მთარგმნელი: ნუცა აივაზაშვილი
1. მაიტრი.
მაიტრი ითარგმნება როგორც სიკეთე. ეს ნიშნავს არა მარტო სურვილს, რომ ვინმე გააბედნიეროთ, არამედ - ქმედებასაც. თქვენ შესაძლოა ვინმე გიყვარდეთ, მაგრამ ის გზა, რომლითაც გიყვართ, შესაძლებელია მას კი არ აბედნიერებს, არამედ აუბედურებს. საჭიროა ღრმა ხედვა საყვარელი ადამიანისადმი და მცდელობა, გაიგოთ ვინაა სინამდვილეში ის, როგორც პიროვნება. ამ გზით შეძლებთ ისწავლოთ, თუ როგორ გიყვარდეთ ის, მისი სურვილების, ამბიციებისა და გასაჭირის გათვალისწინებით. როგორ დანერგოთ მაიტრი თქვენს ცხოვრებაში: გამოყავით დრო მისადმი ყურადღებისთვის, შეისწავლეთ ის. დაუსვით კითხვები ფიქრებზე, იმედებზე, ამბიციებზე. ეს გაგიხსნით კარს რომ უკეთ გაუგოთ მას.
2. კარუნა.
მეორე ელემენტია კარუნა, ანუ - თანაგრძნობა. ესაა სურვილი და უნარი შეუმსუბუქოთ სხვას ტკივილი. კარუნაც გაგების უნარს ემყარება, მაგრამ სხვისი ტკივილის გაგების უნარს. როდესაც ღრმად გაიაზრებთ და განიცდით სხვის დარდს, მხოლოდ მაშინ შეძლებთ საყვარელი ადამიანის დახმარებას. მედიტაცია კარგი საშუალებაა სხვის ადგილას თავის წარმოდგენისთვის და სხვისი ტკივილის გასაგებად. როგორ დანერგოთ კარუნა თქვენს ცხოვრებაში: შეეკითხეთ საყვარელ ადამიანს რა აწუხებს და თუ არსებობს რაიმე გზა მის დასახმარებლად, შეგიძლიათ თუ არა თქვენ, პირადად, რამის გაკეთება. კომუნიკაციის ამგვარი გზით, თქვენ ურთიერთობას გაამყარებთ.
3. მუდიტა.
მესამე ელემეტია მუდიტა, ანუ სიამოვნება და ბედნიერება. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ამ ოთხიდან. თუ თქვენს სიყვარულს არ მოაქვს სიამოვნება და ბედნიერება, ე.ი ეს არაა ნამდვილი სიყვარული. თუ თქვენ იტანჯებით და ნერვიულობთ, ე.ი ეს არ ყოფილა სიყვარული ან უბრალოდ ის გაქრა, აღარაა. სიყვარული უნდა გავსებდეთ სიხარულით და არა -პირიქით. თუ სიყვარული გვაბედნიერებს, ე.ი ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამგვარად უფრო გაძლიერდება ის. როგორ დანერგოთ მუდიტა თქვენს ცხოვრებაში: გამონახეთ დრო აკეთოთ ის საქმეები, რასაც თქვენთვის სიამოვნება მოაქვს, ერთადაც და ცალ-ცალკე. თუ თქვენ, როგორც ინდივიდუალს, შეგიძლიათ თქვენთვის სასიამოვნო საქმეების კეთება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ სხვას გაუნაწილოთ ბედნიერება. თქვენ უნდა შეგეძლოთ ბედნიერების პოვნა საკუთარ თავში და ერთმანეთში, მხოლოდ ამ გზით გამოცდით ნამდვილ სიყვარულს.
4. უპეკშა.
ბოლო ელემენტი არის უპეკშა, ანუ თავისუფლება. ნამდვილი სიყვარულის შემთხვევაში, ადამიანები თავისუფლები არიან. ინდივიდუალს აქვს თავისუფლების შეგრძნება, რაც მას პიროვნულ განვითარებაში ეხმარება. უპეკშა გაძლევთ საშუალებას იყოთ მარტოები საკუთარ თავთან, რათა განვითარდეთ, იმის ცოდნით და გაანალიზებით, რომ თქვენი საყვარელი ადამიანიც იმავეს აკეთებს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თავად ურთიერთობა იყოს თავისუფალი, თქვენ უნდა შეგეძლოთ საკუთარი აზრებისა და იდეების გამოხატვა განსჯისა და გაკიცხვის შიშის გარეშე. იყოთ თავისუფალი სხვასთან ერთად, ესაა ნამდვილი სიყვარული. როგორ დანერგოთ უპეკშა თქვენს ცხოვრებაში: გაატარეთ დრო საკუთარ თავთან, იმის გადამოწმების სურვილის გარეშე, თუ რას აკეთებს ის. ისიამოვნეთ იმ საქმეების კეთებით, რაც გსიამოვნებთ როგორც ინდივიდუალს და როდესაც კვლავ ერთად იქნებით, განიხილეთ და იმსჯელეთ ამ ყველაფერზე. შემდეგ დაგეგმეთ ერთიანი აქტივობები იმ იდეების გათვალისწინებით, რომლებიც ცალ-ცალკე განიჭებთ სიამოვნებას.