კითხვა დაუსვით და პასუხს დაელოდეთ. ის თავისით მოვა, შეიძლება უცებ, შეიძლება რამდენიმე დღეში, ან თვეში, სირთულიდან გამომდინარე. მაგრამ აუცილებლად მოვა!
 
ყოველ ადამიანთან გონების სულთან კომუნიკაცია თავისებურად მიმდინარეობს. მთავარია - გონების განზრახვის სულისკენ მიმართვა. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ ცოტას თუ მოსდის აზრად თავში, ამის გაკეთება სცადოს. მაგრამ ვინც მოსინჯა, ის ახლის აღმოჩენას და შედევრების შექმნას იწყებს.
 
ერთადერთი, რაც სულის და გონების გაერთიანებას უშლის ხელს, - ესაა შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნება. მნიშვნელოვნება შემოქმედებით საწყისს საყოველთაოდ აღიარებული სტერეოტიპების ფუტლიარში კეტავს. აი, რას წერთ მკითხველთა პრობლემებზე: „შეუძლებელია პროდუქტიული მუშაობა, თუ მათი პრობლემები არ გაითავისე“.
 
სწორად აქცენტირებული ფრაზაა, ასე არაა? შეიძლება კიდევ დავუმატოთ, რომ, თუ ადამიანმა სხვისი პრობლემები არ გაითავისა, მის დახმარებასაც ვერ შეძლებს. ესეც სწორად ჟღერს. სინამდვილეში კი - ქანქარების ფორმირებული ცრუ სტერეოტიპია.
 
ადამიანების პრობლემებს მათი გათავისებით კი არ წყვეტთ, არამედ მიუხედავად ამისა. მეტიც, სხვის პრობლემებში ჩაძირვით, მათი ობიექტურად გადაჭრის უნარს კარგავთ.
 
ადამიანებს პრობლემები იმის გამო უჩნდებათ, რომ თავით არიან ჩაძირული თამაშში. ცხოვრება მათთვის „ხდება“, და ისინი, როგორც არაცნობიერ ზმანებაში, გარემოებათა ტყვეობაში იმყოფებიან. მაგრამ საკმარისია მაყურებელთა დარბაზში ჩამოსვლა და თამაშისთვის გვერდიდან შეხედვა, და ბევრი რამ ნათელი გახდება.
 
სანამ სხვების პრობლემებში ხართ ჩაძირული, ზუსტად მათ მდგომარეობაში იმყოფებით. მათი პრობლემების გასაგებად და გადასაჭრელად ინდიფერენტულად უნდა იმოქმედოთ.
 
არა უგულოდ, არა გულგრილად, არამედ ინდიფერენტულად! სწორედ ეს განსხვავებაა მნიშვნელოვნების არქონასა და უსულგულობას შორის.
 
როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პრობლემების გადაჭრას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებთ, თუ მოთამაშე მაყურებლის როლს მოირგებთ. ხოლო მანამ, სანამ თქვენი და სხვისი პრობლემებით „ცხოვრობთ“, უძლური ხართ.
 
მკითხველთაგან ბევრი ვერ ახერხებს ინდიფერენტულობასა და უსულგულობას შორის განსხვავების მოხელთებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მნიშვნელოვნების არარსებობა - ინდიფერენტულობაა, და არა გულგრილობა. თქვენი როლი ბავშვებივით „ვითომ“ ითამაშეთ. სწორედ მაშინ გახდებით მეთოჯინე, ანუ სიტუაციის ბატონ-პატრონი. ხოლო როდესაც თამაშში ხართ ჩაფლული, მაშინ მარიონეტი ხართ.
 
მართლაც, არაა საჭირო ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა. თუ დავუკვირდებით, ყველაფერი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც გვეჩვენება. იმათ უნდა დაეხმაროთ, ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება. მაგრამ ეს ინდიფერენტულად უნდა გააკეთოთ, გრძნობებით არ უნდა განიმსჭვალოთ და განცდებით არ უნდა დაიტანჯოთ. თქვენს გრძნობებს მხოლოდ ხელის შეშლა შეუძლია. და კიდევ, მხოლოდ იმათ უნდა დაეხმაროთ, ვინც ამას გთხოვთ.
 
თქვენს კითხვაზე: „რა უნდა ქნან მგრძნობიარე ადამიანებმა, და მაგალითად იმათ, ვინც ყოველდღიურად გასცემს მოწყალებას?“, სრულიად კონკრეტული, მაგრამ თქვენთვის მოულოდნელი პასუხი მაქვს - უარი თქვით დანაშაულის გრძნობაზე.
 
თუ მოწყალებას სისტემატურად გასცემთ, ე.ი. მოვალეობას გრძნობთ. მოვალეობა კი დანაშაულის გრძნობიდან მომდინარეობს. თქვენ იმდენად არ თანაუგრძნობთგაჭირვებულებს, რამდენადაც მათი დახმარების მოვალეობასგრძნობთ. ეს თანაგრძნობა კი არა, მნიშვნელოვნების გამოვლინებაა.
 
თუ უეცრად გაგიჩნდათ თანაგრძნობა კონკრეტული საცოდავი ავადმყოფი მოხუცის მიმართ - ეს 
თანაგრძნობაა. მაგრამ თუ ნებისმიერი მათხოვრის გვერდით შინაგანი განცდების გარეშე ჩავლა არ შეგიძლიათ, ეს ნიშნავს, რომ ეს არა თანაგრძნობა, არამედ მოვალეობის გრძნობაა. როგორ უნდა მოიქცეთ?
 
უბრალოდ თქვენი თავისუფლება განახორციელეთ. თქვენ არასდროს არაფრით ხართ ვალდებული. აიღეთ ცოდნის თქვენი უფლება. თავად შეგიძლიათ შექმნათ და გასცეთ პასუხები. თუ მნიშვნელოვნებისგან გათავისუფლებული არ ხართ, თქვენ ეჭვები გღრღნიან. ხოლო თუ თავისუფალი ხართ - მაშინ მართალი ხართ. და როდესაც თავისუფალი ხართ, თანაგრძნობაც შეგიძლიათ და თანაგანცდაც.


როგორ დავიბრუნოთ საყვარელი ადამიანი
 
„ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ, როგორ დავიბრუნო საყვარელი მამაკაცი?“
 
თუ ის თავად წავიდა, მისი დაბრუნება ძალზე საეჭვოა. უფრო ზუსტად, შინაგანი განზრახვის ძალისხმევით, ანუ მის „დაბრუნებაზე“ მიმართული გარკვეული მოქმედებებით მის დაბრუნებასვერ შეძლებთ. ამ ადამიანზე უშუალო ზემოქმედების ნებისმიერი მცდელობა ასეთ მოქმედებებს მიეკუთვნება. წარმატებას რომც მიაღწიოთ, ის როგორიც იყო, ისეთივე აღარ იქნება.
 
მისი დაბრუნება მხოლოდ გარეგანი განზრახვითაა შესაძლებელი. შინაგანი განზრახვით საკუთარი მიზნების მისაღწევად თქვენ უშუალოდ სამყაროზე ცდილობთ ზემოქმედებას. გარეგანი განზრახვა იმგვარად მუშაობს, რომ სამყარო თავად მოდის თქვენს შესახვედრად. გარეგანი განზრახვის მუშაობის მექანიზმის ახსნა მოკლედ ასე შეიძლება.
 
პარტნიორები თავიანთ ურთიერთობაში შინაგანი განზრახვით ხელმძღვანელობენ, ანუ ერთმანეთისგან რაღაცის მიღება სურთ. თუ ერთ-ერთი პარტნიორი სასურველს ვერ იღებს, ის ურთიერთობას წყვეტს.
 
ყოველი ადამიანი ურთიერთობაში კმაყოფილების მიღებას თავისებურად ცდილობს. ეს შეიძლება სიყვარულის, სექსის, პატივისცემის, ღირსების აღიარების, ურთიერთგაგების, ურთიერთობის, მარტოობისგან გაქცევის, გართობის და ა.შ. მოთხოვნილება იყოს.
 
არსებობს თუ არა რაიმე, რაც ამ განსხვავებულ პირად მისწრაფებებს აერთიანებს? ეს საერთო ყოველთვის იყო და არის საკუთარი მნიშვნელოვნების დაცვა და დამტკიცება. რითიც არ უნდა ხელმძღვანელობდეს ადამიანი თავის მოქმედებებში, მისი ნებისმიერი მოტივი ასე თუ ისე საკუთარი მნიშვნელოვნების გრძნობასთანაა დაკავშირებული. ადამიანი ასეა მოწყობილი.
 
შინაგანი განზრახვა ადამიანთა ურთიერთობებში ამა თუ იმ ფორმით ყოველთვის საკუთარი მნიშვნელოვნების დაცვისკენაა მიმართული. რისკენაა მიმართული თქვენი შეყვარებულის შინაგანი განზრახვა? ისეთი პარტნიორის პოვნისკენ, რომლისგანაც საკუთარი მნიშვნელოვნების დაკმაყოფილებას მიიღებს.
 
თქვენი შინაგანი განზრახვა რისკენაა მიმართული? შეყვარებულის დაბრუნებისკენ, და ამგვარად, პირველი, საკუთარი მნიშვნელობის აღდგენისკენ, ხოლო მეორე, იმ ურთიერთობის აღდგენისკენ, რომელშიც დაკმაყოფილებას ღებულობდით.
 
ახლა დაფიქრდით, დააკმაყოფილებთ თუ არა პარტნიორის მისწრაფებებს, თუ მხოლოდ საკუთარი შინაგანი განზრახვით იხელმძღვანელებთ?
 
იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანი დაიბრუნოთ, მას ის უნდა მისცეთ, რისკენაც მისი შინაგანი განზრახვაა მიმართული. არ ღირს მისი განსჯა, თუ მას თქვენგან ამა თუ იმ ფორმით საკუთარი მნიშვნელოვნების დაკმაყოფილების მიღება სურს. თქვენც ხომ რაღაცის მიღება გსურთ მისგან.

როგორც ცნობილია, ფრეილინგის პირველი პრინციპი ამბობს: უარი თქვით მიღების განზრახვაზე, ჩაანაცვლეთ ის გაცემის განზრახვით, და იმას მიიღებთ, რაზეც უარი თქვით.
 
უარი თქვით თქვენს შინაგან განზრახვაზე, საითაც არ უნდა იყოს ის მიმართული. განსაზღვრეთ, რისკენაა მიმართული თქვენი პარტნიორის განზრახვა. თქვენი მისწრაფებები მისი განზრახვის დაკმაყოფილებისკენ მიმართეთ, თქვენი შინაგანი განზრახვა გარეგან განზრახვად აქციეთ.
 
შედეგად თქვენ არა მხოლოდ გააბედნიერებთ პარტნიორს, არამედ მისგან ყველაფერს მიიღებთ, რაც თავად გნებავთ, თანაც ჭარბად. თუ მიღების განზრახვაზე უარის თქმას შეძლებთ და მას გაცემის განზრახვით ჩაანაცვლებთ, აუცილებლად მიიღებთ იმას, რაზეც უარი თქვით.
 
ეს პრინციპი იმდენად ეფექტიანად მუშაობს, რომ იქმნება შეგრძნება, თითქოს რაღაც სასწაულმოქმედი ძალა მოქმედებს. აი, სწორედ ესაა ნამდვილი მაგია. და არც შელოცვებია საჭირო.
 
თუმცა, სიმართლე გითხრათ, დაკარგულის დაბრუნება, ისევე როგორც ერთ მდინარეში მეორეჯერ შესვლა, ძალზე რთულია. უმჯობესია, ფრეილინგის პრინციპები მანამდე დაიცვათ, სანამ ურთიერთობა გაფუჭდება.
 
ნებისმიერ შემთხვევაში მანამ, სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, თქვენს ადგილას კარგად დავფიქრდებოდი: მისი დაბრუნება ნამდვილად გსურთ თუ ეს თქვენი დაკარგული (მისგან მიტოვებული) მნიშვნელოვნების აღდგენის დაუოკებელი სურვილია?
 
თუ გრძნობთ, რომ არად მიგიჩნევენ, ეს ძალზე მტკივნეულია. ვიცი. მაგრამ ყველა გარემოება რომ ვიცოდე, კონკრეტულს მაინც ვერაფერს გირჩევდით. მე მხოლოდ ინსტრუმენტის მოცემა შემიძლია, მას კი როგორ გამოიყენებთ, თქვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ.
 
ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი სამყაროს ნიშა - თქვენი სარკეა. თუ ტანჯვას არჩევთ, ე.ი. ასეც იქნება. ხოლო თუ მოცემულ მომენტში განზრახვის კოორდინაციის პრინციპს გამოიყენებთ და შექმნილ სიტუაციას განიხილავთ როგორც მხოლოდ ხელსაყრელს, ე.ი. სწორედ ასე იქნება.
 
შესაძლოა, საყვარელ ადამიანთან განშორებამ თქვენთვის უცნობ პრობლემებს აგარიდათ. თქვენ კი გეჩვენებათ, რომ ყველაფერი ცუდადაა. უთხარით საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, თქვენ ხომ თავად უნდა გადაწყვიტოთ - გიხაროდეთ თუ იტანჯოთ. თქვენ ადგილას გავიხარებდი, ვიხტუნებდი და ტაშს შემოვკრავდი. ნება მიეცით სარკეს სიამოვნება მოგანიჭოთ.
 
„იგივე პრობლემა მაქვს. ცოლმა, ჩემმა საყვარელმა ქალმა, მიმატოვა (სამი წელი ვხვდებოდით, ოთხი წელი დაქორწინებულები ვიყავით).
 
განხეთქილების ძირითადი მიზეზი - ჩემი ფინანსური არასტაბილურობაა. ბევრ საკითხში ძალზე რბილი ადამიანი, მხდალი, ზედმეტად ფრთხილი ვარ. ჩემს ცოლს მიაჩნია, რომ ჩემი გამოცდილებით და ცოდნით საკუთარი ფირმა უნდა მქონდეს. ჩემი რბილი ხასიათით დაწინაურება, კარიერის გაკეთება რთულია. და კიდევ, კარიერა - შემოქმედებითი ადამიანისთვის საინტერესო არაა.
 
ცოლს ბევრ საკითხში ვეთანხმები. უმრავლეს საკითხებში გადამეტებული საფუძვლიანობით ვეძებ დამატებით ინფორმაციას, ვცდილობ დამატებითი გამოცდილება მივიღო. ძირითადად მთელი ჩემი კარიერა ისეა აწყობილი, რომ ერთ ადგილას ერთი-ორი წლის მეტი ვერ ვჩერდები. (რაც ბიზნესში გამოცდილებას და ცოდნას მაძლევს.) ჩემი ხასიათის დიდი პლიუსი - გულისხმიერებაა. ჩემი მინუსიც ესაა, ის კარიერის გაკეთებაში მიშლის ხელს.
 
ცოლს სტაბილურობა, საიმედოობა, ბავშვები უნდა. ჩემი შინაგანი მოტივებიც აქეთკენაა მიმართული. მაგრამ არა კარიერის კუთხით, არამედ სისტემის (ბიზნეს-სქემის) შექმნის პრინციპისკენ, რომელიც მოგებას მომიტანს. სწორედ ამისთვის მჭირდება გამოცდილება და ცოდნა, რომლებიც ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი უმაღლესი იყო.
 
სამი თვის წინ ცოლს გავშორდი. საკმაოდ რბილად. ცოლს ამჟამად ბინა ცალკე აქვს დაქირავებული, მისი ხელფასი ამის საშუალებას აძლევს. საკუთარი თავის ძიებაშია. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა თანდათან უფრო და უფრო ცივდება. ჩემთან ურთიერთობის სურვილი აღარ აქვს. როგორ დავიბრუნო საყვარელი ადამიანი?“
 
თქვენი პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული რეცეპტის მოცემა არ შემიძლია. ამას მხოლოდ მაშინ ვბედავ, როდესაც სიტუაციას ძალზე მკაფიოდ ვხედავ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩემი აზრი სუბიექტურია, ამიტომ ის შეიძლება მცდარი იყოს.
 
თუ პასუხი ჩემთვის ცნობილი არაა, ჩემს ინტუიციას მივმართავ. თუ ინტუიციაც არაფერს მკარნახობს, შემიძლია ტრანსერფინგის ერთ-ერთი პრინციპის გამოყენებას გავუწიო რეკომენდაცია, რამდენადაც ვიცი, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ ავნებს.
 
ამ შემთხვევაში ჩემი ინტუიციური პასუხი ემთხვევა პრინციპს, რომლის თანახმადაც თქვენ განუწყვეტლივ საკუთარი გულის ხმას უნდა მისდიოთ. სხვები ამბობენ, რომ წარმატება - კარიერა, სტაბილურობა, მაღალი ხელფასია. მათი მიზნისთვის მიკუთვნება არ შეიძლება. განა ადამიანის გზა მის კარიერულ კიბეზე ასვლას გულისხმობს?
 
სინამდვილეში კარიერა, სტაბილურობა, მაღალი ხელფასი არ არის მიზანი, არამედ თანმხლები ატრიბუტები. თქვენი მიზანი - ისაა, რაც თქვენს ცხოვრებას დღესასწაულად აქცევს. როდესაც მიზანს ატრიბუტით ანაცვლებთ, ვერაფერს მიაღწევთ. ატრიბუტები თავად მოდის მიზნის მიღწევის შედეგად. მაგალითად, როდესაც უნიკალური სპეციალისტი გახდებით, ყველა სიკეთეს მიიღებთ.
 
ამიტომ მიზნისკენ უნდა ისწრაფოთ, და არა იმ სარგებელისკენ, რომელიც მას მოაქვს. თითქოს, ფაქტი ნათელია. ყველას ესმის ეს. მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ის მხოლოდ ხანმოკლე გაელვებაა ადამიანთა გონებაში, შემდეგ კი მას ატრიბუტების ბრჭყვიალი ახშობს.
 
ადამიანები ატრიბუტებისკენ ისწრაფიან, როგორც პეპლები ნათურისკენ, მაგრამ ვერაფერს აღწევენ. როგორ მიაღწევენ წარმატებას, როდესაც მიზნის მაგივრად, მისი ატრიბუტებისკენ მიისწრაფიან? აქედან მომდინარეობს მითი იმის შესახებ, რომ სიმდიდრე - რჩეულთა ხვედრია.
 
საზოგადოებრივი აზრი თავის სტერეოტიპებს გახვევთ თავს. მაგრამ ეს აზრი ხილულ საბოლოო შედეგებზეა დაფუძნებული.
 
წარმატება მიზნისკენ სვლის პროცესში მოდის. საბოლოო შედეგები ყოველთვის შესამჩნევია, მიზნისკენ სვლის პროცესი კი ჩრდილში რჩება. შედეგად სტერეოტიპი იქმნება: მოიპოვე ფული და კარიერა, ანუ სხვა სიტყვებით, „გაფრინდი ნათურისკენ“.
 
ყველა მხოლოდ უკვე აკაშკაშებული ვარსკვლავის ბრწყინვას ხედავს. მაგრამ ცოტანი თუ აქცევენ ყურადღებას მათ მიერ წარმატების მწვერვალისკენ განვლილ გზას. ყველა ვარსკვლვმა გაიარა წარუმატებლობის უღრანი ტყე. წარმატება ადრე თუ გვიან მხოლოდ მას უღიმის, ვინც დარწმუნებულია, რომ საკუთარ გზას ადგას. მხოლოდ საჭიროა, რომ მიზნისკენ გადახვევის გარეშე იაროთ და გახსოვდეთ: რაც არ უნდა მოხდეს, ვარიანტთა დინება იქითკენაა მიმართული, საითაც საჭიროა. არ არის საჭირო იმის ცოდნა, როდის და რა სახით მიაღწევთ მიზანს.
 
თუ საზოგადოდ მიღებულ სტერეოტიპებს დაუჯერებთ, გარკვეულ წარმატებას შეიძლება მიაღწიოთ. მაგრამ ეს იქნება საშუალო წარმატებები, რომლებსაც დიდი შრომის შედეგად მიაღწევთ. იმისთვის, რომ ჭეშმარიტად გრანდიოზულ წარმატებას მიაღწიოთ, აუცილებლად უნდა განსაზღვროთ მიზანი და მისკენ განუხრელადიაროთ, ისე, რომ არავის მოუსმინოთ. შეგიძლიათ სხვათა რჩევები გაითვალისწინოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენმა გულმა უნდა მიიღოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეწყვეტთ პეპელასავით ნათურის ირგვლივ ტრიალს.
 
სწორი გადაწყვეტილება სულის და გონების ერთიანობაში იბადება. მცდარიგადაწყვეტილების ერთმნიშვნელოვანი კრიტერიუმი შეიძლება სულიერი დისკომფორტის მდგომარეობა იყოს. თუ გადაწყვეტილება მიიღეთ და ამასთან თუნდაც უმცირესი დამთრგუნველი შეგრძნება გაქვთ, რომელიც იძულებითი აუცილებლობის გრძნობას გავს, ეს ნიშნავს, რომ სული „არა“-ს გეუბნებათ. ხოლო თუ სულიერ დისკომფორტს მიღებული გადაწყვეტილების კონტექსტში არ განიცდით, მაშინ სული ან „დიახ“-ს, ან „არ ვიცი“-ს გეუბნებათ. ასეთ შემთხვევაში საბოლოო სიტყვა გონებას რჩება. თუ გადაწყვეტილება სწორია, სული მღერის, გონება კი კმაყოფილი იფშვნეტს ხელებს.
 
მეორე მხრივ, თუ ვერაფრით ახერხებთ თქვენი მიზნის განსაზღვრას, მოეშვით ამ საკითხით საკუთარი თავის ტანჯვას. განა მიზნის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება? თუ უბრალოდ ცხოვრება გსურთ, ისე, რომ არაფრისკენ ისწრაფოთ, რატომაც არა? ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ერთი რამ შემიძლია გირჩიოთ: კი არ უნდა იცუროთ, არამედ იმოძრაოთდინების მიმართულებით. სხვა სიტყვებით, კოორდინაციის პრინციპის დაცვაა აუცილებელი, მაშინ ცხოვრება მშვიდ და კომფორტულ კალაპოტში გადავა. მიზანი კი, სავარაუდოდ, თავად გამოჩნდება, როდესაც მის გაუთავებელ ძიებას შეწყვეტთ. რაც შეეხება საკითხს, როგორ დაიბრუნოთ ცოლი, ვერაფერს გირჩევთ. მთავარი ფრაზის: „საკუთარი თავის ძიებაშია. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა თანდათან უფრო და უფრო ცივდება. ჩემთან ურთიერთობის სურვილი აღარ აქვს.“ მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქ საქმე ფინანსურ სტაბილურობაში არაა. თუ არ უყვარხართ - დაბრუნება შეუძლებელია.


განზრახვა
 
„ასეთი კითხვა მაქვს: მოქმედებს თუ არა ტრანსერფინგის კანონი სხვა ადამიანებთან მიმართებით? მაგალითად, შეძლებს თუ არა დედა თავისი შვილების (ფსიქიურად დაავადებულების) განკურნებას, ან თუ თქვენ (ან მე) გექნებათ განზრახვა - რომ რუსეთი მდიდარი ქვეყანა გახდეს, და ადამიანებმა აქ ბედნიერად იცხოვრონ?“.
 
განზრახვას ყველაფერი შეუძლია. საქმე იმაშია, რა ძალას ფლობს. თუ ქრისტეს განზრახვას ფლობთ, რა თქმა უნდა, განკურნებას შეძლებთ. მაგრამ განზრახვის ძალა - სურვილის ძალა არაა. თუ რაღაც ძალიან გსურთ, მას ვერ მიიღებთ. ეს რწმენაც არაა, რადგან სადაც რწმენაა, იქ ეჭვისთვისაც ყოველთვის მოიძებნება ადგილი.
 
განზრახვა - ესაა აუღელვებელი, უსიტყვო და უპირობო გადაწყვეტილება საკუთარი ნების სინამდვილეში განხორციელება მიიღოს და მშვიდად გააცნობიეროს, რომ სწორედ ასე იქნება. სურვილისგან, შიშისგან, ეჭვებისგან და მნიშვნელოვნების სხვა პოტენციალებისგან თავისუფალი განზრახვა სუფთაა. მაგალითად, გაზეთების საფოსტო ყუთიდან ამოღების განზრახვა - სუფთაა.
 
თუ საკუთარი შვილების გამოჯანმრთელების მზაობა ასეთივე სუფთაა, ამას შეძლებთ. მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ ამას ძალისხმევით მიაღწევთ. პარალიზებულმა ადამიანმა რა ძალისხმევასაც არ უნდა მიმართოს, ადგილიდან ვერ დაიძვრება. და იმავე დროს ის ადვილად დაიბრუნებს მოძრაობის უნარს, თუ შემთხვევით „გაიხსენებს“, როგორ აკეთებდა ამას.
 
განზრახვის ფლობას ვერც მე, და ვერც სხვა ვერ გასწავლით. მაგრამ ტრანსერფინგში არის მეთოდები, რომლებიც განზრახვას აიძულებს იმუშაოს თქვენი ნებისგან დამოუკიდებლად. ეს ე.წ. გარეგანი განზრახვაა.
 
მოცემულ შემთხვევაში, თუ მკურნალობა არ შველის, თქვენ საკუთარი შვილების განკურნების მცდელობებზე უარი უნდა თქვათ. რას წარმოადგენს ფსიქიური დარღვევა? ამ დროს ადამიანის სული ვარიანტთა სივრცის არარეალიზებულ უბანზეა მომართული. ნორმალური ადამიანები ჩვენს რეალიზებულ სამყაროზე არიან მომართულები, ფსიქიურად დაავადებულები კი ავადმყოფები არ არიან, უბრალოდ განუხორციელებელ, და ამიტომ „არანორმალურ“, ჩვენი თვალთახედვით, უბანში „დაფარფატებენ“.
 
მიიღეთ თქვენი შვილები ისეთები, როგორებიც არიან. ისინი ავადმყოფები არ არიან, ისინი უბრალოდ სხვანაირები არიან, ისეთები არა, როგორც ყველა. ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი ისეთი არაა, როგორც ყველა - აი ესაა ნორმალური. არანორმალურია ამჟამინდელი მდგომარეობა, როდესაც ყველა ერთნაირად აზროვნებს და მოქმედებს.
 
თქვენი შვილების ნორმალურებად ქცევის მცდელობით, ამას ვერ მიაღწევთ. როგორც უკვე გითხარით, განზრახვას ძალით ვერ დაეუფლებით. მცდელობით, ძალისხმევით და დარდით თქვენ მძლავრ ჭარბ პოტენციალს ქმნით, რაც კიდევ უფრო ართულებს საქმეს.
 
მაგრამ თუ შეძელით და თქვენი შვილები ისეთები მიიღეთ, როგორებიც არიან, და მათ ნორმალურებად აღიარებთ, ასე განზრახვას შემოვლითი გზით მიიღებთ. ასეთ შემთხვევაში თქვენი შინაგანი განზრახვა გარეგან განზრახვად იქცევა.
 
ბავშვებს ყურადღება, ზრუნვა და, რამდენადაც შესაძლებელია, თავისუფლება მიეცით. გაათავისუფლეთ შვილები აუცილებლობისგან, იყვნენ „ნორმალურები“, საკუთარი თავი კი აუცილებლობისგან, ისინი „ნორმალურებად“ აქციოს. და მაშინ უცებ არა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, თქვენ შედეგებს დაინახავთ.
 
იმავე დროს თავად გადაწყვიტეთ: მიიღოთ თუ არა ჩემი რჩევა. როგორც თავადაც ხვდებით, გიპასუხეთ, მაგრამ ფსიქიატრიის სფეროს სპეციალისტი არ ვარ. საერთოდ მაქვს კი ასეთი რჩევების მიცემის უფლება?
 
თქვენს სულს ნებისმიერ კითხვაზე შეუძლია პასუხის გაცემა, რომლებიც თქვენ გეხებათ. მეტად მიენდეთ საკუთარი გულის ხმას, ვიდრე სხვა ადამიანების მოსაზრებებს, ჩემი ჩათვლით.
 
ჩემი ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ თქვენი შვილების მიმართ გულგრილი ვარ. ამ აზრით მათ მიმართ ჭარბი პოტენციალები არ მაქვს, ამიტომ პასუხის გაცემის ჩემი განზრახვა სუფთაა.
 
თუმცა, საერთოდ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ ღელავთ რუსეთის ბედზე, თუ თქვენი შვილები ავად არიან? ძალზე ფართო მასშტაბია, რას იტყვით? სულაც არ მომწონს ყველას გაბედნიერების ეს იდეები.
 
ყოველი ადამიანი მხოლოდ საკუთარი სამყაროს ნიშას აყალიბებს, ამიტომ მთელი რუსეთის გაბედნიერება ერთ ადამიანს არ ხელეწიფება. ეს მხოლოდ ყველა ადამიანს ერთობლივად შეუძლია. მაგრამ საერთო იდეით გაერთიანებული ადამიანები საბოლოო ჯამში ქანქარას ქმნიან. ის კი ადრე თუ გვიან თავის დესტრუქციულ ქმედებას იწყებს: მიმდევრები გზიდან გადაყავს და კონკურენტებთან ბრძოლას იწყებს.
 
თქვენ მშვენივრად იცით, რითი მთავრდებოდა ადამიანთა გაბედნიერების ყველა იდეა. ნებისმიერი ასეთი იდეა, მათ შორის ღმერთის სიყვარულზე დაფუძნებული ყველაზე ნათელიც კი, ქანქარას შობს. ღმერთის სახელით და დედამიწაზე ბედნიერებისთვის მთელი ერები ნადგურდებოდა.
 
ქანქარას ყველა ადამიანის გაბედნიერება არ ძალუძს. ნებისმიერ შემთხვევაში ამ დროს ბევრი დაზარალდება და გაუბედურდება. ბედნიერება საყოველთაო ვერ იქნება. ეს წმინდად ინდივიდუალური ცნებაა. თუ მთელი საზოგადოება საყოველთაო ბედნიერების მშენებლობისთვის მობილიზდება, სწორედ ის ნგრევა წარმოიქმნება, რომელიც, ბულგაკოვის მიხედვით, „არა საპირფარეშოებში, არამედ თავებშია“.
 
ქანქარებს აწყობთ სხვებზე ზრუნვა დიდსულოვნებად გაასაღონ. მათ ძალზე დამაჯერებელი სტერეოტიპების ოსტატურად ფორმირება ეხერხებათ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ლამაზი დემაგოგიაა. ყველა ადამიანი ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ყოველი მათგანი საკუთარი მიზნისკენ თავისი კარის გავლით წავა. ესაა ერთადერთი რეალური გზა ჭეშმარიტ, და არა ეფემერულ ბედნიერებამდე.
 
აუცილებელია ქანქარებისთვის ზურგის შექცევა, საკუთარი სულის სტერეოტიპების ფუტლიარიდან გათავისუფლება და საკუთარი ბედნიერების ძებნა. საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე ჭეშმარიტად კეთილ და სასარგებლო ბევრ საქმეს გააკეთებთ. და, რა თქმა უნდა, მრავალ გაჭირვებულსა და უბედურს დაეხმარებით, რადგან დიდი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ.
 
„თქვენ ამბობთ, როდესაც ადამიანი წარმატების ტალღაზე იმყოფება, ის ყველაფერში ბედნიერი და იღბლიანია, მთავარია - დესტრუქციული ქანქარების გავლენას არ დაექვემდებაროს. მაგრამ იმაზე რას იტყვით, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არ შეიძლება ყველაფერი კარგად ჰქონდეს? ან სამსახურში აქვს კარიერა, ზრდა, წარმატება, ან სახლში სიმყუდროვე, სიმშვიდე, სიყვარული. უმრავლეს შემთხვევებში კი გვსურს, იქაც და აქაც ყველაფერი შესანიშნავად იყოს“.
 
ეს თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს არ შეიძლება ყველაფერი კარგად ჰქონდეს. ეს პირადი არჩევანია. რადგან თქვენასე თვლით, ე.ი. ასეც იქნება. სამყარო ყოველთვის ახორციელებს თქვენსარჩევანსთქვენთვის. თქვენ წერთ: „უმრავლეს შემთხვევებში კი გვსურს, იქაც და აქაც ყველაფერი შესანიშნავად იყოს“. სამყარო აქაც ახორციელებს არჩევანს. ის უზადოდ ასახავს იმ ფაქტს, რა გნებავთთქვენ, ყველაფერი რომ შესანიშნავად იყოს. მაგრამ არა უმეტეს. თქვენ ხომ გნებავთ? ჰოდა იღებთ კიდევაც საკუთარ თავს, მსურველს.
 
როდესაც დაამთავრებთ უბრალოდ სურვებას და ფლობის გადაწყვეტილება გექნებათ, მაშინ მიიღებთ ამას. მიაქციეთ ყურადღება ტრანსერფინგის დევიზს: „მე არ მსურს და არ ვიმედოვნებ, მე ვაპირებ“.


მნიშვნელოვნების პოტენციალები
 
„მირჩიეთ, როგორ მოვიცილო შიშები, შფოთვა, პანიკა? ეს პრაქტიკულად როგორ განვახორციელო? მაგალითად: ახლობელი ადამიანი გაემგზავრა - ვაჟი, ქალიშვილი. და მღელვარება მიპყრობს: როგორ ჩაფრინდნენ, რატომ არ რეკავენ?“
 
თქვენ საინტერესო, მაგრამ რთულ თემას შეეხეთ. შიშის საწინააღმდეგო უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. და თუ რაიმე მარტივ და მოქმედ საშუალებას აღმოაჩენენ, რომელიც შიშს აქრობს ცნობიერების შეცვლის გარეშე, ეს იქნებოდა ყველა დროის ყველაზე დიდი აღმოჩენა. შიში ტრანსერფინგის ტერმინებით - ჭარბი ენერგეტიკული პოტენციალია, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც შიშის საგანს გადამეტებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჭარბი პოტენციალი ენერგეტიკულ ველში წონასწორობას არღვევს და ამიტომ მისი განეიტრალებისკენ მიმართულ ძალებს ბადებს.
 
დავუშვათ, ხრამის პირას გიწევთ სიარული, და პანიკურად გეშინიათ ჩავარდნის. როგორ შეუძლია წონასწორულ ძალებს ამ პოტენციალის განეიტრალება? უფრო ენერგოდამზოგავი მეთოდია - ხრამში გადაგაგდოთ და ამით მოათავოს. ბუნება ყოველთვის ენერგიის ნაკლები დანახარჯების გზით მიდის.
 
მაგრამ, რამდენადაც ეს ვარიანტი არ გაწყობთ, წონასწორული ძალების წინააღმდეგობის გადალახვა, ანუ საკუთარი თავის ხელში აყვანა გიწევთ. გამოდის, შიშის პოტენციალის გასაწონასწორებლად კიდევ დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. შედეგად თქვენი ენერგია ორმაგად იხარჯება: თავად პოტენციალზე და მის შეკავებაზე. თავისუფალი ენერგია ფაქტობრივად აღარ რჩება, ამიტომაც თავისებური გაშეშება ვითარდება.
 
თუ შიშის პოტენციალი საკმაოდ დიდია, მისი კონტროლქვეშ შეკავება არ ხერხდება, და მაშინ წონასწორული ძალები რასაც უნდა, იმას გიკეთებთ. სხვა სიტყვებით, პანიკა გეუფლებათ, და ძალები პოტენციალის ჩაქრობის მხარეს, ანუ დაღუპვისკენ მიგაქანებთ.
 
თუ სიტუაციის მნიშვნელოვნების სამანს ცნობიერად დასწევთ, შიში გაქრება. მაგრამ მთელი პრობლემა იმაშია, რომ ცნობიერად მნიშვნელოვნების მოცილება ვერ ხერხდება. ამიტომ ერთადერთ მოქმედ საშუალებას დაზღვევა, ანუ შემოვლითი გზა წარმოადგენს. ის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვა სახისაა.
 
თუ დაზღვევა არაა, მაშინ ის, რისი გაკეთებაც ასეთ შემთხვევაში შეიძლება, - არ უნდა ებრძოლოთ აღელვებას. საკუთარ თავს უმტკიცოთ, რომ არ ეშინოდეს - ამაოა. თავის მოტყუება ვერ გიშველით. შიშთან ბრძოლის ნებისმიერი ფორმა მხოლოდ ენერგიას გართმევთ და ჭარბ პოტენციალს აღრმავებს. თუ შეუძლებელია არ გეშინოდეთ - შეგეშინდეთ. ისე იმოქმედეთ, როგორც შეგიძლიათ, მაგრამ თავად შიშს არ ებრძოლოთ.
 
მაგალითად, თუ გამოსვლის წინ ნერვიულობთ - ინერვიულეთ. ინერვიულეთ ბუნებრივად და მთელი სიამოვნებით. მთლიანად განიმსჭვალეთ ამ შესანიშნავი გრძნობით. თავს ნება მიეცით შეიშალოთ, როგორც უფრო მოგწონთ. როგორც კი საკუთარ თავს ამის ნებას მისცემთ, მთელი მღელვარება სასწაულებრივად სადღაც გაქრება. ასე იმიტომ ხდება, რომ ენერგიის მნიშვნელოვანი ნაწილი მღელვარებასთან ბრძოლაზე იხარჯება.
 
მღელვარება და განგაში შიშის ნაკლებად ძლიერი გამოვლინებებია. მნიშვნელოვნებას აქ გაურკვევლობის მოლოდინი ბადებს. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვნების სამანის ცნობიერი დაწევის შესაძლებლობა არსებობს. თუ რაიმე გაღელვებთ, საკუთარ თავს აუხსენით, რომ ეს თქვენთვის ძალზე წამგებიანია. შიშები და ცუდი მოლოდინები როგორც წესი რეალიზდება.
 
მღელვარების მოშორების ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს მოქმედება - არ აქვს მნიშვნელობა, რომელი. შფოთვის და მღელვარების პოტენციალები მოქმედებისას იფანტება. უმოქმედო მღელვარება მანამ შენარჩუნდება, სანამ აქტიურ მოქმედებაზე არ გადახვალთ. მოქმედების სახეობას შეიძლება არავითარი კავშირი არ ჰქონდეს შფოთვის მიზეზთან. საკმარისია რაიმეთი დაკავდეთ, და უცებ იგრძნობთ, რომ შფოთვა იკლებს.
 
მნიშვნელოვნების სამანის დაწევისთვის კარგ საყრდენ წერტილს განზრახვის კოორდინაციის პრინციპი წარმოადგენს: ყველაფერი ისე მიდის, როგორც საჭიროა. თავს ნება მიეცით არ იცოდეთ, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. მოუშვით კონტროლის მარწუხები სცენარზე და სიტუაციას საშუალება მიეცით წარმატებულად დასრულდეს.
 
გარემოებები თავისთავად შეიცვლება სასიკეთოდ, თუ თქვენ წყალში ხელების ქნევის ნაცვლად დინების მიმართულებით ცნობიერად იმოძრავებთ. განზრახვის კოორდინაციის პრინციპი მუშაობს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ. სამყარო არავისთვის აპირებს უსიამოვნებების მოწყობას. იმიტომ არა, რომ თითქოს არსებობს ძალები, რომლებიც თითქოსდა თქვენზე ზრუნავს. არამედ იმიტომ, რომ ასე ნაკლები ენერგია იხარჯება.
 
ბუნება ენერგიას ტყუილუბრალოდ არ ხარჯავს. მისთვის წამგებიანია თქვენზე ენერგიის დახარჯვა. უსიამოვნებები ყოველთვის ენერგიის გადამეტებულ ხარჯვასთანაა დაკავშირებული. კეთილდღეობა, პირიქით, ნორმას წარმოადგენს და ენერგიის მინიმალურ დანახარჯებს მოითხოვს. ადამიანის გონება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს უმცირესი წინააღმდეგობის გზაზე, ებრძვის ვარიანტების დინებას და თავად იხუნძლება წინაღობებითა და პრობლემებით. აქედან უსიამოვნებებიც. ენერგიის შენახვის კანონი ჯერ არავის გაუუქმებია.
 
მაგრამ კოორდინაციის პრინციპის პირდაპირ გაგება არ ღირს. მაგალითად, პირდაპირ შუა ცეცხლში ჩახტომა და ამასთან საკუთარი თავისთვის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგადაა. მაგრამ ზოგადად და მთლიანობაში ამ პრინციპს შეგიძლიათ თამამად დაეყრდნოთ.
 
„ასეთი პრობლემა მაქვს: ძალიან მაღალი მიზნები დავისახე, მაგრამ გამუდმებით ქანქარების გარემოცვაში ვარ, რომლებიც ხელს მიშლიან. ვერავის ვესაუბრები ჩემს მიზანზე და ინტერესებზე, და ოჯახის წევრებიც კი მეუბნებიან, რომ არაფერი გამომივა. ვაკვირდები ადამიანებს და ვხედავ, რომ პრაქტიკულად ყველა ერთნაირია. მირჩიეთ რამე, გთხოვთ“.
 
ბუნებრივია, ქანქარები ხელს შეგიშლიან, ისინი ყველას უშლიან ხელს. მათი წინააღმდეგობის მინიმუმამდე დასაყვანად, აუცილებელია მნიშვნელოვნების სამანის დაბალ დონეზე შენარჩუნება, ანუ გადამეტებულად დიდი მნიშვნელობა არაფერს არ უნდა მიანიჭოთ. ასეთი რეკომენდაცია უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ პრობლემების უმეტესობა სწორედ მაღალი შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნების მიზეზით წარმოიშვება.
 
„ძალზე მაღალი მიზნები“, განსაზღვრების თანახმად, სულაც არაა ძნელადმისაღწევი. ძნელადმისაღწევად მას გონების ჩვეული სტერეოტიპები აქცევს. ამ სტერეოტიპების დამსხვრევა განზრახვის კოორდინაციის პრინციპის მეშვეობით შეიძლება.
 
თქვენ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეგიძლიათ, თუ ის თქვენია. თუ მიზანი სხვისია, გარკვეული სულიერი დისკომფორტის გრძნობა გექნებათ, როდესაც გონებაში ატრიალებთ სურათს, რომ მიზანი თითქოს უკვე მიღწეულია.
 
თქვენი მიზნების არჩევის საკითხებს და მათი მიღწევის კონკრეტულ გზებს რაც შეეხება, მხოლოდ მოუსმინეთ, რას გეუბნებიან სხვები, მეტი არაფერი. მოქმედებისთვის კი გულისთქმით იხელმძღვანელეთ, და არა სხვა ადამიანების, განსაკუთრებით ახლობლების რჩევებით, რომლებიც „მთელი ძალით სიკეთეს გისურვებენ“.
 
მაგრამ საერთოდ, წერილიდან ზუსტად ვერ ვადგენ, პრობლემა რა საკითხში გაქვთ. განსაკუთრებით ეს ფრაზაა გაუგებარი: „ვაკვირდები ადამიანებს და ვხედავ, რომ პრაქტიკულად ყველა ერთნაირია“.
 
„დავაზუსტებ: ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები, ყველა, მშობლების და მეგობრების ჩათვლით, ვერ მიგებენ, ჩემი სურვილები არ ესმით, მათი ინტერესების შესაბამისად მოქმედებას მაიძულებენ. მათ ისიც კი არ ესმით, როგორ შეიძლება ისე იაზროვნო, როგორც მე. მე კი მკაცრი დისციპლინა, დღის დაგეგმვა, მიზნის მისაღწევად აქტიურობა, შეუპოვრობა, სიმტკიცე მირჩევნია; ახალი ცოდნის შეძენისკენ მივისწრაფი და ა.შ. ჩემი მშობლები კი მაიძულებენ დავივიწყო ეს, მეუბნებიან, რომ მუშაობის დაწყება და მშვიდად ცხოვრებაა საჭირო (ჩემი აზრით, ეს დაბალი მიზნებია). ყველა ჩემი მეგობრის ცხოვრებისეული ფილოსოფია კი ჩემი აზრით კიდევ უფრო უარესია: როგორ გააცდინონ გაკვეთილი, სხვას ავნონ, შეუძლიათ მასწავლებელს შეურაცხყოფა მიაყენონ, ჩემი აზრით უინტერესო თემებზე ლაპარაკობენ. ასევე ხელს მიშლიან გაკვეთილებზე. ამასთან, მშობლები გაუთავებლად ჩხუბობენ“.
 
ახლა სურათი შედარებით ცხადი გახდა. არ ვიცი, მოგეწონებათ ჩემი რჩევა? მაგრამ ჩემი საქმეა შემოგთავაზოთ, შემდეგ კი თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მე ხომ თავზე არავის არაფერს ვახვევ. თქვენ მეკითხებით - მე გპასუხობთ.
 
ამრიგად, ამ პრობლემის გადასაჭრელად სისულელის დაბრეხვებაა საჭირო. პირდაპირი გაგებით. სრულიად სერიოზულად გეუბნებით, არ იფიქროთ, რომ დაგცინით.
 
სისულელე ძალზე საგულდაგულოდ უნდა აარჩიოთ. აქ თქვენი ყველა დადებითი თვისება უნდა გამოავლინოთ: პედანტურობა, მობილიზებულობა, მიზანსწრაფულობა. სასურველია, ეს იყოს არაცოცხალი საგანი, რათა მას დისკომფორტი არ მიაყენოთ. კარგად მოიფიქრეთ, რას გამოიყენებთ საამისოდ. შემიძლია ერთი ვარიანტი შემოგთავაზოთ - პლუშის დათუნია.
 
როდესაც შესაფერის სისულელეს იპოვით, ზუსტი გეგმა შეიმუშავეთ: სად, როდის და როგორ დააბრეხვებთ მას. კარგი იქნებოდა ინსტრუქციის შედგენა მოქმედებათა დაწვრილებითი აღწერით, მაგალითად ასე: „ზემოთხსენებული სისულელის დაბრეხვება მოხდება მისი გადაბრუნებით განივი ღერძის ირგვლივ. სისულელე ამ დროს სწორ ზედაპირზე უნდა იმყოფებოდეს ისეთ მდგომარეობაში, რაც მის დაბრეხვებას ხელს არ შეუშლის. სისულელის დაბრეხვება ხორციელდება თანმიმდევრული ძალისხმევის გამოყენებით, დამბრეხვებლის ხელით“. და ასე შემდეგ და ასე ამგვარად.
 
მთლიანობაში, ინსტრუქცია და გეგმა ძალზე სკრუპულოზურად უნდა შეადგინოთ, ყველა შესაძლო დეტალის დაზუსტებით, და უსაფრთხოების ტექნიკის წესების ჩათვლით. ამ საქმეს სრული სერიოზულობით მიუდექით. შედეგად შთამბეჭდავი პროექტი უნდა გამოგივიდეთ. გირჩევთ, მას საოფისე პრეზენტაბელურობა მისცეთ და საქმიან საქაღალდეში გააფორმოთ.
 
მას შემდეგ, როდესაც პროექტი მზად იქნება, მის რეალიზაციას შეუდექით. გულდასმით მოემზადეთ ამ საქმისთვის და ყველა აუცილებელი მოქმედება ინსტრუქციის მკაცრი დაცვით მონდომებით განახორციელეთ. ყველა მოქმედება სერიოზულად  და გულდასმით უნდა შეასრულოთ, დროდადრო ინსტრუქციას უნდა ჩახედოთ. სახე ძალზე ჭკვიანური და ყურადღებიანი უნდა გქონდეთ. თუ იდიოტური სიცილის შეტევები ხელს შეგიშლით, შეგიძლიათ დროებით შეწყვიტოთ ეს საქმიანობა, ხითხითით გული იჯეროთ, დაწყნარდეთ, შემდეგ კი გააგრძელოთ.
 
თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ დაგცინით? საქმე იმაშია, რომ პრობლემის მიზეზი შინაგანი მნიშვნელოვნების მომატებაში იმალება. თქვენ წერთ: „მე კი მკაცრი დისციპლინა, დღის დაგეგმვა, მიზნის მისაღწევად აქტიურობა, შეუპოვრობა, სიმტკიცე მირჩევნია... მაგრამ გამუდმებით ქანქარების გარემოცვაში ვარ, რომლებიც ხელს მიშლიან“.
 
თქვენ საკუთარ თავს (და შესაძლოა სხვებსაც) ძალზე მაღალ მოთხოვნებს უყენებთ. მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ვვარაუდობ, რომ თავად იტვირთეთ ადამიანის როლი, რომელიც „სერიოზულად და მთელი პასუხისმგებლობით მნიშვნელოვანი საქმითაა დაკავებული“. თუ ასეა, თქვენს გარშემო მუდამ უნდა იტრიალონ სრულიად საწინააღმდეგო თვისებების მქონე ადამიანებმა. მაგალითად, თავს მოგაბეზრებენ უპასუხისმგებლო, დაბნეული, უდისციპლინო, კონფლიქტური ადამიანები. ზოგადად, ყველა ჯურის უტვინო თქვენი ზუსტი გეგმის დარღვევას ეცდება.
 
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ თქვენი შინაგანი მნიშვნელოვნების ჭარბი პოტენციალი ძლიერ პოლარიზაციას ქმნის. საწინააღმდეგო თვისებების ადამიანები თქვენსკენ მოიზიდებიან, როგორც რკინის ნაქლიბი მაგნიტისკენ. ასე მუშაობს პოტენციალის მოცილებისკენ მიმართული წონასწორული ძალები. გარშემომყოფი სამყარო - თქვენი სარკეა. მაგრამ თუ შინაგანი და გარეგანი მნიშვნელოვნების ჭარბ პოტენციალს ქმნით, სარკე მრუდდება. სწორედ ეს რეალობის გამრუდება ვლინდება იმაში, რომ თქვენ ხელისშემშლელი ქანქარების გარემოცვაში იმყოფებით.
 
უფრო ზუსტად, ადამიანები, რომლებიც ხელს გიშლიან - ქანქარები კი არა, მათი მარიონეტები არიან. ქანქარები თქვენი პოტენციალის ენერგიას გრძნობენ და ადამიანებს თქვენს გასაღიზიანებლად მოქცევას აიძულებენ. თქვენ ღიზიანდებით, ჯამბაზი კი უფრო თავგამოდებით დახტის - ეს ქანქარა აქანავებს მას და გაღიზიანების ენერგიას ისრუტავს.
 
მაგრამ საკმარისია მნიშვნელოვნების პოტენციალის დაგდება, და გარშემომყოფი სამყაროს სურათი თანდათან ტრანსფორმირდება. ადამიანები შესაძლოა იგივენი დარჩნენ, მაგრამ თქვენთან მიმართებით მათი ქცევა შეიცვლება. როგორც კი პოლარიზაცია გაქრება, სარკე გადასწორდება, და რეალობა ნორმას დაუბრუნდება.
 
მაგრამ მაინც რა იწვევს ამ პოლარიზაციას? ნუთუ თქვენი დადებითი თვისებები? სულაც არა. თქვენ მშვენიერი თვისებები გაქვთ, ისინი ღირსებას გმატებთ, და აუცილებლად დაგეხმარებათ ცხოვრებაში. პოლარიზაცია დამოკიდებულების შედეგად წარმოიქმნება.
 
თქვენი თვისებები არანაირ ცვლილებას არ იწვევს გარშემომყოფ ენერგეტიკულ სურათში მანამ, სანამ თავად არ დაიწყებთ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას. მაგალითად, ფიქრობთ: მე დისციპლინირებული ვარ, ისინი კი ზარმაცები არიან; ისინი სულელები არიან, მე კი მიზანსწრაფული ვარ. სწორედ ეს ურთიერთდაპირისპირება იწვევს პოლარიზაციას.
 
მოცემული რიტუალის შესრულებით, მთელ თქვენს შინაგან მნიშვნელოვნებას გაანულებთ. მაგრამ, შეიძლება, ასეთი რიტუალი თქვენთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. მაშინ უკეთესი იქნება, უბრალოდ შეწყვიტოთ საკუთარი თავის სხვა ადამიანებთან დაპირისპირება. ნება მიეცით საკუთარ თავსაც და სხვებსაც, იყოს ის, ვინც არის. როგორც კი ამას გააკეთებთ, პოლარიზაცია გაქრება, და გარშემომყოფი სამყარო წარმოუდგენელი სახით შეიცვლება - ის ხელს აღარ შეგიშლით. სწორედ მაშინ მიხვდებით, რას ნიშნავს „რეალობის ტრანსერფინგი“.
 
„აი, ერთ სერიოზულ მკითხველს თქვენ „სისულელის დაბრეხვება“ ურჩიეთ. მაგრამ იმათ რა ქნან, ვინც ზედმეტადაა გატაცებული „სისულელის დაბრეხვებით“? როგორ ვაიძულოთ თავს სერიოზული საქმეების კეთება?“
 
სერიოზული საქმეების კეთება არ გსურთ არა იმიტომ, რომ ისინი სერიოზულია, არამედ იმიტომ, რომ ეს თქვენი საქმეები არაა. სიზარმაცე - სულის მდგომარეობაა. რა თქმა უნდა, მას არავითარი სურვილი არ აქვს მისთვის უცხო საქმეები აკეთოს. შესაძლოა, ის ამ სამყაროში იმისთვის კი არ მოვიდა, რომ რომელიმე ქანქარას ემსახუროს, არამედ იმისთვის, რომ თბილი ზღვის ნაპირზე მზეზე გაირუჯოს, ან ალპებში თხილამურებით ისრიალოს, ან იმოგზაუროს, განა ცოტაა ამ სამყაროში სიამოვნებანი?
 
„და ვინღა იმუშავებს?“ - იკითხავს განრისხებული ქანქარა. ამაზე არასერიოზულად, მხიარული სტუდენტური სიმღერის სიტყვებით შეგიძლიათ უპასუხოთ: „დაე იმ ბანჯგვლიანმა დათვმა იმუშაოს, ტყეში ხეტიალის და ღრიალის ნაცვლად“. სწორედ ასეა, მოვალეობის გრძნობა და აუცილებლობა ხომ ქანქარების მოგონილია.
 
ჩვენი სამყარო სინამდვილეში იმდენად მდიდარი და გულუხვია, რომ მისი სიკეთეები ყველას ეყოფა, თუ ყოველი ადამიანი საკუთარი მიზნისკენ თავისი კარის გავლით წავა. თუმცა საეჭვოა, ოდესმე ასე მოხდეს. მაგრამ ცალკე აღებულ ადამიანს, თუკი მოისურვებს,  შეუძლია საკუთარი სამყაროს ნიშა ძალზე მყუდრო კუთხედ აქციოს.
 
ამისთვის საკუთარი მიზნის და კარის პოვნაა საჭირო. თუ საკუთარი მიზნისკენ ივლით, თავის დაყოლიება და იძულება არ დაგჭირდებათ. სული ხტუნვა-ხტუნვით გაიქცევა საკუთარი მიზნისკენ თავისი კარის გავლით. თქვენი კარი სხვისთვის შეიძლება მძიმე სამუშაოდ ჩანდეს, მაგრამ თქვენთვის ეს სასიამოვნო იქნება.
 
სანამ სიმოვნებით მიიწევთ უცხო მიზნისკენ უცხო კარის გავლით, თქვენ ქანქარას ემსახურებით. ამ გზაზე თქვენი სული ყოველთვის იტყვის „არ მინდა“, ხოლო გონება დაამტკიცებს, რომ „საჭიროა“. ესაა გზა არსაით, რაც არ უნდა გონივრული არგუმენტებით და ლამაზი დეკორაციებით იყოს ის გაფორმებული. გამოსავალი ერთია - განსაზღვროთ საკუთარი მიზანი და მისკენ წახვიდეთ.
 
მანამდე კი იძულებითი აუცილებლობის წამლად შეიძლება თამაში იქცეს. გაიხსენეთ, ბავშვობაში როგორ თამაშობდით დიდობანას: მაღაზიაში ან საავადმყოფოში, მაგალითად. ჰოდა, ახლაც წარმოიდგინეთ, რომ მუშაობა კი არა, თამაშია საჭირო.
 
თქვენ იძულებითი აუცილებლობით იტანჯებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ თამაშში ბოლომდე ჩაეფლობით. მოთამაშე მაყურებლის როლი მოირგეთ. დისტანციიდან იმოქმედეთ. აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს მთლიანად არ მიეცეთ. თავი მოიკატუნეთ, რომ ეს თამაშია. საკუთარი თავი გააქირავეთ.


რეალობის ინვერსია
 
რეალობის კადრები ულმობლად გადაადგილდება დროის ლენტაზე. დღესასწაულები მოდიან და მიდიან. საწყენია, რომ ისინი ასე მალე მთავრდება. მართალი იყო ჰემინგუეი: დღესასწაული ყოველთვის თან უნდა ვატაროთ. მაგრამ ეს იშვიათად გამოგვდის. ის მოულოდნელად სადღაც იკარგება, და ცხოვრების ფერები ფერმკრთალდება. სული ცარიელდება და მას ხან აუხსნელი, ხან კი საფუძვლიანი სევდა ავსებს.
 
ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ სამყარო უკუნეთში უცებ და მონდომებით იძირება, გამონათება კი ძალიან ნელა იწყება, დამღლელი ლოდინის შემდეგ. ნეგატივიზმისკენ ადამიანის მიდრეკილება თავის შავბნელ საქმეს აკეთებს. დათრგუნულობა - ესაა სულის და გონების ერთიანობის მდგომარეობა იმაში, რომ ადამიანი ცუდადაა.
 
ასეთ შემთხვევაში გარეგანი განზრახვა განუხრელად გადააადგილებს რეალობას ვარიანტთა სივრცის ბნელ უბანში. სარკე დაუყოვნებლივ რეაგირებს. გამონათება კი დიდხანს არ იწყება, რადგან ადამიანი ცუდადაა, და ის თავისი დამოკიდებულებით კიდევ უფრო მეტად შავად ღებავს საკუთარი სამყაროს ნიშას.
 
ხანდახან იმდენად ცუდად ვართ, რომ ტრანსერფინგის ან სხვა მსგავსი ტექნიკის გახსენების ძალაც არ შეგვწევს. როგორ დავაღწიოთ თავი ამ მოჯადოებულ წრეს და რეალობა გავასწოროთ? საერთოდ, პრაქტიკულად საკმაოდ რთულია. მაგრამ მაინც არსებობს ერთი რადიკალური მეთოდი, სახელწოდებით რეალობის ინვერსია.
 
ეს ამბავი დიდი ხნის წინ, მაგრამ სულ ახლახანს - მხოლოდ ოცი წლის წინ მოხდა. იმ დროს ჩვენ, ფიზიკოსი-სტუდენტები, გადასარევად საშინელ ფაკულტეტზე ვსწავლობდით, სადაც ლექტორები ქვის ხანის გააფთრებით და სისასტიკით გვექცეოდნენ. კურსზე სამოცდათხუთმეტი ადამიანი ირიცხებოდა, ფინიშამდე კი ოცდახუთზე მეტი ვერ აღწევდა. ასეთ პირობებში მოქმედებდა კანონი: თუ სიცოცხლე გსურს - სიცილი უნდა შეგეძლოს.
 
მაშინ მოვიგონეთ თამაში, რომელიც შემდეგ დამავიწყდა და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი: ის ტრანსერფინგის ყველა წესით ტარდებოდა. თამაშის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ სიტუაციასთან დამოკიდებულება თავდაყირა დაგვეყენებინა, ანუ თავისებური ინვერსია გაგვეკეთებინა. თუ ადამიანი ცუდადაა, ქანქარის წესი მას ტანჯვას, წუხილს, პრობლემებით დამძიმებას აიძულებს. ჩვენი თამაშის წესები კი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი პირიქით უნდა გაგვეკეთებინა. თავად განსაჯეთ, როგორ ვაკეთებდით ამას.
 
„ძალიან სასიხარულო იმედგაცრუება განვიცადე! საქმე იმაშია, რომ წარმოუდგენლად ბედნიერი უბედურება მოხდა!“
 
„გამოუსწორებელი რამ მოხდა, რის გამოც ჩემი საქმეები მაშინვე მოგებისკენ წავიდა!“
 
„ვიღაც სიმპათიურმა ჯენტლემენმა თავისი მანქანით მომხიბლავად გამწუწა ტალახით!“
 
„ყველა ჩემი მცდელობა ფუჭი გამოდგა, და ეს წარმატების საფუძველი გახდა!“
 
„მას არ ვუყვარვარ! არა, ეს ძალიან კარგია, სიმართლე რომ იყოს! ეგ საზიზღარი ოსტატურად თამაშობს!“
 
„მიმატოვა! ცხენივით ვჭიხვინებდი!“
 
და ასე შემდეგ და ასე ამგვარად, ათასგვარი ვარიაციით. ერთადერთი, რაც ხელს გვიშლიდა - ისტერიული ხარხარი იყო, რაც ამ წარუმატებლობათა ტრანსფორმაციას ახლდა თან. ლექციაზე სიცილის ნებას არავინ მოგცემს, ამიტომ ჩახშობილი სიცილი უცნაურ ღრენაში, ჭყვიტინში, ფრუტუნში, გულისრევის შეტევებში, ბუყბუყში და სხვა უცნაურ ბგერებში გადადიოდა, რასაც ჩლიქოსნები და ძუძუმწოვრები გამოსცემენ. შესვენებაზე ამგვარად დაგროვებული ენერგია სრულიად იდიოტური ყმუილით გამოიტყორცნებოდა, სწორედ რომ კასტანედასეულად.
 
ტრანსერფინგის თვალთახედვით ამ დროს რა ხდებოდა, თავად ხვდებით. პირველი, მომენტალურად ქვეითდება ყოველნაირი მნიშვნელოვნება და ქრება ჭარბი პოტენციალები. მეორე, თუნდაც იდიოტური აღტაცების აზრობრივი ენერგიის გამოსხივების პარამეტრები არანაირად არ შეესაბამება ცხოვრების სამწუხარო ხაზებს, ამიტომ გადასვლა დაუყოვნებლივ ხდება. სარკე უმალ რეაგირებს, რადგან სულმა და გონებამ ბოლოს და ბოლოს შვებით ამოისუნთქეს. შედეგად რეალობა სწორდება.
 
ერთხელ გამოცდა უნდა ჩაგვებარებინა ალბათობის თეორიაში. ლექტორი - რბილად რომ ვთქვათ, საშინელი ადამიანი იყო. გამოცდის წინა ღამე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში. ავბედითი ღამე. მეგობრებთან ერთად თავს ვიმტვრევთ, როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია.
 
-      ვინ იცის, რა არის ალბათობა და როგორ გამოვთვალოთ ის?
-      ესაა ბნელით მოცული საიდუმლო.
-      ჩვენები კი, ჯორები, სხედან, იზუთხავენ.
-      არა, ეს საჩვენო არაა. კაცები ვართ, ბოლოს და ბოლოს, თუ არა?
-      ნაძირლები ხართ, - თავი შემოყო „ჯორმა“, რომელიც კართან აყურადებდა.
-      დადუმდი, უბედურო, ჩვენ ჯენტლემენები ვართ!
-      არამზადები.
-      ახალგაზრდა მეცნიერები!
-      დებილები.
 
საბოლოოდ, ერთ-ერთმა გამოთქვა აზრი, მთელი ღამე პრეფერანსი გვეთამაშა. მაშინ მე ვთქვი: არა, მეგობრებო, ჩემთვის ეს მეტისმეტია, წავედი დასაძინებლად. მაგრამ „ჯენტლემენები“ კოსტუმებში გამოეწყვნენ, ჰალსტუხებში, წესის და რიგის მიხედვით, (იაფი) სიგარებით პირში და საეჭვო სითხით სავსე ბოთლით კარტის სათამაშოდ მაგიდას მიუსხდნენ.
 
დილით ისინი იმავე მაგიდასთან დამხვდნენ.
 
-      იდიოტებო, - ვეუბნები, - არაფერი გამოგივათ!
 
მაგრამ ისინი წამოდგნენ, მხრები აიჩეჩეს და სიკვდილის შესახვედრად გაემართნენ.
 
შედეგად მათ მართლაც არაფერი გამოუვიდათ. სამიანები მიიღეს. სამაგიეროდ მე... სულ სხვა საქმეა! ორიანი მივიღე. ჭეშმარიტად წარმატება იყო! როგორ შეშურდათ ჩემი! არ მეშვებოდნენ, თვალებში ჩამყურებდნენ და თრთოლვით მეკითხებოდნენ: როგორ მოახერხე?
 
მე კი ამაყად თავაწეული დავდიოდი.
 
-      აი, ხომ ხედავთ! ხომ გეუბნებოდით! ვიმედოვნებ, ხვდებით, ჯენტლემენებო, სად მინდა გაგიკეთოთ თქვენი საცოდავი სამიანები?
 
იმ დღეს ჩემი გამარჯვება შთამბეჭდავად აღვნიშნეთ. მშვენივრად ვიმხიარულეთ. მომდევნო დღეს კი წავედი და გამოცდა ხუთიანზე გადავაბარე. სულ ეს იყო. ეჭვიც არ შეგეპაროთ, არაფერი მომიგონებია. თუ ინვერსია ხარისხიანადაა შესრულებული, შედეგი არ დააყოვნებს.
 
მაგრამ თუ განწყობა იმდენად ცუდია, რომ ინვერსიის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია? მაშინ კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე უნდა დადგეთ, და ის გროტესკამდე, აბსურდამდე უნდა მიიყვანოთ. თუ სლაიდის კონტრასტულობას მაქსიმუმამდე მიიყვანთ, ის რაღაც მომენტში ნეგატივად იქცევა. ჩვენ ამას დაახლოებით ამგვარად ვაკეთებდით.
 
გოგონა დეპრესიაშია. სიტუაციის დასამძიმებლად ის შავებს იცვამს და აცხადებს, რომ მგლოვიარეა. ყველანი მიდიან, თანაგრძნობას უცხადებენ, აინტერესებთ, როგორ აპირებს თავის მოკვლას და როდის მოხდება ეს. ბოლოს მის გარშემო რამდენიმე არამზადა იკრიბება, რომლებიც სამგლოვიარო სიმღერას იწყებენ, მოთქვამენ, სახეს იხოკავენ, ხელებს იმტვრევენ, მოკლედ, თავს არ ზოგავენ. თანდათან სიმღერა ყმუილში გადადის, შემდეგ ყეფაში, და საბოლოოდ, როდესაც მოთმინების თასი ივსება, ყველანი, შავებში გამოწყობილი გოგონას ჩათვლით, არანორმალურ ხარხარს იწყებს.
 
რა თქმა უნდა, ყველაფერი იოლია, თუ ასეთი მხიარული კომპანია გყავთ. მაგრამ თუ ადამიანი მარტოა, ამ ყველაფერთან გამკლავება თავად მოუწევს. მეთოდები - ვის რა ურჩევნია. ხუმრობის გარეშე. საკუთარი მდგომარეობის სინამდვილეში აბსურდამდე მიყვანაა აუცილებელი, თორემ მართლა ცუდად იქნება საქმე.
 
თუმცა, საერთოდ, მე პირადად კონტრასტის მეთოდი მარტო ყონისას არ მომწონს, ამიტომ არ გირჩევთ, მხოლოდ ინფორმაციისთვის გაგაცანით. დამთრგუნველი, მძიმე მდგომარეობა განზრახვის ენერგიის ძალიან დაბალ დონეს მოწმობს. აჯობებს, თქვენი ენერგეტიკა საჭირო დონეზე გქონდეთ, და მაშინ დეპრესიული მდგომარეობა საერთოდ არ გექნებათ.
 
როგორც ხედავთ, რეალობის ინვერსია ძალიან გავს განზრახვის კოორდინაციის პრინციპს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ინვერსია უფრო რადიკალურია და იუმორითაა სავსე.

მსგავსი სტატიები

თავი VII. განზრახვა


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

თავი XIII. კოორდინაცია


მიზნების მისაღწევად სულაც არაა სავალდებულო ძლიერი და საკუთარ თავში ...

თავი XII. ფრეილინგი


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი:...

თავი XIV. წინ, წარსულში


ფანტასტიკა და მაგია ხანდახან თავისი მისტიური იდუმალებით გვნუსხავს. ...

თავი X. მიზნები და კარიბჭეები


(ვადიმ ზელანდის წიგნიდან - "რეალობის ტრანსერფინგი) მთარგმნელი: მ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff