რა არის იოგა?

Admin
იოგა და ტანტრა
0
0

პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი (წიგნის სხვა ...

yoga1

პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი"

მთარგმნელი: მარი სოლოღაშვილი

(წიგნის სხვა თავები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე)

აღმოსავლეთი დასავლეთისთვის ყოველთვის წარმოადგენდა საიდუმლოებათა და გამოცანათა მხარეს. განსაკუთრებით ბევრი ლეგენდა და ფანტასტიკური მოთხრობა ვრცელდებოდა ინდოეთზე, ძირითადად ინდოელი ბრძენების, ფილოსოფოსების, ფაკირების და წმინდანების საიდუმლო ცოდნაზე. სინამდვილეში მრავალი ფაქტი ძველთაგანვე მოწმობს, რომ ძველ ინდურ წიგნებში, წმინდა წერილებში, გადმოცემებში, სიმღერებში, პოემებსა თუ მითებში აღბეჭდილი ცოდნის გარდა არსებობს კიდევ რაღაც ცოდნა, რომელსაც ვერ ამოკრეფ წიგნებიდან, არ ვლინდება საქვეყნოდ, მაგრამ მისი კვალი ნათლად ისახება. ძნელია იმის უარყოფა, რომ ინდური ფილოსოფია და რელიგიები სავსეა აზრის ამოუწურავი წყაროებით. ევროპული ფილოსოფია ყოველთვის იყენებდა და იყენებს ამ წყაროებს, მაგრამ უცნაური გზით - ვერასოდეს აღწევს სიბრძნის, სიწმინდისა და ძალის იმ იდეალებს, რაც დამახასიათებელია უპანიშადების სამშობლოსთვის. ეს ესმოდა ევროპელების უმეტესობას, რომლებიც ეუფლებოდნენ აღმოსავლურ რელიგიურ-ფილოსოფიურ სწავლებებს. ისინი გრძნობდნენ, რომ წიგნებიდან ყველაფერს ვერ იღებდნენ და მიდიოდნენ მოსაზრებამდე, რომ წიგნებში არსებული ცოდნის გარდა არსებობს რაღაც სხვა, დაფარული საიდუმლო ცოდნა, რომ ცნობილი წიგნების გარდა კიდევ არის საიდუმლოდ შენახული წიგნები იდუმალი ცოდნის შესახებ. ბევრი ძალა და ენერგია დაიხარჯა ამ აღმოსავლური საიდუმლო ცოდნის მისაკვლევად. არსებობს სერიოზული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მართლაც არის დასავლეთისთვის უცნობი რამდენიმე სწავლება, რომლებიც ერთი ძირიდან აღმოცენდა. თუმცა, ცნობილი თუ უცნობი სწავლებების გარდა არსებობს თვითშემეცნების ბევრი სისტემა, რომელსაც იოგას უწოდებენ. სიტყვა იოგა ითარგმნება როგორც „ერთობა“, „კავშირი“ ან „მორჩილება“. პირველი მნიშვნელობით ის ახლოა სიტყვასთან „შებმა“ („ჩაბმა“) სანსკრიტული ფუძიდან „იუგ“, რომელსაც რუსულში შეესაბამება „უღელი“. სიტყვა იოგას ერთ-ერთი მნიშვნელობაა - „სწორი ქმედება“. მიყვე იოგას ნიშნავს იოგას რომელიმე სისტემას დაუქვემდებარო საკუთარი აზრები, გრძნობები, შინაგანი და გარეგნული მოძრაობები და მისთ. ე.ი. ყველა ის ფუქცია, რომელთა უმეტესობაც კონტროლის მიღმაა.

“იოგინები“ მათი სახელია, ვინც ცხოვრობს და მოქმედებს „იოგას“ თანახმად (შესაბამისად). ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გადიან ან გავლილი აქვთ განსაზღვრული სკოლა და ცხოვრობენ სხვებისთვის მიუწვდომელი და მხოლოდ მათთვის ცნობილი წესებით და სწავლების მიხედვით, რომელიც უსასრულოდ ზრდის მათ ძალას ჩვეულებრივ ხალხთან შედარებით. „იოგინებზე“ მრავალი ლეგენდა და იგავი არსებობს; ხანდახან ამბობენ, რომ ისინი არიან მისტიკოსები, რომლებიც გულგრილნი არიან საკვებისა და სამოსის მიმართ და ცხოვრობენ ჭვრეტაში; ხან მიაჩნიათ, რომ იოგინები ფლობენ საოცარ ძალებს და შეუძლიათ დაინახონ და მოისმინონ შორ მანძილებზე, რომ მათ ემორჩილებიან ველური მხეცები და ბუნების სტიქიები. ეს ძალები და შესაძლებლობები, რომლებიც შეძენილია განსაკუთრებული მეთოდების და სავარჯიშოების დახმარებით და იოგას საიდუმლოებას შეადგენს, იოგინებს საშუალებას აძლევს გაუგონ ხალხს, იმოქმედონ სწორად და გონივრულად ყველა შემთხვევასა და ვითარებაში. იოგინებს არაფერი აქვთ საერთო „ფაკირებთან“, რომლებიც ცდილობენ ფიზიკური სხეული ტანჯვის მეშვეობით დაუმორჩილონ ნებას (ნებისყოფას?). ფაკირები ხშირად უმეცარი ფანატიკოსები არიან, ტანჯვის გზით ეძებენ ზეციურ ნეტარებას, ან ოინბაზობენ და ფულის სანაცვლოდ მოხერხებულობაზე და სხეულის ყველაზე დაუჯერებელ მდგომარეობაში ფუნქციების არანორმალური სახით შესრულებაზე დამყარებულ „საოცრებებს“ აჩვენებენ. ეს თვალთმაქცები და ფაკირები ხშირად თავს იოგინებს უწოდებენ, მაგრამ ნამდვილი იოგინის ცნობა იოლია: მასში არ არის ფანატიზმი და ფაკირებისთვის დამახასიათებელი შეშლილი სექტანტობა, ის გამორჩენის გამო არ დაიწყებს რაიმეს ჩვენებას და რაც მთავარია, ის ფლობს ჩვეულებრივი ადამიანის ცოდნაზე გაცილებით დიდი ცოდნას.

„იოგას ცოდნა“, ანუ ის მეთოდები, რომლებსაც იოგინები იყენებენ არაჩვეულებრივი ძალისა და უნარების განსავითარებლად, შორეული წარსულიდან მოდის. ათასი წლის წინ ძველი ინდოელი ბრძენები გამოცდილების გზით მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის ძალები მისი საქმიანობის ყველა სფეროში შეიძლება უსაზღვროდ იქნას გაზრდილი სწორი წვრთნით, სხეულის, გონების, ყურადღების, ნებისყოფის, გრძნობების და სურვილების მართვის მეშვეობით. ამ მხრივ ძველ ინდოეთში ადამიანის შესახებ ცოდნა იყო ჩვენთვის სრულიად მიუწვდომელ დონეზე. ეს აიხსნება მხოლოდ იმით, რომ იმდროინდელი ფილოსოფიური სკოლები უშუალო კავშირში იყო ეზოთერულ სკოლებთან. ეს სკოლები თვლიდნენ, რომ ადამიანი დაუსრულებელი არსებაა, რომელსაც ბევრი ფარული ძალა აქვს. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით მცხოვრებ ჩვეულებრივ ადამიანში ეს ძალები მიძინებულია, მაგრამ მათი გამოღვიძება და განვითარება შესაძლებელია განსაკუთრებული სახის ცხოვრების, განსაზღვრული ვარჯიშების, საკუთარ თავზე სპეციალური მუშაობის დახმარებით. სწორედ ამას ქვია იოგა.

იოგას იდეების გაცნობა ადამიანს საშუალებას აძლევს პირველ რიგში უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, გაიგოს თავისი ფარული შესაძლებლობები და მისწრაფებები, იპოვოს და განსაზღვროს რა მიმართულებით უნდა განავითაროს ისინი, მეორე რიგში გამოაღვიძოს ფარული შესაძლებლობები და გამოიყენოს ცხოვრების ყველა გზაზე.

„იოგას ცოდნა“, უფრო სწორად იოგას სწავლებათა ციკლი მოიცავს მეთოდების აღწერას, რომლებიც ერგება სხვადასხვა ტიპის და საქმიანობის ადამიანებს, და ასევე ამ მეთოდებთან დაკავშირებული თეორიების განმარტებებს. იოგას შემადგენელი თითოეული „სწავლება“ იყოფა ორ, თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად. თეორიული ნაწილი თანმიმდევრული და განუყოფელი ფორმით, ზედმეტი დეტალების გარეშე განსაზღვრავს საგნის ძირითად პრინციპებსა და ზოგად დებულებებს. პრაქტიკული ნაწილი ასწავლის სასურველი საქმიანობისთვის საუკეთესოდ მომზადების გზებსა და მეთოდებს, ფარული ძალებისა და შესაძლებლობების განვითარების მეთოდებს და საშუალებებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუნდაც თეორიული ნაწილის სწორად გაგება წიგნებიდან არ შეიძლება. წიგნები, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება გამოვიყენოთ გამეორების და დამახსოვრებისთვის, ხოლო იოგას იდეების შესასწავლად აუცილებელია მასწავლებლის უშუალო სიტყვიერი დარიგებები და ახსნა-განმარტებები. რაც შეეხება პრაქტიკულ მხარეს, მისი მხოლოდ მცირე ნაწილის გადმოცემა შეიძლება წერილობით. ამიტომ, იმის მიუხედავად, რომ არსებობს იოგას პრაქტიკული მეთოდების შემსწავლელი წიგნები, ისინი არ გამოდგება პრაქტიკული და დამოუკიდებელი მუშაობის სახელმძღვანელოდ.

ზოგადად, როცა ვსაუბრობთ იოგაზე, აუცილებელია მივუთითოთ, რომ მის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს შორის მიმართება მსგავსია ხელოვნებაში თეორიულ და პრაქტიკულ მხარეებს შორის ფარდობისა. მაგალითად, არსებობს ფერწერის თეორია, მაგრამ მისი შესწავლით ადამიანი ვერ ისწავლის ნახატების შექმნას. ასევე, არსებობს მუსიკის თეორიაც, თუმცა ამ თეორიის შესწავლით ადამიანი ვერ შეძლებს დაუკრას რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. პრაქტიკულ ხელოვნებაში, ისევე როგორც იოგას პრაქტიკაში, არის რაღაც ისეთი რაც არ და ვერ ისწავლება თეორიულად. პრაქტიკა არ ემყარება თეორიას, პირიქით, თეორია აღმოცენდება პრაქტიკიდან.

„იოგას ცოდნა“ დიდი ხნის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა ინდოეთში. მეთოდები, რომლებიც თითქმის სასწაულებრივი სახით ზრდის ადამიანის ძალას, იყო ბრაჰმანების ყველაზე მაღალი კასტის სწავლულების, მოღვაწეების და ამ ქვეყნიდან განდგომილი მწირების პრივილეგია. ინდურ ტაძრებში არსებობდა სკოლები, სადაც მოწაფეები - ჩელები გადიოდნენ გამოცდების და მოსამზადებელი სწავლებების გრძელ გზას, ეზიარებოდნენ იოგას ცოდნას განსაკუთრებული მასწავლებლების - გურუების მიერ. ევროპელებს არ შეეძლოთ არანაირი ცნობების მიღება იოგას შესახებ და ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივ მოგზაურები ყვებოდნენ, ატარებდა სრულიად ფანტასტიკურ ხასიათს. პირველი სარწმუნო ცნობები იოგას შესახებ გამოჩნდა მხოლოდ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, თუმცა მისტიკურ საზოგადოებებში იოგას მრავალი მეთოდი ცნობილი იყო გაცილებით ადრე. ევროპელებმა ძალიან ბევრი რამ გადმოიღეს იოგინებისგან, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს მთლიანობაში გაეგოთ და ჩაწვდომოდნენ „იოგას ცოდნის“ მნიშვნელობას. სინამდვილეში, იოგა მთელი ძველი აღმოსავლური სიბრძნის გასაღებია. ღრმა სიბრძნით სავსე ძველი ინდური წიგნები დღემდე გაუგებარია დასავლელი სწავლულებისთვის. ეს იმით აიხსნება, რომ ამ წიგნებს წერდნენ იოგინები, ადამიანები, რომლებიც ფლობდნენ ჩვეულებრივ ადამიანებზე აღმატებულ ძალებსა და შესაძლებლობებს. მაგრამ ის ძალები, რომლებსაც იოგა იძლევა არ შემოიფარგლება გაგების უნარით. იოგას საშუალებით უსასრულოდ იზრდება ადამიანის ძალები პირველ რიგში ცხოვრებასთან ბრძოლაში, ანუ ყველა იმ ფიზიკურ პირობებთან ბრძოლაში, რომელშიც ადამიანი დაიბადა და მტრულია მისთვის; მეორე რიგში ბუნებასთან ბრძოლაში, რომელიც მუდამ მიისწრაფვის ადამიანი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს; მესამე რიგში საკუთარი ცნობიერების ილუზიებთან ბრძოლაში, ცნობიერების, რომელიც დამოკიდებულია შეზღუდულ ფსიქიკურ აპარატზე და ქმნის უსაზღვრო მირაჟსა თუ სიცრუეს. იოგა ადამიანს ეხმარება სიტყვიერ სიცრუესთან ბრძოლაში, გვიცხადებს, რომ სიტყვებით გადმოცემული აზრი არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი, რომ სიტყვებში არ არის სიმართლე, რომ უკეთეს შემთხვევაში სიტყვები მხოლოდ მიგვანიშნებს სიმართლეზე, მყისიერად აჩვენებს და იქვე მალავს მას. იოგა გვასწავლის როგორ ვიპოვოთ დაფარული ჭეშმარიტება საგნებში, ადამიანების ქმედებებში, ყველა დროის და ხალხის დიდ ბრძენთა წერილებში.

tumblr omuzyvO3sj1saph2jo1 500

იოგა იყოფა ხუთ ნაწილად:

1. რაჯა-იოგა, ცნობიერების განვითარების იოგა;
2. ჯნანა-იოგა, ცოდნის იოგა;
3. კარმა-იოგა, სწორი ქმედებების იოგა;
4. ჰათჰა-იოგა, სხეულის ფლობის იოგა;
5. ბჰაქტი-იოგა, სწორი რელიგიური ქმედებების იოგა.

ხუთი იოგა ესაა ერთი მიზნისკენ - სრულყოფილების, შემეცნების და ცხოვრების უმაღლესი საფეხურებისკენ მიმავალი გზა. ხუთ იოგად დაყოფა განპირობებულია ადამიანების ტიპებად დაყოფით - შესაძლებლობების, მომზადების და მისთ. მიხედვით. ერთმა შეიძლება დაიწყოს განჭვრეტით, საკუთარი „მე“-ს შესწავლით; მეორეს ბუნების ობიექტური შესწავლა ჭირდება; მესამემ პირველ რიგში ყოველდღიურ ცხოვრებაში ქცევის წესები უნდა აითვისოს; მეოთხესთვის აუცილებელია ფიზიკურ სხეულზე კონტროლის მოპოვება; მეხუთე საჭიროებს „ლოცვის სწავლას“, რელიგიური გრძნობების გაგებას და მართვას. იოგა გვასწავლის თუ როგორ ვაკეთოთ ყველაფერი სწორად. მხოლოდ იოგას შესწავლითაც ადამიანი აღმოაჩენს რამდენად არასწორად მოქმედებდა ადრე ყველა შემთხვევის დროს, რამდენ ძალას კარგავდა ფუჭად, რამდენად უმნიშვნელო შედეგებს აღწევდა დიდი ძალისხმევით. იოგა გვასწავლის ძალების სწორად დაზოგვის პრინციპებს. ის გვასწავლის ყველაფრის გაცნობიერებულად კეთებას, როცა ეს აუცილებელია. იოგა უპირველეს ყოვლისა ადამიანს აჩვენებს თუ როგორ ძლიერ ცდებოდა საკუთარ გათვლებში. ის რწმუნდება, რომ იმაზე გაცილებით ძლიერი და ძლევამოსილია, ვიდრე აქამდე თვლიდა თავს, რომ მის წარმოდგენაში ყველაზე ძლიერ ადამიანზე უფრო ძლიერი შეუძლია თავად გახდეს. ადამიანი ხედავს არა მხოლოდ იმას თუ რას წარმოადგენს, არამედ იმასაც - ვინ შეიძლება გახდეს. მისი შეხედულებები ცხოვრებაზე, ადამიანის როლსა და მიზანზე განიცდის სრულ ცვლილებას. იგი თავისუფლდება მარტოობის, ცხოვრების ქაოსური და უაზრო ბუნების შეგრძნებებისგან. იწყებს საკუთარი მიზნის გარკვევას, ხედავს, რომ ამ მიზნისკენ სვლისას ის შეხვდება ამავე მიმართულებით მიმავალ სხვა ადამიანებს. იოგას მიზანი არ არის ადამიანს მიმართულება მისცეს. ის მხოლოდ აძლიერებს მის ძალებს საქმიანობის ყველა ასპექტში. თუმცა, იმ ძალის გამოყენებით, რასაც იოგა იძლევა, ადამიანს შეუძლია მხოლოდ ერთი მიმართულებით იაროს. თუკი ადამიანი სხვა გზას აირჩევს, თავად იოგა შემოტრიალდება მის საწინააღმდეგოდ, შეაჩერებს, წაართმევს მთელ ძალას და შეიძლება გაანადგუროს კიდეც. იოგაში ჩადებულია უდიდესი ძალა, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული მიმართულებით. ეს კანონი ცხადი ხდება იოგას თითოეული მიმდევარისთვის. ყველაფერში, რაც იოგას ეხება, ის ასწავლის სინამდვილის და სიცრუის გარჩევას და ეს უნარი ეხმარება ადამიანს იპოვოს დაფარული ჭეშმარიტება იქ, სადაც ვერასოდეს ხედავდა და ვერც კი წარმოიდგენდა რაიმე დაფარულს. ადამიანი, რომელიც მისდევს იოგას, კარგად ნაცნობ წიგნებშიც კი დიდი გაოცებით პოულობს უამრავ სიახლეს. მის წინაშე იხსნება უსაზღვრო სიღრმე და ის შიშით და გაკვირვებით შეიგრძნობს ამ მას, ხვდება, რომ ადრე მხოლოდ ზედაპირს ამჩნევდა. ამგვარი მოქმედება აქვს მრავალ წიგნს ინდური წმინდა წერილებიდან. არ არის იმის აუცილებლობა, რომ ეს წიგნები დაცული იყოს, ისინი ყველასთვის ხელმისაწვდომია და მაინც დაფარულია ხალხისგან, გარდა იმათგან ვისაც მათი წაკითხვა შეუძლია. ასეთი ფარული წიგნები ყველა ხალხსა და ქვეყანაშია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული - ახალი აღთქმაა, მაგრამ ყველა ოკულტურ წიგნს შორის ახალი აღთქმის წაკითხვა ყველაზე ნაკლებად შეუძლიათ ადამიანებს, ის სრულიად დამახინჯებულადაა გაგებული. იოგა ასწავლის ჭეშმარიტების ძიებას და პოვნას ყველაფერში. ის გვასწავლის რომ არ არსებობს ისეთი რამ, რაც არ შეიძლება იყოს ამოსავალი წერტილი ჭეშმარიტების საძიებლად.

იოგა მიუწვდომელია უცბად, ერთბაშად, მას სირთულეების მრავალი საფეხური აქვს. ეს არის პირველი რამ, რაც უნდა ესმოდეს ყველას, ვისაც იოგას შესწავლა სურს. იოგას საზღვრები არ ჩანს დასაწყისში ან თუნდაც გარკვეული გზის გავლის შემდეგ. ახალი ჰორიზონტები იხსნება როცა იოგას შემსწავლელი წინ მიდის. ყოველი ახალი ნაბიჯისას ის აღმოაჩენს რაღაც ახალს, რასაც ადრე ვერ ხედავდა და არც შეეძლო დანახვა. მაგრამ ადამიანს არ ძალუძს ხედავდეს ძალიან შორს. სწავლის დასაწყისში შეუძლებელია იმ ყველაფრის გაგება, რასაც იოგა მოგვცემს. იოგა სრულიად ახალი გზაა და ამ გზის დასაწყისში ვერ გავიგებთ სად მიგვიყვანს იგი. სხვანაირად რომ ვთქვათ, იოგა არ შეიძლება განისაზღვროს ისე, როგორც მედიცინა, ქიმია და მათემატიკა განისაზღვრება. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ იოგა, აუცილებელია შესწავლა და ცოდნა. იოგა - დახშული კარია. ყველა მსურველს შეუძლია მასზე დააკაკუნოს, მაგრამ სანამ არ შევა, ვერავინ გაიგებს რა არის კარს იქით. იოგას მიმდევარმა მწვერვალის დასაპყრობად იოგას უნდა მიუძღვნას საკუთარი თავი, მთელი თავისი დრო, ძალები, აზრები, გრძნობები და სურვილები. ის უნდა მიისწრაფვოდეს ჰარმონიულობის და მთლიანობისკენ, შეიმუშავოს მუდმივი „მე“, თავი დაიცვას განწყობისა და სურვილებისგან, რომლებიც ხან ერთ, ხან მეორე მხარეს მიაქანებენ და მთელი ძალებით ემსახურებოდეს ერთ მიზანს. იოგა ამას მოითხოვს და ის ამაშივე ეხმარება საუკეთესო გზების მითითებით. თითოეული ტიპის საქმიანობისთვის იოგა გვასწავლის მისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების განსაზღვრას.

იოგას სწავლა შეუძლებელია იმ არეული აზრებით, სურვილებით და გრძნობებით, რომლებშიც ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანი. ის მოითხოვს ადამიანს მთლიანად, მთელს მის დროს, ენერგიას, ფიქრებს, გრძნობებს და ცხოვრებას. მხოლოდ კარმა-იოგა უშვებს, რომ ადამიანი დარჩეს ცხოვრების ჩვეულ პირობებში. ყველა დანარჩენი იოგა მოითხოვს ცხოვრებისგან დაუყოვნებელ და სრულ განდგომას, თუნდაც გარკვეული დროით. იოგას შესწავლა, გარდა კარმა-იოგასი, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ პირობებში შეუძლებელია. ასევე შეუძლებელია სწავლა მასწავლებლის მუდმივი და უწყვეტი მეთვალყურეობის გარეშე. ადამიანს, რომელსაც რამდენიმე წიგნის წაკითხვით სურს იოგას გაგება, იმედები გაუცრუვდება. წიგნში წერილობით გადმოცემით შეუძლებელია ადამიანმა მიიღოს პრაქტიკული ცოდნა, ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებელთან ერთად და საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობაზე. ყველა სახის იოგას საერთო მიზანია ადამიანის შეცვლა, მისი ცნობიერების გაფართოვება. ყველა იოგაში დევს ერთი პრინციპი: ადამიანი, როგორადაც ის დაიბადა და ცხოვრობს, არის დაუსრულებელი და არასრულყოფილი არსება, თუმცა მისი შეცვლა და განვითარება შესაძლებელია სათანადო წვრთნით და სწავლებით. იოგას თვალსაზრისით ადამიანი არის მასალა, რომელზეც შესაძლებელია და აუცილებელიცაა მუშაობა. ძირითადად ეს ეხება ადამიანის შინაგან სამყაროს, მის ცნობიერებას, ფსიქიკას, გონებრივ შესაძლებლობებს, ცოდნას, რომელიც იოგას სწავლების თანახმად, შესაძლებელია მთლიანად შეიცვალოს, განთავისუფლდეს შეზღუდვებისგან და გაძლიერდეს იმ დონემდე, რომელიც აღემატება ყოველგვარ წარმოსახვას. ამის წყალობით ადამიანი ღებულობს ჭეშმარიტების შეცნობის ახალ შესაძლებლობებს და თავის გზაზე ყველანაირი დაბრკოლების გადალახვისთვის საჭირო ახალ ძალებს. გარდა ამისა, ეს ეხება ადამიანის ფიზიკურ სხეულსაც, რომელიც იწვრთნება და თანდათანობით ექვემდებარება გონების და ცნობიერების კონტროლს იმ ფუნქციებითაც, რომლის შესახებაც, როგორც წესი ადამიანმა არც კი იცის. უმაღლესი ცნობიერების გახსნა ყველა იოგას მიზანია. იოგას გზის საშუალებით ადამიანი აღწევს სამადჰის მდგომარეობას, ექსტაზს, ან გასხივოსნებას, რომელიც ჭეშმარიტების შეცნობის (ჩაწვდომის) ერთადერთი მდგომარეობაა.

შემდეგი თავი იხ. ამ ლინკზე: ჰათჰა იოგა

მსგავსი სტატიები

ოშო - ეშმაკის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ...


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

ჰათჰა-იოგა


პიოტრ უსპენსკის წიგნიდან - "სამყაროს ახალი მოდელი" მთარგმნელი: ნ...

სუნთქვა - ხიდი სამყაროსკენ


ოშოს წიგნიდან - "ვიგიან-ბჰაირავა-ტანტრა" მთარგმნელი: მამუკ...

როგორ ჩნდება დაზიანებები მენჯის სეგმენტში?


ცხადია, რომ სექსუალური დათრგუნვის და სექსუალური ტაბუების საერთო ატმ...

გველის პოზა იოგაში


მთარგმნელი: ნატალია ბაქრაძე წყარო ახლა ადამიანების უმრავლესობა ...

მედიტაციის არსი და მეთოდი


ავტორი: სერგეი მელნიკოვი მთარგმნელი: მამუკა გურული ისევე, როგორ...

ოშო - ძენის ათი ხარი


ოშოს წიგნიდან - "ძენის ათი ხარი" (მზადდება გამოსაცემად) მთ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff