იარე ფეხების გარეშე, იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე

ოშო
0
0

იარე ფეხების გარეშე იფრინე ფრთების გარეშე და იფიქრე გონების გარეშე ეს არის ჩემი სწავლება. ამაზე უფრო ზუსტად არაფრის თქმა არ შემიძლია. ცხოვრება ისეთი მისტიკურია, არ შეიძლება მისი ზუსტ ფორმულებამ...

სიყვარული მკვდრეთით აღდგომაა

თავი მესამე

სიყვარული მკვდრეთით აღდგომაა
 
3 იანვარი 1978 წელი, ბუდა ჰოლი
 
პირველი შეკითხვა:
 
რა არის აქ და ახლა?
“ფიქრი“ მის ნაწილს წარმოადგენს?
თუკი ასეა, მაშ ყოველთვის და ყველაფერი ახლაა
თუ... აქ და ახლა მხოლოდ არა-გონებაშია?
 
დივია, ფიქრი საშუალებაა აქ არ იყო  - ამდენად, ფიქრი აქ და ახლა ვერ იარსებებს, მისი ნაწილი ვერ იქნება. ეს შეუძლებელია. ფიქრი შეიძლება ეკუთვნოდეს მხოლოდ წარსულს ან მომავალს. ფიქრი აწმყოს კუთვნილება ვერასდროს იქნება. ეს თავად ფიქრის პროცესში მოიაზრება; ეს მისი მახასიათებელია.
 
იმ მომენტში, როდესაც ფიქრობ, ან წარსულზე ფიქრობ ან მომავალზე. ეს შეიძლება უახლოესი წარსული იყოს, თუმცა მაინც წარსული - აწმყო ვერასდროს იქნება, შეუძლებელია აწმყო იყოს.
 
ფიქრს სივრცე სჭირდება. აწმყო მომენტს კი სივრცე არ გააჩნია. ფიქრი წარსულს და მომავალს ქმნის, რომელშიც იცხოვრებს. რაც უფრო დიდია წარსული, უფრო ადვილად შეუძლია ფიქრს მოძრაობა; აგრეთვე, რაც უფრო დიდია მომავალი, უფრო ადვილად შეუძლია ფიქრს მოძრაობა. აწმყოს არ შეუძლია ფიქრს მოძრაობისთვის საჭირო სივრცე მისცეს.
 
აწმყო მომენტი გახლავთ არა-გონების მომენტი. როდესაც აწმყოში ხარ, შენ არ ფუნქციონირებ როგორც გონება. შენი სხეული აწმყოშია, თუმცა, შენი გონება არასოდეს. შენი სხეული ყოველთვის აწმყოშია - ამიტომაც არის სხეული ასეთი მშვენიერი, ხოლო გონება კი მახინჯი.
 
და საუკუნეების მანძილზე გასწავლიდნენ, რომ გონებისკენ უნდა იყო და არა სხეულისკენ. ეს არის უდიდესი უბედურება, რის გამოც კაცობრიობა ამ დრომდე იტანჯება. თუკი ახალი კაცობრიობა იშვება, ყველაფერი თავის ადგილს უნდა დაუბრუნდეს - შენ სხეულისკენ უნდა იყო და არა გონებისკენ.
 
გამოიყენე გონება, მაგრამ თავი მასთან არასოდეს გააიგივო. გონება კარგი მონაა, თუმცა ძალიან ცუდი ბატონი. სხეული უფრო ბრძენია.
 
როდესაც გშია, გშია აქ და ახლა; არ შეიძლება გშიოდეს მომავალში და არ შეიძლება გშიოდეს წარსულში. როდესაც გწყურია, შენი ყელი ამას მაშინვე გრძნობს - ეს მყისიერია, თანადროულია. შენი გონება კი ყველა მიმართულებით დარბის... ამდენად, შენი სხეული და გონება ერთმანეთს ვერასდროს ხვდება. ასე გახდი გახლეჩილი. ასე შემოვიდა შიზოფრენია ადამიანის ყოფიერებაში.
 
გამოდი გონებიდან და შედი სხეულში. რაც უფრო მეტად იქნები სხეულში, მით უფრო ბუნებრივი იქნები. რაც უფრო მეტად იქნები სხეულში, მით უფრო ახლოს იქნები ღმერთთან. 
 
გონება მხოლოდ მოწყობილობაა. კარგი, სასარგებლო მოწყობილობა. მისი გამოყენება ათასგვარი დანიშნულებით შეიძლება! სწორედ აქედან წარმოიშობა პრობლემა - ვინაიდან ათასგვარი დანიშნულებით შეიძლება მისი გამოყენება, შენ მასზე დამოკიდებული ხდები. თანდათან აწმყო ცნობიერებას კარგავ და გონებაზე ფოკუსირდები. შენი ცხოვრება მშრალ უდაბნოს ემსგავსება.
 
უეცრად შეკითხვები წარმოიშობა - რა არის ცხოვრების საზრისი? - ვინაიდან გონებას არ შეუძლია რაიმე საზრისი მოგცეს. გონება დასასრულს ვერ მოგცემს. გონება ცხოვრებაში ვერ დაგეხმარება. იგი სიცოცხლეს ვერ მოგცემს! მას შეუძლია ტექნოლოგია მოგცეს, უფრო დიდი მექანიზმები მოგცეს, უფრო მეტი სიმდიდრე მოგცეს, თუმცა არ შეუძლია უფრო მეტი სიცოცხლე მოგცეს, უფრო მეტი ყოფიერება.
 
ამდენად, მდიდრები მდიდრდებიან. ტექნოლოგია უფრო მეტად იხვეწება... ადამიანი კი უფრო და უფრო ღარიბი ხდება. ეს უცნაურია! გარეგნულად მდიდრები სიმდიდრის დაგროვებას განაგრძობენ, შინაგანად კი ადამიანი ღატაკდება. კაცობრიობის ისტორიაში, აქამდე არასდროს ყოფილა ამგვარი შინაგანი სიცარიელე, ამგვარი შინაგანი უაზრობა, ამგვარი შინაგანი სიღარიბე.
 
ამის მიზეზი კი ეს გახლავთ: მნიშვნელობა სხეულიდან მოდის - სხეული არის ღმერთის სხეული. გონება ადამიანის მიერ შექმნილია. სხეული კვლავ ღმერთშია. იგი კვლავ ღმერთში არსებობს. იგი კვლავ ღმერთით სუნთქავს.
 
შენ მეკითხები: რა არის აქ და ახლა?
 
თუკი გონებიდან წამოსული პასუხი მოგეცემა, ეს არ იქნება სწორი პასუხი. ვინაიდან, აქ და ახლას ნებისმიერი გონებისმიერი განმარტება არასწორი იქნება; ყველაფერი, რაც არ უნდა იყოს, არასწორი იქნება. გონებამ აქ და ახლას შესახებ არაფერი იცის! როგორ უნდა განმარტოს იგი? უბრალოდ ჩუმად იყავი. ცოტახნით, უბრალოდ იყავი... და ის აქ არის.
 
ეს არის აქ და ახლა! მე განმარტებას არ მოგცემ, ვინაიდან განმარტებები გონებიდან მოდის და განმარტებები გონებას მიაქვს, ხოლო აქ და ახლა ეგზისტენციალური გამოცდილებაა... ეს ხეები, ეს მოჭიკჭიკე ჩიტები, მანქანების ხმაური, მატარებელი, მზე და ხეები... შენ და მე... და ეს სიჩუმე, ეს არსებობა...
 
როდესაც შენში არც ერთი აზრი არ დაცურავს, როდესაც ეკრანი სრულიად ცარიელია, როდესაც არც ერთი სურათი არ მოძრაობს... ეს არის... და ეს ვერ განიმარტება. შენ შეგიძლია გამოცადო იგი; ეს შესაძლებელია. ყველას აქვს უფლება გამოცადოს იგი, მაგრამ როგორ უნდა განმარტო? თუკი მის განმარტებას შეეცდები, ამისთვის წარსული და მომავალი უნდა მოიშველიო. გადმოიღე ლექსიკონები, გადმოიღე ენციკლოპედია ბრიტანიკა, რას ამბობენ ისინი? ისინი ამბობენ, რომ აწმყო მომენტია წარსულსა და მომავალს შორის, მხოლოდ ასე შეიძლება მისი განმარტება! ნუთუ შეიძლება არსებობდეს აწმყოს ამაზე უფრო არასწორი განმარტება? თუკი განსამარტად წარსული და მომავალი უნდა მოიხმო, თუკი აწმყოს განმარტება წარსულისა და მომავლის მოხმობის გარეშე არ შეგიძლია, როგორ აპირებ ამის გაკეთებას?
 
აწმყო არც წარსულია და არც მომავალი და ის არ არის ამ ორს შორის! ის ვერ იქნება ამ ორს შორის, ვინაიდან წარსული აღარ არის, ხოლო მომავალი ჯერ არ დამდგარა. როგორ შეიძლება აწმყო არსებობდეს ორ არარსებულს შორის? აწმყო არსებულია; როგორ შეიძლება არსებობა განიმარტოს ისეთი რაღაცით, რაც არ არსებობს? ეს სრული აბსურდია! მაგრამ აი, აქ არის ლოგიკა. ლოგიკა ძალიან ლოგიკური ჩანს, თუმცა მისი ფესვები აბსურდულობასთან არის დაკავშირებული.
 
აწმყო წარსულსა და მომავალს შორის კი არ არის, აწმყო წარსულსა და მომავალს მიღმაა. აწმყო მარადისობაა. აწმყო დროის ნაწილიც კი არ არის! და დრო კი არ გადის, ჩვენ გავდივართ, დრო რჩება; ჩვენ მოვდივართ და მივდივართ, დრო კი რჩება. ის მომენტი კი არ ხდება წარსული, რომელიც ერთი წუთის წინ აქ იყო, არა. ის ერთი მომენტია, ერთადერთი. ის მარადისობაა. ის არ გადის; ის არსად არ მიდის.
 
ნუთუ, არასდროს დაჰკვირვებიხარ მატარებელში მჯდომი, როდესაც სადგურში იცდი, ხოლო მატარებელი მოძრაობას იწყებს, რომ თითქოს სხვა რელსებზე მდგომი მატარებელიც იწყებს მოძრაობას? ან პირიქით, სხვა მატარებელი იწყებს მოძრაობას და გრძნობ, რომ შენი მატარებელიც მოძრაობს, შემდეგ ახლოდან დააკვირდები და აღმოაჩენ, რომ არა, შენი მატარებელი კი არ მოძრაობს, სხვა მატარებელი მოძრაობს. 
 
დრო რჩება - ჩვენ ვმოძრაობთ, ჩვენ ვიცვლებით. დროის ოკეანე აქაა - თევზი მოძრაობს. მოძრაობა ჩვენს გონებაშია. გონება მოძრაობაა. ჭეშმარიტება უძრავია; იგი ყოველთვის ერთი და იგივეა.
 
უბრალოდ შეხედე: რაც დაიბადე... მას შემდეგ შეიცვალე? კი, რასაკვირველია შენ რაღაც დონეზე შეიცვალე - ტანად გაიზარდე, ახალგაზრდა ან მოხუცი ხარ, უამრავი რამ გამოიარე ცხოვრებაში: გამოცდილებები, იმედგაცრუებები, აღფრთოვანებები, ექსტაზები, ყველაფერი ის რასაც ცხოვრება გაძლევს... თუმცა ღრმად ჩაიხედე, ნამდვილად შეიცვალე იმ დონეზე? შენი არსებობის ცენტრში იგივე არ ხარ? იქ არაფერი შეცვლილა. ისევ იქ ხარ სადაც იყავი, და სადაც ოდესმე იქნები - იქ ყოველთვის ერთი და იგივეა, ერთი კლიმატია.
 
ზედაპირზე რაღაცები იცვლება. ურმის ბორბალი ტრიალს განაგრძობს, მაგრამ ის ისეთ რამეზე ტრიალებს, რაც უძრავი რჩება - ღერძი. შენ ორივე ხარ, წრეწირი და ღერძი, ცენტრი. ციკლონიც კი არ არის ცენტრში - იქ სიჩუმეა. იქ არასდროს არაფერი ირხევა.
ეს არის შენი არსებობა! რა სახელს უწოდებ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ციკლონის ცენტრი... ციკლონის ცენტრი არის აქ და ახლა; ის არ არის დროის ნაწილი. ის მარადისობაა.
 
შენ მეკითხები: რა არის აქ და ახლა?
 
იგრძენი! გამოცადე! ამას ვაკეთებთ აქ! რა არის მედიტაცია? - აქ მოხვედრა ... ახლა. რა არის სიყვარული? - აქ და ახლა მოხვედრა. რა არის დღესასწაული? - აქ და ახლა მოხვედრა. მაგრამ განმარტება შეუძლებელია. მოხვედრა შესაძლებელია, ვინაიდან, სინამდვილეში არსადაც არ წასულხარ. ის აქ არის! შენ ისევ შეგიძლია შეტრიალდე და მის წინაშე აღმოჩნდე.
 
საყვარელ ქალთან ან კაცთან სექსის მომენტში, აქ და ახლა არ გიგრძნია? თუ ეს არ გიგრძნია, მაშ, არ გყვარებია. საყვარელ ქალთან სექსის მომენტში, წარსული არ დაგვიწყებია? იმ მომენტში წარსული სრულიად არ გაუჩინარებულა? იმ მომენტში წარსული, ისტორია და ავტობიოგრაფია გაგაჩნია? თუკი გაგაჩნია, სიყვარული არ გცოდნია. შენ მხოლოდ სიყვარულის თამაშს თამაშობ, ისე რომ არც კი იცი რა არის - შენ არ გყვარებია.
 
სექსის მომენტში შენი ავტობიოგრაფია უჩინარდება. წარსული აღარ არსებობს. თითქოს არც არასდროს გიარსებია. შენ ასაკი აღარ გაქვს, ქალწულებრივი სიახლე ხარ. იმ მომენტში პირველად დაიბადე. იმ მომენტში ხდება ხელახლა დაბადება. სიყვარული მკვდრეთით აღდგომაა. და მომავალი არ არსებობს. არსებობს ხვალინდელი დღე? საყვარელ ქალთან სექსის მომენტში ხვალინდელ დღეზე ფიქრობ? თუ რას გააკეთებ ხვალ? თუკი ასეა, მაშ, შენ ქალთან არ ყოფილხარ და არც შეყვარებული ყოფილხარ. ყველა ფიქრი ჩერდება - ეს არის სიყვარულით გამოწვეული სიხარული!
 
ამის გამო ვამბობ, რომ სიყვარული და სამადჰი ერთმანეთს უერთდება. სექსი უმდაბლესი საფეხურია, სამადჰი კი იმავე კიბის უმაღლესი საფეხური. ისინი ერთსა და იმავე კიბეს ეკუთვნიან - სექსი უმდაბლესი საფეხურია, სამადჰი უმაღლესი საფეხური, თუმცა კიბე იგივეა. ისინი ერთ რაღაცას ეკუთვნიან.
 
ადამიანს ორი რამისგან შეუძლია სამადჰის იდეა შეიცნოს: სექსი და ძილი. ღრმა ძილიც იმავე კიბეზეა. ადამიანი სამადჰის ფენომენით მოცული გახდა. სიყვარულის და ძილის ფენომენით აღფრთოვანდა, ინტერესი აღეძრა, ვინაიდან, ამ ორ მომენტში დრო ქრება, დრო ჩერდება, გონება ჩერდება, აზროვნება აღარ ფუნქციონირებს. და ვინაიდან აზროვნება აღარ ფუნქციონირებს და დრო ჩერდება, არსებობს ექსტაზი და სიხარული. ადამიანს ინტერესი აღეძრა: ნუთუ შესაძლებელია ამ სიხარულის განცდა დაძინების გარეშე? ვინაიდან, ეს ძილში კი ხდება, მაგრამ შენ ვერაფერს იგებ; ის ძალიან გაუცნობიერებელია. მხოლოდ დილით გხვდება მისი ნაკვალევი. თუკი ღამით ღრმად გეძინა, დილით აღდგენილი ძალებით იღვიძებ. თუმცა, ზუსტად იმ მომენტში, როცა ეს მოხდა, იქ არ იყავი. რა იყო ეს?
 
სექსის დროს უფრო გაცნობიერებული ხარ. თუმცა, სექსის მომენტი იმდენად პატარაა, რომკმაყოფილების ნაცვლად იმედგაცრუების შეგრძნებას გიტოვებს. რაც უფრო დიდია სიყვარულის გამოცდილება, მით უფრო დიდია მისგან მიღებული იმედგაცრუება. გახსოვდეს: მხოლოდ დიადი შეყვარებულები არიან სიყვარულით იმედგაცრუებულები. ჩვეულებრივი შეყვარებულები არ არიან სიყვარულით იმედგაცრუებულები, ვინაიდან, რაც უფრო მაღალია პიკი, მით უფრო დიდია ვარდნა. ხოლო პიკი მხოლოდ ერთ მომენტში არსებობს. იგი მოდის და მიდის. ელვასავითაა.
 
და როდესაც პიკი გადაივლის, შენ მისი გემო უკვე გასინჯული გაქვს. ახლა, მასზე უკეთესი აღარაფერი იქნება. მასთან შედარებით ყველაფერი ჩვეულებრივი და მოსაწყენი მოგეჩვენება. შენ რაღაც წმინდა გამოცადე. რაღაც ღვთიური გამოცადე - ღმერთმა გაიელვა, თუმცა მისი სახე ვერ დაიჭირე, ვერ დაადგინე როგორ გამოიყურება და იგი უკვე წასულია. ისეთი სწრაფი და მყისიერი იყო. 
 
ადამიანი დაინტერესდა: ნუთუ შესაძლებელია ამ გამოცდილების გახანგრძლივება? ნუთუ შესაძლებელია ამ გამოცდილებაში ცოტათი უფრო დიდხანს დარჩენა? ნუთუ შესაძლებელია მასში ცოტათი უფრო ღრმად შესვლა? ნუთუ შესაძლებელია ამ გამოცდილების მიღება სექსის გარეშე? ვინაიდან, სექსი თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მეორე ადამიანზეა დამოკიდებული. ეს გარკვეული თვალსაზრისით დამოკიდებულებაა. ხოლო ყველა სახის დამოკიდებულება ანადგურებს შენს თავისუფლებას. ეს მარადიული ბრძოლაა შეყვარებულებს შორის.
 
ისინი ერთმანეთს რაღაც ძალიან ღირებულს აძლევენ, რომელიც საწამლავთან არის შეზავებული. მათ არც ცალ-ცალკე  შეუძლიათ ცხოვრება და არც ერთად. თუ ისინი ცალ-ცალკე არიან, ის სიხარული ენატრებათ, რომელსაც ერთიმეორის მეშვეობით განიცდიდნენ. თუკი ერთად არიან, საწამლავი ბევრია. და ფიქრს იწყებენ: ღირს ეს სიხარული ამად? ვინაიდან მეორეზე დამოკიდებული უნდა იყო. როდესაც მეორე ადამიანზე ხარ დამოკიდებული, შენი თავისუფლება ნადგურდება. შენი თავისუფლება განსაზღვრული, შეზღუდული ხდება. ისე ვერ იხსნები, როგორც გინდა რომ გაიხსნა. ყოველთვის მეორე ადამიანს უნდა უყურო და გაითვალისწინო მისი გრძნობები. გრძნობ, რომ ხელი გეშლება, ბრკოლდები. მეორე ადამიანი შენს ფლობას იწყებს, შენზე თავის ძალაუფლებას ავრცელებს, ვინაიდან მან იცის, რომ მისი მეშვეობით იღებ სიხარულს. 
 
ადამიანმა დაიწყო იმავე გამოცდილების ძებნა, სხვაზე დამოკიდებულების გარეშე. თუკი იგი მხოლოდ სექსუალურ გამოცდილებაზეა დამოკიდებული, მაშ სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. შეგიძლია დროდადრო სექსი გქონდეს, მაგრამ დანარჩენ დროზე რას იტყვი? გამოდის, დანარჩენ დროს გულდამძიმებული და უსიცოცხლო უნდა იყო. შესაძლებელია ეს სიხარული მუდმივად განიცადო, უწყვეტად, ისე როგორც მდინარე მიედინება?
 
ეს გახლდათ ადამიანის ფიქრები, მაგრამ ისინი ძილისგან და სიყვარულისგან მომდინარეობდა. სიყვარულის დროს ზოგჯერ ეს ხდება. ეს გახლავთ მომენტი, რომელსაც ორგაზმს ვუწოდებთ. თუკი დრო ჩერდება, თუკი აზროვნება ჩერდება და შენ აბსოლუტურად აქ და ახლა ხარ, ეს ორგაზმულია.
 
ორგაზმული გამოცდილება გემოს გაგასინჯებს. მე მას ვერ განვსაზღვრავ, მაგრამ შემიძლია მიგითითო გზებზე, რომლებიც მის განცდაში დაგეხმარება. 
 
თუკი ესთეტიკის შეგრძნება გაქვს, მაშინ ესთეტიკური გამოცდილება გაგასინჯებს ამის გემოს. თუკი მხატვრის გული გაქვს, მზის ჩასვლის დანახვისას გული გაგიჩერდება, გულისცემა შენელდება. მზე ჩადის, ეშვება და ეშვება... კიდევ ერთი წუთიც და გაქრება. ყველა ის ფერი, რომელიც ღრუბლებზე გამოსახულა, ის დიდებული სილამაზე - ფრინველები სახლში ბრუნდებიან, დედამიწაზე სიჩუმე ისადგურებს, ხეები დასაძინებლად ემზადებიან, მთელი ბუნება ეთხოვება მზეს... თუკი ესთეტის გული გაქვს, თუკი პოეტი, მხატვარი ან მუსიკოსი ხარ, თუკი შენთვის ცნობილია რა არის სილამაზე, თუკი სილამაზე შენზე ზემოქმედებას ახდენს - არა საშუალოდ, არამედ ძლიერ - თუკი სილამაზე მოწიწებას გიჩენს, მაშინ გეცოდინება რა არის აქ და ახლა. 
 
ეს ზოგჯერ მუსიკის მოსმენისასაც ხდება. მუსიკაზე უფრო მედიტაციური არაფერია. თუკი თავად შეგიძლია რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, ეს ბევრად უკეთესია, ვინაიდან, მოსმენისას ზედაპირზე რჩები, დაკვრისას კი ცენტრში ხარ. თუკი რომელიმე ინსტრუმენტზე უკრავ, ფლეიტაზე, სიტარაზე ან გიტარაზე და მასში იკარგები, აბსოლუტურად იკარგები, დრო ჩერდება, გონება იქ აღარ არის - ბუდას მომენტი დგება და შენ იცი რა არის აქ და ახლა. 
 
ან თუკი ცეკვა შეგიძლია - ეს ჩემთვის ყველაზე სიღრმისეული გამოცდილებაა - თუკი შეგიძლია იცეკვო იმდენად ღრმად, რომ მოცეკვავე გაუჩინარდეს და მხოლოდ ცეკვა დარჩეს, მაშინ შენ იქნები აქ და ახლა.
 
მე არ შემიძლია განვსაზღვრო იგი. თუმცა, შემიძლია მასზე მიგითითო. შენ ეს უნდა გამოცადო. ეს გემოა! თუკი მკითხავ, როგორი გემო აქვს შაქარს, როგორ უნდა განვსაზღვრო? შემიძლია გითხრა, რომ ტკბილია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. ეს ტავტოლოგია იქნება. შენ მკითხავ - რა არის ტკბილი? მე უბრალოდ სხვა სიტყვით შეგიცვლი. თუკი ვიტყვი, რომ აქ და ახლა ყოფნა, აწმყოში ყოფნას ნიშნავს, მე ამით არაფერს ვამბობ, მე უბრალოდ სიტყვას ვცვლი. ამას აკეთებენ ლექსიკონებიც. 
 
ყველა ლექსიკონი ტავტოლოგიით არსებობს. თუკი ლექსიკონში ჩაიხედავ, გაოცდები. ჰკითხე ფილოსოფოსს ან ფილოლოგს „რა არის გონება?“ ის გეტყვის, „არა-მატერია“. შემდეგ ჰკითხე, „რა არის მატერია?“, ის გიპასუხებს „არა-გონება“. მაგრამ რა აზრი აქვს ამას? მაინც არ იცი. როდესაც მატერიის განმარტება გჭირდება, „გონებას“ იხმობ, თითქოს იცოდე რა არის გონება და ამბობ, „არა-გონება“. როდესაც გონების განმარტება გჭირდება, „მატერიას“ იხმობ, თითქოს იცოდე რა არის მატერია და ამბობ „არა-მატერია“ - მაგრამ არც ერთი არ იცი. როგორ შეიძლება ორმა განუსაზღვრელმა ერთმანეთი განსაზღვროს? ეს შეუძლებელია. 
 
ჰკითხე ფილოლოგს, რომელმაც სიტყვები და ენები იცის - რას გეტყვის? შენ ერთ სიტყვას ჰკითხავ, იგი მეორე სიტყვით შეგიცვლის, მთავარი პრობლემა კი დარჩება. 
 
ერთი ძენის ოსტატი სიკვდილის პირას იყო და მასთან მისი მოწაფეები შეიკრიბნენ. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე აქ და ახლას შესახებ საუბრობდა - ამას აკეთებდნენ ოსტატები საუკუნეების განმავლობაში. მოწაფეებმა ჰკითხეს: „ოსტატო, შენ მიდიხარ და სიბნელეში გვტოვებ. გაქვთ რაიმე უკანასკნელი შეტყობინება ჩვენთვის, რომელსაც გულში სატარებლად დაგვიტოვებ? მას შევინახავთ როგორც წმინდა მოგონებას ჩვენს გულებში“.
 
ოსტატმა თვალები გაახილა... იმ მომენტში, მისი ქოხის სახურავზე ციყვი დარბოდა და ხმებს გამოსცემდა „ტიტ, ტიტ, ტვიი, ტიტ, ტიტ“ - ოსტატმა ხელი ასწია და თქვა, „აი, ეს!“ და განისვენა.
 
რა თქვა ამით? მან უბრალოდ მიუთითა. მან უბრალოდ თქვა, რომ სათქმელი არაფერია. დასანახი ბევრია, სათქმელი კი არაფერი.
 
შენ მეკითხები: “ფიქრი“ მის ნაწილს წარმოადგენს?
 
არა, ფიქრი მის ნაწილს არ წარმოადგენს. ეს იგივეა, გვკითხონ, სიბნელე სინათლის ნაწილს წარმოადგენს? სიბნელე სინათლის ნაწილს არ წარმოადგენს. როდესაც სინათლეა, სიბნელე არ არის; როდესაც სინათლე არ არის - სიბნელეა. ისინი ერთმანეთს არასდროს ხვდებიან. ასევეა გონების მდგომარეობა და აქ და ახლა - ისინი არასდროს ხვდებიან ერთმანეთს.
 
აქ და ახლა ნიშნავს არა-გონებას. არა-გონება ნიშნავს არა-ფიქრს. და შენ ეს იცი! ეს ბევრჯერ მომხდარა შენს თავს. არის მომენტები - პატარა, თუმცა მაინც არის - როდესაც ხედავ, რომ შენში არც ერთი აზრი არ აღიძვრება, არც ერთი ემოცია არ წარმოიქმნება. ეს არის ბუდას მომენტები! შენ მხოლოდ უფრო სწორ ტონალობაში უნდა იყო მათთან, უფრო ღრმად უნდა ჩახვიდე მათში, მხოლოდ შენი აქცენტი უნდა შეცვალო.
 
მაგალითად, წიგნს კითხულობ. ბუნებრივია, შენ ქაღალდზე დაბეჭდილ სიტყვებს კითხულობ, ქაღალდს არ უყურებ. ქაღალდი უკანა ფონზე რჩება - შავი მელნით დაწერილი სიტყვები ფიგურაა, ხოლო თეთრი ქაღალდი ფონი. კითხვის დროს შეიძლება საერთოდ ვერ შენიშნო თეთრი ქაღალდი, მიუხედავად იმისა, რომ ის იქ არის. მის გარეშე ის სიტყვები ვერ იარსებებდა. ისინი მისით არსებობენ, მასზე არსებობენ, მის კონტრასტად არსებობენ. 
 
ერთხელ ასეთი რამ მოხდა: ფსიქოლოგმა პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა. მან მთლიან დაფაზე, სტუდენტების დასანახად, თეთრი ქაღალდი დაამაგრა. შემდეგ მოიტანა თავისი კალამი და ამ დიდ ქაღალდზე პატარა წერტილი დასვა. შავი წერტილი, უბრალო, პატარა წერტილი, ძნელად შესამჩნევი. სტუდენტები ძალიან ახლოდან უნდა დაჰკვირვებოდნენ, რომ დაენახათ. შემდეგ მათ ჰკითხა: „რას ხედავთ?“ ყველამ უპასუხა: „პატარა წერტილს“. და ვერავინ დაინახა თეთრი ქაღალდი. ვერავინ! ორმოცდაათი სტუდენტიდან ერთსაც კი არ უთქვამს: „ჩვენ დიდ, თეთრი ქაღალდის ფურცელს ვხედავთ მთლიან დაფაზე“. არც ერთ სტუდენტს არ უთქვამს! ყველამ თქვა: „შავ წერტილს“. მან კი უბრალოდ იკითხა: „რას ხედავთ?“
 
რა მოხდა? - აქცენტი. მუდმივი კითხვით შენ ყურადღებას ამახვილებ წერტილებზე, ქაღალდზე არსებულ შავ ნიშნებზე, თეთრ ქაღალდს კი ვერ ხედავ. 
 
უბრალოდ შეცვალე აქცენტი. დაიწყე თეთრი ქაღალდის შემჩნევა და არა შავი წერტილის და ეს მოიტანს დიდ რევოლუციას. 
 
როდესაც შენში ორი აზრი მოძრაობს, ამ ორ აზრს შორის არსებობს შუალედი, ინტერვალი, პაუზა. როდესაც შენში ორი სიტყვა მოძრაობს, ამ ორ სიტყვას შორისაც შუალედია. უფრო მეტად ჩაიხედე ამ შუალედებში. ყურადღება არ მიაქციო სიტყვებს, უყურე შუალედებს. 
 
როდესაც გზაზე დგახარ, ჩაატარე ასეთი ექსპერიმენტი: გზაზე დგახარ და მანქანები გვერდზე ჩაგივლიან. შეიძლება საერთაშორისო ავტორბოლაა და მანქანები გვერდზე ჩაგივლიან. ერთმა მანქანამ ჩაგიარა, მეორემ ჩაგიარა, სხვამ ჩაგიარა, თუმცა ორ მანქანას შორის შუალედია... გზა ცარიელი რჩება. უბრალოდ შეცვალე აქცენტი. უბრალოდ შეცვალე გეშტალტი. როგორც გერმანელები იტყოდნენ - შეცვალე გეშტალტი, შეცვალე თარგი. 
 
დაიწყე ყურება ერთ შუალედსა და მეორე შუალედს შორის. იმის ნაცვლად, რომ იფიქრო ერთმა მანქანამ ჩაგიარა, სხვა მანქანამ ჩაგიარა, კიდევ სხვა მანქანამ ჩაგიარა, დაუწყე ყურება შუალედს, რომელმაც ჩაგიარა, მეორე შუალედს, კიდევ სხვა შუალედს - დაივიწყე მანქანები, დაიწყე შუალედების თვლა, თუ რამდენი შუალედი ჩაგივლის. და შენ გაოცდები - იმდენი შუალედი ჩაგივლის, რაც მანამდე არასდროს დაგინახავს!
 
უბრალოდ აქცენტის შეცვლა, გამოსახულებიდან მის ფონზე გადასვლა. აზრები გამოსახულებებია, ცნობიერება ფონია. გონება გამოსახულებებისგან შედგება, ხოლო არა-გონება კი ფონია. უბრალოდ დაიწყე შუალედებში ყურება. შეიყვარე ინტერვალები! მათში უფრო ღრმად ჩადი, უფრო მეტი ეძიე - მათში ნამდვილი საიდუმლოება იმალება. ის არ არის სიტყვებში, რომლებიც შენს გონებაში გაივლიან; ეს სიტყვები წვრილმანებია, შთაბეჭდილებები გარედან. მაგრამ იმის დანახვა, რაზეც ისინი გაივლიან, ის რაკრაკი; ჩაიხედე იმ ცნობიერში. ეს უსასრულოა. ეს არის შენი არსებობა. 
 
იმ ცნობიერს ეწოდება არა-გონება.
 
ამას ნიშნავს ინგლისური გამოთქმა “სტრიქონებს შორის წაკითხვა“. იკითხე სტრიქონებს შორის და ბრძენი გახდები. იკითხე სტრიქონები და მახინჯი სწავლული გახდები, ამა თუ იმ დარგის ექსპერტი, თუთიყუში, კომპიუტერი, მეხსიერება, გონება. იკითხე სტრიქონებს შორის და არა-გონება გახდები. 
 
არა-გონება კი არის აქ და ახლა.
 
მეორე შეკითხვა:
 
შენ ხშირად ამბობ, რომ სანიასა არის მაქსიმალურად ხიფათში ცხოვრება. თუმცა, ჩემი გამოცდილება განსხვავებულია. თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც სანიასას მიღება დავიწყე. რას მოვუსმინო? დაბნეული ვარ.
 
იოგა ბჰარტი, ორივე მათგანი ჭეშმარიტია - სიცოცხლე ძალიან პარადოქსულია. მე შენ გეუბნები: სანიასა არის მაქსიმალურად ხიფათში ცხოვრება... მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მაქსიმალურად ხიფათში ცხოვრებას იწყებ, ყოველგვარი ხიფათის განცდა ქრება. და ცხოვრებაში პირველად, თავს უსაფრთხოდ გრძნობ.
 
ეს რატომ ხდება? 
 
იმ მომენტში, როდესაც საფრთხეს აღიარებ, შენ წყვეტ უსაფრთხოების მოთხოვნას. იმ მომენტში, როდესაც გაიგებ, რომ ხიფათი სიცოცხლის ბუნებაა; იმ მომენტში, როდესაც დაინახავ, რომ უსაფრთხოების მოთხოვნა სიკვდილის მოთხოვნაა... უსაფრთხოდ მყოფი ადამიანი - მკვდარია. თუკი ცოცხალი ხარ, ხიფათში უნდა იცხოვრო.
 
ცხოვრება სახიფათოა, ხიფათზეა დაფუძნებული. ერთ დღეს უნდა მოკვდე - უსაფრთხოდ როგორ იქნები? შენ გიყვარს ქალი. ეს ქალი კვლავაც ცოცხალია. მას შეიძლება სხვა შეუყვარდეს. შეუცნობელია ცხოვრების გზები. ის კვლავაც ცოცხალია, ის არ მომკვდარა. შენ შეგიძლია  მხოლოდ მკვდარ ქალს ან კაცს ენდო. 
 
ამიტომაა, რომ როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, ერთმანეთის მოკვლას იწყებენ, რათა უსაფრთხოება შექმნან. თუკი ქალს მოკლავ, იგი ცოლი გახდება; თუკი კაცს მოკლავ - ქმარი. ახლა შეგიძლია მშვიდად იყო. ქმართან სიმშვიდეა, მაგრამ არა სიცოცხლე. ცოლთან სიმშვიდეა, მაგრამ არა სიცოცხლე. შენ ის იმდენად მოკალი, რომ თავიდან შეყვარება აღარ შეუძლია. თუმცა გახსოვდეს: მართალია მას სხვისი შეყვარება არ შეუძლია, მაგრამ ვერც შენ შეგიყვარებს. შენ სიყვარული გაანადგურე. 
 
შენ ჩიტი დაიჭირე. ხედავდი და მოგწონდა თუ როგორ დაფრინავდა ცაში. ის ისეთი ლამაზი იყო - ფრთაშესხმული თავისუფლება. ახლა გეშინია: ვაითუ გაგიფრინდეს. ამის გამო ფრთები დააჭერი და ლამაზ გალიაში ჩასვი. როგორ ფიქრობ, ეს ის ჩიტია, რომელსაც ცაში ხედავდი? რომელიც ღრუბლებს ეჟღურტულებოდა? ის ლეშია, თუმცა სუნთქავს. და ის იმ სიხარულს ვეღარასოდეს მოგანიჭებს. 
 
ეს სიხარული მხოლოდ ჩიტით არ იყო გამოწვეული. ამაში ბევრი რამ იყო ჩართული... უსაზღვრო ცა, ღრუბლები, მზე, ქარი. იგი თავისუფლებას განასახიერებდა. შენ კი თავისუფლება გაანადგურე. მას ცა წაართვი; ჩიტი მთლიანი კონტექსტიდან ამოიღე. მას უკვე მნიშვნელობა აღარ გააჩნია.
 
ვარდნარში ლამაზ ყვავილს ხედავ. წყვეტ და სახლში მიგაქვს. მაგიდაზე ლარნაკში დებ. თუმცა, ეს ის ყვავილი აღარ არის. შენ ის მოკალი! იგი კვდება. შენ იმ სილამაზეს ვეღარასოდეს იხილავ. მასში ნექტარი მიედინებოდა. ყვავილი მიწასთან იყო დაკავშირებული. მას მიწა კვებავდა, მზე კვებავდა, ქარი ეთამაშებოდა, იქ სურნელი ტრიალებდა... შენ კი კონტექსტიდან ამოიღე. ეს ლამაზი ყვავილი ახლა პლასტმასის ლარნაკში გყავს დატყვევებული, თუმცა იგი მკვდარია.
 
სწორედ ამას ვაკეთებთ... შენ გიყვარდა ქალი, იგი სიცოცხლით აღსავსე იყო - აი, ამიტომ! იგი თავად სიცოცხლე იყო. იგი სიხარული იყო. იგი ცეკვა და სიმღერა იყო. შენ ეს ყველაფერი ერთად შეგიყვარდა. შემდეგ პატიმრად აქციე. შენ სასამართლოში მიდიხარ, მას კანონიერ პირობებს უწესებ, შენ იგი ქალიდან ცოლამდე დაგყავს. ეს მახინჯი ფენომენია: დაიყვანო ნებისმიერი ქალი ცოლამდე, დაიყვანო ნებისმიერი კაცი ქმრამდე. შენ მას  ყველაფერი წაართვი, რაც მშვენიერი და დიდებული იყო, ყველაფერი რაც ღვთაებრივი იყო. 
 
და ახლა შენ ამ ქალთან „გაიჭედე“. გაინტერესებს რა მოხდა. მისი არსებობა დიდ სიხარულს აღარ განიჭებს. ახლა მასთან ყოფნა მოსაბეზრებელია, მოსაწყენია. არ შეგიმჩნევია, ერთად მსხდარი ცოლ-ქმარი რა მოსაწყენად გამოიყურებიან? თუკი მეგობარი ან მეზობელი ესტუმრებათ, ცოტათი გამოცოცხლდებიან, სხვა შემთხვევაში კი საშინლად მოწყენილები არიან... ერთმანეთს უყურებენ და ვერაფერს ხედავენ. მათ ერთმანეთი მოკლეს.  და ბუნებრივია, ისინი გაბრაზებულებიც არიან, ვინაიდან როგორ უნდა აპატიო შენს მკვლელს? ამას ვერ იზამ.
 
უსაფრთხოების იდეას სიცოცხლეში სიკვდილი შემოაქვს. იმის შიშით, რომ არ გაცივდე, წვიმაში არ გადიხარ. იმის შიშით, რომ სხეული არ დაიზიანო, სათამაშო მოედანზე არ მიდიხარ. იმის შიშით, რომ ხიდან არ ჩამოვარდე, ხეზე არ ადიხარ. იმის შიშით, რომ შეიძლება მოკვდე, მთაში არ მიდიხარ. ყველაფრის გეშინია და შენს თავს სიცოცხლეს უკრძალავ.
 
და დგება მომენტი, როდესაც მართალია კვლავაც ცოცხალი ხარ, თუმცა ცხოვრება უკვე გალეულია. უსაფრთხოდ ხარ, მაგრამ რის ფასად? და რაც უფრო უსაფრთხოდ ხარ, უფრო მეტი შიში ჩნდება. 
 
არ შეგიმჩნევია? ღარიბებს უფრო ნაკლებად ეშინიათ, ვიდრე მდიდრებს - ეს ბუნებრივია. მათ უფრო მეტი აქვთ დასაკარგი, ამდენად ხიფათის უფრო მეტად ეშინიათ. მდიდარი უფრო დაუცველად გრძნობს თავს, რადგან შეიძლება კომუნიზმი დაბრუნდეს. ღატაკს რატომ უნდა აშინებდეს კომუნიზმი? იგი ამბობს, „კარგი, დაე იყოს კომუნიზმი! ჩემთვის სულ ერთია“. მდიდარს ყოველთვის ეშინია. ვაითუ ბანკი გაკოტრდეს, ვაითუ ბიზნესი გაკოტრდეს... ვაითუ ეს მოხდეს, ვაითუ ის მოხდეს. ის მუდამ ამაზე წუხს.
 
შემთხვევითი არ არის, რომ მდიდარი ღამით ვერ იძინებს. მდიდარი ადამიანი უძილობისგან იტანჯება. ძალიან გაგიჭირდება იპოვო ღატაკი, რომელიც უძილობისგან იტანჯება. მე არ მიპოვია. მე ვეძებ ღატაკს, რომელიც უძილობისგან იტანჯება, მაგრამ ვერ მიპოვია. ეს მდიდარი ადამიანების დაავადებაა. ღატაკი არაფერზე წუხს. მას დასაკარგი არაფერი აქვს! მდიდარს ათასი სადარდებელი აქვს. იგი დასაძინებლად წვება, თუმცა მისი გონება ტრიალს განაგრძობს. მუშაობას განაგრძობს. ათასი რამ არის მოსაგვარებელი, დასაგეგმი. შეიძლება რამე მოხდეს, როგორ უნდა დაიძინოს? ძილი როგორ უნდა ეღირსოს? მდიდარი იმდენად ღატაკია, რომ ძილზე ხელი არ მიუწვდება. მხოლოდ ღატაკია იმდენად მდიდარი, რომ ძილზე ხელი მიუწვდებოდეს.
 
უბრალოდ უყურე, როგორ ფუნქციონირებს სიცოცხლე: რაც უფრო დაცული ხდები, მით უფრო მეტად გეშინია. და რაც უფრო მეტად გეშინია, მით უფრო მეტი უსაფრთხოება გჭირდება. როცა მეტი უსაფრთხოება გაქვს, კიდევ უფრო მეტად გეშინია... ეს ულმობელი წრეა. 
 
ამიტომ ვამბობ, რომ სანიასა არის მაქსიმალურად ხიფათში ცხოვრებაა.
 
ამაში რას ვგულისხმობ? მე ვგულისხმობ იმას, რომ ცხოვრება ხიფათია. ხიფათის გარეშე ცხოვრება არ არსებობს. ამაში მდგომარეობს ცხოვრების სილამაზე! ყველაფერი შეიძლება დაიკარგოს. ამაშია თამაშის სიამოვნება. თუკი დარწმუნებული ხარ, რომ თამაშს მოიგებ, ამაში სასიხარულო რა იქნება? თუკი მოგება გარანტირებულია, სიამოვნებას ვერ მიიღებ. რაც უფრო ბუნდოვანია გამარჯვება, მით უფრო დიდ სიხარულს გვანიჭებს და მით უფრო მეტად მივილტვით მისკენ.
 
ცხოვრება სახიფათოა. ამის ღრმად გააზრება უსაფრთხოებას მოგიტანთ. შემდეგ აღარ შეგეშინდებათ. ცხოვრება სახიფათოა! შენ შესანიშნავად იცი, რომ  გიყვარს ქალი, რომელსაც შეიძლება კვლავ შეუყვარდეს, ვინაიდან ისევ სუნთქავს, ისევ ცოცხალია. ხვალინდელ დღეზე ვინ რა იცის? შენ არ ხარ ერთადერთი მამაკაცი ამ სამყაროში. რა სულელურია, იფიქრო რომ იმ ქალს არ შეიძლება სხვა ვინმე შეუყვარდეს. მას ეს შეუძლია. და იმიტომ, რომ მას ეს შეუძლია, გიყვარდეს ძლიერ. ხვალინდელი დღის შესახებ ვინ რა იცის? ხვალ შეიძლება ადგეს და წავიდეს, უკან საერთოდ აღარ დაბრუნდეს. ეს შეიძლება შენი უკანასკნელი დღე იყოს - მაქსიმალური მიიღე ამ მომენტისგან. 
 
სანიასას გაგება გახლავთ ის, რომ ხვალინდელი დღე ბუნდოვანია, რომ მხოლოდ ეს მომენტია ჩემი მომენტი - მე უნდა ვიცხოვრო ამ მომენტში ტოტალურად.
 
მე არ ვამბობ, რომ იგი მიგატოვებს, ან უნდა მიგატოვოს. სინამდვილეში, თუკი იგი ამ მომენტში ტოტალურად გიყვარს, როგორ მიგატოვებს? ძლიერ რომ გყვარებოდა, როგორ მიგატოვებდა? 
 
დღევანდელი დღე ხვალეს შობს. ამ მომენტს მომდევნო მოჰყვება. თუკი ეს მომენტი ასეთი ექსტაზურია, როგორ მიგატოვებს? ხიფათი უსაფრთხოებას შობს - იგი ვერ მიგატოვებს. შენი მიტოვება შეუძლებელია - არა კანონების, სასამართლოების, ქორწინებისა და საზოგადოების გამო, არამედ იმიტომ, რომ შენ ის ძლიერ გიყვარს.
 
შენ იგი პირველად აზიარე არა-დროის, არა-გონების არსს. შენ მისთვის სამოთხის კარი ხარ -  როგორ მიგატოვებს? იგი უკვე შენი ნაწილი გამხდარა, შენ - მისი. ეს თავისთავად ხდება. ამის მართვა შეუძლებელია. საფრთხიდან გამომდინარე, შენ ის ტოტალურად გიყვარდა, ხოლო ტოტალური სიყვარული ცხოვრებას უსაფრთხოს ხდის.
 
ამიტომ, ბჰარტი, შენ მართალი ხარ - მე რასაც ვამბობ ჭეშმარიტია, შენ რასაც გრძნობ, ეგეც ჭეშმარიტია. სანიასა უკიდურესი ხიფათია და როდესაც სანიასინი გახდები, შენ ცხოვრების ახალი ხედვა გექნება. ხოლო ამ ახალმა ხედვამ ხიფათზე არაფერი იცის.
 
ვინაიდან ეს ასეთი პარადოქსულია, პრობლემა წარმოიშობა: რას უნდა მოვუსმინო? დაბნეული ვარ.
 
ნუ დაიბნევი. ყოველთვის გახსოვდეს: ყველაფერი ჭეშმარიტი პარადოქსულია. ჭეშმარიტება პარადოქსულია. მხოლოდ ტყუილები არ არის პარადოქსული. როდესაც დაინახავ, რომ რაღაც პარადოქსული არ არის, ფრთხილად იყავი! შეიძლება ტყუილი იყოს.
 
ჭეშმარიტება პარადოქსია. ეს არის ჭეშმარიტების აბსოლუტური თვისება.
 
მესამე შეკითხვა
 
რა არის უსურვილობა? იყო სურვილისგან სრულიად თავისუფალი, თუ იყო სრულიად თავისუფალი არჩევანში, გქონდეს ან არ გქონდეს სურვილი? 
 
სურვილისგან სრულიად თავისუფალი ყოფნა მკვდრად გაქცევს - ცოცხალი აღარ იქნები. აი, ამას გვასწავლიან: იყავი სურვილების არმქონე! მაგრამ რა უნდა ქნა? შენ შეგიძლია დაიწყო სურვილების შეკვეცა; რაც უფრო მეტ სურვილს კვეც, შენი ცხოვრება მით უფრო მწირი ხდება. თუკი ყველა სურვილი განადგურდა, გამოდის სუიციდი ჩაგიდენია, სპირიტული სუიციდი. 
 
არა, სურვილი სიცოცხლის ენერგიაა, სურვილი სიცოცხლეა. მაშ, რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ სურვილისგან თავისუფალი უნდა იყოთ?
 
მეორეს ვგულისხმობ: იყო თავისუფალი, სრულიად თავისუფალი არჩევანში, გქონდეს ან არ გქონდეს სურვილი. სურვილი არ უნდა იყოს აკვიატება - აი, ამას ვგულისხმობ. შენ უნდა შეგეძლოს... მაგალითად, ხედავ ვიღაცის ლამაზ, ახალაშენებულ სახლს და შენში წარმოიშობა სურვილი - გქონდეს ასეთი სახლი. ამ შემთხვევაში თავისუფალი ხარ არჩევანში, გქონდეს ან არ გქონდეს ეს სურვილი? თუ თავისუფალი ხარ, ვიტყვი, რომ სურვილისგან თავისუფალი ხარ. თუ შენ იტყვი, „თავისუფალი არ ვარ. ეს სურვილი ნარჩუნდება.  მისი მოშორება, რომც მინდოდეს, ამის გაკეთება არ შემიძლია - სიმშვიდეს მაკარგვინებს. ეს სახლი მესიზმრება, მასზე ვფიქრობ. იმ გზაზე გავლის მეშინია, ვინაიდან ის სახლი ჩემში ეჭვიანობას წარმოშობს, ის სახლი სიმშვიდეს მირღვევს“. თუ იტყვი - „მე არ შემიძლია თავისუფალი ვიყო არჩევანში, მქონდეს ან არ მქონდეს სურვილი“, მაშინ შენ ჯანსაღ მდგომარეობაში არ ხარ,  მაშინ სურვილები არის შენი ბატონი, შენ მსხვერპლი ხარ. და შენ უფრო მეტად დაიტანჯები, ვინაიდან ჩვენ გარშემო მილიონობით რაღაც ხდება  და თუკი ამდენი სურვილი დაგეპატრონება, განადგურდები.
 
აი ასე ხდება: ვიღაც პრემიერ-მინისტრი გახდა, ახლა შენც გინდა პრემიერ-მინისტრობა; ვიღაც ძალიან გამდიდრდა, ახლა შენც გინდა ძალიან გამდიდრება; ვიღაც ცნობილი მწერალი გახდა, ახლა შენც გინდა ცნობილი მწერლობა. ვიღაც კიდე სხვა რაღაც გახდა.. ვიღაც კიდევ სხვა.. მილიონობით ადამიანი მილიონობით რაღაცას აკეთებს. და ყოველი კუთხე-კუნჭულიდან წარმოიშობა სურვილი, რომელიც შენ გეწებება და გეპატრონება, შენ კი არ შეგიძლია კი ან არა თქვა - ასე გაგიჟდები.
 
ამიტომაა მთელი კაცობრიობა გიჟი. ყველა ეს სურვილი ბევრი სხვადასხვა მიმართულებით გექაჩება. დანაწევრებული ხდები, ვინაიდან ბევრი სხვადასხვა სურვილი იკავებს შენი არსებობის ნაწილებს.
 
და ეს სურვილები წინააღმდეგობრივიცაა. საქმე მხოლოდ იმაში კი არ არის, რომ დანაწევრებული ხარ, არამედ შენში წინააღმდეგობაა. შენს ერთ ნაწილს სურს ძალიან მდიდარი გახდე, მეორე ნაწილს უნდა პოეტი გახდე - ეს კი რთულია. ძალიან რთულია გახდე მდიდარი და პოეტად დარჩე. პოეტი ასეთი სასტიკი ვერ იქნება. მისთვის ძალიან რთული იქნება გამდიდრება.
 
ფული პოეზია არ არის: ფული სისხლია, ფული გამოყენებაა. სახელოვანი პოეტი ვერავის გამოიყენებს. სახელოვან პოეტს სილამაზის გარკვეული ხედვა ექნება. იგი იმდენად მახინჯი ვერ იქნება, რომ ამდენ ადამიანს წაართვას, მხოლოდ საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად - მოხვეტოს ფული.
 
შენ გსურს პოლიტიკოსი გახდე და თანაც გინდა იმედიტირო; გინდა მედიტატორიც გახდე. ეს შესაძლებელი არ არის. პოლიტიკოსები რელიგიურები ვერ იქნებიან. მათ შეუძლიათ თავი მოაჩვენონ, თითქოს რელიგიურები არიან, მაგრამ ისინი რელიგიურები ვერ იქნებიან. როგორ შეიძლება პოლიტიკოსი რელიგიური იყოს? ვინაიდან, რელიგია გულისხმობს არაამბიციურობას, ხოლო პოლიტიკოსი ცარიელი ამბიციაა.
 
რელიგიურობა გულისხმობს: მე ბედნიერი ვარ ისეთი, როგორიც ვარ. პოლიტიკა გულისხმობს: ბედნიერი მხოლოდ მაშინ ვიქნები, როცა სათავეში მოვექცევი - ბედნიერი ვერ ვარ ისეთი, როგორიც ვარ. უნდა ვირბინო და ვიჩქარო და თუ საჭირო გახდება, ყველაფერს გავანადგურებ რაც გზაზე გადამეღობება. თუ სწორი საშუალებით, ხომ კარგი; თუკი არა, მაშინ არასწორი საშუალებით - მაგრამ მე სათავეში უნდა მოვექცე, საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცო.
 
პოლიტიკოსი, რასაკვირველია, არასრულფასოვნების კომპლექსით იტანჯება. რელიგიურ ადამიანს კომპლექსი არ გააჩნია - არც არასრულფასოვნების და არც უპირატესობის. 
 
პოლიტიკოსები თავს აჩვენებენ, თითქოს რელიგიურები არიან, ვინაიდან პოლიტიკაში ეს მომგებიანია. მორარჯი დესაი თავს აჩვენებს, თითქოს რელიგიურია - პოლიტიკაში ეს მომგებიანია. შეხედეთ რა საზიზღრობა ჩაიდინა ჯიმი კარტერმა: ინდოეთში ჩამოვიდა და პირველი, რაც ჩამოსვლისთანავე გააკეთა, სამი საათი ითხოვა ლოცვისთვის. მან იცის, რომ ინდოეთი რელიგიური ქვეყანაა - სამი საათი ლოცვისთვის?! ლოცვა სატრაბახო არ არის. შენ შეგიძლია ეს  შენს საძინებელში აკეთო- სამი წუთი საკმარისია - სამი წამი საკმარისია - ერთი წამიც კი საკმარისია - ვინაიდან, ლოცვას საერთო არაფერი აქვს დროსთან: მას ძალა სჭირდება. სამი საათის განმავლობაში ლოცვა! ცოტა ღმერთზეც იფიქრეთ: უსმინო ჯიმი კარტერს სამი საათის განმავლობაში... საწყალი მოხუცი! ღმერთზე არავინ ფიქრობს! და რას ეტყვი ღმერთს სამი საათის განმავლობაში? საშინლად მოაწყენ! თუმცა, მან იცის, რომ ინდოეთი რელიგიური ქვეყანაა და ამ საქციელით ხალხზე შთაბეჭდილებას მოახდენს.
 
და რისი გაკეთება შეუძლია ჯიმი კარტერს სამი საათის განმავლობაში? რაზე ილოცებს სამი საათის მანძილზე? პოლიტიკოსს სამი წუთის განმავლობაშიც კი არ შეუძლია ლოცვა; იგი მთელი ამ დროის მანძილზე პოლიტიკაზე იფიქრებს.
 
იყო რელიგიური, ნიშნავს იყო არაამბიციური, არ გქონდეს სადმე სხვაგან ყოფნის ამბიცია, ვინმე სხვად ყოფნის ამბიცია - იყო აქ და ახლა!
 
თუკი შენში ეს ორი აზრი ერთადაა, თუ გინდა პოლიტიკოსიც იყო და თან მედიტატორიც, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდები - გაგიჟდები. თუ გულწრფელი ხარ, გაგიჟდები; თუ გულწრფელი არ ხარ, მაშინ არ გაგიჟდები - ფარისეველი გახდები. აი, ვინ არიან თქვენი პოლიტიკოსები.
 
და მე არ ვამბობ, რომ ყველა, ვინც რელიგიაშია პოლიტიკოსი არ არის: ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი პოლიტიკოსია. ისინი განსხვავებული სახის პოლიტიკაში არიან - რელიგიურ პოლიტიკაში. მათ თავიანთი იერარქია აქვთ. მღვდელს სურს პაპი გახდეს - ესეც პოლიტიკაა. ან, ცოდვილს სურს წმინდანი გახდეს - ესეც პოლიტიკაა, ესეც არასრულფასოვნების კომპლექსია; როდესაც რაღაც წმინდის, რელიგიურის, უცოდველის კეთებას დაიწყებ, შენ ივლი ეგოთი  „მე შენზე წმინდა ვარ“. შემდეგ, შენს თვალებში სხვების გაკიცხვა დაისადგურებს; ყველა განწირულია და მხოლოდ შენ გადარჩები. სხვებს სიბრალულით დაუწყებ ცქერას: ეს ხალხი ჯოჯოხეთში მოხვდება.
 
ესეც პოლიტიკაა. 
 
რელიგიურმა ადამიანმა არ იცის ეგო რა არის. ის თავმდაბალიც კი არ არის - გახსოვდეს - ის იმდენად თავისუფალია ეგოსგან, რომ თავმდაბალიც კი არ არის. თავმდაბლობაც ეგოს თვალთმაქცობაა; თავმდაბალი ადამიანიც ცდილობს იყოს თავმდაბალი და ცდილობს დაამტკიცოს - „მე თავმდაბალი ვარ“; ან შეიძლება გულში ღრმად ასეთი აზრიც კი ჰქონდეს დამარხული - „მე ყველაზე თავმდაბალი ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში“. ესეც ეგოა!
 
ბევრი სურვილი მოგიცავს და ბევრი მათგანი წინააღმდეგობრივი იქნება. შენ დაიფლითები, ნაწილებად დაიშლები, მთლიანობას დაკარგავ და ინდივიდი აღარ იქნები.
 
შენ მეკითხები: რა არის უსურვილობა?
 
ეს ორი რამ არის: თუ უსურვილობას ცნობ, მაშინ შენი ცხოვრება სრულიად უნდა შეკვეცო, ყველაფერი უნდა შეიკვეცოს. შენ ჯაინი ბერი გახდები - უბრალოდ ცარიელი ნაჭუჭი, ყველაფრით სრულიად უკმაყოფილო, მათ შორის საკუთარი თავით; არაშემოქმედებითობა, არანაირი დღესასწაული, არც ერთი ყვავილი არ ყვავის. თუ სურვილობას ცნობ, მაშინ, შენ იფლითები. ორივე მახინჯი მდგომარეობაა.
 
სწორი იქნება, იმდენად თავისუფალი იყო სურვილისგან, რომ შეგეძლოს აირჩიო. შენ ყოველთვის შეგიძლია არჩევანის გაკეთება - გქონდეს ან არ გქონდეს. მაშინ შენ ჭეშმარიტად თავისუფალი იქნები. და შენ გექნება ორივე, შემოქმედებითობა, დღესასწაული, სურვილებით მონიჭებული სიხარული და სიჩუმე, მშვიდობა და უსურვილობით მონიჭებული სიმშვიდე.
 
მეოთხე შეკითხვა:
 
საყვარელო ოსტატო, ვიცი რომ ჩვენ არ ვართ სხეული, ან „ღრუბელი“ როგორც შენ მას უწოდებ... თუმცა როცა თვალებს ვახელ, რთულია არ შევნიშნო, რომ შენი ფეხის თითები სიცივისგან ლურჯდება. რატომ არ ატარებ მოსახვევს, ან რატომ არ გვაძლევ ნებას საბანი ან სხვა რამე მოგახვიოთ?!
 
ეს შეკითხვა დივიას ეკუთვნის - თუმცა კიდევ ოთხი მსგავსი შეკითხვაა, ყველა ქალი სანიასინისგან: პრადეეპა, გიან ბჰაკტი, კრიშნა პრიია.
 
მადლობა, თუმცა თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ჩემს ფეხის თითებზე. მათ ძალიან სიამოვნებთ სიცივე. მესმის თქვენი თანაგრძნობა, თუმცა ბავშვობიდან ძალიან მსიამოვნებს სიცივე. როგორ სიამოვნებასაც თქვენ ნაყინი განიჭებთ, ისეთ სიამოვნებას 
ანიჭებს ჩემს ფეხის თითებს სიცივე. ნუ შეწუხდებით მათ გამო, ისინი ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს.
 
მეხუთე შეკითხვა:
 
შენ ყოველთვის ისე ლამაზად ლაპარაკობ შემოქმედებითობაზე და ესთეტიკაზე...! ახალ კომუნაში პოეტებისთვის, მხატვრებისთვის, მოქანდაკეებისთვის, დიზაინერებისთვის, მუსიკოსებისთვის, ხელოსნებისთვის და ა.შ. სამუშაო იქნება?
 
დიახ, კატიაიანი - ხელოვნება ახალი კომუნის რელიგია იქნება.
 
მეექვსე შეკითხვა:
 
შენს სიტყვებს არ ვენდობი. ავიღებ ფრაზას ან თემას და მკერდში ჩავიკრავ - ჩემს კედელზე გავაკრავ - მანტრასავით ვიმეორებ. აჰა, მე გასაღები მაქვს! თუმცა, მეორე დღეს ან მომდევნო კვირაში ამის საწინააღმდეგოს ამბობ. 
 ახლა მეშინია შენი მოსმენის.
 
ეს არის ჩემი მოსმენის მთელი მიზანი: ასე შემგროვებელი არ გახდები. შენთვის არც ერთი აზრი არ გახდება ისეთი მნიშვნელოვანი, რომ დაგისაკუთროს.
 
მე მინდა არა-გონება გახდე. და ის ფრაზები რაც არ უნდა ლამაზი იყოს - თუკი მკერდში ჩაიკონებ და კედელზე გააკრავ, თუკი მანტრასავით გაიმეორებ - გონებას შექმნიან. 
 
ამიტომ ვანადგურებ ჩემს თავს. ერთ რამეს ვამბობ და ვიდრე მას გულში ჩაიდებ, ვანადგურებ. ამას ისე თანმიმდევრულად ვაკეთებ, ისე თანმიმდევრულად, რომ ადრე თუ გვიან შენ არც ერთ ფრაზას არ ჩაიკრავ გულში, არც ერთ ფრაზას არ გააკრავ  კედელზე და არაფერს აიღებ როგორც მანტრას!
 
ის დღე, ამიდა, შენთვის დიდი გათავისუფლების დღე იქნება. შემდეგ უბრალოდ ისე მოუსმენ, როგორც მუსიკას. რატომ არ შეგიძლია ისე მისმინო, როგორც მუსიკას უსმენ? რატომ მისმენ საქმიანი გონებით, რაღაც მიზნით? რატომ ახტები საგნებს და იწყებ მათ შეგროვებას? რატომ არ მისმენ უბრალოდ, უმანკოდ, რაიმეს დაჭერის გარეშე? მისმინე ისე, როგორც მუსიკას უსმენ, ეს გაცილებით უფრო გაგიფართოებს თვალსაწიერს. გონება აღარ გამოიკვებება. 
 
ჩემი აქაური სამუშაო არის გონების განადგურება, ისე რომ არა-გონება გახდეს შენთვის ხელმისაწვდომი.
 
მეშვიდე შეკითხვა:
 
რა არის შეკითხვა? ყველა შეკითხვაზე არსებობს პასუხი? და რატომ სცემ პასუხს ჩვენს შეკითხვებს?
 
შეკითხვა არასწორი გაგებაა. შენ არასწორად გაიგე ცხოვრება, თითქოს იგი პრობლემა იყოს - ამდენად, შეკითხვები წარმოიშობა. ცხოვრება პრობლემა არ არის: ცხოვრება საიდუმლოებაა.
 
არასწორი გაგება შესაძლებელია, ვინაიდან საიდუმლოება პრობლემას ჰგავს, საიდუმლოება გამოცანას ჰგავს - და ეგო მის ამოხსნას ცდილობს. ამდენად შეკითხვა. თუმცა, საიდუმლოება საიდუმლოებას ნიშნავს - ეს გამოცანაა, რომელსაც ვერ გამოიცნობ. საიდუმლოება თავისი განსაზღვრებით ამოუხსნელია. ამდენად ყველა შეკითხვა არარელევანტურია. 
 
როდესაც შეკითხვები არარელევანტურია, შესაბამისად, პასუხებიც არარელევანტურია. შეკითხვა ცხოვრების არასწორი გაგებაა: შენ ფიქრობ, რომ მისი გადაჭრა შეიძლება - ეს არის არასწორი გაგება. არავის არასდროს არაფერი არ გადაუჭრია. უდიდესი ფილოსოფია განვითარდა, თუმცა ერთ შეკითხვასაც კი არ გასცემია  ოდესმე პასუხი. 
 
ადამიანს შეუძლია სჯეროდეს, რომ პასუხი აქვს, თუმცა ეს მხოლოდ რწმენაა. ცოტა უფრო მეტად დააკვირდი და აღმოაჩენენ, რომ შენი პასუხი მხოლოდ დარწმუნება იყო. 
 
პასუხები არ არსებობს.
 
ყველა შეკითხვა მნიშვნელობას მოკლებულია.
 
თუმცა, წარმოიშობა შეკითხვა: ყველა შეკითხვაზე არსებობს პასუხი?
 
ერთი შეკითხვაც კი არ არსებობს, რომელსაც შეიძლება პასუხი გაეცეს. პატარა შეკითხვა: რა არის ყვითელი? - შეუძლებელია პასუხგაცემულ იქნას. შენს მეცნიერებას, შენს ფილოსოფიას და შენს რელიგიას არ შეუძლია უპასუხოს პატარა, სულელურ შეკითხვას: რა არის ყვითელი? როგორ შეგიძლია უპასუხო?
 
უდიდესმა ფილოსოფოსმა, ჯ. ე. მურმა დაწერა წიგნი „ეთიკის პრინციპები“. ორას გვერდზე მხოლოდ ერთ შეკითხვას სვამს: რა არის კარგი? იგი ამ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსი იყო და ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური აზროვნების მქონე. მურს ვერ აჯობებ. იგი მარტივ შეკითხვას სვამს: რა არის კარგი? იგი ათასი გზით სვამს ამ შეკითხვას, ათასი გზით სცემს პასუხს... თუმცა,  დასასრულს იგი ამბობს: კარგი განუსაზღვრელია. 
 
ეს ყვითლის მსგავსია: რა არის ყვითელი?
 
ყველა ფილოსოფია კრახს განიცდის. 
 
არ გეგონოთ, რომ თითქოს არსებობს შეკითხვები, რომლებსაც პასუხი გაეცემა და არსებობს შეკითხვები, რომლებსაც პასუხი ვერ გაეცემა - ვერც ერთ შეკითხვას ვერ გაეცემა პასუხი. შეკითხვის დასმა რეალობისადმი არასწორი მიდგომაა. შეკითხვას სვამ, შეცდომას უშვებ. 
 
შემდეგ, ბუნებრივია კითხულობ: რატომ სცემ პასუხს ჩვენს შეკითხვებს? თუკი არც ერთ შეკითხვას არ შეიძლება პასუხი გეცეს, რატომ გცემთ პასუხს?
 
მხოლოდ იმიტომ, რომ დაგეხმაროთ იმის გაგებაში, რომ ვერც ერთ შეკითხვას ვერ გაეცემა პასუხი. მხოლოდ იმიტომ, რომ გავანადგურო თქვენი შეკითხვები - არა იმიტომ რომ ვუპასუხო, არამედ იმიტომ, რომ გავანადგურო. 
 
შეხედეთ ჩემს პასუხებს! ისინი სინამდვილეში თქვენს შეკითხვაზე პასუხები არ არის - ისინი უბრალოდ ჩაქუჩებივითაა. მე ვცდილობ გავანადგურო თქვენი შეკითხვები - ზოგჯერ თავაზიანად და ზოგჯერ არც ისე თავაზიანად. თუმცა, მთლიანი ძალისხმევა ის არის, რომ  თქვენი შეკითხვები გავანადგურო. 
 
ჩვეულებრივ ვანადგურებ ერთს, შენ მეორეს მაძლევ - შემდეგ ის უნდა გავანადგურო. ეს არის ბრძოლა ოსტატსა და მოწაფეს შორის. ის გრძელდება და გრძელდება. თუმცა, მოწაფე ყოველთვის მარცხდება.
 
რამდენ ხანს გააგრძელებ შეკითხვების დასმას? - ბევრმა თქვენგანმა უკვე შეწყვიტა. თუმცა, ახალი ხალხი მოდის და ისტორია გრძელდება. ერთ დღეს, თქვენ ყველა შეწყვეტთ - შეწყვეტა არა მარცხისგან, არა სასოწარკვეთისგან არამედ გაგებისგან. იმ აზრის დანახვა, რომ ცხოვრება საიდუმლოებაა, რომელიც უნდა იცხოვრო და არა პრობლემა რომელიც უნდა გადაჭრა - ეს არის მეტანოია. შენ მოექეცი. შენ გონებიდან არა-გონებაში გადახვედი. 
 
და ბოლო შეკითხვა:
 
ეს გიჟური, ტკბილი, დატვირთული და ფიზიკურად მომქანცველი, სასიამოვნო მარათონი, რომელსაც დედობას უწოდებენ... რაც ეს ცეცხლის გორგალი მოგვევლინა - უკვე თითქმის ორი წელია - არც ერთი უწყვეტი ღამის ძილი, არც ერთი დასვენების დღე. და მაინც, არაფერი მიმაჩნია უბრალოდ მასთან ერთად ყოფნაზე მნიშვნელოვნად, თუმცა, ძალიან ხშირად არაადეკვატური, დაძაბული და მისით დაღლილი ვარ.
რა არის ამაში სასაცილო?
დამეხმარე! დამეხმარე! საზიზღარი, საზიზღარი, საზიზღარი.
 
აი კიდევ ერთ „ებრაელი დედა“
 
მა პრემ პუნიტა
 
პუნიტა, ბავშვის გაჩენა ერთია, დედობა - სრულიად სხვა. ნებისმიერ ქალს შეუძლია ბავშვი გააჩინოს. ეს ძალიან მარტივი ფენომენია. მაგრამ დედობას ძალიან დიდი ხელოვნება სჭირდება, ძალიან დიდი გაგება სჭირდება.
 
შენ ადამიანს ქმნი - ეს უდიდესი ქმნილებაა! მხატვარი ნახატს ხატავს, ჩვენ ამას დიად ხელოვნებას ვუწოდებთ. პიკასო - ჩვენ მას დიად არტისტს ვუწოდებთ. მაგრამ რას ვამბობთ დედაზე, რომელმაც პიკასო შექმნა? პოეტი ლამაზ ლექსებს წერს, მაგრამ რას ვამბობთ დედაზე, რომელმაც შექსპირი შექმნა? ჩვენ დედებზე არ ვფიქრობთ, როგორც უდიდეს შემოქმედ ხალხზე მთელს დედამიწაზე.
 
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ არ არიან ქალები უდიდესი მხატვრები და უდიდესი პოეტები - მათ ეს არ სჭირდებათ: მათ შეუძლიათ უდიდესი დედები იყვნენ. რატომ ცდილობს კაცი გახდეს უდიდესი მეცნიერი, პოეტი, მხატვარი ესა თუ ის? ის ქალებზე ეჭვიანობს: მას არ შეუძლია ბავშვების შექმნა. იგი თავს უსუსურად გრძნობს. 
 
ზიგმუნდ ფროიდი ძალიან ბევრს ლაპარაკობდა ფალოსურ ეჭვიანობაზე - რომ ქალები ეჭვიანობისგან იტანჯებიან, ვინაიდან პენისები არ აქვთ. ეს სრულიად მნიშვნელობას მოკლებულია, აბსურდია. ეს იცით რას ჰგავს, თითქოს ქალი ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა და ლაპარაკობს, რომ კაცები მკერდთან დაკავშირებული ეჭვიანობით იტანჯებიან, ვინაიდან მკერდი არ აქვთ. 
 
თუმცა, ერთი რამ ცხადია: გულის სიღრმეში კაცი ყოველთვის ეჭვიანობს, რომ არ შეუძლია დედა იყოს, რომ არ შეუძლია მასში სიცოცხლე ატაროს, რომ არ შეუძლია სიცოცხლე გაამრავლოს. ამის სანაცვლოდ ის ხატავს, აქანდაკებს, პოეზიას ქმნის, მუსიკას ქმნის, მთვარეზე მიდის, ევერესტზე ადის. მას სურს, რომ სულ მცირე თავის ქალს დაუმტკიცოს, რომ „მეც შემიძლია რაღაცის გაკეთება“, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს უსუსურად გრძნობს. ქალის შესაძლებლობასთან შედარებით, იგი ბავშვს ჰგავს, მეორეხარისხოვანს ჰგავს. მას ბევრი საქმე არ აქვს, ბავშვის დაბადებაში ის უბრალოდ პროცესს იწვევს. პატარა ინიექციასაც კი შეუძლია ეს გააკეთოს, ეს დიდი სამუშაო არ არის.
 
ქალი ამ ცხრა თვეს აგონიასა და ექსტაზში ატარებს. სამუშაო ამით არ მთავრდება! სინამდვილეში, ნამდვილი სამუშაო ბავშვის დაბადებისას იწყება. ბავშვს სიცოცხლის ახალი ხარისხი შემოაქვს. ყველა ბავშვი პირველყოფილია, ბარბაროსი. დედამ უნდა შეიტანოს მასში ცივილიზაცია. გახსოვდეს, ყველა ბავშვი ბარბაროსია, იგი ცხოველია, ველური. დედამ უნდა მისცეს კულტურა, ცხოვრების გზები ასწავლოს, ადამიანის გზები ასწავლოს. ეს დიდი სამუშაოა. 
 
პუნიტა დაიმახსოვრე - შენი სამუშაო არ დასრულებულა, იგი მხოლოდ დაიწყო. ხალისით მიიღე! შენ რაღაც უაღრესად ღირებულს ქმნი - შენ სიცოცხლეს თლი, სიცოცხლეს იცავ. ეს ისეთი შრომაა, რომელზე დიდიც არც ერთი სახის თავგანწირვა არ არის - ნებისმიერი თავგანწირვა შესაძლებელია და უნდა განხორციელდეს. ეს ერთი.
 
მეორეც: ძალიან სერიოზულად ნუ მიიღებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს გაანადგურებ. შენი სერიოზულობა დესტრუქციული გახდება. ხალისით მიიღე. მართალია ეს პასუხისმგებლობაა, მაგრამ იგი ხალისით უნდა მიიღო. ბავშვზე ისე დაუკარი, როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტზე - და მან იცის მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა. დაე, ახლა ბავშვი იყოს შენი ინსტრუმენტი. დაუკარი ფრთხილად, თუმცა, მხიარულად. თუკი სერიოზული გახდები, ბავშვი შენს სერიოზულობას იგრძნობს და დაითრგუნება, დასახიჩრდება. ნუ დაამძიმებ ბავშვს; ნუ გექნება გრძნობა, რომ თითქოს რაღაც დიადს აკეთებ მისთვის. როდესაც გეუბნები, რომ რაღაც დიადს აკეთებ, დიადს აკეთებ შენთვის. ამ ბავშვის ლამაზ ადამიანად, ბუდად გაზრდაში დახმარებით, შენ გახდები ბუდას დედა. შენ არ ავალდებულებ ბავშვს: შენ უბრალოდ დატკბები შენი ცხოვრებით; შენი ცხოვრება სურნელი გახდება ბავშვის მეშვეობით. 
 
ეს შესაძლებლობაა, ღვთისგან ბოძებული შესაძლებლობა.
 
ორი საშიშროება არსებობს: შენ ან ყურადღებას არ მიაქცევ ბავშვს, რადგან იგი დაგღლის; ან ძალიან სერიოზული გახდები მის მიმართ და მას დაამძიმებ, ვალდებულებებს დააკისრებ. ორივე არასწორია. დაეხმარე ბავშვს - თუმცა სიხარულისთვის. და არასდროს გეგონოს, რომ მას შენი ვალი აქვს. პირიქით, მადლობელი იყავი, რომ შენ აგირჩია დედად. დაე, შენი დედობა მისით აყვავდეს.
 
თუკი დედობაში იყვავილებ, ბავშვის სამუდამოდ მადლიერი იქნები.
 
ბუნებრივია, მსხვერპლი იქნება, და ის უნდა გაიღო... სიხარულით. მხოლოდ ამის შემდეგაა იგი მსხვერპლი! თუკი ამას სიხარულით არ აკეთებ, ეს მსხვერპლი არ იქნება. მსხვერპლი (sacrifice) მოდის სიტყვისგან „წმინდა“ (sacred). როდესაც მას სიხარულით აკეთებ, იგი წმინდაა. თუკი სიხარულით არ აკეთებ. შენ უბრალოდ მოვალეობას ასრულებ - და ყველა სახის მოვალეობა მახინჯია, წმინდა არ არის. 
 
ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა. იმედიტირე მასზე, მასში ღრმად ჩადი. ამაზე უფრო ღრმა მონაწილეობას ვერსად ნახავ. სინამდვილეში, დედასა და შვილს შორის არსებული კავშირის მსგავსი არ არსებობს. არც ცოლსა და ქმარს შორის, არც საყვარლებს შორის არ არის ისეთი ღრმა მონაწილეობა როგორც შვილსა და დედას შორის. მასზე ღრმა კავშირი ვერავისთან გექნება - ვინაიდან ბავშვი ცხრა თვის განმავლობაში შენში ცხოვრობდა; შენს გარდა სხვას არავის შეუძლია შენში იცხოვროს ცხრა თვის მანძილზე.
 
ადრე თუ შვილი დამოუკიდებელი ინდივიდი ხდება, თუმცა სადღაც, არაცნობიერის სიღრმეში დედა და შვილი დაკავშირებული რჩებიან.
 
თუკი შენი შვილი ბუდა გახდება, შენ ამით სარგებელს მიიღებ; თუკი შენი შვილი გაიზრდება და კარგი ადამიანი გახდება, შენ ამით სარგებელს მიიღებ - ვინაიდან შვილი ყოველთვის შენთან იქნება დაკავშირებული. მხოლოდ ფიზიკური კავშირი შეიძლება გაწყდეს. სულიერი კავშირი არასდროს წყდება. 
 
მადლობა ღმერთს! დედობა წყალობაა.
 

გაგრძელება იქნება...

 

წიგნის თავები


იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff