მთარგმნელი: მამუკა გურული
აიურვედას (ვედური მედიცინის) თანახმად, დოშები ეწოდება პირველად სასიცოცხლო ძალებს ანუ ბიოლოგიურ „წვენებს“, რომლებიც ელემენტთა ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშვებიან.
სიტყვა „დოშა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „იმას, რაც იცვლება“ (ან „იმას, რაც წონასწორობიდან გამოდის“). დოშების დისბალანსი ავადმყოფობებს იწვევს. ბიოლოგიური ინდივიდუალობის პრინციპი ყველაზე მთავარია აიურვედულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.
არსებობს უჩინარი, მაგრამ მკაფიოდ შეგრძნებადი კავშირი გონებასა და სხეულს შორის, რომელიც ღრმა ზეგავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობაზე. ჰომეოსტაზის ან იმუნური მექანიზმების დარღვევა პირველადი ფაქტორია ავადმყოფობებისთვის. გონებრივი და ემოციური ფაქტორები ასევე გადამწყვეტ როლს ასრულებენ ავადმყოფობების განვითარებაში.
აიურვედას თანახმად, სამი ფუნდამენტური ფიზიოლოგიური პრინციპი, რომელსაც დოშებს უწოდებენ, არეგულირებს გონებისა და სხეულის სხვადასხვა ფუნქციებს. სანსკრიტზე ამ სამ დოშას ეწოდება ვატა (Vata), პიტა (Pitta) და კაფჰა (Kapha). მიუხედავად იმისა, რომ დოშები გონებისა და სხეულის ათასობით სხვადასხვა ფუნქციას მართავენ, მათი ამოცნობა სამი ძირითადი მახასიათებლით შეიძლება.
ვატა (ჰაერი და ეთერი) «ის, რაც ამოძრავებს» – წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რომელსაც მოძრაობაში მოჰყავს ორი დანარჩენი დოშა, პასუხს აგებს წონასწორობაზე, ენერგიაზე, სუნთქვაზე, მოძრაობაზე, გრძნობით აღქმაზე, აზროვნებასა და ნებაზე (ფიზიოლოგიაში იგი წარმოადგენს სუნთქვის, სისხლის მიმოქცევისა და ნეირო-კუნთოვანი ატივობის საფუძველს).
ვატას ძირითადი თვისებებია: ცივი, მსუბუქი, არათანაბარი, მოძრავი, ნატიფი, მკაფიო.
ჭარბი ვატა იწვევს მეტეორიზმს, ჰიპერტონიას, ნერვული სისტემის დაავადებებს, ნევროზულ მდგომარეობებს, შფოთვებს და უძილობას.
არასაკმარისი ვატა იწვეევს შეკრულობას, მგრძნობელობის დაქვეითებას, ნერვების დეგენერაციას და მენტალური პროცესების დაქვეითებას. (ჰაერი, რომელიც სივრცით არაა შეზღუდული, შეიძლება ქარბუქად იქცეს, ხოლო ყუთში ჩაკეტილი - უძრავი ხდება).
ვატას ფუნქციები: კონტროლი, მოძრაობა, სუნთქვის კონტროლი, ბუნებრივი მოთხოვნილებების კონტროლი, ქსოვილების ტრანსფორმაცია, მოტორული ფუნქციები, სეკრეციის კონტროლი, შიში, იმპულსები, განგაში, შეგრძნებები (გრძნობათა ორგანოები).
ვატას ორგანოები: მსხვილი ნაწლავი (ვატას მთავარი ორგანო), მენჯის მიდამო, ბარძაყები, ყურები, ძვლები, კანი.
პიტა (წყალი და ცეცხლი) «ის, რაც ინელებს» - ორგანიზმში წარმოდგენილია საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით, ჰორმონებით და პასუხს აგებს საჭმლის მონელებაზე და ნივთიერებათა ცვლაზე.
პიტა მართავს მთელ მეტაბოლიზმს და ენერგეტიკულ ცვლას. ჩვენს გონებაში ქიმიურ და ელექტროლურ იმპულსებს აზრებად გარდაქმნის.
პიტას ძირითადი თვისებებია: ცხელი, მსუბუქი, ცხარე, კაშკაშა, დინებადი, ზეთოვანი, მჟავე.
ჭარბ პიტას მივყავართ კანის დაავადებებამდე და ალერგიულ რეაქციებამდე, აგრესიამდე, ჰორმონალურ დარღვევებამდე, ქმნის წინასწარგანწყობას კუჭის წყლულოვანი დაავადებებისადმი.
არასაკმარის პიტას მივყავართ - ცუდ საჭმლის მონელებემდე, ნივთიერებათა ცვლის შენელებამდე, გონების სიმახვილის შემცირებამდე. (თუ ქვაბში ძალიან ცოტა წყალია, ქვაბი იწვება. თუ წყალი მეტისმეტად ბევრია - წყალი კიდეებიდან გადმოვა და ცეცხლს ჩააქრობს).
პიტას ფუნქციები: ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ჰორმონალურ ფუნქციებს, არეგულირებს სხეულის ტემპერატურას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ანალიზის უნარს, ინტელექტუალურ პროცესებს, აღქმას, უკავშირდება სახის კანს, ბრაზს, სიძულვილს, ეჭვიანობას.
პიტას ორგანოებია: ჭიპი, კუჭი და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილი, საოფლე ჯირკვლები, ლიმფა, სისხლი, თვალები, კანი.
კაფჰა (წყალი და მიწა) «ის, რაც კრავს (აკავშირებს)» - შეესაბამება ჩვენი სხეულის ორგანოების უჯრედულ სტრუქტურას, ასევე სითხეებს, რომლებიც მათ კვებავენ და იცავენ. ადამიანის ფიზიოლოგიაში ქმნის სხეულის სტრუქტურებს, მათ ერთმანეთთან კავშირს, ასევე ამ კავშირების „შეზეთვას“ (სახსრების, ქსოვილების, უჯრედების და ა.შ.).
კაფჰას ძირითადი თვისებებია: ზეთოვანი, ცივი, მძიმე, მდგრადი (სტაბილური), ხშირი (სქელი), პრიალა. ზედმეტი კაფჰა იწვევს ლორწოს დაგროვებას ცხვირში და ბრონქებში, ფილტვებში, მსხვილ ნაწლავში. გონება კარგავს მოქნილობას, ჩნდება ფიქსაციები.
არასაკმარისი კაფჰა იწვევს სასუნთქი გზების გამოშრობას, მუცელში წვის შეგრძნებას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას.
კაფჰას დისბალანსმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაავადებები, სინუსიტი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ათეროსკლეროზი და სიმსივნეები.
კაფჰას ფუნქციები: სტაბილურობა და ენერგია მთელი სხეულისთვის, სხეულის განვითარება, „შეზეთვა“, სტაბილური ენთუზიაზმი, სექსუალური სურვილები, მიტევება, იმუნური დაცვა, მიჯაჭვულობა, შენარჩუნება, სიხარბე, დაგროვება, ცოდნა.
კაფჰას ორგანოებია: გულმკერდის ყაფაზი, ყელი, თავი, ტრაქეა, სახსრები, ლიმფა, ცხიმოვანი ქსოვილები, ენა და ცხვირი.
სამი სასიცოცხლო ძალა, ანუ დოშა - ვატა, პიტა და კაფჰა ერთდროულად მოქმედებენ ადამიანის სხეულში, ენერგიულად გადადიან ერთმანეთში, გამუდმებით იცვლებიან ძალითა და მიმართულებით, მაგრამ ამავდროულად დინამიურ წონასწორობას ინარჩუნებენ. როცა დოშები წონასწორობიდან გამოდიან, ეს იწვევს ავადმყოფობებს.
დოშების ბალანსის დარღვევა - ავადმყოფობების მთავარი საფუძველია, რადგანაც იწვევს ორგანიზმის სხვა ელემენტების გაუარესებას, როგორებიცაა: დჰატუ (სხეულის ქსოვილები), მალა (მეტაბოლიზმის პროდუქტები, ტოქსინები), აგნი (მეტაბოლიზმი, ნივთიერებათა ცვლა) და ა.შ. სხეული მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს ნორმალურად, როდესაც სამი დოშა - სამი პრინციპი გაწონასწორებულია. ჰარმონია და ბალანსი დოშებს, დჰატუს, მალას და აგნის შორის ჯანმრთელობის პირველი პირობაა.
წონასწორობა ნარჩუნდება ბუნების კანონთან ჰარმონიაში მყოფი ცხოვრების სტილით. არასწორი ქცევა და არასწორი კვებითი ჩვევები არღვევენ ჰარმონიას და იწვევენ დაავადებებს.
დოშები შესაძლებელია დაირღვეს ბუნებრივი ან ანომალური საშუალებებით.
დოშების მდგომარეობის ბუნებრივ დარღვევებს იწვევენ გარდაუვალი ფაქტორები: სეზონური და სადღეღამისო ცვლილებები, ასევე საჭმლის მონელების სხვადასხვა სტადიები. მსგავსი დარღვევები იოლად ექვემდებარება მკურნალობას და როგორც წესი არც საჭიროებენ არანაირ მკურნალობას, რადგანაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ავტომატურად ნორმალიზდება.
დოშების ანომალური (არაბუნებრივი) დისბალანსი გამოწვეულია ორგანიზმზე უარყოფითი ფაქტორების (გარეგანის და შინაგანის) ხანგრძლივი ზემოქმედებით. დისბალანსის მიზეზი შეიძლება იყოს გრძნობათა ორგანოების ფუნქციების დარღვევა; სხეულის არასწორი ჩვევები, სხეულის ბუნებრივი მოთხოვნილებების დათრგუნვა, არაჯანსაღი კვებითი ჩვევები, სეზონური და ყოველდღიური რეჟიმების დარღვევა. ასევე არაშეთავსებადი საკვები პროდუქტების მიღება, არასაკმარისი ზრუნვა სხეულსა და ჯანმრთელობაზე, გონებაში ხშირი ან გამუდმებული სიხარბე, შური, რისხვა და ა.შ.
დოშების თვისებების განსაზღვრა:
ვატა
სხეულის აღნაგობა:
- სიგამხდრე ბავშვობაში;
- არასაკმარისად განვითარებული მუსკულატურა, ბრტყელი გულმკერდის ყაფაზი;
- თხელი, არამსხვილი ძვლები ან/და გამოკვეთილი (გამოწეული) სახსრები;
- როგორც წესი არიან მაღლები ან დაბლები;
- ვიწრო მხრები და მენჯი, ან ვიწრო მხრები და განიერი მენჯი, ან პირიქით;
- ხელის და ფეხის თითები მოკლეა, ან გრძელია და დახვეწილი;
- სახსრები მიდრეკილნი არიან „ხრაშუნისადმი“, ტკივილისადმი და იოლად იღლებიან;
- მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ დიაფრაგმის მიდამოში; ძნელად იმატებენ წონაში და იოლად იკლებენ;
- გამოკვეთილი ძარღვები და მყესები, განსაკუთრებით ხელებზე და გულ-მკერდზე;
- პატარა ან არაპროპორციულად დიდი მკერდი;
- მუქი სახის კანი, ან ღია, მაგრამ ავადმყოფური და რუხი ელფერით; ირუჯებიან იოლად და კარგად, მზეზე ადვილად არ იწვებიან.
- კანი შეხებისას ცივი, მშრალი და ხორკლიანია, განსაკუთრებით ხელის მტევნები და ფეხის ტერფები;
- კანი ძალიან მშრალია, განსაკუთრებით ზამთარში; ასევე შესაძლოა ფსორიაზი, „მაზოლები“, ნაპრალები;
- თმა სხეულზე ძალიან ცოტა ან ძალიან ბევრია; ისინი მუქი, უხეში და ტალღოვანია, ან ძალიან თხელი;
- თმა თავზე როგორც წესი მუქია, უხეში და სქელია; ზოგან მშრალი, ზოგან ცხიმიანი, თმის ბოლოები ხშირად ფუჭდება, ხშირად აქვთ ქერტლი;
- ფრჩხილები მაგარი და მტვრევადია, სხვადასხვა ფორმისა და ზომის, ზოგჯერ მახვილი წვერით, ფერმკრთალი-მოცისფრო შეფერილობის;
- თვალები მეტისმეტად დიდი ან პატარაა, ან ერთმანეთისგან ზომით განსხვავდება, ასიმეტრიულია, და ხშირად მშრალია;
- მზერა ძალიან მოძრავია, ქუთუთოებს ხშირად სწრაფად ახამხამებს;
- წამწამები მოკლეა, მეჩხერია, ან ძალიან გრძელია, წარბები თხელია;
- პირი დიდია ან პატარა - მსხვილი, თხელი ან ასიმეტრიული სიდიდის ტუჩებით.
- კბილები არათანაბარია, ხშირად წინაა გამოწეული, მყიფეა, ღრძილები ხშირად ქვემოთაა დაწეული;
- ენა ხშირად დაფარულია თხელი, მორუხო-მოვარდისფრო ნადებით;
- ტუჩები მშრალია, ხშირად სკდება, განსაკუთრებით ზამთარში;
- ცხვირი თხელია, ხშირად მოღუნული, ნესტოები დიდი არაა;
- ყურები თხელია, მახვილი და არასწორი ფორმისაა, ბიბილოები პატარაა;
- სიარულის მანერა სწრაფი და მსუბუქია;
- საჭმლის მონელება ცვალებადია, შესაძლოა გაზები, შეკრულობა, ზოგჯერ ფაღარათი.
მენსტრუალური ციკლი: ციკლი არარეგულარულია, დაყოვნებებით, მცირე გამონადენით, შედედებული მუქი სისხლით; ხშირად თან ახლავს შეკრულობები და ძლიერი ტკივილები.
მადა: ცვალებადი, თვალებს მეტი უნდათ, ვიდრე კუჭს შეუძლია დაიტიოს; უყვართ ხრაშუნა სასუსნავები; სჭირდებათ საჭმლის ხშირად მიღება; შიმშილობა ძლიერ ასუსტებს.
საჭმელებში უპირატესობას ანიჭებენ: მარილიან და მჟავე საჭმელს; ჭამენ ბევრს ან ძალიან ცოტას.
სექსუალობა: არიან ცვალებადნი, ძალიან ვნებიანნი, მალე იღლებიან; ბევრს ფანტაზიორობენ, შვილები ცოტა ყავთ.
საქმიანობა: არიან მოუსვენრები, აქვთ მცირე ამტანობა; როგორც წესი დიდ ძალისხმევას ხარჯავენ და იფიტებიან; აქვთ სხეულის დაბალი ტონუსი და ცუდი კოორდინაცია; იშვიათად ოფლიანობენ; დაძაბულობის შემდეგ შიმშილს გრძნობენ;
ძილი: ზედაპირული ან ძალიან ღრმა; გონების აქტიურობის გამო ძნელად იძინებენ; ძილი ხშირად წყდება; იშვიათად ახერხებენ კარგად გამოძინებას; კბილებს „აღრჭიალებენ“; ზოგჯერ სიზმარში დადიან („მთვარეულები“).
სიზმრები: აქტიური, ძალადობრივი, ინტენსიური, ცოცხალი, მრავალრიცხოვანი, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ; ხშირია სიზმარში სირბილი ან ფრენა;
ხმა: ხრინწიანი, დამტვრეული, ხშირი ხვნეშებით.
მეტყველება: ლაპარაკობენ სწრაფად და ბევრს; ხშირად ცვლიან საუბრის თემას და შორს მიდიან; უპირატესობას ანიჭებენ მონოლოგებს; ელაპარაკებიან ყველას და ყველაფერზე;
მოძრაობა: სწრაფები და მიზანსწრაფულები, სუსტები და მსუბუქები;
კლიმატი: უყვართ მზე და სითბო; ხდებიან ნერვიულები და გაღიზიანებულები ქარიან მშრალ და ცივ ამინდში; კარგად მოქმედებს მშვიდ, თბილ და ღია სივრცეებში ყოფნა;
ფულის ხარჯვა: ხარჯავენ იოლად; ყიდულობენ ბევრს და კაპრიზულად;
ცხოვრების სტილი: ძნელად იძენენ სასარგებლო ჩვევებს; არიან არააკურატულები;
მეხსიერება: ცვალებადი, არამუდმივი; უკეთესად ახსოვთ ახლო მოვლენები, ვიდრე შორეული; სწრაფად პატიობენ და ივიწყებენ;
აზროვნება: უყვართ თეორეტიზირება, აქვთ ძალიან მოქნილი გონება, არიან იდეების გენერატორები; არ აინტერესებთ პრაქტიკული მხარე; ფიქრობენ სიტყვებით, უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება;
ემოციები: სტრესის ზეგავლენით შიშს და შფოთვას განიცდიან; არიან იოლად აგზნებადნი, ემოციურნი და ყოვ ელგვარი ხილული მიზეზის გარეშე იოლად ეცვლებათ განწყობა; აქვთ შემოქმედებითი უნარები, არიან ცოცხლები, აქტიურები; გააჩნიათ სუსტი ნებისყოფა და იოლად ამბობენ უარს თავიანთ განზრახვაზე;
ვატა ტიპის ხასიათი შეიძლება კარგად გამოიხატოს ქართული სიტყვით - თავქარიანი (მთარგმ. შენიშნვა)
პიტა
სხეულის აღნაგობა:
- ზომიერად განვითარებული სხეული;
- ბავშვობაში საშუალო აღნაგობა;
- კარგად განვითარებული მ უსკულატურა;
- საშუალო სიდიდის ძვლები;
- საშუალო სიმაღლე;
- მენჯი და მხრები საშუალო ზომის, პროპორციულად განლაგებული;
- ხელები, ფეხები, ხელის მტევნები და ტერფები პროპორციული აგებულების;
- ნორმალური სახსრები - ჩივილების გარეშე;
- წონაში თანდათანობით იმატებენ, სურვილის შემთხვევაში ადვილად იკლებენ;
- ზომიერად გამოხატული სისხლძარღვები და მყესები;
- საშუალო ზომის გულ-მკერდის ყაფაზი;
- კანი სახეზე ნორმალური ან ზომიერად ცხიმიანია, ნათელია, სპილენძისფერი ან ვარდისფერი შეფერილობის, ხშირად აქვთ ჭორფლები და მზეზე ადვილად იწვებიან;
- კანი შეხებისას მთელ სხეულზე თბილია;
- თხელი კანი, ადრეული ნაოჭებით, ცხიმიანი შუბლით, ცხვირით და ნიკაპით, ხშირია ანთებები და ქავილი, ადვილად წითლდებიან;
- დიდი რაოდენობით ხალები და ჭორფლი;
- ხშირად აქვთ მოწითალო-მოყავისფრო გამონაყარი;
- თმა ტანზე ღია ფერისაა და თხელია;
- თმა თავზე წითური, ქერა, ნათელი, თხელი და ხავერდოვანი აქვთ, აქვთ ადრეული გაჭაღარავების და გამელოტების ტენდენცია;
- თმა მალე ცხიმიანდება, განსაკუთრებით ცხელ ამინდში;
- ფრჩხილები რბილი აქვთ, მაგრამ მყარი, სწორი ოვალური ფორმით და მოვარდისფრო ან სპილენძისფერი ელფერით;
- თვალები საშუალო ზომისაა, სიმეტრიულად განლაგებული, მზისადმი და ქიმიური პრეპარატებისადმი მგრძნობიარე;
- წამწამები და წარბები საშუალო სიდიდის;
- მზერა მტკიცე, ცოცხალი, პირდაპირი და გამჭოლი;
- საშუალო ზომის პირი - სიმეტრიული და სწორი ტუჩებით;
- თანაბარი კბილები, მოყვითალო შეფერილობით, კარიესისადმი ტენდენციით, ზოგჯერ ღრძილებიდან სისხლდენით;
- ენაზე ზოგჯერ მოყვითალო ან მოწითალო ნადებია, შესაძლებელია პირის ლორწოვანის ანთება;
- ცხვირი საშუალო ზომისაა, გამოკვეთილი წვერით;
- ყურები საშუალო ზომის, სწორი ფორმის, საშაუალო სიდიდის ბიბილოებით, ხშირად წითელი და თბილი;
- საჭმლის მონელება კარგია, შესაძლებელია აშლილობები დიდი რაოდენობით ცხარე ან ცხიმიანი საკვებით;
მენსტრუალური ციკლი: ციკლი რეგულარულია; ხანგრძლივი სისხლდენებით, უხვი გამონადენით; სისხლი ღია წითელი შეფერილობისაა; შესაძლოა თან ახლდეს ფაღარათი და მსუბუქი სპაზმები;
მადა: ძლიერი; ჭამისგან დიდ სიამოვნებას ღებულობენ; უყვართ მდიდრული სადილი, ცხარე და ცხიმიანი საჭმელი; საჭმლის მიღების გამოტოვება ან ძალიან გვიან ჭამა იწვევს გაღიზიანებას; არ უყვართ შიმშილობა;
საჭმელებში უპირატესობას ანიჭებენ: ცხიმიან და ცხარე კერძებს, ყინულიან სასმელებს და ცივ დასაყოლებელს;
სექსუალობა: ძლიერი სურვილები; კარგად კონტროლირებადი ვნება; ენერგიის მაღალი დონე; ბრაზდებიან, თუ მათი სურვილები არ კმაყოფილდება; შობადობის უნარი საშუალოა;
საქმიანობა: ძალიან პროდუქტიული, ზუსტი, ორგანიზებული; ტენდენცია კონკურენციისადმი; ენერგიის საშუალო დონე, მაგრამ არა ცხელ ამინდში; ძალების დაქვეითაბა ზედმეტი ჭამის სედეგად; კარგი ტონუსი და კოორდინაცია; გრძნობენ შიმშილობას და წყურვილს სამსახურის შემდეგ; ხშირად ოფლიანობენ; როგორც წესი მათ სხეულს მძაფრი სუნი აქვს;
ძილი: ზედაპირული, იოლად იძინებენ, თუ არაფერი აქვთ სანერვიულო; ძილი იშვიათად წყდება; თავს ფხიზლად გრძნობენ რამდენიმე ღამიანი არაღრმა ძილის შემდეგაც კი; მშფოთვარე ძილი აქვთ, თუკი თავის საქმეებზე ფიქრობენ; ძილში ოფლიანობენ;
სიზმრები: ვნებიანი, ფერადი; კარგად ამახსოვრდებათ; სიზმრები დევნაზე, შეჯიბრებებზე, ყიდვებზე და გაყიდვებზე;
ხმა: ღრმა, გამჭოლი, სუფთა;
მოძრაობა: პირდაპირი, ზუსტი, თავდაჯერებული;
კლიმატი: უყვართ სიგრილე, ხდებიან ადვილად გაღიზიანებადნი სიცხესა და მაღალი ტენიანობის პირობებში; კარგ გავლენას ახდენს სუფთა ტბებთან, მდინარეებთან, ზღვასთან ახლოს ყოფნა;
ფულის ხარჯვა: ხარჯავენ ეკონომიურად; ყიდულობენ პირველი ხარისხის პროდუქტს;
ცხოვრების სტილი: არიან კარგად ორგანიზებულნი; აქვთ კარგი მეხსიერება;
აზროვნება: გეგმავენ, წინასწარ ჭვრეტენ მოვლენებს, არიან კარგი ორგანიზატორები, ეძებენ ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას; აზროვნებენ ხატ-სახეებით;
მგრძნობიარენი არიან: სინათლისადმი, სიცხისადმი, ფერებისადმი;
გონება: განვითარებული ინტელექტი აქვთ, არიან ამბიციურები, ძლიერები, ენერგიულები, შეუპოვრები; კრიტიკულები, მიმღებები, კმაყოფილები, თავდაჯერებულები, ამაყები, იდეალისტები, შემტევები, შურისმაძიებლები, ეჭვიანები, ეგოცენტრულები;
კაფჰა
სხეულის აღნაგობა:
- მსხვილი აღნაგობა; დიდი, ძლიერი, მძლავრი სხეული;
- მსხვილები და „ჩადგმულები“ ბავშვობაში;
- კარგად განვითარებული მუსკულატურა;
- მსხვილი ძვლები, მაგრამ არა რელიეფურნი (გამოზრდილნი);
- საშუალო სიმაღლე;
- ფართე მხრები და მსხვილი თეძოები;
- პროპორციული ხელები და ფეხები;
- სახსრები იოლად და რბილად მოძრაობს, კარგად „შეზეთილია“;
- წონაში იმატებენ მუცლისა და თეძოების მიდამოში, ადვილად სუქდებიან და ძნელად ხდებიან;
- ვენები და მყესები სქელი კანის ქვეშ არ ჩანს;
- დიდი მკერდი;
- ფერმკრთალი კანი აქვთ; მზეზე დიდხანს ყოფნით იწვებიან, ზომიერი გარუჯვა თანაბარ რუჯს აძლევს;
- კანი შეხებისას გრილია, მაგრამ ცივი ხელები და ფეხები იშვიათობაა;
- კანი ფერმკრთალია, თეთრია, რბილია, ნოტიოა, მსხვილია, გლუვია და ცოტათი ცხიმიანია; აქვთ ტენდენცია დიდი ფორების წარმოქმნისადმი;
- ხალები ცოტა აქვთ; შესაძლოა თეთრი ან ყავისფერი პიგმენტური ლაქები;
- კანის დაავადებები იშვიათად აქვთ;
- სხეულზე მსხვილი თმის ზომიერი რაოდენობა აქვთ;
- თმა თავზე მუქი ან ღია აქვთ; სქელი, მძიმე და ტალღოვანი;
- თმა არც ისე ცხიმიანია, მაგრამ ბრწყინავს;
- ფრჩხილები მაგარია, მსხვილია, კვადრატულია, სიმეტრიულია და ფერმკრთალი შეფერილობისაა;
- თვალები დიდი, წყლიანი და მშვიდია;
- წამწამები და წარბები ხშირია;
- მზერა მყარი და მშვიდია;
- პირი საშუალო სიდიდისაა, ტუჩები სავსე და თანაბარია;
- კბილები დიდია, თანაბარია, კაშკაშა-თეთრია და მაგარია;
- თუ ენაზე ნადები აქვთ, იგი მსხვილია, თეთრია (ზოგჯერ მომწვანო) და ხაჭოს წააგავს;
- ტუჩები ნოტიოა;
- აქვთ ფართო ცხვირი მსხვილი ნესტოებით;
- ყურები ხორციანია, სწორი ფორმის, დიდი ბიბილოებით;
- საჭმლის მონელება სტაბილურია, ზოგჯერ შენელებული;
მენსტრუალური ციკლი: რეგულარულია; ადვილად გადააქვთ; გამონადენი ზომიერია, ღია ფერისაა; თან ახლავს მსუბუქი სპაზმები და წყლის შეკავება;
მადა: მუდმივი; ჭამენ დიდი სიამოვნებით; უყვართ ტკბილი და სახამებლით მდიდარი საჭმელი; ადვილად შეუძლიათ გამოტოვონ ჭამა; მათთვის ძალიან სასარგებლოა შიმშილობა;
საჭმელებში უპირატესობას ანიჭებენ: ტკბილ, მსუყე, რბილ და კრემიან საჭმელებს;
სექსუალობა: მუდმივი სურვილი; ენერგიის მაღალი დონე; ძლიერ და ღრმად ეჯაჭვებიან; ბევრი შვილი ყავთ;
საქმიანობა: უპირატესობას ანიჭებენ სიმშვიდეს; აქვთ ენერგიის მაღალი დონე, თუკი რაიმეთი არიან გატაცებულნი; ძალიან სასარგებლოა მათთვის ფიზიკური ვარჯიშები; არიან ნელები და მეთოდურები; გააჩნიათ კარგი ტონუსი და კოორდინაცია; მუშაობის შემდეგ გრძნობენ მსუბუქ შიმშილს და წყურვილს;
ძილი: ღრმა და ხანგრძლივი; იოლად იძინებენ, დღის საათებშიც კი; ძილი იშვიათად უწყდებათ; დილით მოთენთილები არიან; ხვრინავენ;
სიზმრები: მშვიდი, მოვლეენებით არც ისე მდიდარი; იშვიათად ავიწყდებათ; ბუნების და სოფლის ხედები; ძლიერი ემოციური შემადგენლობით;
ხმა, მეტყველება: რბილი, სასიამოვნო, მელოდიური ხმა; ნელი და გააზრებული ლაპარაკი; სიტყვაძუნწები; კეთილი, ნაზი, პოზიტიური სიტყვები; არ იწყებენ საუბარს პირველები;
მოძრაობა: არიან ნელები და დინებადები, მოდუნებულები;
კლიმატი: უყვართ სითბო, მზე, კომფორტი; იტანჯებიან მაღალი ტენიანობისგან, სიცივისგან და ნესტისგან; ამინდის ცვალებადობა დიდ გავლენას არ ახდენს;
მეხსიერება: ნელა იმახსოვრებენ, დიდხანს ფიქრობენ; თუ რაიმე გაითავისეს, აღარ დაავიწყდებათ; არ ივიწყებენ ძველ წყენებს;
აზროვნება: სტაბილური, მაგრამ მოქნილი; არიან კარგი შემსრულებლები; აზროვნებენ კონკრეტული ცნებებით;
მგრძნობიარები არიან: შეხებისადმი და ემოციების გამოვლინებებისადმი;
გონება: მომთმენები, თამამები, მშვიდები, მშვიდობისმოყვარენი; სულგრძელები; ერთფეროვნება, შენელებულობა, შეზღუდულობა; ლოიალურები მეგობრების მიმართ; გაგება, სიხარბე, მიჯაჭვულობისადმი მიდრეკილება, მესაკუთრეობა;