ოთხი კასტა - ვინ ხართ თქვენ?

ალექსეი პახაბოვი
0
0

ავტორი: ალექსეი პახაბოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ექსტრასენსორიკა. ნიჭი თუ უნარი მე მქვია ალექსეი პახაბოვი. მე ექსტრასენსი ვარ და გახლავართ ტელეპროექტ „ექსტრასენსების ბრძოლის“ გამარჯვებული. მ...

თავი 9 - პრაქტიკული ნაწილი

 

თავი 9 - პრაქტიკული ნაწილი

მე ჩემს მოვალეობად ვთვლი დავწერო იმის შესახებ, თუ როგორ იწყება პრაქტიკული გზა მაგიაში. საქმე იმაშია, რომ სხვადასხვა ეზოთერული წიგნების ავტორებს, როგორც ჩანს ავიწყდებათ, რომ მათ წიგნებს შესაძლოა ისეთი დამწყებები კითხულობდნენ, როგორიც მე ვიყავი ერთ დროს. მაგალითად, ზოგიერთ წიგნში პირველივე გვერდებზე წერია: «დაჯექით მოხერხებულად და დაიწყეთ მედიტაცია». რა მედიტაცია? იქნებ საერთოდ არ მესმის ამ სიტყვის არსი? რით დავიწყო? ყველაფერი რაც გავიგე, ესაა მხოლოდ «დაჯექით მოხერხებულად».

და აი, გამოდის, რომ ხვდები ადამიანს, რომელიც უკვე ათი წელია ეზოთერიკითაა დაინტერესებული და არაფრის გაკეთება არ შეუძლია. და რადგანაც გამუდმებით მაყრიან კითხვებს, ვალდებული ვარ ავღწერო ჩემი ცნობიერების განვითარების პირველი ნაბიჯები. სისტემას, რომელსაც გადმოვცემ, ჩემი შეხედულებით ყველაზე ეფექტურია. მასზე ვვარჯიშობდით მეც და სხვებიც. ყველამ, ვინც სათანადო გულმოდგინება და შეუპოვრობა გამოიჩინა, შედეგს მიაღწია. შეგიძლიათ საკუთარ თავზე გამოსცადოთ ეს. მე ავღწერ საბაზისო პრაქტიკებს, დაწყებული ნულოვანი დონიდან. ისინი ყველასთვის გასაგები იქნება. მიუხედავად სიმარტივისა, მოცემული უნარები საძირკველს წარმოადგენენ ცნობიერების განვითარებაში, ასე რომ თუკი უკვე ფლობთ მგრძნობელობას, მაგრამ არასოდეს გამოგიცდიათ მსგავსი სავარჯიშოები, ეს ზედმეტი მაინც არ იქნება.

ყურადღების მართვის პრინციპები

პირველი, რითაც უნდა დავიწყოთ, - ესაა ყურადღების მართვა. ჩვენ ვსაუბრობთ მაგიაზე, მაგია კი - ცნობიერებით მუშაობის ხელოვნებაა. ანუ მთელ სამუშაოს მაგი ცნობიერებით ასრულებს. ცნობიერებას გააჩნია თავისი ინსტრუმენტი, რომელსაც ყურადღება ეწოდება. სხეულსაც გააჩნია თავისი ინსტრუმენტები, მაგალითად ხელები და ფეხები, მაგრამ როგორ განვავითაროთ სხეული, ჩვენ უკვე ვიცით. ხოლო ცნობიერების განვითარება სწორედ ყურადღების ვარჯიშით იწყება. უფრო მეტიც, თუ ყურადღებას არ ავარჯიშებთ, შეგვიძია დაივიწყოთ ყველანაირი ექსტრასენსორიკა. პირველი თვისება მაგების კასტაში სპირალზე - ეს ხომ ორიანებია - ექსტრასენსორიკა. ხოლო იმისთვის, რომ ინფორმაცია ამოიკითხოს ობიექტიდან, ექსტრასენსი იწყებს მასზე ყურადღების კონცენტრაციით. და თუ თქვენ იგი სუსტი გაქვთ და დიდხანს არ შეგიძიათ ერთ ობიექტზე კონცენტრაცია, მაშინ დაინახავთ ყველაფერს, რეალობის გარდა.

რა არის ყურადღება? ყურადღება – ესაა სხივი, რომელიც საწყისს თავის ტვინიდან იღებს, კეფის მიდამოდან (в области затылка). იგი გაივლის სწორ ხაზს და გამოდის წარბთაშუა არედან.

ძირითადად ჩვენი ყურადღება დაბმულია ორი ყველაზე ძლიერი გრძნობის ორგანოთი: მხედველობით და სმენით. თუ ჩვენი მხედველობის არეში მკვეთრად გაჩნდება მოძრაობა, ჩვენ ვრეაგირებთ და ყურადღება მისკენ გადაგვაქვს. თუ უცებ ხმამაღალი ბგერები გვესმის ქუჩიდან, მაშინ ყურადღება ქუჩისკენ გადაგვაქვს. მაგრამ რადგანაც ჩვენ ერთდროულად მრავალ სიგნალს აღვიქვამთ, ჩვენი ყურადღება არაა ნავარჯიშები. და სოციუმი, რომელშიც ვცხოვრობთ, არ მოითხოვს ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას. შესაძლოა სნაიპერები ავარჯიშებდნენ მას, ან მხატვრები. უმეტესობა კი იმას იყენებს, რაც გააჩნია. და რადგანაც ყურადღება ჩვენი ცნობიერების ერთადერთი ინსტრუმენტია, სწორედ მისი ვარჯიშით იწყება ჩვენი სწავლება. 

პრაქტიკა 1. კონცენტრაცია შავ წერტილზე

ეს პრაქტიკა ძველია, როგორც სამყარო. ტექნიკურად ძალიან მარტივად გამოიყურება. თქვენ ხატავთ შავ წერტილს ქაღალდის ფურცელზე. წერტილი არ უნდა იყოს დიდი, მაგრამ არც პატარა. კარგად უნდა ხედავდეთ მას, ისე რომ მხედველობა არ დაძაბოთ. ფურცელს ჰკიდებთ თქვენს წინ, თვალების დონეზე (გასწვრივ). არასწორია, როცა წერტილი თვალების დონეზე მაღლა ან დაბლაა, ეს ზედმეტ დაძაბულობას იწვევს. და დაიწყეთ ყურადღების კონცენტრირება.

აქ თავიდანვე მინდა განვასხვავო ტერმინები «კონცენტრირება» და «ცქერა» (ყურება).ბევრი უშვებს შეცდომას და უყურებს წერტილს. ყურება (ცქერა) - ეს ყურადღების მართვის პასიური მეთოდია. იგი ბუნებრივია და მას გამუდმებით ვიყენებთ. კონცენტრაცია - ეს აქტიური მეთოდია. აქ ზე-ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ყურადღების სხივით თითქოს კედელზე უნდა მივაჭედოთ წერტილი.

ასევე განსხვავდება ტერმინები «ყურადღების კონცენტრაცია» და «მზერის კონცენტრაცია». საჭიროა სწორედ ყურადღების კონცენტრაცია. ჩვენ გვეჩვენება, რომ ჩვენი ყურადღება თვალებიდან გამოდის. სინამდვილეშ იგი წარბთაშორის არედან გამოდის. ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ გრძნობათა ორგანოებით სარგებლობას, მაგრამ ყურადღება არაა მათზე დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩვენი მეექვსე გრძნობაა. რაღაც თვალსაზრისით ეს ასეცაა.

ამგვარად, მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია. თვალები არ იძაბება, ისინი ღიაა, როგორც ჩვეულებრივი მზერისაას, მაგრამ კონცენტრაცია ხდება სწორედ ყურადღების.

რა წყალქვეშა ქვები შეიძლება ჰქონდეს ამ პრაქტიკას? მე მასწავლიდნენ ასე: დაჯექი და იმუშავე. და გზაზე ყველა შესაძლო შეცდომას ვუშვებდი. გავხსენი რა მრავალი პრაქტიკის საიდუმლო, გადავწყვიტე თავიდანვე უკეთ აგიხსნათ ყველაფერი, რომ იგივე შეცდომები არ გაიმეოროთ. ამგვარად, თუკი თქვენ არ გეტყოდით ამ ხაფანგებზე და შემდეგ გკითხავდით, თუ რა იგრძენით პრაქტიკის მომენტში, თქვენ დაახლოებით ასე მიპასუხებდით:

– რაღაც დროის შემდეგ წერტილმა ნათება დაიწყო. მის გარშემო სინათლის ორეოლი გაჩნდა.
– წერტილი გამოიბურცა, ან პირიქით, შიგნით შეიზნიქა.
– მან ფურცელზე დაიწყო მოძრაობა.
– ფურცელი ტალღებით დაიფარა.
– ფურცლის უჯრედები (თუ ფურცელი უჯრედებიანია) ხან ქრებოდნენ, ხან ჩნდებოდნენ.
– წერტილი ორმაგდებოდა, შემდეგ კი ისევ ერთდებოდა... და ა.შ.

მაშასადამე, ყველა ამ ეფექტს პრაქტიკასთან არანაირი შეხება არ აქვთ. თქვენ ყველაფერ ამას დაინახავთ, მაგრამ ეს არაა პრაქტიკის მიზანი. მე ამას ოპტიკურ „გლიუკებს“ ვეძახი. საიდან ჩნდებიან ისინი? კონცენტრაციის დროს თავის ტვინს მეტი სისხლი მიეწოდება, ამიტომ წნევა, და მათ შორის თვალის წნევაც, იზრდება. ეს იწვევს სინათლის დამახინჯებას, აქედან მოდის „გლიუკებიც“.

ამ პრაქტიკის მიზანია ოდნავ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაშ შესვლა, რომელსაც სამყაროს დეფიქსაცია (расфиксация) ეწოდება. რას ნიშნავს ეს? საქმე იმაშია, რომ ჩვენი ყურადღება გამუდმებით აფიქსირებს სამყაროს. მას ერთგვარი წებოს თვისება გააჩნია. ჩვენ გადაგვაქვს ყურადღება ერთი ობიექტიდან მეორეზე და ამით ერთ სურათად ვაწებებთ მათ. თუმცაღა თუ ობიექტი აღარ ხვდება ჩვენი ყურადღების არეში, იგი ქრება სურათიდან. მაგალითად თქვენ შებრუნდით და ზურგსუკან ვიღაც ადამიანი დაინახეთ. თქვენ ავტომატურად ჩააწებეთ იგი თქვენს სურათში. მაგრამ გავიდა ორი წუთი და ზუსტად აღარ იცით, ზურგს უკან დგას იგი თუ არა. ანუ იგი უბრალოდ გაქრა იმ არედან, რომელსაც თქვენი ყურადღება აკონტროლებდა. შებრუნდით, დაინახეთ და კვლავ ჩააწებეთ იგი.

მაგრამ რა მოხდება, თუ თქვენი ყურადღება ყველა ობიექტს მოსწყდება და მხოლოდ ერთზე კონცენტრირდება? მართალია, მთელი სამყარო გაქრება. თქვენ უბრალოდ ვეღარ დაინახავთ მას, რადგანაც მთელი თქვენი ყურადღება ერთი ობიექტით იქნება შთანთქმული. სწორედ ამაშია წერტილის პრაქტიკის არსი. როცა მთელი ყურადღება მასზეა, თანდათანობით გარესამყარო იკარგება, დე-ფიქსირდება. ანუ თქვენ უნდა მიაღწიოთ მდგომარეობას: არსებობს მხოლოდ წერტილი. არაფერი გარდა წერტილისა არ არსებობს. ქაღალდის ფურცელიც არ არსებობს, მხოლოდ წერტილი.

ნუ ეცდებით წარმატების მიღწევას პირველივე ცდაზე. პარაქტიკა მუდმივი უნდა გახდეს, სინამდვილეში ხომ მიზნის მიღწევის შემდეგაც კი აღმოაჩენთ, რომ მდგომარეობაში შესვლის სიღრმე ყოველ ჯერზე იზრდება და ახალ ეფექტებს იძლევა. ამ პრაქტიკის შესრულებისას შეამჩნევთ, რომ თვალები ურყევად უყურებენ წერტილს, ყურადღება კი სადღაც სეირნობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ყურადღება დაიკარგება, დააბრუნეთ იგი და კვლავ მოახდინეთ კონცენტრაცია. ამასთან კონცენტრაციის ხარისხი თავიდან დაბალი იქნება. აღმოაჩენთ, რომ თავდაპირველად გარე ხმები გესმით. განაგრძეთ კონცენტრაცია... ხმები გაქრება, მაგრამ გაჩნდება რაღაც შეგრძნებები სხეულში. აქ დაგიბუჟდათ, იქ მოგექავათ... თუ ამ ყველაფერს აფიქსირებთ, ე.ი. ყურადღების ნაწილი წერტილზეა, ნაწილი კი სხეულზე. განაგრძეთ კონცენტრაცია. შემდეგ სხეულიც გაქრება, მაგრამ გაჩნდება აზრები. თქვენ მკაფიოდ დაინახავთ აზრების მოძრაობას თქვენს თავში, და ისინი გახდებიან ყველაზე მომაცდენელი ფაქტორები. იდეალურ შემთხვევაში ისინიც კი არ უნდა გესმოდეთ. ეს არაა აზრების გამორთვის პრაქტიკა, მაგრამ სათანადო კონცენტრაციისას ქრება ყველაფერი, გარდა წერტილისა.

ეს რომ გაიგოთ, ჩართეთ ორი ტელევიზორი, ან ტელევიზორი და რადიომიმღები. ერთი ჩართეთ ხმამაღლა, მეორე კი - დაბალ ხმაზე. ყური მიუგდეთ იმას, რომელიც უფრო დაბალ ხმაზეა. რაღაც დროის შემდეგ თქვენ გაარჩევთ ყველაფერს, რაც იქ ისმის მაშინ, როცა ძლიერი ხმის წყარო გაქრება.თქვენ გააცნობიერებთ, რომ იგი არსებობს და სადღაც ფონურ რეჟიმში ისმის, მაგრამ თუკი ყურადღება ბოლომდე კონცენტრირებული იქნება დაბალ ხმაზე, თქვენ მხოლოდ მას მოისმენთ. სხვათა შორის ე სკიდევ ერთი კარგი პრაქტიკაა ყურადღების გაძლიერებისთვის.

წერტილზე კონცენტრირებისას, თქვენ კიდევ ერთ ეფექტს უნდა მიაღწიოთ. იგი ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატების კარგი ინდიკატორი გახდება. ამ ეფექტს მე ვეძახი წერტილზე შეხებას. პრაქტიკის გარკვეული დროის შემდეგ შესაძლოა აღმოაჩინოთ ერთი უცნაური შეგრძნება. თითქოს ეხებით წერტილს. არა ხელებით, არა თვალებით, არამედ ყურადღებით. სხვა სიტყვებით, თქვენ მას გრძნობთ. ამ გრძნობის აღწერა რთულია, შეუძლებელიც კია, მაგრამ შეგრძნებაა, რომ მას ეხებით. თქვენ გრძნობთ მის მატერიალურობას, ზომას, თუ წერტილი მელნითაა დახატული, მასაც შეიგრძნობთ, ამასთან როგორ გრძნობთ, ამის აღწერას ნორმალურად ვერც მოახერხებთ, მაგრამ ასეთი შეგრძნება გაჩნდება, და იგი არ იქნება „გლიუკი“. ყოველ ჯერზე, პრაქტიკისას, რაღაც დროის შემდეგ კვლავ იგრძნობთ ხოლმე მას. ხანდახან უფრო ძლიერად, ხანდახან სუსტად. თანდათანობით ეს შეგრძნება უფრო და უფრო სწრაფად მოვა ხოლმე.

ეს შეხება სხვა არაფერია, თუ არა წერტილთან კონტაქტის დამყარება. ანუ თქვენი ყურადღება საკმაოდ მსხვილ სხივად გადაეწყო, რომლიდანაც სიგნალი ტვინში შედის. მაგრამ ჩვენ ვვარჯიშობთ წერტილზე იმიტომ, რომ წერტილი უწყინარია. ეს უბრალოდ წერტილია. მასში არაა არანაირი ინფორმაცია. მაგრამ თუ მასთან კონტაქტი შედგება, მაშინ მიხვდებით, თუ რა უნდა გააკეთოთ სხვა ობიექტებთან კონტაქტის დასამყარებლად.

ივარჯიშეთ. ამ პრაქტიკას არ გააჩნია ზღვარი ვარჯიშში.

რა თქმა უნდა გაგიჩნდებათ კითხვა: დღეში რამდენი ხანი უნდა ვივარჯიშოთ? ვიტყვი ასე: მინიმუმ 30 წუთი ერთ ჯერზე. მაქსიმუმი თავად განსაზღვრეთ, მაგრამ მე მიყვარს ერთი მაგის გამოთქმა ამ საკითხთან დაკავშირებით. როცა მას ჰკითხეს, თუ რამდენი დრო უნდა დავუთმოთ ამა თუ იმ პრაქტიკას, მან გენიალური პასუხი გასცა:

– ივარჯიშეთ სრულ დაკმაყოფილებამდე.

ამასთან, რა დაკმაყოფილებაა ეს და როდის მოვა, მას არ უთქვამს. მიუხედავად ამისა ეს საუკეთესო პასუხია დროის თემასთან დაკავშირებით.
შავი წერტილის პრაქტიკის პარალელურად გადადით შემდეგ პრაქტიკაზე.

პრაქტიკა 2. თეთრი წერტილის ვიზუალიზაცია

შავი წერტილი – რეალურად არსებული ობიექტია, მაგრამ როგორ უნდა მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია ობიექტზე, რომელიც არ არსებობს? მართალია - იგი უნდა წარმოვიდგინოთ.

პრაქტიკა ძალიან მარტივად ჟღერს. დახუჭეთ თვალები და სიბნელეში წარმოიდგინეთ თეთრი წერტილი თვალწინ მანამდე, სანამ არ დაინახავთ მას. და მორჩა. მაგრამ თუ ამ პრაქტიკას არ ავხსნი, მრავალ ხაფანგს წააწყდებით მისი შესრულებისას.

პირველი შეცდომა, რომელსაც უშვებენ,– ესაა ყურადღების კონცენტრაცია სივრცეში თვალისკაკალსა და ქუთუთოს შორის(между глазным яблоком и веком). უბრალოდ ჩვევა გვაქვს, რომ ყოველთვის თვალებით მოვახდინოთ კონცენტრაცია. თვალები დახუჭულია, მაგრამ ჩვევა დარჩა. შედეგად ადამიანი ძალიან ჭუტავს თვალებს, შესაბამისად პრაქტიკის შემდეგ თვალები სისხლით ივსება, წერტილი კი, ბუნებრივია, არ გამოჩენილა.

შემდეგი შეცდომები უფრო მეტად „ხალტურის“ მცდელობას გვაგონებენ. მაგალითად ნაცვლად თეთრი წერტილის ვიზუალიზაციისა, ადამიანს შეუძლია მასზე ფიქრი დაიწყოს. ფიქრი ძალიან მალე ჩნდება ცნობიერებაში. მაგალითად, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ვაშლი. წარმოიდგინეთ არაუმეტეს სამი წამისა. თუ ამ დროს გკითხავთ, რა ზომის იყო ვაშლი, რა ფერის და ა.შ., თქვენ დაიწყებთ მისი თვისებების აღწერას, არადა თვალწინ სიბნელე იყო. მაგრამ თქვენ სამ წამში ვაშლის ფერიც დაინახეთ და ზომაც. როგორ? ეს უბრალოდ აზრია. და ასე იქცევიან წერტილთან დაკავშირებითაც. აზრი თეთრ წერტილზე მალე გაჩნდება, მაგრამ ეს არაა წარმატებული პრაქტიკის კრიტერიუმი.

„გახალტურების“ კიდევ ერთი მცდელობა დაკავშირებულია იმასთან, რომ თუ გამორთავთ სინათლეს, დახუჭავთ თვალებს და დაიწყებთ სიბნელის ჭვრეტას, თქვენ დაინახავთ სხვადასხვა ფერის ლაქებს. ბევრი ცდილობს მათზე მოახდინოს ყურადღების კონცენტრაცია. ეს შეცდომაა. საიდან ჩნდებიან ეს ლაქები სიბნელეში? ეს ფერადი გარსის მიკრო-დამწვრობებია, რომლებსაც ჩვეულებრივი მხედველობისას ვიღებთ. ისინი სწრაფად ხორცდებიან და ქრებიან.უფრო მეტიც, ეს ლაქები ყოველთვის ცდილობენ სადღაც გასხლტნენ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ თვალის კაკლები აგრძელებენ მოძრაობას და თავისთან ერთად მიკრო-დამწვრობებსაც ამოძრავებენ.

მაშ, როგორ უნდა შევასრულოთ ეს პრაქტიკა? პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ მიჩვეულნი ვართ ვიცქიროთ თვალებით, ყურადღებასთან მუშაობა კი არ გულისხმობს ამის თვალებით კეთებას. უფრო მეტიც, ყურადღების კონცენტრირება ძნელია წერტილზე სიცარიელეში. ეს იგივეა, რომ ხელით ჰაერი დავიჭიროთ. ჩვენი ყურადღების ჩვევაა - ჩაეჭიდოს ობიექტებს, მაგრამ სიბნელეში ობიექტები არაა. პირიქით, ობიექტი უნდა შევქმნათ.ამრიგად, ამ პრაქტიკის საიდუმლო იმაშია, რომ ყურადღების კონცენტრაცია უნდა მოვახდინოთ სივრცეში - ჩვენს წინ. არა სიბნელეში თვალების დონეზე, არამედ ოთახში, სადაც ვიმყოფებით, თავიდან 40-60 სანტიმეტრზე, შუბლის დონეზე. ამ მიდამოსკენ მიმართული უნდა იყოს ყურადღება, და არა მზერა. თვალები გამორთულია. თუ თვალები ითხოვენ ჩართვას, შეგიძიათ ხელისგულები მსუბუქად დააჭიროთ თვალის კაკლებს და ამით წაართვათ მათ მოძრაობის უნარი. ყურადღება განთავისუფლდება და ადვილად დაემორჩილება კონტროლს.
კიდევ ერთხელ. თქვენ ხუჭავთ თვალებს და ახდენთ ყურადღების კონცენტრაციას თქვენს წინ სივრცეში შუბლის დონეზე. ყურადღება უნდა იყოს ვიწროდ-მიმართული, სწორხაზოვანი. იგი არ უნდა მოძრაობდეს გვერდებისკენ. ყურადღების ბოლოში თქვენ წარმოიდგენთ თეთრ წერტილს. თუ ყველაფერი გამოგივათ, რაღაც დროის შემდეგ თქვენ მას დაინახავთ, მაგრამ ხედვა მოხდება არა თვალებით.

ამის დამახსოვრება მნიშვნელოვანია. თეთრი წერტილის სურათი თითქოს უბრალოდ გაჩნდება თავში. თვალწინ ისევ ისეთი სიბნელე იქნება, მაგრამ წერტილს მაინც დაინახავთ. სწორედაც რომ დაინახავთ, და არ იფიქრებთ, რომ ხედავთ. აქ მთავარია გამორთოთ თვალებით ხედვის ჩვევა.

ბევრი, ექსტრასენსორიკაზე ფიქრის დროს მიამიტად გულისხმობს, რომ ენერგიის ხედვა თვალებით ხდება ან ჩვეულებრივ მხედველობას ჰგავს. ეს ასე არაა. ექსტრასენსული მხედველობა უფრო მეტად სიზმარხილვას ჰგავს. შეიძლება ითქვას, რომ თეთრი წერტილის ამ პრაქტიკით ვიგებთ, თუ როგორ ხედავენ ექსტრასენსები.

ამგვარად, საიდან ჩნდება წერტილი? ბიოენერგეტიკაში ასეთი კანონია: სადაც თქვენი ყურადღებაა, იქაა თქვენი ენერგიაც. ეს წესი უდევს საფუძვლად ჩინურ საბრძოლო ტექნიკას - ტაი ჩის. სხვა სიტყვებით, რაღაც ობიექტზე ყურადღების კონცენტრაცია იწვევს ამ ადგილზე ენერგიის მოზღვავებას. ეს რომ გაიგოთ, მოახდინეთ კონცენტრაცია ხელის რომელიმე თითზე. რაღაც დროის შემდეგ დაინახავთ, რომ ამ თითს სხვებზე მეტად შეიგრძნობთ. და თვითონ ისიც უფრო მეტად მგრძნობიარე ხდება. სხვათაშორის, ეს კიდევ ერთი პრაქტიკაა ყურადღების ვარჯიშისთვის.
მაშასადამე, ენერგიის კონცენტრაციით გარკვეულ წერტილზე სივრცეში, იქ ხდება ენერგიის დაგროვება. და როცა ამ წერტილში ენერგიის რაღაც რაოდენობა იქნება, წერტილი ნათებას დაიწყებს, მაგრამ აუცილებელი არაა - თეთრი სინათლით. თეთრი ფერი როგორც ვიცით ფერთა მთელ სპექტრს შეიცავს, ამიტომ სანამ ამ წერტილში საკმარის ენერგიას არ დააგროვებთ, შესაძლოა დაინახოთ წითელი, ლურჯი, შავი ან სხვა ფერი... მოკლედ ცისარტყელის ყველა ფერი, მაგრამ მიზანი სწორედ თეთრი წერტილია.

ივარჯიშეთ სრულ დაკმაყოფილებამდე.

პრაქტიკა 3. ყურადღების გაფართოება

ეს კიდევ ერთი პრაქტიკაა, რომელიც ყურადღების ვარჯიშის საშუალებას იძლევა. პირველი ორისგან განსხვავებით, ეს პრაქტიკა საკმაოდ მარტივი შესასრულებელია, მაგრამ რეკომენდაციას გაძლევთ წარმატების მიღწევის შემდეგაც განაგრძოთ იგი. მასში მრავალი შესაძლებლობაა ჩადებული.

ამ პრაქტიკის არსი იმაშია, რომ თუ წერტილზე (შავზე ან თეთრზე) კონცენტრაციისას, ჩვენი ყურადღება კონცენტრირებულია ერთ ობიექტზე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვცდილობთ ერთდროულად რამდენიმეზე ვკონცენტრირდეთ. ეს ძალიან მარტივად სრულდება.

ჯდებით ოთახის ცენტრში. თქვენი ხედვის კუთხე შეიძლება რამდენიმე ობიექტად დაიყოს. მაგალითად, კარადა, ტელევიზორი, ვაზა და ტორშერი. შესაძლოა საგანი მეტი იყოს, მაგრამ დასაწყისისთვის ოთხზე მეტს ნუ აიღებთ. უყურეთ პირდაპირ და მოახდინეთ მზერის დე-ფოკუსირება (расфокусируйте зрение). თვალები და კისერი არ მოძრაობენ. უყურეთ ერთ ობიექტს პირდაპირ თქვენს წინ, მაგალითად ტელევიზორს. მოახდინეთ მასზე ყურადღების კონცენტრაცია, მაგრამ თქვენი თვალები დე-ფოკუსირებული უნდა დარჩეს. არ დაათვალიეროთ იგი, არამედ უბრალოდ თქვენთვის მოინიშნეთ, რომ ტელევიზორი თქვენი ყურადღების ველშია. დაიწყეთ ყურადღების გაფართოება ერთდროულად ორივე მიმართულებით და დააფიქსირეთ მეორე და მესამე ობიექტი, ამასთან მხედველობის არედან არ გაუშვათ პირველი. გარეგნულად ეს იმას ჰგავს, თითქოს თქვენი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე ცდილობთ „მაუსით“მონიშნოთ ერთდროულად რამდენიმე იარლიყი. იგივეს აკეთებთ აქაც, ოღონდ ყურადღებით. შემ,დეგ ყურადღება გადაიტანეთ მეოთხე ობიექტზეც. თუ ყურადღება მოსხლტა რომელიმე ობიექტიდან, მაშინვე დააბრუნეთ იგი ყურადღების ველში. თვალყური ადევნეთ, რომ ყველა ობიექტმა თქვენი ყურადღების ერთნაირი პორცია მიიღოს. ყოველი ობიექტი თანაბრად უნდა გააცნობიეროთ, არც ერთი არ უნდა იყოს გამოკვეთილი.

როდესაც ოთხივე ობიექტს დააფიქსირებთ, გააფართოვეთ ყურადღება 180 გრადუსზე ისე, რომ აიღოთ თითო ობიექტი თქვენგან მარჯვნივ და მარცხნივ. სულ ჯამში 6 ობიექტი გამოდის. შეინარჩუნეთ ისინი გარკვეული დროით, შემდეგ კი ისე, რომ ეს ობიექტები არ დაკარგოთ, დაიწყეთ ყურადღების გაფართოვება უკან - ზურგისკენ. გააკეთეთ ეს ინერციით, თითქოს აგრძელებთ თავად გაფართოვების შეგრძნებას. ჩნდება გრძნობა, შეიძლება მაშინვე არა, მაგრამ დროთა განმავლობაში, რომ თითქოს თქვენი მგრძნობელობა სფეროსმაგვარი გახდა. სხვა სიტყვებით, მკაფიოდ შეიგრძნობთ სივრცის სიმკვრივეს ზურგს უკან. თუ ყურადღების გაფართოვებაზე გამუდმებით ივარჯიშებთ, ეს შეგრძნება უფრო და უფრო განვითარედება. შემდეგ ეს შეგიძიათ უფრო სრულყოფილი გახადოთ. შედით ამ მდგომარეობაში, და დახუჭული თვალებით იმოძრავეთ ბინაში ზურგით წინ. რატომ სახით არა? იმიტომ, რომ მაშინ თქვენ გაიხსენებთ კარის გასასვლელების და ავეჯის განლაგებას. თუ ზურგით ივლით, მეხსიერებამ შესაძლოა ვერ მოასწროს მოძრაობას. ამასთან გაჩერება არ შეიძლება. შეგიძიათ იმოძრაოთ ნელა, მაგრამ უნდა იმოძრაოთ.
ეს პრაქტიკა შესანიშნავად ანვითარებს სივრცის შეგრძნებას. მე მყავს ერთი ნაცნობი მწვრთნელი ბიოენერგეტიკასა და საბრძლო ხელოვნებებში, რომელმაც საკუთარ თავშ უკონტაქტო ბრძოლის უნარი გამოიმუშავა. ერთხელ მან გამოცდა მოუწყო თავის მოსწავლეებს. ტყეში წაიყვანა ისინი. თანაც სანამ ავტობუსში ისხდნენ, თვალები ახვეული ჰქონდათ. ვერ ხედავდნენ, სად მიიყვანა მწვრთნელმა. მინდორში ერთ მწკრივად მოაწყო და უთხრა, რომ მათ წინ ტყის მასივია. მათი ამოცანა იყო ისე გაევლოთ ეს ტყე, რომ ხეებს არ დაჯახებოდნენ, ამასთან ხელების ფათურით სივრცის შეგრძნება არ შეიძლებოდა. ამოცანა იყო - შეეგრძნოთ სხვადასხვა სიმკვრივეები და გვერდი აევლოთ მათთვის. მწვრთნელი 100 მეტრით დაშორდა მათ და სიგნალი მისცა. ამასთან მან მცირე ეშმაკობა იხმარა: თქვა, რომ ვინც პირველი მიაღწევდა, მისგან განსაკუთრებულ პრიზს მიიღებდა, და არ გააფრთხილა, რომ მათ წინ 40 მეტრზე არანაირი ტყე არ იყო. მხოლოდ სუფთა და თანაბარი მინდორი. და ძალიან სასაცილო იყო დაკვირვება. ბიჭები მიდიოდნენ, ჰაერს გვერდს უვლიდნენ და თანდათან სიჩქარეს უმატებდნენ. ანუ ხეებს არ უნდა დაჯახებოდნენ, და თან პირველი უნდა მისულიყვნენ. შედეგად ზოგიერთმა მოსწავლემ დაიჯერა, რომ ხეების გარეშე ტრაექტორია აირჩიეს და თითქმის სირბილზე გადავიდნენ, როცა უეცრად მათ წინ ტყე აღიმართა. ეჯახებოდნენ ცხვირებით, მხრებით, ფეხებით. მოკლედ ყველას მოხვდა. მაგრამ იყო ერთი ბიჭი, რომელიც რეალურად გრძნობდა ხეებს თავის წინ და ძალიან ეფექტურად უვლიდა გვერდს. იგი ყველაზე უკანასკნელი მივიდა, თუმცაღა მასწავლებლის აღიარება სწორედ მას შეხვდა.

ვიმეორებ, მიუხედავად ამ პრაქტიკის მთელი უბრალოებისა, ძალიან დიდ რეკომენდაციას გაძლევთ, რომ გამუდმებით შეასრულოთ იგი. საერთოდ ამ სამი პრაქტიკის შესრულება პარალელურად შეიძლება. ანუ არ არსებობს ისეთი წესი, რომ ჯერ ერთი ტექნიკა უნდა შევასრულოთ ხუთიანზე და შემდეგ მეორეზე გადავიდეთ. ცნობიერების განვითარება ისევე ხდება, როგორც სხეულის. თქვენ ხომ არ დაიწყებთ სპორტდარბაზში მხოლოდ ერთი ხელის ვარჯიშს, სანამ ისეთი არ გახდება როგორიც თქვენ გინდათ, შემდეგ კი მეორეზე არ გადახვალთ, მართალია?

პრინციპში ეს პრაქტიკები საკმარისია. ამიტომ გადავდივართ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც განიხილება ყველგან და ყოველთვის. ესაა შინაგანი დიალოგის გაჩერება.

შინაგანი დიალოგის გაჩერების ტექნიკა

ყველა ტრადიციაში, მაგიურში და არა მხოლოდ, ამბობენ: ისწავლეთ შინაგანი დუმილის მდგომარეობაში შესვლა, ისწავლეთ საკუთარი ჭკუის დამშვიდება, ისწავლეთ შინაგანი დიალოგის (შემდეგში „შდ“) გამორთვა. მაგრამ თითქმის არსად გარკვევით არაა ნათქვამი რას ნიშნავს ეს შდ და საიდან ჩნდება იგი.

ვეცდები ავხსნა. ჩვენ გვაქვს ტვინი, რომელიც სხვადასხვა სიგნალებს ამუშავებს. როგორც იცით, ტვინს მრავალი ზონა აქვს, რომლებიც ამა თუ იმ იმპულსებზე აგებენ პასუხს. არის ტვინის ზონა, რომელიც პასუხისმგებელია შიმშილის გრძნობაზე, სიამოვნებაზე, მხედველობაზე და ა.შ. ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერ საქმიანობაზე პასუხს რომელიღაც ზონა აგებს. მაგალითად, რაღაცით ხართ დაკავებული. აი ახლა წიგნს კითხულობთ. და თქვენი ტვინის ზოგიერთი ზონა დაძაბულია, რადგანაც ისინი თავის ფუნქციას ასრულებენ იმისთვის, რომ მშვიდად კითხვა შეძლოთ. ამ ზონებისკენ მიემართება ელექტრული იმპულსები. შედეგად მათში ენერგია გროვდება. შემდეგ შეწყვიტეთ კითხვა და სხვა რაღაცით დაკავდით. რა დაემართება ენერგიას, რომელიც ზემოხსენებულ ზონებში დაგროვდა? საქმე იმაშია, რომ ეს ზონები სხვებთან შედარებით უფრო ცხელი იქნება, რადგანაც მათში მეტი ენერგიაა. როგორც კი გადაერთვებით, ძალაში შედის ენერგიის შენარჩუნების კანონი და ენერგია ცხელიდან ცივ ზონებში გადადის. და ამ პროცესს ეწოდება ინფორმაციის გადამუშავების პროცესი, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ - შინაგანი დიალოგი. და აქ ცხადი ხდება, რომ მისი გამორთვა პრინციპში შეუძლებელია, რადგანაც ტვინი მაშინაც კი მუშაობს, როდესაც გვძინავს. თუმცა თუ უფრო ზუსტი ვიქნები, არიან ტვინის ზონები, რომლებიც არ არიან დაკავშრებულნი მიღებული სიგნალის გადამუშავებასთან, ამიტომ არის მუშაობის რეჟიმები, სადაც ფიქრები არაა. ეს რეჟიმი შეესაბამება ღრმა ძილს - სიზმრების გარეშე. და ამ რეჟიმში შეიძლება შესვლა ცნობიერების დაკარგვის გარეშე, მაგრამ ჯერ არც კი იოცნებოთ ამაზე. ბოლომდე შდ-ს გამორთვა ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ მაშინ შევძლებთ, თუკი თავში ტყვიას დავიხლით.

საერთო ჯამში, რადგანაც სიგნალის გადამუშავება გამუდმებით მიმდინარეობს, ყველაფერი, რაც ჩვენ მოგვეთხოვება ისაა, რომ შევიდეთ მდგომარეობაში, სადაც ეს სიგნალი ჩვენზე არ მოახდენს ზეგავლენას. პრინციპში ეს ჰგავს იმ მდგომარეობას, რომლის დროსაც ფიქრები თითქოს არ არის, თუმცა ისინი არის, მაგრამ ჩვენ არ გვესმის. როგორც წესი სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ შდ-ის გამორთვის მდგომარეობას, თუმცა ეს არასწორია. მაგრამ ამის მიღწევით, თქვენ უკვე შეძლებთ გადახვიდეთ უფრო რთულ მედიტაციებზე, რომელსაც სეფიროტულ მაგიაში აპრაქტიკებენ. თუმცა შდ-ის გამორთვის მნიშვნელობას ცოტა მოგვიანებით დავუბრუნდებით.

პასიური დამკვირვებლის მდგომარეობა

იმისთვის, რომ რაღაც გამოვრთოთ, საჭიროა თავდაპირველად ეს რაღაც აღვიქვათ. პირველი, რასაც ვისწავლით, ესაა საკუთარი აზრების დანახვა და მოსმენა. როდესაც შავი წერტილის მედიტაციას აპრაქტიკებთ, ალბათ გესმით თქვენი ფიქრები. საქმე იმაშია, რომ პასიური დამკვირვებლის მდგომარეობა თქვენთვის ძალიან ნაცნობია, რადგანაც მას აპრაქტიკებთ ყოველდღე, როდესაც დასაძინებლად წვებით. გაიხსენეთ ეს მომენტი. თქვენ წვებით და იწყებთ რაღაცაზე ფიქრს, ოცნებას წარმოდგენას და შეუმჩნევლად გადადიხართ ძილის მდგომარეობაში. ამრიგად, იგივე უნდა გააკეთოთ, მაგრამ ამასთან შეინარჩუნოთ გაცნობიერებულობა.

ყველაფერი მარტივია. თქვენ ჯდებით, ხუჭავთ თვალებს და ყურს უგდებთ იმას, რაც თქვენს შიგნით ხდება. თქვენი ამოცანაა დააკვირდეთ აზრებს პასიურად. ანუ დამოუკიდებლად არ იფიქროთ, არ შექმნათ რაიმე ხატ-სახე, არამედ მხოლოდ დააკვირდეთ სპონტანურად წარმოქმნილ ხატ-სახეებს თქვენს თავში. ასევე პასიური დაკვირვება დაკავშრებულია იმასთან, რომ თქვენ არ ერევით ფიქრებში და არ იწყებთ მათ განვითარებას, დასრულებას. თუ ამას გააკეთებთ, აზრს ენერგიას მისცემთ და გაცნობიერებულობას დაკარგავთ. იყავით გარეშე დამკვირვებელნი, თითქოს კარს მიღმა ვიღაცის საუბარს ისმენთ და არ ერევით მასში.

თავდაპირველად მოგეჩვენებათ, რომ თავში არანაირი აზრი არაა და გაიფიქრებთ: «ჰმ, არადა აზრები არ მოდიან», – და სწორედ ესაა აზრი. და როგორც კი ეს თქვით, ეცადეთ გვერდიდან შეხედოთ მას, ანუ არ მოახდინოთ იდენტიფიკაცია საკუთარ აზრებთან. შეინარჩუნეთ ნეიტრალურობა, დაე აზრების ნაკადმა თავისით იდინოს. თანდათანობით თქვენი ყურადღეა გარე სამყაროდან შიგნით გადავა და თქვენ უფრო და უფრო მკაფიოდ აღიქვამთ საკუთარ აზროვნებას. ამ პროცესს მე ვუწოდებ შინაგანი დიალოგის სივრცის შესწავლას. რადგანაც რაღაც დროის შემდეგ საკუთარ თავს აღიქვამთ როგორც სივრცეს, სადაც აზრების ნაკადი მიედინება.

ამგვარად, თქვენი ამოცანაა – ისწავლოთ ამ ნაკადის დანახვა და დააკვირდეთ მას პასიურად. თუკი ყოველდღე ივარჯიშებთ და თანდათანობით გაზრდით პრაქტიკის დროს, ბევრ რამეს აღმოაჩენთ საკუთარ თავში. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი განეკუთვნება ე.წ. «აზროვნების დონეს». ერთი და იგივე აზრი სხვადასხვა დონეზე სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ამ დონეებშ შეგვიძია ვიგულისხმოთ ცნობიერების მუშაობის სხვადასხვა რეჟიმები. მაგალითად, თავიდან თქვენ ფიქრებს აღიქვამთ როგორც სიტყვებს, შემდეგ ისინი იქცევიან სურათებად, შემდეგ გაჩნდებიან სურათები ბგერებთან ერთად, შემდეგ სურათები - როგორც ბგერები და ბგერები, როგორც სურათები. თუ ჩაუღრმავდებით, შეამჩნევთ, რომ ფიქრები საერთოდ აღარ მოგვაგონებენ რაიმე აზრიანს, არამედ გადაიქცნენ რაღაც იეროგლიფებად ან გაუგებარი ნათებების კრებულად. თითქოს იწყებთ საკუთარი აზრების საწყისი კოდების ხედვას.

მოგვიანებით შესაძოა კიდევ ერთი საოცარი აღმოჩენა გააკეთოთ. მაგალითად ის, რომ თქვენი აზრების წყარო თავშ კი არა, ყელშია. უცნაურია, მაგრამ ეს ასეა. შემდეგ კი მიხვდებით, რომ თქვენ თვითონ საერთოდ არ წარმოქმნით აზრებს. ისინი უბრალოდ გარედან მოდიან. ანუ ჩვენ არ გაგვაჩნია ინდივიდუალური აზროვნება. ყველა აზრი გარედან მოდის. ასეთი კვლევის შედეგად შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ ხშირად სხვა ადამიანების აზრებიც გესმით. სიტყვები, ან ხატსახეები. ანუ უკვე მიდის მინიშნება ტელეპატიაზე. ასე რომ ეს პრასქტიკა დიდხანს გეყოფათ.

შეისწავლეთ საკუთარი შდ-ს სივრცე, ისწავლეთ აზრების დინების ხედვა. იმიტომ რომ ამ დინებებშია მინიშნება, თუ როგორ განვთავისუფლდეთ აზრებისგან.

შდ-ს გამორთვა

მას შემდეგ, რაც საკუთარ აზრებზე დაკვირვებას ისწავლით, რაღაც მომენტშ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ეს ხატ-სახეები ერთგვარ სიცარიელეში ჩნდებიან. ამასთან თქვენ, როგორც დამკვირვებელი, იყურებით ამ სიცარიელიდან. თქვენი ამოცანაა გააცნობიეროთ ეს სიცარიელე და თავი გააიგივოთ მასთან. სწორედ ასე ხდება შდ-ს გამორთვა. არა ის, რომ შეწყვიტოთ აზრთა დინება, არამედ თითქოს ვაკუუმში ხვდებით. სივრცე, სადაც ახლახანს სხვადასხვა აზრები და სურათები ჩნდებოდნენ, უცებ დუმილად იქცევა. მაგრამ იმისთვის, რომ მასში დავრჩეთ, საჭიროა ამ სიცარიელეზე კონცენტრაცია. და აქ უკვე აღარ ჩნდება აზრი, რომ მაგალითად „მე ყველაფერი გამომივიდა“. იქ არაფერი არაა. მხოლოდ დუმილი და სიცარიელე.

სწორედ ეს მდგომარეობაა აუცილებელი და საბაზისო. საჭიროა მასში შესვლა, და მხოლოდ ამის შემდეგ გადასვლა სხვა მედიტაციებზე. თუმცაღა სიცარიელეშ შესვლისას, რაღაც დროის შემდეგ შეამჩნევთ, რომ აზრები დაბრუნდნენ, თუმცა თქვენ პასიური იყავით. ისინი კვლავ მოვიდნენ არსაიდან და კვლავ დაიკავეს სიცარიელე. უბრალოდ განაგრძეთ სიცარიელეზე კონცენტრირება. აზრები კვლავ და კვლავ გაჩნდებიან, მაგრამ ყოველ ჯერზე იქნება ერთი განსხვავება: თქვენი მდგომარეობა უფრო მეტად იქნება შეცვლილი.

მოცემული მდგომარეობა ტრანსის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს. ტერმინი «ტრანს» ლათინურიდან ითარგმნება, როგორც «მიღმა» (через). ანუ თქვენი მდგომარეობა ხდება გამტარი, რომელშიც რაღაც სიგნალი გადის. ამ პრაქტიკაში თქვენ ცდილობთ, რომ სიჩუმის გამტარი იყოთ. შეიძლება ითქვას, ეს საბაზისო ტრანსია. თითქოს წმენდთ ეთერს ხარვეზებისგან, რათა სხვა მედიტაციებში, მაგალითად არკანებთან მუშაობისას, ეს სიგნალები უფრო სუფთად გაატაროთ. ეს აძლიერებს თქვენი მუშაობის სიმძლავრეს და ეფექტურობას.

ამრიგად, თქვენ შედიხართ პასიური დამკვირვებლის მდგომარეობაში და უბრალოდ აკვირდებით აზრთა დინებას. რაღაც მომენტში ამ სივრცეში სიცარიელეს დაინახავთ. კონცენტრირდით მასზე და შეერწყით მას. თავად გახდით სიცარიელე. აზრების გაჩენისას შეინარჩუნეთ ყურადღება სიცარიელეზე.

აზრები გაჩნდებიან, მაგამ ისინი უფრო და უფრო სუსტები იქნებიან. ანუ თქვენი ყურადღება უფრო მეტად დაგემორჩილებათ თქვენ, და არა აზრებს. თანდათანობით ისწავლით მდუმარებაშ ყოფნას, თუმცა ფონად, თითქოს მეზობელი ოთახიდან, ყრუდ მოგესმებათ ფიქრების ხმები. ისინი უკვე აღარ შეგაწუხებენ. თქვენი ცნობიერება მშვიდია და ბოლომდე ემორჩილება თქვენს ნებას.

რატომ მიგანიშნებთ ასე გულმოდგინედ, რომ შდ-ს გამორთვის ეს მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია და ფუნდამენტური უნარია მაგიურ პრაქტიკებში? დამიჯერეთ, თუკი არ შეგიძლიათ გონების მშვიდ მდგომარეობაში შესვლა, მომავალში შესაძოა დიდი პრობლემები გაგიჩნდეთ.

ჩვენი ყურადღება რაღაცით უკაბელო ინტერნეტს ჰგავს. ერთგვარ wi-fi-ს. და რაღაც ობიექტზე კონცენტრაციისას კავშირს ვამყარებთ მასთან. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ყურადღების სხივით ინფორმაცია არა მხოლოდ შემოდის ჩვენს ცნობიერებაში, არამედ შეუძლია გარეთაც მოხდეს მისი ტრანსლირება.

მე ამ ეფექტს «ბეტმენის პროჟექტორს» ვეძახი. ვისაც უნახავს ფილმი „ბეტმენი“, ალბათ ახსოვს, რომ იქ, პროჟექტორზე ღამურას სილუეტი იყო დაკრული, რომელიც შემდეგ ცაში, სინათლის შუქში ვლინდებოდა. ამგვარად, ჩვენი ყურადღების სხივი - ეს პროჟექტორია. მაგრამ ჩნდება კითხვა: რა მდგომარეობიდან აშუქებს იგი გარეთ? და გამოდის, რომ თუ კონცენტრაციას ვახდენთ არა სიცარიელის, არამედ რაღაც აზრების მდგომარეობიდან, სწორედ ამ აზრებს დავინახავთ გარეთაც.

მაგალითად გადავწყვიტეთ სკანირება, თუ ვინაა მეზობელ ოთახში. წუთის წინ კი ქალის ქუსლების ბაკუნი გესმოდათ. და ეს, თითქოს შემთხვევითი აზრი, მყარად ჩაჯდა თქვენს გონებაში. თუმცა არა, არ ჩაჯდა, უბრალოდ თქვენ წამით გაიხსენეთ იგი. და დაიწყეთ ყურება. და რას დაინახავთ, თუკი წინასწარ შდ-ს არ გამორთავთ? სწორედ ქალს. შემდეგ თქვენი წარმოსახვა დაასრულებს მისი აღნაგობის, თმის ფერის, ტანსაცმლის დახატვას. სინამდვილეში კი შესაძლოა ოთახში მამაკაცი იყოს, ან საერთოდ არავინ არ იყოს. მაგრამ ეს შემთხვევითი აზრი განსაზღვრავს მთელს თქვენს მომდევნო აღქმას.

მე ხანდახან ვატარებ გაღრმავებულ კურსს ექსტრასენსული მგრძნობელობის განვითარებაში. დაახლოებით 2-3 დღეში ვააქტიურებთ აჯნა ჩაკრას ისე, რომ ყველაზე «ხის» ადამიანებიც კი იწყებენ რაღაცეების შეგრძნებას. იქ არის დავალება - განისაზღვროს ფოტოთი - მკვდარია ადამიანი თუ ცოცხალი. ადამიანებს მოაქვთ ფოტოები, მათ შორის ზოგიერთი ძველი და შავ-თეთრი ფოტოა, რომლებზეც საკმაოდ ხანშიშესული ადამიანები არიან. და აი, მოსწავლე იწყებს ფოტოს სკანირებას, თუმცაღა საერთოდ ვერ ამჩნევს, როგორ შედის მის თავში დაახლოებით ასეთი აზრი: «ფოტო ძველია, გახუნებული. ადამიანი მასზე დაახლოებით 60 წლისაა. გადაღებულია საბჭთა პერიოდში. 100 % ის, ვინც მასზეა გამოსახული - უკვე მკვდარია». უბრალოდ ადამიანები არ ცოცხლობენ ამდენ ხანს - ფიქრობს ჩვენი ექსტრასენსი. და მართლაც, ფოტოს სკანირებისას შეიძლება სიკვდილის ენერგია იგრძნოს. მაგრამ შესაძლოა ეს პიროვნება ფოტოზე ცოცხალი აღმოჩნდეს. მოხუცი, ავადმყოფი, მაგრამ ცოცხალი. ასე რომ ბეტმენის პროჟექტორი ყოველთვის მუშაობს.

ახლა უკვე გესმით შინაგანი დუმილის მდგომარეობის გამომუშავების მნიშვნელობა. იმიტომ, რომ თუ დროულად არ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ხედვა - ეს მხოლოდ საკუთარი აზრების რიგია, შესაძლოა მოგვიანებით კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეგექმნათ.

საკუთარი ჰალუცინაციებით პრაქტიკისას, შეგვიძლია ხშირად გავარტყათ ზუსტ წერტილში, უბრალოდ გამოვიცნოთ, ან დამთხვევა მოხდეს. მაგრამ ასეთი ექსტრასენსისთვის ეს იქნება საკუთარი შესაძლებლობების დადასტურება, და ადამიანი იწყებს დაჯერებას, რომ მას შეუძია ხედვა. მისთვის რეალობასა და საკუთარი აზროფორმებს შორის ზღვარი თანდათანობით იშლება. დაამატეთ ამას ცოტა შთაგონება, ადეკვატური მასწავლებლის არყოფნა, და მიიღებთ ძალიან სავალალო შედეგს.

ერთხელ ჩემს ნაცნობ გოგოს შევხვდი. გადავწყვიტეთ ყავა დაგველია და მაგიაზე გვესაუბრა. რაღაც მომენტში მან გადაწყვიტა ერთი შემთხვევა მოეთხრო საკუთარი ცხოვრებიდან:

სახლში ზის, თავის ოთახში და წიგნს კითხულობს. ყველაფერი მშვიდადაა. და უცებ ოთახის კუთხეში დემონი ჩნდება. კარგი დასაწყისია, არა? თქვენთან არასოდეს მოსულან დემონები? მან აღწერა იგი, როგორც უზარმაზარი არსება, ცეცხლის ალით გარემოცული. შემდეგ მისმა მოქმედებებმა უბრალოდ აღმაფრთოვანა. მან მშვიდად გადადო გვერდზე წიგნი, ეს დემონი ენერგეტიკლ ბურთშ ჩასვა და უკან გაგზავნა იმ არხით, საიდანაც მოვიდა. და კვლავ განაგრძო კითხვა. როგორც ჩანს ეს მისთვის ჩვეულებრივი საქმიანობაა - დემონების განადგურება. მოდი სიმართლე ვთქვათ. თქვენს ოთახში რომ გამოჩენილიყო არამიწიერი არსება, აშკარად არაკეთილი განზრახვით, თქვენ პირველ რიგში შიშისგან წამოხტებოდით და ყვირილს დაიწყებდით: «მიშველეთ, დემონები!» – და თავს გადაირჩენდით შეძლებისდაგვარად. ჩემი ნაცნობი კი როგორც კოღოებს, ისე გაუსწორდა მათ. და ვითომც აქ არაფერიაო, კითხვა განაგრძო.

მე ვზივარ და არ ვიცი რა ვუპასუხო. ძალიან მინდა გავიცინო, მაგრამ ცნობიემოყვარეობამ შემიპყრო, და მაშინ იგი ისტორიის მეორე ნაწილს მიყვება: უცებ, კუთხიდან 5 დემონი გამოჩნდა. ანუ წინა დემონი თავის მეგობრებთან გაიქცა, იჩივლა, იქ ვიღაც „ვედმა“ ცხოვრობს და ჩვენს ძმას ცემს, უნდა წავიდეთ და დავსაჯოთო, გადაწყვიტეს დემონებმა. ჩვენმა გმირმა კი კვლავ სათითაოდ ჩასვა დემონები ბურთებში და წინა დემონის გზას გაუყენა. და როგორც შემდეგ გაირკვა, ბიჭ, რომელმაც ისინი გამოგზავნა, საავადმყოფოში მოხვდა. როგორც ჩანს დემონებმა დამკვეთზე იყარეს ჯავრი.

ჩემს ნაცნობს მხოლოდ ერთი კითხვა დავუსვი: «რისთვის? რატომ გამოგიგზავნა იმ ბიჭმა დემონები?». პასუხი გენიალური იყო: «მე მას არ მივეცი».
წარმოიდგინეთ მაგის დონე, რომელსაც შეუძია დემონთა მთელი ჯარი მართოს, მაგრამ შეადარეთ სულიერების იმ დონეს, რომელზეც ჩემმა ნაცნობმა თქვა. ბუნებრივია, ეს სრული აბსურდია. მაგრამ ყველაზე მეტი საშნელება ისაა, რომ ამას მთელი სერიოზულობით ამბობდა, მთელი რწმენით იმაში, რომ დემონები გაანადგურა. ანუ მან რეალურად ნახა ისინი, და რეალურად გაუსწორდა მათ, მაგრამ მხოლოდ საკუთარ წარმოსახვაში.

თუკი დაიწყებთ თქვენს გზას მაგიაში, მსგავსი საეჭვო პიროვნებები ხშირად მოგხვდებათ თვალში. ერთხელ ჩემი მოსწავლე შეშინდა იმის გამო, რომ ინტერნეტით ორმა ქალმა შეაშინა, რომლებიც „ვედმებს“ უწოდებდნენ საკუთარ თავს. მოსწავლე კი სულ რაღაც ორი თვეა რაც სწავლობს, ჯერ ვერ ანსხვავებს რეალურ საფრთხეს თვითდაჯერებული სულელებისგან და მე მთხოვა დახმარება. მე ვეუბნები: «კარგი, მომეცი მათი კოორდინატები». მან მომცა ლინკი, მათ გვერდზე კონტაქტებში, და ყველაფერი მაშინვე ცხადი გახდა ჩემთვის. ესენი იყვნენ 16 და 17 წლის გოგონები. მათი ფოტოების ალბომში იყო ფოტო, სადაც ისინი „ვედმების“ სახით იყვნენ. შავი კოსმეტიკა, შავი ტანსაცმელი, სანთლები, დანები, პენტაგრამები. სხვა ფოტოში ისინი კლუბში ერთობიან სრულიად ნორმალური ტანსაცმლით. იმ ჯგუფებს შორის, რომლებშც ისინი ირიცხებიან, როგორიცაა «Дом-2», «Нижнее бельё со скидкой» და ა.შ. არც ერთი ნორმალური ჯგუფი არაა მაგიაში. და თავად ფოტოებმაც უკვე ყველაფერი მითხრეს მათზე.

ერთს ვწერ, ენას კბილი დააჭირეთ და ნუ აშინებთ ახალგაზრდებსთქო. საპასუხოდ კი მუქარები გამომიგზავნეს. ყველაზე სასაცილო მუქარებს შორის კი ის იყო, რომ თითქოს შეეძლოთ სულ ადვილად ჩავეგდე პანდორას ყუთში, და მაშნ უბედურებები ისე დამატყდება თავს, რომ გაჩენის დღეს დავწყევლიდი. მე გადავწყვიტე თამაშში ავყოლოდი. ვეუბნები: მასწავლეთ, მზად ვარ თქვენი მოსწავლე გავხდე, რამეთუ დიდ ძალას ვგრძნობ თქვენში და ა.შ. ერთ-ერთმა გადაწყვიტა პანდორას ყუთშ შევეყვანე, ისე, მსუბუქად, რომ ტრავმა არ მიმეღო. მეუბნება: «თვალები დახუჭე». მე დავწუჭე. ვზივარ და არაფერს არ ვგრძნობ. შემდეგ მომბეზრდა და ჩაის სმა დავიწყე. როცა სეანსი დასრულდა, მეკითხება: რა ვიგრძენი, რა დავინახე? მე მოვატყუე, ფანტაზია კარგი მაქვს. ვწერ: «დავინახე გამოქვაბული, შიგნით სიბნელის რაღაც სხივია. ყველაფერი, რაც იქ ხვდება, ქრება». ის მეუბნება: «სწორედ ესაა პანდორას ყუთი».

მოკლედ როგორც იქნა დავიძვრინე თავი, სტილში – აღარ შევაწუხებ დიად „ვედმებს“ და არ შვუშლი ხელს «Дом-2»-ს ყურებაში, თავად კი კარგი განწყობის პორცია მივიღე და მოსწავლეც დავამშვიდე.

ასეთი ახალგაზრდები საკმაოდ ბევრნი არიან. მოზრდილებს შორის კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. ასე რომ ფსიქიატრებს სამუშაო არ გამოელევათ. კიდევ ერთხელ ვიტყვი: ისწავლეთ შდ-ს გამორთვა. ისწავლეთ დიდი ხნის განმავლობაშ იყოთ მდუმარე მდგომარეობაში და არ წარმოქმნათ არც ერთი აზრი. ეს დაგეხმარებათ, რომ არ დაკარგოთ ადეკვატურობა და შეინარჩუნოთ როგორც საკუთარი, ასევე გარშემომყოფების ფსიქიკური ჯანმრთელობა.

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff