რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VI)

Admin
ანთროპოსოფია
0
0

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სამი სამყარო I. მშვინვიერი სამყარო ადამ...

fishes

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

სამი სამყარო

I. მშვინვიერი სამყარო

ადამიანის განხილვამ გვიჩვენა, რომ იგი ეკუთვნის სამ სამყაროს. ფიზიკური სხეულებრიობის სამყაროდან აღებულია ის ძალები და ნივთიერებანი, რომელნიც ჰქმნიან მის სხეულს. იგი შეიცნობს ამ სამყაროს თავისი გარეგანი შეგრძნებების მეოხებით. ის, ვინც ენდობა მხოლოდ ამ შეგრძნებებს და ანვითარებს თავის თავში მხოლოდ მათთან დაკავშირებულ უნარს აღქმისას, ვერ მიაღწევს ორი სხვა სამყაროს გაგებას: მშვინვიერი და სულიერი სამყაროების გაგებას. იმისათვის რომ ადამიანი დარწმუნდეს რომელიმე საგნის ან არსების არსებობაში, მას უნდა ჰქონდეს ამისათვის აღქმის ორგანო, შეგრძნება. — მართალია, იოლად შეიძლება დაიბადოს გაუგებრობა, თუ უმაღლესი შეგრძნების ორგანოებს სულიერ შეგრძნებას დავარქმევთ, ვინაიდან როდესაც ლაპარაკია შეგრძნებებზე, ამასთან ძალაუნებურად აკავშირებენ აზრს ფიზიკურის შესახებ. ადამიანი სწორედ ფიზიკურ სამ– ყაროს უწოდებს „გრძნობადს“ „სულიერთან“ დაპირისპირებისას. ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად უნდა ვიქონიოთ მხედველობაში, რომ აქ უმაღლეს შეგრძნებებზეა საუბარი მხოლოდ გადატანით, შედარებისთვის. როგორც ფიზიკური შეგრძნებები აღიქვამენ ფიზიკურს, ასევე მშვინვიერნი და სულიერნი – მხოლოდ მშვინვიერსა და სულიერს. გამოთქმა „შეგრძნება“ გამოიყენება მხოლოდ „აღქმის ორგანოს“ გაგებით. ადამიანს არ ექნებოდა წარმოდგენა სინათლესა და ფერზე, მას რომ არ ჰქონოდა თვალი, რომელიც ხედავს სინათლეს. მას არაფერი ეცოდინებოდა ხმების შესახებ, რომ არ ჰქონოდა ყური, რომელსაც ესმის ხმები. ამასთან დაკავშირებით სწორად შენიშნა გერმანელმა ფილოსოფოსმა ლოტცემ: „თვალის გარეშე, რომელიც ხედავს სინათლეს, და ყურის გარეშე, რომელსაც ესმის ხმა, მთელი სამყარო იქნებოდა ბნელი და მუნჯი. მასში ისევე შეუძლებელი იქნებოდა სინათლე და ბგერა, როგორც შეუძლებელია კბილის ტკივილი კბილის ნერვის გარეშე, რომელიც შეიგრძნობს ტკივილს.“ – იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ ეს, ნათქვამი, საკმარისია წარმოვიდგინოთ, თუ ადამიანისგან რამდენად განსხვავებულად უნდა აღიქვამდნენ სამყაროს უმდაბლესი არსებანი, რომელთაც მხოლოდ ერთი შეგრძნება გააჩნიათ, ანუ მთელი მათი სხეულის ზედაპირის მომცველი შეხების შეგრძნება. სინათლე, ფერი, ხმა მათთვის, ყოველ შემთხვევაში, სულ სხვაგვარია, ვიდრე იმ არსებებისათვის, რომელთაც აქვთ თვალები და ყურები. ჰაერის რხევებმა, რომელთაც იწვევს თოფის გასროლა, შეიძლება მათზედაც მოახდინონ ზეგავლენა, თუკი უწევენ მათ. მაგრამ იმისთვის, რომ ჰაერის რხევები სამშვინველის მიერ აღქმულ იქნეს როგორც გასროლა, საჭიროა ყური. იმისთვის, რათა გაიშვიათებული მატერიის გარკვეული მოვლენები, რომელსაც უწოდებენ ეთერს, გამოვლინდნენ სინათლის და ფერის სახით, აუცილებელია თვალი. – ადამიანს აქვს ცოდნა რომელიმე არსების ან საგნის შესახებ იმ მიზეზით, რომ თავისი რომელიმე ორგანოს მეშვეობით იგი აღიქვამს მათ ზემოქმედებას. ადამიანის ეს დამოკიდებულება სინამდვილის სამყაროსთან შესანიშნავად გამოხატა გოეტემ შემდგომ ნათქვამში: „საკუთრივ რომ ვსთქვათ, ჩვენ ამაოდ ვცდილობთ გადმოცემას რაიმე საგნის არსისას. ჩვენ აღვიქვამთ ზემოქმედებებს და ამ ზემოქმედებათა მთელს ისტორიას შესაძლოა მოეცვა ამ საგნის არსი. ჩვენ ამაოდ ვცდილობთ გადმოვცეთ ადამიანის ხასიათი: საჭიროა მხოლოდ ერთად წარმოვიდგინოთ მისი ყოველი საქციელი, აგრეთვე ქმედებანი და ჩვენს წინაშე თავს იჩენს მთლიანი სურათი მისი ხასიათისა. ფერები სინათლის მოქმედებაა, მოქმედება და ტანჯვა... თუმც ფერები და სინათლე უახლოეს კავშირში იმყოფებიან ურთიერთთან, - მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ჩავთვალოთ ისინი მთელი ბუნების საკუთრებად, ვინაიდან ამ შემთხვევაში თავად ბუნებას სურს განსაკუთრებულად გამოეცხადოს თვალს. ზუსტად ასევე ეცხადება ბუნება მეორე შეგრძნებას... ასევე ესაუბრება ბუნება სხვა შეგრძნებებსაც, ნაცნობ, ჯერ არ აღიარებულ, ჯერაც უცნობ შეგრძნებებს. აგრე ესაუბრება იგი თავის თავს ათასგვარი მოვლენებით. დაკვირვებული ადამიანისათვის იგი არსად არ არის მკვდარი და მუნჯი.“ არასწორი იქნებოდა გოეტეს ეს გამოთქმა გაგვეგო ისე, რომ აქ თითქოს სადაო ხდება საგანთა არსის შეცნობადობა. გოეტე სულაც არ ამბობს, რომ შეიძლება აღვიქვათ მხოლოდ ზემოქმედება, ხოლო საგნის არსი იმალებაო მის მიღმა. მისი აზრით სრულიადაც არ არის საჭირო საუბარი ამგვარ „დაფარულ არსზე“. არსი როდი იმალება თავისი გამოვლენის უკან; იგი ამ გამოვლენაში იხსნება უმალ. მაგრამ ეს არსი ხშირად იმდენად მდიდარია, რომ შესაძლოა იგი გაეხსნას სხვა შეგრძნებებსაც, — კიდევ უფრო სხვაგვარი სახით. ის, რაც იხსნება, ეკუთვნის არსს, - მხოლოდ შეგრძნებათა შეზღუდულობის გამო ეს არ არის მთლიანი არსი. გოეტეს ეს შეხედულება ამავე დროს ყოველმხრივ სულიერ-მეცნიერულია.

როგორც სხეულში ვითარდებიან თვალი და ყური, ვითარცა აღქმის, შეგრძნების ორგანოები სხეულებრივი მოვლენებისთვის, ასევე შეუძლია ადამიანს განივითაროს თავის თავში აღქმის მშვინვიერი და სულიერი ორგანოები, რომელთა მეოხებითაც მას გაეხსნება სამშვინველის სამყარო და სულის სამყარო. მისთვის კი, ვისაც არ გააჩნია ამგვარი უმაღლესი შეგრძნებები, ეს სამყარონი „ბნელნი“. არიან და „მუნჯნი“. ისევე როგორც უთვალო და უყურო არსებებისათვის ბნელია და მუნჯი სხეულებრივი სამყარო. რა თქმა უნდა, ადამიანის მიმართება ამ უმაღლესი შეგრძნებებისადმი უფრო სხვაგვარია, ვიდრე სხეულებრივ შეგრძნებებთან. ამ უკანასკნელთა განსავითარებლად ადამიანში ზრუნავს თავად ქველი დედაბუნება. ისინი წარმოიქმნებიან ადამიანის თანამოქმედების გარეშე, ხოლო თავისი უმაღლესი შეგრძნებების განვითარებაზე მან უნდა იმუშაოს თავად; თუ მას სურს აღიქვას სამშვინველისა და სულის სამყარო, მან უნდა განივითაროს, სამშვინველი და სული, ისევე, როგორც ბუნებამ განავითარა მისი სხეული, რათა მან აღიქვას მისი გარემომცველი სხეულებრივი სამყარო და შესძლოს მასში ორიენტირება. უმაღლესი ორგანოების მსგავსი განვითარება, რომელიც ჯერ არ განუვითარებია თავად ბუნებას, არ არის არაბუნებრივი პროცესი, ვინაიდან უმაღლესი თვალსაზრისით ყოველივე ის, რასაც აკეთებს ადამიანი, ეკუთვნის ბუნებასაც. ვინც მოისურვებდა მტკიცებას, რომ ადამიანი უნდა დარჩეს განვითარების იმ საფეხურზე, რომელზეც დასტოვა იგი ბუნების ხელმა — მხოლოდ ასეთი ადამიანი დაარქმევდა არაბუნებრივ ამბავს უმაღლესი შეგრძნებების განვითარებას. იგი არ სცნობს ამ ორგანოებს და მათ მნიშვნელობას ზემოთმოყვანილი გოეტესეული გამოთქმის თვალსაზრისით, მაგრამ ასეთი ადამიანი წინ უნდა აღდგომოდა აგრეთვე ყოველგვარ აღზრდას ადამიანისას, ვინაიდან აღზრდაც ხომ აგრძელებს ბუნების საქმეს; განსაკუთრებით წინ უნდა აღდგომოდა იგი ბრმადშობილთა ოპერირებას, ვინაიდან თითქმის იგივე, რაც მოსდის ოპერაციის შემდეგ ბრმადშობილს, ემართება იმასაც, ვინც გააღვიძებს თავის თავში უმაღლეს შეგრძნებებს იმგვარად, როგორც ეს აღწერილი იქნება ამ წიგნის ბოლოს. სამყარო ევლინება მას ახალი თვისებებით, ახალი მოვლენებითა და ახალი ფაქტებით, რომელთა შესახებაც ფიზიკური შეგრძნებები მას არას ეუბნებოდნენ. მისთვის ცხადია, რომ ამ უმაღლესი ორგანოებით იგი თვითნებურად არაფერს უმატებს სინამდვილეს, მაგრამ ამ ორგანოების გარეშე ამ სინამდვილის არსებითი ნაწილი დაფარული დარჩებოდა მისთვის. სამშვინველისა და სულის სამყაროები როდი იმყოფებიან ფიზიკურის გვერდით ან მის გარეთ. სივრცულად ისინი, განუყოფელნი არიან მისგან. ისევე, როგორც ოპერირებული, ბრმადშობილისათვის მანამდის ბნელი სამყარო გაბრწყინებულია სინათლითა და ფერებით, ასევე სულიერად და მშვინვიერად გაღვიძებულს საგნები, რომელნიც ადრე ევლინებოდნენ მხოლოდ სხეულებრივად, უხსნიან ამჟამად თავის მშვინვიერ და სულიერ თვისებებს. რა თქმა უნდა, ეს სამყარო შეივსება ისეთი მოვლენებითა და არსებებით, რომელთაც სრულიად არ იცნობს ის, ვინც არ არის გაღვიძებული სულიერად და მშვინვიერად. – (მოგვიანებით ამ წიგნში უფრო ზუსტად იქნება ნათქვამი მშვინვიერი და სულიერი შეგრძნებების ფორმირებაზე. ჯერჯერობით კი აქ იქნება მოცემული აღწერა თვით ამ ზენა სამყაროებისა. ის, ვინც უარჰყოფს ამ სამყაროებს, ამით მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ მას ჯერ არ განუვითარებია თავის თავში უმაღლესი ორგანოები. კაცობრიობის განვითარება ვერ გაიყინება რომელიმე საფეხურზე; იგი მუდამ წინ უნდა მიდიოდეს.)

ხშირად უნებურად წარმოიდგენენ ხოლმე „უმაღლეს ორგანოებს“ ფიზიკურის მსგავსად. მაგრამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ამ ორგანოებში საქმე გვაქვს სულიერ და მშვინვიერ წარმონაქმნებთან. ამიტომაც ნუ მოველით, რომ ის, რასაც აღვიქვამთ ზენა სამყაროებში, იქნება მხოლოდ ბუნდოვნად გაიშვიათებული ნივთიერება. ვიდრე ამგვარ რამეს მოველით, ჩვენ ვერ შევძლებთ ვერავითარი ნათელი წარმოდგენის შექმნას იმაზე, თუ რა იგულისხმება აქ, ამ „ზენა სამყაროების“ გაგების ქვეშ. ბევრისათვის არც თუ ისე ძნელი იქნებოდა, როგორც ეს ამჟამად გვეჩვენება, რაიმეს გაგება ამ „ზენა სამყაროების“ შესახებ, – რა თქმა უნდა, თავდაპირველად სრულიად ელემენტარული ამბებისა – თუკი ვერ წარმოიდგენენ, რომ საგანი მათი აღქმისა არის იგივე გაფაქიზებული ფიზიკური სამყარო. რამდენადაც ისინი უკვე წინასწარ ფიქრობენ რაღაც ამის მსგავსზე, უმეტეს შემთხვევაში სულაც არ სურთ აღიარონ ის, რაზედაც მათ ესაუბრებიან სინამდვილეში. ისინი ყოველივე ამას სთვლიან არაჭეშმარიტად, არ სურთ მიიღონ ეს, როგორც დამაკმაყოფილებელი რამ და ა. შ. რა თქმა უნდა, ძნელია მიღწევა სულიერი განვითარების უზენაესი საფეხურებისა; მაგრამ დაბალი საფეხურების მიღწევა, რაც უკვე საკმაოდ ბევრს ნიშნავს, არც ისე ძნელი იქნებოდა, თუკი იმთავითვე განთავისუფლდებოდნენ ცრურწმენისგან, თითქოს მშვინვიერი და სულიერი წარმოადგენენ მხოლოდ გაფაქიზებულ ფიზიკურს.

ისევე, როგორც ჩვენ არ ვიცნობთ ადამიანს სრულიად, თუ მხოლოდ მის ფიზიკურ გარეგნობაზე გვაქვს წარმოდგენა, ასევე არაფერს ვუწყით ჩვენს გარემომცველ სამყაროზე, თუ მის შესახებ ვიცით მხოლოდ ის, რასაც გვაძლევენ ფიზიკური შეგრძნებები. ისევე, როგორც ფოტოსურათი გახდება ჩვენთვის გასაგები და ცოცხალი მასზე გადაღებულ პიროვნებასთან დაახლოებისა და მისი სამშვინველის გაცნობის შემდეგ, ასევე სხეულებრივი სამყაროს ნამდვილი გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც გავეცნობით მის მშვინვიერ და სულიერ საფუძვლებს. ამიტომ აუცილებელია ჯერ ვისაუბროთ ზენა სამყაროებზე, სულიერ და მშვინვიერ სამყაროებზე და შემდეგ განვიხილოთ ფიზიკური სამყარო სულიერი მეცნიერების თვალსაზრისით.

თანამედროვე კულტურულ ეპოქაში მრავალი სიძნელე აღმოცენდება ზენა სამყაროებზე საუბრისას, ვინაიდან ეს ეპოქა უპირველეს ყოვლისა დიადია სხეულებრივი სამყაროს შემეცნებაში და ფლობაში. ჩვენი სიტყვები* უმთავრესად იძენენ მნიშვნელობას სხეულებრივ სამყაროსთან მიმართებაში. ჩვენ მაინც გვიწევს ამ საყოველთაოდ მიღებული სიტყვების ხმარება, რათა მოხდეს დაკავშირება უკვე ნაცნობ თემასთან ამიტომ ყველასათვის, ვისაც სურს ენდოს მხოლოდ გარეგან შეგრძნებებს, ფართოდაა ხსნილი გზა გაუგებრობებისკენ. — მრავალი რამ ჯერჯერობით მხოლოდ მოხაზული იქნება და გამოითქმება სიმბოლოებში. მაგრამ ეს ასეც უნდა მოხდეს, ვინაიდან ამგვარი სიმბოლოები წარმოადგენენ საშუალებას, რომელთა მეოხებითაც ადამიანი იქმნის წარმოდგენას ამ. ზენა სამყაროების შესახებ. ეს წარმოდგენა ხელს უწყობს მის აღმასვლას ზენა სამყაროებისაკენ. (ამ აღმასვლის შესახებ საუბარი იქნება შემდგომ თავში, სადაც განხილული იქნება ჩამოყალიბება აღქმის სულიერი და მშვინვიერი ორგანოებისა. მანამდის კი ადამიანმა უნდა მიიღოს ცოდნა ზენა სამყაროთა შესახებ მხოლოდ სიმბოლოებით. შემდეგ კი მას შეუძლია იმაზე ფიქრი, თუ როგორ მიაღწიოს ამ სამყაროებს.)

ისევე, როგორც ნივთიერებანი და ძალები, რომელნიც ჰქმნიან და წარმართავენ ჩვენს კუჭს, გულს, ფილტვებს. ტვინს და ა. შ., მომდინარეობენ სხეულებრივი სამყაროდან, ასევე ჩვენი მშვინვიერი თვისებები, ჩვენი ლტოლვები, სურვილები, გრძნობები, ვნებები, გულისთქმანი, შეგრძნებები და ა. შ. მომდინარეობენ . მშვინვიერი სამყაროდან. ადამიანის სამშვინველი არის წევრი ამ მშვინვიერი სამყაროსი ისევე, როგორც მისი სხეული არის ნაწილი ფიზიკური სხეულებრივი სამყაროსი. თუ მივუთითებთ სხეულებრივ და მშვინვიერ სამყაროებს შორის განსხვავებაზე, შესაძლოა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი გაცილებით უფრო ფაქიზი, მოძრავი და პლასტიურია ყველა თავის საგნებში და არსებებში, ვიდრე პირველი. მაგრამ ცხადად უნდა გავიგოთ, რომ მშვინვიერ სამყაროში შესვლისას შევდივართ ფიზიკურისაგან სრულიად განსხვავებულ ახალ სამყაროში. ამრიგად, როდესაც ამ მიმართებით ვსაუბრობთ უფრო უხეშსა და უფრო ფაქიზზე, არ უნდა დავივიწყოთ, რომ აქ მიმსგავსებისთვის მხოლოდ მინიშნება ხდება იმაზე, რაც ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებულია. ყოველივე ეს ეხება აგრეთვე იმას, რაც ითქმის სამშვინველთა სამყაროზე ფიზიკური სხეულებრიობიდან ნასესხები სიტყვებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამშვინველთა სამყაროს წარმონაქმნები და არსებები ზუსტად ისევე შესდგება მშვინვიერი ნივთიერებებისაგან და ზუსტად ისევე წარმართავენ მათ მშვინვიერი ძალები, როგორც ეს ხდება ფიზიკურ სამყაროში ფიზიკურ ნივთიერებებთან და ძალებთან დაკავშირებით.

ისევე, როგორც სხეულებრივ წარმონაქმნებს ახასიათებთ განფენილობა და სივრცეში მოძრაობა. ასევე მშვინვიერ საგნებსა და არსებებს ახასიათებთ აღგზნებადობა და ქმედითი ლტოლვა. ამიტომაც სამშვინველთა სამყაროს აგრეთვე უწოდებენ ვნებებისა და სურვილების სამყაროს. ანუ „ლტოლვათა სამყაროს“. ეს გამოთქმები აღებულია ადამიანური სამშვინველისეული სამყაროდან. ამიტომ კარგად უნდა გვახსოვსდეს, რომ სამშვინველთა სამყაროს იმ ნაწილებში მყოფი საგნები, რომელნიც მდებარეობენ ადამიანის სამშვინველის გარეთ, ისევე განირჩევიან მისი მშვინვიერი ძალებისაგან, როგორც ფიზიკური ნივთიერებები და ძალები განირჩევიან ადამიანის ფიზიკური სხეულის შემადგენელი ნაწილებისაგან. (ლტოლვები, სურვილები, მიდრეკილებები – ეს ყოველივე შეესაბამება ნივთიერებას სამშვინველთა სამყაროში. ამ ნივთიერებას ვუწოდოთ „ასტრალი“. თუ სამშვინველთა სამყაროს ძალებს ექცევა მეტი ყურადღება, მაშინ შეიძლება ლაპარაკი „ლტოლვის არსზე“. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ განსხვავება „ნივთიერებასა“ და „ძალას“ შორის აქ ვერ იქნება ისეთი მკვეთრი, როგორც ფიზიკურ სამყაროში. ლტოლვას, ერთსა და იმავე დროს, შეიძლება ეწოდოს „ძალაც“ და „ნივთიერებაც“.)

ვინც პირველად შეიხედავს მშვინვიერ სამყაროში, მასზე შემაშფოთებლად მოქმედებენ ის განსხვავებანი, რომელნიც არსებობენ მშვინვიერსა და ფიზიკურ სამყაროს შორის. მაგრამ განა იგივე არ ხდება ხოლმე, როდესაც იხსნება რომელიძე ადრე უმოქმედო ფიზიკური შეგრძნება? ოპერირებულმა ბრმადშობილმაც ჯერ უნდა ისწავლოს ორიენტირება იმ სამყაროში, რომელიც მისთვის ნაცნობი იყო მხოლოდ შეხების შეგრძნებათა მეოხებით. მაგალითად, იგი ჯერ ხედავს საგნებს თავის თვალში; შემდეგ იგი მათ ხედავს თავის გარშემო. მაგრამ პირველად ისინი მას ეჩვენებიან თითქოსდა ერთ სიბრტყეზე დახატულად, მხოლოდ თანდათან იწყებს იგი აღქმა სიღრმისას, სივრცული დაშორებისას საგნებს შორის და ა. შ. — სამშვინველთა სამყაროში კი განმგებლობენ სრულიად სხვა კანონები, ვიდრე ფიზიკურში. რა თქმა უნდა, მშვინვიერ წარმონაქმნთა შორის მრავალნი დაკავშირებულნი არიან სხვა სამყაროთა წარმონაქმნებთან. ამრიგად, ის მოვლენები, რომელთაც აკვირდებიან მანდ, იმყოფებიან ამავე დროს სხეულებრივი და სულიერი სამყაროების გავლენის ქვეშ. ეს უნდა გავითვალისწინოთ სამშვინველთა სამყაროს დაკვირვებისას და არ უნდა ჩაითვალოს მშვინვიერ კანონებად ის, რაც მომდინარეობს სხვა სამყაროს ზეგავლენებიდან. – მაგალითად, როდესაც ადამიანი გამოსთქვამს რაიმე სურვილს, ამ სურვილს განამტკიცებს აზრი, რომელიც წარმომადგენელია სულისა და ექვემდებარება მის კანონებს. მაგრამ ზუსტად ისევე, როგორც შეიძლება ფიზიკური სამყაროს კანონების დადგენა იმ გავლენათა გაუთვალისწინებლად, რომელთაც ახდენს მის მოვლენებზე, მაგალითად, ადამიანი, ასევე შეიძლება მშვინვიერ სამყაროსთან მიმართებაშიც მისი კანონების დადგენა. -

მნიშვნელოვანი განსხვავება მშვინვიერ და ფიზიკურ მოვლენებს შორის არის ის, რომ პირველთათვის მათი ურთიერთქმედება არის გაცილებით უფრო შინაგანი. ფიზიკურ სივრცეში, მაგალითად, ბატონობს ბიძგის კანონი. თუ სპილოს ძვლის ბურთულას დააჯახებთ მეორეს, მის გვერდით მდებარეს, ეს უკანასკნელიც ამოძრავდება იმ მიმართულებით, რომლის გამოთვლაც შეიძლება პირველის მოძრაობისა და ელასტიურობის მიხედვით; მშვინვიერ სივრცეში კი ორი ურთიერთშემხვედრი წარმონაქმნის ურთიერთქმედება დამოკიდებულია მათ შინაგან თვისებებზე. თუ ისინი ენათესავებიან ურთიერთს, თითქოსდა შეეზრდებიან და განმსჭვალავენ ერთმანეთს. – მაგრამ თუ მათი არსებები მტრულად არიან განწყობილნი ურთიერთისადმი, ისინი განიზიდებიან. – სხეულებრივ სივრცეში არსებობენ, მაგალითად. გარკვეული კანონები მხედველობისა. დაშორებულ საგნებს ხედავენ პერსპექტიულ შემცირებაში. თუ ჩვენ გავხედავთ ხეივანს, პერსპექტივის კანონების შესაბამისად უფრო დაშორებული ხეები მოგვეჩვენება ურთიერთისაგან უფრო მცირე მანძილით დაშორებულად, ვიდრე უახლოესნი. მშვინვიერ სივრცეში კი პირიქითაა: ყოველივე შორეული და მახლობელი ნათელმხილველს წარმოუდგება ისეთ მანძილზე, რომელიც შეესაბამება მის შინაგან ბუნებას. ამით, ბუნებრივია, იხსნება წყარო ყოველგვარი შეცდომისა იმისთვის, ვისაც მშვინვიერ სივრცეში შესვლისას სურს მისდიოს იმ კანონებს, რომელნიც მან მოიტანა ფიზიკური სამყაროდან.
პირველი, რაც უნდა იქნეს ათვისებული მშვინვიერ სამყაროში ორიენტაციისათვის, ეს არის გარჩევის უნარი მის სხვადასხვა წარმონაქმნთა სახეობებისა, ისევე როგორც ფიზიკურ სამყაროში ჩვენ ვარჩევთ მკვრივ, თხევად, ჰაეროვან, ანუ გაზისებრ სხეულებს. მშვინვიერ სამყაროში ამის მისაღწევად უნდა გავეცნოთ ორ მთავარ ძალას, რომელთაც აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ. მათ შეიძლება ვუწოდოთ სიმპათია და ანტიპათია. იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოქმედებენ ეს ძირითადი ძალები გარკვეულ მშვინვიერ წარმონაქმნში, განპირობებულია მისი სახეობა. სიმპათია უნდა ვუწოდოთ იმ ძალას, რომლითაც ერთი მშვინვიერი წარმონაქმნი იზიდავს სხვებს, მიელტვის მათთან შერწყმას, ამჟღავნებს მათთან ნათესაობას. ანტიპათია კი არის ძალა, რომლის მეოხებითაც მშვინვიერი წარმონაქმნები განიზიდებიან ურთიერთისგან, გამორიცხავენ ურთიერთს, განამკვიდრებენ თავიანთ განცალკავებულობას. მშვინვიერი წარმონაქმნის როლი მშვინვიერ სამყაროში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ზომით მოქმედებს ეს ორი ძირეული ძალა მასში. უწინარეს ყოვლისა, სიმპათიისა და ანტიპათიის მიხედვით უნდა განვასხვაოთ სამი სახეობა მშვინვიერი წარმონაქმნებისა. და ეს სახეობანი ურთიერთისაგან განსხვავდებიან იმით, რომ მათში სიმპათია და ანტიპათია ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებაში იმყოფებიან ერთმანეთთან. სამივეში მოცემულია ეს ორი ძირითადი ძალა. ავიღოთ ჯერ პირველი სახის წარმონაქმნი.

იგი იზიდავს ყველა სხვა წარმონაქმნს თავის გარემოდან მასში მოქმედი სიმპათიის მეოხებით, მაგრამ ამ სიმპათიის გარდა მასში არის ანტიპათიაც, რომლითაც იგი განიზიდავს თავის გარემომცველ საგნებს. გარეგნულად კი ამგვარი წარმონაქმნი გამოჩნდება ისე, თითქოსდა მას მხოლოდ ანტიპათიის ძალები აქვსო. მაგრამ ეს არ არის სწორი, მასში არის სიმპათიაც და ანტიპათიაც, ოღონდ უკანასკნელი ჭარბობს, ამეტებს პირველს. ამგვარი წარმონაქმნები თამაშობენ თავკერძა როლს მშვინვიერ სივრცეში. ისინი ბევრ რამეს განიზიდავენ თავისაგან და მხოლოდ მცირედს იზიდავენ სიყვარულით. ამიტომაც მოძრაობენ ისინი მშვინვიერ სივრცეში, როგორც უცვლელი ფორმები. სიმპათიის იმ ძალის მეოხებით, რომელიც არის მათში, ისინი გვევლინებიან ხარბებად, სიხარბე კი ამავე დროს გაუმაძღარია, ვერ ჰპოვებს დაკმაყოფილებას, ვინაიდან მოჭარბებული ანტიპათია უკუაგდებს მრავალ რასმე, რაც მისკენ მოდის; ამიტომაც შეუძლებელი ხდება დაკმაყოფილება. ამგვარ მშვინვიერ წარმონაქმნებს თუ რაიმეს შევადარებთ ფიზიკურ სამყაროში, უნდა ვთქვათ: ისინი შეესაბამებიან მკვრივ ფიზიკურ საგნებს. მშვინვიერი ნივთიერების ამ სფეროს უნდა დაერქვას გულისთქმათა ცეცხლი. – იმას, რაც ამ გულისთქმათა ცეცხლიდან შერეულია ადამიანებისა და ცხოველების სამშვინველებში, უნდა ვუწოდოთ მდაბალი გრძნობადი ლტოლვები, რომლებშიც სჭარბობს თავკერძოობის ინსტინქტები. – მშვინვიერ წარმონაქმნთა მეორე სახეობაში ორივე ძირითადი ძალა წონასწორობაში იმყოფება. ე. ი. მათში თანაბარი ძალით მოქმედებენ სიმპათია და ანტიპათია. ისინი უახლოვდებიან სხვა წარმონაქმნებს გარკვეული ნეიტრალობით; ისინი მოქმედებენ მათზე როგორც მონათესავენი, მაგრამ არც იზიდავენ. მათ და არც განიზიდავენ. ისინი თითქოსდა არ ავლებენ მკვეთრ საზღვარს თავის თავსა და გარემომცველ სამყაროს შორის. ისინი გამუდმებულად აძლევენ საშუალებას სხვა წარმონაქმნებს იმოქმედონ მათზე; და ამიტომ ისინი შეიძლება შევადაროთ ფიზიკური სამყაროს თხევად ნივთიერებებს. ამ მშვინვიერი წარმონაქმნების მიერ სხვათა მიზიდვაში სრულიადაც არ არის სიხარბე. აქ ნაგულისხმევი ზემოქმედება ხდება მაშინ, როდესაც, მაგალითად, ადამიანის სამშვინველი აღიქვამს ფერს. თუ მე მაქვს შეგრძნება წითელი ფერისა, უწინარეს ყოვლისა ჩემი გარემოდან მე აღვიქვამ ნეიტრალურ აღგზნებას, როდესაც ამ აღგზნებას შეუერთდება წითელი ფერისგან მოგვრილი სიამოვნება, მხოლოდ მაშინ შეიძლება აღვნიშნოთ კიდევ სხვაგვარი მშვინვიერი ზემოქმედება. ის, რაც განაპირობებს ნეიტრალურ აგზნებას, არის მშვინვიერი წარმონაქმნები, რომელნიც იმყოფებიან ისეთ ურთიერთმიმართებაში, როდესაც სიმპათია და ანტიპათია აწონასწორებენ ურთიერთს. ის მშვინვიერი ნივთიერება, რომელზედაც აქ არის ლაპარაკი, შეიძლება განსაზღვრულ იქნეს როგორც სრულიად პლასტიური, დენადი. იგი მშვინვიერ სივრცეში პირველისდარად თავკერძად როდი მოქმედებს, არამედ ისე, რომ მისი ყოფა ყველგან ღებულობს შთაბეჭდილებებს და ენათესავება ბევრ გზადშემხვედრ რასმე. ყველაზე უფრო შესაფერისი გამოთქმა იქნებოდა მის გადმოსაცემად დენადი აღგზნებადობა. მესამე საფეხური მშვინვიერი წარმონაქმნებისა არის ის, რომელშიც სიმპათია სჭარბობს ანტიპათიას. ანტიპათიას მივყავართ თავკერძოობამდე, თვითდამკვიდრებამდე. ეს უკანასკნელი კი უკან იხევს გარემომცველი სამყაროს საგნების წინაშე, არა აქვს მათკენ მიდრეკილება. წარმოვიდგინოთ ასეთი წარმონაქმნი მშვინვიერ სივრცეში. იგი არის ცენტრი მიზიდულობის სფეროსი, რომელიც ვრცელდება გარემომცველი სამყაროს საგნებზე. ასეთი წარმონაქმნები უნდა აღვნიშნოთ როგორც სურვილის ნივთიერება. ეს სახელწოდება სწორია, ვინაიდან სიმპათიასთან შედარებით უფრო სუსტი ანტიპათიის მიზიდულობა მოქმედებს ისე, რომ მიზიდული საგნები უნდა იყვნენ შეყვანილნი ამ წარმონაქმნის საკუთარ სფეროში. ამის მეოხებით სიმპათია იძენს ძირითად ტონს თავკერძოობისას. ეს სურვილის ნივთიერება შეიძლება შეედაროს ფიზიკური სამყაროს გაზისებურ, ანუ ჰაერისებურ სხეულებს; ისევე, როგორც გაზი მიელტვის ყოველმხრივ გაფართოებას, ასევე ვრცელდება ყველა მიმართულებით სურვილის ნივთიერება.

მშვინვიერი ნივთიერების უმაღლესი საფეხურები ხასიათდება იმით, რომ მათში სრულიად უკან იხევს ერთი ძირეული ძალთაგანი, სახელდობრ ანტიპათია და საკუთრივ მოქმედებს მხოლოდ სიმპათია. იგი უწინარეს ყოვლისა შეიძლება გამოვლინდეს თვით მშვინვიერი წარმონაქმნის ნაწილებში. ეს ნაწილები მოქმედებენ ურთიერთზე მიმზიდველად. სიმპათიის ძალა მშვინვიერ წარმონაქმნში ვლინდება ხოლმე იმაში, რასაც უწოდებენ სიხარულს და ყოველი შემცირება ამ სიმპათიისა არის მწუხარება. მწუხარება არის მხოლოდ შემცირებული სიხარული, ისევე როგორც სიცივე არის მხოლოდ შემცირებული სითბო. სიხარული და მწუხარება არის ის, რაც ვიწრო გაგებით ცხოვრობს ადამიანში, როგორც გრძნობათა სამყარო. გრძნობა არის მშვინვიერის ქსოვა თავის თავში. მშვინვიერში სიხარულისა და მწუხარების ქსოვაზეა დამოკიდებული ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კმაყოფილებას.

კიდევ უფრო მაღალ საფეხურს ეკუთვნიან ის მშვინვიერი წარმონაქმნები, რომლებშიაც სიმპათია არ რჩება ჩაკეტილი თავისი საკუთარი ცხოვრების ფარგლებში. ეს მშვინვიერი წარმონაქმნები, ისე როგორც მეოთხე საფეხური, უკვე განსხვავდებიან სამი ქვენა საფეხურისაგან იმით, რომ მათში სიმპათიის ძალას არ უხდება ბრძოლა ანტიპათიის მოწინააღმდეგე ძალასთან. მშვინვიერი ნივთიერების მხოლოდ ამ უმაღლესი სახეობებიდან ერთიანდება მშვინვიერ წარმონაქმნთა მრავალფეროვნება ერთ საერთო მშვინვიერ სამყაროდ. რამდენადაც სახეზეა ანტიპათია, მშვინვიერი წარმონაქმნი მიელტვის სხვა რასმე თავისი საკუთარი ცხოვრებისათვის, რათა გააძლიეროს და გაამდიდროს თავისი თავი სხვისი მეოხებით. სადაც სდუმს ანტიპათია, იქ მეორე საგანი აღიქმება როგორც გამოცხადება, როგორც მოვლენა. მშვინვიერი ნივთიერების ეს უმაღლესი ფორმა იმავე როლს ასრულებს მშვინვიერ სივრცეში, რასაც სინათლე ფიზიკურ სივრცეში. იგი განაპირობებს იმას, რომ ერთი მშვინვიერი წარმონაქმნი თითქოსდა ისრუტავს თავის თავში მათივე გულისთვის სხვათა არსებას და ყოფიერებას, ანუ, შესაძლოა ვთქვათ, ნათლდება მათი მეოხებით. მშვინვიერი არსებები მხოლოდ იმის მეოხებით იღვიძებენ ჭეშმარიტი მშვინვიერი ცხოვრებისათვის, რაც მომდინარეობს ამ უმაღლესი სფეროებიდან. მათი უღიმღამო ცხოვრება ბნელში ვლინდება გარეთ, ნათლდება და თავადაც ანათებს მშვინვიერ სივრცეში; უღიმღამო, ყრუ ცხოვრება შინაგანში, — ლამობს რა ჩაიკეტოს თავის თავში ანტიპათიის მეოხებით, როდესაც სახეზეა მხოლოდ ქვენა სფეროთა ნივთიერებები, — გადაიქცევა ძალად და მოძრაობად, რომელიც გამოდის შიგნიდან და იღვრება გარეთ. მეორე სფეროს დენადი აღგზნებადობა მოქმედებს მხოლოდ სხვა წარმონაქმნებთან შეხვედრისას. მაშინ ერთი მართლაც იღვრება მეორეში. აქ აუცილებელია შეხება. უმაღლეს სფეროებში ბატონობს თავისუფალი გამოსხივება, მჩქეფარება. (მართებულია ამ სფეროს განსაზღვრა როგორც „გამოსხივებისა“, ვინაიდან განვითარებული სიმპათია მოქმედებს ისე, რომ აქ შეიძლება ვიხმაროთ სინათლის მოქმედებიდან აღებული სურათ-ხატოვანი გამოთქმა. როგორც მცენარე ჭკნება სარდაფში, ასევე მშვინვიერი წარმონაქმნები ჭკნებიან უმაღლესი სფეროების განმაცხოველებელი მშვინვიერი ნივთიერებების გარეშე. მშვინვიერი ნათელი, ქმედითი მშვინვიერი ძალა და საკუთრივ მშვინვიერი ცხოვრება მჭიდრო გაგებით. ეკუთვნიან ამ სფეროებს და აქედან ეძლევიან მშვინვიერ არსებებს.

ამრიგად უნდა განვასხვაოთ სამი უმდაბლესი და სამი უმაღლესი სფერო მშვინვიერი სამყაროსი, რომელნიც უკავშირდებიან ურთიერთს მეოთხე სფეროს მეშვეობით, ასე რომ, მშვინვიერი სამყარო შემდეგნაირად დაიყოფა:

1. გულისთქმათა ცეცხლის სფერო

2. დენადი აღგზნებადობის სფერო

3. სურვილების სფერო

4. სიხარულისა და მწუხარების სფერო

5. სამშვინველისეული ნათლის სფერო

6. ქმედითი სამშვინველისეული ძალის სფერო

7. სამშვინველისეული ცხოვრების სფერო.

პირველი სამი სფეროს მეოხებით მშვინვიერი წარმონაქმნები ღებულობენ თავიანთ თვისებებს სიმპათიის და ანტიპათიის შეფარდებისდა მიხედვით; მეოთხე სფეროს მეშვეობით სიმპათია იქსოვება მშვინვიერი წარმონაქმნების შიგნით; სამი უმაღლესი სფეროს მეშვეობით სიმპათიის ძალა უფრო და უფრო თავისუფალი ხდება; ამ სფეროს მშვინვიერი ნივთიერებანი ცხოველმყოფლად ანათებენ მშვინვიერ სივრცეს, აღვიძებენ იმას, რაც მათ გარეშე თავს დაჰკარგავდა კარჩაკეტილ პიროვნულ ცხოვრებაში.

შესაძლოა თავისთავად ეს ზედმეტადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ უფრო მეტი გარკვეულობისათვის ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ აქ, რომ მშვინვიერი სამყაროს ეს შვიდი ქვედანაყოფი არ წარმოადგენს ურთიერთისაგან გათიშულ სფეროებს. როგორც ფიზიკურ სამყაროში მკვრივი, თხევადი და გაზისებური განმსჭვალავენ ურთიერთს, ასევე მშვინვიერში ურთიერთს განმსჭვალავენ გულისთქმათა ცეცხლი, დენადი აღგზნებადობა და სურვილთა სამყაროს ძალები. და როგორც ფიზიკურ სფეროში სითბო განმსჭვალავს სხეულებს, სინათლე განანათლებს, იგივე ემართებათ მშვინვიერად სიხარულს, მწუხარებას და მშვინვიერ ნათელს. დაახლოებით იგივე ემართებათ ქმედით მშვინვიერ ძალას და საკუთრივ მშვინვიერ ცხოვრებას.

შენიშვნები:
*თანამედროვე ენის სიტყვები (მთარგმნელთა შენიშვნა)

წინა თავები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი IX)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო IV. სული სუ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი X)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო V. ფიზიკური...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო VI. ფორმააზ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო II. სამშვინ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VIII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო III. სულეთი...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი IV)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო ბავშობისას,...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სამი სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - II)


ადამიანის არსება თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff