იფრინე ფრთების გარეშე
თავი პირველი
იფრინე ფრთების გარეშე
1 იანვარი 1978 წელი, ბუდა ჰოლი
პირველი შეკითხვა:
ოშო, მარტივი სიტყვებით მითხარი, ზუსტად რის სწავლებას ცდილობ? რა არის შენი ზუსტი გზავნილი კაცობრიობისადმი? - მარტივი ენით თქვი, ისე რომ გავიგო.
იარე ფეხების გარეშე
იფრინე ფრთების გარეშე და
იფიქრე გონების გარეშე
ეს არის ჩემი სწავლება. ამაზე უფრო ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია. ცხოვრება ისეთი მისტიკურია, არ შეიძლება მისი ზუსტ ფორმულებამდე დაყვანა. ეს შეუძლებელია, უსამართლობა იქნება ცხოვრების მიმართ. საიდუმლოება საიდუმლოებად უნდა დარჩეს.
თუ საიდუმლოებას ფორმულამდე დაიყვანთ, ამით რეალობაზე იძალადებთ. ცხოვრების ახსნა არც ერთ განმარტებას არ ძალუძს. ვერც ერთი ფაქტი ვერ მოიცავს სრულად მის ჭეშმარიტებას.
შენ მეკითხები: მარტივი სიტყვებით მითხარი, ზუსტად რის სწავლებას ცდილობ?
მხოლოდ რამდენიმე ნეგატიური რამ შემიძლია ვთქვა - ვცდილობ გონება გავანადგურო; უნდა გავანადგურო და არა სრულვყო... ვინაიდან, თუკი ძველი გონება სრულად არ განადგურდა, ახალი ვერ იშვება. სწორედ განადგურების მიღმა წარმოიშვება შემოქმედებითობა. სწორედ სიკვდილს მიღმა ჰყვავის სიცოცხლე.
ჩემი აქაური საქმიანობა გონების განადგურებას მოიცავს; მის მიერ თქვენი ფლობის მოსპობას, გონების ფესვების განადგურებას, რათა თავისუფალი იყოთ სიცოცხლის ნებისმიერ მომენტში, რათა წარსულის გარეშე შეძლოთ ყოფნა. წარსულთან ერთად ცხოვრება პატიმრობას ჰგავს. რაც უფრო დიდია წარსული, უფრო გამძიმებთ. რაც უფრო გამძიმებთ წარსული, მით უფრო შეუძლებელი ხდება თქვენთვის აწმყოში ცხოვრება. ასეთ დროს აწმყო უბრალოდ სიტყვაა - თქვენ მას ვერ განიცდით. ჭეშმარიტება ყოველთვის აწმყოშია. წარსული მხოლოდ მოგონებაა, მომავალი კი წარმოსახვის ნაყოფი. ერთი უკვე მოხდა და აღარ არსებობს, მეორე - ჯერ კიდევ მოსახდენია. სწორედ ამ ორს შორის არსებობოსის პატარა, ძვირფასი მომენტი, რომელსაც აწმყო ეწოდება.
ამ ძვირფას მომენტთან კავშირს მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც გონებას გათიშავთ. გონება ნიშნავს წარსულს და მომავალს. გონება ფიქრობს იმაზე თუ რა იყო და იმაზე თუ რა იქნება, გუშინდელ და ხვალინდელ დღეებზე.
იესო ეუბნება თავის მოწაფეებს: შეხედეთ შროშნებს მინდორში - როგორი ლამაზები არიან! სოლომონიც კი მთელი თავისი დიდებით არ ყოფილა ასეთი მოკაზმული. ისინი კი არც ძაფს ართავენ, არც ქსოვენ, არც შრომობენ. ისინი არ ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე... მაშ, რაშია მინდვრის შროშნების სილამაზე? ისინი აწმყოთი ცხოვრობენ.
ადამიანის გარდა, არც ერთი არსება არ ცნობს წარსულს და მომავალს. ადამიანის გარდა, არავისთვის არ არსებობს ტანჯვა. ადამიანის გარდა, არავისთვის არ არსებობს ჯოჯოხეთი.
თქვენი გონების და წარსულის განადგურებით სახლში გაბრუნებთ. ამდენად, ადამი კვლავ შეძლებს შეაბიჯოს ედემის ბაღში.
მაგრამ ნუ მთხოვთ სიზუსტეს - ეს არ შემიძლია. არ შემიძლია, იმიტომ რომ ცხოვრებას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მის მიმართ არამართალი ვერ ვიქნები. ვარდის შესახებ სიზუსტით როგორ ვილაპარაკო? ან უმანკო ბავშვის თვალების შესახებ? ან ქალის ლამაზი ფორმის შესახებ? ან ცაში ღრუბლების შესახებ; ანდა მდინარეების, მთებისა და ვარსკვლავების შესახებ როგორ ვილაპარაკო სიზუსტით? ცხოვრება ისეთი ძნელად ასახსნელი, მისტიკური და ცვალებადია... ყველაფერი გამუდმებით იცვლება.
თუ ძალიან ზუსტი გახდებით, ცხოვრებასთან კავშირის კარგვას დაიწყებთ. ისეთივე არაზუსტი უნდა იყოთ, როგორიც ცხოვრებაა. ისეთივე ცვალებადი უნდა იყოთ, როგორიც ცხოვრებაა. მუდმივად მოძრაობაში უნდა იყოთ! ცხოვრება არსებითი სახელი არ არის, იგი ზმნაა. თქვენც ისეთივე ზმნა უნდა იყოთ, როგორიც ცხოვრებაა... იგი პროცესია.
მხოლოდ მკვდრებზე ლაპარაკისას შეგვიძლია ვიყოთ ზუსტი, ვინაიდან ისინი აღარ საზრდოობენ. მათი პოტენციალი ამოწურულია; მათთვის მეტი აღარ არსებობს. განსაზღვრა შესაძლებელია. გვამის შესახებ ლაპარაკისას შეგიძლია ზუსტი იყო, თუმცა ზუსტი ვერ იქნები, როცა ბავშვის შესახებ საუბრობ. ის შეიძლება ერთ წუთს აქ იყოს, მეორე წუთს კი გარეთ, ეზოში. ზუსტი ვერ იქნები! მაგრამ თუ გვამი ოთახში დევს, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ იგი დილითაც იქ დაგხვდება.
ცხოვრება დინამიკაა. ცხოვრება დინამიზმია. მე თავად ცხოვრებას ვასწავლი, ამდენად, ზუსტი ვერ ვიქნები.
მე ამით განვსხვავდები თეოლოგებისგან, თეორეტიკოსებისა და ფილოსოფოსებისგან. ისინი ზუსტი არიან. მათი სიზუსტე ანგრევს მთელ მათ სილამაზესა და ჭეშმარიტებას. თუ ისინი ასეთი ზუსტი არიან, შეიძლება მხოლოდ ცდებოდნენ, ჭეშმარიტი ვერ იქნებიან. როგორ შეგიძლია განსაზღვრო რაღაც, რაც იზრდება? ახლა განსაზღვრავ... და ეს საგანი უკვე შენი განსაზღვრების მიღმაა. სანამ შენ განსაზღვრებას უკეთებ, საგანი შენი განსაზღვრების მიღმა აღმოჩნდება. როგორ შეგიძლია დანიშნო რაღაც, რაც ფართოვდება? ეს არარსებულია.
და თუ დანიშნავ, ამ დანიშნულს დაუწყებ ცქერას და ცხოვრებას დაივიწყებ - იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან შეგაწუხებს. სწორედ ამიტომ არ უყურებენ ფილოსოფოსები ცხოვრებას; ისინი არსადროს არიან ეგზისტენციალურები. ის ფილოსოფოსებიც კი, რომლებიც საკუთარ თავს ეგზისტენციალისტებს უწოდებენ, ისინიც კი არ არიან ეგზისტენციალურები. ისინი თეორეტიკულები არიან. ისინი თეორიებს საკუთარ გონებაში თხზავენ და ცხოვრებას აიძულებენ მათ თეორიებს მოერგოს. ცხოვრება დამახინჯებული და პარალიზებული ხდება.
სწორედ ასე მოექცნენ ჭეშმარიტებას ინდუსები, მაჰმადიანები და ქრისტიანები - იგი მათ პარალიზებული გახადეს. ახლა ძალიან წუხან: „რატომ მოკვდა ჭეშმარიტება ამ სამყაროში?“ ისინი მკვლელები არიან! ვინ მოკლა ღმერთი? რასაკვირველია ათეისტებს არ მოუკლავთ. ისინი როგორ მოკლავდნენ? - არც კი სჯერათ მისი არსებობის. ისინი როგორ მოკლავდნენ? - მას ვერც კი პოულობენ. ღმერთი რომ მოკლა, ამისთვის ჯერ უნდა იპოვო. მაშ, ვინ მოკლა ღმერთი? - იმ თეორეტიკოსებმა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ძალიან ზუსტნი არიან; იმ ჭკვიანმა, ცბიერმა და მოანგარიშე ხალხმა, იმ მათემატიკოსებმა, იმ სისტემატიკოსებმა. მათი თეორიები უფრო ღირებულია ვიდრე თავად ცხოვრება. ისინი თეორიებით მოცული გახდნენ.
მე არ მაქვს თეორიები. მე სარკესავით ვარ. თუ დილაა, ვამბობ რომ დილაა. თუ დილა აღარ არის, არ ვამბობ რომ დილაა - ვინაიდან დილა აღარ არის! თითოეულ მომენტში იმას ვირეკლავ, რაც ხდება. მე მოცემული მომენტით (ბუდ. tathata, thusness) ვცხოვრობ.
შენ მეკითხები: მარტივი სიტყვებით მითხარი, ზუსტად რის სწავლებას ცდილობ? რატომ სვამ ამ შეკითხვას? შენ გსურს რომელიმე თეორიას ჩაებღაუჭო. არ შეგიძლია მე გამიგო - ეს არის შენი პრობლემა. შენ გინდა მე ჩამებღაუჭო.
ერთ დღეს, ჩემთან ერთი პროფესორი მოვიდა და მითხრა, „რატომ არ წერ წიგნს, რომელშიც ყველაფერს შეეხები რისი თქმაც გინდა? - ქრისტიანული კატეხიზმოს მსგავსს.“
ეს სიმახინჯეა. ჩემთვის ეს აბსურდია. მას სურს ვთქვა რამდენი ღმერთი არსებობს - ერთი, ორი თუ სამი? როდის შექმნა ღმერთმა სამყარო - ქრისტეს შობამდე ოთხი ათასი წლის წინათ? რომელ დღეს და რამდენ დღეში შექმნა სამყარო? დაისვენა თუ არა კვირას? რამდენი სული არსებობს სამყაროში? არსებობს თუ არა რეინკარნაცია? რომელი არის სათნოება და რომელი ცოდვა? მას სურს ძალიან ზუსტი და მკაფიო ვიყო.
ეს შეუძლებელია, ვინაიდან, ის რაც დილით სათნოებაა, შეიძლება საღამოს ცოდვა გახდეს. და რაც დილით ცოდვა იყო, შუადღეზე სათნოებად გადაიქცეს; ეს არასოდეს ვიცით. რაღაც ერთ კონტექსტში ჭეშმარიტია, ხოლო სხვა კონტექსტში ტყუილი. რაღაც ერთ წუთს ლამაზია, მეორე წუთს კი სიმახინჯედ იქცევა.
ცხოვრება საგანი არ არის! საგნები შეგვიძლია განვსაზღვროთ. ნივთიერება შეგვიძლია განვსაზღვროთ. ამიტომაა მეცნიერება ზუსტი, რელიგია კი ზუსტი ვერასდროს იქნება. იმ დღეს, როდესაც რელიგია ზუსტი გახდება, არსებობას შეწყვეტს. ნუ მთხოვ ზუსტი ვიყო. როგორ უნდა იყოს ადამიანი ზუსტი? შეგიძლია ზუსტი იყო, როცა წყლის შესახებ ამბობ, რომ ას გრადუსზე ორთქლდება - ადამიანის შესახებ ლაპარაკისას კი ზუსტი ვერ იქნები.
ადამიანი არაპროგნოზირებადია. რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადიხარ, უფრო არაპროგნოზირებადი ხდები. ბუდა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია. მას ვერ დაეწევი. ვერ მოიხელთებ. იგი უსასრულო ცასავითაა. მასზე უამრავი ნიუანსი, უამრავი ფერი და სიმღერაა! ისეთი მრავალფეროვნებაა! როგორ შეუძლია ადამიანს ზუსტი იყოს? იმდენი შეუსაბამობა, იმდენი პარადოქსია - როგორ შეიძლება ადამიანი მასზე საუბრისას ზუსტი იყოს?
არა, ცხოვრებას უპატივცემულოდ ვერ მოვეპყრობი - მხოლოდ იმისთვის, რომ ზუსტი პასუხი მოგაწოდო, რათა მას ჩაებღაუჭო? რათა შეცნობილი გახდე? იმისთვის, რომ სახლში წახვიდე და შენს ხალხს უთხრა, რომ ესა და ეს არის სწავლება, აი ეს ვისწავლე?
შეკთხვა დოქტორ ბ. პ. არიამ დასვა, რომელიც ნაირობიდან გახლავთ. მას ალბათ ეჩქარებოდა გაეგო თუ რა არის ჩემი სწავლება, რათა შემდეგ ნაირობიში წასულიყო და ხალხისთვის ეთქვა: „ეს არის მისი სწავლება!“ არა, მე არ მოგცემ ამ შემეცნებას. მე ვანადგურებ ცოდნას! მე არ დაგეხმარები გახდე მცოდნე - მე დაგეხმარები გახდე უფრო უმეცარი, უფრო გულუბრყვილო; ვინაიდან ცხოვრება მაშინ ხდება, როდესაც გულუბრყვილო ხარ. როდესაც რაღაც არ იცი, უფრო ხელმისაწვდომი ხარ: როდესაც რაღაც იცი - ჩაკეტილი.
აი, ეს არის ჩემი სწავლება:
იარე ფეხების გარეშე
იფრინე ფრთების გარეშე და
იფიქრე გონების გარეშე.
გონება ნიშნავს მცოდნეობას. ვინ სვამს შეკითხვას ზუსტი სწავლების შესახებ? - გონება. გონებას არ შეუძლია შეეჭიდოს ბუნდოვან, საიდუმლო მოვლენებს, გონებას მხოლოდ არითმეტიკული, ლოგიკური მოვლენების ამოხსნა შეუძლია. გონებას არ შეუძლია გაიგოს სიმღერა. გონებას მხოლოდ სილოგიზმის გაგება ძალუძს. სწორედ გონება სვამს შეკითხვას... და მე გონების მტერი ვარ.
შენ მთხოვ: მარტივი სიტყვებით...
ვერც ერთი სიტყვა ვერ შეიცავს მას. ვერც ერთი სიტყვა ვერ დაიტევს ცხოვრებას. ვერც ერთი სიტყვა ვერ დაიტევს სიყვარულს! ვერც ერთი სიტყვა ვერ დაიტევს ღმერთს!
სუფისტებს ოთხმოცდაცხრამეტი სახელი აქვთ ღმერთისთვის. ვინმე დაინტერესდება: რატომ ასი არა? ოთხმოცდაცხრამეტი? კიდევ ერთის მოფიქრებაც შეეძლოთ. მაგრამ ამაში დიდი გზავნილი დევს. ისინი ამბობენ: ნამდვილი სახელი ანუ მეასე, ცარიელი დარჩა, ვინაიდან ღმერთს ვერც ერთი სიტყვა ვერ დაიტევს. ეს ოთხმოცდაცხრამეტი სიტყვა მხოლოდ სათამაშოა - ვინაიდან შენ ითხოვ, ვინაიდან არ შეგიძლია მშვიდად მიიღო უსახელო ღმერთი, ვინაიდან თავს არაკომფორტულად გრძნობ. შენ სახელი გჭირდება ღმერთისთვის, რომლითაც მას მიმართავ. თუ ღმერთს სახელი არ ექნება, თავს უმწეოდ იგრძნობ - რა უნდა გააკეთო? როგორ მიმართო? სად ეძებო? რომელი სახელი გაიმეორო?
ამდენად, მოცემულია ოთხმოცდაცხრამეტი სახელი, თუმცა ეს ოთხმოცდაცხრამეტი სახელიც კი არაფერზე მიუთითებს. ისინი მიუთითებენ მეასეზე, მეასე სიტყვა კი არ არსებობს, ცარიელია. ეს ოთხმოცდაცხრამეტი სიტყვა სხვა არაფერია თუ არა არარსებულის ოთხმოცდაცხრამეტი სახელი, მეასე თავად არარსებულია. ესენი ბავშვის სათამაშოებია, თუმცა სახიფათო სათამაშოები, ვინაიდან ბავშვებს მეასე სრულიად დაავიწყდათ და ოთხმოცდაცხრამეტით არიან გართული.
ერთხელ, ჩემთან ერთი სუფისტი დარჩა. ყოველ დილას, საღამოს, ღამით ღმერთის სახელებს იმეორებდა, მღეროდა... მე მუდამ ვეკითხებოდი: „ღმერთი როდის უნდა გაგახსენდეს?“ იგი ცოტათი შეწუხებული იყო ჩემი ამ შეკითხვით, ვერ გაეგო რატომ ვეკითხებოდი ასეთ რამეს, იგი ხომ გამუდმებით ღმერთს იხსენიებდა, დილით, საღამოს, ღამით. ორი, სამი დღე გავიდა და მე კვლავ ვეკითხებოდი, „ღმერთი როდის უნდა გაგახსენდეს?“
მან მითხრა, „რას გულისხმობ? მე ის მახსოვს. ვერ ხედავ, ჩემი ტუჩები გამუდმებით მოძრაობს? ვერ ხედავ ჩემს კრიალოსანს? მძივებს გამუდმებით ვანაცვლებ!“
მე მივუგე, „ეს ოთხმოცდაცხრამეტი სახელია, მაგრამ ღმერთი როდის უნდა გაგახსენდეს? როდის მოისვრი ამ მძივებს? როდის შეწყვეტ ტუჩების მოძრაობას? როდის შეწყვეტ შინაგან ლაქლაქს, ამ ოთხმოცდაცხრამეტი სახელის მუდმივ გამეორებას? შეეშვი ამას და მხოლოდ ამის შემდეგ დაისადგურებს სიჩუმე. სიჩუმე კი მისტიკურია. სიჩუმე არ უნდა შეიცავდეს არც ერთ ბგერას. ჭეშმარიტება სიტყვით ვერ გადმოიცემა; სიტყვა ძალიან პატარაა ამისთვის.“
და შენ ითხოვ მარტივ სიტყვებს - მარტივი იქნება თუ რთული, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ყველა სიტყვა ერთნაირად შეუსაბამოა. არ არსებობს უფრო ნაკლებად შეუსაბამო ან უფრო მეტად შესაბამისი სიტყვები - ყველა სიტყვა სრულიად შეუსაბამოა. თუ გსურს ჭეშმარიტება შეიცნო, უსმინე ჩემს სიჩუმეს, უსმინე ჩემს არსებობას.
და შენ მეკითხები: მარტივი სიტყვებით მითხარი, ზუსტად რის სწავლებას ცდილობ?
მე არ ვცდილობ - მე უბრალოდ ვასწავლი! რატომ უნდა ვეცადო? თუმცა, ვიცი საიდანაც მომდინარეობს ეს შეკითხვა: შენ ყოველთვის ცდილობ. ადამიანები ცდილობენ უყვარდეთ, ცდილობენ ილოცონ, ცდილობენ იმედიტირონ და სწორედ იმიტომ, რომ ცდილობენ, მათ არასდროს უყვართ. როგორ შეგიძლია გიყვარდეს, როდესაც ცდილობ შეიყვარო? თუ ცდილობ ილოცო, ვერ ილოცებ, ვინაიდან შენი ენერგია მიმართული იქნება მცდელობისკენ. როდესაც ცდილობ იმედიტირო, იმედიტირებ? შენ მცდელობით ხარ დაკავებული.
ერთმა ძენის ოსტატმა იატაკზე ცხვირსახოცი დააგდო. მისი მოწაფე იქვე იდგა და ოსტატმა უთხრა, „სცადე აიღო და მომაწოდო. სცადე!“
მოწაფემ მაშინვე აიღო ცხვირსახოცი იატაკიდან და ოსტატს მიაწოდა. ოსტატმა ცხვირსახოცი კვლავ ძირს დააგდო და უთხრა, „გეუბნები, სცადე აიღო!“
ექვსჯერ განმეორდა იგივე; მოწაფე დაიბნა, ვერ ხვდებოდა ოსტატი რას გულისხმობდა. უეცრად გონება გაუნათდა: „ოსტატი ამბობს, სცადე აიღო.“ მან თქვა, „კი მაგრამ როგორ ვცადო? ცხვირსახოცს ან ავიღებ ან არა. როგორ უნდა ვცადო?“
ოსტატმა მიუგო, „სწორედ ამას აკეთებ სამი წელია - ცდილობ იმედიტირო. ან მედიტირებ ან არა! როგორ უნდა ეცადო?“
მცდელობა ხერხია. მცდელობა ხრიკია. როდესაც რაღაცის გაკეთება არ გინდა, ცდილობ. როდესაც რაღაცის გაკეთება გინდა, უბრალოდ აკეთებ!
სახლი ცეცხლშია გახვეული - შეეცდები გარეთ გასვლას? არა, მაშინვე გავარდები! შენ არ შეეცდები - არ ჩახედავ რუკებს, არ ჩახედავ წმინდა წიგნებს, არ იფიქრებ „საიდან და როგორ გავიდე გარეთ? ვის ვკითხო? სად ვიპოვო ოსტატი, რომელმაც იცის როგორ გავიდე გარეთ?“ არ იფიქრებ, სწორი საქციელი იქნება თუ არა ფანჯრიდან გადახტომა, ეტიკეტით ეს მიღებულია თუ არა, წინა კარიდან გახვიდე თუ უკანიდან? შეიძლება სულაც ტუალეტიდან გაიქცე! ამას მნიშვნელობა არ აქვს - როცა სახლი ცეცხლის ალშია გახვეული, ეს ყველაფერი არაარსებითი, უადგილოა. და შენ არ შეეცდები...შენ უბრალოდ გარეთ გახვალ! უფრო მეტიც, არც კი დაფიქრდები; ფიქრს გარეთ გასვლის შემდეგ დაიწყებ. ხის ქვეშ მდგომი ღრმად ჩაისუნთქავ და იტყვი, „მადლობა ღმერთს, გარეთ გამოსვლა მოვახერხე.“ სინამდვილეში, შენ არც კი ფიქრობდი, როდესაც სახლიდან გამოდიოდი. ეს მყისიერი ქმედება იყო.
როდესაც გზაზე გველს გადაეყრები, რას აკეთებ? ცდილობ იფიქრო როგორ ახტე, საიდან ან როგორ გაიქცე? არა, შენ უბრალოდ ახტები! ეს ქმედება ტოტალურია და გონებიდან არ მომდინარეობს.
აი ამას ვგულისხმობ:
იფიქრე გონების გარეშე
იარე ფეხების გარეშე
იფრინე ფრთების გარეშე
მიჰყევი ცხოვრების მყისიერებას.
მე არ ვცდილობ სწავლებას: მე ვარ ჩემი სწავლება. ჩემი ცხოვრების სტილი, ჩემი ყურების, ლაპარაკის მანერა, რაღაცის თქმა ან არ თქმა, ყველაფერი ეს ჩემი სწავლების ნაწილია. მე ჩემი სწავლებისგან განცალკევებით არ ვდგავარ და არ ვცდილობ გასწავლოთ. მე ვარ ჩემი სწავლება და თუ გინდათ ისწავლოთ, უნდა მომყვეთ.
ნუ დასვამთ მსგავს სულელურ შეკითხვებს.
და შენ მეკითხები: რა არის შენი ზუსტი გზავნილი კაცობრიობისადმი?
სად არის კაცობრიობა? ოდესმე შეხვედრილხარ კაცობრიობას? ყოველთვის ხვდები ადამიანებს, მაგრამ არასოდეს კაცობრიობას. კაცობრიობა აბსტრაქციაა, უბრალოდ ცარიელი სიტყვა. კონკრეტული და რეალური ადამიანია და არა კაცობრიობა. ნუ მოგატყუებს მსგავსი დიდებული სიტყვები.
ხალხი ტყუვდება. ერთ კაცს ვიცნობ, ჩემს კოლეგას: უნივერსიტეტში როდესაც ვასწავლიდი, ისიც პროფესორი იყო. მას სიყვარული არ შეუძლია, თუმცა კაცობრიობა უყვარს. მას სიყვარული არ შეუძლია, მაგრამ ამ მოცემულობას ვერ აღიარებს. ეს მისთვის მტკივნეულია. არ შეუძლია ადამიანი უყვარდეს, ვინაიდან დიდი მოლოდინები აქვს. იგი სრულყოფილებას ითხოვს. თქვენ კი სრულყოფილ ადამიანს ვერ იპოვით. ეს არის სიყვარულისგან თავდასაცავად მოგონილი ხრიკი. ასე მის თავიდან არიდებას შეძლებ: მოითხოვე შეუძლებელი - ამას ვერავინ ვერასოდეს დააკმაყოფილებს და შენც ვერასდროს შეიტყობ, რომ ეს შენი სისუსტეა.
დავუბრუნდეთ ჩემს კოლეგას; მას არ შეუძლია უყვარდეს ქალი, არ შეუძლია უყვარდეს მამაკაცი - მას სიყვარული არ შეუძლია. ის უბრალოდ ცივი ადამიანია. ბუნებრივია, რომ ლოგიკის პროფესორია - ძალიან ცივი ადამიანი. მისმა გულმა ცემა შეწყვიტა; მხოლოდ მისი თავი დიდდება და დიდდება. სუპერდამძიმებული ხდება, ერთ დღესაც წაიქცევა. თუმცა ყოველთვის იტყვის, რომ კაცობრიობა უყვარს.
ერთხელ მას ვკითხე, „როგორ ახერხებ კაცობრიობის სიყვარულს? რამდენიმე მაგალითი მითხარი. კარგია კაცობრიობა რომ გიყვარს, მაგრამ სად პოულობ კაცობრიობას? მსურს დაგინახო კაცობრიობასთან ხელიხელჩაკიდებული, მკლავებშემოხვეული, მსურს ვიხილო როგორ კოცნი კაცობრიობას.“
მან მომიგო, „რას ამბობ? კაცობრიობა ხომ პიროვნება არ არის.“
მაშ, რა არის კაცობრიობა? ვინმეს ოდესმე უნახავს კაცობრიობა? „კაცობრიობა“ არაფერს ნიშნავს; ეს უბრალოდ აბსტრაქციაა. ეს პლატონის იდეაა. ეს იცით რას ჰგავს? ერთი ცხენი რომ დაინახოთ, მერე მეორე, მერე მესამე და შემდეგ „ცხენობრიობის“ იდეაზე ფიქრი დაიწყოთ. ოდესმე შეხვედრიხარ ისეთ ადამიანს, რომელსაც ცხენობრიობა უყვარს? ეს ხომ სისუელე იქნებოდა. ცხენები ან გიყვარს ან არა - მაგრამ ცხენობრიობა? ეს რა არის?
იგივეა „კაცობრიობის“ შემთხვევაშიც. შენ შეხვდები ამა თუ იმ ქალს, კაცს, წმინდანს, ცოდვილს, თუმცა კაცობრიობას ვერასოდეს შეხვდები. კაცობრიობა მხოლოდ ფილოსოფოსების მიერ შექმნილი იდეაა. შენ შეიძლება მოგიცვას ამ იდეამ და მან დამცავი მექანიზმივით იმუშაოს. იგი იმ კაცს ჩვეულებრივი ადამიანის შეყვარებისგან იცავს. და მაინც, ის კვლავ ფიქრობს, რომ დიდი სიყვარული შეუძლია - მას ხომ კაცობრიობა უყვარს.
მე კაცობრიობა საერთოდ არ მაღელვებს, აბსტრაქციები არ მაღელვებს. მე ადამიანები მიყვარს. მათგან არაფერს ველი. მე ისინი ისეთი მიყვარს, როგორიც არიან. არ ვითხოვ სრულყოფილებას, არ ვითხოვ მათგან რომელიმე პირობის დაკმაყოფილებას. ისინი ისეთი მელამაზებიან, როგორიც არიან.
როდესაც ვინმეს რაიმე პირობის დაკმაყოფილებას სთხოვ, შენ მას ანადგურებ, მასზე ძალადობ; პატივს არ სცემ, აკნინებ, შეურაცხყოფას აყენებ, ამცირებ. თუ ეტყვი, „ასეთი იყავი და შეგიყვარებ,“ შენ არ გცოდნია სიყვარული რა არის. სიყვარული უპირობოა.
ჩემი სიყვარული ადამიანებს ეძღვნება, ისევე როგორც ჩემი გზავნილები. ისეთ აბსტრაქციებთან, როგორიც კაცობრიობაა არაფერი მესაქმება. მე ვეხები კონკრეტულს, რეალურს.
შენ კითხულობ: რა არის შენი ზუსტი გზავნილი კაცობრიობისადმი?
არანაირი გზავნილი კაცობრიობისათვის, ადამიანებს კი შემდეგს ვეტყვი:
იარეთ ფეხების გარეშე
იფრინეთ ფრთების გარეშე და
იფიქრეთ გონების გარეშე
ადამიანებისთვის, შენთვის, მისთვის - მაგრამ არა კაცობრიობისათვის, არა ინდუიზმისათვის, არა მაჰმადიანობისთვის, არა ქრისტიანობისთვის, არამედ კონკრეტული ადამიანებისთვის
ჩემი გზავნილი ასეთია: ჩაახშე გონება და ღმერთი შენთვის ხელმისაწვდომი გახდება. გახდი უმანკო და ღმერთს დაუკავშირდები. ჩაახშე ეგო, ჩაახშე იდეა რომ თითქოს ვინმე განსაკუთრებული ხარ და უეცრად განსაკუთრებული ვინმე გახდები. იყავი ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი გახდები. იყავი მართალი შენი შინაგანი არსებობის მიმართ და რელიგიები სრულყოფილნი გახდებიან.
როდესაც გონება ჩახშულია, გული მუშაობს. როდესაც გონება ჩახშულია, გული მხოლოდ მაშინ იწყებს პულსაციას და შენ იძენ სიყვარულს. გონება არ გულისხმობს სიყვარულს. ჩემი გზავნილი სიყვარულია.
მეორე შეკითხვა:
შენ ამბობ, რომ ყველა გასხივოსნებული, ყველა რელიგია, მხოლოდ ერთი რამის შესახებ თანხმდება. მათ განსხვავებული აზრი აქვთ ბევრ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა არსებობს ერთი რამ, რომელზეც ყველა თანხმდება და ეს გახლავთ შემდეგი: ადამიანი საკუთარი ეგოს წყალობით რეალობისთვის ჩაკეტილია - ეგოა ერთადერთი ბარიერი.
რატომ ხდება, რომ ყველა გასხივოსნებული მხოლოდ ერთი რამის შესახებ თანხმდება, მაშინ როდესაც მათ შეუძლიათ განიცადონ რეალობა ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში არის? ნუთუ ისინი ბევრი რამის შესახებ არ უნდა თანხმდებოდნენ, ვინაიდან ეგოს ღრუბლებში არ არიან გახვეულნი და არც ბარიერები არსებობს მათ წინაშე, რომელიც მათ აღქმას შეალამაზებდა?
როდესაც ღრუბელი გაფანტულია, როდესაც შენი აღქმის თვალსაწიერი სუფთაა, შენ ცას ხედავ - თუმცა, ცა განუსაზღვრელია, აღუწერელია, გამოუთქმელია, მისი სიტყვიერად განსაზღვრა შეუძლებელია (ავაჩია). მის შესახებ ვერაფერს იტყვი და რაც არ უნდა თქვა, არასწორი იქნება. თუმცა, გასხივოსნებულებმა მის შესახებ რამე უნდა თქვან. ვინაიდან შენ შეკითხვები გიჩნდება და არ შეგიძლია სიჩუმეს უგდო ყური - ამიტომ, მათ რაღაც უნდა თქვან!
ბუდა ერთ რამეს ამბობს, ქრისტე მეორეს; ისინი სათქმელს იგონებენ. მათ არ შეუძლიათ ამის შესახებ შეთანხმდნენ. ეს ბუდას არჩევანია: როდესაც თქვენ მის წინაშე ხართ, რაღაც უნდა გითხრათ, რაღაც უნდა გაუწყოთ. თუმცა, მშვენივრად იცის, რომ რაც არ უნდა თქვას, არასწორად გაიგებთ. მაგრამ თქვენთან საკომუნიკაციოდ სხვა გზა არ არსებობს! მაშინაც კი, როდესაც სურს რომ მასთან უფრო ახლოს მიხვიდეთ, მისი სიჩუმე გაიგოთ, ან მაშინ, როდესაც სურს თავისი სიხარული გაგიზიაროთ, მან სიტყვები უნდა გამოიყენოს, რათა უფრო და უფრო ახლოს მოგიხმოთ.
ამდენად, გარკვეული სიტყვების გამოყენება მისი არჩევანია. ქრისტე სხვა სიტყვებს ირჩევს; ესეც მისი არჩევანია. პატანჯალი კიდევ სხვას ირჩევს, ლაო ძი კი სხვას. ისინი ამ სიტყვების შესახებ არ თანხმდებიან, ვერც შეთანხმდებიან. ამის საჭიროებაც არ არსებობს - ყველა სიტყვა პირობითია. ისინი მხოლოდ ერთ რამეზე თანხმდებიან: ჩაახშე ეგო, ჩაახშე გონება. ამის შესახებ ყველა თანხმდება.
შემდეგ რა ხდება? - მათ განსხვავებული ამბები აქვთ მოსათხრობი. ყველა ამბავი გამოგონილია; მათ რეალობასთან კავშირი არ აქვთ. ისინი მხოლოდ თქვენთან კომპრომისებია, რათა ცოტათი უფრო დიდხანს ჰყავდეთ ხელჩაჭიდებული და ბუდათი „დაინფიცირდეთ“. იმისთვის, რომ ცოტათი უფრო დიდხანს ჰყავდეთ ხელჩაჭიდებული, ბუდა უნდა გელაპარაკოთ.
მას რომ საკუთარი სურვილისამებრ მოქცევა შეეძლოს, არასოდეს ილაპარაკებდა. სწორედ ეს მოხდა: როდესაც ბუდა გასხივოსნდა, შვიდი დღის მანძილზე მდუმარედ იყო. ლაპარაკის აზრს ვერ ხედავდა! ის, რაც მის არსებაში ამოიფრქვა, იმდენად ვრცელი იყო, სხვას ვერაფრით გადასცემდა. ვერც ერთ სიტყვას ვერ მიუსადაგებდა. მისი სიჩუმე აბსოლუტური იყო. ეს ლამაზი ამბავია:
ღმერთები ძალიან შეწუხდნენ ზეცაში, ვინაიდან იშვიათია ადამიანი ბუდა გახდეს და თუ ბუდა მდუმარებაში დარჩებოდა, გზავნილი დაიკარგებოდა. არსებობდა რამდენიმე ადამიანი, რომლის დახმარებაც ბუდას შეეძლო. ღმერთები მივიდნენ ბუდასთან და სთხოვეს: „ილაპარაკე, სერ!“
ბუდამ მიუგო, „რა აზრი აქვს? რაც არ უნდა ვთქვა, ჭეშმარიტი არ იქნება.“
ღმერთებმა უთხრეს, „ვიცით რომ ჭეშმარიტი არ იქნება, მაგრამ იგი მიიზიდავს რამდენიმე ადამიანს, და შემდეგ თანდათან, თანდათან შეძლებ მათ წაყვანას ჭეშმარიტებისაკენ. ნება მიეცი მოვიდნენ ჩვენამდე! თუ არ ილაპარაკებ, მოსვლას ვერავინ შეძლებს - მაშინ როგორღა წაიყვან მათ სიჩუმისაკენ? დაე, სიტყვები მხოლოდ ხაფანგი იყოს ხალხის დასაჭერად. დაე, სიტყვები მხოლოდ ცდუნება იყოს, ვინაიდან ხალხს მხოლოდ სიტყვების ესმის. მას შემდეგ რაც სიტყვების ბადეში მოიმწყვდევ, ნებისმიერ ადგილას შეძლებ მათ წაყვანას - მაგრამ თავიდან ნება მიეცი ხაფანგში გაებან!“
ბუდამ კვლავ მიუგო, „მაგრამ ისინი ვერ გაიგებენ - ისინი არასწორად გაიგებენ. ისინი ყოველთვის ამას სჩადიან - გაუგებრობა - კვლავ ამას იზამენ. რა აზრი აქვს?“
ღმერთებმა უთხრეს, „მაგრამ არსებობს ცოტა, ძალიან ცოტა - თითზე ჩამოსათვლელი ადამიანი, რომელიც გაგიგებს“.
ბუდამ კვლავ დაიჟინა: „ის ხალხი, ვისაც შეუძლია ჩემი სიტყვები გაიგოს, ჩემ გარეშე, თავადაც მიაღწევენ ჭეშმარიტებას. არ მგონია, მათ ვჭირდებოდე. შეიძლება, საკუთარი ძალებით ცოტა მეტი დრო დასჭირდეთ, მაგრამ ისინი ვისაც ჩემი ესმის, საკმაოდ მცოდნეები არიან - თავადაც მიაღწევენ მას. მათზე არ ვდარდობ. მათზე კი ვინც მე ვერ გამიგებს, რატომ უნდა ვიდარდო?“
ღმერთები დიდ საგონებელში ჩავარდნენ, აღარ იცოდნენ როგორ დაერწმუნებიათ ბუდა. შემდეგ ერთმანეთში ითათბირეს: „რა გავაკეთოთ? ეს კაცი ძალიან ჯიუტი ჩანს!“ განიხილეს, იკამათეს და მნიშვნელოვანი მოსაზრება წამოაყენეს. მათ ბუდას უთხრეს, „მართალი ხარ: ბევრია ისეთი, ვინც ვერ გაგიგებს, ვინც ნამდვილად არასწორად გაგიგებს; მათთვის შენი ლაპარაკი საჭირო არ არის. არსებობს ცოტა, ვინც შენ გაგიგებს, მაგრამ ისინი ძალიან ცოტანი არიან და მართალი ხარ: ისინი შენს გარეშეც მიაღწევენ ჭეშმარიტებას. მაგრამ, როგორ ფიქრობ, ამ ორს შორის არავინ არის? ამ ორს შორის, არსებობს ცოტა, ვინც ჭეშმარიტებას ვერ მიაღწევს თუ შენ არ „დაიჭერ“. ისინი არასწორად არ გაგიგებენ. შეიძლება მაშინვე ვერ გაგიგონ, მაგრამ არასწორად არ გაგიგებენ! ამ ორ კატეგორიას შორის არსებობს კატეგორია: იფიქრე მათზე.“
და ბუდამ ამის წინააღმდეგ ვერაფერი მოიფიქრა. ეს ძალიან ლოგიკური ჩანდა, ბუდა კი ლოგიკის კაცი იყო. და მან იმ ცოტასთვის დაიწყო ლაპარაკი. თუმცა, რაც არ უნდა თქვას, მასში ორი რამ არსებობს: ერთი, მისი უარყოფითი ნაწილი. უარყოფითი ნაწილი არის: ჩაახშე ეგო, ჩაახშე საკუთარი მე-ს ცნება. ამის შესახებ ყველა გასხივოსნებული თანხმდება. როდესაც ეგოს ჩაახშობ, მერე რა ხდება? შემდეგ რაც ხდება, იმაზე ისინი ვერ თანხმდებიან - არა იმიტომ რომ ჭეშმარიტება სხვადასხვაა; არა, ჭეშმარიტება ძალიან ფართოა.
უბრალოდ დაფიქრდი: სამ ბრმა კაცს ექიმმა უთხრა: „ეს წამალი დაგეხმარებათ, თქვენს თვალებს განკურნავს. ერთი რამ ცხადია“, ამბობს ექიმი „თქვენი თვალები უნდა განიკურნოს, რათა სიბრმავე ჩაიხშოს“. ახლა, სამივე კაცი განკურნებულია. ისინი ბაღში დგანან, შემდეგ სახლში წავიდნენ. სამივე ამბობს თუ რა იხილეს - როგორ ფიქრობ, სამივე დაეთანხმება ერთმანეთს? ერთსა და იმავე რამეს იტყვიან? ისინი ერთ რამეზე შეთანხმდებიან, რომ სიბრმავე გაუჩინარდა. მაგრამ სიბრმავის გაუჩინარების შემდეგ რაც მოხდა, სრულიად განსხვავებული იქნება. ერთმა შეიძლება ხის ფერები, ცისარტყელა, მზე დაინახა. მეორე შეიძლება არ დაინტერესებულიყო ხეებით, ცისარტყელითა და მზით; მანდ შეიძლება ადამიანებს შეხედა, სახეებს, თვალებს, მოცინარ ბავშვებს; მესამემ კი შეიძლება სრულიად სხვა რამ დაინახა.
ეს სამი ბრმა ერთ რამეზე შეთანხმდება - სიბრმავე უნდა ჩაიხშოს. თუმცა სიბრმავის ჩახშობის შემდეგ რაც მოხდება, განსხვავებული იქნება. მართალია, სამყარო რომელიც მათ თვალწინ იშლება ერთიდაიგივეა, მაგრამ ეს სამყარო ვრცელია, მრავალგანზომილებიანი. ისინი თავად გადაწყვეტენ რა დაინახონ. მათი არჩევანი დამოკიდებული იქნება მათ გემოვნებაზე, იმაზე თუ რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, მათ მისწრაფებებსა და კატეგორიებზე.
მაგალითად, ბუდა ამბობს: ეგოს ჩახშობის შემდეგ ტანჯვა აღარ არის. დააკვირდი ამ სიტყვებს: „ტანჯვა აღარ არის“: იგი არასოდეს იყენებს სიტყვა „ნეტარება“-ს; როდესაც ამის შესახებ საუბრობს, ის ამბობს „ტანჯვა აღარ არის“. ეს ცოტა მიკიბულ-მოკიბული მოგეჩვენება. რატომ ამბობს „ტანჯვა აღარ არის?“
მაჰავირი ამბობს „ნეტარება“; ეგოს ჩახშობის შემდეგ, სრულ ნეტარებაში ხარ. ბუდა კი ამბობს: ტანჯვა უჩინარდება, შენ აღარ ხარ ტანჯვის მდგომარეობაში. მათ შორის ძალიან დიდი სხვაობაა, მათი არჩევანი სხვადასხვაა, მათი თვალსაწიერი განსხვავებულია. მაჰავირს დადებითი სიტყვები მოსწონს, ბუდას- უარყოფითი.
ბუდა ამბობს: დადებითი სიტყვები სირთულეს წარმოშობს და ეს სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი სიხარბეს წარმოშობენ - ამდენად ის ასეთ სიტყვებს არასდროს გამოიყენებს. მაგალითად, თუ ნეტარებაზე ილაპარაკებ, ხალხი დახარბდება, წარმოიშვება სურვილი. ყველა იფიქრებს, „ნეტარი უნდა გავხდე! მე უნდა მქონდეს ის ნეტარება, რომელზეც ბუდა საუბრობს - მე ის აუცილებლად უნდა მქონდეს.“ პრობლემა კი აი ეს არის: თუ შენ ნეტარებას მოისურვებ, ნეტარება არ მოგეცემა. ძალიან დიდი სურვილი იქნება დამაბრკოლებელი.
ამდენად, ბუდა ამბობს: დადებითად ლაპარაკით ანადგურებ შესაძლებლობას. ადამიანი უფრო გაუმაძღარი ხდება! თავიდან ის სახლს, ფულს, ძალაუფლებას და პრესტიჟს დაეხარბა. ახლა კი ღმერთს, ნეტარებას, სატჩიტანანდას (არსებობა, ცნობიერება და ნეტარება) და ჭეშმარიტებას ეხარბება - თუმცა ის მაინც ხარბია. ახლა მისი სურვილი გაცილებით დიდია. ის უფრო დიდმა სურვილმა მოიცვა. შენ მას არ დახმარებიხარ - შენ მას ამით ზიანი უფრო მიაყენე. ამდენად, ბუდა ამბობს: არ ვაპირებ დადებითი სიტყვების გამოყენებას. ყველა დადებითი სიტყვა ადამიანის გონებაში სურვილს აჩენს. მე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ „ტანჯვა აღარ არის.“
ამაში ღირებული აზრი დევს. შენ არ დახარბდები სიტყვებს „ტანჯვა აღარ არის“. უბრალოდ, დაფიქრდი სიტყვებზე „ტანჯვა აღარ არის“ „ტანჯვა აღარ იქნება“ - სიხარბეს არ გრძნობ, არც დიდ ენთუზიაზმს გრძნობ „ტანჯვის მდგომარეობაში აღარ ყოფნის“ პერსპექტივის მიმართ. ეს არ წარმოშობს სურვილს. ბუდა კი ამბობს: „მხოლოდ სურვილის გარეშე შეგიძლია მიაღწიო იმ მდგომარეობას“.
თუმცა მაჰავირსაც თავისი მოსაზრება გააჩნია. ის ამბობს: თუ შენ ლაპარაკობ ტანჯვის არ არსებობის, მე-ს არ არსებობის შესახებ, ხალხი ენთუზიაზმს ვერ იგრძნობს. რაზეც ბუდა ფიქრობს, რომ სურვილს არ წარმოშობს, მაჰავირი ფიქრობს, რომ ადამიანები იმის მიმართ ენთუზიაზმს ვერ იგრძნობენ. ვინ იგრძნობს ენთუზიაზმს „ტანჯვის არ არსებობის“ მიმართ? რატომ უნდა იმედიტიროს ადამიანმა წლების მანძილზე მხოლოდ იმიტომ, რომ „ტანჯვის არ არსებობის“ მდგომარეობას მიაღწიოს? ეს არც ისე მიმზიდველი ჩანს. რატომ უნდა წავიდეს ადამიანი სადჰანაში - საკუთარ თავზე მუშაობა - მხოლოდ იმიტომ, რომ მე-ს არარსებობის მდგომარეობას მიაღწიოს? შენ ამას არ მოინდომებ. მხოლოდ იმისთვის, რომ მე-ს არარსებობას მიაღწიოს, თავს ვინ შეიწუხებს? ხალხი უენთუზიაზმო გახდება; ისინი ნერვს დაკარგავენ, რელიგია აღარ მიიზიდავთ. ამდენად, მაჰავირი ამბობს: მე უნდა გამოვიყენო დადებითი სიტყვები - „ნეტარება“, „თავისუფლება“, „აბსოლუტური მეობა“.
ორივე მართალია და ამავე დროს ორივე ცდება. სიტყვებთან აი ეს პრობლემაა: არც ერთი სიტყვა არ არის აბსოლუტურად ჭეშმარიტი და არც ერთი სიტყვა არ არის აბსოლუტურად მცდარი - ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შეხედავ მათ.
აი, ამის გამოა, რომ ისინი სხვა არაფერზე თანხმდებიან. მხოლოდ ერთ რამეზე თანხმდებიან: ეგო უნდა ჩაიხშოს.
მესამე შეკითხვა:
ერთ დღეს, როდესაც ახალი კომუნას შესახებ ლაპარაკობდი, ვიგრძენი თითქოს ვიღაც გამუდმებით კუჭში მირტყამდა მანამ, სანამ ღებინების შეგრძნება არ გამიჩნდა. ეს შენ იყავი? თუ ასეა, ამით რის მიღწევას ცდილობ?
გსმენია, რომ წმინდა ხუან დე ლა კრუსი ექსტაზში ყოფნის დროს აღებინებდა? პირღებინებას განუსაზღვრელი მნიშნელობა აქვს. ეს შეიძლება განტვირთვის საშუალება იყოს. ეს არა მხოლოდ მინიშნებაა იმაზე, რომ სხეულს სურს განტვირთვა, არამედ ეს უფრო ღრმა, სულზეც შეიძლება მიუთითებდეს, ვინაიდან სხეული და სული არ არის განცალკევებული, ისინი ერთია.
რაც სხეულს ემართება, იგივე ემართება სულსაც; რაც სულში ხდება, იგივე ხდება სხეულშიც - ისინი ერთმანეთს ეხმაურებიან.
ხშირად ხდება, რომ როდესაც შენს შინაგან არსებას სურს ნაგვისგან გათავისუფლება, შენი სხეულიც თავისუფლდება ნაგვისგან. და როდესაც სხეული გათავისუფლდება ნაგვისგან, იგრძნობ რომ, თითქოს გონებაც გასუფთავდა. კარგი პირღებინების შემდეგ არ გიგრძვნიათ ასეთი სისუფთავე? სიმშვიდე არ დაგუფლებიათ? იგი არა მხოლოდ კუჭს ათავისუფლებს, არა მხოლოდ ფიზიკურ სისტემას ჰგვრის შვებას - იგი აგრეთვე თქვენ სულსაც ათავისუფლებს საწამლავისგან.
შაილა, შენ ამბობ: როდესაც ახალი კომუნას შესახებ ლაპარაკობდი ...
იმ დღეს, როდესაც ახალი კომუნას შესახებ ვსაუბრობდი, ბევრმა თქვენგანმა ბევრი რამ იგრძნო... როდესაც ახალი კომუნას შესახებ ვლაპარაკობდი, ბუნებრივია, რომ საკუთარ თავზე დაიწყეთ ფიქრი - მიგიღებდნენ თუ არა ახალ კომუნაში? შესაფერისი ხართ თუ არა ახალი კომუნისთვის? ეს ბუნებრივია; ამ აზრის წარმოქმნა ბუნებრივია - ვინაიდან ახალი კომუნა ახალი ადამიანის დაბადება იქნება.
ჩვენ შევქმნით ალტერნატიულ სამყაროს, პატარა ალტერნატიულ სამყაროს. ჩვენ გარესამყაროში არსებული ხალხისგან განსხვავებულ განზომილებებში ვიმოძრავებთ. ჩვენ ჩავახშობთ ყველა ტაბუს, ყველა აკრძალვას, რეპრესიას. ჩვენ ამოვაღებინებთ ყველაფერს, რის ჩადებასაც საზოგადოება ძალით ცდილობდა ან რაც უკვე ჩადო ჩვენში. აი, ამის გამო იგრძნობოდა კუჭში დარტყმა.
მსოფლიოს ყველა ენაზე არსებობს ასეთი გამოთქმა: როდესაც რაღაცის მიღება არ შეგიძლია, ამბობ „ამის ატანა არ შემიძლია“. როდესაც რაღაცას საკუთარი სურვილის წინააღმდეგ იღებ ამბობ, „როგორღაც უნდა გადავყლაპო“. კუჭი არ არის მხოლოდ ფიზიკური ორგანო - ის იმდენადვე ფსიქოლოგიურია, რამდენადაც ფიზიკური. იგი ფსიქოსომატურია. სწორედ ამიტომ ხდება, რომ ძლიერ ემოციურ ფონზე კუჭში უსიამოვნო შეგრძნება გვაქვს.
ადამიანს, რომელიც მუდმივად გაბრაზებულია, ჯანსაღი კუჭი ვერ ექნება. აგრესიულ ადამიანს ჯანსაღი კუჭი ვერ ექნება. მუდმივად შეწუხებულ ადამიანს კუჭზე წყლულები ექნება, ჯანსაღი კუჭი ვერ ექნება. კუჭი შეერთების ადგილია: სომა და ფსიქო აქ, კუჭში, ჭიპში უერთდება ერთმანეთს. ჭიპი არის მატერიისა და სულის შეხვედრის წერტილი.
ამიტომაცაა, რომ იაპონიაში თავის მოკვლის მიზნით, ადამიანი ჭიპს ქვემოთ ირტყამს. ჭიპს „ჰარა“ ეწოდება, ამიტომაც ეწოდება იაპონურად სუიციდს „ჰარაკირი“.
არ დაკვირვებიხართ, არ შეგინიშნავთ, რომ შიში ჭიპიდან ზუსტად 2 ინჩის ქვევით იგრძნობა? თუ მანქანას მართავ და უეცრად დაინახავ, რომ შენს წინ რაღაც ინციდენტი ხდება, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება, სად იგრძნობ დარტყმას? კუჭში ღრმად, ჭიპს ქვევით.
მისმინე შაილა, იმ დღეს შენ უნდა გეგრძნო მუცელში დარტყები, ვინაიდან ნამდვილი სანიასინი რომ გახდე, ბევრი უნდა აღებინო. შენ უნდა ამოაღებინო მიღებული განათლება, შენი რელიგია, კულტურა და ცივილიზაცია. ნამდვილი სანიასინი რომ გახდე, პირველყოფილად უმანკო უნდა გახდე - ისევ ბავშვები უნდა გახდეთ.
და სწორედ ამაზე ვიმუშავებთ კომუნაში: ამოვშალოთ ყველაფერი, რითაც საზოგადოებამ დაგამძიმათ, რათა სუფთა დაფა გახდეთ; რათა კვლავ ველური გახდეთ, რათა კვლავ ბავშვივით უმანკო გახდეთ, ცხოველებივით უმანკო გახდეთ; ხეებივით და ქვებივით უმანკო გახდეთ. რასაკვირველია, ბევრი რამ უნდა ამოაღებინოთ; თქვენი კუჭი უნდა გაიწმინდოს ფიზიკურად და სულიერად.
დიახ, ეს მე ვიყავი, ვინც გირტყამდა - მაპატიე...!
მეოთხე შეკითხვა:
როგორ დაგინახო, როგორ გიცნო, ოშო?
არსებობს ასეთი უძველესი გამოთქმა:
როდესაც მზე ამოდის
ჩვენ ამას ვხვდებით
არა მისი დანახვით,
არამედ იმით, რომ სხვა ყველაფერი კარგად ჩანს.
როგორ ცნობ მზეს? შენ არ აშტერდები მზეს - შენ უყურებ ხეებს, ხალხს... იხედები ირგვლივ: ყველაფერი მკაფიოდ ჩანს. და რადგან ყველაფერი მკაფიოდ ჩანს, შენ იცი, რომ მზე ამოვიდა.
ერთადერთი გზა ჩემს დასანახად ის იქნება, მე თუ დაგეხმარები, რომ შენს ირგვლივ ყველაფერი მკაფიოდ დაინახო. სწორედ ამას ვაკეთებ აქ: ყველაფერს ნათელს ვფენ, გაძლევთ სიცხადეს, საგნებს ვალაგებ და თავის ადგილას ვდებ, გაძლევთ მხედველობას და ცოდნას.
იმ დღეს, როდესაც ყველაფერს მკაფიოდ დაინახავ - შენს სურვილებს, შენს სიხარბეს, შენს სიბრაზეს, შენს ძალადობას, შენს ტანჯვას - იმ დღეს, როდესაც დაინახავ, რომ შენ ხარ ის, ვინც ამ ჯოჯოხეთს ქმნის, იმ დღეს, როდესაც დაინახავ, რომ სამოთხიდან არასდროს გამოუძევებიხართ, რომ მხოლოდ კოშმარში ხარ. რაც უფრო ღრმად გაიაზრებ ამას, უფრო ღრმად დაინახავ, რაც უფრო ღრმა იქნება სიცხადე, უფრო მეტად დამინახავ, უფრო მეტად მიცნობ. სხვა გზა არ არსებობს!
მე ამის მტკიცებულებას ვერ მოგცემ. რა მტკიცებულება უნდა მოგცეს მზემ? „მე ამოვედი“, ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი უნდა გაჩვენოს? წმინდა წიგნებიდან უნდა ციტირებდეს: ‘შეხედე! ყველა წმინდა წიგნში წერია, რომ მე ამოვალ?“ არა, ეს უაზრობაა.
აი ამას სთხოვდა ხალხი ქრისტეს. „როგორ უნდა გიცნოთ? როგორ ვირწმუნოთ, რომ მესია ხარ? დაამტკიცე!“ და ქრისტიანები ამას ორი ათასი წელია აკეთებენ, ცდილობენ ძველი აღთქმიდან და სხვა წმინდა წიგნებიდან დაამტკიცონ, რომ „დიახ, ძველმა წინასწარმეტყველებმა განაცხადეს და ეს არის ის კაცი, ვის შესახებაც მათ განაცხადეს, რომ მოვიდოდა.“
ეს სისულელეა. აბსურდია. ქრისტეს ვერ დაამტკიცებს ვერავის განცხადება. ვინ არიან ის წინასწარმეტყველები, რომ ეს განაცხადონ? და რა არის ის ძველი წმინდა წიგნები? და რატომ უნდა აკონტროლებდნენ ისინი? ქრისტე თავად დგას თავის სიმართლესთან და ისინი ვისაც მისი დანახვა სურთ, მას დაინახავენ იმ სინათლით, რომელიც მას მოაქვს. სხვა გზა არ არსებობს.
მე თუ სინათლე მოგიტანეთ, გამოდის რომ დამინახეთ და მიცანით. ნუ ეძებთ სხვა მტკიცებულებებს. ისინი არ არსებობს და არც მაინტერესებს.
მტკიცებულების ქონა მარტივი ჩანს: ფიქრი არ გჭირდება, თავის შეწუხება არ გჭირდება; რაღაცას იღებ იმიტომ, რომ ეს ძველმა ხალხმა განაცხადა. არა, მე საკუთარ ფეხებზე ვდგავარ. სხვის მხრებზე არ ვდგავარ. მე არ მივიღებ ბუდას დახმარებას. ბუდამ განაცხადა, „ოცდახუთი საუკუნის შემდეგ მოვალ“ და ეს დრო მოვიდა. ხალხი წერილებს მწერს: „შენ ხარ ბუდა?“ არა. მე საკუთარ ფეხებზე ვდგავარ. არ მსურს ბუდა შევაწუხო და მის მხრებზე დავდგე - მმ? - ეს თავხედობა იქნება. მე შემიძლია საკუთარ ფეხებზე ვიდგე.
როდესაც მზე ამოდის
ჩვენ ამას ვხვდებით
არა მისი დანახვით,
არამედ იმით, რომ სხვა ყველაფერი კარგად ჩანს.
მეორე უძველესი თქმულება ამობს:
არავინ ისეთი ბრმა არ არის, როგორც ის ადამიანი, რომელსაც დანახვა არ სურს. დაიმახსოვრე: თუ შენ დანახვა არ გსურს, სხვა გზა არ არსებობს. თუ დანახვა გსურს, მე ვერ ამერიდები. უბრალოდ ეძიე სურვილი, ეძიე შინაგანი სურვილი. თუ შენ ძალიან გსურს დამინახო, მაშინ ვერაფერი შეგიშლის ხელს - შენ შეძლებ ჩემს დანახვას.
მაგრამ თუ ჩემი დანახვა არ გსურს, თუ ინვესტიციას დებ იმაში, რომ არ დამინახო, ვარ მიცნო, მაშინ პრობლემა არსებობს.
ვიღაცამ დაწერა, „მე ქრისტიანი ვარ და არ მჯერა, რომ მესია ხარ“. ესაა ინვესტიცია. ეს ინვესტიცია არსებობდა იუდეველებთან: მათ ვერ შეიცნეს იესო, იმიტომ რომ იუდეველები იყვნენ. ახლა, შენ ქრისტიანი ხარ და მე ვერ მცნობ... ინდუსებმა ვერ შეიცნეს ბუდა, ვინაიდან მან ტრადიციებს გადაუხვია. ბუდისტები ვერ ცნობენ კაბირს, ვინაიდან ის ბუდისტი არ არის.
რამდენიმე დღის წინ, ჩემთან ერთი კაცი მოვიდა შორიდან. მითხრა, „შენთან მოვედი, რათა სანიასინი გავხდე, ვინაიდან კაბირის მიმდევარი ვარ, შენ კი ძალიან ლამაზი სიტყვებით ამკობ კაბირს - ამიტომ მოვედი“.
მას მე საერთოდ არ ვაინტერესებდი. მე დავინახე, რომ ის საერთოდ ვერ მხედავდა. მხოლოდ იმიტომ, რომ პატივისცემა გამომეხატა, სანიასი მივეცი. ვკითხე, „აქ დარჩები?“ მან მიპასუხა, „არა, ამის საჭიროება არ არსებობს“. „გსურს მედიტაცია?“ მან მიპასუხა, „ამას ვაკეთებ - მე კაბირის მივდევ“.
ის კაცი, მიუხედავად იმისა რომ ფიქრობს, ჩემგან სანიასი წაიღო, ჩემამდე არც კი მოსულა. ის თავს ისულელებს. ის ჩემთან მხოლოდ იმიტომ მოვიდა, რომ კაბირის შესახებ ლამაზად ვლაპარაკობ.
ბევრია ისეთი, ვინც ჩემთან იმის გამო მოდის, რომ ქრისტეს შესახებ ლამაზად ვლაპარაკობ, ან გურჯიევის შესახებ ლამაზად ვლაპარაკობ, ან სხვა ვინმეს შესახებ ლამაზად ვლაპარაკობ - მაგრამ ისინი ჩემთან არ მოდიან. ისინი ჩემი ხალხი არ არიან. ისინი აქაც რომ იყვნენ, მე ვერ დამინახავენ - მათ თავიანთი ინვესტიციები აქვთ.
ბოლო შეკითხვა:
ძვირფასო ოშო, შე ჩინებულო, შესანიშნავო, შეუდარებელო გაიძვერა! ჩვენ აქ ვართ -ბოდჰი, ვიდია და არუპი. შუაღამით სახლში მივბანცალებთ პუნშით, ლუდით, ფრანგული ღვინითა და შამპანიურით უგონოდ მთვრალები, ორწლიანი სრული თავშეკავების შემდეგ, ჭეშმარიტი ბუდისტის ყაიდაზე უბრალოდ ვიმეორებთ „ბანცალი, ბანცალი, მთვრალი, მთვრალი“, მზად ვართ საწოლზე გასაშხლართად და ალკოჰოლური დავიწყებისთვის და უეცრად, შეტყობინებას ვხედავთ, რომ ხვალ კითხვა-პასუხის დღეა!
წინ ორი საათი გვაქვს დასაწერად, გამოსაჭრელად და შესაცნობად. და აი! სად არის სიმთვრალე? ამასთან შედარებით გურჯიევი არაფერია. თავში ხარხარის ხმები და სინათლე ტრიალებს. მართლწერის შეცდომები, მართლწერის შეცომები.
მადლობა ამ ოინისთვის.
ეს არუპისგანაა...
არუპ, მეც თუ დამპატიჟებდი, საერთოდ არ შეგაწუხებდი. დაუყონებლივ უნდა შემეცვალა. საუბრების სერიის დაწყებას ვაპირებდი შანკარაჩარიას ათმა-ბოდჰაზე - თვითშემეცნება. სუტრებში ჩახედვისას, ეს ბუდას ანტიკულმინაცია ჩანდა. ბუდასთან ერთად სიმაღლეებზე დავფრინავდით... და შემდეგ, შანაკარაჩარიას ძალიან ჩვეულებრივი და ტრადიციული ნათქვამი, და ვიგრძენი, რომ ეს კარგი არ იქნებოდა. ეს მწვერვალიდან ვაკეზე დანარცხებასავით იქნებოდა. ვიღაც რომ ფრთებს შეგაჭრის, ისეთი იქნებოდა.
ბუდა საკუთარი მე-ს არარსებობაზე ლაპარაკობდა; ხოლო შანაკარაჩარიას ნათქვამი ძალიან, ძალიან ტრადიციული ინდუისტურია.
შემეძლო რამე მომეხერხებინა, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭიდებოდა. ამიტომ ვიფიქრე, რომ შანაკარაჩარიასთან დამშვიდობება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა - და მას სამუდამოდ დავემშვიდობე!