პირველ რიგში იგემე საკუთარი არსებობა
თავი მეორე
პირველ რიგში იგემე საკუთარი არსებობა
2 იანვარი 1978 წელი, ბუდა ჰოლი
პირველი შეკითხვა:
გწამს საკუთარი თავის?
გწამს ღმერთის?
ვინ არის ღმერთი?
არა, საკუთარი თავის არ მწამს... არ შემიძლია, ვინაიდან მე არ ვარ. არავინაა ვინც მე მირწმუნებს და არავინაა ვისაც მე ვირწმუნებ.
თუ საკუთარი თავის გწამს, ილუზიის გწამს. სწორედ ეს რწმენა შეგიშლის ხელს რეალობის შეცნობაში.
როდესაც ილუზიას ირწმუნებ, რეალობასთან კავშირის კარგვას იწყებ. რეალობის შესაცნობად საჭიროა ილუზიების ჩახშობა - და ყველაზე დიდი ილუზია კი ეგოა, „მე“.
შენ მეკითხები: გწამს საკუთარი თავის?
არა, საერთოდ არ მწამს. სწორედ ამის გამოა, რომ შემიძლია ვიცოდე.
შენ მეკითხები: გწამს ღმერთის?
ისევ არა - ვინაიდან ღმერთის რწმენა არ ნიშნავს მის ცოდნას. რწმენა ყოველთვის უმეცრებიდან მომდინარეობს. მათ, ვინც არ იციან - სწამთ. თუ შენ იცი, მაშინ რწმენას რაღა აზრი აქვს? როდესაც იცი, იცი!
შენ არ გწამს დილის მზის. შენ არ გწამს ხეების და მთების. ეს არ გჭირდება! იცი, რომ მზე აქ არის. იცი, რომ ხალხი აქ არის, ხეები აქ არიან. რწმენის საკითხი არ დგას. მაშ, რატომ გწამს ღმერთის? იმიტომ, რომ არ იცი.
ცოდნას რწმენით ცვლი. უმეცრებას რწმენის უკან მალავ. რწმენა მოჩვენებით ცოდნას გაძლევს. ყველა რწმენა პრეტენციოზულია. ნებისმიერი სახის რწმენა ტყუილია. ვის ატყუებ? საკუთარ თავს.
როდესაც ადამიანი ამბობს, „ღმერთის მწამს“, ის ამბობს, რომ არ შეუძლია იცოდეს ღმერთი - აი, რას ამბობს. ის არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ეს თქვას. არ არის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ დაინახოს საკუთარი უმეცრება და აღიაროს. ამდენად, ის ამბობს, „მე მწამს ღმერთის!“ რა საჭიროა გწამდეს ღმერთის თუ ის იცი?
ცოდნა რწმენად არასდროს იქცევა. ცოდნა ცოდნად რჩება. უმეცრება ცდილობს რწმენად იქცეს. ყოველთვის გახსოვდეს: როდესაც რაღაცას ირწმუნებ, ეს იმიტომ ხდება, რომ საკუთარი უმეცრება დამალო. რწმენა იაფფასიან ცოდნას გაძლევს.
მე ღმერთის არ მწამს - ვინაიდან რწმენით წარმოშობილი ურთიერთობა, არასწორი ურთიერთობაა. მე ღმერთი ვიცი... მაგრამ იმისთვის, რომ ღმერთი ვიცოდე, ერთადერთი რამ არის საჭირო - მე არ უნდა ვიყო. იმ მომენტში, როდესაც შენ უჩინარდები, ღმერთი ჩნდება. მხოლოდ მაშინ, როდესაც საკმარისად დიდი ხარ იმისთვის, რომ იგი დაიტიო, როდესაც შენ შენს შინაგან სივრცეს აღარ იკავებ - სინამდვილეში, შენი არყოფნა ღმერთის ყოფნას ნიშნავს.
გახსოვდეს: ღმერთს ვერასდროს შეხვდები. ეს არ შეგიძლია, ვინაიდან შეხვედრა თუ მოხდება, ეს ნიშნავს რომ შენც რეალური ხარ და ღმერთიც რეალურია - მაშინ ორი რეალობა იქნება და არა ერთი. რეალობა კი ერთია. თუ შენ ხარ, ღმერთი ვერ იქნება. თუ ღმერთი არის, შენ ვერ იქნები.
მესამე შეკითხვა ასეთია: ვინ არის ღმერთი?
ღმერთი არ არის „ვინ“, ის არ არის პიროვნება. ღმერთი მთლიანობაა, მთელი არსებობის მთლიანი ჯამი. ღმერთი არ არის ვინმე: ღმერთი ყველა და ყველაფერია.
მე ვარ ღმერთი, შენ ხარ ღმერთი - ყველა და ყველაფერი ღმერთია. სინამდვილეში, სიტყვა „ღმერთი“-ს გამოყენება არასწორია. არსებობს ღვთიურობა და არა ღმერთი. რეალობის მიმართ ჭეშმარიტად მართალი რომ ვიყოთ, სიტყვა „ღვთიურობა“ უნდა გამოვიყენოთ და არა „ღმერთი“. როდესაც ამბობ სიტყვას „ღმერთი“, ეს სიტყვა ბევრ რამეს წარმოშობს ...
პირველი: ღმერთი ხდება პიროვნება - ღმერთი კი პიროვნება არ არის. ღმერთი უპიროვნო არსებობაა; ღმერთი უპიროვნო „ყოფიერებაა“. როდესაც ამბობ „ღმერთი“, ღმერთი ხდება „he“ (მთარგმნელის შენიშვნა: “ის“ მამრობითი სქესის პირის ნაცვალსახელი), რაც მამრობითი შოვინიზმია და ეს სიმახინჯეა. ღმერთი არ არის არც „he“ (მთარგმნელის შენიშვნა: „ის“ მამრობითი სქესის პირის ნაცვალსახელი) და არც „she“ (მთარგმნელის შენიშვნა: „ის“ მდედრობითი სქესის პირის ნაცვალსახელი). და თუ გადაწყვეტ „he“ ან „she“-ს გამოიყენებას, ჯობია „she“ გამოიყენო. ვინაიდან, „she“ შეიცავს „he“-ს, ხოლო „he“ არ შეიცავას „she“-ს. „She“ გაცილებით დიდია - ბუნებრივად ასეა. კაცი ქალისგან იბადება. ქალს შეუძლია კაცი დაიტიოს, ხოლო კაცს ქალის დატევა არ შეუძლია. კაცს საშვილოსნო არ აქვს, რომ რაიმე დაიტიოს.
მაგრამ ორივე არასწორია. ღმერთი არც კაცია და არც ქალი, ვინაიდან იგი პიროვნება საერთოდ არ არის.
მაშ, რა არის ღმერთი? არ იკითხო „ვინ არის ღმერთი?“ იკითხე „რა არის ღმერთი?“ სიცოცხლე ღმერთია. სიყვარული ღმერთია. სინათლე ღმერთია. ის ეგზისტენციური გამოცდილებაა. ღმერთს, როგორც ობიექტს, ვერასდროს შეხვდები. შენ შეხვდები ღვთიურობას, როგორც შინაგან მოზღვავებას. რაღაც შენში ყვავის... შენ კი ყვავილსაც ვერ პოულობ, მხოლოდ სურნელს გრძნობ. ღმერთი ყვავილი არ არის, ის სურნელია.
მე ვერ მიგითითებ თუ სად არის ღმერთი, თუ ვინ არის ღმერთი. მე მხოლოდ ის შემიძლია, სურნელის შესახებ ჩემეულ გამოცდილებაზე გესაუბრო.
არსებობა ღვთიურობითაა სავსე. ყველაფერი ღვთიურია - ყვავილები, ჩიტები, კლდეები, მდინარეები... საჭირო არ არის ტაძარი ან ეკლესია შექმნა ღმერთისთვის - ეს სისულელეა, ვინაიდან, ღმერთი ყველგანაა! ვისთვის ქმნი ტაძარს, ეკლესიას და მეჩეთს? თუ ლოცვა გინდა, ყველგან შეგიძლია ილოცო. სადაც არ უნდა მოიდრიკო, შენ ღმერთს სცემ თაყვანს, ვინაიდან სხვა არაფერი არსებობს.
შენ უნდა გაიგო ჩემი ენა. აქ „რწმენა“ უარყოფითი სიტყვაა. რწმენა ცოდნაში ხელს გიშლის, ვერ გეხმარება. სწორედ რწმენის გამო არიან ადამიანები დაყოფილი. იგი არ ეხმარება ადამიანს სულიერ ზრდაში. იგი ერთ-ერთი უდიდესი დაბრკოლებაა. სწორედ რწმენა გყოფთ ქრისტიანებად, ინდუისტებად, მაჰმადიანებად. სწორედ რწმენა ყოფს დედამიწას. სწორედ რწმენა წარმოშობს ომებს.
რა წამს ირწმუნებ, კაცობრიობასთან ერთიანობას კარგავ: შენ ხდები ქრისტიანი ან ინდუისტი ან მაჰმადიანი. არასწორი გზით წახვედი, მოწამლული ხარ! და ახლა, გამუდმებით იბრძოლებ შენი რწმენისთვის. ყველა ის ხალხი, ვინც თავისი რწმენისთვის იბრძვის, ჰგვანან ბრმებს, რომლებიც სინათლის რწმენით იბრძვიან - სინათლე კი არც ერთმა არ იცის რა არის.
ასეთი რამ მსმენია:
ერთი პოლიციელი თავის უბანში პატრულირებდა, რა დროსაც ორი კაცის ჩხუბს შეესწრო. მათ გვერდით პატარა ბიჭი იდგა, რომელიც ყვიროდა: „მამიკო, მამიკო!“
პოლიციელმა კაცები გააშველა, მიუბრუნდა ბიჭს და ჰკითხა, „ბიჭუნა, რომელია მამაშენი?“
„არ ვიცი,“ ცრემლების წმენდით მიუგო ბიჭმა, „სწორედ ამის გამო ჩხუბობენ.“
ნამდვილად იცი ვინ არის ღმერთი? შენ ისიც კი არ იცი შენ ვინ ხარ და ღმერთი ვინ არის საიდან უნდა იცოდე? შენთან ყველაზე ახლო მყოფ რეალობასაც კი არ გაცნობიხარ - რომელიც შენს გულში სცემს, რომელიც შენში სუნთქავს, რომელიც შენში ცოცხლობს - და შენ ფიქრობ, რომ არსებობის მთლიანობას გაეცნობი? უსასრულოს, ვრცელს, მარადიულს? შენ საკუთარი არსებობაც კი არ გიგემია. ზღვის ერთი წვეთიც არ გაგისინჯავს და გსურს მთელი ზღვა გასინჯო?
შენ ზღვასთან არასდროს მისულხარ! წმინდა წიგნებთან მიდიხარ. ზღვასთან არასდროს მისულხარ - მღვდლებთან მიდიხარ. შემდეგ რწმენას ქმნი, რწმენა კი შენი შიშიდან მომდინარეობს. არა სიყვარულიდან, არა ცოდნიდან, არა გამოცდილებიდან - უბრალოდ, შენი შიშიდან მომდინარეობს. გწამს, ვინაიდან მარტო ყოფნისას გეშინია; პატარა ბავშვივით ხარ, გინდა ვინმესთან ერთად იყო, მას ჩაეკონო. მამობრივი ფიგურა გჭირდება! რომელსაც ყოველთვის ახედავ, რომელსაც შენს პასუხისმგებლობას გადააბარებ, რათა ყოველთვის იტირო, იქვითინო და უმწეო მდგომარეობაში დარჩე.
სწორედ შენი შიშისგან შექმენი ღმერთი. შიშისგან შექმნილი ღმერთი კი მანკიერია, პათოლოგიურია. სიკეთეს არ მოგიტანს: იგი უფრო და უფრო პათოლოგიურს გაგხდის.
ეგრედ წოდებული რელიგიური ადამიანი თითქმის პათოლოგიურია. იგი ნევროტიკულია. მონასტერში წადი, თვალგახელილმა მიმოიხედე და უბრალოდ გაოცდები, რელიგიის სახელით ათასობით და ათიათასობით პათოლოგი მსახურობს. ხალხი კი არ ჯანმრთელდება და მთლიანდება, უფრო და უფრო უმწეონი, შეშინებულნი და ექსცენტრიულნი ხდებიან. რა თქმა უნდა, მათი ნევროზი ისეთი ფორმისაა, რომელსაც ყველა პატივს სცემს.
ფროიდი მართალია, როდესაც ამბობს, რომ რელიგია კოლექტიური ნევროზია. მას ვეთანხმები. ეგრეთ წოდებული რელიგიური ხალხი ნევროზულები არიან. თუ ერთი რომელიმე ადამიანი მათსავით მოიქცევა, იფიქრებ, რომ გიჟია; მაგრამ თუ დიდი რაოდენობა იქცევა იგივენაირად, ფიქრობ რომ ეს რელიგიასთანაა კავშირში.
ამას წინათ მაჰათმა განდის მიმდევარზე ვსაუბრობდი, მისი სახელი გახლავთ პროფესორი ბჰანსალი. მან მდუმარების ფიცი დადო. უნდა ვიცოდეთ, რომ ნამდვილი მდუმარება, არასდროს წარმოიქმნება ფიცისგან. ფიცის ფენომენი იმაზე მიუთითებს, რომ მდუმარება დაკისრებაა, სიცრუეა, ფსევდოა, ძალადობრივია. სხვა შემთხვევაში, ფიცის დადების საჭიროება არ არსებობს. თუ მდუმარების მშვენიერებას ხედავ, უბრალოდ ჩუმად იქნები! ფიცს რატომ დადებ? ხვალისთვის რატომ გადადებ? რატომ იტყვი, რომ „ამის შემდეგ მდუმარებაში ვიქნები და ერთ სიტყვასაც არ ვიტყვი?“ ვის გამო დებ ამ ფიცს?
შენ რომ მდუმარების სილამაზე გესმოდეს, შენ რომ მისი სიხარული გამოგეცადა, შენ რომ მასში ჩამდნარიყავი, შენ რომ მასში ჩაფლულიყავი - რა აზრი ექნებოდა ფიცს? შენ არასდროს დებ ფიცს, „ფიცს ვდებ, რომ მეყვარება მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე“. შენ არ დებ ფიცს, რომ „მე შევჭამ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე“, შენ არ დებ ფიცს, რომ „მე ვისუნთქებ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“. ეს ხომ სისულელე იქნებოდა! შენ სიამოვნებას იღებ სიყვარულისგან - ფიცის დადება არ გჭირდება. ხალხი დებს დაუქორწინებლობის ფიცს, და არა სიყვარულისას - რატომ? იმიტომ, რომ დაუქორწინებლობა არაბუნებრივია, ძალდატანებითია. როდესაც დაუქორწინებლობა ბუნებრივია, სპონტანურია, ფიცს არავინ დებს.
დავუბრუნდეთ იმ კაცს, პროფესორ ბჰანსალის, მე მას ვიცნობ, მან მდუმარების ფიცი დადო და ჰიმალაიზე წავიდა. ორი-სამი წელი მდუმარებაში იყო. ეს რთული იყო. მას გამუდმებით ბრძოლა ჰქონდა საკუთარ თავთან - ეს რეპრესია იყო, დიდი რეპრესია. იგი ორად გაიხლიჩა: ერთი, რომელიც ცდილობდა დაეცვა ფიცი, მეორე კი ბუნებრივი, რომელსაც ადამიანებთან ბაასი, კომუნიკაცია სურდა.
ერთ ღამეს, როდესაც მას წყვდიადში ეძინა, ვიღაცამ გადაუარა. მას ეძინა, ძილში კი ფიცი არ გახსოვს. მან დაიყვირა, „ვინ ხარ? ბრმა ხარ თუ რა? ვერ ხედავ რომ მძინავს?“ შემდეგ კი გაახსენდა, რომ ფიცი დაარღვია. ბუნებრივია, თავი დამნაშავედ იგრძნო; ძალიან დიდი დანაშაულის გრძნობა გაღვივდა მასში. მან ფიცი დადო, რომელიც გატეხა. იგი ნამდვილად მაზოხისტი იყო, სხვა შემთხვევაში, რატომ დადებდა მდუმარების ფიცს?
ლაპარაკი, ადამიანებთან კომუნიკაცია ხომ უდიდესი სიხარულია! რატომ უნდა ჩაიკეტოს ადამიანი საკუთარ არსებაში? ეს არაჯანსაღია. მაგრამ იგი თავს დამნაშავედ გრძნობდა - თავის დასასჯელად ნაკელის ჭამა დაიწყო. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თავის დასასჯელად ტუჩები სპილენძის მავთულით ამოიკერა. ესეც არ იყო საკმარისი - სიგიჟეს საზღვრები არ აქვს. იგი კაქტუსის ბუჩქებში ჩახტა და შიშველი გორაობდა, ათასობით ეკალი ჰქონდა სხეულში, თუმცა არავის აძლევდა ამოღების ნებას. მთელი სხეული დაეფლითა.
თუმცა, ძალიან ცნობილი გახდა - მაჰათმა გახდა. ხალხი მასთან მიდიოდა და თაყვანს სცემდა. რას უწოდებთ ამ კაცს? უწოდებთ მას მაჰათმას? თუ თქვენში რაიმე გრძნობა შემორჩა, მას პათოლოგს უწოდებთ. მას ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება, შესაძლებელია ელექტროშოკი; მას ფსიქოანალიზი სჭირდება. თუმცა, იგი მაჰათმა განდის ცნობილი მოწაფე იყო - მაჰათმა განდის დონეზე.
ეს ხდება საუკუნეების მანძილზე. არსებობდნენ ქრისტიანი წმინდანები, რომლებიც საკუთარ თავს სცემდნენ ყოველ დილით, სხეულს იზიანებდნენ; ხალხი კი მათთან თაყვანისსაცემად მიდოდა, რათა ენახა ვინ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა საკუთარ თავს. და ის, ვინც საკუთარ თავს სხვებზე მეტ ზიანს მიაყენებდა, რასაკვირველია უფრო დიდი წმინდანი იყო.
ის ხალხი, ვინც თვითგვემას ეწეოდა, ვინც თანდათან იკლავდა თავს, პათოლოგები იყვნენ; და ხალხი, რომელიც მათთან მიდიოდა, ისინიც პათოლოგები იყვნენ. წმინდანები მაზოხისტები იყვნენ, ხოლო სეირის მაყურებლები და მადიდებლები კი სადისტები - ისინი ორივენი ცუდ მდგომარეობაში იყვნენ.
არსებობენ წმინდანები, რომელთაც საკუთარი გენიტალიები მოიჭრეს. არსებობენ ქალი წმინდანები, რომელთაც საკუთარი მკერდი მოიჭრეს. რას უწოდებთ ასეთ ხალხს? მაგრამ ისინი, საკუთარი რწმენის მიხედვით ცხოვრობენ - ისინი მორწმუნეები არიან!
ადამიანი ამ სულელურ რელიგიურობას უნდა ერიდოს. ადამიანი ამ სისულელეს უნდა ერიდოს, რომელიც საუკუნეებია გრძელდება. ამ სისულელის გამოა, რომ რელიგია ყველას ცხოვრების ნაწილი არ გამხდარა.
არა, რელიგია არ საჭიროებს რწმენაზე დაყრდნობას. რელიგია გამოცდილებას უნდა ეყრდნობოდეს - არა შიშს, არამედ სიყვარულს; არა სიცოცხლის უარყოფას, არამედ სიცოცხლის დადასტურებას. რელიგია არ უნდა იყოს რწმენა - ეს უნდა იყოს ცოდნა, გამოცდილება. ამის გამო ვამბობ, რომ „რწმენა“ აქ უარყოფითი სიტყვაა. „ცოდნა“, „სიყვარული“, „ყოფნა“ - ესენია ნამდვილი სიტყვები.
და რწმენა ხელს უშლის მათ: თუ გწამს, ვერ გეცოდინება, თუ გწამს, ვერ გეყვარება, თუ გწამს, ვერ დაინახავ. და გახსოვდეს: მე არ ვამბობ, რომ რწმენა არ უნდა გქონდეს, ვინაიდან ურწმუნოებაც რწმენაა. ათეისტი და თეისტი ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან - ისინი ერთ ნავში სხედან, ისინი თანამგზავრები არიან. თეისტს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, ათეისტს სწამს, რომ ღმერთი არ არსებობს - მაგრამ ორივეს სწამს. მათი რწმენა ანტაგონისტურია, მაგრამ ვიდრე რწმენა არსებობს, ისინი მორწმუნეები არიან. დიდი განსხვავება არ არის.
აი რას ვამბობ: არც რწმენა და არც ურწმუნოება არ არის საჭირო - ვინაიდან შენ არ იცი, როგორ უნდა გწამდეს? ვინაიდან შენ არ იცი, როგორ არ უნდა გწამდეს? როდესაც რწმენა და ურწმუნოება ჩაიხშობა, დგება სიჩუმე. როდესაც რწმენა და ურწმუნოება უჩინარდება, ღია ხარ ჭეშმარიტების მისაღებად; მაშინ არ გაქვს ცრურწმენა, შენი გონება არ პროექცირებს. შენ ხდები მიმღები.
არც რწმენა და არც ურწმუნოება. უბრალოდ იყავი ყურადღებიანი, მიმღები, ღია! - და შენ გეცოდინება.
და რას უწოდებ ამ ცოდნას, მნიშვნელობა არ აქვს - მას ღმერთს უწოდებ, გასხივოსნებას თუ ნირვანას, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს! ეს სიტყვები მხოლოდ სიტყვებია. ნებისმიერი სიტყვა შეასრულებს ამ ფუნქციას, ხ, ჯ, ჰ-ც შეასრულებს ამ ფუნქციას. მაგრამ თავდაპირველად თავი უნდა დააღწიო რწმენასა და ურწმუნოებას.
რწმენისა და ურწმუნოებისგან თავის დაღწევით, გონებას დააღწევ თავს. და მხოლოდ გონების არარსებობის მდგომარეობაში მოდის ცოდნა. გონების არარსებობის მდგომარეობა ნეტარებაა...
მეორე შეკითხვა:
შანკარაჩარია არ არის გასხივოსნებული? - მაშ, რატომ ჩააგდეთ მასთან დაკავშირებული საუბრების სერიები?
იგი გასხივოსნებულია, შესანიშნავად გასხივოსნებული. ჩემს მიერ შემოთავაზებული საუბრების სერიის ჩაგდება არ ნიშნავს, რომ ის გასხივოსნებული არ არის. მაგრამ მისი გადმოცემა ჩვეულებრივია, ძალიან ჩვეულებრივი, მოსაწყენი, ტრადიციული. საკუთარი გამოცდილების მისეული გადმოცემა ჩვეულებრივია.
ბუდას გადმოცემა არაჩვეულებრივია. ბუდას გადმოცემა განსაკუთრებულია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი გამოცდილებები ერთმანეთზე დაბლა ან მაღლა დგას - არა. გასხივოსნება გასხივოსნებაა - არ არსებობს უფრო მეტი ან ნაკლები. რაც ბუდამ იცის, ის შანკარაჩარიამაც იცის.
ეს ამას ჰგავს: შენ მიდიხარ ჰიმალაიზე. ხედავ ჰიმალაის სილამაზეს, ქალწულებრივ სიჩუმეს და მწვერვალებს, რომლებიც საუკუნოვანი სპეტაკი თოვლით არიან დაფარულნი. შენ მას მთელი შენი არსებით შეიგრძნობ. ყველა შენი ბოჭკო ვიბრირებს ლოცვით, რომ ჰიმალაი არსებობს. უკან ბრუნდები და ვიღაც გეუბნება, „გთხოვ, დამიხატე პატარა ნახატი, რათა შენი გამოცდილება ვიხილო. საკმარისად იღბლიანი არ აღმოვჩნდი, რომ ჰიმალაიზე წავსულიყავი, არ შეგიძლია პატარა ნახატი დამიხატო?“ აქ განსხვავებები იქნება.
ვან გოგი რომ ჰიმალაიზე წასულიყო, ის სრულიად განსხვავებულ ნახატს დახატავდა; შენ თუ დახატავ, ეს ვან გოგი არ იქნება - შენ ხატვა არ იცი. თუმცა, შენც ისევე იყავი ჰიმალაიზე, როგორც ვან გოგი.
ან ვინმე გთხოვს, „შეგიძლია შენი გამოცდილების შესახებ მიმღერო?“ სიმღერები განსხვავებული იქნება. ასეც უნდა იყოს. პოეტს შეუძლია ლამაზად იმღეროს, შეუძლია ლექსები შეთხზას. შენი ლექსი ლექსი არ იქნება; მაქსიმუმ ლიმერიკი იყოს - ის დიდებული ხელოვნება ვერ იქნება. ეს დამოკიდებულია შენს უნარზე.
ბუდა იმ სამყაროს ვან გოგია, ასევეა ტილოპა, ასევეა სარაჰა, ასევეა ჰაკუინი. ისინი იმ სამყაროს არისტოკრატები არიან! შანკარა ჩვეულებრივია. არჩევის დროსაც კი სურვილის გარეშე ავირჩიე. ბევრი სუტრის გამოტოვებას ვფიქრობდი. მასში რამდენიმე ბრილიანტია, თუმცა ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ნაგავია. თუ ძალიან ღრმად მოიძიებ, რამდენიმე ბრილიანტს იპოვი, თუმცა ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს არანაირი ღირებულება არ გააჩნია.
ბუდას ნათქვამიდან ყველა ბრილიანტია - ნაგავს საერთოდ ვერ იპოვი. შანკარასთან, შესაძლებელია ბრილიანტები გამოგრჩეს, თუმცა ბუდასთან ამის გამოტოვება შეუძლებელია, თითქმის შეუძლებელია გამოტოვება. შეიძლება ერთი გამოგრჩეს, შეიძლება ორი გამოგრჩეს, შეიძლება სამი გამოგრჩეს - ამდენი ბრილიანტი როგორ უნდა გამოგრჩეს? ბრილიანტთა რიგები როგორ უნდა გამოგრჩეს?
შანკარა იმდენადვე გასხივოსნებულია, რამდენადაც ბუდა, თუმცა მისი გამოცდილება არაფრითაა გამორჩეული. ამიტომაც მოახდინა ინდოელებზე ასეთი შთაბეჭდილება! ბუდას არ მოუხდენია შთაბეჭდილება. ბუდა იმდენად მაღლა დარჩა, რომ მათ თავზე გადაუარა. შანკარამ კი მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შანკარა ინდუიზმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელია. ბუდასთვის იქ ადგილი არ არის. რა მოხდა?
არაფრით გამორჩეული გონებისთვის შანკარა მიმზიდველი, ახლო აღმოჩნდა; შანკარასა და არაფრით გამორჩეულ გონებას შორის სიახლოვე იყო. ხოლო ბრბო არაფრით გამორჩეულია. იმისთვის რომ ბუდას გაუგო, ინდივიდი უნდა გახდე; შანკარას გაგება რთული იქნება თუ ინდივიდი ხარ - ამისთვის ბრბო უნდა იყო.
შანკარას განცხადებები ბრბოსთვის არის განკუთვნილი. იგი ძალიან ღრმად ჩავიდა ინდოელების გონებაში. მან ინდურ გონებაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
ბუდა გაუჩინარდა! ინდურმა გონებამ ბუდას კვალი დაკარგა. ძალიან დაშორდა. თუმცა, თუ ჰიმალაიზე წასვლა გინდა, რატომ ევერესტზე არ წახვალ?
ამიტომაც ჩავაგდე ეს სერიები.
მესამე შეკითხვა:
რატომ არიან მშობლები შვილების მიმართ ასეთი სასტიკები? კეთილგონიერია მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება? როგორ აიცილოს ადამიანმა იმავე შეცდომის დაშვება?
მშობლები შვილების მიმართ სასტიკები არიან, ვინაიდან მათში ინვესტიცია აქვთ ჩადებული. მშობლებს ამბიციები აქვთ, რომელთა დაკმაყოფილება შვილების მეშვეობით სურთ - ამიტომაც არიან სასტიკები. მათ შვილების გამოყენება სურთ. იმ მომენტში კი, როდესაც ვიღაცის გამოყენებას ცდილობ, სასტიკი ხდები. თავად იდეაში, გამოიყენო ვინმე რაიმეს მიღწევის საშუალებად, სისასტიკე შემოდის, ძალადობა შემოდის.
არასოდეს მოექცეთ სხვა ადამიანს, როგორც რაიმეს მიღწევის საშუალებას! ვინაიდან თითოეული ადამიანი საკუთარ მიზანს ემსახურება.
მშობლები სასტიკები არიან, ვინაიდან საკუთარი შეხედულებები აქვთ. სურთ მათი შვილები იყვნენ ესა და ეს; სურთ მათი შვილები იყვნენ მდიდარნი, ცნობილნი, პატივსაცემნი; სურთ მათმა შვილებმა დააკმაყოფილონ მათი დაუკმაყოფილებელი ეგოები. მათი შვილები იქნება მათი მოგზაურობა.
მამას სურდა მდიდარი ყოფილიყო, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. ახლა კი სიკვდილი კარს მოსდგომია; ადრე თუ გვიან მისი სიცოცხლე შეწყდება. იმედგაცრუებულია: ჯერ კიდევ ვერ მოიმკა მოსავალი. მთელი ცხოვრება სიმდიდრეს ეძებდა, ახლა კი სიკვდილი უახლოვდება. ეს ხომ უსამართლობაა. მას სურს მისმა ვაჟმა განაგრძოს მის მიერ დაწყებული საქმე, ვინაიდან ვაჟი მას პატივს სცემს. ის ხომ მისი სისხლია, მისი პროექცია, მისი ნაწილი - ის მისი უკვდავებაა. ვინ რა იცის სულზე? მისი არსებობა ნათელი არავისთვისაა. ხალხს სწამს, თუმცა რწმენა შიშისგან მომდინარეობს, გულის სიღრმეში კი ეჭვი გღრღნის.
ნებისმიერი რწმენა თავის თავში ეჭვს ატარებს. ეჭვის გარეშე რწმენა არ იარსებებდა. ეჭვის დასათრგუნად რწმენას ვქმნით, თუმცა, ეჭვი მუდამ გულს გიღრღნის, როგორც მატლი ვაშლს; შიგნიდან გჭამს, შიგნიდან გალპობს. ვინ იცის ღმერთის და სულის შესახებ? ისინი შეიძლება არც არსებობდნენ.
ერთადერთი უკვდავება რაც ადამიანისთვის ცხადია, მათი შვილებიდან მომდინარეობს - ეს უტყუარია. მამამ იცის, „მე ჩემს ვაჟში ვიცოცხლებ. მალე მოვკვდები, მიწის ქვეშ ვიქნები, მაგრამ ჩემი ვაჟი აქ დარჩება. ჩემი სურვილები კვლავ დაუკმაყოფილებელია“. და ამ სურვილებს თავის ვაჟს ახვევს თავს, მის ცნობიერებაში ნერგავს: „შენ უნდა აასრულო ისინი. თუ მათ აასრულებ, ბედნიერი ვიქნები, მამის წინაშე ვალი მოხდილი გექნება, ხოლო თუ არ აასრულებ - მე მიღალატებ.“
აი საიდან მომდინარეობს სისასტიკე. ნახეთ, მამა იწყებს თავისი შვილის გამოძერწვას საკუთარი სურვილების შესაბამისად. ივიწყებს, რომ შვილს საკუთარი სული აქვს, საკუთარი ინდივიდუალურობა გააჩნია, საკუთარი შინაგანი ზრდა აქვს გასავლელი. მამა კი საკუთარ იდეებს ახვევს თავს. იგი შვილის განადგურებას იწყებს.
იგი ფიქრობს, რომ შვილი უყვარს: სინამდვილეში, საკუთარი ამბიცია უყვარს. მას უყვარს თავისი ვაჟი, ვაინაიდან იგი ინსტრუმენტი გახდება მის ხელში, მიზნის მიღწევის საშუალება. ეს არის სისასტიკე.
შენ მეკითხები: „რატომ არიან მშობლები შვილების მიმართ სასტიკები?“
მათ სხვანაირად არ შეუძლიათ, ვინაიდან დაუკმაყოფილებელი იდეები, ამბიციები, სურვილები გააჩნიათ. სურთ ისინი დაიკმაყოფილონ, ცხოვრების გაგრძელება შვილების მეშვეობით სურთ. ბუნებრივია, რომ ისინი სხლავენ, კრეჭენ, ძერწავენ და თარგზე ასწორებენ საკუთარ შვილებს. შვილები კი ინგრევიან.
ეს ნგრევა გარდაუვალია, ვიდრე ახალი ადამიანი არ მოევლინება დედამიწას, რომელსაც სიყვარულისთვის უყვარს, ვიდრე მშობლობის ახალი გაგება არ იარსებებს: შვილი მხოლოდ იმ უდიდესი სიხარულისთვის გიყვარს, რომელსაც განიჭებს; შვილი გიყვარს, ვინაიდან ის ღვთის საჩუქარია. შვილი გიყვარს, ვინაიდან ღმერთმა შენზე ასეთი წყალობა მოიღო. შვილი გიყვარს, ვინაიდან იგი სიცოცხლეა, შეუცნობელი ადგილიდან მოვლენილი სტუმარი, რომელიც შენს სახლში, შენს ყოფიერებაში დაბუდდა, რომელმაც შენ აგირჩია თავის ბუდედ. შენ მადლიერი ხარ და გიყვარს იგი.
თუ შვილი მართლა გიყვარს, შენს აზრებს თავს არ მოახვევ. სიყვარული არასდროს გულისხმობს საკუთარი აზრების ან იდეოლოგიის სხვისთვის მოხვევას. სიყვარული თავისფლებას გაძლევს. არ გძერწავს. თუ შენს შვილს მუსიკოსობა სურს, არ შეეცდები ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინო. შენ კარგად გეცოდინება, რომ მუსიკოსობა არ არის შესაფერისი პროფესია, რომ იგი სიღარიბისთვისაა განწირული, რომ იგი ვერასდროს გახდება ძალიან მდიდარი, რომ იგი ვერასდროს გახდება ჰენრი ფორდი. იქნებ შენს შვილს პოეტობა სურს და შენ იცი, რომ მათხოვრად დარჩება. შენ ეს ყველაფერი იცი! მაგრამ შენ ამას იღებ, ვინაიდან პატივს სცემ საკუთარ შვილს.
სიყვარული პატივისცემაა. სიყვარული მოწიწებაა. შენ პატივს სცემ! ვინაიდან, თუ ღმერთის ნებაა, რომ ეს შენი შვილის მეშვეობით განხორციელდეს, დაე ასე იყოს. შენ არ ერევი, გზაზე არ ეღობები. არ ეუბნები „ეს ასე არ არის, მე უკეთ ვიცი ცხოვრება, მე ვიცხოვრე - შენ კი ცხოვრების არაფერი გაგეგება. გამოუცდელი ხარ. მე ვიცი რას ნიშნავს ფული. პოეტობა ფულს ვერ გაშოვნინებს. პოლიტიკოსი გახდი, უმჯობესია! თუ არა და ინჟინერი ან ექიმი მაინც.“ იქნებ შვილს გრავიორობა სურს, ან უნდა ხარაზი გახდეს, ან უბრალოდ მოხეტიალე ცხოვრებით იცხოვროს. იქნებ უნდა ცხოვრებით დატკბეს... ხის ქვეშ ან ზღვის სანაპიროზე დაისვენოს და დედამიწის გარშემო იხეტიალოს.
თუ გიყვარს, არ ერევი. აი რას ეუბნები: „კარგი, გზას დაგილოცავ. ეძიე ჭეშმარიტება. ვინც გინდა ის იყავი. წინ არ აღგიდგები. არ შეგაწუხებ ჩემი გამოცდილების გაზიარებით - ვინაიდან ჩემი გამოცდილება, ჩემი გამოცდილებაა. შენ არ ხარ მე. შენ შეიძლება ჩემი მეშვეობით მოევლინე სამყაროს, მაგრამ შენ არ ხარ მე - შენ არ ხარ ჩემი ასლი. შენ ჩემს ასლად ყოფნისთვის არ შექმნილხარ. შენ ჩემი მიმბაძველობისთვის არ შექმნილხარ. მე ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ - შენ შენით იცხოვრე. ჩემი განუცდელი გამოცდილებებით არ დაგამძიმებ, ჩემს შეუსრულებელ მისწრაფებებს თავს არ მოგახვევ. გზას გაგინათებ, დაგეხმარები - როგორიც გინდა, დაე ისეთი იყავი! გლოცავ და შენს გვერდით მიგულე!“
შვილები თქვენი საშუალებით ევლინებიან სამყაროს, თუმცა ისინი ღმერთს ეკუთვნიან, მთლიანობას ეკუთვნიან. ნუ შეეცდებით მათ ფლობას. ნუ იფიქრებთ, თითქოს ისინი თქვენ გეკუთვნოდეთ. თქვენ როგორ უნდა გეკუთვნოდნენ?
როდესაც ეს შემეცნება გაჩნდება თქვენში, სისასტიკე აღარ იქნება.
შენ მეკითხები: რატომ არიან მშობლები შვილების მიმართ ასეთი სასტიკები? კეთილგონიერია მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება?
არა, მე არ ვამბობ, რომ მშობლებზე პასუხისმგებლობის დაკისრება კეთილგონიერია - ვინაიდან, ისინი თავისი მშობლების გამო იტანჯებოდნენ და ასე ... საჭიროა გაგება. განტევების ვაცის პოვნა არაფერს უშველის. ასე ვერ ადგები და იტყვი, „დანგრეული ვარ, ვინაიდან ჩემმა მშობლებმა დამანგრიეს - მე რა ვქნა?“ ვიცი, რომ მშობლები დამანგრეველები არიან. თუმცა, თუ ფხიზლად იქნები და გეცოდინება, შეგეძლება მათ მიერ შექმნილ გზას გადაუხვიო.
ყოველთვის შეგიძლია შენთვის დაგებულ მახეს დაუსხლტე. შესაძლოა თავისუფლება წაგართვეს, თუმცა, თავისუფლება ისეთი არსებითია, მისი სრულიად განადგურება შეუძლებელია. იგი ყოველთვის შენში რჩება და შეგიძლია კვლავ იპოვო. შესაძლოა ეს რთული, მძიმე იყოს, თუმცა შეუძლებელი არ არის.
პასუხისმგებლობის მოხსნას იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა შენ არ გაკისრია, აზრი არ აქვს. ამას აკეთებს ფროიდისეული ფსიქოანალიზი - ეს არის მისი ზიანი. შენ ფსიქოანალიტიკოსთან მიდიხარ და იგი თავს კარგად გაგრძნობინებს. გეუბნება, „რა უნდა ქნა? შენი მშობლები ასეთები იყვნენ - დედაშენი ასეთი იყო, მამაშენი ასეთი იყო, არასწორად გაგზარდეს. ამიტომ იტანჯები ამ პრობლემებისგან.“ თავს კარგად გრძნობ - პასუხისმგებლობა შენ აღარ გეკისრება.
ქრისტიანობა ორი ათასი წელია პასუხისმგებლობას შენ გაკისრებს, თავს დამნაშავედ გაგრძნობინებს, რომ შენ ცოდვილი ხარ. ფსიქოანალიზი მეორე უკიდურესობაა: უბრალოდ გეუბნება, რომ ცოდვილი არ ხარ, თავი დამნაშავედ არ უნდა იგრძნო - შენ შესანიშნავად ხარ. ყველა დანაშაულის სიმძიმე გავიწყდება და ცოდვებს ივიწყებ. სხვები არიან პასუხისმგებელნი!
ქრისტიანობამ დანაშაულის გრძნობის შექმნით დიდი ზიანი მოგვაყენა - ახლა კი ამ ზიანს ფსიქოანალიზი გვაყენებს, მეორე უკიდურესობით, უპასუხისმგებლობის იდეის შექმნით.
გახსოვდეს: მშობლები ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ ასე ასწავლეს - მათი მშობლები ასწავლიდნენ. ისინიც მშობლებმა გაზარდეს. პირდაპირ ზეციდან არ მოვლენილან. მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებას რა აზრი აქვს? ეს არაფერს შველის. ეს პრობლემას არ გადაჭრის. მხოლოდ დანაშაულის გრძნობისგან გაგათავისუფლებს. ეს კარგია. ფსიქოანალიზის სასარგებლო ნაწილი ის არის, რომ დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებს. ხოლო საზიანო ნაწილი კი ის არის, რომ იქ გტოვებს. პასუხისმგებლობის გრძნობას არ გიჩენს.
თავის დამნაშავედ გრძნობდე ერთია, პასუხისმგებლად გრძნობდე - მეორე. მე პასუხისმგებლობის გრძნობას გასწავლით. რას ვგულისხმობ პასუხისმგებლობაში? შენ არ ხარ პასუხისმგებელი შენი მშობლების წინაშე, არც რომელიმე ღმერთის წინაშე, არც რომელიმე მღვდლის წინაშე - შენ პასუხისმგებელი ხარ შენი შინაგანი არსებობის წინაშე. პასუხისმგებლობა თავისუფლებაა! პასუხისმგებლობა იდეაა, რომ „ჩემი ცხოვრების სადავეები მე უნდა ავიღო ხელში. საკმარისია! ჩემი მშობლები ზიანს მაყენებდნენ - რაც უნდა გაეკეთებინათ, გააკეთეს: კარგი და ცუდი, ორივე ჩაიდინეს. მე ახლა მომწიფებული ადამიანი ვარ. ჩემს ცხოვრებას მე უნდა მივხედო და ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც მე მინდა. ახლა მთელი ჩემი ენერგია ჩემი ცხოვრებისკენ უნდა მივმართო.“ და დაუყოვნებლივ იგრძნობ შენში წამოსულ უდიდეს ენერგიას.
დანაშაულის გრძნობა თავს სუსტად გაგრძნობინებს, პასუხისმგებლობა თავს ძლიერად გაგრძნობინებს. პასუხისმგებლობა გაძლევს გულს, თავდაჯერებას, ნდობას.
ეს გახლავთ სანიას (sannyas) მნიშვნელობა. სანიას სურს თავისუფალი იყო ქრისტიანობისგან, ინდუიზმისგან, ჯაინიზმისგან, მაჰმადიანობისგან. სანიას სურს თავისუფალი იყო ფროიდისეული ფსიქოანალიზისა და მსგავსი რამეებისგან. სანიას სურს იცხოვრო ავთენტიკურად, შენი შინაგანი ხმის მიხედვით და არა რომელიმე სხვა ხმის მიხედვით, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს იგი. არა ბიბლიის მიხედვით, არც ყურანის მიხედვით. თუკი ღმერთი ყურანში გარკვეული სიტყვებით საუბრობს, ეს სიტყვები კონკრეტულად მოჰამედს ეკუთვნის და არა შენ. ეს გახლდათ ღმერთის დიალოგი მოჰამედთან და არა შენთან. შენ შენი საკუთარი დიალოგი უნდა ჰპოვო ღმერთთან. შენ შენი საკუთარი ყურანი უნდა იპოვო!
თუკი ღმერთი ლამაზი სიტყვებით საუბრობს, ისინი დიალოგიდან არიან, რომელიც მასსა და მთლიანობას შორის შედგა. ნუ გაიმეორებ მათ. მათ შენთვის მნიშვნელობა არ გააჩნიათ. ისინი შენში არ დაბადებულან, ისინი შენი ნაწილი არ არიან! ისინი პლასტმასის ყვავილებს ჰგვანან: შენ შეგიძლია მოიტანო პლასტმასის ვარდი და ჩარგო ვარდნარში - დიახ, ისინი ამას ჰგვანან - ის ისეთივე არ არის, როგორიც ვარდნარში ბუნებრივად ამოსული ვარდი.
შეგიძლია ხალხი შეცდომაში შეიყვანო. ისინი, ვინც არ იციან, შეიძლება მოტყუვდნენ. მათ შეიძლება დაინახონ, რომ უამრავი ლამაზი ვარდი ჰყვავის ვარდნარში, ისინი კი ყველა პლასტმასისაა. თუმცა, შენ ვარდნარს ვერ მოატყუებ - შენს თავს ვერ მოატყუებ. შენ შეიძლება იესოს სიტყვები გაიმეორო, მაგრამ ეს სიტყვები მანქანაში ჯდომისას არ უთქვამს ღმერთს შენთვის. ისინი შენსკენ არ ყოფილა მომართული. შენ კითხულობ წერილს, რომელიც სხვისთვის არის განკუთვნილი! ეს უკანონოა; ნუ გახსნი ამ კონვერტს. შენ თავად უნდა ეძებო და იპოვო შენი ურთიერთობა მთლიანობასთან.
ამ ურთიერთობას ვუწოდებ პასუხისმგებლობას. პასუხი ნიშნავს სპონტანურ უნარს -დაუკავშირდე. პასუხი ნიშნავს უნარს, უპასუხო ცხოვრებისეულ სიტუაციებს შენი გულის მიხედვით და არა სხვის მიხედვით. როდესაც ამის შეგრძნობას დაიწყებ, ინდივიდი გახდები. ამის შემდეგ დადგები საკუთარ ფეხებზე.
და გახსოვდეს, თუ საკუთარ ფეხებზე დგახარ, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ ერთ დღესაც იარო ფეხების გარეშე და იფრინო ფრთების გარეშე. სხვა შემთხვევაში ვერა.
შენ კითხულობ: და როგორ შეუძლია ადამიანს თავიდან აიცილოს იმავე შეცდომების დაშვება?
უბრალოდ ეცადე გაიგო ეს შეცდომები. თუკი მათი ჩადენის ძირითად არსს დაინახავ, მათ აღარ ჩაიდენ. ჭეშმარიტების დანახვა გარდამქმნელია. ჭეშმარიტება ათავისუფლებს. უბრალოდ დაინახე ძირითადი არსი! - რატომ გაგანადგურეს შენმა მშობლებმა? მათი სურვილები კეთილი იყო, თუმცა, კარგად არ ჰქონდათ გაცნობიერებული. ისინი გაცნობიერებულნი არ იყვნენ. მათ სურდათ, რომ შენ ბედნიერი ყოფილიყავი. რასაკვირველია ისინი ბედნიერებას გისურვებდნენ. ამიტომაც სურდათ მდიდარი, პატივსაცემი ყოფილიყავი; ამიტომაც მოთოკეს შენი მისწრაფებები, შეკვეცეს შენი ფრთები, ყალიბში, ფორმაში მოგიყვანეს, გაგწვრთნეს, ხასიათი მოგცეს, ბევრი რამ დათრგუნეს, ბევრი რამისკენ გიბიძგეს. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მათი სურვილი სწორი იყო: მათ შენი ბედნიერება სურდათ, თუმცა, არ იცოდნენ რას სჩადიოდნენ. გარდა ამისა, მათ თავადაც არასდროს გაუგიათ ბედნიერების გემო. ისინი უბედურები იყვნენ! და უმეცრები.
მათი სურვილი კეთილი იყო - მათზე ნუ გაბრაზდები. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. მათ გამო შეწუხდი, თუმცა ნუ გაბრაზდები. ბრაზს ნუ იგრძნობ! ისინი უმწეონი იყვნენ! ისინი გარკვეულ მახეში იყვნენ გაბმულნი. მათ არ იცოდნენ რა არის ბედნიერება, თუმცა გარკვეული წარმოდგენა ჰქონდათ ბედნიერი ადამიანის შესახებ, რომ ბედნიერი ადამიანი ის არის, ვისაც ბევრი ფული აქვს. ისინი ამისთვის მთელი ცხოვრება მუშაობდნენ. მათ მთელი ცხოვრება გაფლანგეს ფულის გამომუშავებაში, თუმცა იმ სულელური იდეის ზეგავლენის ქვეშ დარჩნენ, რომ ფულს ბედნიერება მოაქვს. და ისინი შენი არსების მოწამვლასაც შეეცადნენ. ისინი შენს მოწამვლას არ ფიქრობდნენ - ისინი ფიქრობდნენ, რომ შენში ელექსირს ასხამდნენ. მათი ოცნებები კეთილი იყო, მათი სურვილები კეთილი იყო, თუმცა ისინი უბედური და უმეცარი ხალხი იყვნენ - ამის გამო მოგაყენეს ზიანი.
იყავი გაცნობიერებული. ეძიე ბედნიერება. აღმოაჩინე როგორ იყო ბედნიერი. იმედიტირე, ილოცე, გიყვარდეს. იცხოვრე მგზნებარედ და გულისყურით! თუკი ბედნიერებას შეიცნობ, სხვის მიმართ ბოროტებას არ გამოიჩენ. როგორ შეგეძლება შენი შვილების მიმართ დესტრუქციული იყო? შენ ვერავის მიმართ ვერ იქნები დესტრუქციული.
თუკი გაცნობიერებული გახდები, ეს საკმარისი იქნება. აღარ იკითხავ, „როგორ შეუძლია ადამიანს თავიდან აირიდოს იგივე შეცდომები?“ თუკი შენ არ ხარ ბედნიერი და გაცნობიერებული, ვერ აიცილებ იმავე შეცდომების დაშვებას - იმავე შეცდომებს დაუშვებ! განწირული ხარ იმავე შეცდომების დაშვებისთვის.
ამდენად, მე არ შემიძლია შეცდომების თავიდან არიდების გასაღები მოგცე - მე მხოლოდ ცოდნა შემიძლია მოგცე. ცოდნა კი ეს არის: შენი მშობლები უბედურები იყვნენ - გთხოვ, შენ ბედნიერი იყავი. შენი მშობლები უმეცრები იყვნენ - შენ გაცნობიერებული იყავი. და ეს ორი რამ - გაცნობიერებულობა და ბედნიერება - სხვა არაფერია თუ არა ერთი და იგივე მონეტის ორი ასპექტი.
დაიწყე გაცნობიერებით და ბედნიერი იქნები! ბედნიერი ადამიანი არაძალადობრივია.
და ყოველთვის გახსოვდეს: ბავშვები ზრდასრულები არ არიან; ბავშვებისგან არ უნდა მოელოდეთ ზრდასრულისთვის დამახასიათებელ ქმედებებს. ისინი ბავშვები არიან! მათ სრულიად განსხვავებული ხედვა აქვთ, განსხვავებული პერსპექტივა. თქვენი დამოკიდებულებები თავს არ უნდა მოახვიოთ. ნება მიეცით ბავშვებად დარჩნენ, ვინაიდან ასეთი აღარასდროს იქნებიან; და როდესაც ბავშვობა უკვე დაკარგულია, ყველა მას მისტირის, ყველა გრძნობს, რომ ის დღეები სამოთხისეული დღეები იყო. ნუ შეუწყვეტთ ამ დღეებს.
ზოგჯერ ბავშვების მსოფლმხედველობის მიღება გიჭირს - ვინაიდან შენ თავად დაკარგული გაქვს! ბავშვი ხეზე აძრომას ცდილობს; რას გააკეთებ? მაშინვე შეშინდები - ვაითუ ხიდან ჩამოვარდეს, ვაითუ ფეხი მოიტეხოს, ან რაიმე ცუდი მოხდეს. შენი შიშის გამო მას სასწრაფოდ შეაჩერებ. შენ რომ გცოდნონდა, ხეზე ასვლა რაოდენ დიდი სიხარულია, დაეხმარებოდი და ხეზე ასვლას ისწავლიდა! ისეთ სკოლაში წაიყვანდი, სადაც ხეზე ასვლას ასწავლიან. არ შეაჩერებდი. შენი შიში კეთილია - იგი სიყვარულს გამოხატავს, ხომ შეიძლება ხიდან ჩამოვარდეს. თუმცა, ბავშვს ხეზე ასვლის საშუალება არ მისცე, ეს იგივეა - გაზრდის საშუალება არ მისცე.
ხეზე ასვლაში არის რაღაც არსებითი. თუკი ბავშვი ამას არასდროს გააკეთებს, მთელი სიცოცხლის მანძილზე, გარკვეული თვალსაზრისით მწირი იქნება, რაღაც დააკლდება. შენ მას რაღაც მშვენიერი წაართვი, რომლის შესაცნობად სხვა გზა არ არსებობს! მოგვიანებით, მისთვის ხეზე ასვლა უფრო გაძნელდება, რადგან სულელური ან სასაცილო გამოჩნდება.
ნება მიეცი ხეზე ავიდეს. და თუკი გეშინია, დაეხმარე, მიდი და ასწავლე. მასთან ერთად აძვერი ხეზე! დაეხმარე სწავლაში და აღარ ჩამოვარდება. ბოლოს და ბოლოს, ხიდან ჩამოვარდნა არც ისე ცუდია, მასზე ასვლის სიხარულის განცდის სამუდამოდ წართმევასთან შედარებით...
ბავშვს წვიმაში გარეთ გასვლა და წვიმიან ქუჩებში სირბილი უნდა. შენ გეშინია არ გაცივდეს, პნევმონია ან რაიმე არ დაემართოს - შენი შიში მართებულია! ამიტომ, რამე მოიმოქმედე, რათა სიცივის მიმართ უფრო გამძლე გახდეს. წაიყვანე ექიმთან; იკითხე რომელი ვიტამინები უნდა მიიღოს, რათა წვიმაში სირბილი, სიამოვნება და ცეკვა შეძლოს ისე, რომ არ არსებობდეს გაციების ან პნევმონიის შეყრის საშიშროება. მაგრამ ნუ შეაჩერებ მას. წვიმის დროს ქუჩაში ცეკვა ისეთი სიამოვნებაა! ამის გამოტოვება, რაღაც ძალიან ღირებულის გამოტოვებას ნიშნავს.
თუკი ბედნიერებას შეიცნობ და გაცნობიერებული იქნები, ბავშვს გაუგებ, მიხვდები რასაც გრძნობს.
ბავშვი დახტის, ცეკვავს, ყვირის და კივის, შენ კი გაზეთს კითხულობ, შენს სულელურ გაზეთს. და შენ იცი იქ რა წერია - იქ ყოველთვის ერთი და იგივე წერია, მაგრამ შენ წუხდები. გაზეთში განსაკუთრებული არაფერი წერია, მაგრამ შენ წუხდები. ბავშვს აჩერებ: „ნუ ყვირი! მამიკოს ნუ აწუხებ! მამიკო რაღაც დიადს აკეთებს - გაზეთს კითხულობს.“ და შენ აჩერებ მორბენალ ენერგიას, რაც გადმოედინება, შენ სიცოცხლეს აჩერებ. შენ ძალადობ.
მე არ ვამბობ, რომ ბავშვს ყოველთვის უნდა მისცე უფლება შეგაწუხოს. მაგრამ ასიდან ოთხმოცდაცხრამეტ შემთხვევაში, შენ ტყუილუბრალოდ წუხდები. და თუკი ამ ოთხმოცდაცხრამეტჯერ არ შეაწუხებ, ბავშვი გაიგებს. როდესაც ბავშვის გესმის, მასაც ესმის შენი - ბავშვები ძალიან, ძალიან გულისხმიერები არიან. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მას არასდროს არაფერს უკრძალავ და ერთხელ ეტყვი „გთხოვ, რაღაცას ვაკეთებ...“ ბავშვს ეცოდინება, რომ ამას ის მშობელი კი არ ეუბნება, რომელიც მუდამ უყვირის, არამედ ის მშობელი სთხოვს, რომელიც ყველაფრის ნებას რთავს.
ბავშვებს განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ.
„სიჩუმე მჭირდება“ თქვა მასწავლებელმა „ისეთი სიჩუმე, რომ ქინძისთავის დავარდნის ხმა გაიგონოთ“.
საკლასო ოთახში სრული სიჩუმე ჩამოწვა. დაახლოებით ორი წუთის შემდეგ, უკანა მერხიდან ტანჯული ხმა მოისმა „ღვთის გულისათვის, დააგდეთ“.
პატარა ბიჭუნას პირველი დღე იყო სკოლაში და როგორც კი დედამისმა დატოვა, ცრემლებად დაიღვარა. მიუხედავად მასწავლებლის და დირექტორის მცდელობისა, ის კვლავდაკვლავ აგრძელებდა ტირილს ვიდრე, საბოლოოდ, ლანჩის წინ, გაღიზიანებულმა მასწავლებელმა არ უთხრა, „ღვთის გულისთვის, შეწყვიტე! ახლა ლანჩის დროა, კიდევ რამდენიმე საათი და სახლში წახვალ, ისევ ნახავ დედიკოს“.
პატარა ბიჭუნამ ტირილი მაშინვე შეწყვიტა, „მართლა?“ თქვა მან. „მეგონა აქ უნდა დავრჩენილიყავი ვიდრე თექვსმეტი წლის არ გავხდები!“
მათ მათებური ხედვა აქვთ, მათებური გაგება, მათებური გზები. სცადე გაუგო. გამგები გონება ყოველთვის იპოვის ღრმა ჰარმონიას, რომელიც მასსა და ბავშვს შორის წარმოიშვება. სულელი, გაუცნობიერებელი, გაუგებარი ხალხია ის, ვინც თავიანთ იდეებში ჩაკეტილი რჩებიან და არასდროს უყურებენ სხვების მსოფლმხედველობას... ბავშვებს სამყაროში სიახლე შემოაქვთ. ბავშვები ცნობიერების ახალი ვერსიები არიან. ბავშვები სიცოცხლეში ღვთაებრიობის ახალი კარიბჭეები არიან. პატივი ეცი მათ, გაუგე მათ.
და თუკი შენ ბედნიერი და ფხიზლად მყოფი ხარ, ნუ შეწუხდები იმაზე დარდით თუ როგორ არ ჩაიდინო იგივე შეცდომები - მათ არ ჩაიდენ. მაგრამ ამისთვის, შენი მშობლებისგან სრულიად განსხვავებული უნდა იყო. გაცნობიერებულობა მოიტანს განსხვავებულობას.
მეოთხე შეკითხვა:
პუნაში ჩამოვედი, ვინაიდან შენ ხარ ოსტატი, მე კი დიდი ხანია ოსტატს ვეძებ. როგორ გავიგო ჩემი ოსტატი ხარ თუ არა? მხოლოდ უნდა დავიჯერო რასაც ამის შესახებ ამბობ თუ შევძლებ გიცნო? ველოდები, რომ რაღაც ისეთი მოხდება, რომელიც ჩემს შინაგან ხმას ათქმევინებს „დიახ“ და დავნებდები. შენთან ჩემი ურთიერთობა როგორც ჩანს, მხოლოდ ჩემს თავშია, მაგრამ ვერ ვგრძნობ რომ რაიმეს შეცვლა შემიძლია. შენ შეგიძლია?
პირველ რიგში, შენ ამბობ, „პუნაში ჩამოვედი, ვინაიდან შენ ოსტატი ხარ“. ჭორებს ნუ დაუჯერებ. და შენ ამბობ „მე კი დიდი ხანია ოსტატს ვეძებ“. რატომ ხარ ოსტატზე ასე ჩაციკლული? რატომ ეძებ ამდენი ხანი? რატომ ხარ ასეთი დაინტერესებული ოსტატით? რისთვის? შენ შენი თავი უნდა ეძიო.
შენი არსი ეძიე! შენს ყოფიერებაში უფრო ღრმად ჩადი, საკუთარ სიჩუმეში უფრო ღრმად ჩადი. და მაშინ, უეცრად, როდესაც ოსტატი დაგჭირდება, ის გამოჩნდება - იგი ყოველთვის გამოჩნდება-ხოლმე.
ახლა არასწორ რელსებზე დგახარ. და თუკი ასე ძალიან ეძებ ოსტატს, მას ვერ იპოვი. ბოლოს და ბოლოს, ვიდრე აქ ხარ, ამ რამდენიმე დღის მანძილზე მაინც შეწყვიტე ძებნა. უბრალოდ აქ იყავი და შეიძლება იპოვო კიდეც. იმედიტირე, იცეკვე, იმღერე და აქ იყავი! დაივიწყე ძებნა. ნუ დაიწყებ თვალებით ოსტატის ძებნას. სწორედ შენი ყურება, სწორედ შენი ძალისხმევა, სწორედ შენი ძებნა დაგაბრკოლებს. ძალიან დიდი სურვილი დგება შუაში.
ოსტატთან ურთიერთობა შესაძლებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სურვილი არ არსებობს. ეს სურვილის არმქონე გონებაში ხდება.
და შენ მეკითხები: მხოლოდ უნდა დავიჯერო...?
არა, არანაირად. უკანასკნელი ადამიანი ვარ, რომელიც გეტყვის რომ ჩემი დაიჯერო. უბრალოდ აქ ჩემთან ერთად იყავი, ეს საკმარისია. თუკი აქ ჩემთან ერთად ხარ, მე თავს დაგატყდები. ეს დაპირებაა - მაგრამ არ ეძიო.