ზურვანიზმი

Admin
ისტორია
0
0

ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულებრივ ცნობილია როგორც პირველი მ...

zurvanism

ავტორი: გიორგი დოლიძე

 ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულებრივ ცნობილია როგორც პირველი მკაფიოდ დუალისტური რელიგია, რომელიც ორი ერთმანეთთან შეურიგებელი საწყისის - კეთილისა და ბოროტის ჭიდილს ასახავს. ერთმანეთს ებრძვიან სიკეთის პერსონიფიკაცია - ორმუზდი (აჰურა-მაზდა) და ბოროტის პერსონიფიკაცია - არიმანი (ანჰრა-მაინიუ). და თითქოს ამაზე ჩერდება ამ რელიგიის კონცეფცია, მაგრამ ის უფრო შორს მიდის, რასაც წარმოაჩენს ზოროასტრიზმის წიაღში არსებული ეზოტერული მიმდინარეობა - ზურვანიზმი.

 ზურვანიზმის წერილობითი წყაროები არ არის სათანადოდ შემონახული, რომ მკაფიოდ შეგვექმნას წარმოდგენა ამ ჯგუფზე, მაგრამ არის ერთი მითი, რომელიც უკვე გასაღებს იძლევა ყველა საკითხში გასარკვევად და ზოროასტრიზმის კონცეფციას კიდევ უფრო აზუსტებს: "როცა არაფერი არსებობდა, იყო მხოლოდ დიადი ღმერთი ზურვანი (ფატუმი, ბედი, უსასრულო სივრცისა და დროის განსახიერება). ის ათასი წელი წირავდა მსხვერპლს, რათა შეძენოდა შვილი, რომელსაც დაარქმევდნენ ორმუზდს და რომელიც შექმნიდა ზეცასა და მიწას. ათასი წლის შემდეგ ზურვანმა გაიფიქრა: "რა აზრი აქვს ამდენ მსხვერპლს, ნუთუ მართლა შემეძინება ძე ორმუზდი?" და ამის გაფიქრებისას მასში ჩაისახა ორმუზდი და არიმანი.

 ორმუზდი - როგორც მსხვერპლის გაღების შედეგი, ხოლო არიმანი - მისი ეჭვების შედეგი. როცა მიხვდა რომ მასში ორი ძეა, დაიფიცა:"ის შვილი, რომელიც პირველი გამოვა, მას ვაღიარებ ღმერთად". ორმუზდმა გაიგო მამის აზრები და უამბო ეს არიმანს. არიმანი ამის გაგონებაზე გამოვიდა გარეთ და მამასთან მივიდა და განაცხადა რომ ის არის ორმუზდი. ზურვანმა თქვა: "ჩემი ძე ნათელი და საამურია, შენ კი ბნელი ხარ და ყარხარ." გამოვიდა ორმუზდი და მასში იცნო თავისი ჩაფიქრებული პირმშო ზურვანმა, მაგრამ არიმანმა შეახსენა: "ღმერთად ხომ იმას გამოაცხადებ შენი ფიცის მიხედვით, ვინც პირველი დაიბადებოდა?" ზურვანმა თქვა: "ო, უწმინდურო, მეფობა მოგეცემა ცხრა ათასი წლით, მაგრამ ორმუზდი უკვე ღმერთობს შენზე და ცხრა ათასი წლის შემდეგ ის იმეფებს." და შექმნა ორმუზდმა ცა და მიწა, ყველაფერი ლამაზი და კეთილი, არიმანმა კი - დემონები და ყოველივე ბოროტი, არასწორი."

 აქ მკაფიოდ შემოდის უფრო მაღალი ძალა, ვიდრე ორმუზდი და არიმანია, ვიდრე სიკეთე და ბოროტება, და ამ ორი საწყისის ერთმანეთთან დაპირისპირება დროებითია ადამიანის წარმოსახვაში, პირობითია, ცვალებადია და შესაბამისად ვერ იქნება მარადიული. ზურვანიზმი, როგორც მიმდინარეობა, ჩაღრმავება იყო ზარათუსტრას გალობების ტექსტში (გათებში), სადაც 30-ე გათაში ნახსენებია: "ის ორი სული რომ შეიქმნა ვითა სიზმარი მარჩბივად, არს კეთილი და ბოროტი - აზრსა, სიტყვას და საქმესა შინა..." ადამიანის მიერ შინაგანი და გარე სამყაროს დაყოფა სიკეთე-ბოროტების პრინციპით არის ის პირობითი, მოჩვენებითი და ცვალებადი ფენომენი, რომელიც ოდესმე უნდა გავიაზროთ და შემდეგ უნდა ავმაღლდეთ ამ გაორებაზე. ამიტომ არის თქმული, რომ ეს ორი სული, სიკეთე და ბოროტება შექმნილია "ვითა სიზმარი", ილუზორულია ასეთი გაორება. ისინი არიან "მარჩბივი", ანუ ტყუპები, ეს არქეტიპი კი ითხოვს არა მუდმივ გაორებაში დარჩენას, არამედ დუალიზმის გადალახვას.

 ეს მისია სრულდება როდესაც ადამიანი აზროვნებს როგორც ტყუპების ასტროლოგიური ნიშანი. ელის ბეილი წერს ასეთ საინტერესო ინტერპრეტაციას: "ტყუპების თანავარსკვლავედში არის ორი ვარსკვლავი, რომლებსაც ბერძნებმა დაარქვეს კასტორი და პოლიდევკე, ანუ ტყუპები... კასტორი მოკვდავია, პოლიდევკე - უკვდავი. საინტერესოა ასტრონომიული ფაქტი, რომ ვარსკვლავი კასტორი კარგავს თავის ნათებას და აღარ ანათებს ისე, როგორც რამდენიმე საუკუნის წინ. ხოლო პოლიდევკე, მისი უკვდავი ძმა, მატულობს ნათებით და ჩრდილავს თავის ძმას, რითიც გვაგონებს იოანე ნათლისმცემლის სიტყვებს, რომელიც მან ქრისტეს დანახვისას თქვა: "ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე (იოანე 3:30)." ამგვარად ეს თანავარსკვლავედი გვახსენებს ადამიანში სულიერი ცხოვრების მზარდ ძალასა და პირადი "მე"-ს ძალის შემცირებაზე. ტყუპების თანავარსკვლავედში მოთხრობილია ისტორია ადამიანის მომწიფებისა, ისტორია სულისა, რომელიც კონტროლს ამყარებს." რუდოლფ შტაინერიც აღნიშნავს, რომ სპარსული კულტურის ზეობა მაშინ იყო, როდესაც მზე იდგა ტყუპების ნიშანში, შესაბამისად ეს არის სიმბოლური მითითება სპარსული კულტურის ფილოსოფიაზე, რომელიც დუალისტურია, ელემენტების ერთმანეთისგან გაყოფაზე აკეთებს აქცენტს, რათა ორივე ცალ-ცალკე შეიცნოს, და ამ ილუზორული გაყოფის შემდეგ ეძიოს კვლავ ერთობის შეგრძნება. ეს გამოხატულია ზურვანიზმის მითში, როცა ტყუპები ორმუზდი და არიმანი მარად არსებული კი არ არიან, არამედ აქვთ საწყისი ზურვანისგან - თავად ფატუმისაგან. ეს არის უღრმესი მითი, რომელიც გვაჩვენებს, რომ რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლებებიც ყალიბდება კონკრეტული ეპოქის მიხედვით, მაგრამ ძირშივე მათ აქვთ თავიანთი პროგრამა, ერთგვარი პროექტი, რომელიც უნდა განახორციელონ დიდი პერიოდის განმავლობაში. ამ პროექტის განხორციელებისას თავად სწავლების გარეგნული კონცენფიცებიც კი იცვლება.

 ის ფაქტი, რომ ნიცშეს პერსონაჟი არის ზარათუსტრა, რომელიც ამხობს სიკეთე-ბოროტების ტრადიციულ გაგებას, არის ზუსტად გამოძახილი ამ მითისა და თავად ზოროასტრიზმში ჩადებული აზრისა: რომ სიკეთე და ბოროტება არის პირობითი ცნებები, რომელიც ერთმა ზარათუსტრამ ჩამოაყალიბა გაორებულ მორალურ კატეგორიებად ძველ რელიგიაში, მაგრამ საუკუნეების შემდეგ ნიცშე მოაბრუნებს ზარათუსტრას და გააბათილებინებს იმ პრინციპებს, რომელიც თავად დანერგა ოდესღაც. ის რაც ერთმა ზარათუსტრამ დაიწყო და დანერგა როგორც გაორება, მეორე ზარათუსტრამ უნდა დაასრულოს ეს გაორება. ასეთ დროს დგება ნიცშესეული "ფასეულობათა დიდი გადაფასება" და ახალი სისტემის ჩამოყალიბება. ამ სისტემათა ცვლას კი დასასრული არ აქვს, ხოლო ვინც ამ ცვილებებს ვერ ხედავს და არ აღიარებს, რჩება წინა სისტემათა უკვე გაქვავებულ მდგომარეობაში...

 ზოროასტრიზმი და მის წიაღში არსებული ზურვანიზმი კარგი მაგალითია იმისა, რომ არც ერთი რელიგია თუ ფილოსოფიური სწავლება არ დგას ერთ ადგილას, რომ თავად ადამიანური ფასეულობებია ცვალებადი იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარების სტადიაზე დგას ადამიანი და ეს ყველაფერი გვაგრძნობინებს არა სტატიკურ და გაქვავებულ მდგომარეობას, არამედ დინამიურ განვითარებას როგორც ადამიანში, ისე გარესამყაროში.

მსგავსი სტატიები

უძველესი ნუბია: მოკლე ისტორია


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო  ისინი რომაელებს ებრძოდნენ,...

როგორ ააშენეს ძველმა ეგვიპტელებმა გიზას პირამიდები


სტატიის წყარო ძველი ეგვიპტე – ეს სიტყვები 4000 წლის განმავლობაში...

ეგვიპტური ღმერთები - სრული სია


ავტორი: ჯოშუა მარკი მთარგმნელი: ეკატერინე სამხარაძე წყარო ღმერ...

გველი როგორც თავდაპირველი ქართულის მცოდნე


ჰერეთის მოსახლეობაში შენარჩუნებული იყო თქმულება, რომ თავდაპირველად ...

ზურვანიზმი


ლეგენდარული ზარათუსტრას მიერ მოტანილი რელიგია - ზოროასტრიზმი ჩვეულე...

„შესაძლოა ჩვენ ჰომო საპიენსის ერთ-ერთი უკანასკნელი თაობა ვართ“ - იუვალ ნოა ჰარარი


დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე, ებრაელი მეცნიერი იუვალ ნო...

რომაელთა ყოველდღიური ცხოვრება


მთარგმნელი: ლია ქიმერიძე წყარო ადრეული დღეებიდან, რომის რესპუბლიკ...

იყიდე ჩვენი ელ. წიგნები PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატში

წიგნების სია

მეგობრებო, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინოთ მაგმას ბიბლიოთეკის საუკეთესო წიგნები ელექტრონულ - PDF და MOBI (ქინდლის) ფორმატებში.

წიგნის მოთხოვნა

ტექსტის ზომა 16px
ტექსტის ფერი #666666
ფონის ფერი #ffffff