რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - II)

Admin
ანთროპოსოფია
0
0

ადამიანის არსება თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო გოეთეს შემდეგი სიტყვები...

teo

ადამიანის არსება

თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ

წყარო

გოეთეს შემდეგი სიტყვები მშვენივრად განსაზღვრავენ ერთ–ერთ იმ გზათაგანს, რომლითაც შესაძლოა შეცნობილ იქნას ადამიანის არსება: „როგორც კი ადამიანი ამჩნევს საგნებს თავის გარშემო, იგი განიხილავს მათ თავის თავთან მიმართებაში; ეს მართებულია, ვინაიდან მთელი მისი ბედი დამოკიდებულია იმაზე, მოსწონს თუ არა მას ეს საგნები, იზიდავენ ისინი მას თუ განიზიდავენ, სარგებლობა მოაქვთ მისთვის თუ ზიანი. ეს სრულიად ბუნებრივი გზაა საგანთა განხილვისა და მათ შესახებ მსჯელობისა, იგი იმდენადვე იოლია, თითქოს, როგორც აუცილებელია; და მიუხედავად ამისა, ადამიანს ათასობით შეცდომა მოსდის ამ ამბავთან დაკავშირებით, რომელთა გამოც იგი ეგზომ ხშირად შერცხვენილა და მოშხამვია საწუთროება. –– გაცილებით უფრო მძიმე შრომას კისრულობენ ისინი, ვისაც გააჩნია ცოცხალი მიდრეკილება ცოდნისაკენ და ვინც მიელტვის დაკვირვებას ბუნებისეული საგნებისას თავისთავად ყოფასა და ურთიერთმიმართებაში; ვინაიდან მალე ჰკარგავენ იმ საზომს, რის მეშვეობითაც ისინი, როგორც ადამიანები, საგნებს თავის თავთან მიმართებაში განიხილავდნენ. მათთვის ჰქრება საზომი საამურობისა და უსიამობისა, მიმზიდველობისა და ანტიპათიისა, სარგებლობისა და ზიანისა; მათ უნდა უარყჰყონ ამგვარი საზომი და როგორც განურჩეველმა ადამიანებმა ან როგორც ერთგგვარმა ღვთაებრივმა არსებებმა უნდა ეძიონ და გამოიკვლიონ ის, რაც ნამდვილად არის, და არა ის, რაც სიამოვნებას მოჰგვრით. ასე რომ, ჭეშმარიტ ბოტანიკოსს არ უნდა ეხებოდეს არც სილამაზე მცენარისა და არც მისი სარგებლიანობა, იგი უნდა იკვლევდეს მის აგებულებას, მის მიმართებას დანარჩენ მცენარეულ სამყაროსთან; და როგორც მზე აღმოაცენებს მათ და ნათელს ჰფენს, ასეთივე მშვიდი მზერით უნდა განიხილოს ისინი. საზომი ამგვარი შემეცნებისა და მონაცემები მსჯელობისთვის მან უნდა აიღოს არა საკუთარი თავიდან, არამედ იმ საგანთა წრიდან, რომელსაც იგი აკვირდება.“

გოეთეს ეს აზრი სამი მხრით მიმართავს ადამიანის ყურადღებას. პირველნი არიან საგნები, რომელთათვისაც იგი ღებულობს ცნობებს შეგძნებათა კარიდან, რომელთაც იგივე გემოს უსინჯავს, ეხება, ყნოსავს, ისმენს და ხედავს. მეორეა წარმოდგენები, რომელნიც ექმენბა მას საგანთა შესახებ და რომელნიც ვლინდებიან სიამოვნების და უსიამოვნების, მიდრეკილების და ზიზღის სახით. ასე რომ, ამის შედეგად ერთ საგანს იგი თვლის მიმზიდველად, მეორეს –– ზიზღის მომგვრელად, ერთს –– სარგებლიანად, მეორეს კი –– მავნებლად. მესამე ამბავია შემეცნება, იგი რომ ღებულობს საგანთა შესახებ, როგორც ერთგვარი „ღვთაებრივი არსება“; ეს არის საიდუმლო ამ საგანთა ყოფისა და ქმედებისა, რომელიც იხსნება მისთვის.

ადამიანური ცხოვრების ეს სამი სფერო მკვეთრად განირჩევა ურთიერთისაგან, ამიტომ ცხადია ადამიანისთვის, რომ იგი სამგვარი ასპექტით უკავშირდება სამყაროს. პირველია ის, რასაც ადამიანი ჰპოვებს როგორც უკვე მოცემულ ფაქტს. მეორეა ის ამბავი, რომ სამყარო გარკვეულ მიმართებაშია მასთან და გარკვეული მნიშვნელობა აქვს მისთვის. მესამე კი გულისხმობს მიზანს, რომელსაც იგი უნდა მიელტვოდეს გამუდმებულად.

რად ევლინება ადამიანს სამყარო ამ სამგვარ ასპექტში? სრულიად მარტივი მაგალითით შეიძლება ამის გარკვევა. მე მივდივარ ყვავილებით მოფენილ მინდორზე. ყვავილები მამცნობენ თავიანთ ფერებს თვალთა მეშვეობით. ეს არის ფაქტი, რომელსაც მე აღვიქვამ როგორც უკვე მოცემულს. ჩემში შვებას აღძრავს ფერთა დიდებულება. ამით იქცევა ეს ფაქტი ჩემთვის მნიშვნელოვან მოვლენად. შეგრძნებით მე ვუკავშირებ ამ ყვავილებს ჩემს საკუთარ ყოფას. ერთი წლის შემდეგ მე კვლავ მიხდება გავლა იმავე მინდორზე. ახლა სხვა ყვავილები იზრდებიან მანდა. მათი შეხედვისას ახალი შვება აღმოცენდება ჩემში. ჩემი შარშანდელი შვება კვლავ აღმოცენდება როგორც მოგონება. იგი ჩემშია; საგანი, რომელმაც წარმოშვა იგი, უკვე გარდასულია, ხოლო ყვავილები, რომელთაც მე ამჟამად ვუმზერ, იგივენი არიან, რაც შარშანდელნი. ისინი იმავე კანონებით აღმოცენდნენ, როგორც შარშანდელენი. თუ ჩემთვის ნათელია ეს კანონები, მე ისევე აღმოვაჩენ ამ ყოველივეს წლევანდელ ყვავილებში, როგორც შევიცანი ისინი შარშანდელ ყვავილებში. დეა შსაძლოა ჩემში დაიბადოს ასეთი მოსაზრება: შარშანდელი ყვავილები დასჭკნენ; მათგან მოგვრილი შვება კი ჯერაც ხმიანებს ჩემს მოგონებაში. იგი დაკავშირებულია ჩემს არსებობასთან. ხოლო ის, რაც მე შევიტყვე ამ ყვავილების შესახებ შარშან და კვლავაც შევიტყობ წლეულს, დარჩება ვიდრე ამგვარი ყვავილები იზრდებიან საერთოდ. ეს უკვე ისეთი რამ არის, რაც ცხადდება ჩემთვის, ოღონდ ეს იმგვარად როდია დაკავშირებული ჩემს არსებობასთან, როგორც ჩემი შვება. შვების გრძნობა რჩება ჩემში, ხოლო არსი ყვავილისა და ზრდის კანონებია რჩებიან სამყაროში ჩემს გარეშე.

ასე რომ, ადამიანი გამუდმებულად უკავშირდება სამყაროს საგნებს სამგვარად. ჯერჯერობით ჩვენ ვერაფერს ვუმატებთ ამ ფაქტს, არამედ აღვნიშნავთ მას თავისთავადობაში. აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ ადამიანს გააჩნია სამი მხარე თავის არსებაში. ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ ამას აღვნიშნავთ ჩვენ შემდეგი სამი სიტყვით: სხეული, სამშვინველი და სული. რა თქმა უნდა, ვინც ამ სამ სიტყვაში ჩასდებს რაიმე წინასწარ აღებულ მნიშვნელობას ან ჰიპოთეზას, არასწორად გაიგებს შემდეგომ დასკვნებს. სხეულის ქვეშ იგულისხმება ის, რითაც ადამიანისათვის იხსნება გარესამყაროს საგნები, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ზემოხსენებული ყვავილებიანი მინდვრის მაგალითში. სიტყვა სამშვინველი აღნიშნავს იმას, რითაც ადამიანი უკავშირებს საგნებს თავის საკუთარ არსებობას, რითაც იგი შეიგრძნობს მათგან მიღებულ კმაყოფილებას და უკმაყოფილებას, სიხარულს და ტკივილს, სიამოვნებასა და უსიამოვნებას. სული კი არის ის რაც ცხადდება ადამიანში მაშინ, როდესაც იგიე, გოეთეს თქმით, სჭვრეტს საგნებს, „როგორც ერთგვარი ღვთაებრივი არსება“. აი ამ გაგებით შედგება ადამიანი სხეულისაგან სამშვინველისაგან და სულისაგან.

სხეულის მეშვეობით ადამიანს ძალუძს წუთიერი კავშირის დამყარება საგნებთან. სამშვინველის მეშვეობით ინარჩუნებს იგი საგანთაგან მიღებულ შთაბეჭდილებებს, ხოლო სულის მეშვეობით მისთვის ცხადდება ის, რასაც შეიცავენ თავად საგნები. მხოლოდ ამ სამი მხარის განხილვის შემდგომ უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ შევძლებთ ახსნას ადამიანის არსისას. ვინაიდან ეს სამი მხარე წარმოგვიდგენს ადამიანის სამი სხვადასხვაგვარი სახის კავშირს დანარჩენ სამყაროსთან.

სხეულით ადამიანი ენათესავება იმ საგნებს, რომელნიც იხსნებიან მისი შეგრძნებებისათვის გარედან. გარესამყაროს ნივთიერებანი ჰქმნიან მის სხეულს; გარესამყაროს ძალები მოქმედებენ მასში. მას შეუძლია შეგრძნებათა მეოხებით განიხილოს გარესამყაროს საგნები. ასევე ძალუძს მას საკუთარი სხეულებრივი ყოფის დაკვირვებაც. მაგრამ შეუძლებელია ამგვარადვე განხილვა მშვინვიერი ყოფისა. ყოველივე ის, რაც ხდება ჩემში სხეულებრივად, შესაძლოა აღქმულ იქნეს სხეულბრივი შეგრძნებებით. მაგრამს ჩემს სიამოვნებას და უსიამოვნებას, სიხარულსა და ტკივილს ვერც მე და ვერც სხვა ვერ აღვიქვამთ სხეულბრივი შეგრძნებებით. მშვინვიერი სფერო მიუწვდომელია სხეულებრივი დაკვირვებისათვის. სხეულებრივი არსებობა ყველას თვალთახედვისთვის მისაწვდომია; მშვინვიერს კი ადამიანი ატარებს თავის თავში, როგორც საკუთარ სამყაროს; ხოლო სულის მეშვეობით ადამიანისათვის უფრო მაღალი სახით ცხადდება გარე სამყარო. თუმცა მის შინაგან არსებაში გაცხადდებიან გარესამყაროს საიდუმლოებანი, მაგრამ როგორც უკვე სულის წიაღ მყოფი, იგი გამოდის თავისი თავიდან და ალაპარაკებს საგნებს თავიანთ არსზე, იმის შესახებ, რასაც სწორედ ამ საგანთათვის აქვს მნიშვნელობა და არა მისთვის. ადამიანი უმზერს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას: აღტაცება, რომელსაც განიცდის მისი სამშვინველი, ეკუთვნის თავად ადამიანს; მაგრამ ვარსკვლავთა მარადიული კანონები, რომელთაც იგი სწვდება აზროვნებით და სულით, მას როდი ეკუთვნიან, არამედ თავად ვარსკვლავებს.

ასე რომ, ადამიანი სამი სამყაროს მოქალაქეა. სხეულით იგი ეკუთვნის იმ სამყაროს, რომელსაც იგი აღიქვამს სხეულითვე; სამშვინველით იგი იქმნის თავის საკუთარი სამყაროს; სულით კი მისთვის ცხადდება სამყარო, რომელიც ამ ორივეზე აღმატებულია.

ცხადია, რომ ეს სამივე სამყარო არსებითად განირჩეა ურთიეთისაგან. აქედანვე გამომდინარეობს სამი სხვადასხვა სახეობა კვლევისა, რომელიც არკვევს მათს რაობას. უნდა გავარკვიოთ აგრეთვე ის, თუ რა ზომამდე შესძლებს ადამიანი მონაწილეობას ამ სამივე სახის კვლევაში.

I. ადამიანის სხეულბრივი არსება

ადამიანის სხეული შეიცნობა სხეულებრივი შეგძნებებით. დაკვირვების წესი ამ შემთხვევაში ისეთივეა, როგორიც საერთოდ გააჩნია ადამიანს სხვა გრძნობადი აღქმისათვის მისაწვდომი საგნების შეცნობისას. ასე განიხილება მინერალები, მცენარეები, ცხოველები და ასევე შეიძლება ადამიანის განხილვაც. იგი ენათესავება არსებობის ამ სამივე ფორმას: მინერალების მსგავსად იგი აგებს თავის სხეულს ბუნებისმიერ ნივთიერებათაგან; მცენარეთა მსგავსად იგი იზრდება და მრავლდება; ცხოველთა მსგავსად იგი აღიქვამს გარემოს საგნებს და მათგან მიღებული შთაბეჭდილებების საფუძველზე აგებს თავის შინაგან განცდებს. ამიტომ შესაძლოა განვასხვავოთ ადამიანში მინერალური, მცენარეული და ცხოველური ყოფიერება.

მინერალების, მცენარეების და ცხოველების აგებულებებს შორის განსხვავება შეესატყვისება ყოფიერების ამ სამ ფორმას. ეს აგებულება – ფორმა არის ის, რასაც ადამიანი აღიქვამს შეგრძნებებით. ამას და მხოლოდ ამას შეიძლება ვუწოდოთ სხეული. მაგრამ ადამიანის სხეული განსხვავდება ცხოველის სხეულისაგან. ამ განსხვავებას ყოველი კაცი აღიარებს, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს იგი ადამიანისა და ცხოველის ნათესაობის შესახებ. თვით უკიდურესი მატერიალისტი, რომელიც უარჰყოფს ყოველივე მშვინვიერს, შეუძლებელია არ დაეთანხმოს კარუსის მიერ გამოთქმულ აზრს წიგნში „Organon der Erkenntnis der Natur und des Geistes” [1] : „მართალია, ჯერაც ამოუხსნელი ამოცანაა ფიზიოლოგიისა და ანატომისთვის უფაქიზესი შინაგანი აგებულება ნერვიული სისტემისა და განსაკუთრებით ტვინისა, მაგრამ ეს კონცენტრაცია ქსოვილებისა უფრო და უფრო მატულობს ცხოველებში და ადამიანში აღწევს ისეთ საფეხურს, რომელსაც ვერ შევხვდებით ვერც ერთ სხვა არსებაში. ეს არის უეჭველი და საბოლოოდ დამტკიცებული ფაქტი. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სულიერი განვითარებისათვის და შესაძლოა პირდაპირ ითქვას, რომ ეს თავისთავად ახსნა იქნებოდა ამ განვითარებისა. ამიტომ იქ, სადაც ტვინის აგებულება არასაკმარისადაა განვითარებული, სადაც ვლინდება სიმცირე და უკმარობა ტვინისა, როგორც მაგალითად, მიკროცეფალებისა და იდიოტების შემთხვევაში, თავისთავად ცხადია, არ შეიძლება ლაპარაკი თვითმყოფადი იდეების აღმოცენებაზე და საერთოდ შემეცნებაზე, ზუსტად ისევე, როგორც გადაგვარებული ან დასახიჩრებული სასქესო ორგანოების მქონე ადამიანს არ შეუძლია შთამომავლობის გაგრძელება. მართალია, ძლიერი და კარგად განვითარებული აგებულება მთლიანი ადამიანისა და მისი ტვინისა ჯერაც არ იწვევს გენიოსობას, მაგრამ , ყოველ შემთვევაში, იგი შეადგენს უპირველეს და აუცილებელ პირობას უმაღლესი შემეცნებისა.“

ისევე როგორც ადამიანის სხეულში ვანსხვავებთ ყოფიერების სამგვარ ფორმას, მინერალურს, მცენარეულს და ცხოველურს, ასევე უნდა განვასხვაოთ კიდევ მეოთხე, საკუთრივ ადამიანური ფორმა. თავისი ყოფიერების მინერალური ფორმით ადამიანი ენათესავება ყოველივე ხილულს; თავისი მცენარეული ფორმით –– ყოველივე იმას, რაც იზრდება და მრავლდება; ცხოველურით –– ყოველივე იმას, რაც შეიგრძნობს გარემოს და გარეგანი შთაბეჭდილებების საფუძველზე იქმნის თავის შინაგან განცდებს; ხოლო თავისი ადამიანური ფორმით იგი იქმნის უკვე სხეულებრივი გაგებითაც თავის დამოუკიდებელ საუფლოს.

[1] „ბუნებისა და სულის ორგანოები“ (მთარგმნელთა შენიშნვა)

II. ადამიანის მშვინვიერი არსება

როგორც თავისთავადი შინაგანი სამყარო, ადამიანის მშვინვიერი არსება განსხვავადება სხეულებრიობისაგან. ეს თაისთავადობა წარმოჩინდება მაშინვე, როგორც კი მივაპყრობთ ყურადღებას სრულიად უბრალო გრძნობად აღქმას. არავის ძალუძს მიახლოებით მაინც შეიტყოს, ზუსტად მისებრ შეიგრძნობს თუ არა სხვა ადამიანი იმავე საგანს. ცნობილია, რომ არსებობენ ადამიანები, რომელნიც ბრმანი არიან ფერების მიმართ. ასეთნი ხედავენ საგნებს მხოლოდ რუხი ფერის სხვადასხვა ნიუანსებში. არსებობს აგრეთვე სიბრმავე გარკვეული ფერებისადმი. ასეთებს ძალუძთ მხოლოდ გარკვეულ ფერთმა აღქმა. სამყაროს სურათი, რომელსაც აძლევს მათ თვალი, განსხვავდება ეგრეთ წოდებული ნორმალური ადამიანის მიერ დანახული სურათისაგან. დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას სხვა შეგრძნებების გამოც. აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ თვით უბრალოდ შეგრძნებაც შინაგან სამყაროს ეკუთვნის. ჩემი სხეულებრივი შეგრძნებებით მე ძალმიძს აღვიქვა წითელი მაგიდა, რომელსაც სხვა ადამიანიც აღიქვამს, მაგრამ მე არ ძალმიძს აღვიქვა შეგრძნება სიწითლისა, რომელიც გააჩნია სხვას. –– ამიტომ შეგრძნებები უნდა მივაკუთვნოთ მშვინვიერ სფეროს. თუ კარგად გავარკვევთ ჩვენ ამ ფაქტს, მაშინ აღარ განვიხილავთ შინაგან განცდებს, როგორც მხოლოდ ტვინისმიერ პროცესებს ან რაღაც ამდაგვარს. –– შეგრძნებას უკავშირდება უწინარეს ყოვლისა, გრძნობა. ერთი სახის შეგრძნება ადამიანს სიამოვნებას ჰგვრის, მეორენაირი –– უსიამოვნებას. ეს გახლავთ ძვრები მისი მშვინვიერი ცხოვრებისა. ამას ემატაება კიდევ მესამე რამ: ეს არის ნება. მისი მეშვეობით ადამიანი უკუქმედებას ახდენს გარესამყაროზე, მისვეი მეშვეობით იგი თავისი არსების კვალს ამჩნევს გარესამყაროს. ადამიანის ქმედებანი სწორედ იმით განსხვავდებიან გარეგანი ბუნებისმიერი მოვლენებისაგან, რომ ისინი ატარებენ შინაგანი ცხოვრების ტვიფარს. ამრიგად, სამშვინველი, როგორც ადამიანის თავისებურება, უპირისპირდება გარესამყაროს. ამ უკანასკნელიდან კი ადამიანი ღებულობს სტიმულებს, რის შესაბამისადაც იგი აგებს საკუთარ სამყაროს. ასე რომ, სხეულებრიობა ხდება ნიადაგი მშვინვიერებისა.

III. ადამიანის სულიერი არსება

ადამიანის მშვინვიერი მხარე მარტოოდენ სხეულით როდი განისაზღვრება. ადამიანი როდი მიექანება უმიზნოდ და უწესრიგოდ ერთი გრძნობადი შთაბეჭდილებიდან მეორისაკენ. იგი როდი მოქმედებს გარედან შემოსული ან მისი საკუთარი სხეულიდან მომდინარე ნებისმიერი შთაბეჭდილების გავლენით. იგი იაზრებს თავის აღქმებს და ქცევებს. თავის აღქმათა გააზრებით იგი აღწევს საგნების შემეცნებას; თავისი ქცევების გააზრებით კი მას შექავს გონებისმიერი წესრიგი თავის ცხოვრებაში. მან უწყის, რომ მხოლოდ მაშინ ძალუძს ღირსეულად აღასრულოს თავისი ადამიანური დანიშნულება, როდესაც იგი ხელმძღვანელობს სწორი აზრით როგორც თავის შემეცნებაში, ისე საქციელში. ასე რომ, მშვინვიერი საწყისი დგას ორმაგი აუცილებლობის წინაშე. იგი განისაზღვრება სხეულებრივ კანონთა მიერ ბუნებისმიერი აუცილებლობის ძალით. ხოლო კანონები, ჩვენი წარმმართველნი სწორი აზროვნებისკენ, ჩვენივე თანხმობით გვსაზღვრავენ ჩვენ, რამდენადაც ვაღიარებთ მათ აუცილებლობას. ბუნება უქვემდებარებს ადამიანს ნივთიერებათა ცვლის კანონებს; აზროვნების კანონებს კი ადამიანი თავად ექვემდებარება. მათი მეშვეობით ადამიანი აკუთვნებს თავის თავს უფრო მაღალი განწესების საუფლოს, ვიდრე იმას, რომელსაც იგი სხეულით ეკუთვნის. ეს არის სულიერი განწესება. სხეულებრივი იმდენადვე განსხვავდება მშვინვიერისაგან, რამდენადაც მშვინვიერი განსხვავდება სულიერისაგან. ვიდრე ადამიანი საუბრობს მხოლოდ ნახშირორჟანგის, წყალბადის აზოტისა და ჟანგბადის ნაწილაკებზე, რომელნიც მოძრაობენ სხუელში, მანამდე იგი ვერ ხედავს სამშვინველს. მშვინვიერი ცხოვრება იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამგვარ მოძრაობებთან ერთად იშვის შეგრძნება: მე ვგრძნობ ტკბილ გემოს, მე მსიამოვნებს. ასევე ნაკლებად ხედავს ადამიანი სულს, სანამ იგი მხოლოდ მშვინვიერ განცდებს აკვირდება. ეს განცდები იბადებიან ისეთ ადამიანში, რომელიც მთლიანად ეძლევა გარესამყაროს და თავის სხეულებრივ ცხოვრებას. ეს მშვინვიერი, უწინარეს ყოვლისა, ნიადაგია სულიერისთვის, ისევე როგორც სხეულებრივი ნიადაგია მშვინვიერისთვის. ბუნების მკვლევარს საქმე აქვს სხეულთან, სამშვინველის მკვლევარს (ფსიქოლოგს) საქმე აქვს სამშვინველთან, ხოლო სულის მკვლევარს საქმე აქვს სულთან. ადამიანმა აზროვნებით უნდა განასხვაოს თავის საკუთარ არსებაში სხეული, სამშვინველი და სული, ეს არის აუციელებელი წინაპირობა მისთვის, ვისაც სურს აზროვნებით ჩასწვდეს ადამიანის არსებას.

მსგავსი სტატიები

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი V)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სულის გარდა...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი - II)


ადამიანის არსება თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო II. სამშვინ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი IV)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო ბავშობისას,...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო VI. ფორმააზ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი XII)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო შემეცნების ...

8 მთავარი მშვინვიერი პროცესი


მონაკვეთი რუდოლფ შტაინერის წიგნიდან - "როგორ მიიღწევა ზენა სამყარ...

რუდოლფ შტაინერი - თეოსოფია (ნაწილი VI)


თარგმნეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ წყარო სამი სამყარ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff